სულხან-საბას
სულხან-საბას ავტორი: გიორგი ლეონიძე |
დიდო მოხუცო, სამშობლოსათვის
იბრძოდი სულის ამოხდომამდი:
გეჩვენებოდა, რომ საქართველო
იძირებოდა, თითქოს ხომალდი.
და როს ღრუბელი გულს გიბნელებდა,
სამშობლოს ცაზე გამოხლართული,
შენ სამკურნალო ბალახებივით
მოგიკრეფია სიტყვა ქართული, ―
რომ იავარქმნილ სამშობლოს ნაშთად
სიტყვები მაინც გადაგერჩინა...
ვარდსაც და თაფლსაც და პურის მადლსაც
მშობლური სიტყვის მადლი გერჩივნა.
მი მიყვარს სიტკბო შენი სიბრძნისა,
შენს ჭაღარაზე გადმომწვეთარი...
მე მიყვარს შენი სიტყვის მარილი, ―
შენი ხალხისთვის დღესაც მწეთ არი.
ახალნაშენი სამშობლოს შვილი
შენს მხცოვან აჩრდილს ვეალერსები;
შენის ცრემლის რწყვით, შენის ამაგით
გამოკვებულა ჩემი ფესვები...