საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ

საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ (2015)
322507საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ2015

საქართველოს ორგანული კანონი
სახელმწიფო ენის შესახებ

საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.

ქართული ენა საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა და მისი სახელმწიფოებრიობის აუცილებელი პირობაა. იგი საქართველოს ყველა მოქალაქის საერთო-სახელმწიფოებრივი კუთვნილებაა. საქართველოს სახელმწიფო თავის ყველა ფუნქციას ამ ენაზე ასრულებს, იცავს მას და განსაზღვრავს მისი, როგორც სახელმწიფო ენის, ფუნქციონირებისა და განვითარების პოლიტიკას. საქართველოს სახელმწიფო, ამავე დროს, იცავს და განამტკიცებს ქვეყანაში ენათა და კულტურათა თანაარსებობისა და ჰარმონიული განვითარების საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტრადიციას. მას დაუშვებლად მიაჩნია ნებისმიერი ენის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა, საქართველოს მოქალაქის ენობრივი უფლებების შელახვა და აღკვეთს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის კონსტიტუციური პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებას.

თავი I. ზოგადი დებულებები

edit

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი განამტკიცებს სახელმწიფო ენის კონსტიტუციურ სტატუსს, ადგენს მისი გამოყენებისა და დაცვის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს სახელმწიფო და არასახელმწიფო ენების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე, მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხოელზე.

3. ეს კანონი არ ვრცელდება პირად ურთიერთობებზე.

მუხლი 2. სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა

1. სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისაგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებისაგან, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

2. სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.

მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმწიფო ენა – ენა (ენები), რომელსაც (რომლებსაც) ეს სტატუსი საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და რომელიც (რომლებიც), ისტორიული ტრადიციის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების და საქართველოს მოქალაქეების, სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების ურთიერთობის ძირითადი საშუალებაა;

ბ) არასახელმწიფო ენა – სახელმწიფო ენის გარდა, ნებისმიერი ენა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მცხოვრები სხვა პირები პირად ცხოვრებაში თუ საჯაროდ სარგებლობენ;

გ) ეროვნული უმცირესობის ენა – არასახელმწიფო ენა, რომელსაც, ტრადიციულად, იყენებენ საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები;

დ) სალიტერატურო ენა – სახელმწიფო ენის მწიგნობრული, ნორმირებული სახე, რომელიც ემსახურება ოფიციალურ-საქმიანი ურთიერთობების, განათლების, მეცნიერების, კულტურის, მასობრივი კომუნიკაციის ყველა სფეროს;

ე) სახელმწიფო ენის დეპარტამენტი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. იგი არის სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვისა და პოპულარიზაციის, ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და სპეციალურ ტერმინთა დადგენისა და დამკვიდრების უზრუნველმყოფი და სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო;

ვ) სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა – სახელმწიფო ენის განვითარების, ტექნოლოგიური უზრუნველყოფის, ნორმალიზაციისა და სტანდარტიზაციის ძირითად მიმართულებათა განმსაზღვრელი ერთიანი დოკუმენტი, რომელსაც შეიმუშავებს სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისია და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;

ზ) ტრანსლიტერაცია – ერთი ენის ფონემის (ბგერის) მეორე ენის დამწერლობის ნიშნით გადმოცემა.

მუხლი 4. სახელმწიფო ენის სტატუსი

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური.

2. სახელმწიფო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას.

3. სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ქართველურ ენათა და კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობაზე.

საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის ორგანული კანონი №966 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

მუხლი 5. სახელმწიფო ენის დაცვის გარანტიები

1. სახელმწიფო ენის დაცვის, ფუნქციონირებისა და განვითარების უმთავრესი გარანტი სახელმწიფოა.

2. სახელმწიფო ენის დაცვის გარანტიები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

3. სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტები სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და მისი სიწმინდის დაცვისთვის აუცილებელი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას.

4. სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის განხორციელებას.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 6. სახელმწიფო და არასახელმწიფო ენების გამოყენების გარანტიები

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის შესწავლისა და გამოყენებისათვის სათანადო პირობების შექმნას.

2. საქართველოს მოქალაქე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციით სახელმწიფო ენაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჯარო ინფორმაცია არასახელმწიფო ენაზეა დაცული.

3.საჯარო მოსამსახურე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფილია სამსახურებრივი ინფორმაციით სახელმწიფო ენაზე.

4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია იცოდეს სახელმწიფო ენა.

5. სახელმწიფო უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის მიერ სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობის შექმნას.

6. არასახელმწიფო ენის გამოყენება თავისუფალია, თუ ამით არ იზღუდება სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსი.

მუხლი 7. განათლების ენა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სახელმწიფო ენაზე მიღებას. განათლების არასახელმწიფო და ეროვნული უმცირესობის ენებზე მიღების საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

2. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ არააფხაზურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში – აგრეთვე აფხაზური ენის), როგორც საგნის, სწავლება სავალდებულოა.

3. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი არასახელმწიფოენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის პირებს შესთავაზოს ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული არააფხაზურენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი.

საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5374 - ვებგვერდი, 24.06.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №501 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

მუხლი 8. სახელმწიფო საგარეო ენობრივი პოლიტიკის პრინციპები

საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით, სახელმწიფო ხელს უწყობს:

ა) საქართველოს ფარგლების გარეთ სახელმწიფო ენის სწავლებასა და პოპულარიზაციას;

ბ) ქართველოლოგიური და აფხაზოლოგიური კვლევების გაღრმავებას;

გ) სათანადო სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის გავრცელებას, სამეცნიერო ფორუმებისა და საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებას.

თავი II. სახელმწიფო ენის გამოყენების სამართლებრივი პრინციპები

edit

მუხლი 9. საქართველოს მოქალაქის უფლება-მოვალეობანი ენის გამოყენების სფეროში

1. საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებაა, სახელმწიფოს მოსთხოვოს სახელმწიფო ენის დაცვისათვის, შესწავლისა და განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გარანტიების უზრუნველყოფა.

2. საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობა ჰქონდეს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

3. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობას.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 10. საქართველოს მოქალაქის უფლება, ოფიციალური დოკუმენტი და ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე მიიღოს

საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებაა, მოითხოვოს და კანონით დადგენილი წესით მიიღოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი სახელმწიფო ენაზე, გარდა იმ დოკუმენტის ასლისა, რომელიც დედნის ენაზე გაიცემა.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

თავი III. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის, ოფიციალური საქმისწარმოებისა და სამართალწარმოების ენა

edit

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 11. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების ოფიციალური საქმისწარმოების ენა

1. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები ოფიციალურ საქმისწარმოებას ახორციელებენ სახელმწიფო ენაზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის ურთიერთობა და მიმოწერა სახელმწიფო ენაზე ხორციელდება.

3. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებებს, საჩივრებსა და წინადადებებს იღებენ, განიხილავენ და პასუხს სცემენ სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

4. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები უფლებამოსილი არიან, დაადგინონ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი, რომელიც გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოში ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის, მასზე გაცემული პასუხის თარგმნას. ამასთანავე, ოფიციალური ძალა მხოლოდ შესაბამისი ტექსტის დედანს აქვს.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 12. სამართალშემოქმედებისა და საკანონმდებლო საქმიანობის ენა

1. ნორმატიული აქტი უნდა მომზადდეს და გამოქვეყნდეს ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ნორმატიული აქტი შეიძლება არასახელმწიფო ენაზედაც გამოქვეყნდეს, მაგრამ ასეთ ტექსტს ოფიციალური ძალა არა აქვს.

2. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, მუნიციპალიტეტის ორგანო, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული ნორმატიული აქტის ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარგმნას. ამასთანავე, ოფიციალური ძალა მხოლოდ შესაბამისი ტექსტის დედანს აქვს.

3. საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით კანონპროექტი და საკანონმდებლო წინადადება ქართულ ენაზე წარედგინება.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 13. სამართალწარმოების ენა

საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი.

მუხლი 14. ენის საქართველოს სამხედრო და სხვა გასამხედროებულ ძალებში გამოყენება

1. საქართველოს სამხედრო და სხვა გასამხედროებული ძალები ოფიციალურ საქმიანობას ახორციელებენ ქართულ ენაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა წესია დადგენილი.

2. საქართველოს სამხედრო და სხვა გასამხედროებულ ძალებში სამსახურისა და სამხედრო ბრძანებების ენა არის ქართული.

მუხლი 15. ბეჭდის, შტამპის, შტემპელის, ბლანკის ტექსტის ენა

სახელმწიფო ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანო ბეჭდის, შტამპის, შტემპელის, ბლანკის ტექსტს სახელმწიფო ენაზე ადგენს. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ტექსტი შეიძლება ერთ-ერთ არასახელმწიფო ენაზედაც მიეთითოს.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

თავი IV. საგარეო ურთიერთობების ენა

edit

მუხლი 16. საგარეო ურთიერთობების ენა

საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი ვალდებულია საგარეო ურთიერთობებში სახელმწიფო ენის სფეროში საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებული უფლებები გამოიყენოს.

თავი V. არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტის, კონკურსის, ატესტაციისა და ოფიციალური ღონისძიების ენა

edit

მუხლი 17. არჩევნების ენა

არჩევნების პროცესში კანდიდატები რეგისტრირდებიან, სათანადო დოკუმენტაცია დგება და საარჩევნო პროცედურები ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი შემთხვევებისა.

მუხლი 18. რეფერენდუმისა და პლებისციტის ენა

1. რეფერენდუმი და პლებისციტი მზადდება და ტარდება სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი შემთხვევებისა.

2. რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩასატარებელი ბიულეტენები და რეფერენდუმისა და პლებისციტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი შემთხვევებისა.

მუხლი 19. კონკურსისა და ატესტაციის ენა

სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ კონკურსსა და ატესტაციას ატარებენ და მათთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ადგენენ სახელმწიფო ენაზე.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 20. ოფიციალური ღონისძიების ენა

1. სახელმწიფო ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს ოფიციალური ღონისძიება ტარდება სახელმწიფო ენაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ ოფიციალურ ღონისძიებაზე გამომსვლელი არასახელმწიფო ენას იყენებს, მისი გამოსვლა სახელმწიფო ენაზე ითარგმნება.

2. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, ადგილობრივი მნიშვნელობის ოფიციალური ღონისძიება (გარდა მუნიციპალიტეტის ორგანოს სხდომისა) შეიძლება ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე ჩატარდეს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებელ საერთაშორისო ოფიციალურ ღონისძიებაზე.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

თავი VI. საკუთარი სახელის და სხვა სახელწოდების ენა

edit

მუხლი 21. გეოგრაფიული ობიექტის სახელდება

გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 22. სახელის, მამის სახელისა და გვარის დაწერილობა

1. საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის სახელის, მამის სახელისა და გვარის ოფიციალური რეგისტრაცია ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სახელი, მამის სახელი და გვარი სახელმწიფო ენიდან სხვა ენაზე და სხვა ენიდან სახელმწიფო ენაზე შესაბამისი სალიტერატურო ენის ნორმებით დადგენილი ტრანსლიტერაციის წესების დაცვით გადმოიცემა.

მუხლი 23. „სახელმწიფო ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს სახელწოდების ენა

1. სახელმწიფო ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს ოფიციალური სახელწოდება იქმნება და გამოიყენება სახელმწიფო ენაზე. ეს სახელწოდება სახელმწიფო ენასთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთ-ერთ არასახელმწიფო ენაზედაც, ხოლო იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, – აგრეთვე ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე.

2. დაწესებულების, ორგანიზაციის სახელწოდება სახელმწიფო რეესტრში სახელმწიფო ენაზე შეიტანება.

3. კერძო სამართლის იურიდიული პირის სახელდება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ სახელწოდებათა შესაბამის ნორმებთან შეუსაბამობა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის რეკომენდაციის შესაბამისად უნდა გასწორდეს.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

თავი VII. საჯარო ინფორმირებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ენა

edit

მუხლი 24. საჯარო ინფორმირების ენა

საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზედაც, ხოლო იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, – აგრეთვე ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე.

მუხლი 25. საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილ წარწერათა წარმოდგენა და განლაგება

1. საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა სავალდებულოა.

2. საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერის არასახელმწიფო ენაზე (მათ შორის, ეროვნული უმცირესობის ენაზე) წარმოდგენის წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

3. ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით).

4. ოფიციალური სახელწოდების ქართულ, აფხაზურ და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას ქართული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), აფხაზური ტექსტი – ცენტრში, ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით).

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ შემთხვევაში სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტის წინ (მარცხნივ ან ზევით) თავსდება.

6. არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულებულ ტექსტთან ერთად გამოყენებისას არასახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტი სახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტზე დიდი არ უნდა იყოს.

მუხლი 26. საცნობარო მასალის ენა

1. სახელმწიფო ორგანოს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ საქართველოში გასავრცელებლად საცნობარო მასალა, როგორც წესი, სახელმწიფო ენაზე გამოიცემა (ქვეყნდება).

2. არასახელმწიფოენოვან საცნობარო მასალას უნდა ახლდეს თარგმანი სახელმწიფო ენაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მასალა მხოლოდ არასახელმწიფოენოვანი მომხმარებლისთვისაა გათვალისწინებული.

მუხლი 27. მაუწყებლობის ენა

მაუწყებლობის ენასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 28. რეკლამის ენა

რეკლამის ენასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით.

თავი VIII. სახელმწიფო ენის სხვა სფეროებში გამოყენება

edit

მუხლი 29. მომხმარებლის უფლება, ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე მიიღოს

1. მომხმარებელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე.

2. სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.

მუხლი 30. ენის მეცნიერების სფეროში გამოყენება

1. ქართულენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო (სამეცნიერო) დაწესებულებაში აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის მოსაპოვებლად ნაშრომის წარდგენა და მისი საჯაროდ დაცვა ხდება სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. სახელმწიფო სამეცნიერო დაწესებულებაში მეცნიერული კვლევის შედეგები, როგორც წესი, ფორმდება და ვრცელდება სახელმწიფო ენაზე.

3. საქართველოს ტერიტორიაზე სამეცნიერო კვლევის შედეგების არასახელმწიფო ენაზე გამოქვეყნების შემთხვევაში მათ უნდა ახლდეს რეზიუმე სახელმწიფო ენაზე.

4. ტექნიკურ დოკუმენტაციაში, აგრეთვე საქმისწარმოებაში გამოიყენება ერთიანი ტერმინოლოგია. ტერმინოლოგიის დადგენისა და გამოყენების ნორმებს განსაზღვრავს სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისია.

მუხლი 31. ენის ინფორმატიკის სფეროში გამოყენება

1. სახელმწიფო ხელს უწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიებში ქართული ენის სრულფასოვან გამოყენებას.

2. კომპიუტერული (ელექტრონული) ტექნიკა, რომელსაც სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები იყენებენ, ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულების შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 32. ენის კულტურის სფეროში გამოყენება

სახელმწიფო ენის განვითარებისა და სრულფასოვანი ფუნქციონირების მიზნით სახელმწიფო ხელს უწყობს:

ა) სხვა ენაზე არსებული მხატვრული, სამეცნიერო, პოლიტიკური და სხვა ლიტერატურის სახელმწიფო ენაზე თარგმნასა და გამოცემას;

ბ) აუდიოვიზუალური ნაწარმოების სახელმწიფო ენაზე თარგმნასა და საჯაროდ გადაცემას.

თავი IX. სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებული მოთხოვნა

edit

მუხლი 33. სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებულ მოთხოვნასთან პირის შესაბამისობა

ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნასთან პირის შესაბამისობა დასტურდება:

ა) სახელმწიფოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტით;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი არასახელმწიფოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტით;

გ) სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარების მოწმობით.

მუხლი 34. სახელმწიფო ენის გამოცდა

1. სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესს სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან შეთანხმებით შეიმუშავებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

3. სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებულ მოთხოვნასთან პირის შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტს (მოწმობას) გასცემს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

თავი X. სახელმწიფო ენის დაცვის სახელმწიფო კონტროლი და შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებათა უფლებამოსილება ამ სფეროში

edit

მუხლი 35. სახელმწიფო ენის დაცვის სახელმწიფო კონტროლი

სახელმწიფო ენის დაცვის სახელმწიფო კონტროლს თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ:

ა) საქართველოს პარლამენტი;

ბ) საქართველოს მთავრობა;

გ) მუნიციპალიტეტის ორგანოები;

დ) სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 36. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი

1. ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვასა და პოპულარიზაციას, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებას უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. იგი ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

2. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

5. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

6. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი:

ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის დაცვის, განვითარებისა და გამოყენების სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას;

ბ) შეიმუშავებს და გამოსცემს სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარებისათვის აუცილებელ ნორმატიულ აქტებს;

გ) ზედამხედველობს ამ კანონის შესრულებას;

დ) ქმნის სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიას და კომისიის მიერ შემუშავებულ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებსა და ტერმინოლოგიურ სტანდარტებს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

ე) უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის შემუშავებას და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას;

ვ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს აძლევს რეკომენდაციებს ენის გამოყენების სფეროში არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად;

ზ) ამ კანონისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს სახელმწიფო ორგანოს დამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების მოთხოვნით;

თ) ახორციელებს საინფორმაციო და მეთოდური უზრუნველყოფის ღონისძიებებს სახელმწიფო ენის სფეროში;

ი) ახორციელებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

8. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების დაცვა სავალდებულოა.

9. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად სახელმწიფო ორგანოებისაგან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან და ინდივიდუალური საწარმოებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოებისა და პირების მიერ სახელმწიფო ენის დეპარტამენტისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენა ინფორმაციის მიუწოდებლობად ჩაითვლება. ინფორმაცია სახელმწიფო ენის დეპარტამენტს მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარედგინოს.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 37. სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა

1. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო ენის ერთიან პროგრამას.

2. სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფენ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები.

3. სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა ითვალისწინებს:

ა) სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა ინტერესების მაქსიმალურ უზრუნველყოფას; სახელმწიფო ენის სწავლებისა და ენობრივი კულტურის ამაღლების მიზნით მეთოდური და სასწავლო რესურსების მომზადებას; სახელმწიფო ენის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად სწავლებას; ენობრივ უმცირესობათა ჯგუფებში ბილინგვური სწავლების დანერგვას;

ბ) სახელმწიფო ენის სტრუქტურის, ისტორიისა და ფუნქციონირების თავისებურებათა თანამიმდევრულ კვლევას; თანამედროვე ქართულის ერთიან ლექსიკოგრაფიულ უზრუნველყოფას; ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების სრული კორპუსის მომზადებას;

გ) სახელმწიფო ენის სრულ ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას; ენობრივი მონაცემების (ტექსტების) თანამედროვე, სრულყოფილი ციფრული ბაზების შექმნას; საძიებო, ანალიზურ-ოპერატიული და მთარგმნელობითი კომპიუტერული პროგრამების მომზადებას.

4. სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი უზრუნველყოფს.

5. სახელმწიფო ხელს უწყობს სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის განხორციელების მიზნით ინვესტიციების მოზიდვას.

თავი XI. პასუხისმგებლობა სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

edit

მუხლი 38. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის დარღვევისათვის პირი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 39. სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებელი პირები

1. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს საქართველოს კანონმდებლობით ეკისრებათ პერსონალური პასუხისმგებლობა მათდამი დაქვემდებარებულ სფეროში სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის.

2. მომსახურების სფეროს დაწესებულება და ორგანიზაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებული არიან, აანაზღაურონ ამ სფეროს შესაბამისი თანამდებობის პირის ან რიგითი მუშაკის მიერ სახელმწიფოსათვის ან ფიზიკური პირისათვის ამ კანონის დარღვევით მიყენებული ზიანი.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

თავი XII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

edit

მუხლი 40. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. 2016 წლის 1 თებერვლამდე:

ა) საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულება და სტრუქტურა, განსაზღვროს მისი ქონების შექმნის წესი;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე დანიშნოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. 2016 წლის 14 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს:

ა) სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა;

ბ) ქართული სალიტერატურო ენის ნორმები და ტერმინოლოგიური სტანდარტები;

გ) სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესი.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას უზრუნველყოს მასში ამ კანონიდან გამომდინარე საბიუჯეტო სახსრების ასახვა.

მუხლი 41. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის 33-ე, 34-ე, 36-ე და 37-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის 36-ე მუხლის პირველი–მე-5 პუნქტები, მე-6 პუნქტის „ა“–„ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები და მე-7–მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1 თებერვლიდან.

3. ამ კანონის 33-ე და 34-ე მუხლები, 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და 37-ე მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 14 თებერვლიდან.


საქართველოს პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,

22 ივლისი 2015 წ.

N4084-რს


 
Public domain in U.S.
This work is in the public domain in the U.S. because it is an edict of a government, local or foreign. See § 313.6(C)(2) of the Compendium of U.S. Copyright Office Practices, 3rd ed. 2014 (Compendium (Third)) . Such documents include "legislative enactments, judicial decisions, administrative rulings, public ordinances, or similar types of official legal materials."

These do not include works first published by the United Nations or any of its specialized agencies, or by the Organization of American States. See Compendium (Third) § 313.6(C)(2) and 17 U.S.C. § 104(b)(5).


 
A non-American governmental edict may still be copyrighted outside the U.S. Similarly, the above U.S. Copyright Office Practice does not prevent U.S. states or localities from holding copyright abroad, depending on foreign copyright laws and regulations.

English | español | français | italiano | 日本語 | +/−