რა მშვენიერი იყო ნამი…
რა მშვენიერი იყო ნამი… ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
...რა მშვენიერი იყო ნამი ყვავილის გულზე!..
მზე სხივს აფრქვევდა, ათასფერად ღვიოდა ნამი.
შიგ იხატვოდა, როგორც ამაყ ზღვათა უფსკრულზე,
ზეცის მშვენება, ზეცის სხივი, ზეცის კამკამი.
...რა მშვენიერი იყო ნამი ყვავილის გულზე!
ცა ვარსკვლავებით მოჭედილი ზე დასცქეროდა,
თითქო ცის შვილის ყოფნას ვარდზე და სიყვარულზე
განცვიფრებოდა - თვალს ლულავდა, არა სჯეროდა...
დღეს აღარ არის! წაჰყვა მზის შუქს აფერადებულს,
დალია სული სიყმაწვილის ნაზ გაზაფხულზე,
მაგრამ მგოსანი კვლავ იგონებს მის ნეტარ წარსულს...
...რა მშვენიერი იყო ნამი ყვავილის გულზე!