სონეტი (ტერენტი გრანელის მესამე ლექსი)
სონეტი ავტორი: ტერენტი გრანელი |
ავი ზმორებით დაითალხა შენი ფარდები,
ფიქრთა მორევში დაეშვები ალურ ზანგებით,
მეწამულ გედი გინახულებს ოქროს სანკებით
და შენც ოცნებით მზის სხივებში გადავარდები.
ფარულ თვალებით გაგაოცებს შავი დარდები
და თვით ეროსი აგამღერებს ფერად ჰანგებით,
ფერწასულ მთვარეს შენ შორდები ყვითელ მანგებით,
რკინის სხეულით ბოროტ სიკვდილს ეხაბარდები.
საფირონ ღამით გაგაბრაზებს ლექსი ქართული
და ყრუ რიტმები ერთმანეთში გადახლართული,
სტეფან მალარმეს გაგონდება თეთრი წიგნები.
წითელ ფერებით ჩამოდნები მწვანე კანდელი,
ცეცხლის რკალებით აგათრთოლებს კორიანტელი
და უთვალავი მოთარეშე ქუჩის ციგნები.