სუმბული

სუმბული
ავტორი: ლადო ასათიანი


ვახტანგ მეექვსემ ერთხელ ერთ ხევში
სუმბული ნახა თეთრი და წმინდა,
მოთხარა, ფრთხილად აიღო ხელში,
რომ სავარდეში მიეცა ბინა.

ფიქრობდა მეფე: “ყვავილი მწველი
გრძელ ყლორტებს გაშლის, გაინავარდებს,
ვითარც ამბარი, მისი სურნელი
გადაეფრქვევა მდიდრულ სავარდეს!”

ფიქრობდა, მაგრამ ვაი რომ ტყვილად:
არ ესალბუნა ყვავილს ალერსი,
თავი დახარა და მოიწყინა,
როგორც ჭაბუკმა უცხო მხარეში.

ბევრი ეფერა მეფე მგოსანი,
თავს დამღეროდა, როგორც ბულბული,
მაგრამ საამო სურნელ-ფშოსანი
მაინც დაჭკნა და გახმა სუმბული.

მეც სუმბულივით დავიგოლვები
და მეც გამახმობს უცხო ზმანება,
თუ საქართველოს ლურჯი გორები
დროზე არ ნახა ჩემმა თვალებმა.

დავჭკნები, როგორც დაჭკნა სუმბული,
ხევის ყვავილი მზისკენ მზირალი
და ვახტანგივით სადღაც ჩავკვდები
ჩემთა მკვიდრთაგან დაუტირალი.

მშობლურ ბაღიდან გადმოყვანილი,
უცხო მიწაზე ვერ გავიხარებ,
ვიდრე დავმჭკნარვარ შენი ყვავილი
მომხედე, ჩემო სამშობლო მხარევ.