საათნავა

საათნავა
ავტორი: გიორგი ლეონიძე


ეს საწყალი საათნავა
სიყვარულმა გაათავა!
უძილოდ ღამეს ათევდა,
”ვით ვარსკვლავი მთვარისათვინ, ―
ზარუ ―
ზარბაბ ―
ზარისათვინ”.
მისხალივით გული სტკივა,
მისი სიტყვა ცაში მივა:
”არ გეწყინოს, ჩემო კარგო,
სიტყვაშიაც იგავი მაქვს,
რომელ ერთხელ გენაცვალო,
განა რამდენი თავი მაქვს?”


ხეივანში ჩადგა მთვარე,
აივანზე ოხრავს ქალი,
ტირის თარი დამარხული,
მიზრაფს სცვივა ნაპერწკალი.
― რად აღსდეგი, რად მეძახდი,
რა ოცნებას მიპირებდი?
თარი ტირის... რად უნდოდა,
ჩვენ ისედაც ვიტირებდით...


შენ იტირებ, არ მოკვდები,
შენ იმღერებ დღე ათასი.
ქუჩებშია ჩირაღდანი,
აბრეშუმის ფიანდაზი.

შენი თარი ― შევარდენი
არის ოქროს ავჟანდითა.
ცხრა კუბოში რომ იძინო,
გასძლებ ლექსის მჟავბადითა!

გასძლებ, ვიდრე შემოგცინის,
ხმა ვისთვის არ დაგეღალა,
პირლამაზი მეზობელი,
შავგვრემანი, ყელმაღალა...

სიმღერებიც არ იქნება,
თუ არ ცრემლის შარბათითა;
ცხრა კუბოში რომ იძინო,
გასძლებ ლექსის მჟავბადითა.

შე საწყალო ფეიქარო,
ხმადამთვრალო საათნავა,
ჭიანურო, ცეცხლის მყრელო,
რა ნაღველმა გაგათავა?


დღეს თბილისის მოედანზე
მე ვარ ლექსის ქანდირბაზი;
სამქებაროდ ჩახჩახებენ ―
ჩირაღდანი, ფიანდაზი.

რესურსები ინტერნეტში

edit