სოლომან მორბელაძე

სოლომან მორბელაძე
ავტორი: დავით კლდიაშვილი
1894


- პატარა ხანს მოითმინეთ, ბატონო, და სოლომანიც გიახლებათ საცა არის! .

- დამაგვიანდება...

დღიურ ვეღარ მივალ სახლში... უმთვარო ღამეებით გახლავთ... გზაში გამიჭირდება... თვითონ იცით, რა გზებია, მერე ჩვენსკენ... მე გიახლებით და ამის მთხოვნელი ვიქნები, თქვენვე მოახსენოთ სოლომანს ყველაფერი... გაჭირვება რომ არ მადგეს, ღმერთმანი, არც კი შეგაწუხებდით... თქვენი იმედით ვიქნები, ჩემო ბატონო...

მშვიდობით ბრძანდებოდეთ! - თქვა ეს კარგა მოხუცებულმა, მაღალი ტანის კაცმა, ხელი ჩამოართვა ქალს, რომელსაც ელაპარაკებოდა და კიბეზე ჩამოსვლა დააპირა. სწორედ ამ დროს ქალმა წამოიძახა:

- ჰე, ბატონო, სოლომანიც ეგერ მოდის!

მართლაც, ღია ჭიშკარში შემოიჯირითა მოჩაქჩაქე ჯორით მამაკაცმა, რომელსაც თავზე პატარა ქუდი ეხურა და მხარზე ყაბალახი ჰქონდა გადაგდებული.

ეს იყო აზნაური სოლომან მორბელაძე.

- შენ არ დამენახე, პლატონ, და სხვა არაფერი მინდოდა! - შესძახა სოლომანმა მოხუცებულს, როცა ჯორიდან ჩამოხტა და შეგებებულ პატარა ბიჭს გადასცა მადლიანი პირუტყვი.

- რა კაი გუნებაზე ვიყავი მერე... უღვთო კაცი ყოფილხარ, პლატონ ჩემო, ღმერთმანი! - და სოლომონმა გულიანად გადიხარხარა და ხელი ჩამოართვა პლატონს.

- მალე, მალე გაგისტუმრებ...

მალე მოვიშორებ თავიდან შენს ვალს... ცოტა ფეხის გადადგმა შემეზარა, თვარა ფულს ვერ ვიშოვიდი მე?! მართლა, ისე დაგლახაკებული კი არა ვარ, ზოგიერთი აზნოუშვილი რომ გინახავს... უფულობას რომ შეუშინებია, ცხვირები ჩამოუშვიათ და არ იციან, რა ქნან! ცოტა კიდევ მომითმინე და თელათ დაგიბრუნებ იმ შენს ფულს...

- რა ვქნა, მე ერთი გაჭირვებული კაცი ვარ... შენოდენი მე აღარც სიარული შემიძლია, აღარც სხვა რამე საქმე... რაცხა ეშმაკად შვილი შევიყვანე სასწავლებელში, ქე ვნანობ ახლა, ნამეტანი ხარკი უნდება... ბოვშიც ტირის და იხვეწება, სასწავლებლიდან არ გამომიყვანოო...

სწავლის ფული მაქვს შესატანი და ამისათვის მოვედი შენთან... რომ არ შეგაწუხო, მეტი გზა არა მაქვს... ვადაც ქეა გადასული, შენ რომ ფულების დაბრუნებას შემპირდი... ბოვშს გამომიგდებენ და ნუ ჩადგები ჩემს ცოდვაში...

- ჩემს შვილს, ჩემო პლატონ, უშველებელი კალამი უჭირავს ხელში... ისე მშვენივრად ურტყამს მიწას, რომ მოგეწონება, რომ უყურო... არ ეკადრება, მართალია, თოხი აზნოუშვილს, მარა მეტი გზა არაა, თვითონაც იცი!

- ქე ამხელ მერე შენს სიგლახეს? - დაატანა სოლომანის ცოლმა ეფროსინემ, რომელიც წეღან ესაუბრებოდა მოხუცებულს.



- რა ვუყოთ... დრომ ასე მოიტანა!.. აბა, პლატონ ჩემო, ერთი თვე მადროვე კიდევ და მერე მე ვიცი და ჩემმა კაცობამ!..

- ერთი თვე? - ჩაფიქრდა პლატონი: - ბატონი ბრძანდები, - თქვა მან ცოტა ხნის შემდეგ. - მეტი ხნით გადადება კი აღარ შემიძლია, სოლომან!

- არა, არა, პლატონ, შერცხვენილი დამიძახე, თუ ერთ თვეს გადავაცილო, ის შენი ფული არ ჩაგაბარო!.. მაგის გულისთვის დავრბივარ აგერ ერთი თვეა... მაშვლობა მაქვს გამოწყობილი და, იცოცხლე, კაი ასაღებიც მქონდეს! ევიღებ და იმწამსვე ჩემი ხელით მოგიტან...

ცოლ-შვილს გეფიცები...

- აბა, იმედი მაქვს, სოლომან!

- პატიოსან სიტყვა გაძლევ... როგორც ევიღებ სამაშვლოს, იმწამსვე შენთან გამოვწევ!.. და რომ ევიღებ, ეჭვი არ უნდა!..

- აბა, ისე მივდივარ ახლა, თითქოს ჯიბეში მეგულებოდეს ის ფულები... მშვიდობით ბრძანდებოდეთ!.. - და პლატონმა წასვლა დააპირა.



- გული რომ გაგიკეთე, იმიტომ მტოვებ, შე კაცო?! ეფროსინე! - დაიძახა სოლომანმა.

- რა იყო? - იკითხა ეფროსინემ, რომელიც პალატიდან გამოვიდა, სადაც ჯორის დასახედავად იყო წასული.

- ხელად ერთი საუზმე მოგვართვი, თუ ქალი ხარ!

- აჰ, შენ არ მომიკვდე, მე დარჩენა არ შემეძლოს... უსათუოდ ახლავე უნდა წავიდე! - გაიწია პლატონმა.

- შენ არ მომიკვდე, მე შენ არ გაგიშვა!.. ბიჭო! - დაიძახა სოლომანმა: - პლატონის ცხენს უნაგირი მოხადე!

- შენ არ მომიკვდე, შენ, სოლომან, მე დარჩენა არ შემეძლოს!.. - და პლატონი უკან-უკან იხევდა, სოლომანის ხელებიდან თავის ხელის განთავისუფლებას ცდილობდა.

- სახლში მაქვს დაბარებული, უსათუოდ მოვალ ამაღამ-თქვა, და რომ არ მივიდე ჯავრით მოკვდებიან... გამიშვი, შენი ჭირიმე... შემომაღამდება მერე ვეღარ ვივლი!

- დაგაწვენ, დაგახურავ, დაგაძინებ... დილით ადრე ადგები და წახვალ, შე კაცო!.. - არ ეშვებოდა სოლომანი.

- მოითმინეთ, ბატონო! - შეეპატიჟა ეფროსინეც.

- მადლობელი ვარ, ჩემო ბატონო...

მეტად მადლობელი ვარ, მარა ნურას უკაცრავად... სწორედ რომ არ შემიძლია... მომიტევეთ, ნუ მიძრახავთ ჩემს უზრდელობას... მშვიდობით ბრძანდებოდეთ!..

- კაია, შე დალოცვილო!.. - მაინც არ ეშვებოდა სოლომანი.

- ნუღარ აწუხებ მეტს...

თუკი ასე ეჩქარება! - მიმართა ქმარს ეფროსინემ.

- ღმერთმანი, ერთობ მოგილხენდი, იმისთანა გუნებაზედ ვარ, მარა, თუ ჩემთან არ გესიამოვნება ერთი სტაქანი ღვინის დალევა, ღმერთმა მშვიდობის გზა მოგცეს, ჩემო ბატონო!

- მაგას რატომ ამბობ, კაცო?! დრო არა მაქვს, თვარა ამდენი ხვეწნით რავა შეგაწუხებდი!.. მადლობელი ვარ... მადლობელი ვარ!.. მშვიდობით ბრძანდებოდეთ!..

პლატონმა ხელი ჩამოართვა ეფროსინეს, მერე სოლომანი გაიხმო გვერდზე და ხმამაღლა უთხრა:

- სოლომან, მომკლავ, თუ ამ ერთ თვეში არ მომეცი!..

- პატიოსანი სიტყვა მოგეცი და სხვა ახლა რითი დაგაჯერო უფრო!..

გეუბნები, გათავებული მაშვლობა მაქვს, ერთი ექვსი თუმანი მერგება და ის იქნება!

- შენი ჭირიმე, შენი, ჩემო სოლომან!.. თუ გინდ გეჩუქნოს, ისე ჩავთვლი...

- ლაპარაკი აღარ უნდა მაგას!

- მშვიდობით, შენი ჭირიმე! აბა, შენ იცი, სოლომან! - ვეღარ მოითმინა, კიდევ ერთხელ არ შეხვეწნოდა სოლომანს. შემდეგ მოხსნა ბროწეულთან მიბმული თავისი ძალზე გამხდარი ცხენი, შეჯდა ზედ და, რომ ცხენის სიძაბუნე არ შეენიშვნინებინა, ორიოდე წკეპლი გადაჰკრა; მაგრამ ღონემიხდილმა, მშიერმა პირუტყვმა ისევ ზანტად გადაადგა ფეხები და მხოლოდ კუდი მიიქნ-მოიქნია, თითქოს ამით ის უნდოდა ეთქვა, რომ ცემა-ტყეპას დიდი ხანია შეჩვეული ვარ და ეგ ვერ ამაჩქარებსო.

სოლომანმა ჭიშკრამდი მიაცილა პლატონი და, როცა სახლს მიუახლოვდა უკან გამობრუნებული, აივნის დასტანდაზზე გადმოწოლილ ეფროსინეს შესძახა:

- არ მომკლა ამ უხეირომ თავისი გაუთავებელი ხვეწნით!.. სული ამომართვა კინაღამ ოჯახდაქცეულმა!..

- სხვანაირი გულისაა მაგ დალოცვილი, თვარა მაგის ადგილას სხვა ხვეწნას კი არა, პრისტავით მოგადგებოდა კარზე!..

უსათუოდ გიჩივლებდა! - მიუგო ეფროსინემ.

- მიჩივლოს და, კაცი არ ვიქნები, ორი იმოდენი, რაც მმართებს, ზედ არ დავახარჯვინო, სანამ ამოიგებს...

ისე იცოცხლა სოლომანმა... ისევ სიამტკბილობით თუ რამეს გამომრჩება, თვარა საჩივრით და პრისტავებით ბევრს ვერაფერს მოიგებს!..

სოლომანი აივანზე ავიდა და ნამგზავრი, დაღლილი, დასაჯდომად გაყოლებულ აივნის ფიცარზე გაწვა.

- რატომ ხარ ასე წინდაუხედავი, შე უბედურო?! - წყენით უთხრა ეფროსინემ.

- რა იყო, შე ქალო? ცუდი რა ვქენი?

- აბა, რომ ეპატიჟებოდი იმ კაცს, მისატანად რა გეგულებოდა სახლში?! ნეტავი შენ კუდაბზიკობა არ გჭირდეს და სხვა არა მინდა რა!..

რომ დარჩენილიყო, რას აპირობდი?!

- ერთი-ორი შეპატიჟებით რავა დარჩებოდა, შე ქალო!.. გადამთიელი ხომ არ არი, ჩვენებური ჩვეულება არ იცოდეს... შევეპატიჟე, ვალი მოვიხადე... ისე ხომ ვერ გავუშობდი, ასე არ მეთქვა იმის შეგეშინდა, რომ არაფერი გვაქოს?!. თუ არ გვაქოს - გვექნება, გვექნება!.. ამისთანა ტკიცინა წითელ-წითელ თუმნიანებს მოგიტან, რომ თვალები აგიჭრელოს... ექვსს ერთად...

როგორც კაცი!.. ორ თუმანს პლატონს გადვუგდებ, იმას თავიდან მოვიშორებ... ოთხი თუმანი დაგვრჩება, ნახევარ წელიწადს ქე გვეყოფა და მერე კიდევ გავასაღებ სადმე ერთ გვრიტს და იქიდანაც ხელის ჭუჭყი შემოგვივა!.. შენ დარდი ნუ გაქვს... გული არ გეიტეხო, მხიარულად იყავი... ჯერ ხომ არაფერი წამიხდენია?..

- შენ სულ ასე იძახი და საქმით კი კაი ხანია ვერაფერი დევინახეთ!..

მარტო წანწალს უნდები, სხვა არაფერი გამოდის ამ შენი ახალი მაშვლობიდან!..

- რატომ არა, შე ქალო?.. ყოლიფერი გათავებულია...

- გაათავეთ მოლაპარაკება?

- რასაკვირველია!

- რაზე შეათანხმე?

- ბესარიონმა უნდა მისცეს ქაიხოსროს ორმოცი თუმანი ფულად, ოცი თუმნის ვექსილი და ოცი თუმნის ბარგი!..

- სად შეუძლია მერე ბესარიონს მაგდენის მიცემა?.. სადა აქვს მაგის შეძლება იმ უბედურს?.. რა დრო მოვიდა, შენი ჭირიმე!..

- მწუხარებით წარმოსთქვა ეფროსინემ.

- უნდა იშოვოს, მეტი რა გზა აქვს!.. უმზითო ქალს ვინ მოჰკიდებს ხელს?! იშოვის... ნაშოვნიც აქვს... გამოსტყუებს ვისმე, ცოტა ადგილსაც გაჰყიდის და შეაგროვებს... ამას ლაპარაკი არ უნდა, და ამასთან ერთი დროით რომ ვახშამს მაჭმევდე და დამაძინებდე, ძალიან დაგიმადლი, იმიტომ რომ ხვალ დილით ბესარიონთან უნდა გავსწიო. ჯვარისწერის დღე უნდა დავანიშვნიო...



- თუ ღმერთი გწამს, მალე გადარჩი მაგ საქმეს... ტყვილა წანწალს ნუ უნდები...

- მაგ წანწალით ვშოულობ, შე დალოცვილო, ორიოდე გროშს... საქმის გათავება მეც ძალიან მეჩქარება, იმიტომ რომ ქე მეშინია, არ ჩამეშალოს... ბესარიონის შვილი ყელში დანას იყრის, ბევრ მზითევს აძლევთო და, თუ ვინმე გამოუჩნდა ნაკლები მზითვით წამყვანი, ქე გაატანენ იმ ქალს და მე დავრჩები პირდაღებული... ამის შიში რომ მაქვს, იმიტომ დავწანწალობ იქით-აქეთ... მონდომებული ვარ სულდაუთქმელათ გავათავებიო საქმე!

- არ ვიცი, არ ვიცი, რომ ბესარიონმა იმდენი ხარჯის გაწევა შეიძლოს! ეჭვით თქვა ეფროსინემ.



- მეტი რა ღონე აქვს!.. ოღონდ კუჭის გასაძღომი მიშოვე დროით და დანარჩენი მე ვიცი.

ეფროსინე წამოდგა და ქმრის თხოვნის ასასრულებლად წავიდა. სოლომანმა, ვიწრო საჯდომ ფიცარზე გულაღმა გაშხლართულმა, მალე ხვრინი ამოუშვა.

შუა დღე იქნებოდა, სოლომანი რომ აზნაურ ბესარიონ საქარაძისას მივიდა მეორე დღეს.

პატარა დაბალკედლებიან სახლის აივანზე მოშვებული ჩოხით ჩიბუხით ხელში მოსიარულე ბესარიონმა როგორც კი დაინახა სოლომანი, ხმამაღლა გადმოიძახა:

- გიგოია, ბიჭო გიგოია!

დაძახებაზე ოდის გვერდზე მდგარ სამზარეულო სახლიდან გამოვიდა პატარა ბიჭი.

- ჯორი ჩამოართვი, ბიჭო! - უბრძანა ბესარიონმა.



სოლომანმა მისცა ჯორი პატარა ბიჭს, ჩამოუშვა ჩოხის აკეცილი კალთები, გაიბერტყა მტვერი, გადაელაპარაკა ბიჭს: - აბა, ბიძი, შენ იცი, ჯორს კარგად მიჭმიე, - დაბალი კიბე ცქვიტად აირბინა და ავიდა აივანზე.

- დილა მშვიდობის, სოლომან ჩემო! - შეეგება ბესარიონი.

- ღმერთმა შენი თავი მიცოცხლოს, ჩემო ბატონო! - მიუგო სოლომანმა და ჯორისკენ გადმოიხედა.

ამ უკანასკნელს მაღლა აეღირა თავი და პატარა გიგოიას უძალიანდებოდა, ფეხს არ იცვლიდა ადგილიდან, თუმცა საწყალი ბიჭი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ლაგამში ექაჩებოდა.

- ჩიშ, ჩიშ! შე ეშმაკის კერძო! - გადმოსძახა სოლომანმა. - გასაძღომად მიჰყევხარ, შე უბედურო! ჩიშ, ჩიშ!

ჯორმა თითქოს გაიგოო პატრონის სიტყვა, გაჰყვა ბიჭს.

- მაგ საწყალს ჰგონია, სახლში რომ ტყვილა თავჩამოკრული აბია, აქაც ისე დამემართებაო, და თავის გუნებაში ისევ გარეთ, წმინდა ჰაერზე ყოფნას რჩეობს! - სიცილით თქვა სოლომანმა.



- სწორედ კარგი ჯორი გყავს, სოლომან, მე და ჩემმა ღმერთმა! - უთხრა ბესარიონმა და თავისი გრძელი ულვაშები გადაისწორა.

- შე დალოცვილო, პატრონი აქე, პატრონი, თვარა ჯორს ქება-გინების რა ესმის! - გადიხარხარა სოლომანმა.

- პატრონი ხომ არი და არი... მაგას რაღა ლაპარაკი უნდა!

- ყოჩაღი, ყოჩაღი, ბესარიონ ჩემო!

და სოლომანი ის იყო დაეპირა მოჰყოლოდა ქაიხოსრო ქათამაძისაგან შემოთვლილ ამბავს, რომ აივანზე გამოვიდა ორი ქალი. წინ მომავალი მაღალი ტანისა, გამხდარ პირისახეზე ბაღდადით თავმოხვეული, იყო ბესარიონის ცოლი პელაგია; ამას რომ მოჰყვებოდა მაღალი შავთვალწარბა, ლამაზი პირისახის ყმაწვილი ქალიშვილი, თავშიშველა, წელზე გადაგდებული ორი გრძელი ნაწნავით - იყო ბესარიონის ასული ელპიტე, რომელსაც ურიგებდა სოლომანი ქაიხოსრო ქათამაძის შვილს. ყმაწვილი ქალი დედის შემდეგ მორცხვად მივიდა სოლომანთან, ჩამოართვა ხელი და ისევ დედას ამოეფარა.

- დაბრძანდით, ბატონო! თავაზიანათ შეეპატიჟა პელაგია სტუმარს.



- გახლავართ, ჩემო ბატონო! - და როცა ქალები დასხდნენ, თვითონაც ჩამოჯდა მოშორებით გრძელ ფიცარზე, რომელიც სკამის მაგივრობას სწევდა.

- ხომ მშვიდობით ბრძანდებით, ბატონო? - მოიკითხა სოლომანმა პელაგია.

- გახლავართ. შენი ჭირიმე!. - უპასუხა მან: - თქვენ, ბატონო?

- გმადლობთ... გახლავართ, ისე!..

- კაი დაგემართოსთ! - წაილაპარაკა პელაგიამ...



ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.

- ნამეტანი სიცხე დეიკავა... ერთობ შეგვაწუხა სიცხემ აქეთ... დაიწყო პელაგიამ.

- ჩვენც, ბატონო, ჩვენც!

- შარშან არ ყოფილა ამ დროს ამისთანა სიცხე... უფრო გრილი იყო... წვიმებიც იყო...

ახლა კი...

- კი, ბატონო, კი!.. წლეულს წვიმა სულ არ ყოფილა თითქმის... დეიწვა ქვეყანა, თქვენი მტერი დეიწვას!.. - უგუნებოდ ამბობდა სოლომანი და ბესარიონმაც შეამჩნია, რომ ეს ყოვლად უმნიშვნელო ლაპარაკი აწუხებდა სოლომანს. ამასთანავე თვითონაც ეჩქარებოდა მალე გაეგო, თუ რა ამბავი მოუტანა მაშვალმა, მაგრამ ელპიტეს აქ ყოფნა უშლიდა.

ამიტომ მოინდომა, ქალიშვილი თავიდან მოეშორებინა.



- რა დროს შარშანდელ ამინდზე მუსაიფია, შე ქალო! - უთხრა ბესარიონმა ცოლს. - მაგ კაცი ნამგზავრია და, რაღა ლაპარაკი უნდა, მშიერია... შეეცადეთ, დროზე იქნეს სადილი... შიმშილით ნუ მოჰკლავო მაგ კაცს... წადი, შვილო ელპიტე, დააჩქარე, მალე დაგვაჯინე სუფრაზე.

ელპიტე მამის სიტყვაზე წამოდგა და წასვლა დააპირა.

- მეც ახლავე მოვალ, შვილო! - დაატანა სიტყვა პელაგიამ, - მანამდის შენ მიხედე, შვილო!

- კი, ბატონო! - თქვა ყმაწვილმა ქალმა და ბრძანების ასასრულებლად წავიდა.



აივანზე დარჩნენ ბესარიონი, პელაგია და სოლომანი. სოლომანსაც ეს უნდოდა. შევიდა თუ არა ოთახში ელპიტე, მარდად წამოვარდა თავის ადგილიდან, მიიწია ცოლ-ქმრისკენ და ხმადაშვებით, რომ სხვას არავის გაეგონა მისი სიტყვა, დაიწყო:

- საქმე ისე მოვყარე, როგორც თქვენ გსურდათ... - და სოლომანმა თავმომწონედ გადახედა ჯერ ცოლს, მერე ქმარს. - ქაიხოსრო, თქვენი სამძახლო თანახმაა მიიღოს ოცი თუმნის ვექსილი, ასე რომ ხელზე მისაცემი გექნებათ ორმოცი თუმანი და ოცი თუმნის ბარგი... ბარგი უნდა შეფასებული იქნეს ორი კაცისაგან... ვექსილი სამი წლის ვადით...

მგონია, რომ ამაზე უკეთესი პირობები შეუძლებელია... მართალი უნდა თქვას კაცმა, ქაიხოსრო ერთობ პატიოსნურად მოგეპყროთ... ღმერთმანი! იმას რომ შვილი ჰყავს, თქვე დალოცვილებო, იმისთანა ყმაწვილები ასთუმნიან ქალებს არ ჯერდებიან... მარა, ერთი რომ თქვენი ქალი მოსწონთ მამა-შვილს და ამასთან მეც ისე შევუჩდი, ისე შევუჩდი, რომ საშველი აღარ მივეცი, არც სხვაგან გოვუშვი და არც არავინ მივაკარე მაშვლად მისულიყო, და დევითანხმე ყორიფელზედ კიდევაც!.. ორასი მანეთის ვექსილს რომ აძლევთ, ჩასათვალავიც არ არი... იმიტომ, რომ სამი წლის განმავლობაში უფრო შეთვისდებით, დაუახლოვდებიო ერმანეთს, უფრო დამოყვრდებით - ერთი სამი წლით კიდევ გადროვებს, მერე კიდევ გამოაცვლევინებთ ვექსილს და ერთ დღეს შეიძლება კიდევაც ამ ვექსილს ჩაილულის წყალი დაალევინოთ!.. რავა დევიჯერო, შვილმა გიჩივლოსთ!..

მძახალმა ამასობაში ეგებ ფეხებიც ქე გაჭიმოს!.. - და აქ სოლომანმა გულიანად გადიხარხარა.

- არა, შენი ჭირიმე, მაგას რატომ იფიქრებთ, - იწყინა სოლომანის რჩევა პელაგიამ, - ჩემ შვილს მე რასაც თვითონ შევპირდი, უკლებლად უნდა ჩავაბარო დანიშნულ დროზე... შვილს რავა მოვატყუებ!..

- რასაკვირველია, რასაკვირველია! - დაატანა სიტყვა ბესარიონმაც. - რაც გადაწყვეტილი იქნება, მე ჩემს შვილს უსათუოდ უნდა მივცე!.. მოტყუება რაში მეჭირვება!..



- სიტყვას მოჰყვა, თვარა მეც კარგად ვიცი, რომ თქვენ ამგვარ რამეს არ იკადრებთ... - სიცილით თქვა სოლომანმა, თუმცა გუნებაში დარწმუნებული იყო, რომ ბესარიონი ყოველ ღონისძიებას იხმარდა ვექსილის ტყუილად შერჩენისათვის. - სიტყვას მოჰყვა, თვარა ან მე რავა გირჩევთ მაგისთანა საქმეს? მე არ გამლანძღავს შენი სიძე, ის ოცი თუმანი რომ დეეკარგოს? რამდენს შემომიკურთხებს! ჩემი თავის მტერი ხომ არ ვარ, თქვე დალოცვილებო!.. არც ამ ხელობაზე ვიღებ ხელს... ამით ვშოულობ ცოტ-ცოტას, თითო-ოროლა გროშს... და, ნამეტანი ტყუილები რომ შემომერიოს, ვინღა მენდობა!.. ის კი არა, ამას გეხვეწებით, რომ, თუ ღმერთი გწამთ, ბარგი ისე გამოაწყვეთ, რომ ლაპარაკი არაფერი იქნეს, ოც თუმანზე მეტად თუ არა, ნაკლებ არ შეაფასონ...

თუმცა შემფასებლებსაც, ვინც იქნება სულ ერთია, თითო-ოროლა კაპიკს ვარგებთ და ჩვენს ნებაზე შეაფასებენ, მარა მაინც ქაიხოსროსთან გაფრთხილებული უნდა იყვეთ... ცოტა ანგარიშის მოყვარული კაცია... კარგ მოყვარეს კი შოულობთ, როგორც კაცი!.. სწორედ კარგ მოყვარეს შოულობთ. მერე სულ იაფად. ყმაწვილია იმისთანა, რომ ქება აღარ უნდა, თვითონვე იცით... მართალია, აზნოუშვილი არ არის, მაგრამ სასულიერო წოდების კაცია, და დღევანდელ მღვდლებს უზრუნველი ლუკმა რომ აქვთ, ბევრ თავადიშვილს არა აქვს...

ამას ყველა ვხედავთ... ეპისკოპოზს მოუწერია იმ ყმაწვილისათვის, თქვენი სასიძოსათვის, და აჩქარებს - მალე ცოლი შეირთეო, კურთხევა მინდა შენიო. საცხა კარგ, დიდ მრევლიან ეკლესიაზე ამწესებს და თან პირდება, შენს სოფელში გადაგიყვან ამ მოკლე ხანშიო... ერთი სიტყვით, ბედი ჰქონებია თქვენს ქალს.

- კი, რასაკვირველია, ყველაფერი ასე სასიამოვნოა, სოლომან ჩემო, მარა.. - და ბესარიონმა სიტყვა გააგრძელა.

- რა მარა, აჰ? - ეუცხოვა სოლომანს ეს სხვანაირ კილოზე ნათქვამი სიტყვა; იგი სრულიად სხვას მოელოდა ბესარიონისაგან.



- რა მარა, რა? - ჩააცივდა სოლომანი ბესარიონს, მაგრამ პასუხი ვეღარ მიიღო, იმიტომ რომ ამ დროს აივანზე გამოვიდა ელპიტე და მოახსენა:

- მზად გახლავსთ, ბატონო, სადილი!

- ახლავე, შვილო, ახლავე მოვალთ!.. აბა, წამობრძანდი, სოლომან! - უთხრა ბესარიონმა სოლომანს.

- მობრძანდით, ბატონო! - მიიპატიჟა თავის მხრივ პელაგიამაც.

- გიახლები, ბატონო! - თქვა სოლომანმა და ისევ ბესარიონს მიუბრუნდა: - რაია, რა? რატომ თქვი შენ ისე სხვანაირად: მარაო?

- მერე, შე კაცო, მერე... ნასადილევს უფრო კარგად და თავისუფლად მოვილაპარაკებთ... ახლა სადილი ვჭამოთ!..

- ბატონი ბრძანდები! - უკმაყოფილოდ თქვა სოლომანმა, რომელსაც ამ ”მარამ” გული ატკინა, თავზარი დასცა...

ვაი თუ ბესარიონმა რამე გადიფიქრა და ამდენამდი მოყვანილი საქმე თითქმის გათავებული, ხელახლად სახლაფორთო და საწანწალო გამიხადოსო? ამ შიშმა იმდენად შეიპყრო სოლომანი, რომ მადა დაუკარგა, ხალისი მოუსპო და ცუდ გუნებაზე დააყენა. სადილმა მეტად უგემურად ჩაიარა; სამაშვლოს დაკარგვის შიშმა მოუსვენრობაში ჩააგდო სოლომანი.

სადილიც გათავდა, სტუმარს ხელსაბანი წყალი მოართვეს და ზალიდან პატარა ოთახში შეიწვიეს მოსასვენებლად. პატარა დაბალ ოთახში, რომლის ჭერს კაცი ადვილად შესწვდებოდა ხელით, უკვე მზად იყო ერთ კედელთან გაყოლებულ ტახტზე მუთაქა და ბალიში სოლომანისათვის.

- აბა, სოლომან, მოისვენე! - უთხრა ბესარიონმა, რომელიც სოლომანს შემოჰყვა ოთახში.

- სწორედ არ დამეძინება, უნდა გითხრა, ბესარიონ ჩემო!..

- რატომ, შე კაცო?..

არ იცი ნასადილევს ძილი, თუ?

- ძილი კი არა... შენ იმისთანა მითხარი ერთი სიტყვა, რომ გამაშტერე და ის არი... ბესარიონ, სწორედ იმისათვის ვარ მოსული, რომ საქმე დავაბოლოვოთ... შორს გადადება აღარ შეიძლება... ის კაცი თანახმაა იმაზე, რაც შენ თქვი. ახლა ჯვრისწერის დღე უნდა დაგვინიშნო... დაგვიანება აღარ შეიძლება იმიტომ რომ, როგორც გითხარი, ეპისკოპოზი აჩქარებს იმ ყმაწვილს - კურთხევა უნდა მისი...

რასაც დამაბარებ, რა დღესაც დამინიშნავ, ქაიხოსროს უნდა გავაგებიო და იმ დღისათვის ისიც მოემზადება...



ბესარიონმა მარჯვენა ხელით გაისწორა თავისი გრძელი ულვაშები, ჩამოჯდა ტახტზე და გაჭიანურებით თქვა:

- ჯერ ერთი რამ საქმე გვაქვს... აჩქარებით, შე კაცო, ქალაქი არ აშენდება!

- რა საქმე? - გაოცებით იკითხა სოლომანმა. - მე ყველაფერი გათავებული მგონია!

- მიჭირს, სოლომან, მიჭირს, ძალიან მიჭირს, ვერ წარმოიდგენ... ბევრი ფულის შოვნა მიჭირდება... მერე ვაჟიც ერთობ ამიხირდა: ბევრს აძლევთ, ჩვენზე აღარ ფიქრობო.

- რაღა დროს მაგაზე ლაპარაკია, ბესარიონ?! - წამოვარდა სოლომანი.

- რაღა დროს მაგაზე ლაპარაკია?!

- რა ვქნა, სოლომან... სხვა შვილებიც მყავს... ყოველი კაპიკი მილიონია ჩემთვის... სად ვიშოვო, მანეთი კი არა აბაზი, ერთი აბაზი?.. მინდოდა ადგილი გამეყიდა და მით გამესტუმრებია ქალიშვილი, მარა ცალკე შვილი მკლავს, მიწას გვიყიდიო, ცარიელზე გვტოვებო, ცალკე ისიც მაწუხებს, რომ მუქთად უნდათ ჩაიგდონ ხელში მშვენიერი მიწა, რაკი შემატყვეს, რომ ფული მჭირდება... ასე რომ თელად იმ ფულს ვერ მოვუყარე თავი და, როგორც ვატყობ, ვერსად ვიშოვი. იმედი მქონდა ვიშოვიდი, მარა ტყუილი იმედი გამომიდგა...



- რას აპირობ მერე? რას, რას აპირობ? - ეკითხებოდა გაფაციცებული სოლომანი.

- უარი უნდა ვუთხრა მაგ საქმეზე, თუ რომ...

- თუ რომ რაი?.. თუ რომ რაი?..

- თუ რომ არ დამიკლო...

- თუ რომ არ დაგიკლო?! - კინაღამ იყვირა სოლომანმა. - თუ რომ არ დაგიკლო?!!

- ჰო! - წყნარად თქვა ბესარიონმა.



- როგორც კაცი, შენ, ბესარიონ, შენ თვითონ თქვი, მოხერხდება ახლა მაგ?.. მოხერხდება ახლა მაგ?

- რატომ არა? - ისევ დამშვიდებით მიუგო ბესარიონმა.

- შენ არ მომიკვდე!.. მე არ მოგიკვდე!.. ცოლ-შვილი არ დამეხოცოს!.. ყოვლად შეუძლებელია... ყოვლად შეუძლებელია!..



- შენ თუ მოინდომებ...

რას მეუბნები მაგას?! რარიგად მოვინდომო, რარიგად? რარიგად მოვინდომო?.. შენგან არ მიკვირს ახლა მაგ! - გაცხარებით ისროდა სოლომანი. - ქაიხოსროსთან წამომცდეს მაგისთანა რამე და სახლიდან არ გამომაგდებს, თვალებს არ დამათხრევინებს? გამლანძღავს, გამთათხავს, მიწასთან გამასწორებს ის კაცი, ამას ლაპარაკი არ უნდა. მე ვერ ვეტყვი მაგას, და თუ ვისმე პირით შოუთვლით, ნება შენია! ჰმ, ახირებულია, შენ ნუ მომიკვდე! იმ კაცმა გამომგზავნა ჯვრისწერის დღის დასანიშნავად, საქმე გათავებული ჰგონია და ახლა მივიდე და ის ვუთხრა, ბესარიონი ქალს არ მისცემს შენს შვილს, თუ კიდევ ასი მანეთი არ დოუკელი-თქვა! რას მეუბნები, მომკლავს ის კაცი და ის იქნება!

- რა ვქნა სოლომან, რა ვქნა? რაც არ შემიძლია, არ შემიძლია და არ შემიძლია!

- რაღაზედ მარბენიებდი, შე დალოცვილო, ამდენ ხანს? მუცელში ნაღველი ჩამექცა, გული გამისივდა ამდენი წანწალით, თავი გამისკდა გაუთავებელი ლაპარაკით, ჯორი მოვკალი ამასა და იმას შუა და ახლა მეუბნები, არ შემიძლიაო? პატიოსან კაცთან შეგყარე, საქმე სულ შენდა სასარგებლოდ მოვიყვანე, იმდენი ვეცადე... სიძედ იმისთანა კაცი მოგიყვანე, რომ სიტყვა თქვას ერთი - ათას მანეთს დიდი სიხარულით მისცემენ, ამისთანა კაცი სულ იეფად გიშოვე ჩემი მეცადინეობით, ჩემი რჩევით და ჩაგონებით. კაცი სხვა არ მივაკარე, სხვაგან არსად წასულიყო ქალის საძებრად, და ახლა...



- მადლობელი ვარ შენი, სოლომან, მეტისმეტად მადლობელი ვარ! ჩემს დღეში რავა დავივიწყებ, რაც შენ ჩემი ოჯახისათვის იშრომე!

- განათლებული ყმაწვილი, მდიდარი ოჯახი... ხვალ ჩინებული ღვდელი იქნება... უზრუნველი ცხოვრება, გამოულეველი ლუკმა-პური... ჰმ, ეს გაშოვნიე ორმოცი თუმნით! ორმოცი თუმნით იმიტომ, რომ ვექსილი რა ჩასათვალავია? ფული ხომ არ გხდება, და სამ წელიწადს შიგნით რა იქნება, ვინ იცის! და ახლა კიდევ დაკლებაზე ლაპარაკობ? არ შემიძლია! წინეთ მაინც გეთქვა! ღმერთო მომკალი, ეს რა ამბავი მომივიდა! რა პირით შევხედო ახლა იმ კაცს? რა ვუთხრა, რითი ვიმართლო თავი? სამარეს მითხრი, ბესარიონ, სამარეს მითხრი და ცოცხალს მაგდებ შიგ, იცოდე... ვიღა მენდობა აწი? ჩემს სიტყვას ვიღა დეიჯერებს!

სოლომანი გულშეწუხებული უღონოდ დაეშვა ტახტზე და სასოწარკვეთილებით სავსე თვალები ბესარიონს მიაპყრო.

- ძმობას ვფიცავარ, მეც ვნანობ, რატომ შევები მაგ საქმეს, მარა რა ვქნა? უზომოდ ვწუხვარ, რომ თავი ვერ მოვაბი ჩემთვის მაგისთანა სასარგებლო საქმეს...

- მეტი გზა არ არი, საცხა იქნება, უნდა იშოვო ის ფულიც, რაც გაკლია, - რამდენიმე ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა სოლომანმა: - უნდა იშოვო, სადაც იქნება, რამეფერად! რამდენი გაკლია?

- ასი მანეთი! - მიუგო ბესარიონმა.



- ასი მანეთის გულისათვის კარგავ ახლა იმისთანა სასიძოს? ასი მანეთის გულისათვის? - წამოხტა სოლომანი.

- თითქოს შენ თვითონ არ იცოდე, რა ძნელი საშოვარია ასი მანეთი კი არა, ასი კაპიკიც. რომ ჩამომკიდო, გროშ-კაპიკს იმაზე მეტს, რაც ახლა ხელზე მაქვს, გროშ-კაპიკს ვერსად ვიშოვი! ღმერთი მოწამეა, გულით მინდა იმ ყმაწვილის სიძობა, მარა არც ის შემიძლია, ერთ შვილს გადავყვე და დანარჩენი მოვიმდურიო. რა ვქნა, აღარ ვიცი, ღმერთმანი! ნამეტან გლახა დროში ვცხოვრობთ. მე რომ მარტო მიჭირდეს, არაფერი, და ყველას, ყველას რომ გვიჭირს, სად უნდა წევიდეთ, ვისთან მივიდეთ, ვის შევეხვეწოთ მოხმარება? ვინ ოხერი, ასს კი არა, ორას მანეთსაც რამეს ვეტყოდი, რომ რამე გამეწყობოდეს. რამე გამაჩნდეს! სხვას ხომ არ ვაძლევ - შვილს მიაქვს, მარა, რომ არ გექნება, რა უნდა მისცე? მეგონა, სადმე ვიშოვიდი, რამეს დავაგირავებდი, მარა დასაგირავებელიც რომ აღარაფერი მირჩება! ახლა მოწყალებასავით ვთხოვ, შემაწიოს ასი მანეთი. მამასაც და შვილსაც ვთხოვ ამას.

თუ მიზამენ წყალობას, საუკუნოდ მოსამსახურე ვიქნები მათი, თუ არა და, უნდა დავანებო თავი. ხელი უნდა ევიღო მაგათ მოყვრობაზე!

- მე არ მოვკვდე, ბესარიონ, შენ ასე იაფად ვერსად ვერ იშოვო სიძედ მისთანა ყმაწვილი.

- მაგ მეც ქე ვიცი. მარა რას იზამ კაცი?!

- რომ იცი, თავი არ უნდა დეიზოგო. ასი მანეთისთვის შვილს კაცი რავა დოუკარგავს ბედს?! შენგან მიკვირს ეგ ამბავი, თვარა სხვისგან არ გამიკვირდება. შენ რომ გიცნობ, იმიტომ მიკვირს და მართალი გითხრა, ეჭვიც მებადება, სხვა რამ მიზეზი არ იყოს აქ... ყოყმანი რომ დაგაწყებია! - ცოტა ხნის გაჩუმების შემდეგ უთხრა ბესარიონს სოლომანმა.

- ბესარიონ, შენს ცოლ-შვილს გაფიცებ, იმ შენ საყვარელ ქალიშვილს გაფიცებ, რომლის გაბედნიერებას ასე მწარედ ეჩქარები, ხომ არავინ შემოგძლევია ამ დღეებში? გაფიცებ იმ შენს შვილს, მართალი მითხარი!

- რაღაზე დაგიმალო!

- შემოგეძლია?

- კი!

- იმწამსვე მივხვდი! ვინაა?

- არის ერთი ყმაწვილი.

- ქაიხოსროს შვილს ჯობია?

- ჯობნით სწორედ ვერ ჯობია...

მარა...

- რაღა მარა, რაღა მარა, შე კაცო? რას გთხოვს? მართალი თქვი, თუ კაცი ხარ!

- სამას მანათს ხელზე და დანარჩენს ისე, როგორც ქაიხოსრო.

- ას მანეთშია განსხვავება, ას მანეთში! და ასი მანეთის გულისათვის ცვლი განათლებულ ყმაწვილს ვიღაც სოფლის ყრუელაში? კაი, თუ ღმერთი გწამს, კაია; გაშტერებული ვარ, შენგან რომ ამისთანა რამე მესმის... ჩემს თავს ვფიცავარ... ას მანეთს ვერ იმეტებ, ვერ იმეტებ და ეგ არი, სხვა არაფერი! - ცხარობდა სოლომანი.



- არ მაქვს, დეიჯერე, შე ქრისტიანო, არ მაქვს, არა!.. ამიტომაც უფრო გლახას ვჯერდები... აბა, რა ვქნა?

- ნება შენია, ჩემო ბატონო, ნება შენია! როგორც გიჯობს, ისე მოიქეცი, რასაკვირველია! რა გაეწყობა... მე სიკეთე მინდოდა შენთვის, ღმერთმა იცის, თვარა სხვა ინტერესი მე მაინცდამაინც იმისთანა არც კი მქონებია. სამაშვლოს აღებაზე თუ იტყვის კაცი, მე აქ, შენთან ზარალშიაც ვარ. შემეძლო ის ყმაწვილი სხვაგან წამეყვანა, სხვა ქალი მეჩვენებია, სადაც ას თუმანზე არც ალაპარაკებდნენ. ჩემი პირდაპირი სარგებლობა იქნებოდა - ასი მანეთი მერგებოდა სამაშვალო.

მარა შენი გულისათვის მევიყვანე აქ... ჩემდა პირად მე დიდი სიამოვნებით სამაშვალოს დაკლებაზე თანახმა ვარ, მარა აქედან ვიცი, რომ ქაიხოსრო არაფრის გულისათვის მაგას არ იზამს... მერე, როგორც გითხარი, მე ვერ ვეტყვი მზითვის დაკლების თაობაზე ერთ სიტყვასაც... მადლობა ღმერთს! არ მეგონა თუ ამ ოჯახში მე ასე შერცხვენილი დავრჩებოდი... ვერც იმას წარმოვიდგენდი, თუ რომ ასე ერთი ფიორის გულისათვის შვილს ბედს დაუკარგავდით! რა გაეწყობა! მე კი არა, ჩემზე უკეთესებს მოსვლიათ ამნაირი შემთხვევა. ალბათ, შევმცდარვარ, ვერ მიმიგნია, სად არი იმ ყმაწვილის ბედი.

იმით უფრო გულნატკენმა, რომ ასე მოულოდნელად ეცლებოდა ხელიდან სამაშვლო ექვსი თუმანი, მწუხარე სოლომანმა რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა ოთახში, მერე მივიდა ფანჯარასთან და გაყუჩებულმა ეზოში დაიწყო ცქერა.

ბესარიონი ხმაამოუღებლად იჯდა ტახტზე.

- მაშვალი ვინ დაგიდის? - ღიმილით იკითხა სოლომანმა, ისე რომ თავი არ მოუბრუნებია ბესარიონისკენ.

ამ უკანასკნელმა ვერც კი მოასწრო პასუხის მიცემა, რომ სოლომანი მოტრიალდა და დაიძახა:

- ძაღლი ხსენებაზე! თავს მოვიჭრი, თუ მე ახლა ამაში ვცდებოდე!.. სიკოია გლახაკი დეეთრევა მაგაზე! ხომ მივხვდი, ხომ მივხვდი? როგორც კაცი, მითხარი, მივხვდი თუ არა? ხომ?! ე, რავა მოათრევს თავის რაშს... აი, გაგისკდა თავი, შენი ცარიელი თავი!

- სიკოიას სიტყვას რავა ავყვები, შე კაცო! - მიუგო ბესარიონმა.

- თავი მომჭერი, თუ ის მაშვლად არ დაგიდიოდეს! აბა, რა უნდა მაგას შენთან. რას მოეთრევა! - ცხარობდა სოლომანი.



- კაცი კაცთან მივა-მოვა, რა ვუყოთ!

- არა, არა... მაგით ვერ მომატყუებ, ბესარიონ ჩემო. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ და ამას კი არ მოველოდი, რომ შენთან სიკოიას რჩევას და სიტყვას ჩემს რჩევაზე და სიტყვაზე მეტი პატივი ექნებოდა... კაცი აღარ ვყოფილვარ, ღმერთო მომკალი, და ის არი! ბოლოს არ ინანო, ეგ მითქვამს, ბოლოს არ ინანო! ახლა კი მშვიდობით ბრძანდებოდეთ! - და მეტად გაწიწმატებულმა სოლომანმა ქუდსა და ყაბალახს წამოავლო ხელი: - მშვიდობით ბრძანდებოდე!

- რა იყო, შე კაცო: რა მოგივიდა? - წამოვარდა ბესარიონი.

- არაფერი... მოლაპარაკებას არ დაგიშლი და ისაა! - დაცინვით წარმოსთქვა სოლომანმა და ზალაში გავიდა.

- სოლომან, მომითმინე!

- ახლავე შინ უნდა წავიდე...

უბძანე ჯორი გამომიყვანონ.

- სოლომან, მომითმინე! - ეხვეწებოდა ბესარიონი.

- სწორედ არ შემიძლია და ტყვილა მაკავებ!

- ახლა ასე გულმოსულად შენი წასვლა... ღმერთმანი, სიკვდილია ჩემთვის... არ დევეძებ იმ ოხრიშვილს!

- რატომ, რატომ! - დაცინვით თქვა სოლომანმა.

- მომითმინე, სოლომან... ვილაპარაკოთ...

ეგებ რამე საშვალება მოვიგონოთ... საქმეს ვუშველოთ... უშენოდ მე ვერაფერს მოვახერხებ იმაზე მეტს, რაც ვქენი!

- შენ არ მომიკვდე, მე ერთ წამსაც აქანა დადგომა არ შემეძლოს! სალაპარაკო რაღა გვაქვს?! ჰმ, მადლობა ღმერთს ჰქონდეს, კაცი ყველაფერს შეესწრები! - მწარედ ჩაიცინა სოლომანმა და აივანზე გავიდა.

- ვეხვეწები და აღარ მოგვიცადა სოლომანმა! - უთხრა ბესარიონმა პელაგიას, რომელიც აივანზე ემუსაიფებოდა ახლად მოსულ სტუმარს, გამხდარი პირისახის კაცს, რომელსაც ისე ჰქონდა გაბურძგნული თმა და წვერი, გეგონებოდათ, ამ კაცს სავარცხელი იშვიათად სჭერია ხელშიო. ეს იყო ის სიკოია, რომლის დანახვამ ასე თოფის წამალივით ააფეთქა სოლომანი. მეტად ღარიბი აზნაური, იგიც, სხვა ზოგიერთივით, დადიოდა მაშვლად აქა-იქ და ამით შოულობდა თითო-ოროლა მანათს და ასე გაქონდა წლიდან-წლამდე თავი, რასაკვირველია, დიდი გაჭირვებით.

სოლომანმა ცივად ჩამოართვა ხელი სიკოიას და მერე პელაგიასთან მივიდა გამოსამშვიდობებლად.



- რატომ ასე მალე მიბძანდებით, ბატონო? მოგვიცადეთ ამაღამ! - უთხრა პელაგიამ.

- საჭირო საქმე მაქვს, ოჯახში უნდა გიახლოთ უსათუოდ... გმადლობთ... მშვიდობით ბძანდებოდეთ!

სოლომანი გამოეთხოვა ყველას და გაწიწმატებული სულ ჩაქჩაქით მიარბენინებდა თავის პატარა ჯორს.

ბესარიონი თვალს ადევნებდა და თავის გუნებაში ამბობდა: ”სად წამიხვალ... სამაშვლოს ასე ადვილად რავა დაკარგავ? არ ვიცი, რა კაციც ბძანდები? კარგ დროს არ მოეთრია ეს გლახა სიკოია!.. დარწმუნებულია, რომ მაშვლად დამიდის...

თავს გეიტეხ და სამაშვლოს არ დაკარგავ, ვიცი, ჩემო სოლომან!”

- გაათავეთ, ბესარიონ, ქათამაძესთან მოლაპარაკება? - იკითხა სიკოიამ.

- რას გაათავებ, ყმაწვილო! მომკლეს, მომკლეს, იმდენს ჭიჭყინობენ თითო კაპიკზე... - მიუგო ბესარიონმა. - რაღაც ჰგონიათ ის ყმაწვილი და ცოტას კი აღარ ჯერდებიან იმათ გუნებაში... ჯერ იმის მადლობაც მითხრან, რომ ქალს ვაძლევ, ფულს და ქალს რავა მივცემ ქათამაძეს! კაი ფულით კაი გვარიშვილის კაცს ვიშოვი... ქათამაძეს არ ჩოუყარო ასასიანები!

ამასობაში სოლომანი გულამღვრეული მიაჩაქჩაქებდა აღმართ-დაღმართებში თავის ჯორს და წამდაუწუმ დეზებს სცემდა საწყალ პირუტყვს, რომელსაც სრულიად ვერ გაეგო, რა დაეშავებინა ასეთი თავის პატრონისათვის. სოლომანი დღემდე კარგად ეპყრობოდა ჯორს და დღეს კი ტყუილუბრალოდ ამდენი ცემა-ტყეპა მიაყენა.

გაკვირვებული, თან შეშინებული და დამფრთხალი ჯორი მირბოდა და, მისდა უნებურად, ხან კოლბოხებს წაჰკრავდა ფეხს, ხან ქვას და წაიფორხილებდა ამის გამო, რასაკვირველია, ახლა ამიტომ აგინებდა და ლანძღავდა პატრონი. არც გასამტყუნარი იყო სოლომანი, რომ ასე უდიერად ეპყრობოდა ჯორს. განა სოლომანს შეეძლო გულგრილად აეტანა ამდენი ხნის ნახლაფორთები საქმის ჩაფუშვა? კაცმა ამდენი იწანწალა, იდავიდარაბა, ძაღლის ყბა გამოიბა იმდენი ლაპარაკით, ხან ერთი შეიჯერია, ხან მეორე, ათასნაირი ტყუილების თქმა დასჭირდა.

ერთი სიტყვით, ყოველივე დაითმინა, რაც ამისთანობაში მაშვალს თავისტეხა დაატყდება ხოლმე, და როცა ყოველივე ეს თავს გადახდა და კაცმა იფიქრა, ახლა კი მეშველა, საქმეს თავი გამოვაბი, სამაჭანკლოს ჯიბეში ჩავიჩხრიალებო, როცა დასვენებას აპირობდა, წარმოიდგინეთ, ამ დროს იგებს, რომ ეს ამდენი შრომა ტყუილი ყოფილა, უქმი, უსარგებლო, საქმე ხელახლა დასაწყები და გასარიგებელი... განა შეიძლება გულგრილად აიტანო ამისთანა ამბავი ადამიანმა? განა შეიძლება, რომ ამ ყოფაში იმისთანა ცეცხლი არ მოეკიდოს, რომ ჯორი კი არა, თავისი თავიც დაავიწყებინოს? ასეთი იყო სოლომანის მდგომარეობაც. ჰმ, ასი მანეთის გულისათვის ბესარიონთან ერთად ეცლება სამაშვლო ექვსი თუმანიც, რომელიც თითქმის ჯიბეში ეგულებოდა საწყალ ღარიბ აზნაურს, რომელმაც თავის ღირსებასაც და წოდებასაც კი აღარ მიხედა, ოღონდ ის ოხერი ორიოდე გროში ეშოვნა... იკარგება წვალებით, ოფლით ნაშოვნი სამაშვლო და ამასთან იკარგება დროც.

გაცდა ხომ კაცი... სადმე სხვაგან შეეძლო მაშვლობა გაეწყო და ახლა უკვე აღებული ექნებოდა გასამრჯელო!.. და სოლომანს საშინლად გული მოსდიოდა იმ კუდაბზიკა აზნაურებზე, რომლებსაც არაფერი გააჩნიათ და მაინც თავის გვაროვნებას და წინანდელ ამაყობას არ ივიწყებენ, რომლებთანაც ამის გამო ადამიანი ვერავითარ საბეჯითო საქმეს ვერ დაიკავებ, რომ ათასნაირ ტყუილებში არ გაეხვიო... ქაიხოსრო ქათამაძეს როგორ დაიყოლიებდა ასი მანეთის დაკლებაზე! ქაიხოსრო უიმისოდაც თავს იკლავდა, რომ შვილის ხათრით ასე ნაკლებიანი მზითვით მოჰყავდა რძალი, როცა მის შვილზე ნაკლები ვაჟები ასთუმნიან ქალებსაც წუნობენ. დაეკარგა, წმინდად დაეკარგა სოლომანს მისი სამაშვლო ექვსი თუმანი და მერე ვინ წაიღებს ხუთ თუმანს? სიკო, სიკოია გლახაკი! ეს უფრო უწყალებდა გულს უიღბლო მაშვალს... რომ ვინმე გამოჩნდეს მერმე, თუ გინდ გლახაკი, ოღონდ კი ნაკლები ითხოვოს მზითვი, ბესარიონი იმ მესამეს გაატანს თავის ქალიშვილს... იმას ერთი დარდი აქვს: გასათხოვარი ქალი თავიდან მოიშოროს და, რაც შეიძლება, უფრო იოლად გამოვიდეს.

ამ გლახაკმა სიკოიამ გამოუძებნა სადღაც ვიღაცა ოხერი და სიძედ ურიგებს... რაღა ლაპარაკი უნდა, რომ ბესარიონი ამ უკანასკნელს მისცემს ქალს და ასი მანეთი ხელში შერჩება! სიკოიასაგან ემართება ახლა ეს! რა კაცისაგან?! ვინაა იმისთანა, რომ ცოლის თხოვას აპირებს? სად გამოაწყოს ახლა ახალი მაშვლობა - ეს სოლომანისთანა აზნაურისათვის ფულის შოვნის თითქმის ერთადერთი წყარო, ერთადერთი საშუალება? სოლომანის გული ათასნაირად ტრიალებდა და ტოკავდა... მისი ტვინი გადამეტებულ მუშაობაში იყო, მტკიცე საბუთებს ეძებდა, რომ იქნება დავაჯერო როგორმე ქაიხოსრო და დავაკლებინო ათი თუმანიო. მაგრამ მოსაზრების ძალას ის სიკოია უსუსტებდა, რომელიც თვალწინ ედგა, რომელიც სოლომანს მოსვენებას არ აძლევდა, გულს უმღვრევდა და გონებას უჩლუნგებდა.

- მეც დამეკარგოს, მარა არც იმას გავატან! - გადაწყვეტით წამოიძახა სოლომანმა და ამასთანავე ერთი ისე ღონივრად გადაჰკრა მათრახი ყოვლად უდანაშაულო ჯორს, რომ უიმისოდაც დამფრთხალმა პირუტყვმა სრულიად გონება დაჰკარგა, გაფრინდა, რაც ღონე ჰქონდა, და თან თავისი აღელვებული მხედარიც გაიტაცა.

ეფროსინემ პირველ დანახვისთანავე შეატყო ქმარს აღელვება და როცა გაიგო როგორც იყო საქმე, საყვედურიო უთხრა:

- წინდაწინვე ვიცოდი, რომ მაგ მაშვლობიდან არაფერი ხეირი არ გამოვიდოდა! სად აქვს ბესარიონს იმდენი შეძლება, რვაასი მანეთი ერთ შვილს მისცეს მზითვად?

- თუ არა აქვს, მოვაძებნინებ! ასე ადვილად რავა წამივა ხელიდან!

- ახლა კაი მიზეზი მაინც გაქვს და, თუ ღმერთი გწამს, თავი დაანებე მაგ საქმეს!

- შენც არ მომიკვდე! - გაცხარებით წამოიძახა სოლომანმა. - ასე ადვილად მომიშორებს ბესარიონი?! მერე ყველა ამიგდებს, ვისაც რავა იამება, ასე მოინდომებს ათამაშებას! ისე სოლომანმა იცოცხლოს, როგორც მე არაფერს საშვალებას არ დევერიდო ბესარიონთან ჩემი ტყვილა დაცდენისათვის.

ნახავს აგერ, თუ იმან ქალიშვილი გაათხოვოს სიკოიას დახმარებით. ღმერთო, მომკალი, სიკოიაზე გასაცვლელი კაცი შევიქენი!.. ამასაც ნახავენ! - სოლომანს ეტყობოდა, რომ ბესარიონს არაფრით არ დაზოგავდა თავის ჯავრის ამოსაყრელად.

გარეთ ძაღლმა დაიყეფა.

- ვინ ოხერია ამ დროს? კაცს მოსვენებას არ აღირსებენ! - გაანჩხლებით თქვა სოლომანმა.

ძაღლმა უფრო მოუხშირა ყეფა.

- ვიღაც არი, მართლა.

გახედე ერთი! - უთხრა ეფროსინემ.

სოლომანი უკმაყოფილოდ წამოდგა, გავიდა აივანზე და დაიძახა:

- რომელი ხარ მად?

- მე ვარ, სოლომან... გამომხედე, შენი ჭირიმე! - მოისმა ხმა. ღამის სიბნელეში ყოვლად შეუძლებელი იყო კაცს კაცი დაენახა.

- ვინ შენ?.. სახლში შემოდი, მაგ ბნელში რომ გაჩერებულხარ! - გაჯავრებით დაუძახა სოლომანმა. - მწა, გაჩუმდი, შე მგლის არჩივო! - მიაძახა მან ძაღლს.



- აქეთ გამომხედე, თუ კაცი ხარ! - მოისმა ისევ ხმა.

სოლომანი, რომელმაც დაკვირვებით ყური დაუგდო ამ ხმას, გაშტერებული დარჩა. ნუთუ მართლა ბესარიონის ხმაა ეს სმა? რა უნდა ბესარიონს ამ დროს, ამ ღამეში, აქ, ამ სიშორეს? ხმა კი ბესარიონისაა, ნამდვილ მისი ხმაა.

სოლომანმა ჩაირბინა ეზოში და იქითკენ გაეშურა, საიდანაც ხმა მოისმოდა.

- ბესარიონი ხარ?

- მე ვარ, სოლომან, მე...

- რა ამბავია? რას მივაწერო შენი ამ დროს მოსვლა?! - ეკითხებოდა გაოცებული მასპინძელი.

- მეტისმეტი გულფიცხი კაცი ხარ, შე დალოცვილო...

შურდულივით გამოექანე, სიტყვაც აღარ მაცალე მეთქვა. უმიზეზოდ თოფის წამალივით აფეთქდი. მეტი გზა აღარ დამრჩა, უკან უნდა გამოგკიდებოდი.

სოლომანმა გულიანად გადიხარხარა.

- შენ ქე გეცინება და მე საქმე მიხდება, შე კაცო!

- სახლში მობძანდი, ბესარიონ!

- არა, არა... აქ გვირჩევნია! - მიუგო ბესარიონმა.

- სახლში მობძანდი...

არავინ არ მყავს... მე და ჩემი ცოლი ვართ მარტო.

- არა, არა... აქ გეტყვი იმ ორ სიტყვას, რაც სათქმელი მაქვს, შენთან კი უკაცრავად ვარ!

- აივანზე მაინც ავიდეთ...

- გთხოვ, აქედან ნურსად წამიყვან... მშვენიერ ადგილას ვართ. აქეთ მობძანდი! - ბესარიონმა უფრო შიგნით გაიწია ეზოსკენ, თან სოლომანიც გაჰყვა და ცხენიც გვერდით ამოიყენა.

- აქ ვერავინ შეგვხედავს, სტუმარიც რომ მოგივიდეს... ჰო, იცი რისთვის მოვედი ახლა მე შენთან?

- სწორედ აღარ ვიცი! - მიუგო სოლომანმა.

- ნუ დამღუპავ კაცს, სოლომან... შენი ცოლ-შვილის გულისათვის, ნუ დამღუპავ! ყურმოჭრილი მოსამსახურე გამხადე შენი... და შენს შემწეობას ნუ მომიშლი... შემეწიე, აგრემც შენც ღმერთი შეგეწევა!

- ბესარიონ ჩემო, მე ამ დილასაც გელაპარაკებოდი...



- კი, კი...

ჩემი სიკეთე რომ გსურდა, იმიტომ გეისარჯე... ჩემს სიგლახეში მე ვარ, მარტო მე ვარ დამნაშავე. ყველაფერი ჩემი ოხერი ხელმოკლეობით მემართება... მარა ჩემს შვილს გაბრალებ, ჩემს საწყალ ელპიტეს, ოხერი მამის ხელში რომაა ჩავარდნილი... თუ გინდ მომაკვდავი მყოლებოდეს და გამოგებრუნებიოს, ისე ჩავთვლი, თუ იმდენად შემეწევი, რომ იმ ყმაწვილს, ქაიხოსროს შვილს, ჩემს ელპიტეს არ დააშორებ... შენს ხელშია ყოლიფერი, სოლომან!..

- ბესარიონ ჩემო, ახლა შენ თვითონ თქვი...

ჭკვიანი კაცი ხარ... შემიძლია ქაიხოსროსთან გავბედო მაგის თქმა?..

- შემიბრალეთ... კაცი შემიბრალეთ... კაცი, კაცი!.. მწარე გულით მონდომებული ვიყავი, ყველგან ვეძიე, მარა თელათ ვერ მოვუყარე ფულს თავი... ამას გეხვეწებით და გემუდარებით, ქვეყანაში ნუ გამომაჭენებთ, ნუ შემარცხვენთ...

ქალს ნუ მიმიტოვებთ... შე კურთხეულის შვილო, არ იცი, რა დრო მოგვესწრო, რა საცოდავობაში ვართ ერთიანად ჩავარდნილი?! ყველას, თელათ აზნაურობას რა გასაჭირის დღე გვადგია, რა შავი დღე შემოგვესწრო?.. სამზითვო ფული კი არა, ლუკმა პურს ძლივძლივს ვშოულობთ, წლიური სარჩო სანახევროდ აღარა გვაქოს... ამასთან იმისთანა უღმერთობაც შემოვიდა, რომ სანამ ფულით ჯიბას არ გაუტენი, ქალს აღარავინ თხოულობს... სად იშოვოს ჩემისთანა აზნოუშვილმა ხუთასი და ექვსასი მანეთი... კაი, გავყიდე მიწა, შევივიწროვე საქმე, ერთი მოვიშორე, როგორც იქნა, მეორეს და მესამეს რაღა უყოს კაცმა? ფიქრობ, ფიქრობ, მარა არაფერი გამოდის... ქალი კი ხანში შედის და, თუ დროზე ვერ უჩვენე გზა, შემოგაბერდება ხელში და მერე ხელსაც არავინ მოჰკიდებს...

დაგედვა შვილის ცოდვა... ღმერთს ვფიცავარ, იმისთანა გარემოებაში ვართ, რომ ისევ ის სჯობია, კაცი ოჯახს რომ არ მოეკიდო!.. ღმერთს ვფიცავარ... აბა, რანაირია ახლა ჩემი მდგომარეობა?! კაციც ხომ უარესი შეიქმნა, რომ ერთმანეთის შებრალება აღარ იციან... ბიჭო, თუ კაი კაცი ვარ, სამოყვროდ გინდებვარ, რაღაზე მძარცვავ და მგლეჯავ?.. ამაზე მეტი უკუღმართობა იქნება?! ღმერთმანი, ცოდვაც არაა, რომ ამისთანაში კაციც მოატყუო, თუკი რამე გაგეწყობა...

- შენ ხომ არ აპირობ მაგ გზას დაადგე? - სიცილით უთხრა სოლომანმა.



- არაფერი ცოდვა არ იქნება, ის ღრჯო კაცი, ქაიხოსრო, რომ მოვატყუო... მარა ჩემს სასიძოს კი ამას არ ვუზამ არაფრის გულისთვის...

- ბესარიონ, შენ რაღაც გაქვს ნაფიქრები... ისე გატყობ... მე თელი ხვალინდელი დღე თავი უნდა ვიტეხო, რამე გზა გამოვნახო, ქაიხოსროს რომ შემოვუარო... თელი გზაც, შენგან რომ წამოვედი, ამაზე ფიქრს მოვანდომე, მარა ჯერ ვერაფერი დავაწყვე, ვაი სიკოს ტყავს, სულ იმან ამირია ეს საქმე, თუ არა შენ ას მანეთს კი იშოვიდი, სადაც იქნებოდა... სადმე იქნება ფეხს კი წავაკრევინებ იმ გლახაკს!..



- სოლომან, სიკოიას თავი დაანებე, ყური მიგდე აგერ!

- ჰო!

- შენ არ მომიკვდე, იმ შვილს გეფიცები, უფრო დამიჯერებ, შენ არაფერი დაგაკლდეს... თუ არ შეგემატოს... ჩემს სიტყვას თუ შენ დეიჯერებ და დაადგები!

- რაი, რა? - მოუთმენლად შესძახა სოლომანმა.

- ჩემსას მინდოდა მეთქვა ეგ შენთვის, მარა არ დამაცალე, გამომექეცი... ამ ღამეში წამომიყვანე ამისათვის...

- თქვი, თქვი, შე კაი კაცო! - აჩქარებდა სოლომანი. - სული წამივიდა ეს არი...



- შენ თვითონ კარგად იცი, რომ იმ ჩემს სასიძოს ძალიან მოსწონს ჩემი ელპიტე - დაიწყო ბესარიონმა.

- მართალია...

- იმასაც ამბობს თურმე, რომ სხვა ქალს არ შევირთავო, თუ არა ჩემს ელპიტეს... ეს იმისთანა სარწმუნო კაცმა მითხრა, რომ არ შემიძლია არ დავუჯერო... მერე კიდევ იმ ყმაწვილის ნათესავიცაა... მზითევს რას დევეძებო, ასე ამბობს თურმე... მე ქალი მინდაო, თვარა...

ჩემი სამყოფი სარჩო ყოველთვის მექნებაო...

- მართალი გითხრა, ჩემთანაც ქე უთქვამს მაგ...

- ჰოდა... მერე, შე კაცო, თუკი საქმე ასეა, ქაიხოსროს ნუ გადამატანთ!

- მე ვერ მიგიხვდი კიდევ, რისი თქმა გინდა! - უთხრა სოლომანმა.

- რა მინდა და შენ რომ იმ ყმაწვილს მოელაპარაკო...

- რა?

- უთხრა, რომ ასე-ასეა შენი სასიმამროს საქმე... ფული ვეღარ იშოვა-თქვა...

მიწა-წყალს ჩალის ფასში ნუ გააყიდვინებ-თქვა… სამღვდელოდ ემზადები-თქვა და პირველი სამადლო საქმე იქნეს ეგა-თქვა... თუ ერთი ასი მანეთი არ მოუკელი, იძულებული იქნება-თქვა, ქალი სხვას მისცეს... ისიც უთხარი, რომ მთხოვნელებიც ჰყავს-თქვა... რაკი ისე გულით უნდა ჩემი შვილი, რავა დავიჯერო, ასე ცოტასთვის უარი თქვას... მერე კიდევ შენებურად რომ მოუყვები, ის ყმაწვილი, დარწმუნებული ვარ, თანახმა გაგიხდება...

- ყმაწვილი კი გაგვიხდება თანახმა, მაგრამ საქმე ქაიხოსროა, - წამოიძახა სოლომანმა.

- ის ყმაწვილი თუ თანახმა გახდა ამ ასი მანეთის მოკლებისა, მეტი აღარაფერი გვინდა...



- ყმაწვილს ვინ ჰკითხავს, ბატონო! - მოუთმენლად წამოიძახა ისევ სოლომანმა.

- ბატონო, შენ გეიგონე ჯერ ჩემი... და მერე თქვი, თუ ვცდები... ყმაწვილი თუ თანახმა გაგვიხდა, ქაიხოსროს ნურაფერს ეტევი შენ... მომიყვანე ის ჩემს სახლში იმ აზრით, რომ რაც პირობა გვქონია, ვითომ იმას ვაძლევ... სამზითვო ფულის ჩაბარების დროს კი შეიტყობს, რომ სამასი მანეთის მეტს არ ვაძლევ...

- თავს მოიკლავს...

ერთ უბედურებას გვიზამს! - წამოიძახა სოლომანმა.

- ეგ მეც ვიცი, მარა შენ უნდა დაარიგო ყმაწვილი, რომ მამას იქვე ხალხში თხოვოს, რაც იქნება, იმით დაკმაყოფილდეს... ვინც იქ დაგესწრებათ, ყველა შემოეხვევით და თხოვთ ქაიხოსროს და, რავა დევიჯერო, ყველას ხათრი არ გაგიწიოსთ. მით უფრო, რომ ეტყვით, მალე მიიღებთ-თქვა... ყმაწვილი ყოჩაღად უნდა იქნეს, ამას გეხვეწები, დაარიგო იგი კარგად... თუ ასე მომეხმარები, ერთი სიტყვით, შენს ყურმოჭრილ ყმად გამხდი... ცოლ-შვილს ვფიცავარ.



სოლომანმა სიტყვა აცალა ბესარიონს, მერე კი ღიმილით უთხრა:

- ეგ კაი დაგემართოს, შენთვის, შეიძლება, კარგი იქნეს, მარა რა...

- ვითომ ქაიხოსრო სამაშვლოს აღარ მოგცემს?

- ჰო!

- შე კაცო, უიმისოდაც ხომ გეკარგება და, თუ ასე მოიქცევი, ჩემი სიძე იმდენად უმადური რავა იქნება, რომ შენი ხვედრი, რაც შენ წესით გერგება - ხუთი თუმანი დაგიკარგოს.... მაგაში მე ვიქნები სწორედ თავდები... ამას გარდა, ჩემი მხრივ, როგორც კაცი, იმ თუმანს, რომელიც გაკლდება, მე მოგართმევ ჩემი ჯიბიდან... როგორც პატიოსანი კაცი!

- კარგი... ბატონი ბძანდები! - ცოტა მოფიქრების შემდეგ თქვა სოლომანმა... - მაგას კი ეგრე გავაწყობ, თუ შენ, ბესარიონ, შენი მხრით არ მომატყუებ...



- ღმერთმა თავი დამიმხოს მაშინ... ცოლ-შვილი გამიწყვიტოს!..

- აბა, კარგი... გახსოვდეს ეს შენი სიტყვა!

- უპატიოსნო, შერცხვენილი კაცი დამიძახე, თუ შენ რამე დაგაკარგვიო.



- გენდობი, მეტი გზა არა მაქვს... თუ მომატყუე და, სიკოიას ჯავრი მაინც აღარ ჩამყვება, რომ შენი შვილის სამაშვლო იმას აღარ ექნება წაღებული...

- აბა, ასე, ჩემო სოლომან...



- კი, ბატონო!

- ამ სამ დღეში მოგელი და იმ ყმაწვილის აზრსაც გამაგებინებ, შენი სულის ჭირიმე...

- კი, კი.

- შენს სულს დავენაცვლე... შენ თუ მოინდომე, ყველაფერი იქნება, რაღა თქმა უნდა... ახლა ისე წავალ სახლში, თუ გინდ ფრთები მქონდეს შემოსხმული..

- ახლა რავა წახვალ სახლში, რას ამბობ, ბესარიონ?

- კი, შენი ჭირიმე, კი...

- გადირია ჩემი მტერი!..

ამ ღამეში სიარული!.. მოისვენე და ხვალ დილაადრიანად წაბძანდები და ის იქნება...

- არა, არა, სოლომან ჩემო!

- რა მიზეზია, რატომ ახლა?

- მართალი გითხრა, არ მინდა ვინმემ გეიგოს, თუ მე შენთან ვიყავი... არაფერი არ მიჭირს... ცხენი კაი მყავს... თვალს არ მაკლია... მეტი რა მინდა...

მშვიდობით, შენი ჭირიმე, და აბა, შენებურად მომიკვარახჭინე ეგ საქმე და მერე მე და ჩემმა ნამუსმა ვიცით...

- შიში ნუ გაქვს... დაიმედებული იყავი!.. ოღონდ შენი მხრით შენი სიტყვა არ დეივიწყო!..

ბესარიონი გამოემშვიდობა სოლომანს, მოაჯდა ცხენს და ისე გააქროლა იმ უმთვარო, ბნელ ღამეში, რომ მხოლოდ ცხენის ფეხის ტყაპა-ტყუპი ისმოდა.

- ეფროსინე! - მხიარულად შესძახა სოლომანმა ცოლს, სახლში რომ შევიდა: - ღმერთი ისევ ჩვენსკენ არი... ან კი რავა დოუკარგავდა საწყალ კაცს მის ნაშრომ-ნადაგ-ნაწვალებს...

წარმოიდგინე, ბესარიონ საქარაძე იყო ახლა ჩემთან! - და სოლომანი მოუყვა, თუ რა ლაპარაკი ჰქონდათ და რა გეგმები დააწყვეს. - მეც მაგას მოვიფიქრებდი, რასაკვირველია, მარა ისე ვიყავი გაცეცხლებული, რომ ნამეტანი... რა ეშმაკი კაცია ბესარიონიც... ისიც გეიგო, ესეც და ახლა უნდა, რომ ორივე ყმაწვილი შეაჯიბროს... რა ოხერი რამაა... მარა იმათ ყველას თავი უტეხიათ... მე ჩემი არ დამეკარგოს და!..



იმედმოცემული, გამხიარულებული სოლომანი მადიანად შეექცა თავის ღარიბულ ვახშამს და სიამოვნებით გადაჰკრა ორიოდე სტაქანი წყლიანი ღვინო.

მეორე დღეს სოლომანმა გასწია ქაიხოსრო ქათამაძისას.

ქაიხოსრო ქათამაძე იყო სასულიერო წოდების კაცის შვილი. თვითონ მღვდლობა არ დეეძია, სამაგიეროდ უფროსი შვილი ნიკო სამღვდლოდ გამოზარდა და ახლა, სემინარიაში კურსდასრულებულისათვის, ცოლის შერთვას ეჩქარებოდა, რადგანაც ეპისკოპოზს მისი მღვდლად კურთხევა უნდოდა. ნასწავლი ვაჟით თავმომწონე ქაიხოსრო ქალების დიდ გამორჩევაში იყო თავისი შვილისათვის: ლამაზიც, დიდმზითვიანიც და კაი გვარიშვილიც უნდა ყოფილიყო უსათუოდ მისი შვილის საცოლო. ბევრ აზნაურს ენატრებოდა ეშოვა სიძედ სამღვდელოდ გამზადებული ყმაწვილი ქათამაძე; ბევრმა დაივიწყა ამისათვის თავისი გვარიც და წინანდელი წარჩინებულება, მაგრამ ბევრი არ გახდა ღირსი ქაიხოსროს ყურადღებისა. ბედმა, ისიც სოლომანის წყალობით, ბესარიონ საქარაძეს გაუღიმა, მაგრამ ამ უკანასკნელს წელი სწყდებოდა იმდენი მზითვის მიცემით.

რასაკვირველია, სხვა შემთხვევაში ამდენი პატივი არ დაედებოდა ნიკო ქათამაძეს, მღვდლად საკურთხი რომ არ ყოფილიყო. მღვდელს ცოტაოდენი ჯამაგირიც აქვს, ცოტა შემოსავალიც თავის მრევლიდან და ამით უფრო უზრუნველყოფილია, ვიდრე უმეტესი ნაწილი სრულიად გაღარიბებული, გაღატაკებული, დაცემული ჩვენებური აზნაურებისა. ბესარიონიც ამ უკანასკნელებს ეკუთვნოდა და აღარც თავის აზნაურულ სიამაყეს დაეძებდა, აღარც თავის კარგ გვარიშვილობას, ოღონდ რაიმე გზით ქალიშვილი ისეთი კაცისათვის მიეცა, რომელსაც ლუკმა-პური მაინც საძებარი არა ჰქონოდა. ქაიხოსრო კიდევ გულდაწევეტილივით იყო, რომ მისმა შვილმა ასი თუმანი ვერ აიღო, მაგრამ შვილის ხათრით აღარაფერს ამბობდა; იცოდა, რომ ნიკოს მეტად მოსწონდა საქარაძის ლამაზი ქალაშვილი; თან ესეც ამშვიდებდა, რომ გამრჯელ, დაუზარებელ ქაიხოსროს, თავისდაგვარად, კარგი მოწყობილი, შეძლებული ოჯახი ჰქონდა.

სოლომანის მისვლისთანავე ქაიხოსრომ იკითხა, რას შვრება ბესარიონიო, მზადაა თუ არაო. სოლომანი თავის მოქარგული ენით მოუყვა, თუ რა მზადებაშია ბესარიონი და რა სიხარულით მოელის ქალიშვილის გაბედნიერების დღეს, და ამიტომ, მისდა ნებისად, ჯერ მზად არაა და მალე კი ყველაფერი თავმოყრილი ექნებაო. ქაიხოსრომ ვერც ახლა მოითმინა, რომ სოლომანისათვის საყვედური არ ეთქვა: შენ შემაცდინე და ასე მცირე მზითვიანი ქალი ათხოვიე ნიკოსაო.

სოლომანმა კარგად იცოდა ქაიხოსროს ხასიათი და თავი მოუქონა:

- შე დალოცვილო... ქალი კაი ვუშოვე, კაი ოჯახისა... და ფული თქვენოდენი ვისა აქვს!.. რაღათ გინდათ, ერთ საცოდავ აზნოუშვილს თელი საცხოვრებელი რო წაართვათ?! მოგცემსთ კი, მარა ღვთის მოცემული თქვენ რომ თქვენი ბევრი გაქვთ, რაღათ გესაჭიროებათ მეტი?

ქაიხოსრომ სიამოვნებით გადიხარხარა ამ ქებაზე და სოლომანს უთხრა:

- მელა ხარ, მელა, სოლომან ჩემო!

სოლომანის ქებაშესხმით ნასიამოვნები ქაიხოსრო მეათასედ მოჰყვა, რანაირად მოსწონდათ უფროსებს სემინარიაში მისი შვილი, რას ჰპირდებოდა ახლა ეპისკოპოზი, - ერთი სიტყვით, მოხუცებულ კაცს მეტისმეტად მოსწონდა თავისი შვილი. სოლომანმა დიდი მოთმინებით მოისმინა გაუთავებელი ტრაბახი მოხუცებული კაცისა და მერე, როცა მოხერხებული დრო იშოვა, თავის საქმეს შეუდგა: მოუყვა ნიკოს საქმის გარემოებას და ყმაწვილს ძალზე აუძგერა გული თავის ნაამბობით.

- უსათუოდ უნდა დაუკლო იმ კაცს ასი მანეთი, თვარა ბესარიონი სხვას მისცემს ქალს... ასი მანეთის გულისათვის რავა დაკარგავს ყმაწვილი კაცი იმისთანა საცოლოს, როგორც საქარაძის ქალია! მე არ მოვკვდე! შენ ის არ იფიქრო, მარტო ჩემი ინტერესი მალაპარაკებდეს...

მაშინ უსინდისო დამიძახე... მე ის მინდა, რომ კაი ყმაწვილს, როგორც შენ ხარ, ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო, რასაკვირველია, შეგხვდეს კაი ქალიც... ჩემი უპირველესი სარგებლობა ის იქნება, რომ მოყვარედ შემეძინება ერთი კაი ოჯახი... და ღმერთმა ყოველ ჩემიანს მისცეს იმისთანა კაი საოჯახო ქალი, როგორიც ელპიტეა... ლამაზი, მშვენიერი, წყნარი, თავდაბალი, ჭკვიანი, მორჩილი ყველასი, ერთი სიტყვით, რაც კი საჭიროა საოჯახო ქალისათვის... ყმაწვილი დაჰკარგავს ასი მანეთის გულისათვის ამისთანა ქალს?! არა მგონია! - დაატანა სოლომანმა და თავის ლაპარაკით იმ ზომამდის მიიყვანა ყმაწვილი კაცი, რომ, პირიქით, ის ეხვეწებოდა და ემუდარებოდა, შემწეობა აღმომიჩინე, დამეხმარე, საქმე არ ჩაიშალოსო.

ნიკო თანახმა იყო სოლომანის ყოველი წინადადებისა, ყოველის მისის რჩევისა.

გამარჯვებული მაშვალი ახლა მხიარულად მიაჩაქჩაქებდა საღამოზე ჯორს თავის სახლისაკენ და ერთხელაც არ უთქვამს წყრომის სიტყვა თავის დაუღალავი ამხანაგისათვის.



კვირიკობის თვის დამლევი იყო. ბესარიონ საქარაძის პატარა ეზოში ბლომად მოეყარა ხალხს თავი; ბევრი კიდევ თანდათან ემატებოდა. ეზოს ერთ კუთხეში გაკეთებულ ფანჩატურის ქვეშ სუფრები იყო გაწყობილი, გრძელი ფიცრის სასხდომებით აქეთ-იქიდან. საღამოჟამდებოდა. სასიძო თავის მაყრიონით უკვე კაი ხნის მოსული იყო.

მორთულ-მოკაზმული დედოფალი, ეკლესიაში წასასვლელად ჯვრისდასაწერად მომზადებული, ჯერჯერობით ქალებით სავსე პატარა ოთახში იჯდა მორცხვად თავდახრილი.

დედამისი პელაგია მოუსვენრად იყო, ხანდახან შემოირბენდა ოთახში და ისევ მალე სადღაც გაქრებოდა. ყველას რაღაც აღშფოთება და უკმაყოფილოდ ყოფნა ეტყობოდა. ხანდახან თუ გადუფუჩუნებდნენ ერთიმეორეს ორიოდე სიტყვას და მერე ისევ მალე შესწყვეტდნენ ლაპარაკს და თავის ქნევით დედოფლისაკენ იხედებოდნენ. ეტყობოდა, რაღაც უსიამოვნო ამბავი უნდა ყოფილიყო, რომ ასე მწუხარედ იყო მთელი ეს საზოგადოება.

მართლაც, სამწუხარო ამბავი იყო. ქაიხოსრო ქათამაძე წასვლას აპირებდა შვილიან-მაყრებიანად და იძახდა, რომ ერთ წამსაც არ დავიცდი, თუ ბესარიონი სრულად ოთხას მანეთს არ ჩამაბარებს ხელშიო. ბევრს ეხვეწნენ, ათასნაირად ამართლებდნენ ბესარიონს: მოატყუა ერთმა კაცმა, გუშინ უნდა მოეტანა ასი მანეთიო.

ბევრი ამისთანები უთხრეს, მაგრამ მოხუცებული ვერაფრით ვერ დაამშვიდეს და ვერ დაიყოლიეს.

- ბატონო, იყოს ეგ ასი მანეთი ბესარიონზე... მერე მოგვცემს, ხომ არ დეიკარგება?.. უსიამოვნობას ნუ მივაყენებთ ამ მთელ საზოგადოებას! - უთხრა სასიძომ მამას.

- შენ, შვილო, ჯერ ქვეყნის ამბავი არაფერი იცი!.. შენს გამოზრდაში რომ მე ფული დავხარჯე, ტყვილა ნაშოვარი კი არ მქონებია... შენისთანა ყმაწვილს ის მზითევი ეკადრება, ბესარიონი რომ შენ შეგპირდა?..

იმასაც აკლებს კიდევ!.. არ მოგიკვდეს ქაიხოსრო, მე ეგ არაფრის გულისათვის არ ვქნა, შენ ჯვარი არ დაგაწერიო! - თითქმის ყვიროდა გაწიწმატებული ქაიხოსრო.

- გთხოვ, მამა... - დაიწყო ნიკომ.

- ტყვილა მთხოვ!

- ბატონო, თუ არა აქვს ხელზე... ჩამოახრჩობ იმ კაცს თუ? - უკმაყოფილოდ უთხრა შვილმა.

- თუ არა აქვს და...

- ქაიხოსრო ერთი მიტრიალდა და, როცა თვალი მოჰკრა ერთს თავის მომყოლს, გადასძახა: - მზათაა, პავლე, ცხენები?.. ახლავე გამოგვიყვანე და ჩვენებს შეატყობიე, რომ მივდივართ!..

- მამა, ეგ ყოვლად შეუძლებელია! - მიაძახა შვილმა.

- ტყვილად იფიქრა ბესარიონ საქარაძემ ჩემი გაცუცურაკება... სულ ტყვილად! - წამოიძახა ქაიხოსრომ და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.

ბევრს ეხვეწნენ იქით-აქედან ქაიხოსროს, არ დაღუპო საწყალი ბესარიონიო, მაგრამ ის მაინც თავისას არ იშლიდა.

- ბატონო ქაიხოსრო! - მივიდა ქაიხოსროსთან სრულიად თმაგათეთრებული, ზორბა ტანისა და დარბაისელი შეხედულების აზნაური და მიმავალს გზა გადაუღობა: - ბატონო ქაიხოსრო, პატიოსანი კაცი ბძანდები და პატიოსან საზოგადოებაში იმყოფები...

იმედია, რომ ჩვენს საერთო თხოვნას ცოტაოდენს პატივს მაინც დასდებთ და თქვენისთანა შეძლებული კაცი ასე ცოტასათვის არ ინებებ არც შენი შვილის სასოწარკვეთილებში ჩაგდებას და არც შენგან სამოყვროდ ამორჩეული ოჯახის უსაზომო მწუხარებაში დატოვებას... ყმაწვილ ქალსაც, რომელსაც არავითარი დანაშაული თქვენს წინაშე არ მიუძღვის, რომელიც განმზადებულია თქვენი უმორჩილესი მონა-მოსამსახურე გახდეს, ამ ყმაწვილ ქალს, დარწმუნებული ვარ, იმდენად არ გეიმეტებთ, რომ ის ბედი, ღმერთმა რომ დოუნიშნა, მოაცილოთ ასე და ამით სასტიკად დასაჯოთ, გული მოუკლათ... ამის მთხოვნელი ვართ, რომ უმანკო არსებას ნუ დასჯით და იმედია, რომ ისიც არ დაივიწყებს თქვენგან მის შებრალებას და სამიდღემჩიოდ თქვენი მადლობელი იქნება... და ჩვენც მასთან ერთად, რასაკვირველია!

მოხუცებული აზნაური გაჩუმდა. გაჩუმებული იდგა ქაიხოსროც. ნიკომ მოჰკიდა ხელი მამას, მეორე ოთახისკენ წაიყვანა და თან შეკრებილებას მიმართა:

- ახლავე გიახლებით, ნურას უკაცრავად!.. მამა, მე და შენ გევიყრებით, იცოდე, თუ ის პატიოსანი მოხუცი კაცი გააწბილე ახლა! - უთხრა ქაიხოსროს შვილმა და ამის შემდეგ ორივე მამაშვილი უკან შემობრუნდნენ...



- მე თანახმა ვარ, ბატონო, - მიუბრუნდა ქაიხოსრო მოხუცებულ აზნაურს. - თანახმა ვარ, ჩემს შვილს ჯვარის დაწერის ნება მივცე... თქვენი პატივისცემისათვის... მაგრამ ამასთან ერთი პირობა უნდა დავდვა და ის პირობა უსათუოდ უნდა ასრულდეს...

ნიკო გაშტერებით მიაცქერდა მამას. ყმაწვილს, ცხოვრებაში გამოუცდელს, რცხვენოდა მეტისმეტად და შეწუხებული იყო მამის უცნაური ქცევით.

ქაიხოსრომ წინადადება მისცა ბესარიონს: თუ რომ ჯვარსაწერ ფულს, ესე იგი სამ თუმანს მომცემ, შვილს ჯვრისწერის ნებას მივცემო.

დიდი ხნის ძებნის შემდეგ ბესარიონი მზარეულებში მოძებნეს და უთხრეს, რომ ეს სამი თუმანი რამეფრად ეშოვა და ახლავე მიეცა ქაიხოსროსათვის. ბესარიონი ყველას ეფიცებოდა, რომ გროში კაპიკი არ გამაჩნიაო, და ქაიხოსროს რაც ნებავს, ის ქნასო. დიდი დავიდარაბით, თითქმის ძალდატანებით, როგორც იქნა, ბესარიონს მოატანინეს, ალბათ, წინდაწინ, სავინიცობოდ, მომარაგებული ფული, ჩააბარეს დანარჩენ ფულებთან ეს სამი თუმანიც ქაიხოსროს და, ამდენი უბედურებისა და გაწვალების შემდეგ, როგორც იქნა ნეფე-დედოფალი ეკლესიაში წაიყვანეს.

რამდენიმე საათის შემდეგ ბესარიონის ფანჩატურის ქვეშ მხიარული საზოგადოება გულუხვი მასპინძლის სუფრას გარს შემოსხდომოდა და ”მრავალ-ჟამიერ”-ს და ათას სხვა სიმღერას ბოლო არა ჰქონდა. ახალგაზრდა ნეფე-დედოფალს ულოცავდნენ ბედნიერებას და უნატრიდნენ სასურველ მომავალს.

ამ საერთო მხიარულებაში მხოლოდ სოლომანი ვერ იყო იმისთანა გუნებაზე, როგორც შეეფერებოდა ისეთ მაშვალს, რომელმაც თავისი საქმე ბოლომდის მიიყვანა. სოლომანის ამნაირ მდგომარეობის მიზეზი იყო ქაიხოსროს ცივად დახვედრა, როცა სოლომანმა შვილის გაბედნიერება მიულოცა.

ამასთან ერთად სხვა საქმეც იყო, რაც ერთობ გულს უწვავდა სოლომანს.

ჯვრისწერის შემდეგ, ეკლესიიდან რომ ხალხი დაბრუნდა, სოლომანი მივიდა ბესარიონთან, მიულოცა შვილის გაბედნიერება და უთხრა:

- იმედია, ბესარიონ, შენი სიტყვა გახსოვს და აასრულებ კიდევაც. როგორც გინდოდა, ისე მოგიწყვე საქმე!

- ეგ კი, მადლობელი ვარ, მაგრამ პირშავად კი უნდა დავრჩე შენთან! - მიუგო ბესარიონმა.

- რავა? - გაოცებით შეეკითხა სოლომანი.

- უკანასკნელი გროში წამართვა იმ უხეირო ქაიხოსრომ და რაღა მოგცე, ძმაო... გროშ-კაპეიკი არ გამაჩნია, სოლომან!

- მეხუმრები თუ მართალს მეუბნები? - კიდევ შეეკითხა სოლომანი.



- მართალს გეუბნები...

რა დროს ხუმრობაა? - მიუგო ბესარიონმა.

- ფუი, მაგისთანა პატიოსნებასაც რა ვუთხრა! - წამოიძახა სოლომანმა: - ბესარიონ, არ შეგრჩება, იცოდე, ეგ მოტყუება! - დაექადნა სოლომანი და გაბრაზებით გაშორდა ბესარიონს.

- რას მიზამ? - წაილაპარაკა მან, მერე სამზარეულო სახლში შევიდა და ბიჭს უბრძანა: - დაკლული ხარის ტყავი კარგად შეინახეთ, როგორც მაშვლის კუთვნილება!..

გონებაამღვრეული სოლომანი ხალხში გაერია, სუფრასაც მიუჯდა, მაგრამ არაფერი მხიარულება მის გულს არ მიჰკარებია. ბესარიონმა ხომ მოატყუა, არაფერი მისცა და ქაიხოსრომაც ვაი თუ ამისთანა რამ საქმე დამართოს! მით უფრო ჰქონდა ამისი დარდი, რომ თავის თვალით უყურა, რა ამბავი დააწია ამას წინათ ქაიხოსორომ ქალის ოჯახს. მთელი ღამე არ დასძინებია სოლომანს და იყო ერთ მოუსვენრობაში. მეორე დღეს, როცა დაინახა ეზოში მოსიარულე ქაიხოსრო, მივიდა და, პირველის მისალმების შემდეგ, უთხრა:

- იმედია, ქაიხოსრო, რადგანაც მე აწი აღარაფერი საჭირო ვარ თქვენთვის, აღარ დამაყოვნებთ და დროზე სახლში გამიშვებთ.



- მე არ გაკავებ, ჩემო ძმაო! - ცივად უთხრა ქაიხოსრომ.

- კი, მარა, რაც მერგება, ნუღარ დამიკავებ... ჩემი გასამრჯელო...

- ბესარიონს მოთხოვე...

- ბესარიონი რაში მომცემს?..

- იმასთან ერთად რომ ეშმაკობდით!..

- ღმერთო, მომკალი!..

მაგ მეკადრება მე თქვენგან?..

- კარგი, მაცალე... რამდენზე გაგვარიგე მე და ბესარიონი!.. ოთხასი მანეთი უნდა მოეცა ხომ?

- კი!

- რა მომცა მერე?

- ეგ შენი და მისი საქმეა!.. მე რას დავეძებ?!

- აბა, მე ბესარიონზე გადმომიპირებია შენი სამაშვლო. რაც იმას შერჩა ჩემთვის მოსაცემი ფულიდან, იქიდან მოგცეს შენი გასამრჯელო... რამდენი გერგება?

- ექვსი თუმანი.



- ბესარიონს ჩემი შვიდი თუმანი აქვს... მიდი და ჩემ მაგიერ უთხარი, იმ ფულიდან გაგისტუმროს.

- კაია, ბატონო, მე სახუმროდ კი არ მოვსულვარ შენთან... საქმეს გელაპარაკები! - გაჯავრებით წარმოსთქვა სოლომანმა.

- სრულიადაც არ გეხუმრები... ნამდვილს გელაპარაკები მეც! - მიუგო ქაიხოსრომ.

- აბა, შენ არაფერს მომცემ?

- არაფერს.

გითხარი, ბესარიონი მოგცემს.

- ნუ შვები მაგ საქმეს, ქაიხოსრო! - და სოლომანმა ცალი თვალით დაუწყო ყურება ქაიხოსროს.

- მე გითხარი და ისაა... ტყვილა იწუხებ თავს! - უპასუხა მან.

- მაშ მიკარგავ გასამრჯელოს? - შეეკითხა სოლომანი.

- თუ ბესარიონმა არაფერი მოგცა, დაგკარგვია და ისაა!

- რატომ ახლა?

- სწორ გზას დავადგებოდი.. ცუღლუტობას დეერიდებოდი და ასე არ გაგიხდებოდა საქმე!..

ჩემი რა ბრალია?.. შენს თავს დააბრალე!.. - თქვა ქაიხოსრომ და სოლომანს მოშორდა.

- გაწიწმატებულმა მაშვალმა თვალი გააყოლა მიმავალ მოხუცებულს, თავი გააქნია და გულში მუშტის ჩარტყმით წაილაპარაკა:

- მართლა ჩემს თავს უნდა დავაბრალო... თქვენისთანა მუდრეგებთან და წუნკლებთან რომ საქმეში შევები!.. სად წამიხვალთ? ისე რავა მოვკვდები... ერთ დღეს თქვენი ჯავრი არ ამოვიყარო!

მან ისევ ბესარიონთან გასწია და უთხრა, რომ ქაიხოსრომ შენზე გადმოიტანა სამაშვლოს მოცემა იმ ფულებიდან, რომელიც პირობით უნდა მიგეცა და ახლა კი შეგრჩაო.

ბესარიონმა, რასაკვირველია, ამაზე უარი უთხრა.

- მე ის კაცი დამჯერდა სამას ოცდაათ მანათს... წეიღო, ჩეიბარა ეს ფული, მორჩა და გათავდა!.. მე მისთვის მისაცემი არაფერი დამრჩენია... სამაშვლო იმ კაცმა უნდა მოგცეს იმ ფულიდან, რომელიც ჩემგან მიუღია, - უთხრა ბესარიონმა.

ხელახლა ავარდა და დავარდა სოლომანი, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ვერც ერთისაგან, ვერც მეორისაგან გროში კაპეიკი ვერ იშოვა. ეს იყო, რომ ბესარიონმა უთხრა: ”ხარის ტყავზე ბიჭს მარილი წავაყრევინე და შენს ხვირჯინში უთხარი ჩასდვას”.

ხარის ტყავს რას დაეძებდა, როცა ასე უკუღმართად ფულები ეკარგებოდა... აპილპილებული, ჯავრისაგან გონებადაკარგული უკანასკნელ იმედთან გაიქცა, სიძესთან, თავის გარემოებას მოუყვა და უთხრა:

- შენგან უნდა მივიღო, ნიკო, ჩემი სამაშვლო... მეტი გზა არაა... ცოდვა ვარ... ამდენი ვირბინე, ვიწანწალე... თქვენთვის არც ჩემი თავი დამიზოგავს, არც ცხენი, არც ჯორი... რას მემართლებით? რაც დაწესებულია, იმას რატომ არ მაძლევთ?..

შენი სიმამრია და იმას გინდ მოუტყუებია კაცი - გინდ სული უცხონებია... მამაშენს კაპიკს ხელიდან ვერ გააგდებინებ!.. თქვენ საქმე გეიკეთეთ ჩემით, ჩემი მეცადინეობით, ყველა კმაყოფილი ბრძანდებით, და მე კი ასე უნდა დავღრიტინობდე?.. რაც სამართლით მერგება, იმაზედაც უარს მეუბნებიან... ნიკო, შენ მაინც ნუ ჩადგები ჩემს ცოდვაში... ყმაწვილი ხარ... განათლებული.

ამ სოფლის მხეცებს კიდევ მიეტევებათ და შენთვის სირცხვილი იქნება... შენ მაინც მომეცი ჩემი სამაშვლო ფული!

- სოლომან, ძმობას გეფიცები, მე დიდი სიამოვნებით... - დაიწყო ნიკომ.

- ღმერთო, მომკალი! - აღარ აცალა, სიტყვა გააწყვეტინა სოლომანმა. - რავა, შენც უარის თქმას მიპირებ?

- მომითმინე... ყური დამიგდე, შე კაცო!

- ჰო!

- თელათ ჩემი ცოლის სამზითვო ფული მამაჩემმა ჩეიბარა და მას აქვს ჯიბეში... ასე რომ მე, ღმერთს ვფიცავ ერთი ხუთმანეთიანი მაქვს.

მეტი არა.

- ღმერთო, მომკალი!.. - წამოიძახა სოლომანმა. - აბა, აღარც შენ მაძლევ?

- საიდან მოგცე, რაც არა მაქვს, შენი ჭირიმე? მერე ვეცდები, მამაჩემს შევეხვეწები.

- მაგისთანა იმედით გამყოფათ ჩემმა გამჩენმა ყველა! როდის მერე, როცა მოვალე ხვალ კარზე მომადგება? რითი გევისტუმრო ის კაცი?

- რაც მაქვს, იმას მოგცემ და მეტი რა ვქნა ახლა? - შეწუხებით უთხრა ნიკომ.

- მოიტანე. ბატონო, მაგ მაინც მოიტანე...

თვარა მაგიც დაკარგული შეიქნება ჩემთვის! გასაროზგავი ვარ, ამნაირ კაცებთან რომ შევები, მარა გვიანღაა... მე კი ჩემი დამემართა, მარა ღმერთი მოწყალეა, ერთ დღეს იქნება, ჩვენსკენაც გადმოიხედავს მზე! ჯერეთ არ დამმართნია ამისთანა საქმე, მარა... ჰმ... პატიოსან სიტყვას ვენდვე... მშიერ კაცს სად აქვს ღონე, თავის პატიოსან სიტყვას გაჰყვეს... მე სულელმა, ეს რავა ვერ ვიფიქრე! ამ დაწყევლილ ხელობაში მაინც რა არ შეგემთხვევა, რა?! შოვუშვა ხელი? წანწალსა და ათასგვარ უსიამოვნებას გადარჩები კაცი კი, მარა ეს ოხერი გროში რომ გჭირდება, სად უნდა იშოვო? რითი უნდა იშოვო? - გამწარებით ამბობდა სოლომანი.

- სოლომან, ენდე ჩემს ყმაწვილკაცობას, არ დაგიკარგავ შენ გასამრჯელოს...

ერთ დღეს იქნება, გაგისწორდები... მედვას ვალად ეგ შენი სამსახური!

- ვალად გედვას?! კუჭი მიხმება, ყმაწვილო, კუჭი მიხმება! ახლა მინდა საჭმელი... ვალად გედვას?.. მაგის იმედი რას მომეშველება, როცა ეს არი ვკვდები კაცი?! კაი, კაი, ბატონო, კმარა, რაც თქვენს გადამკიდეს მე მემართება, გულს მაინც ნუღარ მიხეთქავთ მიბოძე, თუ რამე გაქვს მაგ პორტმანში!..

- და სოლომანი ჩააჩერდა, ნიკომ რომ ჯიბიდან პორტმანი ამოიღო.

პორტმანში აღმოჩნდა ექვსი მანეთი და ორი აბაზი. სოლომანმა ეს ფული ერთიანად გამოართვა ყმაწვილ ქათამაძეს, ჩაიდო ჯიბეში და მოშორდა ყმაწვილს ისე, რომ რასაკვირველია, მადლობაც არ უთქვამს მისთვის.

ცოტა ხანს შემდეგ შეაკაზმინა ბიჭს ჯორი, გადაჰკიდა ხურჯინი, რომლის ერთ თვალში ხარის ტყავი იდო და მეორეში - მშრალად მოხარშული ხორცი და პურები; გადააყვანინა ჭიშკარ გადაღმა, მოაჯდა ზედ და სულ ჭენებით მიარბენინებდა ოღროჩოღრო გზაში საწყალ პირუტყვს და თან თავისთავს ლანძღავდა, აგინებდა, რომ ასე სულელურად ენდო ბესარიონს, ასე მოტყუვდა. მაგრამ უბედურს სისხლი უფრო ემღვრეოდა, ჯავრი უფრო ემატებოდა, როცა თვალწინ მისი მოვალე პლატონის სახე წარმოუდგებოდა, ანდა ცოლი გაახსენდებოდა... რარიგად იქადოდა ამ უკანასკნელთან, თუმნიანებს მოგიტანო, და ახლა რას მიუტანს? ვაი სირცხვილო! მხოლოდ ექვს მანეთს და ერთ ხარის ტყავს! ჰმ, ხარის ტყავი! რა საგანძურია?! სირცხვილს კიდევ გადარჩება, მაგრამ პლატონის ვალის გასასტუმრებელი ფული სადაა, სად? სად იშოვოს ეს ოხერ-ტიელი?!

- ღმერთმა დასწყევლოს, ღმერთმა! - თავისთვის ლაპარაკობდა სასოწარკვეთილებაში მყოფი უიღბლო მაშვალი. - ღმერთმა დასწყევლოს ამნაირი გაძაღლებული ცხოვრებაც!.. მშიერ, გაღატაკებულ კაცს რავა უნდა ენდო კაცი?!. პატიოსნებაც დავიწყებული აქვს და სინდისიც. ცოდვათაც აღარ მიაჩნია, თუკი რამე წაგღლიტა, წაგაფცქვნა, მოგატყუა, გაგაცუცურაკა! ყველაფერი დავიწყებული აქვს ამ ოხერი გაფშიკებული კუჭის გამოისობით.

დასწყევლა ღმერთმა ხელმოკლე აზნაურის უსაშველო, გაძაღლებული ცხოვრება! რითი გამოაქვთ თავი, მეტი გზა რომ აღარ აქვთ? ტყუილი, ტყუილი, ყოველ ნაბიჯზე ტყუილი და უპირულობა! რა გამოვიდა ორი თვის ჩემი წანწალიდან? მოვატყუეთ, მომატყუეს და ერთი მოტყუებული ხვალ ან ზეგ კარზე მომადგება კიდევ. საშველი თუ მაინც მოგვეცა როდისმე, რომ კაცური ცხოვრება გვეღირსოს... ღმერთო, ღმერთო! - სასოწარკვეთილებით წამოიძახა უკანასკნელი სიტყვები საბრალო სოლომანმა და მისი გული თითქმის სიბრალულით აივსო ყოველი ღვთის გაჩენილისა და დაჩაგრულისადმი; ამათ რიცხვში, რასაკვირველია, თავის ჯორისადმიც, რომელიც თუმცა ბევრს ვერაფერს სიამოვნებას ხედავდა ღარიბი პატრონის ხელში, მაგრამ მაინც ყოველთვის მისი მორჩილი, ერთგული მოსამსახურე, ხანდახან ამხანაგიც იყო და რომელიც აგერ ახლაც თავდაუზოგველად მიაქროლებდა სახლისკენ თავის ნაღვლიანს, შავ-უკუღმა ფიქრებში წასულს ბატონსა.