ჟამთააღმწერელი - "ასწლოვანი მატიანე" (1959)




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







ჟამთააღმწერელი - "ასწლოვანი მატიანე"




პუბლიკაცია

edit

1959 - ქართლის ცხოვრება - ტომი II - ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით


ჟამთააღმწერელი

edit

მესამეოცე მეფე ლაშა-გიორგი

edit

[151] ამას სანატრელსა სიცოცხლესა შინა თჳსსა დაედგა გჳრგჳნი ძისა მისისა გიორგისდა რომელსა ლაშობითცა უწოდა იყო წლისა ათცამეტისა რაჟამს დაიდგა გჳრგჳნი მეფობისა და მეფემან თამარ მიულოცა მეფობა. ხოლო რაჟამს მიიცვალა თამარ, იყო ლაშა ათრვამეტისა წლისა. დაუტევა მეფობა ძესა თჳსსა, ხოლო ნათესავსა ქართველთასა ცემა, მწუხარება, ვაება და გლოვა, რამეთუ ცხოველნიცა ჩასრულ იყვნეს ჯოჯოხეთს მკჳდრნი სამეფოსა მისისანი, და ეგრეთცა ჯერ იყო.

შემდგომად მისსა დაიპყრა მეფობა ძემან თამარისმან ლაშა-გიორგი. რამეთუ იყო ტანითა ძლიერი, მჴნედ მოისარი, ნადიმობათა შინა მოსწრაფე, ლაღი და თჳთბუნება; და უმეტეს ამისთჳს განლაღებულ იქმნა, რამეთუ დაემორჩილნეს ყოველნი წინააღმდგომნი მისნი კეთილად მოჴსენებულსა და ღმრთის-მოყუარესა დედასა მისსა, და უშფოთველად და წყნარობით დაეტევა სამეფო თჳსი, და ყოველნი მახლობელნი მათნი მოხარჯე შეექმნნეს, ვითარ განძელნი და მიმდგომნი ნახჭევნელნი და კარნუქალაქელნი, და სხუანი მრავალნი ძღუნითა და ხარკითა მოვიდოდიან მისა. მას ჟამსა იშუებდა, იხარებდა, და ყოველგნით იყო შუება და მხიარულება.

[152] მაშინ იწყეს განძით განდგომა და არღარა მოსცეს მეფესა ხარკი, ხოლო ამისმან მცნობელმან მეფემან ლაშა მოუწოდა ყოველთა სპათა საქართველოსათა, იმერთა და ამერთა, მჴარგრძელსა ივანეს, რომელსა მაშინ პატივი ათაბაგობისა მინებებოდა დედისა მათისა თამარისგან, რამეთუ იყო ათაბაგობა ისრე განდიდებული, [რომელ] იყო უმეტეს სხუათა ერისთავთასა: ესე იყო ვაზირი კარსა მეფისასა. მაშინ თქუა მეფემან, ვითარმედ: "ვინათგან მეფეთა შორის ბრწყინვალემან და სანატრელმან დედამან ჩემმან დამიტევა მეფობა, ყოველნი წინააღმდგომნი პაპათა და მამათა ჩემთანი მოხარაჯედ შექმნა და დღეისმომდე მორჩილნი ბრძანებისა ჩემისანი არიან. აწ განძისა ათაბაგსა საწუნელ უქმნიე. და ხარკისა არღარა ნებავს მოცემა; მე ესრეთ განმიზრახავს, რათა შური ვიგო განძასა ზედა და თქუენ შრომასა შეგამთხჳო. რამეთუ ძალითა და თანადგომითა თქუენითა დაუცემია სანატრელთა პაპათა და მამათა ჩუენთა დიდთა სულტანთა ძლიერებანი, და აწ მიიღეთ ჩემგან პატივი და ნიჭი და აღვიმჴედროთ განძასა ზედა, რათა სხუათა მტერთაგან არღარა საწუნელ ვიქმნნეთ. შეწევნითა ღმრთისათა და წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისათა და სიქველითა თქუენითა ვსძლოთ მტერთა და წინააღმდგომთა ჩუენთა".

ვითარცა ესმა ყოველთა წარჩინებულთა სამეფოსათა, განიხარეს და დაუმტკიცეს. და რქუეს, ვითარმედ: "დიდი ნუგეშინისემა მოგუემატა ღმრთისა მიერ რამეთუ გპოვეთ ახოვანი და გოლიათი, გორგასლიანი და დავითიანი, მსგავსი მათი. მინდობითა ღმრთისათა და ძალითა თქუენითა დავიმორჩილნეთ ურჩნი მეფობისა თქუენისანი, და შევანანოთ ყოველთა ურჩება თქუენი".

მაშინ დაამტკიცეს ლაშქრობა, და განძის დარბევასა წარემართნეს თჳთ მეფე სპითა დიდითა. ვერ წინააღუდგეს განძელნი, და მოაოჴრეს ქუეყანა განძისა: აღიღეს [153] ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ, და მოადგეს ქალაქსა განძისასა, და მრავალ დღე ებრძოდეს, და ყოველთა დღეთა გამოვიდიან ქალაქისა კარსა ბრძოლად ჩალიბად, აქათცა და მუნითცა ურჩეულესნი ებრძოდიან. მაშინ ინება მეფემან გარეშემოვლად ქალაქისა მცირედითა ლაშქრითა, და ვითარ მოვლიდა მტკურისაკენ ქუემოთ, ცნეს ესე განძის მყოფთა, ყოველნივე აღიჭურნეს, კაცი ჭურვილი ვითარ ათი ათასი.

ხოლო მეფესა ჰყვა ოთხი ათასი კაცი ოდენ, ამათ შინა უმეტეს მესხნი იყვნეს; რამეთუ ერთ-კერძო მჴარგრძელნი დგეს, და ერთ-კერძო ჰერ-კახნი და სომხითარნი, ქართველნი და თორელნი, ერთ-კერძო აფხაზნი, დადიან-ბედიანნი და ლიხთ-იქითნი ზედმოკიდებით ურთიერთას. ხოლო მაშინ ვითარ მოვლიდა მეფე, იცნეს იგი, და მსწრაფლ განახუნეს კარნი ქალაქისანი, და ვითარ მჴეცნი ზედა მიუჴდეს. და იხილა მეფემან ლაშა სიმრავლე მათი უშიშითა გულითა, განმჴნობითა სპათა მათთათა, ეგრეთვე სპანი მეფისანი, სიკუდილად განმწირველნი თავთა მათთანი, ეტყოდეს: "სიკუდილამდის ვიღუაწოთ, და დავდვათ თავი სასიკუდილოდ, და არა ვარცხჳნოთ პირველსა ომსა მეფობისა შენისასა" და მყის მიეტევნეს ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი და დიდად სასტიკი. და მიეცნეს პირსა მახჳლისასა უმრავლესნი რჩეულნი განძისანი. თჳთ მეფე ლაშა წინა მიეტევა მჴნედ და ძლიერად, თჳთ გოლიათი მკლავითა სჳანითა და ჴელითა გოლიათითა, რომლისა თანა წინამბრძოლობდეს ძლიერად ყუარყუარე ჯაყელისა შვილი პირმშო, ბიბილა გურკელი, ბოცო ბოცოს ძე, მემნას ძმა, რამეთუ ესენი წინა განეწესნეს.

ხოლო ვითარ იხილეს სიმჴნე მათი განძელთა, სწრაფით ივლტოდეს პირისაგან მათისა, და სდევნეს ვიდრე კართამდე ქალაქისად, და მცირედნიღა შეესწრნეს ქალაქად, და უმრავლესნი ტყუე ყვეს და ზოგნი მოსრნეს.

[154] ხოლო ამისნი მხილველნი დედანი ძლიერად იცემდეს მკერდსა მათსა და საყელოსა თმითურთ იფხურიდეს, და განაძლიერეს ყივილი და ზრიალი ყოველგნით. ესმა რა ესე ყოველგნით გარე მოდგომილთა ლაშქართა, მეფესა მომართეს მსწრაფლ.

ხოლო მეფე უვნებელად დაცული ღმრთისა მიერ, იგი და მისნი წინამბრძოლნი თავადნი სახელოვანნი მოეგებნეს. რომლისათჳს დიდებულნი მებრძოლნი და ლაშქარნი დაამტკიცებდეს არღარა ყოფად მოლაშქრედ და არცა ყოფად კარსა მეფისასა. ხოლო მეფე იგი ჰუნისაგან ჩამოჴდა და ევედრა, უმეცრებით ქმნულისათჳს შენდობა ითხოვა. და ესრეთ მივიდეს კარვად მეფისა სიხარულითა, და მსგეფსამდის მხიარულება და გაცემა იყო ლაშქართა ზედა.

ესრეთ შემჭირდა ათაბაგი განძისა და ევედრა, რათა განუჩინონ ხარკი პირველი, რომელი ისმინა მეფემან და უკუსცა ტყუენი, ფასითა და მრავლითა ძღუენითა, თუალითა და მარგალიტითა, ოქროთა რა ვეცხლითა. მივიდა თჳთ მეფე ტფილისს, და აღავსო საქართველო საბოძვრითა. რამეთუ იყო ყოველთა მეფეთა უმეტეს უხჳ და არავისთჳს მოშურნე, მლოცველ, მმარხველ, და განმკითხველ და მოწყალე. არამედ უკანასკნელ მიდრკა სიბოროტედ თანამიყოლითა უწესოთა კაცთათა; ვითარცა სოლომონისთჳს წერილ არს, რომელი შეაცთუნეს დედათა, ეგრეთვე ესე უწესოთა კაცთა, ვითარცა ქუემორე სიტყუამან საცნაურ ყოს. ვითარ განისუენებდა ნადირობითა, და მსმურთა თანა მიდრკა სიბოროტედმი, ვითარცა წერილ არს ისრაილთათჳს: "დასხდა ერი იგი ჭამად და სმად, და აღდგეს სიმღერად".

[155] ხოლო სმამან მღერასა და სიღოდასა და ნაყროვნებამან სიბილწესა უმეტეს გარდარია. განიშორნა ვაზირნი სანატრელისა დედოფლისა და დედის წესთა მასწავლელნი, შეიყუარნა თანამოჰასაკენი მოსმურობათა და დედათა უწესოთა თანა აღრევითა, რომელ ესეოდენ უსახურებად მიიწია, რომელ ოდესმე მსმელი ფრიადისა ღჳნისა თაფლუჭისა, ტფილის[ს] მყოფი, წარიყვანეს რინდთა თანა, რათა მუნ განიძღონ სიბილწე თჳსი. ხოლო რინდნი, მეფისა მისლვასა არ მგონებელნი და ღჳნით უცნობო-ქმნილნი, ზედა მიეტევნეს მგუემელნი ძლიერად ვიდრემდე ერთიცა თუალი მარჯუენე ხედვისაგან უხედვო ყვეს.

ამისნი მცნობელნი თავადნი საქართველოსანი, ფრიად მწუხარენი, და უმეტეს ივანე ათაბაგი და ვარამ გაგელი ზაქარიას ძე განეყენებოდეს დარბაზს ყოფისაგან. "არა თავს ვიდებთო, ეტყოდეს, შენსა მეფედ ყოფასა, უკეთუ არა განეყენო ბოროტთა კაცთა სიახლესა და ავსა წესსა, რომელსა იქმ". ხოლო მეფემან შეინანა და აღუთქუა სიმტკიცეთა მიერ არარასა ქმნა თჳნიერ მათისა განზრახვისა. დაღათუ აღასრულებდა, არამედ ძლიერებდა მტერი უჩინო, ვერ არწმუნეს ცოლისა სმა, ვითარცა არს გულისთქმისა მიერ შემწველობა დედათა მიმართ. მისრულმან კახეთს სოფელსა ერთსა, ველისციხესა, იხილა ქალი ფრიად ქმნულ-კეთილი, და მყის აღტაცებულ იქმნა გულისთქმათა მიერ და დამვიწყებელმან დავითის და ურიის ცოლისა მიმართისა საქმისამან მსწრაფლ თჳსად მიიყვანა და შეიყუარა ფრიად. და მუცლად იღო დედაკაცმან მან და შვა ყრმა, რომელსა უწოდეს სახელად დავით. ესე დავით იგი არს, რომელი შემდგომად დიდთა განსაცდელთა მეფე იქმნა, რომელი ქუემორე სიტყუამან საცნაურ ყოს.

[156] ესე ყრმა აღზრდად მისცა დასა თჳსსა რუსუდანს, რომელი იგიცა მხოლო ესუა თამარსა, რომელთა ძმებრივისა და დებრივისა სიყვარულისა უმეტესობა აქუნდა ურთიერთას.

ამათ წარმართებულობათა და დაწყნარებულობათა შინა იყო მეფე და ყოველგნით ნიჭი და ძღუენი მოუვიდოდეს მოხარკეთა მიერ კარვად მეფისა. მხიარულითა პირითა მოვლიდის სამეფოსა თჳსსა განსაგებელთა საქმეთათჳს. გარდავიდის ქუეითი აჯამეთს, ნადირობდის ცხუმს და აფხაზეთს, და განაგნის საქმენი მანდაურნი. და სთუელთა შთავიდის ტფილისს, ხოლო საზამთროდ დადგის დურს სომხითისასა, და მიერ ბრძოდის განძელთა. ზაფხულის აღვიდის თავად მტკურისად და დადგის კოლას. და მოვიდოდიან წინაშე მისა მოხარკენი ძღუნითა ხლათით და საბერძნეთით.

ამით განსუენებასა შინა მყოფმან არა ინება ქორწინება ცოლისა. ამისთჳს შეკრბეს კათალიკოსნი, ეპისკოპოსნი და ვაზირნი და მოაჴსენებდეს: "არა ჯერ არს, რათა მჴევალი გესუას და არა ცოლი, ვითარცა დასწერს მოციქული პირი ქრისტესი პავლე: "ქორწილი წმიდა არს და საწოლი შეუგინებელ. ხოლო მსიძავნი და მემრუშენი საჯნეს. ღმერთმან". ხოლო მეფესა არა ენება, არცა უსმინა. ამისთჳს წარგუარეს ქალი იგი, დედა დავითისი, და ქმარსავე მისსა მისცეს. ხოლო არცა მაშინ ექორწინა მეუღლესა, არამედ ეგო უქორწინებელად.

რამეთუ იყო ესე ლაშა-გიორი მჴნე, ახოვანი, ძლიერი, ლაღი, ამპარტავანი, თავჴედი, თჳთბუნება, ვითარცა მითქუამს, უხჳ, სახიობის მოყუარე, ღჳნის მოყუარე [157] და გემოთ-მოყუარე. და მშჳდობა იყო სამეფოსა შინა მისსა, და შექცეულ იყო სმასა და ჭამასა, რომლისათჳს დასწერენ მამანი, ვითარმედ: "სამნი არიან მიზეზნი ვნებათანი, რომელთაგან იშვებიან ყოველნი ბოროტნი: გემოთ-მოყუარებანი, ვეცხლისმოყუარება და დიდების-მოყუარება; ამათნი პირმშონი არიან: სიძვანი, მრუშებანი, რისხვა, მწყნარობა, ამპარტავნება". ამათ ბოროტთაგან გამოვლენ ჴორცთმოყუარებანი, უწესოდ ნებისა მიდევნებანი, რომლისა თჳთოეულად არა არს ჟამი აღწერად, ვითარცა წინასწარმეტყუელიცა იტყჳს: ჭამა იაკობ, განძღა, განსხნა, განსუქნა, და დაუტევა ღმერთი შემოქმედი თჳსი, და განუდგა ღმერთსა მაცხოვარსა თჳსსა".

ეგრეთვე იქმნა ნათესავსაცა ამას შინა ქართველთასა, რამეთუ განძღეს და იშუებდეს და უწესოებად მიდრკეს სიძვათა შინა და მთრვალობათა უგუნურნი კაცნი მეფის კარსა ზედა არა-ყოფისა-ღირსნი და აწ კარსა ზედა მყოფნი. დაღათუ კათალიკოსთა ორთავე და თავადთა ამის სამეფოსათა. და უმეტს ივანე ათაბაგსა უმძიმდათ საქმე ესე, არღარა ინებეს მას თანა სამარადისო ყოფა, არამედ განეშორეს და თჳს-თჳსად იყოფოდეს. ამისთჳს აღმოსცენდეს მიზეზნი, ცოდვათა სიმრავლითა, საქართველოსა მოოჴრებისანი, რომელი ქუემორე სიტყუამან ცხად ყოს.

ამბავი ჩინგიზ-ყაენისა, თუ ვითარ გამოჩნდეს ქუეყანასა აღმოსავლთისასა

edit

ქუეყანასა მზისასა აღმოსავლეთით-კერძო, რომელსა ეწოდების ჩინმაჩინი, გამოჩნდეს კაცნი ვინმე საკჳრველნი ადგილსა ყარყურუმად წოდებულსა, უცხო სახითა, წესითა, და შესახედავადცა. რამეთუ არცა ძუელთა წიგნთა შინა სადამე იპოების [158] ამბავი მათი; რამეთუ არიან უცხო-ენა, უცხო-სახე, უცხო-ცხოვრება, პურისა გემო არა იცოდიან, ჴორცითა და პირუტყუთა სძითა ცხოვნდებოდეს. ხოლო იყვნეს ტანითა სრულ, გუამითა ახოვან და ძლიერ ფერჴითა, შუენიერ და სპეტაკ ჴორცითა, თუალითა მცირე ჭურიტ და გრემან, განზიდულ და საჩინო; თავითა დიდ, თმითა შავ და ჴშირ, შუბლ-ბრტყელ, ცხჳრითა მდაბალ ესოდენ რომელ ღაწუნი უმაღლეს იყვნიან ცხვირითა და მცირედნი ოდენ ნესტუნი ჩნდიან ცხვირთა; ბაგენი მცირე, კბილნი შეწყობილნი და სპეტაკ, ყოვლად უწუერული, ესევითარი აქუნდა უმსგავსო საქმე. და ნუ ვის გიკჳრს, რომელ აღმატებული რამე შუენიერება აქუნდა ამათ ყოველთა, მამათა და დედათა. ხოლო ამას თანა მოეგოთ სიმჴნე, და მოისარნი იყვნეს რჩეულნი, მაგრითა მშჳლდითა უცთომრად მსროლელნი, რომელთა ნაკრავსა ვერამან საჭურველმან დაუდგნის. უფროს ცხენსა ზედა იყვნეს მჴნე, რამეთუ აღზრდა მათი ცხენსა ზედა იყვის, საჭურვეალისა არასა მქონებელნი მშჳლდისა და ისრისა კიდე.

ესე იყვნეს კაცნი განსაკჳრვებელნი, რამეთუ, იხილნი რა, სულელ საგონებელ იყვნიან, ხოლო ყოველი სიბრძნე იპოებოდა მათ შორის, და ყოველი გონიერება მოეგოთ, მცირემეტყუელება, და ტყუვილი სიტყუა ყოვლადვე არა იყო მათ შორის. არა თუალ-ახუნიან პირსა კაცისასა არცა დიდსა და არცა მცირესა უმეტეს საბჭოთა შინა, რამეთუ კეთილნი წესნი ეპყრნეს, ჩინგიზ-ყაენისაგან განჩენილნი, რომელთა თჳთოეულად წარმოთქმა გრძელ არს.

ამათ აქუნდათ სჯულად ერთისა ღმრთისა უკუდავისა თაყუანისცემა პირი მზის აღმოსავლეთით ქნიან, და სამისა ჩოქისა ქნა და სამჯერ თაყუანისცემა, და შუა-თითის წუერისა ნებსა ზედა დადება და დატკაცუნება, და მეტი არარაი.

ხოლო უღურნი კერპის მსახურ იყვნეს, რომელთა ქუჯნად უჴმობდეს. ხოლო [159] მოიპოვეს წერილიცა ამა მცირედითა ასოთა, რამეთუ ათექუსმეტითა ასოთა დასწერენ წიგნსა, რომელ ადვილ სასწავლოცა არს და ადვილ გულისჴმის-საყოფელ. ამათვე შექმნეს ქორონიკონის სახედ ათორმეტი წელიწადი ათორმეტთა პირუტყუთა ცხოველთა სახელსა ზედა, და თითოსა პირუტყუსა და ცხოველსა თითოსა წლის მთავრობა განუჩინეს, ვითარ ძუელ ოდესმე ელინთა ბრძენთა ათორმეტთა ზოდთა, რომელ არიან ეტლნი მზისა და მთვარისანი. მათ ეტლთა თითოეულთა მისცეს მზისა საჯდომად ოცდაათ-ათი დღე (არა თუ ცხოველნი არიან, არამედ ზოდნი), ეგრეთვე ამათ თჳთოსა წელიწადსა მთავრობა განუჩინეს თჳთოსა პირუტყჳსა, რომლითა თორმეტივე გათავდების და თავსავე დაიწყებს, ვითარ ათცხრამეტული, ათცამეტული, ზედნადები და ზედექუსეული, რამეთუ ცხრამეტ წლად გააწევს, და მერმე თავსავე დაიწყებს; და ეგრეთვე ესე თორმეტ წლად გააწყევს, და მერმე თავადვე დაიწყებს -- რომელსა უწოდენ სახელად ესრეთ: ყულღუნკილ, უქურჯილ, ფარსინჯილ, თავლაინჯილ, ლუილჯილ, მოღილჯილ, მორინჯილ, ყონიჯილ, მეჩინჯილ, თაღანჯილ, ნოხინჯილ, ყაყაინჯილ. ესე არს სასელი ათორმეტთა ცხოველთა, რომელთა მისცეს მთავრობა თჳთოსა წლისა თჳთოსა პირუტყჳსსა, რომლისა პირველად თავ ყვეს ყალღუნ, რომელ არს თაგჳ, მერმე ზროხა, ავაზა, კურდღელი, ვეშაპი, გუელი, ცხენი, ცხოვარი, ყაპუზუნა, ქათამი, ძაღლი და ღორი. ესენი აქუნდეს წელიწადის სათუალავად, ვითა ჩუენ ქართველთა ქორონიკონი.

ხოლო აქუნდათ წესად ერთისა ღმრთისა თაყუანისცემა, რომელსა თენგრი უწოდეს ენითა მათითა. და წიგნისა თავსა ესრეთ დასწერდეს: "მანგუ თენგრი ქუჩუნდურ". ესე არს: "უკუდავისა ღმრთისა ძალითა".

[160] ხოლო ესენი მცირედთა საზრდელთა განეშორებოდეს, რამეთუ ყოველსა სულიერსა ჭამდეს, ჴორცსა კაცისასა, ძაღლსა და ყოველსავე.

ამათნი ნათესავნი მრავალ გუარად განყოფილ იყვნეს და არიანცა ჯერეთ, რომელთა ათორმეტთა ოდენ მოვიჴსენოთ სახელი: რამეთუ პირველი გუარი არს საყირთა, ჰინდნი, ყათნი, ჯალირი, ოირდი, სულდუხი, ნიჰიმნი, მონღარდი, მანღუთი, თანღუთი, ყიათი და უღურნი. ხოლო უღურნი კერპისმსახურნი არიან, რომელთა უწოდენ ქუნჯითად. ესენი ენითა მათითა უწოდიან თავთა მათთა მანღოლ, ხოლო ქართველნი თათრად, რომელთა ვგონებ ერთსოფლელად.

ხოლო ამათთა ნათესავთა ყიათთა გუარისათა გამოჩნდა კაცი ერთი, სახელით თემურჩი, რომელ არს ჩინგიზ-ყაენი. ესე იყო ჰაეროვანი და შუენიერი, ტანითა ახოვანი, თმითა მომწითურო, ძლიერი, მჴნე, შემმართებელი, მოისარი ჴმლოვანი, ღრმად გამგონე, განმზრახავი სჳანი. ესე წარვიდა ნიჭისა და პატივისა მოღებად უმთავრესისა მათისა, რომელსა ხანობით უჴმობდეს ჴელმწიფესა მათსა, რომელსა ერქუა ონხანდ. ვითარ იხილა, შეიყუარა სიკეთისა მისისათჳს, და დიდსა პატივსა აღიყვანა, უწარჩინებულეს ყოველთა სწორთა მისთა. და მჴედართა მთავრობა ჴელთ უდვა ლაშქართა მისთა, და ყოვლგნით მოსწყუედდიან ურჩთა და განდგომთა მისთა, ვინაცა ყოვლგნით გამარჯუებული მივიდის პატრონსა მისსა ონხანს ჴელმწიფეს წინაშე. ხოლო მან უაღრესსა პატივსა აღიყვანის.

ესე შეიშურვა ძმამან ონსანისმან, სახელით უთქინ, და ძემანვე მისმან ქოლაქ, და შეასმინეს ონხანს, ვითარმედ: "ნებავს დაპყრობად მეფობისა შენისა, რომელსა ხანობით, გინა ყაენობით უჴმობენ და მან განიზრახა მოკლვა მისი, გარნა აგრძნა თემურჩი [161] განზრახვა ესე. რამეთუ უთხრეს ორთა ვიეთმე კაცთა, რომელთა სახელი ერთისა ქოლაქ და მეორესა ბად, ვითარმედ: "ნებავს სიკუდილი შენი ონხანსო".

ხოლო იგი ივლტოდა და ორნიცა იგი კაცნი მის თანა. და მივიდა სახლსა შინა თჳსსა და ხარგთა, აჰყარა დედა-წული და იარა ერთი დღე და ერთი ღამე. და მერმე დაჰყარა დედა-წული და ბარგი და ხვასტაგი, და მივიდა წყლისა მის პირსა, რომელსა ჰყჳან ბლაჯუნი, და განაშორა ლაშქარი მცირედ და უკუ დგა ჴევსა რასმე.

და ცნა ონხან სივლტოლა თემურჩისა, მსწრაფლ დევნა უყო, და მოეწია დედაწულსა და ბარგსა მისსა. აღიღეს ტყუე ურიცხჳ, და დამძიმდეს ალაფითა ლაშქარი მისი. მაშინ ზედა მოუჴდა თემურჩი ყოველთა ლაშქართა ონხანისთა. იქმნა ბრძოლა სასტიკი და ძლიერი, მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ, და იძლია ონხან, დევნა უყვეს და შეიპყრეს, და მოკლეს ონხან. და მსწრაფლ დაესხა დედა-წულსა ონხანისსა და ჴელთ იგდო ცოლი და შვილნი, და ყოველი სიმდიდრე მისი, თჳნიერ ქოლაქ უხუცესისა შვილისა ონხანისსა.

და დაჯდა ტახტსა ზედა ონხანისსა და. უწოდეს თემურჩის სახელად ჩინგიზ-ყაენი. და შემდგომად მისსა ბრძოლა უყო ყონღარდთ ჴელმწიფესა ალთუხანს, სძლო და მოაკუდინა იგიცა, და დაიპყრა მეფობა მისი. მერმე ქოლაქ, შვილი ონხანისი, მივიდა გორხანსა ვისმე თანა, და ბრძოდა ჩინგიზ-ყაენს. ხოლო მან ბრძოლა უყო გორხანსცა. და სძლო მასცა, და მოკლა გორხან, და დაიმორჩილნა ლაშქარნი გორხანისნი.

ამისა შემდგომად უიღურთა ზედა წარემართა, რამეთუ უიღურნი ჴელმწიფესა მათსა ედუთობით უჴმობდეს. ხოლო მას ჟამსა სარჩუყ ვინმე იყო ემურთა უიღურთა. [162] რომელთა გუარისა საქმენი განსაკჳრვებელ არიან ვითა ზღაპარნი, და არიანცა ზღაპარ და ცუდ, ამისთჳს უჯერო არს აწ თქმა. ხოლო ჩინგიზ-ყაენს შეეწყალა, და პატივითა დაიჭირა, აღიხუნა მრავალგუარნი თათარნი და დაიმორჩილნა, და ყარყითიცა დაიმორჩილა.

და ვითარ მოიწყო თათართა ზედა, გამოჩნდა კაცი ვინმე საკჳრველი, რომელსა თებთუნ გუარობით უჴმობდეს. ესე მივიდა ყაენს წინაშე, ეტყოდა ვითარმედ: "მე მას მთასა, რომელსა უწოდენ ბალიყ, წარვალ, ღმრთისა სიტყუა მესმის. ამას ბრძანებ; ღმერთი: ყოველი ქუეყანა თემურჩის და მისთა ლაშქართათჳს მიმიცემია, და სახელადცა ჩინგიზ-ყაენი ერქუას".

ხოლო ითქუა ესეცა, ვითარმედ ჩინგიზ-ყაენი აღვიდა მთასა მაღალსა, და გამოუჩნდა უფალი იესო ქრისტე, ღმერთი ყოველთა, და მან ასწავა სამართალი, სჯული, სიწმიდე და სიმართლე, ტყუილისა, პარვისა და ყოვლისა ბოროტისაგან განშორება და რქუა: "თუ მცნებანი ესე დაიმარხნე, ყოველი ქუეყანა შენთჳს და ნათესავისა შენისათჳს მიმიცემიეს. წადი და აღიღე ყოველი ქუეყანა, რაოდენი გეძლოს".

ხოლო იქმნა რა ყაენად და მივიდა ხატაეთს, და შევიდა ხილვად ეკლესიათა, იხილა მუნ ხატი მაცხოვრისა იესო ქრისტესი, მეყსეულად თაყუანი-სცა და თქუა: " აჰა, კაცი იგი, რომზი მთასა ჩინეთისასა ვიხილე, ამა სახითა იყო, ამან მასწავა ყოველი ესე წესი" ესე შეიყუარა ჩინგიზ-ყაენმან და მას აკურთხევდის, და ამისი მცნება, რაოდენიცა ამცნო, ყოველივე მტკიცედ დაიცვა. მერმე ებრძოლა ხატაეთის ჴელმწიფესა არსლან-ხანსა ზედა და სძლო. ესრეთ ჴელთ იგდო, რომელ ორას ათასი კაცი მოაკუდინა არსლან-ხანისა. ამისმან მცნობელმან არსლან-ხან, სახლსა შინა შესრულმან, ცოლით და შვილითურთ, ცეცხლისა მოდება უბრძანა მსახურთა თჳსთა, რომელთა [163] ყვეს ეგეთი და დაიწვა არსლან-ხან დედაწულითურთ ცეცხლსა მას შინა. და შევიდა ჩინგიზ-ყაენი და დაჯდა ტახტსა მას ზედა, და დაიპყრა ხატაეთი. ესე აქამომდე იყავნ.

აწ ვაჴსენოთ შვილთათჳსცა ჩინგიზ-ყაენისათა მცირედ რამე

edit

ხოლო ამა ჩინგიზ-ყაენსა ცოლნიცა მრავალნი ესხნეს და შვილნიცა. და უხუცესის. ცოლის სევინჯისაგან ესუა შვილი, რომელსა ერქუა თუბის, რომელსა ქართველნი ჯოჩიდ უწოდდეს; მეორე ჩაღათა, მესამე ოქროფა, მეოთხე თული. ესე ოთხნი ყაენად განაჩინნა ხატაეთს მყოფმან. უხუცესსა შვილსა თუბის[ს] მისსა ლაშქრისა ნახევარი და წარავლინა დიდსა საყივჩაყეთსა ზედა, ოვსეთს, ხაზარეთს და რუსეთს, ვიდრე ბნელეთამდე. და ესე ყოველი ამას მისცა. ხოლო ამათ სხუათა უკანასკნელ ვაჴსენოთ.

ხოლო ესე რა ცნა მაღალმან და ყოველთა ჴელმწიფეთა უდიდესმან ხუარაზმშა, რომელი მაშინ დღეთა სიმრავლითა მიმჴცოვნებულ იყო და შვილისა თჳსისა ჯალალდინისდა ჴელთ ედვა სულტნობა და ქუეყანანი, რომელნი მას ეპყრა ჯეონს აქეთ, ხუარასნისა და ერანისა, ცნა რა მოახლება თათართა, მოუწოდა სპათა მისთა ვითარ ექუსასი ათასთა კაცთა, და წარემართა ჩინგიზ-ყაენსა ზედა.

ხოლო იგი ხუარაზმშას წინა დაემთხჳა. იქმნა ძლიერი და ფიცხელი ომი, რომელ ორგნითვე მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ, და იძლივნეს ხუარაზმელნი.

ხოლო ბერი ხვარაზმშა დაშთა რაზმთია შინა მცირედითა ლაშქრითა, და თათარნი გარემოადგეს მას. ცნა ესე შვილმან მისმან სულტანმან ჯალალდინ, რომელი იყო კაცი მჴნე და ქველი, შემმართებული, უშიში ვითარ უჴორცო, ძალითა საჩინ, [164] წყობათა შინა უცხო. მივიდა მცირედითა კაცითა შუელად მამისა, და მყის წარიყვანა მამა თჳსი, და ივლტოდეს ხუარასნად.

ამისა შემდგომად ებრძოლა კუალადცა სულტანი ჯალალდინ მრავალჯერ, რამეთუ სამჯერ ჯეონს იქით შეება და ოთხჯერ ხუარასანს, ჯეონს აქეთ. ხოლო ვინათგან ღმერთსა ცოდვათა ჩუენთათჳს მიეცა ყოველი ქუეყანა, და იძლია სრულიად და ივლტოდა. ცნა რა სივლტოლა ამისი და სიმაგრეთა შინა შევლტოლა ჩინგიზ-ყაენმან, წარმოავლინნა ორნი თავადნი ზემოჴსენებულნი, იამა და სალპიანი, რომელთა ქართველნი სება-ჯებობით უწოდიან, რათა მოვლონ ქუეყანა ხუარასნისა და ერაყისა, სადამდის ეძლო სლვად, და განიხილონ ქუეყანა. ხოლო ესენი წარმოვიდეს ათორმეტითა ათასითა მჴედრითა, თჳნიერ საჭურველისა და საზრდელისა ქონებისა, არამედ მშჳლდი ოდენ, უჴრმლოდ.

განვლეს თურანი, ჯეონი, ხუარასანი, ერაყი, ადარბადაგანი და მოიწივნეს განძას. და ვერავინ წინააღუდგა; თუ ვინ სადა გამოჩნდის, ყოველთა სძლიან. და მოიწივნეს საზღვართა საქართველოსათა, იწყეს დარბევად ქუეყანა გაგისა. ცნა ესე ვარამ გაგელმან და ივანე ათაბაგმან, და აცნობეს მეფესა ლაშას უცხოსა ნათესავისა მოსლვა, უცხოთა ენითა, ოჴრებად სომხითისა. ხოლო მეფემან მოუწოდა სპათა თჳსთა, იმერთა და ამერთა, და შეკრიბა ოთხმოცდაათი ათასი მჴედარი. და წარემართნეს თათართა კერძ, გაგისა ბოლოს მდგომთა. იქით ივანე ათაბაგი და ძმისწული მისი, ზაქარიას ძე ამირსპასალარისა, შანშე, და ვარამ გაგელი მსახურთ-უხუცესი მოერთნეს დიდითა ლაშქრითა, და წარემართნეს.

ხოლო იგინი, დაბანაკებულნი წყალსა ზედა ბერდუჯსა და აწ საგიმად წოდებულსა, მყის ამჴედრდეს და ეწყვნეს ურთიერთას. და იქმნა ძლიერი ბრძოლა. ნახევარნი ივლტოდეს თათარნი, და ნახევართა მზირი ეყო, და უკანით მოუჴდეს. მაშინ [165] მოიწია რისხვა ზეგარდმო უსჯულოებათა და ცოდვათა ჩუენთათჳს, და ივლტოდეს. ქართველნი და სპანი და თჳთ მეფე ლაშა, და ურიცხჳ სული ქრისტიანე მოკუდა, სადა-იგი დიდიცა ივანე ათაბაგი, სამცხისა სპასალარი, ძლით, ცოცხალი განერა, და მეჭურჭლეთ-უხუცესის ყუარყუარეს შვილი ბექაი მოიკლა, ძლიერად ბრძოლილი. და აქა იქმნა მოწევნა სრულიადისა ღმრთისა რისხვისა და განწირვა ქართველთა ნათესავისა სიმრავლისათჳს უსჯულოებათა ჩუენთასა, და იქმნა უკუქცევა სუე-სჳანისა ბედისა, მაღლისა და საჩინოსა დავითიანისა დროშისა გამარჯუებულისა, რამეთუ ვინათგან მიეცა ღმერთსა დიდსუესა და დიდბედისა დავითისდა გამარჯუება, აქა ჟამამდე სჳანი იგი ბრძოლადა შინა დროშა დავიათიანი და გორგასლიანი გამარჯუებული არა-სადა ძლეულ იყო ხოლო აქა ვითარ იქმნა ცვალება ბედისა ქართველთა ნათესავისა არღარა მიეცა ძლევა თათართა ზედა ვიდრე ჟამთამდე ჩუენთა.

ესრეთ ლტოლვილნი მოიწივნეს ქალაქსა ძლიერნი იგი და სახელოვანნი, რომელნი სულთქმითა და მწუხარებითა შეიცვალებოდეს. რამეთუ ვინათგან ჩუენ შევაწუხეთ ღმერთი საქმითა ბოროტითა, ეგრეთვე ღმერთმან აღავსო გული ჩუენი მწუხარებითა და წინაშე მტერთა ჩუენთა სირცხჳლეულ გვყო.

ხოლო თათარნი მოიწივნეს ვიდრე სამშჳლდემდე და მიერ უკუნ იქცეს, რომელთა ქმნნეს საკჳრველნი ესე საქმენი: წარვიდეს გზასა დარუბანდისასა, რამეთუ ვერცა შარვანშა წინააღუდგა და ვერცა დარუბანდელნი, განვლეს კარი დარუბანდისა და შევიდეს ყივჩაყეთს რომელთა ბრძოლა აჰკიდეს და მრავალგან შემოებნეს ყივჩაყნი, და ყოველგან თათარნი მძლე ექმნნეს, და წარვიდეს ესრეთ ომითა; ხოლო, ვითარცა მითქუამს, უსაჭურველონი და უჭედელითა ცხენითა ესოდენ გზათა მავალნი, განვლეს ყივჩაყეთი და შემოუარეს ამა დარუბანიისა ზღუასა გარე, და მიიწივნეს ჴელმწიფესა მათსა ჩინგიზ-ყაენს წინაშე ყარაყურუმს; და ქმნეს საკჳრველი ესე საქმე, მოუსუენებელად სლვა ამა მოველთა გზათა უჭედელითა ცხენითა, ყაყურუმით წარმოსრულნი მუნვე მიიწივნეს.

[166] ამისმან მცნობელმან ჩინგის-ყაენმან, რომელ ყოველგან სძლიეს თათართა, წარმოავლინნა შვილნი მისნი ხორასნის სულტანსა ჯალალდინს ძიებად. ცნა ესე სულტანმან ჯალალდინ, შეიყარა ლაშქრითა და მრავალჯერ ბრძოლა ქმნა, ვითარცა ვთქჳ. და იგრძნა რა სრულიადი ძლეულება თჳსი, აიყარა დედაწულითურთ თჳსით, და ლაშქარი თანა ჰყვა დედაწული კაცი ას ორმოცი ათასი, და ივლტოდეს პირისაგან თათართასა, და წარმოემართნეს ჩუენ კერძ, ვითარცა ქუემორე სიტყუამან ცხად ყოს

ჩანართი

დაჲ მათი რუსუდანი ითხოვეს ხლათის დასასმელად დიდმან სულტანმან მელიქმან, რომელსა ეგჳპტით ვიდრე ხლათამდე სპარსეთი ჰქონდა. და დააყენა მოწყალებამან ღმრთისამან, და არა ჰყო ესე. შემდგომად ამისა დიდითა შემოხუეწითა სთხოვა შარვაშე. უქადეს და უბრძანეს მიცემისა პირი. გაგზავნეს შარვანს ქართლისა ერისთავი, და თჳთ გიორგი მეფე ბაგავანს მივიდა გაკაზმად და მიცემად დისა მისისა. და ათ დღე დრო იყო წარსლვისა მისისა. ხოლო ღმერთმან აქაცა დააყენა.

რამეთუ არა დასცხრა გულისწყრომა უფლისა, რომლითა განვარისხეთ მრავალმოწყალე იგი და სახიერი, და აღესრულა მეფე ლაშა.

მაშინ ვითარცა ცნა აღსასრული თჳსი მეფემან ლაშა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა სამეფოსა თჳსისათა, შევედრა დაჲ თჳსი რუსუდან ცრემლითა მომდინარემან და თქუა: "უწყი უმანკოება და ერთგულობა მეფეთა ნათესავისაგან თქუენ მკჳდრთა საქართველოსათა, შეხედვებითა ღმრთისათა მიგათუალავ დასა ჩემსა რუსუდანს, რათა შემდგომად ჩემსა მეფე ჰყოთ, ვითარ არს ჩუეულება ნათესავისა თქუენისა. ერთგულობით მონებდით და სიმჴნითა თქუენითა დაიცევით ტახტი მეფობისა მტერთაგან უვნებელად. დაღათუ არა მამაკაცი არს, არამედ დედაკაცი, არა აკლია სიბრძნესა და სამეფოთა [167] საქმისა ცნობასა. თქუენ, წარჩინებულთა ამის სამეფოსათა, იცით და გაჴსოვს წყალობა და ნიჭი და პატივი სანატრელისა და კეთილად მოჴსენებულისა, მეფეთა შორის ბრწყინვალისა, დედისა ჩემისა. ეგრეთვე, თუ ღმერთსა უნდეს, დამანცა ჩემმან იცის პატივი თქუენი. აწ შეგვედრებ წინაშე ღმრთისა, რათა მეფე ჰყოთ იგი შემდგომად ჩემსა. ხოლო დასა ჩემსა რუსუდანს ვამცნებ წინაშე ღმრთისა და სასმენელად თქუენდა ყოველთა, რათა აღზარდოს შვილი ჩემი დავით, ხოლო რაჟამს ეძლოს მეფობა და მჴედრობა, რომელ დავით მეფე ყოს, და იგი დაადგინეთ მეფედ და მემკჳდრედ მეფობისა ჩემისა. დაღათუ ყრმა არს აწ, არამედ ინებოს თუ ღმერთმან აღზრდა მისი, ვგონებ, რომელ შემძლებელ იყოს პირობად მეფობისა, რამეთუ კეთილითა ასაკითა არს და ჰაეროვან".

ვითარ დაასრულა ბრძანება ესე, შეისუენა მეფემან ლაშა-გიორგი ბაგავანს მყოფმან თუესა იანვარსა იჱ, ქკსა უმბ, დღესა ოთხშაბათსა. მაშინ მოიწია გლოვა და მწუხარება უნუგეშინისცემო და საშინელნი ტკივილნი, ცრემლთა წილ გულითა სისხლთა დენანი, წარწირვანი დარჩომისა და სიცოცხლისანი, თანაზრდილთა და მომჴსენებელთა კეთილთა და სიამოვნეთა მისთანი, ტკივილსი და ნაცართა თავსა სხმანი ვაზირთა და დიდებულთა და ყოვლისა სამეფოსაგან, და თჳთ მისისა გამზრდელისა ივანე ათაბაგისაგან.

რომლისათჳს არს გლოვა და მწუხარება მიუთხრობელი, რომელ დამან მათმან რუსუდან აღასრულნა გონებანი მრავალ დღე. და წარიყვანეს სამკჳდროსა მათსა გელათს.

მესამოცდაერთე მეფე, რუსუდან, ძე თამარ მეფისა, დაი ლაშა-გიორგი მეფისა, ბაგრატოანი

edit

[168] ვითარ აღსრულდა მეფე, შეკრბეს ყოველნი წარჩინებულნი მის სამეფოსანი, იმერნი და ამერნი, კათალიკოსნი ორნივე და ეპისკოპოსნი, ნიკოფსით ვიდრე დარუბანდამდე, ყოველნი მორჩილებასა ქუეშე მათსა მყოფნი, და მეფე ყვეს რუსუდან და დასუეს საყდართა სამეფოთა, და მიულოცეს მეფობა წესისაებრ.

ხოლო იყო ხილვითა შუენიერი, ვითა სანატრელი დედა მისი, მდაბალი, უხჳ, პატივისმცემელი პატიოსანთა კაცთა, მოყუარე. ამან მოიწყო ყოველი საბრძანებელი თჳსი და მეფობა მშჳდობით. და აღივსო ყოველი სამეფო რუსუდანისი ყოვლითა კეთილითა.

გარნა იწყეს უძღებება და განცხრომა ყოველმან ასაკმან, და მიიქცეს ყოველნი სიბოროტედ. და ვითარ არა გამოიცადეს ღმერთი, ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან უჯეროდ გინებად და ჴოცად წარმართთა მიერ. რამეთუ მეფეცა რუსუდან ჩუეულებითა წესსა ძმისა თჳსისასა ვიდოდა განცხრომითა და სიმღერითა. ამისთჳს აღდგეს ბოროტნი უდიდესნი.

რამეთუ ზემთჴსენებული სულტანი ჯალალდინ, უღონო იქმნა რა ბრძოლილი თათართაგან, მოუწოდა სპათა თჳსთა და რქუა მათ: "იცით და გაჴსოვს ყოველთა მარზაპანთა და ერისთავთა ჩუენთა კეთილი და წყალობა პაპათა და მამათა ჩემთა. და აწ იცით თუ რა მოიწია ჩემ ზედა და თქუენ ზედა უცხოთა ნათესავთა თათართაგან. და მრავალგზის ბრძოლა ვყავთ, და მრავალი ღუაწლი დავითმინეთ, და განგებითა ზეგარდამოთა ყოველგან ვიძლიენით. აწცა მოახლებულ არს მდინარესა ჯეონისასა, და წინამბრძოლად წარმოავლინა ძე მისი უხუცესი. და აწ ესე არს განზრახვა. ჩემი: ვინათგან მისცა ღმერთმან ძლევა, უკეთუ გთნავს, დაუტეოთ ქუეყანა ესე, აღვიღოთ [169] დედაწული, სიმდიდრე და ჯოგი, და წარვიდეთ საბერძნეთს და მუნ დაემკჳდრნეთ. დაღათუ ჩუენ თათარნი გუძლევენ, გარნა ყოველთა ნათესავთა ჩუენ ვძლიით. უკუეთუ ვინ ინებოს. წარმოვიდეს ჩუენ თანა, და თუ სთნავს ვისმე, იყავნ შინა, რამეთუ ნება იყავნ ყოველთა სათნოდ უკუნისამდე.

თქმული ესე ყოველთა ეკეთა და აღიღეს დედაწული და ყოველი სიმდიდრე მათი, და წარმოვიდეს, და მოიწივნეს ადარბადაგანსა კაცი ვითარ ას ორმოცი ათასი. და მოიწივნეს ქუეყანად მჴარგრძელთა, რამეთუ ივანე ათაბაგსა ეპყრა დვინი, და ანისი მიეცა ძმისწულისა მისისა შანშესდა, მანდატურთ-უხუცესისათჳს. და ესე ხუარაზმელნი მოვიდეს წელსა მესამესა ლაშა-გიორგის მიცვალებითგან ტყუენვად და მოოჴრებად ქუეყანათა დვინისა და კერძოთა მისთა. ცნეს რა ივანე ათაბაგმან და ვარამ გაგელმან, მივიდეს მეფესა რუსუდანს წინაშე, მოაჴსენეს მოსლვა ხუარაზმელთა და თჳთ დიდისა სულტნისა ჯალდინისა ჴოცად და მოსრვად ქრისტიანეთა. ესრეთ უწყალოდ მოსრვიდეს, რომელ არცა თუ დედათა და ჩჩჳლთა ყრმათა რიდებდეს.

ვითარ ცნა რუსუდან შემოსლვა ხუარაზმელთა სამეფოსა შინა მისსა, მოუწოდა ყრმათა იმერთა და ამერთა, და მოიღო დროშა სეფე, და მოუწოდა ივანე ათაბაგსა, რომელი მას ჟამსა მიმჴცოვნებულ იყო, არა განცხადებულად არამედ ფარულად მონაზონ ქმნილ იყო, განაჩინა მეფემან რუსუდან სპათა მისთა თავად, და უბოძა დროშა სჳანი, და წარავლინა ბრძოლად სულტნისა მის ჯალალდინისა.

ხოლო მოიწივნეს დვინსა და ამობერდს. და დაებანაკა ხუარაზმელთა სოფელსა, რომელსა რქჳან გარნისი, და მი-რა-ვიდეს სპანი მეფისანი, წინა განეწყო სულტანი ჯალალდინი. აქათ ივანე ათაბაგმან განაწყო სპანი მეფისანი, იმიერნი და ამიერნი, და აჩინა წინამბრძოლად თორელნი და ძმანიცა იგი ორნი ახალციხელნი, შალვა და ივანე, სახელოვანნი იგი მბრძოლნი, ვითარ წესად არს სახლისა მათისა წინამბრძოლობა.

[170] ვითარ დაეახლნეს წინამბრძოლნი და სულტანი, აქა დაიპყრა ფერჴი ივანე ათაბაგმან. იტყჳან, ვითარმედ შურითა ყო ახალციხელთა შალვა და ივანესითა. ჵი შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი და ძჳრად მომწეუედელი ნათესავისა კაცთასა და ყოველთა ნათესავთა მწყლველი! ვითარ ურიათა ღმრთის მკლველობა არწმუნა, და კუალად ამათსა უბოროტესი უგბილი დაულმობელი და საქართველოსი სრულიადი მოსპოლვა, ვითარ ქუემორე სიტყუამან ცხად ყოს, რომელი ათაბაგსა ივანეს არწმუნა, რომელ ჟამსა წყობისა და ჟამსა მისასა უკუნ დგა და არღარა ვიდოდა მბრძოლთა კერძ.

ხოლო წინამბრძოლთა ყოველთა მოუვლინეს კაცი და რქუეს: "დაახლოებულ ვართ სულტანსა და სპათა მისთა, და ჩუენ დიდად უმცირეს ვართ, და ომი ძლიერი წინა გჳც. წარმოიმალონ მჴნეთა სპათა მეფისათა და სიმჴნემან შენმან" ესე ორგზის და სამგზის მოუვლინეს, ხოლო იგი არა-რასა მიუგებდა. ხოლო ვინათგან წინამბრძოლნი თორელნი და უმეტეს ახალციხელნი შალვა და ივანე ახოვან იყვნეს და წყობათა შინა სახელოვანნი, არღარა რიდეს სიმრავლესა სულტნისა სპათასა, ვითა მჴეცნი ზედა მიეტევნეს, და იქმნეს ძლიერნი ომნი. მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ, და ძლიერად მბრძოლობდეს შალვა და ივანე, ახოვანთა და ძლიერთა სრვიდეს, და განგრძელდა ომი სასტიკი. ხოლო ივანე ათაბაგი და სპანი ქართველთანი ხედვიდეს ძლიერსა ომსა და არა შეიწყალებდეს თანამონათესავეთა და ერთსჯულთა, ქრისტეს აღმსარებელთა თორელთა და მათ თანა მრავალთა სახელოვანთა, არამედ დგეს შორით, და არა ინება შუელა ივანე ათაბაგმან, რომელსა შურითა იტყჳან ამას ყოფად და არა თუ შიშითა.

და ვითარ განგრძელდა ომი, ორთავე ძმათა ახალციხელთა დაუჴოცეს ცხენნი, და ქუეითნი მჴნედ იბრძოდეს. და მოისრნეს ორგნითვე ურიცხუნი, და უმეტეს თორელნი. და ვითარ შენივთდა ძლიერად ომი, ჴრმალნიცა ახალციხელთანი განტყდეს ჩაბალახსა ზედა, მაშინ ივლტოდეს ქართველნი. ხოლო შალვა მუნვე შეპყრობილ იქმნა სიმრავლისა ფრიადისა მიერ, და ივანე, გარნისისა კლდეთა შელტოლვილი, ზენაკერძო მოტევებულითა ქვითა მოიკლა. ხოლო შალვა წარიდგინა სულტან ჯალალდინსა [171] წინაშე, რომელი იცნეს ნახჭევნელთა და ადარბადაგანელთა, და მოაჴსნეს სულტანსა ახოვნება და წყობათა შინა სიქველე მისი. ხოლო მან არა მოკლა, არამედ თჳსთა თანა იპყრა დიდითა პატივითა, და მიანიჭნა ქალაქნი ადარბადაგანისანი, და თავადთა თჳსთა თანა პატივ სცა. ხოლო შემდგომად წელიწდისა ერთისა მოიკლა სულტნისა მიერ არა დატევებისათჳს სჯულისა.

ჩანართი

აიძულებდა დატევებასა სჯულისასა, და უქადებდა ნიჭთა და პატივთა უმეტესთა. ხოლო მან არა უსმინა, არცა აღირჩია წუთ ჟამისა ამის პატივი, არცა უარყო სახელი ქრისტესი. კუალად სულტანი ლიქნიდა და ეტყოდა უარყოფასა ქრისტესსა, არამედ იგი გარემიაქცევდა სიტყუათა მისთა. კუალად სულტანი ექადოდა მრავალფერითა სატნჯველთა და აშინებდა. არამედ იგი მტკიცედ ეგო სარწმუნოებასა ზედა. ხოლო შემდგომად მრავალთა ტანჯვათა მწარითა სიკუდილითა განიყვანა საწუთოსაგან წმიდა შალვა3, და მოწამობისა გჳრგჳნითა შემკული აღვიდა წინაშე ქრისტესა. ესე აქამომდე სულ მცირედ აღიწერა ჩუენ მიერ.

ხოლო ივანე ათაბაგი უკუნ იქცა ბიჯნისად, და სულტანი მიიქცა ადარბადაგანს და ნახჭევანს. და მიერ აღაოჴრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყუე ჰყოფდეს და სრულიად უწყალოდ ჴოცდეს, და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი.

შემდგომად ორისა წლისა მიიცვალა ივანე ათაბაგი და მთავარ ყვეს ძე მისი ავაგ და უბოძეს მას ამირსპასალარობა.

ამისა შემდგომად უდიდესნი ბოროტნი შეიცვიდეს ნათესავსა ქართველთასა, რამეთუ მოხლებულ იყო სრულიადი მოსპოლვა სიმრავლისათჳს უსამართლობათა ჩუენთასა რამეთუ აიმჴედრა სულტანმან საქართველოსა შემოსლვად და მეფე-ყოფად თავისა თჳსისა, მივიდა და მოაოჴრა ყოველი ქუეყანა დვინისი, კუსტისა დვინისასა და ყოველი ანისი, სომხითი, გაგი ვიდრე განძამდე, შანქორი. უწინარეს ამისა ვარამ გაგელსა, [172] კაცსა გონიერსა და ლაშქრობათა შინა წარჩინებულსა -- ამას აქუნდა შანქორი და მიმდგომნი მისნი ქუეყანანი. ესევითარნი ჭირნი და შფოთნი იძრვოდეს.

ამათ ჟამთა შინა მოეყვანა მეფესა რუსუდანს ტოღრილის შვილი მძევლად ერთგულობისათჳს, რომელი იყო ქმნულ-კეთილი და სრული ასაკითა, შუენიერი გუამითა, მჴნე და ძლიერი ძალითა. ვითარ განიცადა, სთნდა მეფესა რუსუდანს და ინება ქმრად მიყვანება მისი, რომელი აღასრულაცა. და იქორწილა ტოღრილის შვილი, რომლისაგან იშვა ასული სიტურფე-აღმატებული და უწოდა სახელი სანატრელისა დედისა მათისა თამარ. და კუალად მიუდგა და შვა ძე, და უწოდა სახელი დავით. და კუალად ზრდიდა ძმისწულსა მისსა, ძესა ლაშა-გიორგისსა დავითს.

ხოლო ვითარ აღიზარდა ასული მათი თამარ, ესმა საბერძნეთისა სულტანსა, ძესა ნუქარდინისსა, ყიასდინს, ქმნულ-კეთილობა მეფის ასულისა, ევედრა მრავალთა ნიჭთა და ძღუენთა მიერ, რათა მისცეს ცოლად ასული მისი თამარ, და აღუთქუა ფიცით არა დატევება სჯულსა ქრისტიანეთასა. რომელი ისმინა მეფემან რუსუდან, და მისცა ასული მისი სულტანსა ყიასდინს, რომელი-ესე უჯერო იყო ქრისტიანეთა მიერ. ხოლო დიდითა დიდებითა მისცა აწყუერი ზითვად.

გარნა პირველ ჴსენებულნი იგი სპარსნი ხუარაზმელნი მცირედ მოახლობდეს საქართველოსა და განრყუნიდეს ქუეყანათა.

მაშინ ცნა სულტანმან ჯალალდინ ავაგ ათაბაგისა და ამირსპასალარისა ბიჯნის[ს] ყოფა, ინება ნახვა მისი. მიუვლინა მოციქული და რქუა: "შენ ხარ ვაზირთ-უსუცესი მეფისა, და ითუალავ საქართველოსა. თჳთოთა კაცითა შევკრბეთ, რამეთუ მნებავს. [173] სიტყუად შენ თანა". სთნდა ავაგს და ნება სცა ხილვად, და წარვიდა ჭურვილი, და იქით ერთითა კაცითა სულტანი ხრამსა ზედა ბიჯნისისასა, ჭურვილი იგიცა, და შეკრბეს მახლობელად ერთი-ერთისა. მაშინ იწყო სულტანმან სიტყჳსა თქმად: "არა მოვედ მე რბევად საქართველოსა, არამედ ზავისა და მშჳდობისათჳს. გარნა თქუენ მსწრაფლ საომრად აღიჭურენით და ფიცხლა შემებენით, და არა იქმნა მშჳდობა. აწ ვინათგან წარჩინებულ ხართ ქართველთა შორის და ვაზირი კარსა მეფისასა, ისმინე ჩემი: გასმია გუარი და ნათესავი ჩემი, სიდიდე სამეფოსა ჩემისა და სიმრავლე, რომელ არავის ჴელმწიფესა ძალ-ედვას სწორება ჩემია მე ვარ მაღლისა და დიდისა ჴელმწიფისა ხუარაზმშას ძე, და ფარმანსა ჩემსა ქუეშე იყო ყოველი სპარსეთი ადარბადაგანითა ვიდრე ჯეონამდე და ჯეონით ვიდრე ინდოეთამდე, თურანი, ხატაეთი, ჩინმაჩინი და ყოველი აღმოსავლეთი. ხოლო განგებითა ზენითა გამოჩნდეს ქუეყანასა ჩინეთისასა, ადგილსა შეურაცხსა, ყარყურუმად წოდებულსა, კაცნი ვინმე საკჳრველნი, უცხონი, უცხოთა ენითა და უცხოთა ცხოვრებითა მყოფნი, რომელთა ყოველი აღმოსავლეთი დაიმორჩილნეს და მრავალნი ჴელმწიფენი მოსრნეს. სოლო ჴელმწიფედ ჰყვის კაცი ვინმე საკჳრველი, ღრმად გამგონე საქმისა, მჴნე ბრძოლასა შინა, სახელითა ჩინგიზ-ყაენი ამან რა ჴელთ იგდო ხატაეთი, წარვემართე ლაშქრითა ერანითა, თურანითა, სპარსითა, თურქმანითა და მრავალგზის ბრძოლა ყვეს ჯეონს იქით, და უკანასკნელ ჯეონს აქათაცა. გარნა იქმნა ქცეულება ბედისა ხუარაზმშას სახლისა და ყოვლგან ვიძლიე. და ვითარ უმეტესად განძლიერდეს და ვცან არღარა იყო ღონე, დაუტევე სამეფო ჩემი და წარმოვედ საქართველოსა მშჳდობისა და ზავისა ყოფად. მესმა სიმაგრე ქუეყანისა და ქართველთა ნათესავისა სიმჴნე წყობათა შინა. აწ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა. მასმიეს, რომელ მეფე თქუენი დედაკაცი არს, და მყოფ ქმარ [174] მისა და მეფე თქუენ ზედა, და ვსძლოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ ესე არა ჰყოთ, მოოჴრდეს სამეფო თქუენი. და თუ მეცა წარვიდე, თათარნი ეგრეცა მოსულ არიან; თქუენ ვერ წინააღუდგებით და ვერცა შემძლებელ ხართ ბრძოლად მათდა. წარავლინე კაცი მეფესა თქუენსა წინაშე და აუწყე თქმული ჩემი, რამეთუ არა მნებავს ოჴრება საქართველოსა, არამედ დაცვა მტერისაგან, და თქუენ მიერ მე განვძლიერდე და ვიყვნეთ მშჳდობით".

ესმა რა სიტყუანი სულტნისანი ავაგს. არა პასუხ-უგო, არამედ თქუა: "ვაუწყებ თქმულსა მაგას მეფესა და ვაზირთა მისთა". მსწრაფლ წარავლინა კაცი მეფისა აუწყა თქმული, ვითარ მოიწია თქმული ესე. და იხილეს წიგნი, განკჳრდა მეფე და უცხო უჩნდა საქმე ესე და მიუმცნეს ავაგს არცა თუ სმენად საქმისა მაგისა, არამედ სრულიად განყენებად. და ავაგ ფიცხლა მიუმცნო სულტანსა. ხოლო მან რა მოისმინა, აიყარა და წარმოემართა ტფილისს, რათა ბრძოლოს ქალაქსა.

ვითარ ცნა მეფემან მოსლვა სულტნისა, აიყარა და წარვიდა ქუთათისს, ხოლო ტფილისს მცველად დაუტევა ლაშქარი და თავად ორნი ძმანი ბოცოს ძენი, მემნა და ბოცო. მოიწია სულტანი სომხითად და მოაოჴრა ყოველი სომხითი; დაეცნეს მკჳდრნი მისნი პირითა მახჳლისათა. და მოიწივნეს ტფილისად.

ხოლო მცველნი ქალაქისანი აღიჭურნეს, და იქმნა ძლიერი ბრძოლა, და ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა მერმე მას ღამესა [სპარსთა ტფილელთა] მიუვლინეს კაცი სულტანსა ჯალალდინს შიგნიდაღმა მეცემად ქალაქისა, რათა კართა, რომელთა სპარსნი სცვიდეს, განახუნეს და შიგნით ბრძოლა უყვეს. ვითარ [175] განთენდა, კუალად აღიჭურა სულტანი მინდობილი სპარსთა შინაგანცემისა. ხოლო ამისნი უმეცარნი მცველნი ქალაქისანი აღიჭურნეს და მივიდეს განძის კართა კერძო, მემნა ბოცოს ძე და ძმა მისი ბოცო, და ეგულებოდა განსლვად და მუზარადისა დარქმად. მემნას სპარსმან ვინმე აფთითა ძლიერ დაუხეთქა უმუზარადოსა თავსა, განუპო, და მყის დაეცა და მოკუდა.

და იქმნა შინათ ომი, რამეთუ სპარსნი ზღუდით მიერ ბრძოდეს; განახუნეს კარნი სპარსთა ტფილელთა. ესრეთ რა შინა-განცემა იყო ქალაქისა, ივლტოდეს მცველნი ქალაქისანი და შედგეს ისანთა; ბოცოს-ძემან ბოცო გაამაგრა ისანი და ქმნა ძლიერი ომი.

ხოლო არა შემინდობს ტკივილი გულისა მოჴსენებად, თუ ვითარ იქმნეს ხუარაზმელნი შინაგან ქალაქსა. ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა თქმულთა და ქმნილთა და განსაცდელთა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა?

აქა მეგულების დადუმებად, რომელ სალმობიერსა მიუთხრობ ტკივილითა გულისათა რამეთუ ესეოდენ მძჳნვარედ იწყეს მოსრვად. ვითარ ჩჩჳლნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან, და რომელსამე თუალნი წარსცჳვდიან და რომელსამე ტჳნი დაეთხიის. და უკანის დედანი მოიკვლოდიან; ბერნი [176] უწყალოდ ფოლოცთა შინა ცხენთა მიერ დაითრგუნვოდეს, ჭაბუკნი დაეკუეთებოდეს, სისხლისა მდინარენი დიოდეს. ტჳნი კაცთა, დედათა, ბერთა, ჩჩჳლთა თმა და სისხლი, თავი მჴართაგან განშორებული, ნაწლევნი ცხენთა მიერ დათრგუნვილნი ურთიერთას აღრეულ იყო. არა ჰყოფდეს წყალობასა, რამეთუ რომელნიმე დანითა იღლიასა დასობილნი, სხუანი მკერდსა დაცემითა, რომელნიმე მუცელსა და ზურგსა განიგმირებოდეს.

ჵი სალმობიერი ღაღადი და დიდი ღაღადი ცრემლთა! ყვირილთა და ზახილთა და ვაებათა საზარელთა ჴმათაგან იძვროდა ქალაქი ყოველი, რამეთუ უმრავლესი ერი ვითა ცხოვარი შეკრიბიან, და კუალად ხედვიდეს ზოგნი საყვარელთა შვილთა ზოგნი ძმათა და მამათა, ცოლნი ქმართა და ქმარნი ცოლთა უპატიოდ მკუდარ მდებარეთა ცხენთას მიერ დათრგუნვილთა და ფოლოცთა შინა ძაღლთა მიერ ზიდულთა, და არცა თუ დაფლვასა მიწასა შინა ღირს ჰყოფდეს. ეკლესიანი და ყოველნი პატიოსანნი სამსხუერპლონი შეურაცხ იქმნებოდეს, და პატიოსანნი მღდელნი ეკლესიათა შინა, თჳთ ხატთა და ჯუართა თანა, შეიმუსვროდეს.

და ესევითარნი ჭირნი მოიწივნეს, რომელ არაოდეს ძუელთა სადამე წიგნთა მიერ სმენილ არს, რომელნი თანა-შეესწორებიან ქრისტეს ჯუარისა მცმელთა იუდიანთა ზედა ქმნულთა მიერ იერუსალიმისა სრულიადსა მოსპოლვასა ტიტეს და უესპასიანეს მიერ, ვითარცა ჟამთააღმწერელი და მრავალმომთხრობელი იოსიპოს წარმოიტყჳს ესოდენ ძნელბედობასა იუდელთასა. ვიდრეღა სამასსა ბევრსა აღრაცხავს [177] მამაკაცსა, ოდენ სიყმილისა და მახჳლისა მიერ აღსრულებულსა, რომლისა მსგავს იქმნა ჟამსა ამას სარკინოზთა მიერ ქალაქსა ამას ტფილისისასა.

ხოლო ვინათგან არღარა იყო ღონე და ლხინება ქალაქის, ბოლოს და სხუათა მცველთა ქალაქისათა წარმოუვლინა მეფემან რუსუდან კაცნი, რათა დაუტეონ ისანი და წარვიდენ. და ვითარ მრავალგზის მოავლინა დასტური მეფემან დატევებად ქალაქისა, ძლით დაარწმუნა მეფემან ბოცოს წარსლვა, ვითარცა სწერს ვინმე ბერი მღჳმელი.

და ესრეთ რა ძლიერად ჴელთ იგდო ქალაქი სულტანმან, კუალად იწყო უბოროტესთა ბოროტთა ქმნად ქრისტიანეთა ზედა. ესოდენ მძჳნვარედ მოსრვიდა, რომელ სავსე იყვნეს ფოლოცნი, ხრამნი და ჴნარცუნი მოკლულთა მიერ და უმრავლეს მკუდართა მტკუარსა შეუტეობდეს ამას თანა არავე დამშჳდნა ცუდ-რჯული იგი და ბილწი: მოიგონა სხუაცა სიბოროტე, რომლისა ჴსენება სირცხჳლ მიჩნს, რამეთუ გლოვათა და ცრემლთა მიერ შევიცვები, თუ ვითარ განვარისხეთ მოწყალე და შეეწყნარებელი ღმერთი არა შეწყალებად ჩუენდა; იწყო რღუევად ეკლესიათა, ვიდრე საფუძველადმდე აღფხურა, რომლისათჳს იკადრა და ჴელ-ყო სიონისა გუმბადსა შემუსრვად და ზედა ბილწისა საჯდომისა მისისა აღშენებად, რომელი-იგი ჴიდითა მაღლითა და გრძლითა განჴიდა აღლსვად. და ესეცა შესძინა, რამეთუ ხატი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი და ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა, რომელი სიონს მკჳდრ იყო, ბრძანა მოყვანებად და ჴიდისა შესავალსა დადებად პირაღმართ, და ბრძანა ყოველთა მათ პყრობილთა [178] ქრისტიანეთა, მამათა და დედათა, იძულებით დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა, უკეთუ არა ჰყონ, წარკუეთა თავთა. და ვითარ აღასრულებდეს ბრძანებულსა ამას, მოიყვანდეს მამაკაცნი დედათა თანა და აიძულებდეს ესრეთ ყოფად. მრავალთა უკუე ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს არა თავს-დებად შეურაცხებად წმიდათა ხატთა და დატევებად სჯულისა ხოლო მრავალი სიმრავლე მამათა და დედათა იპოვა ახოვნად, რომელთა მიიღეს გჳრგჳნი წამებისა, რომლისა აღრაცხვა შეუძლებელ არს. სიმრავლისათჳს, რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ათ ბევრ აღიწია რიცხვი მოკლულთა.

ესრეთ რა მოაოჴრეს ტფილისი, იწყეს რბევად, ტყუენვად, ჴოცად და კლვად სომხითისა და კამბეჩიანისა და იორის პირთა. ქართლს და თრიალეთს, ჯავახეთს და არტანს, ზოგი სამცხეს და ტაოს, კარნიფორას და ანისის მიმდგომთა ქუეყანათა.

და გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა, რამეთუ ორ წელ პირველ აღაოჴრეს ქუეყანა და ხუთი წელი ქალაქსა დაყვეს, და აოჴრებდეს ქუეყანათა ამათ ზემოჴსენებულთა, არღარა იყო შენებულება თჳნიერ ციხეთა და სიმაგრეთა, რამეთუ ქუეყანა საქართველოსა მიეცა განსარყუნელად, ამის ძალითა, რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყუარული, სიწრფოება, სიმშჳდე, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავანება, ზაკუა, შური, ჴდომა, სიძულილი, ანგარება, მიმძლავრება, კლვანი, პარვანი, სიძვანი, უწესოებანი, ვითარცა იტყჳს წინასწარმეტეუელი: "ვაჲ მათდა, რომელნი კუალსა ბალამისსა შეუდგეს და საქმესა სოდომელთასა იქმან, რამეთუ ყოველმან ასაკმან ბერთა და ჭაბუკთამან, მცირითგან ვიდრე დიდადმდე, მიაქციეს სიბოროტედ. რამეთუ სენი იგი სოდომელთა და სალმობა გომორელთა მოიწია, და ამის ძალითა მისცნა იგინი ღმერთმან წარწყმედად [179] ბოროტად, რამეთუ განვიწირენით ღმრთისა მიერ, რომელ დავივიწყეთ ღმერთი და ღმერთმანცა სამართლად დაგჳვიწყა. და მოოჴრდა ქუეყანა საქართველოსა, ლიხთ-აქათ მოოჴრდა, ვითარცა ჴმობს ესაია წინასწარმეტყუელი: "ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა, ერი რომელი სავსე არს ცოდვითა, ნათესავნი ბოროტნი, ძენი უსჯულოებისანი; დაუტევეთ უფალი და განარისჴეთ წმიდა იგი ისრაელისა. რასღა იწყლვით და შესძინებთ უსჯლოებასა ყოველი თავი სლმობად და ყოველი გული მწუხარებად, კუალთაგან ფერჴთა ვიდრე თავადმდე; არა არს მას შინა მწუხარება, სიცოცხლე, არა არს წყლული, არცა ნაგუემი, არცა ბრძჳლი განსივებული; არა არს სალბუნი დასადებელი, არცა ზეთი, არცა შესახუეველი. ქუეყანა თქუენი ოჴერ არს და ქალაქი თქუენი ცეცხლითა მომწუარა; სოფელსა თქუენსა წინაშე თქუენსა უცხოთესლნი მოსჭამენ, და მოოჴრებულ არს და დაქცეულ ერისაგან უცხოთესლთასა. და დაშთეს ასული სიონისა ვითარცა კრავი ვენაჴსა შინა, და ვითარცა ხილის-საცავი და ვითარცა ქალაქი მოცული. უკეთუმცა არაუფალმან საბაოთ დამიცვნა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნიცა შევიქმენითცა და გომორელთა მივემსგავსენით.

ამათ ულხინობთა ჭირთა შინა იყო რა ქუეყანა საქართველოსა, და სხუანიცა უდიდესნი ძნელბედობანი აღმოუჩნდებოდეს. რამეთუ ზემო დატევებული ამბავი აღმართ ამბიჯებელთა კუალად ვიწყოთ. ამათ ჭირთაგან შეიწრებული მეფე რუსუდან იყო რა ქუთათისს და ყოველსა აფხაზეთსა, და იქმნა ძე მისი დავით ვითარცა წლისახუითისა, ინება მეფედ ყოფად ძისა მისისა. ვითარ არს წესი სოფლის მოყუარეთა, შეიყუარა [180] წარმავალი საწუთრო, დაივიწყა შიში ღმრთისა და სიყუარული ძმისა, და მოიგონა საქმე ყოველთა მიერ განსაკრთომელი, რამეთუ ზემოჴსენებული ძმისწული თჳსი დავით, რომელი ძმისა მისისგან, გიორგისგან, ანდერძობით შევედრებულ იყო და მას აღეზარდა, წარავლინა ფარულად ასულსა მისსა და სიძესა მისსა სულტანსა ყიასდინს თანა, საბერძნეთს, რათა წარსწყმიდონ და იყოს დაუშფოთველად ძისა მისისა დავითისთჳს არა განყოფად მეფობისა.

ვითარ მიიწიადავით წინაშე სულტნისა და [მამის] დისწულისა მის, რუსუდანის ასულისა თამარის, რომელსა სულტანი სახელად უწოდდა გურჯი-ხათუნად, იხილეს. იგი და შეიყუარეს, თჳსთა თანა დაიპყრეს პატივითა, და გურჯი-ხათუნ დედოფალიცა კეთილსა უყოფდა ყრმასა, ბიძის ძესა დავითს, და არა ისმინეს ბრძანება მკლველებრივი მეფისა რუსუდანისი. და ფრიად. პატივ-სცემდეს დავითს.

ხოლო ვითარცა წარგზავნა ძმისწული საბერძნეთს, მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა, აფხაზთა, დადიან-ბედიანთა, რაჭის ერისთავსა და კათალიკოსსა აფსაზეთისასა. და დასუმს მეფედ დავით, ძე რუსუდანისი, აკურთხეს ქუთათისს და დაადგეს თავსა მისსა გჳრგჳნი; დასუეს ტახტსა ზედა სამეფოსა და მიულოცეს მეფობა წესისაებრ, და სრულ ყო კათალიკოსმან წესი კურთსევისა.

ხოლო ამიერი ესე სამეფო უცალო იყო ხუარაზმელთაგან, რამეთუ მანდატურთუხუცესი შანშე იყო ანისს და ამირსპასალარი ავაგ ბიჯნისს, აგრეთვე ვარამ გაგელი. ჰერნი და კახნი, სომხითარნი, ქართველნი,თორელნი, შავშნი, კლარჯელნი, ტაოელნი - ყოველნი სიმაგრეთა შინა ცხოვნდებოდეს, თჳთოეული მორჩილებასა შინა მეფისა რუსუდანისსა, და უცალოებისა ძლით, ვერ დახუდეს დალოცვასა მეფისა დავითისსა.

გარნა ვაჴსენოთ პირველ ჴსენმბულისა ჩინგის-ყაენისა. ვითარცა მოიწივნეს თათარნი [181] ქუეყანასა ჩუენს, მეოტი სულტანი ჯალალდინ ივლტოდა და დაუტევა სამეფო, მისი, ადვილად ჴელთ იგდეს თურანი, სათურქეთი და ყოველი ხუარასანი. და განჰყო ოთხად ლაშქარ, თჳსი და განაჩინნა შვილნი ოთხნი ყაენად:

პირმშოსა მისცა ნახევარი ლაშქარი და წარავლინა დიდსა საყივჩაყეთსა ვიდრე ბნელეთადმდე, ოსეთსა, ხაზარეთს, რუსეთსა ვიდრე ბორღართა და სერბთამდე, კავკასთა ჩრდილოთა ყოველთა მკჳდროვანთა, ვითარცა მითქუამს.

ხოლო მეორესა შვილსა ჩაღათას მისცა ლაშქარი და უიღურთა ქუეყანა სამარყანამდე და ბუხარა ვიდრე ალმუთის ქუეყანამდე. ვგონებ, ესე არს თურან

მესამესა შვილსა ოქოთას მისცა თჳთ მისი ტახტი საჯდომადდა ყარაყურუმი, ჩინ-მაჩინი, ემელისა და ყუთაყისა ქუეყანა და ხატაეთი.

და მეოთხესა შვილსა თული ერქუა; ამას მისცა ლაშქარი და ოქოთას ზედამოკიდებით ქუეყანა აღმოსავეთით.

ესე ოთხნი განაჩინნა ყაენად და ამცნო: წელიწადსა შინა ერთხელ ოქოთასას მივიდოდენ ძმანი მისნი უხუცესნი ყურულთისა საქნელად, ამად რომე ტახტი მისი ოქოთას მისცეს.

ესრეთ, რა დააწყუნა შვილნი, მივიდა თურანს და წარმოავლინა შვილი მისი უმრწმესი თული ხუარასნისა მოთუალვად. გამოვლო ჯეონი და მივიდა ნიშაბურს, სადა ნიშაბურელთა სამგზის წობა ყვეს ბრძოლისათჳს. პირველსა ომსა ჴელად იგდო [182] ქალაქი, სადა-იგი მოკლა სამასი ათასი კაცი თავ-დაკუეთითა, ხოლო მეორესა ჯერსა ასი ათასი და მესამესა ომსა ოცდათორმეტი ათასი. უკეთუ არა ჯერ ხართ, სამართლადცა არს: დიდისა სიბდივნისა ხოჯა შამშადინის ძმა თანადამხუდარი იტყოდა ამას ნიშაბურისა მოოჴრებასა. წარმოვიდა ესე თული, გამოვლო ხუარასანი, მაზანდარანი, მოეახლა ერაყის ქუეყანასა.

ცნა ესე სულტანმან ჯალალდინ, აიყარა ტფილისით დედაწულითა და ბარგითა, წარმოემართა ბრძოლად თათართა და მოვიდა ადარბადაგანს. წარმართა მოციქული ხლათის სულტანსა და ხალიფას, ბაღდადის მპყრობელსა, რათა შეეწივნენ მასცა და თავთაცა და მათთაცა. ეგრეთვე ერაყისა სულტანსა მიუმცნო: "უკეთუ თჳთ თავითა არა გნებავს ბრძოლა თათართა, ლაშქარნი წარმოავლინენით და ვბრძოდე, რამეთუ ვიცი წყობა მათი. თუ არა ისმენთ ჩემსა, ვიდრე მე წინა არა აღუდგები, თქვენ ვერ შემძლებელ ხართ". ვითარ მივიდა მოციქული სულტანისა და არა ინებეს ბრძოლა თათართა.

ცნა ესე სულტანმან და გულისჴმა ყო, რომელ სპანი მისნი და ადარბადაგანისანი ვერ წინააღუაგებიან, დაუტევა ადარბადაგანი და წარმოემართა მეორედ ტფილისს. და ესმა რა ესე მეფესა რუსუდანს, მოუწოდა ყოველთა სპათა თჳსთა, იმერთა და ამერთა, შანშეს მანდატურთ-უხუცესსა, ავაგს ამირსპასალარსა, ვარამს მსახურთუხუცესსა, ჰერ-კახთა, სომხითართა, ჯავახთა, მესხთა, ტაოელთა, დადიანსა ცოტნეს, კაცსა წარჩინებულსა და სათნოებიანსა, აფხაზთა, ჯიქთა და ყოველსა იმერსა სამეფოსა, [183] რომელთა თჳთოეულად არა არს ჟამი თქმად, და განუხუნა კარნი დარიალისანი და გარდამოიყვანნა ოსნი, დურძუკნი, ამათ თანა ყოველნი მთიულნი. შეკრბეს ნაჭარმაგევს სიმრავლე ურიცხჳ, და წარავლინა მეფემან ბრძოლად ხუარაზმელთა.

ხოლო თჳთ დროშა სეფე არა წარგზავნა საქმისათჳს ივანე ათაბაგისა. წარემართნეს და განვლეს ტფილისი. ხოლო სულტანი დაბანაკებულ იყო სომხითს, ჴევსა ბოლნისისასა.

და ვითარ იხილეს დარაჯთა სულტნისათა, აცნობეს სულტანსა. ხოლო იგი აღიჭურა, რამეთუ იყო უშიში ბრძოლათა შინა, წინა განეწყო და იქმნა ომი სასტიკი, და პირველსავე შეკრებასა სძლევდეს ქართველნი. ხოლო ვითარ შენივთდა ბრძოლა, მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ კაცი, მოხედნა ღმერთმან რისხვით ნათესავსა ქართველთასა, რამეთუ არა დასცხრა გულისწყრომითა უფალი, არამედ ჴელი მისი მაღლადვე არს და მოიჴსენა უსჯულოება ჩუენი, და იძლივნეს სპანი მეფისანი და ხუარაზმელთა მიერ ივლტოდეს. ხოლო სულტანი კუალად მივიდა ტფილისად, თუღა სადა ვინმე პოვნა დარბევად, [არბევდა] ქუეყანათა მათ ზემოჴსენებულთა.

ხოლო თათართა უმთავრესი თული მივიდა ერაყს ვიდრე ყაზვინაიმდე, მოაოჴრა [184] ქუეყანა, მოსწყჳდნა ურჩნი წარვიდა და განვლო ხუარასანი, ჯეონი, და მივიდა მამასა მისსა ჩინგიზ-ყაენს წინაშე და ძმათა მისთა თანა. ვითარ ცნა სრულიად ლტოლვა სულტან ჯალალდინისა, მოუწოდა ოთხთა ერისმთავართა, რომელთა ქართველნი ნოინობით უჴმობენ, სახელით: ჩორმაღანსა უპირველესსა და მეორესა ჩაღატას, იოსურსა, ბიჩოსა. და ამათ ათი ათას-ათასი კაცი მისცეს დედაწულითა მათითა და წარმოავლინეს ძებნად სულტნისა. ესე ოთხნივე ნოინნი ყაენის შვილები იყვნეს. თჳთოეულსა აცნობეს, რათა სადაცა მივიდოდენ და ზენარსა ითხოვდენ, შეიწყალებდენ, და ურჩთა მოსრვიდენ, და ხარაჯასა მის ქუეყანისასა ოთხად იყოფდენ და თავის ჴელმწიფეთა გაუგზავნიდენ.

წარმოვიდეს ესე ოთხნი ნოინნი - ჩორმაღანი, ჩაღატა, იოსური და ბიჩოი - , გამოვლეს ჯეონი და ხუარასანი ვითარ ორმოცი ათასისა კაცითა და დედაწულითა, მივიდეს ქუეყანასა ალმოთისასადა წინა განეწყენეს, და დიდად ავნეს. და წარვიდეს მიერ ქუეყანად ერაყისა და მოაოჴრეს. რომელი მივიდის, შეიწყალიან. და მერმე მოვიდეს ადარბადაგანს, რომელ არს თავრეჟი, წინ მიეგებნეს ყოველნი ადარბადაგანელნი ძღუნითა ურიცსჳთა მიერ მივიდეს ქალაქად არდავლისა, იგინიცა მოეგებნეს. გავლეს რაჴსი და მივიდეს განძად, რომელი-იგი მტკიცედ განმაგრებულ იყო, და სამთა დღეთა [185] რა შინა ბრძოლა უყვეს თათართა, მყის ჴელთი იგდეს და შიგან ქალაქსა შევიდეს, მოაოჴრეს, და მრავალი სული მოსწყჳტეს, რამეთუ საძაგელ უჩნდათ სჯული მოამედის მიერ ქადაგებული.

ამისი მცნობელი სულტანი მსწრაფლ აიყარა დედაწულითა და ივლტოდა საბერძნეთად. ხოლო თათართა დევნა უყვეს და მიეწივნეს ბასიანს; იხილეს რა, განიბნივნეს. ესოდენ სულტანი მარტო დაშთა, სადა-იგი მიიწია სოფელსა რომელსამე შეურაცხსა და დაიძინა ხეთა ძირსა. იხილა იგი კაცმან ვინმე შეურაცხმან და მოაკუდინა, რომლისა სარტყელი და უნაგირი და კაპარჭი უფასოთა თუალთა მიერ შემკული იყო და მის ძალითა მოიკლა კაცი იგი მაღალი და სახელოვანი ჴელმწიფე. ვინა დაუდგრომელ არს მინდობა სოფელსა ამის ამაოსა, ვითარ იტეჳს ბრძენი ეკლესიასტე: "ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არს". ამისთჳს ამაო იქმნეს სპანი და სიმტკიცე ქედისა, წყობათა შინა მძლეობა და გარდარეული სიმდიდრე. და ყოველივე ამაო არს, გარნა საუკუნო იგი უკუდავი ცხოვრება დაულევნელი.

ესე რა ხუარაზმელნი განიბნივნეს და უმრავლესნი ივლტოდეს გარმიანსა და სულტანი ჯალალდინ მოიკლა, და აქა შინა დასრულდა სრულიად ჴელმწიფობა მაღალი. ცნა რა მოკუდინება სულტნისა ხუარაზმელის ძისა, ყიასდინ სულტანმან მოიყვანა კაცი იგი, რომელმან მოიღო სარტყელი, უნაგირი და კაპარჭი სულტნისა, ძნიად [186] საპოვნელითა თუალითა შემკული. განკჳრდეს ყოველნი მხილველნი, ხოლო კაცი იგი მომკლველი სულტნისა ცეცხლითა დაწუეს.

ხოლო მო-რა-იქცეს თათარნი ხუარაელზელთა დევნისაგან, მიერ წარვიდეს და მოაოჴრეს ქუეყანა ხლათისა და ვალაშკერტისა. და ვერ წინააღუდგა სულტანი ხლათისა, არამედ გამაგრდა ქალაქსა შინა. ხოლო თათარნი წარვიდეს ადარბადაგანს, და ზავნი იქმნეს თავრეჟელთა შორის და თათართა, და აღიღეს თავრეჟი და მიმდგომი მისი ქუეყანა. და მეორესა წელსა წარვიდეს ბარდავს, განძას და მუღანს, და მიერ იწყეს რბევად და ოჴრებად საქართველოსა; იწყეს დარუბანდით აღმომართ, ქუეყანასა შარვაშისასა, და კაბალას, ჰერეთს, კახეთს, სომხითს, და ქუეყანასა არშაკუნიანთასა დვინს და ანისსა. ხოლო ვინათგან მეზობლობით მოეახლებოდეს ქუეყანასა საქართველოსასა, უდიდესნი და უბოროტესი, ზემოჴსენებულთა მათ განსაცდელთა მსგავსთაგან უმეტესცა მძჳნვარენი განსაცდელნი აღიძვროდეს საქართველოსა საზღვართა, უკეთურებისათჳს მკჳდრთა ქართლისათა, რამეთუ ყოველი ასაკი ბერთა და ყრმათა, მეფეთა და მთავარია, დიდთა და მცირეთა მიდრკა სიბოროტეთა. რამეთუ დაუტევეს სიმართლე და ჭეშმარიტება, ვინათგან თჳთ მღდელთა მიერ იხილვებოდა არაწმიდება, ვინათგან ყოველი ერი იქმოდეს სიბილწესა, ვითარ ოდესმე ძენი ბენიამენისნი. ვითარ იგინი მიეცნეს მოსასრველად, ეგრეთვე ესენი აქა შინა მისცნა ღმერთმან ნათესავნი ქართველთანი მოსასრველად მსგავსად ძეთა ბენიამენისთა, ვითარცა იტყჳს წინასწარმეტყუელი ესაია: [187] "უფალი, უფალი საბაოთ, უბრძანებს ნათესავსა ჭურვილსა მისლვად ქუეყანით შორით, კიდით საფუძველითგან ცისათ, უფალი და ჭურვილნი და მბრძოლნი მისნი, განრყუნად ყოვლისა სოფლისა და ცოდვათა მოსოლვად მისგან. ღაღადებდით, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისა, და შემუსრვა ღმრთისა მიერ მოიწიოს". და კუალად ჴმობს: "დღე უფლისა მოვალს უკურნებელი რისხვითა და გულისწყრომითა, დადებად ყოველი სოფელი ოჴრად და ცოდვილთა წარწყმედად მისგანი". ვითარ იქმნაცა ყოველი სოფელი ქართლისა ოჴრად.

ხოლო ვითარ ცნა მეფემან რუსუდან მოახლება თათართა, დაუტევა ტფილისი და წარვიდა ქუთაისს, და ტფილისის [მცველად დაუტევა] მუხას-ძე, და ამცნო, რომელ უკუ[ეთუ დმა]ნისამდე მოვიდენ თათარნი, რომელ მოწუას ტფილისი თჳნიერ ნიტისა და ისანთა. რომელ არღარა იპყრან სახლად ვითარ ხუარაზმელთა.

რაჟამს ცნა მუხას-ძემან მოახლება თათართა, მოწუა სრულიად ქალაქი და თჳთ პალატი და ისანნი, და ესრეთ მოოჴრდა ქალაქი ტფილისისა.

ხოლო ნოინნი ესე ზემოჴსენებულნი შემოვიდეს ქართლს, თრიალეთს, სომხითს, ჯავახეთს, სამცხეს, შავშეთს, კლარჯეთს, ტაოს, კოლას, არტანს, ანისს, და მოეფინეს მსგავსად მკალთა ოჴრებად და ჴოცად, და არსად იყო ლხინება, უწყალოდ მოისრვოდა ყოველი ესე ქუეყანა. მანდატურთ-უხუცესი შანშე შეივლტოდა ქუეყანად აჭარისა, და ამირსპასალარი ავაგ შევიდა ციხესა კაენისასა, და ვარამ გაგელი შეივლტოდა ქუთათისს, [188] და ეგრეთვე ჰერნი, კახნი, სომხითარ-ქართლელნი, მესხნი, ტაოელნი, თორელ-არტან-კოლაელნი, - ყოველნი ივლტოდეს ციხეთა და მთათა, ტყეთა და სიმაგრეთა კავკასიანთასა და მთიულეთს.

და გაგრძელდა ოჴრება და მოსპოლვა ქუეყანისა სიმრავლისათჳს უსჯულოებათა ჩუენთასა, რამეთუ განრყუნა ყოველმან ასაკმან ქუეყანა, დაღათუ საქართველო, არამედ სპარსეთი, ბაბილოვანი და საბერძნეთი რამეთუ მიეცემოდეს მწარესა ტყუეობასა და უწყალოთა სიკუდილთა, რომელ არა იყო წყალობა, სავსე იყვნეს მოკლულთა მიერ ქალაქნი და სოფელნი, ველნი, ტყენი, მთანი და ჴევნი. თჳნიერ სიმაგრეთა თუღა სადმე [ვინ] დაშთომილიყო, სავსე იყო ტყეპითა, და გოდებითა მიერ შეიცვლებოდეს ყოველნი მკჳდრნი საქართველოსანი ამერისნი. ხედვიდეს მამა-დედანი შვილთა მოკლულთა, და შვილნი მამათა და დედათა მკუდართა მდებარეთა, სხუანი ძმათა და ნათესავთა და დათა თჳსთა იავარად წარსხმულთა, ცოლთა და შვილთა მათთა და ყოველსა სიმდიდრესა მათსა წინაშე მათსა განბნეულსა. და ესეოდენნი ზარნი იქმნეს თათართანი, რომელ უმრავლესნი ქართველნი ციხეთა და მაგართა ადგილთა დაუტეობდეს და ივლტოდეს კავკასიად.

ხოლო ამათ ულხინებელთა რა ბოროტთა მოეცვა ქუეყანა, ძლიერნი ერისთავთა ერისთავნი და ვაზირნი განდგეს ურთიერთას, თავთა მათთა შემწყობელნი, რამეთუ მეფე რუსუდან ყოვლადვე დამკჳდრდა ლიხთ-იქით და ვერცა ლიხთ-აქეთ გარდამოვიდის და ვერცა ამიერნი ვაზირნი მის წინაშე მივიდიან უცალოებისა ძლით, გარნა ლტოლვილნი. [189] და ესრეთ ურთიერთას ემზრახებელ იყვნეს და შეუთქმელ რამეთუ ძლიერნი იგი საქართველოსანი და სახელგანსმენილნი უღონო იქმნეს ყოვლადვე ვერ შემმართებელნი ჴსენებადცა წყობისა მიყოფად თათართა, რამეთუ ჰერეთი და კახეთი ტყეთა მიერ ძლიერად იცვებოდეს. მაშინ მკჳდრნი საქართველოსანი, სახელოვანნი და წყობათა შინა მჴნენი ერისთავნი, სრულიადსა მოოჴრებასა მიეცნეს. ეგრეთვე აღმომართ ყოველნი მკჳდროანნი.

ამათ და ბოროტთა ხედვიდა ამირსპასალარი ავაგ, ძე ივანე ათაბაგისა, წარმოავლინა მოციქული ბარდავს, სადა დაებანაკათ ზემოჴსენებულთა მათ მთავართა, რომელთა ზამთრის აქუნდა საყოფელად ბარდავი და ზაფხულის -- გელაქუნისა მთანი და არარატისანი, რამეთუ მაშინ აეღო ანისი ჩორმაღანს; ამათ წარმოუვლინა ავაგ მოციქული ზავისა თხოვად და თქუა მათ წინაშე მისლვა, ხილვა, და მსახურება, და ხარაჯის მიცემა, და დადება ქუეყანისა მისისა, და ითხოვა ფიცი და სიმტკიცე. ხოლო მათ გაიხარეს და სიხარულით შეიწყნარეს მოციქული ავაგისი, და ფიცთა მიერ მტკიცეთა გულსავსე ყვეს.

მათ აქუნდა სრულად ერთისა ღმრთისა თაყუანისცემა, და დილეულ აღმოსლვასა მზისასა მისისა აღმოსავლით სამისა ჩოქისა ყოფად და მეტი არა რა. ხოლო ფიცთა სიმტკიცედ ოქრო წმიდა სამჯერ წყალსა ჩაყონ, და განავლონ იგი და შეასუან, და მინდობილნი შეიწნარონ და ამა ფიცსა არა ეცრუვნენ სიტყუა ტყუვილი არა ამოვიდეს [190] პირით მათით, მეკობრე და მბორგველი კაცი გაუკითხავად მოკლიან, და სხუანი მრავალნი კეთილნი წესნი განეჩინნეს ზემოჴსენებულსა მას მთავარსა ჩინგიზ-ყაენს. ამით ოქროთა საფიცრითა დაუმტიცეს მოციქულთა ავაგისთა ფიცი, რომლითა დაჯერებულ იქმნა, ამისთჳს რომელ არა იყო ტყუვილი, არცა სიცრუვე ფიცთა მათ შორის.

მოვიდეს რა მოციქულნი ავაგისნი და უამბეს ესე ყოველი, მაშინ წარვიდა ამირსპასალარი ავაგ, დამდები სულსა მისსა ქუეყანისა მისისათჳს, და მივიდა ჩორმაღანს, ჩაღატას, ბიჩუსა და იოსურს წინა, რომელთა იხილეს, და პატივ-სცეს, და შეიყუარეს, და მცველნი ქალაქისანი დაუდგინნეს, რომელთა შანად უწოდდეს სიტყჳთა მათითა.

ვითარ დამშჳდნა ქუეყანა ავაგისი და ცნა შანშე მანდატურთ-უხუცესმან ზავი ავაგისი და თათართა, უვნებელად დაცვა ინება ქუეყანისა დაცვა ზავითა მყოფელი და ავაგსცა მიუმცნო, უკეთუ მიუმცნოს და მივიდეს ხილვად თათართა. ამისნი მცნობელნი თათარნი სიხარულით შეიწყნარებდეს, რომლისათჳს მიუმცნეს მითვე ოქროსა საფიცრითა მტკიცე ფიცი უვნებლობისა. და წარვიდა შანშეცა და იხილნა იგინი, რომელთა შანშესცა ფრიადი პატივი უყვეს, და ანისი და მათ მიერ წაღებული მისი ქუეყანა ყოველი მისცნეს, და მცველნი დაუდგინნეს ქუეყანასა შინა. და ვინცა მოვიდის ქართველთა მთავართაგანი, პატივითა შეიწყნარიან, ხოლო ურჩთა ქუეყანა მოისრვოდა. ამისი მცნობელი ვარამ გაგელი ზაქარიას ძესა მიენდო და ზავითა შემწყნარებელი ქუეყანა ამისიცა დამშჳდნა.

ხოლო ჰერეთი და კახეთი, სომხითი და ქართლი, და აღმართ კარნუ ქალაქამდის, [191] ყოველი ქუეყანა მწარესა ოჴრებასა შინა იყო: არბევდეს, ტყუე ჰყოფდეს, სრვიდეს მამაკაცთა, ვიდრე დედათა და ყრმათა ტყუედ წარიყვანებდეს.

და ქალაქი ტფილისი მათვე დაიჭირეს.

ხოლო იწყეს შენებად, და ზამთრის დაიბანაკიან ბარდავს, მტკურისა პირსა, იორის პირთა და აღმომართ გაგამდე, და მოტყუენვიდიან, არბევდიან ქართლს და სამცხეს და ჯავახეთს და აღმართ საბერძნეთამდე, კახეთს და ჰერეთს დარუბანდამდე.

ამათ ულხინებელთა ჭირთაგან შეიწრებულნი მთავარნი საქართველოსანი ყოველნი მიენდვნეს თათართა, ჰერ-კახნი და ქართველნი, თორელი გამრეკელი, თმოგუელი სარგის, კაცი სწავლული და ფილასოფოსი და მრავალღონე, ხოლო მესხნი სათნოებისათჳს მეფისა რუსუდანისა არა მიენდვნეს. ამისთჳს განძჳნებულმან ჩაღატა ნოინ აღიმჴედრა სამცხესა ზედა, არამედ მესხნი შეიწრებულნი შიშისაგან შეივლტოდეს ციხეთა შინა. ესრეთ მოისრა და ტყუე იქმნა სული მრავალი სამცხეს, და ბევრი ერი მოიკლა. ოდეს არღარა იყო ღონე, მოაჴსენა მეფესა რუსუდანს ივანე ციხისჯუარელმან ჯაყელმან, რომელსა ყუარყუარეცა ეწოდებოდა, უკეთუ სთნდეს, რათა იჴსნას ქუეყანა სამცხისა ოჴრებისაგან, და იგიცა მიენდოს ჩაღატას, რამეთუ პატივითა იყო მეჭურჭლეთ-უხუცესი და მთავარი ქუეყანასა სამცხისასა. ინება მეფემან და წარმოგზავნა მაშინ წარვიდა ივანე და იხილა ჩაღატა, რომელმან პატივითა შეიწყნარა და დაუდგინნა მთავარნი ქუეყანისანი.

ესრეთ რა ჴელთ იგდეს ყოველი ქუეყანა, განიყვეს ოთხთა მათ ერისმთავართა ოთხად, და ეგრეთვე ერისთავნიცა თჳთეულნი, ხუედრი მისი და ხარაჯა, რომელსა აიღებდიან და წარგზავნიდიან. და ესრეთ მცირედ იწყო ქუეყანამან დაწყნარებად.

[192] გულისჴმა ყო რა მეფემან რუსუდან, რომელ წარიღეს ქუეყანა ამიერი თათართა, განიზრახა, რათა წარმოავლინოს ძე თჳსი დავით და მოანდოს თათართა, და აღიღოს სიმტკიცე უვნებლობისა. და წარავლინეს მოციქულად თათართა შანშე, და ავაგ, და ვარამ, და ჰერეთის ერისთავი შოთაი, რომელსა მანის ფერობისათჳს კუპრობით უჴმობდეს.

ვიდრე წარმოავლენდა მეფე ძესა თჳსსა, ინება აღმჴედრებად დიდსა სულტანსა ყიასდინს ზედა, ნათესავით სალჩუქიანსა, რათა დაიმორჩილონ, რომელსა აქუნდა საბერძნეთი. და წარავლინეს ბიჩოი ნოინი, და თანა-წარიყვანნა დიდნიცა იგი მთავარნი საქართველოსანი. ვითარ მიიწივნეს ქუეყანასა სევასტიას და ეზინკისასა, იწყეს ოჴრებად. მაშინ სულთანმან ყიასდინ მოუწოდა ყოველთა სპათა და შემოიკრიბა მჴედრები თჳსი კაცი ორმოცი ბევრი, რომელ არს ოთხასი ათასი, და განაჩინნა მჴედართა თავად შარვაშის-ძე აფხაზი, სახელით დარდინ, რომელი სიმჴნისა მისისათჳს პირველვე დიდსა დიდებასა აღეყვანა და მტკიცედ ეპყრა სჯული, ამას თანა ფარადავლა, თორელისა ახალციხელისა შალვას ძე, რომელი ლტოლვილი წარსრული იყო სულტანსა წინაშე, კაცი მჴნე და წყობათა შინა სახელოვანი, -- ესენი მჴედართა მთავარ ყვნა და წინამბრძოლად განაჩინნა. და მოეახლა, მახლობელად მათსა დაიბანაკა.

ვითარ ესმა თათართა მოსლვა სულტნისა წყობად მათდა, ესე-ზომ განლაღებულ იყვნეს და განრისხნეს, რომელ ამისი მსმენელი ბიჩოი ნოინი მივიდა თხრობად ქართველთა, მუნ მყოფთა, მოსლვასა სულტნისასა, და იხილა ძის-წული ყუარყუარე [193] ჯაყელისა, სახელით სარგის, კაცი მჴნე და შემმართებელი, ჴელოვანი ბრძოლათა შინა, და ჴმა უყო ბიჩოი და რქუა: "მახარობელად ვიდრემე მოვალ, ვიდრე რა იყოს ნიჭი ჩემი, რამეთუ დიდსა სულტანსა ასმიეს მოსლვა ჩუენი და ხლებულ არს, და ესერა ახლოს დაუბანაკებიეს დიდითა და უამრავითა ლაშქრითა. და ხვალე ეგულების წყობად და ბრძოლისა ყოფად ჩუენდა".

ესმა რა ესე სარგისს, განკჳრვებულმან რქუა: "უწყი წყობათა შინა სიმჴნე და გამარჯუება თქუენი, ჵი ნოინო, გარნა სიმრავლისათჳს მათისა არას ვგონებ სახარულევანსა". ხოლო ბიჩოი განიღიმნა და რქუა: "არა კეთილად მეცნიერ ხარ ნათესავსა ჩუენ მოღოლთასა. რათგან მოგუცა ღმერთმან ძლევა, არად შეგჳრაცხიეს სიმრავლე სპათა, რამეთუ უმრავლესთა უმჯობესად ვიდრემე ვსძლევთ და უმრავლესითა აღვივსებით ალაფითა. აწ განემზადენით ხვალისა ბრძოლად, და ვიხილოთ ვითარ ვებრძვით მტერთა", - ეზომ განლაღებულ იყვნეს ყოველთა ნათესავთა ზედა.

ვითარ განთენა და მოვიდა სულტანი სპითა საზარელითა, რამეთუ იყო ოთხასი ათასი მჴედარი, და განაწყუეს რაზმი. აქათ თათართა განაწყუეს რაზმი, და ურჩეულესნი მათნი მარცხენასა მჴარსა დააწესნეს. ესრეთ აქუნდა წესად, უმჯობესთა ვიდრემე მარცხენასა კერძოსა დააწესებდიან, ამის ძლით, რომელ სხუანი ნათესავნი ყოველნი უმჯობესთა და უმჴნეთა მარჯუენით აქუნდა დაწესებითა, რათა ურჩეულესნი ურჩეულესთა შეემთხჳვნენ. ხოლო დროშათა მათთა სიმეწამულე მოასწავებდა სისხლისა დამოღურილობასა მტერთასა.

[194] ამათ რა ესრეთ ყოველი ნათესავი ქართველთა წინამბრძოლ ყვეს და ვითარცა დაეახლნეს ურთიერთას. იწყეს თათართა ჴმითა მაღლითა თქმად, აჰლა, აჰლა, აჰლა, რომელი ძნელად სათარგმანებელ არს და უცნაურ, და სამსა ვიდრემე ჯერასა აქუნდა წესად თქმა ამისი: აჰლა, აჰლა, აჰლა, და მყის მიეტევნიან. ხოლო ქართველნი უპირატეს და უმჴნეს ძლიერად ეწყუნეს. და იქმნა ომი სასტიკი, და მოსწყდა ურიცხჳ სიმრავლე სპათაგან სულტანისათა, სადა სახელოვანიცა შარვაშის-ძე დარდანი, აფხაზი, მჴედართ-მთავარი მათი, მოიკლა და ივლტოდეს სპანი სულტნისანი. და დევნა უყვეს რა თათართა და ქართველთა, ურიცხჳ მბრძოლი მოსრეს, და შეიპყრნეს. ხოლო ახლციხელი სულტნისა მიერ მოიკლა, შურითა ქართველთათა. ესოდენ ეწყუნეს პირველ, ვითა განკჳრდეს ყოველნი მჴედართ-მთავარნი მათნი ძლიერად ბრძოლობასა ქართველთასა. ამისთჳს სიყვარულსა და პატივსა და ნიჭსა წინა-უყოფდეს, და ქებასა შეასხმიდეს. ხოლო აღივსნეს ქართველნი და თათარნი ყოვლითა სიმდიდრითა, ოქროთა და ვეცხლითა, სასმურითა და სამზარეულოთა ოქროსა და ვეცხლისათა, უცხოთა ლარითა და სამოსლითა. ცხენისა, ჯორისა და აქლემისა არა იყო რიცხჳ, რაზომი აღიღეს.

ესრეთ სავსენი მივიდეს საბერძნეთს, დევნად სულტნისა, და მიჰყვნეს ვიდრე იკონიადმდე, რომელ არს ქალაქი დიდად დიდი და ზღუდითა მტკიცითა მიერ განმაგრებული, სადა-იგი შელტოლვილ იყო სულტანი, და კუალად კართა ქალაქისათა იქმნა ომი ძლიერი, რომელ თჳთოეულად არა არს ჟამი მოთხრობად, რამეთუ უმრავლესთა დღეთა გამოვიდიან ჩალიბად და ესრეთ იბრძოდიან, სადა-იგი-ცა ძლიერი და სახელოვანი ჩალიბობა გარდაიჴადეს მრავალთა დღეთა მათ სახელოვანთა ქართველთა. ხოლო სულტანმან, შეიწრებულმან ომითა, ითხოვა ზავი, აღუთქუა ხარაჯა დიდი და [195] მძიმე, და მრავალთა ძღუენთა და უფასოთა თუალთა და მარგალიტთა ძღუნად მიმცემელმან მოამშჳდნა, და ითხოვნა მცველნი, და ესრეთ ჟამ რაოდენმე არა იხილონ სულტანი, ვიდრემდის გამოარჩიონ უმჯობესი. ამისნი შემწყნარებელნი თათარნი უკმოიქცეს და მოვიდეს ხლათს. ხოლო სულტანმან ხლათისამან ითხოვა ზავი და წინა-მოეგება ძღუნითა დიდითა, რომელი კეთილად შეიწყნარეს, მცველნი ქუეყანისანი, რომელ არიან შანანი. დაუდგინნეს და წარვიდეს საზაფხულოსა ადგილსა, გელაქუნს. და არარატისა მთათა. და წარუვლინეს მოციქული მეფესა რუსუდანს, რათა ზავი იქმნას მათ შორის, და მოსცეს ძე მისი დავით, და მისცენ მეფობა, ტფილისი და ყოველი საქართველო. და ვითარ ესმა ესე რუსუდანს, სთნდა სიტყუა ესე, და გულსავსე იყო, ამისთჳს რომე ფიცსა მტკიცედ იპყრობდეს და მინდობილსა შეიწყნარებდეს.

გარდამოვიდა თჳთ მეფე და წარმოგზავნა ძე თჳსი დავით, რომელთა წინა-მიეგებნეს შანშე და ავაგ, რომელი თათართა დიდად პატივითა შეეწყნარა, არარათა ნიჭთა და ზნეთა სამამაკაცოთა მქონებელი შოთა კუპარი, გაგელილ ვარამ, ქართლის ერისთავი სურამელი გრიგოლ, სამცხის სპასალარი და მეჭურჭლეთ-უხუცესი ყუარყუარე ციხისჯუარელი, თორელნი, თმოგუელნი, შავშ-კლარჯნი და ტაოელნი, და წარიყვანეს მეფე, ძე რუსუდანისი, დავით. ხოლო მეფემან რუსუდან თანა-წარიტანნა ყოველნი მთავარნი ლიხთ-იმერელნი, დადიანი ცოტნე, კაცი პატივოსანი და სათნოებიანი, და ბრძოლათა შინა სახელოვანი, ბედიანი, რაჭის ერისთავი, გურიელი და ყოველნი წარჩინებულნი; წარემართნეს და შევიდეს ტფილისს. და წარვიდეს მუნით ბარდავს, სადა დაებანაკათ ნოინთა, მიიყვანს დავით დიდითა პატივითა და ლაშქრითა. ვითარ იხილეს ჩორმაღან, ჩაღატა, იოსურ და ბიჩოი, განიხარეს და პატივი უყვეს მეფესა [196] და მთავართა საქართველოსათა, და მოსცეს ყოველი საქართველო, ტფილისი, სამშჳლდე, რომელი პირველ ომითა აეღო იოსურ ნოინსა და ანგურნაგას, თანა-დახდომითა ავაგისათა. და. ესრეთ კეთილად შეიწყნარეს დავით მეფე. რომელსა ნარინ დიდებითა უწოდეს, ესე იგი არს სეფის პირი3 დავით.

მაშინ წარავლინეს მოციქული წინაშე დიდისა ყაენისა, რომელი იჯდა ყარაყურუმს ტახტსა ჩინგიზ ყაენისასა, რამეთუ ჩინგიზ ყაენი გარდაცვალებულ იყო, და ჴელთ იგდო ძემან მისმან, სახელით ოქროფა, ყაენობა, რომელი იყო კაცი კეთილი და დიდად უხჳ, და მოსამართლე. და იგიცა გარდაიცვალა, და დასუეს ძე ოქროფასი ყაენად, სახელით ქუქ. და იგიცა მოკუდა, და ჴელთ იგდო ყაენობა ძემან ქუქისმან მანგუ. წარავლინეს მოციქული, და აუწყეს აღება სპარსეთისა, საქართველოსა და საბერძნეთისა, და ყოველთა თემთა მოკაზმული ქუდი და აბჯარი და ტანისამისი გაუგზავნეს და წესი მიუმცნეს და ესევითარ: ქართველნი" სრულიად მოვიდეს, მეფე და ერთობილნი მთავარნი, რომელთა აქუს სჯული კეთილი, და ტყუილსა ევლტიან. და მწამლველი არცა-თუ სახელ-იდების მათ შორის". და სპარსთათჳს მიუმცნეს ესრეთ: "არიან სპარსნი ცრუ, მოღალატე, ფიცისა არა შემნახველ, და მრავალნი იპოვებიან მწამლველნი და მამათ-მავალ ურცხჳნოდ".

მიიწია რა ელჩი პირველად ბათოისსა, რომელი იყო შვილი თუბისი, პირმშოსა ჩინგიზ ყაენის შვილისა, რამეთუ მაშინ უპირატესობა ყოველთა ბათოს ყაენსა ეპყრა, რომელსა ჰქონდა ოვსეთი და დიდი ყივჩაყეთი, ხაზარეთი და რუსეთი, ვიდრე [197] ბნელეთამდის, და ზღუადმდე დარუბანდისა. და ამან წარავლინა წინაშე მანგუ ყაენისა. და ვითარ იხილა მოციქული, განიხარა და ჩაბალახისა ხილვასა ზედა განკჳრდა. და ესრეთ მიუმცნო ნოინთა მანგუ ყაენმან: "ვინათგან ქართველნი წყობათა შინა კეთილად გიხილვან და ტყუილი არა არს მათ შორის, და მინდობა იციან, თქუენ თანა იპყრენით მტერთა თქუენთა ზედა ბრძოლად. ხოლო სპარსნი მოსწყჳდენით, და მის ქუეყანისა თავადნი აქა წარმოგზავნენითი".

ესე მოციქული რა მოიწია, ავაგ, რომელი ამირსპასალარობისაგან ათაბაგ იქმნა მეფის რუსუდანის მიერ, იგი წარავლინა ჩაღატა ნოინ[მან] წინაშე დიდისა ყაენისა ბათოსა, და ხლათისა სულტანი. წარვიდეს უცნაურსა და ყოვლადვე ქართველთა ნათესავისაგან უვალსა გზასა. და ვითარ მიიწივნეს წინაშე ბათოსა, რომელი იყო მას ჟამსა უმთავრესი ყაენთა, და უზეშთაესი, და უაღმატებულესი შუენიერებითა, და მუნ თანა-წარეყვანა ათაბაგსა ავაგს ივანე ახალციხელის ძე, სახელით, დავით, ეჯიბი ავაგისი, რომელმან რქუა ავაგს: "ვინათგან უცხოთა ნათესავთა მომართ მოიწიე, და არა უწყი თუ რა ყოფად არს ჩუენდა, ესრეთ განგაზრახებ, რათა ვიქმნე მე, ვითარცა პატრონი და მთავარ შენდა, და შენ იქმნე მონა; უკეთუ ენებოს მოკუდინება შენი, მე მოვიკლა და არა შენ, და არღარა ვეჭუ, უკეთუ ბატონი მოიკლას, ყმათაცა დაჴოცად". და ესრეთ მრავლითა ვედრებითა და იძულებითა დაარწმუნეს ავაგს ამისდა ყოფად. ვითარ შევიდეს წინაშე ბათოსა, წინა-წაიძღუანა დავით, ვითარცა უმთავრესი, და ესოდენი სათნოება ქმნა დავით გამწირველმან თავისამან პატრონისთჳს სიკუდილად. იხილა რა ყაენმან ბათო, განიხარა, და დიდად პატივ-სცა მრავალთა დღეთა. და ვითარ ცნეს კეთილის-ყოფა ბათოისგან, და უშიშ იქმნეს სიკჳდილისა, ერთსა დღესა შეუწოდა [198] ბათო, და ავაგ წინა-წარუძღუა რომელი იხილა რა ყაენმან, განკჳრვებით შემხედველი ეტყოდა ავაგს: "არა სადა-მე მეცნიერ ხარა, რომელ პატრონი არს შენი, რომელი უკანის შენსა დგას და შენ წინა-წარმოსძღომიხარა?" ხოლო დავით ღიმილით ეტყოდა: "დიდო, დიდო განმარჯუებულო ჴელმწიფეო! ეგე არს პატრონი და მე მონა მისი". და განკჳრვებული ყაენი ჰკითხვიდა მიზეზსა მისსა ყოფად, რომლისათჳს დავით თქუა: "მის ძლით ვყავ. დიდო ყაენო, რომელ არა მეცნიერ ვართ სიკეთისა შენისა, და არა უწყოდით რასა შეგუამთხუევდით; უკეთუ გენება მოკუდინება, მემცა მომკუდარვიყავ უწინარეს, და არა პატრონი ჩემი". რომლისათჳს დიდად განკჳრდა და აქო დავით, და თქუა ყაენმან: "უკეთუ ნათესავი ქართველთა ეგევითარი არს, ვბრძანებ, რათა ყოველთა ნათესავთა, რომელნი არიან მორჩილებასა ქუეშე მაღალთა. უმჯობეს და უწარჩინებულეს იყვნეს, და მაღალთა თანა მჴედართა აღრაცხონ. და მამული და საქონელი მათთა ჴელთა შინა იყოს, და ყოველსა შინა მისანდოდ იყვნენ". რომლისათჳს ბრძანება დაწერა და წარმოსცა. და ესრეთ განაჩინა წარვლენა დიდსა მანგუ ყაენისსა ხატაეთს და ყარაყურუმს. ესენი აქამდინ იყავნ.

ხოლო ჩუენ დაშთომილისა სიტყჳსა მიმართ აღვიდეთ. გარდამოვიდა მეფე რუსუდან ლიხით და მივიდა ტფილისად, მიეგებნეს ყოველნი წარჩინებულნი სამეფოსა მისისანი. და წარავლინა ძე თჳსი დავით ნოინთა წინაშე, რომელთა პატივითა შეიწყნარეს და მოსცეს ყოველი სამეფო, წარჩინებულნი და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი, და ესრეთ კუალად ეგო სამეფო ბრძანებასა ქუეშე რუსუდან მეფისასა.

კუალად აქაცა ვინებე დუმილი, ვინათგან მეგულების განსაკრთომელისა მოთხრობისა, დაღათუ არა საკადრებელ არს თხრობა მეფეთათჳს უშუერსა რასმე, რამეთუ იტყჳს მოსე, მხილველი ღმრთისა, ვითარმედ: "მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა [199] ბოროტი. გარნა ვინათგან წიგნი ესე შუამდებარე არს კეთილის-მოქმედთა და ბოროტისმოქმედთა, შენდობილ იყვნენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ჟამთააღმწერელობა ჭეშმარიტის მეტყუელება არს, და არა თუალ-ახმა ვისთჳსმე. რამეთუ ამათ ჟამთა დაივიწყა შიში ღმრთისა და ანდერძი ძმისა და ფიცი იგი, რომელ ამცნო ძმამან მისმან რუსუდან მეფესა, და განიზრახა ზრახვა უცხო, რათა დაუმკჳდროს მეფობა ძესა მისსა დავითს, და წარავლინა კაცი საბერძნეთს, სულტანსა სიძეს და ასულსა თამარს წინაშე, რათა ძმისწული მისი დავით ყრმა, რომელ პირველ წარავლინა მათდა, რათა ბოროტი რა ეყოს მათ მიერ, და არა რა ბოროტი ეყო, აწ რომელი წარსწყმიდონ და მოაკუდინონ, და მიერითგან უზრუნველად ეპყრას მეფობა მას და ძესა მისსა დავითს.

ხოლო მათ არა ისმინეს ესე, და კუალად სხუა წარავლინა მოციქული ამავე პირისათჳს. ხოლო იგინი არა ერჩდეს. და მესამედ სხუა სავედრებელი წიგნი წარგზავნა, შვილისა და ძმისწულისა გინა ძმისა მკლველობითა სავსე, და იგინი არცა მაშინ ერჩდეს. ამისგან განცჳფრებულმან და გულისწყრომითა აღვსებულმან, დაივიწყა სჯულიცა და ლმობა ნათესავთა, და თჳთ შვილისა სიყუარული დედობრივი, ვითარცა იტყჳს ბრძენი სოლომონ, ვითარმედ: "გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისა არა ყვის". ვითარ ამანცა კეთილთა ძირთა მორჩმან არა ყო სიმართლე და წყალობა, დაწერა წიგნი სიძესა თჳსსა სულტანსა ყიასდინს თანა, და ესრეთ მიუმცნო, ვითარმედ: "ამისთჳს მენება მოკლვა ძმისწულისა ჩემისა დავითისი, რომე ცოლსა შენსა და ასულსა ჩემსა ძმისწული ჩემი დავით თანა-ეყოფვის, და ამისთჳს არა ნებავს ასულსა ჩემსა ბოროტი მისი". ჵი გონება, მჴეცთა უმძჳნვარესი, ვაჲ მკლველობა, ოდესმე სმენილთა და გარდასრულთა მკლველობათა უბოროტესი, რომელი აღასრულა შვილსა და ძმასა ზედა, დამვიწყებელმან დედობრივთა და ძმაებრივთა ლმობათამან.

[200] ხოლო მიიწია რა წიგნა ესე სულტანს წინაშე, მყის აღშფოთდა და შევიდა სახლსა სადედოფლოსა, და უპატიოდ განითრია ცოლი თჳსი, მოფხურითა თმათათა, და ფერჴითა ძლიერად უხეთქნა პირსა მისსა შუენიერსა, და ტანი ფრიადისა ცემისაგან სისხლის ფრად იყო, და ხატნი იგი, რომელნი სამარადისოდ აქუნდის სავედრებელად, წინაშე მათსა შეაგინნა და დამუსრნა და ყოველნი მის წინაშე მყოფნი მსახურნი და მოჴელენი ექსორია ყვნა და რომელნიმე მოსწყჳდნა, და ცოლსა მისსა შეშინებით უთქმიდა უწყალოდ სიკუდილსა, უკეთუ არა დაუტეოს სჯული ქრისტესი და მუსულმან იქმნას. და მრავალნიცა ტანჯვანი შეამთხჳვნა, რომლისა შემდგომად მრავალთა ტანჯვათა მიერ მომედგრებულმან უარ-უყო სჯული ჭეშმარიტი, რამეთუ აქამომდე მტკიცედ ეპყრა სჯული ქრისტესი, რამეთუ ხუცესნი და ხატნი წინაშე მისსა აქუნდეს, არა ფარულად, არამედ განცხადებულად.

ხოლო ყრმა იგი დავით შეიპყრეს, და მრავალნი ტანჯვანი შეამთხჳვნეს, რათა ჭეშმარიტი აღიაროს. ხოლო იგი იტყოდა: "უბრალო ვარ, მოწამე არს ღმერთი! დაღათუ აწ ესე ცილი დამწამა მამიდამან ჩემმან, და დასაჯერებელ არს, გარნა საქართველოთა ბრალისა და შეცოდებისათჳს ექსორია მყო და სიკუდილი ჩემი მოგიმცნო. აწ იხილე, მოწყალეო და მაღალო სულტანო, რომელ პირველითგანვე მკლველობისა ჩემისა გული აქუნდა".

ესე ვითარ ესმა სულტანსა, მცირედ ვიდრემე ლმობიერ იქმნა, და მაშინ სიკუდილი არა ინება მისი, განგებითა ზეგარდამოთა, რამეთუ მსჯავრნი და განგებულებანი ღმრთისანი გამოუკულეველ არიან, ვითარცა წერილ არს: "ვინ ცნა განგება უფლისა, ანუ ვინ თანამზრახველ ეყო მას". გარნა არავე დამშჳდნა გულისწყრომა სულტნისა, ვითარცა ალითა მძაფრითა ენთებოდა გული მისი. ამისთჳს მოუწოდა მენავეთ-მოძღუარსა, და მისცა დავით ჴელთა მათთა, და ამცნო, რათა წარიყვანონ ზღუად, და შთააგდონ სიღრმესა ზღჳსასა, ხოლო უკეთუ არა ყონ ესე, იავარ ყოს სახლი და დედაწული მათი, და იგინი ბოროტად მოისრნენ. ხოლო მენავეთა მათ [201] წარიყვანეს და შთასუეს ნავსა, და მიმართეს პელაგონად, და მიიწივნეს სიაღრმედ დიდად განშორებულ ქვეყანისაგან, და ენებათ შთაგდება დავითისი.

მაშინ ევედრა მენავეთა, რათა ილოცოს მცირედი, ხოლო მათ დრო სცეს. ვითარ აღდგა, და აღმოიღო უბითგან ხატი ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა, რომელი ვედრების სახედ დასახულ იყო, და მარადის თანა აქუნდის, და მისა მიმართ აქუნდა სასოება, ესე დაიდვა პირსა და თუალთა, და ცრემლნი სიმწარისანი გარდმოსთხივნა, და თქუა: "ყოვლად-წმიდაო დედაო მჴსნელისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, ცოდვილთა შესავედრებელო და ნუგეშინის-მცემელო! შეივედრე სული ჩემი, რამეთუ შენ ხარ ნუგეშინის-მცემელი მწარისა ამის სიობლისა ჩემისა და უმსჯავროსა სიკუდილისა, რომელ სამარესა და მიწასა შინა დაფლვად არავინ ღირს მყო, არამედ საჭმლად თევზთა, არცაღა საფლავი ჩემი საცნაურ იქმნების, არამედ მოწყალებათა შენთა მინდობილი ვითხოვ უკანასკნელსა ამას ოხჭანსა შინა, რომელ მიჴსნა ჰაერის მცველთა ჴელთაგან და საშინელთა მათ სატანჯველთაგან, რომელსა მოელიან ჩემებრ ცოდვილნი და ბრალეულნი ყოველნი".

ამას და ამისსა უმრავლესსა ილოცვიდა ლმობიერად, ცრემლთა მწარეთა დამომდინებელი. მაშინ აღჴადეს შესამოსელი, და ხატი წარუღეს, რომლისათჳს ლმობიერად ევედრა, რათა მისცენ ხატი იგი ყოვლად-წმიდისა, და თანა აქუნდეს, რომელი ისმინეს მენავეთა და მისცეს ხატი იგი, და დაჰკიდეს ყელსა. ხოლო ვითარ ეგულებოდა შთაგდება, ერთმან მენავეთაგანმან ყო წყალობა, განგებითა ღმრთისათა და ვედრებისა ღმრთისმშობელისათა, მცირე რამე ფიცარი მისსა ჴელთა მისთა, და ესრეთ შთააგდეს ზღუად. ხოლო დავით მოეხჳა ფიცარსა მას, და მოჰბერა ქარმან ძლიერმან, და მყის უჩინო იქმნა თუალთაგან მათთა. და მიმოაქუნდა ფიცარი იგი ყრმითურთ, ღელვათა, ვითარ კიდობანი ნოესი, და მყის განაგდო ჴმელად. და იხილა იგი ვაჭარმან [202] ვინმე მგზავრ მომავალმან და მიავლინა მან მცურველი, რამეთუ ჯერეთვე შორსღა იყო ქუეყანისაგან, ვითარ უტევან ერთ, და გამოიყვანა ვაჭარსა მას თანა. მყის შემოსეს და საზრდელი მიართუეს და ნუგეშინის-ცეს. და განძლიერდა რა სიმშილისა და წყურილისაგან შეიწრებული, რომელ თუალთაცა კამკამებად ძლით ეძლო, იწყო კითხვად ვაჭარმან მან მიზეზი შთაგდებისა მისისა ზღუად. ხოლო მან ყოველი ესე ზემოჴსენებული აუწყა, რომლისათჳს განიხარა ვაჭარმან, და სახლად თჳსად წარიყვანა, და იწყო პატივისცემად; ვითარ საყუარელსა შვილსა, ესრეთ ფუფუნებდა. და იყო მას ვაჭარსა თანა ექუსი თუე ოდენ და განცხადნა საქმე ესე ყოველთა თანა, ვითარ ვაჭარსა ვისმე ზღუასა შთაგდებული ქართველთა მეფის ძე უპოვნიეს. და მიიწია სიტყუა ესე სულტანსა ყიასდინს თანა. გულისწყრომითა აღვსილმან, წარავლინნა მჴედარნი, და მიიყვანა დავით და ვაჭარიცა იგი, და მენავენი იგი პყრობილ ყვნა, და სიკუდილსა აქადებდა. ხოლო ისწავა რა ვაჭრისაგან ზღჳთ გამოყვანება, განუტევნა მენავენი.

ხოლო დავითისთჳს არავე დასცხრა გულისწყრომად, არამედ შესძინა, ვითარცა ჰეროდე, კაცის კლვად, რამეთუ კაცისკლვასა ზედა კუალადცა კაცის კლვა შესძინა, და უბოროტესი სატანჯველი განაჩინა. რამეთუ იყო ჯურღმული ღრმა, რომელსა შინა წყალი არა. იყო, ამას შინა იყვნეს გუელნი შთაყრილნი, რომელი სავსე იყო განძჳნებულითა და ცოფითა გუელითა, და ზედა იდვა ლოდი, და არა იყო ნათელი, და ესრეთ მწარითა სიკუდილითა მოჰკლვიდა. სულტანმან მას შინა ჩაგდება ბრძანა დავითისი. და ვითარ წარიყვანეს დავით, თანავე აქუნდა ხატი იგი, აღიღეს ორმოსა [203] მისგან ქვა, შთავიდა და დაცულ იქმნა, ვითარცა დანიელ პირისაგან ლომისა; ყოვლად არა ავნეს ესოდენ ყოვლად გესლიანთა. დაბურეს ქვა ზედა, დავითს პირველვე თანა წარტანებულ იყო ვინმე, სახელით სოსან, რომელი მიეცა მამასა მისსა ლაშას. ესე შეუდგა, რაჟამს წარიყვანებდეს შთაგდებად ჯურღმულსა მას, და ამან იხილა ჯურღმული იგი. ხოლო კაცთა მათ სულტნისათა რაჟამს დაუტევს ჯურღმული იგი, გათხარა სოსან მცირედ ქვასა ქუეშეთ, და მიერ შთაუტევნის პური, რომელი ითხოვის, და ესრეთ ზრდიდა ხუთ წელ. [ორი გუდა ჰქონდის სოსანს: ერთითა პურსა, და ერთითა წყალსა შთაუკიდებდის საბლითა ყრმასა მას]. რა დაწვის, გუელნი იგი რომელნიმე მოეხჳს ყელსა, რომელნიმე ფერჴსა, და სხუანი უბესა, სხუანი გუერდსა უწვიან. და ვითარ ეძინა და გარდაიქცეოდა რა გუერდსა ზედა, მჴრითა დააჭირა გუელსა ერთსა, რომელმან მჴარსა სასტიკად უკბინა, ხოლო სხუათა გუელთა დაიჭირეს გუელი იგი მკბენელი დავითისი, და იწყეს ენითა ლოკად წყლულთა მათ ყრმისათა, და მყის განკურნეს დავით, და გუელი იგი შეჭამეს გუელთა მათ. ესრეთ საკჳრველებით განარინა ღმერთმან ყოვლისა წარსაწყმედელისაგან, რომელნი მოიწივნეს მას ზედა.

რამეთუ ესრეთ განიზრახა მეფემან რუსუდან, თავით თჳსით დამტკიცებად მეფობისა ძისა თჳსისა, არა მომჴსენებელმან სიტყჳსა წინასწარმეტყუელისა ესაიასსა, რომელსა იტყჳს: "და მოხედნეს უფალმან გონებასა მას ზედა დიდსა მთავარსა ასურასტანისასა და სიმაღლესა მას ზედა დიდებისა თუალთა მათ მისთასა რამეთუ თქუა: [204] ძალითა ჴელთა ჩემთათა ვყო, და სიბრძნითა გულისჴმის-ყოფისა ჩემისათა მოვიპყრნე საზღვარნი თესლებისანი, და ძალი მათი წარმოვიღო, და შევძრნე [ქალაქნი] დამკჳდრებულნი, და სოფელი ყოველი დავიპყრა ჴელითა ჩემითა ვითარცა მართუენი, და ვითარცა კუერცხნი დაშთომილნი აღვიხუნე, და არავინ იყოს რომელი განმერეს მე ანუ სიტყუა მიგოს. აწ უკუე იდიდოს-მეა ცული თჳნიერ მკუეთელისა, ვითარმცა თავით თჳსით კუეთდა? ანუ ამაღლდეს ხერხი თჳნიერ მზიდველისა მისისაა ეგრეთვე ვინ აღიღოს კუერთხი გინა შეშა? არა ეგრეთ, არამედ მოავლინოს უფალმან საბაოთ შენსა პატიოსნებასა ზედა უპატიოება, და დიდებასა შენსა ზედა ცეცხლი აღგზებული აღტყდებოდეს" - ვითარ აღესრულა პატიოსნისა მეფისა რუსუდანის ზედა.

რამეთუ სირცხჳლ მიჩნს კადრებად და კუალად ვერ მიძლავს დუმილად, რამეთუ უპატიო ჰყო თავი თჳსი ბოროტითა ამით, რომელ აღადგინა ძმისწულსა თჳსსა ზედა. გარნა განაქარვნა ზრახვანი მისნი ზეგარდამომან განგებამან, ვითარ აქიტოფელისნი დავით წინასწარმეტყუელის-ზე და არა გულისჴმა-ყო, რამეთუ განაქარვნის ზრახვანი კაცთანი ზრახვამან ღმრთისამან", ვითარ ფარაოსი მოსეს-ზე ვითარ განერა ჴელთაგან [205] მისთა ლტოლვილი პირველად, ვითარ იტყჳს ჟამთააღმწერელი იოსიპოს, და კუალად ვითარ განერა დავით ჴელთაგან სულტნისათა, რამეთუ ცუდად იქმნა განზრახვა მისი. და სხუაცა მოვიჴსენო, რომელ იქმნა განზრახვითა მეფისა ასტუვაგისათა, არა ცუდ იქმნა წარვლენა ასულისა [მისისა] მანდანისი სპარსთათჳს ყოვლად ამას შინა მოცემა ძისა მის. ისა კჳროსისი, რომელი შემდგომად ასტუვაგისა მეფე იქმნა, ანუ არა ამაო იქმნა ხრიზმოზიცა იგი აპოლონის დედოფლისა შენისა კარისოსი განცდილი მე ობოლი მთხრობლი ძლეული კარისოსა შეპყრობილ იქმნა კჳროსის მიერ, და უმეტეს ამისსა არა განცუდნა ხრიზმოზიცა იგი პრიამოსისი მეფისა ასიელთასა და ყოვლისა [აღმოსავლეთისა] პირისა მთავრისა ალექსანდრე პარიდოსისა ზედა, რომელი იპყრა წელთა ოდათორმეტთა [უწინარეს], რომელმან, მიმტაცებელმან ელენესმან ცოლისა აღამემნონის ძ[მ]ისა მენელეოსისგან, ოცდარვად წლად უმშჳდებელნი ბრძოლანი მოუგნა ტროველთა და სრულიადი მოსპოლვა ნათესავსა მისსა.

ესე ყოველი არა თჳთ განზრახვით იქმნა. ჵი ბრძენო, კეთილთა და პატიოსანთა ძირთა მორჩო, დედოფალთ-დედოფალო მეფეო რუსუდან. გარნა რა მოივაჭრე? იხილე, რამეთუ ხუთისა წლისა ჟამნი დაყვნა ულხინობთა ჭირთა შინა ჯურღმულსა ღრმასა, გუელთა თანა, რამეთუ ესე ზემოჴსენებულნი ზრახვანი დაჴსნა ზენამან განგებამან ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისამან, ვითარცა აწცა.

ხოლო ჩუენ პირველსა სიტყუასა აღვიდეთ.

მოიწია მეფე რუსუდან ტფილისს, და ძე მისი დავით ნოინთა წინა წარავლინა. [206] ხოლო მათ ინებეს დავითის. წარვლინება დიდსა ყაენს ბათოსსა და მიერ ყარაყურუმს. მანგუ ყაენისსა, და ვითარ ცნა რუსუდან წარვლინება ძისა თჳსისა უცხოთა ნათესავთა შორის და უცნაურთა გზათა, ტკივილითა და უზომოთა მწუხარებითა შეიცვებოდა და დაუწყუედელთა ცრემლთა მოადინებდა, და მოიჴსენებდა, რა-იგი ყო ძმისწულსა თჳსსა დავითს ზედა: ვითარ ექსორია ჰყო, ეგრეთვე თათართა წარავლინეს ძე მისი, ვითარ ექსორიად წინაშე ბათოსსა.

ხოლო ვითარ არღარა იყო ღონე, წარვიდა ნარინ დავით, და თანა-წარატანა მეფემან რუსუდან მცირედ თანაზრდილნი მისნი, ქართლისა ერისთავის სურამელის გრიგოლის შვილი ბეგაი, გურკლელი მახუჯაგის-ძე, ამირეჯიბი ბეშქენ, და თუალნიცა ორნი დაუმალნა, ძჳრად საფასონი. და წარვიდეს შემდგომად კუალსა ავაგისსა და ხლათის სულტნისასა, რამეთუ პირველ იგინი წარავლინეს თათართა, და მიიწივნეს წინაშე ზემოჴსენებულის ბათოსსა, რომელმან კეთილად იხილნა ნარინ დავით მეფე, და ორისა წლისა ჟამთა თჳს თანა იპყრა და მიერ წარავლინა ჩინ-მაჩინს და ყარაყურუმს, მანგუ ყაენს წინაშე, რომელი მიიწია რა, კეთილად შეიწყნარა, და ავაგს შეეყარა, რომელი პირველ მოსულ იყო მუნ, და მის თანა იყოფოდა.

ხოლო თათართა მათ ოთხთა ნოინთა მოეჴსენა ბოროტი ალმუთელთა, რომელი შეამთხჳეს მომავალთა და აღიმჴედრეს მათ ალმუთსა ზედა, და თანამბრძოლება განაჩინეს ქართველთა, და წარმოუვლინეს მოციქული მეფესა რუსუდანს, რათა მისცეს [207] საყოფი საქართველოს ლაშქრად ალმუთს. ხოლო მეფე რუსუდან მას ჟამსა ტკბილისა შვილისათჳს მწარედ ილეოდა. და დასნეულებული გარდაიცვალა ტფილისს, და წარიყვანეს მთავართა დიდითა პატივითა და ტყეპითა, რამეთუ არღარა-ვინ იპოვებოდა ნათესავი მეფეთა, რამეთუ ნარინ დავით ყარაყურუმს წარავლინა და სხუა იგი დავით მკუდრად საგონებელ იყო. აქა რუსუდან გარდაიცვალა, რომელი დამარხეს სამარხოსა მამათა მათთასა მონასტერსა გელათს.

და გაჴდეს ქართველნი უნუგეშინისმცემლოდ და უმეფოდ, რამეთუ ერთი დავით საბერძნეთს მკუდრად იყო და არა უწყოდეს, თუ რა შემთხუეოდა. ამისთჳს თჳთოეული თავისა თჳსისათჳს განაგებდა და ზრუნვიდა, რამეთუ თჳთოეული ერისმთავარი თჳთოსა ნოინსა შეუდგა, და განაჩინეს თათართა ბევრისა მთავარი, რომელსა დუმნის თავად უწოდეს, და გამოარჩივნეს მთავარნი, პირველად ეგარსლან ბაკურციხელი, კაცი ღრმად მოუბარი, ხოლო არა ნიჭთა მქონებელი საჴმართა, და მას ჴელთ უდვეს სპა ჰერეთისა და კახეთისა და კამბეჩიანისა, ტფილისითგან და აღმართ ვითარ მთამდე შამახიისა; [208] და შანშეს ჴელთ უდვეს მამული მისი და ავაგისი; ვარამ გაგელსა ჴელთ უდვეს ყოველი სომხითი; გრიგოლ სურამელსა ქართლი, და გამრეკელსა თორელსა მსგავსადვე ეგარსლანისასა საჭაბუკოთა შინა, ჴელთ უდვა ჯავახეთი, სამცხე და აღმართ ვიდრე კარნუ-ქალაქადმდე; ხოლო ცოტნე დადიანსა და რაჭის ერისთავსა ყოველი იმერი სამეფო.

და ესრეთ განაჩინეს თათართა, და განიყვეს საქართველო, და წარვიდეს ბრძოლად ალმუთს, და ქართველნი თანა-წარიტანეს, რომელნი განიყვეს ორად: ნახევარნი ერთსა წელსა, და ნახევარნი ერთსა წელსა იყვნიან ალმუთს. რამეთუ შჳდ წელ განგრძელდა ბრძოლა ალმუთისი, რომელნი არიან კაცის მკლველნი მიპარვითა, რომელთა მულიდად უწოდიან. და მათ ჰბრძოდეს თათარნი ჩარმაღან, ჩაღატა, იოსურ და ბიჩუი მოუწყენელად ზაფხულ და ზამთარ. ხოლო ქართველნი განყოფილნი თჳთოეული მისსა წელიწადსა ხუდის და იყვის ალმუთს, და კუალად წარვიდიან სხუანი ხუედრსა მისსა, წელიწად ერთ იყვის ალმუთს, და კუალად სხუანი ხუედრსა მათსა. და ესრეთ შჳდისა წლისა ჟამთა განგრძელდა ყოფა და ომი ალმუთს.

დღესა ერთსა წარმოგზავნეს ალმუთელთა მულიდი ჴელოვანი, მივიდა ღამით და შემოეპარა მცველთა ჩაღატა ნოინისათა, შევიდა კარავსა მისსა, მძინარესა დასდვა დანა გულსა მისსა და მოკლა იგი, რომელ ვერავინ ცნა. და ვითარ განთენდა, იხილეს კარვის მცველთა, ჩაღატა ნოინი მოკლული იყო, იწყეს ტირილად და ტყეპად და ვაებად; რომელ იხილეს სპათა ჩაღატა ნოინისთა, მირბიოდეს და იხილეს მათცა, რომე მომკუდარ იყო ჩაღატა, არა უწყოდეს ვისგან მოკლულ იყო.

[209] მაშინ თქუეს ყოველთა: "ვინათგან ქართველნი დიდსა ჭირსა შინა არიან ჩუენ მოალთაგან, შურით ქართველთა მიერ მოიკლა". ამას ყოველნი უცილოდ დაამტკიცებდეს თჳნიერ ჩარმაღან ნოინისა გარეშე, რამეთუ იგი იტყოდა: "დასწყნარდით, კაცნო, რამეთუ არა არს ნათესავი ქართველთა კაცის მკლველი, და არცა სჯული უცთ ესევითარისა საქმისა ქმნად". ხოლო იგინი აღშფოთებულნი, სიკუდილისათჳს პატრონისა განძჳნებულნი, წარმოემართნეს ბანაკისა მიმართ ქართველთასა, რამეთუ მახლობელად ჩაღატა ნოინისასა დაბანაკებულ იყვნეს. და ვითარ მომართეს, განკრთეს ქართველნი, და უღონოებასა მოეცვნეს, და არა უწყოდეს, რამცა ყვეს, ხოლო ზოგნი ომისა მიმართ განემზადებოდეს, და ზოგნი აყენებდეს, რამეთუ ფრიად მცირე იყვნეს. მაშინ გრიგოლ სურამელი, ქართლისა ერისთავი, იტყოდა: "არა არს ჟამი ბრძოლისა, რამეთუ მცირე ვართ. და უკეთუ ვებრძვით, დიდით მცირემდის მოგუწყუედენ, და თუ არ ვებრძვით, ჩუენ წარჩინებულთა ოდენ ვგონებ მოკუდინებად, და უმჯობეს მიჩნს, რათა ჩუენ მოვიკლნეთ და არა ყოველი ესე ძალი. გარნა შევრდომა ღმრთისა ჯერ არს, რამეთუ არავინ არს მჴსნელი ჩუენი, თჳნიერ იესო ქრისტე, ძე ღმრთისა, და ყოვლად-წმიდა მშობელი მისი, მარადის ქალწული მარიამ, რომელი მარადის მცველი არს მოსავთა ძისა მისისათა და უმეტეს ჩუენ ქრისტიანეთა. აწ ყოველთა სამ-სამი მუჴლი მოიდრიკეთ, შევრდომით, ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ, და რომელთა უწყით თქჳთ შესხმა ესე მისი: "მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო", და შემდგომი.

ვითარ აღასრულეს ლოცვა ესე, სავედრებელი და ქება ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობელისა, და მოახლებულ იყვნეს ბარბაროზნი იგი, უწყალოდ მსპოლავნი ქართველთა [210] მაშინ გამოვიდა კაცი ერთი ლერწმოანით, რომელსა აქუნდა ლახუარი წუდილი, შეღებული სისხლითა. და ლახუარი იგი აღიპყრა ზე, და ძლიერად ჴმა ყო: "მან ქუშტემ ჩაღატაი", რომელ არს ენითა სპარსულითა, "მე მოვკალ ჩაღატა". ვითარ იხილეს თათართა, მიეტევნეს. ხოლო იგი ივლტოდა ლერწმოანთა მიმართ, ხოლო მათ შეუდვეს ცეცხლი ლერწამსა და გამოიყვანა ცეცხლმან ლერწამთაგან კაცი იგი, და მოიყვანეს ჩარმაღან, იოსურსა და ბიჩუსა წინაშე. ხოლო იგინი ჰკითხვიდეს, ვითარ მოაკუდინა ჩაღატა ნოინი. და მან ესრეთ აუწყა: "მე ვარ მულიდი, მულიდთა შორის საჩინო. მათ მულიდთა თავადთა მომცეს ოქრო ფრიადი, რათა თქუენგან ვინმე მოვაკუდინო ოთხთა მაგათგან. წარმოვედ მოვკალ და დავიმალე". და იგინი ეტყოდეს: "რა იყო მიზეზი გამოსლვისა შენისა და ყივილი მაღლად, სიკუდილი დიდისა ნოინისა, ვინათგან დამალულ იყავ." და კუალად მულიდი მიუგებდა: "ლერწამთა იმათ უჴშირესთა შევედ და დავიმალე; მყის მოვიდა დედაკაცი ვინმე სიტურფე-აღმატებული და მრქუა მე: "რა ესე ჰქმენ, კაცო? შენ მოჰკალ კაცი და დაიმალე, და აწ მრავალი სული მოკუდების მიზეზად შენდა და იგი უბრალონი მოსწყდებიან" და მე ვარქჳ: "რა ვჰყო, დედოფალო?" ხოლო მან მრქუა: "აღდეგ და შემომიდეგ მე; წარვედ და თქუ, რამეთუ შენ მოჰკალ კაცი იგი, და განარინე ურიცხჳ სული სიკუდილისაგანი": ხოლო მე მსწრაფლ აღვდეგ და შეუდეგ, სადა-იგი მომიყვანა წინაშე თქუენსა. ვითარ ჴმა ვყავ და მიხილეთ, დედაკაცი იგი უჩინო იქმნა, და არა უწყი ვინა მოსრულ იყო, და მე ესე-რა ვარ წინაშე [211] თქუენსა. ვითარ ესმა სიტყუა კაცისა მისგან თათართა, განკჳრდეს და კაცი იგი მულიდი ჴრმლითა ორად განკუეთეს, და ესრეთ იჴსნა ერი თჳსი ყოვლად-წმიდამან ღმრთისმშობელმან და განარინა უმსჯავროსა სიკუდილისაგან, ვითარ ოდესმე იჴსნა ქალაქი იგი დიდი კოსტანტინოპოლი, რაჟამს-იგი ბარბაროზთა მძჳნვარედ გარე მოიცვეს, მჴედართ-მთავრობასა სარვაროსისასა და მძჳნვარედ აღდგომასა ხაღან მთავრისასა, ვითარ დაინთქნეს ზღუად მბრძოლნი ქალაქისა მის მისდა მინდობილისანი, რამეთუ აღდუღნა ზღუა, და განდნა ძივთი ნავისა და დაინთქნეს ზღუად შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა, და მჴდომთა ზედა წჳმა აწჳმა, ვითარ ძუელ ოდესმე სოდომელთა ზედა.

ამათ საკჳრველებათა არა უდარეს ვგონებ, რომელ აწ იქმნა მსწრაფლი და ანასდათი ჴსნა ქრისტიანეთა ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა მიერ. გარნა ვინ-მე შეუძლოს დიდების მეტყუელებისა მიერ სამადლობელი შესხმა საკჳრველებისა ამისთჳს, რომელ დაიცვა ურიცხჳ სული ნათესავისაგან ქართველთა ყოვლად უბიწომან სიტყჳსა ღმრთისა მშობელმან, ღმრთაებისა და კაცობრიცა გუამოვნებითა და შეერთებითა შემაერთებელმან ღმერთად სრულად და კაცად სრულად, ორთა შინა ბუნებათა და ორთა ნებათა შეურევნელად.

ხოლო ამის უბიწოებისაგან დაცულნი ქართველნი დიდსა ჭირსა შინა იყვნეს. თათართა მიერ, რამეთუ მიმდები და მოუწყინებელი ბრძოლა აქუნდა ალმუთელთა მიმართ, და ქართველნიცა თანა-წარჰყჳან და ორად განყოფილნი იყვნიან, და თჳთოეულნი [212] ერისმთავარნი თჳთოსა ნოინსა დააგნეს ურთიერთას. მაშინ ზემოჴსენებული ესე ეგარსლან, კაცი საკჳრველი და მჴედრობისა ცოდნითა აღსავსე ეზომ განდიდნა, რომელ კნინღა და სახელისა დებადცა მეფისა იკადრა, და ყოველი ქართველთა ნათესავი ბრძანებასა მისსა მორჩილობდეს, ვითარცა მეფესა, და თჳთ დიდი და პატიოსანი შანშე მანდატურთ-უხუცესი, და გაგელი ვარამ და სხუანი ყოველნი მთავარნი.

ამათ ჟამთა შინა სხუანიცა ბოროტნი აღმოსცენდეს. ვითარ ცნეს თურქთა შამს მყოფთა უმეფობა ქართველთა, და ლაშქართა საქართველოსათა ალმუთს წარსლვა თათართა თანა და უცალოება ქართველთა, შეკრბა სიმრავლე ფრიადი, კაცი ვითარ სამოცი ათასი, რომელთა მთავრად და პატრონად ჰყვა კაცი ვინმე სახელოვანი სახელით ყარახან, და გამოემართნეს ოჴრებად საქართველოსა, და მოიწივნეს ქუეყანასა ვალაშკერტისასა, რომელი მას ჟამსა ოდენ აღეღო შანშეს, და იწყეს ოჴრებად საქართველოსა და ვალაშკერტისა, და რაჴსს იქით ქუეყანათა ვიდრე სურმანადმდე, რომელი იგიცა ოდენ დაეპყრა შანშეს მანდატურთ-უხუცესსა. ამან ვითარ იხილა ოჴრება ქუეყანათა მათ, მოუწოდა სპათა თჳსთა და ავაგ ათაბაგისთა, და შეკრბეს მჴედარი ვითარ ოცდაათი ათასი. განვლეს რაჴსი, მივიდეს ვალაშკერტს, სადა-იგი დაებანაკა ყარახანს. ხოლო ვითარ მიეახლნეს, დააწყუეს რაზმი და მიეტევნეს ერთმანერთსა.

ხოლო შანშე უპირატეს ყოველთასა მიეტევა, რომელმან ჰოროლითა განგურიმა თურქი ერთი სახელოვანი. იქმნა ომი ძლიერი, და მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ სპათაგან თურქთასა, ხოლო სპანი შანშესნი კეთილად დაცულ იყვნეს შეწევნითა ძელისა ჭეშმარიტისათა, რომლისა მიმართ მინდობილ იყო. და ვითარ შენივთდა ომი, იძლია ყარახან, იგი და სპა მისი ივლტოდეს, და დევნა უყვეს ვიდრე ხლათამდე, მოსრეს და [213] ტყუე ყვეს სიმრავლე ურიცხჳ, და აისავსნეს ცხენითა, ჯორითა და აქლემითა, კარვითა და ხარგითა, და ალაფითა ურიცხჳთა. ესრეთ სახელოვანი და გამარჯვებული მივიდა ანისსა, სახლსა და ტახტსა მისსა.

გარნა ვინათგან განითქმოდა ყოველგან უმეფობა საქართველოსა, აღიძრვოდეს ყოველნი ნათესავნი ოჴრებად ქართველთა. მაშინ აღიძრნეს საბერძნეთს მყოფნი თურქმანნი, და სულტანი ეზინკისა, და სხუათა ქალაქთა შინა მყოფნი ამირანი, და შეკრბა სიმრავლე ურიცხჳ, და წარმოემართნეს საქართველოსა. ვითარ ესმა მყოფთა ტაოსთა, შავშ-კლარჯთა და კოლა-არტან-კარნიფორელთა, განკრთეს და წარმოავლინეს კაცი სამცხეს, ყუარყუარე ციხისჯუარელ-ჯაყელსა თანა, რათა შეეწიოს. ხოლო მან მოუწოდა ყოველთა მესხთა ერისთავთა და ყოველთა ტაძრეულთა, და შეკრბა მჴედარი ვითარ ათი ათასი, და წარმოემართნეს. ხოლო იგინი მოსრულ იყვნეს და ბანასა გარემოსდგომოდეს, რამეთუ ოლთისნი და ბუღათა-ყური ყოველი მათ აქუნდა და აოჴრებდეს ტაოსა.

მაშინ წინამძღუარ ექმნა ყუარყუარე სპათა მესხთა, და მოვიდეს თავსა კალმახისასა. ვითარ ესმა თურქმანთა მოსლვა მესხთა, აღიჭურნეს იგინიცა, რომელთა თავადნი იყვნეს ალთუხან და ონხან აქათ მესხნი ჩავიდეს მინდორსა მას, რომელსა ეწოდების ვანის ვაკე.

და შეკრბეს ურთიერთას, და იქმნა ომი ძლიერი და სასტიკი, და ბერძენნი და თურქნი, მინდობილნი სიმრავლისათჳს, არა გარე-უკუნიქცეოდეს, და ეგრეთვე მესხნი, მინდობილნი სიმჴნისანი, არა უკუნიქცეს, რამეთუ ძლიერად ბრძოდეს. რამეთუ კაცმან [214] ვინმე აზნაურმან კაცსა ერთსა თურქსა მუზარადსა შინა ჴრმლითა თავი გაუპო, და მოკლა და მეორესა ონხანის მჴნეთაგანსა ზურგსა უხეთქნა, გაკუეთა, და ზურგნი განუწყჳტნა, ვითარ მკუდარი დაეცა. და ესრეთ გაგრძელდა ომი, და ორგნითვე მოსწყდა ურიცხჳ. იძლივნეს ბერძენნი და თურქნი, და იწყეს სივლტოლად. აღიღეს ტყუე და იავარი ურიცხჳ, ცხენი და ჯორი, აქლემი, კარვები, [და] ყოველი სიმდიდრე, რომელი აქუნდა, და ესრეთ სავსენი და სახელოვანნი მივიდეს სამცხეს, და ესოდენ გამარჯუებულნი, რომელ ესევითართა სპათა შინა არავინ მოიკლა სახელდებული კაცი. ხოლო ამას ომსა უწოდდეს ბანის ჯარად, რომელ ძლით დაეტივნეს ბანას და ვანის ვაკე სიმრავლისათჳს.

და ვითარ იქმნა ესე, ამანვე ერისთავმან, სამცხისა სპასალარმან ყუარყუარე, წარავლინნა ძისწულნი თჳსნი ივანე, რომელსა ეწოდა პაპა, და უმრწამესი მისი სარგის, ორნივე იყვნეს ძმანი ძლიერნი და მჴნენი უმეტეს ყოველთა, წყობათა შინა უშიშნი და შემმართებელნი, ბრძოდეს ოლთისთა, და აღიღეს ოლთისნი და ბუღათა-ყურის ციხე იგი, და ძლიერად განმარჯუებულნი და ნაომარნი ომთა დიდთა შინა, მოიქცეს მშჳდობით. მართალ არს მოთხრობა ჟამთა.

[215] ამათ შფოთთა შეკრბეს ყოველნი მთავარნი საქართველოსანი კოხტას თავსა, იმერნი და ამერნი: ეგარსლან, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, ყუარყუარე, კუპარი შოთა, თორღაი, ჰერ-კახნი, ქართეელნი, თორელ-გამრეკელი, სარგის თმოგუელი, მესხნი და ტაოელნი. და ყოველნი იტყოდეს: "რა ვყოთ? არღარა არს ნათესავი ქართველთა მეფეთა, რათა წინამძღუარ გუექმნას და ვბრძოდით თათართა, და ჩუენ ერთიერთისაგან განდგომილ ვართ, ვერ წინააღუდგებით თათართა. და იგინი ბოროტად გუაჭირვებენ ესეოდენ, რომელ ყოველთა წელთა ალმუთს წარვალთ ჭირთა და ყოველთა ღუაწლთა შემთხუევად. არა არს ღონე, დაღათუ უმეფო ვართ, არამედ შევკრბეთ ყოველნი, და ვბრძოდით თათართა". დაამტკიცეს ომი, და დადვეს პაემანი ქართლს შეკრებისა, და განიყარნეს. უშორეს მყოფნი აფხაზნი, დადიანი ცოტნე და ბედიანი, კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა, და რაჭის ერისთავი -- ესენი ყოველნი წარვიდეს კაზმად. ვითარ ესმა თათართა ერთგან შეკრება ქართველთა, წარმოვიდეს ბიჩუ და ანგურგ, და მივიდეს კოხტას თავსა, დახუდეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი. ლაშქარი გაყრილ იყო, და ვერღარა წინააღუდგეს, და წარასხეს ქუეყანასა ანისისასა, ადგილსა, რომელსა ეწოდების შირაკავანი. ხოლო ვითარ მიიწივნეს ჩარმაღან ნოინს წინაშე, რქუა: "რა არს შეკრება თქუენი, უკეთუ არა იქმთ განდგომილებასა? " ხოლო მთავარნი მიუგებდეს: "არა განდგომად შევკრბით, არამედ რათა განვაგოთ საქმე თქუენი და ხარკი განგიჩინოთ", რომელსა-იგი [216] უწოდეს ხარაჯად. ესე რა ესმა, არა სრულიად ირწმუნა, და ბრძანა განძრცვა ყოველთა, მჴართა შეკრვა ყოველთა, სიცხესა შინა შიშველთა მოედანთა ზედა დასხდომა, და ყოველთა დღეთა ჰკითხვიდის მიზეზსა შეკრებისასა, და უკეთუ არა აღიარონ ჭეშმარიტი, სიკუდილსა მისცენ ყოველნი ესე ზემოჴსენებულნი მთავარნი. ხოლო იგინი დაამტკიცებდეს, "რათა განვაჩინოთ ხარაჯა". და ამას ჰყოფდეს მრავალ დღე, რამეთუ არა არწმუნებდეს.

და ვითარ მოეახლა პაემანი, მივიდა დადიანიცა ცოტნე, ლაშქრითა, მათდა ადგილსა, რომელ არს რკინის-ჯუარი, შორის სამცხისა და ღადოსა, და ვითარ აუწყეს წარსხმა ყოველთა მთავართა საქართველოსათა ანისად, და შეკრებულთა ყოფა სატანჯველთა შინა ბოროტთა ვითარ ესმა, მწუხარე იქმნა უზომოდ, და თჳსად სიკუდილად და სირცხჳლად შერაცხა საქმე იგი. და წარავლინა ლაშქარი თჳსი, და ორითა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თჳსისა და აღმსარბელი მცნებისა უფლისასა, რომელსა იტეჳს: "უფროს ამისსა სიყვარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თჳსი მოყუსისა თჳსისათჳს", რომელ ყო პატიისანმანცა ამან კაცმან ცოტნე სათნოება მაღალი და განსათქმელი, საქმე საკჳრველი და ყოვლისა ქებისა ღირსი განვლო სამცხე და ჯავახეთი და მივიდა ანისსა.

რამეთუ ქალაქად შესრულ იყვნეს ნოინნი, და ესე წარჩინებულნი, მოედანსა შინა დაკრულნი მჴრითა, შიშუელნი მსხდომარე იყვნეს. ვითარ იხილნა ცოტნე წარჩინებულნი, ესრეთ უპატიოდ მსხდომარენი და სიკუდილად განწირულნი, გარდაჴდა ჰუნისაგან, და დააბნია. სამოსელი თჳსი, განშიშულდა, და შეიკრნა მჴარნი, და დაჯდა წარჩინებულთა თანა. და ვითარ იხილეს თათართა, განკჳრდეს და მსწრაფლ აუწყეს ნოინთა, ვითარმედ: ცოტნე დადიანი მოვიდა ორითა კაცითა, და განიძარცუა სამოსელი [217] თჳსი, და შეკრული დაჯდა ქართველთა თანა". რამეთუ კეთილად მეცნიერნი იყვნეს ცოტნესი, რომლისათჳს განკჳრდეს თათარნი, და წინაშე მათსა მიუწოდეს, და ჰკითხვიდეს მიზეზსა მუნ მისლვისა მისისასა.

ხოლო იგი ეტყოდა, ვითარმედ: "ჩუენ ყოველნი ამად, შევიკრიბენით, რათა განვაგოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანება თქუენი აღვასრულოთ, -- ესე იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძჳრის-მოქმედთა თანა შეგურაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს; მეცა მათ თანა მოვკუდე; რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარა უქმნიეს; უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო. და ვითარ ესმა ესე ცოტნესგან ნოინთა, განკჳრდეს სათნოებისათჳს მისისა და თქუეს: "ვინათგან ნათესავნი ქართველთანი ესოდენ კეთილ არიან, და არა განცრუვდებიან, რომელ აფხაზეთით მოვიდა კაცი, რათა დადვას სული თჳსი მოყუარეთათჳს და არა განცრუვნეს, ესრეთ განწირა თავი თჳსი სიკუდიდ, -- არა არს სიცრუე მათ შინა, და ამის ძლით უბრალოდ ვპოვებთ. ამისთჳს განუტეოთ ყოველნი". რქუეს ცოტნეს: "განდგომილება ვგონეთ თქუენ ქართველთა, და აწ ვინათგან ჰყავ სათნოება კეთილი, ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ, და შენდა მონდობილ ვართ. და განუშვნეს ყოველნი ესე წარჩინებულნი, და განიყვნეს მთავარნი საქართველოსანი, და წინააღმდგომ იქმნეს ურთიერთას.

მაშინ შეკრბეს დიდებულნი ამის სამეფოსანი, რამეთუ ეგულებოდა მთავარ ყოფა მათ ზედა ეგარსლანისი, არა მათგან უგუარიანესისა კაცისა; ამისთჳს შეკრბეს მთავარნი ამერის საქართველოსანი: შანშე, ვარამ გაგელი, ყუარყუარე ჯაყელი, სარგის თმოგუელი, კაცი მეცნიერი და ფილოსოფოსი და რიტორი, სურამელი გრიგოლ, ქართლის ერისთავი, გამრეკელი თორელი, ორბელნი, და მრავალნი ერისმთავარნი, [218] და ძებნა ყვეს ლაშას ძისი დავითისთჳს. და ეუწყა ვიეთგანვე ვაჭართა, ვითარმედ ჯერეთ ცოცხალ არს, გარნა პყრობილი ჯურღმულსა შინა ღრმასა გუელთა თანა მყოფობს. ვითარ ეუწყა, წარვიდეს ჩირმაღანს, იოსურსა, ბიჩუის და ანგურაგს წინაშე, რამეთუ ჯერეთ ყაენი არა მოსრულ იყო ქუეყანასა ამას, არამედ ესე ზემოჴსენებულნი ნოინნი განაგებდეს ქუეყანათა, და მოაჴსენეს: "ვინათგან წარავლინეთ მეფე ჩვენი ნარინ დავით ყაენს წინაშე, და არა უწყით რა შეემთხჳა, და დედა მათი რუსუდან გარდაიცვალა, და არა არს ნათესავი მეფეთა ჩუენთა, და ჩუენ ურთიერთას დაუმორჩილებელ ვართ, და არა ეგების თუმცა დავემორჩილენით ვისმე, უკეთუ არა იყოს ნათესავი მეფეთა, აწ გუასმიეს, თუ არს შვილი მეფისა ჩუენისა ლაშასი, სახელით დავით, რომელი დაუტევა ძმამან დასა თჳსსა რუსუდანს, რათა იგი დაადგინოს მეფედ, ხოლო რუსუდან მეფემან წარავლინა საბერძნეთს, სულტანს თანა, რათა წარსწყმიდოს და გუასმიეს, რომე ცოცხალ არს, და გუელთა თანა პატიმრად ჰყავს. აწ გევედრებით, რათა წარავლინოთ ერთი ვინმე სახელოვანი კაცი, და მოიყვანოთ დავით მეფე, და ყოთ ჩუენ ზედა მეფედ".

და ვითარ ესმა ნოინთა, განკჳრდეს საქმისა მისთჳს, რომელი ექმნა მეფესა რუსუდანს, და მსწრაფლ წარავლინეს ანგურაგ მოციქული, და ვარამ გაგელი და სარგის თმოგუელი. და მცირედთა დღეთა მიიწივნეს საბერძნეთს სულტანს თანა, და აუწყეს, ვითარმედ: დავითის" ძებნად მოვსულვართ, რათა მოგუცე და წარვიყვანოთ იგი". ხოლო იგი არღარა გონებდა სიცოცხლესა მისსა, და ეტყოდა, ვითარმედ: "ყრმა დავით [219] წარმოევლინა მეფესა ქართველთასა, რათა ექსორია ვყო, და ძუელ-ოდესმე ექსორია ვჰყავ, და არს შჳდი წელი, არა უწყი ცოცხალ არს ანუ მკუდარ". ხოლო მათ აუწყეს, ვითარმედ: "ჩუენ უწყით, რომე ცოცხალ არს ჯურღულსა შინა მყოფი გუელთა თანა". რამეთუ სოსნასა ასმოდა მისლვა მათი და ეხილნეს ვარამ და სარგის, და ეუწყა სიცოცხლე დავითისი.

ხოლო ვითარ ცნა სულტანმან, წარავლინა კაცი, და გამოიყვანეს დავით კნინღა სულიერ მყოფი, რამეთუ უსულოდ რადმე, განყინულად ანუ მკუდრად, უძრავად საგონებელ იყო მხილველთა მიერ. და უცხო იყო სახილველად, რამეთუ ფერი პირისა მისისა დაყჳთლებულ იყო, და თმანი ვიდრესხჳლ-ბარკლამდე შთასრულ, და ფრჩხილნი ფრიად გრძელ; რომელი იხილეს, განკჳრდეს სისოცხლესა მისსა. და ვარამ და სარგის დიდად ცრემლოოდეს, ხოლო სულტანი ლმობიერ იქმნა, განბანა და მრავალი ნიჭი მიანიჭა: შესამოსელი, ცხენნი რჩეულნი, ოქრო და ვეცხლი, ფრიად პატივ-სცა. და შენდობასა ევედრებოდა, და ესრეთ წარმოავლინა და ვითარ მოიწივნეს საქართველოს, მიეგებნეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი, შანშე, და ძე მისი ზაქარია ამირსპასალარი, კაცი სიკეთითა აღმატებული, ყუარყუარე ჯაყელი, სურამელი გრიგოლ ქართლისა ერისთავი, ორბელი, გამრეკელი, შოთა კუპარი და ყოველნი მთავარნი, თჳნიერ ეგარსლანისა, და წარვიდეს ნოინთა წინაშე. ხოლო მათ იხილეს და განიხარეს, მეფობა ვერ დაუმტკიცეს, არამედ წარავლინეს დიდსა ბათო ყაენისსა, და წარჰყვეს თანა შანშეს ძე ზაქარია, ვარამის ძე აღბუღა და სარგის თმოგუელი, და წარვიდეს ბათოს წინაშე.

[220] და ვითარ მიიწივნეს, კეთილად შეიწყნარნა ბათო. შანშეს ძე ზაქარია და ვარამის ძე აღბუღა, თჳსად დაიმჭირნა, და მეფე დავით მანგუ ყაენს წინ წარავლინა. და წარჰყვეს თანა სარგის თმოგუელი და სხუანი მცირედნი ვინმე ქართველნი ყარაყურუმს. მიიწივნეს მანგუ ყაენს წინაშე, რომლისადა, მიემცნო ბათოს, რათა განიხილოს და განბჭოს, და რომელსაცა ორთაგან დავითს ხუდებოდეს მეფობა, მას დაუმტკიცოს. ხოლო მი-რა-იწივნეს, დახუდეს მანგუ ყაენისსა ნარინ დავით მეფე, ათაბაგი ავაგ, სურამელი, გამრეკელი, ამირეჯიბი ბეშქენ. და ესრეთ მრავალჟამ იყოფოდეს ხატაეთს და ყარაყურუმს.

მაშინ ინებეს თათართა ნოინთა, საქართველოს მყოფთა, მიყვანა სულტანისა ყიასდინისა წინაშე მათსა, და მოუწოდეს ელჩთა, და მსწრაფლ წარავლინეს. მაშინ ვერღარა ურჩ ექმნა ყიასდინ, არამედ წარმოემართა დიდითა სიმდიდრითა თჳსითა, და მოიწია წინაშე ნოინთა. ვითარ იხილეს ნოინთა სულტანი სიმდიდრითა უზომოთა და განსაკრთომელითა, ინებეს მისიცა წარვლენა ყაენს ბათოს თანა, და წარავლინეს იგიცა. და თუ სადა ვინ იყო ჴელმწიფე დამორჩილებული მათი, ბათოს თანა წარვლენდიან, და ბათო მანგუ ყაენს თანა წარავლინის, ვითარ ესე სულტანი ყიასდინცა წარავლინა მანგუ ყაენისასა, სადა იყოფოდეს ორნი იგი დავით და დავით. და მივიდა ყიასდინცა სულტანი საბერძნეთისა, ხლათისა სულტანი მუნ იყო და ათაბაგი ავაგ, ხატაეთს და ყარაყურუმს დაყვნეს ვითარ ხუთისა წლისა ჟამი.

[221] ხოლო ამათ ჟამთა შინა იქმნა საქმე ესე. ამას მანგუ ყაენს ესხნეს ძენი ორნი, უხუცესი ვითარმე ყუბილ ყაენ და უმრწამესი ულო, რომელსა ეჯნობითცა უჴმობდეს. ამან მანგუ ყაენმან განაჩინა ყაენად პირმშო ძე თჳსი მუბილ ყაენ და უბრძანა ლაშქრობა დასავლეთით კერძო, ბაბილოვანსა, რომელ არს ბაღდადი, და ეგჳპტისა და ყოვლისა დასავლეთისა კერძოთა, ხოლო ულოს უბრძანა წარსლვა დიდთა ინდოეთად და მუნ განლაშქრობა. გარნა ძნელად აღუჩნდა ყუბილ ყაენს წარმოსლვა დასავლეთით, ულოს წარსლვა ინდოეთის კერძოთა. მაშინ ევედრა ულო ძმასა, რათა განცვალონ ლაშქრობა და ულო დასავლეთით კერძო მოვიდეს და ყუბილ ყაენი ინდოეთს. ვითარ ცნა ყუბილ ყაენმან, სიხარულით შეიწყნარა სიტყუა ულოსი და განცვალეს ლაშქრობა. და მოაჴსენეს მანგუ ყაენს, მამასა მათსა, სალაშქროსა განცვალება, და ულოსი ბაბილოვანს და ეგჳპტეს წარსლვა, რომელსა ნება სცა მანცა, და მოუწოდა ძესა თჳსსა ულოს, და მისცა ლაშქარი ვითარ ექუსი ბევრი მჴედარი, დედაწულითა მათითა და ხუასტაგითა და განაჩინა მჴედართ-მთავრად რომელთა-იგი ულოს ნოინობით უჴმობდეს და აწ ბეგლარბეგად, სახელით ელგა ნოინი, ნათესავით ჯალარი, კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და სამართლის მოქმედი. ამას მოსცა მჴედარნი ვითარ ათი ათასი, და წარვიდეს ულო და მჴედართ-მთავარი მისი ელგა ნოინი, განვლეს თურანი და ჯეონი, მოიწივნეს. ხუარასნის არესა და მიერ ალმუთს. ვითარ მოიწივნეს ბრძოლად ალმუთისა, მოკუდა მანგუ ყაენი და დასუეს ტახტსა მამისა მისისისა [222] მუბილ ყაენ რომელი, მამასა მისსა დაედგინა ყაენად და დარჩეს ყარაყურუმს ზემოჴსენებულნი ესე ჴელმწიფენი, უცალოებისაგან თათართასა.

ხოლო ულო მოიწია ადარბადაგანს მჴედრითა სამოცი ათასითა. ვითარ ცნეს ნოინთა, ჩორმაღან, იოსურ, ბიჩუი და ანგურაგ, წარემართნეს მიგებებად ულოსა, და თანა წარიტანნეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი, და უმეტეს ეგარსლან, რომელსა ვითარცა მეფესა მორჩილობდეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი. და მიეგებნეს ადარბადაგანს. და შეკრბეს ორნივე თათარნი: პირველ მოსულნი, რომელთა თამბობით უწოდეს, და ულო ყაენს თანა მოსულნი.

და წარჩინებულნიცა საქართველოსანი მივიდეს ულოს წინაშე. იხილნა და კეთილად შეიწყნარნა, და ამჴედრდა მათთანავე ბრძოლად, განაჩინა და უბრძანა რომელსამე ულდაჩად, რომელ არს მეჴრმლე, რომელსა არტყია ჴრმალი და კარსა ზედა მდგომარე არს, და რომელსამე სუქურჩად, ესე იგი არ რომელსა საგრილობელად შექმნული მრგუალი შესაკეცელი და გასაშლელი აქუნდა თავსა ზედა ყაენისასა, მრღალსა შეშასა, ვითარცა ბუნსა დროშისასა, ზედა განრთხმული იყვის, -- ამას სუქურად სახელ-სდებდეს, -- უკეთუ არა ყაენთა ნათესავი იყვის, არავის ჴელეწიფებოდა დაჩრდილება მათი; სხუათა ყუბჩაჩად, რომელთა აქუნდის ტანისამოსი და ბაშმაყანი; სხუათა ევდრჩად, [223] რომელ არიან კარის მცველნი მეკარენი. სხუათა ყორჩად, რომელთა აქუნდა მშჳლდ-ქარქაში. ესევითარითა უშუერითა პატივითა პატივ-სცა ყაენმან დიდთა ამათ მთავართა საქართველოსათა, და თჳთოეულსა პატივად განუჩინა.

და წარმოვიდეს და მოვიდეს ადგილსა, რომელსა ეწოდების ალატაღი, და მივიდეს ყოველნი მორჩილნი წინაშე მისსა. და დაჯდა ტახტსა საჴელმწიფოსა, და ილოცეს. წესისაებრ მათისა, და უწოდეს ყაენად. რამეთუ პირველ მათ თაიჩუთთა ოთხთა ნოინთა მიერ განეგებოდა ქუეყანა საბრძანებელისა მათისა. პირველად რომგუარი, რომელ არს ხუარასანი, ერაყი, ადარბადაგანი, მოვაკანი, ბარდავი, შარვანი, საქართველო ყოველი, ხლათი და საბერძნეთი დიდი, ვიდრე ასიადმდე, -- ამათ ოთხთა ნოინთაგან განეგებოდა, და მათი საურავი იყვის, ვითარ ძუელ ოდესმე, შემდგომად საკადრებელისა, რომისა და რომოსიონთა ქუეყანასა განაგებდეს ოთხნი იპატოსნი. და ვინათგან მოიწია ულო, იწყო საურავად ქუეყანათა, და განაგებდა წესთა ყაენობისათა აღსრულებად.

მათვე ჟამთა წარმოვლინეს სხუათაცა ყაენთა შვილნი მათნი, რომელთა ქოუნ უწოდიან: ბათო ვიდრემე ტურ, და ჩაღატა ყაენის შვილმან უშან ყული და თულის ნათესავისაგან ბოლღა, რათა ქუეყანა მათი წილხდომილი ყაენის შვილთა დაიპყრან, და ხარაჯასა იგინი აიღებდენ და ოქოთა ყაენის შვილის შვილი, ყუბილ ყაენის ძმა [224] ულო, აქ დახუდა, პირველ მოსული. და ვითარ იხილნა ულო სამნი ესე ქოუნნი, შეიწყნარნა და მისცა ქუეყანა ხუედრი მათი, და ესრეთ მშჳდობით იყოფოდეს.

ხოლო ქუეყანა სამეფო, საყდარნი და მცხეთა და მისი მიმდგომი ქუეყანა და მონასტერნი არავისგან იცვებოდეს, რამეთუ წარჩინებულნი ამის სამეფოსანი თჳსისა ქუეყანისათჳს ზრუნვიდეს. ამისთჳს წარვიდა ულოს წინაშე კათალიკოსი ნიკოლოზ, კაცი მხილველი სულითა, ანგელოზთა მობაძავი, და მრავალთა მოღუაწებათა შინა საკჳრველი, მართლმადიდებელი, ძლიერი და თუალ-უხუავად მამხილებელი მეფეთა და მთავართა, რამეთუ იყო უმანკოცა, და არავის თუალნი აუხუნის. იხილა რა ყაენმან, განკჳრდა წესსა და ხილვასა შესახედავსა მისსა, რამეთუ არა მეცნიერ იყო ნათესავსა ქრისტეანეთასა, თჳნიერ არქუანთა; და ვითარ პატივ-სცა, დაუწერეს იერლაყილ რომელ არს წიგნი შეწყალებისა, შეუქმნეს და მოსცეს შანად ჯუარნი ოქროსანი, და შეუმკუნა თვალითა და მარგალიტითა, და უბოძა ერთი თჳთ კათალიკოსსა და ერთი მოძღუარსა ვარძიისასა, რომელი თანა ჰყვა კათალიკოსსა. და არგანიცა იგი ოქროთა შემკული მიანიჭა კათალიკოსსა ოდენ, ჯუარიანი იგიცა, და ესრეთ პატივითა წარმოავლინეს. და დაიცვნა ყოველნი საყდარნი და მონასტერნი.

ხოლო იყვნეს ორნივე დავით და დავით ყუბილ ყაენს წინაშე. და იურვოდეს ორნივე მეფობასა. თმოგუელი სარგის ძლიერად წინააღუდგებოდა თჳთ ნარინ დავითს და რომელნი მის წინაშე იყვნეს თანაზრდილნი მისნი, რამეთუ ეტყოდა: "არა ჯერ არს, რათამცა ნაშობმან დედაკაცისამან დაიპყრას მეფობა და არა ძემან [225] თჳთმპყრობელისა მეფისა მამაკაცისამან". ხოლო იგინი მიუგებდეს, ვითარმედ: "დაღათუ ნარინ დავით დედაკაცისა ნაშობი იყო, არამედ მეფევე იყო გჳრგჳნოსანი რუსუდან, ძმისა მისისა გიორგისგან დატევებული, და მეფისავე ძე არს ნარინ დავით და ვითარ განგრძელდა ცილობა, ავაგ ამირსპასალარი წარმოავლინეს, და მისცეს იერლაყი შეწყალებისა, და ქალი ქმნულ-კეთილი, ნათესავი წარჩინებულთა, სახელით ესლომ, და ელჩი ულო ყაენს თანა, რათა კეთილად შეიწყნაროს ავაგ, და ესრეთ მოიწია ულო ყაენს წინაშე. ხოლო მან პატივით შეიტკბო და წარმოავლინა საქართველოსა, მამულსა თჳსსა. და ვითარ ცნეს ქართველთა მოსლვა ავაგ ამირსპასალარისა, წინა მიეგებნეს ყოველნი მთავარნი და წარჩინებულნი, თჳთ შანშე და ეგარსლან, რომელსა კნინღა-და სახელი მეფობისა ეპყრა. და ვითარ მიეახლა ავაგ, ჰგონებდა ჰუნისაგან გარდამოჴდომად და ეგრეთ ხილვად ეგარსლანისგან. ხოლო იგი განლაღებულ იყო, და არა ინება წესისაებრ პატივით ხილვა, და ამბორის-ყოფად ავაგისა. და ვითარ იხილა ავაგ, განძჳნდა და თავსა მათრაჴითა უხეთქნა, და უბრძანა მას ქუეშე დაწესებულთა, რათა ცხენისაგან უპატიოდ დაამჴუან ქუეყანად, და ყვესცა ეგრეთ, და პატივისაგან უპატიო ყვეს, და განძრცჳლი განაძეს, და მიერითგან უპატიო იქმნა. და ესრეთ განაგდეს შანშე და ავაგ და თავადთა საქართველოსათა.

ხოლო ჩუენ პირველივე სიტყუა მოვიჴსენოთ. და ვითარ ცილობა იყო მეფეთა შორის, და არა განეჩინეს ყუბილ ყაენსა, თუ რომლისა იყოს მეფობა, ამისთჳს დაშთეს მრავალთა წელთა ყარაყურუმს. ხოლო სულტანი ყიასდინ და ხლათელი წარმოავლინეს ავაგსავე თანა, და მივიდეს სახლად სამეფოდ მათდა. და ვითარ განგრძელდა ეყოფა ყარაყურუმს და ხატაეთს ორთავე მეფეთა, მაშინ ინება ყუბილ ყაენმან და წარმოავლინნა ორნივე მეფენი ძმასა მისსა ულოს თანა, და მიუეცნო ესრეთ, რათა, უკეთუ [226] სთნდეს, ორთავე მისცეს მეფობა, რომელ ყოცა ულო უკანასკნელ. და ესრეთ მოიწივნეს ულოს წინაშე, რომელი იხილა რა, შეიწყნარა. და ორთავე მეფობა დაუმტკიცა, და მისცა ყოველი სამეფო მათი, და ვითარ ესმა ქართველთა მოსლვა მეფეთა მათთა, უზომოთა სიხარულითა აღვსებულნი, წინა მოეგებნეს ალატაღს იმერნი და ამერნი წარჩინებულნი, და იყო სიხარული და მადლობა ღმრთისა. ვითარ დაყვეს მცირედი ჟამი ულო ყაენს წინაშე, და წარმოავლინნა ქართლს. და მოვიდეს ტფილისს სიხარულითა. და შეკრბეს კათალიკოსი და ყოველნი ეპისკოპოსნი და ყოველნი მთავარნი და ერისთავნი, და დასხდეს ტახტსა მამათა მათთასა, ტფილისს, დავით და დავით ორნივე.

ხოლო მოწევნულ არს ესეცა სიტყუა, რომელ სხუა ვინმე ყოველთა აღმწერელი იტყჳს, ვითარმედ: ყარაყურუმს" ყოფასა ორთავე მეფეთასა, გუ[ჲჳქ] ყაენმან ესრეთ გაბჭო, რომე მეფობა ლაშას ძესა დაუმტკიცონ. და ესრეთ წარმოავლინა, და რუსუდანისა ძე დავით მაშინვე ლტოლვილი ღამით განიპარა და წარვიდა აფხაზეთს, და მე არა შევიწყნარებ ამას.

პირველად უწყოდეთ, რომელ ყაენსა მას არა გაუყო და მან განუყვნა და ულოს მამასა და მეფობა ორთავე მანგუ ყაენის შვილმან ყუბილ ყაენმან მოსცა და ულო ყაენისა წარმოვლინა, და მანცა ორთავე დაუმტკიცა მეფობა.

მესამეოცდაორე მეფენი დავით, ძე მეფის ლაშა-გიორგისა, და დავით, ძე მეფის რუსუდანისა, ბაგრატოანნი

edit

და ორნი დასხდეს ტახტსა ზედა და აზომ, რომელ მრავალი სიგელი იპოვების, და თჳთ მე მინახავს, რომელ სიგლებისა თავსა სწერია: "მეფენი ბაგრატოანნი", და [227] "ნებითა ღ(მრ)თისათა, დავით და დავით". და ჴელიცა ორთავესი რთავს: "ჩემ დავითისგან მტკიცე არს, და ჩემ დავითისგანცა მტკიცე არს". ხოლო დასხდეს ორნივე მტკიცედ მეფედ, ვითარ ვთქუ, რომლისათჳს საეჭუელ იქმნა შანშესგან ლაშას ძისა დავითის სიყუარული, და ავაგისგან რუსუდანის ძისა დავითის მიმდგომობა. და ვერ განაცხადეს, რამეთუ ორნივე დავით და დავით სიყუარულსა ზედა ეგნეს და არა წინააღუდგებოდეს ერთმანერთსა, და მოჩილობდეს ულო ყაენსა და ხარაჯას მისცემდეს. ხოლო უპირატესი პატივი და ზემოჯდომა ლაშას ძესა დავითს ეპყრა ლაშას-ძეობისათჳს, დაღაცათუ უხუცესობისათჳს.

ვინათგან თათარნი არა დამშჳდნეს ყოველთა ნათესავთა სრვად და ოჴრებად, და თანამბრძოლ აქუნდეს ქართველნი წყობათა შინა სიმჴნისა მათისათჳს, ამისთჳს დიდსა ჭირსა შინა იყვნეს მეფენი და მთავარნი, დაუცხრომელად ებრძოდეს ურჩთა და უმეტეს ალმუთს მყოფთა. რამეთუ შჳდისა წლისა ჟამთა განგრძელდა ბრძოლისა ყოფა მათი, ამისთჳს წარავლინნა ულოცა ნოინნი, და მათ თანა მეფე, გიორგის ძე დავით, ქართველთა სპითა რათა ბრძოდენ ალმუთს ხოლო იგინი ამისნი მცნობელნი და მრავალთა ომთა მიერ შეიწრებულნი, ყოვლისა ღონისძიებისაგან უღონო-ქმნილნი, ივლტოდეს ეგჳპტედ, რომელ არს მისრეთი. რამეთუ აიღეს დედაწული და ხუასტაგი და ყოველი სიმდიდრე მათი, და მუნ დაამკჳდრნა სულტანმან მისრეთისამან, და აწ რომელ მულიმნი მისრეთით გამოვლენ, იგივე ალმუთელნი არიან, მუნ დამკჳდრებულნი.

და ესრეთ რა ჴელთ იგდო ულო ალმუთი და ყოველი ხუარასანი, ინება ამჴედრება ყოველთა ნათესავთა ურჩთა, და მოსრვიდა კაცთა ესოდენ, რომელ ათორმეტი დღე ოდენ დაყვეს ერთსა ადგილსა ზედა, ამისთჳს რომე მოკლულითა კაცითა აღყროლდის [228] ადგილი იგი, რომელ დგის, ხოლო უმეტეს სპარსთა მოსწყუეტდის, რამეთუ საძაგელ უჩნდის რჯული მუსულმანთა. ხოლო ამას თანა აქუნდა სამართალი განმკითხველობისა, და ამას ულოსა თანა იყვნიან მარადის მეფენი ორნივე, დავით და დავით.

ხოლო იყო ესე ლაშას ძე დავით ტანითა დიდ და ახოვან და სხჳლ და მოისარი მაგრითა მშჳლდითა, უმანკო, წრფელი, და მალე-მრწმენ, და შემნდობელ ბოროტის მყოფთა. და რუსუდანის ძე დავით იყო ტანითა ზომიერ და თხელ, ფერითა ჰაეროვან და შუენიერ, და თმითა თხელ, ფერჴითა მალე, მონადირე რჩეული და კეთილად მსროლელი ნადირთა. ენა-ტკბილ და სიტყჳერ, უხუ და მდაბალ, ცხენსა ზედა მჴნე, და ლაშქრობათა შინა გამგონე, და სამართლის მოქმედ, უმეტესობის მოღუაწე. ესენი უმრავლესსა ჟამსა ულო ყაენს წინაშე იყვნენ, და ულო ლაშას ძისა დავითისთჳს უმეტეს მოყუარულ იყო, და რუსუდანის ძისა დავითისთჳს მოძულე. ხოლო ვითარ იყო რუსუდანის ძე ალატაღს, ულოს წინაშე, დაიპყრეს და წარმოავლინეს საზამთროსა ადგილსა ბარდავს. და ვითარ მოიწივნეს ნახჭევანს მიერ წარვიდა რუსუდანის ძე ორითა ოდენ კაცითა, რომელი იყო გურკლელი ამირეჯიბი, და სურამელი ბეგაი, რომელსა თათარნი სალინბეგობით უჴმობდეს, ესე იგი არს კარგი ბეგაი, წარვიდა აფხაზეთს. რამეთუ ლაშას ძე დავით ტფილისს იყო მას ჟამსა, და ვითარ მოიწია ნარინ დავით ქუეყანად ავაგ ათაბაგისა, შეურაცხითა შესამოსლითა, იხილა იგი მომავალი ნადირობას მყოფმან სუმბატ ორბელმან.

რამეთუ მოწყუედასა მას ორბელთასა მეფისა მიერ ლტოლვილი წარსულ იყო ნახჭევანს, სახელით ლიპარიტ ესე მიიწია ქუეყანად ელიგუნისად. ხოლო ელიგუ [229] იხილა რა ლიპარიტ ორბელი, სიძედ შეიყვანა და ასული თასი იქორწინა რომელმან შვნა ორნი ძენი, რომელსა უწოდეს ერთსა ელიგუნ და ერთსა სუმბატ. და შვილად მიიყვანა ელიგუნ სემბატ. ამის სუმბატის შვილის შვილი სუმბატ შეემთხჳა დავითს, და წარიყვანა სახლად თჳსად, ხოლო დავით ევედრა სუმბატს, რათა არა განაცხადოს, და წარავლინოს აფხაზეთს, და თუალიცა მისცა იგი სახელოვანი, რომელ წარეტანებინა დედასა მათსა რესუდანს, და მან წარმოავლინა უნდოთავე შესამოსლითა შიშისათჳს თათართასა. და მოიწია თორს, ლიპარიტ თორელისასა, რომელსა დევის-ყურცა ეწოდებოდა, და მან უძღუნა ცხენი და შესამოსელი, და წარჰყვა ქუთათისს, ხოლო ვითარ ცნეს აფხაზთა, სუანთა, დადიანთა, ბედიანმან, რაჭის ერისთავმან და სრულიად ლიხთ-იმერთა, შემოკრბეს სიხარულითა დიდითა, და მეფე ყვეს დავით რუსუდანის ძე აფხაზთა, ვიდრე ლიხთამდე.

და აქა შინა შეიქმნა სამეფო ესე ორ სამთავროდ, გარნა ეგრეთცა იყვნეს სიყუარულსა ზედა ერთმანერთისასა, დავით და დავით, და დარჩა ლიხთ-აქათი ლაშას ძესა დავითს და ლიხთ-იმერი რუსუდანის ძესა. და მოიწყო ყოველი ქუეყანა, და მოიგო სიმდიდრე უზომო ლაშას ძემან, და წარმართა სახლი სამეუფო კეთილად, და მონებდა ყაენსა.

მაშინ წარმოავლინა ელჩი დიდმან ყაენმან, რომელსა ეპყრა ყივჩაყეთი და ოვსეთი, ხაზარეთი, რუსეთი და ბორღალეთი, ვიდრე სერბთამდე, დარუბანდამდე და ხატაეთამდე და მოუწოდა მეფესა დავითს. მაშინ წარვიდა წინაშე ბათოსა მეფე დავით, ნიჭითა უზომოთა, და დაუტევა განმგებელად სახლისა სამეუფოსა დედოფალი ჯიგდა-ხათუნ და მესტუმრე ჯიქურ. რამეთუ იყო ესე ჯიქური ერთგული მეფეთა, უმეტეს [230] ყოველთა კაცთა (რამეთუ ჟამსა შინა ამისსა სრულიად სამეფოსა შინა მპარავი და ავაზაკი არა იპოვებოდა, და თუ სადა გაჩნდის, ძელსა ჩამოჰკიდიან), და სხუად არარა ნიჭთა მქონებელი. ესე განდიდნა მეფისა დავითის მიერ დიდად ერთგულობისათჳს, და ჴელთ უდვა სამეფოსა და სახლისა განგება, და დაუტევა ტფილისს, დედოფალს წინაშე, რომელმან აღაშენა ისანთა პალატი, განგებითა დიდითა, და ფხოელნი მოხარკე ყვნა. და მეჯორედ ყვნა კაცნი იგი მჴეცისა ბუნებანი.

და წარვიდა მეფე წინაშე ბათოსა, ხოლო მან პატივითა შეიწყნარა, და ყოველი სათხოველი აღუსრულა. და იყოფოდა მეფე წინაშე ბათოსა ჟამთა მრავალთა, და თჳთოეული თემის-თემისა ადგილი თჳთოეულსა კაცსა შევედრის, რომლისათჳს კახეთიცა პანკელსა თორღუას შევედრა, და ამცნო რათა ბრძანებასა დედოფლისასა ერჩდეს. ჰგონა თორღუამან არღარა მოსლვა მეფისა, უკუდგა პანკისსა ციხესა, და თჳსად დაიჭირა კახეთი, და არღარა მორჩილდებოდა დედოფალსა, და მესტუმრესა ჯიქურსა.

მაშინ შეიწყალა ყაენმან დავით მეფე, და მოსცა სუქური საჩრდილობელი, რომელი სხუასა არავის აქუნდის, თჳნიერ ყაენთა და ნათესავსა ყათსა, და მოუმცნო ულოს, რათა თჳნიერ ულუსისა ნოინისა კიდე ურდოს შესლვასა მეფის ზედათ არავინ დადგებოდის, რამეთუ ესე იყო წესი თათართა, რომელ ყაენს წინ არავინ დაჯდებოდის, არცა პურისა ჭამასა შინა. ესრეთ პატივ-სცა მეფესა, და წარმოავლინა სამეფოდ ქართლად. და ვითარ მოიწია ჰერეთს, მიეგებნეს ყოველნი წარჩინებულნი სამეფოსა მისისანი, ხოლო თორღუა შეშინებული უკუდგა პანკისს, ხოლო მეფე მოიწია ტფილისს, და იყო სიხარული ყოველთა მკჳდრთა საქართველოსათა. ხოლო თორღუას მოუწოდა [231] მეფემან, და არა მოვიდა კარვად მეფის შიშსათჳს და მრავლგზის უწოდა, და ვერ ეძლო გულპყრობად მოსლვად. მაშინ განზრახვით ჯიქურისათა წარვიდა ხორნაბუჯელი, და მივიდა თორღუას სახლსა, რათა მას მიენდოს, ფიცითა მტკიცითა. ხოლო თორღუა რქუა: "წარვალ ალავერდს გიორგის წინაშე და მუნ შემომფიცე, და მუნ მიმინდევ". და წარვიდეს ორნივე. ხოლო თორღუა გამოება ფესუსა სამოსლისა ალავერდის მთავარმოწამისასა. და მივიდა ხორნაბუჯელი, შეჰფიცა და გამოჴსნა ფესჳსაგან. ხოლო თორღუამან რქუა: "რა იგი ჰყო ჩემ ზედა, ამან წმიდამან გიორგი გიყოს შენ. რამეთუ მარტო ვარ, და სიკუდილითა ჩემითა უმკჳდრო იქმნების მამული ჩემი, ეგრეთვე უმკჳდრო ჰყოს წმიდამან მთავარმოწამემან სახლი შენი". და წარმოიყვანა ხორნაბუჯელმან, ფიცთა მტკიცეთა მიერ შეკრულმან ტაბაჴმელას, და შეურაცხ-ჰყო აღთქმა და ფიცი იგი, და შეიპყრა ჯიქურმან, განზრახვითა დედოფლისათა, თჳნიერ მეფისა ცნობისა, და წარიყვანეს კლდე-კართა, და გარდამოაგდეს.

ხოლო ვითარ მიეგო ბოროტი ხორნაბუჯელსა ალავერდის მთავარმოწამისა აღთქმისა და ფიცისა გატეხისათჳს, იხილეთ, რამეთუ ესუა შვილი ხორნაბუჯელსა, სახელით შალვა, სიკეთე-აღმატებული. ამას შალვას ესხნეს შვილნი, და მყის დაიჴოცნეს, და ეგრეთ ბერი ხორნაბუჯელი მოკუდა მწუხარებითა და ჰხედავთ უმკჳდრობასა სახლისა მისისასა. და დარჩა მათი შვილი, სახელით შალვა, რომელი უკანასკნელ თათართა მიერ მოიკლა, და უმკჳდრო იქმნა სახლი მისი. და ესრეთ შური იგი ალავერდისა მთავარმოწამემან.

ხოლო ვითარ მოიწყო მეფემან სამეფო, წარვიდა ყაენს ულოს წინაშე ნიჭითა [232] დიდითა, რომელი იხილა რა ულო ყაენმან, პატივითა შეიწყნარა, და ნოინთა თანა დააწესა წინა-სადგომად და ჯომად, და განმკითხველად და ბჭედ.

ამათ ჟამთა ინება ულო ყაენმან აღმჴედრება ბაბილოვანს ზედა, რომელ არს ბაღდადი, და ჴელმწიფესა ბაბილოვნელთასა ხალიფას ზედა, და მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა, და წარემართა ბაღდადს, ბრძოლის ყოფად ხალიფასა. მივიდა ქუეყანასა ბაბილოვნისასა, და ვერ წინააღუდგა ხალიფა, არამედ შეივლტოდა ბაღდადს, ხოლო ყაენი გარე მოადგა, და მოიცვა იგი ერთ-კერძო თჳთ ყაენი მოადგა წყალს აქეთ, და წყალს იქით ელგონ ნოინი, და ერთ-კერძო დავით მეფე, რამეთუ მის წინაშე იყვნეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი.

და ბრძოდეს ძლიერად, არა მრავალთა დღეთა, არამედ ათორმეტ დღე, აღიღეს ბაღდადი. მეფემან დავით უბრძანა ლაშქართა მისთა, რათა შეთხარონ ზღუდეთა ქუეშე. და შეთხარეს ზღუდესა შიგან, შევიდეს ქართველნი, და იქმნა ძლიერი ბრძოლა, და მოსრვიდეს სპარსთა ბაღდადელთა და შიში ფრიადი აქუნდა ბაღდადელთა და ესრეთ განახუნეს კარნი ქალაქისანი ქართველთა და თათართა და შევიდეს. ამისი მცნობელი ხალიფა, რომელ შევიდეს ქალაქად თათარნი, ივლტოდა ნავითა, წყალსა მას ზედა, რომელი ქალაქსა სდის. და ვითარცა იხილა ელგონ ნოინმან, რომელი იყო წყალსა იმიერ კერძო, მოუჴდა, და ვერ უძლო წარსლვად, არამედ უკუნ იქცა პალატად თჳსად. ესრეთ ადვილად რა ჴელთ იგდეს სახელგანთქმული იგი ქალაქი ბაბილოვანი, ვინ-მე მიუთხრნეს განსაცდელნი და ჭირნი, რომელ მოიწივნეს ბაღდადს ზედა მოსრნეს. მახჳლითა ესოდენი სიმრავლე, რომელ არა იყო რიცხვი, და სავსე იყვნეს უბანნი, [233] ფოლოცნი და სახლნი მკუდართა მიერ, ხოლო სიმდიდრისა და ალაფისა მაშინ პოვნილთა ვინ-მე მიუთხრნეს? რამე, აღივსნეს თათარნი და ქართველნი ოქროთა, ვეცხლითა, თუალითა, მარგალიტითა, პატიოსნითა ლარითა და შესამოსლითა, სამსახურებელითა ჭურჭლითა, ოქროსა და ვეცხლისათა, რომელ არავინ აიღებდა, თვინიერ ოქროსა და ვეცხლისა, თუალსა და მარგალიტსა, და შეამოსელთაგან კიდე. სხუანი ჭურჭელნი ჩინეთით და ქაშანით მოხმულნი, და მუნ შექმნილნი, სპილენძი და რკინა უპატიოდ იბნეოდა. და ესრეთ აღივსნეს ლაშქარნი, რომელ უნაგირი, კურდანი და ყოველი შეურაცხი სამსახურებელი თუალითა და მარგალიტითა და წყლითა ოქროთა განტენიან, და ზოგთა ჴრმალი ვადის პირსა მოსტეხდიან, და ქარქაში წითლითა განტენიან, და ზედა ნატეხნი ჴრმლისა ჩააგნიან, ზოგთა მკუდარი კაცი ბაღდადელი გამოწლიან და წითლითა ოქროთა, თუალითა და მარგალიტითა განტენიან, და ვითარ თჳსი მკუდარი განიყვანიან გარეშე ქალაქსა. და ესრეთ რა აოჴრებდეს, ჰჴოცეს და ტყუე ჰყოფდეს, მიიწინეს პალატად ხალიფისა. გამოიყვანეს ხალიფა და ძენი მისნი, ცოლნი და ყოველი სიმდიდრე მისი განსაკჳრვებელი, და მოიყვანეს ხალიფა წინაშე ულო ყაენისა. და ვითარცა წარადგინეს წინაშე მისსა, ეტყოდეს ხალიფას, რათა თაყუანის-ცეს ყაენსა. ხოლო მან არა თავს-იდვა, დადგა და ეტყოდა: "ჴელმწიფე ვარ, თჳთმპყრობელი, და მონებასა ქუეშე არა ვის მყოფი. უკეთუ განმიტეოთ, დაგემორჩილები; თუ არა განმიტეოთ, არღარავის მონებასა ქუეშე მყოფი მოვკუდები". ხოლო იგინი აიძულებდეს თაყვანისცემად, გამოუხუნიან ფერჴნი მისნი, და იგი პირდაღმა [234] დაეცის, და არა თაყუანის-ცა. ბრძანა განყვაება გარე და წარავლინა ელგონ ნოინ რათა მოკლან ხალიფა და შვილნი მისნი, და რქუა ხალიფას: "ყაენმან შეგიწყალა", და იგი მხიარულ იქმნა და ეტყოდა: "ვითარ შემიწყალებს, განმიტეოს, და ბაბილოვანი მომცეს". ხოლო ელგონ რქუა: "არა, არამედ ყაენი თჳთ მისითა ჴელითა და ჴრმლითა მოგაკუდინებს, და ყაენის შვილი აბაღა შენსა შვილსა მოჰკლავს". და ხალიფა განკჳრვებული ეტყოდა: "უკეთუ მომკლავთ, გენებოს ძაღლმან და გენებოს კაცმან მომკლას". და ესრეთ მოიკლა ხალიფა, ყოვლითა სახლეულითა მისითა. და შეიწყალნეს სხუანი დაშთომილნი ბაღდადელნი. და ბრძანა შენება, და დაყარნა შანანი, და ესრეთ სავსენი ტყუე-ალაფითა მივიდეს საიგურს.

ამათ ჟამთა შინა იქმნა ესეცა, რამეთუ ყაენმან ბათო, რომელი უდიდეს იყო ყოველთა ყაენთა, ინება განსწორება და აღთუალვა ყოვლისა ქუეყანისა, და პოვა კაცი ვინმე, ნათესავით ოირიდი, სახელით არღუნ, სამართლის მოქმედი და ფრიად მართლის-მეტყუელი. და ღრმად გამგონე და განმზრახი რჩეული. ესე წარავლინა ყოველსა საბრძანებელსა მას მისსა რუსეთს, ხაზარეთს, ოვსეთს, ყივჩაყეთს, ვიდრე ბნელეთამდე, აღმოსავლით ვიდრე ჩრდილოეთამდე და ხატაეთამდე, რათა აღთუალოს და განაჩინოს მჴედარი და მეომარი ლაშქრად განმავალი ნოინთა თანა, დიდთა და მცირეთა, ღირსებისაებრ მათისა ულუფა, რომელ არს ძღუენი მიმავალთა გზად და ქირა ცხენისა და საპალნისა. და ვითარ განჩინა საბრძანებელსა ბათოსსა, მიერ წარავლინა ყარაყურუმს, ყბილ ყაენს წინაშე. რათა მანცა ესრეთ განაჩინოს ჴელსა ქუეშე არღუნისასა. და მი-რა-იწია ყუბილ ყაენს წინაშე, ინება მანცა ესრეთ, ქმნად, და წარავლინა იგივე არღუნ განგებად საბრძანებელისა მათისა და განუწესა იგივე წესი. და მივიდა [235] ტახტსა ჩაღატასსა და უშანს წინაშე, თურანს, და განაწესა და განაგო მანდაური ყოველი, და გამოვლო ჯეონი, და მოვიდა ხუარასანს, ერაყს და ყოველსა რომგუარსა, და განაგო ესრეთვე. და მოიწია ყაენს ულოს წინაშე. და მან პატივით შეიწყნარა, და წარმოავლინა საქართველოსა, მეფეს დავითს წინაშე, და საბერძნეთად, და ყოველსა საბრძანებელსა მისსა ზედა განაჩინა აღწერად და განგებად. და ვითარცა მოიწია საქართველოსა, დიდსა ჭირსა მიეცნეს ყოველნი მკჳდრნი სამეფოსა დავითისნი, და იწყეს აღწერად კაცთაგან და პირუტყუთამდე, ყანით ვენაჴამდე, წალკოტით ბოსტნამდე. და ცხრასა გლეხსა, რომლისა მიწისა მქონებელსა, ერთი ლაშქარს წარმავალი კაცი შეაგდიან. და გამოჴდა სამეფოსაგან დავითისა ცხრა დუმანი მჴედარი, თათართა თანა წარმავალი, რომელ არს ცხრა ბევრი და განაწესეს ძღუენი სოფლისაგან: ათასისა მჴედრისა მთავარსა კრავი ერთი და დრაჰკანი ერთი, ხოლო ბევრისა მთავარსა ცხოვარი ერთი და დრაჰკანი ორი, და მიზდი ცხენისა თეთრი სამი, დღისა ერთისა. და ესრეთ განუწესა. და წარვიდა საბერძნეთს და ბაღდადს, და ყოველგან.

ამან არღუნ განაწესა. რა იგი ჯერ იყო ოთხსავე საყაენოსა შინა, რამეთუ იყო კაცი ესე სამართლის მოქმედი. ხოლო ხუცესთა და მონაზონთა და საეკლესიოთა განწესებათა არა შეაგდო საზღავი, არცა ყალანი, ეგრეთვე შიხთა, და დავრეშთა, და ყოვლისა სჯულისა კაცნი საღმრთოდ განჩენილნი განათავისუფლნა.

და მას ჟამსა ინება ყაენმან ულო ამჴედრება ეგჳპტეს ზედა და მოუწოდა მეფესა დავითს ყოვლითა სპითა მისითა, და წარვიდა ბრძოლად სულტნისა. და მიიწია შუამდინარედ და იწყო ოჴრება ყოველსა შუამდინარესა და შამსა. და ვითარ ესმა სულტანსა ეგჳპტისასა. აღმჴედრდა წინაგანწყობად თათართა, და მოიწია მდინარესა ზედა ევფრატსა, ყოვლით მჴედრებით მისით, და მოვიდეს თათარნი და განვლეს მდინარე. რამეთუ არა მოახლებულ იყო სულტანი პირსა მდინარისასა, და წინა მიეგებნეს. [236] სულტანი წინაგანეწყო, და იქმნა ომი ძლიერი, სადა-იგი დავით მეფე და სპანი მისნი წინამბრძოლობდეს ძლიერად, და მოსწყდეს ორგნითვე, და ივლტოდეს მეგჳპტელნი. ხოლო ერი მრავალი მოსწყდა სულტნისა, და ესრეთ ყაენმან დაიბანაკა მრავალ-დღე პირსა ევფრატისასა, სადა-იგი იყო ქალაქი მცირე, მდინარესა ზედა ევფრატისასა, ძლიერად განმაგრებული, რომელ ერთ-კერძო კლდე იყო და ერთ-კერძო მინდორისა ევფრატისა მიერ შეცვული. და ვითარ იხილა ყაენმან სიმაგრე ქალაქისა, უღონო იქმნა ბრძოლად, გარნა მოიგონა საქმე საკჳრველი, რამეთუ ეტყოდა მის ქუეშე დაწესებულთა: "არა არს ღონის-ძიება ბრძოლისა ყოფად ქალაქისა ამის. მნებავს, რათა აღვმჴედრდეთ და გარე-მოვიცვათ ქალაქი ესე, და ვითარ ძაღლთა ვიწყოთ ყივილი და ყვირილი". და ვითარ ესმა ესე, განკჳრდეს და ამჴედრდეს, და ვითარ ძაღლთა იყივლეს. და რა მიიწია ჴმა ესე ქალაქად, იქმნა საქმე საკჳრველი, რამეთუ განსქდა ქალაქი ორგან: ნახევარი წარიქცა კლდითურთ წყლისაკენ, და მოისპო სული ურიცხჳ. ესრეთ ჴელთ იგდო, და წარვიდა შამად და შუამდინარედ, და მოეგებნეს ყოველნი მკჳდრნი შუამდინარისანი და შამისანი სავსენი ურიცსჳთა ძღუნითა.

ხოლო მეფე დავით და ქართველნი იაჯნეს ყაენისაგან წარმოსლვასა, რამეთუ მრავლით ჟამითგან იყვნეს ლაშქრობათა შინა. მაშინ ყაენმან ულო მისცა თავისუფლება და წარმოემართნეს, და ესრეთ სავსენი ურიცხჳთა ნიჭითა და ალაფითა გამდიდრებულნი მეფე დავით და ქართველნი მოიწივნეს ადარბადაგანს და მოვიდეს მუნით ტფილისად, სავსენი სიხარულითა.

ამათ ჟამთა შინა მწუხარე იყვნეს წარჩინებულნი მეფისანი, რამეთუ ჯიგდამან არა შვა შვილი. ამისთჳს ინება მეფემან მოყვანა, შვილიერებისა ძლით, ალთუნ, ნათესავით ოსი, მეუღლედ, აღმთქმელმან, უკეთუ მიეცეს ყრმა-წული, არღარა შეიწყნაროს, არამედ განუტეოს. და ვითარ გამოჴდა მცირე ჟამი, მუცლად იღო ალთუნ ძე, და შვა, და უწოდეს სახელი გიორგი, რომელი აღიქუა და შეიყვანა შვილად დედოფალმან [237] ჯიგდა-ხათუნ. და შემდგომად მცირედისა კუალად მიუდგა და შვა ასული, და უწოდა სახელი თამარ. და აქა შინა განიშორა საყუარელი თჳსი ალთუნ, ნათესავით ოვსი, რომელი ფრიად ქმნულ-კეთილ იყო. და შემდგომად მცირედისა გარდაიცვალა დედოფალი ჯიგდა-ხათუნ, და წარიყვანეს სამარხოსა დედოფალთასა მცხეთას, და დაკრძალეს.

მას ჟამსა წარვიდა მეფე დავით ულო ყაენს წინაშე მუღანს, რამეთუ იგი აქუნდა სადგურად საზამთროდ, და მიერ წარმოჰყვა სადგურსა საზაფხულოსა, და მუნით წარმოავლინა მეფე ქართლად, რათა მზა იყოს მეფე ლაშქრად ეგჳპტესა, რომელ არს მისრეთი. და შემოიარა ქუეყანა ავაგ ათაბაგისა, ივანე ათაბაგის ძისა, რამეთუ მას ჟამსა გარდაცვალებულ იყო ავაგ, და არა დაშთა ყრმა-წული, არამედ ქალი ერთი, სახელით ხუაშაქ. და მივიდა მეფე ბიჯნისს, ტირილად, და იხილა ცოლი ავაგისი, კახაბერის-ძეთა რაჭის ერისთავთა ასული, სახელით გუანცა, ქმნულ-კეთილი, ეტრფიალა, და შემდგომად მცირედისა მიიყვანა იგი ცოლად და დედოფლად, და წარმოიყვანა სამეფოდ თჳსად. ხოლო ქალი იგი ავაგისი დაუტევა მამულსა თჳსსა ზედა, და შევედრა მანკაბერდელსა სადუნსა, რომელი იყო კაცი ბრძენი და გონიერი, და კეთილის-განმზრახავი, და ჰაეროვანი, ძალითა ფრიად ძლიერი, და მორკინალი რჩეული საჩინო, და მოისარი ჴელოვანი, რომელი წარდგა წინაშე და თაყუანის-ცა ულოს და ჴელპყრობილმან რქუა: "ვინათგან მოგცა თქუენ ღმერთმან ძლევა ყოველთა მტერთა, და ყოველთა კაცთა უმჯობესად გამოგაჩინა, და აწ აქა არს მჴედარ ასი ათასი, ვინცა მერკინების, გინა მედგინების, ანუ ისარსა განვასრევთ, მზა ვარ". და არავინ იპოვა მსგავსი მორკინალი მისი, და ვინცა იპოვა, ყოველთა სძლო. ესე შეყუარებულ იქმნა ყაენ ულოსაგან. და იწყო განდიდებად, და გონიერებითა მისითა მეფემანცა დავით პატივ-სცა, და შევედრა სახლი ავაგისი. ხოლო დედოფალი გუანცა მიუდგა, და შვა ყრმა, და უწოდეს დიმიტრი, რომელი შემდგომად დავითისა მეფე იქმნა, რომელი ქუემორე სიტყვამან ცხად ყოს.

[238] ამის გუანცას დედოფლობა მძიმედ უჩნდა მესტუმრესა ჯიქურს, რამეთუ მტერ იყვნეს. ამისთჳს განზრახვითა სუმბატ ორბელისათა შესმენილ იქმნა, ვითარმედ ჯიქურ წარავლენს კაცთა არღუნს წინაშე, რათა აუწყოს ყაენს ულოს სიმდიდრე მეფისა, და ეგულების განდგომა. ხოლო ვინათგან დავით მეფე უმანკო იყო, რომლისათჳს უმანკოსა ყოველი რწამნ წარალინნა მსწრაფლ წინაშე-მდგომელნი და ბრძანა წინაშე მოყვანება მისი და სახლისა მისისა იავარ ყოფაი. და ვითარ აღასრულეს მსახურთა მეფისათა, და წარადგინეს წინაშე მეფისა ჯიქური, ღამით, რამეთუ მეფე ჯდა ისანთა მხედველი მტკურისა, და არა სიტყუა ყო მის თანა, არამედ განუკითხავად ბრძანა შთაგდებად მტკუარსა. ხოლო ვითარ განთენდა, იხილეს ჯიქური რიყესა ზედა განგდებული წყლისაგან, და განკჳრდეს ყოველნი მხილველნი ანასდათისა სიკუდილისათჳს, და არავინ იპოვა დამფლველი მისი, რამეთუ არა ესუა შვილი. და შეკრბეს ყოველნი გლახაკნი და ობოლ-ქურივნი და ევედრნეს მეფესა, რათა მიანიჭოს გუამი ჯიქურისი, ამად რომე მრავალი კეთილი ექმნა მათ ზედა. ისმინა დავით და მისცა გუამი მისი და მრავლითა გოდებითა წარიღეს ეკლესიასა წმიდისა ქალწულისა ქრისტინასსა, რომელი ხუარაზმელთაგან დარღუეული ახლად აღშენებულ იყო, და მუნ დაფლეს დიდითა პატივითა, რაოდენ გლახაკთა ძალ-ედვა.

ხოლო შემდგომად ამისა, ნება ყაენმან ამჴედრება სულტანსა ზედა მისრეთისასა და შეკრიბნა ყოველნი მთავარნი და სპანი ძისნი, და მოუწოდა მეფესა დავითს და სპასა მისსა წარსლვად ეგჳპტედ. ხოლო შეიწრებულ იყო მეფე და საბრძანებელი მისი არღუნის აღთუალვისაგან, და რომელი-იგი განეწესა, რაცა განისყიდებოდეს ტფილისს ასსა თეთრსა ზედა სამი თეთრი საყაენოდ დაიდებოდეს. ამას ზედა ხოჯა-აზიზ ვინმე, ნათესავით და სჯულითა სპარსი, განეჩინა, და დაეტევა ტფილისს, რომელი ესოდენ უწესოებად მიიწია, რომელ თუ სამზარეულოსა მეფისასა ცხვარი, გინა კრავი ისყიდებოდის, მას ზედაცა ხარაჯა წაუღიან, რომელსა იგი ტამღად უწოდდეს. ამის მიერ შეიწრებული მეფე იგონებდა: "უკეთუ წარვიდე ეგჳპტედ, ანუ თუ განუდგე ყაენსა", [239] და კერას დაამტკიცებდა. გარნა წარემართა ლაშქრად მისრეთს. და ვითარ მოიწია ქუეყანად ჯავახეთისად, დაამტკიცა განდგომა, და მოუწოდა თანაგანმზრახთა მისთა, და რქუა: "უკეთუ ვისმე ნებავნ, დაუტევენ მამული და წარმოვედინ ჩემ თანა; უკეთუ არა ნებავს, წარვედინ მსახურებად ყაენისა, მისრეთს, რათა დაიცვას ქუეყანა მისი. რამეთუ ნება კაცად-კაცადსა ზედა იყვნეს, და მე არღარა მნებავს მონება თათართა, მძლავრებისათჳს ხოჯა-აზიზისა, რომელი დაადგინა ჩემ ზედა არღუნ, რამეთუ ვერ თავს ვიდებ ესოდენსა შეურაცხებასა".

ხოლო წარჩინებულნი ამის სამეფოსანი რომელნიმე დაამტკიცებდეს და რომელნიმე არა, გარნა ეგრეთცა დაამტკიცა განდგომილება; და უმრავლესნი წარვიდეს ყაენს წინაშე: შანშეს ძე ივანე, და გრიგოლ სურამელი, და კახა ერისთავი ახალქალაქისა, თავნი და პირნი ქუეყანისანი წარვიდეს ყაენს წინაშე, და უმრავლესნი ჰერ-კახნი. ვითარ ცნა მეფემან წარსლვა დიდებულთა, მანცა ნება სცა და წარვიდა განდგომად, და მოუწოდა სარგის ჯაყელსა ციხისჯუარელსა, რომელსა აქუნდა პატივი სამცხისა სპასალარობისა, და ეზრახა, რათა განუდგენ ყაენს. ერჩდა სარგის, და წარმოიყვანა სამცხეს სახლსა მისსა, და ფრიადითა პატივითა განუსუენა უმეტეს წესისა მეფეთასა, და აძლევდა ყოველთა ციხე-ქალაქთა და ქუეყანათა მისთა, გამოსაზრდელად მეფისა და ლაშქრისა მისისათჳს. ხოლო მეფემან არა ინება, და დაჰყო ზაფხული იგი მცირე ერთგულითა, რომელნი დადგეს ერთგულებასა მისსა ზედა, და ესრეთ იყოფებოდეს სამცხესა. ხოლო დედოფალი გუანცა და ძე მცირე მისი დიმიტრი დაუტევა სახლსა ავაგისსა, ბიჯნისს.

ამას შინა მოვიდა ყაენი ულო განმარჯვებული ბრძოლისაგან სულტანისა მეგჳპტელისა, რამეთუ სძლო მათ და აოტნა. სადა-იგი მუნ დამხუდართა ქართველთა ძლიერი ბრძოლა ყვეს. ხოლო ვითარ მოიწია საზაფხულოსა სადგურსა თჳსსა ალატაღს და მიერ საქოსა, და მერმე წარვიდა საზამთროსა ადგილსა, რომელსა აწ [240] ყარაბაღობით და მუღანობით უჴმობენ, იკითხა საქმე დავითისი, და ცნა განდგომილება მისი. მოუწოდა არღუნს და ორასთა მთავართა და აჩინა მჴედართ-მთავრად, და მისცა მჴედარი ოცი ათასი, და უბრძანა ქართველთ, რომელნი ერჩდეს მას, რათა წარჰყვენ არღუნ ოირიდსა, და მივიდენ მეფესა ზედა სამცხეს, და ბძოლა უყონ, წარმოვიდა არღუნ მჴედრითა ოცი ათასითა, შემოვლო განძა და სომხითი, და მოიწია ტფილისს. და მუნ მოერთნეს ყოველნი ესე ზემოჴსენებულნი მთავარნი საქართველოსანი, და წარმოემართნეს სამცხეს, ბრძოლა ყოფად მეფისა. და ვითარცა ესმა მეფესა დავითს მოსლვა არღუნისი და ყოველთა მთავართა ქართლისათა, მოუწოდა მესხთა, შავშ-კლარჯთა, და ვინცა დადგრომილ იყო ერთგულებასა ზედა მისსა. შეკრიბნა მცირედნი კაცნი, მჴედარი რვა ათასი, და აჩინა მჴედართ-მთავრად სარგის ჯაყელი, კაცი მჴნე და შემმართებელი, და მრავალჯერ გამოცდილი და სახელოვან-ქმნილი წყობათა შინა, ტანითა ახოვანი, ჴელოვნად მბრძოლი ცხენსა ზედა, მჴნე მოისარი, საჩინოდ ნადირთა უცთომლად მმუსრველი, და მისა მინდობილ იყო მეფე, ერთგულებაცა დიდი აქუნდა მეფისა. და წარავლინა წინამიგებებად და წყობად არღუნისა, და წარემართნეს და დადგეს ჴევთა. ხოლო არღუნ შემოვლო ქართლი, და დადგა სურამს, და წარმოავლინნა წინამბრძოლნი მჴედარნი ექუსი ათასი, და არღუნ დადგა შინდარას, და წინამბრძოლნი მივიდეს ტაშის-კარს და დადგეს სამდინაროსა მას ზედა, რომელ არს შოლა. ხოლო აღიყარა სარგის ჴევთათ და წარავლინნა წინამბრძოლნი, კაცი რჩეული და გამოცდილი წყობათა შინა ათას ხუთასი მჴედარი. არა უწყოდეს მოახლება არღუნისი, და წარემართნეს და განვლეს ჴიდი ახალდაბისა. იყო ყინელი და ზამთარი, ვითარ წესი არს თუესა დეკემბრისასა, და განვიდეს სივიწროისაგან, წინამავალნი იხილნეს რაზმი თათართა, და წინა განეწყუნეს ქართველნიცა, და მყის ზედა მიეტევნეს მესხნი, და პირველსა შეკრებასა აოტნეს თათარნი, და მოსწყჳდნეს მრავალნი სახელოვანნი, და ესრეთ ძლიერად ბრძოდეს თათართა მათ მესხნი, რომელ მცირედნიღა განერნეს და შეიხუეწნეს რაზმსა შინა არღუნისასა შინდარას გორისასა, და სდევნეს და მოსწყჳდნეს პირითა მახჳლისათა, რამეთუ მჴედართ-მთავარი სარგის და [241] სპა მეფისა ვერღარა მოილოდინეს, ამისთჳს რომელ თათართა რაზმი მახლობელად მდგომარე იყო. და ესრეთ ძლევითა საჩინოთა შემოქცეულნი, მრავალთა სახელოვანთა თათართა თავისა მქონებელნი მოეგებნეს სარგისს და ლაშქართა. ხოლო ვითარ იხილა სარგის განმხიარულება და უვნებელად დაცვა, განიხარა, გარნა მძიმედ აღუჩნდა, რამეთუ ვერ მიესწრა ომსა, რამეთუ იყო კაცი მძლე და შემმართებელი. კუალად სურვიელ იყო განწყობისა მესხთა. წარემართა არღუნს ზედა, გულითა ქველითა, ხოლო არღუნ სპათა მისთა მოუწოდა, და კუალად ქართველსა სპასა ზედა მისლვასა მხილველი ივლტოდა, გარნა აყენებდეს ქართველნი წარჩინებულნი, და არა უტევდეს სივლტოლად, რომელთა უპირობდა თორელი კახა და ეტყოდა, ვითარმედ: ქართველნი" მეცნიერნი ვართ ომისა მათისანი, ჩუენ ვბრძოდით თქუენ წილ". და ესრეთ ძლით არწმუნეს, და დადგა ადგილსა ზედა, და განაწყო მჴედარნი.

ვითარ დაეახლნეს ურთიერთას, ზედა-მიეტევნეს მესხნი განლაღებულნი, ხოლო სარგის ჯაყელი უპირველეს ყოველთასა მიუჴდა რაზმსა, და უმჴნესი მათი ჩნდა ბაადური, ჰოროლითა ცხენისაგან ქუეყანად დასცა, და იქმნა ძლიერი ომი, და მრავალნი მოისარვოდეს არღუნის სპისაგან, და სივლტოლად მიდრკეს. პირველსავე მიჯრასა სძლევდეს სპანი მეფისანი, და ვითარ არს ჩუეულება თათართა ლტოლვა და გარე-უკუნქცევნა, ანაზდად გარე-უკუნიქცეს. მაშინ სულმოკლე-ქმნულნი სპანი მეფისანი ივლტოდეს მსწრაფლ. ესრეთ განწირულნი და მიმოდაბნეულნი თათართა მიერ მოისრვოდეს, ცოდვათა ჩუენთა სიმრავლითა განწირნა ღმერთმან და მისცნა ჴელთა წარმართთასა. ხოლო უწყალოდ ჰჴოცდეს, და მრავალნი სახელოვანნი მოსრნეს თათართა, რომელ მცირედნიღა ძლით განერნეს, და სდევნეს ახალდაბის ჴიდამდე გინა უმეტესცა, ხოლო ზოგნი ტყუედ წარყვანებულ იქმნეს, გურკელელი მურვან და სხუანი მრავალნი. და ესრეთ შეიქცა არღუნ ყაენს ულოს წინაშე, განმარჯუებული, ხოლო სარგის და მესხნი მივიდეს მეფეს წინაშე, აწყუერს, მეყჳსთა თჳსთათჳს მტირალნი. რამეთუ უმრავლესნი მოესრნეს, და დაშთომილ იყვნეს მცირედნი. და დაჰყო მეფემან ზამთარი ნახევარი [242] სამცხეს, და გარდვიდა შავშეთს და კლარჯეთს და წარვიდა ნიგალისჴევს. და ვითარ მოიწია თუე მაისი და აღმოსცენდა მდელო, ყაენმან იგივე არღუნ დევნად და ძებნად წარმოავლინა, რომელთა თანა იყვნეს ქართველნიცა, მიმდგომნი ყაენისანი, და თუესა ივნისსა მოვიდა სამცხეს. ხოლო მესხნი რომელნიმე მიეგებნეს არღუნს და რომელნიმე წარჰყვეს მეფესა. და ესრეთ იწყო ოჴრებად და ტყუენვად სამცხესა და მოადგა ციხის-ჯუარსა, და უწყო ბრძოლა ძლიერად, რამეთუ არა ზღუდითა მტკიცითა განსრულებულ იყო. ხოლო ციხეს მყოფნი ძლიერად ბრძოდეს, და მრავალი კაცი მოკლეს, და დიდად ავნებდეს გარეთ-მყოფთა, დღისით და ღამით განვიდიან და ადგილ-ადგილად მოსწყჳდიან. და ვითარ იხილა სიმტკიცე ციხის-ჯუარისა, რომელ არს ჯუარის ციხე, აიყარა და წარვიდა. და წიგნიცა მოუვიდა ყაენისა, მსწრაფებელი წარსლვა დვინათგან ყაენი თურანისა ქუეყანასა მყოფი ბრძოლად მოსრულ არს ხუარასანს. და ესრეთ იჴსნა ღმერთმან ჭირთა ამათგან ქუეყანა სამცხისა, რომელ ოც დღე ძლით იყო არღუნ სამცხეს.

ხოლო მეფე დავით კუალად მოვიდა შავშეთს და სამცხეს, და ვითარ იხილა სამცხე მოოჴრებული, მოუწოდა თანამზრახავთა მისთა და ჰკითხა, თუ რა ყონ, რამეთუ ომი თათართა აღარ ეგებოდა. მაშინ სარგის ჯაყელ-ციხისჯუარელმან მოაჴსენა, ვითარმედ: სამცხე" მცირე არს და არა კეთილი სადგომი მეფეთა. აწ განგაზრახებ, რათა წარხვიდე ლიხთ-იმერეთს რუსუდანის ძისა დავითის თანა, რამეთუ სწორად ორთავე არს სამეფო იგი და ესეცა, და მე დავსდებ თავსა ჩემსა და საქონელსა ყოველსა და ლაშქარსა ჩემსა შენთჳს, ვითარ გენებოს იჴმარე. და უკეთუ კეთილად გისტუმროს დავით, კეთილ; და უკეთუ არა, აჰა სიმდიდრე ჩემი მზა არს თქუენთჳს, და ნუცა შენ სწყალობ საჭურჭლესა შენსა, და ვეზრახნეთ თავადთა იმერთა, და განვსცეთ საჭურჭლე, და ჩუენ კერძო დავიყენოთ".

სთნდა ყოველთა განზრახვა ესე, და წარავლინეს მოციქული წინაშე რუსუდანის ძისა, რათა შეიწყნაროს თათართაგან მირიდებული, ხოლო მან აღუთქუა. და წარვიდეს და მივიდეს ქუთათისს, სადა-იგი წინა მიეგება რუსუდანის ძე, და კეთილად ისტუმრა, და დაყვეს წელიწადი ერთი. გარნა კეთილად თუ ისტუმრებდა რუსუდანის ძე, ეგრეცა კეთილადვე ლაშას ძესა დავითს, არამედ ვითარცა უცხო ვიდოდა მათ თანა.

[243] მაშინ ეზრახნეს კახაბერის-ძესა რაჭის ერისთავს კახაბერსა, ქუაბულის-ძეთა, ფარაჯანიანთ სარგისს, რათა ლაშას ძე დავით ყონ მეფედ, რომელნი ერჩდესცა, და იქმნა განდგომილება ლიხთ-იმერით, და რომელნიმე წარმოუდგეს ლაშას ძესა, და რომელნიმე რუსუდანის ძესა. ეგრეთვე დადიანი ბედიანი, ჯუანშერის ძე, დადგა ერთგულებასა ზედა რუსუდანის ძისასა, რამეთუ იყო ესე ბედიანი კაცი წარმატებული ყოვლითა ზნითა, უხჳ უმეტეს ყოველთა კაცთა, სრული გონიერებითა. ამან დააწყო ოდიში. რომელ მპარავი და ძჳრის-მოქმედი არა იპოვებოდა. და სუანნი განიყვნეს ორად. გარნა არას ავნებდეს ურთიერთას ორნივე დავით და დავით, დაღაცათუ ლაშქართა არა ენება, ამისთჳს რომელ არა გასცემდეს ორნივე მეფენი საჭურჭლესა ლაშქართა ზედა. ესრეთ იყო აშლილობა და შფოთნი მრავალნი იმერით.

მაშინ არღარა იყო ღონე, დაამტკიცეს, რათა განყონ სამეფო და საჭურჭლე ორად, და აჩინნეს თავადნი სამეფოსანი, და განყვეს ორად, ტფილისი ორად, ქუთათისი ორად, და თავადნი და ერისთავნი ურთიერთ შეასწორეს, ნიკოფსით დარუბანდამდე, და განყვეს სამეფო და საჭურჭლენი; გარნა ხუამლისა ქუაბსა რომელი იდვა, მცირე გამოიღეს და გაიყვეს, და უფროსი ქუაბსავე დაუტევეს. ხოლო ჯაჭჳ იგი სახელდებული, სალმასური, და თუალი იგი პატივცემული გურდემლი, და მარგალიტი იგი დიდი, რომლისა სწორი არა-ვის-სადა უხილავს, -- ესე სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიხუდა. და აქა იქმნა განყოფა სამეფოსა, და მიერითგან შეიქმნა ორ სამეფოდ. მაშინ უმეფო იყო ამიერი საქართველო სამეფო, და დაიშალა ლაშქარი და მსახურება თათართა.

ინება კუალად ყაენმან ზავი მეფისა. მოუწოდა არღუნსა, რათა წარავლინოს მოციქული მეფის წინაშე ზავის ყოფად, და ფიცთა დაუმტკიცებდა უვნებლობისათა. რამეთუ დედოფალი გუანცა, ავაგის ცოლ-ყოფილი, და ძე თჳსი ყრმა მცირე დარჩეს ჴელთა ულოსთა, რომელნი ტყუედ წარისსნეს ურდოს. ვითარ ეგულებოდა ბოროტის ყოფა ყრმისა, ნოინის ვისმე ცოლმან აღიყვანა და შვილად მიიყვანა, რამეთუ იყო უშვილო. [244] ხოლო თქმულ არს ესეცა, ვითარმედ მიიქუა რა ყრმა დიმიტრი წიაღთა, მეყუსეულად საშო განეღო დედაკაცსა და მუცლად იღო, და შვა ყრმა-წული. და ამის ძლით კეთილსა უყოფდა ნოინის ცოლი გუანცას და ყრმასა მას; მას უბრძნა ყაენმან, რათა მან წარავლინოს კაცი წინაშე მეფისა ზავისა ყოფად. და წარმოავლინეს მოციქული ზავისათჳს, რათა მისცეს სამეფო მისი ყოველი და კუალად ეგოს პირველსავე პატივსა დედოფლობისასა. რა მოვიდეს მეფის წინაშე მოციქულნი ყაენისნი, და აუწყეს: "ესრეთ მიუმცნო მეფემან, ვითარმედ ხოჯა-აზიზ იქმნა მიზეზი ჩემისა მიერ წარმოსლვისა და სამეფოსა დატევებისა. უკეთუ ნებავს ყაენსა შეწყნარება ჩემი, პირმშოსა ძესა ჩემსა გიორგის წარმოვავლენ წინაშე მათსა და უბოძოს სამეფო ჩემი, და დედოფალი გუანცა და ძე ჩემი დიმიტრი წარმოავლინოს ჩემდა, და ხოჯა-აზიზ მომცეს, რათა სიკუდილითა მისითა შური ვიგო ნაქმართა მისთა, რომელნი ყვნა ჩემ ზედა".

ვითარ მიიწივნეს ყაენს წინაშე, სთნდა სიტყუა მეფისა, და ითხოვეს ძე მისი გიორგი, და დაუმტკიცეს ფიცთა მიერ, შესუმითა ოქროსა საფიცრისათა, რათა უვნებელად დაიცვას ძე მეფისა, და მისცეს სამეფო მისი. უკეთუ დავით მეფემან იხილოს ყაენი ულო, რომელსა ეჯნობითცა უწოდეს, ხოჯა აზიზცა მისცეს ჴელთა მეფისათა: ენებოს, მოკლას და, თუ ენებოს, განუტეოს. ამის შუა შემოიყვანა ენუქ არქუნ, კაცი მართალი და პატიოსანი, სჯულითა ქრისტეს ჯუარისა თაყუანისმცემელი, და მან უთავსმდება ყაენს, რათა არა ევნოს დავითს და ძესა მისსა გიორგის. თჳთ მივიდა ენუქ დავითს წინაშე, შეჰფიცა და წარიყვანა ძე მისი გიორგი. შევიდეს ტფილისს, და მუნ მოეგებნეს ყოველნი მთავარნი და ერისთავნი საქართველოსანი, და შადინი ვინმე, ნათესავით სომეხი, რომლისა შევედრა ტფილისი და თჳთ მეფობაცა. არღუნ მოიღო ძღუენი ურიცხჳ გიორგის წინაშე, და დაყვეს მცირედი ჟამი ქალაქს, და მერმე წარვიდეს ეჯენს წინაშე, და მიიწივნეს ურდოსა. პირველად მოუვლინა ეჯნის ცოლსა ტონღუზ-ხათუნს, რამეთუ იყო იგი მაღლისა ჴელმწიფისა კოსტანტინეპოლისა ასული, [245] სჯულითა ქრისტეანე და მართლმადიდებელი. ამისთჳს პატივსა უყოფდა ტონღუზ-ხათუნი ენუქ არქუნს, რომელი იგიცა ქრისტეანე იყო.

ვითარ იხილა ყრმა იგი, შეიყუარა სიკეთისა მისისათჳს, და თჳთცა ქმნულ-კეთილ იყო, და მერმე წარიყვანეს ყაენს წინაშე, და მანცა კეთილად შეიწყნარა და პატივი დიდი უყო. და ესრეთ პატივცემულმან დაყო წელიწადი ერთი, რომელსა მიანიჭა ყოველი სამეფო მისი ყაენმან, და წარმოავლინა მოციქული, რათა მივიდეს მეფე დავით ეჯნს წინაშე. ხოლო მეფე მიზეზობდა ხოჯა-აზიზის არ-მიცემასა: "უკეთუ არა მომცეთ მოსიკუდიდ, არა მოვალ ურდოსა". ამის მცნობელი ყაენი, სიტყჳთა არღუნისათა, განწყრა, რამეთუ მძიმედ აღუჩნდებოდა სიკუდილი ხოჯა-აზიზისი. ამისთჳს ეტყოდა ყაენს არღუნ, ვითარმედ: "მეფე არღა მოვალს მსახურებად შენდა, არამედ კუალად ტყუილით გუაშრომებს; აწ ამას განგაზრახებ, წარსწყმიდე ძე მეფისა, და წარმგზავნე მე ლაშქრად მეფესა ზედა, და შეკრულსა მოვიყვან წინაშე თქუენსა".

ყაენმან დაიჯერა და განაჩინნა კახნი, რათა წარსწყმიდონ ძე მეფისა და ყოველნი, რომელნი წარმოევლინნეს მეფესა ძისა მისისა თანა. ცნა ესე ენუქ არქუნ, აღდგა და მსწრაფლ მივიდა ტონღუზ-ხათუნს წინაშე, და აუწყა სიტყუა ესე, ხოლო იგი მსწრაფლ მივიდა ყაენს წინაშე და ენუქ არქუნ და მოაჴსენა: "დიდო მაღალო ჴელმწიფეო ყაენო, რასა უსამართლობისა იგი ბრძანება განგიჩენია, სიკუდილი მეფის ძისათჳს და მსახურთა მისთა? არა უწყია შენ, რომელ წინასწარმეტეუელთა, რომელთა ეზრახებოდა ღმერთი, ბრწყინვალეთა და საჩინოთა გუართაგან შთამომავალთა არს. და კუალად იხილე, რომელ ფიცითა მოიყვანე იგი, და მე და ენუქ არქუნ სიკუდილსა აღვირჩევთ; და აჰა, თავნი ჩუენნი იყვნენ მეფის ძისათჳს. და ესეცა უწყოდე, რომელ ძმა შენი დიდისა ყაენისაგან ბათოს შვილი მრავალსა მოციქულსა უგზავნის და დიდთა ნიჭთა აძლევს, რათა მისცეს გზა დარიალანისა და დასავლეთისა, რამეთუ ორივე ჴელთა შინა მისთა არს, და ამასცა განგაზრახებ, ერთისა ბერისა სპარსისა ვაჭრისათჳს, რად [246] დიდსა ჴელმწიფესა გააძებ შენთა მტერთა ზედა, რამეთუ უკეთუ ბათოს ულოსი და მეფე შეიერთნეს, დიდნი შფოთნი აღდგებიან".

ვითარცა ესმა ულოს, განკჳრდა და მსწრაფლ მოიყვანა გიორგი, შეიყვანა და პატივი უყო, და შემოსა შესამოსლითა ბრწყინვალითა, და მისცა ტონღუზ-ხათუნს და ენუქ არქუნს და რქუა: "აჰა ძე მეფისა, ჩემგან მტკიცე ფიცითა, არას ვავნებ დავითს, თჳნიერ პატივისა. და შენ წარვედ ენუქ, და ორნივე შვილნი და ძენი მეფისანი, გიორგი და დიმიტრი, და დედოფალი გუანცა, ვითარცა ტონღუზ-ხათუნს და შენ გნებავს, ეგრეთ ყავთ, და მოიყვანეთ დავით". ვითარცა ესმა, განიხარეს და თაყუანის-ცეს, და მოაჴსენეს: "თავნი ჩუენნი იყვნენ ნაცვლად, უკეთუ მოგუცე ხოჯა-აზიზს, და არ მოვიყვანოთ დავით; უკეთუ არ მოგუცემ ხოჯა-აზიზს, არ მოვა". დაღათუ მძიმედ აღუჩნდა არღუნს, არამედ მისცა ხოჯა-აზიზ. და წარმოიყვანა ენუქ, და მოუწერა წიგნი ფიცისა ტონღუზ-ხათუნ მეფესა: "არა ევნოს ყაენისაგან. უკეთუ მოვიდეს ურდოსა, პატივითა დიდითა პატივ-სცეს, და სამეფო დაუკლებელად მისცეს".

წარმოვიდა ენუქ არქუნ, და მოვიდა ტფილისს, და ორნი ძენი მეფისანი, და წარმოუვლინა მოციქული მეფესა, და აუწყა ყოველი. და წარმოვიდა მეფე და მოვიდა, ქვიშხეთის ბოლოსა და სურამს შუა დადგა, და მოუწოდა ენუქ არქუნს და მოვიდა და მოუსხნა შვილნი ორნივე და მოართუა წიგნი ფიცისა, და მოგუარა ხოჯა-აზიზ. ვითარცა იხილა მეფემან, ბრძანა თავისა მისისა მოკუეთა. და მოჰკუეთეს და წარგზავნეს თავი ტფილისს, და აღმართეს ძელი, და დამოჰკიდეს თავი ხოჯა-აზიზისი. და ესრეთ წააჰყვა მეფე ურდოს ენუქს, და მოეგებნეს ყოველნი სამეფოსა მისისანი, და წარემართნეს ურდოს.

ხოლო თანა წარჰყვა მეფესა სარგის ციხისჯუარელი ჯაყელი, დიდად ნამსახური, რომელმან ქმნა ესეცა სათნოება, რამეთუ ტფილისს ყოფასა მეფისასა მოვიდა ელჩი ყაენისა, ვითარმედ: "მეფესა მოვინდობ, ხოლო პაპა სარგისს არა მივინდობ", და [247] არა სათნო უჩნდა ბრძანება ესე სარგისს, და ეტყოდა მეფე გარე-უკუნქცევად. ხოლო იგი არა ერჩდა, და ეტყოდა: "ნუ იყოფინ ქმნად ესე ჩემ მიერ, რათა შევიქცე შინა. უკეთუ ცოდვათა ჩემთაგან გევნოს რამე თათართაგან ყოველნი კაცნი იტყჳან: განზრახვითა სარგისისითა განუდგა მეფე თათართა, აწ იგი წარვიდა შინა და მეფე წარავლინა მოკლვად ყაენს წინაშე. ნუ ჰყოს ესე ღმერთმან, რამეთუ ამით წარჰჴდების გუარი ჩემი, არამედ მო-თუ-მკლან, ნაცვლად თქუენდა ვიყო, და თუ დავრჩე, თქუენ თანა დავრჩე". დაიმადლა ესე მეფემან ეზომ, რომელ ქუაბულიანი თემი ერთი სამცხეს და საყდარი ტბეთისა შავშეთს სიგლითა სამამულოდ მიუბოძა.

და წარემართნეს ურდოსა, და მივიდეს ყაენს ულოს წინაშე, ბარდავს, რამეთუ იგი იყო საზამთრო სადგური, და არა უწყოდეს რა ეგულების ყოფად მათთჳს, და მცირედთა დღეთა მოუწოდა ყაენმან ხილვად მეფისა და მთავართა და იკითხვიდა, რომლისა მიზეზისათჳს განდგა მეფე? და ყოველნი ჰგონებდეს მეფისა და წარჩინებულთა მისთა სიკუდილსა, და ევედრებოდეს ღმერთსა და ყოვლად-წმიდასა მეტეხთასა და ვედრებისა ღმრთისმშობელსა, რომლისა მინდობილ იყვნეს. და შევიდეს ყაენს წინაშე, ხოლო მან მოსცა თჳსითა ჴელითა ღჳნო თასითა დიდითა ოქროსათა, რამეთუ ესე იყო წესი ყაენთა. და ვითარ ჯდა მეფე მუჴლ-მოყრილი და მის თანა ყოველნი მთავარნი, ჰკითხა ყაენმან, ვითარმედ: "რად ჰქმენ განდგომა ჩემი, და ბრძანებასა ჩემსა რად ურჩ ექმენ, და არღუნს შემოები? არა დიდნი კეთილნი ვქმენ შენ ზედსა? დაკარგული და სიკუდილად განწირული გუელთაგან აღმოგიყვანე ჯურღმულით და მეფედ დაგადგინე".

მაშინ, ვითარ არღარა აქუნდა პასუხი მიგებად მეფესა, მოიხედნა უკანით კერძო სარგის ჯაყელისა, ვითარმცა იგი ქმნულ იყო მიზეზი არღუნის შემობმისა და თათართ მოსრვისა. და იხილა სარგის ბრდღვინვისა ლომისა მსგავსად, მეფემან მას ზედა მიუტევა საქმე. იგი არა შეშინდა, არამედ უშიშად აღდგა და წარსდგა ყაენს წინაშე, განმწირველი თავისა თჳსისა მეფისათჳს, რათა იგი მოიკლას მეფისა წილ, და მუჴლ-მოყრილი ეტყოდა: "მე ვარ, დიდო ყაენო, რომელი შემოვები არღუნ აღას". ხოლო [248] მან ჰკითხა: "პაპა სარგის შენ ხარა?", რამეთუ პაპა სარგისს უწოდდეს თათარნი, და მან რქუა: "იგი ვარ". რქუა მას: "რაისათჳს განაყენე მეფე ჩემგან და არღუნს შემოები?". ხოლო სარგის არა მეცნიერ იყო ენასა მათსა, წარმოაყენეს სადუნი თარგმანად, რომელი ფრიად უყუარდა ულის, და დიდად პატივ-ეცა, რამეთუ იყო კაცი იგი გონიერი, და ენა-კეთილი, სიტყჳთა მარჯუე ყაენს წინაშე მეტყუელებად.

მაშინ სარგის მიუგო: "დიდო ყაენო, არა იყო სხუა მიზეზი, რამეთუ მან მიიღო მეფობა დავითისი, ქალაქი და სოფელი, მან დაიჭირნა ეკლესიანი და ციხენი ყოველნი დაარღჳვნა. ბედნიერო ყაენო, არღარავინ გაგაგონებდა უსამართლობასა ამას, შეკრა კარი თქუენი ქრთამითა. ამის მიზეზისათჳს მე წარვიყვანე მეფე, რათა ბედნიერმან ყაენმან გაიგონოს და იკითხოს საქმე ესე, ვითარცა აწ კითხვასა ღირს მყო. ესეცა უწყოდი, ყაენო, რომელ სპარსნი ძუელითგან მტერნი არიან ჩუენ ქართველთანი. ამისთჳს არღუნს თანა ვყავ ბრძოლა და ომი, რამეთუ საქმე და უსამართლობა მეფის მიმართ ხოჯა-აზისისგან ვერღარა დავსთმეთ. აწ, ყაენო, მეფე უბრალო არს; მე ვარ, რომელმან განვაყენე მეფე კარისაგან თქუენისა". და განმრავლდა სიტყუა მათ შორის და მრავალგუარად უბნობა, რომელთა არა არს ჟამი თქმათ და წერად. და მეფეცა მრავალსა რასმე იტყოდა, და ენუქ არქუნ და დიდი იგი ნოინი სხდეს შუა და სადუნი იგი კეთილად თარგმნიდა, და კაზმევდა თქმულთა მეფისათა, რამეთუ მეფე ენა-მძიმე იყო მცირედ, მანკაბერდელი სადუნი კეთილ-მეტყუელებდა, და ყოველნი მოელოდეს ბოროტის ყოფასა მეფისათჳს, და სიკუდილსა სარგისისსა.

მაშინ მოუვლინა ღმერთმან წყალობა მოსავთა მისთა, და აწცა დაიცვა, ვითარცა მარადის ფარავს. და ვითარ სიტყუასა უგებდეს ყაენი და მეფე ურთიერთას, მოვიდა კაცი დარუბანდით, გზის მცველთა ყაენისთა, რომელთა ყაფულობით უწოდდეს. რამეთუ არღარა განსრულებულ იყო სიტყუა, შევიდა ყაენის კაცი იგი ურდოსა ყაენის წინაშე და მოაჴსენა: "არა არს ჟამი მეტყუელებად, რამეთუ შეიძრა ულუსი დიდი დიდისა ყაენის ბათოსი, და შვილი მისი, ყაენი დიდი ბერქაი, მოვალს გზასა დარუბანდისასა უმრავლითა, დიდად დიდითა ლაშქრითა".

[249] ესმა რა ყაენს, მსწრაფლ აწვია სპა თჳსი, და მყის შემოკრბეს მის წინაშე. მას ჟამსა წარმოემართნეს წინაგანწყობად, და ვითარ დაეახლნეს ორნივე სპანი ურთიერთას, მაშინ ევედრა მეფე ყაენს, რათა წინამბრძოლად აჩინოს მეფე და სპა მისი (და წესადცა არს ქართველთა წინამბრძოლობა). ისმინა ულო და აჩინა წინამბრძოლად მეფე, მახლობელად მისსა დგომად. ხოლო სარგის ჯაყელი თჳთ წინა დაიყენა, და განაჩინა მარჯუენე და მარცხენე, დამწყობელმან რაზმთამან მიჰმართეს ხოლო იქმნა ესეცა, რომელ რაზმსა შინა გახლტა შუელი, სადა-იგი სარგის ჯაყელმან, აბჯარცმულმან, მოკლა. მცირედ წარვლეს, და მელი მოკლა, იგიცა სარგის, ისრითა. და წაიარეს, და ყურდგელი მოკლა. და ამას სამსავე ხედვიდა ულო ყაენი, და დიდად აქო სარგისი და კეთილად უთქმიდა მრავალსა.

მაშინ დაეახლნეს სპანი ორნივე ურთიერთას, და გამოჩნდა კაცი ერთი სახელოვანი მათ შორის, რომელი წარმოევლინა დიდსა ყაენს ბერქას, რამეთუ ყაენი არა წარმოსრულ იყო. ესე მოეახლა მეფესა დავითს, რომლისათჳს დიდად შეწუხნეს სპანი მეფისანი, რამეთუ იყო კაცი ესე დიდი და მაგრიად და უცთომლად მოისარი. ხოლო მეფემან აღმოიღო მშჳლდი ქარქაშით, და ჰკრა ცხენსა მისსა მკერდსა, და დაასო და გულსა განვლო. ხოლო ქართველთა განმხიარულებულთა აღიზახნეს და მიეტევნეს. იქმნა ძლიერი და ფიცხელი ომი ველსა ზედა შაბურანისასა, ძლიერად ბრძოდა მეფე და სპანი მისნი, სადა-იგი სარგის ჯაყელმან სახელოვანი ომი ყო წინაშე ულოსა, რომელ განკჳრდა ყაენი. და განგრძელდა ყოველგან ომი, და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ. ივლტოდა სპა ბერქასი, და დევნა უყვეს ძლიერად. ხოლო იქმნა ესეცა: დევნასა მას ლაშქართასა დაშთა ყაენი ულო ოთხითა ოდენ კაცითა მცირესა რასმე ბორცუსა ზედა, და ვითარ იხილეს ლტოლვილთა მათ, შჳდნი რჩეულნი კაცნი ზედა მოეტევნეს ყაენსა. იხილა ესე მიმავალმან სამითა კაცითა სარგის, შეუტია შჳდთა მათ კაცთა და სამითა კაცითა შეება, და ოთხნი ვიდრემე დაჴოცნეს სარგის და აზნაურთა მისთა, და სამნი იგი ივლტოდეს. მაშინ იხილა თუალითა მისითა სიმჴნე სარგისისი, [250] და ყმათა მისია, განიხარა და დევნა უყო კუალადცა სპასა ბერქასსა დარუბანდის კარამდის. და განვლეს დარუბანდიცა და სამსა დღესა სხუასა დევნა უყვეს. ესრეთ განმარჯუებულნი და სახელოვანნი მოვიდეს სადგურსა მათსა ბარდავს, ხოლო მეფესა დავითს და სპათა მისთა ფრიადითა პატივითა პატივსცა და მრავალი ნიჭი მიანიჭა, ესეზომ, რომელ სარგის ჯაყელსა კარნუ-ქალაქი და მიმდგომი მისი ქუეყანა უბოძა იერალაყითა.

მაშინ შეიშურვეს სხუათა ვიეთმე მტერთა და მოაჴსენეს მეფესა: "აწ მეფობაცა სარგისს მიეც; ვინათგან ყაენმან ეზომ განადიდა, არღარა იქნების მორჩილი მეფობისა თქუენისა", მაშინ დაიჯერა მეფემან, რამეთუ იყო უმანკო და მალე-მრწმენი სიტყუათა კეთილთა და ბოროტთა, ორთავე, და წარვიდა ღამით ელგონ ნოინის წინაშე და მოაჴსენა: "უკეთუ ყაენი სარგისს კარნუ-ქალაქს მისცემს. მეფობაცა მისცეს". განკჳრდა ელგონ ნოინი და რქუა: "ყაენმან შენის მოდგომისათჳს მისცა და, თუ შენ გიმძიმს, არღარა მისცემს. თქუენ ქართველნი არას კეთილს უყოფთ მჴნედ მბრძოლთა წყობათა შინა. არა უწყია, ყაენი სარგის დაარჩინა მტერთაგან, ძლიერი და სახელოვანი ომი ყო?" წარვიდა ნოინი რა მოაჴსენა ყაენს ყოველი იგი თქმული, და არღარა მოსცეს კარნუ-ქალაქი. ცნა ესე სარგის, და შეიქმნა გულკლებით და ქუეგამხედვარად პატრონისაგან. ხოლო მის ზამთარს დაიმჭირა მეფე ბარდავს თავისა თჳსისა თანა, და სარგის წარვიდა გულკლებული სამცხეს.

მას ჟამსა გაადგა ულო ყაენს შანშეს ძე ზაქარია ამირსპასალარი, კაცი ყოვლითა სათნოებითა შემკული და საჩინო, და ივლტოდა ქუთათისს ნარინ დავითისსა, "რამეთუ ბერქას ლაშქართა გამოსლვა მასმია ჩემ ზედა". ხოლო მეფემან დავით კეთილად შეიაწყნარა, დაჰყო მცირე ჟამი, მერმე ფიცით მოიყვანა ყაენმან, გარნა არცა ეგრეთ დამშჳდდა გული ულოსი, და მოკლა ზაქარია ამირსპასალარი, კაცი პატიოსანი და სახელოვანი. და ცნა დიდმან შანშე, მამამან მისმან, მწუხარებითა შეწუხებული იგიცა აღსრულდა. ხოლო გუანცა დედოფალი, ავაგის ცოლ-ყოფილი, მოკლულ იქმნა, [251] თათართა შინა მყოფი, რომელსა იტყჳან ვითარმედ ასულისა მისსა ხუაშაგის, რომელი იყო ცოლი საჰიბ მდივანისა, ხოჯა შამშადინისა, მისითა განზრახვითა მოიკლაო. და ვითარ უცოლო იყო მეფე, იქორწინა ცოლი, სახელით ესუქნ, დიდისა ჭორთმაღო ნოინისა და დიდისა სირმა ნოინისა, და წარვიდა ტფილისს და ქმნა ქორწილი პატიოსანი.

ამათ ჟამთა გარდამოვიდეს ბერქას ყაენისგან ლტოლვილნი, დედაკაცი საკჳრველი, სახელით ლიმაჩავ, და მან მოიტანა შვილნი მცირენი, ნათესავით ასასარფაკაიანნი, პირმშო ფარეჯან და უმრწმესი ბაყათარ, და სხუანი თავადნი მრავალნი, გამოვლეს კარი დარუბანდისა და მოვიდეს მეფეს წინაშე. ხოლო მან პატივითა ისტუმრნა და წარავლინნა ყაენს ულოს წინაშე, და ყაენმან შეიწყნარნა ფრიად, და უბოძა ხარაჯა, და მოლაშქრედ და თანამბრძოლელად განაჩინნა. და ესრეთ მეფეს თანავე წარმოავლინნა, ხოლო მეფემან დასხნა რომელნიმე დმანისსა, და სხუანი ჟინვანს.

და ვითარ მოიწია სთუელი, წარვიდა ყაენი ქუეყანად შარვა[ნ]შასა, საზღვართა საქართველოსათა, ადგილსა რომელსა უწოდიან ჩაღანუსუნი, ესე იგი არს თეთრი წყალი. და შეკრეს [ღ]ობითა წყლის პირი, რომელსა სიბად უწოდეს. რამეთუ გონებდა გამოსლვასა ბერქა ყაენისასა. და ამათ ჟამთაგან იწყეს სიბასა ზედა დგომად თათართა და ქართველთა სთულითგან გაზაფხულამდე და გაზაფხულ წარვიდიან საზაფხულოთა სადგურთა. ხოლო იქმნა ესეცა, რომელ ყაენთა შვილნი ზემოჴსენებულნი, ულოს თანა წარგზავნილნი, ხუთარ, ყული და ბალაღა, დაიპყრნა ყაენმან ულო. და მოკლნა სამნივე, და დაიპყრა ქუეყანა მათი, და ყოველი სიმდიდრე მათი. და ვითარ ცნეს სიკუდილი პატრონთა მათთა საბერძნეთს მდგომთა დედაწულითა, რომელთა თავადი იყო ალათემურ ვინმე, კაცი სახელოვანი, აიყარა ბარგითა და დედაწულითა, და ივლტოდა, [252] და მომართა სამცხის კერძო. ცნეს თათართა ულო ყაენისთა სივლტოლა ალათემურისი, დევნა უყვეს და მოეწივნეს, და იგინი დაბრუნდეს და შეებნეს, და მრავალი კაცი მოკლეს ულოს ლაშქრისა. და, რათა არა განგრძელდეს სიტყუა, ვიდრე კოლის მთათა მოსვლამდე ათორმეტჯერ მოეწივნეს და ათორმეტჯერ შეებნეს, და ათორმეტჯერვე ალათემურ მოერია და გააქცივნა. და ესრეთ მოიწივნეს ქუენა არტანს, სოფელსა, რომელსა ჰქჳან გლინავი. და მუნ დახუდა მურვან გურკელელი, მახუნჯაგის ძე, წინა შეემთხჳა ნადირობას მიმავალი, რომელი შეიპყრეს თათართა და კნინღა მოაკუდინეს. ხოლო იგი ევედრა და აღუთქუა ლიხთ-იმერით წარყვანება მათი და ეგრეთ ბერქას. ყაენს წინაშე წარსხმა, ხოლო იგინი მიენდვნეს. წარმოიყვანნა და მოასხნა სამცხეს, და მოასხნა გურკელის ჭალას, და ესრეთ განსცნა: წარავლინა კაცი და ამცნო სარგის თმოგუელსა და შალვას ბოცოს ძესა, და ყოველთა მესხთა და სარგის ჯაყელის ლაშქართა, რათა შეკრბენ ერთად და შეიპყრან ალათემურ და მიჰგუარონ ულო ყაენს. და წარმოემართნეს, და სცნა ესე ალათემურ, აიყარა ბარგითა და დედაწულითა, და გამოვლო მტკუარი და მომართა ჯავახეთით კერძო, შემოიარა ელასის შემოღმართი. და მივიდა ოშორას ქუეშეთ, ადგილსა, რომელსა რქჳან ლერძავნი, რამეთუ თმოგუელი მუნ დაუდგა წინა, რომელნი იხილნა რა, მორიდნა სარგის და ბოცოს ძე, და ლაშქარნი ერთ-კერძო მოსდევდეს, და გურკელელი მურვან მართლ-კუალსა შედგომილი მოსდევდა. და მოეწია გურკელელი მცირითა ლაშქრითა, რამეთუ ბოცოს ძე და სარგისის ლაშქარნი არ მოვიდეს არცა შუელად გურკელელისა. შეიბნეს ძლიერად, სძლეს თათართა და მრავალი ტაძრეული აზნაური მოკლეს, და ივლტოდა გურკელელი. ხოლო თათართა განვლეს ჯავახეთი და თრიალეთი, და რუსთავს მტკუარს გავიდეს და მრავალგან მიეწივნეს თათარნი და სომხითარნი ლაშქარნი, რომელთა თჳთოეულად არა არს ჟამი მოთხრობად, ყოველგან ალათემურ მძლე ექმნა. და განვლეს კამბეჩიანი, კახეთი, ჰერეთი, ყოველგან ომითა, და წარვიდეს გზასა ბელაქნისასა. შევიდეს ღუნძეთს, რამეთუ წინა-განეწეო მეფე ღუნძთა, და სძლეს თათართავე, და განმარჯუებულნი [253] მივიდეს ბერქა ყაენს წინაშე. და ესრეთი საკჳრველი საქმე ქმნეს, და ამათთანანი თათარნი სადაცა დარჩეს, აღნარღომობით უჴმობდეს, ესე იგი არს უფროსთანი გინა უხუცესთანი. ამისთჳს განძჳნებული ბერქა განემზადა გამოსლვად, და ამათ თეთრსა წყალსა ზედა ღობე შეკრეს, და მუნ იზამთრიან, ვითარცა მითქუამს.

ხოლო ვითარ ამათ საქმეთაგან უბრალო არს მეფე, განდიდნა ჭყონდიდელი ბასილი და უჯარმელი, და იწყო საურავთაცა ქმნად თჳნიერ მეფისა კითხვისა. და მეფისა იმერით ყოფასა შინა დიადი აწყინა სეფეთა ქუეყანათა, რამეთუ ვითარ თჳსთა ხედვიდა. და სიტყუაცა ესრეთ იყო, ვითარმედ ესუქნს თანაეყო. ამისთჳს შესმენილ იქმნა ბასილი წინაშე მეფისა, რომელმან მსწრაფლ მოიყვანა და ბრძანა ძელსა დამოკიდება. დამოჰკიდეს ძელსა შუა-ქალაქსა, რამეთუ იყო მეფე მალე-მორწმუნე და ლიტონიცა. და ვითარ მოიწია სთუელი, კუალად წარვიდა ყაენი სიბასა ზედა და მეფეცა მის თანა. მოიწია რა გაზაფხული, წარმოვიდა ყაენი საქოსა, და ძე მისი თანქუშ წარმოვიდა გელაქუნსა, რამეთუ მას აქუნდა საზაფხულოდ სადგურად გელაქუნი, და მეფე თანა წარმოიტანა. და მუნ იყო. მაშინ ევედრა მეფე თანქუშს, რათა უაჯოს. მამასა მისსა ყაენს ულოს წინაშე, რათა განუტეოს სამეფოდ თჳსად. ხოლო მან ისმინა და წარავლინა კაცი, და ვითარ მიიწივნეს საქოდ, ყაენი ულო აღსრულებულ იყო. მაშინ ხათუნთა და ნოინთა მიუმცნეს თანქუშს, რათა განუტეოს მეფე სამეფოსა თჳსსა. გამოუშვეს და მოვიდა ტფილისს და ყოველსა ქართლსა და სომხითსა და განაგნა საქმენი მანდაურნი.

ხოლო ნოინთა დასუეს ტახტსა ულოს ძე უხუცესი, სახელით აბაღა, კაცი კეთილი, უხჳ, მოწყალე, ტკბილი, მდაბალი, განმკითხველი, სამართლის მოქმედი, გლახაკთ მოწყალე და შემნდობელი ესმზომ, რომელ, დაღათუ დიდისა ბოროტის მოქმედი კაცი იყვის, არავე მოჰკლევდის, რამეთუ ესრეთ იტყოდა: "ყოვლისა ქუეყანისა მპყრობელად დაუდგენივარო ღმერთსა და რასაცა ვერ მივსცემ არცა თუ წაუღები". [254] და მრავალგზის საჭურჭლენი მისნი წარიხუნეს მპარავთა და არა მოაკუდინის არამედ იტყოდის: "რად მაკლს მე საჭურჭლე, ისი წარიღონ გლახაკთა. რამეთუ ნაკლულევან არიან, და მით იპარვენ". კუალად უბოროტო და კეთილი გონება აქუნდა ყოველთათჳს. მაშინ ამან აბაღა ყაენმან განაჩინა მჴედართა მთავრად კაცი საჩინო წყობათა შინა, სახელით აბათა, და ურდოსა და სახლისა თჳსისა მოურავად დაადგინა ზემოჴსენებულისა ორმაღონის შვილი სირმონ, კაცი განმარჯუებული და საჩინო ბრძოლათა მინა. ვინათგან ქრთამსა მძიმესა მიიღებდიან მის წინაშე მდგომნი ყოველნი, გამოარჩია კაცი ერთი, მოწყალე და სამართლის მოქმედი და მმარხველი და მლოცავი, ქრისტეანეთა და ეკლესიათა ღმრთისათა მოსავთა მოყუარე, სახელით აღუბაღა. ესე განაჩინა უღონოთა და გლახაკთა განმკითხველად, არა თუ ულო ყაენის პატივცემულნი ნოინნი გამოცვალნა, არამედ უმრავლესნი აღსრულებულ იყვნეს, ვითარ ელგონ ნოინი და სხუანი მრავალნი.

ამას აბაღას წინაშე წარვიდა მეფე დავით, და ფრიად პატივითა შეიწყნარა და პატივ-სცა. და დაემორჩილნეს აბაღას ყოველნი თათარნი, საბრძანებელი მამისა მისისა ულოსი.

მას ჟამსა გამოვიდა დიდი ყაენი ბერქა გზასა დარუბანდისასა აურაცხელითა ლაშქრითა შურის გებად ხუთარეს, ბალაღას და ყულის საქმისათჳს. ცნა ესე აბაღა ყაენმან და მოუწოდა სპათა თჳსთა, და მეფესა დავითს, და წარემართა. ხოლო ვითარ აგრძნა ძლიერება და სიდიდე სპათა ბერქასთა, არღარა განვიდა მტკუარსა, არამედ შეიარა ნაპირი და განსავალი ყოველი, და აღიღო ზომი ყოველგან, და დააყენა ლაშქარი, სადა შეკრბებიან მტკუარი და რაჴსი, და მუნითგან ვიდრე მცხეთამდე ბერქამან მოაოჴრა ქუეყანა შირვანისა, ჰერეთი, კახეთი და ყოველი იორის პირი და მოვიდა ლაშქარი ტფილისამდე, და მრავალი სული ქრისტიანე მოსწყდეს, ხოლო ბერქა ყაენი დადგა მთათა შინა გარეჯისათა. მაშინ მოხედნა ღმერთმან ქუეყანასა ამას წყალობით და ყაენსა აბაღას, შეედვა სალმობა რამე ბერქას, და მოკუდა. ვითარცა იხილეს სპათა მისთა [255] სიკუდილი ყაენისა მათისა, წარიღეს მკუდარი და განვლეს კარი დარუბანდისა. ესრეთ დამშჳდნა ქუეყანა ესე.

ხოლო თათართა გულად აქუნდის შიში ბერქას ლაშქრის გამოსლვისა, და ყოველთა სთუელთა წარვიდიან სიბასა ზედა. და ვითარ მოეახლის ჟამი სიბას წარსლვისა, მოუწოდა მეფემან სპათა თჳსთა და სარგის ჯაყელ-ციხისჯარელსა. ვითარ მივიდა სარგის დავით მეფესა წინაშე ტფილისს, ეგონა სარგისის განდგომილება ყაენს წინაშე, და დაივიწყა ნამსახურება განზრახვითა უკეთურთა კაცთათა. მოუწოდა პალატად და შეიპყრა შინა, და ტყუე ყო. და ვითარ ცნეს ესე აზნაურთა თანამყოლთა სარგისისთა, ივლტოდეს და წარვიდეს ყაენს წინაშე, და მოაჴსენეს აბათა ნოინსა, რათა მან განაჩინოს მეფისაგან დაჭირვა სარგისისი და მოაჴსენოს ყაენს აბაღას და სთხოვოს სარგის.

ხოლო აბაღა ნოინი მივიდა წინაშე ყაენისა და ვედრებით სთხოვა სარგის, რათა იჴსნას ჴელთაგან დავით მეფისათა. ისმინა მსწრაფლ ვედრება აბათა ნოინისა, და მოსცა ელჩი, და წარმოავლინეს, და მოიწია ტფილისს, და წარიყვანა სარგის, და მოჰგუარა აბათა ნოინსა. და მიერითგან იქმნეს ჯაყელნი მორჩილნი ულოსისანი, ვიდრე ჟამთამდე მეფეთა შორის ბრწყინვალისა და საჩინოსა დიდისა გიორგისათა.

ხოლო მეფე ჯერეთ არა წარსულ იყო სიბასა, შეედვა სალმობა მუცლისა ძესა მისსა პირმშოსა გიორგის, რომელი სიკეთე-აღმატებულებითა სავსე იყო. განგრძელდა სალმობა ესეზომ, რომელ კნინღა მკუდარ საგონებელ იყო, და იდვა უჴმრად, უძრავად, სულთა აღმომფშვინველი, და მითცა ძლით. ამას მწუხარებასა და უღონოებასა რა მოეცვა მეფე და ყოველნი მკჳდრნი საქართველოსანი, მოეჴსენა მეფესა დმანისისა ღმრთისმშობელი, და წარვიდა წინაშე მისსა, და თჳთ წარმოაჩინა, ვითარ ყოველი უჴამურითა ფერჴითა მოჰყვებოდეს და მოეგებოდეს, მჴურვალითა ცრემლითა წყალობად მათდა აღძრვიდეს. მაშინ შეისმინა ვედრება მათი წმიდათა უწმიდესისა ღმრთისმშობელმან, და მყის შეხებასავე თანა, და პირსა ზედა შეხებასა, თუალნი აახუნა მსწრაფლ [256] და ვითარცა უვნებელი წარმოჯდა. იხილეს ესე მეფემან და ყოველთა მკჳდრთა საქართველოსათა, განკჳრდეს ანაზდათსა ამას საკჳრველებასა ზედა ყოვლად-წმიდისასა, და ადიდებდეს ყოველნი ღმერთსა.

და კუალად წარვიდა მეფე სიბასა ზედა, და მუნ ყოფასა მისსა, ჟამსა წარმოსლვისასა, დასნეულდა მეფე დავით მით სალმობითა მუცლისათა, და ვერ განკურნეს მკურნალთა, და წარმოვიდა ცხედრითა. და ვითარ მოეახლა მარტომყოფსა, მივიდა ხატსა მას ჴელით-უქმარსა, რომელი თჳთ გამოისახა ტილოსა, ხატისა მიერ კეცსა ზედა. მოყვანება ბრძანა მარტომყოფისა ხატისა, და ევედრა ცრემლითა, და შეუვრდა, და განკურნა, ვითარ უფლისა მიერ განკურნებული ცხედარსა ზედა მდებარე, და ესრეთ მრთელი მოვიდა პალატად ტფილისისა, და იყო განსუენებასა შინა თჳნიერ ამისსა, რამეთუ მთავარნი და ერისთავნი ვერ სცვალნის შიშისათჳს ყაენისა. ხოლო თქმულ არს ესეცა, ვითარ ბრძენისა სოლომონისათჳს წერილ არს, ჟამსა სიბერისა მისისასა არა მართლად ვიდოდა წინაშე ღმრთისა, და მძლავრებისაგან თათართასა უცალო ქმნილმან, იწყო შლად საყდართა საეპისკოპოსოთა, რომელი სანატრელთა მეფეთა შესავალნი სოფელნი მიენიჭნეს, განსცემდა, ეგრეთვე მონასტერთა. ამას თანა სხუანიცა ბოროტნი აღძრნა მტერმან, რომელნი არა საჴმარ არიან თქმად, და მძლავრა სიბერესა შინა, ვითარ სოლომონს. ამისთჳს სწრთვიდა ღმერთი არა ჩუენებითა, არამედ შუენიერებითა ძისა მისისათა სიკუდილისა გლოვითა, ვინათგან უგუნურებასა შინა ვართ ნათესავნი ადამისნი, და გულს-მოდგინედ მიდრეკილ არს გული კაცისა ბოროტისა მიმართ, ვითარცა წერილ არს: "არა ინებეს, შეგონებად, არამედ გარდავჴედით ცხოვრებასა ჩუენსა, და ყოველნი ვართ ამაოებასა შინა", ვითარ იტყჳს ბრძენი ეკლესიასტე: "ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არს", და მზესა ამას ქუეშე ხილულსა ყოველსა ამაოებასა მისცემს.

ხოლო ჩუენ გზისა მცირდ გარდამაბიჯებელნი, კუალად მოგზაურ ვიქმნეთ. და ვითარ მოიწია მსგეფსი სიბას წარსლვისა, წარვიდა მეფე კუალად. ხოლო მუნ ყოფასა მისსა დასნეულდა ძე მისი გიორგი, რამეთუ დიდი ნუგეშინის-ცემა აქუნდა მეფესა საბრძანებელსა მისსა, და მისვე სისხლისა მდინარებისაგან აღსულდა, და დაუტევა მსწუხარება მიუთხრობელი ყოველთა მკჳდრთა სამეფოსათა, დიდითგან მცირეთამდე. ხოლო გუამი ყრმისა გიორგისი დაასუენეს საყდარსა სიონისასა, რათა მოიცადონ მეფე. [257] და ვითარ წარჴდა ჟამი მცირედ, მოვიდა მეფე ტფილისს. ვითარ არავინ გამოგება ცინა, თჳნიერ მცირეთა მოქალაქეთასა, ზარ-განჴდილი მიისწრაფდა პალატად, სადა დახუდეს სპანი და ვაზირნი დამალულნი და შავითა მოსილნი. და ვითარცა აუწყეს სიკუდილი ძისა მისისა გიორგისი, მყის, სმენასავე თანა, დაეცა და კნინღა მკუდარ იქმნა. და ესრეთ შეიღეს პალატად ჴელთა ზედა მქონებელი და ძლით მოვიდა ცნობად, რამეთუ უკეთუ მოისპოს სული, მყის მოისპობ ცნობა, და უკეთუ მოისპოს ცნობ, არა თანა მოისპობის სული, სიტყჳს-მოქმედი იტყჳს; ვინათგან ტკივილთა მიერ უზომოთა მოცვულ იყო, და შვილობისა სიყუარული და კულად სიტურფე-აღმატებულება ათრვამეტისა წლისა მყოფისა, სიმჴნე, სამჴედროთა ზნეთაგან განსრულება, ტკივილნი მრჩობლ ზედა დაერთვოდეს. სალმობიერითა გოდებითა გოდებდა და სიკუდილსა აღირჩევდა თავისა თჳსისასა, რაჟამს იხილა აღყვავებული და შუენიერი გუამი ძისა მისისა გიორგისი მკჳდრად, უფერულად მდებარე, რომელსა იგლოვდა ერი. და ვაებით წარიღეს. მცხეთას, და მუნ დაკრძალეს, და უკმოიქცეს მწუხარებითა სავსენი. ხოლო ესოდენ განუმრავლდეს ტკივილნი შვილისა საყუარელისანი, რომელ მიერითგან არღარა აქუნდის ლხინება, და სენთაცა მრავალთა მოიცვეს და გუამითა უძლურებდა უმრავლესთა ჟამთა, გარნა მონებდავე ყაენსა აბაღა, რამეთუ არა იყო სხუა ღონე.

აქა შინა იწყო მანკაბერდელმან სადუნმან განდიდებად, რომელი პირველი ულოს შეეწყალა, რკინობისა ძლით. და ყაენმან აბაღაცა პატივ-უყო, და დიდი საჰიბმდივანი კეთილსა უყოფდა, მით რომელ ცოლსა მისისა ავაგის ასულისა, ხუაშაგისა, ეჯიბობა აქუნდა, და მეფესა დიავითსაცა მიებოძნეს მისთჳს მრავალნი ქუეყანანი.

ამათ ჟამთა იქმნა განდგომილება თათართა ურთიერთას, რადგან განუდგა ყაენსა აბაღას თეგუდარ ყაენი, ბარახას ძმა უმრწამესი, რომელი იყო ზემოჴსენებულისა ჩინგიზ ყაენის შვილისა ჩაღატა ყაენის ნათესავი, რომელსა ეპყრა ქუეყანა თურანისა [258] და დიდი თურქეთი. ესე ბარახა ყაენი იყო თურანსა, და წარმოავლინა ძმა თჳსი თეგუდარს ხარაჯა ქუეყანისა, რომელ მას წარჴდომოდა, ვითარ ზემო თქმულ არს, თეგუდარს მიხუდებოდის. ესე მივიდა, ორისა ბევრისა ლაშქრისა მქონებელი. შეიწყნარა აბაღა, და უჩინა ზაფხულის სადგურად ვიდრემე მთანი არარატისანი და საზამთროდ რაჴსისა პირი და ნახჭევანი.

ესრეთ იყოფოდა თეგუდარ. შეშურდა ყაენობა აბაღასი, და მიუმცნო ძმასა თჳსსა ყაენსა ბარახას, ჯეონს იქით მყოფსა, ვითარმედ: "რად მივსცემთ ყაენობასა და ქუეყანასა დიდსა აბაღას! აწ წარმოემართე მანდით შენ და აქათ მე, და ორთავე შევმუსროთ აბაღა, და ჩუენ დავიპყრათ ქუეყანა მისი". ხოლო მოივერაგა ესრეთ, თავი შეშისა ისრისა აღმოთხარა, და ძულითა პილოსათა შეაწებნა სამნი ისარნი და მათ შინა შთადვა წიგნი, ამად რომელ ყოველგან გზისა მცველნი განჩენილ იყვნეს თათართაგან ძუელითგან და განიკითხიან მგზავრი და მოციქული; და ვითარ მივიდა თეგუდარის მოციქული ძმასა მისსა ბარახა ყაენს წინაშე, სთნდა სიტყუა და განზრახვა თეგუდარისი, და მიუმცნო მანცა ეგრეთ, რათა პაემანსა შეკრბენ ერთად, და დაამჴუან აბაღა ყაენი და დაიპყრან ჴელმწიფობა. და მოუწერა განჩინებული დრო პაემანისა, რომელ მას ჟამსა უკუადგეს თეგუდარსა, რომელსა ჟამსა გამოვიდეს ჯეონსა ბარახა სპითა მისითა.

ხოლო განგებამან ზენამან განაქარვა განზრახვა მათი, და დაიცვა აბაღა უმანკოებისათჳს და სიწრფოებისა და სიმართლისათჳს, და შესცთა მწიგნობარი მისი და ორითა მთოვარითა დაწერა განდგომა თეგუდარისა, რამეთუ თუქენი მათნი მთოვარითა აღრაცხილ არიან. და შთადვა მანცა თავსა შინა ისრისასა წიგნი ესე. და წარმოვიდა მოციქული, და მოიწია ნახჭევნის ველსა თეგუდარს წინა და მოსცნა ისარნი, და განაღო თავი ისრისა და პოვა დაწერილი ძმისა მისისა ბარახასი. და ჟამიცა პაემანისა მოახლებული პოვა წერილსა მას შინა, და მყის აღეკაზმა, ბარგითა და დედაწულითა, კაცი მბრძოლი ვითარ ბევრი ერთი და ხუთასი. რამეთუ სხუა იგი ლაშქარი ვერ ესწრა სისწრაფისაგან, ნუ უკუე განცხადნეს საქმე მისი, და ბოროტი ეყოს აბაღას მიერ. [259] აიყარა და მომართა მთათა ღადოსათა, კარჩხალთა და კარისათა, რომელ არს შორის. შავშეთსა და აჭარასა, და დადგა თავსა შავშეთისასა ფიჭუთას, და ეზრახა სარგის ჯაყელსა, რათა მისცეს გზა, უკეთუ უნდეს წარსლვა აფხაზეთისა მეფესა დავითს წინაშე, რათა იგი იყოს შუამდგომელ მეფისა და თეგუდარისა, და უკეთუ განუმარჯუდეს, დიდად განადიდოს სარგის.

და ვითარ ამას ზრახვასა შინა იყვნეს, სთნდა სარგისს სიტყუა თეგუდარისი. მოუწოდა სპათა მისთა და დიდსა შანშეს შვილსა ივანეს მანდატურთ-უხუცესსა, და წარმოავლინა დევნად თეგუდარისა, და აჩინა მჴედართ-მთავრად სირმონ, ჩორმაღან ნოინის შვილი, კაცი წყობათა შინა სახელოვანი და შემმართებელი, და მრავალნი ნოინნი სხუანი, და მოიწივნეს მთათა არტანისათა, და დაიბანაკეს მუნ.

ხოლო იქმნა ესეცა საკჳრველი ყოველთა ნაშობთა დედათა უმეტესისა, რომელმან ღმრთისა სიტყუასა, ქალწულისაგან შობილსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, თჳსითა ჴელითა ნათელ-სცა, და ჴმა მამისა ზეცით ესმა, და სული წმიდა სახითა ტრედისათა იხილა, და სამებისა წმიდისა ერთი არსება ცხად ყო და გუასწავა, იოანე ნათლისმცემელმან, - ამისი უდაბნო შენ არს, და არა უცნაურ, მთათა შინა ღადოსათა ოპიზა, უპირველესი ათორმეტთა უდაბნოთა. ამას შინა უპირატესი ყოველთა წინასწარმეტყუელთა და მოწამეთა, ყოველთა უაღრესთა ნათლისმცემლის იოანეს ჴორჴი იგი, რომელი არა დადუმდებოდა ქებად ღმრთისა მოსრულისა, და მამხილებელი ჰეროდეს უსჯულოებისა და ესრეთ პატიოსნისა საუნჯითა განშუენებული და საღმრთოთა კრებულითა აღსავსე იგი საყოფი ნათლისმცემლისა, და ჭეშემარიტი თჳთ თავადისა საყოფი, ვითარ სიტყუა ცხად ყოფს. ესე რა სიდიდე უდაბნოსა ოპიზისა და შემკობა მისი პატიოსნითა ხატითა, და კანდელთა მიერ აღსავსეობა, ინება წარმოღება მისი, და წარმოავლინა ვითარ ათასი მჴედარი, რათა მოაოჴრონ. ხოლო წარვიდეს მთისა გზასა, რომელი მივალს კარჩხალთა კერძო. გარნა არა დაიდუმა მსჯავრმან ზენამან, რამეთუ ეგოდენი წმიდანი მამანი, რომელ მას ჟამსა ბრწყინვიდეს ოპიზას, სასწაულთა ნიშთა მიერ გაბრწყინვებულნი და მინდობილნი წინამორბედისა იოანესნი წარმართთა მიერ მოწყუედილნი, და ჴორჴი იგი, დაუდუმებელი ღმრთისა ქადაგი, არა უპატიო ყო [260] ღმერთმან; ამისთჳს დაიცვა საყოფი თჳსი და მოუვლინა ნისლი და სიბნელე, და ვერღარა ვიდოდეს ფერჴითა საძაგელითა, რამეთუ მოახლებულ იყვნეს უდაბნოსა. და დადგეს მთისა მის ძირსა, რომელსა ეწოდების ძეგლი, რომელსა ზედა შენ არს ეკლესია წმიდისა გიორგისი, რომელ არს [შორის] ოპიზას და მიძნაძორსა. მაშინ მოხედნა წყალობით სამკჳდრებელსა თჳსსა იოანე ნათლისმცემელმან, მსგავსად ყოვლად უბიწოსა ვლაქერნისა ღმრთისმშობელისა, და მოავლინა ქარი სასტიკი მთისა ღადოსა და ხოშკაკალა სეტყუა და წჳმა მძაფრი, და აღდგეს ღელვანი ვითარცა შუა ზღუასა, და წარმოეცა წყალი მძაფრი და იქმნა მდინარე დიდი, რომელი განსწორდა ვიდრე წუერადმდე ძეგლისა, რომელი აწცა იხილვების დიდი იგი ნაღუარევი, რომელი შევალს მართლ ზედა-ზედა წყალსა შავშურსა. ზედა მოეტევა წყალი და წარიხუნა თათარნი სრულიად კაცი და ცხენი, არა დაშთა თჳნიერ კიდე ერთისა კაცისა. და წარვიდა თხრობად თეგუდარისა, ვითარცა იობის ზედა ღაღადისი, ვითარმედ: "სახლი ღმრთისა არს ადგილი იგი, საყოფი მონათა ღმრთისათა, ერიდენით მუნ მისლვად".

იდგა მაღალსა არსიანის თავსა, მოვიდეს და რიყეს, ვითარმედ: "მოვიდა ლაშქარი დიდი აბაღასი, და დადგეს მთასა არტანისასა, და ხვალე მოსლვად არიან აქა". ესმა თეგუდარს და, რა გათენდა, აღყარა ბარგი და დედაწული თჳსი, და უკუ აყენა მთასა მაგარსა კარისათა, რომელსა ერთ-კერძო შევალს გზა, და თჳთ ლაშქრითა და მეომრითა გარდმოიარა არსიანი აქეთ, სირმონ ჩამოვლო მთა ყუელისა, და მოვიდეს ორნივე თავსა ყუელისასა. სირმონ წინა დაუდგა, რომელი იყო ბრძოლათა შინა სახელოვანი, ეგრეთვე ძლიერნი მბრძოლნი თეგუდარისნი: სეგზი ჯოლაქი, აბიშხანოხი, თელქა-დემურ, რომელთა დიდად ძლიერი ომი გარდაიჴადეს, და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ. და განგრძელდა ორგნითვე ომი, იძლია თეგუდარ, და ივლტოდა დედაწულითა მიერ მთასა ღადოსასა, ჯნალის თავსა, და მიუდგა უკანა სირმონ, ხოლო თეგუდარ დაუდგა სიმაგრესა მთისა[სა] მინდობილი. და კუალად იქმნა ომი ძლიერი ორ დღე.

და ვითარ მისჭირდა თეგუდარს. ივლტოდა უცნაურად, რომელიმე აჭარით და [261] რომელიმე ნიგალისჴევით, რომელი ყოვლად უვალ იყო კაცთაგან, და არა დასაჯერებელ არს კაცთაგან, უკეთუ ვისმე ეხილნეს მთანი იგი, რომელ წარვლნეს, რამეთუ ყოვლად შესაძრწუნებელ არს სლვა კაცისა, არა თუ ცხენისა, პირველ სიმძაფრითა და მერმე ტყისა სიჴშირითა და შქერთა და ეკალთა, რომელსა ბურწუმალ ეწოდების, განრთხმული ბრძღუმლითა რომელი ნადირთაგნცა უვალ იყო ადგილი რომელი შთავლეს. და იქმნა ესეცა, რომელ განვლეს ტყესა ერთსა, ქუეშეთ კლდიანსა და ზედათ მიწისა მცირისა მქონებელსა, და ზედა მოშენებულ იყო ტყე; გაღმართ განმავალთა წარუსქდა მთა იგი, ვითარცა ზუავი თოვლისა, კაცსა ვითარ ათასსა, დედაწყლისა მქონებელსა, და შთავიდა ჴევსა აჭარისასა, და დაიპყრა ცხენი და კაცი და ყოვლად უჩინო ყო, და ესრეთ საწმალობელად მოისრვოდეს. და ესრეთცა ადგილსა მას სთხრიან მაჭარმლნი და ჰპოებენ სამკაუშლთა დედათასა, ოქროსა და ვეცხლისათა.

ჩაიარეს აჭარა და ნიგალისჴევი, და მერმე შეიარეს გურია, და მივიდეს ქუთათისს მეფესა დავითს წინაშე. ხოლო იგი სიხარულით მოეგება და სერი დიდი განუმზადა; ხუთასი ზროხა მოხარშული დაუდვა, თჳნიერ ღორისა და ცხურისა კიდე, და ლაშქრისა გამოსაზრდელად მასვე დღესა ცხენი ექუსასი, ზროხა ათას ხუთასი, ცხოვარი ათასი, ღორი ორი ათასი. ესე ყოველი მას დღესა მოიღო თეგუდარს წინაშე, და მან განუყო ლაშქართა რომლისათჳს დიდად გნკჳრდეს თეგუდარ და სპანი მისნი. ხოლო ღჳნის ამარი არა იყო, მოიღეს ურმითა და ჭურითა და აღმოასხმიდეს. ესრეთ კუალად ისტუმრა მეფემან დავით. რომელი იყო უხჳ და მდაბალი, და მეცნიერი ყოველსა საქმისა, და სახელისა მომხუეჭელი. ესე ვითარცა მონა დაუდგა სასამსახუროდ თეგუდარს.

ეგრეთვე დედოფალმან, ასულმან მაღლისა ჴელმწიფისამან, პალიალოღოს კოსტანტინეპოლის მეფის ასულმან, ამანცა ეგრეთვე პატივ-სცა ცოლსა თეგუდარისსა; და გაუშინაურდეს ურთიერთას, და მიენდვნეს, და ზედას-ზედა მივიდის დავით მეფე [262] თეგუდარს წინა და განუჩინის ყოველივე წესი და რიგი მისი, და ესრეთ იყოფოდა წინაშე მისსა.

და ვითარ შეიქცა სირმინ გამარჯუებული ყაენს აბაღას წინაშე, მაშინ მოვიდა კაცი გზათა მცველთა ხუარასნით, ვითარმედ: "შეიძრა ულუსი დიდი თურანისა, და ყაენი დიდი ბარახა გამოვიდა ჯეონსა, უამრავითა ლაშქრითა". რამეთუ ბარახა პაემანსა გამოსულ იყო, და თეგუდარის გარდახუეწა აუწყეს. ვითარცა ესმა აბაღას, განკჳრდა, მოუწოდა ყრმათა მისთა და ყოველთა ქართველთა. მაშინ მეფე დავით შვილის სიკუდილითა დაუძლურდა, არამედ ეგრეთვე წარვიდა ყოვლითა ძალითა მისითა. წარვიდეს ხუარასნით კერძო და მივიდეს ჰერს, და მიერ მინდორსა ამოსისასა, და და ეახლნეს ურთიერთას. წარავლინნეს მეფე და სპანი მისნი წინათ, რათა დაიცვნენ ლაშქარნი მისნი დასხმისაგან ბარახასა, და ულუსი და სპა მისი განიცადოს. და სხუანიცა ნოინნი წარგზავნნა წინა წარსლვად, ვითარ ოთხსა გინა ხუთსა მილიონსა. ამცნო, რათა იხილონ სპა ბარახასი, რომელი მათვე შემოეყენა, და გარე-უკუნიქცეს. ამათ წინა შორს მდგომთა ყარაულად უწოდიან ენითა მათითა.

და წარვიდა მეფე და ყარაულნი თათართანი აბაღასნი და ვითარ ვლეს ორი დღე, დადგეს ადგილსა ერთსა. მიმწუხრი და ცისკარი რა მოეახლა, იხილეს მტუერი დიდი, ამოსის მინდორსა ამაღლებული, ვითარ ღრუბელი. ცნეს, ვითარმედ ბარახასი და სპისა მისისა არსო. აეკაზმნეს მეფე და სიქადურ, და ენება სიქადურს გარე-უკუნქცევად შიშისაებრ აბაღასა, და რქუა მეფესა: "ჩუენ ყარაულნი ვართ, და ლაშქართაგან მცირედნი, და აჰა განგჳცდიან ლაშქარნი, და წარვიდეთ ყაენს წინაშე, და ვაცნობოთ მოსლვა მისი". ხოლო მეფემან თქუა: "არა არს წესი ჩუენ ქართველთა, უკეთუ ვიხილოთ მტერი ჩუენ კერძო მომავალი, შეუბმელად ზურგი შემოვაქციოთ, დაღათუ იყოს სიკუდილი". ვითარცა ესმა თათართა, განკჳრდეს და განწყრეს, და ზედა მოუჴდეს მეფესა და ეტყოდეს: "არა იცი რასა იქმ, არა გაქუს ბრძანება აბაღასი უმისოდ შებმა დიდისა ყაენისა; თქუენ ქართველნი უცნობონი ხართ და არა იცით საქმე". და მრავალსა ევედრებოდეს მეფესა და ყოველთა სპათა მისთა, და ბოროტის ყოფასაცა აქადებდეს [263] აბაღას მიერ, გარნა ვერ არწმუნეს უკუნქცევა. მაშინ წარავლინეს მსწრაფლ კაცი ყაენს წინაშე და აცნობეს: "აჰა მოვიდა ბარახა დიდითა ლაშქრითა, და ჩუენ ვხედავთ მტუერსა დიდსა ამოსისა მინდორსა, სრულიად მტუერითა დაბნელებულსა, და ჩუენ, ბრძანებისაებრ თქვენისა, გუნებავს გარე შექცევა და წინაშე შენსა მოსლვა, გარნა ქართველნი, უცნობო-ქმნილნი, არა მოვლენ ჩუენ თანა. ამას იტყჳან, ვითარმედ არა გუაქუს ჩუეულება, რათამცა მტერი თუალითა ვნახოთ და გარე შევიქცეთო. აწ არა თუ შენ ყაენი მოხვალ და შენ განაგებ, ჩუენ განგჳწირავს თავნი ჩუენნი სიკუდილად. და ისწრაფე შეწევნად ჩუენდა".

ვითარ მოიწია მოციქული და ესმა მოსლვა ბარახასი და ყარაულთაგან არა მორიდება, განკჳრდა, და მსწრაფლ ამჴედრდა სპითა მისითა, და წარისწრაფა და მიესწრა რაზმწყობილთა, და მოიყვანა მეფე და რქუა: "ვიცი სიმჴნე თქუენი ბრძოლათა შინა. თქუენ ქართველნი ურჩნი ხართ და შმაგნი. უკეთუმცა ნოინს რომელსამცა ექმნა, მო-მცა-ვკალ; ამისთჳს არა ბრალეულ გყო, რამეთუ უმეცარნი ხართ წესისა ჩუენისანი. აწ დადეგ წინათ ლაშქრითა შენითა".

ხოლო მეფე გარდაჴდა ცხენისაგან თაყუანის-ცა ყაენსა და რქუა: "დიდო ყაენო, არა არს ჩუეულება ქართველისა, რათა მტერი იხილოს და ზურგი შემოაქციოს. აწე ბედნიერმან თუალმან ყაენისამან გჳხილოს, თუ ვითარ დავდვათ თავი ჩუენი სიკუდილად". და წარვიდა მეფე, და დაეწესა წინა-კერძო, ხოლო დიდი იგი და მჴნე აბათა ნოინი, რომელი იყო მჴედართ-მთავარი, რომელ არს ამირსპასალარი, მარცხენასა მჴარსა, სირმონცა დიდი იგი მარცხენითვე, სიგადურ, ტონღა ბუღა, ჯინილის, არღუნ აღას და იას ბუღა მარჯუენით, და სხუანი ნოინნი განაყენნეს მარჯუენით და მარცხენით. ეგრეთვე რაზმ-წყობილი ბარახა მოიწია.

მაშინ გამოჩნდა კაცი ერთი, სახელით ალიყან, ასისა კაცისა თავადი და არა საჩინოსა გუარისა, არამედ ტანითა დიდი და ახოვანი, ძლიერი ძალითა და უშიში [264] მჴნედ, და აღმატებული სიტურფითა, ჰაეროვანი და შუენიერი. ამან ითხოვა აბათა ნოინისაგან, რათა ფარმანი მისცეს წინამბრძოლობისა, ოდესცა სთნდეს და მისცა სათხოველი ესე აბათა ნოინმან, და ამას შინა მოეახლნეს ორნივე სპანი ურთიერთას, და იქმნა ომი დიდი და საშინელი. ამან ზემოჴსენებულმან ალიყან წინა შეუტივა რაზმსა მათსა, და განაპო და განვიდა რაზმსა მათსა ყოვლითა მოყუსითა მისითა. შეკრბა და იწყო თქმად ალა-ალასა, და მოიქცა, და კუალად განხეთქა რაზმი მათი, და გამოვიდა აქათ. და მეორედ კუალად მიმართა, დაფრიწა რაზმი და განვიდა იქით, და იწყო თქმად ალა-ალასა, და ეგრეთვე ქართველთა იწყეს ძლიერად ომი, რამეთუ თჳთ ხედვიდა ყაენი, რომელ წინამდგომთასა მეფემან და სპათა მისთა უწინ შეუტივეს და სივლტოლად მიდრიკნეს. ეგრეთვე აბათა ნოინმან ძლიერად იღუაწა ესოდენ, რომელ ოხჭანსა შინა ომისასა სრულიად შეჭურვილი კაცი აღიღო უნაგირისაგან და ტახტასა თჳსსა შემოიდვა, და აქუნდა სრულსა ომსა შინა ჴელთა თჳსთა, ვითარცა არწივსა კაკაბი. ეგრეთვე სირმონ იღუაწა ძლიერად, და ყოველნი მათ-კერძონი სივლტოლად მიდრკეს. ხოლო ბარახა ყაენი შეემთხჳა მარჯუენით აბაღასთა, სიქადურს, ტონღა ბუღასა, ჯინილის და არღუნ აღას, ესენი მსწრაფლ სივლტოლად მიდრიკნა ბარახა, ვიდრე მეორე დღე ამათ სდევნიდა, ხოლო აბაღა ორ დღე მათ სდევნიდა, და ვერ ცნეს რაზმისა სიგრძისაგან თუ რა შეემთსჳა, და ვითარ ცნა ბარახა გაქცევა და ამოწყუეტა სპათა მისთა, დაბრუნდა, ეგრეთვე აბაღაცა, და შეიმთხჳვნეს კუალად ურთიერთას, და განეწყუნეს. ვითარ იხილა აბათა ნოინმან ყაენი ბარახა, აღიღო შუბი და მარტომან მიმართა რაზმსა მათსა, რამეთუ იყო ესე აბათა ნოინი კაცი ახოვანი ბეჭითა და მკერდითა, მსგავსი ლომისა, უშიში, ძლიერი შემმართებელი და ჰაეროვანი, ტკბილი და სახიერი და სიტურფე-აღმატებულილი. და ვითარ მიახლდა სპა მისი, [265] სდევნეს და მოწყჳდნეს სული ურიცხჳ, და ტყუე ყვეს, და ესრეთ განმარჯუებულნი მოვიდეს ურდოთა მათთა.

ხოლო ვითარ იყო ყაენი აბაღა ხუარასანს ბრძოლად ბარახა ყაენისა, მაშინ ზემოჴსენებულმან თეგუდარ წარმოავლინნა სამნი მჴედართ-მთავარნი მისნი დედაწულითა და ბარგითა მათითა, სახელით სეგზი ბადურ, და აბიბახა, და თოლაქ დემურ, და მეოთხე ჯოლაქა. წარმოვიდეს და მოვიდეს და დადგეს მთასა ზედა, რომელი აღმოივლის შტოდ კავკასისა, რომელ არს ლიხი. და ვითარ წარვლეს დასავლით კერძო, რომელსა უწოდენ ღადოდ, და ამათსა შესაყარსა დემოთისასა, დადგეს თათარნი ადგილსა, რომელსა ეწოდების ლომისთავი, და მიერ არბევდეს ჯავახეთსა ვიდრე ფარავნამდე. მაშინ მუნ მდგომთა თათართა ჩამოვლეს ეკერის ჴევი, და განვლეს აწყუერს ზედა ფონი მტკურისა, და განვიდეს ჯავახეთს და მუნ დახუდა ჯოგი კახა თორელისა, რომელსა აქუნდა პატივად მეჭურჭლეთ-უხუცესობა, და ყურუმჩის ვისმე ჯოგი ათასისა მჴედრისა თავადისა, არა ალიყანისა შვილი, ყურუმჩისი, არამედ სხჳსა ვისმე, და წარმოიღეს და მომართეს სადგურსა მათსა ლომისთასა. ესმა ყურუმჩი ბადურსა, და მოუწოდა კახას თორელსა და დევნა უყვეს.

ხოლო თეგუდარიანნი განსრულ იყვნეს მტკუარსა, სადა მოერთვის წყალი გურკლისა, და ესენი მივიდეს პირსა მტკურისასა, რამეთუ იყო სიმრავლე ფრიადი თათრისა და ქართველთა სპისა. რამეთუ ისინი მცირედნი იყვნეს, იძიეს ღონე, თოლაქ დემურ განვლო მტკუარი ოცდაათითა კაცითა უგრძნაულად და სხუანი დაუდგეს პირსა მტკურისასა. თოლაქ დემურ აღვლო ჴევი და აღვიდა ქედსა, და აღაბა ალამი რამე სხუა დროშისა, და მოეტევა ჴმითა მაღლითა. და ვითარ იხილა ყურუმჩი ბადურ წინათ და უკანა კერძო ლაშქარი, ჰგონა სიმრავლე სპისა მის და შეშინებულ იქმნა, და ივლტოდა მსწრაფლ შეშფოთებული, სადა-იგი სიმრავლე მოიკლა კაცთა კეთილთა, და [266] ორთა კოხტელთა მიიღეს აღსასრული, და სამძივარი ცხენ-მოკლული ჭურვით ივლტოდა და აწყუერს შევიდა, მჴედართ-მთავარი თათართა ყურუმჩი ბადურ მო[ი]კლა, და უწესოდ დაბნეულნი, გზისა მეოტისა ვერ დამპყრობელნი შეივლტოდეს მთად რუგეთისა, აღმართსა ძნელ-სავალსა, სოფელსა, რომელსა რქჳან კჳრიკე-წმიდა. დაბრუნდეს, და გამარჯუებულნი მივიდეს ყაენის ძმისა თეგუდარისა თანა. და ალაღებული თეგუდარ გარდამოვიდა ქართლს, და მოაოჴრებდა ყოველსა ქართლსა.

მაშინ ევედრა ყაენი აბაღა მეფესა დავითს, რუსუდანის ძესა, რათა არღარა შეეწიოს და არცა შეუშვას თეგუდარ, და ნიჭთა დიდთა აღუთქმიდა, რამეთუ იჭჳსა მქონებელი ღალატ[ი]სა თეგუდარის ყმათაგან განცხადებულად მცნობელი, თჳნიერ თეგუდარის კითხვისა, ერჩდა აბაღას დავით მეფე, და შეკრა გზანი, რომელ არღარა შეისლვებოდა ცხენითა. ხოლო თეგუდარ არა უწყოდა; და ვითარ ცნა აბაღა, რამეთუ არღარა შეეწევის მეფე დავით, გარნა წერილ არს, ვითარ აფროსინელთა შინა სიტყუა, იტყჳს ვინმე, იბრძოლებოდეს რა ანტიპატროს და ყრმა კასანდროს მოაკუდინა, -- ცნა აბაღა ყაენმან და წარმოავლინა მჴედართ-მთავარი მისი სირმონ ბადური, და სხუანი მთავარნი ნოინნი, და სპისა სიმრავლე, და მოვიდეს თრიალეთს, და მოუწოდეს მეფესა დავითს და სპათა მისთა. რამეთუ მეფე სნეულობდა მას ჟამად. და წარმოავლინა ყოველნი მთავარნი მისნი, სირმონს თანა, და შთავიდა სირმონ ქართლად. და ცნა თეგუდარ მოსლვა სირმონისი, წინა განაწყო სპა მისი, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ, და ესწრა ღამე და გაიყარნეს რა გათენდა, განეწყუნეს ურთიერთას პირისპირ. იქმნა ბრძოლა ძლიერი, და სპა მეფისა წინამბრძოლობდა, და ვითარ აღერივნეს ურთიერთას, ივლტოდა სპა თეგუდარისა, მიმოდაიბნივნეს, მოისრნე და უჩინო იქმნეს. და დარჩეს თეგუდარ და ძე მისი მცირე უღონოქმნულნი, მივიდეს სირმონს თანა, და ევედრა, რათა ყაენი აბაღა იხილოს მან და ძემან მისმან. ისმინა სირმონ, გარნა დააპატიმრნა, და აღიღო ტყუედ დედაწული მისი [267] და ყოველი სიმდიდრე და ბარგი და საქონელი და ჯოგი, და მივიდა აბაღას წინაშე, და მიიყვანა თეგუდარ და ძე მისი. ხოლო აბაღა არა ავნო რა, რამეთუ იყო კაცი მოწყალე და შემნდობელი, ვითარ ზემორე ვთქჳთ, და წარგზავნა ქუეყანასა ერაყისასა, და მისცა ათორმეტი კაცი მას და ძესა მისსა, საზრდელი და შესამოსელი უხუად, ქორ-შავარდენი და ავაზა, და განუჩინა სარჩომი, რომელ არა აკლდეს, და მცველნი დაუდგინნა, რათა არღარა გაუშუას მამულსა მისსა. და ესრეთ განსუენებით იყოფოდა და აღსრულდა. და ყაენმან აბაღა მრავალნი ნიჭნი და ძღუენი წარავლინა მეფესა დავითს წინა, და ქართლს მრავალნი სოფელნი და ატენი მისცნა.

მაშინ წარვიდა ყაენი სიბად, და თანა წარიტანა დავით მეფე. და იყო ჟამი ზამთრისა, და რა ზაფხული მოიწია, წარმოვიდეს, და მგზავრ მომავალსა მეფესა შეედვა სალმობა მუცლისა. და ვითარ მკურნალთა ვერ უძლეს კურნებად, მაშინ ევედრა ხატსა მას მარტომყოფისასა, და მივიდა მის წინაშე, ვითარ ჩუეულ იყო, რამეთუ პირველ ამისსა მუცლისა სნეულებითა შეპყრობილ იყო და ვითარ მკუდარი იდვა, უსიტყუოდ, და აღედგინა ხატსა ჴორცშესხმულისა ღმრთისასა. ხოლო აწ არღარა პოვა ლხინება, ამისთჳს რომელ მოაკლო ღმრთისმსახურება, და იწყო რღუევად საყდართა და შლად. ამისთჳს აღიღო ღმერთმან ჴელი წყალობისა, და პირველ წელთა მოკუდა ძე მისი პირმშო გიორგი, სიკეთე-აღმატებული, და აქა მიიცვალა დავითცა მწუხარებითა ძისათა. და ესუა სხუაცა ძე, კეთილ-მოჴსენებული, მჴნე და ქველი, სახელით დიმიტრი, რომელი შემდგომად მეფე იქმნა. ხოლო ამან დავით რა დაასრულა ცხოვრება, დამარხეს სმეარხოსა მეფეთასა მცხეთას. ხოლო თქმულ არს ესეცა, ვითარმედ წამლისა მიერ [268] აღსრულდა, ცოლისა მისისა ესუქნის მიერ მიცემითა წამლისათა. ვითარ სიტყჳსმოქმედი იტყჳს მაკედონელისა მის დიდისა მიდოსით თავ-მტკივნეულობად მყოფისა და იჭჳსა წამლისასა მიდოს[ის] და ანტიპატროს მიერ მიცემისა ეგრეთვე დავითისა თქულ არს ესუქნის მიერ, შურისათჳს ბასილი უჯარმელისა, რომელი მოაკუდინა მეფემან, უწესოებისათჳს; რამეთუ თანა ეყო ბასილი ესუქნის, და არა რიდა საწოლსა პატიოსანსა მეფისასა, და ჩოჴანიცა აღიჴადა, და მთავრობა მიიტაცა, ამის უწესოებისათჳს მოიკლა ბასილი. ვინათგან მოიწია უნუგეშინისცემო ყოველთა მკჳდრთა საქართველოსათა, რამეთუ მიიცვალა მწუხარება მეფე დავით, იგლოვეს წესისაებრ, და მრავალი ნიჭი გასცეს ეკლესიათა საყდართა და გლახაკთა საჴსენებლად მისა. გარნა მწუხარე იყვნეს ქართველნი, რამეთუ მეფე დიმიტრი მცირე იყო, და არა ძალედვა მეფობა. ამისთჳს უმრავლესნი წარვიდეს და მსახურებდეს ყაენსა, რამეთუ ვერცა დავით მეფემან სწუართნა ერისთავნი, შიშისათჳს ყაენისა.

მაშინ ზემოჴსენებულნი ღალღურ და რაჭის ერისთავი კახაბერი შეიზრახნეს ურთიერთას, რათა განუდგენ მეფესა დავითს, რუსუდანის ძესა და წარვიდეს ყაენს აბაღას წინაშე, და ეზრახნეს ალიყანს ბადურს, რომელი დგის მთათა ჯავახეთისათა, და მან აცნობა ყაენსა. ხოლო მან ნიჭნი დიდნი აღუთქუნა, და წარვიდა ღალღურ, და კახაბერის-ძე კახაბერი, რომელი იყო თესლით ბოროტი, ვითარ გუაწყებს წიგნი მეფეთა ბაღუშისთა და ნათესავთა მისთა. რამეთუ მოიწივნეს ყაენს წინაშე, შეიწყნარნა, და მოუწოდა სირმონ ნოინსა და რქუა: "მეფე დავით ესეოდენთა განდგომილებათა იქმს, რამეთუ მისსა არა კმა იყოფს, და ყოველთა განდგომილთა ჩუენთა თანა შეეწევის, ვითარ თეგუდარს, და აწ ღალღურს. ხოლო მე ნიჭნი დიდნი და პატივნი წინა უყვენ თეგუდარისთჳს და კუალად ღალღურ შეიწყნარა; აწ მნებავს, რათა შური ვიგოთ [269] მის ზედა. და ესმა რა კახაბერსა, წარსდგა და თქუა: "უკეთუ ნებავს ყაენსა შურისგებად დავით მეფესა ზედა, მე მისთჳს მოვსულვარ, ვიცნი გზანი შესავალნი, და წარვასხამ ლაშქართა, და ვგონებ, რომელ მეფე ჴელთ ვიგდო. და ღალღურცა იცის გზა და ძალი ქუეყანისა მათისა".

მაშინ უბრძანა ყაენმან აბაღა სირმონ-ნოინს, ალიყანს, და თაიჩოს, და აბჩის, რათა ილაშქრონ მეფეს დავითს ზედა. და შეკრიბეს სიმრავლე ლაშქრისა სამი ბევრი, და გამოვლეს თრიალეთი, და გარდავლეს მთა ლიხისა, და ზედა დაესხნეს ქუთათისს აბანოსა შინა მყოფსა მეფესა, და ძლით შეესწრა ცხენსა, ერთითა კაბითა მარტო ივლტოდა, ხოლო თათართა მოაოჴრეს ეკლესიანი, და მრავალი სული ქრისტიანე მოიკლა და ტყუე იქმნა, და უვნებელად მივიდეს ყაენს წინაშე. ხოლო მეფე, საკჳრველებით დაცვული ღმრთისა მიერ, განერა და ვერ ესწრა მეფე ომსა მათსა, რამეთუ მსწრაფლ უკუნიქცეს თათარნი.

წელსა მესამესა კუალად წარმოვიდეს სირმონ და ალიყან აბაღას ბრძანებითა შეპყრობად მეფისა, რამეთუ დაემსტურა კახაბერსა, და არაღარა ჰგონებდა მისლვასა თათართასა. დაესხნეს კუალად, და მეფემან მიჰრიდნა, და მოაოჴრნეს ქუეყანანი. და ვითარ ცნეს შეყრა და ზედა-მოსლვა მეფისა, ივლტოდეს თათარნი მსწრაფლ, მასვე დღესა, ტყჳთა და ალაფითა.

ამათ ჟამთა სადუნი მანკაბერდელი განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთა მთავართა მის ჟამისათა, რამეთუ შეიყუარა ყაენმან აბაღა, და იწყო ურვად საქმეთა საქართველოსათა, რამეთუ ასული პატრონისა მისისა, ავაგ ათაბაგისა, შევედრა სადუნსა, და ხუაშაგმან ეჯიბობაცა მისცა. მაშინ შეკრბეს ყოველნი დიდებულნი საქართველოსანი და წარიყვანეს მეფის ძე დიმიტრი ურდოსა, და მივიდეს შანშეს მისა ივანეს თანა მანდატურთ-უხუცესსა, და წარჰყვა იგიცა ურდოსა. და მიიყვანეს ყაენს წინაშე ურდოსა და [270] დაუურვეს მეფობა. და ვითარ იხილა ყაენმან დიმიტრი, შეიწყალა და შეიყუარა, რამეთუ იყო ქმნულ-კეთილი და შუენიერი ხილვად, და მოსცა ყოველი სამეფო თჳნიერ სარგის ჯაყელისა, და წარმოატანა თანა სადუნი, რომელსა უბოძა მეფემან დიმიტრი ათაბაგობა. და მოვიდა ტფილისს, და დასუეს ტახტსა მამათა მათთასა, დააღასრულეს. წესი კურთხევისა კათალიკოსმან და ეპისკოპოსთა და ყოველთა მთავართა საქართველოსათა ჰერეთით, კახეთით, სომხითით, ქართლით, ჯავახეთით, და ტაოთ რომელნი შეკრებილ იყვნეს. და იყო მადლობა ღმრთისა და სიხარული დიდი, განცემა გლახაკთა და ობოლთა და დავრდომილთა ზედა, რათა წარემართოს მეფობა დიმიტრისი, და კეთილად განგება საქართველოსა.

მესამეოცდასამე მეფე ქართლისა დიმიტრი ძე დავით მეფისა, ბაგრატოანი

edit

მათ ჟამთა იწყო ყაენმან აბაღა ბრძოლად მეგჳპტელთა მთავარსა და სულტანსა მისრეთისასა ფუნკუყადარს და წარავლინა სპა ძლიერი და მათ თანა სპა ქართველთა, და აჩინა მჴედართ-მთავრად თონდა ვინმე, ნათესავით სალდუხი ბადურთა, მთავარი გართათ, და წარგზავნეს გზასა საბერძნეთით მიმავალსა შამად. და მიუმცნო სულტანსა საბერძნეთისასა, სახელით თარმანს, რამეთუ უწინარეს ამის ჟამისა აღსრულებულ იყო სულტანი დიდი სალჩუქიანი ყიასდინ, და მონასა მისცა ფარმანს მიეტაცა სულტნობა, და ცოლიცა მისი, ასული რუსუდანისი, გურჯი-ხათუნ, მიეყვანა ცოლად, და მას აქუნდა პონტო, ასია და კაბადუკია, ამას მიუმცნო ყაენმან, რათა თანა შეეწიოს სპათა მისთა. და წარვიდეს სპანი აბაღასნი, და მივიდეს ფარმანს თანა, და დაიბანაკეს ევხაიტს რომელ არს ასურასტანი, და ვითარცა ესმა სულტანსა ფუნდუყადარს მისლვა თათართა, მოუჴდა სპითა ეგჳპტისათა და ზედა დაესხა ჟამსა განთიადისასა, და იქმნა ძლიერი ბრძოლა, სადა-იგი მჴნედ ბრძოლა უყვეს ქართველთა, რომელ თათარნი განკჳრდეს. [271] მაშინ თათარი ვინმე, სახელით მორღულ, მიეტევა მარტო რაზმსა არაბთასა, და განვლო შიგან, და მერმე გამოვლო რაზმი, და მომავალსა ცხენსა მისსა უკანა ფერჴი მარჯუენა მოჰკუეთა ვინმე ქუე მდებარემან კაცმან საოლავსა ქაჩაჩსა ზედა. იქმნა საქმე საკჳრველი, რამეთუ ივლტოდა სპა აბაღასი, და თანა მოკლულ იქმნა. წარმოვიდა ესე მორღული უფერჴოთა ცხენითა, სამი დღე და სამი ღამე ვლო. ესრეთ მოკუდა ცხენი.

ხოლო ვითარ ცნა აბაღა ამოწყუეტა ლაშქართა და უმეტეს ქართველთა, დაუმძიმდა დიდად, და შეასმინეს სულტანი საბერძნეთისა ფარმანა, ვითარმედ განზრახვითა მისითა იქმნა მოსლვა სულტნისა ფუნდუყადარისა. ამისთჳს შეიპყრეს ფარმანა, დაღათუ არა ენება ყაენსა აბაღას მოკლვა მისი, არამედ ნოინთა მოაკუდინეს ფარმანა, და აღიღეს ყოველი სიმდიდრე მისი, და აჩინეს საბერძნეთსა ნოინი დიდი და კეთილი, ნათესავი პირველთა ყაენთა, ონხანისა გუარისა, სახელით ერინჯი. ამას ჴელთ უდვეს მთავრობა საბერძნეთისა, და წარუღეს აწყუერი, სამცხეს, რომელი ჰქონდა ფარმანას ცოლეულთაგან, და უბოძეს სარგის ჯაყელსა და ძესა მისსა ბერქას.

ხოლო ვითარცა აღიზარდა მეფე დიმიტრი, და იწყო საურავთა საქმეთა კეთილ განგებად, რამეთუ იყო ესე დიმიტრი ტანითა ახოვან, თერითა ჰაეროვან, შესახედავად ტურფა, თმითა და წუერითა მწყაზარ და შუენიერ, თუალითა გრემან, ბეჭ-ბრტყელ და შეწყობილ სამჴედროთა წესითა. სრული ცხენოსანი და მშჳლდოსანი რჩეული, უხჳ, მოწყალე და მდაბალი, გლახაკთა, ქურივთა და დავრდომილთა მოწყალე, რომელ არა სმენილ არს ნათესავი მეფეთა გინა სხუათა კაცთა. რამეთუ აქუნდა ჩუეულება, აღიღის საფასე და აღდგის ღამე, და მოვლის ქალაქი, და მოიხილნის გლახაკნი და დავრდომილნი და ობოლნი, და თჳსითა ჴელითა მისცემდის. და ყოველთა უწყოდიან მოწყალება [272] მეფისა. და ამისთჳს გლახაკნი ღამით ფოლოცთა შინა ვიდოდიან, რათა შეემთხჳვნენ მეფესა. ამას თანა მოეგო მარხულობა, ღამით ლოცვა და მუჴლთ-ყრა ფრიადი, რამეთუ ათას ხუთასი მუჴლი მოაგდის მდაბლად მიწასა ზედა. ესრეთ ყოვლითურთ განშუენებული და განათლებული იყო.

გარნა ესრეთ ჴელთა შინა სადუნისთა იყო, რამეთუ ფრიად განადიდა სადუნი ყაენმან. და იურვა მეფის დიმიტრისგან თელავი და ბელაქანი, და მრავალნი ქუეყანანი, და სადუნი კეთილად განაგებდა საქმეთა საქართველოსათა, რამეთუ დღეთა მისია არა იქმნებოდა თათართაგან ძალი და უსამართლობა, არცა დიდთა ნოინთაგან, არცა ელჩთაგან. და ესრეთ აღშენდა საქართველო და მოირჭუნა.

მეფემან დაიწყო სიბასა წარსლვა, და აღაშენნა ქუეყანანი მოოჴრებულნი. ამანვე აღაშენა პალატსა შინა მონასტერი, ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღმრთისმშობელისა, და შეამკო განგებითა დიდითა, და შესწირნა სოფელნი და ზუარნი, და განუჩინა მონაზონთა საზრდელი და სამოსელი, და განაგო განგებითა კეთილითა. და წარვიდა ურდოსა, და მას შინა ყოფასა მეფისასა სთხოვეს საფასე ურიცხჳ მეფესა, განზრახვითა სადუნისითა. რქუა მეფესა სადუნ: "უკეთუ მომცე დმანისი, მე მივსცე საფასე ყაენსა". ისმინა მეფემან, და უნებლიად მისცა დმანისი და მიმდგომი მისი, და უმეტეს განდიდნა სადუნი. ხოლო იქმნა კეთილიცა საქმე მონასტერთა და გლახაკთა მიმართ, რომელი დღეთა ცხოვრებისა მისისათა მან მისცა ყალანი და მალი ათორმეტთა უდაბნოთა გარესჯისათა, და განათავისუფლა ქუეყანა გარესჯისა, და მსახურებდა მეფესა დიმიტრის. განდიდნა დიდად ლაშქრითა და სიმდიდრითა ოქროსა და ვეცხლისათა, და ჯოგისა და ხუასტაგისა არა იყო რიცხჳ, რამეთუ იყო კაცი ესე მშუებელი, კეთილად გამგონე და ბრძენი, რამეთუ ყაენი აბაღა ისმენდა სიტყუათა მისთა, და დიდი საჰიბდივანი ავაგ ათაბაგისა ამას აქუნდა და ასული მისი ხუაშაგ მოეყვანა ცოლად. [273] ესე საჰიბდივანი განდიდებულ იყო ყაენის ულოსაგან და სადუნიცა მისგან განდიდებულ იყო, და ყოველი საბრძანებელი ყაენისა მისთა ჴელთა შინა იყო და ბრძანებასა მისსა მორჩილობდეს. და იყიდნა მრავალნი ქუეყანანი, და უბოძეს მეფეთა კარი. და დაჯდა კარსა, და მისი მიმდგომი ქუეყანა მოივერაგა ახალციხელთაგან, და ასული ახალციხელისა ცოლად მოიყვანა, და საქართველოსა ლაშქართა საქმე და განგება ჴელთ უდვა ყაენმან. და დარბაისელნი ქართველნი და სომხითარნი და ჰერ-კახნი მეფეს წინაშე იყვნეს.

ამათ ჟამთა შინა განდიდნა სამცხის სპასალარი და მეჭურჭლეთ-უხუცესი სარგის ჯაყელი და ძე მისი ბექა, რომელნი მთავრობდეს სამცხეს. ხოლო საქმენი სარგისისნი ზემორე აღგჳწერიან და შემდგომად ვაჴსენოთ ძე მისი ბექა. და იყო ესე ბექა ტანითა ახოვან, ფერითა ჰაეროვან, თმითა და თუალითა გრემან და შუენიერ, ბეჭითა და მკერდითა სრულ, ძალითა ძლიერ, ომსა შინა მჴნედ მბრძოლი, ცხენსა ზედა მჴნე და მოისარი ნადირთა ჴელოანი, გონებითა ფრთხილ, მაშენებელი ქუეყანათა, ეკლესიათა და მონასტერთა, და ღმრთის-მოსავთა კაცთა პატივისმცემელ, მლოცავი, რომელ არა დააკლდის ცისკრის ლოცვათა, სამხრად და მწუხრად, ვითარ ტჳბიკონი მოსცემდის. წესსა ლოცვისასა ამისთჳს პატივ-სცა ღმერთმან, და მეუღლეცა შემსგავსებული მოანიჭა, ლოცვისა, მარხვისა და გლახაკთა მოწყალებისა, მონასტერთა და ხატთა პატივისმოყუარე, ობოლთა და უღონოთა აღმზრდელი.

მაშინ ბექამან დაიპყრა ქუეყანა ტასისკარითგან კარნუ-ქალაქამდის, სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი და უმრავლესი ტაო, ვაშლოვანი, ნიგალისჴევი, არტანუჯი, თორმეტნი უდაბნონი, კოლა, კარნიფოლა და ორნივე არტანნი, და მრავალნი სოფელნი ჯავახეთს. და ესრეთ დღითი-დღე განდიდნებოდეს და მსახურებდეს ყაენს აბაღას, და მორჩილობდეს მეფესა დიმიტრის. ხოლო მეფე დიმიტრი წარემატებოდა ღმრთის-მსახურებითა [274] და კაცთ-მოყუარებითა, და ყაენი უმეტეს უმატებდა პატივსა მისსა. დაღათუ ჯერეთ ყრმა იყო, არამედ ინებეს და წარავლინეს კაცი პონტოდ მეფისა ბერძენთასა კომნიანოსისა, რომელი იყო ნათესავად დიდისა კოსტანტინესა, და მოიყვანეს ასული კომნიანოსისა, მეფისა ტრაპიზონელისა, დიდებითა და საჭურჭლითა დიდითა, და ქმნეს ქორწილი სამეფოსა წესისაებრ. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მუცლად იღო დედოფალმან და შვა ძე, და უწოდეს სახელად დავით, რომელი უკანასკნელ მეფე იქმნა ქართლს.

ამათ ჟამთა კუალად მოვიდა იგივე არღუნ, რომელსა აღერიცხვნეს ყოველნი საბრძანებელნი ყოველთა ყაენთანი, რათა აღთუალოს ქუეყანა და ცნას ვითარნი ქუეყანა აღშენდა, გინა აოჴრდა. აღთუალა ახლად და ცნა, რამეთუ უმრავლესი მოოჴრებულ იყო, და უმეტეს ჰერეთი და კახეთი, რამეთუ კამბეჩის ვაკენი მოოჴრებულ იყო გამოსლვასა მას თათართასა, ოდეს გამოვიდა ყაენი დიდი ბერქა. მაშინ ტფილისს ყოფასა არღუნ ოირიდისასა ეზრახა მეფესა და სთხოვა თამარ, რომელი-იგი მხოლო ესუა, და რქუა, ვითარმედ: "კეთილად მოჴსენებულმან მეფემან მამამან შენმან მომცა ასული მისი, დაჲ შენი სძლად ჩემდა, და ცოლად შვილისა ჩემისა, გარნა იგი ვერ ესწრა; აწ ვითხოვ, რათა არა უღირს იჩინო ვედრება ჩემი და მომცე დაჲ შენი შვილისათჳს ჩემისა".

ვითარ ესმა მეფესა, დაუმძიმდა და დიდსა ჭმუნვასა შთავარდა, და სულითა ტკივნეულითა ეძიებდა ღონესა, რამეთუ სძაგდა წარმართისა ქორწინებად დაჲ მისი ქრისტეს აღმსარებელი, გარნა არა იყო ღონე, რამეთუ მამასა მისსა მისცა. და მისცეს ცოლად შვილსა არღუნისსა, და აღასრულეს წესი ქორწილისა. და წარვიდა არღუნ ურდოსა, ხოლო შვილი მისი დაუტევა მეფისა თანა. მათ ჟამთა კუალად მიუდგა დედოფალი და შვა ყრმა, და უწოდეს სახელი ვახტანგ.

[275] და კუალად ამათ ჟამთა დამშჳდნა ქუეყანა ლიხთ-იმერი, და მოიწყო მეფემან დავით, რომელი იყო კაცი პირველ კეთილი და გონიერი, უხჳ, მდაბალი და პურად უმჯობეს უწინარესთა მეფეთა, და იყო მრავალსა მშჳდობასა შინა.

ხოლო რაჭის ერისთავი კახაბერი იყო ქართლს, და აქუნდა ქუეყანა ატენისა, და არა პატივი ეპყრა არცა ყაენისა და არცა დიმიტრი მეფისაგან, ორგულობისათჳს მეფეთასა. ამისთჳს შეიწრებული ევედრა მეფესა, რათა შეიწყალოს და უბოძოს მამული ისი. ხოლო ტკბილმან და მოწყალემან მეფემან შეიწყალა და შეუნდო ფიცითა მტკიცითა, რათა არა აბრალოს პირველი შეცოდება და ეგოს ერთგულებასა ზედა მისსა, და მიუბოძა მამული მისი ყოველი, და კუალად აგო მამულსა მისსა რაჭას ხოლო ვითარ დაყო მცირედი ჟამი, იწყო მათვე მამურ-პაპურთა კუალთა სლვად, და ვითარ ღორი ისწრაფდა მწჳრეთა მიმართ, და ვითარ იქედნე გესლისა დათხევად, რამეთუ გუარისაგან მოაქუნდა ორგულობა; და დამვიწყებელმან ფიცთა საშინელთამან, იწყო ღალატად მეფეთა და წარავლინა კაცი და წიგნი ალიყანს თანა ათასისთავსა, რომელი იდგის მთათა ჯავახეთისათა და კოლისათა, რათა პირველისაებრ დაესხას მეფესა, და ადვილად ჴელთ იგდოს მეფე. გარნა უქმ ყო ღმერთმან ზრახვა მისი, ვითარ აქიტობელის დავითის მიმართ, და საცნაურ იქმნა წიგნი. ამისთჳს მიეგო საგებელი ბოროტი, და სიცრუე მისი თხემსა მისსა ზედა დაუჴდა. შეიპყრა მეფემან და პირველ თუალი დასწუა, და მერმე ერთი ჴელი და ერთი ფერჴი მოჰკუეთა, და ორნი შვილნი მისნი მისცნა ექსორიობად, კოსტანტინეპოლისს წარგზავნა, რამეთუ დედოფალი ცოლი მისი, ასული იყო დიდისა პალიალოღოს მეფისა. ხოლო კახაბერი, მცირე ცხოვრებული, განვიდა და მოკუდა, და მოისპო ყოველი ნათესავი მისი, ბაღუაშთა კახაბერის-ძეთა, არა დაშთა, და აღიჴოცა ნათესავი მისი და საჴსენებელი მათი.

[276] ამასვე ჟამსა ინება ყაენმან ამჴედრება ქუეყანასა ზედა გილანისასა, რამეთუ იგი ოდენ დაშთომილ იყო ჴელთ-უგდებელად, და არა მორჩილობდეს, და არცა ხარაჯასა მოსცემდეს; წარავლინა სპა თათართა და ქართველთა, და მეფე არა წარგზავნა, და აჩინა სპათა უხუცესად სირმონ ბადური. წარვიდეს და შევიდეს გილანსა, და შეკრბეს გილანელნი, და წინადაუდგეს სიმაგრეთა შინა. ხოლო ქუეყანა მათი განმაგრებულ არს ერთ-კერძო კლდითა და ტყითა, და გზანი იწრონი, და ერთ-კერძო ზღჳთა. ამათ სიმაგრეთა მინა წინა-განეწყუნეს და იქმნა ბრძოლა ძლიერი, გილანელთა დაასხეს ისარი ვითა წჳმა. გარდაჴდა სირმონ ცხენისაგან და დაჯდა, და ზურგი შეაქცია მბრძოლთა მისთა, და ყოველნი სპანი მისნი დაქუეითდეს. და ვითარ შემცირდა ისარი, ახლტა სირმონ და მიეტევა ვითა ვეფხი, და მის თანა ქართველნი მიეტევნეს მჴნედ და აოტნეს გილანელნი, და ორნი თითნი მარჯუენისა ჴელისანი დასჭრნეს სირმონს, და დარჩეს სპანი თათართანი და ქართველთანი უვნებელად. და ვითარ იხილნეს სიმაგრენი ქუეყანისანი რომელ უბრძოლველ იყო და არა ეგებოდა დაპყრობად, წარვიდეს ყაენს აბაღას წინაშე.

ესრეთ დამშჳდნა ქუეყანა და ყოვლით კერძო იწყო მშჳდობა. მოჰხედნა ღმერთმან წყალობით მოსავთა მისთა, დაიყო უხუება პურისა და ღჳნისა, და მეფე დიმიტრი განაგებდა სამეფოთა საქმეთა.

ვითარ მოიცალეს მცირედ პირთაგან და განისუენებდეს, და მიდრკეს გზისაგან საღმრთოსა, იწყეს განდგომად, რამეთუ მეფემან მოიყვანნა სამნი ცოლნი, ეგრეთვე სადუნმან მოიყვანა სამი ცოლი, და მთავართა იწყეს ჴელის შეხებად საყდართა და მონასტერთა, და იწყეს მიტაცებად სოთელთა და აგარაკთა, უმეტეს მესხთა საყდარსა ზედა დიდებულსა აწყუერისასა. დაღათუ ამათ უწესოებათა დიდად ამხილებდა ნიკოლოზ [277] კათალიკოსი და ნიკოლოზ მაწყუერელი ჯუანშერის-ძე, გარნა არავინ ყურად იღებდა სიტყუასა მათსა.

და კუალად სხუანიცა აღმოსცენდებოდეს ბოროტნი, რამეთუ იწყეს ურთიერთას. მძლავრებად და მიხუეჭად, და არავინ იპოვებოდა სამართლის მყოფელი, რამეთუ იყო მღდელთ-მთავარი და მღდელი ლაღ-ამპარტავან, ანგარ-ბოროტისმყოფელ, უწესო. და ვითარ განვამრავლოთ სიტყუა, რამეთუ იყვნენ ყოვლით კერძო ბოროტ. მაშინ მოიწია სამართალი სასჯელი ცოდვათა ჩუენთათჳს.

რამეთუ ზემოჴსენებული იგივე არღუნ წარმოემართა სამცხეს ხილვად სარგის ჯაყელისა, რომელი დაბერებულ იყო, და სენთაგან სიბერისათა დაჴსნილ იყო ყოვლითა ასოთა შემოვლო სომხითი, ტფილისი და ქართლი, მჴედრითა ორითა ბევრითა, და დიდად ავნებდა ქუეყანათა, დაღათუ არა ბოროტისმყოფელი, არამედ საზრდელისა ძლით დიდად დასჭირდა ქუეყანასა. და უგრძნაულად მივიდა სამცხეს და დადგა აწყუერს, და ცნა სარგის მოსლვა არღუნისი, და მივიდა მის წინაშე, იგი და ძე მისი ბექა. განკჳრდა ორთავე მოსლვასა, და სარგის წარიტანა ურდოს და ბექა დაუტევა სამცხეს; რამეთუ იყო მეხუთე კჳრიაკე წმიდათა მარხვათა, და წარმოვიდეს სამცხით მოვიდეს სომხითს, და მოიწია ვნებისა კჳრიაკე, და დიდსა ოთხშაბათსა შეიძრა მძაფრიად ქუეყანა, სამხილებელად უსჯულოებათა ჩუენთათჳს; და კუალად ხუთშაბათსა მცირედ შეიძრა, და არავინ გულისჴმა ყო, რათამცა წყალობად აღეძრა ღმერთი შემნდობელი, და ვითარ მოიწია პარასკევი ვნებისა უფლისა, კუალადცა შეიძრა. დაყუდდა, და არღარა იქმნა. და ვითარ მოიწია შაბათი, და იქმნა სამ ჟამად ხვალისა დღე ჯერ იყო სიხარული აღდგომისათჳს უფლისა და ყოველნი მოელოდეს სიხარულსა, ესოდენ რისხვით მოხედნა ღმერთმან ქუეყანასა, სიმრავლისათჳს უსამართლოებათა ჩუენთასა, რამეთუ საფუძველითურთ შეიძრა ქუეყანა და შეძრწუნდა ესოდენ რომელ დაიქცეს საყდარნი და მონასტერნი, ეკლესიანი, ციხენი, სახლნი, ნაშენებნი [278] მოოჴრდეს, მთანი და ბორცუნი მაღალნი დაიზულეს, კლდენი სახედ მტუერისა დაიგალნეს, და მიწა განიპო, და შავი წყალი მსგავსი კუპრისა აღმოიჭრა, ხენი მაღალნი დაეცნიან და ირყეოდიან ძრვასა ქუეყანისასა. რომლისათჳს საყდარი აწყუერისა დაიქცა, რამეთუ ყოვლად-წმიდა აწყუერისა ღმრთისმშობელი, ლიტანიობით მესუენებული, საშუალ საყდრისა ესუენა; გუმბათი ჩამოიჭრა, და ვითარ ქუდი კაცისა ესრეთ თავსა დაერქუა, და დარჩა უვნებელად, ძლიერებითავე მისითა. ესე რისხვა საშინელი სამცხესა ოდენ მოიწია, ვიდრე თჳსა ერთისა ჟამთამდე, გარნა სხუაგან არასადა ევნო; მცხეთის საყდარიც დაიქცა, სამცხეს ურიცხჳ სული მოსწყდა, და ყოვლად საყდარი, ეკლესია და ციხე არსად დარჩა დაუქცევარი, იქმნა გლოვა და ტირილი უზომო.

ხოლო ზემოჴსენებული იგი არღუნ აღა იყო ყაენს წინაშე და შეედვა სენი რაჲმე, რომლისა მიერ მოკუდა. და ვითარ ცნა შვილმან არღუნისმან, წარმოვიდა სახლად დიდად მეფისა, და ცოლი მისი დაუტევა ტფილისს. ხოლო იჴმია დამან მეფისამან თამარ სივლტოლა მთიულეთს, რამეთუ სძაგდა ვითარ უსჯულო და წარმართი. მაშინ სადუნმან ცნა, ვითარმედ არღარა ნებავს დასა მეფისასა ქმრად შვილი არღუნისი, ამისთჳს დაევაჭრა, რათა მოჰყიდოს დაჲ მეფისა, და ევედრა ყაენს აბაღას, ხოლო იგი ერჩდა და მოჰყიდა. ხოლო მეფემან მისცა დაჲ თჳსი სადუნსა; ესე უწესო ქმნა, რომელ სამნი ცოლნი მოიყვანნა სადუნ თჳსად. ამისთჳს განწირა კათალიკოსი ნიკოლოზ, კაცი მოხუცებული და მართლმკუეთელი, გარნა მძლავრებისაგან სადუნისა ვერ უძლო განყენებად, არამედ ფრიად შეაჩუენებდა.

მათ ჟამთა შინა საქმისა რასათჳსმე განუდგეს თათართა სარგის და ძე მისი ბექა. რამეთუ სარგის დაბერებულ იყო სენითა ფერჴის ტკივილისათა; და ბუღა ნოინის მიერ, თუალად წოდებულისა, ძმა არუხა წარმო[ი]გზავნა მოოჴრებად სამცხისა. და მოვიდა [279] არუხაცა სპითა ოცი ათასითა. ხოლო ბექამან მიჰრიდა მთათა, რომელ არიან შუა გურიასა და აჭარასა, და მესხნი შევიდეს ციხეთა, ქუაბთა და ტყეთა, და მოვლო ლაშქარმან სამცხე, და ვერარა ავნო. დაყვეს ოცი დღე და წარვიდეს, დადარჩა ქუეყანა მშჳდობით.

და ვითარ გარდაჴდა წელიწადი, ინება ყაენმან აბაღა წარსლვა ეგჳპტედ, ანუ დაიპყრას, ანუ მოხარკე ყოს. მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა და მეფესა დიმიტრის და სპათა მისთა, წარსლვად და ბრძოლად ეგჳპტისა სულტნისა. რამეთუ მაშინ ფუნდუყადარ მიცვალებულ იყო, და სხუა დადგინებულ იყო, რომელსა ეწოდა ნასირ მელიქ. და მოუწოდა ძმასა თჳსსა უმრწამესსა, და აჩინა მჴედართ-მთავრად, და ჴელთ უგდო ყოველი სპა მისი, და უბრძანა ბრძოლა სულტნისა. მაშინ მანგუ დემურ მოუწოდა მთავარსა სამცხისასა ბექასა, რათა წარჰყვეს თანა. ხოლო ამან რქუა: "მტერთა ჩემთა სიტყჳთა განწყრა ჩემთჳს ძმა შენი ყაენი აბაღა, და არუხა წარმოავლინა და მოაოჴრა ქუეყანა ჩემი. ხოლო მე მოვრიდენ არას შეცოდებისათჳს, და აწ მეშინის ყაენისაგან, და თუ შენ ფიცითა მიმინდობ, რათა არა მაბრალოს და ქუეყანა ჩემი და მამული მშჳდობით დაიცვას, მოვალ წინაშე შენსა ლაშქრითა".

ვითარცა ესმა მანგუ დემურს, განიხარა და ოქროსა წყლისა შესმითა შეჰფიცა და ყოველი სიმტკიცე აღუთქუა, და მოსცა ბეჭედი, რომელი ეცუა თითსა მისსა, რამეთუ ესე იყო მტკიცე საფიცარი. და აუწყეს მოციქულთა ესე ყოველი ბექასა. მყის მოუწოდა ყოველთა მესხთა და წარემართა მანგუ დემურს თანა, და მივიდა მის წინაშე, და განიხარა ფრიად, და პატივნი და ნიჭნი დიდნი უყვნა, და უჩუმნა ყაენი აბაღა, რომელმან ფრიად პატივ-სცა და შეიყუარა სიკეთესა მისისათჳს. და ესრეთ წარვიდეს მისრეთს, და ვლეს მრავალი დღე, და მიიწივნეს ერთსა ქალაქსა, რომელსა ერქუა დარბუზაკი. გამოვიდეს მოქალაქენი კარით, და იქმნა ომი, სადა-იგი ბექამან და მისთა მყოლთა მესხთა ძლიერად იღუაწეს, უფროს სხუათა თათართა და ქართველთა, შიგან ქალაქსა შესთხინეს, და მესხნი უპირატეს მიეტევნეს. და დასცხრა ღუაწლი ბრძოლისა, მაშინ პატივი დიდი უყო ბექასა, შესამოსელთა და ცხენთა საკჳრველთა მინიჭებითა, ეგრეთვე დიდებულთა და აზნაურთა ბექასათა.

[280] აიყარნეს მიერ და წარვიდეს ეგვიპტის კერძო, და მივიდეს ქალაქსა, რომელსა ეწოდების ამასია და ამო, და დაიბანაკეს მახლობელად ქალაქისა მის. და ეცნა სულტანსა ნასირ მელიქს მოსლვა თათართა, წარმოსრულ იყო ყოვლითა ძალითა მისითა, და მოვიდა იგიცა. და ვითარ იხილა მანგუ დემურ სულტანი და სპა მისი, ამჴედრდა და წინა-განეწყო. ხოლო მეფე დიმიტრი, დაღათუ ჯერეთ არა სრულ იყო დღითა ბრძოლათათჳს, ევედრა მანგუ დემურს, რათა წინამბრძოლად განაჩინოს იგი და სპა მისი, რომლისათჳსცა ისმინა. და იქმნა ბრძოლა სასტიკი და ძლიერი, ოდესვე ყოფილთა და გარდასრულთა ბრძოლათა უდიდესი. ხოლო ვინათგან უწყოდა სულტანმან წყობათა შინა მჴნედ წინადაუდგრომლობა მეფისა და სპათა მისთა, ამისთჳს რჩეული მჴედარი თორმეტი ათასი თანა იყოლია და წინაშე დაიყენა ორთა თანა მთავართა მჴნეთა, რათა განძლიერებასა და შენივთებასა ბრძოლისასა უკანასკნელ მიმტევებელთა სძლონ და აოტნენ ქართველნი. განძლიერდა ომი და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ. მაშინ მსწრაფლ ზედა მოეტევნეს მეფესა ყარა-სონღულ და იაყუბ აფრაშ, ათორმეტი ათასითა რჩეულითა მჴედრითა. და კუალად იქმნა სასტიკობა ესევითარი, რომელ ორასი მჴედარი წინმბრძოლად განეწესნეს მეფესა და სრულიად მოისრნეს, თჳნიერ სამთა კაცთასა და ცხენთასა და თჳნიერ მეფისა, გარნა მოიკლა ყარა-სონღულისა მიერ შუბითა ჰუნე მეფისა. ხოლო მხილველთა ქართველთა იწყეს ბრძოლა ძლიერად და უმრავლესნი მეგჳპტელნი მოისრნეს და მეფეცა ცხენ-მოკლული ძლიერად იბრძოდა. ხოლო ვითარ იხილა მეფე სიქანალის ძემან, აბაშმან, მყის აღსუა მეფე ჰუნესა თჳსსა. ვითარცა იხილეს ქართველთა ამჴედრება მეფისა, მაშინ ყოველნი ამჴედრდეს, და მეოტ იქმნეს ყარა-სონღულ და იაყუბ, ათორმეტ ათასთა თჳსთა თანა. ხოლო ლტოლვილ იქმნეს აქათ პირველ ნოინნი და თათარნი, და თჳთ მანგუ დემურ უკმოიქცა ლტოლვით, ყოველთა თანა სპათა მისთა. მაშინ უღონოქმნილთა ქართველთაცა სივლტოლა იჴუმიეს. განგებითა ზეგარდამოთა მეფე დაცულ იქმნა, დაღაცათუ უმრავლესნი ქართველნი [281] მოისრნეს. მოვიდეს მანგუ დემურ და მეფე წინაშე აბაღასა. ხოლო ნადირობასა და ლაშქართა ყოფასა ამბვისა მომლოდეობასა, აბაღა იხილა თათარი ვინმე ლტოლვილი. ხოლო მან, კითხულმან, ყოველივე ლექსთა მიერ შეწყობით წარმოუთხრა ენითა მათითა, თჳთოეულისა მთავრისა ვედრება. ალიყანისსათჳს თქუა: "ვითარცა მაღლით მომავალი შავარდენი მოუჴდა" და მანგუ დემურ ვერძსა მიამსგავსა, სირმონის შვილი ებაგან მხტომელსა ვეფხსა, და იასბუღა მოზუერსა, ბუღა კამბეჩსა, და თაგუნი დედალსა თხასა. ხოლო ქართველთა მეფისათჳს ესრეთ თქუა ენითა მათითა: თენგრი" მეთუ ქაურქურბა, ბუღარ მეთუ ბუირლაჯი, ესე იგი არს, ვითარმედ: "ვითა ღმერთი გრგჳნვიდეს, ვითა აქლემი ბუღრაობდეს" ქართველნი ვითარ მოვიდეს ყაენს წინაშე, მეფესა პატივ-სცა, და წარმოავლინა სახიდ თჳსად. და კუალად ეგულებოდა აბაღას წარსლვად და შურისგებად სულტანსა ზედა, მოკუდა ძმა მისი მანგუ დემურ. და მცირედისა შემდგომად მოკუდა სადუნი ათაბაგი, და მიუბოძა ძესა მისსა ხუტლუბუღას მეფემან მამული მისი, და სპასპეტობისა პატივსა აღიყვანა.

ხოლო შემდგომად მცირედისა მოკუდა აბაღაცა, და დასუეს ნოინთა ყაენად ძმა აბაღასი აჰმადალ არარა ნიჭთა საჴელმწიფოთა მქონებელი. მაშინ წარვიდა მეფე ურდოსა, აჰმადას წინაშე, სოლო მან პატივ-სცა და შეიწყნარა. მაშინ მუნ ყოფასა მეფისასა მისცა ასული თჳსი რუსუდანი შვილსა დიდისა ბუღასა, რომლისათჳს დიდად განრისხებული ნიკოლოზ კათალიკოსი ფრიად აბრალებდა, და ღმრთისა სასჯელთა თუალ-უხობასა აქადებდა. რამეთუ მუნ ყოფასა დიმიტრისსა ქმნა ბოროტი აჰმადა ყაენმან და მომყვანებელმან ძმისა მისისა ყონღარდასმან საბერძნეთით მოაკუდინა ორნი [282] ძმანი, აბულეთის ძენი, სადუნისგან ლტოლვილნი, და ყონღარდას თანა მოაკუდინა ხუტლუბუღა, ძემან სადუნისმან.

აქამომდე მეფე დიმიტრი, კეთილად მმართებელი, სკიპტრათა სამეფოთა შემკობილი, და მოწყალებისა და მოსამართლეობისა, მონაზონთა და ეკლესიათა, ყოველთა წესთა საღმრთოთა და კაცობრივთა კეთილად ზედამიწევნით მმართებელი, სისრულისაგან მცირედ მიდრკა, და აღერია წარმართთა. და ისწავნა საქმენი მათნი, უძღებებისა და სიძვისა, გულის-სიტყჳსა უკანა შედგომილმან მოიყვანნა ცოლნი სამნი, ერთი ბექას ასული, და სხუა რომელი დედათა შეაცთუნეს სოლომონისებრ, და ურიცხუთა კეთილთა მიერ აღვსებული მცირედ სიბოროტედ მიდრკა, რომლისათჳსცა ნიკოლოზ კათალიკოსი განრისხებული უთქმიდავე და ამხილებდა მრავლად, და ვერ არწმუნა. ამისთჳს დაუტევა კათალიკოსობა, და ჴელითა თჳსითა აკურთხა ჯუარისმტჳრთველი მეფისა აბრაჰამ კათალიკოსად და თჳთ წარვიდა მამულად თჳსად, მოხუცებული, და მუნ იყოფოდა, მრავლითა მოღუაწებითა, მარხვითა, მღჳძარებითა და გლახაკთ მოწყალებითა, და სავსე სათნოებათა ტჳრთითა უფლისა მიმართ მიიცვალა.

მათ ჟამთა მოიწია მთაწმიდით ბასილი მონაზონი, ბიძა ევფემიოს კათალიკოსისა, საღმრთოთა წესითა აღსავსე და წინასწარცნობისა მადლითა განბრწყინვებული; მოიწია წინაშე დიმიტრი მეფისა, გამოცხადებითა ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობელისათა, და ვითარცა მოციქული ძლიერად ამხილებდა და წინააღუდგებოდა მეფესა უწესოსა მისთჳს ქორწინებისა, და ასწავებდა სიწმიდესა, და მოჴსენებდა ტაძრისა ღმრთისა ყოფასა ჩუენსა, და სხეულთა განუხრწნელობისათა, ხოლო ტაძრისა ღმრთისა განუხრწნელისა სიძვათა შინა სასუფეველისა ღმრთისა დამკჳდრებასა და უპოვართა მათ უსასყიდლო მარგალიტთა მოპოებასა ლოცვასა, მარხვასა, გლახაკთ მოწყალებასა, [283] და ლმობიერებასა და უხუებასა, მდინარეთა თანა მწჳრიანთა და უყიანთა ლიამპალთა არა თანაშერთვად ყოფასა. ამას ესევითართა სწავლათა ეტყოდა: "უკეთუ დაუტევნეს უწესონი ქორწინებანი, მე თავს-მდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობა შენი". და მთავართაცა ამხილებდა უწესოებათა, და უმრავლესთა დაფარულნი გულის-სიტყუანი მიუთხრნის. ესევითარითა სათნოებითა განბრწყინვებულ იყო სანატრელი იგი მონაზონი, და ვითარ ვერა რაც არწმუნა მეფესა და შეურაცხ-ყო სიტყუა მისი, კუალად წარმოუდგა მეფესა და მთავართა მისთა: "უკეთუ მე ჩემებით რასმე ვიტყჳ, ვითარცა ცრუ წინასწარმეტყუელი, შემაცთუნებელი კაცისა ღმრთისა, რომელი მიივლინა რობოამისსა, ძისა ნაბოტიანისსა, და არა ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა მიერ წარმოვლინებულ ვარ, ვითარ ცრუდ სჯულისა გარდამავალი შეურაცხეთ. და უკეთუ ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა მიერ მოვლინებულ ვარ სწავლად შენდა, არა ცუდ იქენენ პირველნი საქმენი შენნი, ლოცვა და ცრემლნი შენნი. და უკეთუ არა განეყენო უწესოთა ქორწილ-შეყოფათა, და შეურაცხ-ყვენ სიტყუანი ჩემნი, ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ, და ოჴერ იქმნე სამეფოსაგან შენისა, და შვილნი შენნი მიმოდაიბნიენ, და სხუამან დაიპყრას მეფობა შენი, და იავარ-ყონ სიმდიდრე შენი. და აჰა ესერა შენ და მთავართა გეტყჳ, და ვესავ ყოვლად-წმიდასა ღმრთისმშობელსა, რომელ სრულ იქმნეს და აღესრულოს სიტყუა ჩემი, უკეთუ ეგო უწესოებასა მაგას. მე აჰა ესერა წარვალ". ხოლო მეფემან განკჳრვებულმან არა მიუგო სიტყუა, რამეთუ იყო წმიდათა კაცთა პატივისმცემელი.

ხოლო ამათვე ჟამთა ბრწყინვიდა პიმენ სალოსი, რომელი გარესჯით წარმოვიდა და დაემკჳდრა ბელაქანს, ქუაბსა რასმე, რომელმან ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან მოაქცივნა, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა. ამას თანა ბრწყინვიდა დიდიცა იგი მოღუაწე ანტონი ნაოჴრებელის-ძე, ნათესავით მესხი.

ხოლო ჩუენ ზემოჴსენებულისა აჰმადა ყაენის მიმართ აღვიდეთ. ვინათგან მოაკუდინა [284] აჰმადა ძმა თჳსი ყონღადარ იხილეს უწესოება აჰმადასი ნოინთა ხუარასანს მდგომთა, განდგეს და დასუეს ყაენად ძე აბაღა ყაენისა, სახელით არღუნ. ვითარ ცნა ესე აჰმადა ყაენმან, შეკრიბა სპა მისი, და მოუწოდა მეფესა და სპასა მისსა, რათა წარყვეს ხუარასანს, ბრძოლად არღუნ ყაენისა. და წარვიდა მეფე, და თანა წარიტანა ყოველი ძალი მისი, და მანდატურთ-უხუცესი დიდისა შანშეს ძე ივანე, და სადუნის ძე ხუტლუბუღა ამირსპასალარი. წარემართნეს და განვლეს ერაყი, და მივიდეს საზღვარსა არღუნისსა, ხოლო ვითარ იხილა არღუნ სიმრავლე ლაშქრისა, ვერ წინააღუდგა, არამედ ივლტოდა, და შევიდა ციხესა ქალსად წოდებულსა, რომელსა უკანა მიუდგა ყაენი აჰმადა, და მოიცვა ციხე ქალსა. ხოლო ვითარ უღონო იქმნა არღუნ, ევედრა, რათა არა აბრალოს და შეუნდოს, და მოსცეს ფიცი, და მივიდეს წინაშე მისსა. და ისმინა აჰმადა და მისცა ფიცი უვნებლობისა, რამეთუ სპარსთა სჯული აეღო აჰმადას, და გამოვიდა არღუნ ციხით, და მოვიდა ბიძასა მისსა წინაშე, და ესრეთ წარემართნეს. ხოლო ვითარ ვიდოდეს ხუარასანს, შეკრბეს სპანი ვინმე უწესონი და ცუდნი კაცნი და მტერნი ქრისტეანეთანი, რომელ ქრისტიანის კაცის სიკუდილი დიდად ღუაწლად უჩნდეს, რამეთუ უღმერთოსა მის მოჰმედის მოძღურება ესრეთ იყო, რომელ დაეწერა ცუდი სიტყუა წიგნსა მისსა ყურანსა მინა, ვითარმედ: უკეთუ მოჰკლათ ქრისტეანე, სამოთხეს შესლვად ხართ. და უკეთუ მათგან მოიკლათ, მაშინცა შესლვად ხართ" ამისთჳს. უღმერთო იგი კრებული ჯიმრთა შეკრბა, და სადაცა პოებდეს ქართველსა ერთსა გინა ორსა, მოკლვიდიან. ცნა ესე სურამელის ბეგას შვილმან რატი, რამეთუ ყრმა იყო, და წარვიდა სამოცითა ოდენ კაცითა, და პოვნა მთასა რასამე მაგარსა შინა მყოფნი, კაცი სამასი ოდენ, ზედა მიეტევა, და იქმნა ბრძოლა ფიცხელი. და პირველსავე შეკრებასა მეოტ იქმნეს, და უმრავლესი მათი მოსწყდა, და სხუანი მოიყვანნა წინაშე [285] მეფისა, რომლისთჳსცა დიდად პატივ-სცა. მეფემან, და მრავალი ნიჭი უბოძა და მიერ წარმოვიდეს და მოიწივნეს რეჰსა და ყაზმინსა, და ყაენმან დიდად დაუმადლა მეფესა თანახლება ხუარასანს და პატივიცა უყო დიდი და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი მოსცნა. და ყაენი წარვიდა შინა, რათა მივიდეს ცოლთა თანა, გამარჯუებული, და მეფე თანა წარმოიტანა. ხოლო ძმისწული მისი არღუნ დაუტევა რეჰსა, და ნოინი ყოველი დაუტევა არღუნს თანა, და დავედრა ალიყანს და სხუათა ნოინთა, რათა მცირედნი დღენი დაყვნენ და მერმე მოაკუდინონ არღუნ. და იყვნეს ნოინნი არღანს თანა, და ქმნეს განზრახვა დიდმან ბუღა და იასბუღა, ნათესავით ოირიდთა მთავარმან, რათა აბაღას შვილი არღუნ ყაენად დასუან და აჰმადა მოაკუდინონ, რომელ ყვესცა. და მსწრაფლ მივიდეს ღამით, და გამოიყვანეს ალიყან, კარავსა შინა მწოლი, და მოაკუდინეს. და ვითარ განთენდა, არღუნ ყაენად ქადაგეს და წარმოვიდეს დევნად აჰმადისა. ხოლო იგი მოვიდა ურდოთა შინა მისთა, უჟანს, მოეწივნეს და საბლითა მოაშთვეს.

ხოლო მეფესა დიმიტრის პირველვ- მიუმცნეს, რათა განეყენოს აჰმადას, და ყოცა მეფემან, და მობრუნდა, და მოვიდა ყაენს არღუნს წანაშე. ხოლო მან კეთილად შეიწყნარა, და მისცა ყოველი სამეფო მისი და სახლი ავაგ ათაბაგისა, რომელი აქუნდა საჰიბდივანს, რამეთუ ყაენი ჴელთა. შინა ბუღასათა იყო, და ბუღა მოყუარეცა იყო და მზახალი მეფისა. და წარვიდა შინა მშჳდობით, განმარჯუებული, და წარავლინა ძე მისი დავით მცირე სახლსა ზედა ათაბაგისასა, რათა მუნ იზრდებოდეს და აქუნდეს საუფლისწულოდ, და ესრეთ დღითი-დღე წარემატებოდეს მეფობასა მისსა. და კათალიკოსი აბრაჰამ კეთილად მართებდა საჭეთა კათოლიკე ეკლესიისათა, რამეთუ იყო კაცი ესე მართლმოქმედი კეთილთა საქმეთა, და სთურავთა სამეფოთა გამგე კეთილი.

ხოლო მეფესა დიმიტრის ესხნეს შვილნი, დედოფალსა ტრაპიზონელთა ასულსა [286] თანაპირმშო დავით, ვახტანგ, ლაშა და მანოველ, და ასული რუსუდან. ხოლო თათრის ასულსა თანა ძენი ორნი, ბადურ და იადგარ, ასული ჯიგდა. ხოლო ასულმან ბექასამან ნათელ უშვა ძე მხოლო გიორგი, რომელი უკანასკნელ ძმათა მისთა მეფე იქმნა. და განდიდნა უმეტეს შემდგომთა მეფეთა, რამეთუ მარტო იყო ძე დედისა, მარტო შვა დედამან; ვითარცა მარგალიტისათჳს თქმულ არს მარტოება უმჯობესისათჳს, ეგრეთვე გიორგი იპოვა უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა, არა ოდენ ჴელეწიფეთა, არამედ ყოველთა კაცთა. ამან დიმიტრი მეფემან მოიგო სიმდიდრე დიდად დიდი, სიმდიდრესავე ზედა რომელ დაშთომოდა მამისა მისისაგან, და მსახურებდა ყაენსა არღუნს, რამეთუ თანაშეეწეოდა ნოინი დიდი ბუღა, რომელსა პატივად ჩინგიყაენობა მისცა ყაენმან, რომელი ყოველთა პატივთა უმეტეს არს.

მაშინ განუდგეს ყაენს დარუბანდელნი და წარვიდა ყაენი დარუბანდს, მოუწოდა მეფესა დიმიტრის, და წარყვა და შევიდეს დარუბანდს და ვერ წინააღუდგეს დარუბანდელნი, და ივლტოდეს სიმაგრესა ციხისასა, რომელსა ანიყად უწოდდეს, და გარე მოადგეს, და ვერა ავნეს რა. მაშინ ყაენმან არღუნ უბრძანა მეფესა, რათა ებრძოლოს, რამეთუ იყო ფრიად მაგარი. აღიჭურა მეფე, და სპა მისი, გარე-შეეხჳვნეს და შეუჴდეს ციხესა, რამეთუ ბეგას შვილი რატი უპირველეს ყოველთა გავიდა, და წარუღეს ციხე, და თავადნი მათნი დაჴოცნეს, და წარმოიღეს ტყუ და განძი და დედაწული მათი ურიცხჳ, და ციხე დაწუეს. ყოველსა ხედვიდა ყაენი. თჳთ მეფისა აქუნდა მტერობა, სთხოვა ჯაჭჳ სახელოვანი და მსწრაფლ მიანიჭა მეფემან, და წარმოვიდეს შინა.

და ვითარცა გარდაჴდეს ჟამნი მრავალნი და რაჟამს წელიწდისა თავი მოიწია, რომელსა ურდსინგად უწოდდეს, რომელ არს ენითა მათითა, რომელი იქმნების მარტსა თხუთმეტსა, მიავლინა ყაენმან ნოინი, და დაესხნეს ბუღას და შეიპყრეს, და აღიღეს. [287] ყოველი სიმდიდრე მისი, და მოიყვანეს წინაშე ყაენისა, და მან მსწრაფლ ბრძანა განუკითხავად მოკლვა მისი და ძისა მისისა. და მოაკუდინა ბუღა, და ყოველნი ნათესავნი მისნი. წარავლინეს ყოველგან კაცი, საბერძნეთს, შამს და ხუარასანს, და მრავალნი დიდნი ნოინნი მოსწყჳდნეს, და ესრეთ შეიქმნა კლვა და მოსრვა ნოინთა. და წარმოავლინა ელჩი მეფისად მჴმობელმან ყაენმან, და აწჳა ურდოსა მეფე ხოლო ვითარ ცნა სიკუდილი ბუღასი მეფემან, დაუმძიმდა დიდად. და მოაწოდა მეფემან კათალიკოსსა აბრაჰამს და ეპისკოპოსთა, მონასტერთა და უდაბნოთა გარესჯისა მღდელმონაზონთა, და ყოველთა მთავართა სამეფოსა მისისათა. შემოკრბეს მის წინაშე, დაჯდა და ტახტსა ზედა დასხდეს ყოველნი დიდებულნი თჳს-თჳსად, და აღაღო მეფემან პირი თჳსი და ბრძანა: "ისმინეთ ჩემი, ყოველთა კათალიკოსთა და ეპისკოპოსთა, და წარჩინებულთა სამეფოსა ჩემისათა, ვითარმედ შეისუენა მამამან ჩემმან, დავშთი ყრმა მცირე მძლავრებასა შინა თათართასა, და ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან, და უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან, და ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯუარმან პატიოსანმან, რომელი მოგუენიჭა ჩუენ მეფეთა, დამიცვა და მიმაწია ასაკად სისრულისა, და მომმადლა მეფობა, სკიპტრა და პორფირი მეფობისა, და თანადგომითა [თქუენითა] წარვმართე მეფობა, და აქამომდე მშჳდობით ჰგიეს სამეფო ჩემი. აწ განრისხებულ არს ყაენი, და ყოველი მთავარი მისი მოუწყუედიან, და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა. ვგონებ ბოროტის ყოფასა ჩემთჳს, თუ არა წარვიდე ურდოსა. და წარვიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა, და დავიცვა თავი ჩემი, და აჰა ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს, იხილეთ რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქმნების, და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოჴრდებიან, ხატნი და ჯუარნი დაიმუსრვიან. და უკეთუ წარვიდე ყაენს წინაშე, დასტურობით უწყი მომკლავს. და აწ სიბრძნითა თქუენითა განაგეთ საქმე ესე, რამეთუ მე ესრეთ ვგონებ: მრავალმღელვარე არს საწუთო ესე, დაუდგრომელ და წარმავალ, დღენი ჩუენნი სიზმრებრ და აჩრდილებრ წარვლენ, და უნებელ და მსწრაფლ თანა-გუაც წარსლვა სოფლისა ამისგან. რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთჳს მრავალი სული მოკუდეს და მე ტჳრთ-მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან. აწ მნებავს, რათა წარვიდე [288] ყაენს წინაშე, და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ რომე ქუეყანა უვნებელად დარჩეს".

ხოლო ვითარ ესმათ კათალიკოსთა და ეპისკოპოსთა, და მოძღუართა და მთავართა, განკჳრდეს, თუ ვითარ დადვა მეფემან სული თჳსი ერისა მისისათჳს, და ესრეთ პასუხი უგეს: "არა არს ნაცვალი შენი, მეფეო. გაშოროს ღმერთმან მოკლვა თათართაგან. მოოჴრდეს ქუეყანა და შვილნი შენნი მიმოდაიბნევიან. თუ ქუეყანაცა დაშთების, რა არს ნაცვალი შენი? აწ გეზრახებით, რათა წარხვიდე სიმაგრეთა მთიულეთისათა, ანუ აფხაზთასა, ვითარ ქმნა მამამან შენმან, და არა საჭირო არს განწირვა თავისა შენისა შენგან. ჩუენ ყოველნი მტკიცედ ვჰგიეთ ერთგულებასა".

ვითარცა ესმა მეფესა, თქუა: "თქუენ ერთგულებისა და სიყუარულისა ჩემისათჳს იტყვით, გარნა მეწყალვის უბრალო ერი, ვითარცა ცხოვარნი კლვად უღონო არიან, და არა-სადა აქუნ ნუგეშინისცემა. მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათჳს ჩემისა, და არ დავიშლი ურდოს წასვლასა". მაშინ განკჳრვებულნი ყოველნი აღდგეს, და რქუა აბრაჰამ კათალიკოსმან: "არა არს საქმე, მეფეო, განწირვა სულისა შენისა, რამეთუ მრავალთა მეფეთა მიურიდნია, და დაუცავს თავი თჳსი. აწ თუ შენ დასდებ სულსა შენსა ერისათჳს, ჩუენ ყოველნი ეპისკოპოსნი ვიტჳრთავთ ცოდვათა შენთა, არამედ წინაშე ღმრთისა ვწამებთ, რათა მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნე, ვითარცა უფალი სახარებასა შინა ბრძანებს: "უფროს ამისსა სიყუარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თჳსი მოყუსისათჳს". და უკეთუ ერთისა მოყუსისა[თჳს] სულისა დადება კეთილ არს, რავდენ ურიცხუთა სულთა ცხოვრება ეგოდენ სარგებელ არს".

ხოლო ვითარცა ესმნეს მეფესა კათალიკოსისაგან, განიხარა და დაასკუნა წარსლვა ურდოსა, დიდითა დიდებითა და საჭურჭლითა, და თანა წარჰყვა კათალიკოსი აბრაჰამ, და განუჩინა შვილთა საყოფელი. ყოველთა მთავართა, რომელნი არა თანა წარჰყვნეს, შევედრნა შვილნი თჳსნი, და წარგზავნა რომელნიმე მთიულეთს, და რომელნიმე კახეთს. ხოლო ყრმა მცირე გიორგი წარგზავნა ტაოს, იშხანის ციხესა, [289] ასპარაშენს, და თჳთ წარვიდა ურდოსა. და ვითარ მივიდა ქუეყანასა ხუაშაგისა ავაგის. ასულისა, მუნ დახუდა ძე მისი დავით, რომელი იგიცა წარიტანა ამისთჳს რომელ უმჭუელ იქმნას ყაენი, და ჰგონოს ერთგულება მისი. ვითარ ვლეს მცირედ და მიეახლნეს ურდოსა, ჰგონა ყაენმან მეფისა არა მისლვა, წარმოავლინა ნოინი ერთი, სახელით სიუქოლ, ძე ზემოჴსენებულისა იასბუღასი, რათა მოიყვანოს მეფე. მგზავრ მიმავალსა მეფესა წინა დაემთხჳა, რომელმან მყის აღიღო ყოველი ბარგი და სიმდიდრე მისი, და მეფე პყრობილ ყო, და მიიყვანა ყაენს არღუნს წინაშე. ხოლო მანცა პყრობილ ყო, და განიზრახვიდა ყაენი, უკეთუ ბოროტი უყოს მეფესა, არღარავინ არს ღირსი მეფობისა, და თუ ბოროტი არა შეამთხჳოს, ვითარ განუტეოს მიმდგომი და მზრახავი ბუღასი.

ხოლო რქუა ხუტლუბუღა ყაენსა: "ნუ იურვი მაგას, რამეთუ მე მოვიყვანო შვილი აფხაზთა მეფისა დავითის, სახელით ვახტანგ, და მას მიუბოძე მეფობა, რომელ ორივე სამეფო ბრძანებასა შენსა მორჩილებდეს". სთნდა ყაენსა სიტყუა ესე, და წარავლინა ხუტლუბუღა იმერეთს, დავით მეფის წინაშე, უქადა ძესა მისსა მეფობა, და ასული მისი ოლჯათ ცოლად.

და ვითარ წარვიდა ხუტლუბუღა, ჰკითხეს მეფესა დიმიტრის, რათა აღწეროს ყოველი სიმდიდრე მისი, საჭურჭლე. ზროხა და ცხოვარი, და ყოველი საქონელი მისი. რამეთუ პყრობილ იყო თჳთ მეფე და მთავარნი მისნი, თჳნიერ აბარაჰამ კათალიკოსისაგან კიდე. და არღარა იყო ღონე, აღწერა რაცა აქუნდა სიმდიდრე ფრიადი, წარმოგზავნეს კაცნი და წარიღეს ყოველნი. არა-რა დაშთა, რამეთუ მოქალაქეთაცა უწყოდეს საგანძურნი მეფისანი და შინაგამცემელ იქმნეს. ხოლო იტყჳან ამასცა: ხოჯა-აზიზის შვილი, რომლისა მამა მოეკლა მეფესა დავითს, ხუტლუბუღა და იგი, ორნივე მტერობად შეითქუნეს მეფისა და მივიდა საჭურჭლე მეფისა ყაენს წინაშე, და განკჳრდა სიმრავლისათჳს, და მცირედ დასცხრა გულისწყრომისაგან, და არღა ეგრე გონებდა [290] ბოროტის ყოფად. და ვითარ იხილეს ვაზირთა მეფისათა ფლობილად, რქუეს: "აჰა, თავი შენი ჴელთა შინა შენთა არს, ღამით მოიდგინენ ცხენნი მორბედნი და წარვედ, და განერე ჴელთაგან ამათთა, რამეთუ არა არს ნაცვალი სულისა შენისა". მაშინ რქუა მეფემან: "ისმინეთ ჩემი, რამეთუ პირველვე უწყოდე სიკუდილი ჩემი, გარნა დავდევ თავი ჩემი და სული ჩემი ერისათჳს ჩემისა. ხოლო აწ, თუ წარვიდე, უბრალო ერი მოისრას, რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შევიძინო და სული წავიწყმიდო". არა ისმინა განზრახვა მთავართა მისთა.

და მოიწია ხუტლუბუღა ლიხთ-იმერით, და მოაჴსენა ყაენსა, ვითარმედ დავით მეფე წარმოვლენს ძესა თჳსსა მსახურებად შენდა და სპათა აფხაზთასა, რათა გმსახურებდენ ხოლო ვითარ ცნა ყაენმან, კუალად დააპატიმრა მეფე დიმიტრი. და ვითარ გარდაჴდა ორი დღე, კუალად შეიპყრეს მეფე და ძე მისი მცირე ყრმა დავით ცალკე, და წარჰყვა თანა მღდელ-მონაზონი გაზრდილი მისი მოსე. და არგნითა სცეს მეფესა, და ეგონა ყოველთა არღარა მოკლვა მეფისა, რამეთუ წესად აქუნდთ, რა არგნითა სციან, არღა მოაკუდინიან. გარნა არა დამშჳდნა გულისწყრომა მისი. წარიყვანეს სამსჯავროსა სახლსა, რომელსა დივანხანად უწოდდეს, და ჰკითხვიდეს, უკეთუ თანაეწამა განზრახვასა ჩინქიშან-ბუღასსა, და ვერა ბრალი პოვეს. და წარვიდა ვინმე ნოინი ყაენს წინაშე, რათა არა მოკუდინოს მეფე, და ვერ აღასრულა სათხოველი მისი. და მოიწივნეს ათორმეტნი მჴედარნი ყაენისნი, რათა წარიყვანონ და სიკუდილსა მისცენ, და ვითარ ცნა მეფემან სიკუდილი თავისა თჳსისა, მხიარულითა პირითა მოიკითხვიდა მთავართა საქართველოსათა, რამეთუ ყოველნი მუნ მოსრულ იყვნეს ნუგეშინისცემად [291] მეფისა, და ხუტლუბუღაცა მდგომარე იყო. მუნ. რქუა მეფემან: "უკეთუ ძალ-გიძს, ყაენს წინაშე შემეწიე სიკუდილსა ამას შინა. და თუ არა გნებავს, ძე ჩემი მცირე დავით იღუაწე, რათა არა მოიკლას გულისწყრომითა აღსავსისა ყაენისაგან". ხოლო მან და ყოველთა მთავართა იწყეს ტირილად, და განვიდეს გარე. ილოცა და ეზიარა სისხლსა და ჴორცსა მეუფისა ჩუენისა ქრისტეს ღმრთისასა. ეგრეთ აღსუეს ცხენსა და წარიყვანეს ვითარ მილიონ ერთ. და ევედრა მტარვალთა, რათა ილოცოს მცირედ. და ილოცვიდა ცრემლთა მოდინებითა ქუეყანასა ზედა, და მერმე წარუპყრა ქედი. აჰა დღე საშინელი და ზარის აღსაჴდელი, რომელი იკადრეს ბილწთა ცხებულსა ზედა ღმრთისასა. და წარკუეთეს მეფეს დიმიტრის თავი.

ხოლო გამოჩნდა მასვე ჟამსა პატივი ღმრთისა მიერ ცხებულსა მისსა, რამეთუ მზემან შარავანდედი თჳსი უჩინო ყო სრულიად, და იქმნა სიბნელე დიდი, და ყოველნი წარმართნი განკჳრდეს იყო ჟამი მეათე და მწუხრამდე შეიმოსა ბნელი, ვითარ-იგი ყოვლისა სოფლისა ცხოვრებისა ვნებასა მეუფისასა, ეგრეთვე ამის ნეტარისა და საქართველოსათჳს წამებულისა მეფისასა, რათა საცნაურ იქმნენ, რამეთუ პატიოსან არიან ცხებულნი ღმრთისანი.

ხოლო იყო მესამე შაბათი წმიდათა მარხვათა, და მეათორმეტე თჳსა ებრაელთა მიერ ნისანად წოდებული, და ჩუენ მიერ მარტად. და აღასრულეს გულისწყრომა და არავე დასცხრა გულისწყრომა მათი რამეთუ შეიპყრეს ყრმაცა დავით და ნოინსა ტაჩარს მიჰგუარეს, რომელსა მჴედართ-მთავრობა აქუნდა. მას ღამესა მწუხარებასა გულისასა მოიცვეს ყრმაცა დავით კარავსა შინა მოსიკუდიდ, გარნა ვერა იჴელთეს. და ვითარ განთენდა, განიპარა მოსე მღდელი, რომელი არაოდეს განეშორებოდა დავითს, და შევიდა ტაჩარს წინაშე, და აუწყა მოკლვა დავითისი. ხოლო იგი აღდგა მსწრაფლ, და წარვიდა ყაენს წინაშე და რქუა ყრმისა დავითის უბრალოება: "რად გიჴმს შეუცოდარისა ყრმისა მოკლვა, მე მომ[მ]ადლე". ისმინა, და მოსცა, და წარიყვანა სახლსა თჳსსა, და შევედრა ხოჯასა თჳსსა, რომელი უკანასკნელ საჰიბდივან იქმნა.

[292] ხოლო გუამი იგი პატიოსანი დიმიტრი მეფისა დასცვეს მრავალ დღე, რათა არა წარიღონ ქართველთა. და ესრეთ სრულ იქმნა წინასწართქმული ბასილი მთაწმიდელისა. ხოლო იყვნეს მრავალნი წარჩინებულნი საქართველოსანი, და ვერვინ იკადრა გამოთხოვად გუამი მეფისა. მაშინ კათალიკოსმან და მოსე იყიდეს კაცნი, და მოსეცა თანა-წარჰყვა, და მოიპარეს ღამით გუამი დიმიტრი მეფისა. მაშინ, განგებითა ზეგარდამოთა, გამოჩნდეს კაცნი ტფილისელნი, რომელთა აქუნდა თევზი წარსაღებელად, და თევზთა თანა იტჳრთეს და მოიღეს მცხეთას, და მუნ დამარხეს სამარხოსა მამათა მათთასა. ვითარცა იქმნა ესე ყოველი, დავით ძე დიმიტრისი შეინახა კეთილად ტაჩარ ნოინმან. ხოლო დედოფალი და სხუანი ცოლნი მეფისანი დამალნეს. სორღალა წარვიდა სახლსა მამისა მისისასა თათარში, ხოლო ასული ბექასი წარვიდა მამისა მისისა თანა სამცხეს, და ვახტანგ იყო მთიულეთს. ხოლო ყრმამან მისცა დედოფალსა სარჩოდ სკორეთის-ჴევი, და ეახლნეს ორნი მცირედნი ძენი მანოველ და ლაშა. და სორღალას წარყვეს ორნი შვილნი, ბადურ და იედგარ, სახლსა მამისა მისისა, და დარჩა ქუეყანა ესე უმეფოდ.

მაშინ მოუწოდა ყაენმან ხუტლუბუღას და რქუა: "აჰა მოვსრენ ყოველნი მტერნი ჩემნი, და მტერიცა შენი მეფე დიმიტრი, და აწ მეფე არღარა. აღმისრულე რომელი აღმითქჳ, მოიყვანე ძე აფხაზთა მეფისა, და იყოს იგი მეფედ, მაშინ მოგითუალო საქართველო ყოველი, და განაგებდი ვითარ გნებავს, და წარვედ აფხაზეთს. და წარვიდა ხუტლუბუღა მეფისა დავითის წინაშე. და ვითარ იხილა ხუტლუბუღა მეფემან დავით, მოუწოდა სპათა თჳსთა, წარმოემართა და თანა წარმოიტანა ძე მისი ვახტანგ. გარდამოვიდეს და დადგეს ტასისკარს, ქვიშხეთის მინდორსა. აქათ მოვიდეს სირმონ ნოინის შვილი ყონჩიბა, ალიყანის შვილი ყურუმჩი, რომელი დგის მთათა ჯავახეთისათა, რომელ არიან არტანსა და სამცხეს შუა, და ყოველნი დიდებულნი საქართველოსანი [293] შემოკრბეს, და ყვეს ფიცი და სიმტკიცე ერთგულობისა. და მოსცა ძე მისი მეფემან, და მრავალნი თავადნი მისნი თანა-წარმოატანნა, და წარმოვიდეს მსწრაფლ, და მეფე დავით შეიქცა ქუთათისს. ხოლო მოიწივნეს რა ყაენს არღუნს წინაშე, იხილა ყაენმან ვახტანგ, შეიყუარა სიკეთისა მისისათჳს, რამეთუ იყო ტანითა სრულ, პირითა ჰაეროვან, ტკბილ, მოწყალე, სიმართლის მოქმედ, უხჳ, მდაბალი, ენა-ტკბილ, განმზრახი კეთილი, ყოვლისა საქმისა მცოდნე. ამას ვახტანგს მოსცა მეფობა ყოვლისა საქართველოსი, და დაჲ თჳსი ოლჯათ ცოლად, და წარმოგზავნა და მოვიდა ტფილისს.

მესამეოცდაოთხე მეფე ვახტანგ ძე დავით აფხაზთა მეფისა, ძისა რუსუდანისი, ბაგრატოანი

edit

ხოლო ვითარ მოვიდა მეფე ვახტანგ ქართლს შემოკრბეს კათალიკოსი და ეპისკოპოსნი, და მთავარნი, და დაადგეს გჳრგჳნი მეფობისა თავსა მისსა, და დასუეს ტახტსა სამეფოსა, და აღასრულეს წესი კურთხევისა. და დაიპყრა ყოველი საქართველო ნიკოფსით დარუბანდამდე, თჳნიერ ჯაყელ-ციხისჯუარელისა ბექასი, და განიხარეს ყოველთა მკჳდრთა საქართველოსათა: "რომელ მოგუეცა ნათესავი მეფეთა ჩუენთა, პატიოსანი, ღმრთისმოყუარე, ტკბილი და მოსამართლე, ახოვანი და მჴნე, და სამჴედროთა ზნითა აღვსავსე". ამან აღიყვანა პატივსა ათაბაგობისასა და ამირსპასალარობისასა ხუტლუბუღა, და მიუბოძა ორივე ჴელი და განგება სამეფოთა. ხოლო დავით დაშთა თათართა შინა ტაჩარ ნოინისთა, ჭირთა და იწროებათა შინა, და დედოფალი დედა მათი დაშთა სკორეთს, და სხუანი ძმანი მათნი მიმოიბნივნეს. ხოლო უმრწამესი ძე [294] მისი გიორგი, რომელი უშვა ასულმან ბექასამან, წარიყვანა პაპამან მისმან ბექამან და აღზარდა საკჳრველი და უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა, ვითარ ქუემორე სიტყუამან ცხად ყოს.

და ვითარ გარდაჴდა ორი წელი, შეედვა სალმობა ბოროტი ყაენს არღუნს, რამეთუ განჴმეს ყოველნი ასონი მისნი, და მოლპესცა ჴორცნი, და ძუალნი აღმოსცჳვდეს, და განიყარა ყოველი გუამი მისი, და იყო ნახვა მისი უშუერ და საზარელ, და კნინღა მიმსგავსებულ იყო მკუდარსა. ვითარ სნეულობდა არღუნ ინება ხუტლუბუღა რათა დავით მეფე ყოს და მოდგამი მისი კერძო, და ეცადა ნოინთა წინა, რათა წარუღონ მეფობა ვახტანგს. ტაჩარ თანა-შეეწეოდა დავითს, და ოვსთა მეფის ძე, სახელით ფარეჯან, იგიცა ძლიერად შეეწეოდა დავითს. ამისთჳს საბრჭოდცა წარდგეს, თუ რომელსა მართებს მეფობა. ხოლო სხუათა მთავართა ქართველთა არა სთნდა მეფობა დავითისი, რამეთუ მტკიცედ დგეს ერთგულობასა ზედა ვახტანგისსა, ამისთჳს არა მოსცეს მეფობა დავითს, და ადგილ-ადგილ სოფელნი და ქუეყანა მოსცეს დავითს.

და ვითარ განძლიერდა ზეგარდამო რისხვა არღუნს ზედა, და სენი იგი განგრძელდებოდა ოთხისა თჳსა ჟამთა, განრღუეული -- თავით ფერჴადმდე, მოეწყინა ნოინთა, შეკრბეს და ზედა მიეტევნეს, და კარავსა შინა მოშთობისა მიერ სიკუდილსა მისცეს, მასვე დღესა და ჟამსა, რიცხუსა თჳსასა, ათორმეტსა მარტსა, რომელსა შინა პატიოსანი და სანატრელი ცხებული ღმრთისა მოწამე, ბრწყინვალე დიმიტრი მოიკლა. საცნაურ იქმნა, ვითარმედ ამისთჳს მოიწია სენი ბოროტი არღუნს ზედა, რომელ დასთხია სისხლი უბრალო მრავალი. და იკადრა ცხებულსა ღმრთისასა ჴელის შეხებად.

მოკუდა არღუნ, და ყოველნი განმზრახნი მისნი, რომელნი მეფისა სიკუდილსა თანაშემწე ყოფილ იყვნეს, ყოველნი მოისრნეს, და მიერითგან მიეცა ფლობა დავითს, და ნოინნი დავითისკენ იყვნეს. ეგრეთცა მტკიცედ ეპყრა მეფობა ვახტანგს.

[295] მაშინ წარავლინეს ნოინთა კაცი, და მოიყვანეს ყაენად ქეღთუქონ, ძმა არღუნისი, და დასუეს ტახტსა და ჴელთ უგდეს ყოველი საყაენო. ამან შეიყუარა კეთილად ვახტანგ რამეთუ ამისთჳს ჰგონა არღუნს ზედა მიწვნად რისხვა იგი სასტიკი. და ვითარცა ესე ესრეთ იქმნებოდა, მაშინ შეედვა მცირე რამე სენი ვახტანგ მეფესა, რომლისა მიერ შეისუენაცა. და მოკუდა მეფე ვახტანგ, სამ წელ ოდენ მეფე ყოფილი საღმრთოთა და საკაცობათა შინა საქმეთა სრული და შემკობილი, რამეთუ აღმზრდელიცა კეთილი და მეცნიერი ესუა, ფარსმანის შვილი.

ვითარცა ცნა დავით, დიმიტრი მეფის ძემან, სიკუდილი ვახტანგისი, განმწარდა სიკეთისა და სიჭაბუკისა მისისათჳს, და იგლოვა წესისაებრ, და ფრიად პატივ-სცა, და წარგზავნა გელათს სამარხოსა მეფეთასა. ვითარცა ესმა მამასა მისსა, მეფესა დავითს, სიკუდილი სასურველისა და ყოველთა მიერ შეყუარებულისა ძისა მისისა ვახტანგისი, უზომოთა ტკივილთა და მწუხარებათა მოიცვეს, რამეთუ შეუძლებელ არს. მითხრობად თჳთოეულისა გარდა ესოდენ მოიცვა მწუხარებამან რომელ ვერღარა პოვა ლხინება. და შემდგომად მცირეთა წელთა მანცა შეისუენა, პატიოსნითა სიბერითა აღსავსე[მან] და დაუტევა სამნი ძენი, პირმშო ვიდრემე კოსტანტინე, და მეორე მიქელ, და უმრწამესი ალექსანდრე, რომელი უშვა დედოფალმან, დიდისა პალიალოღოსის ასულმან კოსტანტინეპოლისამან და საბერძნეთისა მპყრობელ[ისა]მან. ხოლო მიიღო მეფობა კოსტანტინე, პირმშოებისა ძლით, რომლისა მეფობასა წინააღუდგა ძმა მისი მიქელ, და დაიპყრა ქუეყანა რაჭისა და არგუეთი, და დღეთა მათთა იშლებოდა სამეფო, რომელთა საქმენი არა მოჴსენებულ არიან, და არა ყვეს მშვიდობა, ვიდრე არა მიიცვალნეს, რამეთუ რომელსა ჟამსა დაიზავნიან, მყის შეიშალნიან.

[296] ხოლო ჩუენ პირველივე გზა აღვლოთ მცირედ კერძო გარდამბიჯებელთა. დაჯდა რა ქეღათუ ტახტსა ზედა, განდგა ქალაქი საბერძნეთისა ტუნღუზალო: რა საბერძნეთით მოსრულ იყო ქეღათუ, ჰგონეს უცალოება ყაენისა, და განდგეს. მაშინ მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა, და მეფის დიმიტრის ძესა დავითს, და მთავართა ქართლისათა, და შევედრა ტახტი და ცოლი მისი და ხათუნნი ნოინსა ელგონს. ხოლო ხუტლუბუღა და სხუანი მთავარნი საქართველოსანი დაუტევნა მუღ[ა]ნს, რამეთუ ეშინოდა გამოსლვისათვის ბერქალთნასა, თჳთ წარვიდა, და დავით ძე დიმიტრისი თანა-წარიტანა. და ვითარ მიიწივნეს ტუნღუზალო ქალაქსა, გარემოადგეს ოთხ თუე, და ვერ-რა ავნეს. და ვითარ მისჭირდა, მეხუთესა თუესა იწყეს ძლიერად ბრძოლად; რამეთუ დავით და მცირედნი ქართველნი ბრძოდეს; წარიღეს ქალაქი და შიგან შევიდეს, სადა-იგი ქრისტიანენი ერთსა ყურესა შეკრებულ იყვნეს და ევედრნეს დავითს, რათა შეიწყალნეს და ყაენმან არა ბოროტი უყოს. ჴსმინა და მცველნი დაუდგინნა და დაიცვნა, და აღიღო ხარაჯა და საჭურჭლე ურიცხჳ, და მიერ წარმოვიდა. ხოლო მუნ ყოფასა ფარეჯანისა, იწყეს ოვსთა ოჴრებად, ჴოცად, და რბევად და ტყუენვად ქართლისა, და ქალაქი გორი წარტყუენეს და თჳსად დაიჭირეს ოვსთა. მაშინ შეკრბეს ქართლს ერისთავისა ბეგას ძესა ამადას წინაშე ყოველნი ქართველნი და მოდგეს გორსა. და მრავალგზის შეებნეს, და ქალაქსა შინა. მრავალი კაცი მოკუდა, ოვსიცა და ქართველიცა, და დაწუეს გორი სრულიად. და ვითარ მისჭირდა ოვსთა ციხიდაღმან გარდმოუშუეს საბლით კაცი და წარავლინეს მუხრანს მდგომთა თათართა თანა, რათა შეეწივნენ. ვითარცა ესმათ, ჩამოდგეს შუა, შუელა ქმნეს და ზავი და მიერითგან შეიქმნა მტერობა შორის ქართველთა და ოვსთა, ვიდრემდის მეფეთა შორის ბრწყინვალემან დიდმან სახელგანთქმულმან გიორგი განასხნა და აღფხურნა. ხოლო ვითარ მოიწია ყაენი შინა, [296] მოუწოდა დავითს და რქუა: "ვინათგან დასდევ თავი შენი მსახურებად ჩემთჳს, და სდგახარ ერთგულობასა ჩემსა ზედა მომიცემია მეფობა და სამეფო შენი ყოველი". და წარმოგზავნა ტფილისს, და დასუა ტახტსა მამისა მისისასა, და თანა წარმოატანნა სპანი საქართველოსანი, შანშე და ხუტლუბუღა, და ყოველნი დიდებულნი. და მოუწოდეს სამცხით ბექასა, და მან არა ინება მოსლვად, რამეთუ ფრიად განდიდებულ იყო, თჳთ არღარა წარვიდის არცა ყაენს წინაშე და არცა მეფის თანა, არამედ წარმოუვლინა ძე თჳსი პირმშო, სამცხის სპასალარი სარგის, და ყოველი ნამარხევი, რომელ აქუნდა მეფისა დიმიტრისაგან შევედრებული, და სარტყელიცა იგი დიდფასისა. მოვიდა სარგის და მოიღო ყოველივე დაუკლებელად მეფის დავითის. წინაშე. და დასუეს მეფე ტახტსა ზედა, და აკურთხეს კათალიკოსმან აბრაჰამ და ეპისკოპოსთა

მესამეოცდახუთე მეფე ქართლისა დავით, ძე დიმიტრი მეფისა, ბაგრატოანი

edit

ხოლო მოსცა ყაენმან დაჲ მისი ოლჯათ, რომელი ვახტანგს ცოლად ესუა. და დაიპყრა ყოველი სამეფო მამისა მისის დიმიტრისი, თჳნიერ ბექას სამცხის მპყრობელისა მთავრისა, ხოლო იგი პატივ-სცემდა მეფესა დავითს მრავალთა ნიჭთა და ძღუენთა წარმოუვლენდის. ხოლო დავით უმეტესთა ჟამთა იყვის წინაშე ყაენისა. დაღათუ ფარეჯან ოვსთა მთავარი მსახურებდა კეთილად მეფესა, არამედ აქუნდა[თ] მტერობა ქართველთა [და ოვსთა]: ესოდენ გარდაეკიდნიან ერთმანეთსა, რომელ რომელიცა მძლე ექმნის, მოკლის. მაშინ წარვიდეს ქალაქს ოვსნი ვაჭრობად, და ვითარ მოიქცეს, იხილეს გლახაკი, და მისცეს ქველის საქმე ოვსთა, რომელსა უპირველესსა [298] ეწოდა სათხისა და მეორესა უზურაბეგ, და რქუეს: "გლახაკო, ევედრე ღმერთსაი რათა დღეს ჩუენი და სურამელის ბეგას შვილის ჴრმალი ერთგან შეიყარნენი, და ვითარ წარვლეს მცირედ, დახუდა ნადირობასა შინა მყოფი რატი მცირითა კაცითა, უსაჭურვლო. მყის ზედა მიეტევნეს, აღიღო თარი და დაუდგა სივიწრესა წყლის გასავალსა, და პირველ სათხეს უხეთქნა მუზარადსა, განუპო და ჩამოაგდო, და მოკუდა. მერმე უზურაბეგ მოუჴდა, ჰკრა მასცა მჴარსა ჯაჭჳანსა, განუკვეთა მჴარი, და ჩამოაგდო, და ყრმათა რატისთა მოაკუდინეს. იხილეს სხუათა ოვსთა და ივლტოდეს. ამისთჳს იტყჳს წინასწარმეტყუელი: "უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს", კუალად სხუა ჴმობს: "აღჴოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუარნი, და ენა დიდად მეტყუელი".

ხოლო მოვიდა მწოდებელი ყაენ თუქალისი წინაშე დავით მეფისა. და წარვიდა დავით წინაშე თუქალისა, რომელი იდგა მთათა არარატისათა. და ვითარ იხილა თუქალ დავით მეფე, პატივითა შეიყუარა. ინება, რომელ ფიცთა მიერ ქმნან ერთობა სიყუარულისა. დაამტკიცეს ერთობა, და წარმოვიდა მეფე შინა, და მისცა დმანისი, რომელ აქუნდა ხუტლუბუღას, ძმასა მანგასარისსა.

და ვითარ გარდაჴდა მცირედი ჟამი, წარვიდეს ნოინნი, რომელნი თუქალისაგან ლტოლვილ იყვნეს, ვითარ ნავროზ დიდისა არღუნის შვილი, რომელი იყო კაცი მჴნე, ძლიერი, ახოვანი, მანქანი, შემმართებელი უმეტესობისა, ალიყანის შვილი ყურუმჩი, რომლისა ძმა ბუღა მოეკლა თუქალს. ესენი მივიდეს ხუარასანს, არღუნის. შვილის ყაზანის თანა, რომელსა აქუნდა მამისაგან საუფლისწულოდ ხუარასანი. შეიყარნეს და ინებეს, რათა ყაზან ყონ მთავრად და ყაენად. შეკრბეს ესე ყოველნი, და წარმოემართნეს ბრძოლად ბაიდოსსა. და ვითარ ცნა მოსლვა ყაზანისა, მოუწოდა მანცა ლაშქართა, და წარვიდა თუქალცა სისწრაფლ. ვერღარა მიიცადეს მეფე, აქაცა დაიცვა ღმერთმან, რომე არა დახუდა. მიეგებნეს მცირესა ქალაქსა ზანბანს, შეკრბეს ურთიერთას [299] და სწორი ძლევა იქმნა, უკუდგეს ორნივე და გაიყარნეს, რამეთუ ყაზან მუნ არა იყო, ნავროზ და ხუტლუბუღა წარმოევლინეს. ნავროზ ჴელთ იგდეს და ძლიერი ბრძოლა ყო ჯალირმან, და წარვიდა ყაზან ხუარასნით. ხოლო ევედრა ნავროზ თუქალს, რათა განუტეო, და ფიცით დაუმტკიცა, რათა ყაზან ჴელ-შეკრული მოსცეს. ირწმუნა და განუტევა. და ვითარ მივიდა ყაზანს თანა, შეკრა ქუაბი სპილენძისა, და წარმოგზავნა თუქალს წინა, რამეთუ ენითა თურქულითა ქუაბსა ყაზან ეწოდების. მოვიდა ქუაბი შეკრული საბლითა, განუკჳრდა და დაუმძიმდა თუქალს, რამეთუ მოსრულ იყო არარატისა მთათა.

მაშინ კუალად წარმოემართა ყაზან, უმრავლესითა სპითა, უგრძნეულად, და უჟანს დაესხა ბაიდოს. შეკრეს და მოაშთუეს, და მის თანა მრავალნი ნოინნი. ხოლო აქაცა დაიცვა ღმერთმან მეფე. და ვითარ ცნა სიკუდილი ბაიდო ყაენისა, თუქალ ივლტოდა და მივიდა სამცხეს, ბექასას, რომელი მთავრობდა ტასისკარითგან ვიდრე კარნუ-ქალაქადმდე. და შვილი წარგზავნა მეფისა დავითს წინაშე, და მას შევედრა. და ვითარ მოვიდა ყაზან ადარბადაგანს, რომელ არს თავრეზი, წარმოუვლინა მოციქული მეფესა და ბექასა, რათა მისცენ თუქალი და შვილი მისი, ერთგზის და ორგზის. და არა მისცეს, არამედ იურვეს, რათა შეუნდონ. და მოსცა პირი და ბეჭედი უვნებელობისა, და მისცეს თუქალი. ვითარ ცნა ყურუმჩი წარყვანა თუქალისა ურდოსა, მოეგება ელჩსა ყაენ ყაზანისსა ნაჴიდურს, და წარგუარა თუქალი, და მოკლა, სიკუდილისათჳს ბაიდოსა, ძმისა მისისა. და მეფემან დავით მოსცა შვილი მისი და ყოველი სიმდიდრე, რომელი შეევედრა თვსთა მთავრის ფარეჯანისა, რომელი იდვა ციხესა ატენისასა, რამეთუ ესე დაიმადლა ყაენმან ყაზან. გარნა მეფემან ვერ გულს-იდგინა წარსლვა [300] ურდოსა შიშისათჳს, რომელ აქუნდა სიყუარული თუქლისი. და კუალად სხუაცა იყო შიში ურდოს წარსლვისა, რამეთუ ზემოჴსენებული იგი ნავროზ, არღუნ-აღას შვილი, მტერი იყო ყოველთა ქრისტიანეთა; რამეთუ ვისცა ჰგონებდა სჯულისა დატევებასა, დაჰპატიჟებდა და მუსულმანად მიაქცევდა, თჳნიერ ცნობისა ყაზან ყაენისასა. და კუალადცა რამე ბოროტი აქუნდა, ამისთჳსცა ბოროტად მოკუდა, ვითარ ქუემორე სიტყვამან ცხად ყოს.

ესე ნავროზ განდიდნა, თჳნიერ ყაენისა განაგებდა საქმეთა საურავთა, და აქუნდა მტერობა ქრისტიანეთა. და განემზადა სრულიად დაჴოცად და დაქცევად ეკლესიათა თავრეზსა და ყოველთა ქალაქთა შინა. და მოიყვანა ეპისკოპოსი მარღის ქალაქისა, ნათესავით და სარწმუნოებით ნასრანი, რომელი იყო კაცი მოწყალე და სახიერი, ფრიად სათნოებიანი, პირველთა ყაენთაგან პატივცემული, და მამად ყაენთაგან სახელდებული. ესე პყრობილ ყო და მრავალნი გუემანი და ბასრობანი შეამთხჳვნა დატევებისათჳს სჯულისა. ხოლო იგი ახოვნად წინააღუდგებოდა, და მოითმენდა შეურაცხყოფად სჯულისა მოამადის მიერ ქადაგებულისა. ამისთჳს ექსორიობად დაისაჯა, რამეთუ იყო ფრიად მოხუცებულ. ამას ზედა ესეცა შესძინა ბოროტი ნავროზ: წარმოავლინა კაცი ერთი უკეთური- ნათესავი მისი, რათა მოაოჴრნეს ეკლესიანი ყოველსა საქართველოსაც პირველად მოაოჴრნეს საყოფელი ყოვლად-წმიდისა ვარძიისა ღმრთისმშობელისა საყდარი, და ყოველსა საქართველოსა რაცა პოვოს, და წარმოიღოს რაცა რა პოვოს მას შინა სიმდიდრე, რამეთუ ჰგონებდა უზომოსა სიმდიდრესა, ოქროსა და ვეცხლსა, თუალთა და მარგალიტთა პატიოსანთა მრავალთა ვარძიას.

პირველად უკუე წარმოვიდა, და მოიწია ნახჭევანს, იწყო რღუევად ეკლესიათ. მოიწია [301] რისხვა ყოვლად-წმიდისა ვარძიის ღმრთისმშობელისა მას ზედა, რომელ მოვიდოდა მოსაოჴრებლად ვარძიისა ღვთისმშობელისა და პატიოსნისა ჯუარისა დასამჴობლად. ამისთჳს მეხდატეხილ იქმნა, და განგალა მეხმან სრულიად, და დაიწუა ძუალითურთ. ესრეთ საკჳრველებითა დაიცვა სამყოფი თჳსი ვარძიისა ღმრთისმშობელმან. ხოლო ნავროზს. ზედაცა მოიწია რისხვა ღმრთისა, რამეთუ განრისსდა ყაენი ყაზან უსამართლობისათჳს. და ბოროტთა საქმეთა მისთთჳს იყო ყაზან ფრიად რამე კეთილ და უბოროტო გონება და სიმართლის მოქმედ, უფროს ყოველთა უწინარესთა ყაენთა, ესოდენ, რომელ ჯაჭჳ განება ორთა შეშათა ზედა და ეჟუნები მოება მრავლად, რათა გლახაკნი უღონონი და უქონელნი, ყაენისა და ნოინთა წინა მისლვისა უღირსნი და მოჩივარნი მივიდოდენ და შეარყევდენ შეშასა და ჯაჭუსა, და ესმოდის ყაენსა ჴმა ეჟუანთა და ცნის, რომელ სასჯელი უც გლახაკთა და შეურაცხთა კაცთა რომელი თჳთ განიკითხის პირისპირ. ესოდენ უყუარდა სამართალი, რომელ დღეთა მისთა არა იქმნებოდა მალი და უსამართლობა, არა დიდთა -- და არცა მცირეთაგან. ამისთჳს რისხვეული ნავროზ ივლტოდა ხუარასანს, რომელ დევნა უყო ზემოჴსენებულმან ხუტლუბუღა ნოინმან, მიეწია და მოაკუდინა იგი, და შვილი მისი, და ყოველი ნათესავი მისი, მოისპო ქუეყანით საჴსენებელი მისი, ვითარცა წერილ არს: "მოისპენ უღმრთოდ, რათა არა იხილოს დიდება ღმრთისა". და კუალად წარწყმდა საჴსენებელი მისი, და ესრეთ დამშჳდდეს თათარნი. იწყო ყაზან ყაენმან განგება ქუეყანისა სიმართლითა და მსჯავრთა კეთილთა.

ამათ ჟამთა წარმოავლინა მოციქული ყაზან ყაენმან, და იწყო მის წინაშე დავით მეფე. ხოლო იგი მსწრაფლ განემზადა, და მოიწია კახეთს და ჰერეთს. მივიდეს ჰერ-კახნი დიდებულნი და აზნაურნი დავით მეფის წინაშე, ერისთავი სამადავლა, კაცი [302] ყოვლითა სამჴედროთა ზნითა შემკობილი, და მოისარი რჩეული, მსგავსი მოსომახოსა ებრაელისა, გინა ნეოპტოლემეოს პიღასი რჩეულისა, სახელოვანისა მირმიდონთ მოძღურისა, დაყო მცირედი ჟამი ჰერეთს, და განეზრახა ვაზირთა: "უკეთუ წარვიდე ურდოსა, გინა არა". დაუმტკიცეს ვაზირთა წარსლვა, ხოლო მეფემან არა ისმინა მათი და შეიქცა გარე, რამეთუ აქუნდა შიში თათართა ყაენის ხილვისა. და მოვიდა მთიულეთს, უკუდგა ჟინვანს შეკრა სიბა, და მცველნი დაუდგინნა. ხოლო მეფე დავით მთიულეთს დგა, და წარავლინა ძმა თჳსი ურწამესი ვახტანგ ელჩად წინაშე დიდისა ბათოს შვილის შვილისა ყაენისა, და უქადა გზა გამოსლვად ყაენის ზედა, და მან კეთილად შეიწყნარა, და უქადა ქუეყანა და საჭურჭლე მრავალი. ვითარ ცნა დავითის. უკუდგომა ყაზან, წარმოგზავნა ხუტლუბუღა მჴედართ-მთავარი, რომელსა იგინი ბეგლარ-ბეგობით უჴმობდეს, სპითა დიდითა. მოვიდეს და დადგეს ტფილისს, გაგზავნეს მოციქული მეფესა დავითს წინაშე, და ითხოვეს კაცნი სარწმუნონი მისანდობელად, და აძლევდეს ზავსა, და სთხოვდეს ერთგულობასა ყაზანისასა, და არა მიქცევასა მტერთა კერძო. და მან წარმოგზავნა კათალიკოსი აბრაჰამ, ბურსელი ივანე და ტფილისის. ყადი, და ითხოვნა მძევალნი და ფიცად მიჰპირდა. ხოლო მათ ფიცეს სჯულისაებრ მათისა, და მისცეს მძევლად ხუტლუბუღას შვილი სიბუჩი, ყურუმჩის ძმა არფა და სხუათა ნოინთა შვილნი. და მისცეს ბეჭედი ყაენისა, და სიმტკიცე უვნებელობისა. და იგი მოვიდა ნახვად მათდა, და აღუთქუა წარსლვად ურდოსა. ხოლო ხუტლუბუღა შეიწყნარა პატივითა და განუტევა. ხოლო დავით იქცა თჳსადვე, და მძევალთა მისცა ნიჭი დიდი და განუტევნა.

და ვითარ მოიწია არე გაზაფხულისა, აწჳეს კუალად მეფე დავით ურდოსა, და [303] არა ინება წარსლვად, რამეთუ აქუნდა შიში. ამისთჳს წარავლინა ძმა მისი ბადურ დიდისა ყაენისა თოხთას წინაშე. ვითარ ცნა ყაზან ყაენმან, კუალად წარმოავლინა მჴედართ-მთავარი ხუტლუბუღა, სპითა ურიცხჳთა. მოვიდეს სომხითს და კუალადცა აწჳეს მეფე მისლვად, და აღუთქმიდეს ნიჭთა დიდთა. და კუალადცა წარავლინა კათალიკოსი აბრაჰამ, ყადი ტფილისისა და ივანე ბურსელი, და აღუთქუა მისლვად. ცნეს თათართა რამეთუ მიზეზობდა, შეიპყრეს ივანე ბურსელი და მოკლეს, კათალიკოსი და ყადი განუტევეს უვნებელად, და მომართეს შესლვად მთიულეთს; მოაოჴრეს სომხითი, ქართლი, თრიალეთი, ერწო და დადგეს მუხნარს, ხერკს, ბაზალეთს, ერწოს და თიანეთს და ვერ ეტეოდეს სადგომად, და არბევდეს ქართლსა და ზემოჴსენებულთა ქუეყანათა. ტყუე ყვეს, რომლისა არა იყო რიცხჳ, და მოსრეს პირითა მახჳლისათა რავდენ პოვეს, და მიეცა ქუეყანა განსარყუნელად, ცოდვათა ჩუენთათჳს. რამეთუ ამას წელსა გამოჩნდა ვარსკულავი კჳმატი, ლახურის სახე, ჩრდილოთ კერძო, და დადგა ვიდრე ოთხ თუედმდე, და ყოველთა ღამეთა იხილვებოდა ვარსკულავი იგი ლახურის სახე, და იტყოდეს: "ლახურითა მოწყუედასა მოასწავებს".

კუალადცა ინებეს თათართა ზავის ყოფა მეფისა და გაუგზავნეს მოციქული, რათა მეფემან შეჰფიცოს ერთგულობასა ზედა ყაზანისსა, და არა მისცეს გზა ბათოს შვილის შვილსა დიდსა ყაენსა თოხთას, და ესრეთ ჟამად შინა იყოს, მისცეს სამეფო მისი. და ყვეს ფიცი და აღთქმა ურთიერთას, და წარმოგზავნა დედა თჳსი დედოფალი, და ძმა მისი უმრწამესი მანოველ, და კათალიკოსი აბრაჰამ და დედოფალი ცოლი მეფისა, ოლჯათ, წარმოავლინა, რათა წარვიდეს ურდოსა და იურვოს საქმე მისი. და მოიწინეს რა ურდოსა, იხილნა ხუტლუბუღა და პატივითა შეიწყნარნა. მსწრაფლ უკურიდა და მოსცა ტფილისი და სამეფო მისი, და წარვიდა ურდოსა და წარიტანა დედოფალი ოლჯათ და კუალად დამშჳდდა მოოჴრებული ქუეყანა.

და ვითარ გარდაჴდა ზამთარი იგი, და მოიწურა არე ზაფხულისა, წარმოავლინეს მოციქული მეფისა დავითის, წინაშე, რათა ცნან, უკეთუ არს ერთგულობასა ზედა [304] ყაენისასა, ანუ არა. და ცნა კაცმან მან, რომელ ბადურ წარევლინა დავითს ყაენ თოხთას თანა, და გზა ექადა გამოსლვად. აცნობა ყაზანს, ხოლო იგი განწყრა და წარმოავლინა ყურუმჩი, და აღნაჯი ვინმე შინაური მისი, და შანშე მჴარგრძელი. და მოუწოდეს ძმასა დავითისსა მცირესა გიორგის, რომელი ესვა ასულსა ბექასსა, და მას აღეზარდა, რომელი მარტო ეშვა დედასა, ვითარცა მარტორქა, რამეთუ ვერ შემძლებელ იყო ბუნება დედათა სხჳსა ეგევითარისა შობად, ვითარ ქუემორე სიტყუამან ცხად ყოს.

ხოლო ესე გიორგი იყო სახლსა ბექასსა, რამეთუ ესე ბექა განდიდებულ იყო, და აქუნდა ტასის-კარითგან ვიდრე სპერამდე და ვიდრე ზღუამდე: სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალისჴევი, ხოლო ჭანეთი სრულიად მოსცა ბერძენთა მეფემან კომნინოსმან კირ მიხაილ, და ასული ბექასი ცოლად მიიყვანა; ამასვე აქუნდა უმრავლესი ტაო, არტანი, კოლა, კარნიფორა და კარი, ამათ შორის ქუეყანანი და ციხენი, არტანუჯი, და უდაბნონი ათორმეტნი კლარჯეთისანი, და დიდებულნი აზნაურნი და მონასტერნი, ყოველნი მას აქუნდეს, და ხარაჯას მისცემდა ყაზანსა, და ლაშქრითა შეეწეოდა. ამას სთხოვეს ყრმა გიორგი, რათა მოსცეს და მეფე ყონ ქართლსა დავითის წილ ძმისა მისისა, რომელი აღასრულა და მისცა, და თანა წარატანა ლაშქარი დიდი. ხოლო წარიყვანეს ესე გიორგი, და დასუეს მეფედ, და დაღათუ მცირე იყო, არამედ წინა-დაუსახვიდეს უძლეველობასა მეფობისასა და წინა-მოასწავებდეს.

მესამეოცდაექუსე მეფე ქართლისა გიორგი, ძე დიმიტრი მეფისა და ძმა დავით მეფისა, ბაგრატოანი

edit

ხოლო იყო ყრმა მცირე გიორგი მეფედ ტფილისისა. და ვითარ მოიწია გაზაფხული, კუალად წარმოავლინა ყაზან ყაენმან იგივე ხუტლუბუღა სპითა ძლიერითა [305] და მრავალნი ნოინნი სხუანი, და დადგეს ზემოჴსენებულთა ადგილთა და მოაოჴრეს ქართლი უბოროტესად. ხოლო მეფე დავით დადგა ჴადას. მაშინ ქუენიფლეველი შალვა გამოექცა მეფესა, აღსავსე ნიჭთა მიერ მისთა, რომელნ მას ჟამსა მიენიჭნეს. არა მოიჴსენა წყალობა ეგოდენი, და მივიდა ხუტლუბუღა ნოინთანა. ხოლო მან განიხარა და პატივითა შეიწყნარა, და წინამმღურად გზისა აჩინა. და შევიდეს გზასა ხუარაზმის ჴევისასა, და განვიდეს მთასა შორის ცხავატსა და ცხრაზმის ჴევთა, რომელ არს ლომისა. და ვითარ ცნა დავით ორგულობა შალვა ქუენიფლეველისა; შედგა ციკარეს, რამეთუ ციკარე მტერთაგან შეუვალ იყო. ჩავლო ხუტლუბუღა, და განვიდეს ჴადას, და გარდვიდეს ჴევსა: და მიმართეს გუელეთს, რამეთუ მუნ შინა აგონებდეს მეფესა დავითს. და გარე-მოადგეს სტეფან-წმიდასა სოფელსა, და განგებითა ღმრთისათა განმაგრდეს, რამეთუ წინარნი თათართანი იყვნეს ქუენიფლეველი შალვა, და ოვსთა მთავარი ბაყათარ, და მუხნარს მდგომი თათარი ბანთანაღუთ. ხოლო ვითარ ცნეს, რომელ სტეფანიათ ვერას ავნებდეს და მეფე მუნ არა არს, ითხოვეს საზრდელი მცირე. სტეფანელთა მოსცეს. და აიყარნეს, და გარდამოდგეს ჴადას. სოლო მეფე ციკარეს იყო, დაამტკიცეს და დადგეს ერთგულობასა მეფისასა სურამელი აჰმადა, და ამირეჯიბი აბაზას-ძე ჭილა, და აზნაურნი ქართველნი და სომხითარნი, და დიდი ერთგულობა აჩუენეს.

ხოლო ვითარ ცნა ხუტლუბუღა მეფისა ციკარეს დგომა, განყო ლაშქარი, და რომელიმე წარავლინა ცხავტით გზასა, რათა ეგრეთ შევლონ ციკარესა, რომელი ესე შეუძლებელ იყო. მაშინ ქუემო შესრულთა ლაშქართა შევლეს გზა და განვიდეს ცხავატს. ვითარ ცნა მეფემან, წარავლინნა მცირედნი ლაშქარნი, და იქმნა ომი ძლიერი, [306] და მოსწყდა თათარი ურიცხჳ, რამეთუ შემოსრულ იყვნეს ვიწროსა გზასა კაცი მეორე ვითარ ხუთასი, რომელნი ვერღარა გამოესწრნეს გზისა სივიწროისაგან. შეიპყრეს ხუთასივე: რომელნიმე მოკლეს და, რომელნი დარჩეს, მოჰგუარეს მეფესა. ხოლო სხუანი ივლტოდეს, და სპანი მეფისანი გამოვიდეს ჴადის თავსა, გორასა რასმე, რომელ არს ციკარეს პირისპირ, და იქმნა ომი ძლიერი. კეთილად ბრძოდეს შინაურნი მეფისანი, ჴადელნი, და ზოგნი ჴევით მოსრულნი რჩეულნი, და უმეტეს მოისრვოდეს თათარნი, რამეთუ დიდად ავნებდეს მთიულელნი, იყვნეს ფერჴითა მალი, ცხენოსანი ვერ შეუვიდოდა ნაომარი, და ქუეითად იბრძოდეს თათარნი, რომელთა შემწედ ყვა ივანეს ძე შანშე, და ოსნი რომელ სხდეს გორს, მესხნი ლაშქარნი, რომელნი წარმოევლინნეს სამცხისა მთავარსა ბექას: თორელნი, თმოგუელნი და ტაოელნი. და განგრძელდა ომი ვიდრე მიმწუხრადმდე. გზათა სივიწრითა არა აღერინნეს ურთიერთას, გაიყარნეს და უკუდგეს ჴადას თათარნი. და უშუელა ღმერთმან მეფესა, რამეთუ ცხავატით შესრული ლაშქარი ივლტოდა. და ვითარ ხუთასი ოდენ კაცი შეიყარა, და ხუტლუბუღასაცა დიდი ვნებოდა. იხილა სიმაგრე ქუეყანისა ხუტლუბუღა და ცნა, რომელ არა ეგების შესლვა ციკარეს; აიყარა ღამით გზასა ლომის თავისასა, დაესხა ქართლს, დაღათუ ვინმე დარჩომილ იყო, მოსრა და ტყუე ყო, და მოაოჴრეს ქართლი, და წარვიდეს ყაენს ყაზანს წინაშე.

ხოლო მოიწია რა არე გაზაფხულისა, წარმოემართა იგივე ხუტლუბუღა, სიტყჳთა ყაენისათა, სპითა უძლიერესითა, და მოიწია ტფილისს, და ეგულებოდა შესლვად მთიულეთს. და ვითარ ცნეს დიდებულთა ამის სამეფოსათა, განკრთეს და ეძიებდეს ღონესა, რათა განერეს პირისაგან თათართასა, ქუეყანა თუღა სადამე დაშთომილ იყო. შეკრბეს მეფესა დავითს წინაშე და მოაჴსენებდეს, რათა წარვიდეს ყაზანს წინაშე [307] და ფიცი და სიმტკიცე აღიღოს უვნებელობისა. ისმინა მეფემან, და დაამტკიცა წარსლვა ურდოსა. სთხოვა ზავი და ფიცი, ხოლო მან დიდად განიხარა და აღუთქუა უვნებელად ყოფა მეფისა და დაცვა ქუეყანისა, უკეთუ ოდენ იხილოს ყაენი, მიერ წარმოგზავნონ დაცვული მშჳდობით. ამის პირსა შინა იყო ბურსელი ივანე, აღიღო პირი მტკიცე, და მოვიდა მეფეს წინაშე. იხილა რა პირი სიმტკიცისა, ქართველთა, ჰერ-კახთა, განეხარნეს და აწუევდეს წარსლვად, და მძევალთაცა აძლევდეს: ხუტლუბუღა" სარწმუნო კაცი არს და არა ეცრუვების აღთქმასა, ვჰგონებ კეთილად შეწყობასა". გარნა მეფემან არა ისმინა, რამეთუ შიში აქუნდა თათართა, და დადგა გუელეთს. ხოლო ვითარ იხილეს დიდებულთა მოოჴრება, უმრავლესნი წარვიდეს, კითხვითა მეფისათა, დაცვისათჳს ქუეყანისა. ხოლო ხუტლუბუღა კეთილად შეიწყნარებდა ვინცა მოვიდოდა. კუალად მოაოჴრა ქუეყანა ქართლისა ზემოჴსენებული, თჳნიერ მთიულეთისა, და წარვიდა ურდოსა.

ხოლო ვითარ მოიწია სთუელი, ჩამოდგა ცხრაზმის ჴევსა მეფე დავით, და აოჴრებდა მამულსა შალვა ქუენიფლეველისასა ორგულობისათჳს. მაშინ უღონო იქმნა ქუენიფლეველი და ევედრა სურამელსა მსახურთ-უხუცესსა [და] ქართლისა ერისთავს ჰამადას, რათა იურვოს მეფეს წინაშე. მოაჴსენა მეფესა და არა ინება მისთჳს დაჭირვა, არამედ მიუბოძა ჰამადას. გარდაიყარა თავსა ნაცარი შალვა და იტყოდა: "ესემცა არს მისაგებელი ორგულთა მეფეთასა". და შეუნდო მეფემან შალვას.

მათ ჟამთა წარმოვიდა ძმა მეფისა ვახტანგ, რამეთუ იკლო რამე სიყვარული და სიკეთე ძმისა მისისა დავითისაგან, რამეთუ შეპყრობილცა იყო და პატიმრული [308] ციხესა ჟინვანისასა. გამოიპარა და მოვიდა ივანე ბურსელისასა და რქუა: "არა-რა ბოროტი მიქმნიეს და შეურაცხება წინაშე ძმისა ჩემისა, აწე არა წარვალ ურდოსა, მტერთა მისთა თანა, არამედ წარავლინე კაცი წინაშე მეფისა ძმისა ჩემისა და აუწყე ჩემი შენსა მოსლვა. თუ ნებავს, და ფიცით შემაჯერებს, რომე არა ავი მიყოს და არა შემიპყრას, მის წინაშე მივალ, და მცირე სარჩომიცა მომცეს". ხოლო მან წარავლინა კაცი მეფისა დავითის წინაშე და მოაჴსენა ესე ყოველი. ხოლო მეფემან განიხარა და ფიცითა მოიმტკიცა, და წარიყვანა ძმა თჳსი, და კეთილად ხედვიდა. და კუალად ჰგონებდა განდგომასა, ამის ძლით, რამეთუ შაბურის ძმის ასული შეირთო ვახტანგ ცოლად. და ვერღარა თავს-იდვა ვახტანგ უპატიოდ ყოფნა, და წარვიდა ურდოს ყაზანის თანა. ხოლო მან კეთილად შეიწყნარა და მოსცა მეფობა. და წარმოატანა ხუტლუბუღა ნოინი სპითა უძლიერესითა, და მოვიდა ტფილისს. და მუნ შემოიპირნეს ყოველნი თათარნი და ქართველნი, და სამცხის ბატონის ბექას შვილი, სარგის სპასალრი, ტაოელნი, თორელნი, თმოგუელნი და სომხითარნი, რამეთუ შანშე პირველვე იყო მუნ.

მესამეოცდაშვიდე მეფე ქართლისა ვახტანგ, ძე დიმიტრი მეფისა და ძმა დავით მეფისა და გიორგი მეფისა, ბაგრატოანი

edit

ვითარ ცნა მეფემან დავით, რომე ვახტანგს მეფედ ჰყოფენ, წარმოავლინა იგივე ბურსელი ზავისათჳს და აღუთქუა ურდოს წარსლვა, რათა ფიცითა შეაჯერონ და მოსცენ მძევალი. ხოლო ხუტლუბუღა შეჰფიცა და ყოველი სათხოველი აღუსრულა. და წარვიდა ბურსელი მეფეს წინაშე. ხოლო მან განიხარა და წარმოავლინა დედოფალი ოლჯათ, და კათალიკოსი აბრაჰამ, და ბურსელი. და მოვიდეს მუხნარს ხუტლუბუღა და [309] სხუანი ნოინნი და ბაზალეთს წინა-მოეგებნენ, ოლჯათს და ვითარ ყაენს ეგრეთ პატივსცეს, და მოსცეს პირი სიმტკიცისა, და ბეჭედი ყაენისა, და ჴელის მანდილი, რამეთუ ესე აქუნდა სიმტკიცე ფიცის მინდობისა, და აძლიეს ხუტლუბუღას შვილი სიბუჩი მძევლად. გარნა ოლჯათ დაიმჭირა და არღარა წარავლინა, არამედ კათალიკოსი და ყადი და ბურსელი წარგზავნა, რათა მოიყვანონ მეფე. ვითარ მივიდეს მეფეს წინაშე, ცნა ოლჯათის არღარა მისლვა, მიზეზ ყო და არა ინება ნახვა თათართა, რამეთუ დიდი რამე რიდი და შიში აქუნდა. წარავლინა იგივე კათალიკოსი ყადი და ბურსელი, ითხოვა ოლჯათ და აღუთქვა ხილვა. და ვითარ მივიდეს ხუტლუბუღას თანა, ცნა არა მოსლვა მეფისა, რქუა ბურსელსა: "კაცო, სატყუარი რა არს. მე მტიცითა ფიცითა შემიფიცავს, და ვერ მოვიდა; აწ მიიღე ტყუილისა ნაცვალი პატიჟი". და განრისხებულმან მოაკუდინა ბურსელი, რომლისა გუამი აღიღო შანშე და წარგზავნა სამარხოსა მისსა. ხოლო ვახტანგს დაუმტკიცეს მეფობა, და ოლჯათ წარავლინეს ურდოსა.

და თათარნი კუალად წარვიდეს მთიულეთს, და გარდავიდეს გუელეთს, რამეთუ მეფე შედგომილ იყო, და დიდად ავნებდა სიმაგრეთა შესრულთა თათართა, გარნა სიდიდითა არა აკლდებოდა. ხოლო ვითარ იხილეს სიმტკიცე და უბრძოლველობა გუელეთისა, აიყარნეს და წარმოვიდეს რამეთუ ქართაცა მოჰბერეს და იწყო თჳთოეულმან მოსლვა, და მოესწრნეს მთიულნი, და მრავალი მოკლეს. ეგრეთვე ზანდუკისჴევს შესრულნი მრავალნი თათარნი მოისრნეს. და შთამოვიდეს ქართლს, და წარვიდეს. ყაზანს წინაშე, და მიჰგუარეს ოლჯათ, და არღარა მოსცეს მეფესა დავითს დედოფალი ოლჯათ. ხოლო ვითარ ცნა მეფემან არღარა მოცელა ცოლისა თჳსისა ოლჯათისი, იქორწინა ქართლისა ერისთავისა ჰამადას ასული, ფრიად ქმნულ-კეთილი. ამათ შფოთთა რა შინა იყო ქუეყანა ქართლისა არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და არცა [310] შენება ყოვლადვე, ვითარ დღეთა აქაბ მეფისათა ელიას მიერ სამ წელ და ექუს თუე, გარნა აქა ხუთ წელთა იყო ოჴრება. რამეთუ ესოდენთა სიბილწეთა, სოდომურთა ცოდვათა შემოსრულთათჳს, განრისხდა ღმერთი, და ვიქმნენით მიცემულ პირველად მწერესა ტყუეობასა, და მეორედ ბარბაროზთა მიერ სრვასა და ჴოცასა, და მესამედ იქმნა პურის მოკლება, რამეთუ ყოვლად არა იპოვებოდა სასყიდლად, არცა დიდითა ფასითა. ესოდენ განძჳნდა შიმშილი, რომელ მძორსა არაწმიდასა ურიდად ჭამდეს. სავსე იყვნეს უბანნი და ფოლოცნი, გზანი, მინდორნი და ქალაქნი, და სოფელნი მკუდრებითა. ყრმანი მკუდართა დედათა ძუძუთა ლეშკთა სწოვდიან, და უმრავლესი ერი ქართლისა წარვიდა სამცხეს, ქუეყანად ბექასსა, სადა-იგი იპოვებოდა პური სასყიდლად. ფრიადსა და უზომოსა მოწყალებასა შინა იყო მეუღლე ბექასი ვახახი, რომელი იყო ყოვლითურთ შემკობილი.

და ვითარცა დამტკიცდა მეფობა ვახტანგისი, რამეთუ ყაზანმან ჴელთ-უდვა სამეფო, დაიპყრა ტფილისი და ყოველი სომხითი, დმანისი და სამშჳლდე, ხოლო არა წინააღუდებოდა ძმასა თჳსსა დავითს, რამეთუ იყო ვახტანგ ყოვლითურთ სრულ, სარწმუნოებითა მტკიცე, ეკლესიათა პატივისმდებელ, მშჳდ და მდაბალ, არა მოშურნე, მყუდრო და უშფოთველ.

ამათ ჟამთა უმეტეს განდიდნა მთავარი სამცხისა ბექა. ამათ ჟამთა გამოჩნდეს თურქნი საბერძნეთს მყოფნი, რომელნი დაემკჳდრნეს ზაფხულის მთათა პარხლისათა და ზამთრის მახლობელად პონტოსა. და შეკრბა ვითარ სამოცი ათასი, რომლისა თავად იყო აზატ-მოსე, კაცი მჴნე და ძლიერი ესე აზატ-მოსე წარმოვიდა ყოვლითა [311] ძალითა მისითა მოოჴრებად ყოვლისა საქართველოსა. და ვითარ მოიწია ბასიანს და ტაოს, იწყო მძჳნვარედ ოჴრება, ჴოცა და კლვა; ესოდენი სული მოისრა და ტყუე იქმნა, ვითარმედ შეუძლებელ არს მოთხრობა ვითარ ბერნი, ყრმანი და ჭაბუკნი უწყალოდ მოისრვოდეს, და ჩჩჳლთა ყრმათა დედისა ძუძუთა შინა მოჰკლვიდიან. რამეთუ არა ჰგონებიეს თურქთა გამოჩენასა, ამისთჳს ყოველი სოფელი ტაოსა შეუძრავად დახუდა, და ვერასადა-ვინ ივლტოდა. ამისთჳს ურიცხუნი მოისრნეს, და ესეზომ მოოჴრდა ტაო, რომელ ვაშლოვანით წარსრულნი თურქნი შთავიდეს მურღულს და ნიგალისჴევს უვალთა ადგილთა, რომელნი მოისრნეს ჴერჴემელის-ძეთა აზნაურთაგან. მაშინ ერისთავი ტაოსა თაყა ფანასკერტელი უღონო იყო, სიმცროსათჳს ლაშქრისა, გარნა ეგრეცა მცირე წყობა-ყო ციხისა თორთომის ძირსა და დიდად ავნო. გარნა სიდიდისათჳს თურქთასა ქუეყანით მისით ვერ განასხა, არამედ თურქნი უმეტეს განძჳნდეს და მოაოჴრებდეს ტაოსა, ხოლო მოიწია ამბავი მთავარსა თანა ბექასა, რომლისათჳსცა დიდად ტკივნეულ იქმნა, ვითარ ხუდებოდა გონიერებასა და სიბრძნესა მისსა. და მოუწოდა ყოველთამის ქუეშე დაწესებულთა, და წარემართა წყობად თურქთა, და ვითარ მიიწია ტაოს და ბასიანად, ესმა, ვითარმედ თურქნი წარვიდეს საზამთროსა სადგურსა მათსა და ვერ ესწრა. შეწუხდა ბექა მოოჴრებისათჳს ტაოსა, გარნა შეიქცა სახლად თჳსად.

ეძჳნებოდა სულსა მისსა მოსლვად ტაოს. ვითარ ანტაკრად ეტყინებოდა სული მისი წყობად თურქთა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა სამცხისათა, შავშ-კლარჯთა, შემოკრიბნა ყოველნი დარქუა: "ისმინეთ, მთავარნო საქართველოსანო, ძმანო და თანამონათესავენო ჩემნო, სიტყუა ჩემი. დიდმან და სახელოვანმან, სკიპტრისა და პორფირისა მქონებელთა შორის უმეტეს განთქმულმან მეფემან დავით დასცა და დაამჴო ძლიერება თურქთა ნათესავისა და აოტნა სამეფოსაგან მისისა. მიერ ჟამითგან აქამომდე არღარა ჩენილ არიან თურქნი, და აწ ცოდვათა ჩუენთათჳს კუალად აღიძრნეს მძჳნვარედ და მოაოჴრეს ტაო, და ურიცხჳ სული ტყუე ყვეს [312] და მოსწყჳდეს პირითა მახჳლისათა, ეკლესიანი დასცეს, და სიწმიდენი შეაგინეს. და კუალად განმზადებულ არიან ბოროტის ყოფად ქრისტეანეთა და მოოჴრებად, ვინათგან მეფე შემცირებულ არს მძლავრებისაგან თათართასა და კუალად პირნი და თავნი საქართველოსანი განდგომილან, და არავინ არს წინააღმდგომ თურქთა. აწ ისმინეთ ჩემი, ტომნო და ერთ-ნებანო! შევკრბეთ ყოვლითა ძალითა ჩუენითა და მივმართოთ თურქთა, და არა მივსცნეთ თავნი და შვილნი ჩუენნი, და არა განგუწირნეს ღმერთმან მოსავნი მისნი და აღმსარებელნი მისნი, და მოგუცეს ძლევა მათ ზედა, ვითარ მისცა მამათა ჩუენთა ძლევა მათ ზედა. დავდვათ თავი ჩუენი სჯულისა შეუგინებლობისათჳს. და ძმათა ჩუენთათჳს, უეჭუელად ღმერთი მოგუანიჭებს ცხოვრებასა".

და ვითარ ესმა მთავართა და სპათა ბექასთა, სიხარულით მიემოწმნეს, და დააპირეს ლაშქრობა თურქთა ზედა. განიყარნეს, და მოიწია არე ზაფხულისა. იწყეს თურქთა აღმომართ სლვა, და შეკრბეს სიმრავლე ვითარ ექუსი ბევრი, რამეთუ ყოველთა ქალაქთაგან გამოჰყვა კაცი სჯულითა სარკინოზი ჴოცად ქრისტეანეთა, და არა თურქნი ოდენ იყვნეს, არამედ სპარსნიცა. და ვითარ ცნა ბექამან მოსლვა თურქთა, მოუწოდა ყოველთა მის ქუეშე დაწესებულთა, ტასისკარითგან ვიდრე ბასიანადმდე: მესხთა, შავშთა, კლარჯთა, კოლა-არტან-კარნიფორელთა, და უმრავლესთა ტაოელთა, რამეთუ ამას აქუნდა ესე ყოველი ქუეყანა, ამათ თანა თმოგუელთა და თორელთა და შეკრბა სიმრავლე ერთი ბევრი და ორი ათასი, და მიმართეს თურქთა ზედა. ხოლო იგინი აღმოსრულ იყვნეს მთათა პარხლისათა და დაებანაკა, და წარევლინა მჴედრობა ტყუენვად ვაშლოვანისა, და ეგულებოდა მოსლვად ქუეყანად ბექასა, სამცხეს, და ქართლსა და სომხითს. ხოლო ვითარ მივიდეს თურქნი ვაშლოვანს, კაცი ვითარ ათი ათასი, წინა-განეწყუნეს სპანი ბექასნი, ხუთასი კაცი, რომელნი წარევლინნეს მცველად, და დაუდგეს სიმაგრეთა შინა. იქმნა ომი ძლიერი, და ივლტოდეს თურქნი, და [313] მოსწყჳდეს სიმრავლე ფრიადი ადგილთა სიმაგრითა, და ესრეთ წინა-დაუსახვიდა ღმერთი ძლევასა ბექას თურქთა ზედა.

ვითარ ესმა ბექას ვაშლოვნით გაქცევა თურქთა, განიხარა ფრიად, და წარისწრაფა, და მიმართა სპერს და ბაბერდს, სადა იყვნეს თურქნი მდგომარე. ვითარცა იხილეს თურქთა მოწყვედა სპათა მათთა მცირეთა ლაშქართაგან, განძჳნდეს და იღრჭენდეს კბილთა, და მოუწოდა მთავარმან მათმან აზატ-მოსე სპათა თურქთასა, და გამოარჩია კაცი ოცდაათი ათასი, და წარემართა ვაშლოვანს ძებნად სისხლთა სპათა მისთასა, რამეთუ მისლვა და დაახლება ბექასი არა უწყოდა. ოცდაათი ათასი სხუა წარმოავლინა ტაოს და რქუა: "მე წარვალ ვაშლოვანს და მოვაოჴრებ, და აღვიზღავ სისხლსა ჩემსა, და თქუენ მიდით ტაოს და მოსწყჳდეთ თუღა სადა დარჩომილ იყოს, და დადეგით ბანას, და მეცა განმარჯუებული შემოვიქცევი და მოვალ ბანა, შევკრბეთ, და მივმართოთ ყოველსა საქართველოსა". და ესრეთ წარემართა ვაშლოვნით კერძო.

მაშინ აღიჭურა მანდატურთ-უხუცესი ბექა და ყოველი სპა მისი, და მიმართეს თურქთაკენ, რამეთუ არა უწყოდეს წარსლვა თურქთა ვაშლოვანს. ვითარ წარვლო მცირე, ოთხნი თურქნი მიმავალნი დაიპყრეს და მოუსხეს ბექასა. ხოლო მან ჰკითხა ამბავი თურქთა, თუ სადა არიან, და ოთხნივე ცალკე გაყო, და ოთხნივე ერთსა იტყოდეს წარსლვასა თურქთასა ვაშლოვანს, ვითარმედ: აზატ-მოსე" ოცდაათი ათასითა მჴედრითა წარვიდაო ვაშლოვანს, და ორმოცი ათასი დაუტევა და წარმოავლინა ტაოს, ხვალე ანუ ზეგე მოვალსო".

ირწმუნა სიტყუა მათი, და ორად განყო ლაშქარი თჳსი; რჩეული და უმრავლესი ლაშქრისა მისისა მისცა შვილსა მისსა პირმშოსა სარგისს, რომელი ოდენ აღზრდილ იყო აბჯრის მტჳრთველად, და წარავლინა ვაშლოვანს აზატ-მოსეს ზედა. ხოლო წარისწრაფა სარგის, და მიეწია ვაშლოვანის მთათა ზედა მიმავალსა თურქსა. და ვითარ იხილეს უკანა კერძო ლაშქარი, განკჳრდეს და მსწრაფლ მოაქციეს ჰუნენი სარგისის [314] კერძო. იხილეს სიმცრო ლაშქრისა, რამეთუ იყვნეს მესხნი ხუთასი, ხოლო თურქნი ოცდაათი ათასი, განიხარეს და ჰგონეს მოწყუედა ყოველთა. მაშ მჴედარნი სარგისისნი ზედა მოეტევნეს უშიშრად, ხოლო სარგის წინა განეწყო, და სპანი მისნი მიეტევნეს მჴნედ. იქმნა ომი სასტიკი, და პირველსავე შეკრებასა მიდრკეს თურქნი სივლტოლად და იოტნეს ძლიერად. და ესოდენ მოსრეს, რომელ შექცეულთა აღრიცხეს სარაზმოთა ზედა მდებარე მკუდარი თურქი, პოვეს ხუთას და ცამეტ, თჳნიერ რომელი დევნასა შინა მოკუდა. და დევნეს მზისა დასვლისა ჟამამდე. ხოლო მოხედნა ღმერთმან წყალობით მოსავთა ჯუარისათა, რამეთუ განსაკჳრვებელ არს სმენად, რომელ ეგოდენსა წყობასა შინა არა მოიკლა ბექას ლაშქარი ხუთთა კაცთა კიდე, იგინიცა უსახელო ვინმე. ესრეთ მოსცა ღმერთმან ძლევა და გამარჯუება ბექას ლაშქართა თურქთა მათ ზედა. ხოლო სარგის, დაღათუ ყრმა იყო, არამედ მჴნედ იბრძოდა, რამეთუ გუარისაგან მოაქუნდა სიმჴნე და მამაცობა მამურ-პაპეულად.

ხოლო ბექამან მიმართა თურქთა დედაწულთაკენ, და მომავალნი წინა დაემთხჳვნეს; და იხილეს რა თურქთა შორით მთით მომავალი ბექა და სპანი მისნი, მსწრაფლ გარე-შეიქცეს და ივლტოდეს, ხოლო დედაწულთა მათთა მიმართეს მთათა, არღარა ესვიდეს საფასეთა სიმდიდრეთა, არამედ ყოველსავე დაჰყრიდეს. ხოლო ბექამან და სპათა მისთა მსწრაფლ დევნა უყვეს, იპყრობდეს და ჴოცდეს, რომლისა არა იყო რიცხჳ. და თურქნი მცირედნი რამე შეივლტოდეს ქალაქსა და ციხესა სპერისასა და რომელნიმე ნორქალაქს. მიეწივნეს სპანი ბექასნი, შესჯარეს, გზათა სივიწრითა და დედაწულთა სიმრავლითა არა სადა აქუნდა გზა სივლტოლისა. დაიჭირნეს თურქნი, ვითა ცხოვარსა დაჯრილსა და ჯოგსა ეგრეთ იპყრობდეს და ჴოცდეს. გარნა იქმნა [315] ესეცა, რამეთუ შვილისა მისისა სარგისისგან ლტოლვილნი თურქნი, უკანა მოეწივნეს მანდატურთ-უხუცესსა ბექასა, სადა-იგი მიმართეს მესხთა, და კუალად მოსწყჳდეს, და გარე-მოადგეს ქალაქსა სპერსა. და პირველსავე ომსა აღიღეს ქალაქი თჳნიერ ციხისა, და აღივსნეს საქონლითა, ოქროთა, ვერცხლითა, ლარითა, ჯოგითა, ცხენითა და აქლემითა, ძროხითა და ცხურითა, ანგარიში ვისგან ითქმის. და თჳთ მათთავე საჴედართა აჰკიდეს, და ძლით წარმოიღეს. ეზომი ძლევა მისცა ღმერთმან ბექას, რომელ მისთა სპათაგან ერთი კაცი არა დააკლდა.

მოიცვა ბექამან ქალაქი სპერი, და თურქნი გაქცეულნი ორასნი ჩავიდეს პონტოს კერძ. და ვითარ განემარჯუა სარგისს, მომართა ჟამისა-კერძ, და მომავალმან აღაოჴრა ნორაქალაქი, და აღავსნა სპანი, რომელნი იყვნეს, საქონლითა, ალაფითა და ტყჳთა, და ესრეთ ძლევა-შემოსილი მივიდა მამას წინაშე. ხოლო ვითარ განძლიერდა სპერელთა გარედგომა ბექასი, მოუგზავნა მოციქული, ვითარმედ: "ჩუენ ყაენისა ყაზანისანი ვართ და [თურქნი] ძლით გარდაიხუეწნეს პონტოსა-კერძ და აწ გევედრები მე მოურიდო და უკუ-სდგე, და უზომო ოქრო და ვეცხლი, ჯორი და ცხენი მოგცეთ". ისმინა ბექამან, და აღიღო განძი ურიცხჳ სპერით და ბაბერდით, და ძლევა-შემოსილი მობრუნდა. და მოეგებნეს კარნუ-ქალაქით მთავარნი, და მოართუეს მათცა ძღუენი, ალაფი, და არცა-რა მათ ავნო, და ესრეთ ბრწყინვალე ძლევა მიანიჭა ღმერთმან ბექასა, და მოვიდეს შინა საქონლითა უამრავითა. რამეთუ იყო ბექა მონასტერთა და ეკლესიათა მაშენებელი, და მონაზონთა და ხუცესთა და მოწესეთა კაცთა პატივისმცემელი, და არა დააკლდის ეკლესიასა მისსა წესი ლოცვისა ცისკრად, სამხარ და მიმწუხრი. და ლაშქარნი მისნი ვერ დააკლდებოდიან სამსა ამას ლოცვასა. და ამისთჳს უმარჯუებდა ღმერთი, და მოსცა ყაენმან ყაზან კარი და მიმდგომი მისი ქუეყანა.

ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყუასა აღვიდეთ. მას ჟამსა იწყო ყაზან ყაენმან ამჴედრება მეგჳპტელთა ზედა, და მოუწოდა მეფესა ვახტანგს, და მისცა ბექამანცა ლაშქარი მისი რჩეული, რომელი დივნითა ხუდებოდა. წარემართა ყაზან, და შევიდეს ქუეყანასა ასურასტანისასა და შამისასა, და მოაოჴრებდეს, რამეთუ იყო სიმრავლე ლაშქრისა მისისა ათცამეტი ბევრი. და ვითარ ესმა სულტანსა მისრისასა, რომელსა სახელად [316] უწოდდეს, ნასარ მელიქსა, შეკრიბა სპა მისი ყოველი და მივიდა და დევნად განეწყო. და იქმნა ომი სასტიკი ესოდენ, რომელ ხუტლუბუღა ნოინი ათასისა მჴედრითა წინა დაუდგა ყაზანს, ამად რომელ დიდთა მიმართეს ყაზანს ზედა, და ათასისა კაცისაგან ექუსასი დაჴოცეს, და ოთხასიღა დარჩა, რომლითა სძლო და იოტნა, რომელსა თანაშემწე ექმნა ჩოფან სულდურ ხუთასითა კაცითა, სადა ვახტანგ და სპანი მისნი მჴნედ ბრძოდეს. და ვითარ სწყდებოდა ორგნითვე ურიცხჳ, ივლტოდეს მეგჳპტელნი და სულტანი ნასარ მელიქი. და უკმობრუნდა ყაზან ყაენისაგან და სამ დღე განისუენა, და მეოთხესა დღესა დევნა უყვეს და მიეწივნეს მცირედნი და ამოსწყჳდნეს. და განიბნივნეს თათარნი, ტყუევნა ყვეს, და მიუწია ლაშქარმან ვიდრე წმიდად ქალაქად იერუსალიმად, სადა-იგი მრავალი სული მოისრა ქრისტეანე, და უმეტეს სპარსნი. ხოლო ყაზან მიმართა დაიმუმყსა ზედა, რომელ არს დამასკო. ხოლო მათ ზენარისა მთხოველთა მოსცეს ქალაქი და საქონელი ურიცხჳ და დაამყარა ყაზან დამასკო და მიმდგომნი მისნი ქალაქნი, და დაყო ვითარ ოთხ თუე. და დაუტევნა მცველნი ქალაქისანი, და წარმოვიდეს სახლად თჳსად თავრეზად. და ვითარ მოიწია ზაფხული, განდგეს. დამასკელნი, და გამოასხეს მცველნი ყაზანისანი. ცნა რა ესე ყაზან, მოუწოდა სპასპეტსა მისსა ხუტლუბეღასა და მეფესა ვახტანგს, და ყოველთა მთავართა საქართველოსათა, და წარავლინნა სულტანსა ზედა ლაშრად. მივიდეს და შევიდეს შამად და დამასკოდ, და აოჴრებდეს დამასკოს, და ვეღარ აიღეს. განვლეს დიდი ანტიოქია, და მივიდეს ვიდრე ღაზამდე. და ვერ შემართა სულტანმან ომი მათი, და მოაოჴრეს ექუს თუე, და მით უკმოიქცეს და მივიდეს ყაზანს წინაშე გამარჯუებულნი.

და ვინათგან მეფე დავით არა მიენდო თათართა, ზაფხულ მთიულეთს იყვის და ზამთარ ქართლსა. ამისთჳს იშლებოდა ქუეყანა ქართლისა, და მთავარი ბაყათარ განდიდებულ იყო და აოჴრებდა ქართლსა, თრიალეთსა, და განასხმიდა მამულისაგან აზნაურთა, და იყო ჭირი დიდი მკჳდრთა ქართლისათა. და მეფემან დავით შეკრიბთ ყოველი მთიული, წარვიდა და მივიდა ტფილისს, და ჰყვა კაცი ცხენოსანი და ქუეითი, ვითარ ათხუთმეტი ათასი, და მოუჴდა ყივჩაყთა საზაფხულოდ მომავალთა. ხოლო ყივჩაყნი რომელნიმე ქალაქსა ეწივნეს, და ზოგნი მტკურის პირით ივლტოდეს. ესმა ესე ვახტანგს ტაბაჴმელას მდგომსა, მივიდა მცირითა კაცითა, განვლო ჴიდი და სახიუდაბელი, და განვიდა მახათას, რამეთუ დავით და ლაშქარი მისი მახათას დგეს, თავსა ქედისასა და ვახტანგ ქუემოთ მიუდგა, და დადგა და ვერ შემართა შებმა, სიდიდითა დავითის ლაშქრისათა. მაშინ მცირედნი ვინმე ჩამოვიდეს და აქათ მცირენი [317] ვახტანგისნი მიეგებნეს, შეიბნეს, და დავითის კერძნი გაიქცივნეს, და ორნი ძმანი და შვილნი დაჴოცნეს. და ვითარ შენივთდებოდა ომი, ათასი ყივჩაყი გაქცეული შეკრბა ვახტანგს თანა ჯარად. მაშინ მოიწია რისხვა ღმრთისა, და ივლტოდა დავით, და სპა მისი ძლიერი უომრად იყო. დავით მოვიდა, და ომისა არა შემმართი მიუდგეს უკანა ყივჩაყნი და ქართველნი, და სდევდეს ვიდრე ჯაჭუადმდე, დაჴოცეს კაცი ურიცხჳ. არათუ ვახტანგ მტერი იყო ძმისა, არამედ თათართა შიშითა იძულებით შეება. ოტებული რა ცნა დავით, უმძჳნვარესად აოჴრებდა ბაყათარ ქართლსა, და მეფე დავით ვერ წინააღუდგებოდა. მით სენიცა შეედვა ბოროტი, მიკრისი, ჴელთა და ფერჴთა, და უჴმარ იქმნა, და იყოცა კაცი ურწმუნო და უშიში ღმრთისა, ამისთჳს ბოროტსა სენსა ჩავარდნილი უღონოებდა, და ბაყათარ აოჴრებდა ქუეყანათა, და ჴოცდა კაცთა, დაღაცათუ სურამელი აჰმადა და რატი ძლიერად ებრძოდეს. მაშინ ბაყათარ წარუღო გამრეკელსა, კახას ძესა, ციხე ძამისა. ცნა ესე ბექამან, მოუჴდა დიდითა ლაშქრითა, ხოლო ბაყათარ, ციხით გამოსრული, წინ დახუდა წინმავალთა ბექასთა. იქმნა ომი ფიცხელი, და პირველსავე შებმასა გაიქცა ბაყათარ, და შევიდა ციხესა. მივიდა ბექა და მოადგა ძლიერად ციხესა. და ვითარ განძლიერდა, ითხოვეს ოვსთა ზენაარი და აღუთქუეს არა წყენა, და ესრეთ მოვიდა ბექას წინაშე გაუშავებელი, და უკანას მოკუდა ბაყათარ.

აწ ვიწყოთ თათართა მოთხრობად. და ვითარ გამოასხნეს მეგჳპტელთა მცველნი დამასკოსანი, ამისთჳს გამწყრალმან ყაზან გაგზავნა იგივე ხუტლუბუღა სპითა ძლიერითა და ვახტანგ სპითა საქართველოსათა. და ვითარ ცნა სულტანმან მისლვა მათი, მიეგება სულტანი ომად, და იქმნა ძლიერი ომი, დაიჴოცნეს ორგნითვე ურიცხუნი. და მას დღესა სწორი ძლევა არა იქმნა, და ღამემან განყარნა. და ვითარ უკუდგეს, პოვეს ქედი დიდი თათართა და მას ზედა შემოდგეს ხუტლუბუღა ერითურთ, უსეინ, სევინჯი. გარნა სიბუჩი, ხუტლუბუღას შვილი, მივიდა მახლობელად სულტნისა და დადგა ვაკედ, რომელსა ახლდეს ბექას ლაშქარნი, და ყველასა ცხენი ჴელთა ჰყვა. მოიჴელოვნა სულტანმან, რამეთუ ჩამოუშვა წყალი უკანა კერძი თათართა, და მას ღამესა ესეთი ლამი შეიქმნა, ცხენი და კაცი ორნივე უჩინო იქმნიან ლამსა შიგან. და განთენა რა, იხილეს თათართა უკანა კერძო ლამი, დაწინათ ლაშქრისა სიმრავლე, უღონო იქმნნეს, პოვეს მცირე უგანო ადგილი ლამისა, და მაშიგანცა დაიჴოცნეს სიმრავლე კაცისა და ცხენისა; და რაჟამს აღივსო კაცითა და ცხენითა, მეოტმან ლაშქარმან ზედა-განსლვა დაიწყო. დაღათუ მოსწყდეს ურიცხჳ თათარი და ქართველნი, და ვახტანგ და ნოინნი მშჳდობით დარჩეს და მოვიდეს ყაზანს წინაშე, რომელი განწყრა და საპყრობილესა [318] მისცნა ყოველნი ნოინნი. და ეკაზმოდა კუალად სულტანსა ზედა. გარნა დასნეულდა სენითა მუცლისათა და მოკუდა, რომელი იგლოვა ყოველმან კაცმან სიმართლისათჳს, რომელ ავის მოქმედი და მეკობრე და უსამართლო კაცი აღარ იპოვებოდა საყაენოსა მისსა, და ამისთჳს დაუტევა მწუხარება ყოველთა.

ხოლო შემდგომად მისსა დასუეს ტახტსა ყაენთასა ძმა მისი სახელით ხარბანდა, რომლისა უკანასკნელ ოლჯათა სულტანსა მისცა, რომელ ერთითა თუალითა არა მხედველ იყო, და ვითარ ეძლო, იპყრობდა წესთა ძმისა მისისა ყაზანისთა, დაღათუ იყო ესეცა კაცი კეთილი. ამან მოიწყო ყოველი საბრძანებელი მისი, და ფრიად კეთილსა უყოფდა ვახტანგს. ამან ხარაბანდამან ინება გილანს წარსლვა, და მოუწოდა ყოველთა სპათა თათართა და თჳთ მეფესა ვახტანგს, და ოთხად განყო სპა თჳსი: უკეთესი და უწარჩინებულესი სპა მან დაიჭირა და მეფე ვახტანგ; და ერთი ნაწილი მისცა ხუტლუბუღასა და ბექასა, ლაშქარი თჳთ პირველვე მისი იყო; ერთი ნაწილი ლაშქარი ჯალაიარს მისცა, და ოვსნი გორს მსხდომნი; ერთი ნაწილი სალდუხსა ჩოფანსა მისცა; და თჳთო თავადი თჳთოსა გზასა ჩაგზავნა, და ერთს გზას თჳთ ყაენი ხარბანდა, სადა-იგი წინამბრძოლად მეფე ვახტანგ აჩინეს გილანს ყოველგნით. ხოლო გილანელნი დაღათუ მცირენი იყვნეს, არა შეშინდეს, რამეთუ იყვნეს გილანსაცა ოთხნი მთავარნი, რომელთა სახელები იყო: ერქაბაზნ და უბაში, როსტან და ასან. ესე თჳთ დადგა სიმაგრეთა შინა, შეკრა ხარხალი და ერიქაბაზნ ყაენს ხარბანდს დაუდგა წინა და შემოება, და იქმნა ომი ძლიერი, რამეთუ ვახტანგ წინამბრძოლობდა. ქუეითნი გზისა სივიწრისაგან და ტყისა სიჴშირისაგან ვერა იარებოდეს; და სადაცა მცირე ვაკე იყვის, იგიცა ლამი იყვის.

ხოლო ვითარ გაგრძელდა ომი, პირველ ისრითა და მერმე ჴრმლითა იბრძოდეს თათარნი და ქართველნი, და ხარბანდ თჳთ უჭურეტდა. მცირედნი შეეწეოდეს, და ჴმითა [319] განამჴნობდეს. ვითარ შენივთდა ომი, არა შეაქცევდა მეფე ვახტანგ ზურგსა, არცა სპა მისი, არამედ სივიწრითა მოისრვოდეს ესოდენ, რომელ ათისაგან ძლივ ორნი ცოცხალ იყვნიან; სომხითარნი ახლდეს, რაოდენიცა იპოვებოდეს ცხენსა ზედა მდგომი, და ესრეთ მოსწყჳდეს; მრავალნი აზნაურნი უმკჳდრო გახდეს, რამეთუ მამა, შვილი და ძმა, ყოველნივე მუნ ახლდეს. გარნა რომელნიმე დარჩეს თჳთ ვახტანგ არა გარე-მიაქცევდა პირსა, არამედ მჴნედ და ძლიერად იბრძოდეს. განკჳრდეს თათარნი სიმჴნესა ზედა ქართველთასა, რამეთუ ვახტანგ მჴნე იყო ომსა შინა, და მჴნედ იბრძოდა, და მცირედ დაიკოდა ბარკალსა, და მიდრკა მზე და მოეახლა ღამე, და განიყარნეს.

ხოლო ვითარ იხილა ყაენმან სიმაგრე ქუეყანისა, ტყითა და კლდითა, ღამე ყოვლ წარმოვიდა. ცნეს გილანელთა, და დევნა უყვეს, და რომელთა ეწივნეს, დიდად ავნეს, ხოლო ერთ-კერძო ხუტლუბუღას შვილი დაუდგა წინა; ხოლო თავადმან გილანელთა უბიშმან შეკრა მანცა ხარხალი, და შეაბა კარი იწროსა შესავალსა, და დაუდგა ხუტლუბუღას. ხოლო იგი გარდაჴდა ცხენისაგან და დაჯდა სკამითა, და უბრძანა ბექას ლაშქართა ქუეითად შესლვა, და ყვეს. შევიდეს ტაძარსა და გარდვიდეს, და შეიქმნა ომი ძლიერი აქაცა, ქართველთა და მესხთა ზედა. არცა ამათ შეაქციეს ზურგი, არამედ მჴნედ ბრძოდეს, და უფროსნი გილანელნი მოისრვოდეს. მაშინ სტყორცა ვინმე ისარი, და დაეცა შიშუელსა თავსა ხუტლუბუღა ნოინსა, და მყის -- მკუდარი შთაიჭრა სკამისაგან. ვითარცა იხილა შვილმან მისმან სიბუჩი სიკუდილი მამისა, მსწრაფლ ივლტოდა, იგი და სპა მისი, ხოლო მესხნი დარჩეს ტაძარსა შინა. მცირედნი ივლტოდეს, და უმეტესნი მოისრნეს, და მოიწია უზომო რისხვა ღმრთისა თათართა და მესხთა ზედა, რამეთუ უკანით, სადა ბრინჯი დგომილ იყო ვაკესა შინა, ღამით წყალი ჩაეგდოთ, და [320] ესრეთ ლამი შექმნილ იყო, რომელ ვერცა ცხენი და ვერცა ქუეითი ვერ. გაიარდა და იქმნა მოსრვა მლიერი.

ხოლო ჩოფანსცა შემოება როსტან მელიქი ვაკესა ადგილსა, გარნა ჩოფან სძლო და იოტა, და სიმაგრესა შინა არღარა შეჰყვა არამედ წყნარად დაბრუნდა და აჩინა მჴედარნი მისნი უკანამავლად. ჯავახის-შვილი გამრეკელი მჴნედ იბრძოდა ომსა მას, და გარდამოვიდეს მშჳდობით. ეგრეთვე უსენს და ოვსთა შეება ასან, და სწორი ძლევა იქმნა, და იგინიცა გამოქცეულნი ივლტოდეს, და მივიდეს და შეკრბეს უჟანს ხარბადან ყაენს წინაშე. სულდუხი ჩოფან მჴედართ-მთავრად განაჩინეს, მონაცვალედ ხუტლუბუღა ნოინისა. ხოლო მეფე ვახტანგ პატივცემულ ყვეს და დიდებულნი მისნი ყოველნი მჴნედ ბრძოლისათჳს, და ნიჭითი დიდითა წარმოავლინეს შინა.

და წარვიდა ვახტანგ, მოუჴდეს კაცნი ხოდრისელნი, სჯულითა სარკინოზნი და მტერნი ქრისტეს აღმსარებელთანი და ყოველთა ქრისტიანეთა, და რქუეს ყაენსა ხარბადანს: "უკეთუ არა ყოველთა ქრისტეანეთა დაატევებინო სჯული, და ეკლესიანი არა დააქცივნე, არა განგემარჯოს მტერთა ზედა, და არა წარგემართოს მეფობა შენი და ჴელმწიფებათ ესე სიბილწე წარმოსთხიეს ცუდრჯულთა, და ამათ ძლით ისმინა ყაენმან და იწყო რღუევად ეკლესიათა. და წარმოავლინა ლაშქარი, და ერთი ნოინთა მთავარი, რათა მოვიდეს საქართველოსა და მეფესა და ყოველთა ქართველთა დაატევებინოს სჯული და სარკინოზად შექმნას, და ყოველსა საქართველოსა შინა დაარღჳვნეს ეკლესიანი. და ეწია ნახჭევანს წარმოსლვასა ვახტანგს ესე წარმოვლინებული ნოინი, ხოლო მეფე ვახტანგ არა შეშინდა, არამედ განმჴნდა, და უმეტეს მოაჴსენებდა სიმჴნეთა და ღუაწლთა ქრისტეს ღმრთისათჳს, და რქუა სპათა თჳსთა: [321] "კაცნო, ძმანო და ერთ-რჯულნო, და ქრისტეს ღმრთისა ჭეშმარიტდ აღმსარებელნო უწყით სჯული მამათა მიერ, და გასმიეს ქადაგება წმიდათა მოციქულთა და უწყით ღუაწლნი და ახოვნებანი მოწამეთანი, და გიხილვან თუალითა თქუენითა ტაძარსა შინა მათსა ურიცხუნი სასწაულნი, და გასმიეს სახარებასა შინა უტყუელისა პირისა, ვითარმედ: "რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინშე მამისა ჩემისა ზეცათასა", და კუალად: "მოვედიო ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ". და აწ ნუ შესძრწუნდებით, და წარვიდეთ ყაენს წინაშე, და დავდვათ სული ჩუენი მისთჳს, რომელმან დადვა სული თჳსი ჩუენთჳს. პირველად ჩუენ მივსცნეთ თავნი ჩუენნი სიკუდილად, მერმე იყავნ ნება ღმრთისა, და მან დაიცვას სამწყსო თჳსი".

ვითარ ესმა სპათა ვახტანგისთა, სიხარულით შეიწყნარეს ბრძანებული მისი, და მყის წარემართნეს ურდოსა, და მივიდეს ყაენს წინაშე. ხოლო ყაენი განკჳრდა მისლვასა მეფისასა, და მივიდეს კარსა ყაენისასა, და მუჴლნი დაიდგნეს, და რქუა მეფემან ჴმითა მაღლითა: "ისმინე, მაღალი, და ძლიერო ყაენო, მოვიდა ბრძანება რათა ყოველთა ქრისტიანეთა დაუტეოთ სჯული ჩუენი, აწ ისმინე: ბედნიერთა პაპათა და მამათა თქუენთა ჰმონა და მსახურა პაპამან და მამამან ჩუენმან ამით სჯულითა, და აროდეს გუასმიეს, თუ სჯული ქართველთა ავი არს, არამედ უწარჩინებულეს ვყოფილვართ ყოველთაგან. და სპარსთა სჯული უფროს საძაგელად შეერაცხა პირველთა ყაენთა. ამისთჳსცა იგინი მოსწყჳდნეს, რამეთუ იყვნეს მწამლველ და მამათ-მავალ და კაცის-მკველ. და აწ თუ სიტყუასა სპარსთასა ისმენ, ყაენო, მე ვარ მეფე ქართველთა, და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი შენს წინაშე არიან, და მე მზა ვარ სიკუდილლად სჯულისათჳს ქრისტეანობისა, და მერმე ესე ყოველნი, შენს წინაშე მყოფნი ქრისტეანენი, აჰა თავნი ჩუენნი წარგუკუეთენ". და წარუპყრაცა ქედი. და ვითარ ესმა [322] ყაენსა სიტყუა ესე, განკჳრდა და პატივ-სცა მეფესა, და სიტყჳთა ტკბილითა აღადგინა, და შეინანა, და აბრალა რომელთა აქმნევინეს.

ხოლო იქმნა ესეცა, რომელ არღუევდეს თავრეჟს ეკლესიათა, არამედ ოთხსა დღესა შინა ოთხნი შვილნი ხარბანდასნი დაიჴოცნეს, სახელით ბარტამ და მას-ზედანი, და ესრეთ წარდგომილმან მეფემან დაჴსნა შური და შფოთი მომავალი საქართველოსა ზედა. ხოლო წარმოვიდა ვახტანგ პატივცემული, და მოვიდა მუნვე ნახჭევანს, შეედვა სალმობა მუცლისა და მოკუდა, შემკული გჳრგჳნითა მეფობისათა, და წარმოიყვანეს და დამარხეს დმანისს. და დარჩეს შვილნი ორნი: დიმიტრი და გიორგი. დიმიტრის. დმანისი აქუნდა, და გიორგის სამშჳლდე. და ვითარ ჴელთ-უდვეს მჴედართ-მთავრობა თჳთ ხუტლუბუღასი ჩოფანს, წარმოემართა ესე ჩოფან, ერითა ურიცხჳთა. პირველად მოვიდა კოლას და არტანს, ვიდრე არსიანამდე, და აწუევდა ბექას, რათა ყაენი ანუ ჩოფან ნახოს, რომელ-ესე არა თავს-იდვა ბექამან, არამედ შვილი მისი უმრწამესი, სახელით შალვა, წარატანა თანა. წარვიდა და ჩავლო სომხითი, და დარჩა ქუეყანა ბექასი მშჳდობით.

აქა დაიწყო ძემან მეფისამან გიორგი, რომელ აღეზარდა პაპასა მისსა დიდსა ბექასა

edit

ხოლო ესე გიორგი იგი არს, რომელსა ამა მეფისა ვახტანგის უწინ მისცა ყაენმან მეფობა. ესე არს ძე დიმიტრი თავდადებულისა და ძმა დავით მეფისა და ვახტანგ მეფისა.

ხოლო ესე გიორგი წარავლინა ბექამან ჩოფანს თანა, და მან მიიყვანა ყაენს. წინაშე. ხოლო მან პატივითა შეიწყნარა, და წინათვე დაუსახვიდა ნიშთა მეფობისათა. [323] ამან ყაენმან წარმოუვლინა მოციქული დავითს და სთხოვა შვილი, რათა მეფე ყოს. მაშინ მცირე იყო გიორგი, იგიცა მოსცეს, და წარმოგზავნეს ურდოსა, და ყაენმან მოსცა მეფობა და ტფილისი, და უჩინა საზღვარად და საქმის მოურავად დიდი გიორგი, და მივიდეს ტფილისს. და ამას წელსა მიიცვალა მთავარი სამცხისა ბექა, კაცი წარმატებული ყოველსა შინა, სიკეთე-აღმატებული საღმრთო-საკაცობოთა შინა საქმეთა, და უმეტეს სამართლის მოქმედებითა; ეკლესიათა და მონასტერთა მაშენბლობითა, სოფლისა კეთილად მორწმუნეობითა, და გლახაკთა უზომოთა მიცემითა.

ხოლო საყუარელი მეუღლე მისი იყო გამცემელ ეპისკოპოსთა და მონაზონთა, და ყოვლისა სამღდელოსა და საეკლესიოსა საჴმართა, ესოდენ რომელ სადმე ესმის. კეთილი მოღუაწე და მეცნიერი ეპისკოპოსი, გინა მონაზონი, მის წინაშე მოუწოდის და მოიყვანის, და მრავლითა ნიჭითა და პატივითა ამყოფის. და სავსე იყო სახლი მისი მონაზონითა და ხუცითა. ამას თანა აქუნდა შეწყნარებულობა ობოლ-ქურივთა და დავრდომილთა. ხოლო სახლსა მისსა არა დააკლდებოდა სამ-სამი ლოცვა. ამისთჳსცა წარუმართა ღმერთმან დღენი ცხოვრებისა მისისანი; მტერთა ძლევასა, მშჳდობასა და დაწყნარებასა მიიცვალა ვითარ სამეოცდაექუსისა წლისა, და დაუტევა გლოვა და მწუხარება უზომო მკჳდრთა სამცხისათა.

და დაიპყრეს სამცხე სამთავე ძეთა მისთა: უხუცესმან სარგის, და შედეგმან ყუარყუარე, და უმრწამესმან შალვა. ხოლო აღესრულა მესამესა წელსა მეფე დავით, გარჯილი სენთა მწარეთა მიერ, და დაფლეს სამარხოსა მეფეთასა მცხეთას, და დაუტევეს და ნაცვლად მისად ძე მისი მცირე გიორგი, ორ წელ მეფე ქმნული.

შემდგომად ამისა ინება ყაენმან ამჴედრება ქუეყანასა ზედა შამისასა, ციხესა, რომელსა ეწოდება რაბაშანი, რომელი აქუნდა სულტანსა მისრელსა. წარვიდა ძალითა თჳსითა, და თანა წარიტანა ლაშქარი დიდი, და გარე-მოადგა რაბაშანს, ხუთ თუე, [324] და ვერა ავნო, აიყარა და წარვიდა. და ჰყვა ექუსი არწივი, დამართული სხუათა თანა მფრინველთა და ავაზათა. აქათ ესოდენ დიდ იყო ძალი მისი. მოვიდა ყაენი შინა, და მიერითგან არღარა სადა განილაშქრა დღეთა მისთა, იყოფოდა მშჳდობით და ნებიერად, ათცამეტ წელ დამპყრობელი ყაენობისა.

ამან ოლჯათ სულტანმან წარმოავლინა მცირე გიორგი მეფედ, და ზაალ მელიქი ვინმე სპარსი ხუარასნელი, და ახრუნჩი, მამის ძმა ჩოფანისა, თანა წარმოიტანა, რათა ყოველი საქართველო ერთად შეკრიბონ მეფობასა შინა გიორგისსა, და აჩინეს ამათ შანშე მჴარგრძელი და ზაქარია ავაგის ასულის ხუაშაგის ნაშობი. მივიდეს ჯავახეთს, მიერ კოხტის თავსა, და აწუევდეს სარგისს და ყუარყუარეს გამოსლვად, და არა ინებეს.

ამათ ჟამთა შინა იქმნა განდგომილება საბერძნეთს, და განუდგეს ოლჯათ სულტანსა ფარმანის შვილნი და ქალაქი დიდისა კონისა. მაშინ წარავლინა ყაენმან ჩოფან სპითა მისითა საბერძნეთს, და თანა-წარატანნა ქართველნიცა. და წარჰყვა გიორგი ჩოფანს. ხოლო გოგაზილა მალაქ, შანშე და ზაქარია არა წარჰყვეს თანა, წარვიდეს და აიყარნეს, და ტფილისს შევიდეს. და წარიტანეს თანა მეფე გიორგი საბერძნეთს, და ვერ წინააღუდგეს ფარმანიანნი ლაშქართა მათ ერთ წელ, და ყოველნი მას შინა მყოფნი ქართველნი მოსცა მეფესა გიორგის. იახლნეს ჯავახნი და თორელნი, რაოდენნი ყვეს, და სადაცა ილაშქრიან და შეიბნიან ციხეთა ზედა, მუნ მჴნედ მბრძოლად გამოჩნდის მეფე გიორგი, და მის თანა ყოველნი ქართველნი. ესრეთ მოიმორჩილნა ყოველნი განდგომილნი და ურჩნი მისნი, და მოქცევასა წელიწადისასა მივიდა შინა. და სთულის ჟამსა, ვითარ მივიდა ჩოფან ყაენს წინაშე, და მცირედღა დაჰყო, ვითარ თუეცა ერთ, მოკუდა ოლჯათ სულტანი და დაუტევა ძე მცირე, ვითარ შჳდისა წლასა, სახელით მუსაით. ხოლო იგი მიასუენეს და დაფლეს ქალაქსა, რომელსა ეწოდების [325] ყორღოილანგი, რომელი მან აღაშენა და განავრცო უმეტეს თავრეზისა, და უწოდა სახელად სუღ.

ხოლო ესმა რა გიორგი მეფესა სიკუდილი ყაენისა და მის წილ დადგინება მუსაითისა, წარვიდა ურდოსა და, მივიდა რა ურდოსა მეფე გიორგი, განიხარა ჩოფან და შეიტკბო ვითარცა შვილი, და მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი, და შვილნი დავით მეფისანი, და მესხნი, შვილნი ბექასნი.

და იწყო მთიებმან აღმოჭჳრვებად, ხოლო მე ენა ვერ მიძრავს საკჳრველისა და საშინელისა თქმად.

არსებითაჲ და დაუსაბამოსა ღ(მრთ)ისათა მ(ა)მისა, ძისა და ს(უ)ლისა წ(მიდ)ისათაჲ.

ჩანართ-შენიშვნა

ამის გიორგი მეფის ცხოვრება რაც არ სწერია, ამისგან კიდე ვერ ვპოეთ; ესოდენ გვეუწყა: ამის გიორგი მეფის ჟამში ჩინგიზ ყაენთა მტერობა აღუჩნდათ და წახდენ. და იმერეთს ნარინ დავითის შვილნიც ერთმანერთზედ აღდგენ, და რა დრო დაიცა მეფე გიორგიმ, ჰერ-კახთა და სომხითის ერისთავნი, რომელ[ნ]იც ჩინგიზთ მიუდგენ, კახეთს ცივზედ მოაწვივა და ამოსწყჳტა, იმერნი და ამერნი გაიერთა, და დაიპყრა ნებისაებრ ყოველი საქართველო.