რომანი დიდ-ხევაში

რომანი დიდ-ხევაში
ავტორი: ეკატერინე გაბაშვილი


რომანი დიდ-ხევაში

შუა ზამთარია, სოფელს დიდ-ხევაში თოვლი ადლზე დევს, სახლები წასილულია თოვლისაგან და, ერდოებიდან რომ ბოლი და ნაპერწკლები არ ამოდიოდეს, კაცს გაშლილი მინდორი ეგონება. საშინელი სიჩუმეა. ძაღლებიც კი არა ჰყეფენ. მარტო აქა-იქ დიდროვან მუხებს დიდი, თოვლით დატვირთული ტოტები დაუშვიათ და დასცქერიან გაჩუმებულს სოფელს. სოფლის ბოლოს, გზის პირას, დგას მიწური სახლი. ამ სახლის ერდოდამაც ძლიერი ცეცხლის ბოლი ამოდის. კარებწინ, დიდ თოვლზე, მრავალი ფეხის კვალია.
ეს სახლი არის ოსტატ ტასიასი. ტასია კარგა ხნიერი დედაკაცია. თავითფეხამდე შავებშია ჩაცმული. ის კერას ახლოს ჭილობზე ზის და წინ ჭურჭლის ჩარხი უდგია: ქოთანს აკეთებს. გარშემო ხუთი თუ ექვსი შეგირდი უზის და სწავლობს.
_ ოსტატო, აბა ნახე, როგორი მოკითხვის წიგნი დავწერე.
_ კარგია, შვილო, შენ მაინც კარგი ხელი გაქვს. ისე სწერ, როგორც თავადიშვილის ქალი.
_ ოსტატო, _ უთხრა მეორემ, _ აბა ჩემი უფალოცა ნახე.
_ ოსტატო, მე როდისღა დამაწყებინებ ქაღალდზე წერასა? _ გულდაჩაგვრითა ჰკითხა ყველაზე უფროსმა ქალმა, რომელიც ბეჭზე სწერდა წათლილი ინდაურის ფრთითა.
_ ღმერთი მოწყალეა, შვილო, გაზაფხულამდის შენც კალამს აიღებ. აქამდინაც აგაღებინებდი, მაგრამ დედაშენი მარინე არა შვრება, სადა მაქვს ერთი მანათი, რომ კალმის ასაღებში მოგცეო.
_ ოჰ, ღმერთო, რა რამ არის ის დედაჩემი, ამოდენა გოგო ვარ და პატარა ბალღივით ისევ ბეჭზე ვწერ.
_ დილა მშვიდობისა, ოსტატო! _ წარმოსთქვა მაღალმა და ლამაზმა, მოსხვეპილმა გოგომ, რომელიც გაქანებული შემოვიდა დარბაზში და უცბად შედგა, თავისი ამხანაგები და ოსტატი საქმეში რომ დაინახა.
_ სად იყავ, მარო, აქამდის? ჩვენ წავიკითხეთ კიდეც ჩვენი დასები, დავწერეთ და ახლა ქისის ქსოვას უნდა შევუდგეთ.
_ მარომ თუ არ დაიგვიანა, არ იქნება, _ ცოტა ყვედრებით სთქვა ტასიამ.
_ რა ვქნა, რომ დავიგვიანე, _ გაიცინა მარომ, _ ერთ წამში გავაკეთებ იმას, რასაც თქვენ მთელი დილა მოუნდით და ეხლავე დაგეწევით.
მარომ საჩქაროდ აიღო ჭუჭყიანი რვეული, მიუჯდა ტასიას და მაღალის ხმით წაიკითხა:
‘‘აწ საყვარელსა მივუწერ გულ-ამოსკვნილი მტირალი,
‘‘მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდა ვის ალი!’‘
დასწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი;
და ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი’‘.

ამის კითხვას ყველამ ყური დაუგდო; ისე წარმოსთქვა ეს ‘‘ვეფხისტყაოსნის’‘ სიტყვები, თითქო განთიადზე ტოროლამ დაიგუგუნაო. მერე აიღო ხელისოდენა ნახევი ქაღალდი და საწერ-კალამი თაროდგან და მუხლზე დასწერა.
ტასიამ დაწერილიც მოუწონა.
მარო, როგორც ზემოთა ვთქვით, მაღალი და წარმოსადეგი გოგო იყო. მის ხორბლისფერს, გარდაშლილ პირისახეს ამშვენებდნენ ორი მაყვლისფერი თვალები, რომელნიც არასოდეს არ შეჩერდებოდნენ. ფონთო ცხვირი და მსხვილი ალისფერი ტუჩები ლაზათს აძლევდნენ, თუმცა მშვენიერს კი არა, მაგრამ ძლიერ სასიამოვნო და ცოცხალ სახეს. ყოველივე მიხვრა-მოხვრა მაროსი იყო მარჯვე, ყოველი იმისი სიტყვა იყო ტკბილი და ცოცხალი. თავისს ამხანაგ გოგოებში მარო, როგორც მარგალიტი, ისე ირჩეოდა. თამაში, ლხინი, არაკები ზამთარში და არიფანები ზაფხულში უმაროოთ არ შეიძლებოდა. ამ შემთხვევაში მარო ყოველივეს მოთავე იყო. მაროს დაირას, ‘‘ბუზიკას’‘ და სიმღერას ვისი შეედრებოდა! ამ დარდიმანდობასთან მარო კაი მუშაც იყო. ვის შეეძლო ამაზე ადრე ადგომა და სახლის მოვლა, ძნის მიწოდება, კალოს გაშლა და, თუ ნებას მისცემდნენ, არც სიმინდის მოჭრაში ჩამოუვარდებოდა ვაჟკაცებს. მარო მთელი დიდ-ხევას საყვარელი იყო. თუმცა ბევრს დედასა შურდა იმის სილამაზე, მაგრამ მაროს ისეთი თვისება ჰქონდა, რომ რაწამს დაინახავდა მას, მტერსაც კი მოყვარედ გადაექცეოდა.
მარო ჩვიდმეტი წლის საპატარძლო ქალია და ყველას უკვირს, რომ სოსიკა მგელაძე, ამის მამა, აქამდის არ ათხოვებს. საქმროები მაროს მრავალი ჰყავს. მთელ ამ მხარეზე ბიჭი არ არის შეღერებული, რომ არ ეთხოვნოს, იმისთანა საქმროებიც ჰყავდა მაროს, რომ ოცი თუმნის მოტანასაც არ დაიზარებდნენ, მაგრამ სოსიკა არ ჩქარობს, ის თითქოს გრძნობს, რომ ამისთანა ცოცხალ და მხიარულ გოგოს გათხოვება ფრთებს შეაკვეცს და არ ეშურება თავის ტოროლას ხმა გამოსწყვიტოს ოჯახში.
წერის შემდეგ გოგოები გაჯიბრდნენ ქსოვაში. ყველამ თანასწორად ძაფები გადაიხვიეს და მოჰყვნენ გაჩქარებულ ქსოვას. ვინც ქსოვაში ჩამორჩებოდა, უნდა ჯარიმად ასი ფთილა მატყლი დაერთა ტასიასი.
რამდენიმე ხანი სიჩუმეა. ტასიას ჩარხს გაუდის გრიალი და შუა ცეცხლს გუგუნი.
უცებ კარი გაიღო და შემოვიდა პავლე.
_ დედას გაუმარჯოს! ეგრე როგორ გართულხარ საქმეში, რომ ცხენით მოველ კარებზე და ვერა გაიგეთ რა?
_ შენ კი გენაცვალოს დედის თვალები, ჩემო მშვენიერო, _ დაიკნავლა ტასიამ, ყმაწვილი ქალივით სწრაფად წამოხტა და მოეხვია თავის შვილს.
_ შვილო, პავლე, შვილო! ვაი შენს დედას, ამ საშინელ თოვლში სად გივლია? ხომ გაიყინე, გენაცვალოს დედა. გოგოებო, ახლა შინ წადით, თქვენთვის აღარა მცალიან. სამი წელიწადია ჩემი პავლე არ მინახავს და მინდა ამაზე გავიხარო. ხვალ, შვილო, ხომ კვირაა, და ორშაბათამდის მშვიდობით.
გოგოებმა ხელსაქმე და წიგნები შეინახეს, დარბაზი დაალაგეს, ცეცხლს შეშა დაუმატეს, შეჭამანდს წყალი დაასხეს და გასწიეს შინისაკენ.
_ შვილო მარო, გენაცვალოს შენი ძალუა, შენ ნუ წახვალ, დღეს დამეხმარე. წადი ბოსელში, მეგრულა ვარია დაიჭირე და დააკვლევინე ვისმე. ამ სიშორეთ მოსულა ჩემი პავლია და ცარიელ ლობიოს ხომ ვერ ვაჭმევ.
_ აბა, შვილო, პავლე, რას აკეთებდი, გენაცვალოს დედის თვალები, ამ სამ წელიწადსა? მიამბე შენი ალიან-ჩალიანი. როგორ გალამაზებულხარ, შვილო, რამოდენა წვერ-ულვაში ამოგსვლია, ჩემო ვაჟკაცო. ეხლა რაკი შენ შინ დამიბრუნდი, ხელახლად გაყმაწვილდება დედაშენი ტასია. ჰა, შვილო, ხომ აღარ გამექცევი? მეორედ შენს განშორებას ვეღარ აიტანს ჩემი ბებერი ძვლები! არა, შენ მაგას არ მიზამ! _ აკანკალებულის ხმით ზედიზედ აყრი¬და სიტყვებს ტასია თავის პავლეს და სიყვარულით შესცქეროდა თვალებში.
_ არა, დედა, თავს აღარ დაგანებებ, თუ ღმერთი არ გამიწყრა და ლაქიობამ არ წამძლია. მაშინაც რომ მოვედი, ვამბობდი, აღარ წავალ-მეთქი, მაგრამ განა არ გახსოვს, ჯავრით კინაღამ მოვკვდი და შენ თითონ ხელი მომიმართე წასასვლელად. მე ეხლა ძალიან გულმოწყვეტილი და დაღონებული დავრჩი ქალაქში, თორემ იქნება ეხლაც არ წამოვსულიყავ. დასწყევლოს ღმერთმა! დიდ ქალაქს რაღაც მიმზიდველი ძალა აქვს და შეჩვევაც, ხომ იცი, დედა, დიდი რამ არის. ეხლა, როდესაც ჩემი ბატონი გიორგი რუსეთს წავიდა და მარტო დავრჩი, ისევ შენთან წამოსვლა ვარჩიე: გიორგის შემდეგ შენზე უკეთესი ვიღა მყავს!
_ ვაი ჩემი ბრალი, შვილო, გიორგი გირჩევნია დედაშენის თავსა? ჩემი ყმაწვილ-ქალობა და ჯანი შენ შემოგალიე, შვილო, და გიორგის შემდეგ შენაო. ოჰ, მადლობა შენთვის, ღმერთო.
_ დედა, რად გეწყინა! გიორგი ისე მიყვარს, როგორც კარგი და პატიოსანი ჩვენი ბატონი და ამხანაგი, და შენ ისე, როგორც დედა. უნდა იცოდე, რა ყმაწვილია გიორგი და შენ თითონვე შეგიყვარდება. ვენაცვალე იმის ვაჟკაცობას! ვითომ ის ბატონია, თავადიშვილი და მე უბრალო გლეხი. ისე მექცეოდა, როგორც თავის ნამდვილ ძმასა. გიმნაზიიდან რომ მოვიდოდა და სადილს შემდეგ გაკვეთილებს მოამზადებდა მეორე დღისთვის, დამიძახებდა თავის ოთახში და მასწავლიდა ყველაფერს, რაც კი თითონ იცოდა. წერა-კითხვა, არითმეტიკა, გეოგრაფია, რა გითხრა, რომ მე არ მასწავლა. ყოველთვის ქართულ წიგნებს მიკითხავდა; როცა კი შინ არ იყო, მე თითონ ვკითხულობდი და მოვიდოდა თუ არა, წანაკითხს ვუამბობდი ხოლმე, რუსული მასწავლე-მეთქი, ვეუბნებოდი, მაგრამ არ მასწავლა. მანამ რუსულს ისე კარგად ისწავლი, რომ ამ ენაზე წიგნები წაიკითხო, შენს ენაზე, ვინ იცის, რამდენის წაკი¬თხვას მოასწრებო. თავის გულისპასუხს სულ მე მიამბობდა. დედა და ის ცოტა კარგად ვერ არიან და მე ვიყავ იმისი დედაც და ამხანაგიც. წასვლის დროს ბევრი იტირა ჩემმა კარგმა; ერთი ვიღაცა გიმნაზიის ქალი უყვარდა, მაგრამ რას უშველიდა! უთუოდ უნდა წასულიყო უნივერსიტეტში და ან იმ ქალისთვის თავი უნდა დაენებებინა, ან სწავლისათვის. რასაკვირველია, სწავლამ და დედის სიყვარულმა დასძლია. წავიდა პეტერბურგს. ბევრს ვეხვეწე, მეც თან წამიყვანე-მეთქი, მაგრამ არ შეიძლებოდა, ჩემ საყოფ ფულსაც ძლივს გამომიგზავნის დედა და შენ რითი გარჩინოო. მე გიორგიმ მირჩია შინ დაბრუნება, დედა, იმან მითხრა, რომ სოფლის მუშაობა უფრო საპატიოსნო და კაცის შესაფერი საქმეა, მანამ სხვის ბრძანების შესრულება და ხელებში ცქერაო. მეც გავუგონე. და ან კი შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე ჩემი გიორგის შემდეგ მემსახურნა ვისთვისმე? მე მოსამსახურე კი არა, ამხანაგი ვიყავ და სხვა ვინ მიზამდა ამ საქმეს. დიდი ქალბატონი კი ზიზღობდა ჩვენს ამხანაგობას, მაგრამ ვინ დასდევდა. ახლა, დედა, მე ოცდაათი თუმანი მოვიტანე, ჩემს ჯამაგირს გადავარჩინე. როგორ გინდა მოვიხმაროთ, რა გავაკეთოთ?
მარომ ამათ ლაპარაკში საჩქაროდ ქათამი გააკეთა, ერბოში მოხრაკა, ჭილობზე ფარდაგი გაშალა და სუფრა დააგო.
ტასიამ თავის მუთაქაზე თავისი შვილი დასვა, შუაში თითონ დაჯდა და ბოლოს მარო მოისვა.
_ შვილო, პავლე, ვინ იცის, ვეღარც კი იცან ჩვენებიანთ მარო.
_ ვეღარა, დედა, რამდენა გაზრდილა, გალამაზებულა. რისგან არის, აქამდის სოსიკას არ გაუთხოვებია?
_ შვილო, ხომ იცი, რომ სოსიკა ერთი ქეიფის კაცია. იმან თუ მთელი დღე არ იმღერა და არ იმასხარავა, ხომ ვერ გასძლებს. ეს ერთი გოგოღა დარჩა სახლში და ეშინიან, რომ გაათხოვოს, არ გამოყრუვდეს. ცოლი სულ ავად არის და აბა თუ მარომ სახლს არ უპატრონა და არ იღიღინა, რა გააძლებინებს სოსიკას.
_ ეგ სოსიკასათვის კი კარგია, მაგრამ მაროს კი არა ჰკითხავს! ჰა, მარო, შენ რას იტყვი?
მაროს ცოცხალი ბუნებისთვის ამდენი ხანი სიჩუმე საშინელება იყო და გაეხარდა, რომ ძლივს შეხვდა ხმის ამოღება, დასძლია სირცხვილს ლაპარაკის სურვილმა.
_ სხვა კარგი რამა სთქვით, თორემ გათხოვება ხომ ჩვენს იქით სად წავა! _ სთქვა მარომ. _ თონეში ჩაკიდებას კი მოვესწრები და გოგოობას კი ვეღარა. ამ სიტყვებზე მარო გაწითლდა და გაჩუმდა, თითქო მოაგონდა, რომ უცხოსთან ესეები არ უნდა ეთქვა.
_ სხვა, დედა, ახლა შენი ამბავი მიამბე, ჩვენი სოფლისა. როგორა ხართ, როგორი მოსავალი მოგდით?
_ აბა, შვილო, ჩემი სიცოცხლე უშენოდ რა იქნება. ვაკეთებ ძველებურად ქოთნებს, ვბებიაობ ორ-სამ სოფელში, ვაქიმობ, შეგირდებსა ვზრდი და ამით ვცხოვრობ. ჩემი ოჯახი არა მაქვს, შვილო, და სხვისი ოჯახის ჭირითა და ლხინით ვხარობ. შემოდგომაზე გოგოები დამითხოვდებიან, იმათ საოსტატოს ავიღებ. აი ამ ჩემი მაროს წამყვანს ორ თუმანს არ დავჯერდები. უნდა იცოდე, შვილო, როგორ კითხულობს, როგორა სწერს და რა ქისებსა ქსოვს. ნეტა იმას, ვინც ამას წაიყვანს.
დალოცვილმა ტასიამ არ იცოდა, რომ მოწაფის პირში ქება პედაგოგიაში მიღებული არ არის, და არც იმას ამჩნევდა, თუ რა ცხელ წყალს ასხამდა თავის ოცდახუთი წლის შვილის გულს ლამაზი მაროს ქებით. მარო და პავლე ტასიას ლაპარაკში ერთმანეთს ჩუმად გასცქეროდნენ, და როცა ამათი თვალები ერთმანეთს შეხვ¬დებოდნენ, რაღაც გამოუთქმელის სიამოვნებით ჩაღუნავდნენ ხოლმე თავებს.

  • * *

თითქო ბუნებამაც თანაგრძნობა გაუწია ტასიას გულს და მეორე დღეს, კვირას, მზემაც თავი გამოჰყო. დღეს სოფელი დიდ-ხევა სულ სხვა სურათს წამოადგენდა. მთელ სოფელში რაღაც მოძრაობა იყო. კაცები სოსიკა მგელაძის ბოსელში გროვდებოდნენ საბაასოდ, დედაკაცები ტასიასთან და ყმაწვილი ქალები ბატონიანთ ‘‘სასახლეში’‘ სალხინოდ.
ქათამი, ინდაური და საქონელი თავისუფლად დაიარებოდა სოფელში. მზემ და კვირა დღემ განათავისუფლა თოვლისაგან დატყვევებული ყოველი სულდგმული.
სოსიკას ბოსლის ოდაში დიდი ცეცხლი ენთო და გარშემო სოფლის დარბაისელი კაცები უსხდნენ ჩიბუხებით ხელში. ცოტა მოშორებით ახალგაზრდები ისხდნენ და ერთმანეთში ლაზღანდარობდნენ, უფრო პავლეს დაბრუნებაზე ლაპარაკობდნენ: რად მოვიდა, რა ამბავი მოიტანა ბოტონებისაგან? ყველასათვის ეს ძლიერ საგრძნობელი კითხვა იყო.
სამი წელიწადია, რაც დიდ-ხევას მებატონის ქვრივი კნეინა ქეთევან არ მოსულა თავის მამულში. მთელი სოფლის მცხოვრებნი ეული გლეხები არიან, დიდი ხნიდგან გადმოსახლებულნი, ზოგი იმერეთიდგან, ზოგი ქართლიდგან. რამდენიმე წლის განმავლობაში, ვიდრე ქეთევანის ქმარი, სტატსკი სოვეტნიკი თ. ლუარსაბ გულმართლიძე მფლობელობდა დიდ-ხევას, გლეხები ბედნიერნი იყვნენ: მხოლოდ მოსავლის მეექვსედი იყო ამათი გადასახადი, ზაფხულში ორი-სამი თვით მოვიდოდა გულმართლიძის ოჯახი ამ სოფელში, მოაგროვებდა ღალას, ბოსტნეულობას, საბალახეს, მუშა-გუთნის ფულს და დანარჩენს დროს დიდ-ხეველები თავისუფლად იყვნენ. შობა-აღდგომას თუ მოიხსენებდნენ ბატონებს თითო ქათმით და ერთი თუნგი ღვინით, თორემ სხვაფრივ ამათი შემწუხებელი არავინ იყო. ამ სამ წელიწადში კი სულ სხვარიგად დატრიალდა ამათი ბედის ჩარხი: ლუარსაბი მოკვდა და იმის სახლობას ჯამაგირი დააკლდა. შვილები დასაზრდელები გაუხდა კნ. ქეთევანს და, როგორც მოგეხსენებათ, ამისთვის ბევრი და ბევრი ფულებია საჭირო. აი ამ მიზეზით შეუდგათ ჭირი დიდ-ხეველებს მოურავ ივანიკას სახით. ქეთევან ზაფხულობით აღარ მოდიოდა დიდ-ხევაში და ივანიკას ძალას ატანდა, ფულები და ფულებიო. ივანიკაც, როგორც ერთგული მოურავი, ყოველ ღონისძიებასა ხმარობს, რომ დიდ-ხეველებს უფრო და უფრო ბლომად გამოსწუროს ფულები, ამასთანავე, რასაკვირველია, თავის ჯიბესაც არ ივიწყებს და დიდ-ხეველებს ტყავს აძრობს.
მეექვსედის ღალის მაგივრად ივანიკამ დღიურზე ორი კოდი გახადა, მუშა-გუთნის მაგივრად კომლზე თუმანი გასწერა. როცა კი დასჭირდებოდა, ურმები, ცხენები და კაცი ყოველთვის გამზადებული უნდა ყოფილიყო, თორემ ვაი დიდ-ხეველების ბრალი! მათრახი და საუკეთესო მიწის წართმევა იყო მათი სასჯელი. ყველა ამ უბედურებასთან ივანიკამ გააღო დუქანი და დაუწყო გლეხებს ძარცვა. ღვინო-არაყს, მარილს, ცუდ, დამპალ თევზს მამასისხლად ჰყიდდა და თუ ვინმე ასცდებოდა იმის დუქანს და სხვა სოფელში წავიდოდა სავაჭროდ, ცუდ დღეს დააყენებდა. ერთი სიტყვით, ივანიკა სრული ბატონია დიდ-ხეველებისა და ბატონობასაც ისე ხმარობს, როგორც სისხლის მწოველს ფოცხვერს შეჰფერის.
ამ ორი თვის წინათ დიდ-ხეველებმა ამოირჩიეს მთელ სოფელში სამი უკეთესი კაცი და ქეთევანს დეპუტაცია გაუგზავნეს. დაწვრილებით შეატყობინეს თავიანთი მწუხარება და სთხოვდნენ ქალბატონს, მობრძანებულიყო და თავისი თვალით ენახა ამათი საშინელი მდგომარეობა. კნეინა დაჰპირდა ამოსვლას და ხალხსაც პავლესაგან იმედი ჰქონდა შეეტყო, როდის მობრძანდებოდა ქეთევან და ან რას უპირებს თავის გლეხებს. პავლემ დიდხანს არ ალოდინა: საუკეთესო ტანისამოსი ჩაიცვა, ვერცხლის მასრები ჩაიწყო, ვერცხლის ჯაჭვი დაიკიდა, მაღალი ქუდი დაიხურა, გავაქსული წაღები ჩაიცვა და ისე წამოვიდა სოსიკას ბოსლისაკენ. შევიდა თუ არა, ყველანი უნებურად ფეხზე წამოუდგნენ. ტყუილად კი არ იტყვიან, კაცს ტანისამოსით დაუხვდებიანო. დიდ და პატარას პავლემ ხელი ჩამოართვა და სთხოვა, დაბრძანდით, რად ირჯებითო. რამდენსამე წამს ბოსელში სიჩუმე იყო. მორთულმა პავლემ პირი შეუკრა აქამომდე გაცხარებით მობაასე ხალხს. ის ამათ როგორღაც უცხოდ ეჩვენათ და არ იცოდნენ, რითი დაეწყოთ ბაასი.
_ კაცო, ჩემი მოსვლა გეწყინათ, რატო ეგრე ჩაჩუმდით? სამი წელიწადია, შვილო, არ მინახივხართ და ერთი სიტყვის თქმა როგორ ვერ მოახერხეთ? რას იქთ, როგორა ხართ? სად არის თქვენი ბატონი ივანიკა?
_ ისეთშიაც წასულა ის ოჯახდაქცეული, საიდგანაც ვეღარავინ მოსულა! _ უპასუხა პავლეს სოფლის მამასახლისმა გიორგი კვესაძემ, დიდ-ხევას მდივანმა და წინამძღოლმა. _ მართლა, პავლე, რას გვიპირებს ქალბატონი? ამაზე მეტი მოთმინება აღარ შეგვიძლიან.
_ ქალბატონი ისეა, შვილო, ვალებში გახლართული, რომ ლამის თავი დაიხრჩოს. მე მგონი, წამოსვლა რომ მოინდომოს, მოვალეებმა აღარც კი გამოუშვან. ეხლა გიორგის გასასტუმრებლად რუსეთში სამოცი თუმანი კიდევ სადღაც ივალა. თქვენს ბედს მაშინ თუ ეშველება, გიორგი რომ დაბრუნდება, თორემ მანამდის არა მგონია, კნეინამ გაგირიგოთ რამე, იმას ბევრი ფულები უნდა და ივანიკასთანა მარჯვედ ფულებს ვერავინ უშოვნის. ფული ჰქონდეს იმას, თორემ რას დასდევს, საიდგან მოდის.
_ ის დალოცვილი იმას კი არა ფიქრობს, რომ მოთმინებასაც თავისი საზღვარი აქვს, მეტი ღონე აღარა გვაქვს, ან ჩვენ უნდა ვიყოთ და ან ივანიკა! _ სთქვა ერთმა გლეხმა.
_ ჩვენ კი ავიყრებით, შვილოსა, და მაშინ დეე თავის ივანიკას გამოსწუროს ფულები, _ დაუმატა მეორემ.
_ გუშინ რომ იმან ჩემი სისხლით აშენებული დარბაზი დამი¬ქცია, განა შევარჩენ?! ერთი იმის სისხლს კი დავლევ და მერე თუნდ ციმბირს გამგზავნონ! _ სთქვა მესამემ.
_ როგორ თუ დარბაზი? _ იკითხა პავლემ.
_ ისე რომ, დარბაზი ვიყიდე, ხის ჭდეული, ათი თუმანი ფული მივეც ალაგობრივ ყიფიაანთ ტყეში. ჩამოვიტანე, დავდგი ჩემი ძველი სახლის გვერდით, ძმის ქორწილს ვაპირებდი. მანამ არ გავა¬თავე, არა მითხრა და როცა გავათავე, მიბრძანა, ან ორი თუმანი უნდა მომცე ალაგის ფასი, ან უნდა დაანგრიოო. მე არ მივეცი ორი თუმანი და როცა ნახა, რო კაცები შინ არ ვიყავით, მიეჭრა დედაკაცებს და სახლი ძირს დასცა.
_ რას ამბობ, კაცო, ეგ როგორ იქნება? უბატონოდ რა ნება ჰქონდა?
_ სად არის ბატონი, ვინ არის ბატონი? ივანიკაა დღეს ჩვენი ბატონიც და ღმერთიც. უნდა აგვაშენებს, უნდა დაგვაქცევს.
_ ცოტა კიდევ მოითმინეთ, ჩემო ძამია, _ უთხრა პავლემ გლე¬ხებს, _ ღმერთი მოწყალეა, ისეთი ღვთისნიერია ჩვენი გიორგი, რომ სულ სხვანაირად წაიყვანს თქვენს ბედს. მთელი დღე და ღამე იმას მელაპარაკებოდა, თუ როგორ მოუვლის ის თავის მამულს და როგორც ძმებს ისე მოექცევა თავის გლეხებს. გადმოვიდეს, მერე იმან იცის, საცა ამოუყოფს ივანიკას თავს.
_ როდის უნდა გადმოვიდეს გიორგი? _ იკითხა გიორგამ.
_ ოთხი წელიწადი უნდა ისწავლოს და მერე მეცნიერი გამოვა, _ უპასუხა პავლემ.
_ ეჰ, შე დალოცვილო, ‘‘სანამ პეტრე მოვიდაო, პავლეს ტყავი გააძრესო’‘, ისე მოგვივა ჩვენ საქმე. სანამ გიორგი გადმოვა, ჩვენ ივანიკა სულს ამოგვაძრობს და მერე, ბევრიც რომ ეცადოს, გადაშენებულებს რიღათი აგვაშენებს?
_ გამარჯვება თქვენი!
ხალხში სიჩუმე ჩამოვარდა. ამ სალამს პასუხი არავინ მისცა. ეს სალამი წარმოთქვა ივანიკამ, დიდ-ხეველების ბედის მჭრელმა. ის გახლავთ მაღალი, ცოტა კისერში წახრილი, ოცდაათის წლის ვაჟკაცი. იმის განიერს მხარ-ბეჭს და მრისხანე სახეს ადვილად ვერავინ შეებრძოლება, მაგრამ უსამართლობა კაცს მთასაც შეაბრძოლებს. სოფელმა და ივანიკამ ერთმანეთს ბრძოლა განუცხა¬დეს და ვინ ვის აჯობებს, ეს შემთხვევამ იცის.
_ რა ღმერთი გაგიწყრათ, თქვე მამა-ოხრებო, _ დაიღრიალა ივანიკამ, _ თქვენში სალამი არ იცით?
_ რას ყვირი, შე კაი კაცო! გამარჯვება! _ უპასუხა პავლემ.
_ ოჰ, ვაჟბატონო, მობრძანებულხარ, დიდება თქვენს მობრძანებასა, ბატონის ვეზირო! _ დაცინვით უთხრა ივანემ პავლეს და მოწიწებით ხელი ჩამოართვა, თითქო ეშინოდა, რომ პავლეს შავი მაუდის ჩოხა არ გაეჩირქიანებინა.
_ არა გრცხვენია, ბიჭო, რომ ეს სოფელი აგიყავყავებია. შენ ისე მოგდის, რომ იტყვიან: ‘‘სოფელი ვნახე უძაღლო და შინ გავიარე უჯოხოო’‘.
_ მერე შენ რაო? ან იქნებ დღეის უკან შენ აპირებ ამ სოფლის ძაღლობას?
_ მეხი კი დავაყარე იმ სოფელს, რომელიც ეგრე გაექელვინება შენისთანა წუწკ იმერელს! მისამარ, ივანიკა, სინიდისი მოიკრიფე, თორემ შენი საქმე ცუდად წავა: ‘‘ცხვარი ცხვარიაო და რომ გაცხარ¬დება, ცხარეზე ცხარეაო’‘.
_ ჰეი, ჰეი, ვირის ტლინკებივით კი მოგვაყარა ანდაზები და! ეგეები ისწავლე, შვილო, ლაქიობაში? მაგაებისთვის, შე დალოცვილო, თბილისში რომ არ წასულიყავ, შენი ‘‘ოსტატი’‘ დედა კი ვერ გასწავლიდა?
_ შენ აქეთ-იქით ნუ გადაუხვიე, გრცხვენიან განა? აბა რა იყო სოფელი ამ სამის წლის წინათ და რას დაგიგვანებია ახლა? ზამთარში ცეცხლს რომ შემოვუსხდებოდით ხოლმე, ჩვენი ბაასი და ღიღინი ღმერთსაც იამებოდა და კაცსაც, და აბა ახლა შეხედე ამ დარბაისელ ბერიკაცებს რანაირად დაუღმეჭიათ პირები!
_ პავლე, შენ არავინ გთხოვს მედიატორობას. ახლავე გამომიცხადებია შენთვის, ან თავი უნდა დაანებო გლეხების გახელებას და ან ხვალვე ნაჩალნიკს გამოვუცხადებ, რომ გლეხებს აბუნტებ და ისევ შენ საყვარელ თბილისში ამოგაყოფინებ თავს, მაგრამ სასახლეში კი არა, იქ, საიდგანაც ბევრი მიდის სამარეში.
_ გიცხონდება მამაშენი ზესტაფონე, ყურებზე ხახვი არ და¬მაჭრა. გინდა დიდ-ხეველების ჯოგში ჩამირიო და გამხედნო განა?!
_ სუ, თორემ მოგკალ! _ დაიღრიალა ივანემ და პავლეზე მიიწია.
გლეხები წამოხტნენ და მისცვივდნენ ივანეს. ივანემ ამოიღო რევოლვერი, გადგა განზე და დაუმიზნა ჯგუფს: ‘‘ერთ ექვსს კი მიგაწვენთ, თქვე წუწკებო, თქვენა. მარტო ჩამიგდეთ განა? რა ვაჟკაცები ხართ! დამაცალეთ, დამაცალეთ, მაშ ბიჭი არა ვყოფილვარ, თუ ივანიკას სახელი არ გაფიცებინოთ’‘.
რევოლვერმა უიარაღო ხალხი უკან დააყენა. ივანიკამაც უკან-უკან დაიწია და ბოლოს კარებში გავარდა.
_ აი თქვე ლაჩრებო, ერთმა კაცმა როგორ გაჯობათ. მე ხვალვე მივსწერ გიორგის. მამულის პატრონი ის არის, გიპატრონოთ რამე. სირცხვილია, რომ ორმოცი კომლი თავისუფალი გლეხი ყმად გახდენიხართ ამ მხეც გადამთიელ იმერელს.
_ გვიპატრონოს, გვიპატრონოს! _ შეღრიალა ერთად ხალხმა. _ მართალია, მამული იმათია, მაგრამ შრომა ჩვენია. გვიპატრონოს, თორემ მეტს ვეღარ მოვითმენთ. მართალია, თავს გავიუბედურებთ, მაგრამ იმათაც არ დავაყრით კეთილს.
მშვენიერმა მზის ბრწყინვამ ვეღარ გააღიმა დიდ-ხეველების გული. ამ ლაპარაკის შემდეგ ისინი დაღონებულნი და გულზე თავჩამოკიდებულნი დაბრუნდნენ თავ-თავიანთ სახლებში. ‘‘სასახლეშიაც’‘ ლხინი შესწყვიტეს. მარომ, მართალია, თავი მოიგიჟიანა, გამხიარულდა, ითამაშა, იმღერა, მაგრამ რაწამს შეიტყვეს გოგოებმა, რომ ივანეს და პავლეს ჩხუბი მოუვიდათო, მაშინვე ჩაჩუმდნენ: ამათაც კარგად იცოდნენ, რა მოჰყვებოდა ივანეს ჩხუბსა. აკლებისა და დაფორიაქების წარმოდგენამ მოსწამლა ამათი ლხი¬ნიც.

 * * *
ამგვარმა ვაჟკაცურმა გულადობამ გმირად გახადა პავლე დიდ-ხეველ გოგოების გულში. მეტადრე მარომ ოსტატთან სიარულს ძალიან დაუბეჯითა. მთელ დილას შუადღემდე ტასიასთან ატარებდა. ის იყო ტასიას ქალის მაზლისწული და თავისუფლად მიდიოდა იმ სახლში, თუმცა ყმაწვილი ვაჟკაცი ეგულებოდა. ჭორებისა არ ეში¬ნოდა. გაზაფხულამდე პავლე და მარო თითქმის სულ ერთად იყვნენ, მაგრამ ერთმანეთს სრულებითაც არ დაახლოვებიან. გულითა გრძნობდნენ, რომ უერთმანეთოდ ყოფნა უძნელდებოდათ და ცდილობდნენ ერთად ყოფნის მიზეზი ეპოვნათ. სოსიკაც, მაროს მამა, ძლიერ დაუმეგობრდა პავლეს. იმას უყვარდა ბაასი, ძველისა და ახლის მოგონება, და პავლეც, მაროს ცქერით წახალისებული, გაუთავებლივ უამბობდა სოსიკას ქალაქის ცხოვრებისა და თეატრის ამბავს და ბევრ წაკითხულ მოთხრობებსაც. მარო ამ ბაასის დროს ყოველთვის კერასთან იჯდა და ორთავ ხელებზე თავდაბჯენილი პავლეს ლაპარაკს ყურს უგდებდა. ზამთარი იყო, საქმე არ ღალავდა პავლესა და სოსიკას და დილიდან შუაღამემდის შეეძლოთ ბაასის გაგრძელება. წამოსვლის დროს პავლე ქალაქურად სოსიკას და მაროს ხელს ჩამოართმევდა ხოლმე და მარტო ამ ხელის ჩამორთმევით აცხადებდნენ მარო და პავლე ერთმანეთისადმი თანაგრძნობას.
გაზაფხულამდის ამათ შუა მომეტებულად დამაახლოვებელი შემთხვევა არა ყოფილა რა. ყოველ დღე ერთმანეთს ხედავდნენ და ამით სრულიად კმაყოფილნი იყვნენ.
გაზაფხულმა კი სრულებით ბოლო მოუღო ამათ მშვიდობიანს ცხოვრებას. მუშაობის დრო მოადგათ გლეხებს კარებზე, ყველას სახლში მოძრაობა შეიქნა. გუთნები შეიბა. თესვა გაჩაღდა. დედაკაცები, როცა კი ჯერს წაუღებდნენ მუშებს, გამოეშურებოდნენ შინ ბოსტნების სამარგლავად. რადგანაც კაცებს არ ეცალათ შეშა-ფიჩხის მოსატანად, თითონ დედაკაცები ზიდავდნენ თონისთვის ახლო ტყიდან.
მაროს დედა გაზაფხულზე ლოგინად ჩავარდა და მაროს დააწვა მთელი ოჯახის საქმე: სარეცხი, საკერავი, მუშა-გუთნის ჯერი, საქონლის მოვლა, _ ერთ წამსაც აღარ სტოვებდა მაროს თავისუფლად. ის ცეცხლივით მოედებოდა საქმეს, მაგრამ თუ მთელი დღე პავლე არ დაენახა, საღამოზედ მთლად დაუძლურდებოდა ხოლმე. ერთი წამით დანახვა კი გაუათიათასებდა ღონეს.
პავლე კი მინდორში მუშაობას გადაჩვეული იყო, სულ კერის წინ იჯდა და თავის გულს ჩასცქეროდა. ამას აშფოთებდა თავისი უსაქმობა, დიდ-ხეველების ბედი და მომეტებულად მაროს სიყვარული, რომელიც გულიდგან ვერას გზით ვერ ამოერეცხა. არც ერთ თავის ვაების შემსუბუქება იმას არ შეეძლო. მუშაობას გადააჩვია ათი წლის მოსამსახურობამ და ეხლა ნახევარ საათით სიმინდის თოხნა მთელი დღით წელსა სწყვეტდა. დიდ-ხეველების ბედი გიორგიზე იყო დამოკიდებული და იმისაგან არავითარი პასუხი არ მოსდიოდა. ბევრჯერ დააპირა გაქცევა ჩუმად პავლემ ქალაქს, მაგრამ თავის გულს ვერ დასძლია. მაროს მოშორება რომ მოაგონდებოდა, იმის გულს ისეთი მუხრუჭი მოუჭერდა, თითქო ეს არის, გაისრისებაო. პავლემ კარგად იცოდა, რომ მარო ამის მძახლის ქალი იყო და შეიძლებოდა ჯვარისწერის ნება არ მიეცათ. ამის შეტყობას ვერცა ბედავდა, ისე ეშინოდა ცუდის ამბის გაგებისა.
ამ ვაი-ვაგლახში იყო პავლე ერთს ლამაზს აპრილის საღამოს. ბუნება მშვენიერებას წარმოადგენდა ამ შებინდებაზე. ჩამავლის მზის სხივებით მთლად მოფენილი იყო სოფელი. ჰაერში ასკილის სუნი იდგა და ახლოს ტყიდან ბულბულის სტვენა ისმოდა. მთელი სოფლის მცხოვრებნი თავიანთ დერეფნებში წამოწოლილიყვნენ და დაღალულობისაგან მძიმედ სუნთქავდნენ, ამათთვის ბუნებას მშვენიერი ფერი არა ჰქოდა.
პავლეს კი, დასვენებულს და სიყვარულით გულსავსეს, ეს სიმშვენიერე უფრო ცხოვლად ეჩვენებოდა. ამის გული სავსე იყო იმ სურვილით, რომ ახლა მარო ენახა და თავის გახურებულ მკერდზე მიეკრა. ეს სურვილი თანდათან ისე გაუძლიერდა, რომ როცა მართლა მაროს ხმა გაიგონა, მოჩვენება ეგონა, არა სჯეროდა და, როგორც გიჟი, მაროს ისე შესცქეროდა.
_ პავლე, ოსტატი სად არის? დედაჩემი ძლიერ ავად არის, გვიშველოს რამე, _ ხმის კანკალით წარმოსთქვა მარომ.
პავლე დარწმუნდა, რომ ეს მარო ნამდვილი მაროა, მოჩვენება არ არის და აირია.
_ მარო, გოგო, აქ შემოდი, ხომ არ შეგჭამ, _ უთხრა ისეთის ხმით, რომ მარო ამ სიტყვებმა ანდამატის ქვასავით მიიზიდა. ის ნელა და საშინელი გულის ძგერით მიუახლოვდა პავლეს.
_ პავლე, შინ რას უზიხარ...
პავლე და მარო დიდხანს იყვნენ მხურვალედ გადახვეულნი და იქნება დასთენებოდათ კიდეც ამ ყოფაში, რომ ტასიას მოსვლას არ დაერღვია ამათი ტკბილი და სიცოცხლის აღმაგზნებელი წამები. პავლე და მარო ბედნიერნი იყვნენ ამ ერთის წუთის წინათ, მაგრამ ტასიას მოსვლამ ჩაუშხამა ეს ბედნიერება!
მარო გაიქცა.
ტასია და პავლე დიდხანს იდგნენ გაჩუმებულნი ერთმანეთის პირდაპირ. უეცრად პავლემ ქვითქვითი დაიწყო და მოეხვია დედას.
_ დედავ, ნუ დამძრახავ, ღმერთმა ხომ იცის, მე ცუდი არა მიქნია რა. მარო მიყვარს და უიმისოდ სიცოცხლე არ შემიძლიან. ჩემს ბიჭობას და ჩემი გიორგის სახელს გეფიცები, დედაჩემო, რომ თუ მარო არ შევირთე, თავს მოვიკლავ. დამეხმარე, დედაჯან, ეცადე როგორმე, და მერე მე ვიცი, რა შვილობასაც გაგიწევ.
_ შვილო, პავლე, გონზე მოდი, რაებს ამბობ? განა არ იცი, რომ მარო ჩვენი მოყვარის ქალია და კანონით არ გერგება? და თუნდაც კანონმა მოგცეს, სოსიკა არ მოგცემს. იმას ისეთი ოჯა¬ხისშვილები სთხოვენ მაროს, რომ შენ, ბიჭობაში გაზრდილს, კარზედაც არ გაგიტარებს. იმან კარგად იცის, რომ არავისზე ნაკლები არა ხარ, ჭკუა, გონება და შეხედულობა თავადიშვილისას მიგიგავს, მაგრამ, შვილო, შენ თავადიშვილის სახლში ნამსახური ხარ და ოჯახისშვილი ქალს არ მოგცემს.
_ დედა, ნუ ამბობ მაგას! გულს ნუ მიხეთქავ. ერთი სიტყვით, ძალით იქნება, თუ ნებით, მარო ჩემი უნდა გახდეს, და ვინც წინ დამიდგება, მე იმას ვუჩვენებ სეირსა. მაროს გულისთვის სოსიკას კი არა, მთას შევეჭიდები. ჩემი სულის ამოცლა კი შეიძლება და მაროს თავის დანებება კი არა.
_ ვაი შენს დედას, შვილო, ვაი შენს დედას! დაბადებიდგანვე დაგყვა, შე უბედურო, ეგ ბედი. სიყვარულის შვილი ხარ, შვილო, და სიყვარულმა კი არ გადაგიტანოს. შენი ბედი მაგონებს, შვილო, ჩემ შავ წასულ ბედს. მეც შენსავით მოსამსახურე ვიყავ, მეც შენსავით კეთილი მებატონე მყავდა!.. მეც შემაცდინა გიორგის მამის სიყვარულმა... დღემდის არ მითქვამს, შვილო, შენთვის ეს ამბავი ... აი, რა არის მიზეზი, რომ შენ გიორგი ძმასავით გიყვარს და სიყვარულიც დიდკაცური გაქვს. ვეცდები, შვილო, ქვეყანას შევყრი, იქნება გიშველო რამე და, თუ ვერას გავაწყობ, დიდკაცურად უნდა მოერიო შენს გულისწუხილს.
_ დედავ, დედავ, ეგ რა მითხარი, რარიგად ააღელვე ეს ჩემი ისეც უბედური გული! მე გიორგის ძმა ვარ? გიორგის სისხლი დგას ჩემს ძარღვებში? აქამდის რად მიმალავდი? კანონით თუ არა, გულით ხომ ძმები ვიქნებოდით. არა, გიორგი ისეთი კეთი¬ლია, რომ უკანონოდ შობას თვალში არ გაივლებს და თავის ძმა პავლეს გულში მიიკრავს!
_ შვილო, ახლა ხომ გაიგე, ვინცა ხარ, იქნება მარო აღარც კი იკადრო.
_ ოჰ, დედა, რა ცუდად გიცვნივარ, ჩემს გულში მაროს სიყვარულს მეფობაც ვერ ამორეცხს. მარო ისეთი გოგოა, რომ, თუ პატრონი ეყოლება, თავადიშვილსაც უმეუღლებს. ოღონდ ღმერთმა მაღირსოს იმისი ცოლობა და გიორგი ცოცხალი მყვანდეს, თორემ სხვაფრივ რა მიჭირს! დიდ-ხევას მოურავად მე გავხდები და მაშინ ნახავ, თუ რარიგად შევცვლი იმათ ბედ-იღბალს. ივანიკასაგან დამწარებულ ცხოვრებას ძმობით და მეგობრობით დავუტკბობ. მოყვრობით იმათაც ვარგებ და ჩემ ბატონსა და ძმასაც ვასარგებლებ. გიორგი სწავლით შემეწევა და მე იმას შრომით შევეწევი. შრომა და სწავლა ხელიხელს ჩაკიდებული მტრისგან დაუძლეველია, და თუ ბედმა არ მიღალატა, ვეცდები შენი სიყმაწვილის შეცდომაც გავასწორო და თავანკრებს უკან არ ჩამოვრჩე.

  • * *

შაბათი საღამოა. დიდ-ხევას დანგრეულ წმინდა გიორგის ეკლესიაში საღამოს ლოცვის ზარი დარეკეს. ხვალ დიდი დღესას¬წაულია. ეკლესია მშვენიერ ალაგზე მდებარეობს. მაღლა გორაზედ დგას და ტრიალ მინდორს გადაჰყურებს. გარშემო კარგა მაღალი ტყე არტყია... კედლებს ბუჩქ-ბუჩქად მწვანე ხავსი გადაკვრია. ეკლესიის კარ-მიდამო სუფთად არის დაგვილი; ნელ-ნელა გროვდება სოფლის ხალხი. დიდის სასოებით იყრის მუხლს ქალი თუ კაცი შესავალ კარებში, მიწას ემთხვევა და შიგ შედის. სხვათა შორის ეკლესიაში შემოვიდნენ ტასია და პავლეც. მარო კი არსად არის.
აგერ ორი კვირაა მას აქეთ, რაც ტასიამ მოასწრო პავლეს და მაროს პირველ ალერსს და ამ ხანში მარო თვალით არავის უნა¬ხავს. ეს შემთხვევა პავლეს დიდად აწუხებს და გულის კანკალით ათვალიერებს ყმაწვილი გოგოების ჯგუფს, იქნება მაროც იქ ერიოსო; მაგრამ სად არის? ავად ხომ არ არისო, გაუელვა პავლეს ფიქრმა და სწრაფად გამოვიდა ეკლესიიდგან.

  • * *

მარო ცეცხლის პირასა ზის და ცხარედ მოსთქვამს. სახლში არავინ არის. ავადმყოფი მარინეც კი საყდარში წაიყვანეს. პავლე დიდხანს იდგა კარებში და სტკბებოდა მაროს ცქერით. თავის დღეში ისე მშვენიერი არა სჩვენებია იმას მარო, როგორც ეხლა თმაგაწეწილი და ცრემლებით სავსე თვალებით ეჩვენა.
_ მარო, რად სტირი? გენაცვალოს შენი პავლეს თვალები. მანამ პავლე ქვეყანაზე დადის, ვის შეუძლიან შენი ატირება?
_ პავლე, პავლე! იქით, არ მომეკარო! _ უცებ წამოხტა მარო და შუა ბოძს მოეფარა. _ არ მომეკარო, ახლო ნუ მოხვალ, თორემ თავს მოვიკლავ. იმდღევანდელმა შენმა ალერსმა ლამის გამაგიჟოს. რა გინდა ჩემგან, რად მოსულხარ? წეღან აკი საყდარში მიდიოდი?
_ მარო, რას მერჩი, გოგო, რა დამიშავებია? მთელი ორი კვირა რადა მტანჯავ, ღმერთი არა გაქვს? ეგ არის შენი სიყვარული, მაგას მეუბნებოდი?..
_ სუ, სუ, ნუ მომაგონებ იმას, რასაც გეუბნებოდი. გიჟი ვიყავ მაშინ... მე სიზმარი ვნახე, რომ ღვთისმშობელი ჯოჯოხეთში მიმათრევდა. ნათესავები ვართ მე და შენ და... _ თავით-ფეხამდე აკანკალებდა მაროს და ფეხზე ძლივსღა იდგა.
_ მარო, ნუ ჰკანკალებ, შენი ჭირიმე, ნუ გეშინიან, ხელს არ გახლებ. დაჯექი ცეცხლთან, გათბი. ტკბილად მოვილაპარაკოთ, იქნება შეიძლებოდეს ჩვენი შერთვა. მე ისეთი მაგალითები ვიცი ნათესავების შერთვისა თავადებში, რომ ჩვენი ნათესაობა იმასთან რა არის! მე თითონ ვიცნობ იმათ, პაპიაშვილებმა ერთმანეთი შეირთეს. ორმა ძმამ დედა და შვილი შეირთეს, გესმის, დედა და შვილი მაზლის ცოლები გახდნენ, და აბა, ჩვენი ნათესაობა რა არის? ნათესავები კი არა, მძახლები ვართ. აბა ჩემი და რომ ბიძაშენს ჰყავდეს, მე და შენ რა? თუკი ჩემი და ბიძაშენს ერგება, შენ მე რატომ არ უნდა მერგო?
—პავლე, თუ აგრეა, რა გენაღვლება, ჯერ შეიტყო. ოღონდ მღვდელმა კი ნება მოგვცეს და მე სად წაგივალ.
_ ოჰ, მარო, ოღონდ კი შენგან იმედი მქონდეს, რომ არ მიღალატებ და ხელმწიფემდის ვივლი, შენ თავს კი არავის დავანებებ, მაგრამ შენ...
_ მე რა? ჩემში ეჭვი გაქვს? აქა ქვეყანაზედ გასათხოვარ ქალს უქნია ვისმე ჩემოდენა უნამუსობა? ყმაწვილ ბიჭს კისერზე მოგექენი და აქ ცოლ-ქმრობაზე გელაპარაკები. _ ეს სიტყვები მარომ თავჩაღუნულმა და გაწითლებულმა წარმოსთქვა. _ პავლე, რომ იცოდე, რა მემართება ღამეობით: ვგიჟდები, ბევრჯერ მინდა წამოვხტე ლოგინიდგან და შენთან გამოვიქცე... მაგრამ ღვთისმშობლის მეშინიან. ან ქვეყანა რას იტყვის? ნესტან-დარეჯანი ხელმწიფის ქალი იყო და იმანაც კი ვერ შეიძლო თავის საყვარლის შერთვა.
_ მაშინ სხვა დრო იყო, ჩემო მარო, ეხლა სიყვარული თავისუფალია; ეხლა სიყვარული სირცხვილი როდიღაა! ეხლა სირცხვილი ის არის, თუ უსიყვარულოდ ცოლს შეირთავს ვინმე. მე და შენ რომ ერთმანეთი გვიყვარს, ვის რა აკლდება? და ჩვენ კი თუ არ გაგვყრიან, მაროს მზემ...…_ და სიტყვების მაგივრად პავლე მხურვალებით გადაეხვია მაროს, თითქო საქმით უფრო ნათლად უნდა დაემტკიცებინა, რა სიტკბოება მოელოდათ მათ.

  • * *

ლოცვა გამოვიდა. ხალხი და მღვდელი კარებზე გამოვიდნენ და გაიმართა ბაასი.
_ მამაო, შენდობა, შენი ჭირიმე, _ წადგა გიორგი ხუნდაძე.
_ ღმერთმა შეგინდოს, შვილო! _ მღვდელმა პირჯვარი გადასწერა და მისცა ხელი საკოცნელად.
_ ხვალ წირვაც გვექნება, რაკი ამაღამ გვილოცეთ, მამაო?
_ ხვალა? თუ კაი დარია, იქნება გადმოვიდე. ჩემი ცხენი შინ არ არის და ფეხით სიარული აღარ შემიძლიან, ჩემო გიორგა.
_ ბატონო, ოღონც კი გვიწირეთ ხვალა და გაუთენებლივ ცხენს გაახლებთ. ან არა და, შე დალოცვილო, ამაღამ აქა ბრძანდებოდეთ. ისე დაგიხვდებით, შენი ჭირიმე, როგორც შეგეფერება. დილაზე ცისკარიც გვილოცეთ და წირვაც თან მოაყოლეთ. თქვე დალოცვილო, წელიწადში ორჯერ წირვა, აბა, რას გვეყოფა, ქრისტიანები ვართ, შენი ჭირიმე.
_ ჰო, მე დამავიწყდა, რომ ხვალ შაშვეთელებს დავპირდი წირვას, ვისაც გინდათ, იქ ამოდით და მოისმინეთ წირვა, შორს ხომ არ არის.
დიდ-ხეველებს თავიანთი მღვდელი არა ჰყავდათ; ექვს-შვიდ სოფელში მღვდლობს მამა შიო. ის არის სამოცი წლის მოხუცებული. თავის ხნის შესაფერად უფრო მოტეხილია: ბევრი არაყისა და ღვინის სმის გამო ძალზე წახრილია წელში, თმა და წვერი მთლად გათეთრებული აქვს და ცხვირი წითლად დასიებია. თუ სად უსწავლია საღვთო წერილი მამა შიოს, ეს არავინ იცის. ეხლა კი ძლიერ ცუდად კითხულობს სახარებას; ნახევარ სიტყვებს ხველაში ჰყლაპავს. ძლიერ გულით რომ გინდოდეთ, მთელ წირვაში ‘‘ქრისტე’‘ და ‘‘ღვთისმშობლის’‘ მეტს ვერას გაიგონებთ. ეს ორი სიტყვა სრულიად საკმაოა გლეხების სასოების გასაღვიძებლად. ტანსაცმელი შიოს ძლიერ ჭუჭყიანი აცვია: თავზე რაღაც აღა-მაჰმად-ხანის დროინდელი დანგრეული შლიაპა ხურავს და ფეხებზე წაღების ნაფხრეწი. აბა წარმოიდგინეთ, რა პატივისცემა უნდა ჰქონდეთ გლეხებს ამ ზნეობითაც და გარეგან შეხედულებითაც დანგრეულის კაცისა.
იქნება გგონიათ, რომ შიო მღვდელი ღარიბია და ამისთვის დაიარება ასე დაგლეჯილ-დაფლეთილი? სრულებითაც არა, აგერ ოცი წელიწადია, რაც ის ამ მაზრაში მღვდლად არის და ამ ხნის განმავლობაში აიშენა თავის საუკეთესო სამრევლო სოფელში ორეტაჟიანი ხის სახლი; შეიძინა ორი კარგი დიდი ვენახი, რამდენიმე ნაფუზვარი და სამი ქალი გაათხოვა; თითოს ორას-ორასი თუმანი მისცა მზითვად. ვაჟს პეტერბურგში თვეში ოთხს თუმანს უგზავნის და ამის ცოლი ‘‘ფოფოდია’‘ ხავერდის ქათიბით დაბრძანდება.
_ მამაო შიო, შენდობა მიბოძეთ _ მოწიწებით წამოდგა ოსტატი ტასია და ხელზე ემთხვია მღვდელს.
_ თუ შეიძლება, ბატონო, ერთს საათს ჩემთან შემობრძანდით, _ გააგრძელა სიტყვა ტასიამ. _ ძლიერ საჭირო საქმე მაქვს და რჩევა უნდა გკითხოთ.
_ არაყი გაქვს, ჩემო ტასიავ?
_ ღმერთი მოწყალეა, გიშოვნით, წამობრძანდით.
ტასიამ შეიყვანა მღვდელი თავის სახლში და სამფეხა სკამი მიართვა ცეცხლის პირას. ყუთზე სუფთა ტილო გადააფარა და წინ დაუდგა. სუფრაზე დააწყო ჯამით ჯონჯოლი, ბოლოკი და არყის შავი ბოთლიც გერდზე მოუდგა.
_ მიირთვით, მამაო, და მანამდინ მე გიამბობთ ჩემს ამბავს.
ტასია მოუყვა პავლესა და მაროს ამბავს და ჰკითხა მღვდელს, შეიძლება იმათი ჯვრისწერა თუ არაო, და თუ შეიძლება, სიკეთე მიყავით და სოსიკასთან შუამავლად მიმეგზავნეთო.
_ ძლიერ კარგი, ჩემო ტასიავ, ძლიერ კარგი! _ ამბობდა შიო მღვდელი, _ ჯვარისწერა როგორ არ შეიძლება, თქვენში არაფერი ნათესაობა არ არის. სოსიკაც უარს რ გეტყვით, რითი დაგიწუნებთ? პავლე კარგი წარმოსადეგი ბიჭია და ფულებიც ექნება, ჰა?.. _ და ტასიას ეშმკურის ღიმილით თვალი უყო. _ შენც კი გექნება დარდუბალის კიდობანი, ჩემო ტასიავ!
_ რას მიბრძანებ, ბატონო, ვინ რა მომაქვავა. მაგრამ ოღონც კი სოსიკამ ქალი მისცეს და ჩემი პავლეს გულს ნუ მომიკლავს, საიდგანაც იქნება, ვიშოვნით და კარგ საქორწილოს მივუტანთ.
ამ ლაპარაკში შიო მღვდელმა გამოსწურა ბოთლი და მთელი ჯამი ჯონჯოლი შეჰყლაპა. წამოდგა ფეხზე, პირჯვარი გადიწერა და ტასიას სიცილით უთხრა:
_ კარგი, კარგი! ჩემო ბებერო. იმიტომ ასწავლიდი ისე გულიანად მაროს, რომ შენთვის გინდოდა, განა, შე ოინბაზო. ვეტყვი, ვეტყვი სოსიკას და თუ საქმე გაგირიგე, სააღდგომოდ კარგი ინდაური და ნაზუქები არ დაგავიწყდეს.
_ ჰო, შენი ჭირიმე! ოღონდ ეს საქმე მომიხერხეთ და თქვენი მადლი არ გამიწყრეს, რომ მე თქვენი ძღვენი არ დამავიწყდეს.
_ ხვალ შაშვეთში წირვაა. უეჭველია, სოსიკაც იქ ამოვა და ვეტყვი. შვიდობით! კურთხევა იყოს შენს სახლზე, ჩემო ტასიავ! სად იშოვნე ამისთანა მშვენიერი არაყი? თქვენი ივანიკა ხომ არ მოქრისტიანებულა, რომ ამისთანა კაი არაყი გამოუხდია?

  • * *

_ ვაი, ვაი, მოვკვდი, _ კრუსუნებდა მარინე, სოსიკას ცოლი.
_ მოკვდი და მორჩი, შე ოხერო, ექვსი თვეა კრუსუნებ და ბოლო არ მოეღო შენ ჭირსა. აგერ გოგო უნდა გავათხოვო და აბა მაშინ ოჯახს რაღა ეშველება? ან მოკვდი და ან მორჩი, რომ სახლს პატრონი გაუჩნდეს და!
_ სოსიკა, სოსიკა, არა გრცხვენიან, რომ ორი დღე დამრჩენია და იმასაც მაშხამებ! ღმერთი არა მკლავს და რა ვქნა. განა მე თითონ არ ვიცი, რომ კისერზე გაწევართ, მაგრამ... _ და ქვითქვითი ამოუშვა უბედურმა, დაუძლერებულმა დედაკაცმა.
_ სუ, კარგი, ნუ ტირი, დედაკაცო. ღმერთი მოწყალეა, კარგად გახდები, _ დატკბობით უთხრა მარინეს სოსიკამ, ცრემლებით დარცხვენილმა, და გულით შეინანა თავისი წინდაუხედავი სიტყვები.
_ დედაკაცო, იცი ვინა გვთხოვს მაროსა? რომ იცოდე, არ დაიჯერებ. არ ვიცი, ღმერთმანი, რა ვუთხრა. ისეთ ოჯახისშვილებს უთხარი უარი, რომ მთელს სოფელს გაუკვირდა და ახლა ‘‘ნამსა¬ხურს’‘ როგორ მივცე. ვინ რას მეტყვის? სულმა რომ წასძლიოს და ისევ ბიჭად წავიდეს, მერე სოფელში თავი როგორ გამოვყო?
_ კაცო, რას ამბობ, ჯერ მითხარი, ვინა გთხოვს?
_ ვინა და პავლე, ტასიას ბიჭი!
_ უი, დამიდგეს თვალები! იმ ოჯახგამოფიტულს უნდა მივსცე ჩემი მარო? არა ქნა მაგისთანა საქმე და უიმისოდაც მკვდარს ცოცხლად თავი არ დამამარხვინო.
_ ოჯახი გამოფიტული აქვს, ჩემო მარინე, მაგრამ თითონ კაი ბიჭია ის დალოცვილი. მე ისე შემიყვარდა, რომ უიმისოდ ვერ გამიძლია და აბა მარო, ვინ იცის, გაგიჟებულია. არ ატყობ, ადამიანო? აგერ ორი კვირაა, სულ ცხვირჩამოშვებულია და წამდაუწუმ ტირის?
_ რა ვქნათ, რომ კარგი ბიჭია. კარგი ბიჭობა ხომ არ გააძღობთ და ტანთ არ ჩააცმევთ. მუშაობა სრულებით არ იცის პავლემ და რითი უნდა არჩინოს თავისი ცოლ-შვილი. შენ რომ გიყვარს, იმიტომ უნდა გააუბედურო შენი შვილი და გლახას მისცე?
მაროს ბედმა ისე ააღელვა მარინე, რომ სულ დაავიწყდა თავისი უძლურება და ზეზე წამოჯდა.
_ გლახას, გლახას! შენმა მზემ, ორიოდე იქნება სოფელში მაგისთანა ბიჭი.
_ ეგ არის და! მაუდის ჩოხამ აგიხვიათ თვალი. ეგენიც შემოაცვდება და მერე რითი შეიკერავს? იქნება ტასიას საბებიაოთი ჩაიცვას ჭრაჭაჭრუჭიანი წაღები?
_ ოოოჰ! დედაკაცებს სულ ტანისამოსზე გიჭყეტიათ თვალები. არ ჩაცვამს და, შალის ჩოხაშიაც კარგად ივლის, მე რო შალის ჩოხა მაცვია, მამა უცხონდა რა, არ ვარგივარ თუ? გახსოვს, მარინე, შენზე რომ დავინიშნე, რა ბიჭი ვიყავი? ერთი ჩემოდენა ბიჭი ვერ გაბედავდა ჩემ დაჭიდებას. მთელი მხრის ფალავანი მე ვიყავი.
_ ნეტა იმ დროს, _ ამოიოხრა მარინემ, _ მე კი არ ვიყავი ქალი! მამაჩემმა რომ შენ მოგათხოვა ჩემი თავი, ქვეყანას უკვირდა.
_ არა, რა იყო საკვირველი, შე ოჯახქორო! ბიჭი არ ვვარგოდი თუ!
_ ბიჭი, ბიჭი! რა არის ცარიელი ბიჭობა? ერთი ხარი არა გყავდა, რომ ურემში შეგება და ოჯახში შეგეყვანე. მერე შენს ოჯახს მე დავადე ნიშანწყალი,
_ დიაღ, დიაღ! შენ არ მომიკვდე, უშენოდ მშიერი მოვკვდებოდი. მე ისეთი ბიჭი ვიყავ, რომ ქვაზედაც საზრდოს ვიშოვიდი.
_ შენ მარტო ჯვარობები გიყვარდა და ახალი ტანისამოსი, საზრდოზე თავის დღეშიც არ გიფიქრია. სუ ყოველთვის მუშა მე ვიყავ შენს ოჯახში და შენ კი ბატონი. და აი ამისთვისაც დავუძლურდი ახალგაზრდა დედაკაცი ასე უდროოდ.
_ მაშ რა გნებავდა, ბატონი შენ უნდა ყოფილიყავ? მამა გიცხონდა, შენ დედ-მამას კი მზეთუნახავად უჯექი. პირველად მე რომ გნახე, ისეთი კოკა გეკიდა ზურგზე, მეგონა წელები ჩააწყდება-მეთქი. რომ მოგიყვანე, ფეხებზე კამბეჩის ტყავივით დახეთქილი ქერქი გეკრა. მასუკან ფეხშიშველა არც კი გამიტარებიხარ.
_ ჰო, კოხტაპრუწა კი ხარ! ფეხშიშველა კი არ გიტარებივარ, მაგრამ მჭადით კი მუცელი ბევრჯერ შემომბერვია.
_ რა არის, რა ამბავია, რაზედა ჩხუბობთ, მამა? დედას რაღა ჩხუბი უნდა, წუხელის, შენ რომ შინ არ იყავ, ორჯერ გულს შემოეყარა, _ უთხრა მარომ სოსიკას და მხრიდგან დიდი კოკა ჩამოიღო. მარინე მისუსტებული მიეშვა ლოგინზე. სოსიკა ჩუმად ჩიბუხს ეწევოდა და მარო გაშტერებული იდგა ბოძთან და თითქო რაღაცას მოელოდა.
_ მარო, გოგო, იმაზე ვჩხუბობთ, _ სთქვა სოსიკამ წყნარად და ტკბილის ხმით, _ რომ მინდა გაგათხოვო და მარინე შენს საქმროს იწუნებს.
თუმცა ერთი კვირაა, მარო ამ ამბავს მოელოდა, მაგრამ მაინც გულმა ძგერა დაუწყო და მუხლებმა კანკალი, შიშმა და იმედმა სული შეუხუთა, უნებურად ჩაჯდა და თვალებგაჭყეტილმა დაუწყო მამას ცქერა.
_ შენ რაღას იტყვი, შვილო? პავლე კარგი ბიჭია, მაგრამ ღარიბია. ოჯახში არც ქვაბი აქვს და არც ქოთანი.
_ ქოთნები კი ბლომადა აქვს, _ დაცინვით წაიტუტუნა მარინემ, _ იმის მეტს რას აკეთებს იმისი დედა ტასია.
_ იმ დღეს შიო მღვდელი მოეგზავნა, _ განაგრძო სოსიკამ. _ მე ჯერ პასუხი არ მითქვამს. ისე შემაყვარა თავი იმ ბიჭმა, რომ მეძნელება უარის თქმა.
_ უარი რად უნდა უთხრა, მამა? _ კანკალით სთქვა მარომ.
_ როგორ თუ რადა, შე აშარო, შენა, _ დაიკივლა მარინემ, _ მოგაჯადოა იმ მოახლის შვილმა? იცი, ვინ არის ის თქვენი პავლია, იცი? ნაბუშრად მოჰყვა იმ პატიოსან შენს ოსტატს. ამბობდნენ, ზაალის შვილიაო და კიდეცა ჰგავს, ეხლა წვერ-ულვაში რომ გამოსვლია, სწორედ პირწავარდნილი ის არის.
_ დედა, ექვსი თვეა, ტასია მუქთათა გწამლობს და შენ მადლობის მაგივრად იმაზე რაებს ამბობ!
_ რა ვქნა, რომ მწამლობს, იმიტომ იმის გლახა შვილს უნდა მიგცე? არა, მანამ მე ცოცხალი ვარ, არ შეიძლება. მე კარგა ვიცი, რა არის გლახის ცოლობა. წელი მომწყვიტა მამიშენის სიღარიბემ და შენც ისე უნდა მოგივიდეს?
_ დედა, დედა...… იცი... თუ პავლეს ვერგები და მღვდელი ჯვარს დამწერს, მე იმის მეტს არავის შევირთავ. რა ვქნა, რომ ღარიბია, ერთ ლუკმა პურს როგორ ვერ ვიშოვნით?
_ გოგო, აგრე ენა სად ამოიდგი, იქნება პავლემ გასწავლა?! _ სიცილით უთხრა სოსიკამ მაროს. _ ვნახოთ, შევიტყობ, იქნება ფულები აქვს რამე მოჯამაგირეობისა შენახული, და თუ არა, ზედსიძედ შემოვიყვან. აი დედაშენი მაინც სულ ავად არის და შენც რომ იმან წაგიყვანოს, შიმშილით გავწყდებით მე და შენი ძმები.
_ ჰო, მამავ, შენი ჭირიმე, ნუ დამღუპავ, მე პავლე დიდი ხანია მიყვარს. განა შენ კი არ იცი, რა კარგი ბიჭია? თავის დღეში ცუდი სიტყვა არავისთვის უთქვამს. უშენიჭირიმოთი ‘‘ოსტატისთვის’‘ ხმა არ გაუცია, აბა ჭინჭარაძის ბიჭი რომ მდიდარია, იმიტომ ვერა სცემა თავის ცოლს! საწყალი მათაი წუხელი წყაროზე სულ თვალებს ითხრიდა ტირილით. მჭადი ჰქონდეს და გული მხიარული, ის არ ურჩევნიან?!
_ კარგი, შვილო, მე პავლეს ვნახავ. ღმერთი მოწყალეა, კალ¬მის კაცი შიმშილით არ მოკვდება. მაშინ დამიჯექით ხოლმე ზამთარში და სულ ისტორიები მიამბეთ, _ და სიხარულით მაროს ხელი წამოჰკრა სოსიკამ.
_ შენ კი გენაცვალოს შენი მაროს თვალები, შენა, ჩემო კარგო მამილო! —მოეხვია ყელზე მარო მამას და სიხარულის ცრემლებით დაუსველა ლოყები. სოსიკასაც გული ამოუჯდა და საჩქაროდ გარეთ გავიდა.
_ ვაი, ვაი, მოვკვდი...…_ დაიკრუსუნა მარინემ. _ მე ყურსაც აღარ მიგდებენ. ცოცხლებშიაც აღარა მთვლიან. ვაი ჩემს მოსწრებას! გასათხოვარი გოგო მამას ყელზე ეკიდება, გამათხოვეო. რატო ჭერი თავზე არ დაგვენგრევა, რა დღეს მოვესწარით? წარღვნის ნიშანია სწორედ! მე თვალითაც არ მენახა სოსიკა, ისე დამნიშნა იმისმა მამამ.
სოსიკა პირდაპირ ტასიასთან წავიდა. ტასია და პავლე დერეფანში ისხდნენ. ტასია ჩვეულებისამებრ საქმეს აკეთებდა და პავლე წამოწოლილი ოცნებობდა.
_ ბარაქა ამ ოჯახსა, _ უთხრა სოსიკამ, _ ბიჭო, რა არის, სულ მხართეძოზე ხარ წამოწოლილი, შენ უთუოდ ოქროს მადანი გაქვს, რომ არაფერს აკეთებ! ან იქნებ თვალი ისევ ქალაქისკენ გიჭირავს?
_ მობრძანდი, მძახალო, მობრძანდი. აი აქეთ, მუთაქაზე დაბრ¬ძანდი. პავლე უქეიფოდ მყავს, მთელი ღამეები არა სძინავს; ლამის ჯავრით გავგიჟდე.
_ რო არას აკეთებს, ჩემო ტასია, იმიტომ არა სძინავს, აბა მთელი დღე წაკუზული სთოხნიდეს და წყაროსავით ოფლი სდიოდეს, ისე დაეძინება, მე შენ გეტყვი, რომ ლეკი შემოესიოს, ვერას გაიგებს. იმ დღეს დაღალულს მეძინა, სათონის ბანი ჩა¬მოიქცა იქვე, თითქმის ჩემს გვერდით და ვერა გავიგე რა. მეორე დღეს რომ ვნახე, გამიკვირდა.
_ სოსიკა, რაღა შორს ვუვლით, ძმაო, ერთმანეთს; ბარემ გადაწყვეტილი სთქვი და გაათავე. პავლეც განა თითონ არა სწუხს, რომ უსაქმოდა ზის, მაგრამ განა არ იცი, თუ კაცს გულში ჯავრი აქვს რამე, საქმე აღარ აგონდება. ჯერ იმის ჯავრი ჰკლავდა, რომ ვაითუ მარო არ მერგოსო, მძახლის ქალიაო, და ახლა, როცა მღვდელმა სთქვა, გერგებაო, იმისი ეშინიან, სოსიკა არ მომცემსო.
_ გადაწყვეტილი რა, შე დალოცვილო, ყანწის გადაკვრა ხომ არ არის! ქალის გათხოვება აგრე ადვილი როდია. მე მაშუალები არ მინდა, ჩემო ტასია, ყველას პირში გეტყვით. პავლე მაროზე ნაკლებ არ მიყვარს, კარგი ბიჭია, მაგრამ კარგ ბიჭსა და გოგოს კარგი ოჯახიც მოუხდება, აბა პავლეს რა აქვს, რითი უნდა არჩინოს თავისი ცოლ-შვილი? მე წინდაწინვე მითქვამს, რომ მოსამსახურედ დადგომა აღარ შეიძლება. მე პავლეს უარს არ ვეტყვი. როგორც ეტყობა, გოგოსაც უნდა, მაგრამ პავლემ ჯერ სახლი უნდა ააშენოს, ერთი-ორი უღელი ხარ-კამბეჩი გაიჩინოს. სხვა არა იყოს რა, სოფელი რას იტყვის, მძახალს გოგო მისცა და იმასაც გლახა¬საო.
_ სოსიკა! _ აღტაცებით წამოხტა პავლე ფეხზე და საჩქაროდ უთხრა: _ ოღონდ შენ კი მომეც მარო და მაშ ბიჭი არ ვიქნები, თუ ამ ექვს თვეზე ყველაფერი არ მქონდეს: ახალი სახლიც, საქონელიც და ფულებიც, დღეიდგან ჩემი სიზარმაცე შეიცვლება და, რაკი მაროს იმედი მექნება, ჩემი ღონე ერთი-ათასად გადამექცევა. გაძლევ სიტყვას პატიოსანის კაცისას, რომ ოღონდ მაროზე დამნიშნე და მანამ ჯვარს არ დავიწერ, მანამ მაროს სა¬ხელობაზე ოცდაათ თუმანს არ გავცემ.
—შე დალოცვილო, ოცდათი თუმანი იქნებ ოცდაათ წლამდის ვერ გასცე და მანამ გოგო შენ უნდა გიყურებდეს?
_ ფიქრი არ არის, ექვს თვეზე მზად ვიქნები, ჩემო სოსიავ, ჩემო სიმამრო და ჩემო მამავ, _ და მხურვალედ გადაეხვია პავლე სოსოს.
_ კარგი, კარგი. მე ყოველთვის ვიცოდი შენი კარგი ბიჭობა. მოდი, შვილო, ყველაფერს თავი დავანებოთ, ჩემთან ზედსიძედ შემოდი და ჩემს ოჯახს უგდე ყური, აღარც საქონლის ყიდვა მოგინდება და აღარც სახლის აშენება.
_ მერე მე სადღა უნდა ვიყვე? სოსიავ, მაგას რას ამბობ? დედაკაცი ძლივს ვეღირსე, რომ შვილი შინ დამიბრუნდა და ახლა შენ უნდა წამართვა? არა, დედავ და თვალო, ჩვენ ისე ღატაკები არა ვართ, რომ ზედსიძედ შემოვიდეს. ღმერთი მოწყალეა, ყველაფერს ვიშოვნით. სამადლო არა გვიჭირს რა.
_ დედა, დედა, რას ჯავრობ? ამ კაცს სიკეთე უნდა, რომ ჯვარი უფრო ადრე დავიწეროთ და შენ იწყინე? რასაკვირველია, ზედსიძედ შესვლა არ შეიძლება, ან შენ რას გიზამ და ან რა იქნება ჩემი სოსიკასთან შესვლა; ამის ბიჭები ხვალ-ზეგ ცოლებს მოიყვა¬ნენ და მაშინ მე და ჩემს ცოლს რა გვერქმევა. არა, ექვსი-შვიდი თვე საცა უნდა იყოს. მაროს გულისთვის ექვს წელიწადსაც ექვს დღედ არ შევიმჩნევ. მოვიმართოთ ოჯახი და ჯვარი მაშინ გადვი¬წეროთ.
_ კარგი, თქვენი ნებაა, მაშ კვირას საღამოს ნიშანი მოუტანე და ჯვარის დაწერა შემოდგომამდის იყოს. მშვიდობით, ძველო და ახალო მძახალო!
_ მოითმინე, შენი ჭირიმე, ეგრე პირცარიელი როგორ იქნება შენი წასვლა? უნდა დაგვილოცო ოჯახი და ახალი დამოყვრება.
_ მზადა ვარ, მზადა, ჩემო ტასიავ, მოიტა შენი შავიბოთლა არაყი და სირისკუდიც მოატანე.
დიდხანს ისხდნენ ახალი მოყვრები საუზმეზე და რამდენსაც სტაქანს არაყს გადაჰკრავდნენ, იმდენი უფრო აგრძელებდნენ თავიანთ ბაასს ახალგაზრდების მომავლის ბედზე.

  • * *

კვირამდის სოფელში არავის გაუგია პავლეს და მაროს ამბავი. კვირა საღამოს სოსიკას ბიჭმა დაიარა მთელი სოფელი და კომლზე კაცი დაჰპატიჟა მაროს ნიშნობაში. როდესაც გაიგეს, რომ სოსია თავიანთ მძახალს პავლეს ქალს აძლევსო, ხალხმა ძლიერ გაიკვირვა. ეს პირველი მაგალითი იყო ‘‘ნათესაობის’‘ შერყევისა. ყველას ძლიერ გაუკვირდა ამგვარი უღვთოობა და ჩვეულების დარღვევა, მაგრამ კარგი ვახშმის ჭამამ დასძლია ყველანი და სა¬ღამოზედ ადრიან მოიყარეს თავი სოსიკას ფართო დარბაზში.
შუა დარბაზში, ორ დედა-ბოძს შუა, ხალიჩაზე გამოჭიმულია მარო. ლეჩაქ-ყურგადაგდებული, ოქრომკედის თავსაკრავით, ჭარბად ფერ-უმარულწასმული მარო არა შვენის; მაგრამ სახეზე ისეთი ბედნიერება აწერია, რომ შესაშურიც არის და შესანატრიც. სოსიკა გულუხვი კაცია: ჩინებული მასპინძლობა გაუწია დიდ-ხეველებს და წითელმა ღვინომ დაავიწყა სტუმრებს ნათესაობის დარღვევის ცუდი შთაბეჭდილებაც.
ტასია და პავლეც მოვიდნენ თავის ახლო ნათესავებით, ტასიას ატლასის ქათიბი აცვია და პავლეს წითელი პლისის ახალუხი. ნიშანი პავლემ ქალაქურად მოუტანა:Lორი თავი შაქარი, დიდი ლანგრით ხმელი ხილი და ზედ ალმასის ბეჭედი _ ტასიას ერთადერთი ძვირფასი განძი, რომელიც გამოჰყვა გულმართლიძის ოჯახიდგან. პავლე და მარო ერთად დასხეს. მღვდელმა ნიშანი აკურთხა.
_ ღმერთმა ისე გაგაბედნიეროთ, შვილო, როგორც ისაკ და რებეკა! _ უთხრა შიო მღვდელმა დანიშნულებს და დაუმატა: _ პავლე, ეხლავე იცოდე, რომ ოცდახუთ მანათზე ნაკლებ არ დაგჯერდები ჯვრის საწერს.
_ შე დალოცვილო, ოცდახუთი მანათი რომ შენ მოგცეს, ქორწილი რიღათი გადიხადოს, _ უთხრა ერთმა სტუმართაგანმა, რომელიც შვილის დასახლებას ეპირებოდა.
_ ეგ ჩემი საქმე არ არის. გეყოთ, რომ აქამდის თორმეტ მანათად გწერდით ჯვარს. ახლა ცხოვრება გაძვირდა, ყველაფერს ფასი მოემატა და მე ხომ თქვენი ყმა არა ვარ. აი იორდანე მღვდელი, რაც უნდა ღარიბი ნეფე იყოს, თხუთმეტ მანათს ართმევს. ქვრივებსაც კი აღარ სჯერდება წითელ ქაღალდს.
_ შე დალოცვილო, ქორწილზე, ნიშანზე, დამარხვაზე სულ ფულსა გვთხოვ და იმ ოხერ ორ კოდ პურს წელიწადში რაღაში გაძლევთ? სააღდგომოდ, საშობაოდ ქათამი კიდევ სხვა არი.
_ იმაში გართმევთ, რომ მთელი წელიწადი სულ თქვენთვის და თქვენის განსვენებულებისათვისა ვარ მწირველი.
_ მწირველი, ვინ იცის, კვირას არ აგვაცდენ წირვასა! წელიწადში ორჯერ რომ გვიწირო, ისიც დიდი მოწყალებაა თქვენგან.
_ ბევრს ნუ როტავ, მამა გიცხონდა და! თავისს დღეში ასე ყოფილა და ახლა დიდ-ხეველები ხომ არ გამოსცვლით წესს და კანონს. შენ ისიც გეყოფა, რომ დედიშენის დამარხვაზე რვა მანათის მეტი არ მომეცი.
_ რა დროს ვაჭრობაა, მამაო, შენი ჭირიმე, _ სთქვა მხიარულად სოსიკამ. _ დაბრძანდით, სუფრა აკურთხეთ და ვიქეიფოთ.
კარგა შუაღამემდის გასწია ნიშნობის ვახშამმა. დარბაისელმა კაცებმა მღვდლის თანაშემწეობით აუჩქარებლივ და დარბაისლურად გადაჰყლაპეს სოსიკას მომზადებული ღვინო და ზედ ხუთი-ექვსი არაყიც დაატანეს. ბარბაცით და ბებრულის ღიმილით გამოდიოდნენ კარგა შუაღამის უკან მოწვეული სტუმრები. პავლეს ძლიერ ეძნელებოდა მაროს გვერდიდგან ადგომა, მაგრამ ბოლოს მაინც უნდა დამორჩილებოდა თავისს ხვედრს და პირველად გადაეხვია ხალხში თავისს საყვარელს ძვირფასს საცოლოს. კარებში ერთი კიდევ შესდგა და დიდხანს დაკვირვებით და აღტაცებით უყურა თავის მაროს. მერე ესეც ბარბაცით წავიდა სახლში. ეს ბარბაცი კი ღვინის მიზეზი არ იყო: პავლე დამთვრალი იყო ეშ¬ხით, უძლიერესის დამათრობელი ნექტარით.

  • * *

პავლემ თავის ოცდაათ თუმანს ტასიას თითო შაურობით მოგროვილი ათი თუმანიც დაუმატა; წავიდა ქალაქს საქონლის საყიდ¬ლად. მშვენიერი ხარი და კამეჩი გამორეკა სოფელში. იყიდა ორი ურემი, დაიჭირა ერთი მოჯამაგირე და გაემგზავრა სამუშაოდ. დიდ-ხევას დაახლოებით მაშინ რკინიგზას აკეთებდნენ და პავლემ დაიწ¬ყო ტრავერსების ზიდვა. რკინიგზის გათავების ვადა მოახლოვებული იყო და ამისათვის მოთავეები ძალიან აჩქარებდნენ საქმეს და კარგს ქირას აძლევდნენ მუშებს. პავლემ ათიოდ ურემი სხვისიც იქირავა და იჯარით აიღო რამდენიმე ათი ათასი ტრავერსის ჩამოტანა მთიდგან. დღეში თოთხმეტ საათს დაუსვენებლივ მუშაობდა პავლე. სად იყო იმის სიზარმაცე, ან იმის უძილობა, ნაბადში გახვე¬ული მიეგდებოდა დაქანცული ურმის ხმელ ლართხებზე და რიჟრაჟამდის ისე ეგდო, როგორც უსულო. ირიჟრაჟებდა თუ არა, წამოხტებოდა მამაცად პავლე, დაიბანდა რუზე ხელ-პირს და დააღვიძებდა თავის მუშებს. კვირის-კვირობამდის ცარიელ პურზე და წყალზე იყო. თბილს საჭმელს ვინ დაანახვებდა თვალით! მაგრამ კვირა დღის სრული სიამოვნება უქარწყლებდა ექვსი დღის განუწყვეტელს ჯაფას. გაუთენებლივ გასწევდა დიდ-ხევისკენ და ჩაეკონებოდა თავის საპატარძლოს, ეს კვირა დღეები უძვირფასესი დღეები იყვნენ პავლესთვის და ამ დღეებისთვის ის მზად იყო ოფლი კი არა _ თითო-თითო წვეთად სისხლი ეღვარნა თავის ბედნიერებით გაღონიერებულ გვამიდგან.
მაროს ნიშნობის ერთი თვის უკან მარინე გარდაიცვალა. მაროს გათხოვებამ მოუახლოვა საწყალ დედაკაცს სიკვდილი. ის ჩუმად და უჩივლელად დაემორჩილა თავისი ქმარ-შვილის სურვილს და ჩუმადვე გამოეთხოვა წუთისოფელს.
პავლე კვირაობით რომ მოვიდოდა საცოლესთან, სოსიკა რამდენსამე წამს შემდეგ აიღებდა ჩიბუხს და გავიდოდა გარეთ. კვირაობით, არამც თუ ზაფხულში, ზამთარშიაც კი იშვიათად დარჩება შინ გლეხკაცი, დუქნის წინ კაცები მოიყრიან თავს, ვისმე ბანზე კი ქალები და ყაყანობენ თავიანთ ბედ-იღბალზე. პავლე და მარო სრულიად კმაყოფილნი იყვნენ ამ შემთხვევისა და უმოწმოდ სტკბებოდნენ თავიანთ სიყვარულით.
პავლე ისე არ მოვიდოდა, რომ მაროსთვის არა მოეტანა რა. დაირა, მუზიკა, დიპლიპიტოები, ვერცხლის ქამარი, პალტო და ხელთათმანები აამაყებდა მაროს ამხანაგ გოგოებში.
ამასობაში ზაფხულიც გავიდა დაიწყო შემოდგომა. დღესდღეობით სთვლიდა პავლე თავის განსაცდელის დღეებს. ერთი თვე უნდა ვიშრომო კიდევ, ამბობდა დაწოლის დროს პავლე და მერე, მერე... მარო ჩემი იქნება.
 მაგრამ ბედმა სულ სხვა რიგად დაატრიალა მაროს და პავლეს ჩარხი. ბუნება თითქო არ ყაბულობს, რომ კაცი დიდის ხნით სრული ბედნიერი იყოს. მაროს და პავლეს ბედნიერებას ბოლო მოეღო და შავი ნისლი გადაეფარა.
ერთს ვიღაცა მთის მღვდელს სიმთვრალეში ჯვარი დაეწერნა რძალ-მაზლისათვის. ეს შემთხვევა შეეტყო ეგზარხოსს ვიღაც პატიოსანი მღვდლის ენით და გაეცა სასტიკი ბრძანება მთელ თავის ეპარქიაში: ‘‘დიდად და დიდად გაფრთხილებულნი იყავით ჯვარის დაწერის დროს ნათესაობის გამოკითხვაშიო’‘.
ბლაღოჩინებმა დაიბარეს თავიანთ ხელქვეითი მღვდლები და უფრო სასტიკად და მკვახედ გადასცეს ეს ბრძანება: ‘‘თუ ვინიცობაა ნათესაობა დაგირღვევიათ ვისმე ან შეცდომით, ან ქრთამის აღებით, იცოდეთ, რომ ყოველ წელიწადს დავივლი თქვენს სამრევლოებს და შეცდომისათვის გაიკრიჭებითო’‘.
სხვათა შორის შიო მღვდელსაც გადაეცა ეს ბრძანება. ეს გაკრეჭამ ისე შეაშინა, რომ ყველა გოგო-ბიჭზე იჭვნეულობდა, ნათესავები ხომ არ არიანო. იმის იჭვნეულობამ იქამდის მიაღწია, რომ ნოზაძეს აღარ აძლევდა ნებას ნოზაძის ქალი შეერთო, თუნდა რომ ვაჟისა და ქალის შუა ადამ და ევას ჩამომავლობის მეტი ნათესაობა არა ყოფილიყო რა. რასაკვირველია, პავლესა და მაროს მძახლობაც მოაგონდა და ერთს მშვენიერ დღეს სოსიკას გამოუცხადა:
_ შვილო, შენი გოგო და პავლე ერთმანეთს უნდა მოაშორო, ნათესავები არიან და არ ერგებიანო.
_ რას ამბობ, მღვდელო, სადაური ხუმრობაა! ხვალ არა, ზეგ ქორწილს ვემზადები და ახლა უნდა მოვაშორო? მაშინ სადა გქონდა, შე კურთხეულო, თვალები, როცა შუამავლად მოდიოდი, მაშინ სადა გქონდა ენა, როდესაც ნიშანი უკურთხე? საქმე შენ დაიწყე და ახლა შენი დანაშაული ჩვენ უნდა გადაგვახდევინო?
_ ბევრიც რომ ილაპარაკო, არა გამოვა რა, შვილოსა. მე ჯვარს არ დავწერ და თუ გინდა, ხასად დაუსვი შენი ქალი ქალაქში ნათრევ პავლიას.
_ მღვდელო, მღვდელო, შენს წვერს პატივი დასდე, მაგას ნუ გვიზამ. ნუ დამღუპავ, შენი წირვის ჭირიმე; ყელს ნუ გამოგვჭრი! ჩემი მარო პავლეს ცოლია ღმერთთანაც და კაცთანაც და ნუ დაგვღუპავ, ჯვარი გადასწერე. ოცდახუთ მანათის მაგივრად ხუთ თუმანს მოგართმევთ.
_ რას ამბობ, კაცო, ხომ არ გაგიჟდი, ხუთი კი არა, ორმოციც რომ მომცე, არ შემიძლიან. თქვენი გულისთვის რომ გამკრიჭონ, რამდენი მაგისთანა ხუთი თუმანი დამეკარგება მაშინ?
მთელი სოფელი შეგროვდა, ერთი არეულ-დარეულობა გაიმართა. ტასია მუხლქვეშ ჩაუვარდა შიო მღვდელს, მაგრამ ყველა ტყუილი იყო; შიო თავის სიტყვაზე ჯიუტად იდგა.
მარომ წყაროზე შეიტყო ეს ამბავი. გიჟსავით თმაგაწეწილი, გულისპირჩამოგლეჯილი ამოიჭრა მარო წყაროდგან. იმის პირისახე კაცს შეაშინებდა, ლოყებდაგლეჯილი მარო მღვდლამდის კი მივიდა და იქ მოჭრილ ხესავით დაეცა. დიდხანს იყო გულ¬შემოყრილი. ბოლოს რის ვაი-ვაგლახით გონზე მოიყვანეს. პირველი სიტყვა მაროსი ეს იყო: ‘‘ორსულადა ვარ, შემიბრალეთ!’‘
სოფელმა დიდი თანაგრძნობა განუცხადა სოსიკას უბედურე¬ბისათვის და ყველა თავის საქმეზე წავიდა. გაცხარებული სიმინდის რჩევა იყო და ამ დროს სხვისი უბედურება გლეხკაცის გულში იშვიათად შევა. სოსიკამ მეორე დღესვე მარო თავის ჩალაგებულის მზითვით ურემში ჩასვა და გზას გაუყენა. იმან კარგად იცოდა, რომ პავლე ცოცხალის თავით მაროს არავის დაანებებდა და იმის მოსვლამდის სხვაგან წაიყვანა.
გათენდა კვირა დილა, მხარზე ჩოხაგადაგდებული, სიმღერით მოვიდა პავლე სოფელში. გარეთ გამოფენილი ხალხი სიჩუმით შესცქეროდა იმის მხიარულს პირისახეს და ბედნიერებით სავსე თვალებს.
_ გამარჯვებათ, კაცებო! რატო ეგრე ჩაჩუმებულხართ, ძმაო. ივანიკამ ხომ კიდევ არ დაგარბიათ? ნუ გეშინიათ, ღმერთი მოწყა¬ლეა. ექვს თვეზე გიორგი მოვა და შემდეგ მე ვიქნები თქვენი მოურავი და მეგობარი.
_ მადლობელი ვართ, ჩემო პავლე. ღმერთმა გადაგიხადოს, რასაც შენ ჩვენთვის სცდილობ, მაგრამ...
_ მაგრამ რა, კაცო? მითხარით. დედაჩემი როგორ არის? _ ფერი ეცალა პავლეს და მუხლები მოეკვეთა. _ რა იყო, თქვით რაღა!..
პავლე იდგა გაშეშებული, შემკრთალი უცოდნელობით და ეს ამოდენა ხალხი ხმაამოუღებლივ მისჩერებოდა. ყველა გრძნობდა, რომ საშინელება იყო პავლეს უბედურების გამჟღავნება.
—მითხარით, კაცო, მითხარით, _ დაიღრიალა საშინელის ხმით პავლემ და გიჟივით შინისაკენ გაექანა.
_ შვილო, შენა ხარ? _ ტირილით უთხრა ტასიამ. _ მოდი, დაჯექ, გული გაიმაგრე. ვაჟკაცი ხარ, ლაჩარი ნუ იქნები. ზოგს ჯვარდაწერილი...
_ რაო, დედავ, მარო სად არის, ავად გახდა?.. მოკვდა? მით¬ხარ, მითხარ! _ მივარდა პავლე დედას და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ისე დაანჯღრია.
_ დამშვიდდი, შვილო, კარგად არის, ნუ გეშინიან, ღმერთი მოწყალეა. ხელმწიფემდის ვივლი და შენს გულს კი არ მოვკლავ.
_ რა არის, დედა, ჩქარა, ნუ მომკალით, შემატყობინეთ, _ მაგრამ პასუხს კი აღარ მოუცადა და ახლა სოსიკას სახლისკენ დაეშვა. მთელი სოფელი უკან დაედევნა. მთლად გიჟის სახე ჰქონდა პავლეს. თმა მაღლაამდგარი, ხელებგაფარჩხული და თვალებდაჭყეტილი შეაზარებდა კაცს.
_ მარო სად არის, მარო, მიჩვენეთ, მიჩვენეთ, თქვე უღვთოებო, _ ღრიალებდა საშინელის ხმით. სოსიკას სახლი ცარიელი დახვდა. შუა ბოძს მიეყუდა პავლე და გაოცებული ხალხს შესცქეროდა.
_ მარო მამამ შაშვეთში წაიყვანა მამიდასთან, _ უთხრა სოსიკას უფროსმა შვილმა.
_ რადა? _ ამ სიტყვებში იყო პავლეს მთელი სიცოცხლე და მომავალი,
_ ბიჭო, პავლე, დამშვიდდი, ეგრე როგორ გადაირიე, _ უთხრა გოგიამ, _ გაიგონე რა ამბავია და მერე იტირე. პარასკევს, შვილო, შიო მღვდელი გადმოვიდა, რაღაც ეშმაკები მოსჩვენებოდა და სო¬სიკას გამოუცხადა, შენი გოგო და პავლე ნათესავები არიან, ერთმანეთს მოაშორეო.
_ მერე იმ ურჯულომ დაუჯერა და მარო მომტაცა? _პავლემ ხმამაღლა ტირილი დაიწყო. საშინელია ამგვარი ტირილი. დიდი და პატარა ჩაჩუმდა, თითქო სიჩუმით პატივსა სცემდა პავლეს მწუხარებას. დიდხანს იტირა პავლემ, მერე ზეზე წამოდგა და მწარედ გაიცინა: _ ერთი დრო კაცს არ შერჩენია, მე ისე ადვილად მერგო ჩემი ბედნიერება, რომ არ იქნებოდა, ბედს არ ემუხთლა ჩემთვის, მაგრამ ჩემის ცოცხალის თავით კი მაროს არავის დავანებებ, გამიშვით.
ხალხი ჩამოეცალა კარებიდგან და პავლე შინისაკენ წავიდა.
_ შვილო პავლე, სად მიხვალ, მაგ თოფ-იარაღს რომ იკეთებ? _ ტკბილად ეუბნებოდა დედა. _ დაფიქრდი, შვილო, წინდაუხედავად ნუ მოიქცევი, ძალაობით არა იქნება რა, ჯვარს თუ არ დაგწერენ, ხასად ხომ ვერ დაისვამ. ჯერ ვეცადოთ, არქიელთან წავიდეთ, იქნება შენი ყმაწვილ-ბიჭობა შეიბრალონ და ნება მოგცენ.
_ მართალს ამბობ, დედა, აჩქარება არ შეიძლება. მე მგონი, არქიელი უარს არ მეტყვის. თავადიშვილებში მესამე ნათესავებს ირთავენ და მარო ხომ ჩემი ნათესავი სრულებითაც არ არის. მე ისევ რკინიგზის უფროსთან წავალ, ფულს მივიღებ და მერე წავიდეთ ქალაქს. მიშველე, დედა, შემეწიე. მაროს ნუ დამაკარგვინებ, თუ შენი პავლეს დაკარგვაც არ გინდა.
_ უწინამც დღე დალევია დედაშენსა, შვილო. სისხლის ცრემლით შევტირებ, შვილო. ამბობენ, ის არქიელი ანგელოზიაო. შეიბრალებს უბედურს დედას. უარს როგორ მეტყვის!
წელმოწყვეტილი და ფერმიხდილი მივიდა პავლე რკინიგზის ზედამხედველთან, ჩაიბარა ორი თვის ნამუშევარი ოცდახუთი თუ¬მანი ფული და დედით წამოვიდა ქალაქში.
ბევრისაგან ბევრს ეცადნენ უბედურნი, მაგრამ სულ ტყუილად. მოხუცებულ ‘‘მუჟიკ’‘ ტასიას სასამართლოებში არც კი უშვებდნენ. პავლემ რუსული არ იცოდა და ფული იმდენი არა ჰქონდა, რომ უენოდ გაეგებინებინა ჩინოვნიკებისთვის თავისი ამბავი და ეგზარხოსამდის არავინ მიუშვა. კნეინა ქეთევანმა არა თუ შემწეობა მისცა რამე, სახლშიაც აღარ შეუშვა პავლე თავის დედით. ივანიკამ დიდი ხანია შეატყობინა კნეინას, რომ პავლე გლეხკაცებს აქეზებს და გიორგისთან დედის განკარგულებას აბეზღებსო.
ბევრს ეცადნენ, ბევრი იტირეს სინოდის კანტორის სტორო¬ჟთან, მაგრამ შინამდის კი ვერ შეაღწიეს. ერთხელ ტასიას უთხრეს დედაკაცებმა, სიონში წადი, არქიელი კვირა დღეს იქ მწირავიაო და როცა წირვა გამოვიდეს, ფეხქვეშ ჩაუვარდი არქიელს და შეევედრეო. საცოდავმა ტასიამ ესეც გამოსცადა, მაგრამ თითქო ბედი დასცინოდა ამ უბედურს. არქიელს რომ ფეხქვეშ ჩაუვარდა და ღრიალი დაიწყო, აქეთ-იქითგან დიაკვნები წასწვდნენ და გარეთ გამოათრიეს. არ უნდოდათ, რომ თავიანთი ბატონი შეეწუხებინათ ღარიბი დედაკაცის ცრემლებით.
როდესაც არქიელმა თავის სინდისის დასამშვიდებლად კარეტაში ჩაბრძანების დროს იკითხა, ვინ იყო ის უბედურიო, დედამიწა¬მდის თავი დაუკრეს ერთგულმა ქვეშევრდომებმა და ღიმილით მოახსენეს: ღფრფზ-ნჯ ცევფციტლიფზ უჰეპბყრფ^ Dფიტ გჰტჯცდზიტყცნდჯ!
წამოვიდნენ პავლე და ტასია შინისკენ. პავლეს კიდევ იმედი ჰქონდა როგორმე შეესყიდნა ბლაღოჩინი და შიო მღვდელი; გული ვერას გზით ვერ დაეჯერებინა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მაროს დაშორება.
_ მარო ჩემი ცოლია, დედა, გესმის თუ არა? _ დღეში ათჯერ ეუბნებოდა ტასიას. _ რა ვქნა, რომ ჯვარს არ დაგვწერენ, _ დაუმატა ატაცებულივით. _ ჯვარდაუწერავს განა ღმერთი არ გვაკურთხებს, როდესაც მე და იმას ერთმანეთი გვიყვარს და იცი, დედა, შვილიცა გვყავს. არა, ქვეყანა ისე უგულო არ იქნება, რომ ჩვენი გული ამოგვგლიჯოს და ფეხით გაჰქელოს. რა ვიცი, თუ მე და მაროს გაყრაც შეიძლება, მაშინ ქვეყანაზე წმინდა აღარა ყოფილა რა და მე მაშინ აღარ ვიწამებ ღვთის განგებას...

  • * *

მარომ, როგორც ბუნებით მხიარული ხასიათის მქონემ, უფრო ადვილად აიტანა თავისი მწუხარება. ის თუმცა დილით საღამომდის სტიროდა და ძლიერ სურდა პავლესთან შეუღლება, მაგრამ იმის გულს კი არა დასტყობია რა; ჯანზედ კარგად იყო და მოთმინებით მოელოდა თავის მომავალს. თანდათან მუცელი აჩნდებოდა და ამისათვის სოსიკა და იმის და დაეშურნენ მაროს ‘‘სვინდისიანად’‘ მოშორებას. ერთი ვიღაც ქვრივი, ორი შვილის პატრონი შუახნის კაცი აიჩინეს და ჯვარის გადაწერა ორ კვირაზე გადასწყვიტეს. მაროს ქორწილის წინა დღემდის არა შეუტყვია რა; როდესაც შეიტყო, კინაღამ გადაირია.
_ არა, არა, _ ყვიროდა გაცოფებული, _ მე ცოცხალის თავით სხვაზე ჯვარს არ დავიწერ, ჩემი ქმარი პავლეა და მეორე ქმარი მე რად მინდა!
_ გოგო, სუ, _ ეუბნებოდა სოსიკა, _ თავს პატივი დასდე, ქვეყანაში არ შემარცხვინო, თორემ, ხომ იცი! ჩემს შერცხვენას შენს სიკვდილს ვარჩევ. ხელებს შეგიკრავ და ისე მიგცემ, ვისაც მინდა.
_ შვილო, ¬ დაუმატა მამიდამ, _ რით ვერ გაიგე, რომ პავლე რჯულმა არ გარგუნა, ხასად ხომ არ დაუჯდები, შვილო, ბავშვი ხომ არა ხარ, დაფიქრდი შენს მდგომარეობაზე, ორი-სამი თვის უკან გარეთ აღარ გამოგესვლება და აბა რასა იქ? ისევ ქმრის ხელში იყო, ის გირჩევნიან. ქმარი ქალის ჯიღაა და მაშინ ვერავინ რას იტყვის.
_ მამილო, მამილო, რას მეუბნები! პავლეს მაგივრად ვინ უნდა შევირთო? ოჰ, ჩემო მშვენიერო პავლე! ჩემო პირველო და უკანასკნელო ბედნიერებავ. სხვა ქმარს კი წავყვები, რომ მოხუცებული მამა არ შევარცხვინო, მაგრამ უშენოდ თავს არ ვიცოცხლებ.

  • * *

პავლემ საქონელი გაჰყიდა, მოჭდეული დარბაზი ისევ პატრონს შეუბრუნა; ამ ფულებით უნდოდა მღვდელი შეესყიდნა, მაგრამ ვერას გახდა. იმის საუბედუროდ, ‘‘ბრძანება’‘ ახალი გამოცემული იყო და ჯერ მღვდლების გული ვერ დაშოშმინებულიყო. გაკრეჭა ყველას თვალწინ ედგა და ამისათვის შიო მღვდელი შეუსყიდავი კაცი გახდა. ამ უკანასკნელმა იმედმაც რომ უმტყუნა, პავლემ თავის მოკვლა დააპირა. მაგრამ ტასია დღე და ღამ მოუცილებლივ ყარაულად ედგა. მუდამ ფიქრმა და მაროს ნახვის სურვილმა ისე მოუშალა პავლეს ძარღვები, რომ დღეში სამჯერ აციებდა. მთელი ღამე ბოდავდა და ბევრჯერ ორი-სამი დღე უგრძნობლად იყო. ტასიამ რაც ექიმობა იცოდა, სულ ზედ შეალია და ვერაფერს კი გახდა. პავლეს ავადმყოფობის წამალი დავიწყება იყო, მაგრამ ვერ იხმარა ეს წამალი. ის ძლიერ დიდხანს და ძლიერ მხურვალედ გრძნობდა მაროს სიყვარულს, რომ ისე საჩქაროდ გულიდგან ამოეღო. ან ეს რა საჭირო იყო? უმაროოდ პავლეს სიცოცხლეს რაღა ფასი ჰქონდა?! ის დაუნანებლივ აძლევდა თავს ფიქრებს და ღიმილით მოელოდა სიკვდილს. მისი სურვილი მხოლოდ ის იყო, რომ სიკვდილის დროს კიდევ გადახვეოდა თავის მაროს და იმის ძვირფას მკერზე დაელია სული. დიდხანს იყო პავლე სიკვდილსა და სიცოცხლის შუა, მაგრამ სიყმაწვილემ დასძლია და მოიხედა. ნელ-ნელა მობრუნდა პავლე წუთისოფლისკენ და ამხანაგებს ლაპარაკი დაუწყო. მთელი საღამოები ყმაწვილი ბიჭები უსხდნენ გარშემო და ემუსაიფებოდნენ. ის გაჩუმებული, ფერმიხდილი თითქო ყურს უგდებდა მათ ლაპარაკს და თითქოც კი არა. პავლე გვამით გამობრუნდა, მაგრამ იმის სული სამუდამოდ დაიხშო, მთელი დღეები ამხანაგების ლაპარაკზე, ოხუნჯობაზე ხმას არ ამოიღებდა და იმის პირზე ერთი ღიმილი აღარავის უნახავს. ყოველთვის ჩაფიქრებული იყო და სიცოცხლე თითქო ფუჭად ეჩვენებოდა. ამ ყოფაში იყო პავლე, როდესაც ერთ კვირა დილით შემოვიდა სინო, მეზობლის ახალგაზრდა ბიჭი და უთხრა პავლეს:
_ ბიჭო, კარგად გახდი, კვირას მაროს ქორწილია, მაყრად არ წაჰყვები?
რა იცოდა იმ უბედურმა ბუნების შვილმა, თუ როგორ იმოქმედებდა ეს სიტყვები პავლეს დაჭიმულ ძარღვებზე. პავლე წამოვარდა ფეხზე, მივარდა სინოს და დახრჩობა დაუპირა. სწორედაც დაახრჩობდა, ტასია რომ არ შემოშველებოდა. პავლემ რო დედა დინახა, ხელიდგან გაუშვა სინო და გარეთ გავარდა. მთელი სოფელი გამოუდგა და რის ვაი-ვაგლახით დაიჭირეს. პავლეს შეცდომის ნიშნები გამოაჩნდა. წამდაუწუმ წამოხტებოდა და გაქცევას აპირებდა. ღამე ორი ყარაული უწვა უბედურ ტასიას. პავლეს ძილი დაეკარგა და ხუთშაბათ ღამეს, როდესაც იმის ყარაულებს დაეძინათ, ადგა, ჩაიცვა ტანისამოსი, შემოიკრა ხანჯალი და ფეხის ფრჩხილებზე, ნელ-ნელა გამოვიდა გარეთ.
მეორე დილას დიდი აყალმაყალი გაიმართა დიდ-ხევაში. სოფელი დიდის ყურადღებით მოექცა უბედურს ტასიას: ყმაწვილი ბიჭები აქეთ-იქით გაექანენ პავლეს საძებნელად. ორი დღე და ღამე ეძებეს, მაგრამ პავლეს კვალიც ვერსად ვერ იპოვნეს.

  • * *

შაბათ საღამოზე შაშვეთის გასათხოვარი გოგოები შეგროვდნენ და, რადგან წყარო სოფელზე მოშორებით იყო, ჩვეულებისამებრ ერთად წყალზე წავიდნენ. გულჩათუთქული მაროც იმათ გაჰყვა. გოგოებმა აავსეს კოკები და წყლის ნაპირას დასხდნენ. ლაპარაკი, რასაკვირველია, ხვალინდელ ქორწილზე იყო.
_ მარო, გინახავს შენი საქმრო?
_ ჩემთვის სულ ერთია, _ ამოოხვრით უპასუხა მარომ, _ თუნდა ვნახო, თუნდა არა. ჩემი თვალები თავის დღეში ვეღარავის ვერ მოიწონებენ.
_ გოგო, როგორ მოგივიდა, შე საწყალო, მაგისთანა საქმე? ხვალ ჯვარს იწერ და ახლა მაინც გვიამბე შენი თავგადასავალი.
_ ჩემი თავგადასავალი ქვასაც აატირებს, _ სთქვა მარომ, და მოთქმით, ხმამაღლა ტირილით უამბო თავისი ჭირი და უბედურება. ნორჩის გულის პატრონმა გოგოებმა ტირილითვე გამოუცხადეს თავიანთი თანაგრძნობა მაროს. მერე დიდხანს ისხდნენ ჩაფიქრებულნი და ბინდმა ისე მოატანა, რომ ვერც კი გაიგეს.
_ ახლა კი წავიდეთ, გოგოებო, _ სთქვა ერთმა.
ყველამ კოკები მხარზე შეიწყვეს და შეუდგნენ პატარა გორას, რომელზედაც სოფელი იდგა. შუა გზაზედ რომ მივიდნენ, უკანიდგან საჩქაროდ ვიღაც მოეწიათ და ელვის სიჩქარით მაროს ბეჭებში ხანჯალი ჩაარჭო. გოგოებმა შიშისაგან კოკები დაჰყარეს და წივილ-კივილით სოფელში აცვივდნენ.
მაროს კრინტი არ ამოუღია, მარტო ხელები გააქნია და უსულოდ დაეცა პირქვე.
პავლემ ხანჯალი ამოიღო და სისხლმა რომ თავ-პირზე შეასხა, პატარა ხანს გონზე მოვიდა, გადმოაბრუნა მარო და მხურვალედ ჩაეკონა.
_ ახლა ჩემი ხარ, ჩემი, შენს თავს ვეღარავინ წამართმევს, _ აღტაცებით ჩასტუტუნებდა უსულო მაროს. _ თუ აქ არა, იქ ხომ შევეყრებით ერთმანეთს. ახლა ჩემი რიგია! _ დაავლო ხელი ხანჯალს, მაგრამ ამ დროს გარს შემოერტყა მთელი სოფელი და პავლე დაატყვევეს.
პავლეს დედა ტასიას შვილის ელდამ დამბლა დასცა; წაერთვა ჯანი და გონება და მადლიც მოუვიდა: გონებადაბნეული ტასია აღარ გრძნობდა მაინც შვილის უბედურებას.
ერთი კვირის უკან გამომძიებელი მოვიდა. პავლეს გამოჰკით¬ხეს მოკვლის მიზეზი, მაგრამ ის რაღაცას ბოდავდა. ამ ერთი კვირის განმავლობაში ერთ წამსაც არ მოსულა პავლე გონებაზე, ის სულ სისხლზე და უსამართლობაზე ლაპარაკობდა. ადგილობრივი გამოძიების შემდეგ პავლე ქალაქის ციხეში გაისტუმრეს მართლმსაჯულების ასასრულებლად.

  • * *

ორი წლის შემდეგ ქალაქის სატუსაღოს ლაზარეთში გარდაიცვალა ჭლექით ოცდარვა წლის ყმაწვილი კაცი. უპატრონოდ, ხის კუბოთი ჩაუშვეს ის უბედური საფლავში. არც ერთი ცრემლი არ ჩამოვარდნილა; არც ერთი მეგობრული სიტყვა არა თქმულა ამ უდროოდ გაფუჭებულის ყმაწვილი კაცის საფლავზე.
ლაზარეთში, ავადმყოფების სიაში, ეს კაცი ასე ჩაეწერათ: ‘‘კაცისმკვლელი, პავლე ცოდვისშვილი’‘.