სიტყვა მამულის ტრაპესზედ

სიტყვა მამულის ტრაპესზედ
ავტორი: ალექსანდრე ორბელიანი
1861


პატივცემულო ქართუელებო! ამ სიტყუას რომ მოგახსენებთ, მართლად პატივცემულნო.

ჩემო მემამულეთ ძენო, ჩემო უსაყუარლესო ძმებო, რომელს ქართუელს არ უნდა მოსწონდეს თავი? – რომელი გაამაყებული არ უნდა იყოს, სახელი ქართუელი გქვიან? – ქართუელი, ესე იგი მთელი ქვეყნის დამაფუძნებელი, ჩუენი თესლისაგან აღორძინებული მთელი ქუეყანა. ეს როგორ უნდა გვიღირდეს ჩუენ? – დაუფასებელ ფასად! რა გუარი პატივისცემა გვმართებს ამისა? – გვმართებს რომ კეთილ მოწიწებით თაყუანსა ვცემდეთ.

აი ძმებო! ეხლა ამ მამულის ტრაპესზედ, ჩუენი მამების ჩრდილები მოგვისხდნენ გვერდით უხილავად, რომელნიცა გვლოცავენ და მამულის გზასა გვაჩუებენ კეთილსა, კეთილსა განათლებასა და თან გვჩურჩულებენ ყურში: ჩუენ ჩუენი მამული ხმლით დავიცევით და თქუენ თქუენის განვითარებით აღაყვავეთ ფასდაუდებელი თქუენი მშობელი მამულიო. ეს გახლავსთ იმათი ანდერძი.

დიდო რომულ! იმ შენს გორაკზედ, პირველათ ბარი რომ დაჰკარ შენობისა, რავდენი კაცი გყვანდა თანა? – ოცერგასი განა? – ის ოცერგასი რა შეიქნა ბოლოდროსა? – დიდი რომი საკვირველი! სადაც საქმემ გამოაჩინა კაცნი უდიდესნი! – მამულის კეთილსმდგომარეობისათვის, ბრუტმა თავისი შვილი მოაკვლევინა, დიდსა სამჯავროში, რომელსაცა იმის მეტი არა ჰყვანდა რა და კიდევ ერთი ძმისწული, ორივ თავის თვალწინ და შემდეგ პირველს სავარძელზე, გულგასვენებული, ღრმას დუმილში, წმინდას სვინდისით. ამ დიდსულოვნობის წინაშე, რომელმაც არ უნდა განიკრძალოს სული და საკვირველებას არ მისცეს გონება!

ჩემო მემამულეთ ძენო! ახლა ამის შემდგომათ, ჩუენ რაღა გვმართებს მამულის ქართუელებსა, ვითარი სიყუარული მამულისა, არა შორით მოსულთა, არა ეულთა, არამედ წარღვნის მკვიდრთა ძეთა, რომელიცა თვით განგებულება მოგვიძღვა და მოგვცა მამული ესე სამკვიდრებლად? – გვმართებს, რომ ჩუენი სამშობლოს მამულის ხსენებაზე, ჩუენი გრძნობა დაემხოს ამ ჩუენის მამულის წინაშე და ამის მტვერსა ვლოკდეთ.

შენ ჩუენი ქუეყანაო, ყოვლის კარგის ნაჭიბულებით სრულო? შავი ზღვიდგან ამოსულო სამშობლოვ ნაყოფიერო მამულო და ჩაკიდებულო კასპიის ზღუასაო.

აქ ძეთა შენთა მოუწყენიათ დიდათ. მაშ გვითხარი ქართუელო შენ? – რას მდუმარებ აგრე? – მაგისთანა დავიწყებაში რათა ხარ ჩავარდნილი? – გამოიფხიზლე და მიმოიხედე რას დაინახავ? – ხედავ განა აქ ტფილისში, ვახტანგ გორგასლანის ათასოთხასის წლის, მეტეხთა ღვთისმშობლის ეკლესიას, სადაც უწრფელესი გალობა წარითქმოდა ძველს დროებაში? – იქ მიდი იმ ეკლესიაში, იქ მუხლდადრეკით ამბიონის წინა შეევედრა და სთხოვე სათხოვარი შენი: ბრწყინვალე განათლება! იმ მხურვალეს თხოვნის შემდეგ, მოდი ჩუენთან და მოგვიტანე ამბავი სანუგეშო ქართუელებისა, რომლითაცა ამ ჩაწითლებულის, ამ ჩუენის საიდუმლოს წმინდას ზეთაშითა ღმერთმა გადღეგრძელოთ ქართუელებო. ისე შეგიყუაროსთ და გაგაბედნიეროსთ, როგორითაც თავადსა ალექსანდრეს ვახტანგის ძეს ჯამბაკურ–ორბელიანს უყვარდეს და თქუენი ბედნიერება სურდეს!..


1861–ს წელსა.