სიკვდილი მთვარისაგან
სიკვდილი მთვარისაგან ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
წაკითხულ წიგნთა საღამოის მსუბუქი ბინდი
არეებს მშვიდად, უდარდელად კვლავ ეფარება,
მდინარეთ ლურჯი, ქაფიანი და მძიმე ზვირთი
შავი ზღვისა და კასპიისკენ მიეჩქარება.
ასეთ ფერებში შეერია მთების კალთები
და სიბნელეში აიმართენ ბასრი კლდეები,
დაიმსხვრა სადღაც იმედები და ხომალდები,
შთაინთქენ მაღალ კუბოებში ცის კიდეები.
მაგრამ უეცრად ყვავილივით გაიხსნა მთვარე:
საამო, ნაზი, უხავერდო და უვნებელი,
ჯერ დააგუბა თეთრ ღრუბლებში იების ღვარი,
და გადაღვარა, ვით სირიის ნელსაცხებელი.
წითელი, თეთრი და ყვითელი ფერების ტვირთით
ერატოს მარად გაფითრება და მდუმარება,
მდინარეთ ლურჯი, ქაფიანი და მძიმე ზვირთი
შავი ზღვისა და კასპიისკენ მიეჩქარება.