რუსთავის ვერხვი

რუსთავის ვერხვი
ავტორი: გიორგი ლეონიძე


           ხე დიდრონი, თვალუწვდომი,
           მაღლა კლდემდის ანაყრდენი.
                      რუსთველი


რუსთავში, მტკვრისპირ, დგას ერთი ვერხვი,
ძირძველი, წვერით კლდეს მიბჯენილი,
როგორც მოხუცი, ტანჭრელი ვეფხვი
ბრძოლებში სიკვდილს გადარჩენილი.

ისევ აყვავდა რუსთავის მიწა,
ისევ მაისმა გაასურნელა,
მზემ და მიწის რძემ ვერხვს ღონე მისცა,
წვიმის პოხი ჰყავს ერთგულ მზრუნველად.

ალმასა დილით გაზაფხულისა,
როცა ემცვრევა ცვარი ციური,
ვერხვს შეატოკებს ფიქრი გულისა,
თითქოს გადაჰკრავს ფრთა არწიული.

მოაგონდება ვინმე ჭაბუკი,
პირანთებული, ენამზიანი,
გული მას ჰქონდა, თითქოს ქარბუქი,
მღელვარე ზღვასთან შენაზიარი.

უყვარდა ჩანგი, ირმების დევნა,
გაგიჟებული ცხენის ჭენება,
მიჯნურისათვის ღამეთა თევა,
თამარის ჩრდილის გამოჩვენება.

ვერხვს ახსოვს მისი წყნარი ღიმილი
და მისი შუბლის შეკეცილობა...
და როს დაჰღლიდა ხალხის ჟღივილი,
სეფედარბაზში სიტყვის ცილობა,

ვერხვს მიჰმართავდა გულის სიალით,
ამას თვით მტკვარიც დაემოწმება,
უყვარდა ვერხვის ფოთლის შრიალი,
ვერხვის მოხვევნა, ვერხვთა ოცნება.

ბევრჯერ გაუვსო კვირტები რძემა,
ბევრჯერ ფურცელი გამოიცვალა,
ბევრჯერ შეჰყინა ქარიშხლის ცემამ
ვერხვის ფესვებში სიცოცხლის ძალა.

მაგრამ სად გაჰქრა პირმზე ჭაბუკი,
ვერხვს მისი ნახვა ვეღარ ეღირსა...
და როცა ჰვერცხლავს მთვარის ნაბუქი,
თრთის მოლოდინში ტოტი ვერხვისა.

ელის, კვლავ მოჰხვევს იგი ხელებსა,
ტკბილმეგობრულად, როგორც ყოფილა,
მან კი ჩაჰკიდა ხელი ხმელეთსა,
იგი მსოფლიოს დაეძმობილა...

რესურსები ინტერნეტში

edit