სიჭაბუკე და ლექსი ერთია
სიჭაბუკე და ლექსი ერთია ავტორი: გიორგი ლეონიძე |
მხოლოდ შენ გეტყვის შენი ქვეყანა,
ბევრი იცხოვრე დღეის-ხვალობით:
― სტვირს გიკრავდი და არა როკავდი,
გიგალობდი და არა გალობდი!
შენი დრო იყო სიჭაბუკისა,
ვერ აიყარა შენი ყვავილი;
სიჭაბუკე და ლექსი ერთია,
ერთ ჩუქურთმაში გამოყვანილი.
ვინ დაგაყარა გულზე ქვიშანი,
არ ამოვიდეს ლექსის ბალახი?
ახალგაზრდობა ― შენი ნიშანი,
თავზე გადგია, ვით ჩაბალახი.
ულამაზესი მხოლოდ ის არის,
ვინც ავსებულა თავის დროს ძალით ―
ადიდებული, დამწიფებული,
ყანა, მდინარე, ვენახი, ქალი.
დღეევანდელი დღის პასუხ-მგებელო,
ჩაასვი სიტყვა ― ტყვია ტყვიაში!
მიწას არ ახსოვს, იყოს პოეტი
გამომწყვდეული კუბოს წყვდიადში.
და რაც კი სუნთქავს დიდ ქვეყანაზე,
რაც სიცოცხლეთი არი ცხოველი:
მიწა, ფოთოლი, ღრუბლის ნაგლეჯი ―
შენი სიტყვების ღიმილს მოელის.
შენ გელოდება დასასტამბავად
ათი ათასი ჩანჩქრის ბღავილი;
სიჭაბუკე და ლექსი ერთია ―
ერთ ჩუქურთმაში გამოყვანილი!