სიმღერა ბელადზე
სიმღერა ბელადზე ავტორი: გიორგი ლეონიძე |
დარია თუ ავდარია,
ჩვენი გული მაგარია,
რადგან საჭე ცხოვრებისა
შენს მარჯვენას აბარია!
ნეტავი იმ მახარობელს,
შენი შობა ვინც ახარა,
ვინც პირველმა ამ ამბისთვის
პირზე ვარდი მიაყარა...
ჩვენს ქოხებში იზრდებოდი,
მთის ღონიერ ნიაღვარად,
დედამიწის სამკაულად,
ჩაგრულ ხალხთა წინამძღვარად...
ქუხილს ელვა წინ უძღვება
და შენ სახელს –– სიმხნე დიდი,
ზღვის ძირამდი ფესვი გადგი,
გზის პირამდი დროშას ჰშლიდი,
სარკინე ხარ შეუვალი,
ვაჟკაცობის მაგალითი;
მაგ სიმაგრის შემყურეთა,
არც ერთი მტრის არ გვაქვს რიდი!
დარია თუ ავდარია,
ჩვენი გული მაგარია,
ჩვენი მკლავიც მაგარია,
რადგან საჭე ცხოვრებისა
შენს მარჯვენას აბარია!
1934წ.