რემინისცენციები

რემინისცენციები
ავტორი: გიორგი ლეონიძე


გამეპარე, სიჭაბუკევ,
მომეპარე, ჭაღარავ;
იმ ჩქროლვის და ქარბუქის,
მითხარით, შემრჩა-ღა-რა?

დე, ლექსმა თქვას პასუხი,
გაფანტა თუ დასტოვა,―
იმ აპრილის ნაქუხი,
ქაფი, ცეცხლი, ნიავი,―
ჩემი ახალგაზრდობა!

ლექსმა გვითხრას მართალი,
ვარ თუ არა სარდალი,
ნინოწმინდის ხმალისა,
ყივჩაღური ყიჟინის,
მისი ქარიშხალისა!

ამ გულს როდი მოვეშვი,
იერიშით ზარხოში,
ჩქარა ცხენი მომეცით!
ჩქარა! ქარს მივძახოდი.

ახლა სად დაიმუხლეს,
ან ერთმა, ან მეორემ?
ქართულ სიტყვის სიუხვეს
რა დალევს... რათ ვეომე?..

წნორის ხმას რომ ვისმენდი
მე იორის ღამისას
ჭაღარის ვერცხლის მეტი,
გულს საჩუქრად რა მისცა?

ოლე რათ ავატირე,
ხომ ვიცოდი, ვინც არი,
რით ვერ მოვინადირე,
სად შეფრინდა ციცარი?

......................

იმ ჩქროლვის სიჩაუქის
ნეტავი შემრჩა-ღა- რა?
დამიმოწმე, სიჭაბუკევ,
გამინათე, ჭაღარავ!

თქვენ იცოდეთ, ჩემმა მზემ
რაგინდ დაისამხრეთოს,
ლექსთა ლაშქარს შევავსებ,
როგორც ბანაკს სამხედროს!..

რესურსები ინტერნეტში

edit