სტალინის კერა

სტალინის კერა
ავტორი: გიორგი ლეონიძე


ბევრია, ქართლო, შენს ძველ მიწაზე
ნატაძრევი და ნასახლარები;
ბევრია კოშკი დუღაბდასხმული
და ძველებური სახლი ღარიბი...

მაგრამ ის მიყვარს, ― ალიზის ქოხი,
ვით სატურფალი შენი ბუნება;
ლიახვის შხაპი, ზვირთი მტკვარისა,
არწივის ბუდეს ეშხაპუნება...

მისი დიდებით ბრწყინავენ მთები,
თითქოს აყრიათ დედის ჭაღარა;
აღარ ჩანს დედა თავდახურული…
რამდენი კოკა ცრემლი დაღვარა…

მაგრამ ეზოში ჰყვავის ყვავილი,
ეზოს ქვებს ახსოვთ ბავშვის თამაში,
ვინც ამ კერაზე ვაჟკაცდებოდა
გმირად - ძველს ქართულ იავნანაში.


რა ძალა იყო, რომ გამოჰკვეთა,
რა ნაჭედობამ დააფოლადა,―
აბმულ დროშიდან ღიმით მზირალი
მილიონ გულის ასათრთოლადა!

ქოხო ქართლურო, ალიზიანო,
შენ ვერ დაგარყევს ჟამთა გრიალი.
შენი საძირე და საძირკველი
ჩემი სამშობლოს სიმაგრე არი!


აქ დაგანძულა ყრმის მოგონება
და ჩვენი გულის ტკბილი საძგერი,
პირველი დილის დაბრწყინვალება
ამ სარკმელიდან მას აქვს ნაცქერი...

ამ აივნიდან დაუნახია
ძველი ნანგრევი ჩამორღვეული,
მთა, მიმჯაჭველი ამირანისა,
ცრემლის ნისლებით გარმოხვეული,..
პირველი კვნესა აქ შესმენია
და გაზაფხულის ღელვატეხილი...
ჭრელ აბგას დედა აქ უკერავდა,
როდესაც ფურცელს ჰყრიდა ხეხილი...

ბავშვს მელნად ჰქონდა ყაყაჩოს წვენი
და წიგნად ― ხალხის გული მაგარი;
ჩონგურულ ხმებში ეწვეთებოდა
დიდი გმირების ნაჭირმაგარი.


მზე ამ ქოხიდან ამოგვივიდა ―
დამშუქებელი ხალხის გულისა;
აქ აელვარდა ცხელი ფოლადი ―
სიმაგრე ჩვენი, თვითეულისა.

ხელდროშიანებს, აზვირთებულებს,
გული ამ ცეცხლით გვიხურებია;
ჩამოთოვლილი მუხლამდე მთები
ზვიადად მისთვის იყურებიან...


აქ, ლიახვი რომ მტკვარს ეტმასნება
და ატმის შუქში დილა რხეულა, ―
ცქრიალა ყმა და მამა ხალხისა
ყელგადაჭდობით გადახვეულან...

და ქოხში, სადაც ოქროსხმიანი
ჭონას მღეროდა, ვით ორთეოსი, ―
ბრწყინავს სიწმინდე მრავალ ხალხისა,
დიდება ახალ საქართველოსი...

რესურსები ინტერნეტში

edit