სუმბატ დავითის ძე - "ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა" (1955)




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







სუმბატ დავითის ძე - "ცხოვრებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთაჲ"



პუბლიკაცია

edit

1955 - ქართლის ცხოვრება - ტომი I - ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით


ტექსტი

edit

[372]

ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა
ჩუენ ქართველთა მეფეთასა, თუ სადათ მოიწივნეს ამას ქუეყანასა იგინი, ანუ რომლით ჟამითგან უპყრიეს მათ მეფობა ქართლისა, რომელი აღწერა
სუმბატ ძემან დავითისმან

ადამ შვა სეით. სეით შვა ენოს. ენოს შვა კაინან. კაინან შვა მალელ. მალელ შვა იარედ. იარედ შვა ენოქ. ენოქ შვა მათუსალა. მათუსალა შვა ლამექ. ლამექ შვა ნოე. ნოე შვა სემ. სემ შვა არფაქსად. არფაქსად შვა კაინან. კაინან შვა სალა. სალა შვა ებერ. ებერ შვა ფალეგ. ფალეგ შვა რაგავ. რაგავ შვა სერუქ. სერუქ შვა ნაქორ. ნაქორ შვა თარა. თარა შვა აბრამ. აბრამ შვა ისაკ. ისაკ შვა იაკობ. იაკობ შვა იუდა. იუდა შვა ფარეზ. ფარეზ შვა ესრომ. ესრომ შვა არამ. არამ შვა ამინადაბ. ამინადაბ შვა ნაასონ. ნაასონ შვა სალმონ. სალმონ შვა ბოოს. ბოოს შვა იობედ. იობედ შვა იესე. იესე შვა დავით მეფე. დავით მეფემან შვა სოლომონ. სოლომონ შვა რობუამ. რობუამ შვა აბია. აბია შვა ასაფ. ასაფ შვა იოსაფატ. იოსაფატ შვა იორამ. იორამ შვა ოზია. ოზია შვა იოთამ. იოთამ შვა აქაზ. აქაზ შვა ეზეკია. ეზეკია შვა მანასე. მანასე შვა ამონ. ამონ შვა იოსია. იოსია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იექონია, იექონია შვა სალათაელ. სალათაელ შვა ზორაბაბელ. ზორაბაბელ შვა აბიუდ. აბიუდ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა აზორ. აზორ შვა სადუკ. სადუკ შვა აქიმ. აქიმ შვა ელიუდ. ელიუდ შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა მატათან. მატათან შვა იაკობ. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი და ძმა კლეოპასი. კლეოპა შვა ნაომ. ნაომ შვა სალა. სალა შვა რობუამ. რობუამ შვა მოხთარ. მოხთარ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა ბენიამენ. ბენიამენ შვა იერობემ. იერობემ [373] შვა მოსე. მოსე შვა იუდა, იუდა შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა ლევი. ლევი შვა იორამ. იორამ შვა მანასე. მანასე შვა იაკობ. იაკობ შვა მიქია. მიქია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იერუბემ, იერუ იერუბემ შვა აბრაჰამ. აბრაჰამ შვა იობ. იობ შვა აქაბ. აქაბ შვა სჳმონ. სჳმონ შვა იზაქარ. იზაქარ შვა აბია. აბია შვა გაად. გაად შვა ასერ. ასერ შვა ისაკ. ისაკ შვა დან. დან შვა სოლომონ. სოლომონ შვა შჳდნი ძმანი, რომელნი-იგი მოსცნა ღმერთმან ტყუეობასა შინა.

და ესენი შჳდნი ძმანი, ძენი ამის სოლომონისნი, წარმოვიდეს ქუეყანით პილისტიმით, ტყუეობით წარმოსულნი ჰურიანი, და მოიწივნეს ეკლეცს წინაშე რაქაელ დედოფლისა და მისგან ნათელ იღეს. და დაშთეს იგინი ქუეყანათა სომხითისათა და მუნ დღეინდელად დღემდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს.

და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს: ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს ერისთავად, და ესე არს ერისთავი ქართლისა და მამა ბაგრატიონთა. და ესე ქართლისა ბაგრატონიან[ნ]ი შვილის შვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი.

ხოლო ძმა მისი, სახელით საჰაკ, წარვიდა კახეთს და დაემზახა იგი ნერსეს. და სხუანი ორნი იგი ძმანი ამათნი, სახელით ასამ და ვარაზვარდ, წარვიდეს კამბეჩანს, და მოკლეს მათ სპარსთა სპასალარი და დაიპყრეს კამბეჩანი, და დასხდეს იგინი მუნ ცხოვრებად ხორნაბუჯს. და ამა ჟამამდე შვილნი მათნი მთავრობენ მას შინა.

ხოლო ვინათგან მოკლდა მეფობა შვილთა გორგასლისათა, მით ჟამითგან ეპყრა უფლება ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათადმდე. არამედ დაესრულა უფლება ქართლისა აზნაურთა ბოროტთა საქმეთა მათგან. მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი იყო სჳმონ-პეტრე; და მცხეთა აღთხელდებოდა და ტფილისი აღშენდებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალაჲ განდიდდებოდა. და სპარსნი უფლებდეს ქართლს, კახეთს, ჰერეთს, სომხითს, სივნეთს, ასპურანგს.

მოკუდა კათალიკოზი სჳმონ და დაჯდა კათალიკოზად სამოელ, კათალიკოზი მეცხრე.

[374] მას ჟამსა კათალიკოსი იყო მცხეთას სამოელ, და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და გამოარჩიეს გუარამ, დავითის ნათესავისაგან, მოწევნული ძმათა მისთა თანა, ასამს და ვარაზვარდს, რომელნი იგი ზემო ვაჴსენენით. ესენი წარმოვიდეს ეკლეცით, რომელნი მონათლნა რაქაელ დედოფალმან, ძმანი შჳდნი ჰურიანი, ტყუეობით მოსრულნი ქუეყანით ფილისტიმით, და ნათელ იღეს ეკლეცს ჴელითა რაქაელ დედოფლისათა. რომელმან სამთა მათგანთა უცვალა სახელი: რამეთუ ერთსა სახელ სდვა მუშელ, და ერთსა ბაგრატ, რომელ არს მამა ბაგრატონიანთა, ერთსა აბგავარ; ერთი შემოიყვანა სიძედ და ორნი მათგანნი ამზახნა სომხითის მეფეთა.

ხოლო ოთხნი ესე ძმანი წარმოემართნეს ქართლს, ვითა ზემო ვაჴსენეთ და გუარამ განაჩინეს ერისთავად და მოსცა ამას მეფემან ბერძენთამან პატივად კურაპალატობა და წარმოგზავნა მცხეთას. და ამან დადვა საფუძველი ჯუარისა ეკლესიასა, რომელ არს მცხეთას.

ხოლო სამნი ესე ძმანი წარვიდეს კახეთს და საჰაკ დაუზახა ბაკურს, ძესა ნერსესსა, ხოლო ასამ და ვარაზვარდ წარვიდეს კამბეჩოანს, და გარდაუქციეს ერი ვეზანს, ერისთავსა ბაჰარ ჩუბინისსა, და ვეზან მოკლეს, და დაიპყრეს მათ კამბეჩოანი.

და იყო მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი სამოელ. და ამის-ზე ტფილისისა მკჳდრთა ეკლესიისა გებად იწყეს, რომლისა ნახევარსა ყოველი ერი აშენებდა, და ნახევარსა ერთი ვინმე დედაკაცი.

და კათალიკოსი იყო მცხეთას ბართლომე.

და შემდგომად ამის გუარამისსა ერისთაობდა ძე მისი სტეფანოზ და ძმა დემეტრესი.

და აშენებდეს ეკლესიასა ჯუარის[ასა] მცხეთას.

და ამის-ზე წარვლო ერეკლე მეფემან ბერძენთამან, და მივიდა ტფილისად, და დადგა დამართებით ციხესა კალისასა. და ციხისთავმან ჴმა უყო ციხით გამოღმართ და რქუა ერეკლე მეფესა: „რომელსა გასხენ წუერნი ვაცისანი და ვაც-ბოტისა კისერი გათქს“. მაშინ [ვითარცა] ესმა [სიტყუა ესე] ერეკლე მეფესა, განრისხნა მისთჳს, და აღმოიკითხა წიგნისაგან დანიელ წინასწარმეტყუელისა სიტყუა იგი, ვითარმედ: „აღმოვიდეს ვაცი დასავლისა და შემუსრნეს რქანი აღმოსავლისა ვერძისანი“. და თქუა მეფემან: „უკეთუ იყო ჩემდა [375] სიტყუა ეგე, კადნიერებისათჳს ჩემისა მისაგებელი ორკეცი დაგიტეო შენ.“ და დაუტევა ტფილისს ჯიბღუ ერისთავი ბრძოლად ციხესა ტფილისისასა, და თჳთ წარემართა ბაღდადს. და მივიდა გარდაბანს, ვარაზ გაგელისასა, და დაილაშქრა ადგილსა მას, რომელსა ჰქჳან ხუზაშენი, და ნათელ-სცა ერეკლე ვარაზ გაგელსა და ყოველსა ერსა მისსა. და იწყო შენებად ეკლესიასა, რომელი იგი უბრწყინვალეს არს ყოველთა ეკლესიათა. და წარვიდა ბერდუჯს და დადგა გულსა სოფლისასა. და აღმართა ჯუარი ქვისა და დადვა საფუძველი წმიდისა ღმრთისმშობელისა ეკლესიისა, და აღასრულა გუმბათი მისი. ხოლო მან ჯიბღუ წარიღო კალა და ციხე იგი ტფილისისა გამოიღო, და ციხისთავი იგი შეიპყრა. და დრაჰკნითა პირი აღუვსო ამისთჳს, რამეთუ თქუა სადიდებელი იგი მეფისა ერეკლესი. ხოლო კადრებისა მისთჳს ტყავი გაჰჴადა და მეფესა მისწია იგი გარდაბანს ვარაზ გაგელისსა. და გარდაბანით მეფემან მიცვალა ლალს, და უწოდა მეწეკევნელთა მთავარსა, ნათელსცა და წარვიდა ბაღდადს. და გამოიღო ბაღდადი, და შეიპყრა ხუასრო მეფე, და მოაღებინა ძელი ცხოვრებისა. და იწყო შენებად იერუსალემისა, და დასუა მოდისტოს პატრიაქად და წარმოემართა აქათვე, და მოვიდა წელსა მეშჳდესა. და ვიდრე მოსლვადმდე მისსა ტფილისის ეკლესია სიონი განესრულა, ხოლო ჯუარისა ეკლესიასა აკლდა.

და მან ერეკლე მეფემან ტფილისს და მცხეთას და უჯარმოს ქადაგნი განავლინა, რათა ყოველნი ქრისტეანენი ეკლესიასა შევიდენ, და ყოველნი მოგუნი და ცეცხლისმსახურნი, რომელნიცაღა არა მოინათლნენ, მოისრნენ. ხოლო მათ ნათლისღება არა ინებეს, არამედ ზაკუვით აღერივნეს ქრისტიანეთა თანა. და მიაწიეს ყოველთა მათ ზედა მახჳლი, და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლთანი დიოდეს. და განწმიდა სჯული ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, და წარვიდა ერეკლე მეფე სამეფოდვე თჳსად.

და მთავრობდა ქართლს იგივე სტეფანოზ დიდი. კათალიკოსი იყო მეორე ბართლომე.

მის ზედავე და შემდგომად მისსა მთავრობდა ადარნასე, ძე მის სტეფანოზისი. და მის ზედა სამნი კათალიკოსნი იცვალნეს: იოვანე, ბაბილა და თაბორ. და ამისა შემდგომად მოკუდა ადარნასე მთავარი და მის წილ დაჯდა სტეფანოზ, ძე მისი. და მან განასრულა ეკლესია [ჯუარისა], და განაწესა მუნ ჯუარისა კრება, და დაჯდა ტფილისს ცხოვრებად. და კათალიკოსი იყო სამოელ და ენონ. და მის-ზე ქუეყანა ქართლისა [376] აღწერეს, და წარიღეს საბერძნეთს. და ამბავი მოიწია, ვითარმედ ბაღდადი დაიპყრეს აგარის ნათესავთაო.

და ამის სტეფანოზისა შემდგომად ერისთაობდა ძე მისი გუარამ კურაპალატი.

და შემდგომად მისსა ვარაზ-ბაკურ, ძე მისი, ანთიპატოსი, რომელმან გარდაბანელნი მოაქცივნა. და მერმე ნერსე და ძენი მისნი, ფილიპე და სტეფანოზ და ადარნასე.

და ძენი მისნი გურგენ ერისთავი, აშოტ კურაპალატი.

ხოლო აშოტ კურაპალატი მთავრობდა ქუეყანასა მას შინა და სახლად მისა იყო ბარდავი და ტფილისი, და ჰქონდა მას ქუეყანა, რომელ არს გარემოს მისსა. და მაშინ გაძლიერდა ჴელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტ კურაპალატისა. და ვერ უძლო წინააღდგომად მათდა აშოტ და ივლტოდა მათგან. და წარემართა, რათა წარვიდეს საბერძნეთად და თანა ჰყვეს მას დედა და ცოლი და ორნი ძენი ასაკითა ჩჳლნი, უხუცესი ადარნასე და შედეგი ბაგრატ. ხოლო უმრწემესი ძე გუარამ ჯერეთ არა ესუა. და ერი თჳსი მცირედ ჰყვა თანა, მკჳდრნი მისნი, დედაწულითურთ და შვილითურთ. მოიწივნეს მთასა ჯავახეთისასა, კიდესა დიდისა ტბისა ფარავნისასა დამაშურალნი სლვისაგან, და გარდაჰჴდეს განსუენებად კიდესა მის ტბისასა. ჭამეს რა პური, და მცირედ მიერულა. და მძინარეთა ეწივნეს დიდნი ლაშქარნი სარკინოზთანი. მაშინ შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა, და კნინსა მას ლაშქარსა მისსა მოსცა ძლევა მათ ზედა, და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი. წარმოვიდეს მუნით და მოიწივნეს ჴევსა შავშეთისასა.

ხოლო ჴევი შავშეთისა უშენებელი იყო მაშინ, გარეშე მცირედთა სოფელთასა. რამეთუ ჟამთა სპარსთა უფლებისასა აოჴრდა, ოდეს-იგი ყრუმან ბაღდადელმან შემუსრნა ყოველნი ციხენი და მოვლო შავშეთიცა და ღადონი. და კუალად შემდგომად მისსა სრვამან სატლობისამან მოაოჴრა შავშეთი, კლარჯეთი და მცირედღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ. ხოლო დაშთომილთა მათ მკჳდრთა შავშეთისათა შეიწყნარეს იგი სიხარულითა და სიყუარულითა, და დაემკჳდრა მუნ. და მისცა ღმერთმან გამარჯუება და აჴელმწიფა იგი შავშეთკლარჯეთსა ზედა. და მან სოფლები ზოგი იყიდა საფასოთა, და ზოგი ოჴერი აღაშენა, და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქუეყანათა მათ შინა. და მისცა ღმერთმან და განამტკიცა ჴელმწიფება მისი ნებითა ბერძენთა მეფისათა.

[377] და ამან აშოტ კურაპალატმან პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი პირველ ვახტანგ გორგასალს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი; და აოჴრებულ იყო ბაღდადელისა მის ყრუობითგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ეგრეთვე ციხედ, და წინა-კერძო მისსა ქუეშეთ აღაშენა ქალაქი. და აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია წმიდათა მოციქულთა პეტრესი და პავლესი, და შექმნა მას შინა საფლავი თჳსი, და დაემკჳდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად. და მერმე კუალად ეუფლა ქუეყანათა ვიდრე კარადმდე ბარდავის ქალაქისა. და მრავალგზის მოსცა ღმერთმან აშოტს კურაპალატსა ძლევა და დიდი დიდება ბრძოლათა შინა.

და იყო ერთსა შინა ჟამსა, განვიდა აშოტ, რათამცა შეკრიბა ლაშქარი ბრძოლისათჳს სარკინოზთასა. მოვიდა იგი ადგილსა რომელსამე და განავლინა ლაშქრის მაწუეველნი. და ვიდრე არღარა შეკრებულ იყო ლაშქარი იგი მისი მის თანა, დაესხნეს მას სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი. წარმოემართა და მოიწია ჴევსა ნიგალისასა და იწყო ძებნად ერისა, რათამცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თჳსი. და წარმოემართნეს მოსლვად მის წინაშე იგინი, რომელთა მან უბრძანა, ხოლო იგინი მოვიდოდეს კლვად მისსა. მაშინ ვიდრე მოწევნადმდე მათდა კარად მისსა არა უწყოდა აშოტ ზაკუა, მათი, და რაჟამს მოიწივნეს იგინი კარად მისსა, მაშინღა აგრძნა რაჲ-იგი ეგულვებოდა მათ. და არა ჰყვა მას ერი თჳსი თჳნიერ მცირედთასა. ვერ წინააღუდგებოდა იგი მათ. ამისთჳსცა შეივლტოდა აშოტ კურაპალატი ეკლესიად, და მოწყლეს იგი მახჳლითა საკურთხეველსა ზედა და შეისუარა საკურთხეველი იგი სისხლითა მისითა, რამეთუ დაკლეს იგი მუნ, ვითარცა ცხოვარი, აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესცა საჩინოდ სახილველ არს. ხოლო ესმა რა ესე ამბავი ერსა მისსა, რომელნი-იგი იყვნეს დოლისყანასა, ვითარმედ მოიკლა უფალი იგი მათი აშოტ ჴელითა ოროზ-მოროზის ძეთათა, წარვი- დეს დოლისყანით და დევნა უყვეს მკლველთა მათ უფლისა თჳსისათა, დაეწივნეს მათ სავანესა ზედა ჭოროხისასა, მოსრნეს იგინი ბოროტად, ვიდრემდის არა დაუშთა ერთი მათგანი, და წარმოიღეს მკუდარი აშოტ კურაპალატი და დაფლეს მისსა მას საფლავსა შინა ციხესა არტანუჯისასა, ეკლესიასა წმიდათა მოციქულთასა. რამეთუ მოიკლა ესე აშოტ კურაპალატი დასაბამითგან წელთა ხ~ჳ~ლ, ქრონიკონსა მეათცამეტედ მოქცეულსა შინა მ~ვ, თუესა იანვარსა ოცდაცხრასა.

და დაუტევნა სამნი ძენი: უხუცესი ადარნასე და შედეგი მისი ბაგრატ. ესე ორნი [378] თანა ჰყვეს მას, რაჟამს-იგი მოიწია შავშეთ-კლარჯეთად. ხოლო უმრწემესი გუარამ არტანუჯის მოსლვასღა შინა დაებადა.

და შემდგომად აშოტის სიკუდილისა, მამისა მათისა, რომელ გარეთ ქუეყანა ჰქონდა ძეთა აშოტისთა -წარუღეს სარკინოზთა, რამეთუ იყვნეს იგინი უსრულ ასაკითა. ხოლო რაჟამს სრულ-ასაკ იქმნეს იგინი, კუალადცა მოსცა ღმერთმან მათვე ყოველივე იგი ნაქონები მამისა მათისა. და ვიდრე უსრულოღა იყვნეს იგინი ასაკითა, იზარდებოდეს ციხესა შინა არტანუჯისასა, და იყვნეს ხარკის მიმცემელ სარკინოზთა ყოველნივე ჴევნი შავშეთ-კლარჯეთ-ნიგალისანი. ხოლო არტანუჯით გამოღმართ დაიპყრეს მათი ნაქონები იგი მამულები მამისა მათისა, დასუეს ბაგრატ კურაპალატად. და წარმართა ღმერთმან ჴელმწიფება მათი.

და იყვნეს ძენი უხუცესისა მის ძმისა მათისა, აშოტის ძისა ადარნასესნი, სამნი: გურგენ, რომელი-იგი დღეთა სიბერისა მისისათა კურაპალატად დასუეს, და ძმანი მისნი აშოტ კეკელაჲ და სუმბატ არტანუჯელი, რომელი ჴელმწიფობასა მისსა დასუეს ანთიპატოს-პატრიკად. და ძენი ბაგრატ კურაპალატისანი სამნი: დავით, რომელი შემდგომად მამისა თჳსისა დასუეს კურაპალატად, ადარნასე და აშოტ. და ძენი უმრწემესისა აშოტის ძისა გუარამისნი ორნი: ნასრა და აშოტ.

ხოლო აშოტ კეკელაჲ, ძე ადარნასესი, გარდაიცვალა ქრონიკონსა პ~ზ, და დაუტევა გურგენ, რომელი შემდგომად კურაპალატად დასუეს, და სუმბატ არტანუჯელი ანთიპატრიკი.

გარდაიცვალა აშოტ, ძე მამფლისა გუარამისა, უწინარეს მამისა თჳსისა ქრონიკონსა პ~თ. არა დაუტევა ძე.

გარდაიცვალა ადარნასე, ძე ბაგრატ კურაპალატისა, ქრონიკონსა ჟ~დ; სიცოცხლესავე მამისა თჳსისასა, და არა დაუტევა შვილი.

და მამა მისი, ბაგრატ კურაპალატი, ძე აშოტ კურაპალატისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა ჟ~ვ, და დაუტევნა ძენი: დავით, რომელი შემდგომად მისსა კურაპალატ ყვეს; და მოიკლა იგი ჴელითა მამის ძმისწულისა თჳსისა ნასრა გუარამის ძისითა, სიცოცხლესავე შინა გუარამისსა, ქრონიკონსა რ~ა, სუფევასა შინა გუარამისსა, ხოლო გუარამ მამფალი, მამის ძმა მისი, მამა ნასრესი, უბრალო იყო სისხლისაგან დავით კურაპალატისათა; და დაუტევა ამან დავით [379] მოკლულმან ძე მცირე ადარნასე, მოუწიფებელი ასაკითა, ხოლო ნასრ მკლველი ივლტოდა სამეფოსა კოსტანტინეპოლედ და იყო მუნ მრავალ წელ.

და ამისსა შემდგომად დასუეს გურგენ ძე ადარნასესი კურაპალატად, დიდისა აშოტ კურაპალატის ძისა.

გარდაიცვალა გუარამ მამფალი, ძე აშოტ დიდისა, მამა ნასრისა, ქრონიკონსა რ~ბ.

და გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ კურაპალატისა, ქრონიკონსა რ~ე.

და ამისსა შემდგომად გამოვიდა ნასრ სამეფოთ და მოვიდა აფხაზეთს. და იყო მაშინ აფხაზთა მეფე ბაგრატ, დისიძე ნასრესი, და შესწია მან დიდითა ლაშქრითა, მეფემან აფხაზთამან, და მუნით გარდამოვიდა ნასრ სამცხეს და შეკრიბა სხუაცა ლაშქარი ურიცხჳ. ხოლო ადარნასე, ძე მოკლულისა კურაპალატისა, განვიდა ბრძოლად მისა, და მიჰყვა მის თანა შეწევნად ადარნასესა გურგენ კურაპალატი და შვილნი მისნი. და ყვეს ბრძოლა და ომი დიდი ნასრის ზედა. და შეეწია ღმერთი მცირეთა ამათ ადარნასეს კერძთა და სძლეს ნასრას, მეოტ ქმნეს, შეიპყრეს და მოკლეს ნასრა ჴევსა სამცხისასა, სოფელსა ასპინძას, ქრონიკონსა რ~ე. და არა დაუშთა შვილი ნასრას, და აღიჴოცა საჴსენებელი მისი.

ადარნასე, ძე დავით კურაპალატისა, დასუეს ქართველთა მეფედ [ნაცვლად] მის მოკლულისა. და ამან ადარნასე, ძემან დავით მოკლულისამან, აღაშენა ბანა ჴელითა კჳრიკე ბანელისათა, რომელი-იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ.

და მამფალი სუმბატ არტანუჯელი, ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა რ~თ, და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ მამფალი არტანუჯელი [და დავით მამფალი]. და სიცოცხლესავე შინა სუმბატ არტანუჯელისასა მოისრა ნასრ; და ქუეყანა ნასრისი დაიპყრეს სხუათა ამათ მთავართა.

ხოლო გურგენ კურაპალატი წარვიდა ტაოთ, კალმახით, მამულით თჳსით, ცხოვრებად შავშეთს და არტანს. და ამისსა შემდგომად შეიმტერნეს ურთიერთას და შეკრიბეს ლაშქარი ერთმანერთსა ზედა ერთ-კერძო გურგენ კურაპალატმან და ერთა მისთა, მეორე-კერძ ადარნასე ქართველთა მეფემან და ბაგრატ არტანუჯელმან. მოვიდეს ესენი ჴევსა არტანისასა, სოფელსა მგლინავსა, და ჰბრძოლეს ერთმანეთსა. და მეოტ იქმნა გურგენ კურაპალატი, წყლეს და შეიპყრეს. და მოკუდა წყლულებითა მისითა გურგენ კურაპალატი, ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისა, ქრონიკონსა რ~ი~ა. და დაუტევნა ორნი ძენი: ადარნასე და აშოტ ერისთავთა-ერისთავი. [380] შემდგომად გურგენ მამისა თჳსისა კურაპალატისა გარდაიცვალა [ადარნასე] ქრონიკონსა რ~ი~ვ, და დაუტევნა ორნი ძენი მცირენი: დავით ერისთავთა-ერისთავი და გურგენ, რომელი შემდგომად, მერმე, დიდი ერისთავთა-ერისთავი იყო.

და გარდაიცვალა ბაგრატ მამფალი არტანუჯელი, ძე სუმბატისი ქრონიკონსა რ~კ~თ, თუესა აპრილსა კ~, დღესა აღვსებასა, და დაუტევნა ძენი ოთხნი: ადარნასე, რომელი იგი მონაზონ იქმნა და ბასილი სახელ-იდვა, გურგენ ერისთავი, აშოტ და დავით.

გარდაიცვალა დავით ერისთავი, ძე ადარნასესი, ძისა გურგენ კურაპალატისა, ძმა დიდისა გურგენისა, ქრონიკონსა რ~კ~ჱ, და არა დაუტევა შვილი. აშოტ ერისთავთა-ერისთავმან, ძემან გურგენ კურაპალატისამან, რომელსა ეწოდა კუხი, აღაშენა ტბეთი შავშეთს და განასრულა იგი ყოვლითა განგებითა, და დასუა პირველად ეპისკოპოსად სანატრელი სტეფანე უწყებითა სულისა წმიდისათა. და გარდაიცვალა ესე აშოტ კუხი ქრონიკონსა რ~ლ~ჱ, და არა ესუა შვილი.

და ამისსა შემდგომად გურგენ, ძმისწული მისი, ძე ადარნასესი, დასუეს ერისთავთა-ერისთავად.

გარდაიცვალა დავით, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რ~მ~ბ, და დაუტევა ძე მუცელსა შინა ცოლისა თჳსისასა, რომელსა-იგი ეწოდა ბაგრატ.

გარდაიცვალა ადარნასე, ქართველთა მეფე, ძე დავით მოკლულისა, ქრონიკონსა რ~მ~გ, და დაუტევნა ძენი ოთხნი: დავით რომელი შემდგომად მამისა თჳსისა ქართველთა მეფე იქმნა, აშოტ კურაპალატი, და ბაგრატ მაგისტროსი, და სუმბატ, რომელი ძმათა შემდგომად კურაპალატად დასუეს.

გარდაიცვალა გურგენ ერისთავი, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რ~მ~გ, მასვე წელსა შინა, რომელსა შინა ქართველთა მეფე ადარნასე მიიცვალა, და დაუტევა ამან გურგენ ძე მუცელსა შინა ცოლისა თჳსისასა, რომელსა ეწოდა გურგენვე, სახელი მამისა თჳსისა.

გარდაიცვალა დავით, ქართველთა მეფე, ძე ადარნასე მეფისა ქართველთასა, ქრონიკონსა რ~ნ~ზ, და არა ესუა ძე.

გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რ~ნ~თ, თუესა ივნისსა, და არა ესუა ძე.

გარდაიცვალა გურგენ დიდი ერისთავთა-ერისთავი, ძე ადარნასესი, რომელმან უმეტესნი სიმჴნენი და ბრძოლანი ქმნნა ყოველთა მამათა მისთასა, და დაიმორჩილნა ყოველნი გარემოსნი, ქრონიკონსა რ~ჲ~ა, თუესა თებერვალსა ი~დ. არა ესუა ძე.

[381] გარდაიცვალა მამფალი დავით, ძე სუმბატ ართანუჯელისა მონაზონობასა შინა, ქრონიკონსა რ~ჲ~გ, თუესა თებერვალსა ოცსა, და დაუტევა ძე თჳსი სუმბატ, რომელიცა-იგი დასუეს ერისთავთა-ერისთავად.

გარდაიცვალა ბაგრატ მაგისტროსი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა რ~ჲ~ე, თუესა მარტსა, და დაუტევა ძე თჳსი ადარნასე, რომელი შემდგომად მამისა თჳსისა მაგისტროსი იქმნა და შემდგომად მამის ძმათა კურაპალატი იქმნა.

მასვე წელსა ბაგრატ მაგისტროსის გარდაცვალებისასა ბასილი მონაზონი კლარჯი გარდაიცვალა, ძე ბაგრატ მამფლისა.

გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა რ~ო~დ, და არა ესუა შვილი. და ამასვე წელსა აშოტ, ძე სუმბატისი, გარდაიცვალა და არა ესუა ძე.

და შემდგომად აშოტ კურაპალატისა ძმა მისი დასუეს კურაპალატად, სუმბატ.

და ესე სუმბატ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა რ~ო~ჱ, და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ ერისთავთერისთავი, რომელი ქართველთა მეფედ დასუეს, რეგუენი, და ადარნასე კურაპალატი.

გარდაიცვალა [ადარნასე კურაპალატი], ძე ბაგრატ მაგისტროსისა, ქორონიკონსა რ~პ~ა, რომელი-ესე ძეთა შეიპყრეს და მონაზონ ქმნეს. მოკუდა უნებლიეთ ფიჩჳთა, და დაუტევნა ძენი: ბაგრატ და დავით ერისთავთა-ერისთავი. გარდაიცვალა ესე ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი, ძე ადარნასე კურაპალატისა, ქრონიკონსა რ~პ~ვ, ხოლო ძმა მისი დავით კურაპალატი იქმნა დიდად.

გარდაიცვალა გურგენ, ძე გურგენის, ძისა ბაგრატ მამფლისა, ქრონიკონსა რ~პ~ჱ.

გარდაიცვალა ადარნასე, ძე სუმბატ კურაპალატისა, ძმა ბაგრატ რეგუნისა, ქრონიკონსა ს~გ, და დაუტევა ძე დავით მცირე.

გარდაიცვალა სუმბატ ერისთავთა-ერისთავი, კაცი მართალი, ძე დავით მამფლისა, არტანუჯელი, ქრონიკონსა ს~ჱ და დაუტევნა ძენი ორნი: დავით და ბაგრატ. და შემდგომად მიცვალებისა მისისა დღესა მეორმოცესა გარდაიცვალა ძე მისი ბაგრატ, და დაუტევნა ძენი ორნი: სუმბატ და გურგენ.

გარდაიცვალა სუმბატ, ძე ბაგრატ რეგუნისა, ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა ს~ი~ბ, და არა ესუა შვილი.

გარდაიცვალა დავით, ძე სუმბატ ერისთავთა-ერისთავისა დიდებულისა, კაცისა მართლისა; და გარდაიცვალა ბაგრატ რეგუენი ქართველთა მეფე, ძე კურთხეულისა[382] სუმბატ კურაპალატისა, ქრონიკონსა ს~ი~დ, და დაუტევა ძე თჳსი უხუცესი გურგენ, რომელსა უწოდეს მეფეთა-მეფე. და ამას გურგენს ესუა ბაგრატ დედით აფხაზთა მეფისა დისწული, დემეტრესი და თევდოსესი. ვიდრე გურგენის გამეფებამდე ესე ბაგრატ მეფე იქმნა აფხაზეთს, და ამისთჳს გურგენს მეფეთ-მეფობა ეწოდა.

გარდაიცვალა დავით დიდი კურაპალატი, ძე ადარნასე კურაპალატისა, ქრონიკონსა ს~კ~ა, და არა ესუა ძე. და აოჴრდა იმიერ-ტაო; და გამოვიდა ბასილი ბერძენთა მეფე, და მისცნეს მას ციხენი აზნაურთა ამა დავითისთა, და დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურაპალატისა. და მივიდეს მის წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფე და მამა მისი გურგენ. და მოსცა მათ ბასილი მეფემან პატივი - გურგენს მაგისტროსობა და ბაგრატს კურაპალატობა, რათამცა ვითარ მტერ ყვნა ერთმანერთისა მიმართ მამა-ძენი ესე, და ამით ღონითა იძმაცუა. ხოლო გურგენ ჭეშმარიტი და მართალი იყო და ვერა აღძრა გული მისი ზაკჳთა ამით მიზეზითა და ვერა უძლო ღონისძიებითა.

გარდაიცვალა ესე გურგენ მეფეთ-მეფე, ძე ბაგრატ ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა ს~კ~ჱ, და დაუტევა ძე ესე თჳსი ბაგრატ, აფხაზთა მეფე, კურაპალატი დიდი, დაეუფლა ტაოს მამულსა თჳსსა, და დაიპყრა ყოველი კავკასია თჳთმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე. ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოხარკე ყო, სომხითისა ჴელმწიფებითა, ნებიერად განაგებდა. მეფე სპარსთა თჳს მეგობრად და ერთგულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა უფროს სახლეულთა თჳსთასა, და ბერძენთ მეფესაცა შიში აქუნდა ამისი ყოვლადვე.

და ამან ბაგრატ კურაპალატმან მოიყვანნა კლარჯნი ჴელმწიფენი სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, თჳსნი მამის დისწულისანი, დარბაზობად მის წინაშე ციხესა შინა ფანასკერტისასა, და მუნ შინა შეიპყრნა იგინი. და აღიხუნა ქუეყანანი და ციხენი მათნი, რამეთუ იგინი პატიმარ ყვნა ციხესა შიგა თმოგჳსასა. და მუნ ციხესა შინა თმოგჳსასა გარდაიცვალა სუმბატ არტანუჯელი ქრონიკონსა ს~ლ~ა. და ეგრეთვე მასვე წელსა შინა გურგენცა გარდაიცვალა, ძმა სუმბატისი, ქრონიკონსა ს~ლ~ბ ხოლო შვილნი ამათნი წარვიდეს კოსტანტინეპოლედ, ძე სუმბატისი ბაგრატ და ძე გურგენისი დემეტრე, ბასილი მეფისა წინაშე, და მათნივე შვილნი კლარჯთა მეფეთანი რომელ დაშთეს ამათ ქუეყანასა, მოისრნეს ყოველნი სიკუდილითა პატიმრობასა შინა.

ამისსა შემდგომად მოვლო ბაგრატ ყოველი სამეფო თჳსი, აფხაზეთი, ჰერეთი და კახეთი, მოვიდა და დაიზამთრა ჴევთა ტაოსათა. და მო-რა-იწია ზაფხული, მოვიდა [383] მასვე ციხესა ფანასკერტისასა წელსა მესამესა. და მუნ შინა გარდაიცვალა ესე ბაგრატ ქრონიკონსა ს~ლ~დ, თუესა მაისსა ზ~, დღესა პარასკევსა. და დაუტევა ძე თჳსი გიორგი და დაჯდა იგი მეფედ წლისა ი~ჱ.

ხოლო დაჯდა რა ესე გიორგი მეფედ, გან[უ]დგა ამას ქუეყანა ჰერეთ-კახეთისა, და ღადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნეს ერისთავნი. მათ ქუეყანათ კუალადვე ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველ აქუნდა იგი.

და ამის გიორგის მეფობისა მეშჳდესა წელსა გამოვიდა ბასილი ბერძენთა მეფე ამას გიორგის მეფესა ზედა. ხოლო ესე გიორგი განვიდა ლაშქრითა დიდითა და დაიბანაკეს ქუეყანასა ბასიანისასა ორთავე მრავალ დღე, და არა მივიდეს ბრძოლად ერთმანერთსა ზედა, არამედ მოერიდა გიორგი და მოვიდა და დაწუა ქალაქი ოლთისი. [და მუნით მოვიდა კოლასა და] გამოუდგა კუალსა და მოუდგა უკანა მეფე ბერძენთა. და შეკრბეს რა უკანამავალნი გიორგისნი და წინამავალნი ბასილისნი ლაშქარნი, იქმნა ბრძოლა დიდი სოფელსა შინა, რომელსა ეწოდების შირიმთა. და მრავლად მოისრნეს ორკერძოვე და მოიკლნეს მუნ დიდნი ერისთავნი: რატი ძე ლიპარიტისი და ხურსი. და ვითარცა მოესმა ჴმა ომისა გიორგი მეფესა, აღბორგნეს, განვიდეს და მოვიდეს ადგილსა მას, სადა იყვნეს ბრძოლად, და მოვიდა მუნ ბასილი მეფეცა სპითა დიდითა.

და შეკრბეს იგინი იმიერ და ამიერ. და იქმნა მუნ ბრძოლა დიდი და მოისრნეს მუნ ბერძენნი დიდნი და ფრიადნი. და წარმოიღეს გიორგისთა ავარი, და ეზომ განდიდნა ბრძოლა იგი, რომელ სივლტოლა ეგულებოდა ბასილი მეფესა. გარნა გიორგისნივე სულმოკლე იქმნეს, რამეთუ მორიდეს და წარმოვიდეს. ხოლო ბასილი უკანა წარმოუდგა და მოვიდა არტანს, და დაწუა იგი; და რომელი პოვა, ტყუე ყო. ხოლო გიორგი წარვიდა ნიალით კერძო სამცხედ, და მიუდგა მას უკანა ბასილი ჯავახეთით კერძო, და მოაოჴრა ყოველივე. გარდავიდა გიორგი თრიალეთად, და მოადგა ბასილიცა თრიალეთადვე. და რა ეახლნეს ერთმანერთსა, კუალად განძლიერდა გიორგი ლაშქრითა, რამეთუ მოიყვანნა წანარნი და შაქნი. ხოლო იხილა რა ესე ბასილი, შეიქცა თრიალეთით და უკმოვლო ჯავახეთი და არტანი დღეთა შინა ზამთრისათა, და კუალად უბოროტესადრე მოაოჴრა. და წარვიდა და დაიზამთრა ხალდიასა, ქალაქსა ტრაპიზონთასა. და ვიდოდეს მოციქულნი ორთავე ამათ მეფეთანი ზავისათჳს ერთმან-ერთისა წინაშე და მშჳდობისა.

ხოლო იქმნა ამას ჟამსა შინა განდგომილება დიდი საბერძნეთს, რამეთუ შეირთნეს ბასილის სპასპეტი და წარვეზი, ძე ფოკას განდგომილისა, და მეფე იქმნა ქსიფი, და მიიდგინეს მათ ყოველი აღმოსავლეთით-კერძი ქუეყანა. ხოლო ღმერთმან ბასილის [384] დიდად შეშინებულსავე პატივ სცა, რამეთუ განუდგეს ქსიფენ წარვეზს, და ყოველნივე ერნი მისად მიმდგომელნი შეიტყუვნეს ციხესა შინა, შეიპყრეს და ბასილის წინაშე წარმოგზავნეს. და მან ექსორია ყო იგი კუნძულსა შინა და მიმდგომთა მისთა მრავალთა თავი მოჰკუეთა, რომელთა თანა იყო ფერის ჯოჯიკის ძე ქართველი.

და კუალად შემოიქცა ბასილი მეფე და მოვიდა ბასიანს. და ითხოვდა იგი გიორგი მეფისაგან ციხე-ქუეყანათა და აღუთქმიდა ზავსა და მშჳდობასა. ხოლო გიორგი მეფემან განავლინა ზჳადი ლაშქრითა დიდითა უწინარეს თჳსსა. და დაილაშქრა ზჳადმანცა ამიერ კიდესა ბასიანისასა, რეცა ზამთრის სახედ. ხოლო თჳთ გიორგი მეფე უკანა ისრე განვიდა ზავად წადიერი ლაშქრითა დიდითა და ძლიერითა. გარნა ორკერძოვე მზაკუარნი იგი აზნაურნი არა მიეშუნეს გიორგის ყოფად ზავისა, რამეთუ არა უნდოდა მშჳდობა, არამედ აზრახეს მას ბრძოლად. აწჳეს იგი ბასილის ზედა, რომელიიგი ზავად და მშჳდობად ჰგონებდა მისლვასა მათსა, და ჰგონებდა და მოელოდა. ხოლო გიორგისთა იწყეს ბრძოლად და აოტეს ზოგი ბასილის ლაშქრისა. მაშინ უბრძანა ბასილი მეფემან დამოკიდება წუერსა ჰოროლისასა დაწერილი მათი, რომელნი მისად დაეწერნეს გიორგი მეფესა ჩუენსა სიმტკიცისა და ზავისანი. და ესრეთ ბასილი მეფემან ჰოროლისა წუერითა ამართნა იგინი. მიუპყრა ღმერთსა და თქუა: „იხილე, უფალო, წერილი ესე მათი და საქმე, რომელსა აწ იქმან“. და კუალად მოიღო ბასილი მეფემან ძელი ცხოვრებისა მანდილითა წმიდითა, და დასცა იგი ქუეყანასა ზედა და თქუა ესრეთ, ვითარმედ: „უკეთუ მიმცე მე ჴელთა მტერთასა, არღარა თაყუანის-გცე უკუნისამდე“. და ვითარ ესე ყო და თქუა, მყის მასვე ჟამსა იძლივნეს და მეოტ იქმნეს სპანი გიორგისნი, რომელნიიგი პირველ მივიდეს; და გამოვიდეს მიერ-კერძო ტაღმანი მეფისანი რუსნი, და არა განერა ერთიცა პირველ მოსრულთა მათ თჳნიერ მცირედთასა. რამეთუ თჳთ მეფე გიორგი და უძლიერესი ლაშქარი მისი არღარა მისრულ იყო ჯერეთ ყოვლადვე, და მოიკლნეს მათგანი მას დღესა შინა, რომელთაცა-იგი მშჳდობის ყოფა არა ენებათ, და მეოტ იქმნეს ყოველნი. და მოისრნეს ურიცხუნი პირითა მახჳლისათა და რომელნიმე მეოტ იქმნეს. წარიღეს ბერძენთა ავარი დიდძალი და განძი სამეფო ყოველი სრულიად, რომელი აქუნდა.

და წარმოიძრა მცირედ ბასილი მეფე და მოუდგა უკანა. და კუალად იწყო ზავად და მშჳდობად პირველისაებრვე, რამეთუ შიში აქუნდა საბერძნეთით კუალადცა განდგომილებისა. და ყვეს მაშინ მშჳდობა და დაიზავნეს.

და მისცა გიორგი მეფემან მძევლად ძე თჳსი ბაგრატ, სამისა წლისა ყრმა ჩჳლი, და მისცა ციხე ათორმეტი, და ქუეყანა დავით კურაპალატისა ნაქონები ტაოს, ბასიანს, [385] და ჯავახეთს, შავშეთს. და ესრეთ წარვიდა ბერძენთა მეფე ბასილი, და თანა წარიტანა ბაგრატ ყრმა მცირე. და შემდგომად სამისა წლისა შინავე წარმოგზავნა აღუთქუა გიორგის ბაგრატისი.

გარდაჴდეს რა სამნი წელნი, მაშინ წარმოგზავნა ბასილი მეფემან ქალაქით კოსტანტინეპოლით ბაგრატ, ძე გიორგისი, ვითარცა-იგი აღეთქუა. და მოიწია ბაგრატ ტაოს და შემოვიდა თჳსსა მამულსა ბანას თანამოყოლითა მისად კატაბანისა აღმოსავლისათა ზღვრადმდე ბაგრატის მამულისა. ხოლო შე-რა-იქცა კატაბანი იგი, მოემთხჳვნეს მას მანდატურნი წიგნითა ესრეთ წერილითა, ვითარმედ: „მიიცვალა ბასილი მეფე, ძმა ჩემი, და ვიქმენ მე მეფე ყოვლისა საბერძნეთისა. და აწ სადაცაღა მოწევნულ იყოს საჴელმწიფოსა შინა ძე გიორგისი ბაგრატ, გარე-ვე-აქციე იგი სწრაფით და წინაშე ჩუენსა მოგზავნე“. და ვითარცა აღმოიკითხა კატაბანმან, მსწრაფლ მოიქცა და დევნა უყო ბაგრატს, გარნა ვერ ეწია მას, რამეთუ თჳსსა მამულსა შემოსრულ იყო იგი და განძლიერებულ ლაშქრითა, რომლისა ბრძოლად ვერღარა ეძლო კატაბანსა მას, არამედ გარე-უკუნ-იქცა და წარვიდა. ეჰა, დიდი და საკჳრველი მოწყალება ღმრთისა! ვითარღა განერა მართალი ჴელთაგან შემპყრობელთა და მტერთა მისთასა, ქრონიკონსა ს~მ~ე.

და მოვიდა ბაგრატ საბერძნეთით წინაშე მამისა თჳსისა გიორგი მეფისა და დედისა თჳსისა მარიამ დედოფლისა ქალაქსა მათსა ქუთათისს. და ესრეთ შეკრბეს იგინი მშჳდობით, და მისცეს დიდება და მადლობა ღმერთსა მომადლებისათჳს მათდა ესევითარისა მის კეთილისა. და შემდგომად ამისსა რა გარდაჴდეს წელნი ორნი, გარდაიცვალა გიორგი, მამა ამის ბაგრატისი, თრიალეთს, ადგილსა მას, რომელსა ეწოდების მყინვარნი, ქრონიკონსა ს~მ~ზ, თუესა აგჳსტოსა ი~ვ. და დამარხეს იგი ქუთათისს.

და დაჯდა შემდგომად მისსა მეფედ ძე მისი ბაგრატ ცხრისა წლისა. ხოლო აზნაურნი ტაოელნი წარვიდეს საბერძნეთს: ვაჩე კარიჭისძე, და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და ამათ თანა უმრავლესნი აზნაურნი ტაოსა, რომელნიმე ციხოვანნი და რომელნიმე უციხონი, განუდგეს ბაგრატს და მიერთნეს კოსტანტინეს, ძმასა ბასილი ბერძენთა მეფისასა, რომელი შემდგომად მისსა მეფე იყო.

და წელსა მეორესა გამოგზავნა კოსტანტინე მეფემან პარკიმანოსი თჳსი მიუწდომელისა ძალითა ლაშქრითა თჳსისათა და განძითა ურიცხჳთა ყოვლად უძლიერესად ბასილი მეფისაცა. მოვლო და მოაოჴრა ქუეყანანი იგი, რომელნი პირველ მოეოჴრნეს ქუეყანანი ბასილი მეფესა, და უმეტესცა. რამეთუ მიიწია ესე თრიალეთს ციხესა ქუეშე კლდე-კართასა, სადა-იგი იყვნეს მაშინ აზნაურნი ბაგრატისნი, და ბრძოლა ყვეს, გარნა არა დიდად. და განდგეს კუალად აზნაურნი, და მისცნეს ციხენი, ჩანჩახამან, ერისთავმან შავშეთისამან, მისცა ციხე წეფთისა, და თჳთ წარვიდეს იგინი საბერძნეთს.

[386] ხოლო აღაშენა სიმაგრე საბა მტბევარ ეპისკოპოსმან, მახლობელად ტბეთის ეკლესიასა და სახელ-სდვა მას სუეტი. და შეკრიბა მაშინ მან ერი თჳსი და შევიდეს მას შინა თჳთ საბა მტბევარ ეპისკოპოსი, და ეზრა ანჩელ ეპისკოპოსი, და შავშეთის აზნაურნი, და განძლიერდა მას შინა.

ხოლო მოავლინა მუნ პარკიმანოსმან იოვანე ხარტულარი, სახელით ვალანგ, ლაშქრითა დიდძალითა, და თანა მოსცა მას ძე გურგენ კლარჯისა დემეტრე, რეცა შესატყუენელად ქუეყანისა მკჳდრთა, რომელი-ესე იქმნა ესრეთ. რამეთუ მიიქცეს ერნი, სოფელნი უგუნურ-უსუსურნი ცნობითა და გონებითა. და გამოადგინეს ლაშქარნი სუეტსა მას ტბეთისასა, და ჰბრძოდეს ძლიერად მრავალღონედ. და ღმერთმან განაძლიერნა მყოფნი იგი სუეტსა მას შინა მადლითა და მეოხებითა წმიდათა მოციქულთათა და ლოცვითა წმიდათა ამათ მღდელთმოძღუართათა. და ვითარცა ერთგულნი და ჭეშმარიტნი მარტჳლნი საღმრთონი თავთა თჳსთა სიკუდილად განსწირვიდეს, და ჴორციელთა უფალთათჳს თავთა თჳსთა განსწირვიდეს, და სისხლთა დასთხევდეს სიტყჳსაებრ მოციქულთასა, და განძლიერდებოდეს. ყოველთავე ეტყოდეს, ვითარმედ: „ნუმცა შეგჳტყუებენ ჩუენ ლიქნანი ესე და საფასენი მსწრაფლ წარმავალნი, არამედ მოვიგოთ მადლი ერთგულებისა და გჳრგჳნი ახოვნებისა“. რამეთუ მბრძოლნი იგი გარე მოდგომილნი მათდა ლიქნიდეს აღთქმითა და ქადაგებითა კეთილითა და საფასეთათა:

ხოლო ესევითარად რა ღელვად აღტეხილად იგუემებოდა აღმოსავლეთი, მსწრაფლ ეწია რისხვა უმსჯავროსა მას მეფესა კოსტანტინეს, მსგავსადვე ივლიანეს უსჯულოსა, უწყალოებისათჳს ბაგრატ მეფისა ჩუენისა, მოოჴრებისათჳს მამულისა მისისა, და მოსწრაფედ მოუწერა პარკიმანოსს პროედროსსა თჳსსა, რათა მსწრაფლ შეიქცეს იგი ლაშქრითურთ თჳსით და მოვიდეს კოსტანტინეპოლედ. და წარვიდა იგი, ესმა რა ესე. და ვითარცა გარდაიცვალა ესე კოსტანტინე მეფე, დაუტევა შემდგომად მისსა მეფობა რომანოზს, ნათესავსა და მიმდგომსავე თჳსსა.

ამისსა შემდგომად წელსა მესამესა სანატრელმან დედოფალმან მარიამ, დედამან ბაგრატ მეფისამან, შეიმოსა სიმჴნე და ახოვნება, რამეთუ ნაშობი იყო ბრწყინვალეთა მათ ძლიერთა და დიდთა მეფეთა არშაკუნიანთა და წარვიდა კოსტანტინეპოლედ წინაშე რომანოზ მეფისა, ვედრებად მისა, რათა მშჳდობა ყოს აღმოსავლეთისათჳს და რათა არღარა იყოს ბრძოლა ბერძენთა და ქართველთა, და გლახაკნი დაწყნარებულ და მყუდრო იყვნენ, და რათა მიუთხრეს პატივი ძესა თჳსსა ბაგრატს მეფესა წესისაებრ სახელისა.