ძლიერებითა ღუთისათა, ვიწყოთ ცხოვრება მეფეთა, მსმენელთათჳს არა უნდომითა ანბითა უცხოთა ქუჱყანისათა, არა მარტივად ქართლისა, ჩემის თუალითა ნახული, და ზოგიერთი მნახავთაგან სმენითა:
editიყო მეფე მეფეთა ესე, სახელდიდებული, სვე-ამაღლებული, ჴელმწიფობითა სფადარი, ამილბარობით სპასპეტი, ლაშქარ-ჰაეროვნებითა ზე-აღმატებული, ოთხთავე კიდეთა ქუჱყნისათა ზარგანხდით ჴმა განფენილი, ყოველთავე მებრძოლთა ზედან დიდად მძლეველი და თჳთ არა ვისგან ძლეული, თჳითმპყრობელი საქართველოსი, რომელიცა არს ახოვანი ტანითა, ძლიერი ძალითა, უძლიერესი სიმახვილითა, საწადელ ღიმილითა, უსაწადილეს მჭმუნვარებითა, მადლიერ ხედვითა, საზარელ-ლმობიერ მკრთომელობითა, ბრძენ ცნობითა, უბრძნეს გამორჩევითა, მარტივ სახითა მრავალსახე მართებითა, შემრისხვენ ყუდროებითა, მაამებელ განსწავლულებითა და არცა ერთისა კეთილი საგანისა შემაშფოთებელი, უზომეობითა თვით მათ მტერთაცა საწადელ და საყვარელ, სათნოებითა მისთაგან შეკდიმებულთა და ვითარცა ვინ აღრაცხნეს, რაოდენი საქმენი ეთხოვებიან მეფესა მეფეთასა, რაოდენი მართებანი და გასაგებელნი, კიდეთა პყრობანი, ნაპირთა ჭერანი, განხეთქილებათა კრძალვანი, სამეფოსა წყნარობანი, ლაშქართა მეცნიერებანი, მთავართა ზაკვისა ცნობანი, მხედართა განწესებანი, სახლთა ნაბოჭთა სააჯონი, საჭურჭლეთა შემოსულთანი, მოციქულთა შემთხვევანი, მეძღვნეთა ჯეროვანი, შემცოდეთა წყალობათა წურთანი, მსახურებელთა ნიჭის მრავლობანი, მთავართა მართვანი, განმგებნი მოსაკითხავთა, შესატყვისნი შემთხვევანი, სპათა აწყობანი, ღონიერთა მიმართებანი.
იყო მეფე ესე ძირისაგან იესესა და თესლისაგან დავითისა აღმოცენებული, სოლომონისა ნაყოფი, მისად შედარებული, ბაგრატიონად წოდებული, ვახტანგ, სპარსთა სპარსთა ენითა შანაოზ წოდებული, თჳთ მდიდარი განძლიერებული, უხვი და მოწყალე, ყოველთა ზედა მართლიად მოსამართლე, განსვჱნებასა და მოცალებასა შინა მყოფი, შემხედველთა შემაზარავი.
რა მოვიდა ბრძანა ღუთისა და გაფინა უშურველი მისი წყალობა და მიანიჭა მეფეს შაჰნაოზს პატრონობა საქართუჱლოსი, ქოროკონსა ტმზ: ხოლო ქრისტეს აქეთ 1658: წინად ამისად იყო მეფე როსტომ, რა მიიცვალა, მოვიდა ბრძანება შააბაზ ყაენისაგან და უბოძა ქართლი შაჰნაოზს და შეირთო როსტომ მეფის მეუღლე, ასული დადიანისა, დედოფალი მარიამ. წინათ ამისა ჰყვანდა ასული ყაფლანისა როდამ დედოფალი და ამასთან ესხნეს ძენი შაჰნავზს შვენიერნი არჩილ, გიორგი, ალექსანდრე, ლევან, ლუარსაბ და სულაიმან და ასულნი ორნი ანუკა და თამარ; ესენი იყვნენ შვჱნიერნი, ლომ-გულოვანნი, კაცთაგან ქება მიუწდომელნი: იყო სიხარული დიდი, ნადიმობა, ნადირთა სვრა, ზენარმა ღუთისამან, ამას ბრძანებდით, ამათთანა ყოფა ქუჱყანაზე კაცთა არ ექმნებისო. გამოხდა ხანი მცირედი და დაიბარა შააბაზ ყაენმა ბატონიშვილი არჩილ, მემანდარი ებოძა, რაყამი დიდი წყალობისა. „და დამორჩილდესო ბრძანებასა ჴელმწიფისასა"; წაბრძანდა, თან გაატანა მეფემ ამილახორი გივი, ვითაც სიძე იყო და ერთგული; მას ჟამსა ოდეს ჴელმწიფე მაზანდარას მობრძანებულ იყო, მივიდა. რა ჴელმწიფემ მისულა შეიტყო, მოაგება ჯარი, ნახა მასვე დღესა, მოეწონა სიმხნე და სიკეთე არჩილისა, დასდვა პატივი ვითარცა შვილი მამას მისლოდა, უბოძა საბოძვარი მრავალი და კახეთის ბატონობა, რჯული მისი და დაარქუა სახელად შაჰ-ნაზარ-ხან; არად ინება კახეთი, ამისათვის რომ ბატონის თეიმურაზის შვილისშვილი, ძე დავითისა ერეკლე ყმაწვილი დარჩომილიყო, და არჩილს და ედგა მისი. მაგრამ ყაენი უწყრებოდა, წინათ ამისად ებრძანა მეფის შანაოზისათვის დაჭირვა ერეკლესი და გაგზავნა; მიუხდა კახეთს, შემოადგა თორღას და გააპარეს კახთ ერეკლე და წავიდა რუსეთს. რადგან კახეთი უპატრონო იყო, აღარ მოეშვნენ მეფეს არჩილს, დამორჩილდა ბრძანებასა ჴელმწიფისასა, უბოძა საბოძვარი მრავალი და გამოისტუმრა დიდის პატივითა, მობრძანდა კახეთს, შეიქმნა სიხარული დიდი და განსვენება. ხან ქართლში მობრძანდებოდა, ხან ესენი კახეთსა; თქუჱნმა მზემა და თავმან ამათმან, რა ესენი ერთად შეიყრებოდიან მნახავთაგან გასახარელი იყვიან, განისვენებდიან, იბურთიან, ინადირიან, ნადირთა სურიდიან, ლხინობდიან, უხვად გასცემდიან, სამართლობდიან, მტერი არსაით აუჩნდიან, ერთგულთა წყალობა უყვიან, ორგულნი მოსვრიან, ქართლი და კახეთი მსახურებდიან.
ამაში გამოხდა ხანი, ქ~კონს :355 ხოლო ქ~ეს აქეთ წელსა 1666 მოკუდა შაჰაბაზ ყეენი და დაჯდა შაჰ სულაიმან. მოუვიდა წყალობა აურაცხელი მეფეს შაჰნაოზს, ეთხოვნა ძე და ასული: აახლო ძე თჳისი ალექსანდრე და ასული თჳისი ანუკა. რა ისპაანს ჩავიდნენ მიაპყრა ყაენმა უშურველი წყალობა ალექსანდრეს, მისცა ისპაანის ტარუღობა და ასული მეფისა ანუკა შეიყვანა არამ ხანაში; მრავალი და აურაცხელი წყალობა მეფისათჳის გამოეგზავნა ყაენსა.
ამავ ქ~რიკონს 355 ხოლო ქ~ეს აქეთ წელსა 1666 მეფემან არჩილ აღარ ინება კახეთი, არცა მეფობა მისი, და აღარცა თათრის რჯული მათი, გაუშვა კახეთი, აღარ არა ისმინა მამისა, აღარცა ძმებისა, აღარც ოჯახის წახდენისა, წარვიდა იმერეთს და დაიჭირა ჴლმით იმერეთი, და სრულიად დაიმონა მცირესა რას ჟამსა შინა და შემდეგად მოვიდა ხონთქარისაგან ბრძანება და მიუცემლობა იმერეთისა. დააგდო იმერეთი და გარდაჳდა ოსეთს მეფე არჩილ და დედოფალი ქეთევან, და ორნი ძენი ამათნი ალექსანდრე და მამუკა, ასული ერთი დარეჯან. წაბრძანდა რუსეთს, დახვდა ჴელმწიფე რუსეთისა დიდითა პატივითა, მიაპყრა წყალობა აუარებელი, მიიჩნია ვითარცა ძმად თჳისად და ძენი მისნი ძედ თანა თჳსთად დაიჭირა. მოუვიდა ყაენისაგან ბრძანება მეფესა შაჰნაოზ ერეკლეს დაჭირვისა. მიუხდა კახეთს, ერეკლე ვეღარ დაუდგა, გაეცალა, ჩავიდა შირვანს და იქიდამ წარვიდა ყეენთანა. ამას შიგან იბატონა მეფემ შაჰნაოზ და დაუწყეს ბეზღობა მეფის არჩილის წასვლისათჳის და დაიბარა ყეენმა მეფე შაჰნაოზ, და ისმინა ბძანება ხელმწიფისა და წაბძანდა დიდითა და მცირითა დარბაისლითა და დააგდო ძე თჳისი, ბატონიშვილი გიორგი გამგებლად საქართუჱლოისა. იარა დღენი რაოდენიმე, მუხანათმა და მოუნდობელმა სოფელმან მოაბრუნა უკუღმა ბორბალი. რა ხოშკაროს მივიდნენ ქარვასლაში, ამ სოფლისაგან გარდაიცვალა. შექნეს ქართველთა გლოვა საშინელი, აახლეს კაცი ჴელმწიფესა და ბატონისშვილს ალექსანდრესა, შეიქმნათ წყენა უმრავლესი და დაიბარეს ქართუჱლნი, და წაიღეს მცხედარი მეფისა, მიიტანეს და დაფლეს ყუმს. ჩავიდნენ ქართუჱლნი და შემოეხვივნენ ალექსანდრეს.
ქ~კონს ტნივ [1676], დაიბარა ყეენმა ძე შაჰნაოზისა გიორგი, მოვიდა რაყამი და მემანდარი, წაბრძანდა, და ძმა თჳისი ლეონ დააგდო მოადგილედ თჳისად გამგებლად ქართლისა. ჩაბრძანდა ისპაანს, დახვდა ჴელმწიფე მხიარულის პირითა და მოეწონა სიკეთე და სიმხნე მისი. გამოხდა თვენი ხუთი, უბოძა ქართლის ბატონობა და მრავალი საბოძვარი; და თავსა ზედა მისსა დაასო თავს ხელით ჯიღა მურასა, გამოისტუმრა აუარებელის წყალობითა და მოვიდა ქართლში წელიწადზედ, შეიქნა სიხარული დიდი და განცხრომა, და აახლო ყეენსა ძმა თჳისი ლუარსაბ. იბატონა მეფემ გიორგიმ და დედოფალმა თამარ. ესე თამარ დედოფალი იყო ასული დავით დავითის ელისბარის შვილისა.
მიიცვალა დედოფალი თამარ ქ~კონს 364 ქ~ეს 1676: დარჩა ძე ერთი ბაგრატ და ასული ერთი მარიამ, ესე შერთეს ქსნის ერისთავს დავითს. გამოხდა ხანი რაოდენიმე, ითხოვა მეფემან გიორგიმ ასული მიქელაძისა გიორგისა და გადმოიყვანა. ხორაშან იქმნა დედოფლად. შექნეს სიხარული დიდი და ქოსთა და ნაღართა ცემაჲ. ამა სიხარულსა შინა მოვიდა ყეენისაგან ბრძანება, და ეთხოვნა ძე მეფისა სასურველი და სიკეთითა სრული და ებძანა: "გამომიგზავნე ძე შენიო, მივსცე წყალობა აუარებელიო. ამას ზედა შეექნა ჭმუნვა მეფეს გიორგის, შეეხვეწა შვილის უთხოვნელობასა, რომ ერთის შვილის მეტი არ მყავსო. იმისი თხოვნა არ ესმინა, კიდევ მოვიდა ბრძანება და ეთხოვნა ძმა მეფისა ლეონ და ძე მეფისა ბაგრატ. შეიქნა შეჭირვება დიდი. ამიტომ აღარც ძე ჰრჩებოდა და აღარც ძმა, მაგრამ თავის წახდენას ხედავდენ, რათგან დამნაშავე არაში იყვნენ, სხვა ღონე აღარ იყო და გაგზავნა ორივენი, და თან აახლო ქართუჱლნი არა მცირედნი, ხუთასი ოდენ. აქა შეექმნათ რჩევა მეფეს გიორგის, რათგან უკუმდგარი იყო არაგვის ერისთავი იასონ. ესე ერისთავი იასონ თავის სახლის კაცმა დაარჩო, დაუწყეს ლაპარაკი შერიგებისა, აღარ ინება შერიგება, გასწყრა მეფე და შეიყარა ქართუჱლნი და შეუხდა საერისთოსა, გარდაიარა მჭადის ჯვარი, დავებჯინენია ტინსა, და დაგვიწყეს სროლა, შეგვექნა ცემა და სროლა თოფთა, თავმან თქვენმა, ასე მოდიოდის ფინდიხისაგან ფოთოლი, ვითარცა ხშირი წვიმა ყოფილ იყო. მას ჟამსა გაიხტუნა ცხენი მეფემან, მზემან ღთისამან, ამას ბრძანებდით ამისთანა არა ნახულა რაო. იყო მორთული ყვითლისა კურტაკითა და თავსა ზედა ესვა მურასა ჯიღა მარგალიტისა ქუდსა ზედა, ჩამოაგდის კაცი, ვითარცა კატა. გადვიარეთ ტინი, და დავდექით კანჭის ქედსა. მოვიდა ერისთავი ქსნისა დავით დიდის ჯარითა, შევქენით წვა და დაგვა; ვიდექით სამსა დღესა. მოვიდა ისპაანიდამ ანბავი და წყრომა ყეენისა, ძმებისა და შვილისა დაჭირვა, ლევანისა და ბატონიშვილის ბაგრატისა და გაეგზავნათ ბაგრატ და ლევან ჱრათსა და ლუარსაბ ქირმანსა. და მიეცათ ქართლი მეფეს ერეკლესათჳის, ბატონის თეიმურაზის შვილიშვილისათჳის. რა ეს ანბავი მოუვიდა მეფესა, მაშინვე წამოვიდა მეფე გიორგი და მოვიდა კოჯორზედ; და აიყარა და წაბრძანდა ზემო ქართლს; და დადგა ყორნისსა. ამას შიგან ყაფლანისშვილი, სარდალი თამაზ საბარათიანოს ხალხით უკუმდგარიყო. რა სცნა მეფის ერეკლეს მომავალობა, მოსლოდა ანბავი მეფისაგან და ჯანიშინობა, შევიდა ციხესა ტფილისისასა.
მოვიდა მეფე ერეკლე ქ~კონს ტოე [1687], შემოეყარნენ ქართუჱლნი და დაჯდა ქალაქსა ტფილისისასა, შექნა სიხარული და განსვენება. მეფე გიორგი გარდავიდა იმერეთს, და ამ ცოტა ხანში მოვიდა რუსეთიდამ მეფე არჩილ. ბატონობდა იმერეთსა ძე ბაგრატ მეფისა ალექსანდრე და ჩავიდა იმერეთს მეფე არჩილ, მუნ დახვდა მეფე გიორგი იმერეთს; წაართუჱს იმერეთი ალექსანდრეს და გადმოაგდეს ქართლში და შევიდა გორს ციხეში. ამას მოუდგა მეფე ერეკლე, დიდისა პატივითა ამყოფა, გარდვიდა გორიდან მალვით მეფე ალექსანდრე და მოუდგნენ ზოგნი იმერელნი; შეიყარა მეფემან არჩილ ჯარი, შეიბნენ. თავმან თქვენმან, გენახათ მეფე არჩილ, ამას ბრძანებდით, თუ არ ღუთისაგან, თვარა კაცთაგან ამას არა ევნება რაო. შეუტივა ჯარითა. ასე ამოწყვიტა, გაემარჯვა, თავმან მისმან იმისთანა შუბი რამდენსაც კაცს მოსდვიან, ისე დარჩებოდიან. გამოექცა მეფე ალექსანდრე, და შევიდა ისევ გორს. წავიდა მეფე გიორგი იმერეთიდამ და დადგა ოშორასა. ამ ხანსა შინა გაეგზავნა ელჩი ხვანთქართან ყეენსა და ეთხოვნა მეფე გიორგი. "რათგან ჩუჱნში წყობა არ არისო, ჩემი ყული შენს საბატონოში არისო, მიბოძეო". ესმინა ხონთქარს მოხსენება ყეენისა და მოცემა მეფის გიორგისა. რა სცნა მეფემან შევიდა ახალციხეს ციხეში და მოუდგნენ ენგიჩარნი და აღარ დაანებეს. წარვიდა ელჩი ცალიერი. დაუწყეს ქართველთ ლაპარაკი მეფეს გიორგის და აღარ ინებეს მეფის ერეკლეს ბატონობა. მისცეს პირი და ახსენა ღმერთი, მოიბა წელთა საბელი, ჩამოეშვა ციხიდამ, ძირს ცხენები და კაცნი შემოპირებული ჰყვანდა, ჩამოვიდა, დასხდნენ ცხენებზედ და მოვიდა ოშორას, აჰყარა დედოფალი ხორაშან და რძალი თჳისი, ბატონის შვილის ლევანის მეუღლე, ასული ავალიშვილის გიორგისა თინათინ, ძენი ლეონისანი ქაიხოსრო, ვახტანგ, დომენტი, იესე, სვიმონ და თეიმურაზ, მოიყუანა და დააყეენა სადგერს, თვითან ჩამობრძანდა ქართლში.
რა ჰსცნეს პატრონისა მათისა ჩამოსვლა, შეიყარნენ ზემო ქართველნი, ჩაუხდა რუის, აიკლო ქორიანი. ესე იყო იმერეთიდამ იმერელი მეფის ვეზირი და მოვიდა ჭალას ამილახორის გივისასა. რათგან ამილახორს გივს მეფის და თამარ ედგა, ნახვა მისი და სიხარული დიდი, აღარ დადგა, მიბრძანდა თიანეთს, არაგვის ერისთავი იყო გიორგი და ძმა მისი მდივანბეგი ბარძიმ. რა ჰსცნეს პატრონისა მათისა მისულა, გაიხარეს სიხარულითა დიდითა და მოეგებნეს, წინა დაუხუდენ, ვითარცა მართებდათ, მოართვეს მოსართმევი მრავალი, წამოუძღუნენ წინა და შემოყარეს ქართველთ ჯარი. მოუვიდა მეფეს ერეკლეს ამბავი გარდმოსვლა მეფის გიორგისა და ქართველთ შეყრა, შექნა ჭმუნვა. მას ჟამს იდგა კოჟორსა, აიყარა და ჩაბრძანდა ქალაქს ციხეში და შემოიყარა საბარათაშვილო. ჩამოვიდა მეფე გიორგი კოჯორსა, რა კოჯორს ჩასლვა შეიტყვეს ბარათიანთა, წამოვიდა სარდალი თამაზ და ჯარი საბარათაშვილოსი, შემოეყარნენ მეფე გიორგის, შეიქნა სიხარული თავისის გამზრდელს პატრონის ნახვისათვის. დაუწყეს ყაენს ლაპარაკი და შეხვეწნა ქართლის მოცემისათვისა. რა ყეენმა მეფის გიორგისა ქართლში ჩამოსლვა შეიტყო, გაგზავნა ჩაფარი, დაიბარა ძმები და ძე მეფისა, მაგრამ ძე მეფისა ერათს დამარცხებულ იყო და ბატონის შვილი ლევან მოიყუანეს და ლუარსაბ ქირმანიდამე, მიაპყრეს პატივი, მოვიდა ამბავი მათის კარზე მოყვანისა და იმედის წყალობისა.
ამა შიგან გამოხდა ხანი წელნი ერთი, გარდმოვიდა მეფე არჩილ იმერეთიდამ, ებოძა ხვანთქარს იმავ ალექსანდრესთვის იმერეთი, გარდვიდა, დაიჭირეს იმერელთ მეფე ალექსანდრე და გამოუგზავნეს მეფე გიორგის, მიიცვალა და დამარხეს რუისს. გარდავიდა მეფე არჩილ და დაჯდა იმერეთს. შეიყარა ჯარი მეფემ გიორგიმ, მივიდა ლილოზედ, დაუწყო კახთ ლაპარაკი, მოსცეს პირობა. მას ჟამსა ბატონობდა კახეთს აბაზყულიხან, გაგზავნა მეფემ მდივანბეგი ბარძიმ, ამილახორი გივი, თამაზ სარდალი, ამორჩევით ქართველნი. მივიდნენ ნინო წმიდას, რადგან კახთ პირობა მოეცათ, იმათის შესაყრელად, მოვიდნენ. ერთი თარაფნი სახლთ უხუცესი კახეთისა რევაზ, ამისი მოკიდებულნი მოელოდენ დურმიშხანს და მის თარაფს. თურმე ისინი ხერხში იყუნენ. წამოადგნენ ნინო წმიდის თავს, შეექნათ სროლა, მოკლეს მდივანბეგი ბარძიმ, დაუმარცხდა ქართველთ, მოვიდნენ ლილოზედ, წამოვიდა მეფე, მოვიდა მცხეთას.
ამას შიგან მიიცვალა ყეენი შაჰსულეიმან, დაჯდა ძე მისი შაჰსულთან უსეინ, თვით ყმაწვილი იყო და მტერნი ამათნი ავად გამშინჯველნი, იწყინა ძალად დაჭერა ქართლისა, გამოუსია ჯარი და სარდალი ქალბალიხან, ესე იყო განჯის ხანი, ხვანთქართან ელჩიც ეს იყო და კახეთიც იმას მისცეს. იბატონა ქართლში მეფემ გიორგიმ წელნი სამნი და მოვიდა ქალბალიხან ურიცხვითა ლაშქრითა, გამოვიდა მეფე ერეკლე ციხიდამ და შემოეყარნენ კახნი, და ვინცავინ ქართველნი ციხეში ახლდა, სარდალი ლუარსაბ და ამილახორი ავთანდილ შეეყარნენ სარდალს ჭაპალას, მეფე გიორგი იდგა დიდგორზე, შემოიარეს საბარათაშვილო და დადგნენ თრიალეთზე, აქეთ ქართველნი დადგნენ კლდეკარს, ეცემოდიან ჩვენის ჯარის კაცნი, იმათ მონაპირეს კაცსა გააქცევდიან, დახოცდიან. შეიქნა რჩევა შებმისა, თავის ჴელმწიფის ჴლმის კვრა აღარ აჯობინეს; მაგრამ აღარც ქართველთ მოინდომეს. წაბრძანდა მეფე გიორგი, ჩაიარა კრკონს, ერთი ამას წინ დამარცხდა ამავ კრკონს დედოფალი ხვარაშან, მოასვენეს ქვაბთახევს, აჰყარა რძალი, ბატონის შვილის ბაგრატის ნათხოვნი იყო ჩერქეზის ბატონის ასული, რუსუდან. წაბრძანდა და თვითან გადვიდა იმერეთს და ბატონიშვილი გიორგი, ვახტანგ და რძალი გაგზავნა ჩხეიძის ქაიხოსროს სახლში, ვითაც ერთგული იყო და შვილი ქაიხოსროსი თეიმურაზ ისპაანს ბატონი შვილს ლევანს შერჩომოდა, და ერეკლე მეფეს არ გამოჰყოლოდა. მეფეს გარდაჰყვა ერთპირად ერისთავი გიორგი; ამილახორი, გივი, ძმა ამილახორისა, ქათალიკოზი ნიკოლაოზ, ყორბიჩაში მუხრანის ბატონისშვილი დათუნა, ზურაბის შვილი ზურაბ სხვანი თავადნი და აზნაური მრავალნი.
რა ჩხეიძეს მეფის ერეკლეს წყრომა მოუვიდა, ვეღარც ბატონი შვილები დადგნენ, აიყარნენ, წაუძღუა სეხნია, ერთ პირად მოყვარე იყო აბაშიძე გიორგი, ციხე ჰქონდა მაგარი, ხარაგეულს დააყენა ბატონიშვილი ვახტანგ, რძალი მეფისა რუსუდან, ბატონი თინათინ ქვაბს დააყენეს, დადგა ბატონიშვილი ქაიხოსრო წიფას. ამაშიგან გარდმოვიდა მეფე ერეკლე და ქალბალიხან გორსა და შემოიყარეს ქართველი და დააფიცეს. შეექნა რჩევა მეფეს გიორგის, რათგან ძმები ყაენის კარზედა ჰყვანდა, გამოგზავნა ძმის წული ქაიხოსრო ამ ხერხითა, ეგება ყაენთან მიეწია და საქმე წარემართა. რა შეიტყო მეფემ ერეკლემ და ქალბალიხან ქაიხოსროს მონდობა, აახლეს ციციშვილი ქაიხოსრო და საფიცარი მტკიცე, ჩამობძანდა გორს დაჰსდვეს პატივი უსაზომო და მოართვეს მოსართმევი მრავალი, გაგზავნეს ყაენთან ჩაფარი, აუარენ ქართლს, არა ივნეს რა, ჩავიდნენ ქალაქსა ტფილისსა, შემოირიგეს ერისთავი ქსნის დავით, მუხრანის ბატონი პაპუნა, სარდალი თამაზ. რა ესენი ჴელში ჩაიყარეს სამნივ ისპაანს გაგზავნეს. მაგრამ თამაზ სარდალი ორის ვაჟითა და ორის ქალით. რა ისპაანს ჩავიდნენ გაუწყრა ყაენი და ყველა ქირმანს დაატყვევეს. გამოხდა ხანი მცირედი, მოვიდა ყაენისაგან მემანდარი და წყალობის რაყამი ბატონის შვილის ქაიხოსროს, გაისტუმრეს პატივითა მაგრამ კაცნი მცირედი გაატანეს, გაჰყვა ჩხეიძე სეხნია და მცირედი აზნაურნი და მსახურნი თან წაიყვანა და ჰყვანდა ხარჭა.
რა ისპაანს ჩავიდა იმავ დღეს ეთხოვნა და ბატონის შვილისა, მიართვა, დააყენა მამასთან, ჯერ ყაენს არც ბატონისშვილი ლევან ენახა, არც ლუარსაბ. მესამეს დღეს იხმო ჴელმწიფემა, ნახა სამნივე, დასდვა პატივი უშურველი, მოეწონა სიმხნე და სიკეთე ამათი, მისცეს სასახლე მშვენიერი და დასდგნენ მამაშვილნი ერთად. რაც იმ დღეს გაეწყობოდა ნახევდიან ლხინსა, ქ~კონს ტპდ [1696], მკათათჳის, ვიყვენით ამა განცხრომაშია, არც მისცეს ულუფა, შევსძვირდათ ხარჯზედა, მისცა ვინცავინ ქართველნი ახლდნენ დასტური, მაგრამ სეხნია ჩხეიძემ არად ინება მოშორვება მათი, თავად ლევანის გაზრდილი იყო და მერმე ქაოხოსროს თან შეზრდილი, მოხდა სიღარიბე დიდი და გამოხდა ხანი და გამოეგზავნა მეფეს გიორგის, ჴელმწიფეს შემოხვეწოდა, ზურაბიშვილი ზურაბ, რა სცნა ყაენმა მეფის გიორგის შემოძლევა და ხლება განიხარა სიხარულითა დიდითა, მაგრამ არ ჯერ იყო, რათგან ისე სახელოვანნი კაცი იყო დიდად უნდოდა ნახვა მისი, გაუგზავნა მემანდარი და წყალობის რაყამი: "თუმცა მნახო, ჩემგან აურაცხელი წყალობა მოგანიჭო". მივიდა ზურაბ იმერით და მემანდარი ალს, გარდმობრძანდა მეფე და ვინცავინ დარბაისელნი ახლდნენ. ამილახორი იმერეთს დამარცხებულიყო, სხვანი თავთავის მამულებში დააყენა მეფემ ერეკლემ. რათგან ყაენს ებრძანა თავ თავის მამული მიეციო. დააყენეს ცოლ-შვილნი და თვითონ მეფეს გიორგის გაჰყვნენ, გადმოაიარეს თრიალეთი და მივიდნენ ერევანს, აცნობეს ყაენს. იამა სიამოვნითა დიდითა და მოაგება წინ თუმანი ხუთასი, ხალათი და ოქროთ შეკაზმული ცხენი: ჩაბრძანდა ისპაანს, ქ~კნს ტპე [1697], მარტს ე: მიეგებნენ ძმანი და ძმისწული. რა ნახეს ერთმანეთი, გარდაეჭუდენ ერთმანეთსა, შეიქნა სიხარულის ტირილი, მზემა ღუთისამა და თავმან ამათმან, ეს ოთხნივ ერთად გენახათ ამის ბრძანებდით, ამათთანა კაცთა შვილი უკეთესი არ იქნებაო. შევედით, მოგვცეს სარაია ტურფა და დარბაისელთ ცალცალკე. დღესა მეოთხესა ნახა ყაენმა, დახუდა ტკბილად და საყვარლად, ვითარცა მამასა და დასდა პატივი მისად შესაფერად, მოეწონა სიკეთე მეფის გიორგისა. ამაშიგან გამოხდა თვენი ოთხი-ღა, მოახსენა მეფემ გიორგიმ ჴელმწიფესა რათა უყოს წყალობა და დაიხსნას ქირმანიდამ ერისთავი დავით, მუხრანის ბატონი პაპუა და სარდალი თამაზ. უყო წყალობა და გაგზავნეს ჩაფარი და მოვიდნენ ესენიცა. გამოხდა მცირედი დღენი და დაჰპატიჟეს ქართველთ: "თუ რჯული არ დააგდონ ქართლში წავიდენო". შეექნათ ჭმუნვა დიდი, თავად რჯულის დაგდებისა-თვინ, მერმე პატრონის გაყრისა-თვინ, არა ცოტანი იყუნენ, ქართველნი იყუნენ ექუსასი. შექნეს რჩევა, აღარა გაეწყობოდა-რა, მისცა დასტური ქართველთა. მაგრამ ზოგი არ გაუშვეს, გაათათრეს არაგვის ერისთავი გიორგი, ერისთავი დავით, ციციშვილი ვახტანგ, ციციშვილი პაპუნა, აბაშიშვილი დავით, ზურაბიშვილი ზურაბ, წინათ თათარი იყო თამაზ სარდალი და მისი შვილი კაცია, ყანდაარის ხანი ამისავ გვარისა იყო - ყაფლანისშვილი. ამისთვის გამოითხოვა და თან წაიყვანა მამუკა, ამისივე შვილი ქართლში გაისტუმრეს და დარჩნენ მეფეს გიორგისთან ეს გათათრებულნი და სხვანი თავადნი ორასიოდენ კაცნი. რა ნახევდა მეფეს გიორგის ყეენი, პატივსა და წყალობის სიტყუასა არ დააკლებდა, უნდოდა ჴელმწიფეს წყალობა. მაგრამ დრო და სოფელმან არ მოახდინა. გამოხდა წელნი სამნი და მიიცვალა ბატონი შვილი ლუარსაბ, შეექნათ ძმებს მწუხარება და ჭმუნვა დიდი.
იქმნა წყალობა ღუთისა და განადიდა უშურველი წყალობა მისი. დაუძახა მეფეს გიორგის ჴელმწიფემა, ქ~კონს ტპზ [1701], გიორგობის თვის კ. დაუწყეს სმა და დახუდა ჴელმწიფე მოცინარითა პირითა, დაისვა ახლოს თავისა და უბოძა ღვინო თავისა ჴელითა, ილაღობეს მხიარულად თჳთ ჴელმწიფე კარგი აზნაურშვილი იყო, მაგრამ მეფის ხუმრობას და სიტყვის მარჯვეობას არა გაეწყობოდა-რა. უბოძა ქირმანის ბეგლარ ბეგობა და დაარქვა სახელად მამისი, შაჰნაოზ. არად ინება მეფემ გიორგიმ ქირმანი, რომ საქართველოს პატრონი იყო და ქირმანი იუკადრისა, მოახსენა უარი, მაგრამ არ მოეშვა ჴელმწიფე, დაუჭირა ხელი ხელითა და აღარა გაეწყობოდა-რა, აკოცა მუხლსა, იამა ხელმწიფეს დამორჩილება მისი, ორნივე დიდად დაითრივნენ. ხან ყაენი დაუსხემდა ღვინოსა, ხან მეფე. წამოვედით მხიარულად, შეგვექნა სიმხიარულე, არა ქირმანისათჳის, არამედ საქმისა და წყალობის გამობრუნებისათვის. მეორეს დღესა მოვიდნენ ბეგლარნი და მოულოცეს წყალობა ჴელმწიფისა და მოართვეს მოსართმევი მრავალი, ვის უნდოდა და ვის არა. მესამესა დღესა დაუძახა ბატონიშვილს ლევანს, უყო წყალობა და ნაიბობა ქირმანისა და გაგზავნა ჩაფრათ. თურე ქირმანის ქუეყანა ბულუჯთაგან აოხრებული იყო, რადგან ეს მტერი ჰყვანდათ, მაშ, ღმერთო, არ ავად მოიგონეს ქირმანისა ამათი მიცემა.
წაბრძანდა ბატონისშვილი ლევან, თან იახლა ჩხეიძე სეხნია. გაატანა მეფემ გიორგიმ აბაშიშვილი დავით და ათიოდ სხვანი. ვიარეთ ოცისა დღისა სავალი, ჩავედით ქირმანსა. ქალაქი იყო მშვენიერი და მოგვეგებნენ წინა ჯარი და მოქალაქენი, შეექმნათ სიხარული შველისა მათისათვინ. გამოხდა დღენი თორმეტი, მოვიდა ამბავი ბულუჯთა ჯარისა: "წამოვიდა მირ-ხოსრო-შაჰ ჯარითა მძლავრითაო, მოვა დასარბევლად ბანდარისა ქვეყანისასო". რა ვისმინეთ ამბავი ესე, ჰკრეს ნაღარასა, შევსხედით, ვიარეთ მცირისა ჯარითა, ვიარეთ სახელსა ზედა ღუთისასა, ვლეთ დღე და ღამე, მეათექვსმეტსა დღესა მივედით ქანუ დინარსა, სამძღვარსა ბანდარისასა. დავდექით. დღესა მეორესა მოვიდა ყარაული ჩუენი და მოგვითხრო ამბავი: "დაარბია ბანდარის მამულები ხოსრომაო". უკანვე საშოვრად დამდგარიყო და ორი მისი სარდალი და ნაშოვარი გამოესტუმრებინა. მოვიდა ამბავი ჩამოხდომისა მათისა ადგილსა კლდოვანსა. გვიამბეს ლაშქრისა სიმცირე, ორი ათასითა კაცითა ორნი სარდალნი არიანო. ჰკრეს ქნარისა, ვახსენეთ სახელი ღუთისა, დარჩომილ იყო დღისა ორი საათი, შეჯდა ბატონიშვილი ლევან, მზემან ღუთისამან, ასე სიხარულით მივსდიოდით, ვითარცა ქორწილსა შინა წვეული ვყოფილვიყავით, მაგრამ ჩვენის ჯარის სიმცირე გვიმძიმდა. ახლდა თათარი ავ-კარგათ ექუსასი ოდენ, ქართველნი ორმოცნი. ბრძანა პატრონმა ჩვენმა ლექსი: "უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებან ხმელთა სპანი". გვესწრა ღამე და მოვადეგით, სადა ბულუჯნა ჩამომხდარ იყუნენ, ადგილსა კლდოვანსა და გარე აქლემი შემოეწვინათ და თვითან კლდე იყო მაღალი, იმაზე იდგნენ. რა შემოვადექით გარე და დავიწყევით რაზმი ღამე იყო. რა შეიტყვეს მისვლა ჩვენი, არად გვახსენეს და არც დაიძრნენ, თავად ჯარის სიმცროსათვის და მერმე მრავალ ჯერ ამოეწყვიტათ და გაექციათ ყიზილბაშნი. რიჟრაჟსა ოდენ ჟამსა გამოხდა ჴმა მათ ყარაულთაგან, უხმეს ჩვენ ყარაულთა: "თქვენ საბრალოთ აშენებულნო, ვის მოუცთუნებიხართო, თუ კიდევ მამადალი ხან მოსულაო, სამჯერ ჩვენგან გაქცეულაო, წამოსულაო, ჯარი მისი ამოგვიწყვეტიაო, საქონელი გაგვიყვიაო. იშალა, კიდევ აგრე იქნებაო, თუ გათენდაო". მისცა პასუხი ჩვენმა ყარაულმა გინებით: "მოვიდა რისხვა ღუთისა თქვენ ზედაო, მობრძანდა საქართველოს ვალი ლევან, ახლავს ქართველნი ჯარი კაცის მჭამელნიო". შექნეს თურმე დიდი ჭმუნვა, ეს კი არ იცოდენ, არც ოცი ქართველნი გვახლდა, თითოს ქათმის შეჭმაც არ შეგვეძლო, მაგრამ ჩვენმა ყარაულმა კარგი ტყუვილი გამოიყენა. შეგვექნა ჩვენ აქ სიცილი. რაც ცამან სინათლე გამოავლინა, ვილოცეთ და დავსხედით უკეთესსა ცხენსა, სეხნია შესვა თავისა წინა სძღოლსა ტაიჭსა, არ ავად მოიხმარა. რა გავიცანეთ ერთმანერთი, შეგვექნა სროლა, თურე ღამით ასე ახლოს მივსდგომოდით თოფი გვწვდებოდა. მოახსენა სეხნიამ პატრონსა მისსა: "ცოტა სადავის აწევა და ცხენის უკან უკუდგომა". გაუცინა: "აღარ ეგებისო". რა არ დაიშალა, დაუდგა გარდიგარდმო, გარდაივლო ხელი ქარგადანსა, ფარსა და მიიცა ღლიასა, მოუხდა თოფი ფარსა, გავარდა შიგან, მოხუდა ბატონთან მდგომელს ცხენისა კისერსა და დაეცა ცხენი. დიდსა კლდესა ქვეით გორა იყო მომცრო, სამი კაცი იმაზედ ჩამოგვეპარნენ, იმათ თურე გვესროლეს. გაიხტუნა ჯაფარ ბეგ ცხენი, გაჰყვა მსახური ერთი, მიუხდა ძირსა, გაუშვეს ცხენები, აუხდენ ორნი, პატრონ-ყმანი, დასჭრეს ორთა თავები, ერთი გაექცა, სანამდისინ ცხენს დავსძრევდით. მოართვეს პატრონსა ჩვენსა თავები. ის ჯაფარ ბეგ იყო მეფის შაჰნაოზის ვეზირისა შვილი, ვაჟკაცობის იადგარი. უბრძანა მადრიელობა და წყალობისა სიტყუები. გაჭირდა ომი, ვიდრე შუადღემდინ, გვიბძანა პატრონმა ჩვენმან: "აწ ვნახოთ ვაჟკაცობა თქვენი". მოვქუსლეთ ცხენი, შევერიენით შიგა, თქვენმა მზემა და თავმან პატრონისა ჩემისამან, სანამდისინ პატრონი მოუსწრობდა ჩხეიძემ სამი მოკლა შუბით... იჯდა თეთრსა ტაიჭსა ბატონი, შემოერია შიგა, ზენარმან ღუთისამან, ასე შეერია შიგა, როგორც ლომი თხასა შიგა გარეულიყო. გაიკრა ისარს ჴელი, მოკლა სამი კაცი. მოუხდა ერთი ბულუჭი, შემოსტყორცნა თოფი იღლიას, თურმე კაბაში გავარდა. მოუხდა სეხნია, შემოსცა შუბი მარცხენას ღლიასა და თქვენმა მზემა, მარჯვენა ღლიაში გაავლო. ძლიერებითა ღუთისათა გაგვემარჯვა, გაგვექცნენ, ცოტა რამე კლდე და სიმაგრე იყო, შეგვესწრენ იმას ზედან. ავივსენით ნაშოვრითა, მრავლითა საქონელითა. მოიჭრა თავი მათი ათას ხუთასი, ჩვენის ჯარიდამ დაგვკლებოდა ას ორასი. თუცა გენახავნით მცირე პატრონ-ყმანი, არ ავად ვიყვენით. წამოვედით გამარჯვებულნი, მოვედით იქავ ქანუდინარსა, მოლოდინი გვქონდა. ხოსროშას თურე ამბავი მისვლოდა ჩვენისა გამარჯვებისა და გვერიდებოდა და წასულიყო მანიჟავის ღელეზედა. გზა საჭირო და გრძელი იყო, თჳით პატრონმა ჩვენმა აღარ ინება გამოდგომა მისი, უთავა ჩხეიძე სეხნია და აღარ (წაბძანდა თვით), გაატანა ორასი ამორჩეული თათრის ჯარი, გარდაუსწრეს მანიჟავის ღელესა, შეექნათ სროლა, გაიქცა ხოსრო, დარჩა ნაღარახანა. მოიჭრა თავი მათი ასი. მოვიდა გამარჯვებული პატრონთა მისთა, შეიქნა სიხარული დიდი, უბოძა საბოძვარი უშურველი და შემოსა ყვითლითა ზარბაბითა, მიანიჭა საშოვარნი ლაშქართა და გაუყო მცირესა და დიდებულსა. გაგზავნა ჯაფარბეგ მახარობლად ყაენთანა და ძმას მისთან მეფეს გიორგისთან ისპაანს.
ქ~კონს ტპჱ [1700], თებერვალს ია, წამოვედით ქალაქსა ქირმანისასა, მივიახლენით ერთისა დღისა სავალსა, მოუვიდა ჴელმწიფის წყალობა უშურველი, ხალათი, ხმალი, მურასა ცხენი ოქროთა შეკაზმული, ინამი |და წყალობა| და სიმხიარულე აუარებელი, მოლოცვა გამარჯვებისა. მივედით, მოგვეგებნენ მოქალაქენი, შეასხეს ქება, ღუთისა თაყვანის ცემა: "კურთხეულ არს ღმერთი, რომ ჩვენად მეშუჱლად გამოგაჩინაო და დაგვიხსენ მტერთა ხელთაგანო." დავყავით ხანი სიხარულსა შინა, ინადირის, გაიცემოდის, სამართლობდის. გამოხდა ხანი მცირედი, წამობრძანდა მეფე გიორგი ისპაჰანიდამ და მობრძანდა ქირმანს მაისის ე, შეგვექნა სიხარული დიდი და მიგებება ჯარისა ორისა დღისა სავალსა. შეიყარნენ ძმანი, მოულოცა გამარჯვება. ამას ბძანებდი თვალი კაცისა ამათთანას რას ნახავსო. ჩამოვედით ქალაქსა, ჩამოჰყვნენ ქართველნი თანა არაგვის ერისთავისა და პაპუას გარდა. გამოხდა ხანი რაოდენიმე, მოვიდა ჩაფარი ჴელმწიფისა, ეთხოვნა ქსნის ერისთავი, თუმე ქართლში ქსნის ერისთავი მოეკლათ თავის ყმათა, ძმისწული ამ ერისთავისა, რა მივიდა, უყო ჴელმწიფემან წყალობა, უბოძა საბოძვარი და მაჯმა ოქროსი და ერისთობა, გაისტუმრა ქართლში.
გამოხდა თვე ერთი. მოვიდა ამბავი: "ბულუჭნი და ავღანნი შეიყარნენო და მოდიანო". თურმე ბიაბანსა შიგან ასრე გაევლოთ, ვერა ვცანით რა ამბავი, წასულ იყუნენ ქუეყანასა ქაშანისასა, დაარბიეს გარეშემო ქაშანისა, პასუხის მიმცემი არავინ ჰყვანდათ. გასწყრა ყაენი და გაუსია ჯარი, ვერ ევნოთ-რა, გაექციათ და მოეწყვიტათ ჯარი ყაენისა. დაყვეს ბულუჭთა თვე ოთხი ქუეყანასა ქაშანისასა, არბივეს და მოსწყვიტეს მრავალნი სული და წამოვიდნენ ჩვენისა ქვეყანისაკენ. მოვიდა ყაენისაგან ბძანება და მოეწერა წიგნი მეფეს თანა: "დამირბიეს ქუეყანანი და ამამიწყვიტეს ლაშქარი, წამოვიდნენ ქვეყანისა შენისაკენ, გამოაჩინე ლომგულობა შენიო, ნუ გაუშვებ მაგათ უზიანოთო". ვითარცა ბძანებაც არ მოსულიყო, წესი მისი იყო, სითკენაც მტერი გამოჩნდის უომარი არ გაუშვის. გაგზავნა ყარაულნი, მოვიდა ყარაულთაგან ამბავი: "წამოვიდნენ და მიდიან გზასა სისტანისასაო". შეგვექმნა სიხარული და გააყენა ბატონისშვილი ლევან და შეიყარა ჯარი ქირმანისა, ჩავედით ბამს, იყო ქირმანიდან ექუსი დღისა სავალი. რა სცნა მეფემან იმა გზაზე ჩამოვლა, წამობრძანდა ქართველთ ჯარითა, ჩამობრძანდა ბამსა, ვიარეთ თავმან თქვენმან, ხან ოცს აღაჯს გავივლიდით, ხან უფროსსა, ვიარეთ და მეოცესა დღესა მივეწივენით, ფირიქეს თურმე ჩამომხდარ იყუნენ. იყო ბიაბანი, შენობა არსადა, წყალსა სადაცა ვნახევდით, ამას ბრძანებდით მლაშე თევზის წვენი არისო. მოვიდა ბძანება ღუთისა, დავადასტურეთ მათი დგომა, გაისტუმრა მეწინავეთ მეფემან ძმა და აახლო ქირმანის ჯარი და ზოგნი ქართველნი. მეოცესა დღესა, რა ქვეყანის მაშვენებელმა ცამა სინათლე მოგუცა, ვილოცეთ, ვახსენეთ ღმერთი, ვეზიარენით ქართველნი, შევსხედით უკეთესთა ცხენთა, მოვადექით წინადამე. რა სცნეს მისვლა ჩვენი, ვეღარ აიყარნენ და მოვიდნენ სიმაგრესა, კლდე იყო მაგარი, მის კლდესა ზედან ნაშენები ყორე ქვისა, მის დაბლა გორა ორი, მისგან უმცროსი. ვახსენეთ სახელი ღუთისა და შემოვადექით, ვკარით ქოსსა და ნაღარასა, ქვეით ბატონიშვილი და ზეით მეფე, შეგვექნა სროლა, და ამა სროლასა შიგან მოვიდა ხანი სისტანისა, შემოეთვალა: "ბრძანება თქვენი ვისმინეთ და რომელსა მხარსა ბრძანო მიხუედო". გვიამა მოსულა მისი, არა ავ დროს მოვიდა. უბრძანეს მარცხენასა მჴარისა შემოდგომა. არ ავად მოვიდნენ, თუცა ბოლო გაეტარებინათ. თქვენმა მზემან ამას ბრძანებდით უთუოდ სიმაგრე აიღესო, დაუძრეს ცხენთა, მოადგნენ კლდესა, გარდაიჭირნენ ცხენიდამ, გაიკრეს ჴელი ჴმალთა, შეებჯინნენ ქვეითათ. შეგვექმნა ჩვენ ქართველთ ჭმუნვა, შეჰვქენით წევა, ვითარცა იმათი ჯობნა გვეთაკილა. დაგვტუქსეს პატრონთა ჩვენთა. რა მიეწურნენ წამოეშალნენ ბულუჭნი, თავმა თქვენმა და მზემან პატრონისა ჩვენისამან, როგორც მაღლიდამ ჴელით ქვა კაცმა ჩამოაგდოს, ყველანი ისე ძირს ჩამოცვივდნენ, შეგვექნა ზოგთა სიხარული, ზოგთ წყენა ლაშქრისა დამარცხებისათვის. იყო ომი დიდი და იხოცებოდიან თჳთ ისინიცა და მცირედნი ჩვენიცა. გაჭირდა ომი, გაიყვანა ცხენი მეფემან, დაიგრგვინა, ვითარცა ცამან. დაუძახა ქართველთა: "აწ ვნახო ჭაბუკობა თქვენიო", ეგრეთვე ბატონის შვილმა. თავმან თქვენმან ომად კმა იყო. მივქუსლეთ და დავერიენით შიგას, არ ავად იყუნენ ისინიცა, არც ხმალ მოუქნეველნი დაგვრჩომიან, გაგვემარჯვა, ამოვწყვიტეთ, ავივსენით ნაშოვარითა მათითა. წამოდგა ერთსა გორასა მეფე და ერთსა ლევან და შუაში გვქონდა ცემა, თავის-ჭრა. იყო იმათში ერთი მხნე და მომაღლო კაცი, შერჩომოდა ჴმალი ერთი, გადმოიჭრა მაღლიდამ, მოუხდა სეხნია ჩხეიძესა, შემოკრა ქარქაშსა, გაუწყვიტა ბოლო ქარქაშისა, მაგრამ მუხლს ვერა ავნო რა. აიჭრა ვითარცა ვეფხი და ჩამოაგდო ხმლით ორი თათარი. ვინ უყურებდა ერთს კაცს, აქ ცემა იყო, წავიდა მინდორსა შიგან. ამას შიგან მოვიდა ზურაბისშვილი ზურაბ, მოულოცა ბატონისშვილს გამარჯვება. იმათ ნახვა უბრძანა ერთმანერთსა: "უყურე იმ ერთს კაცს ლამის მოგვრჩესო". მოახსენა ზურაბ: "მე მზა ვარ სამსახურად". უშალა ბატონისშვილმა "თავად მაშვრალი ომისაგან და მერმე შორს დარჩომისაგან.“ არ დაიშალა. იარა, რა მიწევის დრო შეიქმნა, თურე ერთი ქირმანელი კაცი წამოსდგომოდა, მოუხდა მოგანებით, შეკაზმული ქარქაშითა, ცხენითა მალითა. მოიცადა იმა კაცმა, რა მიეახლა, შემოუტია, ჰკრა ხმალი მარცხენასა მხარსა, ასწია ფეხსა, თქვენმა მზემა, როგორც კატა ისე ცხენიდამ ჩამოიღო, არა დაჭრილობა ჰქონდა. ეს გვიკვირდა, თუ ისე ჯაბანი კაცი იყო, რას მისდევდა. შეგვექმნა გინება და ზრახვა მის კაცისა, შეჯდა ბულუჭი ცხენსა მის კაცისასა, ასე ბრძანებდით შავარდენსავით გაფრინდაო, დარჩა ზურაბ მიუწევარი, ვითარცა ცხენი დამაშვრალიყო და აღარა გაეწყობოდა-რა. რა გამობრუნდა, თურე კიდევ ჩვენგან ოთხნი ბულუჭნი წასულიყო და თუთხმეტი თათარი ცხენკეთილნი უკან მისდევდა, თავმან თქვენმან და მზემან პატრონისა ჩემისამან, რომ ეს ოთხნი გამოუბრუნდებოდნენ ამ თხუთმეტს გამოიქცევდა ისინი ქვეითნი მისდევდნენ და ვერა ავნეს რა. რა ნახა ზურაბ ამ ყოფაში არიან, შემოუტია, ჰკრა ერთსა შუბი და მეორეს-ზე იცა, ორნივ წაიქცნენ, ჰკრა მესამესა შუბი, თქვენმა მზემა, გავლო შიგა და მიწას დააბა იგი კაცი, გატყდა შუბი და გაიკრა ხმალსა ხელი, მიჰმართა მეოთხესა, არა ავად იყო იგი კაცი, შემოუვარდა ცხენს ქვეშ, შემოჰკრა ხმალი ზურაბს ავჟანდასა, გაუჭრა ავჟანდა, ფეხს ვერა ავნო-რა. გაიხტუნა ცხენი, შემოჰკრა თავსა ბულუჭისასა და ჩაჰკვეთა კისრამდის, დასჭრეს ამ თხუთმეტმა კაცმან თავები და მიართვეს ზურაბს და მიულოცეს გამარჯვება. არად ინდომა: "თქვენი იყოსო, მე მოგეხმარეო", იმათვე მისცა. მოვიდა წინაშე მეფისა, იამა ნახვა მისი და გამარჯვება. გარდავხედით ნაომარსა ადგილსა, მაგრამ დამაშვრალი უწყლობითა. მას ადგილსა წყალი არა იყო. შევსხედით ცხენსა იმავე საღამოსა. ხანი სისტანისა ბელადი იყო და ადგილი მისი, გვითხრა წყარო არის აღაჯსა ორსაო, იქ უნდა დავდგეთო. გვიამა და შეგვექმნა სიხარული წყაროსა მისთვის, გვეგონა ქართლის წყაროს მსგავსი იქნებისო. ვიარეთ აღაჯი ორი და დაეცა ბინდი, მივედით ადგილსა მას, საცა წყარო გვითხრეს, შევქენით ძებნა წყაროსი. გვაჩვენეს, ვნახეთ, ღმერთმან თქვენ მტერს მისცეს ის წყარო იყო, ასეთი მარილი ედვა ნადინარსა მის წყლისასა, თავმან თქვენმან, კურდღელი მოიკლვოდა. წყალი იყო მწარე მარილისაგან, შეგვექნა ზოგთა სიცილი და ზოგთა მის ხანისა გმობა, მაგრა რა ღონე იყო, დავდექით მას ღამესა იქი და რა გათენდა დაჯდა მეფე კარავს შიგან, მოართვეს ნაშოვარი და თავი ბულუჭთა შვიდას სამოცი. იმ ერთის კაცის მეტი არ მოგვჩომიაო. უბოძა ნაშოვარი ლაშქართა მისთა.
მოვიდა ყარაული ჩვენი და გვიაბო ამბავი: "უკან კიდევ ჯარი მოდისო". თურმე ესენი გაყოფილ იყუნენ და ნაშოვარი გაეყოთ, ესენი ბულუჭნი იყუნენ და უკან ავღანი დამდგარ იყუნენ. რა ვსცანით შეგვექნა სიხარული, ვახსენეთ სახელი ღ~თისა, ჰკრეს ქანარასა, შევსხედით, დავაწყევით რაზმი, მინდორი იყო თვალთ უწდომელი, შემოვიარეთ წინა ერთსა უდაბურსა ადგილსა და იმავ მინდორსა შიგა გორა კლდიანი დიდი და გრძელი და გარეშემო მინდორი. ძირსა მას კლდისასა დააყენეს ნაშოვარი და შემოვადექით გარე. შეგვექნა სროლა წინასაგან უმწარესი. დარჩომილ იყო დღისა სამი საათი, ოდენ დაეწურა მზე, გვიბრძანეს პატრონთა ჩვენთა: "ლაღობა ნუ გგონიათო". დავიქვეითეთ, შევუცვივდით, ზენარამან ღუთისმან, არც ერთი კაცი არ მოგვირჩომია, ამოვსწყვიტეთ, ავიფორიაქეთ ნაშოვარი მათი, გარდავხედით მოსვენებად. დავჰყავით მას ღამესა იქა, რა გათენდა, მიართვეს თავი ხუთას ორმოცი. აქაცა და იქაცა ააშენებინა თავების მინარა, თითო ოც-ოცი წყრთა. ავიყარენით და წავედით. დახვდა ხანი სისტანისა. გვიმასპინძლა, რაც ოდენ ბიაბანს გაეწყობოდა. მაგრამ წყალი ჰქონდა. უბოძა მეფემან შესამოსი მძიმე და გამოგვესალმა. თურე სისტანი ორისა დღისა სავალი დარჩომილიყო. ჩვენ წავედით დიდისა სიხარულითა, ვიარეთ ბიაბანი. თავმან თქვენმან თხუთმეტს დღეს ცხენს ბზე არა ჰქონია. ბიაბანსა შიგან სიარულმა შეგვაწუხა, თვარა სასიხარულო დიდი გვქონდა, თავად გამარჯვებისა და მერმე ამიტომ იმ ალაგების ნახვისათვის, ის ალაგები გზათაც არავის გაევლო, არათუ საომრათ ვინ წავიდოდა. ვიარეთ თვე ერთი, გაგზავნა მახარობელი ყაენთანა და შემოვიქეცით ქალაქსა ქირმანისასა. შეექნათ სიხარული დიდი და ჯარითა მის ქალაქისათა შეექმნათ ჯართაგან მეფისა ნახვისათვის. ამისთვის ასხემდენ ქებასა და ლოცვიდენ: "კურთხეულ არს ღმერთი, რომ თქვენ მაგისთანა კაცნი დაუბადებიხართ და ჩვენთვინ გამოგარჩივათო". შეიქნა იმა ქვეყანასა სიმშვიდე და ნაოხართა შენობა, განისვენებდა მეფე ჩვენი სიმხიარულითა დიდითა, მეჯლიშითა და ლხინითა.
გამოხდა დღენი რაოდენნიმე, მოვიდა ჴელმწიფიდამ წყალობა და დამადლება დიდი და ებოძა თაჯი და ჯიღა მურასა, ხმალი და ხანჯალი, შემკული თვალითა და მარგალიტითა. ცხენი ოქროს უნაგირითა, თეთრათ ორი ათასი თუმანი, ხალათი მძიმე სიამურის ქათიბითა რაც დარბაისელნი იყუნენ თავ თავისთჳნ ინამი და ხალათი ორმოცდაათი, გვქონდა მორჭმა და მოვლენა, ლხინი და ნადირობა, ბურთობა და ყაბალაზედ სროლა. ამავ ქორონიკონს ამათზე გაგვემარჯვა გიორგობის თუეს ით.
ვითარცა გამოხდა თთვენი ხუთიღა. მოსულ იყუნენ ავღანნი, დაერბიათ ბაღდადი. მოგვივიდა ამბავი, ვახსენეთ ღმერთი, ვიარეთ და ჩავედით ბამს, აღარ ინება მეფემ წაბრძანება, აღარც ქართველთ, ამიტომ ცოტანი იყუნენ. უბრძანა ბამელსა უსეინ ბეგს, კაცი გამოცდილი და მხნე იყო, აახლო ქირმანის ჯარი. გაევლოთ ავღანთ გორგი ბიაბანი, მიეწივნენ რუდმაისის, ასე ამოეწყვიტათ, მზემან პატრონისა ჩემისამან, არცა ერთი ცოცხალი ვერ მორჩომოდათ.
გაგზავნა მეფემ გიორგიმ კაცი ხოსრო შაჰსთან მოსულისა და შერიგებისათვის. უბოძა წიგნი და ფიცი: "არა გევნოს ჩემგანაო წყალობის მეტიო", ისმინა ბრძანება მეფისა, მოვიდა ჯარითა კარგითა, მოჰყვა მელიქი ბუფულისა, დასდვა პატივი მეფემ მირხოსროს. არა ავი კაცი იყო, მობერკაცო შვენიერი, ეტყობოდა ჭაბუკობაში გაზდილობა, შეჰფიცა მეფეს ფიცითა მტკიცითა, უბოძა შესამოსი მძიმე და ზარბაბი ხუთი, ცხრა და მსახურთა მათთა თავთავისად, მოვედით ჩვენსა ქალაქსა.
ქ~კს ტპთ [1701], ებრძანა ყაენსა და დაებარებინა ბატონიშვილი ლევან. წაბრძანდა ქირმანიდამ, რა მივიდა ისპაჰანს მასვე დღესა ნახა ყაენმა, დახუდა მხიარულისა პირითა, ჰკითხა ამბავი ძმისა და გამარჯვებისა. მოახსენა რაც ოდენ ჴელმწიფეს მოეხსენებოდა, დაჯდა ნადიმად და შექნა სიმხიარულე, უბოძა თავისის ჴელით ღვინო და მდივანბეგობა ერანისა და დაარქვა სახელი შაჰყულიხან.
გამოხდა მცირედი ხანი. მოახსენა ჴელმწიფესა: "ჩემი შვილი შენი ყულიაო, სხვის საბატონოში პურს რატომ ითხოვდესო, მიყავ წყალობა და რაც ქართლში საუფლისწულო მქონია, მიბოძეო". ისმინა მოხსენება ყაენმა და მისწერეს რაყამი მეფეს ერეკლეს. ისმინა ბრძანება ჴელმწიფისა, აახლეს კაცი ბატონიშვილს ვახტანგს. იქავ იმერეთს, ხარაგეულს ექნა ქორწილი ჩერქეზის ბატონის ასულს რუსუდანზედა და ესვა ძე ერთი ბაქარ, გარდმოვიდა სურამს, შეექნათ მათ ერთგულთა სიხარული და ორგულთა წყენა. დაჰპატიჟა მეფემ ერეკლემ, იდგა მეფე კოჯორზედან. რა ნახა დასდვა პატივი შვილურად და შეიყვარა ძმათ და შვილად. უბოძა საბოძვარი მრავალი და ხმალი მურასა, შეარტყვა წელსა მისსა. ნახევდიან ლხინსა და უკუჰყრიდიან.
გამოხდა ხანი რაოდენიცა. მოავლინა ღმერთმან უშურველი მისი წყალობა, უბოძა ყაენმა შაჰ სულთან უსეინ მეფეს გიორგის ქართლი და ერანის სპასალარობა, ყანდაჰარის ბეგლარბეგობა, გირიშკი. გაუგზავნა კაცი ქირმანს, უბრძანა ყანდაჰარის გარიგება, იქაც ებრძოდა მირ სამანდარ და აეოხრებინა ყანდარის ქვეყანა და მოეკლა თამაზ სარდალი ომში და გამოქცეულ იყო ხანი ყანდაარისა მასულ-ხან სარდალი, რომ გაჰყვა ბრძანებასა ჴელმწიფისასა, რა გაეწყობოდა. შეგვექნა სიხარული ქართლის შოვნისათვის, მაგრამ ყანდაარს წასულის მოწყენა.
დაიბარეს ქართლიდამ მეფე ერეკლე. წაბრძანდა ისპაანიდამ საქართველოს ნაიბად ბატონი მდივანბეგი ქ~კს ტჟა [1703], და დააგდო ძე მისი ქაიხოსრო ნაიბად მდივანბეგისა კარსა ჴელმწიფისასა. თვით ყმაწვილი იყო, მაგრამ ცოდნის იადგარი. თქვენმა მზემა და თავმან მისმან, ასე გაუძღვა ერანის მდივანბეგობას, რომე დიდი და მცირე გააკვირვა. შეიქნა ხელმწიფისა კარგი ყმა და სდევდა პატივსა უშურველსა.
იარა მდივან ბეგმა დღენი რაოდენიმე. რა თავრიზს მიბრძანდა, ქართლიდამ მოვიდა მეფე ერეკლე. შეიყარნენ ერთად, გარდაეჭვდენ ერთმანეთსა, დახუდენ ძმურად. დაპატიჟეს ერთმანეთსა, ნახეს ლხინი სიმხიარულისა, მიართვეს ერთმანეთსა მისართმევი, გაიყარნენ, ჩაბრძანდა მეფე ერეკლე ისპაანს, დახუდა ჴელმწიფე მხიარულად, მიაპყრა წყალობა და უბოძა ყულარაღასობა და ძესა მისსა იმანყული ხანს, წინათ ერქვა დავით, მისცა კახეთი, მეორესა ძესა მისსა ხარჭას, კონსტანტილეს უბოძა ისპაანის ტარუღობა, ამასაც წყალობაები უყო. დაუნაშავებელი იყო და ნამსახური, რადგან სამკვიდრო კახეთი მიეცა, ქართლს არას ნაღულობდა, თავ-თავისი სამკვიდრო და საბატონო ორთავ დარჩათ.
აქეთგან მიბრძანდა ბატონიშვილი მდივან ბეგი შაჰ ყულიხან. რა სცნა ბატონიშვილმა ვახტანგ, შეიყარა ქართველთ ჯარი, მიეგება ტაშირზედა, დადგა იქით მდივანბეგი და აქეთ ძე მისი, შეიქნა მისალმება, მივიდიან ერთმანეთსა დარბაისელნი, აკოციან მუხლსა და თავთავის ალაგს დადგიან. რა გათავდა ჯართ სალამი, მიბრძანდა ძე მისი, გარდახდა ცხენიდამე, მოეჭდო ყელსა ძისასა. შეიქნა ტირილი, თქვენმა მზემა და თავმან ამათმან, ასე ბრძანებდით არც სანახავი და არც დღე ამის უკეთესი იქნებისო.
მობრძანდა ქალაქსა ტფილისისასა მკათათვის კ. მოეგებნენ მოქალაქენი სიხარულითა დიდითა, შექნეს სიხარული დიდი და გარიგება ქართლისა, როგორცა თვით პირველად ყოფილიყო.
გამოხდა ხანი მცირედი და მოუვიდა ქირმანიდამ მეფის გიორგის ამბავი ძმასა და დაებარებინა ქართველთ ჯარი. შეყარა ქართლის დარბაისელის შვილები და უთავა ყაფლანის შვილი ვახუშტი და გაგზავნა ჯარი ათასამდე. ენკენისთვის ი ჩავიდა ჯარი ქირმანს, მოაგება მეფემ გიორგიმ ვინცა ვინ ქართველნი დარჩომილ იყუნენ, ქმნა მეჯლიში თალარსა ქირმანისასა, ნახა ლხინი და გასცა საბოძვარი მრავალი.
გამოხდა თთვენი ათიღა და ქ~კს ტჟბ [1704] აახლო მდივანბეგმან ძმასა მისსა მეფეს გიორგის ფეშქაში. გაგზავნა ჩხეიძე სეხნია, ვითაც ბევრს გარჯილი იყო და თან მოყოლილი იცოდა ამბავი მის ქვეყანისა. წავიდა აპრილის კ~გ. ამა მისვლაზედ დახუდა ტკბილად და მისად უღირსად მეფე.
ამავე ქ~კსა მაისსა ბ. წაბძანდა მეფე გიორგი ქირმანიდამ ყანდაარს. გავებით ბიაბანსა გიორგისასა. მაგრამ სიცხის ამბავი რის შესადარებელი მოგახსენო, ან გაძლება ქართველთა. მზემან ღუთისამან და თავმან პატრონისა ჩემისამან, ზარბაზანი იდვა სევანს წინა, ტყვია გააპტყელეს და დასდვეს ზარბაზანსა ზედა და ორ საათს შუადღეს უკან ტყვია დაადნო. თვით მეფე იჯდა სევანსა შიგან და შიგან იდგა ალაჩუხი საიისა, ედგა გვერდსა საწერელი, მიახლო ხელი და ამოიღო მაკრატელი, ასე გაცხელებულიყო, თავმან მისმან, ხელი ვეღარ გაუყარა ქაღალდის წასაჭრელად. ამა სიცხისა გაძლებასა მეფისაგან, ზენარმან ღუთისამან და მზემან მისმან, ამას ბრძანებდით, იმის სილომე კაცი, რაც ფერმან შეაწუხოს. იყო წესი მისი, როიცა სამწუხარო საქმე იყვის, მაშინ უფრო გამხიარულდის. ჩემგან ქება არ გაეწყობოდა, რადგან ქება მიუწდომელი იყო, მაგრამ მე ასე ვჰგონებ, დედათა ნაშობი მჯობი ამისი არა იყოს ქუყანასა ზედან.
ჩაბრძანდა ყანდაჰარს თიბათვის კდ. მოეგება ჯარი ყანდაარისა და მასულ ხან. შეექნათ სიხარული დიდი ამისთვის, როგორც ქირმანის ქუეყანა მოარჩინაო მტერთა ხელთაგანაო, ღუთით ჩვენცა ისე გვიშველისო. მიბრძანდა ციხესა ყანდაარისასა. ციხე იყო მაღალი და ძირს გალავანი ევლო, სამი კარი ჰქონდა ოთხს კუთხესა. შიგან ქალაქი, სასახლე და ბაღები შვენიერი, ჩანგიყალა მაღალსა კლდესა ზედან აყვანილი, ციხისა ქება და სიმაგრე თუ არ ნახვით, თვარა დაუჯერებელი. ერთის მხრისაკენ წინ ხანდაკი, ზურგით კერძო სულ მინდორი, კლდე გრძელი და სიგრძე აღაჯი ერთი, სიმრგულე, ადგილი კარგი, გარეშემო სანადირო და უკუსაყარი. მაგრამ ქალაქი ცხელი, საღამო ჟამს ასეთი ქარი მოვიდის ცხელი, რომ პირს ვერ შეაქცევდენ, და მინახავს აქაურის სიცხისაგან კვერცხი სპილენძის თეფშზე გათქვეფილი და დასხმული მზისაგან შემწვარ იყოს და ციხის სალს კლდეზე პური მიეკრათ და გამომცხვარ იყოს. სხვა ქება რა მოგეხსენებათ. ამაშიგან გაარიგა ყანდაარის მამული ვინც ურჩი იყუნენ დაიმონა და ერთგულს წყალობა უყვის.
გამოხდა წელნი ერთიღა. დაიბარა ყაენმა ქართლიდამ მდივანბეგი შაჰ ყულიხან და წაბრძანდა, ძე მისი იესე თან წაიყვანა, ძე ბატონიშვილი ვახტანგ გამგებლად საქართველოსად დაადგინა. რა ჩავიდა ყაენთან იამა მისი ნახვა და ძისა მისისა, მოეწონა სიმხნე და სიმშვენიერე მისი, გამოხდა მცირედი ხანი და ხელმწიფემ გაუგზავნა ბიძას მეფე გიორგის ბატონიშვილი იესე, რა მიეახლა ყანდაარს, მოეგება ქართველთ და ყიზილბაშთ ჯარი დიდისა დიდებითა, შეიყვანა, დახუდა მამაშვილურად, რა ნახა გარდაეხვია. თავმან თქვენმა ერთი სასიამოვნო მისთანა არ იქნებოდა. ქნა მეჯლიში და ნახა ლხინი, უბოძა საბოძვარი მრავალი, იყო ამ განცხრომასა და სიხარულსა შიგან. სამართლობდის, განისვენებდის, ყოველსა შაფათსა ქნის მეჯლიში ქართველთა, სამშაფათს თათრისა, სხვას დღეებსა გავიდის სანადიროდ, შეექცეოდის, საითკენაც ურჩნი იყო გაუსევდის ჯარსა და უყვის ყათლამი, ზოგი კლდესა გარდაყარის, ზოგი ცოცხალი დამარხის, ზოგს კბილები დააძურის და თავზე დაარჭვის. შეშინდა ყანდაარის ქუეყანა და შეიქნა უშენოთა შენება.
დღესა ერთსა მოვიდა მირ სამანდარისაგან ფეშქაში და ხვეწნა: "რახან ღმერთსა შენთვის ძლევა მოუცია და სახელოვანი ჴელმწიფე ამ ქვეყანას გამოჩენილ ხარ, მიყავ წყალობა და ნახვა შენი მაღირსეო, რაც ოდენ შენაცოდვარი მაგ ქვეყანას მიქნია, შემინდევ. მოგართვა ხარჯი, რაც ოდენი დამკლებია". შეიწყნარა პატრონმან ჩვენმან, მოვიდა ჯარითა სრულითა სამანდარ ხან და ბიძა შვილი მისი ქალიხან, კარგ სანახავნი, მხნე ვაჟკაცნი, მოართვეს მოსართმევი აურაცხელი. ნახა მეფემან, დასდვა პატივი, უბოძა საბოძვარი მრავალი, შემოსა მძიმითა შესამოსელითა, დაჰყო თვე ერთი, უბოძა დასტური და საბოძვარი და მსახურებდა როგორც ყმანი მისნი.
გამოხდა ხანი. იყო ერთი ქუეყანა ავღანთა უკუმდგარი. არა ინებეს სამსახური მეფისა. გაუსია ძმის წული თვისი იესე და აახლო ქართველთ ჯარი, მიუხუდენ ორად, ქვეით თათრის ჯარი და ზეით ქართველნი, შეიქნა ომი ფიცხელი. თქვენმა მზემა და თავმა მისმან, იმ დღეს ბატონის შვილი იესე გენახათ, ამას ბრძანებდი, კაცთა შვილი იმისთანა რა ინახებოდა. გაიმარჯვეს, ამოსწყვიტეს, ცათა ღმერთი შეარისხეს, გამობრუნდნენ გამარჯვებულნი. რა ბიძამ იხილა, შექნა სიამოვნე უსაზომო, უყო მეჯლიში, შეარტყა წელთა ხმალი მურასა და დამოსა დიდნი და მცირენი ვინცა ვინ იახლა, მისცა ვექილობა ძმისწულსა მისსა.
იყო სულთანი ყანდაარისა მირვეისი. გაუსია სულთანსა აზარისასა. გაემარჯვა და მოიყვანა მხარ შეკრული. იამა მეფეს და უბოძა საბოძვარი და შემოსა სამოსლითა კარგითა. გამოხდა ხანი და შექნა ამან სულთანმა უარშიობა, გაგზავნა ჩაფრად ყაენთანა და მისწერა სხვის ჩაფრით არზა და მოახსენა: "ესე სულთანი უარშიობსო და უნდა არევა ამა ქუეყნისა, ნუღარ გამოუშვებთ თვარამ ერთი რასმე მოახდენს." შეინახა ყაენმა.
ქ~კს ტჟე [1707] ფებერვალს დ გაისტუმრა ჩხეიძე სეხნია, ფეშქაშის მაგიერად აახლო ძმასა მისსა მდივანბეგს შაჰ ყულიხანს თეთრათ თუმანი ათასი, ფარჩას გარეათად, ძმისწულსა, საქართველოს გამგებელს ორი ყათარი აქლემი აკიდებული, მოფენილობა და ფარჩა, თოფი ოქროსა ზარნიშანით შემკული, ოქროსა იარაღით, საპირისწამლე მურასა, სეხნიას უბოძა საბოძვარი მრავალი და ქართლის მოლარეთ ხუცობა. მას დღესა მოვიდა ყაენი მაშათს, თან ახლდა მდივან ბეგი და ძე მისი ქაიხოსრო და მიართვა მისართმევი, გიორგი მეფისაგან გამონაგზავნი ჩხეიძემა.
ამავ ქ~კს თიბათვის თ. მოვიდა მაშათს ისპაანიდამ ჩაფარი. ისპაანის ხალხის უკუდგომა და შიმშილით შეწუხება, ჴელმწიფის ალაყაფის კარის ქვით ჩაქოლვა, მონდომა მათგან ყაენის ძმის გამოყუანისა. რა ეს ამბავი მოვიდა, შექნეს ჭმუნვა და მისცეს ბატონის შვილს ნაიბობა ყაენისა და ტარუღობა და ნასაღი, გაისტუმრეს, ჩაფრად თან წაიყვანა სეხნია, ვიარეთ ორმოცისა დღისა სავალი თორმეტს დღეს. მივედით, რა შევიდა ქალაქსა შინა, შეიქნა სიხარული დიდი. რა სცნეს ქაიხოსროსი მისულა. წინად ამისსად კიდევ ბევრი ნასაღი ექმნა და დაეცათ შიში დიდი. შეიყარა ქალაქი და მოეგებნენ წინა და ლოცვიდენ სიმშილის მორჩენისათვის, გამოსულ იყო დღისა ორი საათი დარვზისა კარით თოხჩის შევიდა, თავმან თქვენმან, შუადღე გარდაიყარა, ძლივ ალაყაფის კართა ზედა მივაწივეთ, განა სიშორით. მაგრამ ჯარისა სიმრავლისაგან ადგილს ვერ ვშოობდით. წაიკითხეს რაყამი კარსა ჴელმწიფისასა, ჩავიდა სადგომსა, შეჯდა მეორესა დღესა ცხენსა და ქმნა ნასაღი უცხო და საკვირველი. ზოგი დახივა მუცელზედა, ზოგი ყურით მიაბა დარაბასა, ზოგი დასჭედა ნალ-ლურსმნითა. თქვენმა მზემა, მეორეს დღესა გენახათ ქუჩა და ქუჩა ხვაბლით აივსო, დააღებინა ღამით ყაისარა. თხუთმეტს ღამეს სულ ბაზარი ღია იყო, რომ მცველი კაცი არ უდგათ, იყო ჩირახოვანი. იარებოდა სარდასტასა შიგან ქვეითათ მალვით, არათუ ვინმე დააშაოს რამე. შეიქნა ისპანში სიმშვიდე და იეფობა. აახლო ხელმწიფესა ჩაფარი და დამშვიდება ქალაქისა. ებოძა შესამოსი მძიმე და მადრიელობა.
გამოხდა თვენი შვიდნი. მაშათიდამ გაეგზავნა მეფეს გიორგისათვის ყაენს ხალათი და მირვეზისა საშუამავლო წიგნი: "შეირიგეო, და მიიჩნივე მის მართებულადაო". წამოვიდა მაშათიდამ ყაენი, რა მიახლოვდა ისპაანს, მოეგება ბატონიშვილი ქაიხოსრო დიდითა ჯარითა, იამა ხელმწიფეს ნახვა მისი და გარიგება ტახტისა მისისა, უბოძა შესამოსი მძიმე, თუმანი ათასი, იყო მშვიდობა და მორჭმა-მოვლენა.
ამა ხანთა შინა ქართლიდამ შემოსძლეოდა ბატონისშვილი, კათალიკოზი დომენტი, დაიბარა, ჩამოვიდა, დახუდა უშურველითა წყალობითა, უბოძა საბოძვარი და კახეთსა შინა, რაც ძველადგან მამულები ჰქონდა. ამა დროთა შინა განაგებდა გამგებელი საქართველოსი, ზნე სრული და მხნე, ძლიერი, ჯანიშინად თქმული, მაგრამ მეფედ წოდებული, ბატონიშვილი ვახტანგ.
იყო განსვენებასა და სიხარულსა შიგან და განაგო საქმე საქართველოსი, განაჩინა წიგნი სამართლისა, ოთხშაბათსა და პარასკევსა დაჯდის სამდივნოსა სახლსა, განაგებდა სამართალსა მცირეთა და დიდებულთა თანა, კვირესა და სამშაბათსა განაგებდა მეჯლისა, ნახევდის ლხინსა, გასცემდის უშურველსა საბოძვარსა და როცა სამართლისა და ლხინისაგან მოიცალის, ინადირის და გავიდის მოედანსა აბურთის და ესროდენ ყაბახთა. იყო ამა განცხრომასა შიგან, თვით ქრისტიანე იყო და ქრისტეს სარწმუნოებაზე აღზრდილი, ინება საქართველოს სარწმუნოებაზე განძლიერება, აღაშენა ქალაქს სიონისა გუმბათი და სამხრო და შეამკო ყოვლითურთ სიპატიოსნითა, განაპატიოსნა ცხოველმყოფელი სვეტი და დაასვენა კარსა სვეტისასა ხატი პატიოსანი, შემკული ყოვლითურთ სიპატიოსნითა, შემოავლო სვეტსა ფარდა მძიმისა ზარბაბისა, გამოუცვალა კანკელსა ზეთი, სვეტები თლილისა ქვისა აღაშენა ურბნისის სამრეკლო და გალავანი, განაპატიოსნა შიგნით გარემდინ, მოიყვანა ვლახის მთავრიდამ მესტამბე და გამოიღო სტამბა, განამრავლა საღთო წერილი, განიღო რუ ნახიდურითგან ვიდრეე ყისყალამდის, და აღაშენა ხუნენი, სოფლები უშენსა ადგილებსა და განიღო რუ ნაგებიდამ ბოლოსა ყარაიისასა და აღაშენა სოფლები და აღაშენა ქალაქსა სახლი პატიოსანი მიჭურიტნისა და ოქროსა ვარაყითა შეთხზნული, მზემან მისმან, ამის უშვენიერესი სახლი არცაღა ერანს შიგან მინახავს. აღაშენა ქართლი, იქმნა მოსვენება და სიმხიარულე.
დღესა ერთსა ინება ნადირობა მთისა და წაბრძანდა თრიალეთსა და შანბიანსა მთასა, ვითარცა არას ჴელმწიფისაგან არ ნადირებულ იყო ამ რიგათ და დაიბარა ქართველი დარბაისელნი და შემოადგენ კეჩუტსა და ინადირა სარბევითა და შეიქმნა ირემთა მოდენა, იყო სარბევი ძნელი და ქვიანი, მოვიდა ხარი ერთი და გარდაიხტუნა მართალსა მხარსა განმგებელმან საქართველოსამან. ვითმცა სირი იყო, ეგრე მოკლა. ეგრევე დარბაისელთა ამოსწყვიტეს, დაჯდა ნადიმად, რაც ოდენი პატრონსა ჩვენსა მოართვეს, იყო სამოცი-ოდენი. მეორესა დღესა შემოვადექით შანბიანსა, შემოარტყა იმგრგულივ ჯელგა, დადგნენ სახუნდარსა შინა და გააკრეს არყნალისა ხევი და მოვიდა ნადირი უანგარიშო, შეიქნა სროლა, თქვენმა მზემა, ამას ბძანებდით ერთ ომში ამდენი სროლა არ ეგებისო. ამოსწყვიტეს, დაბალთეს. თვით პატრონმა ჩვენმა თოფით სამი მოჰკლა, შეგვექნა სიხარული დიდი, დაჯდა ნადიმსა ზედან. მოართვეს მას დღესა ირემი ას სამოცი და სხვას ნადირსა ვინ დასთვლიდა. ნახა ლხინი და გაცემა უშურველი და ჩამობრძანდა თავსა ახალ ქალაქისასა და ბრძანა დასაგულა ქციის და მოახსენეს ყოველთა: "თავმან თქვენმან, არას ოდეს არ ქნილა და ან ვინ ჩავა ამა კლდესა შიგან". კლდე იყო ძნელი და მას კლდესა ქვეშე მორევი დიდი. ახსენა ღმერთი და სახელი ქრისტესი, დადგეს კარავი თავსა კლდისასა, დაჯდა ნადიმად, ჩაუშვეს კირი, იახლა დარბაისელნი, შეიქნა ჭერა ორგულისა, ზენარმა ღუთისამან და მზემან პატრონისა ჩემისმან, ერთი დღე უკუყრისა. ამას ვერა სჯობდა, იჭერდნენ და მოჰქონდათ გაუწყვეტლად, შეექნა სიმხიარულე, გაცემა უშურველი, მოვიდა წინაშე ორგული ორას სამოცი, თვინიერ ვინც სხვათ მჭერელთ წეეღო, იმას გარდა, იტყოდიან ოთხასი დაიჭირესო. შეგვექნა სიხარული ამა შექცევისათვის, ერთი ამისთვის, რასაც საქმეს ძნელსა ბძანებდის, ადვილად იქნებოდის.
ჩამობრძანდა ქალაქსა ტფილისისასა, დაჯდა ნადიმად სახლსა პატიოსანსა, შემოისხა თავადნი. მზემან ღუთისამან და თავმან მისმან, ასე გასცა საბოძვარი არც მჯდომი და არც მდგომი უბოძვარი არ გაუშვია, თვინიერ ერთის კაცის მეტი.
გამოხდა ხანი მცირედი, შეიყარა ქართველთ ჯარი, გარდუხდა დვალეთს, გაემარჯვა, დასწვა და დააქცია ციხე ოცდა ათი ძირითურთ, დაიმონა ზემო ნარიდამ ქვემო კუდარომდის, დასდვა ბეგარა და მსახურებდენ.
ქ~კს ტჟვ [1708], ყანდაარიდამ გამოისტუმრა მეფემ გიორგიმ ძმის წული თჳსი იესე, მისცა ნაიბობა ქირმანისა და ძმის წული მისი, ძე ლუარსაბისა ხარჭა, ჩაიყვანა ყანდაარს.
ქ~კს ტჟზ [1709] აპრილის კა, უღალატა მეფეს გიორგის ყანდაარის სულთანმა მირვეისმა, რათგან გალაშქრებულიყო მეფე გიორგი ყანდაარიდამე ორს მანძილზე და ძმისწული ალექსანდრე და ქართველთ ჯარი გაუსია უკუმდგარსა ავღანსა, ჯარი აღარ ახლდა. მოუხუდა განთიადსა, დაესხა თავსა. რა სცნა მეფემან, ედვა ქარქაში სარჩისა გვერთსა მისსა, გაიკრა ჴელი, თავმან მისმან, სანამდის ისარი ჰქონდა, არც ერთი არ დააცდინა, რა ისარი დაელია, გაიკრა ხელი ხმალსა, როგორც დევი ისე იბრძოდა, ჰკრეს თოფი ამა მორჭმა დიდების პატრონსა და მოკლეს, ვინცავინ ქართველნი დარჩომილ იყო ამოსწყვიტეს. შევიდა ციხესა ყანდაარისასა, აიფორაქეს საქონელი, რაც ქართველი იყო ციხეს შიგან, ამოწყვიტეს.
მიუვიდა ამბავი ალექსანდრეს და ქართველთა. იქ თურე იმათ გამარჯვებოდათ, შექნეს თავსა ცემა და წამოვიდნენ. რა ყანდაას მოვიდნენ, შეექნათ ომი ფიცხელი, გამოეგზავნა მირვეის კაცი ალექსანდრესათვის და ფიცი საშინელი: "წაიყვანე მეფის ქულფათიო". შევიდა ციხეში, მოსცეს ვინცავინ იყუნენ, საქონელს გარდა. ამაშიგან გამოეცალნენ ქართველნი დაუწყეს, უკან დევნა და ომი ფიცხელი, თავმან თქვენმან, თორმეტ ჯერ ქართველთ გაემარჯვა, მოკლეს იმათი ჯარი ორიათასი და შეწევნითა ღუთისათა ამათ არა რა ევნოთ. იარეს და შევიდნენ ციხესა გარიშკისასა.
მოუვიდა ამბავი გამგებელსა საქართველოს ვახტანგს, მას ჟამსა შინა იდგა კოჯორსა, ჩავიდა ქალაქსა, განაგო გამჟღავნებისა საქმე, დაჯდა სამეჯლიშოსა სახლსა და აივსო დარბაისლითა, გარეთ მოედანი მოქალაქითა, შემოვიდნენ ეფისკოპოზნი, მიუჩოქეს, ჰკადრეს მეფესა სიკუდილი; შეიქნა თავსა ცემა, აქ ამათგან და გარეთ ჯართაგან, განაგო რიგი, დაჯდა იმავე სახლსა ჭირისუფლად, დადგეს კარავი ფილაქანსა ზედან, დაფინეს თავსა კარვისასა სუზანი და დორი, მიაფარეს დორსა ბაყალბანდი სიასამური, დაუსხდნენ იქით აქეთ დიდროვანი კაცნი თუ მცირედნი, სამღუდელონი, გაშალეს ნიშანი, დაფინეს ქვეშაგები, ქეშიყ ხანაში იდგნიან თითო თითო დარბაისელნი, იტირიან მცხედარი და მიტირიან ჭირისუფალთა, მზემან ღუთისამან, არა მწუხარება ამას არ შეედარებოდა, ორმოც დღემდინ ტირილი გაუწყვეტელი იყო.
მეორმოცესა დღესა ისპაანს დამარცხებულიყო მდივანბეგი ლევან, ამავ ქორონიკონსა, მკათათვის იგ, მოვიდა ამბავი და შეექნათ მგლოვარობა. ებოძა ყაენს ბატონის შვილის ქაიხოსროსათვის ქართლი, ერანისა სპასალარობა, თავრიზი და ბარდა. მოვიდა ჴელმწიფისაგან ხალათი და ისევ ნაიბობა. დაებარებინა ხოსროხანს ქართველნი ჯარი და შეჰყარა ბატონის შვილმა ვახტანგ ჯარი, უთავა მუხრანის ბატონი პაპუა და თითო სახლის დარბაისლის შვილები, ჩავიდნენ მაშათსა. იქიდამ მობრძანდა მეფე ხოსრო, მისცეს ბატონისშვილს იესეს ქირმანის ბეგლარბეგობა, დაარქვეს ალიყულიხან. როსტომს, ძესა ლევანისასა ხარჭას, მისცეს ისპაანის ტარუღობა. იარა მეფემ ხოსრო და ჩავიდა ყანდაარს, ახლდა ქირმანთ ჯარითა ალი ყულიხან და ალექსანდრე, მივიდა ციხესა ყანდაარისასა, შემოება მირვეისი, გაემარჯვა მეფესა, ამოსწყვიტეს მრავალი.
ქ~კს ტჟჱ [1710] გაიქცა მირვეისი და შევიდა ციხეში. გამოვიდა ციხიდამ მირვეისი, დაესხა მეფეს ხოსროს თავს; მაგრამ ადრე შეუტყვეს და დაემზადნენ. შექნეს ომი ძლიერი, მოჰკლეს მირვეისის ძმა და ძმისწული, ამოსწყვიტეს, გაიმარჯვეს ქართველთა, მირვეის გაიქცა.
ქ~კს ტჟთ [1711] ენკენის თვის კზ, დაუმარცხდა ბატონის შვილს ალექსანდრეს, მეწინავედ იდგა, სანამდი აქედამ ჯარი მიესწრებოდა, მოკლეს ბატონიშვილი ალექსანდრე, ჩხეიძე თეიმურაზ, თარხანი და ზოგნი სხვა ვინმე თათარნი. გამოხდა მცირედი დღენი, გამოვიდა ციხიდამ მირვეისი ჯარითა სრულითა, აქეთ სპასალარი, შეიქნა ომი ფიცხელი, თავმან თქვენმან მნახავთათვის საზარო იყო, გ[ა]მოექცა თათარის ჯარი მეფესა, დარჩნენ ზოგნი ვინმე ქართველნი. მოახსენა ცალქალამიძემ იასემ: "ჴელმწიფეო გაგვეცალა ჯარი და აღარცა ჰსჩანს ძმა თქვენი, ნუ მოიკლავ თავსა". უბრძანა მეფემ: "ჩემისა სიცოცხლისათვის არა მოვაყივნო თავი, არცა გვარი ჩემი". მიქუსლა ცხენი, შეერია შიგა, ვითარცა ქორი კაკაბსა გუნდისასა, ჩამოაგდო შუბითა ორი კაცი, დახუდა ნათხარი რუ, წაექცა ცხენი. წამოეხვივნენ, დაჩეხეს ხმლითა, ცალქალამიძე იესე წინ მოუკლეს, გამოიქცა ჯარი და ძმა მეფისა ალიყულიხან, მოვიდნენ ფარასა, აცნობეს ყეენსა, შეექნათ შეჭირვება დიდი, დაიბარეს ალიყულიხან, რა მივიდა უბოძა ყეენმა თოფჩიბაშობა, ვინცავინ ქართველნი დარჩომილ იყო ჩხეიძე, ურბნელი ფარაზ მამკუდარ იყო, სხვათ მისცეს მემანდარი და ხარჯი.
მოვიდა ამბავი საქართველოს გამგებელთანა ვახტანგისათვის ებოძა ყაენსა ხალათი და სამძიმარი, შექმნეს შეჭირვება და გლოვა. ამავ ქ~კნსა ქრისტეს შობისთვის კდ მის ჟამთა შინა იდგა გორსა, წამობრძანდა, მობრძანდა ქალაქს, გაგზავნა ჩაფარი ყაენთან და აახლო არზა შეძლევისა: "რათგან შენს სამსახურზე ამოვსწყდი, გიახლო და მეცა მოვიკლა თავი ჩემი შენთჳს". რა მოისმინა ჴელმწიფემ, იამა სიხარულითა დიდითა, ებოძა რაყამი წყალობისა და მემანდარი ქ~კს უ [1712], თებერვალს კჱ.
წაბძანდა აპრილს კბ, დიდითა პატივითა და ხარჯითა, იახლნენ ქართველნი დარბაისელნი, მცირე და დიდი იყო სამასი კაცი. ჩავედით ისპაანს დახუდა ჴელმწიფე მხიარულად. მეორესა დღესა უყო მეჯლისი, დაჯდა ნადიმად, სვეს ხუთსა საათსა, უბოძა თასი მურასა, წამოვედით მხიარულად. შეგვექნა სიამხიარულე, ვიყავით განსვენებასა და ლხინს შიგან. გამოხდა დღენი რაოდენნიმე და დაიძახა ღამესა ერთსა ხელმწიფემან, იჯდა თალარსა შვენიერსა, დახუდა ჴელმწიფე მხიარულითა პირითა, უბრძანა წყალობისა სიტყვები, დაალევინა აზარფეშა დიდი, თქვენმა მზემა, ჩავიდოდა ღვინო ლიტრა ერთი, შესვა უტყუვრათ. უბრძანა ყმათა მისთა შეყვანა. იყო ავალიშვილი ზაზა, მოლარეთ ხუცესი სეხნია, ციციშვილი ბაგრატ, მდივანი გიორგი. ასვა ღვინო და უბოძა ოთხასი თუმანი, წამოვედით მხიარულად. გამოხდა ხანი და შემოუკვეთეს თათრობა, და ქართლის მიცემა. არა უგულებელს ჰყო რჯულისა მისისა დაგდება, გაათახსირეს ბატონიშვილი ვახტანგ. ქ~კს უბ [1714], მარტს ი მისცეს ძმასა მისსა ალიყულიხანს ქართლის ბატონობა, და ბატონიშვილი ვახტანგ გაგზავნეს ქირმანსა. უკუყარნეს ქართველნი, აახლეს მეფეს იესეს.
რა მივიდა ამბავი საქართველოსა, ჯანიშინად დააგდო ძმა თჳსი ბატონიშვილი სჳმონ და აღარა ინება ქართლში დადგომა დედოფალმან რუსუდან, თან გაიტანა ძე მისი ბაქარ და გიორგი. მოვიდა ქართლში მეფე იესე ოკდომბრის კ. მიეგება ძმა სჳმონ და ქართველნი გატეხილს ხიდს გაღმა. შეიქნა მისალმება, როგორც წინათ ყოფილიყო, გარდაეხვივნენ ძმები ერთმანეთსა, შექნეს ლხინი და უკუყრა, გაცემა საბოძვარისა, დამოსა ქართველთ დარბაისელნი, შექნა ლხინი და განსვენება.
გამოხდა ხანი რაოდენიმე, შეირთო ასული ყაფლანისშვილის ერასტისა მარიამ, ესვა ძე ამასთან გიორგი.
გამოხდა ხანი ქ~ნს უგ [1715], მეფეს იესეს წინათ ნათხოვნი იყო მეფის ერეკლეს ასული ბეგუმ, გაშვება მისი არ ეგებოდა, წაბძანდა მარტყოფს, ქნა ქორწილი, მოიყვანა ქალაქს თჳსსა, შეიქნა ქორწილი, სიმხიარულე, გამომჩვენება დიდი. რვასა დღეს და ღამეს ჩირახუანი, ბურთაობა და ფარჩათა ჴევა, დედოფალ იქნა ელენე. იყო განსვენებისა და სიხარულისა შიგან.
ამავ ქ~კს დაუმარცხდა კახთ ლეკთაგან, ამოსწყვიტეს კახნი. მას ჟამსა ბატონობდა კახეთს მეფის ერეკლეს ძე დავით, სპარსთა ენითა იმანყულიხან. მიაშველა მეფემ იესემ ქართველთ ჯარი და სარდალი ლუარსაბ, შეიბნენ ლეკნი და ქართველნი წინა მინდორსა, დაუმარცხდა ქართველთა მოვიდნენ დამარცხებულნი.
ქ~კს უდ [1716], თიბათვის ა, მოიყვანეს ქირმანიდამ ბატონიშვილი ვახტანგ, მისცა ყაენმა პატივი და უშურველი წყალობა, გაათათრეს და დაარქვეს უსეინ-ყულიხან. უბოძა ქართლი, ერანის სპასალარობა, თავრიზი და ბარდა. გამოეგზავნათ ქართლში რაყამი დ ბრძანება ბატონის შვილისათვის ბაქარისათვის ნაიბობა ქართლისა.
რა სცნა მეფემ იესემ, მას ჟამსა იდგა კოჯორსა, აიყარა და მივიდა მცხეთას. გარდმოვიდა რაჭიდამ ბატონიშვილი ბაქარ ენკენისთვეს იზ. რა ჰსცნა მეფემ იესემ ძმისწულისა მისისა მოსვლა, აიყარა და გავიდა კახეთს. მოვიდა ძე მეფისა მცხეთას, ამავე თვესა გარდმობრძანდა რაჭიდამ დედოფალი რუსუდან. შექნეს მხიარულება.
გამოვიდა დღენი და მოვიდა ყაენისაგან ბრძანება და ყული. გაათახსირეს მეფე იესე კახეთსა, აუწერეს საქონელი, მოიყვანეს ქალაქსა ტფილისისასა, დააყენეს შიგნით ერთს სახლში მეფე იესე და დედოფალი ელენე და ამსახურეს ერთი მხევალი.
ქ~კს უე [1717] მოუვიდა შაჰსულთან უსეინისაგან ბატონისშვილს ბაქარს ხალათი და ორი ლომი, ერთი ვეფხვი იყო, კოჯორსა ზედან, მკათათვის ე. ჯდა თალარსა შიგან, ახლდნენ ქართველნი. რა მოიყვანეს სხვათა უკითხავთ ჩამოგება წინა ლომებსა, შესტაცა ყია და აკოცა შუბლსა ლომისას, გაგვიკვირდა საკვირვეელობითა, თავად მინდობა ლომისა, მერმე ყმაწვილისაგან ამისი გაბედვა, დაჯდა ნადიმად, შექნა ლხინი და გაცემა უშურველი.
ქ~კს უე მარიამობისთვის ა მოუვიდა ბაქარს ყაენისაგან საქართველოს ბატონობა, თაჯი, თომარი, ხმალი მურასა, ხანჯალი მურასა, მარგალიტითა და თუალით შემკული, საბუხარი, სურა და თასი ოქროსი, ყალიონი მურასა ოქროთ შეკაზმული, ცხენი ბედაური, სახელით სპარსთა ენითა შაჰნაოზ წოდებული ექმნა, უსუნათოთ რჯულსა მათსა მიჰყვა უნებლიეთ.
ამავ ქ~კს, ენკენისთვეს კე, თავრიზს მოვიდა მეფე ვახტანგ და ყაენი მოვიდა ყაზმინს. ქ~კს უვ [1718], დაიბარა ყაენმა მეფე ვახტანგ, ჩაბძანდა ყაზმინს, გამოხდა მცირედი ხანი და მისცეს ქართლის ბატონობა, დაუდვა სპასალარობა. მისცეს ძმასა მეფისასა როსტომს ყულარაღასობა და ქირმანი. ამავ ყაზმინს ჩამოვიდა ქსნის ერისთვის შვილი შანშე ყაენთანა, ვითარცა მეფეს ბაქარს შემოსწყრომოდა, ცოტა რამე სამდურავი გამორეოდათ, იწყინა მეფემ ვახტანგ და მოახსენა ყაენს, გაუწყრენ და მოსცეს, ვითაც ბიძაშვილი იყო შანშე და უპატიური არა უყო-რა, გამოატანა მოლარეთ ხუცესის სეხნიას შვილი, გამოგზავნა ქართლში. რა მიიყვანა ქალაქსა, დააყენეს ერთს სახლში და შეინახეს მცველთა, რათა არა სადა წასულა ჰყოს.
ქ~კს უზ [1719], აგვისტოს ზ, წამობძანდა ყიზმინიდამ მეფე ვახტანგ, მობრძანდა აიდარბეგსა სამზღუარსა ლორისასა, აქედამ გაეგება ძე თჳსი მეფე ბაქარ ჯარითა ქართველთა, იქით დადგა მეფე, აქეთ ძე მისი, მიესალმნენ წინათ საბარათაშვილოს დროშა, სარდალი ლუარსაბ; მეორე დროშა საამილახვაროსი - გიორგი და ზემო ქართველნი; მესამედ მუხრანის ბატონის, არაგვისა და ქსნის ერისთავისა; მერმე სამღუდელო დასნი, კათალიკოზი, ბატონისშვილი, ძმა მეფისა დომენტი და სრულიად ეფისკოპოზნი და ბოლოსა ჟამსა ჩამოვიდა ზნე სრული, მჴნე, შვენიერი მეფე ბაქარ, გადეხვია მამა, თქვენმა მზემან და თავმან, ამათმან მნახავთათვის უამესი აღარ იქნებოდა რა. შექნეს სიხარული და განცხრომა, მობრძანდა ქალაქსა ტფილისისასა, შეიქნა მიგებება და სიხარული. დაჯდა სამეფოსა ტახტსა და დაისვა გვერთსა მნათობი, მზეებრ ბრწყინვალე დედოფალი რუსუდან. შექნეს მილოცვა, აყრიდენ ოქროსა და ვერცხლსა ქვიშისაებრ, იყო სიხარული და განსვენება. განიგო საქმე საქართველოსანი, რა გვარად წინათ თჳთ განგებულ ექმნა, განისვენებდა, ლხინობდა, გაიცემოდა, ინადირის და სამართლობდის.
გამოხდა მცირედი ხანი, ქ~კს უჱ [1720], მარტს იე. უღალატა იმერელ მეფეს გიორგის აბაშიძემ სვიმონ და მოკლა. მოუვიდა ამბავი მეფეს ვახტანგს, შექნა წყენა და გლოვა, ვითაცა სიძე იყო და ასული მეფის გიორგისა მემცხედრე იყო როდამ დედოფალი იმერეთისა და ძე მისი ალექსანდრე, მეფის ვახტანგისაგან გაზდილი და თჳთ ჰყვანდა ქართლში. რა იქმნა ამბავი ესე, გაგზავნა კაცი მეფემ ახალციხის ფაშას ისაყ ფაშასთანა და შეუთვალა მართებული სიტყუანი და მიცემა იმერეთისა ალექსანდრესათვის და დაიბარეს ალექსანდრე. მოუმართა ხელი მეფემან და უბოძა საბოძვარი მრავალი, შეიყარა ფაშამ ჯარი და ჩავიდა იმერეთსა, დასვა მეფედ იმერეთისად ალექსანდრე, და შეირთო ქალი დადიანის ბეჟანისა.
ქ~კს უთ [1721], ამა ჟამსა იდგა ყაენი შაჰსულთან უსეინ თეირანსა და შეაჩნდა ყაენის ღალატი ეთიმადოვლეს ფათალი ხანს. ესე იყო გვარით ლეკი, შამხლისა სახლის კაცთაგან, მაგრამ ჴელმწიფისაგან გაზრდილი დიდითა პატივითა, უნდოდა თჳთ გახელმწიფება, მაგრამ ბრძანებითა ღუთისათა და მოუვლინაცა რისხვა მისი და დაიჭირა და დასთხარა თვალები და იავარ ჰყო ქონება მისი. მოუვიდა მეფეს ვახტანგს წყალობა უშურველი და ებრძანათ ლეკთ მიხდომა და მოწყვედა. შეიყარა სპა-ლაშქარი ურიცხვი, წაბრძანდა კახეთზე და მიბრძანდა მაღაროს. კახეთს ბატონობდა ძე მეფისა იმანყულიხან, თჳთ სნეულობით შეპყრობილ-იყო და აახლო ძმა თჳსი თეიმურაზ, სიძე მეფის ვახტანგისა, ედგა ასული მეფისა, შვენიერი და ქება მიუწვთომერლი თამარი. და შემოეყარათ კახთ ჯარი. ამა ამბავთა ზედა მოუვიდა მეფესა ბძანება ყაენისაგან და ხალათი, დაბრუნება და შირვანის ხანისაგან ლეკზე ლაშქრობა, წყენა მეფისაგან და სიმხიარულე ლეკთაგან: "რათგან ლომის ხელისაგან მოვრჩითო, ყიზილბაშთ ხმალი ჩვენ ვიცითო". მაგრამ რა ღმერთი კაცს გაუწყრება, ჭკუაც დაეფანტება, თვარა რა საბრუნებელი იყო ეს ეფიქრებინათ: "თუ მეფემ ვახტანგ ჭარი დაიჭირაო, ქუეყანასაც ის დაიჭერსო"; მობძანდა საბატონოსა თჳსსა. წამოვიდა შირვანის ხანი, მოვიდა, სანამდის კახნი შეეყრებოდნენ დაესხნენ ლეკნი, მოკლეს ხანი შირვანისა, ამოსწყვიტეს, იავარ ჰყვეს საქონელი მათი, მოუხდენ კახეთსა და დაიმონეს და გაალეკეს კახეთი.
მცირესა ჟამსა ქალაქიდამ გაიპარა ერისთავის შვილი შანშე და მივიდა თჳსსა მამულსა. იწყინა მეფემ ვახტანგ, გაილაშქრა, მიუხვდა ახალგორსა, დასწვა სასახლე მისი და დაუხვდა ზებეყურს და შემოეხვეწა და შემოირიგა ჩამოიყვანა მცხეთას და შეფიცა ფიცითა საშინელითა და უბოძა ერისთობა ქსნისა და საბოძვარი უშურველი და გაისტუმრა თჳსსა საბატონოსა. მობძანდა მეფე თჳსსა ქალაქსა, გამოიყვანა ძმა თჳსი ტყვეობი- საგან, მეფე იესე და უბოძა ბატონობა მუხრანისა, მდივანბეგობა, და საქონელი თჳსი სრულად.
ქ~კს უი [1722], თებერვლის ე, მოუხდა ისპაანს შვილი მირვეისისა ყანდაარიდამ მაჰმუდ, მირვეისი მამკუდარ იყო. რა მოუვიდა ამბავი ყეენსა მოსულა მათი, გააგება ჯარი ისპაანისა აღაჯსა სამსა, შეიბნენ, დაუმარცხდა ყიზილბაშთა, მოკლეს ყულარაღასი როსტომ, ძმა მეფისა ვახტანგისა და მოსწყვიტეს, გამოექცენ, შემოადგნენ ისპაანს, დადგა ჯულფას, შეუკრა ყოვლით გზა და შეწუხდა ისპაანი შიმშილითა. ამა ამბავსა შიგან გამოუგზავნა ყაენმან ხალათი და ყულარაღასობა მეფის ბაქარისათუის და ხვეწნა მიშველებისა. მოინდომა მეფემ ბაქარ წასულა და დადგა ტაშირზედ. მაგრამ არ ამჯობინა მეფემ ვახტანგ წასულა ძისა თჳსისა, დააბრუნა. და მცირესა ჟამსა მიეცა კახეთი, ერევანი, შამშადილო და ყა- ზახი მეფის ერეკლეს შვილის კოსტანტილესათვის, სპარსთა ენითა მამადყულიხან წოდებული. იყო მეფის ერეკლეს ძე ხარჭა. და მოვიდა შამშადილოს, გაუგზავნა მეფემ ვახტანგ მოლარეთ ხუცესი სეხნია, ფეშქაში შერიგებისათვის, ვითარცა ერთმანეთზე გულ ძვირად იყუნენ, დაიფიცა ფიცითა საშინელითა და აახლო მეფეს ვახტანგს საფიცარი და რათა ერთმანერთვისათვის იყუნენ და შეყრა ერთმანერთისა. გავიდა კახეთს ბატონი და შეყრა აღარ მოუხდინეს, უქცია პირი და ეწყინა მეფეს ვახტანგს ფიცისა გატეხა.
ამა ამბავსა შინა მოუვიდა ყაენიდამ მეფეს ვახტანგს ხალათი და ლახტი მურასა და სარდლობა და შირვანზე ლაშქრობა, ვითაცა შირვანი ლეკთ ეჭირათ. შეიყარა სპა ლაშქარი ქართველთა. ამა ამბავთა შიგან მოვიდა ელჩი რუსეთის ჴელმწიფის პეტრესაგან მეფეს ვახტანგთანა და ებოძა ქარტა წყალობისა და ხლება მის თანა: "ძალითა ქრისტესითა, აღვსდეგ ტახტით ჩემითგან და მოვსრნე მტერნი ჩემნი და წარმოვალ ადგილთა შირვანისათა. ნახე ბრწყინვალება და სპათა სიმრავლე". იამა მეფეს სიხარულითა დიდითა, ვითაცა ქრისტეს მოყვარე იყო, ქრისტიანე ხელმწიფე იპყრობდა ქვეყანასა. იარა მეფემ ვახტანგ, ჩაბძანდა მამულსა განჯისასა, დადგა შანქორსა, შეიქმნა დაყოვნება, თურე ჴელმწიფე აშტრახანიდამ დაბრუნებულ იყო. შეექნა მეფე ჭმუნვა დიდი, აუტყდა ზურგით კერძო ბატონი კახთა კოსტანტინე, რადგან ყაზახი და შამშადილო იმისი იყო, შექნეს ნუზლის ჭერა და კაცთა სურა, ვეღარ წარვიდა შირვანისკენ.
ამა ამბავთა ზედან ამავ ქ~კნსა, თვესა ოკდომბერსა ი, აიღო ისპაანი მამუდ, დაიპყრა ყაენი შაჰსულთან უსეინ და საქონელი მისი, შევიდა, დაჯდა ყაენად, დაამწყვდია ყაენი ერთსა სახლსა შინა და იავარ ჰყო ცხოვრება მათი. ამა არეულობასა შიგან გამოაპარეს ერთი შვილი ყაენისა შაჰ თამაზ და მოვიდა ყაზმინს და დასვეს ყაენად, შეიქნა შაჰ თამაზ, იყო წლისა იჱ.
მოვიდა ამბავი ისპაანის დაპყრობისა და ყაენის შვილის ყაზმინს მოსვლისა. ამავ განჯიდამ გაგზავნა ყაენთან მეფემ ვახტანგ ჩხეიძე სეხნია. ჩავიდა ყაზმინს, წამოვიდა ყაენი თავრიზს და უყო წყალობა მეფეს ვახტანგს და გამოეგზავნა მამა შვილთა ხალათი და ოქროს სურა და თასი და ხუთი ათას თუმანი დაგასკარის ქალაქი და დაიბარა მეფე ბაქარ მისაშველებლად მამისა.
გამოხდა მცირედი ხანი და დაბრუნდა განჯიდამ მეფე ვახტანგ. იწყინა ყაზახთაგან მტერობა, მოუხდა, ამოსწყვიტა, დაარბია, აივსო ქართველთა ჯარი ნაშოვრითა, მობძანდა ქალაქსა ტფილისასა. ამა ამბავთა შინა გამოუსია ჯარი მალვით, მოუხდენ კახთ ბატონის ჯარი წინწყაროს და იავარ ჰყვეს და დაატყვევეს. გაგზავნა კახმა ბატონმა ყაენთანა კაცი და შეასმინა მეფე ვახტანგ: "ამაზე არის მტერი შენიო და ეყმო ჴელმწიფესა რუსეთისასა, ამოსწყვიტა რჯულსა თქვენისა მოსავნიო. მიბოძე საქართველო, გიახლო ქართლისა და კახეთისა ჯარითა და ვსძლიო მტერთა შენთაო". თვით ყმაწვილი იყო და რა იცოდა ან მეფის ვახტანგისა ან კახის ბატონისა, კარის კაცნიც ამ გვარნი, თურმე მართალი ეგონა. გაუწყრა მეფეს ვახტანგს ქ~კს უია [1723] იანვარის ათს და მისცა მამად ყულიხანს და დაუბრუნეს წყალობა მეფეს ვახტანგს თავრიზიდამ და დაუჭირეს ჩხეიძე სეხნია, დაატყვევეს. მოუვიდა კახს ბატონს რაყამი კახეთს საგარეჯოს, მოვიდა ღამით ავლაბარსა შინა, თურე ციხის კაცთა იცოდენ და მეფე ვახტანგ უმეცარ იყო. რა ჰსცნა ამბავი აჰყარა დედოფალი და ბარგი მძიმე და გაგზავნა გორს, შეიქნა იმათგან სროლა და ციხიდამ ზარბაზნისა. ეჭირა ციხე და ავლაბარი კახ ბატონსა და დაიბარა ჯარი მეფემ ვახტანგ, შემოეყარნენ ქალაქსა შიგან. რამდენჯერ იმათი ჯარი გამოვიდოდის, შესხდიან ქართველნი და ძლიერებითა ქრისტესითა გაემარჯვის ბაქარსა, დაიჭირეს კახთ მცხეთა და დადგნენ შიგა. უჩინა მეფემ ვახტანგ ძმა თჳსი სჳმონ და შეუჩინეს დეკანოზი მცხეთისა დანიელ, რათა შევიდნენ რა კახნი საყდართა შინა, დაუკლიტეს კარი. იყო მარხვა დიდი, და დიდსა ხუთშაბათსა ცისკრად შევიდნენ კახნი საყდართა შიგან. რა სცნა დეკანოზმა აღარავინ დარჩა შეუსვლელი, გამოვიდა საყდრიდამ, დაუგდო კარი მცხეთისა, დარჩა კახნი შიგან საყდართა. მოვიდა ჯარი მეფისა, თურე კოდმანს დამალულ იყუნენ, მოადგნენ კარსა მცხეთისასა, გამოიყვანიან თითო თითო, დაუკრეს ხელები კახთა და ჩაიყვანეს მეფეს ვახტანგთანა. იყო სიხარული და გამარჯვებისა, სიცილი მათის ეგრე მოყვანისათვის. შეექნა კახს ბატონს ჭმუნვა მათისა დარბაისელთა დაპყრობისათვის. იყო სროლა უწყვეტელი და მოუმართეს ზარბაზანი ხიდსა ავლაბრისასა, და ჰკრეს ხიდისა ძელსა, გასწყვიტა ძელი ხიდისა, და ჩაცვივდა წყალსა შიგან. გამოვიდა კახი ბატონი და დადგა სეითაბადსა და გასდვა ხიდი ხალვათ გარსა ბოლოსა, დაიჭირეს თაბორი და იყო ყოვყლდღე ომი. შეეპარნენ თაბორსა ჯარი ქართველთა, აიღეს თაბორი, დაესხა მეფე ვახტანგ დილასა განთიადისასა კახს ბატონსა, ბრძანებითა ღუთისათა გაემარჯვა, ამოსწყვიტეს, გაიქცა კახი ბატონი, გავიდა მტკვარსა, მიჰმართა ლეკთა ჭარელთა. აქა ციხესა შიგან დარჩა ძმა კახბატონისა თეიმურაზ, სიძე მეფისა, შეეხვეწა შემორიგებასა, არად ისმინა, გაუსია ჯარი მარტყოფსა და იავარყვეს და დაატყვევეს, მიუხდენ ხატს მღუთაებას, იდგა აქა ასული მეფის ვახტანგისა თამარ, მეუღლე თეიმურაზისა. გამოიყუანეს და დააყენეს ქალაქსა.
გამოხდა დღენი მცირედი. ეშოვნა ლეკთა ჯარი და აღეთქუა მისაცემი მრავალი კახთა ბატონსა. მოუვიდა ამბავი მეფეს ვახტანგს ჯარის შოვნისა, არად ჩააგდო მოსულა მისი, არცა ხიდთა აყრა. მოვიდა დილა ბინდ ზედა სამ პირად, ერთი ავლაბარსა ზედა, ერთი ხიდის პირსა. რა ჰსცნეს მოსულა მათი, ხიდის აყრა ვეღარ დაასწრეს, ქნეს იერიში, გამოვიდნენ ხიდზე და ციხიდამ გამოვიდნენ ბატონიშვილი თეიმურაზ და იქი მყოფნი თათრები. შეიქნა ცემა, გაემარჯვათ, მრავალი დარბაისელი ამოსწყდენ, ამილახორი გიორგი, სხვანი მრავალნი.
წამოვიდა მეფე ვახტანგ შვილითა და ძმებითურთ, გამოიარეს ქალაქთ გარე, ჩამოხდა ქაშუეთს, შემოეყარნენ მოქალაქენი და დაუწყვეს წვევა ქალაქსა შიგან, მაგრამ სპათა სიმრავლე აღარა იყო რა, არც ეგებოდა დაყოვნება ხანისა, იარეს. მეფე ვახტანგ წაბძანდა გორსა. ძე მისი ბაქარ წავიდა დუშეთს, არაგვის ერისთავი იყო გიორგი, სიმამრი ბაქარისა და მივიდა, სთხოვა ლაშქარი და მოხმარება თავისა, არად ისმინა და არც გაჰყვა. წაბრძანდა მეფე ბაქარ გულ ტკივნეული, მივიდა ქცხინვალსა მამასთანა. ხოლო კახი ბატონი შეუხდა ქალაქსა, ააოხრა, მოსწყვიტნეს მოქალაქენი, აიკლეს საქონელი ურიცხჳ, შეუხუდენ სიონსა, დასწვეს, შეაგინეს სიწმინდე, ხატი სიონისა ღუთის მშობლისა წაიღეს, დღესაც არ ვიცით რა უყვეს, ზოგი ვინმე დამსხვრევას იტყვიან, ზოგნი დამალვასა.
დაჯდა მამად ყულიხან ქალაქსა თბილისისასა. შემოეყარნენ ქართველნი. შექნეს რჩევა, ვახტანგ წინათად ნალაპარაკევი იყო ურუმთა თანა და იდგა სარასკარი იბრეიმ-ფაშა ყარს მრავლითა ჯარითა, გაუგზავნა შალიკაშვილი ნაზირი ედიშერ, შესთვალა სიტყუა რomeლიცა იმათი გულის ნება იყო: "მობრძანდი და საქართველო დავამონო ჴელმწიფესა თქვენსა და ვიფიცო მზე ბედნიერისა ხონთქრისა", რა მივიდა ამბავი, შეექნათ სიხარული დიდი და შესხდნენ მასვე წამსა შინა, მოვიდნენ ტაშირზედ. აქედამ მიეგება მეფე ბაქარ და ბიძა მისი მეფე იესე. რა ნახეს მისცა პატივი ამათი შესაფერი სარასკარმა და მოვიდნენ სონღალუხს. რა ჰსცნა მაჰმად ყული ხან მოსლვა ურუმთა და მიგებება ბაქარისა, ღონე აღარ იქნებოდა, წავიდა ქალაქიდამ, მიეგება სარასკარს სონღალუხს, მიართვა კლიტენი ციხისანი, აიყარნენ მასვე წამსა, შემოვიდნენ ციხესა ქალაქისასა, ურუმთ მაჰმად ყული-ხან დაატყვევეს, მისცეს მეფეს ბაქარს ქართლი და შექმნეს რჯულისა მისისა მოსავი და დახურეს ყაუხი და დაარქვეს იბრეიმ ფაშა.
გამოხდა მცირედი დღენი და გაიპარა მაჰმად ყული ხან ციხიდამ, გავიდა კახეთს. დაიჭირა მეფემ ბაქარ არაგვის ერისთავი გიორგი, სიმამრი თვისი და მოაგონა მიდგომა კარსა მისა და მოუხმარებლობა და გააგდებინა თავი.
წავიდა სარასკარი იბრეიმ ფაშა დასამონებლად განჯისა, დაუწყეს ლაპარაკი, დართვეს ნება განჯის მოქალაქეთა. შექნეს რჩევა: "თუცა ვძლიოთ ღუთითა და ხერხითა." შეუშვეს ჯარი ურუმისა, მივიდნენ მოედანსა განჯისასა, შეუკრეს ქუჩები განჯელთა, დაუწყეს ბრძოლა, ამოსწყვიტეს ურუმნი. გაიქცა სარასკარი, გაამაგრეს ქალაქი განჯისა.
ამა ამბავსა შიგან მოუვიდა ხონთქრისაგან ბძანება და დაბარება იბრეიმ ფაშას და გამოეცალა განჯას, წავიდა და მოკუდა გზაზე და მოვიდა ქალაქს დიარბეგის ფაშა სარასკარად. ამა მცირისა ხანსა იყო მეფე ბაქარ ქალაქსა შიგან, შექმნა ჭმუნვა და შეუძლებლობა ურუმთ შიგან, ვითაცა ჩვეული იყო ლხინსა და ნადირობასა, ბურთაობასა და სიმხიარულესა. ამათ შიგან არც ერთი არ ეგებოდა, ახსენა ღმერთი და მოიმხრო ქართველნი, შეჯდა ცხენსა და გავიდა სანადიროდ, აღარ დაბრუნდა, მივიდა ციხესა სამშვილდისასა, შემოიყარა საბარათაშვილო, დაუწყო მონაპირესა ჯარსა მათსა ბრძოლა, მრავალი ამოსწყვიტეს, წაბძანდა მამასთან ცხინვალს, შეიყარნენ ერთად ძმები და შვილები, შექნეს რჩევა, აღარ ენდუნენ ურუმთა. მაგრამ მეფემ იესემ აღარ გაჰყვა ძმასა, ჩავიდა ქალაქს, შეიქნა ოსმალის რჯულის და დაარქვეს მუსტაფა.
ამა ამბავთა შიგან წავიდა სარასკარი ერევანსა ზედა და მოვიდა ქალაქს რაჯა ფაშა ქ~კს უიბ [1724], გაუსია ჯარი მეფეს ვახტანგს ფაშა ახალციხისა ისაყ და ძმა მეფისა იესე, მიუხდენ ქცხილვანს, ააოხრეს ურუმთ ის ხეობა და გაეცალა მეფე ვახტანგ ძითა და ძმითა, მრავლის დარბაისლით და გარდავიდა რაჭას და წაბრძანდა რუსეთს.
ამავე თვესა მივიდა სარასკარი, აიღო ციხე ერევნისა და გამოიყვანეს ხანი ერევნისა ალი-ყულიხან. ესე იყო ციცისშვილი, დასდვა პატივი ფაშამ და მოსცა დასტური და აჩუქა და გაისტუმრა ყაენთან. მას ჟამსა იყო ყაენი არდაველს. ამავ ქორონიკონს გაგზავნა რაჯა-ფაშამ კათალიკოზი დომეტი, ძმა მეფის ვახტანგისა, ხვანთქართან.
ქ~კს უიგ [1725], ებოძა ხვანთქარს ქართლი ისაყ ფაშისათვინ და ერევანი რაჯა ფაშისათვინ, სარასკრობა სარი მუსტაფა ფაშისათვინ. ამან აიღო ციხე ლორისა, ჩავიდა განჯასა, შეებნენ განჯელნი. ორგნითვე ამოსწყდა მრავალი, ბოლოს სძლეს ურუმთა და აიღეს განჯა და დაიმონეს.
ამავ ქ~კს წაბრძანდა მეფე ვახტანგ რაჭიდამ ჩერქეზის ბატონის სახლში, ვითამც მოყვარე იყო და დახუდა მართებულად, რომელი იმ ქვეყანას გაეწყობოდა. მარიამობა იქ გარდაიხადა, წაბრძანდა და მოეგება ნოღა და კალმუხი და ყაზახი, იყო ათასი კაცი, წაუძღუნენ წინა. მეორეს დღეს რუსის ჯარი ქვეითი და ცხენოსანი, ხელმწიფისაგან განსწავლული, მშვენიერნი და მხნენი ათას ორასი, იმათი უფროსი ბელუღადრის ეძახოდნენ, სარდალს შედექი კაცი იყო ფრანგი. ახლდა შვიდი ზარბაზანი, დაიწყეს სროლა ზარბაზნისა და ვარჯიში თოფითა, ერთი სიამოვნე არ შეედრებოდა, ჩაიარეს დაღისტნის პირი და სოლაღის სიახლოეს მიეწურნენ ორს აღაჯზე, მოეგება სარდალი კალასკით, შექნეს ზარბაზნის სროლა. მიბრძანდა მეფე, სადაც სავანე მოემზადათ. დაჰპატიჟა სარდალმა, დაუხუდა დიდ გამომჩვენებით, მოართვა მოსართმევი, დაჰყო თვე ერთი და წაბრძანდა აშტრახანს ღვინობის თვეს, ჩასხდენ ხომალდსა ბრძანებითა ღუთისათა. ერთსა დღესა და ღამეს ზღვას გავიდენ, მაგრამ ედილში ავის ქარისაგან ოცდა შვიდ დღეს დაჰყვეს, დაიფანტა ხომალდი, ბატონი გაბძანდა ცხრას გიორგობის თვეს, ზოგნი მეორესა და მესამეს დღესა დახუდა იქაური სარდალი მასპინძლობითა დიდითა, დაჰყო მცირედი ხანი, მოვიდა რუსეთის ჴელმწიფიდამ ამილახვარი ვახტანგ. ეს ბატონს სოლაღიდამ გაეგზავნა ჴელმწიფესთან.
დაებარებინა მეფე ვახტანგ, წაბძანდა მეფე და ძე მისი ბაქარ, ძმა მეფისა სვიმონ დარჩა აშტრახანს. რა აშტრახნიდამ ათის დღის სავალი გაიარა, მიბძანდა ცარიცინს, ქალაქი იყო, იქ მჯდომი ღრუბენატორი, ვითამ ბეგლარ ბეგი, დაჰპატიჟა, დახუდა კარგათ და გაუმჟღავნა: პეტრე ჴელმწიფე, თურმე ოცდა რვას იანვარს ამიერ სოფლით მიფარულ-იყო. შეექნათ მწუხარება და გლოვა, მაგრა ბრძანებასა ღუთისასა არა გაეწყობოდა რა, იარეს და მიბრძანდა ქალაქსა დიდსა მოსკოვს, მოეგება ჯარი და კალასკები, თითოს კალასკაში ექუს-ექუსი ცხენი ება, დააყენეს დიდითა პატივითა, იყო იმა ქალაქსა ვეზირი, მჯდომარე ადგილსა სახელმწიფოსა. ამისთვის რომ ჴელმწიფე პეტრებუხს ბრძანებულ იყო და იქ დამარცხებულიყო. დაჰყო მეფემ ორი თვე და აცნობეს ჴელმწიფეს მოსლვა და ებოძა სამასი თუმანი და დაებარებინა. წაბრძანდა მაისს, რა მიიახლა სამის დღის სავალს პოლკოვნიკი მემანდარს მოაგებეს, ათასისთავს ჰქვიან, მოაგებეს ხომალდები საკვირველი, მნახავთათვის სასიამოვნე. გაბრძანდა და მოაგებეს ჯარი, შეიქნა სროლა ზარბაზნისა, რომე ყურთა ხმა აღარ იყო, მიიყვანეს სადგომსა, სადაცა სავანე მოემზადათ, ებრძანა ხელმწიფეს წყალობა, სამს დღეს იყო მასპინძელი თავისის მოხელეებითა, რაც მოუნდებოდათ, ლხინი მათად შესაფერად.
მას ჟამსა ჴელმწიფობდა დედოფალი, ამისთვის რომ ხელმწიფეს პეტრეს ძე არ ესვა და შვილის შვილი ყმა იყო მომცრო. დაჰპატიჟა მეფე ვახტანგ დედოფალმა და მიბრძანდა სამეჯლიშოსა სახლსა, იყო გარიგება დიდი და დარბაისელთა მორთვა მძიმითა მოკაზმულობითა და იჯდა ჴელმწიფე სანდალსა ზედა. იყო სანდალი მურასა უცხოსა მორთულობითა, მიიწვნეს მეფე და მიბრძანდა პირსა ტახტისასა. მოახსენა ჴელმწიფესა სამძიმარი უცხოსა რიტორისა ენითა, რა ქება და მიმტკივნება მდუღრისა ცრემლითა, დაჰყოვნდა ცოტას ხანსა და ხელმწიფობისა და ტახტისა მილოცვა ჰკადრა. მოეწონათ სიბრძნე და სიტყვამჭევრობა. უბრძანა ჴელმწიფემ მადლი და წყალობისა სიტყვები და წამობრძანდა თჳსსა სადგომსა.
გამოხდა მცირედი ხანი, ბძანა მეჯლიში ბაღთა შიგან, იჯდა ჴელმწიფე, მარჯვენით უჯდა ჴელმწიფეს სიძე და ელჩი შვეთისა, მიიწვიეს მეფე ვახტანგ და მათთან დასვეს და ძე მეფისა ბაქარ, ამათი დარბაისელნი და ქართველნი შიგან ჩარევით. ნახეს ლხინი უამესი რაღა ითქმოდა კიდე, სმისა და საზთა მღერისა. გაიყარა მეჯლიში და მიბრძანდა სამყოფსა თჳსსა.
გამოხდა ხანი რაოდენიმე და უყო წყალობა მეფეს ვახტანგს ხელმწიფემა, უბოძა საბოძვარი მრავალი და გამოისტუმრა ჯარითა უთვალავითა გილანის დასაჭერად. დააგდო ძე მისი ბაქარ და გიორგი, დედოფალი რუსუდან, წამობრძანდა მეფე ვახტანგ, დღესა მეხუთესა ებოძა ჴელმწიფეს კავალერია, სპასალარის დასაკიდებელი არის, ანდრია მოციქულის ჯვარი, დიდად მურასად შემკული ძვირფასისა. ჩაბძანდა გილანს, დაიმონა და აღაშენა ციხენი.
ქ~კს უიე [1727], თვესა აგვისტოსა, ისაყ ფაშის შვილი უსუფ ბეგ გადვიდა იმერეთს. შემოირიგა აფხაზი და მოვიდა გუგუთს იასშვილის სასახლეში. უღალატა დადიანის ბეჟანს და მოჰკლა.
ქ~კს უივ [1728], მარტს ი, მოუვიდა მეფეს ვახტანგს ბრძანება რუსეთის ჴელმწიფისა და დაბარება, ვითარც რუსეთის ხელმწიფე დედოფალი ბატონობდა და ის მიცვლილ იყო და წაბძანდა გილანიდამ და დააგდო ჯარი გილანსა. დასვეს ჴელმწიფედ პეტრე ხელმწიფის შვილიშვილი.
ქ~კს უიზ [1729] სომეხთ აღდგომა კვირაცხოვლობას გაითენეს და თევდორობის კვირას ხორცი ჭამეს. ამავ ქ~კსა ყაენმა შაჰთამაზ თავისი ტახტი ისპაჰანი დაიჭირა, ამადანი და თავრიზი.
ქ~კს უიჱ [1730], თიბათვის ი, გამოვიდა ლეკის ჯარი გულხადარადამ, ააოხრეს ზემო ქართლი, საციციანო, აბუხალა, გუჯარეთი, თრიალეთი, ჯავახეთი, სამსრები, საბარათაშვილო თავით ბოლომდი, ქციის გაღმართი, დმანისისა ქვეითი, წავიდნენ უზიანოდ.
ამავ ქ~კს გამოვიდნენ ჭარელნი, ააოხრეს ბოლნისები და სომხითი ამოსწყვიტეს, წაასხეს მრავალი ტყვე თუ საქონელი. მოვიდა ქალაქს ამბავი, წავიდა ისაკ ფაშა და იახლა ჯარი ურუმთა და ქართველთა, მიეწია ბაიდარში, შეიქნა ომი ფიცხელი, ბრძანებითა ღუთისათა გაემარჯვა ფაშასა, ამოსწყვიტეს ლეკნი.
ქ~კს უით [1731], თვესა ივლისსა, შეუხდნენ ქსნის ერისთავს შანშეს კახი ბატონი, ურუმთა ჯარი და ქართველნი, მრავალი სული დაატყვევეს, დასწვეს სოფლები, კლდე თუ კოშკი და მესერი, საცხენისი და ქვაბები, დააქციეს ციხე ვანათისა, ბოლოს შემოეხვეწა ერისთავი შანშე და შეირიგეს, შეუხდნენ სამაჩაბლოს, აიღეს ციხე სვერისა და დააქციეს გაღმა გამოღმა ორივ ციხე. გარდიარეს მთა ოსეთისა, მიუხდნენ მუგუთსა. კოშკი იყო მაგარი და ადგილი კლდოვანი, შეექნათ სროლა, დაიხოცა თათარი არა მცირედი. იყო სროლა დილიდამ ბინდამდი, უსწრო ღამემა, გაიპარა კოშკიდამ მაჩაბელი თემურაზ თავისის ხალხითა. რა იგრძნეს ურუმთა, აანთეს მაშხლები, შეუხუდნენ, აიფორაქეს საქონელი და მრავალი სული დატყვევდა.
ამა ამბავსა შინა მიუხდნენ ლეკნი ჯავახეთს. ააოხრეს ხეობა ზანავი, გარდავიდენ მთასა ნუნისისასა აოხრეს ხარაგეული ნუნის ქვეითი, გარდმოიარეს ქვიშეთს, წაახდინეს ციხისძირი, ააოხრეს საციციანო. კიდევ მეორედ გარდმოიპარნენ მთას იქით, დაწვეს მზვარე და ჩრდილი, იშოვეს მრავალი. შეიყარნენ მთას იქით კაცნი სააბაშიო და საჩხეიძო, უყვეს წინა უკანა, შეექნათ ცემა, ამოწყვიტეს ლეკნი, დააყრევინეს ნაშოვარი, ვინც მორჩა დაიფანტნენ მთაში გზისაგან უცოდინარი, რომელიც ქართლში გარდმოვიდნენ, ყველა დაიჭირეს და ამოსწყვიტეს.
თვესა სეკდემბერსა კდ, მოუხუდნენ ლეკნი სურამს, გარეშემო ააოხრეს, დასწვეს ოსიაური, ახალსოფელი, სატივე, ლუბრმაცედანი, ოძისი, წაიღეს ნაშოვარი ტყვე თუ პირუტყვი, გავიდნენ ყრისისჴევს, ჩაიარეს წრომს, დაამსხვრივეს გალავანი, შეუხუდნენ, უყვეს ყათლანი, ამოსწყვიტეს შიგ საყდარში, გავიდნენ გაღმა, მიუხდნენ ჭალას, ამილახორის სასახლეში იყო გამაგრებული, იდგა შიგ ერასტი, ამილახორის ბიძაშვილი. შეექნათ სროლა დილითგან ბინდამდის, მოკლეს ლეკნი ას სამოცნი, ბოლოსა ჟამსა მოკლეს ერასტი, აიღეს გალავანი, უყვეს ყათლანი, წაიღეს ტყვე თუ საქონელი.
ქ~კს უკ [1732] მოვიდა ამბავი და გათახსირება ხონთქრისაგან ისაყ ფაშისა. მის შვილს, უსუფ ფაშას, რა ყაფუჩის მოსვლა შეიტყო, ღამე დაამსხვრევინა კარი ქალაქისა და გამოვიდა გარეთ უბანსა, დაახვედრა წინ ყაფუჩს კაცნი და დაიჭირა და წაიყვანა თანა და წავიდა ერევანს. იყო სარასკარი ალი ფაშა, ამის მისულაზე მოუვიდა წყალობა ხონთქრიდამ და აზან-ვეზირობა, წავიდა სტამბოლს, თან წაიყვანა უსუფ ფაშა, ისაყ ფაშას მისცა ახალციხე, წაართვეს ალსან ფაშას.
ქ~კს უკ [1732] მოვიდა ქართლში ბატონად როსტომ ფაშა, სენისაგან შეპყრობილი აპრილს იდ, მიიცვალა მაისის იზ. ამავ ქ~კს დაანება ხვანთქარმან ყაენს არეს იქითი და რუსეთის ჴელმწიფემ გილანი.
ამავ ქ~კს გამოვიდა ლეკნი სომხითს და შემოადგა სამშვილდეს. იყო მეპატრონე სამშვილდისა მეფის იესე შვილი აბდულა ბეგ. მას ჟამსა იყო სომხითს, რა სცნეს ჯარით მოსულა, მოეშველა ყაფლანისშვილი ქაიხოსრო, სარდალი საბარათაშვილოსი და მათნი სახლის კაცნი და ჯარი სომხითისა, მოუხუდენ კრწანისის მხრისაკენ, შეიქნა ომი და სროლა ძლიერი, ბძანებითა ღუთისათა გაემარჯვა და ამოწყვიტეს ლეკნი, ვინც მორჩა - გაიქცა.
ამავ ქორონიკონს მოვიდა ლეკის ჯარი. ტეზერი, ბეკამი, გვერდის უბანი აღაოხრეს, წავიდნენ ნაშოვრიანი, გავიდნენ წრომს, შეება გორის ფაშა, მოკლეს ლეკთა, დახვდა მეჯვრისხევს ამილახორი გივი, გაემარჯვა, ამოწყვიტეს ლეკნი და დარჩათ ნაშოვარი.
ამავ ქ~კს მკათათვის ჱ, მოვიდა ლეკის ჯარი ღამით. ამოიარეს ბეკამი ღამით, გარდაიარეს წიფის მთა, ჩაუხდენ წიფას, ზოგი ვინმე წაახდინს, გარდმოიარეს იტრია და ჩუმა თელეთი წაახდინეს.
ამავ ქ~კს მკათათვის კა შემოადგნენ ლეკნი ქვიშხეთს. ერთი ღამე ვინცა ვინ სააბაშიო კაცნი ციხეში იყო კარგათ იყუნენ, მოკლეს ლეკი მცირედი და დარჩათ ლეკის ბაირახი ორი. შეიარეს ლეკთა ხეობა, მიუხუდნენ დვირს, წაახდინეს ასპინძა, ოშორა, სხვა ბევრი სოფლები, გარდმოიარეს ციხისჯვარი და შემოადგნენ სადგერს, ზეით თედიასშვილის ციხესა, თერთმეტი დღე ადგნენ. ამა შეჭირებასა შინა მოვიდა ოსმან ფაშა ახალ ქალაქს ჯავახეთისასა, ებოძა ხვანთქარს ქართლი, შეესმა ამბავი ლეკთა, გამოუსია ჯარი და აქედამ ავალისშვილები მოადგნენ, განთიადისასა დაესხნენ ლეკთა, ამოწყვიტეს ლეკნი, ვინც მორჩა - გაიქცნენ, გარდაიარეს საციციანო და გავიდნენ იკორთას, დახუდა გორიდამ ჯარი და ამილახორი გივი, მოეშველა ასლან ფაშა ქალაქიდამ და აქედან ქართველნი, ამოსწყვიტეს ლეკნი, გაემარჯვა დიდად.
ამავე ქ~კს მკათათვის კჱ ქალაქს მოვიდა ოსმანფაშა. ესე იყო აზან ვეზირი ხვანთქრისა.
ამავ ქ~კს მისცეს ისაყ ფაშას ქართლი, ამის შვილს უსუნ ფაშას ახალციხე და ოსმან ფაშას აზრუმი. წავიდა ოსმან ფაშა ქალაქიდამ ღვინობისთვის ი, მოვიდა ქალაქს ისაყ ფაშა ღვინობისთვის იე.
ქ~კს უკ [1732] ქრისტესშობისთვის თ მოუხდენ ლეკნი, ააოხრეს გომარეთის ხეობა, ჩამოიარეს გომი-ჯვარზედ, გავიდენ ქსოვრისს. ეწია წლევის ბოლოს ამილახორი გივი, თარხანი ლუარსაბ, მცირე ურუმთ ჯარი. ლეკთაც ბევრი ზიანი ჰქმნეს, მაგრამ ბოლოს დიდათ გაემარჯვათ და ამოსწყვიტეს ლეკნი.
ამავ თვესა დაარბიეს ლეკთა სომხითი. მოვიდა ამბავი ქალაქსა, შეჯდა ისაყ ფაშა, ჯარი ურუმთა და ქართველთა, დახუდენ ნიჩბისსა. მოვიდენ ლეკნი ხეკორძის თავს, წვერზე საყდართა. დიდი სიმაგრე იყო და იქვეითეს ქართველთა და ურუმთა ენგიჩართა, იყო სროლა დილითგან შუაღამემდინ. დაუმარცხდა ლეკთა, ამოსწყვიტეს, გაიქცნენ ლეკნი უკანვე დიდგორისაკენ და ღამე კოწახურის ფონს გავიდნენ.
ამავ თვეს იე ლეკთ ზემო-ქართლი დაარბიეს, აქავ ხეკორდიდამ ღამე წაბძანდა ფაშა, მიეწივნენ იკორთის ბოლოს, გაიქცნენ ლეკნი, დარჩათ ნაშოვარი. ამავ თვესა მოვიდა სტამბოლიდამ უსუფ ფაშა ქალაქს და გაილაშქრა კახეთს ქრისტეშობისთვის კზ.
ამავე თვესა კგ უკუდგა იმერეთს მეფეს ალექსანდრეს ძმა მამუკა, წავიდა დადიანთანა. ვითაც და ედგა დადიანისა, ერთი და მეფეს ალექსანდრეს ედგა, დაუმარცხდა და მეფემ შეირთო ასული აბაშიძისა ლევანისა. და ვითაც დადიანის ქალი აქ მეფის სახლში დასთან გაზრდილი იყო, მოყრობაზე ხელი აიღო მეფემა და ძმას შერთო. მაგრამ დანდობა არ მოახდინეს, დადიანმა მამუკას ბატონობა მოინდომა. შეიყარნენ დადიანი ოტია, რაჭის ერისთავი გრიგოლ, აბაშიძე ზურაბ. მაგრამ მეფემ შვილი გაგზავნა დავით ჯარითა, შეიბნენ ჩიხორს, ამა შებმაზე დადიანი და ძმა მისი კაცო მოჰკლა და კაცოს მსახურმა დადიანს თოფი ჰკრა და დაჭრა. ბძანებითა ღუთისათა გაემარჯვა მეფეს ალექსანდრეს, დარჩათ იმათი კაცი მეფეს ჯარს ათას შვიდასი, სიკუდილს გარდა. წაიყვანა მეფემ დადიანი დაჭრილი და აუჩინა ექიმები და გაამთელა.
ამავ თვეს კჱ შემოეყარა კახი ბატონი უსუფ ფაშასა ბეჟან ბაღის იქით ის, იქით ეს, ცხენით გარდახდა კახი ბატონი, აქეთ ფაშა ჩამოხდა, მიესალმენ ერთმანეთს, გარდეხვია ფაშა, შეჯდა ცხენს, გაბრუნდა კახი ბატონი. ამის დროს უღალატეს და მოკლეს ოსმალთა კახ ბატონი, წაესივნენ კახთა, ამოწყვიტეს კახნი, ვინც გაიქცა - მორჩა. ჩავიდა ფაშა ყარაჯაღში, შემოეყარა სურხავი. ესე იყო ლეკი და ხლმით დაიჭირა შირვანი, გავიდენ გაღმა მხარსა ააოხრეს გავაზი და შილდა.
ამავ ქ~კს დაიჭირა ყეენი შაჰ თამაზ ისპაანს და გაგზავნა მაშათს თამაზ ხან. ეს იყო, ჯერ მოუდგა ყაენსა და მერმე უღალატა და გაილაშქრა ბაღდად ზედა. ქ~კს უკა [1733] დაუმარცხდა თამაზ ხანს ბაღდადს, გაემარჯვა ოსმან ფაშას. ეს ფაშა რომ ქართლში მოვიდა იმას სარასკარობა მისცეს და იმან გაიმარჯვა. ბოლოს ავათ შეექცა, ამავ ქ~კს გაემარჯვა თამაზ ხანს ბაღდადს, მოკლეს სარასკარი ოსმან ფაშა, აიკლეს და მოსწყვიტეს ურუმნი. შემოადგა ციხესა ბაღდადისასა, შეწუხდენ შიმშილითა მყოფი ციხისა, შეურიგდა ბაღდადის ფაშა, მისცა პირი და ფიცი და მძევლები. დაანება რაც ყაენს მამული წართმეული ჰქონდა და გაგზავნა ხვანთქართან კაცი და ხონთქარმან აღარ დაანება.
ამავ ქ~კს ააშენა ციხე მუხრანისა ისაყ ფაშამ აპრილიდამ თიბათვის კ, იყო მუშა ექვსასი, ქართლი თუ სომხითი თუ საბარათაშვილო.
ქ~კს უკბ [1734], მოუხუდენ ჭარელნი ელსა, წაიღეს საქონელი მრავალი. მოვიდა ამბავი ქალაქს, გაუსიეს ჯარი ქალაქიდამ და უთავეს მაჰმადბეგ. ესე იყო მხნე ვაჟკაცი და ხაზინადარი უსუფ ფაშისა, წაეწივნენ შირაქს იქით, გაექცნენ ლეკნი, დახოცეს ასი ოდენ, დარჩათ საქონელი, მოვიდა ქალაქს. გაეგებნენ ორნივე მამა-შვილნი და ნახეს სიხარულითა დიდითა, დაასვეს ჯიღა მურასა თავსა და ჩააცვეს ქურქი, უყვეს წყალობა. ამავე ქ~კსა ააშენა ისაყ ფაშამ ციხე ავჭალისა, კოშკები დიღმის ბოლოდამ ატენის წყლამდის თორმეტი, სადაცა ფონი იყო ლეკთ გამოსავალი.
ქ~კს უკბ [1734] მკათათვეს აიღეს ყიზილბაშთ შამახია თამაზხან.
ამავე ქ~კს აგვისტოს, წავიდა ქალაქიდამ უსუფ ფაშა მცირე ქართველთ ჯარი კახეთს, დაესხნენ თავს კახნი, ამოწყვიტეს ურუმნი, დარჩათ საქონელი ურიცხვი, გამოიქცნენ ფაშა და ვინცა ცხენს შეასწრეს, ახლდა ერისთავი შანშე, ამილახორი გივი, ყაფლანისშვილი ქაიხოსრო, თარხანი ლუარსაბ.
ამავ ქ~კს სეკდემბერს შეიყარა ჯარი სერასკარისა, მიეშველა განჯიდამ ურუმთ ჯარი, მოვიდნენ შირვანს. გამოვიდა თამაზ ხან. შეიქნა ომი ფიცხელი, გაემარჯვა თამაზ ხანს. ამოსწყვიტეს ლეკნი და ურუმნი გაიქცნენ.
ამავ ქ~კსა ღვინობის თვეს შემოადგა თამაზხან ციხესა განჯისასა, მოუვიდა ქართველთ ბძანება და აშლა ურუმთა. დაუწყეს ბრძოლა, შეიყარა ჯარი ამილახორმა გივმა, მოვიდა ბერბუკს ღამით, დაიქვეითა თვითონ და მუხრანის ბატონმა მამუკამ, გორელთ მისცეს პირობა, შევიდნენ ღამით და დაიმალა ჯარი სახლებშია, ვერ იგძნეს ურუმთ. ციხეებში მიუჩინეს ოთხნი გამორჩეული ვაჟკაცი, მისცეს საბოძვარი, ვითაცა ურუმნი ხეებსა ზიდევდნენ, ვინცა აუტანდათ არას უკითხევდენ. გათენდა, ამ ოთხმა კაცმა შეიდვეს ძელები მხართა, იყო ნიშანი ამათი, რომ ციხის კარზე ერთი იქით დაუდვან, ერთი აქეთ, რომ ციხის კარი ვეღარ მოუგდონ, გააღეს კარი ციხისა და გამოვიდნენ ციხიდამ ურუმნი, ჩამოვიდნენ ქალაქსა გორისასა, აიტანეს ძელები და დააგდეს კართა ზედა. იდროეს, გამოვიდა დამალული ჯარი, თურე ყარაულმან იგრძნა, მოასწრეს კარი ქვეით გალავნისა, შეიქნა ცემა გორში. ამ ოთხთა კაცმა გაიკრეს სატევარებს ხელი, თურე დამალული ჰქონდათ, შეუხდენ ციხეში, მოკლეს ერთი ურუმი, მიუხუდნენ ენგიჩარ აღას, დასჭრეს, გამოვიდნენ მშვიდობით, ჩამოვიდნენ კარსა გალავნისასა მოკლეს მცველი კარისა დალეწეს კლიტენი გამოვიდნენ უზიანოთ და ვინცა ვინ ციხიდამ ურუმნი ჩამოვიდნენ ამოსწყვიტეს, დაიჭირეს. დააყენა ჯარი გორსა და წავიდა თვითან გაგზავნა მახარობელი და თავები სარდალთან. ეს სარდალი გამოეგზავნა თამაზ ხანს. მოვიდა კახეთს ასლამაზ ხან. ესე იყო ყაფლანიანთ სახლის კაცი. მოვიდა საგარეჯოს, წავიდა ამილახორი და ქართველთ ჯარი, მიეგებნენ წინა, მოვიდნენ და დადგნენ გლდანს. გამოვიდნენ ურუმნი, მოვიდნენ გლდანის ბოლოს, აქეთ გავიდნენ ყიზილბაშნი და ქართველნი, დაუმარცხდა ყიზილბაშთ და ქართველთა, მოვიდნენ მცხეთას თვესა სეკდემბერსა თ, აიღეს გორი სულუხი და მიუხდნენ ქართველნი ახალციხის ქვეყანასა, მრავალი სოფლები ააოხრეს. შემოადგა ურუმთ ჯარი სადგერსა, გამოვიდნენ ავლიშვილები და გააქცივეს ურუმნი და ამოსწყვიტეს.
ქ~კს უკგ [1735], მოვიდა თამაზ ხან ყარსის ქვეყანასა და იქით სარასკარი, ჯარი ხონთქისა ქოფრულის შვილი, შეიბნენ, გაემარჯვა თამაზ ხანს, მოკლეს სარასკარი, დარჩათ თოფხანა და საქონელი ურიცხვი, იტყოდენ ორმოცი ათასი კაცის სიკუდილსა.
ამავე თვესა იგ, მივიდა სარდალი ასლან ხან და სულ ქართველნი დადგნენ კოჟორს იქით სერზედა, გამოვიდნენ ციხიდამ ურუმნი, მოვიდნენ კოჟორსა, აქედამ ქართველნი და ყიზილბაში, გაიქციეს ურუმნი, ამოსწყვიტეს, წაჰყვნენ წაკვისის ბოლომდინ, ვინც მორჩა, შეასწრეს ქალაქსა.
ამავ ქ~კს მკათათვის ი, დაარბიეს ლეკთ სომხითი, წამოიღეს ნაშოვარი, წამოუდგა სარდალი ყაფლანისშვილი ქაიხოსრო და ბარათიანი, გაასწრეს, ავჭალას შევიდნენ ციხეში, შემოადგა გარს და დაუწყეს ლეკთ ხვეწნა, გამოიყვანა ციხიდამ, მოიყვანა შინდისს, იდგა ჯარი და უყვეს ყათლანი ლეკთა, იყო სამოცი ლეკი.
დაებარებინა თამაზ ხანს ამილახორი, გავიდა, წავიდა, ჩავიდა, გაუწყრა და დაიჭირა. ამისთვის ქალი ეთხოვნა, ვერ მისცა. რა დაიჭირა და უპატიოდ გახადა, დაიბარა და ჩაგვარა ქალი, მაგრამ აღარ გამოუშვა.
ამავ ქ~კს მარიამობის თვესა ა, დაუწყეს ურუმთ ლაპარაკი შერიგებისა ქალაქიდამ ისაყ ფაშამ და უსუფ ფაშამ. ებძანა თამაზ ხანს გზისა დანებება და ურმების თხოვნა, ათხოვეს ურმები სამასი ოდენ, გაუმძღვანეს მემანდარი და წავიდნენ უვნებურად და შევიდნენ ყიზილბაშნი და ქართველნი ქალაქსა ტფილისისასა. რა შეიტყვეს განჯას სარასკარის დამარცხება, დაანებეს და წავიდნენ ხანის დასტურით ურუმნი.
ქ~კს უკგ [1735], დაიბარა თამაზ ხან კახი ბატონი თეიმურაზ, ძმისწული ამისი ალი მირზა, კახნი და ქართველნი. დამორჩილდნენ ბძანებასა მისსა, წავიდნენ. მას ჟამსა იდგა თამაზ ხან ერევნის ყირსბულახს შეეყარნენ თამაზ ხანს, დაყვეს დღენი სამი და მისცა ალი მირზას ქართლი და კახეთი, იქ შეინახა თეიმურაზ კახი ბატონი, ქიზიყის მოურავი აბელი, მუხრანის ბატონი მამუკა, ამილახორი გივი, ავალისშვილი ქაიხოსრო. მოვიდნენ ქალაქ მეფე ალექსანდრე, სარდალი ასლამაზ-ხან და ამირეჯიბი ალიყულიბეგ ქართველნი, წაართვეს ქალაქს რვა ათასი თუმანი, სახასოს სოფლებს სამი ათასი თუმანი, პური ათასი ხარვარი (ერთი ხარვარი ათი კოდი) ქართლში და კახეთში ორი ათასი მოლაშქრე კაცი.
დაანებეს ერევანი ურუმთა და არა ავნეს რა ურუმთა. მიეცა დასტური თამაზ ხანს თეიმურაზ კახი ბატონისათვის, რომ ცოლითა და შვილით კახთ დარბაისლით ქალაქს ჩამოსულ იყო. რა კახეთს მივიდა, კახთა ეს არა ჰქნეს ცოლ-შვილით ჩასულა, აიყარნენ და წავიდნენ ფშავში.
ღვინობისთვის ვ მოვიდა თამაზ ხან დიდისა დიდებითა, გაუშალეს მოქალაქეთ ფიანდაზი ციხეს კარიდამ ალაყაფის ჩარდახამდის დადგა ჩარდახში და შიგნით არამი დააყენა. გაჰპაროდა სომხითიდამ ამილახვარი გივი, მუხრანის ბატონი, ავალისშვილი ქაიხოსრო, მივიდნენ თავთავისად. ამილახვარი წავიდა იმერეთს, მუხრანის ბატონი რუსეთს. იწყინა ეს თამაზ ხან, დააქცია ციხე გორისა, ქალაქს თაბორი. გაუსივა ჯარი არაგვის ერისთავს ბარძიმს, ოთხი ათასი ზემო ქართლს, ოთხი ათასი საციციანოს. არაგვის ერისთავის ანანური და იმას აქეთ ქსნის ერისთვისა, მონასტერს ქვეით აწერის ხევს ქვეით დაატყვევეს, დასწვეს, ზემო ქართლისა ვახანიდამ დაწყებული მუხრანამდი ააოხრეს, დაატყვეს, დასწვეს, შეაბილწეს ეკლესია, ყოვლგნით გააოხრეს მღვიმე ხატითა და მორთულობითა, წაიყვანეს ქართლიდამ რვაასი კომლი, ვინ იცის სახლში რამდენი სული იყო. ეს ტყვე ხუთი ათასი საავალისშვილოსი და საციციანოსი, ხუთასი კომლად და ათასი ტყვე, საერისთოსი ხუთასი ტყვე, მოსრეს ყმაწვილნი ეროდეს მსგავსად, ჩჩვილს ყრიდენ და დიდი, რომელიც დავარდის ცხვირსა და ყურებს აჭრიდიან.
ოკტომბერსა კე წავიდა თამაზ ხან ქალაქიდამ კახეთს, გაუწყრა კახეთს, აჰყარა სულ კახეთი გაღმა მხარი და გამოღმა, შეაბილწეს ალავერდი, ქიზიყს გარდა და ქართლისა და კახეთისა გაგზავნა ხვარასანს, თვითონ გავიდა ალაზანს, გავიდა ჭარზედ, ააოხრა ჭარი, მივიდა შამახიას, რაც კახნი და ქართველნი იყუნენ, რა ქალაქიდამ გადგნენ ყველას იარაღი შემოსხნეს. რა ალაზანს ხანი გავიდა, ესენი განჯისკენ გაგზავნა. რა მიახლენ მტკუარსა გასასვლელად შეკრეს პირი და ქართველთ და კახთ, ერთ ღამეს დასცეს ყიჟინა, მრავალი სული მორჩა და გამოვიდა უზიანოდ.
ქ~კს უკგ [1735], მიიცვალა კათალიკოზი ბესარიონ თვესა ნოემბერსა. აჰყარა განჯა, ყარადაღი, ერი ქართლისა და კახეთისა, ერევანი, ყარსი, ყაიყული, ფანბაკი, რაც თოფხანა დარჩა ურუმთა გაგზავნა ხვარასანს, თვითან წავიდა თათარხანზე, გაემარჯვა და მოვიდა მუღამში. ქართლიდამ დაიბარა მეფე ალექსანდრე, მეფის იასეს ძე აბდულა ბეგ, ამირეჯიბი ალიყული ბეგ, სარდალი ქაიხოსრო. წავიდნენ მუღამში.
ამავ ქ~კს უკდ [1736], მუღამში შეიყარა ერანის ჯარი, ეს ვინც ქართლიდამ წავიდნენ, ჰქმნეს ყრილობა და ყაბული თამაზხანის ყეენობისა და დაჯდა ყაენად შაჰ თამაზ ხან. ქართლში ესენივე გამოისტუმრა და დასდვეს ქართლს სამი ათასი სამასი თუმანი და ხუთასი ნოქარი ცოლშვილით ქალაქსა უნდა დამდგარიყო კაც-ცხენ-იარაღითა. ზემო ქართველთ ეს ვერ შესძლეს, უკუდგა ქსნის ერისთავი შანშე, ამილახვარი გივი, აბაშიძე ვახუშტი და სულ ზემო ქართლი, გაღმით თარხანი ლუარსაბ და მისი სახლის კაცნი. დაუწყეს ხვეწნა სეფი ხანს სულთანს: "როგორც სხვის ყაენისათვის გვიმსახურია, ან სამსახური გუდებია, ისე გვიმსახურეთ, ხელმწიფის დიდი ხნის ყმანი ვართო". ეს იმათ არა ქნეს. ამაში გაეცალა ამხანაგებს არაგვის ერისთავი ბარძიმ, სულ ციციანი, სულ საბარათაშვილო მიუდგნენ ყიზილბაშთა. წამოვიდა ჯარი, დადგა ფხვენის, დაიწყეს იქიდამ თარეშის გასევა, მიუხდნენ ქსნის ერისთავსა, რამდენჯერაც მივიდნენ, ბრძანებითა ღუთისათა, იმდენჯერ გაემარჯვა საერისთოელთ. კეხუს მიუხუდნენ სამჯერ ამილახვარს გივსა, სამჯერვე გაემარჯვა და მოსწყვიტეს ყიზილბაში. ამაში გამოუსია თარეში, მოუხდენ დილაბინდზე სააბაშიოსა და საჩხეიძოსა და სურამის ხეობასა, ბევრი სული წაახდინეს და დაწვეს საფალავანდისშვილო და გამოყოლება ააოხრეს, დაწვეს, სადაცა სიმაგრე იყო ღვთით ვერა ავნეს რა.
ამავ ქ~კს მკათათვის ორსა, რიჟრაჟზედ შეუტყობლად მოვიდა ჯარი ორი ათასი კაცი. თითვან სულთანი აბდულა ბეგ, ვინცავინ ქართველნი იმათ თან იყო ციხის ძირს დაუწყეს ბრძოლა და გარდ მოვიდნენ, ნუნის ჩამოვიდნენ, თარეში ჩრდილსა იდგა, აბაშიძე ვახუშტი ვახანს. რა მოვიდა ანბავი, იარა და შემოეყარა თავისი საყმო, შეიქნა სროლა, ბძანებითა ღუთისათა, ნუნისა ღუთისმშობელის ძლიერებითა გაიქცნენ და მოსწყდა მრავალი სული, ჩაჰყუნენ ციხის ძირამდის ცემითა და ხორცითა. ამისთანა გამარჯვება ერთსა და ორს არვის უნახავს, თან პირიქითი ჯარი, თქვენმა მზემა, სხვას გარდა ორასი ასეთი ცხენი შეკაზმულობითა, ზოგი ვერცხლისა რახტითა აბაშიძეს მოართვეს. სხვა რაც ვინმე დამალა, ის ღმერთმან იცის. ასე ღმერთმან წყალობა მოუვლინა, ერთი კაცი არ მოჰკდომია, მოვიდა და დაჯდა ნადიმად და გასცა საბოძვარი, ან ვინც თავი მოიტანა და ვინც კარგათ ყოფილიყო. მორჩა სეფი ხან გაქცეული და ვინცა ვინ მორჩათ, იმავ დღეს ფხვენის წავიდნენ. დაუწყო ლაპარაკი, ვინც უკუმდგარნი ქართველნი იყუნენ შეურიგდნენ ფიცითა საშინელითა. აიყარა სულთანი ფხვენისიდამ, ჩავიდა ხელთ-უბანს. რას მოტყუებითა დაუძახა კახს ბატონს თეიმურაზს, არაგვის ერისთავს ბარძიმს, ამილახვარს გივს, თარხანს ლუარსაბს, კახთ სახლთხუცეს ჩოლაყაშვილს გივს, ქისიყის მოურავის ძმას თამაზს, ჩერქეზისშვილს ქაიხოსროს. ესენი ერთ პირით დაიჭირეს, გაგზავნეს ქალაქს ციხეში. იმათი აქ დაჭერა და ქსნის ერისთავზე ჯარის გასევა იკორთას და ბრძანებითა ღვთისათა, გაემარჯვა ერისთავსა, გამობრუნდენ და ჩავიდნენ გორს, წავიდა ქალაქს და დააგდო გორს ნაიბად აბდულაბეგ, ძე მეფის იესესი.
გამოხდა მცირე ხანი და გამოვიდა ლეკის ჯარი გულხადარადამ თვესა ოკდომბერსა ქ~კს უკდ [1736], წაახდინეს გვერდის ძირი და ზემო ქართლი, ვიდრე სურამამდის და დადგენ დირბს. წავიდა გორიდამ აბდულაბეგ, აახლო ჯარი ქართველთ და ყიზილბაშთა, პირველსა მისვლაზე გამოვიდნენ ლეკნი და შეიბნენ ყელ-ქცეულს. ბძანებითა ღვთისათა, გაემარჯვა აბდულა ბეგს. ზოგი დახოცეს, გაიქცნენ და შევიდნენ დირბს, ღამემ გაყარა. ღამით გაიპარა ლეკი და გავიდა ხვედურეთს. ამაში მოვიდა ქალაქიდამ სულთანი სეფი ხან დიდის ჯარითა გორს, გავიდნენ გორიდამ, რა მივიდნენ ღულევის ბოლოს, გამოვიდნენ სამ დაფათ. რა ნახეს მძლავრი ჯარი, ვეღარ შემოებნენ, გაიქცნენ ლეკნი, მცირედი დახოცეს, შევიდნენ სიმაგრეში, ღამით გაიპარნენ, გავიდნენ ბებნის, მცირე ყარაულნი გაუდგნენ უკან, ზოგი ცოცხალი დაეჭირათ, მცირე დაეხოცათ, გაიარეს, დუშეთი წაახდინეს.
ამა ამბავსა შიგან მოვიდა ყაენისაგან ბძანება და წყალობა: ქართლი ებოძა აბდულაბეგისათვის, იქმნა მეფედ საქართველოსი და დაარქვეს არჩილ; კახეთი ალი მირზისათვინ, რომ მცირესა ჟამსა მეფედ იყო ქართლისა; ერევანი სულთნის სეფის ხანისათვინ. წავიდა ერევანს და კახი ბატონი კახეთს, დაჭერილი თავადები გაგზავნეს ისპაანს: კახი ბატონი თეიმურაზ, არაგვის ერისთავი ბარძიმ, ამილახორი გივი, თარხანი ლუარსაბ. რა ჩავიდნენ, უყო წყალობა ყაენმა, მოსცა ხალათები და ინამი, თითვონ წავიდა ყანდაარს საბრძოლად და ესენიც თან წაიყვანა.
ქ~კს უკე [1737], აპრილს გასულს, კიდევ მოვიდა სეფიხან დიდის ჯარით ქართლში. მივიდა, ქსნის ერისთავს შიგნით შეუხდა, აიღეს ციხე იკორთისა, ციხე ვანათისა, ციხე კულბითისა. მიუხუდნენ აბაშიძეს ვახუშტის, აიღეს ციხე ციხისძირისა და ციხე სურამისა, შეუხუდა ქსნის ერისთავსა აიღო ციხე აწყვერისა, ციხე ბეშო და მონასტერი. გაეცალა ქსნის ერისთვის ძმა იესე ცოლშვილით კახეთს, დახუდნენ წინა, გაექცა ერისთვისშვილი, დარჩათ ცოლ-შვილ და საქონელი ყიზილბაშთ. წავიდა შანშე ცოლ-შვილით იმერეთს, იქიდამ ჩავიდა რუსეთს. ჩავიდა სეფიხან ქალაქს და დაიჭირა მეფე არჩილ და აიყვანეს ციხეში.
დაებარებინა ყაენს მეფე არჩილ, წავიდა გიორგობის თვესა ი. წავიდა, შეიყარა ქსნის ერისთვის ოსნი და საერისთო, აიღეს ციხე ანანურისა, მონასტერი და ახალგორი. გაუგზავნეს კახეთს ქსნის ერისთავის ძმას იესეს, მოვიდა და შეიყარნენ.
დაებარებინა ყაენს ყანდაარს ქართველნი: ამილახვარი ოთარი, სარდალი საბარათასშვილოსი ყაფლანისშვილი ქაიხოსრო, ციციშვილი ქაიხოსრო, ციციშვილი მთავარეპისკოპოზი კირილე, ქაიხოსრო ჯავახისშვილი, ავთანდილ ფალავანდისშვილი, ფეშანგი, ლორის მელიქი ფარსადან, სომხითის მელიქი ბადურ, ალიყულიბეგ ამირეჯიბი.
ქ~კს უკე [1737], მარტს კე, აშტრახანს დამარცხებულ იყო მეფე ვახტანგ.
ქ~კს უკვ [1738], მარტს ია, წავიდა სეფიხან, დაებარებინა ყაენს ყანდარს. მოვიდა ქართლში განჯის ხანი უღული ხან, ძე ქალბალის ხანისა სარდლად. ამავ ქ~კს მარტს დ, აიღო ყანდაარი ამავ ყაენმა და წავიდა ინდოეთზე, აიღო შვიდი ქალაქი, შემოებნენ ინდოეთის სპასალარი ინდოთ, დაიჭირეს სპასალარი.
ამავ ქ~კს მაისს ზ: ყანდაარიდამ გამოისტუმრა ყაენმან ვინცავინ ქართველნი იყუნენ. წინდაწინ ჩაფრად მოვიდნენ ხანჯან ქართლის ბატონად, ალიყული ბეგ ისევ ვექილად.
ამავ ქ~კსა მოვიდა ქსნის ერისთავი რუსეთიდამ თავის მამულში. მოვიდა კახი ბატონი თეიმურაზ კახეთსა.
ქ~კს უკვ [1738], წამოვიდა სპარსეთიდამ სპასალარი იბრეიმ ხან ყაენისა, დაიბარა ქართველნი და ხანჯანხან. შეიყარნენ კაკს, შეუხუდნენ ჭარს, დასწვეს, დააქციეს, გამობრუნებაზე წამოეწივნენ ლეკნი, უყვეს წინ უკან, გაემარჯვათ ლეკთა, ამოსწყვიტეს ყიზილბაში და ქართველნი, მოკლეს სპასალარი იბრეიმ ხან, უღულიხან განჯის ხანი, სხვანი გამოიქცნენ. თეიმურაზ კახი ბატონი კახეთს და ხანჯახან ქართველნი ქალაქს.
ამავ ქ~კოსა მაისს კე. სტამბოლიდამ მოვიდა კ~ზი დომენტი ძმა მეფის ვახტანგისა.
ქ~კს უკზ [1739], თვესა მაისსა, პირველსა ღამესა, ერთი საკვირველი და კაცთაგან ჭკუა მიწვდომელი აჩნდა შუა ციდამ, ცა მოწმენდილზე, ნათელი დიდძალი, რომ მთვარის შუქი აღარა ჩნდა, ვიდრე დასავლეთამდე განათლდა ყოველი ქუეყანა, რა განქარდა, ერთი ასეთი დაიქუხა, რომ ქვეყანა შესძრა, არც ცის გახსნა იყო, მაგრამ ნათლით ნახევარ ცა ეჭირა, მთა და ბარი სულ განანათლა. ეჰა საკჳრველთ მოქმედსა ღმერთსა.
ამავ ქ~კს, მარტში, ინდოეთზედ გაემარჯვა ამავ ყაენსა, დამორჩილდა ინდოეთის ჴელმწიფე და მოართვა მრავალი:-