სინანული
სინანული ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
შავბნელი ღამე, წამების ღამე,
ღამე მწუხარე, ღამე სირცხვილის!
ოჰ, ნეტავი არ გათენდებოდეს,
არ გაჩნდებოდეს სიწითლე დილის!
რად მოვიქეცი ასე საშინლად,
განა სამისო მწყუროდა რამე?
შავბნელი ღამე, სირცხვილის ღამე,
როგორ ვაწამე, როგორ ვეწამე!
ნუ, სინანულო! ეხლა არ მინდა
მთელის არსებით ჩავხედო ჩემს გულს,
იქ ვერ ვიპოვი ვერც გამართლებას,
და ვერც სიბრალულს, და ვერც სიყვარულს.
როგორ შევხედო ეხლა იმ თვალებს?
როგორ შევხედო ეხლა იმ ტუჩებს!
შავბნელი ღამე, სირცხვილის ღამე
ხსოვნას ვეღარ შლის, წყლულს ვერ მიყუჩებს.
ნუ, სინანულო! ეხლა არ მინდა,
რომ გამიახლდეს იგი წამება,
საცაა, ხომლი მოჰკვდება ცაზე,
საცაა, ნისლი გაიფანტება...
მალე იფეთქებს აღმოსავლეთი
და სინანულიც მოკვდება დილის,
ღამე შავბნელი, წამების ღამე,
ღამე მწუხარე, ღამე სირცხვილის.
მოჰქრის, მოღელავს სიო ნარნარი,
ვარდი ირხევა, იფრქვევა ცვარი.
თენდება! ღმერთო, ოჰ, რად, რად, რისთვის!
ღამე... ის ღამე... დაუვიწყარი.