სარწყული

სარწყული
ავტორი: ლადო ასათიანი
1941 წელი


თავაწეული, ზვიადი, განა ჩია და საწყლური?
თვალნათლივ მახსოვს შენს სახლში ერთი ცისფერი სარწყული.
გარშემო ლაჟვარდისფერი სინათლის მიმომფინველი,
იჯდა პატარა სუფრაზე ისე, ვით ლურჯი ფრინველი.
ისე, ვით ლურჯი ფრინველი, ვეება თეთრი ნისკარტით…
ჩვენ სადილს შევექცეოდით, უკვდავების წყალს ვისხამდით,
გვესმოდა შხეფთა შხუილი, ზღაპრულ წყაროთა დგაფუნი
და გვახარებდა სილურჯით სარწყული მამაპაპური.
სარწყული მამაპაპური, ამპარტავანი, ყურჭრელი, –
აბა, როგორ არ მიყვარდეს სიცოცხლით სავსე ჭურჭელი!
მან გამინათა ბილიკი ლაჟვარდებისკენ სავალი…
აბა, როგორ არ მიყვარდეს ჩემი თავგადასავალი?!
მისმა უზომო სილურჯემ გამიღო ზეცის კარები
და ქვეყანაზე სიცოცხლე მომიზღო ლექსის პწკარებით.
და ახლა, როცა უმწეო ვდგავარ უფსკრულის ნაპირთან.
როცა ცხოვრებამ გამთელა და სიმჭლის სენმა დამფლითა,
როცა ცხელების ალმურში გაგიჟებამდე მაბოდებს,
რასაც ტივებზე მღეროდნენ, რასაც წისქვილში ამბობდნენ, –
კვლავ შენ გნატრულობ, რომ მკერდზე სიცოცხლის წყარო მასხურო,
ბავშვობასავით ცისფერო, მამაპაპურო სარწყულო!