ტრფობა წამებული

ტრფობა წამებული
ავტორი: ვასილ ბარნოვი



ფარავანის ტბის ნაპირას, სადაც შარვაშეთის მთა დააწყდება, სანსრების გადასწვრივ, განმარტოებით მოსჩანდა კარავი, რომლის გარშემო რამდენიმე ადამიანი ტრიალებდა, ქალი თუ კაცი. სამგზავროდ ეცვათ: გზად მიმავალთ შეესვენათ აქ. კარავში მხოლოდ ქალები და ბალღები იყვნენ. ქალბატონს სარტყელი მოეშვა, გულისპირი ჩაეხსნა; მხარ-თეძოზე მიწოლილი თვალებს ლულავდა. მარჯვენა მკლავი უღონოდ გადმოეგდო ხალიჩაზედ. მის დაღონებულ სახეს და მოდუნებულ ტანს თუ ხელს ვეღარ უხდებოდა ვერც მელევანდი მოელვარე, ვერც გულისქინძისთავი, ძვირფასი ბეჭედი, თუ საყურე ფასდაუდები: მხიარულად მოციმციმე სამკაული უფრო მკაფიოდ ჰსახავდა ღრმა ნაღველს მათის პატრონისას. კარავში ორიც სხვა დედაკაცი იყო. ისინი მისხდომოდნენ მიწოლილ ბავშვებს, სდარაჯობდნენ მდუმარედ მათს ძილს მღელვარეს. - ნენე, ჩაეძინა ბაგრატს? - ჰკითხა ნელის ხმით ქალბატონმა. - ჩაეძინა, როგორც იყო. ძილი უკრთება: გონებაში ჩავარდნილი ბალღია, ჰხედავს გარემოებას და ღელავს, - მიუგო დედაკაცმა დაბალივე ხმით. - აბებურა კი, ვენაცვალე, იმდენად ვერა გრძნობს გაჭირვებას: არ ესმის პატარას. მაინც ჟინიანობდა გზაზედ, თავისებურად ვერ მხიარულობდა. მალე ჩაეძინა დაღლილს; ღრმა ძილი არც ამას მოსდის, - მოახსენა მეორე ძიძამ. - ადარნასე? - ადარნასე თავის მამასთან იქნება: თავისი თავი დიდი ჰგონია, მარაქაში გასარევი, და ვაჟკაცებს არა ჰშორდება. დედაკაცს კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ქალბატონმა ტუჩებზედ ხელის მიფარებით ანიშნა, დაჩუმებულიყო, ბავშვები არ დაეღვიძებინა. ქალბატონი ერთხანს თვალღია იყო გარინდებული, მერმე ჩახუჭა თვალები, ჩაეძინა. ვერ დაუმშვიდა ძილმა სახე: შუბლი ისევ შეჭმუხვნილი დარჩა, ლოყებზე შიგადაშიგ ისევ გადურბენდა სწრაფი რამ მოძრაობა; მხოლოდ უფრო ფერმკრთალი შეექმნა სახე აღმბეჭდავი დიდის ტანჯვისა. აიხადა კარვის კალთა და გამოჩნდა ვაჟკაცი. მზრუნველობით მიმოხედა იქაურობას, მიაბყრა თვალი მძინარე ყმაწვილებს და უკანვე გადადგა ნაბიჯი, ფრთხილად ჩამოუშვა კარვის კალთა. ვაჟკაციც ძლიერ დაფიქრებული იყო, შავად მოქუშული. მძინარეთა ხილვით უფრო დაიჩრდილა მისი სახე, სევდა ღრმად აიხატა მის დიდრონ თვალებში. მსუბუქად იყო შეიარაღებული. საგზაო ტანისამოსი ეცვა. ჯაჭვი გაეხადნა. მუზარადის მაგივრად ჩახუჭუჭებული კრაველი ერქვა თავს, მსუბუქ რამ ჯიღით შემკულ-დამშვენებული. ვაჟკაცის დანახვაზე დედაკაცები შეინძრნენ, მაგრამ ანიშნა, წყნარად ყოფილიყვნენ, არ ამდგარიყვნენ. - შენ კი არ გინდა, შვილო, ძილი? - მიუბრუნდა იგი პატარას, რომელიც ფეხდაფეხ მიჰყოლოდა მამას კარავთან და ეხლა მასთან ერთად გამოტრიალდა უკან. - არა! გიორგიმ მითხრა: ნავს მოაყენებენ ნაპირზედ და, თუ გინდა, სათევზაოდ გავიდეთ ტბაში: მამას დაეკითხე, არ გაწყრესო. ნებას მომცემ? - წაჰყევ, თუ არ დაღლილხარ. ფრთხილად კი იყავ: არ ვარგა წყალთან ხუმრობა. ბალღი დაეშვა. ტბის ყურისაკენ. მამამ გაადევნა მოსიყვარულე თვალი და წარმოსთქვა: - თავის პაპასავით მხნე არის, გაუტეხელი. მთელი ღამის მგზავრობამაც ვერ დაქანცა. სახითაც იმასა ჰგავს, უფრო ცეცხლის მფრქვევ თვალებში. ტყუილად კი არ დავარქვი ადარნასე. პირმშოა ჩემი, ტახტის მემკვიდრე, მაგრამ რაღა დავუმკვიდრო საწყალს, როდესაც ღმერთმა გარე შეაქცია პირი თვისი ჩემგან და შემერყა სამკვიდრებელი, იავარმექმნა მონაგები მამა-პაპათა?! 2 მოჰშორდა ვაჟკაცი კარავს, დაუხვია ტბის ყურისაკენ. მოსჩანდა ნაპირზე მომდგარი ნავი. გადაადგა კლდოვან ქიმს, ტბას რომ წასდგომოდა ზედ. ჩაიხედა წყალში. შეჰზარა: იქაც გულჩახვეული უბედურება დაინახა გულგატეხილმა. ღრუბლიანი იყო ცა. ეტყობოდა, მაღლა ქარი ჰქროდა: ღრუბლები სწრაფად იცვლიდნენ სახეს, დაქანაობდნენ ჰაერთ სივრცეში. მოქუშულ ცას ტბაც ჩაეშავებინა, გამდნარი ტყვიის სახე დაედვა მძიმედ მოძრავ ტალღებისათვის. კიდეც იგრაგნებოდა ტბის ზეწარი: შეშფოთებულიყო საგუბარი; ამოდუღდა წყალი ბუყბუყით, განრისხებას აპირებდა ძლიერი, ბრძოლას მძვინვარეს; ჯერ კი ისევ ცდილობდა, თავი შეეკავებინა ჟამიერად, თუნდ წამიერად. - უბედობა უბედობას მოსდევს, მარცხი მარცხს ენაცვლება და ვაი თუ ბუნებაც მტრულად მომეპყროს, მანაც განიზრახოს. ჩემი ზიანი. თუ ღელვა ასტყდა, მსუბუქი ნავი ვერ გაუძლებს ტალღების ხეთქებას, ხიფათი შეემთხვევა ბალღს, - გაიფიქრა იმან. და უნდოდა გადაეძახნა პატარისათვის, არ გაჰყოლოდა მებადურებს, მაგრამ თავი შეიმაგრა, მიცემული სიტყვა აღარ დაშალა. - არა უშავს რა, არ შეკრთება: ჯერ პატარაა, მაგრამ ყოჩაღია. გამბედავი. არ უნდა შედრკეს, სრულებით არ უნდა იცოდეს შიში. მემკვიდრეა ჩემი, მომავალი მეფე-სარდალი და თავის ცხოვრებაში ბევრ საბედისწერო ცვლილებას უნდა ელოდეს ყოველს ჟამს. ეხლავე უნდა გაიკლდევოს გული, შეეჩვიოს საფრთხეს, განსაცდელს, შერყეულ მემკვიდრეობას ვუტოვებ, იქნებ დანგრეულსაც; დიდი ბრძოლა დასჭირდება შემდეგში, უტეხი გმირობა, საგანგებო მოსაზრება სწრაფი. შეცურდა ნავი. ვაჟკაცი ერთხანს იდგა იქვე უძრავად, მერმე მოისვა სახეზედ ხელი, გამოტრიალდა. მოავლო თვალი არე-მარეს. გვერდზედ არავინ ახლდა. ხმალდარაკიანი მონა შორს იდგა ლანდივით იქით, მეორე მხარეს, ქვაზედ ჩამომჯდარიყო ჭარმაგი ვინმე ჭაღარა და ხელმანდილით ჩამობმულ მარცხენას ისწორებდა: მსუბუქად დასჭრეს მოხუცი ბარძიმ ბოლოს ბრძოლაში; ტყვედ კი ვერ ჩაიგდეს; ძლივს გამოასწრო, შემთხვევით გადარჩა. - ბარძიმი. ცოტაღა შემრჩა ახლო მყოფთაგანი, ჩამეხოცა მთელი რაზმი. იძლია ჩემი ლაშქარი. განქარდა ძალა. ეჰ, აღარა ღირს ფიქრი გარდასრულზედ, არც ზრუნვა რამე. ალბათ ესეც ღვთის ნება იყო. არ ვიცი, რითი განვარისხე კურთხეული, რად დამამდაბლა ესე საშინლად, ან რად გამწირა ესე სრულიად. არა ჰქონია სამართალი არც იმას! - წარმოსთქვა ვაჟკაცმა. და ხელი ჩაიქნია უმწეოდ, ჩაჰკიდა თავი. უკანასკნელ დამარცხების შემდეგ დაჰკარგა გმირმა იმედი, სასოწარკვეთილებას მიეცა მწარეს. დაშალა ფიქრი მძლავრად მომქმედი, უკუაგდო ზრუნვა სახელმწიფოზედ. მასში დარჩა აწ მხოლოდ ვინმე მოსახლე, რომელიც იმაზედღა ფიქრობდა, ოჯახი გადაერჩინა განსაცდელისაგან, დროზედ გაეყვანა სამშვიდობოს, დაებინავებინა უშიშარ ადგილას. თავის თავს მხოლოდ სახლის მამადღა სთვლიდა ეხლა; უკვალოდ გამქრალიყო მასში ზრუნვა თავის უდიდეს ოჯახზედ; დაჰვიწყებოდა სევდიანს ,რომ განგებას დაედგინა ის არა მარტო მამად ოჯახისა, მამასახლისადაც საქართველოსი; აღარ ახსოვდა, რომ ხელთ ეპყრა მას მთელი ერის ბედი, იღბალი; რომ მას შეჰყურებდა ქართველთ სამშობლო, ერთადერთს იმედს ძალებით მოსილს, ერთადერთ მხსნელს განძვინებული ვეშაპისგან პირაშკმულისა. მოზღვავებულიყო ურჯულო დასანთქმელად ქრისტეს მმოსავთა, მათ მოსასპობლად. სხვა არვინღა ჰყვანდა ერსა ხელისაღმპყრობი. თავისი თავმოყვარეობაც დაჰვიწყებოდა ვაჟკაცს, ის ზვიადი ოცნება, რომელიც უსახავდა მას საქართველოს შეერთებულს ზღვიდან ზღვამდის და თან მას, აშოტ მძლეველს. ბრწყინვალე გვირგვინად შეკრებულის ტომისა, სალბუნებლად მის წყლულებისა, მანათობელად მის ცხოვრებისა. ყოველივე ეს წაშლილიყო მის მიმქრალ სულში ღა აღმოჩენილიყო მხოლოდ კერძო ადამიანი, რომლის მოწოდება იყო მარტო კერძო ცხოვრების მოწყობა, საკუთარი კერის დარაჯობა და მფარველობა. ჩასთვლემოდა აწ მასში გმირს შემმართებელს, მისძინებოდა მასში ნიჭს ცხოველს, მარჯვედ მოაზრეს, დიდებულ გეგმთა სწრაფად ჩამომსხმელს. მოშვებულ-მოდუნებულიყო მასში მისი ნებისყოფა უტეხი, ბუმბერაზულ საქმეთა მსრულებელი. გული აღარ უთქმიდა მას ეროვნულ ძნელ განცდათათვის. არ უამა ბარძიმის დანახვა, შესაძლებელი ყოფილიყო, გზას აუქცევდა. ის კაცი სინიდისის მხილებათა განსახიერებად დაჰხატოდა ეხლა მას; იცოდა, რას უსაყვვდურებდა, რას მოსთხოვდა იგი ხალხის მეთაურს, ერის წინამძღვარს. უნდა დადუმებულიყო: უმწეო იყო მხილების წინაშე, საპასუხო არა ჰქონდა რა. ჰხედავდა, რა მოქმედება შეჰფეროდა ეხლა მას, მაგრამ ვერ ძალედვა გაჰყოლოდა მოვალეობის მოწოდებას: უღონო ქმნილიყო ბუმბერაზი, ვითა სამფსონი თმაწაკვეცილი; ჩაფერფლილიყო ხალხის მოჭირნახულე; სურვილით მოჰსურვებოდა მყუდრო რამ ადგილის მოწყობა, თავისუფლად სუნთქვა სუფთა ჰაერში, ცხოველმყოფელ მზის სხივზედ თბობა, ცივ წყაროთი, ლუკმა პურით კმაყოფილება. დაჰნატროდა იგი ეხლა იმ თვის ქვეშევრდომთ, რომელთ სახელი მათ სოფელს იქით არვინ იცოდა, რომელთა ზრუნვა მათ ეზო-ყურეს არ სცილდებოდა, რომელთ უბნის საქმეც კი არასოდეს არ დასტეხოდათ თავს. ეს სანატრელი ყოფაც მიუწდომელი იყო აწ მისთვის. სხვა გზა მაინც არა ჰქონდა მას და ღონდებოდა უღონოდ თვის აღმზრდელის წინაშე, საგმირო საქმეთა მასწავლებლის წინ, ისე, როგორც პატარობას მოსდიოდა ხანდისხან, როცა ვერ შეასრულებდა დავალებულსა. მკაცრი ოსტატი უკლებლივ სთხოვდა ყოველსავე და მით უფრო მტკიცედ, რომ მას ზურგს უმაგრებდა ისეთი სასტიკი ნებისყოფის კაცი, როგორიც იყო მისი მამა მეფე ადარნასე. ბარძიმი რომ ნელის ნაბიჯით წამოვიდა მისკენ, ბალღური უმწეობა იგრძნო აშოტმა. 3 სად წავიდოდა?! უფერი გარემოება უდრეკ სალტასავით შემოსჭდომოდა მას, საძრაობას აღარ აძლევდა ტყვექმნილს. - ერთბაშად დამენგრა წელთა სვლაში შექმნილი დიდება და სწორედ მაშინ. როცა მივაღწიე სურვილთა ბჭესა: თბილისში თითქმის აღარავინ დარჩა სარკინოზთაგანი, გარდა ამირ ალი-შუბის ძისა, რომელი თავისის ამალით მეტეხს ვეღარ შორდებოდა და მოციქულს მოციქულზე მიგზავნიდა: დავზავდეთ, მოვსპოთო ბრძოლა ერთმანეთს შორის; ხარკს აღმითქვამდა, საწინდარს მორჩილებისას. ცრუობდა! დროის მოგება ჰსურდა. მინამ ბაღდადიდან ჯარს მოაშველებდნენ. გრიგოლი, მთავარი კახეთისა, მხარს უჭერდა ალის: უნდოდა მისის შემწეობით და მთიელთა დახმარებით ვეძლიე მე, თითონ დაეჭირნა ქართლი. ავად მოუხდა თათბირი: დაემხო ჩემ მიერ მათი შეერთებული ძალა ქსნის პირას. ივლტოდა გაწბილებული. რამდენი დავლა დაგვრჩა! აივსო ყოველი კაცი საგანძურით, ტყვით, იარაღით... დროზედ მომეშველა აფხაზი თეოდოსე. სიძე კი არა, მარჯვენა ხელი შეიქმნა იგი ჩემთვის. ერთი დაკვრაც და - გრიგოლსაც, ემირსაც ხელშეკრულებსა ვნახავდი ჩემს წინ... - ბატონო მეფევ! ფიქრს მისცემიხარ მწარესა განმარტოებული, ოცნებას მძიმეს; თავის თავს ეტყვი რასმე სათქმელს, ხმამაღლა ესაუბრები. ჟამი კი შავი ჩამოგვდგომია, საქმე საშიშარი. ჰხამს აჩქარება მოქმედებისა, დიდი სისწრაფე. - კიდევ რამე ახალი უბედურობა?! - არ ვიცი, როგორ დაგვიღამდება ეს დღე, რას მოგვიტანს შემდეგი ჟამი, თუნდ წამის ყოფა. ვალდებული ვარ შემოგბედო და გაგაფრთხილო. ვკადნიერობ: აღმზრდელი ვარ შენი. ესეც არ იყოს საქართველო შენ შემოგმზერის, შენზედ ამყარებს იმედს გვემული. - ტყუილად მიმზერს! ამაოა ნგრეულ საძირკველზედ იმედთა ციხის აგება: ღმერთმან გამწირა მე და ჩემთან ყველა ის, ვინც ჩემზედ აბყრობს თვის სასოებას. - რას ინებებ ეხლა, რა ბრძანებას მოგვცემ? - მე?! არაფერს! მოიქეცით, როგორც გიჯობდეთ. მეც მხოლოდ იმაზედა ვზრუნავ, ცოლ-შვილი მივაცილო სამშვიდობოს, მივიყვანო ბიზანტიას და... ყველა თქვენგანიც ამასა ცდილობს ეხლა. თუ ესეთი პასუხი უცხოს მოესმინა აშოტისაგან, მის ბუნების უცნობს სხვას, ეჭვს შეიტანდა მის სისაღეზედ; იფიქრებდა: უბედურობამ შეარყია კაცი, დასცა მისი ნებისყოფა, მისი გონება; მთლად უხმარი გახდაო სამძიმო საქმისთვის. სხვანირი დასკვნის გამოტანა არც შეიძლებოდა. მაგრამ ბარძიმი ახლო იცნობდა თავის აღზრდილს, ბევრჯერ მასთან მხარდამხარ მებრძოლ აშოტ ძლიერსა, იცოდა: ხანდისხან, ეს შემმართებელი ვაჟკაცი ბუმბერაზი დაჰკარგავდა ბრძოლის სურვილს თუ უნარს, მოუდუნდებოდა ნებაჩამტვრეული. ამ შემთხვევაში ძლიერი რამ შთაბედჭდილება იყო საჭირო, მის ბუნების მძლავრად შემარხეველი გავლენა, რომ ისევ გადაეშვა მისი სული მოქმედებათა სადენზედ, კვლავ აემუშავებინა მისწრაფება მისი ძლიერი. წინადაც შეენიშნა ბარძიმს ეს, როდესაც სწვრთნიდა იგი უფლისწულს; მერმეც ეთვალიერებინა, როდესაც მეფე შეიქმნა იგი თვითმპყრობელი და ფართოდ გაშალა ფრთა არწივისა. ამისთანა შემთხვევაში ეს იმედიანი ვაჟკაცი ვიდოდა უმიზნოდ, უაზროდ, თვითმოქმედების ეშხს მოკლებული, საკუთარ მკვეთრ აზრთაგან ხელცალიერი. თვალთა გამომეტყველებაც ბუნდი ჰქონდა მაშინ მას, იმ თვალთა მეტყველება, რომელთ გამწველ-გამჭვრეტ ცეცხლს ძნელად უძლებდა თუნდაც მამაცი. ამგვარ მდგომარეობაში ჩავარდა აშოტი ბოლო დამარცხების შემდეგ. ძნელი იყო. ეს რთული ყოფა მისთვის პირად, მის ჯარის ნაშთისათვისაც, რომელი შეჯგუფებულიყო მის დროშის ქვეშ, რომელს სასოება დაემყარებინა მის სიმხნეზედ, გამჭრიახობაზედ. შესაძლო იყო მთელი მისი საბრძანებელი დაღუპულიყო ამ მის მდგომარეობის გამო. გამოცდილი ბარძიმი გონების თვალით ეძებდა ეხლა ამ საგანს, მალე მიაგნო. თითონ აშოტის ნათქვამმა მისცა მას ეს საგანი. და სცადა აღმზრდელმა გაეღვიძებინა ვაჟკაცში მისუსტებული მხნეობა მისი, ის განთქმული უნარი, რომელსაც ბევრჯერ საესავოდ დაეგვირგვინებინა ძნელი საქმე სახელმწიფო და დიდების შარავანდედით შეემოსა აშოტის მაღალი შუბლი. - განგიზრახავს, მეფევ, მხოლოდ შენი დიდებული ცოლ-შვილის გადარჩენა, უზრუნველყოფა, მაგრამ თუ იავარ-იქმნება, მტრისაგან მათი საუნჯე ყოველი, ხოლო სამკვიდრებელი დატყვევებულ, მწარე შეიქმნება სიცოცხლე მათი, არყოფის სადარი. - იმდენი კიდევ დარჩენიათ, საცხოვრებლად ეყოთ: გამოქცეულნი ვართ, მაგრამ საუკეთესო ზინეთი მაინც არ ჩავუგდეთ მტერს ხელში, თან წამოვიღეთ. გადავალ ბიზანტიას, უშიშრად დავაბინავებ იქ ყველას, მეც იქ დავრჩები: ჩემი სამსახური და ღვაწლი ახსოვს იმპერატორ მიხეილს. - არ შეჰშვენის აშოტ გმირს უსასოდქმნაი! მაინც თვით ეგ უმცირესი შენი სურვილიც შეუძლებელი შეიქმნება ასრულდეს, თუ მწრაფლ არ დასტოვებ მაგ უფერ განზრახვას. ვხედავ მე ამას! - როგორ? უფრო მეტ სიავესა ჰგრძნობ, მოელი?! - არც წინადგრძნობაა ეს ბუნდი, არც მოლოდინი ამაო. გამოცდილება მიკარნახებს ამას და გარემოებათა მიმდინარეობა ცხადად მიჩვენებს. ხმებმაც მოაღწია, გადმოხვეწილთა სიტყვამ. ჩემი მოვალეობაა, მოგახსენო. გთხოვ დაჟინებით, მიაბყარ ჩემ სიტყვას ყური! - მოახსენა ბარძიმმა. და თვალი თვალში გაუყარა ბატონს. მოხუცის თქმამ და თვალთა ძალამ შეაღეს კარი აშოტის ყურადღებისა, მძლავრად შეარხიეს მეფის ფიქრები, აუმოძრავეს ნებისყოფა მიდუნებული; განახლებული გრძნობები აშალეს მის გულში, თუმცა არა ვაჟკაცურ-რაინდული, მაინც ახალი სახის მექონნი, მსწრაფლ მოქმედების გამომწვევნი: შეაშფთოა ნათქვამმა აშოტი, შეაშინა. როგორც კერძო კაცი, ოჯახის მამა მოჭირნახულე. - იცი რამ - არ კი მეტყვი; ხიფათსა ჰხედავ მოწევნილს - არ კი მიზიარებ. - ამაოდ მაყვედრი! თქმა - ჩემი მოვალეობაა, ვერც ვუღალატებ ჩემს მოწოდებას; არც დავარღვევდი შენს მარტოობას, თუ თქმა არ მინდოდეს ვხედავთ, როგორ გვერიდები მეც, ყველასაც. ჰგონებ, თანამოაზრე და მეშველი ჭირში ნაკლებ არის საჭირო, სინამ ლხინში, და სდუმხარ. - ჩემს აზრს არ გაიზიარებთ არც შენ, არც სხვანი; ამაოდ გეტყვით. მეფე მხოლოდ ხალხის კუთვნილება გგონიათ, თითქო მას უფლება არა აქვს იზრუნოს თვის მყუდრო ცხოვრებაზედ. თქვი სათქმელი! - იმისთვის გვგონია, რომ მეფის ოჯახი მთელი ერი არის: იგი მოწოდებულია ღვთისაგან მამად ხალხისა. ესე აკურთხა შენი წინაპარიც განგებამ, როცა უხორცოთა ხელით ზეცით მოართვა მას გვირგვინი დიდებისა... მისმინე, მეფევ! - ვიძლიენით, რადგან ტფილისთან ძლიერ ახლო შევებით მტერს. ის ეყრდნობოდა მახლობელ ციხეებს, იქაურ მეციხოვნეებითა ძლიერებდა მებრძოლ ძალებს და აახლოებდა; ჩვენ კი ზურგთ უკან არა გვყვანდა ჯარი მარქაფა, არც ბურჯი გვქონდა იქვე ახლო რამ საიმედო. - ეგ არაფერი! ქსანზედაც სწორედ ეგრე შევებრძოლეთ კახეთის მფლობელ გრიგოლს: იმისი ლაშქარიც უფრო მეტი იყო ჩვენსაზედ, მთიელთაგან შევსებულ-გამტკიცებული, ოსთა და ხაზართაგან განმრავლებული, გარნა მოგვანიჭა ღმერთმა გამარჯვება საარაკო. ჩვენს საბრძანებელს შემოუერთდა მთელი ქართლი ქსნის ნაპირამდინ, - სთქვა აშოტმა. და თვალები გაუბრწყინდა; გონებამ ცხადად დაუხატა იმ დიდებულ გამარჯვების ლამაზი სურათები და ისიც, რა ახლო იყო იგი მაშინ თავის დაუვიწყარ მიზანთან: შეეერთებინა მთელი საქართველო ნაკურთხ სკიპტრის ქვეშ ბაგრატონთა. ბარძიმმა - შენიშნა სიცოცხლე აშოტის თვალებში, ულვაშზედ ჩამოისვა ხელი იმედიანად და სიტყვა ჩამოართვა. - ერთი სახით გაგვასწრო მაშინ დავითმა. რამდენი დავლა დაგვრჩა და იარაღი!.. ეხლა დავმარცხდით: ვერ მოვიფიქრეთ, რომ აგარიანთა დიდი ძალები იყო სამშვილდეში დაბანაკებული. თუ იმ ლაშქარს არ მოესწრო შენივთებულ ბრძოლის დროს, ტფილისი ჩვენი იქმნებოდა. რა უშავს! დღეგრძელი ბრძანდებოდე, მეფეო. და ხან მოვიგებთ, ხან წავაგებთ; მაინც ვიბრძოლებთ, ვერ ვათრგუნინებთ წმიდას მას ჯვარსა, საყვარელს მამულს უწმიდურთ ტომებს; გამარჯვება საბოლოვოდ ჩვენია. დავანებოთ წარსულს თავი, აწინდელი გვაქვს დიდად საფიქრი. მაგრამ... - სთქვი, ბარძიმ! - ეხლა ვიძლიენით და ძალიანაც, მაგრამ მტერმა ვერ შესძლო ესარგებლნა ძლევის ნაყოფით: არწივი გამოუფრინდათ მათ, თავისუფალია იგი. იციან იმათ: სანამ აშოტი ფრთასხნილია და დანავარდობს, მათი გამარჯვება უჟამოა, სათუო არის. არც დავლა დარჩათ თვალსაჩინო: მთელი სახელმწიფო ხაზინა თანა გვაქვს. ესეც იციან იმათ. ეხლა ძალიან ეცდებიან, ცდილობენ კიდეც ყველაფერი ეს ხელთ იგდონ და დაასკვნან აუცილებლად თავის გამარჯვება მთლად, საბოლოვოდ. მდევარი მოგვდევს ფეხდაფეხ; ლტოლვილნი ადასტურებენ ამას. ჩვენ კი უზრუნველად ვდგევართ, თითქო სამშვიდობოს გასულნი. მეშინიან, არ დაიღუპოს ყოველივე: შენც, შენი ოჯახიც, ჩვენც, ეს ამოდენა ხალხიც, რომლის მამა და მფარველი შენვე ხარ და, მემძიმება თქმა, მთელი ჩვენი სახელმწიფოც, შენი საბრძანებელი. 4 - გგონია, მტერი დაგვედევნა? იცი, რომ ფეხდაფეხ მოგვდევს? - თუ იცის რამე მტერმა სამხედრო მოქმედებისა, სწორედ ესე უნდა მოიქცეს: მანამ ომის მოთავე თავისუფალია, ბრძოლა არ არის გათავებული. თუ მაშინ ქსანზედ გრიგოლ ქორიკოზი დაგვეტყვევებინა, დღეს კახელნი ესე ძლიერად ვეღარ დაეხმარებოდნენ ემირს. ვერ გაუმაგრებდნენ ზურგს ჩვენს წინააღმდეგ. - გაგვასწრო მაშინ გრიგოლმა! არაგვს გახდა; მთებში მისი დევნა არ ეგებოდა: ვიწროები შეკრა; შემდეგში ისევ მოახერხა თავის გარშემო ძალთა შეკრება. - გაჭირვებაში გამოცდილობითა ჰხამს სარგებლობა. ჩვენ ეხლა გრიგოლის მდგომარეობაში ვართ. ისეთივე სარისტა უნდა დავიჭიროთ წინწამოწვდილ მტრის შესაგუბებლად. ამას ელის შენგან ყველა შენი ქვეშევრდომი, ამის იმედი აქვს შენს ოჯახს, შენს კვალზედ წამოსულ მთელ შენ ხალხს, აწ აქ თავმოყრილს. დახე, რამოდენა ხალხს მოუბყრია შენკენ თვალი და როგორ იმედიანად, უზრუნველად! თითქო დღეობაში არიანო წამოსულნი. შენ რომ თვის შორის გხედავენ, მარადჟამს მათ მედგრად დამცველს და კეთილად მბყრობელს, იმისათვის არიან ესე იმედიანად და არხეინად. გადაჰხედე, მეფევ, შენს ერს საბრალოს! აშოტმა თვალი მოავლო ტბის პირას თუ ველ-ბორცვებზედ გაფანტულ ხალხს. ზოგს ბადე გაეშალნა და თევზაობდა, სხვას საკლავი დაეკლა და აფეშხოვებდა, სწვავდა, ჰხარშავდა. მახლობელ ბორცვებიდან ჯაგი მოეჭრათ ცეცხლისათვის, ჭანჭრობებში ლერწამსა სხეპდნენ შესაკეთებლად; იქით ჭიდაობა გაემართათ ბიჭებს; სხვაგნით სიმღერის ხმა მოისმოდა, ფანდურის ჟღერა; შიგადაშიგ წაყრილიყვნენ ურმებ ქვეშ, ეძინათ, ისვენებდნენ. მთელი ბანაკი უწესოდ იყო გაფანტული, დანდობილად მიმოიძროდა. არაფერი ზომა მომავალ უბედურების წინააღმდეგ, არავითარი წინდახედვა მოწევნილ საფრთხის ასაცილებლად. აშოტი ერთს ხანს დაკვირვებით ათვალიერებდა ხალხს, თითქო ეხლაღა შენიშნაო თავის ერი ლტოლვილი. გაიღიმა მწარედ. - საბრალონი! რა არ წამოუღიათ, რით არ დატვირთულან...ყველაფრიდან სჩანს აჩქარება... მართლა და, რა არ ედვა ურმებზედ! სავსე ტომრები, ჯარა, საფენი, კიდობანი, რაღაც ფიცრები თუ ლასტები. სკივრები თუ ყუთები, გალია ქათმებით, გატენილი გუდები და პირგადაკრული ქილები, თულუხი, თუნგი და ყველაფერი, რაც როგორმე დაედებოდა ურემზედ, გამოებმებოდა ურმის ჭალს თუ ბოლოს, აქა-იქ შეკრული ტვირთები ეყარა ცხენზედ, სახედარზედ, აზავერზედ საკიდი თუ ადამიანის საზიდი. გამოქცეულებს ყველაფერი წამოეღოთ, რისთვისაც კი ხელი ეტაცნათ, თვალი მოეკრათ. ოჯახის თავს თუ დიასახლისს ყველაფერი დაჰნანებოდა მტრისათვის, თუნდაც უბრალო რამ, ყოველივე მზრუნველი ხელით შეძენილი, თავის ადგილას გამოსადეგი. - ეხლა კი გულუბრყვილოდ დაჰვიწყებიათ საშინელი წამები; ორიოდე შეიარაღებული კაცი კმარა, ირმის ჯოგივით დააფრთხოს მთელი ხალხი და საგდებელით დაიჭიროს თვითეული მათგანი. ცეცხლიც ბევრგან აუნთიათ, თითქო განზრახ: მტრის თვალმა ადვილად შეგვნიშნოსო. რა იმედი უნდა გვქონდეს ამათი, რაში გამოვიყენებთ?! - ნუ იტყვი, მეფეო! ლომია თვითეული ამ ვაჟკაცთაგანი განსაცდელის ჟამს. გაჭირვებაში პირტიტველა ბიჭებიც მძვინვარე აფთრებად გარდაიქმნებიან. ყველა მათგანი მოისრეა, თვითეული დახელოვნებულია ფარ-ხმლის ხმარებაში, მაგრამ... - განაგრძე! - მაგრამ შენნი მოსავნი არიან ყველანი, შენზედ დანდობილნი, შენის ბრძანების აღმსრულებელნი. ჰგონიათ, ალბათ ესე უნდა ჩვენი ბანაკის მოწყობა, რახან აშოტი სხვა ბრძანებას არ გვაძლევს, არც სხვა საქმეს გვიხატავსო. - მართალს ამბობ, ჩემო ვეზირო! ამნაირ ბრბოში ვერც ცოლშვილს გადავარჩენთ, ვერც უხიფათოდ ვიმგზავრებთ. თუ მტერი მოგვწვდა, სულ მცირე გამჭრიახობა დასჭირდება, რომ მოგვსპოს ყველანი, ტყვედ გაგვირეკოს, - წარსთქვა აშოტმა. და ბრძანა რიხიანად: - ცხენები! როსტომ და აღსართან დაუყონებლივ მოვიდნენ ჩემთან! ბარძიმს თვალები გაუბრწყინდა ბრძანების მოსმენაზედ. ანიშნა იქით მდგომ მონას, გასცა განკარგულება. გაეშურა ბანაკისაკენ. ბარძიმი რომ გასცდა, ადარნასემ მიირბინა აშოტთან. - დიდძალი თევზი დავიჭირეთ, მამი! სულ სავსე-სავსე ბადე ამოდიოდა. კალმახი სცოდნია დიდ-დიდროვანი. მამამ სიყვარულით მოუსვა ბავშვს სახეზედ ხელი. - კარგი, შვილო. გაიქეც დედასთან. ეხლა იქ ყველაფერს ამზადებენ და აბარგებენ. პურს შესჭამთ და გზას გაუდგებით. - აკი ამბობდი, აქ დავიღამებთ, მყუდრო ადგილიაო? - აღარ.გაიქე! - შენ? - მე? ჯერ არა მცალიან. უნდა დავათვალიერო ყველაფერი. ბალღი ცნობისმოყვარეობით დააკვირდა მამას და, რა შეატყო ზრუნვა თუ ფიქრი, თითონაც ჩაფიქრდა. გაემართა კარავისაკენ. მოჰგვარეს აშოტს ცხენი. დაიარა მეფემ მთელი ბანაკი, თავის თვალით ინახულა ყველანი და ყოველივე. გასცა ბრძანებები. თანდათან შეუერთდნენ მას მხედართმთავარნი. განცალკევდნენ მეფე და მისნი თანამშრომელნი. იწყეს ბჭობა. - ექვსას-შვიდასამდინ კაცი შეგროვდება მებრძოლი. - მეტიც იქმნება: თანდათან ემატებიან სხვადასხვა ბილიკებით ლტოლვილნი. - მართალია! საღამომდინ ათასამდე მეტი მებრძოლი შეგროვდება. - უმეტესობა უიარაღოა; დაქანცულები. - ძალიან დიდია გამოხიზნულთა რიცხვი. რაკი გვნახეს ლტოლვილნი, მსწრაფლ დაიძრა ხალხი დედა-წულიანად, მთელი თვისი ქონებით. მხოლოდ მცირედნი შეეფარნენ სამალავ მღვიმეებს და ციხე კოშკებს. - დაუყოვნებლივ უნდა დავძრათ აქედან ეს ხალხი! თუ მტერი მოგვწვდა, ესენი უნებლიეთ გაგვიძნელებენ მოძრაობას. დიდ საცოდაობას ვიხილავთ: ყველას ამოგვიჟლეტენ. - მართალს ამბობ! შეიძლება, მტერი ფეხდაფეხ მოგვდევს, როგორც ამბობენ; სწორედ ესე უნდა იყოს. - ჭეშმარიტად! სჯობს გავაცალოთ ხიფათს ხალხიც, ქონებაც. - ესე: მსწრაფლ შეამზადეთ ხალხი ასაყრელად. საჯები დადგან, კეცები გაახურონ: ხმიადი აცხონ. ყველა მზად იყოს სამგზავროდ პირველსავე ბრძანებაზედ. ვისაც იარაღის ხმარება შეუძლიან, ცალკე გავიდნენ, შეეკაზმნენ; ისინი აქვე უნდა დარჩნენ! - დაასკვნა მეფემ. - გაუმარჯოს, ბატონ მეფეს! უკლებლივ ასრულდება ყოველივე - მიუგეს გამხნევებულებმა. და გატრიალდნენ. აშოტ სამიოდე ვაჟკაცის თანხლებით გაემართნენ კარავისაკენ. 5 - რად, აძახებენ ყვირო-სტვირს? რას აცხადებენ? - არ ვიცი! აბა გაიქე, ბიჭო, გაიგე, შეგვატყობინე. - აგერ ტკბისაკენაც დაუკრეს ბუკი. ალბად ამბავი რამ მოხდა ძნელი. წამოიშალა ხალხი. ჩოჩქოლი ჩავარდა. წაესწრაფნენ. შეგროვდნენ, შეჯგუფდნენ იმრგვლივ. შულტმა შეაჩერებინა საყვირი. ხმა აიმაღლა. - ხალხო და ჯამაათო! - სმენა იყოს, სმენა! - ხალხო და ჯამაათო! ესე ბრძანა მეფე აშოტმა, - ღმერთმა კვლავ ადიდოს სახელი მისი, - ეხლავ შეკარით თქვენი ბარგი, მოემზადენით მსწრაფლ წასასვლელად. დედოფალიც, ბატონიშვილებიც თქვენთან წამოვლენ, გზის მაჩვენებლებს და მოწესეებს მოგიჩენენ. გამოაცხეთ! შენაყრდით! აღკაზმეთ, შეაბით! ვისაც იარაღის ხმარება შეუძლიან, აქვე უნდა დარჩეს, ალაგობრივ. დაძრულ ხალხს ცალკე რაზმს მიუჩენს ბატონი მცველად. დაიშალენით! მიაშურეთ ბინებს! - ალბათ ახლოა მტერი, რომ ესეთი მკაცრი ბრძანება გამოსცა მეფემ. აბა მარდად! ყველაფერი ჩააბარგეთ! მე ხარებს მოვლალავ. - ცოტა აცადე: მოძოვონ, გაძღნენ. -კარგი! მაინც კი არა უშავს-რა: თივა გვაქვს ურემზედ. დადგით საჯი, დააცხეთ ლავაშები! მოყვრებთან ერთად შეამზადეთ ყველაფერი: ერთად იმგზავრებთ. - არ დავეტევით ერთ ურემზედ. ორი ოჯახის ბარგი როგორ უნდა დავუდოთ? - გადაყარეთ, რაც მეტია! მაშ უვაჟკაცო ქალებს მარტოდმარტო ხომ არ გავუშვებთ გზაზედ? ფეხით აჰყვებით ურემს; რიგ-რიგად დაუჯდებით, ან შასხდებით იმათ ცხენზედ: ჩვენი ცხენი მე თითონ დამჭირდება აქ. - შენ აქა რჩები?! ჩვენ მარტონი უნდა წავიდეთ?! - მარტონი რად იქნებით, ამოდენა ხალხი მოდის თქვენთან. მე აქ უნდა დავრჩე: ომი მოგველის, - უთხრა გიორგიმ თავისიანებს. და გაემართა მეზობლად დაბინავებულ უვაჟკაცო ოჯახისაკენ, სადაც ჰყვანდა თავისი დანიშნული ხათუთა. ქალის დედა თვალცრემლიანი შეჰხვდა სასიძოს. - დავიღუპებით! როგორ უნდა ვიაროთ უვაჟკაცოდ, უურმოდ?! ნეტავი იქვე ჩავხოცილიყავით გზათა უკან წანწალს. დედა რომ შესჩიოდა ახალგაზრდას, ქალი ამოჰფარებოდა ბარგს და უსასო ქმნილი თვალები მიებყრო საქმროსათვის. საცოლოს ნახვამ გული გაუღო ჭაბუკს; მისმა უიმედო მზერამ ძალა უორკეცა. მხნედ მიმართა ქალებს: - ნუ გშურთ, ნუ გეფიქრებათ! ეხლა ჩვენები და თქვენ ერთად იმგზავრებთ. ურემი გვაქვს; თქვენი ცხენიც აადევნეთ ურემს და ღმერთი ახსენეთ. ბარგი ერთად დააწყეთ. ერთმანეთს აღარ მოჰშორდეთ. აბა შეუდექით სამზადისს ჩვენებთან ერთად; იმათაც ნათქვამი აქვსთ ჩემგან. მეც გიშველით: ჩაგაბარებთ, გაგამგზავრებთ, - შენ თითონა?! - გაეხარდა ქალს. და სირცხვილის ალმა აჰკრა, რომ სიტყვა სთქვა დედის წინ, თავისი გრძნობა გამოამჟღავნა. - თქვენ გაგისტუმრებთ, მე კი აქ დავრჩები. ნუ გეფიქრებათ: აშოტი ისევ თავს დაგვტრიალებს და ხომ იცით, როგორი გამჭრიახია და სვესვიანი. დაგვიხსნის განსაცდელისაგან, შეანანებს მტერს თავხედობას. უნდოდა კიდევ სანუგეშო რამ ეთქვა ან სასიამო, მაგრამ ვერ გაბედა: წესი არ იყო დანიშნულთან მეტი ეთქა ან მიახლოვებოდა მას ალერსით, თუნდაც იმისთანა გაჭირვების დროს. მთელს ბანაკში შეიქმნა ღელვა, მოძრაობა. ერთს ხანს აირია ხალხი. მიდი-მოდიოდნენ, ჩქარობდნენ, გაისმოდა ყაყანი, ბაასი, ყვირილი გაძახილი; ჯავრობდნენ, ისმოდა ლანძღვა თუ წყევა. მალე დალაგდა ყველაფერი. არ გაუვლია ბევრს ჟამს, რომ ხალხი დაადგა ბარალეთისაკენ გადასავალ გზას. ბანაკი დასტოვა მოხუცმა თუ ავადმყოფმა, ქალმა თუ ბალღმა. რიგზედ მიემგზავრებოდნენ და წესიერად. თითონ აშოტი ხელმძღვანელობდა წასვლის წესს: ცხენდაცხენ დადიოდა ერთი ჯგუფიდან მეორეში, ბრძანებას აძლევდა, მოთავეებს უწესებდა, დამხმარე რაზმს აშველებდა. როცა მეფე ესე მხნედ ნახეს, მისმა თანამშრომლებმაც ერთი-ორად გააძლიერეს მუშაობა; ხელი აღუპყრეს ყველას, ურჩიეს, უჩვენეს, დაჰპირდნენ, აიმედეს. მეფის სახლობა თან მისდევდა მიმავალთ. მათი ეტლები და ბარგის მზიდავი ჰუნენი შუაში იყო ჩაყენებული. ეს უფრო იმედს აძლევდა ლტოლვილებს: იმისი თავდები იყო ეს, რომ მეფე და მისი ჯარი მთელ ღონისძიებას იხმარებდნენ მათ გადასარჩენად. უმწეოდ უწესოდ არ გაისტუმრეს ხალხი: ურმები ჯგუფებად დაჰყვეს და თითო აღალს მცირე რაზმი მიუჩინეს შეიარაღებული მეწესედ თუ მეშველად. ჩაბარგება-გამზადებას მაინც კარგი ხანი მოუნდნენ; მზე გადიხარა... მიდიოდა ხალხი. აეფინა შეღმართს. აშოტი იდგა უძრავად, გულხელდაკრეფილი. თვალს ვერ აშორებდა თავის ერს განწირულს. ის ხომ ოცნებობდა, მთლად უზრუნველ ეყო ქვეშევრდომნი მტერთაგან, რომ თვითეულ მათგანს ეცხოვრნა მშვიდად და ბედნიერად თავის კერაზედ, თავის ეზოში, თავის ხეხილთ ჩრდილოში. გაუცრუვდა ჭრელი ოცნებები, შუქური იმედები, მისი ერი აწ სცილდებოდა სამშობლო მხარეს, წინაპართ სისხლით შეღებილს, პოხილს. გზად მიდის იგი მისი ერი, ვით ისრაილი მძლავრად დევნილი. მოაგონდა თქმა: ”და განგაგდო შენ მშობელი შენი ქვეყნიდან სხვად ქვეყანადმი, რომელსა არა იშვენით!” დაჩრდილა მძიმე სანახაობამ გული მეფისა; მოლბა იგი ხალხის სიბრალულით, ვითა რამ ცვილი ცეცხლის წინაშე; გრძნობათა სილბო ცხელ ცრემლებად გადმოდუღდა გმირის თვალთაგან, ვით ტყვია მდნარი. და არა სცხვენოდა ბუმბერაზ ვაჟკაცს ამ ცრემლებისა, არა ჰმალავდა თვის თვალთა ცვარებს. - ცრემლი მეფისა მსხვერპლია ყოვლად ძლიერის წინაშე! - მწუხრსა განისვენოს ტირილმა და ცისკარსა სიხარულმან! - იყავნ! იყავნ! მძლავრად შეინძრა გმირი აშოტი. მის თვალთაგან ნაკვესმა ცეცხლმა მყის ამოაშრო კვალიც ცრემლისა... დამაშვრალიყვნენ მოქმედნი, მაგრამ ეს დაქანცვა მხოლოდ სხეულის მოღლილობა იყო, სული კი უფრო შემმართებელი შეჰქმნოდათ, გული იმედიანი. რახან აშოტმა უკუაგდო მარცხისაგან გამოწვეული უიმედობა და ისევ ჰპოვა ჩვეულებრივი თვისი მხნეობა, მისი თანამშრომლების სულიც გამოიცვალა: დააჩნდათ მათ მძლავრი სურვილი შემართებისა, ფრთიანი უნარი მოქმედებისა; განფანტა სასიკეთო ცვლილებამ ბუნდი გრძნობები ბნელის მზიდავნი. - ეხლა სულ სხვა არას! მტერი თუნდ მოგვწვდეს, ვერას დაგვაკლებს! - მეც გული გულის ალაგასა მაქვს ეხლა: უმწეო დედა-წული თუ მოხუც-ავადმყოფი სამშვიდობოს გადასვლას მოასწრობს; ბრძოლის დროსაც უაზრო შიშს თუ აღრევას არავინ შემოიტანს და ადვილად განვავითარებთ მსწრაფლ და მარჯვე მოქმედების უნარს. მედგარ საქმიანობას. - დავწყნარდი მეცა! მთელი ჩემი სასოება აწ აშოტზედ დავამყარე. რახან იგი გამოერკვა თავს და პირი ხალხისაკენა ქმნა, ღმერთიც ჩვენკენ იზამს თავის პირს ბრწყინვალეს. გატყდა ღამე. ბატონ აშოტს დაღლილობა დაეტყო; მისი უღლელი ჯანიც დასვენებას ითხოვდა თუნდ წამიერად. რამდენი დღე იყო, იმის თვალს წყნარი ძილი არ მიჰკარებოდა! თუ წასთვლემდა, მაინც შფოთავდა: მოსვენებას არ აძლევდა ზმანება შავფრთიანი; სინამდვილის ბნელ სურათებს ამრავლებდა, აძლიერებდა. საკვირველად მოშვებულიყო მის ნებისყოფა უტეხი; გონების თვალი, ცხადლივ თუ სიზმრად, ბოროტ სურათებს აწვდიდა საბედისწეროს; მის ფოლად გულში ჩაბნეულიყო კრთომის რამ თესლი. ბნელს შეემღვრია ნათელი ჰაზრი სიცოცხლისა, ვადაში გადატეხილიყო მისი უშრეტი უნარი შემოქმედებისა. ეს აქამომდე. ახლა სხვა იყო: გაემტკიცებინა მეფეს ძალა შემოქმედებისა. განემახვა იგი ფოლადი; ამოეფხვრა გრძნობის არედან ღვარძლი კრთომისა; დასწყნარებოდა ფიქრთა სამფლობელო, გარდაჰშლოდა მუნ იმედის ვარდი მღიმარე. - ვჭამოთ მცირედი! თვალს მოვატყუებ: დაღლილადა ვგრძნობ თავს. გაშალეს. შენაყრდნენ. დალიეს. ბატონი შებრძანდა მოსასვენებლად. ბარძიმი წამს შეყოყმანდა: ჰსურდა რამე მოეხსენებინა გადიფიქრა. გამოტრიალდა ფეხაკრებით. 6 არც ბარძიმს, არც სხვა თანამშრომლებს მეფისა გული არ უსვენებდათ, მსწრაფლ სამოქმედოდ იწვევდა გრძნობა. გადახალისდნენ, რაკი ნახეს, აშოტი მედგრად დაადგა სამოქმედო გზას, საბრძოლველ სავალს. გაამრავალკეცეს თავისი უნარი, ბარძიმი მსწრაფლ გარდიქმნა მბრძანებელ სარდლად. ეხლა მას ენანებოდა თუნდ ერთი წუთი დაეკარგნა და საჭირო მოქმედებისათვის არ შეელივნა მთელი თვისი დრო. შესხდნენ. დაუარეს ბანაკში დარჩენილ ხალხს. გასცემდა ბარძიმი განკარგულებას, აფრთხილებდა ვაჟკაცთ, იმედს უნერგავდა უსასოქმნილთა; ბრძოლის ეშხზედ მოჰყვანდა ყველა მოხუცს გაუტეხელს. მისი განკარგულება: გადაირჩნენ იარაღის მექონნი და უიარაღონი. განცალკევდნენ სრული საჭურველის მქონნი და მსუბუქად შეიარაღებულნი. წინამძღვართა სიტყვამ თუ ქცევამ ისეთ გუნებაზედ დააყენა ხალხი, თითქო აგერ მტერს თავს უნდა დაატყდეს მათი რისხვა და შეანანოს უგვანი კადნიერება, ქვითინად გარდაუქციოს ხარხარი გამარჯვებისა; სავსე საწყაულით მიუწყას მას იმ უდიერობისათვის რომელიც მიაყენა მან ქართველებს, იმ დაკნინებისათვის, რომლის მოგონება აწითლებდა აწ თვითეულს მათგანს, დიდად დარცხვენილს. - ბრძოლა, ბრძოლა მედგარი! სისხლის რუები ხმალთა ღარებზედ! დაწყნარდა ბარძიმი. იმედით უწყო მზერა-მომავალ წუთებს. საბედისწეროს. - იქნება, ღმერთმა ქმნას და აღარა დაგვჭირდეს საბერძნეთში გასვლა ეულად, ვით ბრბოს ბინადაკარგულს, რომელს ლაჩრად დაუტოვებია სამკვიდრო მამა-პაპათა და მათხოვრად მისულა სხვასთან საწყალობელი. - მიკვირს, ბარძიმ, როგორ მოუვიდა დიდ აშოტს, თუნდაც დაძლეულს, ფიქრი მამდაბლებელი, როგორ?! სამუდამოდ აყრას და სხვათა მამულში გადასვლას არა სჯობია სიკვდილი თვისსავე სამკვიდრებელში? სად მივდივართ, რომ მივდივართ? სად შევაფაროთ თავი საწყალი? ვის შევავედროთ ჩვენი ცოლ-შვილი? არა, არ ეგების! საკვირველ იყო მეფის განზრახვა. - მოულოდნელად დავმარცხდით, სასტიკად ვიძლიენით და გული გაუტყდა გმირულად მებრძოლს. დაკარგა ძალა შემმართებელი თვის ხმალზედვე დაეგებოდა, თუ შერჩენოდა ნასახი ნებისყოფისა. ეგეთია იმ თავითვე დიდი გონებისა იყო ყოველთვის, მძლავრად მოქმედი. მაგრამ ჟამითიჟამად მოეშვებოდა, მოფონდებოდა საოცრად, დაჰკარგავდა თვალთა იერსა, მხოლოდ მე ვიცოდი, რომ ამ ყოფას მოდუნებულს დაენაცვლებოდა ჟამთა დენა სიცოცხლით სავსე, ძალთა მჩქეფელი, უღალ საქმეთა წამმართავ-მანვითარებელი. - საკვირველია! მე კი მთლად დამაღონა მაგისმა მზერამ. მეგონა ჯავრიო, სიმწარით გონება აჰხდა, მთლად დაჰკარგა ძალა გმირული, მეფური თავმოყვარეობა დიდებული. შევკრთი, შევშინდი, თითქმის შევძრწუნდი. - მეც შევფიქრიანდი. მეტს დროს გასტანა ვაჟკაცის სასოწარკვეთილებამ, იმედი შემერყა: მეგონა, დროზე ვერ მოეგებოდა თავს. მით უფრო ვწუხდი, რომ ამდენი ხალხი მაგის კვალს შევსდგომოდით, მაგისაგანღა ველოდდით ხსნას უფსკრულს მიწევნილი. - აწ ღმერთი გფარავდეს! მან შთააგონოს ცხებულსა თვისსა, ვით იხსნას უსჯულოთაგან საქრისტიანო. - ისმინოს მაღალმა ვედრება შენი, მაკურთხებელო! ესე მსჯელობდნენ იმედაღძრული მოჭირნახულენი ხალხისა. განსაცდელში მყოფ ერს სასოებას უღვიძებდნენ გულში, რომ მის ალს ძლევამოსილად აეტრიალებინა მებრძოლთა ნებისყოფა ვაჟკაცური. დროც უკვე დამდგარიყო განწირული ბრძოლისა, დაერეკნა ჟამს საბედისწეროს. აიწია აისმა. ფეხზედ დახვდნენ სარდალნი რიჟრაჟს. შენიშნეს მათკენ მიმავალი მხედარი. ისწრაფიდა საშინლად. მიჰმართა მომავალმა მეფის კარავს. გადაუდგა ბარძიმი გზაზედ, შეაყენა. - რა ამბავია ეგრე სასწრაფო? - უბედურობა! ლაშქარი მტრისა უთვალავი გადმოეფინა გორაკებს. გელაზის ციხესთან გადმოჩდნენ, შაორისაკენ მოიგრაგნებიან. იწვის არე-მარე. ცასა სწვდება ხალხის ვაება. მოისმინა ბარძიმმა სამწუხარო ამბავი და მაშინვე მოახდინა განკარგულება, საომრად აღკაზმულიყო ყველა. წაესწრაფა მეფის კარვისაკენ. - ადრე მოგვწვდნენ. ვიცოდი, ფეხდაფეხ აგვედევნებოდნენ, მაგრამ მეგონა ერთი დღის სავალზედ მაინც იქნებოდნენ ჩვენგან და მოვასწრობდით შესაფერად დარაზმვას, თავდაცვის მოწყობას... ღმერთო, გვიშველე! ნუთუ მთლად განვიწირენით ბედისგან?! - ღონობდა ბარძიმი. მაინც ენანებოდა გაეღვიძებინა მაშვრალი მეფე, რომელს მრავალი ტანჯვა განეცადა უღონო ღელვისაგან, ხოლო აწ სამოქმედოდ მოქცეული მცირედს ჟამს ხორცთა განსვენებას მისცემოდა, რომ ჯანღონე განახლებული დაკვართულიყო ტახტისა და ერის სვე-ბედის წასამართავად. უნდოდა აეწია ბარძიმს კარვის კალთა, როცა თვით აშოტმა ახადა კარი, გამოვიდა მოღიმარე სახით. 7 - ბატონ მეფეს გაუმარჯოს! უნდა გამეღვიძებინე და ვყოყმობდი, მეძნელებოდა, ძილი შემეკრთო შენთვის.

- დამძინებოდა. თქვენკენ მოვისწრაფვიდი ეხლა. საკვირველი სიზმარი ვნახე წინასწარ მთქმელი. მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა. - რა იხილე სასიკეთო, რჩეულო ღვთისავ? - გველი მოდიოდა ჩვენზედ, ფრაასხმული. სიმრავლე გველისა, ჰაერს მოაბნელებდა. შიშის ზარი დაეცა სულდგმულს. რომ მოვიდა და მოგვატანა, უზრო ისართა სიმრავლედ იქცა, ბავშვთა სამღერ ბოძალთა გროვად, რომელი სხლტებოდა ჯავშანზედ, ხტებოდა ფარზედ მთლად უვნებლად, ცვიოდა უღონოდ, იფინებოდა. - კეთილის მომასწავებელი ზმანება მოგჩვენებია. კარგად აგიხდენს ღმერთი-უფალი, მსწრაფლ აგიცხადებს... იმისთვის მინდოდა შემომებედნა გაღვიძება, რომ მტერი ახლოა ჩვენზედ. ძალიან ახლო: ზედ მოგვფენია მდევარი კადნიერი. გელაზის საყდარს გამოსცილდნენო, თავკვეთილს გადმოეფინნენო, ეს არის, მოიტანეს ამბავი. ალბად უკვე ჩამოესია სოფლებს ბარძიმს, ფარავანს. აშოტი მცირედ ჩაფიქრდა. გადიწერა პირჯვარი. ბრძანა: - დააძახეთ ყვირო-სტვირი! ჰკარით დაბდაბს! შეამზადეთ ხალხი! შეეკაზმენით! ამ წამს თქვენთანა ვარ. ცხენი! არ გაუვლია საათს, რომ მთელი მებრძოლი ხალხი აშოტის წინ იყო შეყრილი. დარაზმეს ცხენოსანი ცალკე, ქვეითი ცალკე; შეიარაღებული ერთად, უიარაღო იქით. აშოტმა აათვალიერ-ჩაათვალიერა ყველანი და მიჰმართა: - დახე, ძმანო, ჩვენს დამცირებას: გალაღებული მტერი გვდევს კვალდაკვალ. ერთის დაკვრითა ჰსურს მოგვსპოს შიგ შუაგულ სამშობლოში. რახან მთავარი ბრძოლა წავაგეთ, ჰგონია სიმამაცე მთლად დაგვეკარგა და შესაძლოა ჩვენზედ ნადირობა, ვით ქურციკთ არვეზედ. დავლად მიელის ჩვენს თავს, ჩვენს ცოლ-შვილს, მთლად ჩვენ სამშობლოს. ვნახოთ! მწამს, შევანანო კადნიერება. მთლად არ გასწირავს თავის ერს ღმერთი. და თუ არა, დავიხოცნეთ იარაღით ხელში, როგორც შეჰშვენისთ ვაჟკაცთ გულოვანთ! მონობას ვერ ავიტანთ ქართველნი: ან სიკვდილი, ან გამარჯვება! - გამარჯვება! - გამარჯვება! - სიკვდილი მტერსა! შესძახა ხალხმა. გასცა აშოტმა ბრძანება, მოახდინა განკარგულობა. სულ ცოტა ხანში გაუდგნენ გზას დარაზმულები, იმავე შარას, რომლითაც გუშინ გაისტუმრეს ლტოლვილი ჯალაბობა. თითონ აშოტი უკან მოექცა თავის პატარა ჯარს. საომრად იყვნენ შეიარაღებულნი მეფეც, მისი თანაბრძოლნიც. აშოტი ყორნისფერ სამანდზედ იჯდა, ჯაჭვ-ჯავშნით დაფარულზედ. ჰშვენოდა ბრგე ვაჟკაცს ბეგთარ-მუზარადი. წინ, მის მახლობლად მიდიოდა ცხენოსანი რაზმი. მათ წინ, შორიახლო, ქვეითნი შეიარაღებულნი. სულ წინ უიარაღონი. შეუდგნენ მთას სანსრებსა და ფარავან შუა, საიდან სდის ბარალეთის მდინარე. გზა ხევს რასმე ასდევდა. ამ ხევს და ბარალეთის წყლის სათავეს თავი გადაედოთ მთის თხემზედ ჩაედაბლებინათ იგი, ჩაეტეხნათ. გზა ამ უღელტეხილზედ გადადიოდა. მეფის ბრძანება იყო: უიარაღო მოწინავენი ასულიყვნენ მთის წვერზედ, იქ შემდგარიყვნენ,გადასავალზედ არ დაეთავქვებინათ. მთა უტყევო იყო, ბალახიანი; შიგადაშიგ ჯაგნარიც იზრდებოდა ხევ-ხუვში, მთის თხემზედ თივისა თუ ჯაგნარის ცეცხლი უნდა დაენთოთ მრავლად, რომ მტერს შეენიშნა შორიდან მათი ბანაკი, ლტოლვილ ჯალაბთა ბანაკად მოსჩვენებოდა. ქვეითები ორ რაზმად გაჰყო და გზის აქეთ-იქით ჩაასაფრა ფერდობზედ. თითონ თავისი ცხენოსნებით საჩენ ადგილას დაიბანაკა, სწორედ იმ, სადაც ხევი ღრმავდებოდა. გამოცდილმა სარდლებმა მაშინვე შენიშნეს, რომ აშოტს განეზრახა მტრის შეტყუება ვიწროებში. ჯერ არც კი იყო აშოტის ბრძანება სწორედ ასრულებული, რომ გადმოჩნდა გუნდ-გუნდად მტერი. სწრაფად მოიწევდნენ. მტრის ლაშქარმა გადმოიარა ის ადგილი, სადაც წინა დღეს დაბანაკებული იყვნენ ქართველნი და, რა ვეღარ მოასწრო მათ, დევნა უყო ფიცხელი. მოსწვდნენ მოწინავენი აშოტს. შეიქმნა ბრძოლა ისრით, განმახვილი ჯირითებით. დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ხელჰყვეს ჰოროლს თუ კინენს. მიდგა ჯერი გურზზედ თუ ლახტზედ. იშიშვლეს ხმლები. შეატბორეს ქართველებმა მტერი. იწყეს, აშოტის ბრძანებით, თანდათან უკან დაწევა. შევიდნენ ხევში. მტერს თავიდანვე ემცრო აშოტის რაზმი. სუსტი ეჩვენა და, რა ნახა მისი უკუქცევა, მთელი ძალით დააწყდა ზედ, რომ ერთის დაკვრით მოესპო მებრძოლნი და მსწრაფლ მისწდომოდა იმ ადგილას, სადაც, მისი ჰაზრით, დაბანაკებულნი იყვნენ ლტოლვილი დედა-წულნი. მტრის ლაშქარი შეჯგუფული შევიდა ვიწროებში. ამ წუთს ელოდა მეფე-სარდალი. შეაყენა თვისი ჯარი, შემოუტია. მტერს არა ჰქონდა ფართედ გასაშლელი ადგილი, მხოლოდ მოწინავენი ებრძოდნენ აშოტისებს. საძრაობა ვერ უყვეს კარგად შეიარაღებულ ვაჟკაცებს. სხვანი მტერთაგანნი სულ წინ იწევდნენ, მჭიდროდ იკრიბებოდნენ თავიანთ მებრძოლთ ზურგით კერძოთ, აწვებოდნენ წინა მწკრივებს. გასცა აშოტმა ბრძანება, ჩასაფრებულნი გადმოსდგომოდნენ ხევს. მოისმა გზის აქეთ-იქით აზეულ კალთებიდან ყიჟინა. სეტყვასავით წამოვიდა შურდულის ქვა. მზე დააბნელა ფრინავმა ისარმა. შემოიჭრა აშოტიც მოწინავე რაზმში, დაშალა მისი წყობილება. ტოტით თუ კბილით სპობდა წინააღმდეგთ რაში გაწრთვნილი. საითაც დაიქნევდა ხმალს ბუმბერაზი, კვალი ჩნდებოდა იქ ცალიერი მებრძოლთ სიმრავლეში. როსტომისებრი მისი ძახილი მტერზედ მოწევნილ მეხისტეხად უჩნდათ ქართველებს. შეკრთნენ სარკინოზნი, შეირყნენ წინამბრძოლნი. პირი იბრუნეს შეძრწუნებულთ. არიეს სხვანიც მებრძოლნი. შიშის ზარმა აიტანა ხალხი. ყველა ისწრაფოდა გასცლოდა ამ ჯოჯოხეთს. აღარ დასცალდათ: სამი მხრით შემოერტყნენ ქართველები, ჟლეტდნენ გონებაახდილ მტერს. მოესწრნენ ისინიც, ვინც მთის გადასავალში იყვნენ შემდგარნი. დაიძრა სულ უკან მდგომი მტერიც მებარგულე, რომელიც ნატაცებ საქონელს თუ ტყვეს მოერეკებოდა: რაკი ნახეს თვისნი ძლეულნი, ანებეს ყველაფერს თავი და ივლტოდნენ. ძნელიღა იყო განეროდნენ მძლეველთ. შეისხეს უიარაღოებმა ძლეულთ აბჯარი. ასხდნენ მათ ცხენებზედ, დაედევნენ. დიდი გამარჯვება მიანიჭა ღმერთმა აშოტს. გადარჩა მტერთაგანი მხოლოდ ის, ვინც ჩაიმალა ხევ-ღრანტეებში. ვერც ისინი გადარჩებოდნენ, თუ არ დაღამებულიყო, წყვდიადს არ ესწრო. აშოტმა მახარობელი აფრინა წინ გაგზავნილ ჯალაბობისკენ. შეუთვალა: - შესდექით სანსრებში, დაბანაკდით და დამიცადეთ, მანამ მოვაწყობ ყველაფერს, რომ სავსებით ვისარგებლო მტრის დამარცხებით, მონიჭებულ დიდ გამარჯვებით. 8 დიდი იყო ამ გამარჯვების შედეგი, აურიცხველი. ქართველებს დარჩათ ბევრად-ბევრი იარაღი გაჟლეტილის მტრისა თუ ტყვედ წამოყვანილი სიმრავლისა. სარდლებმა ომის ველზედვე ისარგებლეს ამით და შეჭურვეს უიარაღო მეომრები. დარჩათ დავლად მრავალი ცხენი საუკეთესო. ამით აშოტის რაზმს მოემატა მსწრაფლ-მოძრაობის უნარი. ყველა ამის გავლენამ მაშინვე იჩინა თავი: მარჯვედ მოეწყო მდევართა რაზმები და მალე მისწვდნენ გაქცეულებს, დრო არ მისცეს შეძრწუნებულ მტერს თავს მოჰგებოდა, კვლავ დარაზმულიყო, ან გადახვეწილიყო. ყოველ მხრივ დიდძალ ტყვეს მოერეკებოდნენ ქართველნი. ურდო სავსებით თუ დაძრულიყო მეფის სადევნად! მთელი ღამე არ დასცხრა გაბნეული მტრის ბყრობა. გათენებისას რომ დახედეს მიდამოს გაჰკვირდნენ. ეყარა დაჭრილ-დახოცილთა რიყე. დიდძალი ტყვე შეგროვილიყო, აუარებელი დავლა. - ერთს კაცზედ ათი ტყვე მოდის, დამონავებული ვაჟკაცი ფარადღა გადის; იყიდეთ, ვისაც გსურთ! - ვერცხლიც ხომ ბევრი ჰყრია ომის ველზედა. - დაილოცა აშოტის მარჯვენა! განა ჰხეჩავდა, სწორედ სთიბდა ხმლით. - იყარა ჯავრი, განბანა თვის ხმალი მტრის სისხლით. გაუზომელი იყო ზნეობრივი ზეგავლენაც, რომელიც მოიღო ქართველთა ჯარზედ ამ მოულოდნელმა გამარჯვებამ. როცა აშოტის ლაშქარი შემუსრეს სარკინოზთ ხალილ იზიდის ძის წინამძღვრობით, სასოწარკვეთილებას მიეცნენ ქართველნი; მტრის ლაშქარი უძლეველად დასახეს, ხოლო ხალილ დიდებულ მთავარსარდლად. ხალხის ამისთანა ჰაზრს ისიც ადასტურებდა, რომ აშოტს მთლად გაუტყდა გული და აღარ ჰფარავდა თვის უიმედობას: მიილტოდა სწრაფად, რომ დროზე მიახლებოდა ქართლის ყელს ბიზანტიის სამზღვარზედ. აღარა ჰმალავდა ოდესმე ბუმბერაზად აღიარებული აშოტი, რომ შეძრწუნებული მხოლოდ თავისა და ცოლ-შვილის გადარჩენას ეძებდა. მეფის სასოწარკვეთილება გადამდებ სენად მოსდებოდა ქართველობას, მოედუნებინა მისი ფიქრიც, მისი მარჯვენაც: დარჩენილიყო ხალხი უმწეოდ. აღარა ჰყვანდა მას წინამძღვარი რჩეული, რომ ბედის ვარსკვლავად მოჰვლენოდა უბედურობით გონებაახდილს. ამ გამარჯვებამ ისევ აღმოუბრწყინა ერს გზის მანათი ვარსკვლავი, გული გაუშუქა, აღაფრთოვანა, გმირულადვე აამღერა სული იმისი. - ტყუილი გამოდგა: აშოტმა უარჰყო ბრძოლა და საბერძნეთისაკენ ჰქნა პირიო. თურმე სამხედრო ხერხი ყოფილა მაგისი ლტოლვა: მტრის შორს გამოტყუება და ხაფანგში მომწყვდევა ჰგულებია. რა ვიცოდით?! - მაშინვე მომეცა იმედი, როცა მეფემ თავის ფეხით დაიარა ბანაკი და ბრძანება გასცა: ვისაც იარაღის ხმარება არ შეუძლიან, წავიდესო. ვსთქვი, საფრთხეს რასმე თუ უმზადებს-მეთქი მტერს. - ღმერთს დაეფარებინა, მტერი დაგვესხმოდა, როცა იმოდენა ხალხი თავს გვეხვია! დიდ უბედურობას დაატრიალებდა: მთლად გაგვჟლეტავდნენ, უკვალოდ მოგვსპობდნენ. - მშვენიერი ხერხი იხმარა! ძალიან გამოცდილია დალოცვილი, მარჯვედ მომფიქრებელი. ვიწროებში რომ შემოიტყუა მტერი, ღმერთმა მაშინ გადმოგვხედა წყალობის თვალით. - რა შეუპოვარია ბრძოლაში! უშიშია, როგორც უხორცო. რომ გადმოერია ხმალდახმალ, პირდაპირ ხალილს ეცა იზიდის ძეს. ერთის დაკვრით გაუპო მუზარადი და ჩამოაგდო გოლიათი სარდალი. - განა თითონ ხალილი იყო წინამძღვრად. - მაშ ვინ იქნებოდა? - არა, იზიდის ძე არ იყო ის. ხასანი გამოდგა რაჯების ძე, მათი განთქმული ფალავანი და ბუმბერაზი; იმისი ჩამოგდება და მტრის გაქცევა ერთი იყო. მდევარი ლაშქრის სასტიკმა დამარცხებამ თავზარი დასცა სარკინოზთ. ამ მოწინავე ლაშქარს სხვა ტალღებიც მოსდევდა ქართველთა წასალექად. მათ მამულის სანადგურებლად, მათი სახსენებელის ამოასაფხვრელად. რაკი გავრცელდა ხმა აშოტის ძლევამოსილებაზედ, შეშინდნენ ისინიც და უკუაქციეს; მაგრამ მოსწვდა იმათაც წამოსწრაფებული აშოტი, დახოცა, მოსპო. აღარსადა სჩანდა მტერი. გადამწვარი სოფლები კი ჰმოწმობდნენ, რომ სასტიკ ლაშქარს ეთარეშნა იმ არეს, რა სისწრაფით ევლო უკუქცეულ მტერს, ამას ჰმოწმობდა ის, რომ ნადავლი საქონელი თუ სხვა ქონება მრავლად იყო დატოვებული გზადაგზა. მედგრადა სდევნიდა აშოტი ოტებულთ. იმკიდა გამოცდილი გამარჯვების ყანას გახშირებულსა. გაწმიდა მახლობელი სავანეები თუ ციხეები მტერთაგან და შესდგა წინდახედული. განიზრახა ჯერ დაეწყნარებინა ხალხი, დაებრუნებინა ლტოლვილნი, გამოეყვანა გადამალულნი მიუვალ ხევებიდან თუ მღვიმე-გვირაბებიდან. დრო იყო საჭირო იმისათვისაც, რომ ლაშქარი გაემრავლებინა, შეეიარაღებინა, წესზედ დაეყენებინა და ჩაენერგა მისთვის უნარი თუ ძალა მედგრად მოქმედებისა, ეს იყო ამჟამად უმთავრესი ჰაზრი აშოტის მოქმედებისა. მით უფრო ადვილად განხორციელდა ეს სურვილი, რომ შეძრწუნებული მტერი თავისთავად უკუიწევდა, მიეშურებოდა დიდ ციხეებისაკენ, რომ ფეხი მოემაგრებინა იქ და გონს მოსულიყო. სულ ცოტა ხანში დასცალა წინ წამოწვდილმა მტერმა ახლად დაპყრობილი ადგილები. მის მბრძანებლობას სამზღვრავდნენ ეხლა ლორის ციხე, ლურჯი ვანქი, სამშვილდე, ბირთვისი და კლდეკარი. ამ ციხეებში ჩამსხდარი სარკინოზთა ლაშქარი ზღუდედ გადაეღობა ქართველებს, რომ შეეყენებინა მათი წინსვლა, არ მიეცა მათთვის ნება თბილისს მიახლოვებოდნენ: თბილისის დაკარგვა უდრიდა მტრისათვის საქართველოს სრულიად დაკარგვას, მთლადაც გასვლას კავკასიონიდან. ქართველებს ჯერ მაინც ჰაზრად არა ჰქონდათ ამაზედ წინ წასვლა: მაგარ ციხეებში ჩამსხდარ მტრის ლაშქარს უფრო კარგად მიწყობილი ჯარი ეჭირვებოდა და მარჯვედ დამუშავებული გეგმა მოქმედებისა. არა ჩქარობდა აშოტი. ეხლა მთლად დარწმუნებული იყო, რომ მტერს არ აბოგინებდა საქართველოს სამზღვრებში. უთუოდ განდევნიდა მას ადრე თუ გვიან. ეს დამარცხება სწორედ მაშინ დაატყდა თავს ხალილ იზიდის-ძეს, როცა მეტად ქედმაღლობდა გამარჯვებული და ზეიმობდა: როცა სტკბებოდა იგი სისხლის ღვრათა ხილვით, რომელი სდიოდა მისგან დაჭრილ საქართველოსა, როცა ხალისობდა ცამდინ ავარდნილ ალის გუგუნზედ, რომელიც ანადგურებდა მარად ურჩ ქართველთა ნაშრომ-ნაღვაწსა. მით უფრო დიდი იყო მისი რისხვა, რაც მოულოდნელი იყო სასტიკი დამარცხება. და ეს უღონო რისხვა მისი თავს დაატყდა მისსავე მახლობელთ, იმ მეომართ, რომელთ შესძლეს თავი დაეხწიათ ომის ველზედ ავარდნილ ჯოჯოხეთისათვის. ყველანი მეტეხიდან გადმოამზღვრევინა მტკვარში. მაშინ, თბილისის აგარიანთა დიდ გამარჯვების შემდეგ, მტრის მთავარსარდალი მცირედ ჟამს ადგილობრივ დარჩა; გაქცეულ აშოტს დაადევნა ცხენოსანი ლაშქარი და დაავალა მისწდომოდნენ ძლეულთ, მიერთმიათ მისთვის აშოტი ცოცხალი თუ მკვდარი. მდევარ ჯარს მთავარსარდალად უჩინა ხასან რაჯების ძე. ამ მედგარმა მებრძოლმა. გარნა ვერშორმჭვრეტელმა სარდალმა, ვერ შესძლო ბრძანების ასრულება, თავისი თავიც ზედ შეაკლა ემირის სურვილს. - აქედანაც გაქცეულა აშოტი, თან გაუტაცნია ცოლ-შვილიც, ხალხიც. ვერ მოუფიქრნია დაბნეულს, რომ მის ლტოლვას შეაფერხებდნენ ისინი და ხელში ჩაგვიცვივდებოდნენ თითონ ისიც, ყველა სხვაც - ბრძანა ხასანმა. როცა მიიწია ფარავანის ტბის ყურს და იქ აღარ დახვდნენ ქართველნი, ფიცხლავ გამოეკიდა ლტოლვილებს, კვალში ჩაუდგა, მოსწვდა მთელი თავისი ძალით დაატყდა თავს აშოტის ჯარსა, მაგრამ ადგილმდებარეობამ ხელი არ შეუწყო მას ფართოდ ესარეგებლნა თავისი დიდი ძალით და დამარცხდა სასტიკად. მარჯვედ მოფიქრებულმა გეგმამ ბრძოლისამ მთლადაც დაამთავრა მისი დამარცხება. რახან შეიმუსრა უმთავრესი ძალა მტრისა წვრილ-წვრილმა დამრბევმა რაზმებმა ვეღარ შესძლეს თარეშის უშიშრად წარმოება და უკუიქცნენ თბილისისაკენ ამ რაზმთა ნაწილები იყო, ქართველთ რომ უვარდებოდნენ ხელში ხან აქ და ხან იქ. 9 კარგ გუნებაზე დამდგარიყო ემირი აგარიანთა გამარჯვების შემდეგ. ტკბილ ნაყოფს ისთვლიდა თვისის სვესვიანობისას. ქართველთა სადევნელად რომ სწრაფი მახვილი წაემძღვარებინა, ხმალი მოელვარე ფალავნის ხელში, თითონ ნებივრად მიდიოდა წინ. სტკბებოდა დამორჩილებული ქვეყნის ტანჯვით, თბებოდა მახვილნაგმირთა სისხლის ოხშივარში; თანისთანობით ჟღენთავდა წმიდა მიწა-წყალს გესლით თვისის მზღვარდაუსობელის მეუფობისა, რკინის უღელს ადგამდა ქედმაღალ ქართველს აწ დამდაბლებულს. განცხრებოდა: საგანგებო სიტკბოება, რჩეულ ყვავილთა სუნნელება მისგან დათრგუნული ედემის კუთხისა წუთსა და წუთს უკეთესი მოლოდინი; უმშვენიერეს ნუგბართა ხმევა, პატივმოყვარეობისა და თუ გემოვნების მტკბობ შაქარ-ყანდისა; ხოლო სულ ბოლოს, ზეიმის დასასრულს, ვით გვირგვინი მოელვარე დიდის-დიდების, თვით აშოტი მის წინ ხელკრული და მისი ოჯახი ფერხთქგეშ განრთხმული, მის ფერხთა მტვრად დაფენილი მეფის სახლობა. - დიდი აშოტი! ესეც შენი დიდებული მეფე ქართველთა... შეგვავიწროვა. მთელი საქართველო ხელახლად დაიპყრო, სულ განაქარვა ნაღვაწი მურვანისა თუ ჭიჭუმისაო, იწერებოდა უბადრუკი ალი შუბის ძე... თბილისში მურვან ემირის მოადგილე, ჭიჭუმის მემკვიდრე და ლაჩრობა უმაგალითო?! - ის ვიღაც ალი შუბის ძე არის, მთლად უნიჭო ყოფილა და ჩუკენი. მე კი ისე წარმომიდგინეს, ვით ბუმბერაზი ვაჟკაცი ჰაზრის მექონი. გავგზავნე საქართველოში, რჩეული ლაშქარი გავატანე... ჩვენ დასამცირებლად წარმიგზავნია იქ... მომგვარეთ მკვდარი თუ ცოცხალი! - ბრძანა ფადიშაჰმა. - ხასან! გიცნობ: გიბრძოლია ჩემს გვერდზედ, წა საქართველოში, მოახრევინე ქედი უდრეკი ტყის კაცებს, შეშის თაყვანისმცემლებს, ხმლით აუხილე თვალნი დამწუხულნი, იხილონ ნათელი და ადიდონ ღმერთი უხილავი, წინასწარმეტყველიც ყოვლად ძლიერისა მაჰმადი მხოლო! - მომმართა მე ხალიფმა. და გასცა ბრძანება: - ხასან იზიდის-ძე მარჯვენა ხელია ჩემი შორეულ საქართველოში. აუსრულდეს მას ყოველივე სურვილი ჩემის ბრძანების შესასრულებლად! - ბედნიერი ვიყავი მაშინ. ბევრის გული განირღვა მაშინ შურით აღსავსე. უბედნიერესი ვარ ეხლა, როცა მთლად გავამართლე ნდობა ცათა სწორისა: გავუგზავნე ალი შუბის ძე შებორკილებული; ახლა მივართმევ ზღვნად თვით აშოტს ხელშეკრულს, მთელს მის ოჯახს სამეუფოს... განმადიდებს, პირველ კაცად დამსახავს, ვფიცავ წვერს მაჰმადისას! ესე ოცნებობდა გამარჯვებული ემირი თავის კარავში მხარ-თეძოზედ წამოწოლილი წითელ-კარავში, რომელი საარაკო ყაყაჩოსავით მოსჩანდა ალგეთის ზევით. ტაძრის მახლობლად. კარავის კარი ღია იყო. შეიარაღებულნი მცველნი თავს ედგნენ. მისი ჯარი ქვევით იყო დაბანაკებული, ალგეთის პირას. ტყვე და ნადავლი კარვისა და ბანაკის შუა ეყარა. - მაგრამ... სად არის მანგლელი? რატომ არ მოჰყავთ აქამომდისინ? ალბათ ივლტოდა ისიც წინაშე ჩემსა... ამბობენ კი, ქართველნი თუნდ ჯვარს ეცმევიანო რჯულის გულისთვის. - აგერ მოჰყავთ. მძლეთა მძლეველო, მღვდლების მოთავე მანგლელი. - მდინარის პირას ციხეა გვირაბიანი, იმის გვერდითა ვპოვეთ საყდარში, - მოახსენა გაგზავნილმა. და უკუდგა. მიიყვანეს ტიმოთე ეპისკოპოზი. უბრალოდ ჩაცმულდახურული, ძაძით მოსილი. სათნო სახე ჰქონდა შუბლგადაშლილი. დაწყნარებული იდგა ბრძანებელის წინ. ხასანი ელოდდა გარეგანის დიდებათ მორთულს მედიდურს და როცა მის წინ წარსდგა უბრალო მწირი, გაჰკვირდა; ეჭვი დაებადა მის ვინაობაში. - შენა ხარ მღვდელთა თავი მანგლელი? - უბრძანა ხასანამ და აათვალიერ-ჩაათვალიერა ბერი. - მე ვარ! - თუ ეგეთი გლახაკი ხარ მღვდელთ-მთავარი, მთლად საწყალობელნი იქმნებიან უბრალო მღვდლები. - ღმერთი იესო გლახაკად მოევლინა ტანჯულ ქვეყანას. - ღმერთი გლახაკად?! საკვირველი შეთხზაა სიტყვათა! - წარსთქვა ემირმა და მიმართა: - თუ მართლა შენა ხარ მღვდელთ-მთავარი, ყველაფერი გეცოდინება. მითხარ: ეს გვირაბი, აი აქ რომ სჩანს, წყაროსთან, საით მიიმართება? აქ დაჰმალეთ თქვენ საყდრების განძეულობა? სდუმდა ტიმოთე. - გესმის? ხომ იცი ყოველივე? - ვიცი: - სთქვი! მკვლავ სდუმდა მღვდელთ-მთავარი. - ვუბრძანებ, თავი წარგკვეთონ!.. - უფალი-მაცხოვარი ჯვარზედ აღესრულა კაცთა ხსნისათვის. - კიდევ! უფალი აღესრულა, მოკვდა! გარდარეული სიტყვა ჭკვაახდილისა!.. - უფალმა ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინნა, მათმა თქმამ ჭკვაბრგვილთა სიტყვად დასახა ბრძენთა ნათქვამი. აგრეთვე განაქარვებს ღმერთი იესო სიტყვას ცრუს ეშმაკეულის მაჰმადისასა, გაჰფანტავს საქმეთა მისთა ჯოჯოხეთურთა. ესეთმა თქმამ და მეტადრე მის წინ ტყვედ მდგომის სიმშვიდემ ფრიად განარისხა მბრძანებელი, რომლის სიტყვა ყველასათვის შეუმართებელი იყო, ხოლო სურვილი - მსწრაფლ ასასრულებელი - უბრძანა მკვეთრად: - მიჩვენე განძი დაფარული! - სამღვთო ნივთებს დაუსჯელად ვერ შეეხოს უსჯულო, ვით ბალტასარ, ვერ... სიტყვა აღარ დასცალდა აღმსარებელს სჯულისას. განძვინებულის ხანჯალმა გაიპრიალა ჰაერში და დაესვა გუშაგს ეკლესიისას. გაიტანეს. მსწრაფლ მოსპეს კვალიც სისხლისა. გაწმენდილი მახვილი კვლავ მიართვა ემირს მუხლზედ დამდგარმა შინაყმამ. ანიშნა მტარვალმა იქვე მდგარ ტყვე ქართველებზედ. წაასხეს. ალგეთი შეიღება სისხლით გაუტეხელ წამებულთა. ჰბორგავდა ემირი. ჰბდღვნიდა განცოფებული. შიშითა ძრწოდა მის გარემო ყველა. გაქვავებულიყვნენ მახლობელნი: ეშინოდათ, თქმით თუ მოძრაობით არ მიექციათ თვისზედ მხეცქმნილის თვალი აგზნებული; მისი ყურადღება აწ სიკვდილის მოციქული იყო, მედგარივით სწრაფის მოსპობისა. გამოჩნდა ბანაკისაკენ მიმავალი. ისწრაფიდა. ძლეულ ლაშქრის სარდალთაგანი აღმოჩნდა. მიიჭრა ემირთან. - დაიღუპა მხედრობა ჩვენი! - როგორ?! - ფარავნის ტბასთან მოვსწვდით აშოტსა, ვიწროებში. ლომივით გვეკეთება, მუსრი გაავლო მთელ ჩვენ ლაშქარსა. ისმაილ მოკლულ იქმნა თვით აშოტისაგან. მხოლოდ ღამის სიბნელემ გადაგვარჩინა ამბის მომტანნი და... - და გამოიქეცი? და დასთმე ცოცხალმა მაჰმადის დროშის შეგინება?! მოჰკვეთეთ თავი! - დაიღრიალა ემირმა და წამოიჭრა. ჯერ არცკი გათავებულიყო მისი სიტყვების ბგერა ჰაერში, რომ გაუფრთხილებელის თავი დაეცა მიწას და ხტომით დაგორდა ფერდობისაკენ. ეს დასაწყისი იყო უკაცურ მრისხანებისა. ბევრი მსხვერპლი შეიწირა ქართველთაგანი, თვით აგარიანთაგანიც. მცირედ დაწყნარებულს თუ უზომო მრისხანებით დამაშვრალს შეაპარეს სიტყვა მლიქვნელი: - ბიზანტიის ჯარი მოესწრო შენივთებულ ომის დროს და მით შეიქმნა შეუძლებელი სვიანად ბრძოლა ჩვენი ლაშქრისათვის. ამ შეთხზილმა სიტყვამ მცირე დააფიქრა ხასან მხეცქმნილი, გონდაკარგული. 10 რომ ამბობდნენ, ბიზანტიელთა ჯარი მოვიდაო აშოტის საშველად, მართალი არ იყო. კარგად იცოდნენ ეს თვით მიმთხრობლებმა საჭირო იყო თავი ემართლებინათ ამ საარაკო დამარცხების შემდეგ და მისთვის ავრცელებდნენ ამისთანა ხმებს. ადვილი შესაძლებელი იყო, დაერწმუნებინათ ამაში ემირიც, სხვა სარკინოზნიც, რადგან ბუნებრივი იყო ბიზანტიელთაგან ესეთი ქომაგი, ჰაზრიანიც. მოელოდნენ კიდეც ამ დახმარებას ქართველები. სარკინოზნიც ფიქრობდნენ, ქართველებთან ბრძოლაში პირდაპირ შეჰხვდებოდნენ ბერძნებს. ისლამის მსწრაფლმა გავრცელებამ წინა აზიაში, ამ ახალი სჯულის ღვარისებურმა დენამ დიდს საგონებელში ჩააგდო მფლობელნი ბიზანტიისა. მათთვის აუცილებელი შეიქმნა მზღვარი დაედვათ ახალ ძალთა მოზღვავებისათვის. მცირე აზიაში და კავკასიონში უნდა განემტკიცებინათ ბიზანტიელებს თავიანთი საბრძანებელი, იქ დავანებულ ხალხთა შემწეობით უნდა ჩაეხერგათ პონტზე მისავალი გზები. თუ შავ ზღვაში ჩააგდებდა სარკინოზი ხომალდს, კონსტანტინეპოლის კარს იდგა იგი უკვე. ამის შესასრულებლად საუკეთესო საშუალება იყო გაემაგრებინათ აქ არსებული ქრისტიანული სახელმწიფოები, გაეძლიერებინათ ისინი, ფხა აესხათ მათთვის, რომ პირველი ტალღები მოსულის მტრისა ამ სანგრებს შეჰხეთქებოდნენ, მათზედ დაშლილიყვნენ. საბერძნეთს აქ უნდა გაემართნა პირველი ბრძოლა ბედისწერასავით შეუდრკომლად მსვლელ დროშისათვის უძლეველი ხალიფებისა. ესმოდათ ეს ბიზანტიელთ და თვალს არ აშორებდნენ პატარა საქართველოს, ცდილობდნენ მკლავი გაემტკიცებინათ ქართველთა მეფეებისათვის. ეს იყო მიზეზი, რომ აშოტ კურაპალატმა, როგორც მისმა მამამ ადარნასემაც, ბევრი შემწეობა მიიღო ბიზანტიელთ პირველ ხანშიც თავის მეფობისა და შესძლო მხნედ ბრძოლა აგარიანებთან, სძლია კახეთის ქორიკოსი გრიგოლ, გააერთიანა უდიდესი ნაწილი საქართველოსი. ამ ბრძოლაში დიდი ღვაწლი დასდო აშოტს მისმა სიძემ, აფხაზთა მეფემ თეოდოსემაც. შემდეგ, როცა წარმოგზავნეს საქართველოში ხასანი და მასთან უთვალავი ლაშქარი, აშოტმა აცნობა ეს გარემოება ბერძენთა კეისარს. იმპერატორმა ლეონმა წარმოგზავნა მის საშველად ლაშქარი, მაგრამ დროზედ ვერ მოუსწრო მან აშოტსა, და დამარცხდა მეფე სასტიკად. ვერც ლტოლვილ ქართველებს შეხვდნენ ბერძენნი ფარავანის ტბასთან და აშოტმა მხოლოდ საკუთარი ჯარით შესძლო სარკინოზთა დამარცხება. არაბნი მაინც ამბობდნენ, ბიზანტიელნი მოესწრნენო მშველელად. ესევე გაიმართლა თავი იზიდის ძემ ხალიფას წინაშე შემდეგში, როცა აშოტი უძლეველივე მფლობელი შეიქმნა შავშეთ-კლარჯეთისა, მბრძანებელი მორჭმით მჯდომარე. ეს შემდეგში იყო. ეხლა, როცა დასცხრა აღტყინებული რისხვა ემირისა და შესძლო მან დაფიქრებულიყო მომხდარ ამბების შესახებ, უმჯობესადა სცნო მსწრაფლ გაემაგრებინა თბილისისაკენ მიმავალი გზები, შეიარაღებული ხალხი ჩაესხა თბილისის დამცველად აღმართულ ციხეებში. ესეთი იყო მასი პირველი ბრძანება ჰაზრიანი: დასწია ჯარი ამ ციხეებისაკენ. თითონაც დაბრუნდა თბილისში იმ განზრახვით, რომ საკმაო ლაშქარი გამოეწყო ხელახლად და თითონ გასძღოლოდა მას, რათა განედევნა აშოტი შავშეთ-კლარჯეთის არეებიდან, მოესპო იქ ქართველთა ბინა, დაეპყრო ქართლის ველი და იქიდან პირდაპირ გადასულიყო ბიზანტიაში, რომ დაემხო ეს ერთადერთი დიდი საბრძანებელი საქრისტიანო, რომელს დაებრკოლებინა, წამს შეეყენებინა დიდებული წინსვლა ახლის სჯულით აღფრთოვანებულ ახალ მებრძოლთა. განწირული ბრძოლა იქნებოდა ეს მათ შორის, საბედისწერო: ან უნდა დაღუპულიყო დიდი ბიზანტია, ან უკუეგდო მას სარკინოზნი, კვლავ მიექცია იგინი არაბეთის სასტიკ უდაბნოებისაკენ და დაეკეტნა იქ ჩაეხშო სამარადისოდ. ესმოდათ არაბებს საქართველოს დიდი სამხედრო მნიშვნელობა, გათვალისწინებული ჰქონდათ ეს ხალიფის კარს. ამისთვის იყო, რომ იმთავიდანვე ბიზანტიასთან ბრძოლა საქართველოში იწყეს მათ ამ ჰაზრით იყო წარმოვლენილი მურვან ყრუ, ამ დავალებით მოვლენილიყო ჭიჭუმ ასიმი, ამავე გეგმის აღსასრულებლად წარმოეგზავნათ ხასან იზიდის ძე. აზრიანი განზრახვა იყო ეს არაბთათვის, მაგრამ ვერ შესძლეს მისი განხორციელება სარკინოზთ მმართველებმა წინად, ვერ შესძლო მისი ასრულება ვერც იზიდის ძემ: ვერ შესძლო მაშინაც კი როცა მარტო იბრძოდა აშოტი. მით უფრო ძნელი იყო აგარიანთათვის ამ წადილის მიღწევა შემდეგ, როცა გამაგრდა იგი არტანუჯში, ამ ახალ მიუვალ სავანეში, და როცა ძალას განუმტკიცებდნენ მას ზურგით კერძო ბერძენნი, ხოლო მარცხნივ მისი მოყვარე მეფე აფხაზთა. ადვილი აღარ იყო ეხლა ხასანისათვის ბრძოლა აშოტთან. დიდი მომზადება იყო საჭირო ამ საფრთხილო განზრახვის შესასრულებლად. მზადებაში შეუგვიანდა ემირს. უსწრო ზამთარმა. ჩამოთოვლა შავშეთ-კლარჯეთის მთა-ველი: ისეც ძნელად სავალი მხარე მთლად მიუვალი შეიქმნა, მეტი გზა არ იყო, გაზაფხულისათვის უნდა ელოდნა, დამარცხების ბოღმა გულშივე ეტრიალებინა. იცოდა კი, რომ ესეთი დაყოვნება შეარყევდა მის იმედთა საფუძვლებს, მის ბოროტ ოცნებას საქართველოს შესახებ: ჭკვიანი და გამჭრიახი აშოტი ფართოდ ისარგებლებდა ამგვარი ხანდაზმით, მედგარ მებრძოლად მოევლინებოდა თვის სამეფოს მტერს. სწორედ ესეც მოხდა. აშოტმა შესძლო მცირე ხანში აღედგინა, ფერად-ფერადად აღეყვავებინა ის კუთხე საქართველოსი, რომელიც ამიერიდგან შეიქმნა ფუძედ სამშო ბლოს დიდებისა. სანიმუშო სახედ ქართველთა ერის განვითარებისა, წინამბრძოლ ბურჯად მართლმადიდებლობისა, სიმტკიცედ დიდებულის ბიზანტიისაც. ესე უმზერდნენ ივერიას ბიზანტიის იმპერატორნიც, რომელთა ღვაწლი მოუძღოდათ ბაგრატიდთა გამეფებაში, რომელნიც ყოველთვისა სცდილობდნენ თავიანთ მომხრედა ჰყოლოდათ ქართველთა ტომი. ესეთი თვალით უყურებდნენ კოლხიდას ლეონ მეხუთე და მის შემდეგ მიხაილ მეორე, რომელთ სრულის ხელმწიფურის პატივით ეჭირათ დიდი აშოტ კურაპალატი. მის სასახელო ღვაწლს მზირად ადევნებდნენ ისინი თვალს და ჰშველოდნენ შეძლებისაგვარად, რომ არ შერყეულიყო მისი ტახტი, არც სხვა მიმართულებით მიეღო მის ძალას, ბიზანტიის საწინააღმდეგო რამ მსვლელობა. ეხლაც, როცა აშოტი განსაცდელში ჩავარდა ხასან იზიდის ძის მოსვლის შემდეგ, იმპერატორი ლეონი ზრუნავდა თავის მომხრე ქართველთა მეფის ბედზედ და დაასკვნა მშველელი მარჯვენა გაეწოდებინა მისთვის. გაგზავნა კიდეც ჯარი. მაშველმა ძალამ ვერ მიასწრო აშოტს განსაცდელში, მაგრამ ღმერთი ჰფარავდა მას და სასწაულებრივი გამარჯვება მიანიჭა ძლიერ მტერზე გალაღებულზე. 11 აშოტის ცოლ-შვილი და მათთან ერთად ლტოლვილი ხალხი, გადასცდნენ მთას და დაეშვნენ სანსრებისაკენ, რომ უწია მათ შემაძრწუნებელმა ამბავმა: მოკლე გზებით წამოსული სხვა გამოქცეულები შეუერთდნენ მომავალ ქარავანს და უამბეს, მტერი აჩქარებული მოგვდევს და თუ ჯერ არ მოსწდომია მეფეს, მალე წამოეწევაო. შეშინებულნი ერთობ აზვიადებდნენ მტრის ძალას თუ რიცხვს: მთასა და ველს მოაბნელებენ, კალიასავით მოედნენ არემარესო. მოუთხრეს ეს ამბავი დედოფალს. შეკრთა გურანდუხტ, სასოწარკვეთილებაში ჩაცვივდნენ ყველანი. აჩქარდა მგზავრობა, გარდაიქმნა იგი რბენად. აირია წესი მსვლელობისა. მალე მთლადაც დაირღვა წესწყობილება. ყველა ცდილობდა ადრე გაესწრო, მეტ მანძილზე დაჰშორებოდა მოწევნილ მტერსა, რომ მეტი იმედი მისცემოდა თავის გადარჩენისა. მეტადრე შეაშფოთეს და შეაძრწუნეს იმ გულსწრაფებმა თუ მხდალებმა, რომელნი მხედრ ვიდოდნენ მათთან. დაწინაურდნენ იგინი. ძალზედ მიერეკებოდნენ ჰუნეებს და შიშის ზარს უძლიერებდნენ ჩამორჩენილებს, რომელნი უღონო შურით გასცქეროდნენ მსწრაფლმიმავალთა. გაძლიერდა ოხვრა და დრტვინვა, ზოგი გამოეყო ჯგუფებს და დაეშვა ხევისაკენ სამალავის საძებნელად. ასტყდა კრულვა-ტირილი ქალთა თუ ბავშვთა, გოდება საზარელი უმწეოქმნილ ხალხისა. ჩაიხერგა შარა. მეფის ოჯახსაც დაუბრკოლდა სავალი. დედოფალი ჯერ დაიბნა, მაგრამ უკიდურესმა გაჭირვებამ და ძლიერმა სურვილმა, რომ გადაერჩინა განსაცდელისაგან თვისი შვილები, უკანასკნელი ღონე მოუკრიბა მას, მტკიცედ დააყენა სამოქმედო გზაზედ. იმან უფრო იმოქმედა მანდილოსანზედ, რომ ხმა გავრცელდა: დედოფალს და მის შვილებს ჰსურთ მსწრაფლ გადიხვეწნენო ცხენდაცხენ. თქმამ სინამდვილის სახე მიიღო ხალხის თვალში, უკვე მომხდარი ამბისა. კიდეც გაქცეულაო დედოფალი, ამბობდნენ. - დედოფალო, ხალხი დრტვინავს და მრისხანებს. ამბობენ, ხელმწიფემაც, მისმა ცოლმაც მტრის გულისად გაგვხადეს: ამ ჯოჯოხეთის ჟამს აშოტი თან არა გვყავს, დედოფალიც გადახვეწილა თავის შვილებითაო. შეაშფოთა გურანდუხტი ხალხის უმადურობამ, განარისხა უბადრუკმა მითქმა-მოთქმამ. ბრძანა: - მომგვარეთ ცხენი ვერ სთქვას ვერავინ, ხალხის მეთაურნი მხოლოდ თავის თავს იფარავენო. მოართვეს. შებრძანდა. გაემართა. შეუდგნენ მის კვალს ხალხის არევით უილაჯო ქმნილი მოწესეები. იქ მიჰმართა ძუ ვეფხვმა, სად მეტი იყო ხმაურობა, დრტვინვა, წუხილი. მის დანახვაზედ გონს მოვიდა ხალხი, შესდგა, დაწყნარდა, დაყუჩდა. სირცხვილის ალმა აჰკრა კაცებსა. გაისმა დედოფლის ხმა: - ნუ გეშინიანთ! ნუ შეძრწუნდებით! არ გაგვწირავს ღმერთი კეთილი და მის შეწევნით მეფე აშოტი. და თუ მოხდა უბედურობა, პირველი მსხვერპლი ვიქნები მე ჩემის შვილებით! შეეცადა რაიმე წესი ჩამოეგდო არეულ ხალხში. კვლავ აიმაღლეს ხმა მოწესედ განჩინებულებმაც ყურნი ხალხისა განეხუნეს სმენად. ნელ-ნელა დამყარდა წესი თუ რიგი, გაწმიდეს გზა. შესძლეს ჰაზრიანად წინსვლა. დედოფალი თავის ამალით თავს დასტრიალებდა მიმავლებს და თავისი სუსტი ხმით თუ მაგალითით გულს უმაგრებდა მათ, ამხნევებდა დაბეჩავებულთ. - დედოფალი სწირავს თავს და შვილებს! დეე, მეც მათთან ვიყო, - ფიქრობდა ყველა. და ცდილობდა გაემხნევებინა თავისი თავი, შეესუსტებინა ის შიშის ზარი, რომელს გაევსო გული მათი დაბზარულ-დაწყლულებული. გონს მოსულ მამრს შერცხვა უიმედობისა; უნდოდათ აწ ვაჟკაცად ეჩვენებინათ თავი, სიკვდილის არად მიმჩნევ რაინდებად, რომ ლეჩაქი. თუ მანდილი არ მოჰხვევოდათ თავს ნაცვლად მუზარადისა თუ ჩააფხუტისა. დედოფალი აღარ ჩაბრძანდა ურემში: მასში გაეღვიძნა მებრძოლ წინაპართა სულს და ამაყად თავს დასდგომოდა ბედს, უკუღმა შებრუნებულს. - არავინ სთქვას: აშოტის სახლი უბრძოლველად ემონა მტერსა. ვერ დავანებებ სამეფო გვირგვინს სისხლის დაუნთქრევლად. უკუნისამდე უნდა ამშვენებდეს ბაგრატიონთ შუბლს გვირგვინი ცით-მონაღები. ვიხილავ მის ბრწყინვალებას თავზედაც ადარნასესი, ჩემის პირმშოსი. თუ ბედმა უმუხთლა მის მამას დაღონებულს, თუ დაიღუპა იგი ბრძოლაში, მე თითონ შევსძლებ გამოვსტაცო ხელიდან მტარვალთ სკიპტრა სამეფო! - ფიქრობდა ძუ ლომი. და ვაჟკაცურ მხნეობას იჩენდა გაჭირვებაში, ჰაზრიან სარისტიანობას. დედოფალს მაინც ჰქონდა იდუმალი იმედი, რომ მიაღწევდა ზემო სანსრის მღვიმეებს და მოასწრებდა იქ შვილების დამალვას, რომ მემრე ბიზანტიას გადაეყვანა ისინი და აღეზარდა კეისრის კარსა. ესე ჰქონდათ ცოლ-ქმარს მოლაპარაკებული, ესეთი გეგმა მისცა აშოტმა თავის მეუღლეს და მის ერთგულ თანმხლებელ იოთამეს. გავიდა ხანი. მდევარი მაინც არსად გამოჩნდა, თუმცა გადმოხვეწილთა სიტყვით, მტერი უკვე უნდა გადმოფენილიყო მათ მისაწევრად. დაუახლოვდნენ მიმავალნი სანსრის გვირაბებს. შენიშნეს მათკენ მსწრაფლ მიმავალი ცხენოსნები შეშინდნენ: ეგონათ, დაჰკრა წამმა აღსასრულისა. მათკენ მფრენნი დაუახლოვდნენ ბანაკს, ხელმანდილნი ააფრიალეს ნიშნად ხარებისა. შესდგა დედოფალი და მისი ამალა. მივიდნენ, გადმოხდნენ, თაყვანი სცეს. მიულოცეს დიდი გამარჯვება. - მტრის ძალა შეიმუსრა. მეფემ თავისი ხელით მოკლა მათი მთავარსარდალი. წინაწარიქციეს სარკინოზნი. სდევნიან ოტებულთ. გვიბრძანეს, მსწრაფლ გვეცნობებინა თქვენთვის ეს. ინიშნე ნიშანი მეფისა! - სთქვა. და მიაწოდა დედოფალს აშოტის ბეჭედი. სიხარულის ელდამ ალმასის ფრთა გაჰკრა გურანდუხტის გულს: ღვთის რისხვას ელოდდა, - ეწია წყალობა ძლიერისა; ბნელისთვის მიეპყრო თვალნი, ნათელმა გამოუშუქა ყოვლად ბრწყინვალემ; ეგონა, დაჰკრა წუთმა უბედომ, - ბედნიერ საათს ჩამოევლო მღიმარ-მოცინარეს. ვერ დაიტია გულმა სიხარული მოულოდნელი, თვალმა ვერ უძლო ბნელის მჭვრეტელმა სინათლის სხივებს გაკაშკაშებულს და დაეხუჭნა თვალნი დედოფალს, მოეღო ღონე, განქრა მისი ნებისყოფა ხელოვნურად აღტყინებული. მანდილოსანი მიესვენა მკლავზედ, რომელი ანაზდად შეაშველა თავალხმიერმა თანამხლებელმა. მალე გადუარა სიხარულის ელდამ. მობრუნდა, გაიღიმა, მადლი შესწირა ყოვლადსახიერს. ელვის სისწრაფით გავრცელდა ბანაკში ამბავი სასიხარულო. მოეწმინდა ხალხს ჯავრის ბურუსი. უხვად დაასაჩუქრეს მახარობელნი. სიმღერით ჩაიარეს ქვემოსანსრამდის. ქორწილისებური ზეიმი გაიმართა იქ. დედოფლის საფასით იქნა ხალხი დაპურებული: ქვიშასავითა ჰფანტავდა ვერცხლს სიხარულით აღტაცებული. გულწრფელად იხარებდა ერი მრავალტანჯული, ბოროტს სასწაულებრივ განრინებული. ისღა სჩრდილავდა ხალხის სიამეს აღტაცებულს, რომ მათთან არ იყო აშოტი მხსნელი; ესწრაფებოდა პირისპირ ნახვა ძლევამოსილისა. იქ არ იყო მეფე-სარდალი, გატეხილ მტერსა სდევდა, ის გაბნეულ-გაფანტულს, რომ ფეხი არ მოეკიდებინა სადმე მახლობლად, არ გაძლიერებულიყო ისევ, წარკვეთილი თავის მაგივრად სხვა ორი თავი არ ამოსვლოდა უბოროტესი, საზიზღარ-საზარელი, მეტად საშიში. 12 ჯერ ვერ მივიდოდა აშოტი ლტოლვილთა ბანაკში. გამოცდილი სარდალი იყო უკვე ნაწრთობი, რომელს დამარცხებაც განეცადნა, ბევრი გამარჯვებაც დიადი. ისეც სამხედრო ნიჭით დაჯილდოვებულს კარგად ესმოდა ლაშქრის გულისთქმა, მისი სულიერი განწყობილება ამა თუ იმ წამს, განსაცდელისა თუ წარმატების ჟამს, და ვერ გაუშვებდა ხელიდგან ძვირფას შემთხვევას, მოწყალე ბედისაგან მისდა მინიჭებულს. სდია მტერს მსწრაფლის დევნით, არ მისცა შეძლება თავს მოჰგებოდა, არ ანება დრო, შეფერხებულ-შემაგრებულიყო რომელსამე ბურჯთან ან ვისმე გარშემო ჰაზრთ მექონისა. ჯგუფ-ჯგუფად დადევნებული ძლევამოსილი ჯარი ქართველთა მისდევნიდა დამფრთხალ მტერს, რომელი იარაღსა ჰყრიდა გამარჯვებულთა წინაშე, უბრძოლველად ჰნებდებოდა თავზარნაცემი. არ დასცხრა აშოტი, სანამ არ განდევნა მტერი ციხეებამდინ, რომელნი თბილისის შესანახ-დასაცველად იყვნენ აღმართულნი მიუვალ ადგილებზედ. შედგა აქ. ამ ციხეებს, თავის-თავადაც მაგრებს და ძნელად საომრებს, ზურგს უმაგრებდნენ თვით თბილისის ციხეები მათში მდგომ უმთავრესი ჯარით ემირისა. მთელი კვირა მოუნდა აშოტი არემარეთა გაწმენდას მტრისაგან და გადასავალ ადგილების გამაგრებას. ბოლოს შებრუნდა მანგლისს და შესწირა მსხვერპლი სამადლობელი. მანგლისის ხატს ისე ვერ ილოცავდა ქართველი, იმავე დროს თაყვანი არ ეცა მის პირდაპირ ამართულ მწვერვალზედ დადგმულ ქვის ჯვარისათვის. მანგლისის ტაძრის გასწვრივ, ალგეთის გაღმა, მთის წვერზედ, ამართული იყო მთლიან გელაზისაგან გამოკვეთილი უზარმაზარი ჯვარი, რომელი ჩამკვიდრებული იყო სალ-კლდეზედ ამოჭრილ სიღრმეში. ქვის სადგომში ურყევლად დასმული ქვის უზარმაზარი ჯვარი ფართო მანძილზედ გარშემორტყმული იყო დიდრონ-დიდრონი გელაზებით. ეს ვეება ჯვარი და მის გარშემო დახავსებული ლოდების ყორე გარინდებული დაჰმზეროდნენ ალგეთს, მის პირად-პირადად შემკულ ხეობას, რომლის იერი წუთდაწუთს იცვლებოდა ფერად-ფერადად: ხან ნათლდებოდა, კაშკაშდებოდა; ხან ბუნდდებოდა, თუ ბნელდებოდა, ლაჟვარდი სივრცე უმუქდებოდა. ეს ბუმბერაზი ჯვარი და გელაზების ყორე ურყევ მარადისობასა ჰსახავდნენ ბუნების ცვალებად მოვლენათა სრბოლაში; საუკუნო ყოფნას აგრძნობინებდნენ ადამიანის გულს, უცვლელ მუდმივობას ერთფერს, ერთსახეს, რომლის გარემო დაუცხრომელად ტრიალებს მრავალსახეობა არსებობისა. - მანგლისის ხატი და ეს ჯვარის მტვირთელი მწვერვალი ძალთა ურთიერთობაში არიან, განუწყვეტელი კავშირი იხილვების ამ დიდებულს სიწმინდეთა შორის. - როგორ? - სიმრგვალე რამ ცეცხლის მფრქვეველი აღმოჩნდება ჯვარის ფრთებს შორის, იგი ბირთვი მნათობი მოსწყდება მფრინავ ვარსკვლავად, ჩაეფინება ხეობას და აშუქდება მდინარის გაღმა ტაძრის გუმბათზედ. რამდენსამე წუთს ციაგსა ჰფენს მთელ არემარეს. - ჩამოქუშულ-ჩამობნელებულ ციდან ჩამოეშვება გველაშაპი ფრთოსანი, შემოეხვევა ჯვარის სავანეს და იპყრობს მას წყვდიადის იგი მოციქული, იელვებს ტაძრის გუმბათიდან ხმალი ცეცხლისა, გარდაერთხმევა ალგეთის ხევს და განჰკვეთს ალის მფრქვეველი წვერით გველაშაპს, განაქარვებს მის ჯადოსნობას. - ამ ხეობის მფარველი ხატი ბრძანდება აქ. ჯვარის ადგილიც, ტაძარიც მისი სავანე არის. გველაშაპს იმისთვის არ ძალუძს დაეპატრონოს ამ თვალთწარმტაც წმინდა მიდამოს, დაიმონოს სამუდამოდ, რომ მოსპოს აქ ქართველთა ნასახი. - კარგა ხანია, აღარ გამოჩენილა ამ ხატის ძალა. - არ განშორდება ხატი ძლიერი ამ წმიდა ადგილთ. ცოდვათა ჩვენთა სიმრავლე დაჰფარავს მას ჟამითი-ჟამად თვალთაგან ჩვენთა, მაგრამ შევინანებთ და კვლავ გამობრწყინდება იგი ამა მწვერვალზედ. ჯვარიცა წმიდა ჟამითი-ჟამად განერთხმის მიწას ქართველთა ცოდვით შემძიმებული, მაგრამ კვლავ აღზდგება პატიოსანი ნიშნად საქართველოს მკვდრეთით აღდგომისა. სამადლობელი მსხვერპლის შემწირველი მეფე ვერ გასდგამდა ფეხს ალგეთის ხეობიდან, თუ თაყვანი არ ეცა იმ ჯვარისათვის. აბრძანდა ღამის სათევლად. ხალხიც აჰყვა მეფესთან შემოკრებილი. ქართულად მხიარულობა, ქართველთა ლაშქარი თვის მეუფის კარს; ახლო იყო მწვერვალიდან და ღმერთი ჰხედავდა თავის ერის სამადლობელ ზეიმს. ლმობიერად უღიმოდა სახიერი თვის შვილებს, რომელთათვის გადაეფარებინა ამ წამს წყალობის კალთა. ხალხი ისევ ღრეობდა, როცა მეფე განშორდა მათ და შებრძანდა თავის კარავში მოსასვენებლად. თან შეჰყვნენ სარდალი ზაზა, ვეზირი ბარძიმი და ორიოდე თანამშრომელი. სარეცელზედ და მოსვენებით ძილზედ აქ ფიქრი არ შეიძლებოდა. ერთი კვირა იყო, ჯაჭვი არ გაეხადნათ ტანიდან. მხოლოდ მუზარადები მოეხსნათ და მეტი იარაღი. ისინიც იქვე ეწყო, რომ ყოველს წამს მზადა ყოფილიყვნენ საბრძოლველად. მეფე მხართეძოზედ იყო წამოწოლილი. ფიქრს მისცემოდა. ზრუნვა უთამაშებდა სახეზედ. ხალხში კი მხიარულად ბრძანდებოდა აშოტი, შუბლ-გაშლით: დააღონებდა ქვეშევრდომებს მის სახეზედ ჭმუნვის ღრუბელი. - ჩემო ზაზა, ხომ ფრთხილადა ხარ, ხომ ყველგან არის თავდარიგი დაჭერილი? - დიაღ, ბატონო! ყველაფერი საომარ ფეხზედ არის დაყენებული. - მაინც? - თვით მანგლისის ციხეში შეიარაღებული რაზმი სდგას გუშაგად. მეორე რაზმი ქვევით დავაყენე, ალგეთის ხევის ვიწროებში; ცხენოსანი რაზმია იქ. აქათ, ციცაბოებისკენ, ორ ადგილასა სდგას მცველი ჯგუფ-ჯგუფად. ნაბრძანები აქვსთ საჭირო ჟამს ყვიროსტვირთა ხმა გააძლიერონ, ბუკის ხმა აამაღლონ, დაფდაბსა ჰკრან. - კარგად გიფიქრია! - არაფრის შიში არ არის, მაგრამ სიფრხილეს მაინც თავი არა სტკივა. - ოღონდაც! - მე ვფიქრობ, თუ მტერმა გაბედა თავდასხმა, ეს ჩვენთან წამოსული ხალხი ზევით უნდა დავმალოთ. ყინულიან ღვიმეებში. მტერი ვერც კი მოიფიქრებს მათ არსებობას. - ვერც შეჰბედავს: იმ ნაპრალთა პირში ერთი ასს გაუმკლავდება. - ეგეც კარგი აზრია. მაგრამ მღვიმეები მოშორებით არის აქედგან და ღამის წყვდიადში შეუძლებელი იქმნება იქ ხალხის შეხიზვნა. სდუმდნენ ყველანი. ძილს მისცეს თავი. 13 გარინდებული იწვა აშოტი, ჯერ კი არ ეძინა. ბურანში იყო წასული, როცა სინამდვილე ჰკარგავს თავის მკაფიო სახეს და სიმძიმეს; როცა იგი ჰაეროვნდება, მსუბუქად მოძრავი შეიქმნება და შეერთვის ოცნებათა მრავალსახე დასს, ლამაზ სანახავს. ფიქრთა სამფლობელოში დაიშლება მაშინ მზღვარი დროთა ქცევისა, წარმოუდგება გონების თვალს გაერთიანებულად წარსული, აწმყო, თვით მომავალი. ერთსა და იმავე დროს იძვრიან თუ ტრიალებენ ისინი ცნობიერების არეში, ექსოვებიან ერთმანეთს ერთურთში ჩაწნულ-ჩაბეჭდილნი. ფიქრნი და სახენი ზოგნი სიბნელიდან გამოდიან, ნათელს იმოსავენ; სხვანი სინათლიდან უკუდგებიან, ეძარცვებათ მათ სხივთა სამოსი, ცრიატდებიან, ჯანყის მაგვარ ძნელსაჭვრეტ სივრცეში უჩინარდებიან. მთლადაც ინთქმებიან. უდარდელი ყრმა აშოტ უზრუნველად დაცქრიალებს დახატულ დარბაზებში სამეფო პალატთა, დაჰფრენს წალკოტებში, სავარდეებში. სხივოსანია ქვეყნიერება. პეპელას ფრთასავით ჭრელია ცხოვრება და ნაზი. ღიმილი, ხალასი, სიამე: ბევრი სიხარული! გამზრდელთა დასი თავს ევლება ტახტის მემკვიდრეს, ცივ ნიავს არ ადენენ, ყოველ სურვილს უთქმელად უსრულებენ, ჟინსაც კი, უბრალო რამ დაჟინებას. მოზრდილი ვაჟია აშოტი. ბარძიმის კარს იმყოფება მის შვილებთან ერთად. სწვრთნის მათ სარდალი, მკაცრ ყოფნას აჩვევს, სამხედრო ცოდნას ათვისებინებს. სასტიკია ბარძიმი, მთლად ულმობელია. აშოტის ჯერ ისევ ჩვილს თვალზედ ცრემლის ნამი აუტანელი სირცხვილია; ტანჯვის გამო მცირედ დაღრეჯაც დიდად საგმობელი. ცეცხლში შესვლაც არ დაიმჩნიოს ვაჟკაცმა სახეზედ! განზრახ მიიყვანს ნადირობის დროს მიუვალ ალაგას და ასცდება მას, გააცალკევებს. მაშინ იყო, რომ ესე დაახლოვებით შეისწავლა აშოტმა ყველა ბილიკი თვის სახელმწიფოსი, ყველა მთა და გარდასავალი, ხევთა და მდინარეთა სადინელნი, ფონები. რამდენჯერ დასცა ძირს უწვრთნელ-უხედნმა ცხენმა და გულმტკივნელობის მაგივრად მწარე დაცინვა ჰხვდა მას ამზრდელებისაგან. რა ბურთაობა! რა ჯირითი! რა ხმალი! რა ლახტი! - მეფედ იზრდები. ჩვენი მეფე, კარგად იცოდე, საქართველოს მთავარსარდალია. რა მშვენიერი იქნები თვალცრემლიანი ბუმბერაზი! სადა გაქვს სიკისკასე მოქნილი, სისწრაფე შავარდენისა! სანიმუშო იქნები მძიმე, მოუხეშავი; თითით საჩვენებელი გახდები. ხოტბას შემომზღვნიან მე, შენს ამზრდელს, შენნი მნახველნი. მემკვიდრეა აშოტი. მალე შეიქმნება გვირგვინოსანი. ზეიმია აღფრთოვანებული, აკურთხებენ, მეფედა სმენ. ხმალი შემოარტყეს, სამეუფო სკიპტრა მიართვეს. გვირგვინი დაადგეს ცით მოღებული. ულოცავენ. ქებას ეტყვიან. ყველა მხოლოდ ერთს ავალებს, ერთს ემუდარება: მტკიცედ იპყრას, ღირსეულად ატაროს ეს ნიშნები საქართველოს თვითმმართველობისა, მისი თვითმპყრობელობისა, მისი თვითარსებობისა. - მთელი საქართველო ამჟამად შენ გიმზერს, თავის რჩეულსა, თვის სასოებას. გორგასლის ხმალია ეს მტრის სისხლს ჩვეული, სისხლთა ნაცხებით ღარულ-ჭდეული. არ უმტყუნო!.. დროშა დაიხარა შენს წინ: საქართველო გიკრავს თავს, სალამს მოგიძღვნის! ადიდე იგი, დაიფარე, ააღორძინე და ააყვავე!.. შესძლო აშოტმა იმედთა გამართლება. ძლევამოსილი მიდის წინ მამულის განსათავისუფლებლად, შესაერთებლად ქსნის პირას დაესვა დროშა მძლეველი სულ მცირე ხანში. ერთი დაკვრაც და - აფრიალდება ქართველთა ალამი თბილისში, სამარადისო გულში უკვდავის საქართველოსი. ახ, დაბნელდა! ქართველთა ლაშქარი გაფანტულა ხევ-ღრანტეებში. მტერი ქედმაღალი მიმოსდევს ლტოლვილთ, იპყრობს, აწამებს, ამდაბლებს, ჰმუსრავს. იცინის ბოროტად. ხარხარებს მტერი. წარწყმდა წყეულ ურდოთა ფეხთქვეშ საქართველო სისხლით ღებილი. მეფე აშოტი, ქართველთა მეფე, წინაწარიქცია უსჯულომ. ილტვის ცხებული, ისწრაფვის დაკნინებული თავის ოჯახის განსარინებლად. ბუმბერაზი აშოტი, და- სხვის კარს, უცხოთა სახლში?! მისი ნაშენი სხვის ხელთ შემყურე?! - ჰა, ჰა, ჰა! დაუტევებია მთელი საქართველო აშოტ მძლეველს და ფიცხლად ილტვის შემფრთხალ შველივით, ისწრაფის ბინის საძებრად უცხოთა შორის; დოვლათით სავსე ედემის კუთხე მიუცია მტრისთვის და აუკიდნია თან რაღაც ფლასები, ვერცხლის ნამსხვრევი. სახელმწიფო დოვლათი ჰგონია ის დაგლახავებულს. სასაცილოა აშოტ მძლეველი. ჰა, ჰა, ჰა! მეფის მშფოთვარე ძილმა, მისმა შეუცნობელმა ხარხარმა გამოაღვიძა მასთან მყოფნი შიშით მიუპყრეს ყურნი ტანჯული მეფის ხმას არ გაინძრნენ, კრინტი არ დასძრეს, რომ უდროვოდ არ გამოეფხიზლებინათ ვაჟკაცი: საჭირო იყო მცირედი დასვენება თუ შვება მისცემოდა ფრიად მაშვრალსა. არ შეინძრა მეფე: მის ყურთათვის უსმენელი იყო მისივ ხარხარი. ტანჯული გონება მკაფიოდ განუმეორებდა მძინარეს ყველა იმ სურათს, რომელი ბოლოს ჟამს მიეპყრო მისთვის ცხოვრებას. არ ისვენებდნენ, ძილშიაც არ ყუჩდებოდნენ აშლილი მისი ფიქრები. წამოვიდა ვეშაპი, მძიმედ ჩამოეშვა, ჩამოწვა საავდრო ღრუბელივით. ცეცხლს აფრქვევს, ტოტს იწვდის აშოტისაკენ, რომ მოუსპოს მას იმედი უკანასკნელი, გაანადგუროს ის, ვით მეფე: არარადა ჰყოს ის. საზარელ ვეშაპს სახე იზიდის ძისა აქვს, თვით ხალილია იგი, ვეშაპად ქმნილი, თვალსისხლიანებული, ცეცხლის მფშვინავი. აღარა აქვს აშოტს გზა განსარინებელი. ჰსურს ვაჟკაცურად მაინც დაიღუპოს, ბრძოლაში მოკვდეს. წელს არტყია ხმალი განთქმული. ახ, მოსდუნებია მაჯა, ვეღარ ამოუწვდია მახვილი ქარქაშიდან. განსაცდელში მყოფი აშოტი ჰხედავს ნათელ ბუმბერაზს, რომელი იქვე სდგას აღჭურვილი, მის ახლოს. დაჰყრდნობია ის ჰოროლის ტარს დაფიქრებული. ვერა ჰხედავს ვერც ბედშავ აშოტს, ვერც ვეშაპს გალაღებულს. არ ესმის მას მსხვერპლად გამზადებულთ ზახილი განწირული ღრმა ფიქრშია იგი შეცურებული, საუკუნო რამ განზრახვას ჩაჰმზერენ დახშული მისი თვალები. მოჰკრა ვეშაპმა ბრჭყალი უფლისწულ ადარნასეს და გაიღიმა ბოროტად. შეინძრა ბუმბერაზი ნათელი, წუთს მიაქცია თვალი აშოტისაკენ. გაიბრძოლა მეფემ, მიეცა ძალა მის მარჯვენას. იელვა ხმალმა, მოჰკვეთა ვეშაპს გაწვდილი ტოტი... მძლავრად მოქნეული მკლავი აშოტისა მოხვდა მიწას და გაეღვიძა გვემულს ჩვენებათაგან. მიმოიხედა შეუგნებლად. მიჰხვდა ყველაფერს. გაიხსენა სინამდვილე ჯვარი გადისახა: მადლი შესწირა მეუფეს სასწაულუბრივ გადარჩენისათვის. მაინც მიენიჭებინა ეს მცირეოდენი დასვენება მისთვისაც, მის ღვაწლზე თანამოზიარეთათვისაც. აშლის დრო იყო: აისს შეემაღლნა. გარიჟრაჟდა. მტრედისფრად შეშუქებულ ცას წითელი ზოლები აესახა. სიომ დაჰკრა მწვერვალებიდან მაგრილებელმა, გამამხნევებელ ჟრუანტელად უვლიდა იგი ნიავი მებრძოლთა ტანს გაფოლადებულს. აიშალნენ ხალხის გუშაგნი. იქვე ფერდობში წყაროდ გადმოდიოდა ყინული. პირი იქ შეიბანეს მეფემაც, მისმა თანამშრომლებმაც. მშვენიერმა დილამ, უმანკო ჰაერმა უკეთეს გუნებაზედ დააყენეს გამარჯვებულნი. - დახე ბარძიმ, როგორ დინჯად სძინავს ხალხს. ბავშვური სასოებით მიჰნდობია თვის მფარველ ჯვარს თუ ადგილის ხატს. - მიჰნდობია იგი აგრეთვე შენს მარჯვენას რვალისას, ღვთივ-გამოწრთობილ გონებას ფხიზელს, - დასძინა ზაზამ. - და ისევე ცოდვაა გაიტეხოს კაცმა გული, მფარველად არ ადგეს მათ ყოველ ჟამს, როგორც შეუწყნარებელია მშობელმა დასტოვოს მძინარე ჩვილი, უკუდგეს იგი განსაცდელის დროს, - ასმინა ბარძიმმა. ბერ აღმზრდელს ჯერეც შეჰშვენოდა წვრთა თვის ზრდილისა. 14 როცა მთლად დარწმუნდა დედოფალი, რა დიდი გამარჯვება მიჰნიჭებოდა აშოტს, დაწყნარდა სრულიად; ისევ აივსო ფრთიან იმედებით, იმას წინადაც ვერ დაეჯერებინა თავისი თავი, რომ შესაძლო იყო მეფის სრული დამარცხება, დედოფლური მისი პატივის დაკნინება. აშოტ დიდის თანამეცხედრე თავის თავს ქართველთა დიდ დედოფლადა ჰხადოდა, განგებისაგან მოვლინებულად და მოუთმენლად ელოდდა იმ დღეს, როდესაც თბილისში ამაყად აღიმართებოდა ბაგრატიონთა დროშა მაღალი, რომ საჩინარქმნილიყო იგი მთელ საქართველოს მკვიდრთათვის. გულში კიდეცა წყრებოდა ამაყი, რომ აშოტი მეტის სისწრაფით არ ასრულებდა ამ თავის მოწოდებას, რომ ჯერ ისევ მის სამფლობელოს გარეშე იყო თბილისის არე და კუხეთ-კახეთი. იმასაც უგულოდ უყურებდა დედოფალი, რომ აფხაზნი ცალკე სამეფოდ განკერძოებულიყვნენ, თუნდაც თვით აშოტის სიძისა და ერთგული მომხრის ხელში. - ზეცით ნაკურთხია გვირგვინი ბაგრატიონთა და სანამ იგი ჩვენ გვიპყრია, ჩვენვე უნდა გვეჭიროს უკლებლივ მთელი საქართველო, შეერთებული ტომი ქართველთა. ესეა განგებული ღვთისაგან! - ბრძანებდა დედოფალი დარწმუნებული. ავიწყდებოდა ზვიადს, რომ იგი გვირგვინი დიდებისა მიენიჭა ბაგრატიონთა წინაპარს, ვით მონას უფლისას წრფელად თავმდაბალს, ტვირთმძიმეთა თუ მაშვრალთა ხელის ამბყრობელს, ხალხის გულითად მოსიყვარულეს, რომელი მზად იყო ფეხი დაებანა უკანასკნელისათვის, მოეშორებინა მისთვის მწიკვლი თუ მღილი ბეჩავობისა, თუნდაც თვით მიეღო სასმელთან ერთად მატლი იგი დავრდომილობისა ეს არ ახსოვდა დედოფალს ბედში მყოფს. არც მაშინ გაახსენდა ეს იმას, როდესაც ბოროტად მომღერალმა იღბალმა დასცა სვესვიანობა მათი, მიწას განართხო. ვერც შეიგნო დედოფალმა სავსება ამ უბედურობისა, ვერ შეურიგდა მას, ვერ იტვირთა. - როგორ, აშოტი მთლად დამარცხდა ვიღაც სარკინოზთაგან?! მეფის ლაშქარმა თბილისი ვერ აიღო, თვითც გაიფანტა სირცხვილეული?! თვით მეფეც იღბალჩაშლილი მოილტვის აქეთ უკუქცეული?! - ჰკითხავდა განცვიფრებულ-განრისხებული დედოფალი მსწრაფლმსრბოლელს, რომელმაც მოართვა მას შავი დღის ამბავი და მეფის სურვილი, შემზადებულიყო გზად წასასვლელად. - ცვალებადია, დედოფალო, ეტლი ბრძოლისა, მიწყივ მბრუნავი. ჩვენთვის უკუღმა დატრიალდა წაღმა მავალი ბედის ბორბალი... მყის უნდა აღსრულდეს ნება მეფისა! სდუმდა დედოფალი წარბშერჭმული, უკმეხადა სდუმდა განგებისადმიც მრისხანე. ჩაალაგეს სამეფო ბარგი. დაიძრა მეფის ოჯახი. სდუმდა დედოფალი გზაზედაც. თბილი სიტყვა შეჰყინვოდა გულგამეხებულს. მისწვდა თვის ლტოლვილ ოჯახს მეფე ძლეული. ცივად დახვდა მას თანამეცხედრე. არავითარი თანაგრძნობა ძლეულისადმი! ტანჯვა კი ცეცხლის მახვილით გულს უპობდა შარავანდედჩამქრალს აშოტსა, ტვინს უდაღავდა. არცერთხელ არ შეჰღაღადა ქალმა ღმერთს ყოვლადშემძლებელს, არ შესთხოვა, გარემიექცია მას პირი თვისი ცოდვათა მათთგან და კვლავ მოევლინნა ძლეულთათვის ანგელოსი მფარველი. უსიტყვოდ უწყრებოდა ზვიადი ქმარს დამცირებულს, ლაშქარს ბრძოლაში წელგადაფშვნეტილს; ბედს ბრმას, რომელმა უკუდასწია ეტლი მათის დიდებისა; თვით განგებას ყოვლადძლიერს, რომელმან შეუგნებლად უარჰყო ნათელი სვლა ქრისტეს მსახურ მეფეთა და მიანიჭა გამარჯვება ვიღაც უსჯულოს, მგმობელს ჯვარისა. ესევე იყო გაქვავებული დედოფლის გული მაშინ, როცა განწირული ბრძოლის მოლოდინში დააწინაურა აშოტმა თავისი ცოლშვილი და მასთან ერთად ლტოლვილი ხალხი. საბედისწერო ბრძოლის წინ გამოეთხოვა ხალხს ერთგული მისი დარაჯი აშოტ, აწ უკვე მკლავშემუსვრილი, მზნეულ-დაკნინებული. შებრუნდა კარავში, დაჰკოცნა შვილები განსაცდელში მიმავალმა და მიუბრუნდა მეუღლეს, რომ გამოსთხოვებოდა ქალს თანამგრძნობელს. გულშემატკივარი ქალის მაგივრად მას დაჰხვდა მხოლოდ დედოფალი, უკმაყოფილო განსახება სხივმფენ დიდებისა, რომელს უკადრისი ჩრდილი მისდგომოდა აშოტისაგან უშნოდ მოქნეულ ხმლის გამო. აწ ვაჟკაცის ვალი იყო მახვილთა ელვარებითვე მსწრაფლ გადაეფანტა მის მზიურ პირიდან ნისლი მაბუნდებელი. ის კი ტკბილ გამოთხოვებაზედ ფიქრობდა! დაარიგა: - ფრთხილად! ჰაზრიანად! ჩვენც, ხალხსაც შენზედ დაგვიმყარებია სასოება. მთლადაც არ გადატყდეს ბაგრატიონთა სკიპტრა შენს ხელში გაბზარული; არ ჩაბნელდეს სვე-ბედი შენის მემკვიდრისა, შენის სამეფო სახლეულობისა! მიუპყრო თვალმორიდებულმა სახე გამოსამშვიდობებლად, მოვალეობის აღსასრულებლად. მცირედ შეყოყმანდა აშოტი და ემთხვია მეუღლეს შუბლზედ. გამოტრიალდა. უკვნესოდა გული: მას უნდოდა ერთს წამს ჰხლებოდა მოყვარულ ცოლს, დაეკოცნა მიმავალს ლოყა, ეთქვა საიდუმლოდ სიტყვა ნაგრძნობი, შეესმენინებინა მისთვის ძახილი გულისა, მოესმინა თვითც ხმა თანამგრძნობი. ტყუილად! ამაოდ! - ქალი კი არ არის ეს სისხლ-ხორცით თხზილი, გრძნობის სითბოთი სულდგმულებული, კერპია ხისა მორთულ-შემკული, სადიდებლად კვარცხლბეკზედ მდგარი. ეჰ, ეგეთია იგი ყოველ ჟამს, ეგეთი იყო. ამაოდ ვეძებდი მასში ჩვილ-ტკბილ გრძნობათა სავანეს, ხანდისხან მაინც გულუბრყვილოდ მომხიარულეს, სიცოცხლის ეშხით აღსავსეს, ცხოვრების სიმწარეთა დამატკბობელსა. ცივია მისი სული და ცივია ჩემთვის სამეფო პალატნიც ქვეყნიურთა კეთილთა მიერ სავსებით სავსენი, - ფიქრობდა მიმავალი მეფე. და სტკიოდა გული. ეს ტკივილი მით უფრო მწარე იყო მისთვის, რომ მისი გაჩენა შეუძლებელი იყო მისთვის, მეტადრე ამ ჟამს, როცა შიშით შეპყრობილი ხალხი მხოლოდ მასღა შეჰყურებდა სასოებით, როგორც რამ ღმერთს ზედმიწევნილ გასაცდელთაგან ხსნად მიმავალს; მაინც ისევ საწყალი ხალხის ხილვამ შთაჰბერა მას სისრულე მხნეობისა, მამაცობისა: იმაში ჰპოვა მან ის თბილი გრძნობები, რომელთ ამაოდ ეძებდა თავის კერაზედ; რისხვადატეხილი და დამდაბლებული ხალხი იყო ის, ვინც შემდეგშიც გულითად მადლობას შესძღვნიდა მას განსაცდელთაგან დაფარვისათვის და აწც აღავლენდა მის გამარჯვებად მხურვალე ლოცვას წინამე ზეშთა მეუფისა. ამ განწირული ხალხის ნახვამ თვისივე ნებისყოფა მთლად ხელში მისცა აშოტს. მოეგო თავს მეფე მძლეველი, ყველას თავი მოაწონა თავის სირისტიანობით, გულშემატკივრობით, მამობრივი მზრუნველობით და იმედი შთაუნერგა თავის ვაჟკაცური იერით თუ ღრმა რწმენით, რომ ღმერთი მიანიჭებდა მას ძალას, დაეცვა საქრისტიანო მტრისაგან გალაღებულისა. - აშოტის ხმალი გვფარავს ჩვენ ყველას, ვით საფარველი დედისა ღვთისა! - წმინდა გიორგია იგი, რაშზედ შემჯდარი, თვისის ჰოროლით ვეშაპთ მსპობელი! 15 ეხლაც ისევ მადლიერმა ხალხმა მოიფიქრა შესაფერი პატივი ეცათ დიდებული გამარჯვებული მეფისათვის, რომელს უკვე დაეთავებინა სარკინოზთა აღხოცვა და პირი ექმნა ლტოლვილთა ბანაკისაკენ. ხალხის მხსნელად და მფარველად მოვლინებულ მეფეს უნდა ეგრძნო თავის ერში უჩრდილო სიხარული გულის საამო; უნდა აღმოფხვრილიყო მის სულში ნასახიც იმ ტკივილებისა, რომელიც განეცადა მას თავის დამარცხების დროს! დიდი იყო ის მარცხი, კინაღამ წარსტაცა იმან ნაშრომი მთელი სიჭაბუკისა და თვით სამეფო სამკვიდრებელი; იქნება თავიც, ცოლ-შვილიც შეეწირა გალაღებული მტრისათვის, სასწაულებრივ გაიმარჯვა. აწ უკვე გადაევლო უბედურების ქარტეხილს. დაეთავებინა აშოტს შეძრწუნებული მტრის დევნა, სავსებით მოესთვლა ნაყოფი თვისის საარაკო გამარჯვებისა, გაემაგრებინა გზები თუ გარდასავალნი, ჩაესხა დარაჯნი ციხე-კოშკებში და ისე შემობრუნებულიყო. აგერ მშვიდობით შეეყრებოდა თავის ოჯახს და იმ ხალხს, რომელიც განსაცდელის დროს აწინაურა თავის სახლობასთან ერთად. ამბავი მოვიდა მეფე მობრძანდება. მზის დახრამდინ აქ იქნებაო. ამ ამბავმა თითქო მაგდენი შთაბეჭდილება არ მოახდინა დედოფალზე: არ დაიმჩნია სიამე, წარბი არ შეიხარა: ისე მიიღო ეს გასახარი თქმა, თითქო წინდაწინვე იყო გამოთვლილი, სწორედ ესე დიდებულად უნდა დაბრუნებულიყო იგი ამ განწირულ ბრძოლიდან. - იქნება ვერც კი აქვს კარგად შეგნებული, რომ ასე სასიკეთოდ მოხრა გარემოებისა სასწაულებრივი წყალობაა სახიერისა. - როგორ შეიძლება?! არა, ალბათ ჰგონია, გრძნობის ადამიანური დაჩენა სხვებს დაუსწორებს მას და მით დაამდაბლებს ფრიად ბრწყინვალეს. ხალხმა გულწრფელად გაიხარა ამ ამბის გაგონებაზედ, გაიღიმ-გაიცინა სიამოვნებით, აღტაცებაში მოვიდა, თითქო აღდგომის ზართა რეკვაზედ. ხალხში მსწრაფლ დაიბადა ისეთი აზრი, რომელიც ცხადად დაანახვებდა მეფეს ერის მისადმი დიდ სიყვარულს, განაცდევინებდა სიხარულს, რომელი უჭკნობ ყვავილად გადიფურჩქნებოდა მის ლამაზ გრძნობათა წალკოტში. დაასკვნეს ზეიმით შეჰგებებოდნენ მომავალ გმირს გამარჯვებულს, მიელოცნათ მისთვის წყალობა ღვთისა. მოედვა ეს ჰაზრი ბანაკს, იპოვა მან სახეც განსაზღვრული. ეახლნენ დედოფალს და მოახსენეს: - ხალხი აღტაცებაში მოიყვანა გამარჯვებული მეფის მშვიდობით დაბრუნებამ. ყველა ლიტანიობით მიდის გმირთ შესახვედრად. დასტურსა გთხოვენ, გეხვეწებიან, ინებო და სათავეში ჩაუდგე ზეიმს. დედოფალი წინააღმდეგი არ იყო, თუ ხალხი მეტს პატივს დაიმჩნევდა მის მეუღლისადმი, აღტაცებას თუ თაყვანისცემას. თითონ კი არ ისურვა ჩასდგომოდა სათავეში ამ საზეიმო მსვლელობას: ეგონა, თუ შეეგებებოდა მეფეს ხალხთან ერთად, შეუფერებლად დამდაბლდებოდა ერის თვალშიც, თავის ქმრის წინაშეც. ეს არ მოსწონდა უზომოდ განდიდებულს და შეყოყმანდა, პასუხი შეაგვიანა. მეტი ღონე კი არ იყო, უნდა ეთქვა რამ სადასტუროდ. - შეეგებენით! შეამზადეთ ყოველივე! - ბრძანა მან და მიუბრუნდა მოლარეს: - რაც ხარჯი დასჭირდება ზეიმის მოწყობას, მიეცეს ჩემის საგანძურიდან! შებრძანდა სახლში. დაფიქრდა მცირედ ხანს. ბრძანა, მიერთმიათ შესაფერი ტანისამოსი მისთვისაც, უფლისწულებისთვისაც. - ტრახტრევანდსაც ბრძანებ, დედოფალო? - არა! აქ შევხვდები მეფეს, უფლისწულებიც. ხალხი გზაზე მიეგებოს, იქ მიესალმოს. გაიტანეს ხალხში დედოფლის სიტყვა. წუთს დააფიქრა მისმა თქმამ მოზეიმენი, ერთს წამს არია იგინი. ცდის დრო კი აღარ იყო, არც მსჯელობისა. მოემზადნენ. დაეწყვნენ. გაემართნენ. მწყობრად მიდიოდა ხალხი, ნელის ნაბიჯით. ისმოდა მღერა ქებისა მფრქვევი. მოახლოვდა მეფე. გადმოხდა ცხენიდან, ისე წაბრძანდა. დაქვეითდნენ ყველანი. შეტბორდა იარაღში ჩამჯდარი ვაჟკაცობა. მათი მწყობრი მოძრაობა, დაღარული შუბლი, სახე სპილენძისაგან ნაჭედი, დინჯი მეტყველება თვალებისა ძლიერ პატივისცემას აგრძნობინებდა მხილველს მათდამი, აღავსებდა მის გულს იმედით: მხოლოდ სიკვდილს ძალედვა იმათი ძლევა! სხვა ძალა არ არსებობდა მათი გამტეხი, შემარყეველი. ყველა გრძნობდა ამას. განმრავლდებოდა ღიმი ამაყი. მეორე მხარეს, შესახვედრად მოსულებში, მრავლობდნენ ქალნი აწ სახე-მხიარულნი, ველის ყვავილებივით პირად-პირადად აყვავებულნი მათთან ბალღები, რომელთ სახეზე უკვე გამქრალიყო შიში და ძრწოლა, ათამაშებულიყო სიხარული ფართო ღიმილად იყვნენ ვაჟკაცებიც, თუმცა არამრავლად. მოხუცებულნი, გატეხილნი, დაავადებულნი. ერივნენ დაჭრილნიც. იმდენად მოჯობინებულნი, რომ მათთვის შესაძლო შექმნილიყო ხალხში გამოსვლა. წითელ-ყვითლად შემკულ ქალებში ერივნენ ძაძით მოსილნიც, დათალხულები. ეს ისინი იყვნენ, ვის ქმარი, შვილი თუ მახლობელი ემსხვერპლა ბრძოლას. არა ტიროდნენ, გაჰკაჟებოდნენ მათზე მოსულ უბედურებას. იმდენი ძალაც მოეკრიბნათ, მიჰყოლოდნენ ხალხს, არ გამორჩენილიყვნენ კრებულიდან, როცა ის დღესასწაულობდა ქვეყნის გადარჩენას. საყვარელ ადამიანთა მსხვერპლად უკვე გამღებნიც შეჰღაღადებდნენ სხვებთან ერთად ერის მხსნელ გმირებს, დაღუპულ ძვირფასებთან მხარდამხარ ნაბრძოლ რაინდებს. მიახლოვდა მეფე. გადაავლო მხიარული თვალი იქაურობას; ჩაათვალიერა მოდღესასწაულენი. დედოფლის ტრახტრევანდს ეძებდა იგი და უფლისწულებს. გული მთლად გაეღებოდა ვაჟკაცს, თუ იქ შეენიშნა ისინი. არსადა სჩანდნენ. არ გამოსულიყო გურანდუხტ; არ გამოეგზავნა არც თვისი შვილები. დაღონდა მცირედ. - ზვიადობას ნება არ მიუცია მისთვის ხალხს გაჰყოლოდა. ალბათ არც ჩემი გამარჯვება მიაჩნია მეტის პატივის ღირსად. ეჰ, მისთვის მაინც მხოლოდ იარაღი ვარ დიდის დიდებისა. ოდეს სვეამაღლებული დავიპყრობ იმ დიდებას, გურანდუხტისთვის მაინც მხოლოდ აღმასრულებელი ვიქნები განგების ნებისა; იქნება სუსტი მასრულებელიც, რადგან ჯერ ვერა ვწეულვარ სურვილს სანატრელად ვერ მიმინიჭებია ჩემი ქვეყნისთვის დიდება ადერკისეული, სვესრულობა მირიანისებური, ძალთამძლეობა გორგასლური. მაგრამ როცა გამწირავს ბედი თუნდ წამიერად, უღირსიც ვხდები, არარჩეული. ასე ფიქრობს ის. უკვირს, რომ მადიდებს ერი. ალბათ ეხლაც ხალხის თაყვანი ჭარბად მიაჩნია, ხოლო ჩემი ღვაწლი მარტო თანამდებობის სრულყოფად ჩემგან. თანამგზავრთ იგრძნეს, ვის დაეძებდა თვალი მეფისა. მოჰკრეს თვალი ნაღვლის ღრუბელსაც მეფის სახეზედ. 16 ისმოდა ტკბილ-შეწყობილი სიმღერა მრავალხმოვანი: მიმავალ ხალხს მიუძღოდნენ მომღერალნი დას-დასად და ქებას შესძღვნიდნენ ერისათვის მზედ ამოსულ ბუმბერაზს. ხალხი ბანს აძლევდა, ხმას აყოლებდა; ყველას უმღერდა გული, ყველა მღეროდა თუ ღიღინებდა. მწყობრი გუგუნი ასიამოვნებდა მეომართ სმენას, რომელთ ყურში ჯერ ისევ ისმოდა აბჯართა ჟღერა, ბრძოლის ძახილი გულშემზარავი, განწირულ მსხვერპლთა ძნელხმიანობა სულის მხუთავი. შესწყდა სიმღერა. ჩამოდგნენ მოწინავე დასნი, გზა მისცეს მიმლოცველებს. ახალგაზრდა ქალს მის გვერდით მომავალმა ბერიკაცმა ხელთ მისცა ტაბაკი და შემოდგომის ყვავილთაგან შეთხზილი მცირე თაიგული. ქალმა მდაბლად დაუკრა თავი მეფე-ბუმბერაზს, მიაპყრნა მას თვალნი და მოახსენა: - მიიღე, ხელმწიფეო მხსნელო, მცირე ზღვენი ნიშნად თაყვანისცემისა. ეს თაიგული იმის მომასწავებელია, რომ სიხარულით ააყვავა შენმა მარჯვენამ განსაცდელით ჩამჭკნარი ჩვენი გული... აქ სიტყვა შემოაკლდა ქალს და თვისი გრძნობა გამოხატა საიშვიათო შეხედვით, რომელში ისახებოდა ერთსა და იმავე დროს მოწონება, აღტაცება, თაყვანისცემა, სასოება უსაზღვრო. მოკამკამე ცასავით უძირო თვალთაგან ქალისა იხედებოდა იმ წამს მისი გული მძლავრად ღელვილი, მისი არსება საამოდ განცვიფრებული. მეფემ თვალი დაჰკრა მანდილოსანს, რომ აღებეჭდნა მისი სახე თავის გონებაში, გარნა ქალის თვალთაგან გამომჭვირვალე ლაჟვარდ სხივებმა მოსტაცეს მას ხედვის ისარი და სავსებით აავსეს მისი სული, შთანთქეს მისი ყურადღება, მთლად ცნობიერება. ვაჟკაცი აწ ჰხედავდა მხოლოდ სასოებით მისდამი მიპყრობილ ცისფერ თვალებს, რომელნიც ეთაყვანებოდნენ მას, ეალერსებოდნენ, თან ლამაზი კდემით ეფარებოდნენ საჩრდილად დახრილ წამწამთა დასებს. აშოტმა მხოლოდ ეს მეტყველი თვალები შენიშნა ქალის სახეზედ. ანდამატის ძალით მიზიდული ვაჟკაცი ვეღარც მოსწყდებოდა ჯადოსან თვალებს, თუ წინ არ წამდგარიყო კაცი მხცოვანი. მოახსენა: - მძლეთა მძლეველო! ეს ზეიმით შენ წინაშე სვლა, შენ თაყვანებად მოგებება - ქალთა და ყრმათა დღესასწაულია: ისინი გილოცავენ დიდ გამარჯვებას ეს იმიტომ, რომ ყველა ვაჟკაცი შენთან არის შენსავით თავდადებული. ვურევივართ ქუდოსნები, მაგრამ ისეთნი, რომელთ მეფის და ხალხის წინაშე ვალი უკვე მოგვიხდია: აწ ჩემისთანა წელთა სიმრავლით უღონოქმნილნი, აწ ბრძოლის ველზედ დაჭრილ-დაავადებულნი. მიიღე ჩვენგან, მფარველო ჩვენო, სამადლობელი ესე სალამი. შესძლო აშოტმა თვალი მოეწყვიტა ქალისათვის. აიღო ღვინო. მიჰმართა: - მადლობასა-გწირავთ! გამახარა და გამამხნო ამ მოგებებამ. არ მოვაკლო ჩემ ხალხს პური და ღვინო, სანამ ცოცხალი ვარ. არ მოვსცილდე თქვენს სამსახურსა. შევსწირო თავი ჩემს სამეფოს და ჯვარს ქრისტესას გაუმარჯოს საქრისტიანოს! - გაუმარჯოს მეფეს დიდებულს! გაუმარჯოს მთელ საქათველოს! - და ამის ნიშნად, რომ სუნნელ ყვავილად გარდაშლილა გული ჩემი თქვენის მშვიდობით ნახვით, სიამით მივიღო თქვენგან მოძღვნილი ყვავილთა კონა! - დაათავა მეფემ. ამ სიტყვების მოსმენაზე ქალმა მარჯვედ მიართვა აშოტს თაიგული და ხელზედ აკოცა. მეფე შეეხო ბაგით ქალის დახრილ თავს, ხოლო ბერიკაცს ვაჟკაცურად გადაეხვია. - სადა ბრძანდებიან დედოფალი და უფლისწულნი? - სასახლეში გელიან გახარებულნი. გზა გაუხსნეს მეფეს მიმავალს. შეუდგა ხალხი აშოტის კვალსა. უბრალო სვლა არ იყო ეს, ლიტანიობა იყო, სამხიარულო სვლა ბედნიერის ერისა. სიმღერა, საკრავთა ხმა პირად-პირადი, ბაასი, სიცილ-თქართქარი, მოკითხვა აღტაცებული, კოცნა მხიარული. მოსულნი მხედარნი და შეგებებული ხალხი ეხლა არეულნი იყვნენ ერთმანეთში. ბევრს თავისიანი ეპოვნა და ეხვეოდა. წესს აღარავინ დასდევდა აწ. აღარც საჭირო იყო: მთელი ხალხი უსაზღვროდ მხიარულობდა, როგორც ერთი ოჯახი მექორწინე და ყველა ისე ჰხატამდა თავის აღტაცებას, როგორც შეეძლო და ეხერხებოდა. სიჩუმე ჩამოვარდა მხოლოდ მაშინ, როცა მიუახლოვდნენ სამეფო სადგომს. აქ მეფეს შეეგება სადღესასწაულოდ მორთული გურანდუხტი თავის შვილებით მის თანმხლებ სეფე-ქალთა შორის ორი მონოზანიც იყო. ეს დედანი ხშირად ახლდნენ თან დედოფალს. საეკლესიო დროშა გაეშალნა სასახლის ხუცესს. ჯვარით აკურთხა მოძღვარმა მეფე. გახარებულმა ვაჟკაცმა პირს აკოცა დედოფალს და მერმე დასწვდა ბალღებს, თითო-თითოდ აიყვანა და ისე დაჰკოცნა. ამაყად იდგა დედოფალი, დიდ-მედიდურად. ცდილობდა, შეგებებას მეფური დარბაზობის იერი მისცემოდა ხალხის წინაშე. ანიშნა ეს აღელვებულ-აღტაცებულ მეუღლეს. აშოტი დაუწყნარდა თავს. იმან ეხლა იგრძნო, როგორ გრილად შეჰხვდა მეუღლე მის მგზნებარე ამბორს. დედოფალმა აიმაღლა ხმა: - მართლმსაჯულია ღმერთი! გარე შეაქცია ჩვენგან პირი თვისი, და გვეუფლა მტერი. ბნელმა დაჰფარა დიდება ჩვენი. ლტოლვილ ვიქმენით ცოდვათა ჩვენთათვის მოგვევლინა ეს! გარნა ყოვლად მოწყალეა მეუფე: რა მოვინანეთ, სასწაულებრივ გვიხსნა მდევართა ჩვენთაგან და გაგვამტკიცა მათ ზედა. გვმართებს გლოვა სინანულისა, რათა არღა გარეშეაქციოს პირი თვისი ჩვენგან, და სიხარული სამადლობელი! მოწიწებით უსმენდნენ დედოფალს. გულს კი არ სწვდებოდა მისი სიტყვები. ხალხს უბრყვილო სიხარული სწყუროდა გარდასულ ჭირთა სანაცვლოდ და არა გლოვა სინანულისა. ვაჟკაცს თბილი სიტყვა ჰსურდა სურვილით, მოსიყვარულე გულიდან აღმომხდარი. ხმა საალერსო და არა ოხვრა რამ მონანებისა მეფესაც, ხალხსაც პური უნდოდათ პოხილი, სუნნელად მცხვარი, ის ქვას აწვდიდა მათ თუ ნაფოტს განხმელს. დედოფლის თქმამ წრფელი აღტაცება ვერ გამოიწვია ვერც ხალხში, ვერც მეფის გულში. მაინც აგუგუნდა ხალხი, ხმა აიმაღლა სამადლობელი. მთელი ღამე გუგუნი იდგა სამხიარულო, ლხინი იყო თვით აისამდინ, უჩრდილო ღრეობა მზის ამოსვლამდინ გარდარეული. გასცა მეფემ ბრძანება: დავლის ნაწილი ეკლესიებს და მონასტრებს ასაგებ-გასამშვენებლად; დანარჩენი - ხალხს, ომისა თუ აყრის გამო დაზარალებულს. 17 ომიდან დაბრუნებულ მეფეს ხალხი და ჯალაბი ხერთვისში შეხვდა. მტერი რომ ფარავანის პირს წამოეწია აშოტს, ლტოლვილი ხალხი და მასთან მეფის ოჯახი ჯერ ისევ სანსრების მინდვრებში იყვნენ. გაუმარჯვდა აშოტს. როცა ეს სასიხარულო ამბავი აცნობა აშოტმა დედოფალს, თან მიუწერა გაფრთხილება, რომ ამ ღვთისწყალობის გამო ხალხი საბოლოვო იმედებით არ აღვსილიყო და არ დაეტოვებინა სათანადო ზრუნვა თუ სარისტიანობა. - ისევე განაგრძეთ გზა, თითქო მტერი ფეხდაფეხ მოგსდევთ. ძლევის ეტლიც მბრუნავია და ცვალებადი: სჯობს უშიშარ ადგილამდის უწიოთ და იქ შესდექ. იარეთ ხერთვისამდინ. შენ თითონ ციხე-დარბაზში დაბინავდი. ხალხი გარშემო დახიზნე, უბრძანე ეს ჩემი ნება ომანს, ლტოლვილთა დამცველ რაზმის მოთავეს, - სწერდა აშოტი დედოფალს. უკლებლივ ასრულდა მეფის ბრძანება. სინამ აშოტი სდევდა გაფანტულ მტერს, ომანი სარისტიანად განაგრძობდა გზას. აშოტის დაბრუნებამდინ კიდეც დააბინავა მისი ოჯახიც, ლტოლვილი ხალხიც. ადვილი არ იყო ეს საქმე კერიდან აშლილი და ნიადაგს აცილებული ჯალაბები დიდს გაჭირვებას განიცდიდნენ ყოველ მხრივ. საჭირო იყო რაიმე წესის დამყარება მათ შორის; საზრდოსი თუ ტანისამოსის მიწოდება მათთვის. მით უფრო ძნელი იყო ეს, რომ მიმავალ ხალხს თან ახლდა მრავალი დაჭრილი თუ დაავადებული მებრძოლი, რომლებიც იქითვე იგზავნებოდნენ ხალხთან სამყოფელად. ომანს მაინც გაუჭირდებოდა ყველაფრის მოწყობა და მოწესრიგება, თუ გამარჯვების ამბავს ხალხი არ დაემშვიდებინა და თან მახლობელი სოფლები არ მიშველებოდნენ ლტოლვილებს: ყველა სოფელმა შემწეობა აღმოუჩინა მათ, ბევრმა კომლეულმა ჩამოარიგა მოსავლელ-შესანახი. ეხლა მეფე რომ მობრძანდა ხერთვისს, ყველაფერი მოწესრიგებული დაჰხვდა და დონეზედ დაყენებული. მაინც თანდათან ადვილდებოდა ეს რთული საქმე: მრავალ ლტოლვილს მისცემოდა შეძლება დაჰბრუნებოდა თავისსავე კერას. დნებოდა რიცხვი გამოხიზნულთა. აშოტმა ცოტა ხანს დაჰყო ხერთვისს, განაგრძო გზა შავშეთისაკენ. მიზნად დაესახნა ფანავარის ციხე, შავშეთის მდინარის ჭოროხთან შესართავში. მაგარ ადგილას იყო აგებული ეს ციხე, ლიბანის ხეობის პირას, ძნელად სავალისა. ციხის ახლო იწყებოდა ისპირის ხეობა, ხოლო ამ ისპირის სათავეში მდებარეობდა განთქმული გარდასავალი “ქართლის კარი”, რომელზედაც გადმოდიოდა გზა ბიზანტიიდან. ფანავარის ციხეს აღმოსავლეთით, სათლის ხევის სათავეში, იდგა ციხე-ქალაქი თუხარისი, მაგარი ბჭე ფანავარისა. ამაზედ მაგარ ადგილს ვერ მოსძებნიდა მაშინ აშოტი და მისი ჰაზრიანი თვალი ამისთვის შეჩერდა პირველ ხანში იმ ადგილას. ციხეში, მართალია, არ იყო სამეფო პალატები თუ ბრწყინვალე დარბაზები მდიდრად შემკული, მაგრამ საკმაო ბინები მაინც მოიძებნებოდა მეფისა და მის ოჯახის პირველ ხანებში დასავანებლად. - დავაბინავებ სახლობას, საჩქაროდ მოვაწყობ ყველაფერს და ისევ დავბრუნდები. იმედი მაქვს ჯარიც შევკრიბო შავშეთში. მანამ თქვენ თვალხმიერად იყავით აქ და სარისტიანად. იცოდეთ: ისევ ბრძოლის კარსა სდგეხართ და გალაღებულ მტრის წინაშე! - უბრძანა მასთან შეკრებილ სარდლებს. - არა, ბატონო მეფევ, - ძლეული მტრის წინაშე ქედმოხრილისა! - მაინც გალაღებულისა, ჩემო კარგო! იზიდის ძემ ისეთი დიდი ბრძოლა მოიგო მაშინ თბილისის გზაზედ, რომლის შედეგი სწორედ აურიცხველი იქნებოდა, თუ უნარი გამოეჩინა და გამოეყენებინა ნაყოფი ძლევისა. - ვერ შესძლო ბოლომდის მიეტანა გამარჯვება, სასიკეთოდ დაესკვნა იგი თავისთვის: ღმერთმა კვლავ გადმოგვხედა წყალობის თვალით. - მაგრამ გახსოვდეთ, სახიფათო მდგომარეობა მაინც ჯერ არ აგვცდენია საბოლოვოდ: მოვლენ გონს სარკინოზნი, შეჰკრებენ ძალებს და კვლავ აღდგებიან ჩვენზედ უსჯულონი, მოზღვავდებიან. იძლივნენ, მაგრამ მაინც დიდი ძალები უნდა ჰქონდეთ ხელთ; ბაღდადიდან მოსული მშველელი ლაშქარი, თბილისის მეციხოვნე ჯარი, სამშვილდეს, ფარცხისის და კოჯრის რაზმები, გრიგოლ ქორიკოზის დამხმარე დასტები... - გრიგოლ ქორიკოზი ჩვენი გამარჯვების შემდეგ კვლავ მხარს დაუჭერს ჯვარის მტერ აგარიანთ? - დარწმუნებული ვარ! სჯულის ღალატი ქსნის ხეობაში დაამტკიცა მან: სარკინოზთა გვერდით იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ. ეხლაც იმათ ამოუდგება მხარში. - იგემა მაშინ ნაყოფი განდგომილობისა და კვლავაც იგემებს ღვთის მადლით! - სიფრთხილეს თავი არა სტკივა, მაგრამ ვგონებ, შიში აღარ არის ჯერხნობით: დრო უნდა, სანამ საომარ ფეხზედ დააყენებენ აბნეულ ჯარს და შემოგვბედავენ. - ისიცა ჰგონიათ, ბიზანტიელთა ლაშქარი გახლავს შენ ეხლა, და გაფრთხილდებიან, ადვილად არ გამოვლენ ციხეებიდან. - ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელი იქმნება, თუ ასრულდა შენი თქმა, მაგრამ მაინც ძალიან მზირად უნდა ვიყვნეთ ამ ერთს თვეს, სანამ თოვლი შეჰკრავს აქაურ გზებს თუ იწროებს. მერმე საშიში აღარ იქნება: ზამთარში ვერ გაბედავენ შემობრძოლებას და თუ გაბედავენ, სანანური გაუხდებათ მათ თავხედობა, - დაათავა აშოტმა. და დაავედრა, მტკიცედ აესრულებინათ მისი ბრძანება. აშოტი მარტო დარჩა დარბაზში, გონების თვალწინ ცხადად დაეხატა ის საბედისწერო ჟამი, როდესაც იძულებული შეიქმნა თბილისის მიდამოებში შებრძოლებოდა კაცით უეცრად გამდიდრებულ მტერს და დამარცხდა. კინაღამ თავი წააგო. საფუძვლით შეირყა მისი სამეფო ტახტი, თან არ ახლდნენ მაშინ მოკავშირენი. ბიზანტიის ლაშქარი ვერ მოესწრო; ჯერაც არ მოსულიყო იგი. აფხაზთა მეფე თეოდოსე სწერდა, ჯარს ვგზავნი შენის სურვილისამებრო, მაგრამ არც რიცხვს აღნიშნავდა მაშველ რაზმებისას, არც დროს მათის გამოგზავნისას. უგულობა ეტყობოდა წერილს. - ძნელია ეხლა ჩემთვის ლაშქრის შემცირება: საფიქრებელი ურთიერთობა შემექმნა ჯიქეთთან. მაინც სად წაუვალ შენს სურვილს, ძლიერ მეზობლის და მოყვარის ბრძანებას?! - ათავებდა წიგნს თეოდოსე. მაშინ აშოტმა ყურადღება არ მიაქცია წერილის მლიქვნელ კილოს, რადგან მისი გონება ძლიერად იყო იმ ჟამს სხვა საგნით შეპყრობილი. ამბავი მოუვიდა, სარკინოზთა ლაშქარი მოდისო ბაღდადიდან ემირის საშველად, დიდად გამოცდილი მხედართმთავარი უძღვისო წინ. აშოტმა განიზრახა გზაზედვე გაეტეხა მომავალი ჯარი, სინამ შეეყრებოდა იგი თბილისში დაბანაკებულ ლაშქარს. მაინც ყოყმობდა, მოკავშირეებს უცდიდა, მათ მშველელ რაზმებს. ამ დაყოვნების ბრალი იყო, რომ ის დროზედ ვერ მოსწვდა თბილისისაკენ მიმავალ ლაშქარს, ვერ მოასწრო საჭირო ადგილებში ეყელნა მტრისათვის და იძლია საარაკოდ. კიდევ კარგი, მტერმა ვერ მოახერხა გარს შემორტყმოდა ქართველთა ლაშქარს. ალგეთის ხეობამ მისცა გზა ძლეულ მეფეს და ლტოლვილ ქართველებს; შეძლება მისცა მიუვალ ხევებისა და უღრან ტყეებისათვის შეეფარებინათ თავი. თუ ქართველებს ეს ძლიერი ადგილები არა ჰქონოდათ ზურგთ უკან, სულ გასწყდებოდნენ, ვერც მეფე გადარჩებოდა ტყვეობას. 18 - მაინც როს მომაგონდება გარდასრული განსაცდელი მადლობას ვწირავ ღმერთს; ხაფანგში მოვყევით მაშინ მეც, ჩემი ლაშქარიც: თუ ადგილმდებარეობის მცოდნე მტერი გვდგომოდა წინ, შეუძლებელი შეიქმნებოდა ჩვენი გადარჩენა. ალბად ვინმემ წინვე აცნობა მათ ჩემი განზრახვა, ჩვენი გზა-კვალი, რომ სამშვილდედან მომავალი მათი ლაშქარიც საომრად მომზადებული შეგვხვდა, თბილისის მეციხოვნე ჯარიც ბრძოლის დროს მოესწრო იმათ მაშველად. კარგი, რომ ალგეთის ხეობა ვერ შეგვიკრეს, ვერ მოგვიმწყვდიეს, თორემ ხანჯლის დაცემაღა მიხსნიდა სამარცხვინო ტყვეობისაგან. - თეოდოსე აფხაზის ქცევა კი სწორედ ჩასაფიქრებელია მისი ჯარი არ შემოგვიერთდა, განსაცდელის დროს აფხაზნი გვერდით არ მედგნენ. ბრძოლის ჩარხი სხვანაირად დატრიალდებოდა. თუ მომსწრებოდნენ მოკავშირენი. უნდა კი მოესწრო, თუ დროზედ აესრულებინათ ჩემი შენათვალი. მაგრამ... - ქსნის ბრძოლის შემდეგ იმ ჩემმა სიძემ იგრძნო ის. რასაც გრძნობდა და ფიქრობდა დავით კახელი, როდესაც უსჯულოებთან ერთად შემომებრძოლა მე: საქართველო განუყოფელი უნდა იყოს, მას ერთი მეფე უნდა ჰყავდეს. ერთი განმგებელი რა მე დამადგინა განგებამ მმართველად, სხვა ყველა, კახთ ბატონი იქნება ის, თუ აფხაზთ მთავარი, ჩემი ხელქვეითი უნდა იყოს და ქვეშევრდომი ეს იცის თეოდოსემ და მისთვის არ ინება საჭირო ჟამს ჩემი გამაგრება. თუ თბილისი ამეღო და მომესპო სარკინოზთა ურდოები საქართველოში, კახეთიც, აფხაზეთიც შემოუერთდებოდნენ ჩემს საბრძანებელს, ესე უნდა მოხდეს, გურანდუხტიც ამასა ფიქრობს. მხოლოდ ის უფრო ისწრაფის, მოთმინებას ჰკარგავს მისი ბრალია, რომ თეოდოსი აფხაზი გულისხმაში ჩავარდა: ხშირად უბნობდა იგი მასთან ამ შორეულ მიზანზედ, გულახდილად ლაპარაკობდა ამ სახელმწიფო საგანზედ. მის ყურადღებას უნებლიეთ აქცევდა მასზედ. ოცნებას მიეცა აშოტი ამ მიზნის განხორციელების შესახებ. იგი მისწრაფება აკმაყოფილებდა მის მეფურ თავმოყვარეობასაც, მის ზრუნვასაც თავის შთამომავლობაზედ და სამეფო ტახტზედ; იგი მისწრაფება სავსებით ავსებდა თვითყვარებას მის მეუღლისას, რომელს სწყინდა, რომ სიტყვით იხსენიებოდა დედოფლად მთელის საქართველოსი. ნამდვილ კი ბევრად შეზღუდული იყო მისი უფლება და პატივთა სისრულე; იგი მისწრაფება ერთადერთი საფუძველი იყო ქართველთა ძლიერებისა და კეთილდღეობისა. - საქართველო პატარა არის და მისი დანაწილება აკნინებს მის ისეც მცირე ძალებს, ადვილად საბრძოლველსა ჰხდის მტრისაგან; შეერთებული კი საკმაოდ ძლიერია იგი, სძლევს მრავალრიცხოვან მტერსა: მაგარი ქვეყანა გვიჭირავს, დიდ ლაშქრისათვის ძნელად სავალსაბრუნი; ჩვენი კაცნიც მკვირცხლნი არიან, თავისუფლების მოტრფიალენი. უსათუოდ უნდა შეერთდეს მთელი საქართველო ერთ სამფლობელოდ და ეს შენივთება უნდა მოხდეს ჩვენის ხელით, ბაგრატიონთა მძლავრი მარჯვენით! - დაასკვნა აშოტმა. და შუბლი შეიკრა, მკლავნი მოიმამაცურნა: ცხადად წარმოუდგა ის დიდი ბრძოლა და ხასიათის სიმტკიცე, რომელიც დასჭირდებოდა მას ჰაზრის განსახორციელებლად. ქედმაღალ მტერთა განდევნა სამ სამზღვრებიდან, მტკიცედ შემოზღუდვა ქართველთა სამკვიდრებელისა, შუღლის ჩაქრობა ქართველთა ტომის თემთა შორის, ღირსეულად დაცვა თუ შენახვა ქვეყნისა, რომ თავისუფლად განვითარებულიყო იგი, აყვაებულიყო, მძლავრად აღემაღლებინა ჯვარი ქრისტესი და მტკიცე მარჯვენით სჭეროდა მთელ წინა-აზიაში იგი მას, ერთადერთ ჯვაროსან ერს თავისუფალს, თავისებური ცხოვრებით მცხოვრებს, განათლებით სხივშემოსილსა ჰხედავდა მეფე მებრძოლი, რამდენი ღვაწლი დასჭირდებოდა ყველა ამის სისრულეში მოყვანას; თანაც გრძნობდა თვის პიროვნებაში იმ ულევ ძალას, რომელს თანისთან შეუდრკომლად და აზრიანად ანვითარებდა მისი პიროვნება. არ ირყევოდა აშოტი, იმედიანად მზერდა მომავალს. იცოდა, რა ულეველი ლაშქარი ჰყვანდა დიდებულ ხალიფს, მაგრამ აქაც იმით ინუგეშებდა თავს, რომ ბაღდადელთა მეტოქედ იდგა საქართველოს გვერდზედ დიდი ბიზანტია. შეურიგებელი მტერი ისლამისა, სხვა სჯულის მატარებელი, სხვა სახელმწიფო ჰაზრით მსახველი ბიზანტია. - ბაღდადის ხალიფი ებრძვის იმპერატორს და ეს ბრძოლა შემთხვევითი არ არის, არც ჟამიერი, გარდამავალი: ბრძოლა გაგრძელდება, სანამ ერთი მათგანი არ მოისპობა. ამ ბუმბერაზთა კვეთებაში პატარა საქართველოს უჭირავს ორივე მებრძოლისთვის ძვირფასი ადგილი. სანამ საქართველო ფეხზედ იდგება, მაჰმადიანნი თავს ვერ დაუვლიან ბერძენთ; პონტის ზღვა აქადან დახშულია მათთვის; კონსტანტინოპოლზედ მისასვლელად ზღვის მხოლოდ სამხრეთი ნაწილიღა დარჩენიათ გზად, სწორედ ის სანაპირო, რომელიც საუკეთესოდა აქვსთ ბერძენთ გამაგრებული და დაცული... - გრძნობენ ბიზანტიელნი, რა ძვირფასია მათთვის ჩემი სამეფო, მათ დამცველ ბურჯთაგანი საქართველო, და იმისთვისაც პატივს სცემენ ჩვენს გვარს კეისარნი. აგერ ლეონსაც გამოუგზავნია ელჩი და ზღვენი მეფური. მაშველი ჯარიც გზაზეაო. ჰსურს გაამაგროს ჩემი სამეფო, რომ ამ მოწინავე გოდოლზედ დაიმსხვრას და დაიშალოს მასზედ მოსული მტერთა ზვირთები. იყავნ ეგრე! მეც მათ ძალებს გამოვიყენებ ჩემ ფიქრების ასასრულებლად: მათი დახმარებით მოვსპობ შინაურ მტრებსაც განდიდებულებს, თავიანთ თავს რომ მეფედ უწოდებენ, გარეშე მტერსაც გალაღებულს, კადნიერად რომ უქადის ჩვენს სჯულს თუ მამულს აფხვრას, ფერხთა მტვერივით მიმომობნევას, - დაასკვნა აშოტმა. და დაადგა ვაჟკაცურ მოქმედების გზას, რომელს უნდა გაეღოს მის წინ ბჭე დიდებისა, აღმატებისა. აშოტს შეეძლო ამისთანა იმედიანი ოცნება, რადგან ბედს გაეღიმნა ეხლა მისთვის და გაენათებინა წყვდიადი მისის ყოფნისა. უკვე მიწურულიყო გიორგობის თვე, უხვად მოსულიყო თოვლი, შეეკრა გზები, აევსო ნამქერით ხევი თუ ღრანტე და ეხლა აღარ შეეძლო ბრძოლა უცხო ქვეყნიდან მოსულ მტერს, ისეთი ქვეყნის შვილებს, სადაც არ იცოდა თოვლი თუ ზამთარი. უგზოობა და ყინვა ჩაჰხოცავდა მათ, თუ გამოვიდოდნენ საომრად. აშოტისათვის კი ხელსაყრელი დრო დამდგარიყო: მისი ლაშქარი ნაჩვევი იყო ტეხვრა-სიცივეს, იმისმა ხალხმა მშვენივრად იცოდა მოკლე გზები და ბილიკები ციცაბო მთებზედ, დაბურულ ტყეებში თუ უფსკრულ ხევ-ღრანტეებზედ და არ გაუჭირდებოდა დავლური ომი ეწარმოებინა მას, ნაწილ-ნაწილ ევიწროებინა მტერი, ეჟლიტნა იგი. ეს მით უფრო ადვილი იყო მისთვის, რომ ზამთრის სუსხით შევიწროებული მაჰმადიანნი ჩაშვებულიყვნენ მტკვრის დაბალ ველებზე და იქ დაბანაკებულიყვნენ თბილ ადგილებში. იქ ადვილი იყო მათთან ბრძოლა: ციხე-სიმაგრეები არ ჰფარავდა მათ და არც შეეძლოთ წინასწარ სცოდნოდათ ის ადგილი ან დრო, სადაც ქართველნი გრიგალივით ეკვეთებოდნენ მათ. - ეხლა კი დაიწყო ჩემის მოქმედების ჟამი. სხვის იმედზედ დამყარება მაინც შეუძლებელია ჩემთვის. თუ ბერძენნი მომესწრობიან გინა აფხაზნი, მით უკეთესი. სანამ კი მე თითონ უნდა ვაჩვენო მტერს ძლიერება და შევასუსტო იგი, რომ ზაფხულში ვერ შესძლოს მძლავრად მოქმედება. მოკავშირეების თვალშიც დიდი ფასი ექნება ჩემს საკუთარ უნარს; ჰნახავენ, მხოლოდ მათზედ არ დაუმყარებია ქართველს სასოება; ჯერ არც ხმალი გადასტეხია მას სისხლში ნაწრთობი, არც თუ ისარი დაჰლევია წვერგამახვილი. 19 სამოქმედო გუნებაზედ დამდგარ აშოტისათვის თქმა და ასრულება ერთი და იგივე იყო. შეუდგა ის მოძრავ რაზმების შედგენას. დაიბარა გამოცდილი მოთავეები. გაგზავნა მზვერავები მტრის საბანაკო ადგილისკენ. მეფე კაცი იყო, მაგრამ მხოლოდ ბრძანებით კი არ მოქმედებდა შორიდან, თავისი თვალით ნახულობდა ყველაფერს, თავისი ხელით აწყობ-აკეთებდა. გვერდზედ რომ გამოცდილი ერთგულნი ჰყვანდნენ, ისინიც აშოტს შეჰყურებდნენ თვალ-წარბში, რადგან მისი განკარგულება ჰაზრიანი იყო, შედეგიანი. ამსრულებლებს კარგად უნდა შეეგნოთ მთელი გეგმა ნაფიქრ მოქმედებისა, რომ ყოველსავე მათ მოძრაობას მთლიანი შედეგი მოჰყოლოდა. აშოტს გარს ეხვივნენ ეხლა გამოცდილი თანამშრომელნი: მისი ძმა გურგენი, რომელიც წინანდელს ომებს ვერ დაესწრო, რადგან აფხაზეთში იყო გაგზავნილი თეოდოსესთან, ამზრდელი აშოტისა ვეზირი ბარძიმ, აზნაური გაბრიელ დაფანჩული - პირადი მეგობარი მეფისა, ნარიმან ნარიმანის ძე - მეფის ნაზირი, სუმბატ კალმახელი, - პირველი ბუმბერაზი მეფის კარს და რამდენიმე სხვა, მეფის მესაიდუმლენი, მისი ნების მასრულებელნი. როდესაც სარდლებმა დაიყვეს ჯარები თუ სათარეშო ადგილები და მოზომეს საქმე, რომელიც დაუსახა მათ მეფე-სარდალმა, რამდენიმე დღით ოჯახს დაუბრუნდნენ, რომ მოეწყოთ საოჯახო ყოფა და გამომშვიდობებოდნენ სახლობას სახიფათო გზაზედ დამდგარნი. კარგი იყო გაეტარებინთ ოჯახში რამდენიმე ტკბილი დღე, იქნება უკანასკნელი წამები დაუდგრომელის თვისის ცხოვრებისა. სამხედრო მოსაზრებითაც აუცილებელი იყო ესე მოქცევა: განზრახული ჰქონდათ, რაზმები ერთად არ დასდგომოდნენ გზას, ცალკ-ცალკე წასულიყვნენ დანიშნულ ადგილას შესაკრებად. მეფემაც რამდენიმე დღე გაატარა თავის ოჯახში, თუმცა ვერ ჰპოვა მან იქ დასვენება, რომელი სწყუროდა ვაჟკაცის გულსა. ვერა ჰქონდა დედოფალს სასახლეში მოწყობილი მყუდრო რამ ყუდე გათვალისწინებული, სადაც მისი მეუღლე აღარ ყოფილიყო მეფე-განმგებელი, მოვალე - მარადჟამს დარაჯადა სდგომოდა ერს, მარად წამს დიად საზრუნველ საქმეებისაკენა ჰქონოდა მიქცეული გონება თვისი: სადაც გურანდუხტ აღარ ყოფილიყო დედოფალი საქართველოსი, არამედ გულჩვილი ქალი, თბილ-ტკბილ გრძნობებით სავსებით სავსე. როგორ შეიძლებოდა თუნდ მეფეს თავისი თავი ყოველთვის დავიწყებული ჰქონოდა, თავისი პირად გრძნობა უგულებელყოფილი?! საჭირო იყო მისთვისაც კუთხე, სადაც შესაძლო ყოფილიყო, ეგრძნო თავი საკუთარ კერაზედ, მოყვარულ და საყვარელ ცოლ-შვილში. რა ვუყოთ, რომ ბუმბერაზი მეფე იყო, დიდი აშოტი?! მაინც კაცი იყო ხორცსხმული და ენატრებოდა საკუთარი სიხარულიც, განკერძოებული სიამეც, მხოლოდ მისთვის აღმოცენებულ-გადაფურჩქვნილი. ვერ შექმნა სვესრულმა დედოფალმა სავანე იგი სანატრელი. შეიხსნა აშოტმა იარაღი, გადასცა იგი შინაყმას და ღიღინით გაემართა გალიაკისაკენ სადედოფლოსი. გურანდუხტ ტახტზედ იჯდა ფეხმორთხმული. ეტრატი ედვა წინ, წიგნსა სწერდა. მუხლთან ეჯდა თვისი განუყრელი მეგობარი და თანამოაზრე სეფე-ქალი, კრავი, მეუღლე აზნაური მირეანისა. კრავს ჯერ ისევ ახალგაზრდის შეხედულობა ჰქონდა. თუმცა სამი შვილის დედა იყო უკვე. თვითმოყვარე ქალი იყო, მთელი მეცადინეობა იქითკენ ჰქონდა მიქცეული, რომ განდიდებულიყო დედათა შორის გვირგვინოსანი დობილის შარავანდედით ისწრაფოდა, მის ქმარ-შვილს წარჩინებული ადგილი სჭეროდა საერო თუ საეკლესიო დაწესებულებებში ეს ის კრავი იყო, რომლის სურვილით მირეანმა შესწირა ეკლესიას თვისი შვილი და აღაკვეცინა ის ბერად, არსენად სახელდებული. სხვა ზეპურნი დედანი არ ახლდნენ დედოფალს ამჟამად დედოფლის წინ მუხლზედ დაყრდნობილი მხევალი იდგა და საწერელს მიუპყრობდა ჟამითი-ჟამად. ქმრის შესვლაზედ გურანდუხტმა ყალამიც გადასცა მოახლეს და მიაპყრო რგვალი თვალები ვაჟკაცს, თითქო რამე კითხვას მოელისო მისგან. მორთული იყო დედოფალი. საყურ-ბეჭედი ციაგობდა მასზედ, ოქროცურვილი ფარჩა ბრჭყვიალებდა, ჩაბმულ-ჩაქსოვილ თვალ-მარგალიტზედ შუქი კრთებოდა. აშოტს ერჩივნა განმარტოებული ენახა მეუღლე, უბრალოდ ჩაცმულ-დახურული. სილბო აკლდა ქალის თვალის ჩინს. ჯიქობა თუ ისახებოდა შავ თვალთა ბაიაში გაუტეხელი. მომხო ტუჩები ესხდა. ფერუმარილ ნაცხებს მაინც ეტყობოდა წვნიკი ღარები თვალის კილოებთან, ბაგის მიდამოს. კრავი ფეხზედ წამოდგა, მდაბლა მიესალმა მეფეს. - დაბრძანდი! ნუ ისჯები! გურანდუხტმაც უბრძანა ქალს, დამჯდარიყო თავის ადგილას. აშოტს ერჩივნა, დედოფალს მოეშორებინა მირეანის ცოლი, თავი გაეთავისწინებინა თავის ვაჟკაცთან. მას ჰაზრადაც არ მოსვლია ეს. მაინც თავისუფლად მიმოიძროდა აშოტი, ლაღად იქცეოდა, შინაურულად. ტახტზედ ჩამოჯდა მეუღლის ახლო. - მოართვი ბატონს სავარძელი! მიართვეს ბალიში დაუყუდეს. დედოფალმა აგრძნობინა ქმარს, რომ თავს იმდაბლებდა უცხოს წინაშე სადა ქცევით შემოვიდა პატარა ბაგრატი. დაინახა მამა სავარძელში, მიუახლოვდა. მუხლზედ შეახტა; ხანჯლის მორთულობას დაუწყო სინჯვა. შეეხვეწა, მისთვისაც მიეცა ნება ხანჯლის ტარებისა. იჩივლა, ამზრდელები ნებას არ მაძლევენ დანა ავიღო, გაიჭრი რასმეო. მამამ ქოჩორზედ გადაუსვა ხელი. დაჰპირდა, შვილდ-ისარს გაგიკეთებინებ, დანის ხმარების ნებასაც მოგცემო. გაეხარდა ბავშვს, ყელზედ მოეჭდო. ბაგრატი უმცროსი შვილი იყო, ანებივრებდა მამა მას და მით უფრო. რომ სახით ძალიან ამსგავსებდნენ თითონ აშოტს. დედოფალს არ მოეწონა არც ალერსი მამა-შვილისა, ხანგრძლივი ეჩვენა იგი, ნაჭარბევი. მეფისათვის შეუფერებელი. - წაიყვანეთ ბავშვი! უფროსებში ამაოდ დაჰყოფს ხანს. დამიშლის კიდეც წერას. არც ეს ბრძანება მოეწონა აშოტს: ბავშვის ტიტინი უალერსებდა მის ყურს, საზოგადო საქმეების ხმით მოქანცულ მის სმენას! გურანდუხტ განაგრძობდა წერას. სიჩუმე ლოდივით აწვებოდა აშოტის გულსა. ის იყო, უნდა წამომდგარიყო ვაჟკაცი წასასვლელად, როცა დედოფალმა დაათავა წიგნი და ანიშნა მხევალს გაეტანა საწერ-კალამი. - ვერ დამივიწყნია უკანასკნელი ჩვენი დამარცხება. მაზედა ვსწერ აფხაზთ დედოფალს. მართალია, მოგვენიჭა კვლავ გამარჯვება, მაგრამ გული მაინც მტკივა მას აქეთ. - აღარ ღირს მაგაზედ ლაპარაკი. რაც იყო, იყო. ლხინში შესულთ აღარ გვმართებს გარდასრულ ჭირთა ხსოვნა. - მაინც უნდა ვსთქვა, რა მაქვს მოსიყვარულე კრავთან დასამალი?! - ვერ დამივიწყნია მაშინდელი დამდაბლება. როგორ?! ხელმწიფის ცოლი, საქართველოს დედოფალი და საბრალო ლტოლვილ ხალხში გარეულ-გათანასწორებული, ათას გაჭირების და იწროების თანაზიარი?! - ოღონდაც რომ უბრალო ხალხის ჭირ-ვარამის თანაზიარი, იწროებათა გადამტან-გამომცდელი, - დასძინა კრავმა. - გული ბოღმით მევსებოდა. ეხლაც რომ მომაგონდება, გული მიფიცხდება ჯავრით, სევდა მერევა. - მადლობა ღმერთს, გადაიარა ბნელმა. ნუ ინებებ, დედოფალო, მის მოგონებით კვლავ აშფოთებას, - ჩაურთო სეფე ქალმა. - მადლობა ზენას, რომ გვიხსნა მაშინ უმეტეს განსაცდელისა და დამდაბლებისაგან. თუ არ გაგვმარჯვებოდა, ვერ წარმოიდგენთ რა უბედურება დაატყდებოდა ხალხსაც, სამეფო ოჯახსაც, - სთქვა აშოტმა. და ხმაში სიმკაცრე დაეტყო, ღელვა უსიამო. - წარმოდგენილი მქონდა იგი უბედურობაც. ისიც მტკიცედ მქონდა გარდაწყვეტილი, რა უნდა მოჰყოლოდა მას: ჩაბნელებულ სიცოცხლეს არ ყოფნა სჯობია. ის განსაცდელი იმისი ბრალიც იყო, რომ სიძე-ბატონმა არ მოგვაშველა ჯარი. ვალდებული კი იყო თეოდოსე, როგორც უმცროსი მოკავშირე. თავის თავს მეფედ უწოდებს იგი, მაგრამ არ უნდა დაივიწყოს, რომ მაინც მხოლოდ ქვეშევრდომთაგანია, ერთი სვეტთაგანი საქართველოს სამეფო ტახტისა ამის თაობაზედ უნდა მიეწეროს მას საყვედური. ეს უნდა შეაგნებინო შენ თეოდოსესაც, კახთ ბატონსაც; უნდა გაახსენო ეს იმათ თუნდაც მახვილით! - ბრძანა დედოფალმა. და მედიდურად მოიღერა ყელი, დაანთო დიდრონი თვალები, შეიმაღლა ბლომად გადაჭიმული შავი წარბები. აშოტმა იცოდა, რომ ესე დაწყებულ საუბარს კეთილი ბოლო არ მოჰყვებოდა, არც ტკბილი ალერსი; გამოცდილი ჰქონდა, მანდილოსანი მალე გადაუხვევდა მკაცრ საყვედურისაკენ, ხოლო იქიდან ერთი ბიჯიღა იყო უკმაყოფილებამდის. და დააპირა გაცლა. მარჯვე საბაბსღა ეძებდა, წამომდგარიყო. 20 გურანდუხტისათვის აშოტი არ იყო დიდი, მისნი საქმენი ვერ იყვნენ მეტად საქებნი, არც თუ კმასაყოფელნი. ზვიადი ადამიანი მხოლოდ მაშინ დამშვიდდებოდა, როცა თვის სადედოფლო ტახტს თბილისში აღიმაღლებდა, მფარველობის ფრთებს გადაშლიდა მთელ საქართველოზედ. ის ყურადღებას არ აქცევდა მძიმე დროს თუ საძნელო ყოფას, რომელიც მეტად აბრკოლებდა აშოტს, უხერგავდა მას სავალ შარასა. დედოფალი ვერც კი ჰხედავდა იმ საშინელ ძალას, რომელი უძლიერესი გრიგალივით ავარდნილიყო არაბეთის უდაბნოებში და გრგვინვით თავს დასტრიალებდა მთელ წინა-აზიას, აღმოსავლეთ და ჩრდილო აფრიკას, რომლის წამრღვნელი სუნთქვა საგრძნობელი შექმნილიყო თვით ევროპისათვის. ამ საშინელ ქარტეხილს უკვე დაენგრია მრავალი ძლიერი სახელმწიფო და ისწრაფიდა ბუმბულივით აეტანა პატარა საქართველოც, აეფხვრა იგი, გაემტვერებინა. ვერ წარმოედგინა დედოფალს, რომ მისი მეუღლე იყო ის უძლეველი ბუმბერაზი, რომელიც კიდევ უმაგრდებოდა ამ ძალას მომსპობელს და არ ანებებდა ჩასანთქმელად თვის ქვეყანას. ძლევამოსილნი და განდიდებულნი სარკინოზნი ჰკვირობდნენ დავით და კონსტანტინეს სამშობლოსათვის თავის დადებას, მირის და არჩილის მძლავრ უტეხობას, აშოტის უშიშ შემმართებლობას და დიად სამხედრო ნიჭს, თითქო ზეშთაგონებას მასში დავანებულს. გურანდუხტისათვის კი აშოტის შრომა მაინც უშედეგო ღვაწლად მოსჩანდა: მისთვის მხოლოდ თბილისის ტახტი იყო მძელობის მაჩვენებელი ნიშან; არ ჰქონდა მას იგი ტახტი ხელთ და ამაო იყო ყოველგვარი ქველობა მისის მეუღლისა, ყოველივე თქმა მის დიად ღვაწლზედ, ქება-დიდება. - ნადირობად წასვლა განგიზრახავს. მითხრეს, ბევრ ხალხს უბრძანა მოსვლა და ისე დარაზმა, თითქო სალაშქროდ ემზადებოდესო. - მართალი უთქვამთ, ამ დღეებში წავალ სანადიროდ. - გვიხაროდეს ნანადირევი, - შებედა ქალმა. - წინ რაღა უდგა ამას! - აღუთქვა დედოფალმა. - ოღონდაც რომ არაფერი! - დაადასტურა აშოტმა და განაგრძო: - ნადირობა აუცილებელი წესია მეფეთა, სასარგებლო ჩვეულება. ხალხს ართობს იგი და ახალისებს. არ შეიძლება, ყოველთვის სახიფათო ბრძოლისაკენ მოვუწოდოთ ვაჟკაცს. ნადირობა სასარგებლოც არის ქვეყნისათვის: ძალიანა მრავლდება მავნე მხეცი და აფუჭებს მოსავალს თუ საქონელს, ხელს უშლის მყუდრო ყოფას, აძნელებს ცხოვრებას. უნდა შემცირდეს ნადირი მავნე, სულაც ამოწყდეს. - როსტომიც ეგრე ფიქრობდა, ეშვთ მჟლეტავი. - ბრძენი იყო როსტომ ბუმბერაზი, დიდად გამოცდილი. - ბატონო მეფევ! ნადირობა თქვენთვის, თავმომწონე ვაჟკაცებისთვის, ერთსახე ვარჯიშობაც თურმე არის თავის საჩენი. ესე ამბობს ჩემი ვაჟკაცი და ძალიანაც ემზადება, ისე ჰფერავს და ჰპირავს იარაღს, თითქო სარკინოზთა საბრძოლველად გიბრძანებიაო, - სთქვა კრავმა. და გაბედვით შეხედა მეფეს, მაცთურად გაუყარა თვალი თვალში. არ უამა აშოტს ეს მზერა: მიხვდა, მირეანს ვერ შეენახნა საიდუმლო. ალბათ ალერსის დროს გაჰნდობიათ მეუღლეს, გაიფიქრა მან და წყენის ჩრდილმა გადაურბინა სახეზედ. მაინც უნდა ეთქვა რამე. - საკვირველი არ არის, რომ ძალიან ემზადება: მეტად უყვარს მირეანს ნადირობა. - კარგი და პატიოსანი! მაგრამ შეიძლება დრო ისევ ბრძოლას უთხრობდეს და არა ნადირობას თუ ნადიმობას. იქნება, ეხლავე სჯობდეს შეიწროება და შემუსვრა ხასან-იზიდის ძისა, სანამ კვლავ არ მოჰშველებიან მას ბაღდადელნი. შეიძლება ბედს გაეღიმნა ჩვენთვის და სამეფო ტახტი დაემკვიდრებინა თბილისს. რასა ჰგავს ეხლა ჩვენი ყოფა?! სრა-სასახლეების მაგივრად კოშკს შევფარებივართ, ბინა არ გვაქვს მეფური, არც ხალვათი რამ სადგომი სანთიანი. ბიზანტიიდან ელჩებს მოველით და არ ვიცი, სად მივიღოთ, სად გავუმართოთ მეჯლიშ-ზეიმი, - დაიჩივლა დედოფალმა. - მაგას მართალს ამბობ! ჟამია ვიზრუნოო სატახტო ადგილზედ, დროებით სამეფო ქალაქზედ, სანამ თბილისს დავიბრუნებდეთ. ეგ მეცა მაქვს ჰაზრად. მაინც არ შეიძლება ძალიან სწრაფად მოგვარდეს ეს საქმე: შერჩევა უნდა ადგილს, დრო უნდა მასალის დამზადებას და საკადრისი ციხე-დარბაზის აგებას, - წარმოსთქვა აშოტმა. და მოწყენილობა დაეტყო სახეზედ. მოესურვა წასვლა. მოხერხებულ წუთს ელოდდა ასადგომად. შემთხვევა მიეცა მას: მხევალმა გადასწია კარის ფარდაგი და მოახსენა დედოფალს: - წინამძღვარი ანასტასია გახლავსთ, ნათლისმცემელის მონასტრიდან და გთხოვთ უბრძანოთ. - მოვიდეს! უსაქმოდ არ შემაწუხებდა იგი მე, - ბრძანა დედოფალმა. აშოტი გამოემართა ოთახიდან. ისე გრძნობდა თავს, თითქოს საბჭოს დარბაზიდან გამოვიდაო და არა მეუღლის სადგომ ბინიდან. ამაოდ! განმარტოვებულ კერაზედაც საერთო საქმე დახვდა მას, სამეფო კითხვაზედ თქმა თუ მსჯელობა. არავითარი სიტყვა გამთბობი, არც თუ ნასახი გზნობილ განცდისა. ჰსურდა აშოტს სულით დაესვენა განმარტოვებულ სავანეში თვის ჯალაბისა, ვით დევნილ ირემს ნაკადის პირას უღრან ტყეშია. ამაოდ ჰსურდა! რად ეძიებდა ხმელ უდაბნოში თუნდ აჩრდილს წყნარად მიმდინარე გრძნობათა ნაკადისას, რომელ ალერსს მიუბნობს ყვავილთა შორის და საიდუმლოდ ამრავლებს ლამაზ ცხოვრებას სუნნელოვანსა, ღიმილით უკლავს კაცს გრძნობათა წყურვილს. სასწაულებრივია იგი გრძნობათა ნაკადი საიშვიათო: მით უფრო მაგრილებლად ესხურება მისი სუნნელი შხეფი გულს, სწყუროდა მაშვრალს სულით დაესვენა იმ ჯადოსან ნაკადის პირას თუნდ ერთ წამს. ამაოდ ჰსურდა! არ დიოდა სამეფო სახლში იგი ნაკადი მხოლოდ სახე რამ იყო იქ ტურფა წყაროსი. მინანქრებისაგან შეთხზილი მსგავსება უსულგულო. საკვირველად მოქმედია იგი უკვდავების წყარო სატრფოს გულში: როს მოსასპობლად გასწირავს ადამიანს ბედი ულმობი, იგი ბედშავი მაინცა გრძნობს უკანასკნელ ჟამს, რომ სიკვდილი ვერ სპობს მას მთლად, სრულიად: კიდევ იცოცხლებს მისი არსება მის ცალის სულში განსახებული სწყუროდა აშოტს სულით დაესვენა გულისა სწორთან თუნდ ერთის წამით. ამაოდ ჰსურდა! ჰყვანდა მას მეუღლე, დიასახლისი, დედა მის შვილთა, დედოფალი რჩეული. სად ჰყვანდა სატრფო გულისა სწორი?! ამაოდ ეძებდა სიპ ქვაზედ ნაზ ყვავილს ტურფა გაზაფხულისას. 21 - და არა მყავს ჩემს განცდებიში მე თანამგრძნობი. სად ვეძებო თუნდ აჩრდილი გულის სწორისა? ვის გავანდო ხვაშიადი ჩემთა გრძნობათა? როსღა ვპოვო ჩვილი გული მოსიყვარულე? - არსად! არცვის! არცროდის! - არ არის ჩემთვის ტოლი შექმნილი. დავალ ობლად ხელმწიფე-კაცი. მარტოდა ვგრძნობ თავს ცოლშვილით სავსე. ედემის კუთხე ქვეყნის მპყრობელს მისაყრდნობელი არსადა მაქვს, ალერსით მთბარი. ვინ მიჰხვდება ჩემს საიდუმლოს? ვინ ჩასწვდება ჩემ გულში ჩამდგარ სევდის საგუბარს? - წარმოსთქვა აშოტმა. რომელი მხართეძოზე მიწოლილიყო თავის სენაკში და პირად განცდათათვის მიეცა გზა ხსნილი, ფიქრ-გრძნობათათვის საკუთარისა. მთლად პირადი იყო ეს ნაღველი მეფისა ჩამუქებული. სხვისათვის ძნელი მისახვედრი იყო ტანჯვა, რომელი ჰქენჯნავდა ეხლა ყოველ კეთილით აღსავსე მეფის გულს ასუყებულს. რა აკლდა აშოტ დიდს ამ წამს? არაფერი, სრულებით არაფერი! და თუ ეთქვა მას ვისთვისმე თავისი დარდი, გაემჟღავნებინა, თანამგრძნობს ვერ იპოვიდა; ვერც ვის შეაგონებდა. იტყოდნენ: - აზიზია გული მეფისა, განაზებული. ვეღარ აკმაყოფილებს მას ცხოვრება რჩეული, კეთილთა სავსებისაგან თავმობეზრებულს. გრძნობდა ამას და არავის ეტყოდა გულის ხვაშიადს, არ გაანდობდა. დღესაც მარტოობა ირჩია მეფემ. განკერძოების ჟამს ყოველთვის ახლდა მას ერთი-ორი მახლობელი და მათთან შეექცეოდა ხალვათად ღვინოს თუ შარბათს, ჭადრაკს თუ მასლაათს. დღეს არა ბრძანა, ეხმოთ ვისთვისმე. მოსთხოვა ღვინო. მოსვა ხოშგურული. გადადგა: უგემო ეჩვენა საუკეთესო. შარბათიც მწარე აღმოჩნდა, უნდოდ შეზავებული. მიეცა კვლავ წარსულთა მოგონებას. ჭაბუკია აშოტი, სეფეწული, ტახტის მემკვიდრე; ვაჟკაცური აგებულობისაა მალხაზი, ქველი, გამჭრიახი, მკლავმაგარი. ქალი ცვილივით ლხვება მის მძლავრ ხვევნაში, სრულიადაც დნება ცეცხლივით მკერდზედ. ბევრი კავშირი წუთიერი, გარდამავალი, სხლტებოდა ტრფობა გულის ფიცარზედ, გულს არ სწვდებოდა, ვერც ხვდებოდა. დასრულდა ცეკვა სიჭაბუკისა, მოეღო ლაღობას ბოლო. ბრძანა ადარნასემ აშოტისათვის მეუღლის მოყვანება. - აღარ შეგშვენის ტახტის მემკვიდრეს ნავარდი უზრუნველი. ხელსაყრელი შემთხვევაც არის დიდ სასარგებლო. გურანდუხტს მოგიყვან მეუღლედ, იოანეს ქალს, ხოსროიანისა. ქართლს გინახავს იგი შენ. მოსწონებიხართ. გვენუკვებიან. ზრდილია, ჭკვიანი, დაფიქრებული, მაღალმორწმუნე, სწორედ სადედოფლოა. მასთან შეუღლებით შეგიერთდება უფლებაც ხოსროიანთა, განქარვებული მათი დიდება. ქართველთაგანი დღეს იმაზედ დიდებული ქალწული არავინ არის. აღსრულდა ნება მეფისა. ჰაზრიანად მოაწყო გურანდუხტმა სამეფო ოჯახი, დიდებულად. ფხიზელი დარაჯა სამეფო კერის ღირსებისა. დიასახლისი უნარით სავსე. დედა ჭკვიანი, სარისტიანი. ღირსეული დედოფალი საქართველოსი. ახ, გული ჰქონდა გრილი, გრძნობა უხსნელი, თითქო უხეში. აშოტისათვის ვერ გაუშლია თბილთა გრძნობათა მისი სალარო. იქნება, ცალიერიც იყო იგი საუნჯე. მკვეთრი ჰაზრი სჭარბობდა გურანდუხტში ლბილ გრძნობებს. ძირში თუ ჰკვეთდა იგი ფიქრი გულის ყვავილებს. სცხოვრობდა ახალგაზრდა მბრძანებელი მეფურ ცხოვრებით. ჰაზრიანად განაგებდა თავის სამფლობელოს. გორგასლანივით ჭაბუკობდა მძლეთა-მძლევი. დიდი აშოტი დიდებული, შინა თუ გარეთ დიდად ცნობილი, ფრიად საჩინო, მოწიწებით სახსენებელი. კეთილთა მიერ სავსეა აშოტი: დიდება, ქვეყნის სიმდიდრე, სვე სვიანობა, ხალხის სიყვარული. მოკავშირეთაგან მოკრძალება. უძლიერეს მტერთაგან პატივცემული. მასთან კავშირს აფასებს ხაზართ ხაკანი, ბიზანტიის იმპერატორი: თვით არაბთა ხალიფი მზა არის სისხლიან ხმლის წილ მიუპყრას წითელი ვარდი იერიქოსი, ოღონდ უარი ჰყოს მან კავშირი მიძველებულ ბიზანტიასთან, რომლის აღსასრული მოახლოვებულა. სხვა რაღა უნდა მომაკვდავს?! ამ ქვეყნად მეტი ბედნიერება აღარ არსებობს და მისი მექონი სწორედ რომ განცხრომაში უნდა ყოფილიყო. ცაში თუ ღმერთი იყო ყოვლად ნეტარი, ქვეყანაზედ აშოტისთანა რჩეულნი უნდა ყოფილიყვნენ კმაყოფილნი, ნამდვილ ღვთის სახენი, მის უფლებათა თუ დიდებათა გამომხატველნი. ესე იყო გარეგანი ხილვით. თვით აშოტი სხვას განიცდიდა. განსასვენებლად პირად წალკოტში შესვლა ჰსურდა განკერძოებულს, სხვისთვის უჩინარ, მისთვის ედემის მზგავს სავარდეში. ყვავილთა ბაღია იგი, სად აღმოცენდებიან ნაზნი იანი, იფურჩქნებიან ზამბახნი სიამისანი; აკოკრებულან უჩინარნი სილამაზენი საკუთარის განცდისა; დიან ანკარა წყარონი სუნნელი გრძნობათა. ყველა ისინი ხომ რტონი არიან ერთისა და იმავე ტკბილის სიყვარულისა, ნაზი ტრფობისა ეჰ, ცალიერი იყო აშოტისათვის იგი სავარდე უჩინარი: ნაკადნი არ დიოდნენ იქ მაგრილებელნი, ყვავილნი არ ხარობდნენ იქ მაამებელნი. ამომხმარიყო მცენარე ლაღი. ჩერო არ იყო იქ ცხოვრების სიმწვავისაგან მჩრდილავ-მფარავი. იმთავითვე არვის ეზრუნა წალკოტის აშენებაზედ; დაეთრგუნათ იგი, გაეპარტახებინათ. ბალღობიდანვე საზოგადო ზრუნვა უზღვნა ბედმა აშოტს. - აშოტო, შვილო! ნუ ივიწყებ, მემკვიდრე ხარ, მეფე მომავალი და შენი სიცოცხლე უნდა შესწირო შენს სახელმწიფოს. პირველი უნდა იყო საქართველოში არა მხოლოდ ხარისხით, პირადი ღირსებითაც, - არიგებდა მას გვირგვინოსანი. ამასვე ამცნობდნენ მას მისი აღმზრდელნი, მზრუნველნი, მოჭირნახულენი, მთელი სახელმწიფო, მთელი მისი ერი. და ესმოდა აშოტს ეს ხმა ყოველ მხრიდან, ყოველს ჟამს თუ წამს. უსმენდა აშოტი ამ ძახილს, შეგნებულად ყურს მიუპყრობდა, განიმსჭვალებოდა მის მოწოდებით. არც ეშინოდა მას ამ ტვირთისა, არ ეფიქრებოდა: ძალასა გრძნობდა თავისში ძლიერს. დარწმუნებული იყო, პირნათლად შეასრულებდა განგებისაგან მისდა მიჩნეულ მოვალეობას, შეიმოსებოდა შარავანდედით, შეამკობდა დიდების სხივით თვის სამკვიდრებელს. მაგრამ არც ამ რწმენას, ვერც ამ ხვედრის შესასრულებლად მიმართულ შრომას ვერ ძალედვა ამოეფხვრა მის ბუნებიდან ის საპირადო ლტოლვილებანი, რომელნი ისე ტკბილად იწვევდნენ მას კერძო სიამისკენ, თვის საკუთარ თავზე ხანდისხან ზრუნვისაკენ, თვის გულის ყვავილების ტრფობისაკენ. მას სწყუროდა ჟამითი-ჟამად იმ წალკოტში განსვენება, სად არ არის შრომა მხოლოდ სხვაზედ, ზრუნვა უცილობელ მოვალეობისაგან ნაბრძანები, ზრუნვა ისეთი ხარბი, შურიანი, რომ პიროვნობას აღარ აძლევს ერთს წამს რაიმე იგემოს გარეშე მისსა ან განიცადოს. და შეზღუდა აშოტის საპირადო სიამე საზოგადო სწრაფებამ ბალღობიდანვე, ჯერ ისევ ჩვილ ჰასაკიდან. - აშოტ, განა მაგათი დარი ხარ, და ყადარი, მაგ შენ ტოლსწორისა. ტახტის მემკვიდრე ხარ, მეფედ შობილი. ეგენი შენნი ქვეშევრდომნი არიან, შენნი მონანი. როგორ შეიძლება მაგათთან ეგეთი გატაცება, თავდავიწყება?! - იმათაც რომ არ ესმით, ვის ახლავან! ისე იქცევიან, თითქო თვის სწორთან ცელქობენ თუ თამაშობენო. - ბალღები არიან, მაგდენიც არ ესმით გულუბრყვილოებს. შემდეგში მიხვდებიან ყველაფერს, ჰნახავენ თავიანთ ალაგს. - მინამდის კი პატრონებმა უნდა ჩააგონონ, რა ზღვარი არის მათ შორის, რა სიფრთხილე ჰმართებთ მემკვიდრესთან ამხანაგობის ჟამს. და პატრონები არიგებდნენ პატარებს. ამ წვრთნის ნასახი ყოველ ნაბიჯზედ ეტყობოდათ ტოლ-ამხანაგებს. ამჩნევდა ამას აშოტი და გული უტყდებოდა, გატაცება უგრილდებოდა, იმ სიამეს ვეღარა სწოვდა ცქვიტ მოძრაობისაგან, რომელი ნექტარივით ტკბილია პატარისათვის, ვარდისფრად აშუქებს სიმცროობის ჟამს თუნდ შავად მოწყობილს, თუნდაც ეკლიანს. გაიზარდა აშოტი, დავაჟკაცდა. მისმა მკლავმა ღონე იგრძნო ძლიერი. მისმა მკერდმა ვაჟკაცურად იწყო ტალღად ადენა, მისმა სულმა იგემა რაინდული მილტოლვა თვით ხიფათთადმი. უნდოდა თანასწორ ბრძოლაში ეცადნა თვისი ღონე. გულწრფელად არავინ ებრძოლებოდა. ატყობდა, რომ მოპირდაპირე ცდილობდა დათმობას, თუმც გარეშეთათვის უგრძნობელად, მაინც ხათრობდა. ეკარგებოდა აშოტს ეშხი ბრძოლისა. გაახსენდა ერთი სასიამოვნო ამბავი თავის ჭაბუკობიდან: სანიმუშო ბრძოლა იყო მოწყობილი რაინდ ახალგაზრდობისა თვის. უნდა ასცდენოდა მებრძოლს სიკვდილი, მის პირამდინ მიტანა კი დადასტურებული იყო. იარაღი ბლაგვი აეღოთ, ფხააუსხმელი, თუმცა მაგარი. მძლავრს და დამჯაბნელს ნება არა ჰქონდა ბოროტად მოეხმარნა თვის ძლიერება. ძალიან უნდოდა აშოტს ამ ბრძოლაში თავის გამოცდა. შეუძლებელი იყო: ტახტის მემკვიდრეს არავინ გასწირავდა, ვერც ვინ დაამცრობდა. მეტადრე უნდოდა შებრძოლებოდა განთქმულ მოლახტეს გობრონ ხერთვისელს, ომებში გამოცდილ უებრო ბუმბერაზს. ხერხს მიჰმართა აფხაზეთში წავიდა, მოყვრებისას. შემოთვალა თვისი შეუძლობის ამბავი, გაიმართა საგანგებო ბრძოლა-ვარჯიში. ვაჟკაცთა კასკასმა მოძრაობამ-ბევრის გული ააძგერა კმაყოფილებით თუ სიხარულით. ხერთვისელმა თავის თავს გადააჭარბა: მსწრაფლ ჩამოაგდო პირველი მოწინააღმდეგე. ნავარდი შემოუარა ბაღდადშიც ცნობილმა რახმან რაინდმა. დაჰკრეს ნაღარა. ვერ გაუმარჯვდა არაბს. გაისმა ძახილი აღტაცებული. ადარნასემ კვერთხი ასწია ნიშნად ვარჯიშობის გათავებისა. ამ დროს მისი და ხალხის ყურადღება მიიპყრო ჯავშან-ჩაჩქანში ჩამჯდარმა რაინდმა, რომელიც შემოიჭრა წრეში და კინენი აღმართა იმის ნიშნად, რომ თხოულობდა ბრძოლის ნებას. მეფეს ჯერ არ უნდოდა კიდევ ვისთვისმე მიეცა შეჯიბრების ნება, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ დასძლია და ისევ დაეყრდნო სამეფო კვერთხს. მეწესეებმა მყის გაწმინდეს ასპარეზი, აღადგინეს წესრიგი. ხერთვისელმა ამპარტავნულად ახედ-დახედა მოწინააღმდეგეს. ვერ იცნა იგი: არ ემცნაურა არც მისი შეჭურვილობა, არც სამანდი, რომელზედაც იგი შემჯდარიყო, არც თვით რაინდის მოყვანილობა მებრძოლის სახელზედ მუზარადის რიდე ეფარა, შუბის ისარიც დაშვებული ჰქონდა, როგორც ნამდვილ ომისათვის მზას. რაინდმა ანიშნა ხერთვისელს, გაიწვის ბრძოლაში. გაუკვირდა გობრონს მოსულის კადნიერება. გარდახდა სამანდიდან. მისმა შინაყმამ გაუსწორ-მოუმაგრა რაშს შეკაზმულობა. შეჯდა ბუმბერაზი. გაწვრთნილმა ჰუნემ მოხდენილად გაინავარდა, ათამაშდა. მოსული შუა ადგილას იდგა გაჩერებული და მხოლოდ ტაიჭს აბრუნებდა დინჯად იმ მხარეს, საითკენაც უვლიდა მონავარდე თვალი მზირად ეჭირა მისკენ. პირველ შეტევას ხერთვისელისას ისე მარჯვედ დაჰხვდა მოსული, რომ მაყურებელთა თანაგრძნობა დაიმსახურე აღტაცებული. სცადეს ჰოროლინი. მიჰმართეს საგდებელს. წააყარეს ერთმანეთს ისარნი. ხმლები შეავლვეს, ერთმანეთს გადაალეწეს. ლახტით მიუხდნენ ურთიერთს. ლახტთა ცემა შეშველებულ ფარზედ ჭექის ხმად გაისმოდა ასპარეზიდან. იმაზედ იყო ეხლა საქმე მიმდგარი, ვისი ფარი მეტს აიტანდა ან რომელი მკლავი ადრე დაიღლებოდა, მოსწყდებოდა. გაწვრთნილნი ტაიჭნი მხედართა მცირეოდენ ნიშანთ ემორჩილებოდნენ. გატაცებულ ბრძოლის დროს მოსულმა რაინდმა ოდნავ ქეშად მისცა მოქნეულ ლახტს ფარი. მძლავრად დაშვებული იარაღი დასხლტა ფარზედ, დახარა ძირს მებრძოლის მკლავი; ბუმბერაზიც ოდნავ გადაიზნიქა გვერდზედ, ვეღარ შეიმაგრა თავი. მანამ გასწორდა უნაგირზედ, მას რკინის სალტეებივით გარს შემოერტყა მოწინააღმდეგეს მკლავები. აზიდა მოსულმა ხერთვისელი უნაგირიდან, უკვე ქარი გაუტარა. იგრძნო მებრძოლმა განსაცდელი და მარცხენა გაჰკრა ლომის ტოტივით მუზარადის ფარდას. ჯაჭვი ჩამოიხა. იცნეს აშოტი. ვაშას ძახილმა ცამდის უწია. მსწრაფლ მოეგო გონებას ძლეული. - ურჩევნია მამულს, როცა მოწაფე სჯობს ოსტატს! - კიდევ ბევრი უკლია მოწაფეს, დაუსწორდეს თავის მასწავლებელს! - მიუგო აშოტმა. გადაჰკოცნეს ბუმბერაზებმა ერთმანეთი. 22 გადაავლო აშოტმა გონების თვალი შემდეგ დროთაც თავის ცხოვრებისა. შიგადაშიგ თუ ჰპოებდა ამისთანა პირად თვისთვის საამო ამბებს. თითქო მხოლოდ მოვალეობათაგან და საზოგადო ზრუნვათაგან იყო შეთხზული იგი წარსული. უყვარდა აშოტს საქმე საზოგადო, ხალხის სასიკეთო, მოყვასთ სანუგეშო, სახელმწიფოს სადიდებელი. მეფე იყო მადლით ცხებული, რაინდი ქველი და ქვეყნის აღორძინება უპირველესი ოცნება იყო მისი, საზრუნავი სასიყვარულო. არცა ჰზოგავდა შრომას თუ ღვაწლს განმგებელი თავდადებული. მაგრამ ძნელი იყო მისთვისაც მხოლოდ სხვაზედ ფიქრი და შრომა, თუნდაც თავის ხალხზედ თუ სახელმწიფოზედ; შეუძლებელი იყო ეს. მოვალეობა ითხოვდა მისგან ესეთს დენას ცხოვრებისას, ხოლო ამ მძიმე ტვირთს უფრო ამძიმებდნენ დარაჯნი ამ ვალდებულობისა. ის ემძიმებოდა აშოტს, გაღვიძებულ მის გრძნობას უწყინარსაც ნება არ ჰქონდა თავისებურად ასახულიყო ცხოვრების კაბადონზედ, სწორედ ისე, როგორც უხაროდა განცდის მატარებელს. გრძნობა სატრფო საგნისაკენ იწევდა, მოვალეობა წინ ეღობებოდა მას, აბრკოლებდა, უშნოდ აგუბებდა. მთლადაც აშრობდა. შეუღლება ხომ გადამწყვეტი ნაბიჯია კაცის ცხოვრებაში, ცოლის არჩევა ხომ სათუთი საქმეა ძლიერ საფრთხილო, და აქაც აშოტის მოძრაობა არ იყო თავისუფალი, გასაქანი არა ჰქონდა მის ნებისყოფას. მას უნდა აერჩია არა ის, ვის კერძ იგი წარივლტოდა მთელის არსებით, არამედ ის, ვისაც უჩვენებდა მისი დიდებული ხარისხი და სახელმწიფო სარგებლობა, მას სადედოფლოდ უსახელებდნენ ხაზართა მეფის ასულს, ბიზანტიის საიმპერატორო ოჯახის ქალწულს მშვენიერს, არაბთა ემირის უნცროს დას, რომელს ბევრი ჰსმენოდა აშოტის კეთილაღნაგობაზედ თუ საზღაპრო სიქველეზედ და უნახავად შეჰყვარებოდა თავგადაკვლითა; ქართველ სასანიდთა შთამომავალ გურანდუხტს. - მხოლოდ ესენი და ამისთანანი არიან ღირსნი შენის შეუღლებისა, საქაროველოს დედოფლობისა; მხოლოდ მათ შეჰშვენით ტახტი სადედოფლო. სასარგებლოც არის ჩვენთვის ერთ-ერთ ამ სახლთაგანთან დაკავშირება: ბიზანტია, სახალიფო, ხაზარნი ერთმანეთს ჰმეტოქობენ საქართველოში, ერთმანეთს ებრძვიან აქ ჩუმის, გარნა ძლიერის ბრძოლით: ამ ბუმბერაზ საბრძანებელთა სამზღვრები საქართველოს სანაპიროებში იყრიან თავს და დიდს სიძლიერეს შესძენს საქართველოს ის, ვინც მათგანი ფეხს მოიკიდებს ამ თილისმა ქვეყანაში. ესე უნდა იქმნას!.. ესეა განგებული! - მაშინაც, თუ გული არ მისწევს კაცს მისკენ, ვისაც მისთვის ასახელებენ? - მაშინაც! კერძო ადამიანის ცხოვრებაში შეცდომა მხოლოდ მისთვის არის სავნებელი, აქ კი მთელი ხალხისთვის ავს ნაყოფს გამოიღებს იგი შეცდომა. თვითეული ნაბიჯი სახელმწიფო ყოფისა გონების გრდემლზედ უნდა იჭედებოდეს ფიქრთა უროთი, გული უნდა ჰმორჩილებდეს ჰაზრის ბრძანებას. - ყოველი ჩემი ქვეშევრდომი უბედნიერესი ყოფილა ჩემზედ, თავისუფალი. - რა არის ბედნიერება? უამრავი სურვილია ჩანერგილი ადამიანის სულში და ვინ იტყვის, რომელ ამ ნდომათაგანის ასრულება იქნება უფრო საბედისწერო მისთვის. მიენდე განგებას: ცოლ-ქმრობის საქმე ზეცას კეთდება. - ადვილად იტყვის ენა: ზეცას მიანდე შენი გულისთქმა! გონება უკარნახებს გულს, ცივად მსჯელი გონება, მაგრამ განა გულს შეუძლიან უთქმელად გაჰყვეს ჰაზრების ხმასა? როგორ შეუძლიან დაწყნარდეს გული, აჰყვეს სხვისაგან ნაჩვენებ კვალსა, როდესაც ჰღელავს იგი, ბობოქრობს საზარლად და ეხეთქება კლდოვან ნაპირებს, რომ გააპოს იგი, ან დაიშალოს, შხეფად დაიმსხვრეს. დაიმორჩილე გული და დააწყნარე! ეს ხომ სასწაული იქნება. - მაინც უნდა დაიმორჩილო! თუ ვერ ძალგიძს იყო მბრძანებელი შენის, თავისა ვერ შესძლო ქვეყნისაც ბრძანებულობა, ბრძნულად წარმართვა. დაემორჩილა აშოტი. დასთმო გულისთქმა. გაჰყვა გონებას. გულსა ჰსურდა თითონაც ედღესასწაულნა ეს აღვსების დღე და ვერ შესძლო: არ გრძნობდა აღტყინებას, არც თუ სიხარულს; გრილი იყო იგი, შორიდან მაყურებელი. - მაშ ვინა გსურს, გულო საწყალო, ვინ გიხარიან? - არავინ ჯერეთ. არც ეს გურანდუხტ! ჯერ არ განეცადა აშოტს ნამდვილი სიყვარული, უჩრდილო ტრფობის ფრთა არ გაეკრა შესაკრებელისათვის მისთა გრძნობათა. იცოდა კი, დადგებოდა ესეთი წამი. - ადამიანის გული ერთხელ უსათუოდ აყვავდება, სიყვარულის სხივი დაჰკრავს მას გაზაფხულის მზესავით და ის ააყვავებს, დაამშვენებს, აასუნნელებს. თუ არა, მახინჯია იგი გული! - უთხრა მას ბრძენმა. ჯერ არ აყვავებულიყო ჭაბუკის გული; მახინჯიც არ იყო იგი. სწამდა აშოტს, ტურფა ყვავილი გადაიფურჩქნებოდა მის გრძნობათა სალაროში. მაინც მისცა ნიშანი გურანდუხტს. ხელმა მისცა იგი ნიშანი, გულს მონაწილეობა არ მიუღია ამ მოქმედებაში, ის კიდეც ეწინააღმდეგებოდა ამ მოძრაობას, იბრძოდა უღონოქმნილი. ანგარიშმა თუ მოსაზრებამ თავისი გაიტანეს. მართლად და ჭკვიანად მოეწყო ყოველივე. ვინ იტყვის დიდებული დედოფლის აუგს, შეგნებული დედის, სარისტიან დიასახლისის ძვირს! ღირსეული დედოფალი დიდებული მეფისა! ჯერ არ გასწონოდა აშოტის გულს ისარი სიყვარულისა წვერგამახული, ტრფობის მაგვარი გრძნობა კი გამოცდილი ჰქონდა, სიყვარულის რამ ანარეკლი. გაახსენდა მას პატარა ეკა! თვისი წაწალი; მისი ალერსი, მისი ღიმილი, მისი ტიტინი გულუბრყვილო, ოდეს იპოვიდნენ დროს განმარტოებისას. იად მოეჩვენა ქესკუმი ქალი თვის ცხოვრების უყვავილო ბიამანზედ. საიდუმლოდ იყო მოწყობილი მათი ერთობა, თვით ქვესკნელმხედვნიც ვერ იტყოდნენ დანამდვილებით. იქ იყო ისიც, ქორწილის ზეიმში, სეფექალთა შორის ლხინობდა გულდაკოდილი. დიდი გმირობა სჭიროდა, არ დაემჩნია გულის იარა. უცხო ვერას შეატყობდა, აშოტმა იცოდა, რა ძნელი იყო ცქრიალასათვის ეს ყველასათვის სამხიარულო წამები. ჰაი, ჰაი იცოდა! მით უფრო მძიმე იყო ნარნარისათვის ტვირთის ატანა, რომ სხვა სტუმრებისავით პირვარდი უნდა ჰფენოდა იმასაც, სიხარულის ამსახველი ღიმილ-სიცილი. არ შეეძლო არ ყოფილიყო იქ, სადაც ყველა დიდკაცთა ქალები იყვნენ შეკრებილნი. აშოტმა დაინახა ეკა მაშინ, როცა დედოფალს ხელი უპყრა და გვერდით დაისვა. ნახა აშოტმა ეკას თვალთაგან ნაკვესი ცეცხლი მისკენ ნატყორცნი. ტანჯვის ნაპერწკალი იყო ის და გაუწვა გული ჭაბუკს, როგორც რამ შანთმა შორით ნასროლმა. - შემებრალა პატარა, გული მეტკინა. რა ფასი ჰქონდა ჩემს შეცოდებას?! მონანი ვიყავით უმძლეს გარემოებათა მეც... და ისიც. უნდა დავმორჩილებოდით. დავმორჩილდით! გულს სრედ ატყვია იგი განცდილი, ჩემსა და მის გულს. თვალთ წინ წარმოუდგა განმარტოვებული სამეფო გალიაკი და სარეცელი. მოწიწებით შეიყვანეს მასთან გურანდუხტ; გახადეს საგვირგვინო ტანთსაცმელი; შეხსნეს სამკაული. ამბრის სუნი მოეკმია ლამაზ სავანეს. მძიმე ფარჩიდან ძლივს გაანთავისუფლეს ნორჩი ტანი. კრთოდა ქალი. მოპარვით თუ შეხედავდა ქმარს: არ იცნობდა იგი მას. ეშხიანი იყო, თითქოს ლამაზი. ცოტა ჭარბად დაჰრთოდა ნივთიერება მის ქორფა სხეულს, მძიმე ნივთიერება მომუქო. ჯვარდაწერილი მაინც უცხო იყო მისთვის: გულის გარეშე იდგა, სულისგან ჯერეთ შეუთვისებელ-შეუფასებელი, არაბედენა. რაინდულად მოეპყრო ვაჟკაცი ახალს სულს, პატივი სცა მის კდემამოსილებას, უკბილო ღრჭენით არ შემოხსნა ნათელი უმანკოებისა. დაუმადლა ქალმა ქმარს ქცევა ნარნარი, პატივის დამსახველი ზნეი ლამაზი. - ნადიმი იყო მთელი კვირა. უჩრდილო ზეიმი შეუზღუდავი. გულწრფელად ვიშვებდი მეც, ვიხარებდი. ვნებაც შემიმსო მეუღლესთან სიამემ. მერმე, შემდეგში ისევ ააჩნდა გულს ნაკლი რაღაც. არც როდის არ იყო კრული გული სავსებით სავსე. ისევ დაეძებს იგი თავის ნამდვილ ხვედრსა; ჯერეც დაეძებს, ეხლაც, როს უკვე დავლიენ დღენი სიჭაბუკისა. შავი მიწა თუ გააძღობს კაცის გულს ედემის მძებნელს. - სწრაფად განქრა გურანდუხტ-საყვარელი, დარჩა დედა და დედოფალი. ჩემს გულს კი სატრფო სწყუროდა, ჩემი გული კი საყვარელს ეძებდა, მისთვის ღონობდა. ამაოდ ეძებდა და ღონობდა! ბევრი თურმე ისე განვლის ცხოვრების წუთებს, თვალსაც ვერ მოჰკრავს თავის სულისდგმას. განგება სახიერი ყველას შეუქმნის ტოლს, ბოროტი ბნელი არ შეახვედრებს, სხვასთან წარგზავნის, სხვას მიუტოლებს. მეც იმათ შორის!.. კმარა! რაღა დროსია ამაზე ფიქრი?! - ბედნიერია გურანდუხტ, კმაყოფილი: არაფერს ამისთანას ის არ გრძნობს. დაჰვიწყებია სხვა ყველაფერი, იცის მხოლოდ, რომ დედაა და დედოფალი. თითქო არ ახსოვს, რომ თანაც ქალია, სახლის თაიგული, სიამის ნექტართა მადინებელი, ლბილ გრძნობათა საუნჯე ფასდაუდებელი. - არაკეთილ არს კაცისთვის ყოფად მარტო! - ვაი, რომ ბევრჯერ კეთილ არს კაცისათვის ყოფად მარტო, სანამ ერთად ისეთ მეუღლესთან, რომლის მყინვარ გულიდან განდევნილია ნასახიც სიყვარულისა... დაიღალა აშოტი, მოგონებამ დაღალა იგი, - მძიმე სურათები დაუსახა წარსულიდან, დაქანცა სულით. შვების მაგივრად ტანჯვა განაცდევინა, ნექტარის სანაცვლოდ აგემა უგემურობა. შესწყვიტა აშოტმა ოცნება; შეჩერდა მის გულში გრძნობათა დენა; შეეყინა გონებაში ჰაზრთა ნავარდი. მოეშვა ტანიც, მიელულა თვალები; მოდუნებული ხელი მძიმედ დააწვა მუთაქას. გარინდებული იყო, ცხოვრების საკითხებიდან წამოცალიერებული. უჩინარმა ხელმა გადასწია მძიმე ფარდაგი კარისა და ფართე გზა მისცა დედოფალს. - სანადიროდ მიდიხარ, აშოტ, უფრო კი სანაპიროდ, მტერთან საომრად. სხვამ ჩემზედ უკეთ იცის შენი გულისთქმა, თუნდაც იმ კრავმა. - ჩემი გულისთქმა მხოლოდ მე ვიცი. - კარგი! მაგრამ შეიძლება გვიან დაბრუნდე ნადიმ-ნადირობიდან, აქ კი რამდენი საქმე გვიძს წინ საჩქარო, აუცილებელი. საშურია ვედრებაც ანასტასიასი, დედათა სავანის წინამძღვარისა. - სთქვი, გავბჭოთ; ვბრძანოთ შესრულება. იცი, არ ვეწინააღმდეგები შენს სასიკეთო სურვილებს. - შეიძლება, აქ ხელი შეგვიშალონ, ვინმე გეახლოსთ. სჯობს, განვმარტოვდეთ ჩემს სავანეში. - ინებე! ქალმა ხელი გაუწოდა ქმარს და მაცდურად შეხედა თითქო ნდომით მორღვეულ თვალებით. ქმარმა გულს მიიკრა გაწვდილი ხელი და აეტოლა. ნელის ნაბიჯით გაემართნენ გალიაკისკენ. წყნარად მუსაიფობდნენ. მძიმე მოჩანდა დედოფალი, მეტად ნივთიერი. რყევით მიდიოდა მტკიცედ მავალ ვაჟკაცის გვერდზედ.

23 ხელმწიფე ბედნიერი რომ მუქ ფიქრების მორევში შეცურებულიყო და უკმაყოფილების ნიავქარისთვის აეყოლებინა თავისი იდუმალი ზრახვანი, ერთს პატარა ოჯახში ზღაპრულად მოუთხრობდნენ მის განთქმულ ქველობას, შორსმჭვრეტელობას, მძლეთა-მძლეობას, ბუმბერაზობას. შარავანდედითა ჰმოსავდნენ მას, ბედნიერს შობილთ შორის; ინატრიდნენ მასთან ხლებას, მის გვერდით ბრძოლას. მხარდამხარ შრომას; მასთან სიცოცხლეს, მასთანვე სიკვდილს. იქ ზეკაცადა სწამდათ აშოტი, მაღლით ცხებულად, რომელთან მხოლოდ ყოფაც კი აკეთილშობილებდა ადამიანს, სულის სისრულეს აგრძნობინებდა. ესე უყურებდა აშოტს ყველა მისი ქვეშევრდომიც. ოჯახებში არაკად მოუთხრობდნენ მის ნამოქმედარს საგმირო ამბებს, ბევრჯელ მართალს, ზოგჯერ გაზვიადებულს, ხან-ხან შეთხზილსაც. ეს ამბობა ახარებდა ხალხის გულს, ნუგეშს უნერგავდა მის საძნელო ყოფას. საჭიროც იყო აწ იმედები; როდესაც მძლავრი მტერი კარს ედგა ქართველს და ისწრაფოდა გაეტეხნა იგი, მიწად დაეხარნა მისი ყოფა, მთლადაც გაემტვერებინა მისი არსებობა და მის ნანგრევებზე დაეშენებინა სხვა მოდგმა, სხვა ხალხი, სხვა სჯული თუ მოქალაქობა. გრძნობდა ერი განწირულს თავის ყოფას და მით უფრო მეტის სასოებით შეჰყურებდა განგებისაგან მისდა მხსნელად მოვლინებულ მეფე ბუმბერაზს, რომლის ხმალი მტკიცე საფარველად გადაჰვლებოდა განსაცდელის კარს მიახლოვებულ ხალხს. პატივით და სიყვარულით უბნობდნენ აშოტზედ იმ პატარა ოჯახში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომელნი მოსხდომოდნენ კერას საამოს და ეტყოდნენ ერთმანეთს ლბილად თუ ტკბილად. ახლად შეუღლებულნი იყვნენ ეშხით შეკავშირებულნი. ვაჟკაცი შეყვითლებული იყო, გამხდარ-გამხდარი: დაეჭრათ იგი, მკერდს ლახვარი დაჰსობოდა, წვერს ფილტვებამდინ ეწივნა. ჭრილობა დიდი არ სჩანდა. ვაჟკაცი პირველ ხანებში სრულ ღონესვე გრძნობდა მკლავში. მალე მოურჩა იარა გარედგან, შიგნიდგან კი ისევა გრძნობდა ტკივილებს, წინანდელზე უფრო მეტადაც. თანდათან კიდეც დაძაბუნდა; სისუსტე ემატებოდა, ხორცსა ჰყრიდა, ხდებოდა. კიდეც ახველებდა. მეფის ექიმმა რამდენჯერმე ნახა ავადმყოფი, გასინჯა, წამლებიც შეუმზადა, მაგრამ ამაოდ; ავადმყოფობა თავს არ ანებებდა ჭაბუკს, თუმცა არც სწრაფად ვითარდებოდა. ნელ-ნელა ჰფქვავდა ძლიერ აგებულებას. - ნამდვილი სასიამოვნო ამბავი შემოიტანე, ქალო! რახან ჩვენს მხარეს მობრძანდება მეფე სანადიროდ, უსათუოდ შემოივლის ჩემს სანახავად. ისეც ვუყვარდი ბატონს, ამხანაგივით ვყვანდი დალოცვილს და მას შემდეგ, რაც განსაცდელს გადავარჩინე პირდაპირ მეძმო. აღარ დამივიწყებს: აშოტი არასდროს არ ივიწყებს თუნდ მცირეოდენ სიკეთეს. - რა დიდი უბედურება დატრიალდებოდა, თუ ღმერთს არ ენებებინა მაშინ შენის ხელით იმისი გადარჩენა და დახსნა!.. - დაიღუპებოდა მთელი ხალხი, მოისპობოდა სახელი საქართველოსი. მისი ბადალი კაცი არ მოიძებნება ეხლა ჩვენს ქვეყანაში, ხასანის ლაშქარი თან ჩვენ მოგვდევდა, თან სოფლებს იკლებდა და ანადგურებდა; ვისაც არ ჰხოცდა, ტყვედა ჰბორკავდა. ცეცხლის კვალით აღნიშნეს სარკინოზთ თვისი ძლევამოსილობის სადენი. მარჯვე ადგილებში ვუბრუნდებოდით, ვაყენებდით და ვაყოვნებდით, რომ დრო მიგვეცა ლტოლვილებისთვის დაწინაურებულიყვნენ. ერთ ამისთანა შებრძოლებაში კინაღამ იმსხვერპლეს მეფე და მეც დამჭრეს. - ნეტა თუ რად უნდათ ურჯულოებს იმოდენი ტყვე? - ზოგს მოისამსახურებენ, ცხოველივით ამუშავებენ, სხვებს გაჰყიდიან: ჩვენი ხალხი ძვირად ჰფასობს ყოველგან, ჩვენი ლამაზებით მათი დიდკაცობა შეავსებს თავის ჯალაბობებს, დაირიგებს ცოლად თუ ხასად. - უწინამც დღე დაელიოთ იმ არაწმიდებს! - შენც ტყვედ ჩაჰვარდებოდი, შე საწყალო. ჩვენი სახლ-კარი დაინგრეოდა, გადიბუგებოდა, მთელს ერს მონობის უღელი დააწვებოდა. სიკვდილი სჯობია მონობას! - ოღონდაც! თავს მოვიკლავდი, ცოცხალი არავის დავნებდებოდი. -კარგს იზამდი! ჩემი ცოლი რომელიმე ბინძურის მხევლად?! ჯავრით საფლავში გადავბრუნდებოდი, თვით სამოთხეში შეწრწუნდებოდა სული ჩემი! მერმე რომ იცოდე, რა საშინლად ამცირებენ გასასყიდად გაყვანილს: ბაზარში უდგათ ხელებშეკრული, მყიდველს შეუძლიან მთლად გაატიტვლოს, ისე გასინჯოს როგორ უნდა, ხელი ახლოს. - დამიდგა თვალი! ბაზარში ხალხის წინ გააშიშვლონ ქალი?! - წარმოსთქვა ქალმა. და სპეტაკ სახეზე კდემის ყაყაჩო გადაეშალა, თვალნი სხივოსანნი ძირს დაეხარა. ვაჟკაცს გული მოსტაცა ცოლის მორცხვმა სიმშვენიერემ და მიიზიდა იგი თვისკენ, ლოყა დაუკოცნა. ვაჰ, რომ ჭრილობას ღონისაგან დაეცალნა ძლიერი და ვეღარ შეეძლო თვისებურად აეტაცნა ქალი, ჰაერშივე გადაეკოცნა მისთვის სახე, ყელ-ყური, გულ-მკერდი თეთრი. - მაინც ისე როგორ დაწინაურდა აშოტი ბრძოლის დროს, რომ გვერდზე მშველელი აღარავინ შერჩა შენს გარდა; განა შეიძლება მეფე ისე გასწირონ განსაცდელში?! - შენ არ იცი, ჩემო კარგო, ვერც წარმოიდგენ, რამდენი შემთხვევითი მოქმედებაა ბრძოლის დროს, ბევრჯელ საკვირველი მოძრაობა. მის გვერდითაც, ზურგით, კერძოც ბევრნი ვიყავით მებრძოლნი, მაგრამ როცა თვალი შეასწრო, რომ იმათი ფალავანი მუსრს ავლებდა ჩვენებს, სწრაფად გააფრინა მისკენ მერანი და მოსწყდა ჩვენს ჯგუფს სწორედ იმ წუთს, როცა ჩვენც გასაჭირში ვიყავით: ორი მხრით გვერტყა მტრის რაზმი. მოვკარ თვალი განსაცდელს, ხმალი აუკარ ვიღაცას ხმალზედ და გავიკაფე გზა. დროზედ მივასწარ: ჩაბალახის საყბეური ჩამოსწყვეტოდა, მარცხენა ღაწვი ღია ჰქონდა შემაღლებული ხმლის წინ. მოვკვეთე მტერს მარჯვენა ხმლიანი. - და მაშინ დაგჭრეს, შე საწყალო? - მაშინ გამიარა ჩაჩქანში ჰოროლის წვერმა. ალბად ფილტვებამდის უწია. ჩემმა ლახტმა გამოასალმა წუთისოფელს შეჩვენებული. - მაინც ისე ყოჩაღად როგორ შერჩი, რომ ცხენდაცხენ გამოხველი ბრძოლიდან? - არც თუ ისეთი დიდი ტკივილი ვიგრძენ პირველში. მხოლოდ სისხლი ვნახე გადმომდინარე და გამოვბრუნდი ჭრილობის შესახვევად. - იცი, ჩემო პატიკო, ხელმწიფეს რომ შევეგებენით ხერთვისს, მოახსენეს მას ჩემი ვინაობა და იმან ესე ბრძანა: იქ შენმა ქმარმა სიცოცხლე მიძღვნა და აქ შენ სუნნელოვანი თაიგული სიხარულისაო! დაიხარა, ბაღდადზე შემახო ბაგე, როცა მე მას ხელზედ ვემთხვიე. - რაინდია აშოტი, ყოველი კეთილით შემკული. აკი გითხარი, იცის სიკეთის დახსომება. დარწმუნებული ვარ, უნახავს არ გაგვიშვებს, რახან აქეთ უნებებია წამობრძანება. - ვითომ გვნახოს მეფე აშოტმა, ბრძანოს ჩვენს ქოხში შემობრუნება?! - დარწმუნებული ვარ! - რომ მართლა ასრულდეს შენი ოცნება, სად მივიღოთ? როგორ გავუმასპინძლდეთ? - ნუ ზრუნავ, ჩემო კარგო, მაგაზედ: მის ლოგინად ხშირად მხოლოდ ნაბადია და ბალიშად უნაგირი. ომისა თუ ნადირობის დროს სულ ესე ატარებს ცხოვრებას. მთელს თავის ლაშქარში, ვგონებ, აშოტი არის ყველაზე ნაკლებად მომთხოვნი, მეტი იწროების ამტანი. მაინც რა გაფიქრებს: ოდაში მოვუსვენოთ, ფარჩის ლოგინი გავუშალოთ ჩვენი. - თუ კი გაგვაბედნიერებს, რასაკვირველია, ვეცდებით ვუშოვოთ ყველაფერი, გაუჩენელი გავაჩინოთ. - ეჰ, როდის იქნება, მეც კვლავ შევსძლო მისი თანხლება, მის გვერდით ბრძოლა თუ ბჭობა!.. - მალე იქნება, გენაცვალე! ექიმმა თქვა, ძალიან მაგარი აგებულობისაა და იმედი მაქვს, გადაიტანს ამ შიგნით ჭრილობასაო. - ჭრილობა არ მაშინებს, არც თუ ტკივილი, - სთქვა დაღონებულმა და განაგრძო: - კიდეც იქნება დრო, წამალი გამითბო და დამალევინო. იმ დღესაც ეწყინა ექიმს, დღეში სამ-სამჯერ უნდა მიგეღოვო წამალი, დანიშნულ დროზედ. - მაშინ შენ თითონ გაჯიუტდი, აღარ მინდა, აღარ მიამებაო. მე ნირს არ შეგიშლი, თავს შემოგევლე! წამოდგა, წავიდა წამლის მოსამზადებლად. ვაჟკაცმა ხარბი თვალი გააყოლა ოდნავ რხევით მიმავალ შუქურ ქალს უჩუმრად ამოიოხრა. მაღონებელ ფიქრებს მიეცა. ჰქონდა კიდეც საჯავრელ-სადარდებელი: რამდენი ხანი იყო, რაც დასჭრეს და ნაკოდი ადგილი შიგნიდან ისევ უსიამოვნოდა ზრზნიდა, შიგადაშიგ კიდეც სტკიოდა. უკან-უკან მიდიოდა კაცი. ღონეზედ ვეღარ მოვიდა, ვერც ფერზედ. ხველება დასჩემდა. სანთელივით ჩამოდნა დევივით ვაჟკაცი. დარდობდა მურაზით გაუმაძღარი. თავიც ენანებოდა, ცოლიც მთლად ახალგაზრდა. შუქია ხომ ყვავილივით ნაზი იყო და სათუთი, ცხოვრებაში გამოუცდელი, ბავშვივით გულუბრყვილო და კეთილი. როგორ იცხოვრებს იგი მის შემდეგ? როგორ აიტანს ქვრივ-ოხრობასა და გაჭირვებას? - ქვრივ-ოხრობას?! ვინ დააყენებს დიდს ხანს ქვრივად მშვენიერ შუქურს?! ნუ მოჰკვდები, საბრალოვ, თორემ მალე მოამგლოვებენ შენს თავს მეტოქნი. - ეეხ! ბალღი მაინც შეგვრჩენოდა: მაშინ დედა თავს დასდებდა მისთვის და აღარ იფიქრებდა გათხოვებაზედ ჩემს შემდეგ, - გაიფიქრა უღონო შურით გულშახუთვილმა. და თვალთ ცრემლი მოადგა, ჯავრისაგან ნაწური თვალთა ნამი მწვავე და ძნელი. 24 ის იყო, წამალი დალია ავადმყოფმა და საუზმე მოსთხოვა ცოლს, რომ ხევიდან აღმოაჩნდა ჯგუფი მხედართა და გაემართა სოფლისაკენ.ცოლ-ქმარმა შენიშნა მგზავრები, მაგრამ მაგდენი ყურადღება არ არ მიუქცევია. ცხენოსნები მიუახლოვდნენ სოფელს; შეუხვიეს პაატაანთ ეზოსკენ. ცოლ-ქმარი მზერად გარდაიქცა. ნელის ნაბიჯით მიდიოდნენ მგზავრები, დინჯად. ერთი მათგანი დაწინაურებული იყო სხვები ოდნავ ჩამოშორებულნი მისდევდნენ. პატიკოს სახეზედ განცვიფრება აღიბეჭდა. - ჰარიქა, ქალო, მეფე მობრძანდება თავის ამალით! წინ რომ მოდის, აშოტია ის. - მართლა, ქა?! სწორედ მეფეა! - წარმოსთქვა ქალმა. და დაფაცურდა. რაღაცა უნდა გაეკეთებინა, რამე ჰსურდა მოეგვარებინა, მაგრამ ამაოდ: ვერას ახერხებდა, უსაგნოდ ტრიალებდა, მიდი-მოდიოდა; თავსაფარს ისწორებდა ათრთოლებული ხელით. თითონ პაატა კი მარჯვედ დაჰხვდა დიდებულ სტუმრებს; უბრძანა ბიჭს, ჭიშკარი გაეღო სტუმრებისათვის და წარსდგა მათ წინ. აშოტი ცხენდაცხენ შემობრძანდა ეზოში; მერმე ჩამოხდა, ლაგამი გადაუგდო შინაყმას. სხვებიც დაქვეითდნენ. ერთ მათაგანს უნაგირის ტახზედ მოკლული შველი ჰქონდა ჩაკრული. - ბატონი მეფე ადღეგრძელოს ღმერთმა! ბედნიერი ვარ, ვეღირსე შენს ნახვას ჩემს ჭერქვეშ. მოხვედ მშვიდობით! - დამხვდი მშვიდობით! სანადიროდ ვიყავი და შამოვიარე: არ შემეძლო არ მენახა ჩემი ერთგული თანამბრძოლი ამაგდარი. როგორა ხარ? ნუთუ აქამდის არ მოგირჩა ჭრილობა, რომ ვისიამოვნო შენი ჩემთან ხლებით?! - ჯერ ვერ განვიკურნე, ბატონო მეფევ. ერთ წამსაც არ დავყოფდი შინ, თუ კი ვიგრძნობდი ძალას შენთან ყოფნისას. - გეტყობა ავადობა: ფერი დაგკარგვია. მე კი ვეჭვობდი, ვაი თუ ტკბილმა კერამ ხმალი დაავიწყა-მეთქი, - უბრძანა მეფემ და გაუღიმა. - ხუმრობასა ბრძანებ. ბატონო, ჩვენისთანა ადამიანისათვის მოგეხსენება, ხმლის ფხაზედ უტკბესი არ მოიპოვება რა მთელ დუნიაზედ. სახლის პატრონი და სტუმრები მიუახლოვდნენ აივანს. დიასახლისი არსად სჩანდა: კარებს უკან მიაბა იგი უძლეველმა რამ ძალამ, ფეხი ვერ გადმოადგმევინა ზღურბლზედ. - ქალო, შუქიავ, გამოიხედე! ნახე, რა ბედნიერება გვეწვია, ვინ მობრძანდა ჩვენთან! შუქურს სიამის შუქი ალიონად აჰფენოდა მდიდარ სახეზედ. რომ გადმოდგა კარებიდან ფეხი და ღიმილით მიეგება სტუმრებს, ახლად გახსნილ ვარდის სახედ მოეჩვენათ მათ იგი. განა ფარჩა ამშვენებდა შუქურ ვარსკვლავსა, ან გოჰარი პატიოსანი. არა! თითონ ბუნებას დაესხა იგი ველის ყვავილად, თავდახრილ კდემად, ნაზ შუქთა მფენად. - მაშინ რომ მომილოცეს გამარჯვება, ხალხს შენ წამოეყვანე, ქალო, თვის მეთაურად. ღირსეულად აერჩივნე ერს: ის გამარჯვება ნახევრად შენს ქმარს ეკუთვნოდა, ამ ჩემს ერთგულ მეგობარს. იქნება არც კი გიამბო, რომ სიკვდილს გადამარჩინა. თავის ქველობაზედ ეს იშვიათად დასძრავს ენას. - მითხრა, მიამბო. მაგრამ, ბატონო, განა საიშვიათო ღვაწლი იყო ის შენთვის ღირსსახსოვარი?! შენთვის ყველა თავს დასდებს, ჩვენო მეფევ მხსნელო! - მიუგო ქალმა აღტაცებით. და შინ შეიწვია მეფეც, მისი მხლებელნიც. ქმარს მოეწონა შუქურის სიტყვა და ალერსით გადაავლო თვალი მის სახეს. სხვებმაც დაუმადლეს მას თქმა ჭკვიანი. საუბრიდან გამოირკვა, რომ მეფეს მოენადირნა მახლობელი არე, მერე დაენაწილებინა თავისი ხალხი და სხვადასხვა გზით გაეგზავნა ალგეთისაკენ. თვითონ? მარტო წამოსულიყო მცირე ამალით. აპირებდა დაღამებისას გზასვე გასდგომოდა. მარდად მოამზადეს სადილი. შველიც ააფეშხოვეს, მეფის ნანადირევი. დაფიქრებული სჩანდა აშოტი. ხანდისხან რინდდებოდა, არას ამბობდა, თითქო ვეღარც სხვის ნათქვამი ესმოდა. მასპინძელმა შენიშნა ეს და შეწუხდა: შეეფიქრა, ჩვენ ხომ არ ვართ უნებლიეთი მიზეზი ბატონის შეჭირვებისაო. სადილი უკვე თავდებოდა, როცა მეფემ მიჰმართა პაატას: - მწყინს, ჯერეთ ჯანსაღად არ ხარ, არ შეგიძლიან ჩემთან წამოსვლა: თითო შენისთანა ერთგული თითო რაზმად მიღირს ეხლა. - მე ვინ ვარ, მაგას მიბრძანებ?! მეც გულს მაკლია, თან ვერ გახლავარ ნადირობის ჟამს, თუმცა ომში უფრო გამეხარდებოდა შენს გვერდზედ ყოფნა. ბრძოლის ველზედ იყო ჩემი ლხენა, კერას მიმჯაჭვა ამ ავადობამ. - იცი, ომი შენი აღვსებაა და მისთვის გეტყვი: ეს ნადირობა მხოლოდ მოგონილია. სხვადასხვა ბილიკებით ლაშქარი მიეშურება მტკვრის ველისაკენ: მეც მთა-მთა წავალ ამაღამ იქით. - უგრძნობლად აპირებ თავდასხმას აგარიანებზედ? - ნამდვილ! დაივანეს ეხლა სარკინოზთ. გაიგეს, აშოტი სანადიროდ წავიდა, თვით აფხაზეთის სამზღვრებამდის აპირობსო სვლას და დაწყნარდნენ. ეხლა მთელი მათი ურდოები მტკვრის პირს არიან ჩასულნი საზამთროდ, გაშლითა სდგანან, ხალვათად. მსწრაფლ ჩამოვუქროლებ მათ ბანაკებს, მიწასთან გავასწორებ. სანამ თავს მოეგებიან და ჯარს დასძრავენ, ჩვენ ისევ აქ ვიქნებით სამშვიდობოში. - ვაი თუ გიგრძნონ, ბატონო, და მზირად ჩაგისხდნენ, გზები მოგიჭრან. - არა! არავინ იცის ეს ჩემი განზრახვა გარდა უფროს სარდლებისა. ნამდვილ ვიცი, სარკინოზნი უზრუნველად სდგანან, ზაფხულისათვის აპირობენ დიდ ლაშქრობას. ეხლა, პაატ ჩემო, შენ გეტყვი ამას, რადგან ამიერიდან ერთ უფროს სარდალთაგანი ხარ ჩემის ლაშქრისა. გიბრძანებ ამას: აწ შენგან აღარ უნდა იყოს დაფარული არც ერთი სამხედრო დაწყებილება. გამხიარულებულმა პაატამ მადლობა მოახსენა მეფეს წყალობისათვის. მხლებლებმა უნებურად შეხედეს შუქურს, რომელიც იქ იყო, როცა მეფემ სთქვა სამხედრო საიდუმლო. აშოტი მიხვდა მათ ჰაზრს და განაგრძო: - ეს ჩვენი დიასახლისი ჩვენზედ მეტად არის განმსჭვალული გამარჯვების სურვილით და ცოდვა იქმნება მისგან დავფაროთ ჩვენი განზრახვა. - ღირსეული მეუღლეა ღირსეულის მამულიშვილისა! - დასძინა როსტომმა. უფრო აღელდა პაატა მეფის ამგვარ თქმაზე. კვლავ მადლი გარდაუხადა. მხოლოდ იმის სინანულში იყო, რომ არ შეეძლო იმ წამს ჰხლებოდა მას, სათავეში ჩასდგომოდა თავის ჯარს და გამარჯვებისაკენ წარემართნა მისი სვლა. შუქურის სახეზედ აღტაცება არ მოშლილიყო მას აქეთ, როცა აშოტი შეფარებოდა მათ ჭერს. ეხლა იგი აღტაცება უსიტყვო ღაღადებად გარდაიქმნა, უხმო თაყვანისცემად უებრო ვაჟკაცისადმი და ეს ლოცვა გამოკრთოდა სასოებით აბყრობილ მის თვალებში, ისახებოდა მის ღაწვებზედ ანთებულ სიხარულის ალში, იმ უნებლიეთ ღიმილში, რომელიც ოდნავ აპობდა მარჯნის ტუჩ-ბაგეს, ტურფად განიზიდებოდა ორსავე მხარეს და სხივად ჩაეშვებოდა ნექტართა ლამაზ საგუბრებში, ქალს რომ უღრმავდებოდა ორივ ლოყაზედ. - იმ ნექტართა საგუბრების დაწაფება სიცოცხლეს შესძენს ადამიანს და პატიკოს რა დაჰმართნია, ვერ ამოუწოვნია იქიდან სიმრთელის ძალა?! - აი მეუღლე! ამისთანა ცოლის მყოლ ვაჟკაცს თმა არ გაუთეთრდება, - გაიფიქრა აშოტმა. და მიჰმართა პაატას: - ეხლა ვერ წაგიყვან თან, მეორედ გალაშქრებაზედ კი ისე ფეხსაც არ გავსდგავ, თუ შენ არ მეყოლები იქ. მოწამლული ყოფილა შუბის წვერი, რომ აქამდისინ გამოგყვა ნაკვეთის ნალი. - სწორედ მოწამლული ყოფილა, რომ ჩემი აგებულობა მაგარი და შენის ექიმის უებარი წამლობა ჯერაც ვერ დაჰრევიან ჭრილობას. - ეხლა იმედია, მეფის წყალობა და მადლიანი თქმა ერთი-ათად აქცევს შენს ღონეს თუ გამძლეობას, - დასძინა ელიზბარმა - ექიმი ძალიან მაიმედებს. ეს თქვენი მხევალიც ხელს მიწყობს და უკლებლივ ასრულებს მკურნალის დავალებას. მხევალი შუქური კი მეშვიდე ცამდის იყო აღტაცებული მეფე-ვაჟკაცის ესეთი მზრუნველობით, მისი გულკეთილობით, მისგან მათდამი მიმართული სათნო სურვილებით. ვერ გაეგო, როგორ თავსდებოდნენ აშოტ მეფეში ბუმბერაზული შემმართებლობა, გაუტეხელი იერი ვაჟკაცისა, მტერთა მმუსრავი ძალა მძვინვარე, და ლბილი სათნოება, ნაზი გულჩვილობა, სუნნელოვანი გრძნობა კეთილმყოფელი. - ბედნიერია ამისი მეუღლე: დედოფალი განდიდებული, თანამემცხედრე გულნათელი ქმრისა, ცხოვრების თანამგზავრი ყოვლადსრულ ბუმბერაზისა! - შეჰნატრა ქალმა შორმყოფ გურანდუხტს. და შენატვრაზედ ვნების რამ სითბომ დაუარა ტანში, გააღვია ის, გააღაღანა, ვითა ყვავილი სხივთა ალერსმა. არ იცოდა გულკეთილმა, რა იშვიათადს ივანებს სახლში კმაყოფილება, რომ წყნარის შუქით ააციაგოს წმიდა კერია და სიამის ღიმი ჰფინოს თუნდ საწყალ ოჯახს. 25 მიირთვა მეფემ სადილი. მოისვენა. სიამოვნებით გაატარა მთელი დღე. მზის ჩასვლისას ბრძანა აღკაზმვა ცხენებისა. გამოეთხოვა მასპინძლებს. ისე მოაფრინდა ტაიჭს, თითქოს ხელიც არაფერს დაადო. მსუბუქად ისხდნენ მხედარნი, წერწეტად. აშოტი ცოტა წინ მიდიოდა. გაჰყურებდნენ მეუღლენი მიმავალთ. აშოტი უფრო მოსული ჩანდა, მისი რაშიც უფრო ტანიანი. შუქურის თვალში თანდათან ემატა აშოტს სიდიდე, მანძილმა ვერ დალია იგი, ვერც თუ დაამცრო; უფროც შეამაღლა. მიეფარნენ მგზავრები, წამოხრილმა ბორცვმა დაჰფარა იგი თვალთაგან. ქალის ოცნების თვალი მაინც ჰხედავდა აშოტს, ცხადად არჩევდა. უფრო გადიდებულიყო მხედარი, ამირანის ოდენა გამხდარიყო, მისი ტაიჭი ექვს ფეხიან რაშად გარდაქმნილიყო. შავს ღრუბელს კი არა ჰგვანდა ბუმბერაზი, საავდროდ გამზადებულს; სხივოსან მებრძოლს ემზგავსებოდა, ზეშთა დასთაგან განცალკევებულს, ქვეყნად მოვლინებულს კაცთა ნათესავის მომხმარ-მაშველად, ბნელისა ძალთა დამამხობლად, ადამიანისათვის სიხარულის მომტან არსებად; შუქურის გულის გამათბობელად, მის მეფედ საესავოდ, მის სამუდამო მბრძანებლად ცხოვრებაში, ორსავ ცხოვრებაში. - შევიდეთ, ქალო, სახლში! ბევრიც რომ ვუყუროთ მის გზას, ეხლა ვეღარ დავინახვთ იმ დიდებულს შობილთა შორის, ზეცით კურთხეულს. - ოღონდაც რომ დიდებულს და კურთხეულს! ნათელ რამ ჩვენებად გაიარა დალოცვილმა ჩვენ სახლში და ჩვენ ეზოზედ. იმედის სხივი დასტოვა ჩვენ დაღონებულ ყოფაში, აწ დიდებულო სარდალო ჩვენის ლაშქრისა! - მიუგო შუქურმა და იქვე მოეხვია თავის ქმარს, შიგ ტუჩებში აკოცა. ალერსის გუნებაზედ დამდგარიყო ლამაზი, ვეღარ მოჰრეოდა სურვილს კოცნისას. - ვის ეკუთვნოდა ეშხიანი კოცნა იგი მშვენიერისა, საყვარელ მეუღლეს დაავადებულს, თუ მიმავალ ბუმბერაზს, ძლიერების შარავანდედით შუბლ-გაშუქებულს? გაიღო თეთრი კლდე გამოვიდა თეთრი რაში, ზედ იჯდა თეთრი მხედარი მოჰქონდა თეთრი სიხარული... გაახსენდა ქალს შელოცვის სიტყვები და იმ თილისმა სიტყვებმა ხორცი შეისხეს მისთვის, იგი სიტყვები მიდ-მოდიოდნენ მის ოცნებაში აშოტის სახით, მიმოჰქროდნენ მის სპეტაკ სულში. თეთრ სიხარულს მიმოაფრქვევდნენ მის საწყალ გულში. ჯადოსნური თვისებისა იყო თეთრი იგი სიხარული: სპეტაკ სითბოს აშუქებდა მთელ არსებაში, თეთრად ადნობდა თვით ნასახსაც შავის დარდისა გულის კუნჭულებშიც, ვით გაზაფხულის მღიმარე სხივი ადნობს დრომოჭმულ თოვლს გასაქარწყლებელს. წავიდა აშოტი, დაადგა თავის მოწოდების გზას: განგებისაგან მოვლენილი იყო ის გუშაგად ღვთივ-კურთხეულის საქართველოსი, მხსნელად ხალხისა მტრისაგან ცეცხლად აღტყინებულისა, ლომივით განძვინებულისა. ზეცის მიერ მას ებარა ამ ერის ყოფა, მეუფის წინ ის იყო მის სიმრთელეზედ პასუხისმგებელი, მის აღორძინების თავმდები, და მიისწრაფვიდა იგი მოწოდების აღსასრულებლად. ხალხიც მოუთმენლად ელოდა თავის წინამძღვარს;იარაღით ხელში გაჰყოლოდა მის მქუხარ ხმას დაიმედებული, რომ მტერი აღიგვებოდა პირისაგან ქართველთა ქვეყნისა, რაკი მათ ხელმძღვანელობდა იმისთანა რაინდი უნაკლულო; ამოწყდებოდა მტერი, რომელს გაებედნა და გადმოელახნა მზღვრები საქართველოსი, წმინდა ნიადაგზედ დაედგა ფეხი თვისი უწმინდური! წავიდა აშოტი, მაგრამ სამუდამოდ დარჩა მისი აჩრდილი პატიკოს სახლში: მარად სასაუბრო შეიქმნა ის მეუღლეთათვის, მარად საოცნებო. ფრთანამზნევი არწივი იყო ეხლა. შორიდან ჰხედავდა საბრძოლველად მიმავალ თავის მოძმეებს, ესმოდა მათი ყივილ-ხივილი, უნდოდა მათთან ცაში ნავარდი, მაგრამ ფრთა არ ემორჩილებოდა მძლედ გასაშლელად, საწყალი ფრთა, ისრით განგმირული. - არა უშავს რა, ჩემო კარგო! მეც მალე მოვრჩები, შევუერთდები მათ. რა სამკაულს მოგიტან დავლად! ჩემეულით დაგიმშვენო თლილი თითები, ბროლის ყელ-ყური. მიყვარხარ! პირველად რომ გნახე პონტის პირას, ხომ შეგითვისე; ეხლა უფრო ძლიერად გეტრფი: შენი ვარ და გიყვარვარ. ერთმანეთისანი ვართ და გვიყვარს ერთმანეთი. წავიდა აშოტი, მთელ სოფელში დარჩა მისი აჩრდილი. იგი მისი შუქი დადიოდა სახლიდან სახლში, აუბნებდა ყველას თავისზედ: თავის სიქველეზედ, დიდებულ მოქმედებაზედ, მამობრივ მზრუნველობაზედ, შორსგამჭვრეტელობაზედ, აზრიან სარისტიანობაზედ. იმ სოფელშიც, მთელ შავშეთ-კლარჯეთშიც, სრულიად საქართველოშიც აშოტი იყო პირველი სასაუბრო საგანი. მისკენ ჰქონდათ ქართველებს მიქცეული თვალი მსასობელი, ის დაესახათ მათ გზისმაჩვენებელ ვარსკვლავად წყვდიად ღამეში თვისის ყოფისა, როს ხილულად თუ ფარულად აზვირთებულიყო მასზედ მტერი მძვინვარე. საარაკოც იყო უნარი აშოტის მოქმედებისა, რომელი განავითარა მან დღიდან შავშეთში თვისის შემოსვლისა. რაკი მტრის თავდასხმისაგან უზრუნველ-ჰყო ეს მხარე, მიჰყო ხელი ქვეყნის შენებას და არ დაზოგა არც თვისი შრომა, არც სხვათა ძალა, არც თუ ხაზინა სამეფო, რომელიც ეხლა შევსებულ იყო გამარჯვებულ ომებში მოპოვებულ სიმდიდრით და ბიზანტიიდან მოსულ უხვ დახმარებით. შავშეთ-კლარჯეთი და მისი მოსამზღვრე მხარეები კი ძლიერ იყო მაშინ აოხრებული. უშენებული იყო იგი გარეშე მცირედთა სოფელთა. ეს გადარჩენილი სოფლებიც დაკნინებულიყვნენ მცხოვრებთა რიცხვით თუ ქონებით. წინათ მტერი მოსვენებას არ აძლევდა მათ, ტყვეობისა და გაძარცვის შიში ჰქონდათ მარად. ამ ქვეყნის აოხრება პირველად მაშინ მოხდა, ოდეს ყრუმან ბაღდადელმა შემუსრა ყოველნი ციხენი მის ქვეყნისანი, მოვლო შავშეთი და ღადო, მოსწო ცეცხლით დაბა-სოფელნი, იავარჰყო საქონელი და სარჩენელი; მოსპო ერი პირთა მახვილისათა და ტყვეჰყო ტყვეობითა უსასტიკესითა. გადარჩნენ მხოლოდ გარდახვეწილნი, ტყე-ღრეში და ქვაბთა შიგან მალულ-ფარულნი. კაცთა აღხოცვას მოჰყვა განსაცვიფრებელი სიმრავლე ნადირთა. მგელი და დათვი ეგზომ უშიშარ იქმნეს, რომელ დღისით შევიდიან სოფელს. ესდენ აოხრებული მხარე დაჰხვდა აშოტს. გაუტეხელი ძალით შეებრძოლა იგი ყოველ ამ უბედურებას. სძლია კიდეც სულ მცირედ ხანში. რომელნიმე სოფელნი მოიყიდნა საფასითა და აღავსო ხალხითა. მრავალი მოოხრებული ციხე-ქალაქი აღაშენა. უზრუნველჰყო ხალხი. განამტკიცა და ააყვავა მისი ცხოვრება. 26 გარემოებებმაც ძლიერ შეუწყეს ხელი აშოტ კურაპალატს ქვეყნის განმთავნებაში თუ განმტკიცებაში. ეს ის დრო იყო, როდესაც არაბეთიდან აღმომხდარი ახალი მთვარე მძლედ შეებრძოლა გოლგოთაზედ აღმართულ ჯვარს სხივთამფენელს, რომელი აწ შარავანდედითა ჰმოსავდა დიდ ბიზანტიის სახელმწიფო გუმბათს, ქრისტიანობის ფუძეს უმთავრესს. გამოცდილი სახელმწიფო გონება, ისტორიის მსვლელობით განსწავლილ-დაბრძნობილი, ნათლადა ჰხედავდა, ეს ომი გარდამავალი არ იყო, არც ჟამიერი: ეს იყო ბრძოლა საბედისწერო, რომელი უნდა დამთავრებულიყო ერთ-ერთის გატეხით, განადგურებით. წინათ რომ სპარსეთი დაუცხრომლად ებრძოდა საბერძნეთს, ეხლაც იგივე დაუძინებელი მტრობა განეგრძობოდა, მხოლოდ სხვადასხვა მოდგმის ხალხთა შეჭიდებ-შერკინებას ნიადაგ დასდებოდა სჯულთა შეჯიბრება და სპარსთა ნაცვლად მებრძოლ აზიას სათავეში ჩასდგომოდა უდაბნოში ნაწრთობი არაბი, მზის შვილი ფიცხელი, უფრო მღელვარე. ღიმილით და სიმღერით შეაგებებდა ის თვის სპილენძ გულ-მკერდს სასიკვდინოდ მისდა მიმართულს მახვილს. რა დააღონებდა ბალღობიდანვე ბრძოლის ცეცხლს ნაჩვევ ვაჟკაცს?! თუ მახვილით მოკვდებოდა სჯულის გულისთვის, წილად განცხრომა ჰხვდებოდა იქ, ყოვლად ძლიერისაგან განმზადებულ სავანეში, სად პირმხიარულად მიიღებდა მას უდიდესი წინასწარმეტყველი ზეშთა მეუფისა, შობილთა შორის პირველი, ღმერთშემოსილი. იქ, იმქვეყნიურ წალკოტებში, ისე იბრწყინვებდნენ მისი ჭრილობები, როგორც რამ თვალნი პატიოსანნი, ის ჭრილობები შეიქმნებოდნენ საუკეთესო სამკაულად გულად ვაჟისა, მისკენ მარად მიმზიდველნი სიამისა თუ მშვენებისა. მაგრამ ეს ლამაზი მომავალი მათთვის მაინც შორეული იყო, შემდეგ საგრძნობი იმ მახლობელ სიკეთის შედარებით, რომელს ისინი ესწრაფებოდნინ მაშინ ცხოვრებაშივე: ბრძოლაში გაწაფულთ მხოლოდ მახვილის მოწვდა დაესახათ ვაჟკაცის საფერ მოქმედებად, ერთადერთ საპატიო გზად ცხოვრებისა და ეს გზა სახალისო იყო მათთვის და სასარგებლო. მათ ბრძოლა ჰქონდათ ცხოვრების სინოყივრით გამთქვინებულ და განაზებულ ხალხთან, მომჭირნეობას თუ ამტანობას გადაჩვეულთან; კეკლუცობისაკენ დახრილ ქუდოსნებთან, რომელთათვის ჭრილობა აღარ იყო სამკაული სახისა, ხმლის ნაკვალი თუ ისრის ნასახი სიმახინჯეღა იყო ძნელასატანი. ასეთი ვაჟკაცები როგორ შესძლებდნენ პირისპირ ბრძოლას შოლტივით მოქნილ სხარტ აგარიანებთან?! ისინი მოსდგომოდნენ ბიზანტიელთა მდიდარ დაბა-ქალაქებს, სადაც განვითარებულ შრომას ბევრი შეეკრიბა ოქრო თუ ვერცხლი, თვალ-მარგალიტი თუ ფარჩეულობა; ხვასტაგი, ჯოგი, ნუზლა ურიცხვი და... და ქალნი მშვენიერნი, ფუფუნებაში ნაზად აღზრდილნი, სიამეთა ფიალანი ნექტარით სავსენი. ყველა ნაბიჯის წადგმა საზეიმო მოძრაობა იყო მათთვის საქორწინოდ მოწყობილ სავსე სეფისკენ. რად შედრკებოდნენ წვრთნილნი მებრძოლნი, რად დაიწევდნენ, უკუდგებოდნენ?! ამ მიმზიდველ სანუკვარობას აძლიერებდა მღელვარე თავმოყვარება ახლად აზვირთებულ ხალხისა, რომელი შეენივთებინა მის წიაღში აღმოჩენილ ზეკაცს ფერადებისაგან შეთხზილ ახალ მოძღვრებით, ჩაებერნა თაიგულად შეკონილ თემებისთვის სული ძლიერი, ჩაენერგნა ახლად აღორძინებულ ერისათვის უძლეველი მისწრაფება დიდებისადმი და დაერწმუნებინა, რომ იგი იყო ზეცისაგან მოწოდებული, გაეტანა კაცობრიობაში ახალი სიტყვა, ახალი გზები ცხოვრებისა, ახალი საძიებელნი სულისა. მისდევდა არაბისტანი მწვანე ფარჩის დროშას ოქროცურვილს, გოჰარ შეყრილსა, ოქროს ბირთვით და სხივის ისრით დაგვირგვინებულს. სწამდა აღფრთოვანებულს, რომ იმ დროშას მიჰყავს იგი დიდებისაკენ, მის ჩრდილქვეშ წინა უძღვის მათ უძლეველი მოადგილე დიდებულის წინასწარმეტყველისა. ვინ შესძლოს წინააღუდგეს მათ ცეცხლის მახვილს?! ყველა მათგანი ჰხედავდა დროშის კალთაზედ ნათელ სასოებას: ბიზანტიისკენ! და მიდიოდა შეუპოვრად, შეუფერხებლივ. ივლიდაცა წინ, სულ წინ, მინამ არ აღბრწყინდებოდა აიასოფიოს გუმბათზედ მთვარე ახალი ჯვარისა ნაცვლად. რა ჰქონდა ხელთ ამის ბადალი თუ სადარი განთქმულ ბიზანტიას გულგაფუყებულს? სრულებით არაფერი! ის აღარ იყო აღფრთოვანებული სარწმუნოებრივი ცეცხლით. ქრისტიანობას უკვე გაევლო აღტყინების ხანი, მიეღო სახე უძრავი სჯულის დებაში, დაწმედილიყო კანონთ კრებებში, შემოეფარგლნა თვისი სამზღვრები. აღსრულებას-ღა მოითხოვდა აწ, მორჩილებას განაწესებდა. კეთილ ცხოვრებას უზრუნველს დაეჩვილებინა ბიზანტიის ნებისყოფა, საგმირო საქმეთადმი მისი მისწრაფება. მათ მხოლოდ უნდოდათ ნებივრად ესარგებლათ იმ ნივთიერი კეთილით, რომელი შეძენილ ჰქონდათ, შექუჩებული, აღარ ისწრაფვიდნენ, გაეტანათ შორს თვისი ძალა მძლავრი, დაემონებინათ თვის ხალხოსნურ ჰაზრისათვის მეტი ერი თუ მეტი არე. ერთიღა ჰსურდათ: დაეცვათ სამზღვრები უცხო ძალთაგან, ეცხოვრათ მყუდროდ სავარდეეში. ბიზანტიის სახელმწიფო წყობილება აღარ იყო მთლიან-უტეხი გარეგნობით ბრწყინავდა სახელი კეისრისა, მის გულს კი შეჰპაროდა სიყანდე. ეს იხატებოდა ტახტის რყევაში, იმპერატორთა ხშირს ცვალებაში, სახელმწიფო ღალატთა სიმრავლეში, დიდებულთა მოუსვენარ ვერაგობაში. ეს საფუძველ-შერყეული სახელმწიფო ვერ გაუძლებდა მასზედ მოზღვავებულ ძალას, უნდა დანგრეულიყო იგი მის წამრმღვნელ დენის წინაშე. ჰხედავდნენ ამას ყველაფერს თვითმპყრობელნი ბიზანტიისა და ცდილობდნენ მეტი დაბრკოლება აღმოეჩინათ არაბთა ძლევამოსილ მსვლელობისათვის, შორს დროისათვის გადაედვათ თვის სამეფოს შერყევა, დაშლა. ერთ ამგვარ სახსართაგანი იყო შექმნა პონტის ნაპირზედ მათ მომხრე სახელმწიფოებისა, რომელნი განაცალკევებდნენ არაბთა საბრძანებელს ბიზანტიიდან და თვით გულ-მკერდს მიუპყრობდნენ ბიზანტიელთა გასაგმირად შემაღლებულ ხმალს. ამ მიზნით მოხდა ბაგრატიონთა ამაღლებაც საქართველოში. ქართველთა ცხოვრების გული ბაგრატიონთ დასავლეთისაკენ გასწიეს, ბიზანტიის სამზღვრებისაკენ, რომ განუყრელი კავშირი გამტკიცებულიყო მეტის სიახლოვითაც. ბერძენნი ვერ ენდობოდნენ ქართველხოსროიანთ: ამათი მისწრაფება სპარსეთისკენ იყო, საქართველოს ბუნებრივ მოკავშირისა. ჯერ კიდევ იყვნენ ქართლს ხოსროიანნი და ბაგრატიონთ მათი შიშითაც ეჭირათ იმპერატორთა მანტიის კალთა. ერისაც ეშინოდა სამეფო გვარს ახალს: ხალხს შეეძლო პირი ექმნა წინანდელ სამეფო გვარეულობისაკენ. მისთვის უალერსებდნენ ერს ბაგრატიონნი, ცდილობდნენ დაერწმუნებინათ, რომ მათი გამეფება საქართველოში თვით მეუფის ნებით მოხდა; მისთვისა ჰქონდა მათ არჩევას სასწაულებრივი სახე: ზეცით მოერთვა გვირგვინი სამეფო; ვრცელდება ხალხში თქმა: - სანამ იგი ზეცით მონაღები გვირგვინი ედგმებათ თავს ბაგრატიონთ, რყევა ვერ შეეხება ქართველთა სამეფოს! ღირსიც იყვნენ ბაგრატიონნი მეფობისა: ჩამომავალნი იყვნენ თვით ქრისტეს წინაპრისა, დავით წინასწარმეტყველისა, რომელსაც აღთქმული ჰქონდა სამეფო ტახტი უკუნისამდე. ეს ღირსეული გვარი ეხლა კიდეც შეეფერებოდა საქართველოს, მთელ წინააზიაში ერთადერთ სახელმწიფოს, რომელს ურყევლად დაეცვა სჯული ქრისტესი. ბიზანტია ცდილობდა, არ დაკნინებულიყო ეს სახელმწიფო, ჰშველოდა აშოტს აგარიანთა ურდოებთან უსწორო ბრძოლაში; არ იშურებდა არც გავლენიან სიტყვას, არც ხაზინას, არც მაშველ ლაშქარს, თუ-კი მოსჭარბდებოდა იგი მას, ფრიად შეიწრებულს გარედან ტალღებივით მოსულ მტრების მიერ, ხოლო შინ ხლართვებისაგან ვერაგ დიდებულთა, რომელთ გულს სასტიკად ზრზნიდა სატანასებური სურვილი გახელმწიფებისა. 27 ამ ჰაზრით ხელმძღვანელობდა იმპერატორი ლეონი, როცა აქეზებდა აშოტს აგარიანთა წინააღმდეგ და აღუთქვამდა მას დახმარებას. თბილისთან რომ ომი წააგო მეფემ, იმ ბრძოლის წინ კარგა ხანი უცადა საბერძნეთიდან მომავალ მაშველ ლაშქარს, რომლის გამოგზავნაზედ უკვე ცნობა ჰქონდა მიღებული. - ნუღარ უცდი, ბატონო, ნუღარა ჰყოვნი! სარკინოზთაც იციან მაშველი ჯარის წამოსვლა ბიზანტიიდან და აფხაზეთიდან, სწრაფად ემზადებიან. მთელი თავიანთი ძალები საომარ ფეხზედ დააყენეს. ქორიკოზთანაც კაცი აფრინეს. - ვიცი! მაგრამ აკი მოგახსენეს, ჯარი უკვე გზაზედ არისო, დღე-დღეზე მოგვივა ცნობა, ბერძენთა რაზმები ქართლის ყელს გადმოვიდნენ და ფეხი შემოდგეს საქართველოშიო. - შეიძლება მოგვაცთუნონ. ნაჩვევნი არიან იგინი ტყუილს. ან ვინ იცის, რა გარემოებებმა შეუშალეს ხელი. მოგეხსენებათ, ბიზანტიას ბევრი გარეშე მტერი ჰყავს და შინაური მმართველობაც ერთობ ცვალებადია, დამყარებული კარისკაცთა და წარჩინებულთა თვითმოყვარეობაზედ. გვირგვინი იქ ბურთივით გადადის ხელიდან ხელში. - მაშ, ბარძიმ ჩემო? - გავეცალნეთ ჯერჯერობით. ვიწროები შევუკრათ. - გვიანღა არის! თავიდანვე დავუშვით შეცდომა: არ უნდა დაგვემყარებინა იმედი სხვის ხმალზედ. დაგვავიწყდა სიტყვა მოციქულთა: "კრულ იყოს კაცი, რომელმან დაამყაროს სასოება თვისი კაცსა ზედან სხვასა”. ისინი უკვე მზად არიან და ფეხი რომ უკუვიბრუნოთ, უფრო მეტად დავზარალდებით: სანგრებიდან გამოსულებს დაგვეცემიან, ადვილად მოგვაყენებენ მეტ ზიანს. - მაშ რას გვიბრძანებ? - უნდა შევებათ! ჩვენის ძალით შევებრძოლოთ და რაც განგებას განუზრახავს, ის მოგვივიდეს. ვიცი, ძნელია: ერთზედ ბევრი მოვა, მშვენივრად შეიარაღებული, მაგრამ... ესე უბნობდნენ მეფე და მისი მხედართმთავარნი. ღონობდნენ, ხსნის გზა აღარსად იყო. ერთადერთი მათი სასოება იყო ღმერთი, რომელიც სასწაულებრივ თუ მოუვლენდა მარჯვე შემთხვევას და იხსნიდა თვის სამწყსოს უსჯულოთაგან. მაგრამ ღმერთს პირი შეექცია თვისი რჩეული ერისაგან, ღვთისმშობელს მფარველობის ფრთა მოეხსნა წილხდომილ საქართველოსათვის. და... დაესვა მახვილი ქართველთა მკერდს თბილისის სანახებში, იძლია აშოტ უძლეველი, ივლტოდა დამდაბლებული დედა-წულითურთ... იქნება გულზედ სისხლგადათხეულ აშოტს კიდევ ჰქონდა იმედი, გზაზედ შეჰხვდებოდა მაშველი ლაშქარი აფხაზთა თუ ბიზანტიელთა. ჩაუდგებოდა სათავეში, შეჰკრებდა თვის ფრთის ქვეშ გაფანტულ რაზმებს ქართველთა მეომრებისა და რისხვას დასცემდა მტერს გალაღებულს. ტყუილად! არსად იყო მისი მშველელი... მიილტოდა ქართლის კარისკენ ძლეული მეფე და რაც უფრო მეტს მანძილს მიდიოდა, იმდენად უფრო უცრუვდებოდა ეს უიმედო იმედიც, იფანტებოდა, დნებოდა. ბოღმა აწვებოდა გმირს, ჯავრი აღრჩობდა, სევდა უღონო. ივლტოდა აშოტი, უძღოდა თვის ერს, საბრალოდ ლტოლვილს... განა შეიძლება მეტი უბედურობა ბუმბერაზისათვის, მეტი დამცრობა მძლე მეფისათვის?! - გაბრუნდი, აშოტ, მარტოდმარტო ეომე მოზღვავებულ მტერს, ბრძოლის ველზედვე შეაკვდი მის ლესულ მახვილს. ეს შეგშვენის შენ! ილტვი?! საითღა გარბი კანჯარი ფრთხალი? დამდაბლებისაკენ ჰრბი, დამცირებულო! დაიეც მახვილი! - არა! მახვილით გულის გაპობას ყოველჟამს მოვესწრობი: ჩემ ხელთ არის ეს. დღეს მაინც მამა ვარ საწყალთ ძლეულთა; ვერ მოვუსპობ მათ სასოებას. სულმოკლობა, იქნება, მოვიკლა თავი ან უაზროთ შევაკვდე მტერს და მივსცე ცხოვარნი წარსაწყმედელად. - რაღა შეგიძლიან, უღონოქმნილო? - მივყვები სამზღვრებამდინ. გავუხსნი გზას ბიზანტიისაკენ. თუ არა, მათ თვალთ წინ მაინც გავსწირავ სიცოცხლეს. იტყვიან: ჩვენსავე ზრუნვაში დალია სულიო! მოჰხედა ღმერთმა საქრისტიანოს: იქ გაუმარჯვდა აშოტს, სად არ ელოდდა. მსხვერპლი შესწირა სამადლობელი. შეჰღაღადა: - მხოლოდ შენა ხარ სასოი ჩემი სავედრებელი! შენზედღა ვეყრდნობი ამიერით, შენ განამტკიცო მარჯვენა ჩემი. და აკი თავისით მოქმედებდა აშოტი ამის შემდეგ, მხოლოდ საკუთარის მოსაზრებით და ძალით. უარს არა ჰყოფდა გარეშე მეგობრების კეთილ რჩევას, არც უკუაქცევდა მათ აღთქმას მაშველ მარჯვენის გაწვდის შესახებ. იმედს მაინც მხოლოდ თავის თავზედ ამყარებდა და თავის ხალხზედ. გაუმარჯვდა ბედნიერს შინაც, გარეთაც. იგივე დიდი აშოტი იყო, აწ მორჭმით მჯდომარე მეფე-სვიანი. ჯერ, მართალია, მთელი საქართველო არ ეჭირა ხელში, გარნა მთელ ქართველობას თავის ბედის ვარსკვლავად მიაჩნდა იგი ბრწყინვალე. ქართველთა თვალი მხოლოდ მისკენ იყო მიპყრობილი სასოებით. გრძნობდა ამას აშოტი და აათკეცებდა თავის ნაყოფიერ მოქმედებას სახელმწიფოშიც, იმის გარეშეც, აღორძინებდა თავის საბრძანებელს მტერთა ძლევით, სამეფო წყობილებათა განმტკიცებით, შინაგან ცხოვრების ყოველმხრივ განვითარებით. - ჭეშმარიტად დიდებულია აშოტი სახელგანთქმული, სხვა ვინ შესძლებდა ქვეყნის ესე ჰაზრიანად დაცვას, როცა გარს მოგვდგომია უძლეველი მტერი მრავალი? სხვა ვერვინ შესძლებდა ხალხთ ცხოვების აღორძინებას თუ გადაფურჩქვნას ამ ცოტა ხანში. - მერმე რა საშინლად იყო გავერანებული მტრისგან და ჭირისაგან ეს ძვირფასი მხარე! გაპარტახებული დაბა-სოფელი, მინდორ-ვენახი, სახლ-კარი ნგრეული; მხეცთა ბუნაგად გარდაქმნილი სამკვიდრებელი. - გაამრავლა ეკლესიები და მონასტრები ამ მცირე ხანში, ააყვავა, როგორც წალკოტნი, სათნოებათა იგი სანერგენი. აწ მოეფინების მათ მიერ სიკეთე ქართველთ ნათესავს, აღევლინება ვედრებაც ყოვლად სახიერს. ხანძთა, შატბერდი, ოპიზა, დედათ სავანე მერეი... აშოტის ხელში აღმოცენდა და გაბრწყინდა სავანე მრავალი. ქართველთა ეკლესიას აქ დაედვა ფუძე ურყევი: აქედან ამობრწყინდების განათლება ჩვენი ქრისტიანული. მხოლოდ აშოტს შეეძლო ეს დიდი საქმეები, დიდ აშოტს სათაყვანებელს! - კურთხევა ღვთისა განისვენებს მეფეზედ და მადლი მაღლისა უძღვის მის სავალს. თვით მეუფე წარმართავს მის გზას: მხოლოდ თავის ძალზედ დაყრდნობილი ადამიანი ვერ შესძლებდა აღესრულებინა ყოველივე ეს, ვერ მოაგვარებდა, ვერც მოასწრობდა. მართალნი იყვნენ აშოტის მადიდებელნი და თანამშრომელნი, როცა ესე უბნობდნენ. რამდენსამე წელიწადს აივსო აშოტის საბრძანებელი ხალხით. დამუშავდა უდაბნოდ ქცეული ქვეყანა, კეთილდღეობა დამკვიდრდა მასში და სიხარული უზრუნველი. ღვთივგანათლებული გონების ნაყოფი უხვად მოეფინა აშოტის საბრძანებლიდან მთელ საქართველოს. გამტკიცდა სჯული. ამაღლდა აზრი. სარწმუნოებრივი აღფრთოვანება ქართველთა აწ ესწორებოდა ახალ სჯულთ ნაკვესს აღტაცებას აგარიანთა; ქართველთა გონების ნაწარმოები ტოლად ხვდებოდა არაბთა ცეცხლისმფრქვეველი გონების ნაღვაწს. ღირსეული მეტოქე რაინდ აგარიელთა! რაც უფრო მეტ კეთილდღეობას განიცდიდა ხალხი, იმდენი უფრო ემატებოდა აშოტს უნარი თუ ხალისი მოქმედებისა; უფრო მეტაზრიანი მოსჩანდა ყოველი მისი საქმე, მიზანშეწონილი ერის ცხოვრება-მისწრაფებაზედ გამოჭედილი. - როგორ ასწრობს ყოველსავე ამას აშოტ, ან როდის?! განსაცვიფრებელია ერთის კაცისაგან ამოდენა შრომის უნარი. - დიდი მხნეა და ნიჭიერი! მაგისი ნიჭი იქიდანაცა სჩანს, რომ იცის თანამშრომლების ცნობა და არჩევა. ისე განსჭვრეტს კაცს, როგორც გულთმისანი.

28 რამდენიც უფრო იზრდებოდა და ფართოვდებოდა აშოტის ხელმწიფური საქმიანობა, რამდენიც მისი ზრუნვა სიკეთედ აჩნდებოდა სახელმწიფოს და ნივთიერ სახეს ისხამდა ხალხის კეთილდღეობაში, იმდენად მეტს პატივს იძენდა გარეშეთაგან, მტერთაგანაც, მოყვარეთაგანაც. ეს ის დრო იყო, როდესაც ბიზანტიიდან მოვიდა ცნობა ახალ დესპანის გამოგზავნის შესახებ. იმპერატორი საუკეთესო მოსაკითხს უძღვნიდა აშოტს; ბოდიშს იხდიდა, რომ აქამდისინ სავსებით ვერ აუსრულა დანაპირი კაცით შემწეობის შესახებ. აღუთქვამდა დიდ ლაშქრის მიშველებას, რომ განედევნა აგარიანი თბილისიდან, მთელ საქართველოდან. საქართველოს მიმდგომ ქვეყნებიდანაც. - გარდა ღვთივ კურთხეულის საქართველოსი, შენის საბრძანებელისა, აღარ არსებობს მთელს წინააზიაში საქრისტიანო სახელმწიფო. აწ შენ შეგშვენის ეუფლო არა მხოლოდ მთელ საქართველოს, მახლობელ ქრისტიან ერთაც, რომ დაიცვა ჯვარის მადიდებელნი წარწყმედისაგან, - სწერდა ლეონი. ამავე დროს აფხაზთა მეფე თეოდოსე მოკითხვის წიგნსა სწერდა აშოტს, ჰპატიჟობდა თავისთან, აღუთქვამდა თავის საზღვრებში დიდებულ ნადირობას და ნადიმობას, ნათესაურ სიყვარულს უცხადებდა მას; სრულებით არ იხსენიებდა იმ უხერხულ მდგომარეობას, რომელშიაც ჩააგდო აშოტი თბილისთან ომის დროს, აშოტმა ეს მიწვევა მოიღო საბაბად და ბრძანა დიდებული ნადირობა, ლაშქრობის მინაგვარი; ლიბანისაკენ ჰქნა პირი. - გავივლი ნადირობით ჭოროხის ხეობას, მერმე დავაბრუნებ მონადირეთ და ცოტა კაცით ვეწვევი მოყვარეს სანადიმოდ. სულ, ხომ შრომა არ უნდა და დრტვინვა! ზოგჯერ მოვილხინოთ, ვიმღეროთ. კაცნი ვართ, სიმხიარულის ფიალასაც ვეწაფნეთ ცხოვრებაში ჟამითი-ჟამად, - ბრძანა მეფემ. ამ დროსვე იყო, რომ დესპანები მოუვიდა აშოტს ხაზართა ხაკანისაგან. ამცნობდა იგი მეფეს, რომ მას განზრახვა აქვს გადმოიაროს კავკასიონი, ეკვეთოს სარკინოზთ და სამუდამოდ შეაყენოს მათი გამარჯვებული წინსვლა. ხაზართა მეფე მოაგონებდა აშოტს, რომ ისინი უკვე შეკავშირებულნი არიან მოყვრულ ურთიერთობით, ხოლო ეხლა მჭიდროდ უნდა შეაამხანაგოს ორივენი ერთს და იმავე მტერთან ბრძოლამ. ხაზართა დესპანი დიდის პატივით მიიღო აშოტმა. დესპანს მინდობილი ჰქონდა საიდუმლო საუბრის დროს გარდაეშალნა აშოტისათვის შორეული განზრახვა ხაზართა ბრძანებელისა. - ბიზანტია დაძაბუნებულია, უნდა დაემხოს. შორსგამჭვრეტელი მეფე ჩვენი ფიქრობს, მისი დამხობა დიდად განაძლიერებს სარკინოზთ და ისინი საშიშნი შეიქმნებიან თვით ხაზართათვის. თუ ბიზანტიას ეუფლნენ არაბნი, რაღა დაუშლით უფრო ჩრდილოეთისკენ გასწიონ სამზღვრები და დაემუქრონ ხაკანის საბრძანებელს. დაფიქრდა მეფე. ხაზარნიც უსჯულონი იყვნენ, მათთანაც შეუფერებელი იყო კავშირი ქრისტიან მეფისათვისა, ვერც მთლად ენდობოდა იგი ხაზართა ძალას. - თუ გადმოვიდა ხაზარი კავკასიონს და სძლია სარკინოზი, რაღა დაუშლის მას მთის აქეთაც მოიკიდოს ფეხი და დაბანაკდეს. საქართველო განთავისუფლდება ერთი მტრისაგან, რომ ხელთ ჩაუვარდეს მეორეს, არანაკლებ მძვინვარეს და საშიშს გაიფქრა მეფემ და ბუნდოვანი პასუხი მისცა დესპანს: - ვამცნებ ბიზანტიასაც თქვენის მეფის სურვილს აგარიანთა შესახებ, განვუმარტავ, რა დიდი სარგებლობა იქნება ჩვენთვის, ჩემთვისაც და იმპერატორისთვისაც. მეშველად ვიყოლიოთ უძლეველი ლაშქარი ხაზართა, შეერთებულის ძალით შევმუსროთ აგარიანთ ქედმაღლობა აქაც, თვით ბაღდადშიც, - უბრძანა მეფემ და დააპირა ამ სახელმწიფო საგონებელზედ გულდასმით მოსალაპარაკებლად გაეგზავნა ხაკანის წინაშე თავისი დესპანი თვით ბიზანტიის დესპანთან ერთად. - ადვილი მოსახერხებელია ეს: ველი ბიზანტიიდან ელჩს საერთო მტრის შესახებ მოსალაპარაკებლად, - დაათავა აშოტმა. ასეთივე წერილი მისწერა მეფემ თვით ხაკანსაც ნაცვლად მისგან გამოგზავნილი უსტარისა. ესე სვიანად წარემართა აშოტის მეფობა. მცირე ხანში იმოდენა სახელმწიფო საქმე შესრულდა, რომელიც უდრიდა ბევრი ხნის ნამუშევარს, წაღმა წამართულს. კმაყოფილი იყო აწ მეფე თავის ბედისა, თავის ხალხისა. თითონ ერიც მადლიერი იყო თავის კეთილად მზრუნველ ხელმწიფისა. დედოფალი გურანდუხტი კი ვერ იყო ჯერეთ გულსავსე, მთლად კმაყოფილი. დიდი აშოტი მისთვის ჯერ ისევ მცირე იყო, რადგან ჯერაც ვერ აესრულებინა ის ოცნება, რომელი ასულდგმულებდა დედოფალს, რომელი უნდა ყოფილიყო ერთადერთი საბოლოვო მიზანი თუ მისწრაფება საქართველოს მეფისა: შემოერთება თავის სკიპტრას ქვეშ მთელი საქართველოსი. - მართალს ამბობ, ანასტასი ჩემო, დიდი ღვაწლი მიუძღვის მეფე აშოტს ერის წინაშე: თავისი გამჭრიახობით და უნარით დაიფარა განადგურებული ქვეყანა მოსპობისაგან, ააშენა იგი, აავსო ხალხითა და დოვლათითა, ააღორძინა; ამრავლა ციხე-სიმაგრეები, ტაძრები, მონასტრები. მახლობელ ქვეყნებში ქრისტიანული სამფლობელო მეორე არ არის იმისთანა შემკული და აყვავებული. ეს მართალია და ხალხი უნდა ხედავდეს ამას და უმადლოდეს. - ჰხედავს, კიდეც უმადლის! - ეგ კარგი! მაგრამ ისიც ჭეშმარიტებაა, რომ მთელ საქართველოში ჯერ არ არის აღდგენილი ჩვენი მეუფება: კიდევ არიან ცალკე გასული ნაწილები განუყოფელი საქართველოსი. ჯერ არც სამეფო ტახტია თბილისს დადგმული, სადაც შეჰშვენის მას გება, გულში საქართველოსი. - ჭეშმარიტებას ბრძანებ, დედოფალო! მაგრამ მიაქციე შენი განათლებული ყურადღება იმას, რომ ბატონს წილადა ჰხვდა მტრისაგან დამდაბლებული სახელმწიფო, რომელსაც შიგნით დაშლილი ჰქონდა ერთობა, ხოლო გარედან ძალა მოჰქონდა მძლავრ მტერს. ამ გარემოებაში საქართველოს ერთობისა და ძლიერების სრულ აღდგენას, იქნება, ვერც ეყოს ერთი ადამიანის ცხოვრება, თუნდაც ისეთი ნიჭით და მადლით სავსისა, როგორიც არის ბატონი მეფე, - მიუგო დედა ანასტასიამ, რომელიც მუხლქვეშ ამოსჯდომოდა დედოფალს და ფარჩას რასმე ჰკერავდა დაკვირვებით. - მაინც ვიმედოვნებ, თითონ აშოტი ეწევა ამ სანატრელ ოცნებას და გადასცემს თავის მემკვიდრეს ძლიერ სამკვიდროს, შეურყეველ-დაუკნინებელს. - მეც დარწმუნებული ვარ მაგაში! ძალიან ძლიერ მტერთან კი უხდება ბრძოლა. იმასაც მიაპყარ შენი ბრძნული თვალი, რომ თვით გამდგარი მფლობელები საქართველოს სხვადასხვა ნაწილებისა ძალას იკრებენ საქართველოს გარეშე მტერთაგან: კახეთის ქორიკოზი ემეგობრება ემირს, აფხაზეთის მეფე ეყრდნობა ხაზართა ძალას. ამისთანა გარემოებაში აშოტისთანა შემმართებელ სარდალსაც, ბრძენს დიდი სიფრთხილე ჰმართებს, - ჩაურთო რიტყვა მოხუცმა როსტომმა, რომელს თავისი დღენი ბრძოლაში გაეტარებინა და ეხლა სასახლეში სცხოვრობდა მეფის ულუფაზედ, მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო გამგეობაში. - ეჰ, იყო დრო, როცა ერთი ნაბიჯიღა აკლდა მიზნის მიღწევას: ქორიკოზი ქსანთან სასტიკად იქმნა დამარცხებული; ემირს მხოლოდ თბილისი და სამშვილდეღა ეპყრა. ერთი მძლავრი დაკვრა და მთელი საქართველო ხელთ ექნებოდა აშოტს. ვერ გაუმარჯვდა. კინაღამ თავიც ზედ წააგო მაშინ. - ბრძოლის თვისებაა ეგ. ხან წააგებს მებრძოლი, ხან მოიგებს. არ უნდა გაზვიადდეს მძლეველი, არც გული უნდა გაიტეხოს ძლეულმა. - მოკავშირეების ბრალი იყო შემდეგი მარცხი: აფხაზთაც, ბიზანტიელთაც გატეხეს სიტყვა, პირში მისცეს თავისი მოკავშირე განსაცდელს ძლიერს. ეს ღალატია! - ნუ ბრძანებ მძიმე სიტყვას, დედოფალო! იგი მოკავშირე სახელმწიფო მფარველი დღესაც ძმურად გვიწვდის ხელს, დღე-დღეზე მოველით მათ ელჩს. - მოველით, თუმცა არ ვიცი, როგორ მივიღო ელჩი დიდებულის ბიზანტიისა ამ მწირ სადგომში: უნებლიეთ შეადარებენ ისინი ჩვენ უბრალო ოთახებს თავიანთ დიდებულ დარბაზებთან, უძვირფასესად მორთულ-მოკაზმულ, ყოველივე სიმდიდრით სავსე პალატებთან; დაგვძრახავენ, ჩვენს დიდებას დაამცირებენ ფიქრში. - მაინც ვერ დაგვამცირებენ! მათა აქვსთ ჩვენთან სათხოვარი, მათ უფრო ეჭირვებათ ეხლა ხმალი ქართველთა, სინამ ქართველებს მათი მარჯვენა. და ეს სადგომიც ხომ დროებითია თქვენთვის: თქვენი საფერი ციხე-დარბაზიც აგერ შენდება არტანუჯში, იქნება მათ ჩამოსვლამდის კიდეც მოასწროთ იქ დავანება. როცა თბილისში გესტუმრებიან იგინი შემდეგ, იქ მივიღებთ მათ საქართველოს მეფის საკადრის პალატებში. - ეგებ მათ მოსვლისას ან თითონ დაბრუნდეს აშოტი სასახლეში, ან მემკვიდრე გამოგზავნოს. - არა! მემკვიდრე დეე თავის მამასთან იყოს განუყრელად: ისწავლოს მისგან საქმენი საგმირონი, ზნენი რაინდულნი. როცა ადარნასე დაემჯობინება ადარნასესვე, თავის პაპას, და დაუსწორდება თავის მამა აშოტს, მაშინ სავსებით შესრულდება ჩვენი ოცნება დიდებაზედ საქართველოსი. უბნობდნენ დედოფალი და მისი მხლებელნი სასახლეში. ჰხედავდა გურანდუხტ, მისი ერთგულნიც გულწრფელად იდგნენ აშოტის მხარეს; ჰკვირობდა, როგორ ჰხიბლავდა აშოტი ყველას, თავს აყვარებდა. ეს გრძნობა იყო, რომ ფრთხილად ალაპარაკებდა ქალს თავის მეუღლეზედ, ნებას არ აძლევდა, მთლად გადაეშალნა გულის ნადები არც ფრიად დაახლოვებულთა შორის. 29 გულნაკლულად იმაზედ იყო მეუღლე აშოტისა, რომ სამეფო ტახტზედ მჯდომარეს მაინც ვერ შეჰსრულებოდა ოცნება ფრთოსანი, რომელი თავს ევლებოდა მას სეფეწულობის დროს. იგი წარმოიდგენდა თავს დიდებულ დედოფლად, რომელიმე განდიდებული სამეფოსი, მეუღლედ სვესრულის თვითმპყრობელისა. მხოლოდ წარბის შეხრა მისი მონურად დაჰხრიდა მის წინაშე დიდებულთ, თვით გვირგვინოსანთ; ხოლო ღიმილი მისი პირისფერ სიხარულს მოჰფენდა კიდით კიდემდინ. ასრულდა გურანდუხტ ქალწულის ნატვრა: შეიქმნა იგი მეუღლე აშოტ ბუმბერაზისა. მეფე-მეუღლე მისი მყის უნდა შექმნილიყო მფლობელად მთელის საქართველოსი, მბრძანებლად მიმდგომთა ქვეყანათა, თანასწორ ბრწყინვალედ ჩრდილოთ კერძო ხაზართა ხაკანისა, დასავლეთით ბიზანტიის იმპერატორისა, სამხრეთით თვით ხალიფისა, სრულიად მათი დარი უნდა შექმნილიყო აშოტ მძლეველი, მათი სადარი. რატომაო?! მირიანის და გორგასლანის ტახტზედ მათზედ მეტი ბრწყინვალება შეჰშვენოდა აშოტს ღვთაების გვარისას. სხივთა მჭელეულები კი ჯერ სავსებით ვერ აშუქებულიყვნენ უქრობ შარავანდედად ვერც აშოტის შუბლზედ. ვერც მის თანამეცხედრის დალალებზედ. ეს აღონებდა გურანდუხტს, ამისათვის ვერ იყო იგი გულსავსედ თავის აშოტით. - სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს წინამდებარე სახელმწიფო საზრუნველს, დაჟინებულ მისწრაფებას ვერ ანვითარებს ფართედ მოხაზულს. აი სანადიროდ გაემართა, აფხაზთა სამზღვრებს მიჰმართა, რომ იქ ნადიმი დაიდვას დიდხელმწიფური, მხიარულობაში დალიოს დრონი მორჭმით მჯდომარემ; სახელმწიფო საკეთებელი კი გაშანშლული დაუტევა უპატრონოდ, - ფიქრობდა გულში უკმაყოფილო დედოფალი, ვერ კი იტყოდა, მხოლოდ წარმოსთქვა: - არ შემატყობინა, რომ მისი დიდებული ნადირობა თვით აფხაზეთამდი უწევდა, იქ დასრულდებოდა მეფურ ნადიმობით. იქნება მეც მომესურვებინა მოყვარეებისას წასვლა და სიამე. - გავბედავ, დედოფალო, ვერ გავიზიარო შენი ბრძანება, მთლიანად მაინც ვერ დაგეთანხმო. ნადირობა ძალიან ჰგავს ომს, ათასნაირი ხიფათით თუ საჯაფო გასჯილობით. თქვენთვის, თქვენ მხლებელ ქალთათვისაც, ძნელი იქნებოდა იმგვარ მგზავრობაში იწროებისა, ნაკლებულობისა თუ უხერხულობის ატანა. დედანი მხოლოდ ხელს შეუშლიან თავისუფლად განვითარდეს ნადირობა, ლაღად გაშალოს მან თავისი სისხლიანი ფრთები. - ეგეც არ იყოს, ვინ უწყის გული მეფეთა, ვის ძალუძს მართლად აწონოს მათი მოქმედება: ცხებულნი არიან ზეგარდმო, მათი გონება განიცდის ზეციურ შთაგონებას, მათი ნებისყოფა ეახლების ნებასა შემოქმედებისას, უცნაურად აჰყვების მას, შეექვსის, ესაბამება. ვინ მისწვდეს სავსებას მათის განზრახვისას?! მაინც საიდუმლოებით იყო ხოლმე მოცული აშოტის განზრახვა, მტრის დასამხობლად მიქცეული. ეხლაც, როგორც წინათ, განვლო რა მინდორ-ველი ნადირობა-ნადიმობით, ნაწილი თავის ხალხისა წარგზავნა აფხაზეთის სამზღვრებისაკენ, უბრძანა, მეფური განცხრომა არ მოეშალნათ. ისე მოაწყო მათი სვლა, თითქო თითონაც წინუძღოდა მათ. თითონ კი უკან დაბრუნდა, დაჰყვა საცალფეხო ბილიკებს მცირე რაზმის თანახლებით. მეფე მთა-მთა მიისწრაფიდა მტკვრის ველისაკენ. აქათვე დიოდა მეფის ნამდვილი ლაშქარი პატარ-პატარა რაზმებად. შესაკრებელი ადგილები წინასწარ ჰქონდათ ნაჩვენები. დიდის იდუმალობით აწარმოებდნენ წინსვლას, ეჩქარებოდნენ. გადაადგნენ მტკვრის ხევს, მოართვეს მეფეს ამბავი: სარკინოზნი ჩვეულებისამებრ მოწყობილან ველებზედ და უზრუნველად არიან, ხალვათადა სდგანანო. მით უფრო თავისუფლად გრძნობდნენ იგინი თავს, რომ დარწმუნებულნი იყვნენ, აშოტის მხრივ მათ არავითარი განსაცდელი არ მოელოდდათ. - კმაყოფილი შექმნილა აშოტი იმით, რომ ჩვენი ლაშქარი თავს არ ესხმის მას; დრო უპოვნია მოყვარეებთან ნადირობისა თუ ნადიმობისა. - ჩვენთვის ეგა სჯობია: მთებში გზები შეკრული გვაქვს ნამქერისაგან; დიდი ჯარის მოძრაობა შეუძლებელია ამ საშინელ ზამთარში. დადგება გაზაფხული, გადნება თოვლი გაშრება გზები და შევუდგებით ჩვენს მოვალეობის შესრულებას: ურჩ ქართველთა სისხლით უნდა მოვრწყოთ ყოველი გზა და ბილიკი მათის ქვეყნისა, წითლად შევღებოთ დაბა-სოფლები! ლაღობდა და განისვენებდა აგარიანი სხვის სუფრაზედ ინახით მჯდომი, ქართველთა ერის წმიდა ტაბლაზედ. ნაგებიდან ყის-ყალამდინ გაჭიმულიყო უთვალავი მათი ურდოები, სცხოვრობდნენ უნაღვლელ-უდარდელად. არა გრძნობდნენ, განსაცდელი მიახლოვებოდათ. გულს სასობი ისარი უკვე მიფრინავდა მათკენ, ძლიერი ხელითნატყორცნი ბოძალი ორბის ფრთიანი. დაესხა თავს აშოტი გულდებით მსხდომარე ურდოებს. მოსრეს ქართველთა სიმრავლე მათი ურიცხვი. აიალაფეს დედა-წულნი მათნი, ჯოგი, რემა, ცხოვარი და ყოველი ნაქონები მათი. აღივსო ლაშქარი აშოტისა ყოვლითა კეთილითა და სიხარულითა. რისხვა დატეხილ მტერს, სასომიხდილს სრულიად დაეკარგა ბრძოლის უნარი. ქართველნი ატყვევებდნენ აგარიანთ ჯარსაც შეიარაღებულს. მცირედნიღა გარდაიხვეწნენ. - განსაცდელის დღეა, ჟამი უსასტიკეს ბრძოლისა, გარნა ღმერთია ჩვენსკენ: მეფე-სარდლის მხილველი თვით ლაჩარიც მხნევდების და მოშიშარნი ვეღარა გრძნობენ ზარსა შიშისა. - განა ზურგით უდგას აშოტი თვისთა სპათა და შორით უყივის, ვითა სჩვევია სხვათა და სხვათა. წინ მიისწრაფვის, ლომივით გრგვინავს. კისკასად მიქრის, ვითა გრიგალი; მსწრაფლ იხილვების იქ, სად შენივთდების ბრძოლა საშიში, სად შთაცვივიან მისნი განსაცდელს. - რა ძლიერი მარჯვენა აქვს, დაუღალავი! - ფარი ვერ უძლებს მისსა ნაკრავს, ვერც მუზარადი საუკეთესო. - ჭეშმარიტად დევია აშოტ. არა დედაკაცისაგან ნაშობი ხორციელი! - ორი ტაიჭი გამოუკლეს ქვეშ ვერა რა ავნეს. - სისწრაფე ახლავს ქარიშხალისა, ძალა საარაკო. უხმლოდ მოჰკლა განთქმული ბუმბერაზი: გაუტყდა ხმალი. წასწვდა ცხენდაცხენ უბყრო ყბა, თავი მიუგრიხა უკან, მიუფშვნიტა კისერი, ზურგისკენ მიუქცია პირი. გათავდა ომი. წინააღმდეგი აღარავინ დარჩა ბრძოლის ველზედ მეფემ რომ ხელი აჰკრა მუზარადის ისარს დაშვებულს და გარდიგდო სახიდან რიდე ჯაჭვისა, მხლებელთ ფერი ეცვალათ; ფერმიხდილი ჰნახეს გოლიათი, ზაფრანის ფერად შესცვლოდა ვარდი. ჩამობრძანდა ცხენიდან. მტკიცედ ვერ იდგა, საძირკველჩაშლილ გოდოლივით ირყეოდა. გაუხსნეს ჯაჭვი, შეხსნეს სარტყელი; შედედებული სისხლი ბელტებად გადმოსცვივდა. ეგონათ დაჭრილაო. გასინჯა ექიმმა. არავითარი ჭრილობა აღმოაჩნდა ტანზედ; ლახტისა თუ გურზის საკრავები სჩანდა დალებებული. უბე აჰვსებოდა მისსავე ხმლის ღარზედ უკუნადენ სისხლის ნაკადით; სახელოში ედინნა მტრის სისხლს მარჯვენით. გაეხარდათ მიულოცეს. თავისუფლად ამოისუნთქა მაშვრალმა. ღვინო მოითხოვა. ფერზედ მოვიდა. გაიღიმა. - დამაშვრალვარ ფრიად! თვით ბრძოლაში ვერა გრძნობს დაღლას ღელვილი კაცი. მოიკითხა ყველანი. წარსდგნენ, მოახსენეს. შებრძანდა მოსასვენებლად მისთვის მსწრაფლ დადგმულ ფერად კარავში. 30 დიდძალი დავლა დარჩათ გამარჯვებულებს. აივსნენ ხვასტაგით, ცხენით, აქლემით; იარაღით, ავეჯით, ძვირფასი ნივთით, ათასგვარ სამკაულით. უამრავი იყო მონების რიცხვი თუ მხევლებისა. გაიყვეს ყოველივე ნადავლი წესისამებრ და ჩვეულებისა. მეფის ბრძანებით გადადეს საგანძური მონასტრებისათვისაც, რომლებიც ახლად დაეშენებინა მამა ხანძთელს. მოართვეს მეფეს თავისი ხვედრი საიასაღო. აშოტმა მხოლოდ ცოტა აარჩია მათგანი, მეფეთა საკადრი. ეს დავლა, რამდენიმე მონა და მხევალი წარგზავნა დედოფალთან. სამხიარულო უსტარი გაატანა თან. - მე კიდევ მომიგვიანდება რამდენიმე ხანი: ღირსეულად უნდა დამთავრდეს აწინდელი ჩვენი გამარჯვებაც. ღმერთს მადლი შესწირე დიდის წყალობისათვის და ნადიმი დაიდევ დედოფლური: იხარებდეს ჩვენთან ყოველი კეთილისმყოფელი ჩვენი! - სწერდა მეფე თავის მეუღლეს და ჩამოსთვლიდა იმ განძეულობას, რომელსაც უგზავნიდა დედოფალს. ნაალაფევი დროშები, იარაღი და ტაიჭთა მოკაზმულობა ცალკე გაგზავნა. ეს სახელმწიფო ხაზინის, და ჯაბახანის შესაძენი იყო, მისი სამრავლი. რამდენიმე ნაშოვნი ხმალი თავი ხელით უთავაზა იმ რაინდებს, რომელთ სახელი პირზედ ეკერა დღეს ძლევამოსილ ჯარს. იმ ცოტა ნივთთა შორის, რომლებიც დაიტოვა თვით მეფემ, ყურადღებას იქცევდა მოოჭვილი ხმალი და ობოლ მარგალითტაგან შეთხზილი ფარღული. - ეს ხმალი პაატასთვის მინდა, ჩემი ამაგდარი რაინდისათვის. ეხლაც არ გვახლდა ბრძოლაში: ჭრილობამ და ავადობამ კერას მიაბა ვაჟკაცი: იმისი სული მაინც მუდმივ ჩვენთან არის ომის დროს: ყიჟინის ჟამს რამდენჯერმე შემომესმა მისი გამჭექარი ძახილიც, მომელანდა მისი სახე შემმართებული. - კურთხეულია გული მეფისა, ღვთით განათლებულია ჰაზრი ცხებულისა. - მეც ეგეთი ჰაზრი მომივიდა, ბატონო, როცა მივიღეთ შენგან ეს ხმლები, ნიშანნი ყურადღებისა: გულში ვინატრე პაატაც ჩემთან ყოფილიყო, რომ გაეზიარებინა ჩვენი აღტაცება. - მადლი შენდა, ბატონო მეფევ, კეთილ ხსოვნისთვის! - ეს სამკაულიც პაატას მეუღლეს. არ დამავიწყდება, როგორი სასიამო წამი განვიცადე, როცა ხერთვისს მომეგება ხალხი და იმ ქალის ხელით თაიგული მამართვა. ისიც, მთელი ხალხით ანგელოსთა გუნდად მეჩვენენ მაშინ, ღვთისაგან ჩვენ წინაშე წარმოგზავნილად. ალბად დღესაც იგი მანდილოსანი ლოცვას აღავლენდა ჩვენის გამარჯვებისათვის. - ბატონო მეფევ! რა იცოდნენ პაატასას ამ ბრძოლის ამბავი, რომ შეჰვედრებოდნენ გამარჯვებისათვის? გულთმისნები თუ არიან იგინი, - შეჰკადრა ელიზბარმა მცირე ყოყმანის შემდეგ. - მე თვითონ ვამცნე სარდალ პაატას ჩემი განზრახვა. და იმ დროს, როცა მეუღლე გვერდზედ ეჯდა მას. სიხარულის ნათელი გადაეფინა ჩაყვითლებულ სახეზედ, როცა გავანდე სახელმწიფო საიდუმლო. - კარგი გინებებია! უფრო ძვირფას საჩუქარს ვერ წარმოიდგენს მოყმე მებრძოლი, როგორიც არის მეფისაგან ეგეთი ნდობა. მეფე გულახდით ბრძანებდა და მისმა კეთილმა საუბარმა თუ მოქმედებამ გულწრფელად გაახარა მისი თანამშრომელნი. ერთხელ კიდევ დაარწმუნა ისინი, რომ მათი სამსახური არ იქნებოდა აშოტისაგან დავიწყებული, ყოველთვის ღირებულად დაფასდებოდა იმათი ღვაწლი. ამ თანამშრომელთ სრულებით არ იცოდნენ, ვერც მიჰხვდებოდნენ თუნდ შორეული ეჭვით, რომ აშოტი ჰფარავდა მათგან თვის ოცნებას იმ ფარღულის შესახებ, ჰკრძალავდა თვისი გულისთქმას მომღიმარეს. მაშ რა ექმნა ვაჟკაცს, როცა ჯერ თვის თავისათვისაც არ გაემჟღავნებინა მას იგი საიდუმლო, რომლის არსებობა უხერხულ რამ გრძნობას განაცდევინებდა მას, გრძნობას ჯერეთ ჯანღითვე მოსილს. თუმც საკვირვლად ტკბილს, მძლავრად მიმზიდველს?! ნეტარების მომფენი სიო იყო აშოტისათვის ჰაზრთა არეში შუქიას ხილვა, მისგან მიზღვნილ ობოლ მარგალიტებით მკულ ლამაზ შუქურისა. იქნება, სამოთხიდან იყო იგი სიო მონაბერი და მისთვის მოჰქონდა ედემურის ნეტარების ნასახი მამშვიდებელი?! ხმა წვლილისა ნიავისა და მას შინა უფალი! ჯერეთ ბუნდოვანი იყო ვაჟკაცისათვის ეს გრძნობა, გაურკვეველი, როგორც წყვდიადის კიდეზედ აღმოჩენილი მსუბუქი კვალი დღის ნათელისა. თითონ ნათელი კი არა, არც თუ რიჟრაჟი, მის მოახლების აღმნიშვნელი აისი მქრალი. ხმა წვლილსა ნიავისა და მას შინა უფალი! შუქი რამ შორეული და მას შინა სიწყნარე სულისა, კმაყოფილება გულისა დამყუჩებელი, ნაზი ნეტარება ერთობ სათუთი. ვერ ეხელეწიფების ადამიანს მისადმი ლაღად სვლა, ხამლმოსილ ფეხით მიახლოვება: ფერს აცვლევინებს მშვენებას ეთეროვანს სუნთქვაც შეუზომელი. ოცნება იყო ეს, ფრთათეთრი ნატვრა; მაინც სინამდვილეში ედგა ფესვი და შესაძლო იყო ნივთიერი განსახება მისი. ახალი არ იყო აშოტისათვის ეს გრძნობა: იმ ხნიდან დიოდა მასში ეს იშვიათი გრძნობა, როდესაც პირველ მიგებებისას შუქურმა მიაპყრო თვალები ბუმბერაზს და შესძღვნა ყვავილთა კონა. უსისხლო მსხვერპლი ხალხისაგან მირთმეული თვით მხსნელისათვის. ძლიერი სასოება იხატებოდა იმ უბრყვილო შეხედვაში, უსამზღვრო პატივი, თაყვანისცემა სწორედ იმგვარი, რომელი შეჰფერის მხსნელად მოვლენილ რომელსამე ძლიერ ხატს. იმ სასოებით შეხედვამ, წრფელმა თაყვანისცემამ მსწრაფლ გაათბო ვაჟკაცის გული, ცვილივით მოალბო იგი, სუნნელ გრძნობათათვის გააღო და გადაშალა. მაშინ რომ დაიხარა მეფე და ბაგე შეახო ქალის თავსაბურს, ის მოძრაობა უნებლიეთ იყო, თუმცა ლამაზი: დიდმა სურვილმა შეხებისამ დახარა მეფის უდრეკი ქედი და ისეთი სიამით, თითქო მწყურვალი ირემი დაეწაფაო ანკარა წყაროს, წიფლის ძირიდან გადმონადენ სპეტაკ ნაკადულს. ჩარჩა ვაჟკაცის სულში ის სახე, შიგ ჩაისახა მილეულ მთვარის სხივთა მაგვარ საღებავებით, ჩაიქარგა იქ ამოუშლელად. პატარა იყო აშოტის სულში ეს საიდუმლო სავანე, სულ პაწაწინა, სხვისათვის უჩინარ-უხილავი, მაგრამ მრავალ საზრუნველთაგან მოცული გონება აშოტისა აქ მოიცლიდა იმ ლამაზ ჭეშმარიტებათა სამზერლად, რომელნი ხელმძღვანელობენ ჰაზრთა სამფლობელოს; მისი უტეხი ნებისყოფა, აღელვებულ მდინარესავით მომქუხარი მისი მისწრაფება აქ, ამ მყუდრო ნავთსადგურში, დასცხრებოდა, შეისვენებდა; ვნებათაგან აღბორგებული მისი გული აქ, ამ პატარა ყურეში, ჰპოვებდა თავის წყნარ ნავთსაყუდელს, ყუჩდებოდა, დაამდებოდა. - რადა?! - იმიტომ რომ იმ ნიშში ესვენა ხატი აშოტისა, ახლად აჩენილი უძლიერესი სალოცავი მისი და იმ ხატის სახე ძალიანა ჰგვანდა შუქურ ვარსკვლავსა; თითონ შუქური იყო იგი აშოტის ახალი სალოცავი. მაშინ ომში მიმავალმა აშოტმა რომ გადმოიარა შუქურის სავანისაკენ, უძლეველი ძალა იზიდავდა მას იქით. - თუ არ ჩავხედე შუქურს იმ ჩემზედ სასოებით მლოცველ თვალებში, არ ამოვიკითხე მუნ ურყევი რწმენა ჩემის გამარჯვებისა, არ ეგების! ნათელის რამ ქულასავით დაესვენა იმ ქალის სათნო სახე ჩემს გულში და არ შემიძლიან არა ვნახო ის, არ წარვიტანო თან მისი დალოცვა, იქნება ყველაზედ უფრო უანგარო წადილი სიკეთისა და გამარჯვებისა: სურვილი უჩინარი და მით უფრო წრფელი, უხინჯ-უმწიკვლო. 31 ადამიანის არსება ორად არის გაყოფილი, ორ სხვადასხვა პიროვნებად. ერთადა სცხოვრობენ განუყრელად ის ორნი, მაგრამ თავთავიანთი სარბიელი აქვსთ ცხოვრებისა, მიზანი არსებობისა, თავიანთ სიხარული ბაგემღიმარე, თავ-თავადი სიმძიმილი შავ-ბნელად ჭმუხვნილნი. მხოლოდ ზოგიერთ პიროვნებაში იგი ორება უფრო ცხადყოფილია, განსაზღვრილ-დამთავრებული. ესე ორად იყო გაპობილი არსებაც აშოტისა: ერთი იყო აშოტ მძლეველი, მეფე დიდებული, შემმართებელი, დაუღალავად მშრომელი სახელმწიფოს კეთილისა და დიდებისთვის. ეს აშოტი სასტიკი იყო, ვით ბედისწერა; ბასრი, ვით მისი ხმალი; უწყალოდ განმგმირი, ვით მისგან ნასროლი ისარი; უტეხ-უდრეკი, ვით კლდე რამ სალი. ეს აშოტ-დიდი ურყეველად მიისწრაფებოდა განგებისაკენ მისდა მიჩენილ მიზნისაკენ: ყოველ ღონესა ხმარობდა მეტად განებრწყინებინა თავისი სამეფო გვირგვინის სხივოსნობა. ამ მეფურ მისწრაფებაში მას ღირსეულად ედგა გვერდს თავისი მეუღლე გურანდუხტ დედოფალი. ქალსა სწამდა, რომ ის ქვეყნად იყო მოვლინებული მხოლოდ დიდებისათვის. სხვა ყველა უნდა სთაყვანებოდა მას, უსიტყვოდ ჰმონებოდა მთელი ხალხი კიდით კიდემდინ. უცხო ერთა შორის განითქმოდა მისი სახელი. ამ აშოტს სწორედ საფერი თანამემცხედრე ჰყვანდა გზაზედ ცხოვრებისა. აქაც კი განირჩეოდნენ ერთმანეთისაგან ეს ორნი: დედოფალი უფრო გულსწრაფი იყო და უთმინო. ძალიან ეჩქარებოდა, შეერთებინათ მთელი საქართველო, განესხნათ მტერნი მის სამზღვრებიდან, რომ მზეებრ ებრწყინა მის შუბლზედ სამეუფო ჯიღის შარავანდედს. განსაცდილში მეტს სულმოკლეობას იჩენდა, ფიცხდებოდა, ჟინიანდებოდა; ბედს უწყრებოდა. არად აგდებდა ძნელ გარემოებათა უძლეველ კრებას თუ შეჯგუფებას. აქედან იყო გულგრილობა მეუღლისადმი, უსიამობა. ნიადაგი კი მაინც არა ჰქონდა აქ განხეთქილებას, საბოლოვო თავ-თავადობას. ვერც ექნებოდა იგი საფუძველი: ორივენი ერთსა და იმავე შორეულ ნათელსა სცემდნენ თაყვანს, ერთისა და იმავე სანატრისაკენ მიისწრაფოდნენ. დედოფლის უთმინობა იმითიც აიხსნებოდა, რომ მას მხოლოდ სურვილებთანა ჰქონდა საქმე და ფიქრებთანა, ხოლო ჰაზრთა და ნატვრათა არეში ყოველივე უფრო ადვილია, მწყობრად მიმდინარე. მეფე კი ძნელად საკვეთ სინამდვილეს ედგა კვალში და გამოცდილებით იცოდა, რა ძალა, დათმენა და გამჭრიახობა სჭირდება ადამიანს თვის სურვილთა ასასრულებლად, მეტადრე ისეთ ფართო და მაღალ მისწრაფებათა ასათავებლად, რომლებსაც ატარებდნენ გულში გვირგვინოსანნი. - ეჰ, ჩვენს სიხარულს მაინც სდევს ჩრდილი: დედოფალი ჰყვედრის მეფესა, ჩვენც ყველას, რომ აქამომდე ვერ განვდევნეთ მტერნი თბილისიდან, ვერ გარდავსხით იგინი ჩვენს სამზღვრებს იქით; ვერ შევაერთეთ მთლად ჩვენი ერი. - თითქო ან მეფეს, ან ჩვენ არ გვესწრაფებოდეს განვახორციელოთ სურვილი ჩვენი და დავამყაროთ ერის მშვიდობა მკვიდრ საფუძველზედ! არ შეიძლება ყველაფრის ერთად და სწრაფად შესრულება. იქნება შესაძლოც არ შეიქნეს, განახორციელოს მთელი ჩვენი სურვილები ერთმა მეფემ, ერთმა თაობამ. - მართალსა ჰბრძანებ! ერთი ტაძრის აშენებაც ვერ შესძლო ზეგარდმო ცხებულმა დავით, მისი დამთავრება ანდერძად დაუტოვა თავის შვილს სოლომანს. - ოჯახის აშენებასაც კი რამდენიმე თაობა უნდა. ძნელად შესძლებს ერთი მეფე, თუნდაც მეტად ნიჭიერი და მხნე, სახელმწიფოს სრულ აღდგენას და განვითარებას. - მერმე მაშინ, როცა გარემოებები ხელს არ უწყობენ. აშოტს რომ ძნელად საბრძოლი დაბრკოლებები ეღობებიან წინ: საქართველოს დანაწილება ცალ-ცალკე სამთავროებად, ჩვენს ქვეყნის გულში შემოჭრილი მტერი ძლიერი. - სხვა სხვის ომში ბრძენია. ვერ შეიგნებს გურანდუხტ, ვერც წარმოიდგენს, რამდენი სიფრთხილე, მოფიქრება და მხნეობა სჭირია მეფეს ყოველ ჟამს, ყოველ წუთს, რომ თანისთანობით და შეუდრკომლად უახლოვდებოდეს თავის საწადელს. - ისე ფიქრობს დედოფალი, რომ აქამდისინაც ჩაეშლებოდა საქმე ხელში, თუ თითონ იყოს მოქმედი და მბრძანებელი: მადლობა ღმერთს, აშოტი ფრთხილია, შორსგამჭვრეტელი. ესე ფიქრობდა თვით აშოტიც და ღრმად იყო დარწმუნებული თვის დასკვნათა სიმართლეში, თვის მოქმედებათა სისწორეში. აქ ვერ დაუთმობდა იგი დედოფალს, ვერ აჩქარდებოდა, ვერც გაივლიდა მისგან ნაკარნახებ გზაზედ: იმ გზით სვლას მხოლოდ რყევა მოჰყვებოდა სახელმწიფოსი. აქ უთანხმოება ცოლ-ქმარ შორის ვერ მოისპობოდა, თუმცა განხეთქილებამდის ვერ მივიდოდა. მეორე იყო აშოტ სახიერი. ნაზი გრძნობების კონა იყო ამ აშოტის გული; სუნნელოვან სურვილებიდან იყო შეთხზილი მისი წყნარი ნებისყოფა. ჭრელი სახეებით იყო აღსავსე მისი ჰაზრთა არე, თვალწარმტაც ჩვენებით. ეს აშოტი ოცნებობდა წყნარ სიამეზედ, ვით ალავარდნილ მზისგან დამწვარი ნატრობს ცივ წყაროს გაფოთლილ ხის ძირში. აშოტ სახიერი მწერს არ დაადგამდა ფეხს, შეეცოდებოდა; წყალს არ შეამღვრევდა: დაენანებოდა მისი სარკე სახე. იგი მოციქული იყო წრფელი სიყვარულისა, მთესველი მისი, სურვილით მნდომი მისი მომკისა. კერა იყო ამ აშოტ სათნოს სავანე. ის იყო ძნელი ამ აშოტისათვის, რომ იგი უთანხმოება, სამეფო საწადელთა შეუწყობლობა, ცუდად აღელვებდა მას მაშინაც, როცა იგი თვის კერაზედ განმარტოებული, მბრძანებელი, მხოლოდ კაცი იყო მოსიყვარულე ლამაზ გრძნობათა გამშლელ-მომფენი. მეგობარს ეძებდა იგი განმარტოებულ გალიაკში, თვის გულის ყვავილს. გურანდუხტი კი აქაც დედოფალი იყო გვირგვინოსანი, გულცივი, მარტო მოვალეობის აღმასრულებელი. განმარტოების ჟამს ისინი მხოლოდ ვაჟკაცი და ქალი უნდა ყოფილიყვნენ, ერთმანეთის მასიამოვნებელ წყვილი, ლამაზ გრძნობათა ერთად შემკონნი, დამწვავ ვნებათა მწყობრად დამშუშნი, მაამებელნი. ცხოვრებისათვის ბრძოლით მოქანცულებს განკერძოებულ სავანეში უნდა ეპოვნათ მყუდროება ტკბილი, ურთიერთობა სუნნელოვანი, ალერსი ვარდისფერი. იქ, იმ ყუდეში, არ უნდა შეჰყოლოდათ მათ არც რა ისეთი, რაც ცხოვრების ყაბახზედ მოითხოვდა მათ მთელ ძალას ნებისყოფას. ესე ნატრობდა მეფე აშოტი. ესე ოცნებობდა იგი მაშინ, როცა ეძებდა გულის სწორ მეუღლეს. ამას მოელოდდა, როცა მოჰგვარეს გურანდუხტ ცოლად. სწყუროდა ჟამითი-ჟამად მიედრიკა ბუმბერაზი თავი სატრფოს მუხლზედ ისე უზრუნველად თუ გულუბრყვილოდ, როგორც სამსონ უძლეველი მიეყრდნობოდა მინდობილად თავის დალილას, ჩვილ მკერდს. ამასაც იმ ზღაპრულ ბუმბერაზივით ჰსურდა იქ, იმ მღიმარ განმარტოებაში, ეშოვნა ძალთა განახლება ახალ ბრძოლისათვის, მოღვაწეობისათვის. ცხოვრება სავსებით არავის უსრულებს ნატვრა-ოცნებას. აშოტის ესეთი მისწრაფება ვერა ჰპოვებდა მის ოჯახში დაამებას; ვაჟკაცი მოკლებული იყო ამ კერძო სიამეს, მოწყურებული. გარეშეთათვის ეს არა სჩანდა. ვერც ეჩვენებინა ვერც ეჩანებოდა: განგებას ეკურთხებინა აშოტის კერა, მიეცა მისთვის მეუღლე კეთილგონიერი, განემრავლებინა იგი, აეღორძინებინა. გათქმული მეფე იყო, აწ იგი ბუმბერაზი, ღირსეული მეუღლე ღირსეულის დედოფლისა, ბედნიერი მამა ძეთა და ასულთა. ვინ იცოდა, რომ ყველა ეს სიკეთე შედეგი იყო მხოლოდ კეთილად აღსრულებულის მოვალეობისა და არა ნაყოფი სიხარულის ყვავილში ჩასახულ-გამონასკული, თბილ სინათლეში აყიროდ აღზრდილი. ეს ყველა საიდუმლო იყო აშოტის გულისა. აკი განმარტოებით სწუხდა ვაჟკაცი ამ თავის ხვედრზედ. მაინც ვერ შეჰრიგებოდა მეფე თავის ბედს, მაინც ეძებდა თავის საძიებელს. რადგან კერაზედ ვერ აღმოუცენდა მას ეს სათუთი ყვავილი ნაზის სიამისა, ის ამგვარ სიხარულს ეძებდა. გარეთ. დიდს ხანს ამაოდ! რამდენჯერაც გაიტყუა ის ნათელთა კრთომამ, იმდენჯერ შესცდა: ლამაზ ციაგს თურმე აბნევდა მწერი რამ ჭია ან ჩაშლილი ხე ფუტურო, დამპალი; არა ნატვრისთვალი, რომელიც თურმე მიუძღვნის მფლობელს ნეტარების ციაგს სანუკვარს, დამაყუჩებელს. - გველი ჰპატრონობს გესლიანი იმ ნატვრისთვალსა; საძნელო არა რამისი შოვნა მომაკვდავისთვას. აშოტს ეგონა, ისე განვლიდა ცხოვრების გზასა, შორიდანაც ვერ იხილავდა გარდუვალი სიმშვენიერის სახიერებას. უსასოობის ბჭემდის მიწევნილიყო გულგატეხილი. ამაოდ! აღარ ახსოვდა, ადამიანი ბევრჯერ იქა ჰპოვებს თავის საძებარს, სად არ მოელის და მაშინ, როცა ჰაზრადაც კი არა აქვს მისი მოხელვა. ესე მოუხდა აშოტს ხერთვისის სანახებში, სადაც თვალი მოჰკრა მან უცვლელ სიხარულის ანარეკლ ნათელს. მისი სული არ იყო მაშინ მიმართული წყნარი სიამის საძიებლად, ის ჯერ ისევ მოცული იყო მრავალგვარ საშიშრობით, ისევ აღელვებულ მდინარეში იმყოფებოდა, თუმცა ტალღები უკვე დაეძლია და გაერღვია. იცოდა გამოცდილმა, მტერი არ დასთმობდა ბრძოლის ველს. არ დასტოვებდა ომის ასპარეზს. მსწრაფლ უნდა განეახლებინა დევნა. არ უნდა შეესვენებინა ძლეული, არ უნდა მიეცა დრო დაფიქრებისა და შემზადებისა. დრო არ იყო სისხლიანი ხმლის გაწმედისა ქარქაშივე მის მიქცევისა. ეგრეცა ქმნა: არ დაასვენა გატეხილი მტერი, ბევრჯერ შიგ სიმაგრეთა პირს დაესხა მას თავს, დააზარალა. მაშინ მხოლოდ იმისთვის მივიდა ხერთვისს თავის ხალხთან, თავის ოჯახში, რომ თვალი გადაევლო მათთვის მზრუნველი და ისევ განშორებოდა სამოღვაწეოდ. ამ დროს ეჩვენა მას ლანდი სანატრი: მისკენ ლოცვად აღმართულ შუქურის თვალთაგან გამოკრთა ის მადლიანი ნათელი ცისფერი, რომელს იგი ამაოდ დაეძებდა აქამდინ, რომელზეც ის ოცნებობდა ყოველთვის. ნატრობდა მარადჟამს. 32 მაშინ მოლანდებული სურათი და მისგან გამოწვეული შუქის მაგვარი ლბილი გრძნობა ნათელ ელვასავით არ განქრა აშოტის სულში; კვალი დასტოვა, თვისი ნასახი ახატა მასში. შემდეგში მცირე რამ საბაბიც საკმარისი იყო, იგი ნაკვალი ისევ შერხეულიყო და განმეორებით გაეშუქებინა მის გონებაში სანდომი სახე მოთაყვანე ქალისა, ხოლო სურათს აემოძრავებინა მის გულში სიამის სიმი, გამომღებელი სასიხარულო ხმისა, მთქმელი საამო ჰანგის ნაწყვეტისა. - გული მეხსნება იმ სურათის კვლავ გაშუქებით, სიამის სიო გადამირბენს გრძნობათა შესაკრებელზედ, მახარებს ერთ წამს. ნეტა რა ნატვრას მომიძღვნიდა ის ჰანგი დამთავრებული, არა ელვასავით მსწრაფლ მიმომფრენი, ხანდაზმით ჩემს გულში დავანებული? - ფიქრობდა ვაჟკაცი. და უხაროდა, როცა გაახსენდებოდა იგი საამო წუთი, აესახებოდა ნაზი სურათი მოსავ ქალისა. - იქნება, ის ჩემი გრძნობა მხოლოდ შემთხვევითი იყო, მარტოოდენ იმით გამოწვეული, რომ მე თითონ ვიყავი მაშინ მხიარული და გულღია ყოველ სიმშვენივრისათვის. მოხდება: ადამიანი ვარდისფერი გრძნობით არის სავსე და სავსებისაგან თვისის ლამაზი გრძნობისა მოჰფენს გარშამო ტურფა ყვავილებს. ასკილიც მაშინ ვარდად ეჩვენება სუნნელოვნად... - ვნახავ პაატას! გაეხარდება ფრთადაკოდილ არწივს ჩემი მისვლა. ვამცნობ ჩემს სახელმწიფო განზრახვასაც ამ ნადირობის შესახებ. ღირსია ნდობისა. მალამოსავით დაედება მის წყლულს ძნელსაკურნებელს, როცა ნახავს, არ დამვიწყებია მისი სამსახური, რაინდული მისი ნაღვაწი. წავალ, გავივლი: მაინც იმათ სოფელზედ გადადის მოკლე გზა. ნანადირევსაც მივუტან, ჩემის ხელით მოკლულს რამ ნადირს... მასაც დავხედავ, შუქიას. ნუთუ მართლა ისეთი მომხიბვლელია და შუქმფენელი? - გაიფიქრა აშოტმა, როცა მაშინ საომრად მიდიოდა. გაკვრითაც არავის ანდო იმან ეს ფიქრი, თითქო თავის თავსაც კი გულახდით არ უცხადებდა მას. ფრიად სათუთად მიაჩნდა თვისი განზრახვა, საიდუმლო სურვილად, რომელს სხვა არ უნდა შეჰხებოდა, რომლის არსებობა სხვას არც უნდა სცოდნოდა. თუ ეგრძნოთ მისი განზრახვა, იქნება კიდეც გაეკიცხათ: სად დიდი აშოტი, - სად პაატას სახლი, რომ იქ წასასვლელად გზაც განზრახ აერჩია მას! ეწვია მეფე პაატას, კვლავ იხილა შუქიას აღტაცებული თვალები, სასოებით მისდა მიპყრობილნი. რამდენიმე ხანი დაჰყო მათ ჭერქვეშ განიცადა მთელი კეკლუცი სილბო ამ სახიერ მშვენებისა და დარწმუნდა, რომ პირვანდელი გრძნობა არ იყო შემთხვევითი, მხოლოდ წუთიერი; თუ ეს ასე არ ყოფილიყო, არ განმეორდებოდა განცდა და უფრო მეტი სიძლიერითაც; ვეღარ აავსებდა ქალის მახლობლობლობა ვაჟკაცის სულს სიხარულით. ახ, რანაირად მოესურვა ოდნავ მაინც შეჰხებოდა ჰაეროვანს, ხელი ეხლო მისთვის თუნდაც შემთხვევით. ვერ მოახერხა! ამ საკვირველმა ნდომამ რამდენჯერმე კინაღამ თავი წაართვა მას, კინაღამ მოძრაობაში გამოკრთა ეს მისი შეუკავებელი მისწრაფება. ძლივს შეიმაგრა თავი! ქართველი იყო, დარბაისელი, რაინდი დიდებული და თავის თავს ნებას ვერ მისცემდა, შემთხვევით ამოზვირთებული სურვილს დაეძლია იგი. არც ერთი სიტყვით, არც წარბთა შეხრით თუ თვალთა ელვარებით არ გასცა ვაჟკაცმა თვისი გულის ნადები, თვისი მედგარი სურვილი თუ მილტოლვა. შევაქე მისი სიმამაცე, მიზანშეწონილი მოქცევა! აშოტის დიდებულმა თავდაჭერილობამ, მისმა ფაქიზმა ქცევამ თუ მჭიდროდ მოზომილმა მიმოხვრამ უდიდესი პატივისცემა აღძრა ისეც მისგან აღტაცებულ მანდილოსანში, განაცვიფრა ის და თვის აღფრთოვანებულ ჰაზრთა დენაში ზეკაცად დასახა მან აშოტ მძლეველი, კაცღმერთადა სცნო ბუმბერაზი იგი ხორციელი. წამოვიდა პაატას სახლიდან აშოტი, საბრძოლველად გამოეშურა, გული კი იქვე დარჩა მგრძნობიარე. მისი გონების თვალი უკან იხედებოდა, გარნა არა თვის კერისაკენ, სად მედიდურად ბრწყინავდა გურანდუხტ დედოფალი, არამედ იქით, სად ციაგობდა სათნო შუქური, წყნარი სიხარულის გამომღებ-გამომცემი, უჩინარი იგი ყვავილი ედემსა რგული. იყო ბრძოლის დროს ისეთი საშიში წუთი, როდესაც ბუმბერაზს დასჭირდა მოეხმო ძალნიც ზეცისა გასამტკიცებლად თვის მარჯვენისა. ეს ის გასაჭირი იყო, როდესაც უმრავლეს მტერთაგან გარემო ცულს მის რაზმს თითქო აზვირთებულმა ზღვამ უნდა გადურბინოს და დაჰფაროსო. იმ განწირულების წამს ელვასავით გაურბინოს აშოტს გონებაში საგულისხმო სურათებმა. სახეთა სწრაფაში მკაფიოდ აღმოჩნდა განმარტოებული ხატება შუქურისა. იგი ჩვენება ისეთის სისწრაფით არ მიეფარა გონების თვალთა ხედვიდან, როგორც სხვა სახეები. ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც საუკეთესო ნადავლი მოართვეს მეფეს, მაშინვე თვალთ წინ დაუდგა სხვა დამსახურებულებთან ერთად პაატაც და მის გვერდით მისი მეუღლე შუქური,უფრო შუქური, სინამ პაატა. ეს მისი საიდუმლო განცდა იყო, მისი საკუთარი შეგრძნობა. - აი ეს ხმალი დავსდევ იმ ვაჟკაცისთვის, რომელიც განუყრელად ჩვენთან იბრძოდა, რომელიც ეხლაც ჩვენთან არის უხილავად. პაატ იაშვილზედ ვამბობ, დაკოდილ შავარდენზედ. - მადლი მეფის გულს, ქველობით განთქმულს! - როცა მოვდიოდით, ისეთი თვალი გამოგვაყოლა ბეჩავმა, გული მატკინა: ჰშურდა, ჩვენთან ვერ მოდიოდა საომრად. მაინც თან გამოგვყვა მისი ცეცხლებრივი სული. - შესაფერი იარაღი ღირსეულის ჭაბუკისათვის! - ეს ფარღული პაატას დიასახლისისათვის. ღირსეული მეუღლე ჰყოლია. რომ აქამდის გაუძლო პაატამ საშიშ ჭრილობას, ქალის თავდადებულ მოვლასაც უნდა უმადლოდეს. - გავბედავ, ბატონო, და მოგახსენებ: დავალებულიცა ბრძანდები მისგან. - როგორ?! - ადრე იმ საკვირველი გამარჯვების შემდეგ, მაგ ქალმა მოგილოცა პირველ და შემოგძღვნა თაიგული. - მეფემ მადლი უბრძანა მაშინ იმ ქალს და ეს უდიდესი ჯილდოა ყველასათვის! - იმ სიტყვიერ ჯილდოს ეს ნივთიერი საჩუქარი დავსძინოთ ეხლა: პირველი გულის ფიცარზედ ექნება აღბეჭდილი უხილავად, მეორე - გულ-მკერდს დაუმშვენებს კეთილს ხილულად. - აკურთხა უფალმა მეფე მწყალობელი! მაგას რა სჯობია?! ძვირფასი ხმალი იყო. სამკაულიც ერთ სოფლადა ღირდა, სხვილიმარგალიტისაგან შეთხზილი. ნაქვთის სიკეკლუცე და გოჰარის სიმდიდრე ერთმანეთს შეჰჯიბრებოდნენ იმის შექმნაში. ოცნებაში უკვე მორთო მეფემ ქალი ამ სამკაულით. ძლიერ დაჰშვენდა. თვალთწარმტაცმა სურათმა გაიტაცა მეფის ფიქრები. ერთს წამს იგი გარინდებული შეჰყურებდა გონებაში დასახულ სასიამო ლანდს. კარისკაცთ შენიშნეს მეფის ოცნებაში წასვლა და უძრავად გაჩერდნენ, კრინტი აღარ დასძრეს. იცოდნენ მათ თავიანთ საყვარელი ბუმბერაზის საკვირველი ჩვეულება: ხანდისხან, შესდგებოდა იგი უძრავად, თვალთ მიაბყრობდა საიდუმლო რამ ჩვენებას და იყო ისე გარინდებული. ერთს ხანს; ვეღარას არჩევდა თავის გარშემო ცხოვრებიდან გაბიჯებული, სინამდვილიდან გაღმა გამხდარი. მხოლოდ სახის მეტყველება თუ ამცნობდა გარეშეთ, რა ხასიათის ჩვენებას გაეტაცნა მეფე: ღიმილი გარდაშლილი, წარბთ შერჭმა მრისხანე. ეხლა სიხარულის ციაგი უთამაშებდა დამტკბარ სახეზედ, ოდნავ უქროდა ღიმი ბაგეზედ და ურხევდა მწყობრად მიჯრილ ღერებს ხშირის ულვაშებისა. მეფე შემდეგაც არ ივიწყებდა პატარა ოჯახს, სძღვნიდა დავლიდან ღირს სიმდიდრესა. 33 როცა აშოტი გამარჯვებულად ებრძოდა მტკვრის დაბალ ველებში ხალვათად დაბინავებულ მტრის ურდოებს, ამ დროს მიაღწია მეფის კარს ბიზანტიელმა ელჩმა თავის ამალით. დედოფალმა მიიღო სტუმრები დიდებით. ნადიმი გაუმართა, შექცევა ღირსსახსოვარი. ის კი აღონებდა გურანდუხტს, სასახლე და დარბაზ-პალატები ვერ შეჰშვენოდნენ მეფურ ღირსებას: ჯერ ისევ დროებით სადგომში სცხოვრობდა მეფე, არ გადასულიყო ახალ სასახლეში, რომელს აგებდა აშოტი არტანუჯში, თვის ახალ სატახტო ქალაქში. არტანუჯი პირველ ააშენა ვახტანგ გორგასალმა. მეფე სცდილობდა აეგო ციხე-ქალაქები იმისთანა ადგილებში, რომლებიც საუკეთესონი იყვნენ სამხედრო თვალსაზრისით და მარჯვენი მამულის დასაცველად. არტანუჯი ამისთანა ძლიერს და მარჯვე ადგილს წარმოადგენდა: იმაზედ გადადიოდა მახლობელი გზა ბიზანტიაში დასავლეთით და სომხეთში სამხრეთით. მურვან ყრუმ ბრძოლით აიღო ეს ციხე და დაანგრია. ქართველთა მეფეებს აღარ მიეცათ დრო აღედგინათ ციხე-ქალაქი. დარწმუნდა აშოტი, თბილისის დაბრუნება ადვილი არ იყო; ჯერ ბევრი ბრძოლა დასჭირდებოდა, სინამ განდევნიდა იქიდან ძლიერ მტერს. იწყო თვალიერება ადგილისა, რომელი დროებით დაენაცვლებოდა სატახტო ქალაქს. აირჩია არტანუჯი და გასცა ბრძანება, აღედგინათ ვახტანგისეული სიმაგრე. გააფართოვეს ციხე. მეფემ მოისურვა გალავანშივე აეგოთ მისი სასახლე. მრავალ დარბაზებიანი იყო სასახლე, მკვიდრად ნაგები. მაღლობზედ იდგა ციხე. მის ქვევით გააშენა ქალაქი. თავის მახლობლებს უბოძა იქ სამოსახლო ადგილები. შემწეობასაც აძლევდა მოსაწყობ-დასაშენებლად. ციხის ეკლესია პეტრე-პავლეს სახელზედ იქმნა ნაკურთხი. დედოფალსაც მოსწონდა არჩეული ადგილი. აჩქარებდა, დაემთავრებინათ შენობები. საუკეთესო ხუროთმოძღვრები და მშენებელნი მუშაობდნენ. ციხეს გარს ფართო გალავანი ერტყა დუღაბით ნაგები, ქონგურებიანი, მრავალ საისრეებით მოწყობილი. კედელი ქონგურებთან უფრო თხელი იყო, მინამ ძირს. საისრეებიდან კაცის სიმაღლეზედ მოსდევდა შიგნით განზიდული კედელი,რომელზედაც თავისუფლად დგებოდა და მიდ-მოდიოდა მებრძოლი, რომ ესროლნა ისარი, ეტყორცნა ხელშუბი თუ შურდულის ქვა. ციხეს ღრმა სარდაფები დაატანეს სანოვაგის თუ სხვა საჭირო ნივთთა საწყობად. შუა სარდაფიდან ჩასდევდა გვირაბი, რომელი გადიოდა ართვინის წყალზედ და თავდებოდა მცირე კოშკით. გვირაბი რამდენსამე ადგილას იკეტებოდა. ციხის კუთხეებში აღმართული იყო უმაღლესი კოშკები, რომელი თავი გვირგვინისებურ იყო მოყვანილი, სვეტიდან განზე გაწეული, ისე რომ აქედან სანათურები დაჰყურებდნენ კოშკის კედლებს. ქალაქი დაბლა შენდებოდა ციხისა და მდინარის შუა. ციხეს კიდევ მეორე კედელი უნდა მოჰვლებოდა, რომელი ქალაქს უნდა ჩაჰყოლოდა ორივე მხრივ და დათავებულიყო ხევის პირას. ბიზანტიელი ელჩები რომ ეახლნენ დედოფალს, ციხექალაქი ჯერ არ იყო დათავებული; მის დასრულებას კიდევ სჭიროდა ფული და მუშახელი. აშოტი ფიქრობდა ნივთიერი დახმარება ამ სიმაგრის დასასრულებლად და საზოგადოდ მტრისაგან აოხრებული მამულის ასაშენებლად ბიზანტიაშიც მოენახა: ბერძენთა სარგებლობაც მოითხოვდა აშოტის საბრძანებელი ერთ შეუვალ ციხედ გარდაქმნილიყო და სარკინოზთ ვეღარ შესძლებოდათ ამ გზით მიახლებოდნენ მათ საბრძანებელს. ეს იყო ერთი მიზეზთაგანი, რომ აშოტი ერთობ თავაზიან და ტკბილენა ეპისტოლეებსა სწერდა ამჟამად იმპერატორს. ბიზანტიელებს თან საუკეთესო ხუროთმოძღვრები მოჰყვნენ. მათ უნდა დაეთვალიერებინათ ახალი ციხექალაქები, თუ საჭირო იქნებოდა, რამე რჩევა მიეცათ მშენებელთათვის. გამოცდილი მფარველი ორ მიზანს აღწევდა ამით: დაწვრილებით გაიცნობდა გეგმას იმ ციხექალაქებისას, რომლებსაც აშენებდა ან აახლებდა აშოტი, რაც გარემოებათა ცვლილების დროს დიდად დაეხმარებოდა ბიზანტიელთ; აშოტს გულს დაუდებდა ეს ყურადღება: მასში მოსჩანდა იმპერატორის მზრუნველობა, აშოტისადმი მეგობრული განწყობილება. აშოტისაგან გამოგზავნილი დავლა მაშინ მოიტანეს დედოფლის კარს, როდესაც ის აპირებდა ელჩების გამგზავრებას არტანუჯში. ამან დიდად გაახარა გურანდუხტი, ძლიერად აგრძნობინა თავი დესპანების წინაშე. დედოფლის ამალამაც შესცვალა კილო საუბრისა, უფრო იმედიანად იწყო მსჯელობა, გულახდილად. დიდი დავლისა და მრავალმონების საშუალებით ქართველებს შეძლება ეძლეოდათ აეჩქარებინათ ციხექალაქების შენება. დედოფალი შეგულიანდა ეხლა და განიზრახა თითონ წაბრძანებულიყო არტანუჯს, ამალისა და ბიზანტიელთა თანხლებით. ბრძანა, საზეიმოდ მოეწყოთ ეს მოგზაურობა, როგორც შეჰფეროდა გამარჯვებულ პყრობელს გამხიარულებულს. დიდებულად წარემართა მგზავრობა. მადლიერი ხალხი სიხარულით ეგებებოდა დედოფალს გზადაგზა, ქებას შესძღვნიდა, ვით თითონ აშოტს ჭირთაგან მხსნელსა, მტერთა შემმუსვრელს. გზა მოირწყო განაცემით: უხვი წყალობა მოსთოვდა დედოფლის ხელთაგან. ძალიან კარგ გუნებაზედ დადგა გურანდუხტ: თუ შეძლება არა ჰქონდა დიდ-დიდებულად მიეღო სტუმრები დროებითს სასახლეში, მის სანაცვლოდ, ეხლა შესძლო გაეშალნა მოსულთა წინაშე აღმატება ბრწყინვალებისა და ეჩვენებინა უცხოთათვის, როგორ უყვარდა ხალხს სამეფო ოჯახი, როგორ პატივსა სცემდა მას. სეფეწულნიც თან ახლდნენ დედოფალს. მთელი სამეფო ოჯახი იძროდა გზაზედ. მეტადრე მშვენივრად შეეგებნენ დედოფალს ართვინში, სამღვდელოება თუ ერისკაცნი. ამ ზეიმით შეგებებას ხელმძღვანელობდა მოხუცი გმირი თადეოზ ართვინელი, რომელს თავის ციხედარბაზში განემზადებინა დედოფლისთვის ბინაც, სადღესასწაულო მეჯლისიც. აქვე მიიღო გურანდუხტმა მეორე წიგნი თვის მეუღლისაგან. სწერდა აშოტი: - ვესწრაფი შენს ნახვას. მსურს პირადად გაგიზიარო ის დიდი სიხარული, რომელი ავსებს ჩემს გულს. მტერი ეხლა კი დიდხანს ვეღარ შესძლებს გაძლიერებას, კადნიერად შებრძოლებას. შეიძლება პირდაპირ არტანუჯზედ გადმოვიარო. მსხვერპლი შესწირე! გაახარე უხვი საბოძვრით ქვეშევრდომები. დედოფალს იამა ეს წერილი: არტანუჯში შეეყრებოდა თავის გვირგვინოსან მეუღლეს და ბრწყინვალედ დაათავებდა თავის დიდებულ მგზავრობას. ძალიან მოეწონათ ელჩებს არტანუჯის ადგილმდებარეობა, სათანადოდ დააფასეს მისი სამხედრო მნიშვნელობაც. ციხის გეგმაში მათმა ხუროთმოძღვარმა რამდენიმე შესწორება შეიტანა. შიგ ციხეში რამდენიმე ჭა ამოაღებინა. შესანიშნავი ცოდნა გამოიჩინა აქ: პირდაპირ ხელი დაადვა იმ ადგილებს, სადაც, უნდა ამოეკვეთათ ხაროები, რომ მალე მიეგნოთ ნაკადისათვის. - მტერმა რომ შესძლოს გვირაბის პირის დაჭერა ან ზევიდან მოწამლოს მდინარე, ციხეს უთუოდ უნდა ჰქონდეს სხვა საშუალება წყლის შოვნისა. - ამცნო გამოცდილმა. იმავე ხუროთმოძღვრის ჩვენებით იქმნა გატანილი სხვა გვირაბი მეორე მხარეს. ეს გვირაბი უწევდა ხევს, თითონ ხევში კი არ იყო გასული, ცოტა ადგილიღა იყო გასათხრელი. - ესეთი გვირაბი გაგვყავს ჩვენ იმ მოსაზრებით, რომ უკანასკნელ ჟამს ლაშქარს შეეძლოს უჩინრად გალტოლვა. ცოტა ხნის მუშაობაღა დასჭირდებოდა შემწყვდეულ ხალხს, რომ გაიტანოს ხევში ხვრელი და გზა გაიხსნას. საიდუმლო უნდა იყოს ამ გზის არსებობა. - როგორ დაიფარება ეს, როცა ხალხი იმუშავებს ზედ, მრავალი კაცი? - შეიძლება! აი მონები, ტყვედ წამოყვანილნი; ესენი უნდა ამუშაოთ. - მით უფრო ცუდი: მტერს ეცოდინება ყოველივე. - ვერ მიხვდით! მაგვარ საიდუმლო სამუშავოების დათავებისას, მუშაკთ მოსპობენ. დედოფალმა რამდენიმე დღე დაჰყო არტანუჯში. დაურიგა სამოსახლო ადგილები თავის მხლებლებს და მახლობლებს, რომ ისინიც იქ დასახლებულიყვნენ, სატახტო ქალაქში. მოგზაურობა და ზეიმი მთლად უჩრდილო იქმნებოდა, თუ აშოტი მიბრძანებულიყო არტანუჯს. განსაზღვრულ დროზე მეტი დარჩა იქ გურანდუხტი, ელოდა თავის მეუღლეს. - ალბათ სახელმწიფო საზრუნველმა შეაგვიანა ბატონი მეფე ადგილობრივ, ან სხვა გზა მისცა მის მსვლელობასა, - სთქვა სახლთუხუცესმა. - უნდა ეგეც მსწრაფლ ეცნობებინა. ისიც უნდა ემცნო, სად ჰხლებოდნენ მას ეს დესპანები! - შენიშნა დედოფალმა წყენით და მოსპო ამ საგანზედ საუბარი. 34 მეფეს არამც თუ დაუგვიანდა არტანუჯში წასვლა, სრულებითაც არ გამგზავრებულა იქით. სხვა გზას დაადგა ბატონი აშოტი, სხვა კვალს. სამეფო საჭიროებამ კი არ გაიწვია იგი ამ ახალ გზაზედ, გულმა გასწია იქით უძლეველი ძალით. ბრძოლის ველზედ მწყობრად და უებროდ შეასრულა განზრახული გეგმა მოქმედებისა, თითქოს მის მარჯვენას უცთომელი რამ ძალა ახელმძღვანელებდა. აზვირთებული მისი ნებისყოფა სხვა ახალ საღვაწოთაგან ისწრაფიდა მაშინვე: ეგონა გახალისებულს, რომ სხვა თვის სახელმწიფო განზრახვებსაც მსწრაფლ შეასრულებდა. გაიარა რამდენმამე დღემ და დასცხრა მისი ნებისყოფა, დაეშვა მისი მკვეთრი მისწრაფება მოქმედებისადმი. იგრძნო, რომ შეუძლებელი იქნებოდა მისთვის ყველაფრის ერთბაშად კეთება და დასრულება. - დრო უნდა, ჩემო ხელმწიფევ, ყველაფერს. აუჩქარებელის, გარნა შეუყენებელის ნაბიჯითა ჰხამს სვლა მიზანთა განსასახებლად. საჭიროა, შესრულებული დიდ საქმის შემდეგ დასვენება, მცირედ ჟამს მაინც ახალ კვალზედ რონინი: ნებისყოფამ უნდა შეავსოს დახარჯული ძალა თვისი, მისწრაფების იმ ნაკადმა, რომელი აწარმოებს საერთო თუ სახელმწიფო ძნელ განგებლობას. - ალბად ეგრეა! გული აღარ მიმწევს არტანუჯისკენ. იქ ზრუნვა მიმელის საფიქრებელი; იქ ისახება და იზრდება ჩემი ჰაზრი მნიშვნელოვანი: საქართველოს უნდა ჰქონდეს მეორე სატახტო ციხექალაქი ზედ ბიზანტიისა და სახალიფოს სამზღვრებზედ, რომ ადვილად მისწვდეს ორსავე სამფლობელოს, თვალი ადევნოს მათ მოძრაობას. -.მაშ რას ინებებ ეხლა, ბატონო მეფე? იქნება, ამჯობინო, ნადიმი დაიდვა აქვე და განცხრომით განისვენო რამდენიმე დღე. ნახოს მტერმა: ქართველთათვის ზეიმიც ისევე ბუნებრივია, ზედშეწყობილი, როგორც ბრძოლა მედგარი, გრიგალივით მკვირცხლად მოქმედება. - შრომის შემდეგ ჰშვენის ზეიმი. მაგრამ არა ჰხამს ძლეული მტრის მეტად დამცირება. მებრძოლი ფერხთქვეშ არის დღეს განრთხმული და ჩვენი ვალია დიდსულოვნად მოვეპყროთ იმას. უნდა შევუსუმბუქოდ ტვირთი დამდაბლებისა. დიდძალი ტყვეა ჩვენს ხელთ, ბევრი წარჩინებული და არ ეგების ზეაღვავლინოთ ხმა მხიარული, როცა ისინი სისხლის ცრემლითა სტირიან. თანაგრძნობით მივუსამძიმროთ ძნელი დღე. ჩვენც ბევრი გვყავს დაღუპული. - ეგრე ემჯობინება? - მეფე მაინც ბრძანებს, განცხრომა შეგვშვენის და ნადიმი გარდავიხადოთ. - დავიდვათ ნადიმი შესაბამი, მაგრამ სხვაგან. მემკვიდრე წამოსულა აფხაზეთიდან. დიდის პატივით გამოუსტუმრებიათ, დიდკაცთა თანხლებით. წავიდეთ, შევხვდეთ; იქ განვიხაროთ. - მშვენიერი დაწყებილება! - იქიდან წავალ ხერთვისს. ვინახულებ ბიზანტიელ ელჩებს. გულხმიერად კი დაჰხვდი დესპანებს, ვეზირო: ფრიად გამოცდილნი არიან ბერძენნი, გულჩახვეულნი. - რომ მაჯობონ, ჩემი თავი შემძულდება. - როდის ინებებ წაბრძანებას, განკარგულება მოვახდინო, დავსძრა ლაშქარი? დაფიქრდა მეფე. მდუმარებდა. კრიალოსანი შეუჩერდა ხელში. აღარ მარცვლიდა ქარვას. გაჩუმდნენ კარისკაცნი, რომ არ შეეყენებინათ მის ფიქრთა დენა. გადისო აშოტმა შუბლზედ ხელი და ბრძანა: - აჰყარეთ ჯარი. ერთი რაზმი, ცოტა, მაგრამ საუკეთესო დავლით და ტყვეებით გაისტუმრეთ მემკვიდრის შესაგებებლად. დანარჩენი ყოველივე ხერთვისსავე გაგზავნეთ სასახლეში. ზედმეტი ლაშქარი გაანთავისუფლეთ! მიხედონ თავიანთ ოჯახს და სახლ-კარს. - შენა ბატონო? - მე იმ გზით გავემართები, რომლით წამოველი. მშვენიერი სანადიროები ყოფილა იქით. მაშინ არ მეცალა, ეხლა შევიჯერებ გულს. მემკვიდრეც შემეყრება გზაზედ. ერთად წამოვალთ სასახლისაკენ. - ნუ ინებებ მცირე ამალით წაბრძანებას, ხიფათი არ შეგემთხვეთ; მტერს ძლეულს მაინც არ სძინავს. - მართალს ამბობ! სიფრთხილეს თავი არა სტკივა. თუმცა არც ძალიან საშიშია: შეძრწუნებული მტერი გვიანღა მოიკრებს უნარს მოქმედებისას. დაასკვნა მეფემ დაბრუნება წინანდელი გზით, მცირე ამალით. ამ გზის არჩევის მიზეზი ის არ იყო, რომელიც იმან დაასახელა: ნადირთა მუსრვა აღარ ეხალისებოდა კაცთა მუსვრით დაღლილ მის მარჯვენას. აფხაზეთით მომავალ შვილის და აფხაზთა დესპანის გზაზედ შეხვედრა შეუფერებელი იყო მისთვის: მეფე არ მისწურავდა გზას იქამდინ, რომ შეჰგებებოდა მომავალს, თუნდაც შემთხვევით. ბოლო ადგილი მისის წინსვლისა სოფელი ქვაყრილი იყო ერუშეთში, სად ერთხელ ომად მომავალმა დაისვენა პაატას სახლში, იქ დაბმულიყო ვაჟკაცის გული, შუქურის სარტყლით დაბორკილიყო. ეს ჰაზრი მაშინ მოუვიდა აშოტს, როდესაც ძვირფასი ფარღული ასწია მაღლა და მზის შუქზედ გახედა მარგალიტებს. სამკაულით დამშვენებული შუქურის გულ-მკერდი ცხადად წარმოუდგა მას, ძლიერ მკაფიოდ. ერთს ხანს გოჰარი ისე უძრავად შერჩა მას ხელში. სულით გატაცებული იქმნა იგი შუქურისას, მისი გონების თვალი ხარბად დაჰმზერდა მოკრთალებით ამოკვეთილ საყელოს ქალის ტალავარისას საიდან ოდნავ მზეობდა სპეტაკი მკერდი კდემამოსილი. ადრე ვაჟკაცის თვალი წამს შეჩერდა ამოჭრილი გულისპირის კუწუბებზედ. შეუძლებელი იყო მეტის ხნით შეყენება ხედვის ისრისა: ქმარი გვერდს ეჯდა ქალს, საშიში იყო შეენიშნა სხვის თვალი მსურველი თვისი მეუღლის თუნდ საყელოზედ, ქალმა მაინც იგრძნო აშოტის თვალთაგან ნაკვესთა კრთობა და უნებლიეთ ხელი შეახო გულის ქინძისთავს, რომ გაემაგრებინა ის, თუ მეტად მოჰფენოდა კაბის საყელო. ეხლა აშოტმა ის ხელიც ცხადად დაინახა, სპეტაკ ხორცსხმული პაწაწა ხელი, შაქრისაგან ნაქანდაკები მოგრძო თითები. წამიერი იყო ეს ჩვენება, მაგრამ ისეთი ძლიერი, რომ მიჰხარა მისკენ ნებისყოფა ბუმბერაზისა. დაასკვნა მეფემ მსწრაფლ შესდგომოდა შუქურის გზასა. - რას იტყვი, ვეზირო, მეფემ თუ ფეხი დასდგა რომელსამე ოჯახში და მიიღო იქ პატივი შესაფერი, ხომ შეჰშვენის სიკეთით აღნიშნოს შემთხვევა? - ოღონდაც რომ შეჰშვენის! აუცილებელიც არის ეგ, ბატონო მეფევ. - აუცილებელია! მოგეხსენება, რა ძვირფასად აღინიშნა ის ადგილი, სად ღმერთი ეჩვენა მოსეს. მეფეც ღვთის სახეა ქვეყანაზედ. კარგად აღარ მახსოვს თითონ სიტყვები, ხუცესს ეხსომება: - ”და იხილეს, სადა იგი იდგა უფალი ღმერთი. და ქვეშე ფერხთა მისთა, ვითარცა ქმნილი მდნარისა ქვისაგან საპფირონისა და ხილვა მისი, ვით სამყაროსი ცისა წმიდისა”. - კარგად მომაგონე, მამაო! მიამა სიტყვა. - გამოცდილი კაცი ხარ, ჩაკვირვებული და ესეც მითხარ, რადა ხდება: დიდ განსაცდელში გონების თვალთ წინ ელვისა გვარად გამოკრთებიან სურათები გარდავლილ ცხოვრებიდან, ბევრჯერ ისეთები, რომლებსაც არავითარი კავშირი არა აქვთ განსაცდელთან? - ნამდვილად შეგინიშნავს! ვყოფილვარ განწირულებაში და საბედისწერო წამს გარდამშლია თვალთ შემთხვევები წარსულიდგან, საამო ჩვენებებიც. არ ვიცი, რად, მხოლოდ დავსძენ: ის ძვირფასი სურათები უძვირფასესნი შექმნილან ჩემთვის. - მისთვის მომწონხარ, რომ შენსა სიტყვაში ბევრჯერ ვკითხულობ განცდას ჩემის სულისას.




35 გულწრფელმა შექებამ სასიამოდ გააღიმა ვეზირი და მადლობის ნიშნად თავი დაახრევინა მეფის წინაშე. ხმა კი აღარ ამოიღო, სმენად გარდაიქცა და მოლოდინად: მიჰხვდა გამოცდილი კარისკაცი, რომლის სიბრძნე ცბიერობის დაღმართისაკენ იყო დახრილი, რომ მეფის გულს საიდუმლო რამ განცდა აღელვებდა, მის გონების თვალს განსაკუთრებითი სურათი აღმართოდა წინ, მის სულში ახალ გრძნობას გაევლო და ღრმა კვალი დაემჩნია; ეს იდუმალი განცდა ავსებდა აწ მეფეს და მზა იყო განსახიერებულიყო თქმაში თუ ქმნაში. ელოდდა ვეზირი, განეგრძო მეფეს თვისი საუბარი, შეჰხებოდა უჩინარ საგანს თვისის ჰაზრისას; ამაოდ ელოდდა! არ გაუმართლდა ლოდინი. აღარა სთქვა აშოტმა საგანზედ სიტყვა, თავი შეიკავა, გაჩუმდა. გატაცებულ თვალებში მაინც ეტყობოდა, რომ სურათს შეჰსტრფოდა ოცნებაში დასახულს, ხოლო ულვაშქვეშ კმაყოფილების ნელი ღიმილი ჰმოწმობდა, რომ იგი სახება საამო იყო მისთვის, მსალბუნებელი. თვის მეხსიერებაში მეფე იმეორებდა ცხად ხილვას უცნაურს. შენივთებულ ომის დროს აშოტს საფრთხე შეემთხვა: ბუმბერაზ მოწინააღმდეგისაგან მოქნეული გურზი მიშველებულ ფარს მოჰხვდა ზევით ქიმში, დახარა ფარი, ეცა ჯინჯილს მუზარადის თავზედ და გადასწივ-გადახარა ჩაბალახი. მომხდომმა კვლავ შეიმაღლა იარაღი და უსათუოდ გაუპობდა დაუფარავ თავს, თუ აშოტის ხმალს ელვისებურს არ შეეჭრა მისთვის თითები. იმ საშინელ განსაცდელის წამს, რომელმა გადიქროლა აშოტის თავზედ, მას ხორცსხმულად მოელანდა შუქური; ქალმა გააპყრო მკლავები აშოტისაკენ, რომ მძლავრად დაშვებულ ლახტს ჯერ ის გაენადგურებინა. განცვიფრდა მაშინ ვაჟკაცი; იგი განცვიფრება მერეც იმავ ძალით მეორდებოდა, როცა წარმოიდგენდა იმ საშინელ წამს განწირულებისას. - ბევრჯერ მწვევია განსაცდელი. ვიცი, ამისთანა შემთხვევებში საკვირველის სისწრაფით გაიელვებენ გონებაში წარსული ამბები თუ სურათები. მაგრამ ეს ჩვენება სრულებით არა ჰგვანდა მათ. თითქმის უცნობი ქალის გამოცხადება, მის შეძრწუნება, ჩემ სახსნელად თავის დადება, ეს სულ სხვა რამ არის უცნაური. ნუთუ შუქურის სული თანა მდევს მე და მზად არის მეფაროს ძნელ შემთხვევაში?! - შუქურის სული, ხორციელადც თითონ შუქური? - როგორ?! - ესე: არის ხორცი თავთავადი; ხორცი მშვენიერი, მძიმე, შავ ნივთ ნაჭარბი, დაშლად მიხდილი; იგი ვერა სდევს მისგან პყრობილ სულს აღმაფრენაში. ცოდვაა სული უხრწნელი ხრწნად გვამში მდგომი. არის ხორცი სულიერი, მსუბუქი, მჭვირვალ ნივთთაგან სპეტაკად თხზილი, მარადისობის გზაზედ შემდგარი. ხორცი იგი თანასდევს სულს მის მიმოსვლაში. ტანი იგი სულიერი და სული უნივთო თანაზიარ არიან ერთმანეთისა ყოველს ჟამს, ყოველ საქმეში. მათ თანასვლას ვერ აბრკოლებს მანძილი დიდი, ვერ აყენებს ზღუდე მაგარი. - იმ ცხოვრებაში? - ამ ცხოვრებაშიც! ჯერ იშვიათად. უნდა ემსგავსოს ღმერთის შვილი ხორცითაც უფალს... - როგორ განცვიფრებით მიმზერდა შუქია მაშინ, როცა სტუმრად ვიყავი მათთან! თაყვანებით... წავალ! წავესწრაფები, ვუამბობ ყველაფერს; სულით დავისვენებ იმ სახიერთან, - ფიქრობდა მეფე. ვეზირს ხმა გაეკმინდა. კვლავ მოლოდინით შეჰყურებდა თავის ბატონსა. დარწმუნებული იყო, ის თვის იდუმალ ფიქრს განცხადებულ სიტყვებში ჩამოჰქნიდა, უნებლიეთ გაუზიარებდა თავის ხვაშიადს. ისე ცხადად ჰქონდა მეფეს სურათები ახატული გონების თვალწინ, რომ სწორედ ესე მოიქცეოდა თვის შეუმჩნევლად, თუ არ შეენიშნა ვეზირის თვალებში ცნობისმოყვარეობა ცბიერი. მეფემ თვალი მოჰკრა ამ გამომეტყველებას და თავს მოეგო, დახშა უცხოსგან თვის ფიქრთა კარი, სულაც ჩაკეტა. იგრძნო გამოცდილმა კარისკაცმა, რომ იმედი გაუცრუვდა ამჟამად. მიჰმართა: - წაბრძანდი, ბატონო! შრომის შემდეგ შეგშვენის საკუთარ სურვილით შეალერსება. თავს გაითავისწინებ, სულს დაიწყნარებ, ახალ გეგმას შესთხზი ხალხთ სასიკეთოდ, შენს სადიდებლად. დავაბინავებთ ლაშქარს, ნადავლის ნაწილს ჩამოვურიგებთ დაზარალებულთ, უმწეოდ შთენილთ; მოვაწყობთ ყველაფერს, ვით ეს შეჰშვენის გამარჯვებული აშოტის სახელს. მერმე მობრძანდი სრა-სასახლეში, მეფევ ბრწყინვალე, შენის მემკვიდრით. სდუმდა მეფე: ოცნებათა არეშივე დანავარდობდა. - შენ მობრძანებამდინ ვეცდები შევიტყო ნამდვილი ჰაზრი ბიზანტიის საკეისროსი და ის განზრახვა, რომელი ახელმძღვანელებს მას ჩვენთან ურთიერთობის წარმოებაში. - იწვრილე გაიგე! ბიზანტიის ტახტი ყოველთვის ბევრსა გვპირდება. ცოტას გვისრულებს. თავდაჭერით მოებყარით, გარნა ზრდილობით. ვიცი მაგათი განზრახვა; ჰსურთ გაძლიერდეს ჩვენი სახელმწიფო. მხოლოდ იმ პირობით, რომ მარად ვებრძოდეთ აგარიანთ. აწ ისლამი ებრძვის აქ საქრისტიანოს, მაგრამ ამ ბრძოლას უფრო ღრმადა აქვს ფესვები გამდგარი. - გვიბრძანე, ბატონო მეფევ! - წინააზიას უნდა ებყრას თვის ძლევამოსილ ხელში ზღვათა ნაპირები, იმ ზღვათა კლდეები, რომელნი გარს არტყიან დიდ საბერძნეთსაც. ეს სანაპიროები ცხოვრების კარია აზიელთათვის: ეს კიდეები სიმდიდრის ბჭეა ბიზანტიისთვის. ამ ადგილთათვის ებრძოდა მრავალ წელს სპარსეთი ათინას, ალექსანდრე დიდი - დარიოზ ბრწყინვალეს, ძლიერი რომი - პონტს თუ სხვა ყველა სახელმწიფოს დასავლეთ აზიაში. ამავე საგნისთვის ებრძვის აწ განახლებული სარკინოზი მიყანდებულ ბიზანტიას. ეს ბრძოლა იქნება დაუსრულებელი, სანამ რომელიმე მებრძოლთაგანი არ დაეუფლება ამ უშრეტ წყაროს ცხოვრებისას, მტკიცედ, მკვიდრად, საბოლოვოდ. - რით არიან ეგ ადგილები ეგრე ძვირფასი და სანუკვარნი? - თვისი ულეველ სიმდიდრით; როგორც მარჯვე გზები სოვდაგრობისათვისაც. - მესმის! - საქართველო, შენი სამფლობელო? - ესეც ხომ მდიდარია, ღვთისგან ნაკურთხი, ედემის კუთხე. სასოვდაგრო გზაც გადმოდის ჩვენს ქვეყანაზედ საუკეთესო და მიემართება სკვითეთისაკენ, ჩინ-მაჩინისკენ, ირან-თურანისკენ, ინდოეთისკენ. ჩვენი ერთობა ბიზანტიასთან ამისთვის ავსებს ჯავრით აგარიანებს. თუ დავეზავებოდით სარკინოზს და ხმალს მივმართავდით ბიზანტიისკენ, მყის მეგობრობად შეიცვლებოდა ეს დიდი მტრობა. არის ამისი ნიშნები. - როგორ შეიძლება მართლმორწმუნე ერმა მხარი არ დაუჭიროს ბიზანტიას და მიემხროს ვინმე უსჯულოს?! - სხვა სჯულს, არა უსჯულოს!.. არ შეიძლება, მართალი ხარ... აკი იძულებულნი ვართ განუწყვეტლივ ვებრძოლოთ მტერს უზომოდ ძლიერს... ბიზანტიას არ შეუძლიან შემუსროს ძალა სარკინოზთა. - მეგობრობის ნიშნებიო აგარიანთა მხრივ, ჰბრძანე შენ. - დესპანი მოგვივა ემირისაგან, საკვირველ წინადადებას მოგვცემს, - სთქვა მეფემ. და ანიშნა, რომ ჰსურდა განმარტოებით ყოფნა. განშორდნენ. ვეზირი გაკვირვებული გამოვიდა მეფის კარავიდან. აშოტის ჰაზრთა ახალმა სახემ განაცვიფრა ის. - ნუთუ მეფეს სხვა ვინმე ჰყავს უკეთესი მესაიდუმლოვე, მარჯვე მთხრობელი, რომელმა შესძლო მასზე ადრე გაეგო. რა ხდება თვით სახელმწიფოში თუ მის გარეშე და კიდეც შეატყობინა მეფეს? მე კი, გამოცდილმა ვეზირმა, ალღოც ვერ ავუღე მას. - ერიჰა! დავბერდი, დავკარგე ფიქრთა სიფხიზლე, მომიცვდა ფხა გონებისა... რას აკეთებენ ჩემ მიერ ემირის კარს მიჩნეულნი, რომ არ შემატყობინეს, რა ხდება იქ, რა განზრახვებს ევლებიან იქ თავს, - წყრებოდა ვეზირი თავის თავად. და ვერ გაეკვლია სიმართლე. მართალი კი ის იყო, რომ ემირმა კერძოდ მოაწოდა უსტარი აშოტს, საიდუმლოდ. ამცნობდა მეფეს, - ელჩებს გაახლებო; სთხოვდა კეთილად შეეწყნარებინა იგინი, გულდინჯად მოესმინა დანაბარები. 36 - დახე, ქალო, პური კიდევ დაჯდა: ნამდვილ გვეწვევა ვინმე. - მობრძანდეს! სტუმარი ღვთისაა. მეც დილიდანვე მომავალს მეუბნება, თვალი მითამაშებს. - ნეტა ვინ უნდა იყოს მომავალი? - ვინ იცის! სასიამოვნო კი იქმნება, კარგი ამბის მომტანი: ესე მაქვს დაცდილი მარჯვენა თვალის თამაში. - ეჰ, ჩემო კარგო, მე კი ვეღარავის გავუმასპინძლდები ჩემებურად: ავადმყოფობამ დამაძაბუნა, უყავარჯენოდ ვეღარ დავდივარ. - მართალს ამბობ! რაც ავადა ხარ, სახლს აღარ უხარიან რა. ჩვენ ჭერქვეშ ღიმილს ბინა მოეშალა, სიმძიმილმა დაისადგურა. მაგრამ ნუ ინაღვლებ, ისევა ვნახავთ კეთილ დღეებს. ექიმმა მითხრა, ავადმყოფობა ვერ მოერევა, როგორც მტერიც ვერა სძლევდაო. - ნეტავი ეგრე მოხდეს, საყვარელო! მეც ხანდახან იმედით შევყურებ მომავალს, როცა მეტ შაღავათსა ვგრძნობ. ჭრილობა უფრო საშიში გამოდგა, სინამ ექიმს ეგონა. - საშიში არაფერია, მაგრამ ძალიან ნელ-ნელა რჩება: შესაფერი წამალი ვერ მოუძებნეს. - მაინც ეგრეა, ჩემო ყველავ! წამალი კი, ვინ იცის, რა ადვილია და უებარი, ოღონდ კაცს შეეძლოს მიაგნოს. გამიგონია: ხელმწიფეს მემკვიდრე ავად გაუხდა, დღითი-დღე დნებოდა. მოიღალნენ ექიმები მთელის ქვეყნისა. გარდაიცვალა. გასჭრეს. ძვალი უპოვნეს კუჭს გამოზრდილი. ხელმწიფემ ის ძვალი დანის ტარში დაატანებინა. არ იშორებდა. მოხდა, დანა ტარით დასდვა ბოლოკის ნაჭერზედ. დადნა ძვალი. - ვაჰ, საყვარელო!- შემოიკრა მეფემ, - უებარი წამალი აქვე ყოფილა, მე კი მთელი ქვეყანა ამაოდ შევსძარ! - ახ, ნეტა გულთმისანი ვიყო! გავიგებდი, რა გარგებდა და უთუოდ ვიშოვნიდი. სიცოცხლეს გავსწირავდი, მაინც ვიპოვნიდი. - ჩემო ლამაზო! თუ შენ სიცოცხლეს შესწირავდი, სიმრთელე ჩემთვის ჩალადღა ეღირებოდა, - უთხრა ქმარმა. და მაჯა დაუკოცნა, გულში ჩაიკრა ხელი პაწაწა. - მაინც დარწმუნებული ვარ, განგება შეისმენს ჩემს ვედრებას, არ გასწირავს შენს სიჭაბუკეს და მასთან ერთად ჩემსაც სიცოცხლეს. იცი, პატიკო, ძალიან ვლოცულობ, ყოველთვის ვეხვეწები ღვთისმშობელს, მალე გილხინოს. ვიცი, შემისმენს შემიბრალებს, - სთქვა ქალმა. და თვალებზედ ცრემლი წამოადგა, მადლით აღსავსე თვალებზედ. გაჩუმდა ცოლ-ქმარი, ფიქრმა წაიღო. სევდამ შავი ზეწარი გადააფარა მათ ყოფას, გული ჩაუბნელა ჯერ სიცოცხლით გაუმაძღარი. - იცი, პატიკო, გამიგონია, ინდოეთში იციან, ქმარი რომ გარდაიცვლება და დასწვავენ, ცოლსაც იმავე კოცონზედ დაფერფლავენო. კარგია! რაღა სასიცოცხლოა ღვთის ანაბარად მიტოვებული ქალი ვაჟკაცის შემდეგ?! - ნუ იტყვი, ჩემო კეთილო! მიწა გრილია. ნელ-ნელა გაგრილდება გულიც მგლოვრისა. წარსულს თან არავინ გაჰყოლია. ან რა საჭიროა?!.. მეც დამივიწყებენ: მეფეც, ჩემი კარგი ამხანაგებიც. ჩემი ხმალი სხვის ხელში აელვარდება. იქნება, შენც დამივიწყო, სიხარულო ჩემო, იქნება... შესწყვიტა სიტყვა. გული ყელში მოებჯინა იმისთვის საშინელ სურათის ხილვით, რომ მისი ცოლი, საყვარელი შუქური, შეიძლებოდა სხვას აჰხვეოდა, მკვიდრ მისაყრდნობელს, რომ ყვავილებად გარდაშლილიყო მასზედ და დაეტკბო იგი სხვა, დაემშვიდებინა. - უწინამც დღე დაელიოს შენს შუქურს! სთქვა ქალმა გულწრფელად და გაჰკვირდა თითონვე, რომ ვერაგმა გონებამ თვალთწინ დაუხატა ბუმბერაზი აშოტი, ის წუთი, როდესაც საომრად მიმავალმა მეფემ ერთს წამს თვალი შეაჩერა მასზედ, განცვიფრებული თვალი, დიადი განცდის მსახველ-მხატველი. რომ დაეთრგუნა იგი მაცდური ჩვენება, რომელი თითქო შეურაცხებას აყენებდა მის ქმარს, მის გვირგვინს ნაკურთხს, მიუახლოვდა ვაჟკაცს და მორცხვად აკოცა ჩაფითრებულ ტუჩებში. პაატამ მკლავი მოხვია მეუღლეს, მიიზიდა. მალე უშვა ხელი: ფეხის ხმა მოესმა ეზოდან და ზახილი. - აკი გითხარ, გენაცვალე, მომავალს მეუბნება, სტუმარი გვეწვევა-მეთქი. ნეტა ვის არიან? - სტუმარი კი არა, ქალო, თითონ მეფე ბრძანდება, ბატონი აშოტი, - დაიძახა პაატამ. და წამოდგა, გაემართა შესაგებებლად, ქალმაც რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მოსულებისკენ. მოიკითხეს ერთმანეთი. გაიხარეს ერთურთის ნახვით. თვალმარგალიტი ჩამოაბნიეს ლამაზი თქმისა, ღიმილ-სიცილისა. გაუმასპინძლდნენ ნამგზავრ რაინდებს, დააპურეს, მოუსვენეს. მეფე მეორე დღესაც იქ დარჩა საღამომდინ. მოსთხოვა მოლარეს, მიერთმია მასპინძელთათვის გადადებული საჩუქრები. - ეს შენ, პაატა! ძვირფასად არის მოოჭვილი, პირი მაინც სჯობია შემკულობას: ბასრია, დალოცვილი ოსტატისაგან ნაჭედი. შეგშვენის მებრძოლს! - გმადლობ, ბატონო მეფევ, წყალობისათვის. ვიყავ მებრძოლი. აჩრდილიღა ვარ სიკვდილმილეული. ვაი თუ ვეღარ დავამშვენო ეს იარაღი, ვეღარ შევღებო ფხაასხმული შენის მტრის სისხლით... მეფემ გაიგონა პაატას თქმა, ჰხედავდა, მართალი იყო ის, წინადგრძნობა არ ატყუებდა, მაგრამ თავი შეიკავა, ნუგეში არა სცა სიტყვით. ან როგორ უნდა ენუგეშებინა უსასოქმნილი?! ჰხედავდა მისი გამოცდილი თვალი, უკურნებელი სენი შესდგომოდა ვაჟკაცს და ჰფქვავდა მას ნელ-ნელა, თანისთანობით. აშოტის თვალმა კიდეც განსჭვრიტა აუცილებელი ბოლო პაატას ავადობისა: იხილა იგი უსულოდ მდებარე. შეებრალა უდროვოდ ხელდაკრებილი რაინდი თავდადებული. მეფის გონების თვალთწინ ბევრი ხანი არ დაჰყო გვამმა უსულომ, მიეფარა. გამოჩნდა შავადმოსილი შუქური. თმაგაშლილი დასტიროდა თავის მეუღლეს. რა კარგი იყო თვით სასოწარკვეთილებაში! ღაწვნი დაეხოკნა, სისხლის ღარნი ეხშირებინა შეუბრალებელს. ხშირი დალალნი ხუჭუჭ სხივებად მოჰფენოდნენ შენამულ სახეს. გადაგდებული ყელი ნათელთა სვეტად მოსჩანდა ძაძის ჩარჩოში, შენივთებულ სხივთა რამ ღეროდ. მიუახლოვდა ცხედარს სევდით აღსავსე, დაეწება მარჯნის ტუჩ-ბაგით მის გაყინულ შუბლს. - მოაშორეთ! ზედ არ დააკლათ ნორჩი სიცოცხლე ყვავილოვანი! - ნუ, გენაცვა, ნუ მოიკლავ თავს! დამშვიდდი, დაჰმორჩილდი განგების ნებას; ნუ დასტანჯავ ბედშავის სულს დიდ მწუხარებით. როგორ შეანათა ამ თქმაზედ დიდრონნი თვალნი, ცრემლთ საგუბარნი! მხოლოდ ნეტარს შეეძლო კოცნით შეეშრო იგი თვალებიმხურვალე კოცნით გახშირებულით. მეფე ისე გაიტაცა ამ სახილველმა, რომ ერთს ხანს დაჰკარგა მან შეგნება სინამდვილისა. თვალგაშტერებით გაჰყურებდა სივრცეს ნაღვლიან-დაფიქრებული. პაატამ იდუმალ ანიშნა ეს შუქურს. მეფის სახემ კაეშნით მოსილმა სიამე აღძრა ავადმყოფის გულში: დარწმუნებული იყო, რომ აშოტს მისმა ავადობამ აუშალა სევდა-ნაღველი. გულს ეფონა: თანაგრძნობა ძვირფასი ზღვენია ყველასათვის, მეტადრე დიდებულის თანაგრძნობა გულგაღებული. შუქურსაც გაეხარდა, რომ მისი ვარამი საკუთარ დარდად დაესახნა ბუმბერაზ აშოტს. მადლობის თვალი მიაბყრა სტუმარს, აღტაცებული. 37 წავიდა მეფე, თან გაჰყვა მასპინძლების თვალი და გული. პაატას იმედი ჩაუსახა მეფის აღთქმამ. - სწრაფლ აღასრულებს თავის დანაპირს. დაყოვნება არ უყვარს, აღარც ყოყმანი, როცა გარკვეულ აზრს ადგია. გადავლენ იქ, არტანუჯში, მეფის ციხე-დარბაზის სიახლოვეს იცხოვრებენ უზრუნველყოფილნი. პაატა მეფის მოყმეთაგანი იქნება, მისი თანამხლებელი ყოველსა ჟამსა, შვებისა თუ იწროების დროს, ჭირში თუ ლხინში. გაიზიარებს ბრძანებელის ყოველ გულისთქმას, სამშობლოსაკენ მიმართულ მის ფიქრებს კეთილს. მეფის მარჯვენა შეიქმნება იგი მარჯვედ მოქმედი. ერთხელ იხსნა ცხებული განსაცდელისაგან, კვლავ შესწირავს თავს მის სასიკეთოდ. ესე შეშვენის რაინდს უმწიკვლოს. ისევ კარგად შეიქმნება პაატა და ძალიან მალეც: მეფის კარს განთქმული ექიმები არ დაილევიან; ბატონი უბრძანებს მათ, ზედ შეალიონ თავისი ცოდნა მისთვის თავგანწირულს. ლამაზმა ფიქრებმა თავი წაართვეს ვაჟკაცს, გაიტაცეს. უღიმოდა იგი თავის ოცნებას უკვე ხორცშესხმულს; სიამის შუქი პირს დაჰფენოდა, ჩაქარვებულ სახეზედ იმედის ყვავილი გადაჰფურჩქნოდა თვალგაბრწყინებულს. დუმილით გაჰმზერდა აშოტის სავალს, განგების კვერთხით ქართვლის ბედზედ გავლებულ მის გზას. სტუმრის გზას გაჰყურებდა შუქურიც, მასზედ ფიქრობდა. აშოტის თქმაში თუ მზერაში ამოეკითხნა ქალს თბილი გრძნობა, რომელი გადასცილებოდა სახიერებით ნაკვესს თანაგრძნობას და შაეღო ბჭე ფარულ ნდომისა. მის მზერაში გამოსჭვივოდა მზის სხივთ მილტოლვა ყვავილისადმი გადაშლილისა. ამას ალღოთი ატყობდა ქალი; მოქმედებაში არ დასახულიყო ესეთი სწრაფვა. ეს საიდუმლო განცდა თავისის სიდიადით თუ საოცრობით არხევ-არყევდა ქალის გულს და აღელვებდა ხან საიმედოდ, ხან საზარელად: - ნუთუ მეფემ შეჰხედა შუქურს სურვილის თვალით?! ნუთუ გული უთქმიდა მას მისთვის, მხევლისათვის თვისისა?! ვაი თუ მართლა გულს ისრად დაესვა მეფეს მისი სიკეთე დიაცური და მაშინ. დასწვავს სურვილი ქვეყნის მპყრობელისა მას, საწყალობელს. - მზის შვილია მეფე. როგორ გაუძლებს მის სხივთ სიცხოვლეს სუსტი ბილილა, თუ მისკენ მიაქცევს იგი თავის მცხინვარებას?! - დამწვავს მზეჭაბუკი, დამფერფლავს, ნავლად გარდამქმნის და... ტერფით დამქელავენ; ქარი წამიღებს, მტვრად მიმომაბნევს. მე კი... მე მსურს ჩემი ცხოვრება პატივით ვატარო, უმწიკვლოდ მივიტანო ჩემი ქალობა კუბოს კარამდინ... რითი შევებრძოლო ნებას უმძლეველს ან როგორ?! და დავიდები საკიცხავად ქვეყნისა, დაგმობილ იქნების კაცთაგან ხსენება ჩემი... ნუ, ნუ იყოფინ ესრეთ! მიხსენ, უბიწოვო, ვნებათაგან აღტკინიბულთა, ისართაგან მაცდუნებელთა; განმარინე მხევალი შენი განსაცდელისაგან საშინელისა, სახმილისაგან... - ახ, რა ნათელია იგი სახმილი ტკბილ-მწვავი! დამწველი, ვით ცეცხლი უფლისა მისდა შეწირულთათვის; ტკბილი, ვით ღვთაების ნათელი უჩრდილო მისგან შეწყნარებულთათვის. გრძნობდა შუქური გულის სიღრმეში, რომ იგი სახმილი ვნებათა, მისგან ბუმბერაზის არსებაში აღგზნებული, არც თუ სარიდო იყო მისთვის; იქნება მის მწველ ალში ენახნა მას შუქი თვის ნეტარებისა. გული უღიმოდა, როცა წარმოიდგენდა, რომ განთქმული მეფე დიდებული აფასებდა მას, ქალს ლამაზს, სანდომ-საალერსოდ. ხომ დაჰნატროდა შუქური დედოფალს, თანამეცხედრეს რჩეულის ვაჟკაცისა; აწ შესაძლოდა სჩანდა, თითონ შექმნილიყო დედოფალი რჩეული იმ ვაჟკაცისა, მის გულისვარდი საიშვიათო. - მოხდება, დიდი მბრძანებელი მოიხიბლება უბრალო მხევლისაგან. სიტურფე დაიმონებს ლომგულ ყარამანს. უწინ თურმე ეშხით ბყრობილი ღმერთები ხორცს შეისხავდნენ და უკავშირდებოდნენ მშვენიერებას. სიტურფე ღვთაებურ ნიჭთაგანიაო უშლელი, ანარეკლი თვით სახიერის მეუფისა. ვაჰ, რომ ეშმა თვის ბადედა ხმარობსო მას ხანდისხან, მითხრა ერთხელ დედა თებრონიამ. ბევრის მცოდნეა თებრონია მეფეთა კარს ზრდილი, განათლებული, დიდის გრიგოლის თანამოღვაწე, მისი ცალი სულიერი, - სთქვა ქალმა და სარკეში ჩაიხედა: უნდოდა მოეალერსებინა თავის შუქმფენ სახისათვის. ბოლო დროს სიმშვენიერე თანდისთან ემატებოდა შუქიას, თვალთა ნათელიც უფრო ეგზნებოდა. ახალ ქალურ მეტყველებას იღებდა მისი სახე, ისევ ისეთს, როგორიც იყო ჯერეთ უფრჩქვნელი, ხელ-შეუხები. - იქნება ეს ჩემი სახე თანასდევს ქვეყნის მესვეურს, მოჭირნახულეს?! იქნებ სიამეს აგრძნობინებს ერის კეთილზედ მარად მზრუნველ მაღალ მონებას?! მაგრამ... - ჰო, მშვენიერო, შენი სახე განუყრელად თან ახლავს შენს მეფეს. იგი სახე გადუხსნის ვაჟკაცს ზრუნვით მოღრუბლულ შუბლს, მის თვალთ მიჰფენავს ნათელს მღიმარეს. მადლი შენ, ყვავილო მშვენიერო ჩვენის ქვეყნისა! - იგიც ხორციელია და ვერ შესძლებს დიდის ზრუნვით მარად დღე ტვირთვას, თუ ჟამითი-ჟამად გული არ გაუღიმებს მას, თვალი არ დაუტკბება ხილვით წალკოტში გაშლილ სიტურფისა, თუნდ სხვის სავარდეში: სიმშვენიერე ჰნათობს მზესავით და ყველას აქვს უფლება ეთაყვანოს მას. - შორეულსაც? - ძალიან შორეულსაც! - და მხოლოდ ლოცვაი შორიდგან? თაყვანისცემა შორეულს? შუქური გართული იყო სარკეში მზერით. იგი ეალერსებოდა სიცოცხლით სავსე სახეს, მიჭვრიტიდან რომ გამოჰმზერდა მას მოღიმარე, უალერსებდა თავის სპეტაკ ლოყას ვარდით შეფერილს, მოსწონდა ტევრი დახრილ წამწამთა, თვალთა სხივს რომ გაეშუქიბინა მწვანე ციაგად გამოკრთომილსა; უალერსებდა თავის ლამაზ სახეს, გული რომ გაუნათა მეფეს თუნდ ერთს წამს, მზრუნველ ბუმბერაზს, მამულის დარაჯს. იცოდა ეხლა შუქურმა ეს, ალღოთი მიმხვდარიყო ამას, უხმო ხმას ჩაეწვეთებინა ეს მისთვის პატარა ყურში, მარგალიტის ნიჟარასავით სპეტაკ ყურებში. ძლიერ ფარულად ეთქვა ეს, ისე საიდუმლოდ, რომ არ გაეგონა სხვის აჩრდილსაც კი, არა ჰსმენოდა მის საყვარელ ქმარს, შავარდენ ჭაბუკს აწ ფრთამოტეხილს, მიმკრთალებულს, მიწისფრად ფერფლილს, დაშტერებით რომ უმზერს თავის მეუღლეს. არ იცოდა უბრყვილო შუქურმა, რომ იგი ხმა იდუმალი საყვირის ზახილივით ესმოდა პაატას, უხმო კივილი იგი ყურს უხევდა მას თავის სიმკაცრით, გულს უპობდა მას, ვით განმახვილი წვერი მომღერალის ჰოროლისა. პაატას სარკეში ამოეკითხნა ქალის გულისთქმა, როგორც რომ მისანს, - იმავ სარკეში, საიდანაც მოსჩანდა სახე შუქურისა, და შურით აღგზნებული გული მისი სევდის ნაპერწკლებს აკვესებდა მის თვალებიდან. ქალმა იგრძნო მწვავე ცეცხლი შურისა და მსწრაფლ დაუშვა სარკე. სინანულის ღიმილით მიუბრუნდა ქმარს. მიუახლოვდა, მიეალერსა. პაატამ უსიტყვოდ ჩააქრო თვის გულში ალი შურისა; შუბლზედ აკოცა მის მიხრწნილ ხელთ მყოფ სიტურფეს. მოულბა გული. შეეცოდა ქალი. შერცხვა თავის ეჭვიანობისა. - რას არ იფიქრებს ეჭვით აღსავსე გული კაცისა, რა ცოდვას არ ჩაიდენს! - გაიფიქრა სირცხვილეულმა. 38 შუქურზედ ფიქრი თან აედევნა მეფეს მიმავალს, შეიჭრა იგი მის ჰაზრთა სადენში, საამო საგნად შეექმნა მეფის გონებას. შუქურის სახეც თან აჰყვა აშოტს, გზა-გზა უღიმოდა კდემამოსილად. აღარც მოჰშორდა იგი ხატება მის გონების თვალს, სახელმწიფო ზრუნვათაგან შენაოჭებულს მის მაღალ შუბლსა, თან ახლდა მეფეს იგი სახე შვების დროსაც და მოქმედების ჟამსაც; მეჯლისშიც და საბჭოს დარბაზშიც. ბრძოლის დროს, ბუმბერაზულ შემართების წამს, ბევრჯერ ასციაგებია მას იგი სახე მოწვდილ ხმლის ელვარებაში. ყოველთვის გულს უამებდა ვაჟკაცს სათნო იგი ხატება მშვენიერი, სიმშვიდეს აგრძნობინებდა, სულით ასვენებდა ფრიად დამაშვრალს, უზომოდ ღელვილს. ძილად განმზადებულ აშოტს ბევრჯერ შეუნიშნავს იგი აჩრდილი თვის სასთუმალთან. შუქურის ეთეროვანი სურათი ჩადგა მეფისა და მის მეუღლის შუა. როცა დედოფლის თვალთაგან მშრალგულიანი მბრძანებელის ულმობელობა მცხინვარებდა, შუქურის თვალთაგან მსალბუნებელი სითბოთა სხივი გამოკრთებოდა და სათნოების ნაზ ნათელში ჰხვევდა ვაჟკაცის ყოფას, დამყუჩებელ სიამეს განაცდევინებდა. მეფე შეეჩვია საიდუმლოდ მასთან თანამავალ სახებას. ბევრჯერ განრისხებული მსწრაფლ დამშვიდდებოდა, მიაპყრობდა რა იმ ჩვენებას თვის გონების თვალს: განხორციელებულ სათნოების გვერდთ ჰქრებოდა სისასტიკის ალი აღტკინებული. ხელებს დაუკოცნიდნენ შუქურს ყველანი, ვისაც კი ასცდენოდა მეფის რისხვა იმ სანდომ ჩვენების ზედგავლენითა. ახ, არ იცოდნენ ეს საიდუმლო! უკვირდა მეფეს, რომ იგი ხატება ჟამთა მსვლელობაში კი არა ცრიატდებოდა, არც ბაცდებოდა, უფროც ცხად იქნებოდა, ყინჩდებოდა, მკაფიო მეტყველებას იღებდა... სამეფო ზრუნვები კი არ აგრილებდნენ მეფის გულში ამ ახალ გრძნობას, არცა სჩრდილავდნენ გონების თვალთწინ იმის არსებას, უფრო ამჟღავნებდნენ, აცხოველებდნენ: მეფე თავის ყველა საღვაწს იმ ქალის სახელით იწყობდა ეხლა და მის მოგონებით დაათავებდა. სამოქმედო კი აუარებელი ჰქონდა საქართველოს მაშენებელსა: სამზღვრების გაფართოვება და გამაგრება, ციხე-ქალაქების აგება და შეიარაღება; მეზობელ სახელმწიფოებთან თუ სამფლობელოებთან კავშირის გამტკიცება და საპატიო პირობათა დადება; ხალხის ცხოვრების აღვსებით დენა, აღყვავება, განვითარება. ამ მრავალსახე შრომისა და მოღვაწეობის დროს გვერდში უდგნენ მას მისნი ერთგულნი თანამშრომელნი; მასთან ერთად იღვწოდნენ იგინი თავგამოდებით. ხოლო უხილავად მარად თან ახლდა მას იდუმალი თვისი სიყვარული შუქური და განამხნევებდა ტვირთმძიმეს თავისი თბილი თანაგრძნობით. შუქური მარად აღტაცებული იყო მეფე რაინდის ქველობით და ამ მხურვალე თანაგრძნობას, აღფრთოვანებას იგი ჰხატავდა სიტყვით კი არა, ალერსით იდუმალით, მხოლოდ შეხედვით. უსამზღვრო ნდობა რომ იხატებოდა, იმ ჭვრეტით სახიერით. თითონ რაინდიც ცხებული სხვას რომ ბევრს არ ეტყოდა თავის საისტორიო მოქმედებებზედ, სხვებთან რომ განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიაქცევდა მათ, თითქო ის დაუვიწყარი საქმეები მხოლოდ უბრალო საკეთებელნი ყოფილიყვნენ ჩვეულებრივნი; შუქურს მოუთხრობდა დაწვრილებით, თვის გულს გადაუხსნიდა მას, დიდებულ გრძნობათა შესაკრებელს. იმასაც კი ამცნობდა ვაჟკაცი, როგორი შიში იბყრობდა რაინდს უშიშარს ზოგიერთი სახელმწიფო სამოღვაწეოს წინაშე, რომელი თავისი სიდიადით თუ სიძნელით თავზარსა სცემდა მას, სასოწარკვეთილების ბჭემდინ მისდრეკდა. იმასაც მოუთხრობდა ქალს, როგორი სიხარული გაშუქდებოდა მის კაჟივით გულში, როდესაც ეწეოდა თვის სურვილს დიდებულს, აღისრულებდა საწადელს საბედნიეროს. - შუქურო ჩემო! იცოდე, შენ ხარ ერთადერთი მისანდობელი ჩემი და ვის უნდა ვამცნო პირველი ჩემი მისწრაფებანი, თუ არა შენ?! შენს თვალებში ამოვიკითხავ მოწონებას, მაჯილდოვებელ ალერსს, მამხნევებელ წაქეზებას. იცი? შენის რიდით ვერ ვბრძანებ რამ სისასტიკეს, თუნდაც საჭიროს, მფლობელისათვის აუცილებელს, ვეკრძალვი შენს აჩრდილს ლმობიერს... - ახ, როგორ შევეთვისე შენს სურათს, ჩემს სულში ასახულს! ხალისსა ვკარგავ, უძლური ვხდები, როს მიეფარვის იგი ან მიმქრალდება გონების თვალთწინ, - ეტყოდა აშოტ ფიქრთა არეში სატრფოს იდუმალს. მაგრამ ფიქრი ვეღარ აკმაყოფილებდა ეხლა ვაჟკაცს, მხოლოდ ოცნებაში ხილვა სანდომ სახისა. ეს იგრძნო მეფემ, მწვავედ განიცადა, როდესაც მეორედ ნახა შუქური და დაჰშორდა. ძლიერ მოჰსურდა ხშირად ენახნა შუქური, მისი აჩრდილი კი არა უნივთო, თითონ ის სინამდვილეში. მისთვის იყო, რომ უბრძანა არტანუჯში მსწრაფლ აეგოთ სახლი პაატასათვის და მოეწყოთ ოჯახის საცხოვრებლად. - სიცოცხლე მიძღვნა თავის სიცოცხლის ღირეულობით და დია მმართებს ზრუნვა იმაზე. კიდეც აღუთქვი, მისას რომ ვიყავ. გამართე იგი, დააბინავე ქალაქში, რომ შესაძლო შეიქმნას მისი უკეთ წამლობა. ჩქარობს ექიმი: ვერა სწვდება სიშორის გამო და ეშინიან. - შენი მადლიანი მეხსიერება ვერ დაივიწყებს პაატას. არ ივიწყებს იგი სხვა თავდადებულებსაც. წყალობა უხვად ეფინება მათ ყველას. პაატას ბედი სწორედ რომ ბეწვზედა ჰკიდია. ავადმყოფობა შეუფერხებლივ ჰფქვავს ვაჟკაცს და სასწაულთმოქმედი იქნება ჩვენი მკურნალი, თუ დაიხსნის მას სიკვდილისაგან. მე ვხედავ ამას და პირველად მის ბინას მოვაწყობინებ. მალე დავაბინავებთ აქ ახალ მეკომურს. სახლთხუცესმა აასრულა მეფის ბრძანება: მალე დაასახლა პაატა სასახლის ახლო. ექიმი ეხლა განუწყვეტლადა სწამლობდა მას. ამაოდ შრომობდა! სიკვდილი დასადგურებულიყო მის ნამზნევ აგებულებაში, ვეღარ გაუშვებდა თავის ხელიდან მის კერძად დებულს. აშოტის გამოცდილი თვალიც ამჩნევდა ამას. აღონებდა ეს ამბავი მას, მაგრამ ამ საღონებელის გვერდზედ აღმოცენებულიყო ყვავილიც მისი სიხარულისა: აქამდისინ რომ მხოლოდ ოცნებაში სტკბებოდა აშოტი ხშირის ხილვით შუქურისა, მისი განუყრელი თანახლებით; ეხლა შეძლება მიეცა მალ-მალ ენახა პირისპირ თავისი სიამე, ჩაეხედნა მის თვალთა სიღრმეში, გაეგონა მისი ხმა ლბილი; კვლავ და კვლავ განეცადნა ის უსამზღვრო თაყვანისცემა, რომელს ფიანდაზადა ჰფენავდა ქალი მის ფერხთქვეშ და დამტკბარიყო ამ უანგარო შესაწირავით. - და მერმე, მცირე ხნის შემდეგ, განმარტოვდება შენი შუქური პატრონმოშლილი! - ეტყოდა მას ცბიერი ჰაზრი. თუმცა ვერ კადრულობდა სისრულით აექარგა მის წინ სურვილთ ხატებანი, ვნებათა განსახებანი. ჯერ ვერ ჰბედავდა! და თვით შუქური, თუნდაც რომ მარტო, თავისუფალი, განა მიჰხვდება ვაჟკაცის ტანჯვას, გაიგებს გულუბრყვილო მის სურვილთ ძალას? - რა იცის საწყალმა, როგორ ძვირფასია ის ჩემთვის. ვეროდეს მიჰხვდება სპეტაკი სული მისი, რომ ვემონები მე მეფე იმას! ჩემი სურვილები მარად თავს ევლებიან მას, დასტრფიან ლამაზს. მზე არის იგი ჩემის გულისა... - როგორ წარმოიდგენს ან რით შეიგნებს, რომ არ ხარ ბედნიერი, მოგნატრებია ის სიამე, რომლით სტკბება მრავალი შენი ქვეშევრდომი?! - ვერ შეიგნებს, ვერ წარმოიდგენს, რომ ჩემი პალატებიდან განდევნილია ღიმილი სიყვარულისა, დამზრალია ყვავილი სიამისა. - ვერც იმას დაიჯერებს, რომ შენი იდუმალი ტანჯვის მალამოა იგი! - ვერ ირწმუნებს! ვუთხრა, შეკრთება, შეშინდება, მთლად შეძრწუნდება; არა და ჩემი საიდუმლო ცეცხლად იქცევა ჩემს გულში მწველად, გასწვავს ჩემს ნებას, თვით განცხადდება. მაინც ეგონა გულუბრყვილოს, რომ შესძლებდა დაეკმაყოფილებინა გული შორიდგან ტრფობით, იდუმალი სიყვარულით უნივთოითა, ჰაზრთა არეში ალერსით, კოცნით თუ ხვევნით; იმედი ჰქონდა. ამაოდ! ხორცსხმულს ვერ ძალუძს ნივთთა გარეშე განსახოს მოძრაობა თვისის გულისა. 39 ვერ შესძლო ჭირთა ფარვა ვერც ძლიერმა აშოტმა: ჭირმა თავი არ დამალა. მოსურვილდებოდა მზის შვილს ნახვა შუქურისა, ისე მოსწყურდებოდა, ვით უდაბნოში მოგზაურს წყალი. ვერ ენახნა იგი პირიმზე, რომელი მარად მასთან იყო ნატვრათ არეში, ფიქრთა სამფლობელოში. ეხლა შეძლებაცა ჰქონდა ზედი-ზედ ენახა მას იგი ქალი: პაატა უკვე არტანუჯში ცხოვრობდა მეფის სასახლის მახლობლად. ავად იყო იგი, შემძიმებული. თანაგრძნობა ეჭირვებოდა მზრუნველთა თუ მახლობელთაგან. კეთილი მეფე პირველი ჭირისუფალი იყო მისი, სიკეთის დამხსომებელი, მადლობის მახორციელებელი. შევიდოდა პაატასას, მოიკითხავდა ავადმყოფს, გამოჰკითხავდა ექიმს განწირულის მდგომარეობას; ნუგეშსა სცემდა შეჭირვებულთ; მათ ჩაღამებულ სახლში შუქი მზისა შეჰქონდა მზის შვილს. არც თვითონ გამოდიოდა იქიდან მთლად უნუგეშოდ, მისი ქველმოქმედება უხვ სასყიდელსა ჰპოვებდა ავადმყოფის სავანეში: შუქურს ჰნახავდა, მის ხმას ისმენდა, მისგან მიწოდებულ წყალს მიირთმევდა. ერთს წუთს მაინც დაუშუშდებოდა წყლული გულისა, ჩაუნელდებოდა ერთს წამს სახმილი მწველი. მხოლოდ ერთს წამს! გასცილდებოდა კარის ბჭეს, სურვილი უფრო აღეგზნებოდა და თვის ალში სწვავდა ვაჟკაცის ნებისყოფას, აძაბუნებდა მის უნარს ბრძოლისას, საკუთარ თავთან მედგარ ომისას. მზა იყო იგი ისევ მიბრუნებულიყო, ერთი კიდევ განეცადა სახე სასურველი. უკვირდა აშოტს: ყოველ ნახვაზედ ახალ-ახალი სიმშვენიერეს პოულობდა ქალის არსებაში, სულის სიკეთეს თუ ხორცთ სილამაზეს, ნაქანდაკებ რამ სისრულეს ღვთაებურს. ესეთი განცდა უმეტეს აგზნობდა მის სურვილს. ბაბილონის სახმილს აღატყინებდა მის ბუნებაში. მისწურავდა მას რაიმე საკვირველ ქცევამდე, შეუფერებელ მოქმედებამდე დაბრძნობილ ვაჟკაცისათვის, მეფისათვის კეთილგანმგებელისა. ესეთი გრძნობა მით უფრო ძნელი იყო აშოტისათვის, რომ ჰხედავდა ის მოახლებას წუთისას, როცა დაიმსხვრეოდა მისი ნებისყოფა, ამაო შეიქმნებოდა ყოველივე ბრძოლა თუ წინააღმდეგობა, გადაჰხეთქავდა საგუბარს ვნებათა ტბა უძირო და წაჰლექავდა ყოველსავე სიფრთხილეს, მოსაზრებას შემაკავებელს, ადათს წმიდად მიჩნეულს, კანონს მტკიცედ დაფუძნებულს. ძრწოლით ელოდა ამ საშინელ წუთს, პირად იმისათვის ედემის განმხმელს, სხვის ჰაზრში მის შეურაცხმყოფელს, დამამარცხებელს, დამამცირებელს. თვის ძნელ ყოფაში ის უფრო აწუხებდა გამიჯნურებულს, რომ შუქურს ვერ ეგრძნო ცეცხლი, რომელიც აღეგზნო მას რაინდის გულში; არ სჩანდა ეს, არ ეტყობოდა. ვერ შეეგნო ქალს, რომ მის წინაშე აშოტი მეფე კი აღარ იყო გვირგვინოსანი, მიჯნური იყო მოჯადოებული, სატრფოს ნების მასრულებელი, მის სასიამოდ მსხვერპლთა მწირველი. ქალს ვერ გაეგო ეს საკვირველი ცვლილება ვაჟკაცის ბუნებაში, და მის ქცევაში თუ შეხედვაში ისევ მხოლოდ უსამზღვრო თაყვანისცემა იხატებოდა ზეკაცის მიმართ, განცვიფრება კაც-ღმერთის წინაშე. ესე ყოველთვის! - ვერ იქმნა, ვერ შევნიშნე მის თვალებში ცეცხლი ეშხისა, სურვილთა ალი, ვნებათა ღელვის რაიმე ტალღა! ნუთუ ვერ მიხვდა იგი უმწიკვლო, რა სურვილთა კოცონი დააგზნო ჩემს გულში?! ან თუ მთლად ფაქიზია მისი ბუნება, სპეტაკი, წმიდა და ხორცთა სწრაფვა ვერ შესთვისებია მის ქალწულობას ბიწშეუხებელს?! - ეგრეა სწორედ! მეუღლეა იგი კაცისა, გარნა არსება მისი ისევ ქალწულია, ბიწშეუხები, შეუბღალავი. - სრულებითაც არ აღბეჭდვია ლამაზ სახეზედ ცოდვათ ხატება, ბეჭედი კრძალულ ნაყოფის გემოდღებისა; ჯერ არ შემოსძარცვია შუქთა სამოსი, რომელი ჰფარავს ასულს ევასი ვნებათა უძლეველ ძლიერებისგან... - რას ამბობ, ხელო?! სხვისა ცოლია იგი შუქური, სხვის ხელნახლები და შელახული. - ვაჰ, ჩემს ლამაზს ვეშაპი დაჰპატრონებია, შეუპყრია შავბნელს, შემოჰხვევია. ჩემი ხმალი კი... - უძლურია შენი მარჯვენა მის წინაშე, ვერ აღიმართება მახვილი შენი მის გასაგმირად: ის ხომ პაატა არის შენი თანამოღვაწე, შენთვის სიცოცხლის არ დამზოგველი და... - მაინც განვგმირდი, ბასრით გავუკვეთდი გულს ჩემის გულის ყვავილის მფლობელს, თუ ბუნებას არ დაესწრო ეს ჩემთვის: ამ ქვეყნად მცხოვრები აღარ არის ის, სხვა გზა აქვს; სიკვდილი დაუფლებია მას, აღარ გაუშვებს თავის ფოლადის ბრჭყალებიდან, - სთქვა მეფემ. და დაღონდა: ვერ შეჰრიგებოდა იმ ამბავს, რომ უბედურება პაატასი, რომელი ოდესმე რაინდულად უყვარდა მას, რომლისადმი მთელი თვისი არსებით იყო იგი მინდობილი, რომლის მიმართ მის გულს არაოდეს უგრძვნია ძვირი, არც თუ ნასახი ბოროტებისა, რომ პაატას ბნელი ბედი ეხლა სიხარულის შუქსა ჰბადებდა მის გულში. იმასაცა ჰხედავდა განცვიფრებული: თუ ბუნება არ დაჰხმარებოდა მოერიდებინა გზიდგან ეს დაბრკოლება, თითონ გასწმენდდა შუქურისაკენ მიმავალ კვალს ჩახერგილს. არ დაინდობდა არც ძმობილს! ვერ შესძლებდა დანდობას, თუნდაც მიემართნა მთელი თვისი ძალებისათვის, მთელი თვის ნებისყოფისათვის, გამიჯნურებულ აშოტ შმაგს ვეღარ დასძლევდა აშოტ-განმბჭობი. დინჯად მოაზრე. მოაგონდა ღელვილს თვისი შორეული წინაპარი დავით. განიცადა იმანაც ესეთი გრძნობა და ვერ შესძლო ბრძოლა მის წინააღმდეგ, ემონა იგი თვის ვნებას უძლეველს. - როგორ იყო ის ამბავი, ხუცესო? - ვიდოდა დავით ერდოთა ზედან სახლისა სამეფოისა და იხილა დედაკაცი ერდოით, რომელი იბანებოდა. იყო დედაკაცი შესახედავად ფრიად კეთილი. წარავლინნა მსახურნი და მოიყვანეს დედაკაცი იგი ბერსაბია, ცოლი ხურია ქეტელისა, შევიდა მისდა. და მიუწერა დავით წიგნი იოაბს, მხედართმთავარსა თვისსა: შეიყვანე ხურია პირისპირ ბრძოლისა ძლიერისა, რათა იწყლას იგი და მოკვდეს. დაადგინა იოაბ ხურიაი იგი ქეტელი ადგილსა ზედან განსაცდელთასა. გამოვიდნენ კაცნი ბრძოლად და მოკლეს მუნ იგი. - მისთვის მომწონხარ, ხუცესო ჩემო, განსწავლილ ხარ მწიგნობრობაში! - მისთვის თაყვანს გცემ, მეფეო ჩემო, უკლებლივ იცი ხმარება საჭურველისა! წიგნი საღმთო იარაღია ჩემი... - ვნება მონისა შენისა დავითისა განახლებულ არს გვამსა ჩემსა, მეუფეო ჩემო; დამიფარე ცოდვისაგან მისისა. ვუწყი მე უსჯულოებაი ჩემი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შედრკა ძალაი ჩემი და უძლურ ვიქმენ წინაშე საცდურისა ამის უძლეველისა. მსურის ფრიად! მოაკლდების სულსა ჩემსა ძალი ბრძოლისა. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო! სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან! - ილოცვიდა აშოტი. მაგრამ იცოდა, ვერავინ და ვერარაი იხსნიდა მას სისხლთაგან: განძვინებული ნებისყოფა მისი სისხლს დაჰღვრიდა მისას, ვინ დააბრკოლებდა მას ამ მისთვის აუცილებელს მისწრაფებაში. ძლიერი იყო იგი სიყვარული, რომლით განმსჭვალული იქმნა აშოტი. უძლეველ იყო იგი, ვითარცა სიკვდილი; ფიცხელ იყო შური სიყვარულისა მის, ვითარცა ჯოჯოხეთი. ალი სიყვარულისა მის - ფრთაი ცეცხლისა! ღმერთს მაინც უყვარდა აშოტი მაშინაც კი, ოდეს გული უთქმიდა ცოლისათვის მოყვასისა თვისისა: მისი განგებით გზა თავისთავად ხსნილ ექმნა ტრფიალს. იხსნა უფალმა მარჯვენა მისი სისხლთაგან უბრალოთა: სიკვდილმა დროზე უსწრო გულდაკოდილ ჭაბუკს ცხოვრებისაგან გაწამებულსა; არ ჩაიტანა საფლავში შური სიყვარულისა უნელებელი. ნდომით შეირთო პაატამ შუქური. ეგონა ბედშავს, ტკბილად შეაბერდებოდნენ ერთმანეთს. მუხთალმა ბედმა არ გაახარა ვაჟკაცი: გადაეგო იგი უმურაზოდ, უძეოდ: აღგზნებული ეშხი ჩაიტანა ცივ სამარეში. ახ, რა ენანებოდა ვაჟკაცს თვისი საუნჯეების ქვეყნად დატოვება: სათნო შუქურისა და სისხლში ნაწრთობ ხმალისა! მომაკვდავს ხელიდან არ გაუშვია არც ხმლის ვადა, არც მეუღლის მთრთოლარე თითები; ორივეს მოწიწებით ემთხვია უკანასკნელ წუთს თვისის სიცოცხლისა. 40 ეს საიდუმლო გრძნობა განუყრელად თანა სდევდა აშოტს. თანდისთან იზრდებოდა იგი გრძნობა. ფართოდა შლიდა ფრთებს მის ბუნებაში და სჩრდილავდა იქ ყოველ სხვა სულისკვეთებას. უმზერდა აშოტი გრძნობის ზრდას და უკვირდა, როგორ შეუდრკომლად ჰხრიდა ის თავისკენ მის ნებისყოფას, ისეთის ძლიერებით, რომ უკუაგდებდა მის ზრუნვას საოჯახოს, მოღვაწეობას თვით სახელმწიფოს. კიდეც ეშინოდა უშიშარ რაინდს ამ საამო განცდის ესეთის ზრდისა: შეიძლებოდა ამ გრძნობას მთლადაც დაემორჩილებინა ის, ვინ ჯერ არ მომდრკალიყო არავის წინ, ვის ქედმაღლობა არ დახრილიყო მონურად თვით ღვთის წინაშე. ჰხედავდა ვაჟკაცი, რომ იგი გრძნობა და მისგან ნაწვევი მოძრაობა ყოველი ეწინააღმდეგებოდა: მის ოჯახისადმი მოვალეობას, არყევდა კერას, უარჰყოფდა მცნებას სჯულისას, არღვევდა თვით სჯულსა. დარწმუნებული იყო, ის გრძნობა აამხედრებდა მის წინააღმდეგ ჯალაბს, ეკლესიას ძალამოსილს; უკუაქცევდა მისგან მთელს ერს ზნეამაღლებულს. მეტადრე ეფიქრებოდა აშოტს ეკლესიის მხრივ, რომელი მასთან ერთად მხარდამხარ იბრძოდა ჯვარით ხელში აგარიანთა წინააღმდეგ, და მედგრად იღვწოდა, რომ არ გაედგა საქართველოს ნიადაგში ისლამს ფესვები. სჯულს სათავეში ედგნენ ამ დროს ძლიერი ხუცები, უტეხი ნების მექონი კაცნი, მსგავსნი და სადარონი მეფის თანამშრომელ სარდლებისა თუ ბჭეებისა. ამ მებრძოლთ მოთავედ იდგა ისეთივე შემმართებელი და უდრეკი ადამიანი, როგორიც იყო თითონ აშოტ დიდი, მეფესთანვე აღზრდილი გრიგოლ ბერი, მონასტერთა მაშენებელი. გაძლიერებულიყვნენ სამეფოც და ეკლესიაც, გაკაჟებულიყვნენ ბრძოლაში მტერთან, რომელიც უქადდა სამშობლოს მოსპობას ნივთიერად, განადგურებას სულიერადაც, გარდაქმნა-გარდაცვალებას. აშოტის ხმალი და ხანძთელის ჯვარი სწორად შეჰგებებოდნენ მოზღვავებულ მტერს. დახრაი ერთის მათგანისა ნიშანი შეიქმნებოდა მტრის ზეიმისა; თუნდ მცირედი შერყევა ერთისა სიმტკიცეს შესძენდა მოსულ მებრძოლთა სიბოროტეს; ერთის მათგანის სხივთა დაბუნდება, თუნდაც ჟამიერი ჩანელება, სიამის ელვით შეჰმოსავდა სამშობლოს ჩასანთქმელად პირაშკმულ ვეშაპს. - ძნელსაცნობია ადამიანის ცხოვრება: როგორ მოვიფიქრებდი, რომ მე, ტახტის მემკვიდრეს, გვერდით ამომიდგებოდა საქართველოს ბედის ჭედაში მამაჩემის სახლში სამოწყალოდ აღზრდილი ობოლი, რომელი ჯვარისა თუ კალმის მსახურად ემზადებოდა. მე და ის აწ თითქო ერთის ხარისხით წარმდგარვართ ერის წინაშე და ვიბრძვით, ვგულოვნობთ, სულ სხვადასხვა გზით, გარნა ერთისთვის: ერის სადღეგრძელოდ, საღორძინებლად, მის განძთ დასაფარავად, სულიერის და ხორციელის მისის სიმდიდრისა. უხმოდ ვმეტოქობთ ხალხის სიკეთის შეხვავებაში, ვებრძვით ერთმანეთს აუზრახებლად. ნუთუ ამ ბრძოლაში ვიძლიო მე, ჩამოვრჩე მწირსა! - გაიფიქრა აშოტმა და აღელდა, შეწითლდა, წარბი შეიხარა. მოაგონდა თავის მამის ნათქვამი: - ეს ობოლი საკუთარის ძალით გაიკვლევს გზას ცხოვრებისას, დაიმორჩილებს ბედს, მიაღწევს დიდს აღმატებას. - როგორ, ბატონო? - მისი ნიჭი და უდრეკი ძალა სულისა თავმდებია ამისა; უსამზღვრო მისი თავმოყვარება წანამძღვარია დიდების გზაზედ; მარად მოფიქრებული მოძრაობა საშუალებაა ძნელ სავალზედ, ურყევად მისი მარები. მაშინ ყურადღებას არ აქცევდნენ ამისთანა წინასწარ თქმას არც სამეფო ოჯახის წევრნი, არც მეფის მახლობელნი. ეხლა უნებლიეთ გაახსენდა ეს აშოტს. გრიგოლის სახელი უკვე გვერდით ედგა მას ეხლა, როცა საჭირო შეიქმნა ძლევამოსილ ისლამთან სჯულის ნიადაგზედ ბრძოლა საქართველოში. ეს ბრძოლაც ესევე შეუწყვეტელი იყო და მედგარი, როგორც ბრძოლა ხმლით: აგარიანნი ორკერძ იბრძოდნენ საქართველოს დასაბრყობლად, მის ხორციელად და სულიერად დასამონებლად. მოსწონდა აშოტს, რომ მტერთან სასულიერო ბრძოლაში გვერდით ედგა უტეხი ნებისყოფის ადამიანი, რომელი არ გადრკებოდა, არც გვერდს აუქცევდა თავის მოწოდებას. გრიგოლი აქ ღირსეული თანამშრომელი იყო აშოტისა. შეეძლო მეფეს სჯულთა ბრძოლაში მთლად დაჰნდობოდა სარდალს სულიერს. ხალხიც აღტაცებით აღიტყოდა გრიგოლის სახელს, იმას ჰსახავდა ერთგულ დარაჯად ეკლესიისა; არა არსენს, ფრიად განსწავლილს ლბილ კათალიკოზს, მტრისაც მოყვარულს. მაგრამ მეფე კერძო პიროვნობაც იყო, საკუთარი თვითმოყვარების მექონი, საკუთარ სურვილთ მსახველ-მხატველი და ამ მხრივ თითქო შიში რამ იბყრობდა ხალხის ჭირისუფალს-გვირგვინოსანს: ეფიქრებოდა, ძლიერს მოღვაწეობას ბერისას, მის შეუდრკომელ წინსვლას სარწმუნოებისა და ზნეობის შარაზედ არ დაეჩრდილნა აშოტის სახელი მორწმუნეთა თვალში; ვინმე მწირი უგვირგვინო მეფედ არ მოჰვლენოდა ერს, დიდების შარავანდედით შუბლშემკობილად ცხებულის გვერდზედ. მაშინ ასრულდებოდა წინასწარი თქმა მეფე ნერსეისა. ესეთი შური ბალღობიდანვე ზრზნიდა აშოტის გულს, პატივის ჩვეულს. ეჩოთირებოდა დიდი ყურადღება ხალხისაგან მიქცეული იმ ობლისადმი, რომელი სამადლოდ იზრდებოდა მეფის კარს, თუმცა არც თუ ძლიერ შორეული იყო ის აშოტისა: ბიძაშვილი იყო მისი, დედის ძმისწული, დედოფლისაგან შვილობილად სახელდებული. უყვარდა აშოტის დედას ბავშვი, უკვირდა მისი განსხვავებული ზნეობა, ქცევა. სხვებიც ყურადღებას აქცევდნენ მარად მშრომელ ყმაწვილს, საკვირვლად ნიჭიერს, რომელი ჰხიბლავდა ყველას თავისი ცოდნით, მეტადრე როცა ღვთის მსახურების დროს ჰფენდა თავის სწავლას თუ წვრთნილებას. - რა მშვენივრადა კითხულობს! გარკვევით, ურყევად, მჭევრად როგორ დაისწავლა ამ პატარამ ამდენი საეკლესიო წიგნები ან როდის? - არავითარი ჩვენება არ უნდება, წესი ხუცესზედ უკეთ იცის. - ხმაც კარგი აქვს. მომწონს მაგის გალობის კილო. ვინა სწვრთნის მაგ დალოცვილის შვილს ესრე მშვენივრად? - ბერ-მონოზონი კასიანე ხელმძღვანელობს დედოფლის ბრძანებით: თუმცა თითქმის დახმარება არ ეჭირვება. ძალიან უყვარს წიგნი. საკვირვლად იხსომებს წაკითხულს, სმენილს. - საშოთაგანვე დედისა შეწირულ არს ღმერთისადმი, ვითა სამოელ; მადლი უფლისა განისვენებს მასზედან. - სასახლეში ვახლავარ მეფეს და ვიცი მაგ ბავშვის ამბავი: მარხულობაში იზრდება მსგავსად წინამორბედისა; ღვინოს და ხორცს არ ეხება; მთლად ერიდება ბალღურ ცელქობას თუ ლაღობას; განმარტოებით ატარებს დროს თავის სადგომში; მხოლოდ წიგნია მაგის მეგობარი. - აკი დაყუდებულს ეძახიან. ჯერ ისევ ყმაწვილია, სახე მონაზონობისა უკვე ჰმოსია; ქრისტეს თუ განუკუთნა თავისი სული სამკვიდრებლად. - ჩემს მოწაფეზედ უბნობთ, დედოფლის შვილობილზედ? - ძალიან მოგვწონს! - საკვირველი ყმაწვილია, სასწაულებრივი ნიჭისა. სანცვიფრებელია მისი სწავლისადმი გულისხმიერება: დაისწავლა ზეპირად დავითნი და ყველა ხმით სასწავლო საეკლესიო სწავლა; ყოველივე სამოძღვრო და საღვთისმეტყველო მეცნიერება შეითვისა. უცხო ენებიც ადვილად შეისწავლა; ხელი მიჰყო ფილოსოფთა შესწავლას, ისტორიას და ყველა სხვა საერო მეცნიერებას, რომელსა ჰპოვებს საუნჯეთა შინა სიტყვასა კეთილსა, შეიწყნარებს, ხოლო ჯერკვალსა თქმასა განაგდებს თვისგან. ესე ახასიათებდნენ ნორჩ გრიგოლს. სხვანაირი მსჯელობა არ შეიძლებოდა მასზედ, ჭეშმარიტი იყო იგი ნათქვამი. აშოტმა იცოდა, რა ჰაზრისა იყვნენ გრიგოლზედ მისი დედ-მამა, კარისკაცნი თუ ყველა მცნობნი. აქეზებდა თავმოყვარეს ყმაწვილის ესეთი წარმატება, შრომისაკენ იწვევდა. სამხედრო თუ სამეფო საცოდნელში ჰსურდა ისეთივე ქება დაემსახურებინა, როგორიც დაიმსახურა გრიგოლმა წიგნში, ადვილად ახერხებდა: ნიჭი მასაც დიდი ჰქონდა, ხოლო მძლავრი აგებულობა და სიკისკასე ტანისა საშუალებას აძლევდა სავსებით შეეთვისნა სარაინდო წვრთნა, სამხედრო სწავლა. შთამომავლობით, რომ მზეებრ ბრწყინავდა აშოტი, ნიჭთა სიმრავლითაც თუ სიძლიერით პირველობდა ტოლ-სწორში და მის თვითმოყვარებას საშიში აღარ რა ჰქონდა, არც თუ საფრთხილო.

41 გადაიარა აშოტისა და გრიგოლის ბალღობის ხანმა. ჰასაკში შევიდნენ ორივენი, მოიწიფნენ, დასრულდნენ, დავაჟკაცდნენ. აშოტი ტურფად ფურჩქვნილი რაინდი დადგა, სისხლ-ხორცით სავსე, ცხოვრების მოხარული, კოკობ ულვაშ ქვეშ ეშხით მღიმარე; არწივივით შორს გამჭვრეტელი; მეხი მედგარი. მის მაღალ შუბლს ხუჭუჭი თმა მოსდებოდა გარს; უჯიღოდაც ძლიერ შვენოდა. მისი ჰაზრიანი სიტყვა ფხაასხმულ ხმალივით მკვეთრი იყო და გამპობელი. უხაროდა ყველას, რომ სამეფო ტახტს ამისთანა მძლავრი მემკვიდრე მოჰვლენოდა მშვენიერი. გაშალა ფრთები ახალმა არწივმა, გაინავარდა. მამის შემდეგ ძლიერად იპყრო სკიპტრა. მსწრაფლ აგრძნობინა მტერთაც და მოყვარეთაც, რომ საქართველოს ღირსეული მბყრობელ-პატრონი მოევლინა ყოვლადმოწყალისაგან. ეხლა მიიჩრდილა აშოტის თვალთაგან ვიღაც გრიგოლი, წიგნის ყდაში გამოზრდილი ბერი ობოლი. ვინ აშოტ მეფე, ვინ მონაზონი, ამიერ ქვეყნით დაბიჯებული, საიქიოსკენ თვალმიბყრობილი! მივიწყებას მიეცა ბალღობის დროის მეტოქეობა. მისი მოგონებაც საღიმო იყო აშოტისათვის, თითქმის საცინი. ბალღური განცდა ცრიატი, გარდასრული სიზმარივით განქარვებული! რაღა მოსაგონებელი იყო ეხლა იგი შეჯიბრება თუ შური სანდომ-სანატრელ ჭაბუკისათვის დიდებულისა?! სად ეცალა ამისათვის ბედნიერ რაინდს, რომლისაკენ თავს იხრიდნენ საქართველოს მშვენიერი ყვავილები, რომლის გზას თვალს ადევნებდნენ ეშხით დამთვრალნი?! ასრულებულ ნატვრათა ხანი იყო ეს ბუმბერაზი ჭაბუკისათვის, ვარდისფერი სიამის დრო დაუვიწყარი. შეიმოსა აშოტ ძლიერებით. ადიდა თვისი სამეფო, განზედ გასწია მისი სამზღვრები; იმედი დაიდო, შეასრულებდა შეკრებასაც საქართველოსი. წახალისებული მეფე ოცნებობდა, ერთის დაკვრით მოესპო მოსული მტერი, რომელს თბილისშიღა შერჩენოდა თვისი ძალა, რომელი შემკრთალიყო, და უკვე თვალითა ზომავდა სამშვილდეზედ გადამავალ გზას შორეულ ბაღდადისაკენ. დაჰვიწყებოდა დიდებულს ბალღური განცდა. ბრწყინვალე ბუმბერაზს სხვა გადაჰშლოდა ფართო ასპარეზი დიდებისა. ამ სხივოსნობის ჟამს, ვარდობის თვეს თვისის სიცოცხლისა, უხვად მოიმკიდა სიტკბოებასაც ხორციელს: მშვენიერ ყვავილებს მის სამფლობელოდ მიზომილ ედემის კუთხეში მისკენ მიებყრათ ლამაზი თვალები, იმას შესტრფოდნენ იგი ტურფანი, მას უკმევდნენ სურნელებას გაზაფხულისას, მიუძღვნიდნენ ნექტარს საამოს სიტკბოებით სავსეს. და კეთილდღეობდა რჩეული, ნეტარებდა ზეკაცი, ვითა მზის შვილი ქვეყნად მოსული. სადღა ეცალა, გაეხსენებინა ის ადრინდელი ფიქრი, ვაი თუ საწყალი ობოლი. თუნდ ფრიად ნიჭიერი, მეტოქედ აღმოჩნდესო რომელსამე ბილიკზედ ჩემის ცხოვრებისა, ჩრდილი რამ მიაყენოს ჩემს პიროვნებასო. ამ ბალღურ თვითმოყვარებით აღძრულ შურს თუ ეჭვს ადგილი აღრა ჰქონდა ქვეყნიური დიდებით და სიამით სავსე ყოფაში აშოტ-მეფისა. დაიჩრდილა გრიგოლი აშოტის თვალთახედვის წინ, განქარდა მისი სახე, დავიწყებას მიეცა ის, გაუსწორდა მისი არსებობა იმ შეუმჩნეველთა ბევრეულს, რომელი ნისლივით მოედება ქვეყნის პირს და განქრება, როგორც ჯანღი უკვალო. ჯერ ძნელიც იყო მწირის დანახვა იმ სიმაღლიდან, რომლიდან დაჰყურებდა აშოტი მთელ თავის საბრძანებელს: გრიგოლი იქ ჯერ ვერ ბრწყინავდა., უჩინარ გზას დასდგომოდა მოღვაწე, ხორციელ ბუნების უკუგდებისას, სოფლის და მის საქმეთა უარყოფას; გაღმა გაებჯინა მას ნივთიერ ქვეყნიერებიდან, შაეღო კარი სულიერ განცდათა სამფლობელოსი. ზეცისაკენ მიისწრაფოდა გრიგოლ, იქით მიქცეულიყო მისი არსება. მაგრამ ცისკენ მიქცეული გზა მებრძოლ გვამთათვის ქვეყნისკენვე ბრუნდება, სოფელზედვე გადადის. ნება ღვთისა ისევე უხვად უნდა სრულდებოდეს ქვეყანაზედ. როგორც სრულ იქმნება ცაში, სულთა სამფლობელოში. იმ წმინდა ნების კაცთა შორის დანერგა უბრძოლველად ვერა წარმოებს, ხორცსხმულნი ეწინააღმდეგებიან იმას: ნივთთა მოთხოვნა ვერ ურიგდება სულთა სურვილებს, წინა აღუდგება იმათ და უცილებლად სჭირია მებრძოლთ ძალა შეუდრკომელი, რომ განამტკიცოს ქვეყანაზედ ციური ნება. გრიგოლ მწირში ჩანერგილიყო სული მებრძოლი. რაინდი იყო იგი უტეხი. ხმლის ნაცვლად ჰაზრი ეპყრა ხელთ განმახვილი, სარწმუნოებით ფხაასხმული, რწმენის ძალით აელვარებული გზა მისი მსვლელობისა არ იყო მბრწყინავი თუ დიდებული, კაცთა მძვლებით მოკირწყლულ-მოოჭვილი, ყაყაჩოსფერად სისხლით მორწყული. უჩინარი იყო მისი სადენი, უბრალო, იწრო, მაგრამ მტკიცედ მავალი. ამ გზასაც მიჰყვანდა დიდების მწვერვალამდინ, ჰმოსავდა ბოლომდის დამთმენს უკვდავების შარავანდედით, უმკობდა თავს გვირგვინითვე სხივთაგან თხზულით, ხელთუქმნელი ჯიღით, რომელი ჰნათობს არა მხოლოდ იმ ქვეყნად, ამ ქვეყნადაც. გრიგოლს თვალი მოეპყრო ამ ორმაგად გაშუქებულ გვირგვინისათვის, მიილტვოდა მისკენ თავმდაბლად, მოთმინებით, სასოებით, მაგრამ შეუდრკომლად, ურყევად, მკვეთრად. მისწვდებოდა ნანატრს, ან მოკვდებოდა მის ძებნის გზაზედ. მოუხდებოდა მწირს იგი გვირგვინი სიწმინდისა ბრწყინვალე, შეუმკობდა ჭკვიან შუბლს არანაკლების სიმშვენიერით, სინამ აშოტს გვირგვინი ფასდაუდებელი, პატიოსანთა ქვათაგან თხზილი, პირად-პირადად აშუქებული. - შენ არ იცი, ვინ მოართმევს ღირსეულს სიწმიდის გვირგვინს?! - ანგელოსნი მოართმევენ ზეცით. ეამბორებიან შენაოჭებულ შუბლზედ, შეუმკობენ თავს სამარადისო მბრწყინავ სამკაულით! და რად არ დაჰშვენდებოდა გრიგოლ მოღვაწეს სხივმფენი ჯიღა თუნდაც ხელქმნილი? წამოსადეგი ვაჟკაცი, ხილვითა დიდი; მშრალი აგებულობის, ძარღვიანი. ხორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, სრულიად გვამითა მრთელ. გამჭვრეტი თვალი ღრმად შემხედველი. ჰაზრთაგან ნაკვალი შუბლი. თმა ხშირი, ლომის ფაფარივით გარდმოფენილი. გრიგოლი თითონაც დაამშვენებდა გვირგვინს თვისი ხორციელი სისრულით თუ სულიერ სიკეთეთა სიუხვით. აშოტს და გრიგოლს მაინც შერჩენოდათ შორეული ნათესაობის იერი სხეულის აგებულობაში და სახის მეტყველებაში, რომელი ჰმოწმობდა, რომ მათ ძარღვებში დიოდა სისხლი მიმსგავსებული, მათ გვამთა აღნაგქვსში განხორციელებულიყო მზგავსივე სახება, შორეულ მოდგმათაგან რჩეულთა თანისთან შემზადებულ-შეზავებული. გრიგოლის ნაქვთიანი აგებულობა, მისი სულიერი სიძლიერე, რომელი ცხადად იხატებოდა მეტყველ სახეზედ, იყო იმის მიზეზი, რომ არა ერთს ქალწულს მშვენიერს ეჭირა მასზედ თვალი. ბევრს კეკლუცს შეჰვარდნოდა გული ამ თავისებურად დამშვენებულ ახალგაზრდაზედ. უკვირდათ ლამაზებს, რომ ჭაბუკი ვერა ჰხედავდა გზას ქვეყნიურის სიამისას, რომელი ფიანდაზად ეშლებოდა მას, შარას ხორცთა ტკბობისა, ფუფუნებისა, სიმდიდრისა, თვით დიდებისას; განცვიფრებას მისცემოდნენ მშვენიერნი. - როგორ შეიძლება ესეთ მკობილ ჭაბუკში ესადგურებინოს გულს უკარებელს, ცივს, ყინულისაგან ნაკვეთ-გამოჭრილს?! - რად არ მოჰსურდება მის თვალს მზერა ლამაზთა. ხილვა კეკლუცთა, ველის ყვავილებით, რომ გადაშლილან იმის გარემო?! - რით ვერ სწყინდება მის სმენას ვითარებულს მხოლოდ სამღთო საგალობელთა ბგერა ერთგვარი, არ მოსწყურდება მწყობრ სიმთა ჟღერა... - როს შუშპრობენ შვებით იგი ბგერანი, ვით მზისა სხივნი ყვავილთა შორის ცვარშენაბკურთა. - როგორ არ მოუნდება მიხედვა ფერად ყვავილთა, მიახლოება მათად საყნოსად, თუნდ მოსასთვლელად, რომელნი გარს ახვევიან მას მისკენ მიხრილნი, მისთვის მღიმარნი, მისი სურვილით ათრთოლებულნი?! - რამ დაუხშო ტურფა ქმნილებას შეგნება მზიურის ნეტარებისა?! - იგი მხოლოდ ქანდაკება არის მოძრავი, მარმარილოსაგან მარჯვედ კვეთილი; ჩვენთვის მთლად უტყვი, უსმენელი: ჩვენად სამზერლად დაბრმავებული... - იქნებ ჩემი სიმშვენივრე არ არის სრული, ჩემი სურვილი არ არს მგზნებარე?! ან თუ მოდგმა მაქვს მისთვის უღირსი... ან ტრფობის ცეცხლი არა მაქვს მწვავი, რომ გაალხოს მისი გული, გაადნოს, აადუღოს, სამოქმედოდ ააქაფქაფოს! - ჰკვირობდა მშვენიერთა შორის განთქმული თებრონია. გული შეჰვარდნოდა ქალწულს საკვირველ ახალგაზრდაზედ და იტანჯებოდა მისის ეშხით, უცეცხლოდ იწვოდა იქვე, მის ახლოს, მისგან უსმენი, მთლადაც უმჩნეველი. - ქალო ლამაზო, მშვენებით სრულო, თვით ბუმბერაზთა ეშხით შემწველო, ერიდე გრიგოლს! ის ვერა ჰხედავს შენს ხორცთ ბუნებას, სიკეთით სავსეს: არ უსხან თვალნი მის სახილველად! იგი ჰხედავს მარტო შენის სულის სიძლიერეს, ფოლადისებურ მის სიმტკიცეს; საშიშია ეს შენთვის... - როგორ?! - მიაქცევს ის შენს სიყრმეს იმ უხილავ მიჯნურისადმი, რომელს დაუმონებია მისი ნებისყოფა, რომელს მხოლოდ ეტრფის ის, რომელს მხოლოდ შესწირავს, უღაღადებს მუხლმოდრეკილი. მის მსახურებად დაივიწყა ქვეყნიერება, მთელი სამყარო. იმ სატრფომ ჯადოსანმა თავისუფალჰყო იგი მღერათაგან ჭაბუკთასა, ყოვლისა აღრევისაგან კაცთასა; გაათავისწინა იგი, გაამარტოვა; ჰყო იგი ზეცისა კაცი, ქვეყნისა ანგელოზი სანატრი. 42 - რომელია მისი მიჯნური უჩინარი, მისი ტყვედქმნილი მძლეთა-მძლეველი, იგი მისი მზე თვალთა მომჭრელი. მიჩვენეთ მე ის: მსურს შევადარო! ჩემზედ უკეთ არის აღნაგები?! დახე ჩემს მკერდს თბილის ფიფქისგან თხზულს, ვარდის ფურცლებად აციაგებულს, მკლავებს მომკლავებს, ეშხისა რტოებს; საროდ ნაზარდს ტანს შოლტივით მოქნილს; თმას უხშირესს, გიშრის ტევრებად ქოჩრილს შემომხედე მე, სიცოცხლით სავსეს, ვნების საგუბარს ულევ-უკლებელს! - გიმზერ; მომწონხარ. - და ამას ყველას ვსწირავ სიყვარულს, მსხვერპლად მივართმევ მას დასაწველად. რაინდი ბევრი თაყვანსა მცემს მე; ჩემი შეხედვა მათ ნეტარებას აგრძნობინებს, ტკბილად მწველ სიამეს; ჩემი ღიმილი სამოთხის კარს უღებს თვითეულს მათგანს. მაშ ეგ რაღა არის, ვინღა არის ეგ, რომ ვერ ამჩნევს ჩემს ძლიერ მილტოლვას, თითქო ვერ ჰხედავს ჩემს არსებობას?! ან მიმითვისოს ან... ან მოვკვდე მის ხელით, დამასამაროს! - უძახდე მას და არ ესმას შენი; ურეკდე მას და არ განგიღოს შენ! - რად არ?! უძრავად ჩაჰკვირვებია წიგნებს მარადჟამს. მხმარი ეტრატი უფრო სანატრელია სიცოცხლით სავსე მშვენებაზედ? სიტყვაი ბრძნული, თუნდ ღვთაებური უფრო მიმზიდველია. სანამ ქმნილება შემოქმედისა სიცოცხლით სავსე, თვით ღვთაებური სიმშვენივრის მატარებელი?! არა! ესეთი ქცევა გმობაა დამბადებელისა, დარღვევაა მისის მცნებისა, უარისყოფა მის განგებისა... - არა! უნდა განიღვიძოს მის გულმა ჩემთვის, გააღოს თვალნი ჩემ სახილველად, განახვნას ყურნი ჩემ სასმენელად; მიწამდინ დახაროს ქედფიცხელმა თავი ჩემ ფერხთ სამთხვევლად... - ჰა, ჰა, ჰა! წიგნი, ეტრატი, სწავლაც ყოველი მხოლოდ შუქია, მის სატრფოსაკენ მიმავალ გზის მანათობელი; მისი გულისხმიერობა განსაკვირველი მხოლოდ ფრთებია, მიჯნურისადმი მიმასწრაფელი; ამ სოფლის სიბრძნე თუ იმ სოფლის მცნება მხოლოდ ხმალია მის სატრფოსაკენ სავალი მკაფი; თითონ ის სათნოება, რომელი ჰასაკის ზრდასთან იზრდება მასში, ჰუნეა მხოლოდ, მის გულისვარდთან მიმყვანებელი. იცი შენ: სიტყვა მისი შეზავებულ არს მარილითა მადლისათა; რაჟამს იტყვის, ბრძანად აღაღებს პირსა თვისსა. ეს მოსაზრებული თქმა თუ მოზომილი ქცევა მარტოოდენ სატრფოს წინაშე ძრწოლით არის ზომილ-წონილი, რომ საქმემ, სიტყვამ, ფიქრმა უხეშმა არ დააბრკოლოს ის ეკლიან გზაზედ სვლაში, რომელი მიიყვანს მას საყვარლის კარსა. - ვინ არის იგი მიჯნური მისი ეგზომ ძლიერი? მიჩვენე, კაცო ღვთისაო, სატრფოი მისი! - შენ თითონ ჰნახავ მას, თითონ განიცდი იმის ძალას უტეხს! ღელავდა ქალწული, უღონოდ ეწამებოდა გრძნობანაჭარბი. წარჩინებული ოჯახის შვილი იყო ქალი თებრონია, სიმდიდრით და სიუხვით მთელ სამცხეში სახელგანთქმული კაცისა. იმისი მშობლებიც დედოფლის შორეული მისადევრები იყვნენ, აშოტის დედისა. ქალწული დადიოდა სტუმრად სამეფო ოჯახში. იქ გაიცნო გრიგოლი, დაუახლოვდა, მოეწონა, შეუყვარდა. განმარტოვებულ ჭაბუკისადმი ტრფიალს ჯერ უნივთო სახე ჰქონდა, ხორცუსხმელი, მარტო საოცნებო. შემდეგში, როცა უფრო მოიწიფა მკვიდრად ნაგები ქალი, განსაზღვრილი სახე მიიღო მის სიყვარულმა, ხორციელი ნდომის ხატება. ისე ძლიერად ამოძრავდა მიჯნურობა იმის საღ აგებულობაში სავსეში, რომ ვეღარ უძლებდა თავის მისწრაფებას, ვერ ერეოდა. აეტაცნათ ის სურვილთა მჩქეფარე ტალღებს და შეუყენებლივ მიაქანებდნენ ყავღიან ჭაბუკის მძლავრად ნაგებ პიროვნებისკენ. ვერ შესძლებდნენ ტალღები ამას! შესძლებდნენ! ვეღარ ჰმალავდა ქალწული თავის სურვილს ჭაბუკის წინაშე; არცა ჰფარავდა. ვაჟი კი უგრძნობლად შეჰყურებდა მას გულგაყინული; უბრყვილოდ მიეპყრო მისკენ ღრმად მჭვრეტი თვალები, თითქო მას არ შეეხებაო ქალის სურვილი, უთმენი ტანჯვა მისი: თითქო მისგან არ ყოფილიყო აგზნებული ის უნელი ცეცხლი, რომელზედ იწვოდა ათქვირებული სხეული ქალწულისა, არცერთი თბილი შუქი მკვეთრ თვალებიდან, ცივ სხივთა ისრებს რომ აფრქვევდნენ იშვიათს ახედვაზედ. - მისერონ გული ცივ ცეცხლმფრქვეველმა მისმა თვალებმა, ოღონდ მიყურონ, შეძლება მომცენ ხშირად ჩავიხედო მათ უფსკრულ სიღრმეში... სურვილით ჩაჰმზერს მარად თავის წიგნებს, რაღაცა ეტრატებს. ათასში ერთხელ თუ შემომხედავს... - უგულოვ! ნუთუ ჩემი სახე გზნებული, აგებულობა ჩემი სრულნაკვთიანი მეტს არ გეტყვის შენ, სინამ ეგ წიგნი უსულგულო და უასაკო?! ან თუ ალიონის ფრად აღვივებული თბილი კანი ჩემის ტანისა უფრო სასიამო არ არის შენთვის, სანამ გამხმარ-გაცივებული ეტრატი, ხელოვნურად შენივთებული, ვინ იცის, რის ქერქისაგან?! თვალნი არ გისხნენ ჩემად სამზერად, კერპო ნაკვეთო, ყურნი არ გქონან ჩემ ოხვრის სმენად! - ეტყოდა ღელვილი ქალი ხორცგაყინულ ჭაბუკს. სხლტებოდა ქალის გულისთქმა ჭაბუკის უგრძნობ არსებაზედ, როგორც რამ სალზედ. გაენდო სურვილით ლახვრილი ქალი თავის ბიძაშვილ ზენონს, მასთან თანაზრდილს, დიდი მეგობარი იყო ის გრიგოლისა. იმისთანავე მწიგნობარი, მარად მარხული და უბიწო. ზენონმა ვერც კი შეიგნო ქალის გულისთქმა. - გსურს დაგიმეგობრდეს გრიგოლი? შენ ხელშია ეს: შეიყვარე მასავით წიგნი, შეუდეგ იმასავით წმიდა ცხოვრებას და ეს დაგაახლოვებს მასთან, შაგაერთებს მას. ძმობილად მოგეკიდება მაშინ გრიგოლი, შენზედ მარად მზრუნველ ძმად. - ძმად?! მოყვარულ ძმად! და თუ დაუახლოვდები იმას, თებრონია ჩემო, როგორც დაი, თუ იტვირთებ მისგან ხელმძღვანელობას, როგორც მოწაფე, მაშინ ჰნახავ, რა ძვირფასი საუნჯეა დაფარული იმ უჩუმრად მშრომელ ჭაბუკში. შენ წინ გარდაიშლება ყვავილებით შემკული კუთხე ედემისა, სად ეცხადებოდა პირველს კაცს სიბრძნე შეუსაზღვრელი, სად ასწავებდა. იგი თვის მცნებას ევას შეუსმენელს. - არ მინდა მისი სწავლა, ხელმძღვანელობა! არც ძმობა მისი! თითონა მსურს მე იგი. ჩემი შეიქმნას სულით ხორცამდინ. მსხვერპლად მიმიღოს თუნდ დასაწველად: შემისუნთქამდა, ვეყნოსებოდი სუნად-სუნნელად ჩემს ღვთაებას, გავქრებოდი მის არსებაში. - გმობას იტყვი, ქალო, საშინელებას! - ვერ იგრძენ შენცა, ვერ შეიგენი?! უგულო ყოფილხარ კეთილთათვის ქვეყნიერისა! შემდეგში გამიჯნურებულის უსამზღვრო ტანჯვა იგრძნო გაბრიელ დაფანჩულის მეუღლე ელენემ. იმან გაუზიარა ეს ამბავი თავის ქმარს. ეს სახლობა დაახლოვებული იყო სამეფო ოჯახთან. გაბრიელ წარჩინებული აზნაური იყო, მეფის მახლობელ კარისკაცთაგანი. თებრონია, მათი მახლობელი, ძალიან უყვარდათ მეუღლეებს. ეს ჭკვიანი და გამოცდილი ხალხი დააფიქრა ამ ამბავმა. - ვნებად გარდაქმნილი გრძნობა უიმედო ბევრჯერ ბოროტად აამოქმედებს ადამიანს, მეტადრე მძლავრ ხასიათის მექონ გვამს. ისეთ საკვირველ სისასტიკეს მოამოქმედებს თავის თუ სხვის წინააღმდეგ, რომ გონება ვერ შესძლებს იმის გათვალისწინებას. - მართალს ამბობ, ქალო, ძალიან გატაცებული სჩანს თებრონია და შეიძლება რაიმე უგვანო მოიმოქმედოს, ბოროტი აუტეხოს თავის თავს, თუ არ შეუსრულდა საწადელი. - მეც მაგისი მეფიქრება. გრიგოლი, იცი შენ, მარმარილოს სატეხია, ხელოვნურად ნაქანდაკები: ვერ შეისმენს სხვის გულის ძახილს, არ შეიგნებს მის ტანჯვას, ვერ იგრძნობს. მაინც შეეცადა ცოლ-ქმარი სასიხარულოდ წარმართულიყო ეს ძნელი საქმე. ამაოდ! ვერა შეასმინეს-რა უგრძნობელს. გრიგოლს სრულებითაც არ გაუკვირდა აღტაცება თუ აღტყინება ქალისა, როცა უამბეს ეს იმას, არც ეუცხოვა. განსაცვიფრებელი ის იყო, რომ არ უარჰყო ქალი, არც გადრკა მისგან; უფროც დაუახლოვდა, თანდათან უმეგობრდებოდა ქალწულს და უმჩნევლად გადაჰყვანდა იმ უსისხლო გზაზედ, რომელი მიიგრაგნება სარწმუნოება-მეცნიერების ურწყულ უდაბნოზედ და მიჰყავს ადამიანი საყდრისადმი მაღლისა; სად იხარებენ ვარსკვლავნი სხიოსანნი. ის მნათობნი სულნი არიან ზეამაღლებულნი სამშობლო ცაზედ, - შენ არ იცი ეს?! - ბევრნი ჰნათობენ ჩვენის ქვეყნით ამაღლებულნი, სიხარულით უღიმიან ედემის კუთხეს. 43 შეიქმნა თებრონია მოწაფედ გრიგოლისა. გულმოდგინედ ემორჩილებოდა მის ხელმძღვანელობას. მიჰყო ხელი ლოცვას, მარხულობას, მწიგნობრობას. ნიჭი შეაჩნდა საკმაო და ხასიათი ფრიად მაგარი. თუნდაც მძლავრი ნებისა არ ყოფილიყო ის ან გონებისა, მაინც გზას გაიკვლევდა მოღვაწეობა-მეცნიერებაში: მას აქ ახელმძღვანელებდა უშრეტი სურვილი, თავი მოეწონებინა უგრძნობელისთვის, დაჰშინაურებოდა უხიაკს; იქნება თავიც შეეყვარებინა მისთვის. ქალს სიამეს განაცდევინებდა ეს ძნელი სავალი: გრიგოლიც იმ გზით ვიდოდა შეუფერხებლივ და ხშირად ჰხვდებოდნენ ისინი ერთმანეთს, სიახლით სიამოვნებდნენ, თუნდაც ხორციელ არსებათა შეურევნელად, გაუზიარებლად, მთლადაც უბიწოდ. ესეთი უნივთო სიახლეც საოცნებოა მიჯნურისათვის, თითონ ნეტარება თუ არ არის ის, ბჭე მაინც არის სანატრელი ედემისა. ესეც წინსვლა იყო თებრონიასთვის მის მძლავრ გრძნობათა დასასკვნელ გზაზედ. - აი საკვირველება! მადლმან უფლისმან არ უგულებელჰყო ეს შერეული გრძნობა: თანდათან გაუტკბა თებრონიასაც სწავლა საეკლესიო, რომელს ისე გულმოდგინედ მისდევდა გრიგოლი; სასურველად სცნო მომჭირნეობით მოღვაწეობა. თუ გრიგოლმა ქართულ ენასა შინა ყოველივე დაისწავლა, არც თებრონია ჩამორჩა თვის საყვარელ წინამძღვარს, იმანაც ამხანაგ ოსტატსავით სამღრთონი წიგნნი ზეპირად მოიწვართნა და სიბრძნეიცა იგი ფილოსოფოსთა კეთილად შეიტკბო; თუ ჭაბუკი ლოცვაში და მარხულობაში დალევდა დღეთა, თებრონიაც განუწყვეტლად ილოცვიდა და იმარხვიდა მარხულობითა მით უსასტიკესითა. და სახელოვნად განითქვა. სისრულე იგი მათი ყოველთა შორის. ჰასაკისა ზრდისა თანა მათისა სათნოებაიცა მათი კეთილი იზრდებოდა დღითი-დღე. ახ, ეს ყოველივე ჯერ ისევ გარეგნობა იყო ქალწულისათვის, მარტო ხილული სახე ანეელოზებრივის ცხოვრებისა. სხვას იტყოდა მისი გული, გრძნობათა შესაკრებელი მისი საწყალი. ჰკვნესოდა იქ საბრალო სიყვარული, სულიერის საკვრელებით სასტიკად კრული. თვის ნივთიერ არსებისგან ხვეწილ დახსნილი. თავის ბუნების უარმყოფელი და მით სასტიკად გვემულ-ტანჯული. წამება მით უფრო ძნელი იყო ქალწულისათვის, რომ შეუძლებელიღა იყო მისი მჟღავნება. მკაცრად შებორკილ მიჯნურობას თანდათან უფრო ეშლებოდა შეძლება განსახებისა, ცოცხლივ იმარხებოდა ბედშავი. მაინც იბრძოდა უტეხი გრძნობა, განსახებულიყო როგორმე, ეპოვნა გზა რამ სავალი: აღარ ეტეოდა გულში, აუცილებლივ უნდა განხორციელებულიყო მოქმედებაში. და ჰპოვა მან იგი სადენი: აღტყინებულ წარმოდგენაში ჰსახავდა ის ხორცთა კმაყოფილების სურათებს ერთს მეორეზე შეუსაბამოს, ერთმანეთზედ მძლავრს, ბუნებრივ სახეების მამახინჯებელს. ჰპოვებდნენ ის უსახო სახეები თავის შესაფერ მეტყველებასაც, სინამდვილეს მოკლებულ გამოთქმას. თებრონიას სულდგმულად მიაჩნდა წიგნი თუ ნივთი გრიგოლისა; მის უბირ თავსარქმელს ისე იკრავდა გულში, თითქო ძუძუთა შორის თვით თბილი სახე უძევსო მზეჭაბუკისა; ცდილობდა, იდუმალის თუ უცაბედის შეხებით გაეზიარებინა ვაჟკაცისათვის ხორცთა სიცხოველე მწვავ ვნებათაგან სასტიკად აფიცხებული. ამას ყველაფერს ჰხედავდა შორსმჭვრეტელი მწირი და მაინც გრძნობათა ამგვარ განვითარებას არავითარ დაბრკოლებას არ უჩენდა თავის მხრივ. - იოცნებოს! თუნდა ნივთიერი სახეებიც მიიღოს მისმა იდუმალმა განზრახვამ. ვიცი, როგორი ძნელია გზა თავისთავის უარყოფისა, გამოცდილებით შემიგნია ეს. სახიფათოა სურვილი ბუნებრივ ლტოლვილებათა დახშობისა. ადამიანს აჩრდილი მაინც უნდა შერჩეს მათის განსახებისა, თუნდაც ხატება გასაკვირველი. გავა დრო, მინელდებიან ჟამიერი მისწრაფებები ხორცისა; მოისპობიან იგინი და ხელთ შერჩება მხოლოდ ის, რომ უარჰყოფს ყოველსავე ნივთიერ საწადელს. გაიმართება სვლად უფლის ნებაზედ. და ის წაღმა სვლა მით უფრო ძლიერი იქმნება, რამდენადაც სასტიკი იყო ბრძოლა, რომელს აწარმოებდა თავის წინააღმდეგ. გული იწრთობა ამისთანა ბრძოლაში, მკლავნი ფოლადდებიან და შეუბრალებლად აღიმართება რვალის მარჯვენა საწრთველად სხვათა, თვით ქედფიცხელთა მოსაძიებლად. ესეთი გაკაჟებული გული არის საჭირო იმ მრავალსახე და დიდ მსხვერპლისათვის, რომელი მსურს შევსწირო მე თებრონიას ხელით ღვთაების ნებისყოფას შეუსამზღვრელსა... - მეთაყვანების ქალწული. ტკბილია იგი მისი შემოვედრება. გვიანღა არის. ვეღარ მივიღებ ხორციელ კმაყოფილებას, თუნდ ნეტარებასავით დამტკბარ სიამეს. ჩემი სულიერად სრულყოფის გზა უკვე მკვეთრად არის აღნიშნული, ჩემთვის ცხადქმნილი... მოყვასთა თვისაც. აღარ ეგების მისი უკუგდება, თუნდაც რომ შეცვლა... - შენ ვერ წარმოიდგენ, თებრონია ჩემო, რა ახლო ვიცნობ სურვილთა ძალას: მეც დაუწვივარ ნდომის ალს აღტყინებულს. შევსწირე გული ჩემი იმ მსახურებას, რომელი დავისახე მე საუკუნოდ. - რად? - იმისთვის, რომ ის არის გზა ცხოვრებისადმი დაუსრულებელისა, იგივე მაუფლებს მე ქვეყნიურ ძალთა ზედან ყოველგვართა. კარგად შეიგნე: იგივე მაუფლებს მე ყოველთა ქვეყნიერთა ძალთა ზედან! შენც გაუფლებს. ჩემო კარგო, ეს რჩეული გზა გადადის ქვეყნიურთა ზედან და აგიყვანს ტახტისადმი ზეშთა მეუფისა... ვინ უწყის სასტიკნი ბრძოლანი ჩვენნი სულიერნი?! ვინ იხილოს ცეცხლებრივნი განცდანი ჩვენნი?! ნუ შემძიმდების სული შენი, დაო ჩემო საყვარელო, ნუ ეჭვნეულ იქმნები: ნაყოფისაგან მისისა იცნობების ხეი კეთილი, ხოლო ნაყოფი ჩვენის მოღვაწეობისა სასიკეთო არის კაცთათვის და სათნო წინაშე ღვთისა. გარეშენი მართლა და მარტო იმ კეთილ ნაყოფსა ჰხედავდნენ საიშვიათოს, რომელი გამოჰქონდა ამ ახალგაზრდა ქალ-ვაჟთა უღალავ შრომას სულიერს. ვითარდებოდნენ იგინი გონებით და ზნეობით. სიტყვა მათი შეზავებული იყო მარილითა მადლისათა. გულსა მათსა დანერგულ იყო ძირი სიწმიდისა, ზე აღმოცენებულიყო ნერგი ჭეშმარიტის სარწმუნებისა. შეექვსნენ ერთურთს ქალ-ყრმანი, წყვილად ვიდოდნენ; ვითარდებოდნენ დღითი-დღე სულით. ვაჟს რომ იდუმალი გულისთქმა უძღოდა წინ ამ ძნელად სავალ გზაზედ და უნათებდა გზას წყვდიადში, როგორც კანდელი მარად მგზნებარე, მას რომ სულიერი ძალაც შესწევდა თავის შორეულ ნატვრის შესასრულებლად; არც ქალი იყო უმიზნოდ მოღვაწე, იმასაც თავისებური გულისთქმა ახელმძღვანელებდა პირადი, საიდუმლო: დაუშრეტელი სურვილი სატრფოს სიახლისა. ეს ამხნევებდა მას მეცნიერებისა თუ სიწმიდის გზაზედ. და თუ ნიჭით ვერ ედრებოდა თავის ჭაბუკ წინამძღვარს, ნებისყოფის სიმკაცრით არ დაუვარდებოდა მას, მისწრაფების უტეხ სიძლიერით. ეს ურყევი მილტოლვა იყო იმის მიზეზი, რომ ისიც მანათობელ ლამპრად გაშუქდა ქართველთა შორის, საიშვიათო რამ ქალწულ-მოწამედ, რომლის შარავანდედი ჟამთა დენაში არა ნელდება, უფროც შუქდება. - გასაკვირველია ამ ქალწულის ძლიერი სწრაფვა სამღთო სწავლისადმი, უწყვეტი მოღვაწეობა ზნეთა განწმედისათვის! ჰნახავ, თუ რჩეულთა თანა არა შეირაცხოს და მადლი უფლისა არ გაძლიერდეს გულსა შინა მისსა, - ეტყოდა ბერი ხვედიოს მოძღვარ ნეოფიტეს. - განცვიფრებაში მოვყევარ მაგათ შრომას და ცხოვრებას. როდესაც თებრონია დაუახლოვდა ჭაბუკ გრიგოლს, მეგონა, სოფელმა თავისი მოციქული მიუგზავნა მოღვაწეს და უთუოდ შესძლებს გაიტაცოს გამოუცდელი ქვეყნიურ სიამეთა კორდებისაკენ. არა მწამდა ქალის გულმოდგინება სამღთო წიგნთა თუ მარხვალოცვისადმი; მეგონა, მხოლოდ მახე იყო ეს ეშმაკისაგან დაგებული, რომ ვერ ეგრძნო ჭაბუკს ხიფათი, შთანთხეულ იყო ყვავილნარით დაფარულ მთხრებლში ხორცითა სილაღისა. დარწმუნებული ვიყავ ამაში. ვღონობდი, არ ძლეულიყო საერო საქმეთაგან გრიგოლ თავდადებული, სარწმუნოების ცეცხლით გზნებული. - სცდებოდი! - ვცდებოდი! მადლმან უფლისამან დასდო ქალ-ყმათა შორის მახვილი უბიწოებისა. განგება სიწმინდის გვირგვინით შეამკობს მათ თავს მშვენიერს. - რჩეულნი არიან ღვთისაგან განსამტკიცებლად წმიდისა ეკლესიისა. ვერ შეეხოს ბოროტებაი ახალ მნათობად მოვლინებულთა. ვერც თუ ეშმაკმან ბილწმან აცდუნოს იგინი, - დაასკვნა მოხუცმა ხვედიოს. და თვალნი გაუშტერა სივრცეს: საკვირველ ჭაბუკთა მომავალსა ჰხედავდა იგი, დიდებულად განსხივებულ მათ უკვდავ შედეგს. 44 სიწმიდის ლამპარი ბრწყინავდა ჭაბუკთა სულში. ამას გამოაჩენდნენ საქმენი მათნი კეთილნი და მიწყავი მათი შრომა განვითარების სავალზედ. მაგრამ ჭაღი მათის სისრულისა დაგზნებული იყო არა მხოლოდ მადლისაგან ზეციურისა, სიყვარულისაგანაც ქვეყნიურისა. თუმცა ვინ იტყვის, ტრფიალება ქვეყნიური არ იყოს მადლივე ღვთისა, მხოლოდ ხორცსხმული, ნივთიერქმნილი, როგორც შეჰშვენის სოფელს ნივთიერს, ცხოვრებას ხორცთა შორის ნამჟღავნებს. ეშხით დამწვარ თებრონიას კიდევ იმედი ჰქონდა, რომ მისი სიახლე ხორციელი და ერთობა სულიერი ააგზნებდა თუნდ ქვის ჭაბუკში იმ იდუმალ კანდელს ვნებისას, რომელი ძლიერად საცნაურ იქნების არსთა ბუნებაში; დააკვესებდა ვაჟში ნაპერწკალთა ბუნჯგალს მწვავ-მოლაპლაპეს, რომელს ეძინა მის მძლავრ აგებულებაში, განუყრელ მეგობრის მაძიებელ მის გულში. და მაშინ... - და მაშინ აღყვავდება ედემი ჩემთვის! მაშინ შევალ სასუფეველსა ამა ქვეყნიურს! ბედნიერ ვიქმნები ვით ევა პირველ კოცნის წუთს! შეჰშურდება თვით სატანაილს ნეტარება ჩემი. შევიქმნები კურთხეული დედათა შორის, ქალთა შორის მთელის ქვეყნისა! წარმოსთქვა სურვილმორეულმა ქალმა. და დაეკრა ათრთოლებული ბაგით მარჯვენას თვისის წინამძღვრისას, ჯერ უკურთხებელ მარჯვენას თვისის მიჯნურისა. მთლად დაჰკარგა ქალწულმა შემაკავებელი ძალა თვისი, ვეღარ მოაშორა მგზნებარე ბაგე ძარღვიან ხელს ძლიერის ვაჟკაცისას; ზედ დააკვდა მას, დაბნდა მუხლმოდრეკილი. შეთრთოლდა ჭაბუკი, აგორდა მის გულშიც სურვილთა ტალღა მძლეველი და ააძგერა იგი ძლიერად. ალავარდნილ ნაკადად მოაწვა სისხლი სახეზედ, აუნთო თვალები ცეცხლით შემწველით. ენა აღექვა გამშრალ სასაზედ. მარცხენა მკლავი თავისთავად გაეშალა რაინდს ქალწულის მოსაჭდობლად. დახარა ვნებამ, ვით მუხა ნორჩი გრიგალის ძალამ. შეეხო ბაგით სუნნელოვან თმას ქალწულისა. ეჰა წუთი ლამაზი, წამი, რომელს შეეძლო ტკბილ ცხოვრების კვალზედ წარემართა ქალ-ყრმის ცხოვრება. უკვე ვიხილე მათ შეწებებულ თავთა ზედა მაკურთხებელი მარჯვენა ყოვლად კეთილისა; გაიხსნა კიდეც მზიური ბაგე სახიერისა წარმოსათქმელად მათ დალოცვისა: - იხარებდით, აღორძინდით, განმრავლდით, აღავსეთ ქვეყანა თქვენის ნაშენით! ახ! ვაჟკაცის უხეშმა ნებისყოფამ დასძლია ლამაზ გრძნობათა წამიერი გამარჯვება, კვლავ შესძლო მან მძლედ გაბრძოლება, შეიბერტყა მედგრად და სიყრმით აღებულ სავალზედვე გადასტყორცნა ჭაბუკი ღელვილი. - განვედი ჩემგან, მაცდურო ბილწო! განმეშორე მე, ჭურო ცოდვისავ, ახალო ევავ! - წარმოსთქვა მწირმა. და განდრკა ქალისაგან, უკუდგა შორსა, კედელს მიეყრდნო თებრონია იქვე იყო, იმავ ადგილას. მოიხარა იგი წელში, ძირს დაუშვა თავი შემძიმებული. ცრემლი დაადინა წინ-გაწვდილ თვის ხელებს. იცი? მაშინ იმ ხელებშივე ეჭირა მარჯვენა თვისის საყვარელისა, გარნა უკვე მარჯვენა მკვდარი, მისთვის უსულო, გაციებული. ცრემლებს აფრქვევდა ლამაზ გრძნობათათვის მიცვლილ ხელს უეშხო ჭაბუკისას, გამოთხოვების ცრემლებს. მდნარ ტყვიასავით მძიმეს და გამწველს. ამ საბრალო სანახაობამ სძლია უტეხი: მიუახლოვდა მწუხარების ქანდაკებას, ხელი შეახო, დასვა, წყალი მიუპყრა. არ შესვა მიწვდილი სიგრილე, თავი მიიდრიკა. გაემართა კართაკენ. თავდახრილი მიდიოდა, წელგატეხილი. რყეულ ნაბიჯსაც სდგამდა, როგორც მოხუცი ღონემიხდილი. მწირი გულცივად უყურებდა მიმავალს, თითქმის მტრულად, მაგრამ როცა თვალი მოჰკრა, რომ ქალს განსაცდელის წუთს თმა შესთრთვილოდა, შესჭაღარებოდა, ტკივილი იგრძნო გულისა უცნაური; ფეხი წარსდგა წინ, მაგრამ ბაგე ვერ გახლიჩა სიტყვის სათქმელად. გაიარა ქალწულმა კარი, განშორდა ჭაბუკს, თებრონიასთან ერთად განშორდნენ გრიგოლს სიამენი ამა სოფლისა. უარჰყო იმან ერთი ნაწილი თავის ბუნებისა, თვისი ნივთიერი არსება. შეუდგა აწ განვითარებას მხოლოდ სულისას. - გგონია კარგადა ქმნა? დარწმუნებული ხარ, მცნება უფლისა აასრულა? ნუ იფიქრებ! ღმერთს ჭკუა არ ესწავლება. იმან შეგქმნა ხორციელი და ჩაგბერა სული უკვდავი: ორი ბუნება შენი განუყრელად შეერთებული. უნდა დაჰმორჩილდე ნებას ყოვლად ბრძენ შემოქმედისას: გიყვარდეს ხორციელიც და სულიერიც შენი არსება, იზრუნო მათზედ, განავითარო. განგებამაც ესე განაწესა: მოგცა წესდება ხორცისათვის და მცნება სულისათვის. გახსოვდეს! - მახსოვს! მაგრამ რა ვუყო, ოდეს ხორცი ეწინააღმდეგება სულს, შეამძიმებს მას, აბრკოლებს აღმაფრენაში. - ნუ იტყვი! სული და ხორცი განუყრელად არიან ერთქმნილნი და განვითარების გზაზედ ეხმარებიან ერთმანეთს. უთანხმოება მათ შორის თუ წინააღმდეგობა მხოლოდ ნაკლია ერთის მათგანის შეუსაბამოდ ზრდისა, სიბოროტე ერთის უზომო ლაღობისა. უნდა შეაწყო, შეათანხმო, შეახმატკბილო ეს სიმები შენის არსებისა. როგორ შეიძლება უგულებელ ჰყო ერთი მათგანი, იგულე ადამიანი ორსახედ ერთისა და იმავე განუყოფელის არსებისა. ვერავინ გაჰყრის სამუდამოდ ერთქმნილ ხორც და სულს ვერც ამ ქვეყნად, ვერც თუ იმ ქვეყნად. - ვერც თუ იმ ქვეყნად?! - ვერც იმ ქვეყნად ხორციც ვითარდება, წმიდავდება, უკვდავ იქმნება, სამარადისო ყოფნას ეზიარება, ვით სხეული სრულის ღმერთკაცისა, ოღონდ აამაღლე იგი, განავითარე, ჰაეროვან ჰყავ, ნათლით შემოსე, დაუახლოვე ღმერთს განკაცებულს. იქმენ ვაჟ-ღმერთი! - როგორ შემიძლიან?! - განავითარე გონივრულად ხორცი მშვენიერი, ნუ უარჰყოფ მის მისწრაფებას, მაგრამ ნუ სჭარბობ. განიძარცვაო თანისთანობით ხორცთა მშვენიერს და შეიმოსავ ჟამთა დენაში, ხორცსა მშვენიერს, სულის შესაფერს. - ძნელი იქნება, შეუძლებელი! - ადამიანი სახეა ყოვლადშემძლებელი შემოქმედებისა, მისთვის არაფერია შეუძლებელი!.. საბედისწერო წუთის შემდეგ თებრონიას გული უსასო იქმნა ქვეყნიურის ცხოვრებისათვის. მიჰხვდა, სამუდამოდ უნდა დაეტოვებინა ბუნებრივი გზა სრულის ცხოვრებისა: რჩეულ მის ვაჟკაცს უარეყო ყოფნა მზეჭაბუკური; ქალს კი აღარ შეეძლო დაეთმო ის. დაევიწყებინა, სხვაზედ გადაეტანა თვისი სურვილი. მისთვის აღარ არსებობდა სხვა ვაჟკაცი, ვერც იარსებებდა ვერასოდეს. ქალწულის ძლიერი ბუნება პირისპირ შეხვდა ჭეშმარიტებას. სიყვარული მხოლოდ ერთია, განუყოფელი, ვით ღმერთი. რომელი არის თვით სიყვარული. იგი უსწორო სიყვარული მოევლინა მხოლოდ რჩეულს, ზეამაღლებულს. სხვათათვის არსებობს ერთობა მარტო ნივთიერი, ცვალებადი, მიმომავალი, დაუდგრომელი და მრავალსახე. ძვირად დაუჯდა სისხლ-ხორცით სავსე ქალწულს გაუზიარებელი მიჯნურობა; მოჰკლა მან ქალი სოფლისა და მის სიამვთათვის, ჩააგდო უხსნელ წამებაში; უსასოქმნილი მაინც უწყვეტ ჯინჯილით იყო მიჯაჭვული გრიგოლია არსებაზედ, ერთიღა დარჩენოდა. მარად ცრემლით დაელტო ფერხნი უგულოსი და წარეხოცნა ცრემლი იგი შოლტებივით გადაყრილ თვის ნაწნავებით; ესე ბოლომდის. ღრმა სიბერემდინ! ბოროტად მღიმარე ბედმა მაინც არგუნა მას მხცოვანობამდის თანაჰხლებოდა თვის გულის რჩეულს, უდრეკ რამ მებრძოლს, ზეკაცური ძალით შემოსილს. 45 არ შეიცვალა ქალ-ვაჟთა ურთიერთობის სახე გარეგანი: თებრონია ისევ მშრომელ მოწაფედ დარჩა გულმოდგინე მასწავლებლისა. კიდეც უმატა თვის ღვაწლს კურთხეულს. სხვა ღონე არა ჰქონდა! რამდენჯერ განიზრახა დაჰხსნოდა ამ ტკბილ-მწარე გრძნობას, ახალი გეზი აეღო სიცოცხლის ზღვაზე, ახალი კატარღა ცხოვრების ტალღებზედ მატარებელი. ვერ მოახერხა! უძლეველი აღმოჩნდა ის ძალა, რომელს მიექცია ქალი ვაჟკაცისაკენ, უწყვეტი გამოდგა სიყვარულის სიმი, რომლით შეკონილიყო ქალის გული ვაჟკაცის არსებასთან. დაენანა თავი, შეებრალა თავისი ნორჩი ქალობა უმურაზო. რაღას იზამდა?! ძალა არ შესწევდა თვალი მოეწყვიტნა ცივად მანათობელ თვის ვარსკვლავისათვის: ჩამსხვრეული ნებისყოფა არ აძლევდა შეძლებას სხვა ღმერთი აერჩია სათაყვანებელი. გონება უკარნახებდა, დაჰხსნოდა თვის უიმედო მისწრაფებას. უხმო იყო მისი ძახილი! მისი გული ყრუ იყო გონების ხმის სასმენელად, მისი ნებისყოფა დავრდომილი იყო ჰაზრთაგან ნაჩვენებ გზაზედ სავალად და შეჰყურებდა ქალი თვის მტარვალს. თვისი სიცოცხლის გამაცუდებელს. თვის ბედისმწერელს ავს, მაინც სანატრელს-საოცნებოსა, იყო წამები, როცა უღონო მტრობით განიმსჭვალებოდა ქალი ჭაბუკისადმი, სიკვდილსაც მოინატრებდა თვის სიცოცხლისთვის... - ეგებ მაშინ დაივიწყოს გულმა კრულმა გულქვავი, არა ხორცთა და სისხლთაგან თხზილი, ლითონისაგან ჩამოსხმული კერპსათაყვანო, ახ არ უსხენ თვალნი ხედვად მშვენებისა, არ ჰქონან ყურნი სმენად ალერსისა, დახშული აქვს ყნოსვა გრძნობად სუნნელებისა, რომელს ჰფშვის სიყვარული უბიწო... - არა! ღმერთმა დაიფაროს სიკვდილისაგან და ყოვლისაგან განსაცდელისა. მოისპოს იგი, მომესპოს მეც მზე და გამიცუდდეს სიცოცხლის ჰაზრი. ნუ იყოფინ ესე, სახიერო, ნუ იყოფინ! ქალი რომ ვერ უსურვებდა რაიმე ბოროტს ვაჟკაცს, მისთვის ავ ეტლად ქცეულს, აქ კიდევ წილი ედვა მის რაღაც ლოდინს: სამარემდინ იმედითა ცხოვრობს ადამიანი. თანაც მიაქვს იმ ქვეყნად იგი იმედი; ჰგონია, იქ კვლავ გაუღიმებს მას ამ სოფლად ჩამქრალი ცნობიერება, გაუნათდება თვის პიროვნობა საყვარელი, თუნდ ჯოჯოხეთის ტანჯვათა შორის კვლავ ეწევა თვითცნობიერება ფასდაუდები. არა სტოვებდა ტანჯულს იმედი; ეგონა, გაქვავებული გული ჭაბუკისა რაიმე სასწაულით აძგერდებოდა მისთვის, კარს გაუღებდა სიყვარულს ნაკურთხს, დაამკვიდრებდა მას ედემში უჩრდილო მიჯნურობისა, თვითაც დამკვიდრდებოდა მუნ. არ იცოდა ბედშავმა, რომ მის სათაყვანებელ ჭაბუკის გულში ფრთები გაეშალნა სულ სხვა მიზანს წინაგანზრახულს, სხვა ჰაზრი დაუფლებოდა მას და მიაქანებდა მის ძლიერ პიროვნობას იმ სიმაღლისაკენ, სად ვეღარ სწვდება ვერც თუ სიკვდილი ან განქარვება. გრიგოლს ჰაზრად ჩაედვა მიწევნილიყო მწვერვალამდის, რომელი სწვდება სამშობლოს ცის კამარას, გადაფრენილიყო ვარსკვლავთა სამფლობელოში, მთიებთა არეში, საიდანაც მნათობნი სურვილით დაჰმზერიან სამშობლო მხარეს, გაანათებენ ძვირფას ქვეყანას აღსასრულამდე წუთისოფლისა. არც თუ მთლად ფუჭი იყო ტანჯულის სასოება: გაკაჟებულიყო ჭაბუკის გული, მაინც შერჩენოდა მცირე რამ კუთხე, სადაც დიოდა სისხლი მჩქეფარე; მისი სული დაეპყრო ჰაზრს, რომელი დაესახნა მას თვის ცხოვრების ერთადერთ მისწრაფებად. მაინც იყო იქ ვანი რამ მცირე. ამ ჰაზრის დამმონებელ ძალისაგან თავისუფალი, სად ციაგობდა ქვეყნიურ სიამეთა სურვილი მცირე, თითქმის მიმქრალი განიცდიდა საკვირველი ჭაბუკიც წუთს სულმოკლეობისას, როცა შეჰბედავდა მას ეჭვი ბასრ-ჭვანგიანი და ჩასჩურჩულებდა: - გაჩნდი ცხოვრებად, მოიმკე, ქვეყნიურო, სამკალი მსოფლიური! შენ წინა სდგას ხორცსხმული სიყვარული, შენკენ გამოუწვდია სურვილის მკლავი; ისწრაფე, მოისთვლო მტევანი შენთვის მომწიფებული! გაახარებს იგი შენს გულს, გაანეტარებს, შეგძენს ცნობას ნივთიერის ტკბობისას. გყოფს შენ, თუნდ წამიერად, ვითარცა ერთს ღმერთთაგანს. ისწრაფე! ამისთანა წუთებში გრიგოლის მკვეთრი თვალები ეზიარებოდნენ სილბოს სახიერებისას, მის მარად მტკიცედ დახშულ ბაგეს გახლეჩდა ნასახი სიამის ღიმილისა, მის განხმელ ხმაში ერეოდა ბგერა რამ ლბილი. ამისთანა წამები ასაზრდოებდნენ თებრონიას სასოებას, ასულდგმულებდნენ. მსწრაფლ უკუაგდებდა უკმეხი ვაჟი საამო სისუსტეს ნებისყოფისას, უფრო მტკიცედ წაემართებოდა სამუდამოდ არჩეულ გზაზედ, მის თვალებში ისევ აღტყინდებოდა ცეცხლი შემწველი სიხარულისა, ბაგენი მკაცრის სიმტკიცით დაეხშობოდნენ ნაზ სიტყვებისთვის, ხმაში ქრებოდნენ ჩვილნი ჟღერანი, იტყოდა იგი, ვით რამ ლითონი, მთლად უსულგულო, მჭახედ მომთქმელი. და ჩაითხეოდა ქალწული უფსკრულში უიმედობისა. მაინც ვეღარა ჰშორდებოდა თავის მტარვალს სასურველს. თვის ბედისწერას ულმობელს, სადღა წავიდოდა, როცა ნებისყოფა მოტაცებული ჰქონდა ვაჟკაცისაგან, როცა მის ხელში უკვე შექმნილიყო მხევლად, უპიროვნო ნივთად სულდგმულად?! - ღმერთო სახიერო, მიიღე ჩემგან სული ჩემი ტანჯული, დამხსენ წამებას დაუსრულებელს რა არს ჩემი სიცოცხლე? არც ცოცხლებში ვარ, აღარც თუ მკვდრებში. მომძაგდა კაცთა ნახვა, მახვილადა ჰხვდება საწყალს ჩემს გულს ხმა ტოლ-სწორთა სიხარულისა. ყოვლად მოწყალე ყურად არ იხვევდა ქალწულის ვედრებას, ყოვლად მკაცრი შექმნილიყო თებრონიასთვის, უსასტიკესი: იცოდა მეცნიერმა, რომ უკვდავება მხოლოდ ტანჯვით შეიძინება მომაკვდავთაგან, უსამზღვრო ტანჯვით სულიერით თუ ხორციელით, წამებათა ბრძმედში ჩადნობ-ჩაფერფვლით. ესეთი იყო სულიერი მდგომარეობა ქალ-ყრმისა, მათი განცდა გამოუთქმელი, ძნელი ცხოვრება მათი ლახვარსობილი. ყველა ამას ჰხედამდნენ მხოლოდ თითონ ისინი და... და შორეული თვალი მათის მოყვრისა, რომელი მომავალ დროთა უსამზღვრო სივრციდან განსჭვრეტდა მათ სულიერ ტანჯვას, თვითც ეწამებოდა მათის წამებით. სხვანი ყველანი ვერასა ჰხედავდნენ გარდა იმისა, რომ ეს საკვირველი ქალ-ვაჟი გატაცებით, ვნებულად დასწაფებოდა საეკლესიო თუ საერო ცოდნათა ტბას და ისწრაფოდა ძირამდინ ამოეწურა ის. სწურავდნენცა! საოცარი სისწრაფით და სავსებით ითვისებდნენ მეცნიერებას, მეტადრე საეკლესიოს, განცვიფრებაში მოჰყვანდათ სწავლის უნარით და დიდის განვითარებით ყველანი, მცოდნენი და უცოდინარნი, დიდებულნი და მცირენი, საპატიონი და მდაბიონი. საჩვენებელნი შეიქმნენ, სამაგალითონი, უფრო კი ჭაბუკი გრიგოლ. უკვე იწყეს შეჭირვებულებმა იმათთან სამოძღვროდ დენა. თითონ ხნიერნი და ცხოვრებაში გამოცდილნი, მწიგნობრობაში დახელოვნებულნი და დაბრძნობილნი მიჰმართავდნენ მათ ჰაზრთა გასარკვევლად თუ გრძნობათა შესაფასებლად. 46 ამ მოღვაწე ახალგაზრდებმა მიაქციეს თვისზედ ხალხისა თუ მამულის მოჭირნახულეთა ყურადღება. იმათ სავსებით დააფასეს განსაცვიფრებელი შრომისმოყვარეობა გრიგოლისა, მისი გონებრივი განვითარება მდიდარი, მოქმედი რწმენა მარად აგზნებული, გაუდრეკელი ნებისყოფა უტეხი. დაასკვნეს გამოეყვანათ ის წინამბრძოლთ სარდლად ქართველთა ეკლესიისა, განსამტკიცებლად ქრისტიანობისა, ასაყვავებლად. ეკლესიას ესაჭიროებოდა მაშინ მებრძოლთა რაზმი განვითარებული, სარწმუნოების ალით აგზნებულ-აღფრთოვანებული. საქართველოს კარს მოსდგომოდა ძლევამოსილი ლაშქარი აგარიანთა, რომელთ უკვე დაეპყრათ მრავალი ქვეყანა ახალის სჯულის უქრობი ცეცხლით. - განსაცდელი ადგა თავს ჩვენ ქვეყანას და მასთან ერთად მთელ საქრისტიანოს აღმოსავლეთში: დაეცა საპატრიარქო ალექსანდრიისა; ეგვიპტეში ჯვარის წილ მთვარე ელვარებს წმიდა ტაძართა გუმბათებზედ; დამონებულია ბრწყინვალე იერუსალიმი, აკვანი ჭეშმარიტის სჯულისა; წმიდა ადგილნი დათრგუნვილ არიან უსჯულოთაგან. უღონოქმნილ პატრიარქს მხოლოდ სახელიღა შერჩენია დიდებული. ანტიოქია! მხოლოდ ხსოვნაღაა დიდებული მონასტრებისა, მეცნიერებით განთქმულ სავანეებისა და პატრიარქი გაძრცვილი, დამდაბლებულ-დამონებული! სდგას საქართველოს ეკლესია მარტოდ-მარტო აზვირთებულ ტალღათა შორის ახალის ოკეანისა, ვით რამ კუნძული ობლად გამდგარი. - ვითა ჭალაკი ყვავილოვანი ცეცხლმოდებულ მიდამოს შუა. - აღტყინებულ ცეცხლს შუა მძვინვარისა. - მე რომ ჩვენ ეკლესიის ყოფასა ვხედავ, სასოწარკვეთილებას ვეძლევი. რა ქმნას აშოტმა თუნდაც დიდებულმა? განწირულია იგი სხვათაგან, უნებლიეთ მიტოვებული თვით ბიზანტიისაგან. მარტო იბრძვის, ვით ამირანი ახალი დევთა შორის ფრიად მრავალთა. ტფილისთან კიდეც გადაუტყდა მას ერთხელ ხმალი, სასწაულებრივღა გადარჩა დაღუპვას. მასთან დაიღუპებოდა მთელი საქართველო. - ყოვლად წმიდამ გადაბურა მაშინ საფარველი მეფესაც. მის მცირე ჯარსაც. იგივე ჰმოსავს აწ მის მარჯვენას ძლიერებისა მტერი შემკრთალია და შემდგარი, ღონემიხდილი. ქველი აშოტი შეუდრკომლად განაგრძობს სამეფოს შენებას და განმტკიცებას. აგერ დაამთავრა ახალი სატახტო ქალაქიც თვისი, განაძლიერა შეუმუსრავ სიმაგრეებით. - არ სძინავს ბატონს სამშობლოსათვის თავდადებულს, მაგრამ მარტო მას არ შეუძლიან მისწვდეს ყველგან და ყველაფერს. გატაცებულ მოჭირნახულეთა რაზმი უნდა ერტყას გარს ამ განსაცდელთა დროს. წმიდა ეკლესიამ თითონ უნდა აღმოაჩინოს თავის წიაღში განმამტკიცებელნი თვისნი, მამშვენებელ-მაშენებელნი. შეჰშვენის მეფეს მფარველობა, ხელის აბყრობა. სარწმუნოებისათვის თავდადებულნი უნდა შექმნას თვით ეკლესიამ. - ჩვენი მოვალეობაა, სამღვდელოთა და საეროთა წმიდა ვალი ვეძიოთ ღმერთშემოსილი მოღვაწეება, სულისაგან წმიდისა დაბრძნობილი მქადაგებელნი, ეკლესიისა ურყეველ კლდეზედ მაშენებელნი, ზნეთა სიწმიდით ლამპარსავით მანათობელნი. - ის რჩეულები შეჰქმნიან თავის გარშემო მებრძოლ რაზმებს რომელთ ვერა სძლევს ძლიერება ქვეყნიური, ვერც დააბრკოლებს მანქანება ბნელ ძალებისა. იმათ წინაშე სირცხვილეულ იქმნება ძალა ბოროტისა. მათ ბრძოლის ხმაზედ დაირღვევა ბჭე სიბნელისა. - სიმართლე ღაღადებდეს თქვენის პირით. ამისათვის შეგკრიბეთ დღეს. მსურს მეც განიშნოთ ღვთისგან რჩეული, მიგახედოთ იმ ლამპრისაკენ, რომელი ჰნათობს თვით ბნელსა შინა. უწყით, მამანო, ვიზედ ვიტყვი მე: გრიგოლ ჭაბუკზედ ვუბნობ და მასთან დად შეფიცულ თებრონიაზედ, - ბრძანა მოხუცმა დედოფალმა, გრიგოლის დედობილმა. კრებულმა მოუწონა დედოფალს სიტყვა. დაასკვნეს გამოეყვანათ გრიგოლ საბრძოლველ ასპარეზზედ. ამისთვის საჭირო იყო გარეგანი სახე მიეცათ მის პიროვნებისათვის, ისეთი ხარისხით შეემოსათ ის, რომ შესძლებოდა განსაზღვრული მოვალეობით აღჭურვილი წამდგარიყო ხალხის წინაშე, ღვთის წინაშეცა; თანაც შესძლო შექმნილიყო მისთვის, ევლო მას დიდების გზაზედ, განდიდების შარაზედ. მისმა აღმზრდელმა სახელმწიფო ოჯახმა, მისმა საკუთარმა დედამ და ერთა სიმრავლემ ინებეს ხუცად კურთხევა მისი. მიჰმართეს მოღვაწეს: - შვილო ყოვლად კეთილო, მონავ ქრისტესო, სარწმუნოვ! იტყვის წინასწარმეტყველი: ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა! გშვენის ახვიდე მთასა უფლისასა, დასდგე ადგილსა წმიდასა მისსა შემწირველად უსისხლოისა მის მსხვერპლისა. გრიგოლს თუმცა ჰქონდა მღვდლობის სიყვარული, მაინც დააფიქრა ხალხის თხოვნამ: შიში დაეცა მას სინორჩისა გამო თვისისა. იტყოდა: - კრძალვა ჰმართებს მღვდლობას! მარათალი უნდა იყოს სამღვდელო არა მხოლოდ საქმით, სიტყვითაც, გონებითაც; უწესო კაცის მღვდლობა განარისხებს უფალსა. ქრისტემ თავის მაგივრად მოციქულნი დაადგინნა; მღვდელნი ნაცვლად მოციქულთა ჰგიენ. მეკრძალვის მივეახლო სიწმინდესა; პატივსა ვხედავ, პატივისაგან მეშინის ჰასაკითა დაუბრძნობელსა. - ქრისტეს რჩეულო! შიში ღვთისა თავი არს სათნოებათა; გარნა სიბერისა პატიოსნება არა მარავალი ჟამი არს, არცა რიცხვი იგი დღეთა: მხცოვანობა არს გონიერებაი კაცისა და ჰასაკი სიბერისა ცხოვრებაი უბიწო. შენ მოგცა ქრისტემ კეთილმოხუცება გონებისა და ნურღა ურჩ იქმნები! დაჰმორჩილდა: იკურთხა ხუცად ვედრებისაებრ მვედრებელთა: მისთასა ვედრებისაებრ თვით საკუთარი ოცნებისაცა: მას იმთავითვე დაესახნა თავი მსახურად ეკლესიისა, რომელი უნდა ედიდებინა ურყევ მოღვაწეობით, რომელს უნდა ედიდებინა თავისი მსახური უმქრალ დიდებით. შარავანდედი ღმერთკაცისა შეუმკობდა მას თავს სხივთა სიმრავლით, აღმოაბრწყინებდა სამშობლოს ცაზედ ვარსკვლავად სამარადისოდ აშოტის გვერდზედ დიდბრწყინვალისა, იმის თანაბრად. - გვირგვინი ჩემი სხიოსანი უფრო ბრწყინვალე იქნება მაშინ, წელთა დაუსრულებელ მსოფლიოში, ვიდრე გვირგვინი თვით აშოტისა: მას მემკვიდრეობით ერგო ჯიღა ელვარე, მე საკუთარის ღვაწლით შევთხზავ გვირგვინს უჭკნობელს, ზეაღმყვანებელ საქმეთაგან დაწნულ-მოქარგულს! ეს ოცნება ღრმად ჰქონდა მწირს დაფარულ-დამარხული: იცოდა მისი გამოფენა და გახუნება ერთსავე წამს მოხდებოდა; სხვის თვალს არ უნდა დაენახნა არც აჩრდილი მის საიდუმლო ზრახვისა, არ უნდა ეგრძნო თუნდაც ეჭვით მის არსებობა. თილისმა იყო ეს, მის ნებისყოფის მაცხოველებელი; დაჰკარგავდა ძალას, თუ უცხო თვალი დაჰხედავდა მას, უცხო ყური მოისმენდა მის ხმას შორეულს. - ეჰ, მიწიერია ადამიანი და ქვეყნიური გრძნობა არ განშორდება მის გულს არც როდის. შეუძლიან შეზღუდოს ამაო სურვილები, წარმავალი სიტკბოებანი; ვერ უარჰყოფს თვის ლტოლვილებას დიდებისადმი, ვერ უკუაგდებს სურვილს უკვდავებისას, ვერ შეურიგდება განქარვებას თვის სახელისას: უკვდავმა შექმნა კაცი ხატად და მსგავსად თვისად და დაუწერა სწრაფვა გარდუვალ დიდებისადმი. - ნუ მიწყენ, მეუფეო, ამპარტავნობასა ჩემსა; მსაჯე მე არა გულისთქმისათვის ჩემისა, მოქმედებათათვის ჩემთა; საქმეთა ჩემთა გამომაჩინონ მე, - იტყოდა მწირი. 47 უხაროდათ გრიგოლის მღვდლობა თითონ მასაც, მის მვედრებლებსაც: პირველი დაუახლოვდა თავის განზრახვას, სხვებმა ჩაუყენეს ეკლესიას ახალი მებრძოლი შემმართებელი. დარწმუნებულნი იყვნენ ამაში; მეტსაც ფიქრობდნენ: ეშინოდათ, ახალ მოციქულს არ გაეტანა მკაცრი წესები სჯულის დაცვისა, რომლებიც შეაკრთობდნენ თითონ მორწმუნეებსაც, ტვირთად მძიმედ დააწვებოდნენ მათ. ქართველი სჯულის მოყვარული იყო, მისთვის თავდადებული, მაგრამ თვის ღმერთთან ურთიერთობაში უარსა ჰყოფდა სასტიკ წესებს; ლაღად მოქმედობდა წინაშე ღვთისა, როგორც მამის წინ. რომლისადმი პატივი და სიყვარული ღრმა არის, ძრწოლა კი დაკნინებულ-დამცირებული. უყვარს ქართველს თვისი მეუფე, ხოლო ალღოთი იცის, რომ შიში უარჰყოფს ყოველ სიყვარულს, გარე განდევნის მას. ამის ეფიქრებოდათ ახალი ხუცესის შემხედველთ. სხვად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მადლმან უფლისამან ღირსეული ჭური ჰპოვა დასასვენებლად. არ უხაროდა ეს ამბავი მხოლოდ თებრონიას. აქამდის თუ მქრალი იმედის აჩრდილი მაინც დასტრიალებდა მას თავს, ეხლა მთლად უიმედო შეიქმნა თავის წადილთა აღსრულებაში. ისე იდგა ეკლესიაში გრიგოლის მღვდლად კურთხევის დროს, როგორც ქანდაკება მარმარილოსი. არავითარი გრძნობა არ ეხატებოდა მტკიცედ ჩამოყალიბებულ სახის ნაკვთებში. მხოლოდ თვალთაგან სცვივოდა უძრავს ნაპერწკალი ბოროტად მწველი. დაჟინებით მისჩერებოდა თვის გულქვა სატრფოს; თუ შესძლებოდა, გაანადგურებდა მასაც, მის მაკურთხებელსაც. წესის შემდეგ ჩაიკეტა ქალი თავის გალიაკში და მისცა ნება სევდას, გადმოდენილიყო კიდეებიდან. ხმით ქვითინებდა. ძუძუთ იგლეჯდა აბორცვებულთა. ეუბნებოდა: - უხმარ ხართ ჩემთვის, ამაო ტვირთნო ჩემს საწყალ მკერდზედ. ვეღარ ამიზრდით შვილსა საყვარელს. ვერ განამტკიცებთ ტკბილ გრძნობის სიღრმეს. უხმარ ხართ ჩემთვის, სურვილთ აუზნო! ამაოდა ხართ მინიჭებულნი... მოსთქვამდა ქალი. ცრემლით ივსებდა უბე-კალთასა. არავითარ შვებას არ აძლევდა მას იგი ცრემლი, არც თუ ოდნავ უშუშავდა წყლულს: გამდნარი ტყვია სცვიოდა თვალთაგან ცრემლად და სასტიკადა სწვავდა ქალწულ ხორცს, საბოლოვოდ ანადგურებდა მის ნაზ მგრძნობიერებას სუნნელოვანს. გამოიტირა თავის სენაკში ნორჩი ქალობა, დაფერფლა თვისი გრძნობები და... და გამოვიდა იქიდან არა ხორცსხმული ადამიანი, არამედ ლითონად ქცეული კერპი სასტიკი, რომელს აღარ ესხნეს ყურნი სმენად ცხოვრების სიმღერათა, არც თვალნი ხილვად სიცოცხლის მშვენიერებათა. ისიც ეხლა იყო მხოლოდ მხევალი ეკლესიისა, მასაც ეხლა წარბშეუხრელად შეეძლო დაეტოვებინა დედ-მამაც, და-ძმაც, დობილიც, სატრფოც და შესდგომოდა მარტოოდენ თავის ქრისტესა. არა იმ იესოს კაცთმოყვარეს და ლმობიერსა, რომელს სიბრალულით ევსებოდა გული ადამიანის ტანჯვის ხილვაზედ და მზა იყო შეენდო ყოველთვის, ყოველთათვის; არამედ მაცხოვარს კაცთა სისასტიკისგან შექმნილს, უგულოს, რომელს გზნებულ კოცონზედ აჰყვანდა ყველა, ვინც ეახლებოდა მას არა როგორც მონა უსიტყვო მის წინ მძრწოლარე. გამოვიდა გალიაკიდან ქალწული ყოველ ჩვილ გრძნობათაგან გაძრცვილი, ყველა ქვეყნიურ სიხარულამომწვარი და განაცხადა: - მსურს აღვიკვეცო მონაზონად! არაფერმა რჩევამ ნათესავებისა თუ მეგობრებისა, არავითარმა ხვეწნამ და ტირილმა, არც მბრძანებელთა წვრთამ სასტიკმა აღარ გასჭრა, ვეღარ იმოქმედა. იდგა იგი მკაცრად მღიმარე და ყოველი ღონისძიება სხლტებოდა მის ლითონად ქცეულ სიპ არსებაზედ. - საფერი მოწაფე ღირსის მწვრთნელისა! ორნივ უტეხნი, ორნივ სასტიკნი თვის წმიდა მისწრაფებაში. მაგათ სულიერ ფარზედ ამოკვეთილია: ან ძლევა, ან და სიკვდილი! - შესძენს ქალ-ვაჟი ეკლესიას დიად სიმტკიცეს. - თუ არა, დაინთქმებიან ორნივ ერთად ბრძოლის ველზედ. - ეგრევე ვფიქრობ! დიდ აზრიანია განგება ღვთისა, ხოლო მის მადლი შორსგამჭვრეტელი. ეგრეთ მებრძოლთ თუ მოითხოვს აწ ქართველთ ეკლესიის ბედი. აღსრულდეს ნება უფლისა. - იყავნ! იყავნ! ტოლად იღვწოდნენ ეს ქრისტეს მიერ და-ძმა, მექონნი გარეგანი სახით უნივთო ურთიერთობისა, ხოლო ნამდვილ სასტიკი მოტრფიალენი ერთმანეთისა, რომელნი შეგნებულად აშთობდნენ ძლიერებით სავსე თვის ხორციელ არსებაში ყოველს ნასახს ბუნებრივის მოთხოვნილებისას. აწ იგი მოთხოვნილებანი, ღვთისაგან ნაკურთხი ნათელი ლტოლვილებანი, მათთვის ბნელ ბოროტისაგან იყო შთაბერილნი და ებრძოდნენ იგინი მათ, ვით სატანაილს მათ გვამში სახებულს. ძვირად უჯდებოდათ ეს მედგარი ბრძოლა არაბუნებრივი და მით უფრო სისასტიკით ევსებოდათ გული, თვისადმი სიმძაფრით უდიერით: უწყალოდა სპობდნენ თვის არსებაში ყოველ ნასახს ქვეყნიურის ყვავილისა. და დაამზგავსეს არსება თვისი არეს ურწყულსა, მთლადაც განხმელსა, სად მცხინვარებდა ალად ავარდნილი სიცხოველე ცის მსახურებისა. ცდილობდნენ მიწის შვილნი აღარ ჰკარებოდათ მიწაზედ ფეხი. ისწრაფიდნენ. თავიანთ გარეშეც განევითარებინათ ბრძოლა ნივთიერ სიამეთა წინააღმდეგ, რომ ამოეფხვრათ ის ყველგან თუ საყოველთაოთ. და ეს - სადიდებლად ღვთისა-მამისა! ჭეშმარიტად სასტიკი იყო ღმერთი იგი მათი და მოითხოვდა მსახურებას უსასტიკესსა. - მადლი უფლისა მრჩობლად გადმოვიდა კურთხევის ჟამს გრიგოლ მღვდელ-მონაზონზედ და განაძლიერნა ძალნი მისნი დიდებად ეკლესიისა! - ამბობდნენ მახლობელნი. და უკვირდათ, როგორ უძლებდა მოძღვარი ახალი შეუფერხებლივ სვლას გზაზედ ამგვარის განვითარებისა, შრომას ზეკაცურს თვის გონების ასამაღლებლად, თვის არსების გასაწმედად ნივთიერ გულისთქმათაგან. ჭეშმარიტად ამ ცხოვრებაშივე შეირაცხებოდა იგი მოღვაწე წმიდათა თანა. ბუმბერაზი ჩაუდგა ქართულ ეკლესიას მებრძოლთა რაზმში, გოლიათი ახალი, რომელი გამოსულიყო ასპარეზად, მიმოიხედებოდა შეჭურვილი, მარადჟამს ეძებდა თვის სწორ შემმართებელს. ეკლესიის აყვავებისათვის იგი წარბშეუხრელად შეებრძოლებოდა თვით ძალთა ჯოჯოხეთისა. ებრძოდა კიდეც იმ ბოროტ ძალებს ათას სახედ აჩენილებს ცოდვილ ქვეყანაზედ. დარწმუნდნენ მვედრებელნი, რომ არ შესცდნენ თვის არჩევანში. მათ მოლოდინს მრავლად გადააჭარბა რჩეულის მოღვაწეობამ - ანგელოზი არს ესე უფლისა ყოვლად მბყრობელისა: ვითარცა ანგელოზი სდგას იგი ყოვლისა ჭეშმარიტებისა მასწავლებლად - იტყოდნენ მთავარნი. და განიზრახავდნენ ეპისკოპოზობასა მისსა. ამცნეს მას განზრახვა თვისი. 48 ნეტარმა გრიგოლ, ოდეს იხილა თავი თვისი ხორციელად დიდებასა შინა, ფრიად შეწუხდა. სწუხდა გული მისი, სარჩიელს ირჩევდა სული მისი ძნელს, იმისთვის ღონდებოდა. დამდგარიყო ახალგაზრდა მღვდელ-მონაზონი ჯვარედინ გზაზედ ცხოვრებისა. მარჯვნივ მიიგრაგნებოდა ფართო შარა, რომელი გადადიოდა ეკლესიაზედ და მაინც ხორციელ განცხრომას თუ ქვეყნიურ დიდებას მიუბყრობდა მწირ მოღვაწესა. - შემიმზადებია შენთვის დიდებული ხარისხი საეკლესიო: ქართველთა საპატრიარქო საყდარს ამყვანებელი იგი ხარისხი! მეწამული ფარჩა ლბილი, დიბა ზარქაში ოქროცურვილი, ქოშ-წუღა მშვენი გოჰარ შეყრილი; გვირგვინი თავსა შენსა ქვათაგან პატიოსანთა; შენდა ამბორი მიწად დახრილი; მორჩილნი და მონანი მსახურებად შენდა; სასეფეწულო სანოვაგე რჩეული; წარჩინებულთა თანა ამა სოფლის ინახით ჯდომა; მამულ-სამკვიდრებელი დიდ დიდებული... იარე ამ გზით, თავადო ეკლესიისა! - შესდეგი, მწირო! ეს გზავე იგივე დიდების სავალია ხილულისა, ხორციელის კეთილდღეობისა, - ის საკვირველი სადენი, რომელს ვინმე განდეგილი, ქვეყნიურის კეთილის ფიცით უარმყოფელი, გამოჰყავს კვლავ დიდებულ რამ სეფაში, სად განმზადებულია ფუფუნება, განცხრომა, ბრწყინვალება ისეთი, რომელზედაც ოცნებობენ რჩეულნი წუთის სოფლისა. - მკვიდრად სდეგ, მწირო! ისმინე ჩემიც: იგი პორფირი, გვირგვინ-დიდება მაინც ყალბია, მხოლოდ მიბაძვა გოროზთ ცხოვრების, მეფეთ მიბაძვა, მთავართ ტოლობა; თაღლითი სახე განდიდებისა! ფასდაუდები გვირგვინი პატრიარქისა მაინც ვერ უდრის სამეფო ჯიღას ზეცით მოღებულს, კვერთხი ოქროსი - სკიპტრას მეფისას. ამაო რამ ცდა განდიდებისა! ეკლესია აქ გამოვალს თვის სამზღვრებიდან, შეიჭრების იგი სხვის სამეუფოში. - დაფიქრდი, ბერო, სიმართლე გესმის! რა აქვსთ საერთო ეკლესიის თავადთა პალატებს უბინაო ბინასთან იესოსი, ოქროცურვილ ტალავარს დაბებკილ კვართთან ნაზარეველისა, მარგალიტით მოოჭვილ ქოშებს თასმით შეკოპილ ხამლთან ქრისტესი; მის სამწყსო არგანს საყდართ თავადის ძვირფას კვერთხთანა; კარაულს ნათხოვარს- ლბილად მოფარდაგებულ-მკობილ ეტლთანა; სამარიტელისაგან მიწვდილ წყალს ხოშგურულ ნექტართან; მის ეკლის გვირგვინს - ლალ-იაგუნდით მოქარგულ იალქანთანა?! - არაფერი! სრულიად არაფერი! - რა აქვს საერთო სხვათა ფერხთ მბანელ მესიასთან მის განდიდებულ მოადგილეს, რომელს ოქროს კულითა ჰბანენ ხელს ვერცხლის თასშია და წარჰხოცენ ნამს სპეტაკ არდაგით?! - არაფერი! სრულიად არაფერი! - და ვიტყვი კვლავაც: ეს უფერი ყოფა განდიდებული მხოლოდ ბაძვა სამეფო ტახტისა, მარტო ანარეკლი მის შარავანდედისა. თაღლითია იგი დიდება!.. - რას ინებებ, მწირო სვიანო? აგისრულდა ნატვრა გულისა: ცა გაქვს განხმული. - არ მსურს, არ მინდა დიდება ესე! - არა გსურს?! - არ მინდა დიდება მაცხოვარის სახელთან ყალბად შედუღებული, თავის არსებით არაბუნებრივი, ნასესხ-მბაძავი დიდი დიდება! აშოტის ტახტის თუნდ მარჯვნივ დავსჯდე. ნატითა და ბალიშით, პირველ ადგილზედ, მაინც იგი ისევ იმ თვალით უნდა მიყურებდეს, როგორც მიმზერდა სასახლეში ბატონიშვილი გალაღებული ობოლს შევრდომილს, სამადლო ლუკმით გამოზრდილ-გამოყვანილს. არ შემიძლიან ამ შარაზედ სვლა: სიცოცხლე ჩამიშავდება თვალ-მარგალიტში მჯდარს, ოქროთი ვარაყებულს. არ შემიძლიან! - აჰა გზა იწრო და ეკლიანი! მეორე გზა მარცხნივ მიდიოდა, სავალი უსწორო, კლდოვანი, ძნელი. ჯვარი უნდა ეტვირთათ, ისე გაევლოთ. ამ ტვირთის ქვეშ მიწამდინ იღვედებოდა თვით ღმერთკაცი. არა ჰგოდებდა გაუტეხელი. სხვებსაც უკრძალავდა თვის ბედზედ ტირილს. - იტირეთ თქვენზედ, თქვენთა შვილთა ზედ!.. ეტყოდა თვის მოტრფიალე დედათა გუნდს. - მხოლოდ ეს გზა არის შესაფერი სავალი ჩემი! მწირი ვარ ბერი და არღა მშვენის თავადობა ქრისტეს სამწყსოსი. ჩემი სავალი არის გზა მოღვაწებრივის შრომისა და განვითარებისა. ბოლო ამ მოღვაწეობისა არის თავადობა სულიერი, პირველობა სასწაულთმოქმედებისა, გულთამხილაობისა. - ეკლესიას ორი მოთავე უნდა ჰყვანდეს: ერთი ბრწყინვალე თავი ეკლესიისა მსოფლიურ დიდებით შემკული, რადგან ეკლესიამ იტვირთა ზრუნვა ამქვეყნიური: დამოძღვრა სამწყსოის ხორციელი არსებისა. ალბათ ეს საჭირო იყო ხილულ ეკლესიის მოსაწყობად და საარსებოდ. მეორე მოთავე მისი უნდა იყოს წმიდანი, ქვეყნიურ ზრუნვათაგან დახსნილი, ხორციელ სიამეთაგან თავისუფალი, ხილული დიდების თუ განცხრომის უარმყოფელი. ძნელია ადამიანის წმიდანობა ამ ქვეყნად, შესაძლებელი კი არის. და შევსძლებ!ან წმიდანობის ნათელ მწვერვალზედ აღსვლა, ან ჩათხევა უფსკრულში არარაობისა და სიკვდილი უხსენებელი!.. - თუ ეწიე იმ ძნელ სიმაღლეს, მუნ გაბრწყინდები, ვითა იესო თაბორის მთაზედ. წმიდანნი მოვლენ და გეტყვიან შენ, სოფლით განსულნი გვერდს გედგებიან. ხორციელნი თვალთ ვეღარ შეადგამენ შენს შარავანდედს. ვერცა მონანი, ვერცა ბატონნი; ვერც თუ მეფენი თუნდ ზვიადად ამაღლებულნი, თუნდ თვით აშოტი ბრწყინვალე, პატრონი საქართველოსი. - საქართველოს ეკლესიასაც უნდა ჰყვანდეს კაცთაგან დადგენილი საჭესმპყრობელი, პატრიარქი მოთავე თვისი; უნდა ჰყვანდეს წმიდანიც, ღვთისაგან ნაკურთხი სხივი ეკლესიისა. და მე... მე მწირი გრიგოლი, ობლობაში აღზრდილი გრიგოლ უპატრონოი, შევიქმნები წმიდანად ეკლესიისა, სულიერ მოთავედ მისი, არა კაცთაგან დადგენილ მის თავად. ღვთისგან აღბეჭდილი მის წინამძღვრად!.. - ნუ მიწყენ ზვიადობას სიმდაბლისას, ყოვლად სახიერო, ვგრძნობ სულსა ძლიერს შენგან მობერილს, მადლს ფრთოსანს სიმაღლედ აღმყვანებელს, ნებისყოფას მძლეს. განმტკიცებულს შენის მარჯვენით განვიცდი ამას და ვისწრაფი შუქისაკენ, რომელს ვხედავ ამ იწრო და ძნელის სავალის დასასრულს, მიეძღვ მე ჭეშმარიტებითა შენითა და განამტკიცენ სვლანი ჩემნი. უფალო ძალთაო, ჩემთანა იყავნ! - აღმოთქვა ღელვილმა. და დაასკვნა ეხლავ. ამ წუთშივე შესდგომოდა თვის სავალს გრძელს, განსაცდელთაგან ყოველმხრივ მოცულს. გაიხედა სარკმლიდან, ღამე გატეხილიყო, ცის კიდეზედ მოსჩანდა კიდეც მნათობის მოახლოების მომასწავებელი ციაგი. აიღო არგანი, თავისი საყვარელი ეტრატები და იდუმალ განვლო ბჭე სასახლისა. ივლტოდა თვისის ქვეყნიდან სამოძღვრო მოწოდებით, რომელიც უძღოდა ოდესმე მამათმთავარს აბრაამს. გარნა აბრაამი განივლტოდა ქვეყანისაგან ურწმუნოთასა, ხოლო ესე ახალი აბრაამ ქვეყანისაგან მორწმუნეთასა. ღმერთმა გზად გამოიყვანა ესე აბრაამ ამის მიზეზისათვის, რათა უქმთა მათ უდაბნოთა შინა განბრწყინდეს სანთელი დაუვსებელი. 49 ეს ამბავი იმ დროს მოხდა, როცა აშოტის გამჭრიახმა გონებამ და მისმა მოხერხებულმა მოქმედებამ უტეხმა შეაყენეს მოზღვავებული წინსვლა მტრისა. შეაკრთეს ის, გადრიკეს და მიაქციეს იმ სიმაგრეებისადმი, რომლებიც შექმნილიყვნენ იმათთვის უკანასკნელ თავშესაფარად, ერთადერთ ზღუდედ შუაგულ საქართველოში. ეხლა აგარიანნი ვეღარ გამოდიოდნენ ნარიყალის ციხიდან ქართველთა შიშით, ვერც სამშვილდედან. თბილისის ემირი კაცს კაცზედა ჰგზავნიდა ხალიფის წინაშე და ევედრებოდა, დაუყოვნებლად გამოეგზავნა მაშველი ლაშქარი, თუ ჰაზრადა ჰქონდა გაემარჯვნა ისლამს შავ ზღვაზედ, რომ აქედან გადასწვდომოდა ბიზანტიას, უდიდეს და უძლიერეს კერას ქრისტიანობისას. ნათქვამია ერთს მოხსენებაში: - მანამ არ შეიმუსრება აშოტ უძლეველი, ამაო არის ოცნება ბიზანტიის დაბყრობის შესახებ. აშოტის სამფლობელო ის ალმასის კლდეა, რომელი უნდა გააპოს შენმა ნაკურთხმა ხმალმა, რომ დასწვდეს ბიზანტიას. აშოტი ყველაზე მედგარი და უტეხი მეშველია იმპერატორის ბასილისა. იცოდა მეფემ, რომ სარკინოზნი ყოველ ღონისძიებას იხმარებდნენ, შეემუსრათ მისი ფოლადივით მტკიცე სამეფო. დაუცხრომელად ცდილობდა ესარგებლნა დროთი და გაემაგრებინა თვისი ქვეყანა, მჭიდროდ დაესახლებინა თავისუფალი ადგილები, განზედ გაეწია თავისი სამზღვრები და მიეტანა იმ ბუნებრივ ჩარჩომდისინ, რომელშიც უნდა ჩამჯდარიყო მისი ქვეყანა, რომ მოძულეს ვერ ევნო მისთვის და მტერს ვერ შეემუსრნა იგი. აშენებდა აშოტი თავის სამფლობელოს, როგორც მოჭირნახულე პატრონი ჰაზრიანი, განსაკუთრებული სიყვარულით აშენებდა თავის ახალ სატახტო ქალაქს და იმის მშვენებას. სამეფო ციხე-დარბაზს, რომელი თავს წარსდგომოდა განახლებულ არტანუჯს, რათა პატრონის მოყვარულს თვალს მარად შესძლებოდა დამტკბარიყო მისი ზრდით თუ კეთილად აღორძინებით. მარდად იზრდებოდა არტანუჯი, როგორც რამ ზღაპრული ბუმბერაზი, სხვა ქალაქი თუ წლობით იზრდებოდა, ის დღით ვითარდებოდა და იფურჩქნებოდა თავის მოსიყვარულე მზრუნველის გასახარად. მფლობელი სიამაყით გადაჰყურებდა ქალაქს თვისი ციხე-დარბაზის აივანიდან, მაგრამ მეტი სიყვარულით დაჰყურებდა თვის ქალაქის იმ ნაწილს, რომელიც ჰფენილიყო სასახლისაკენ; ხოლო მეტის ტრფიალით და ალერსით შეაყენებდა თვალთა ისარს იმ შენობაზედ, რომელიც სასახლისაკენ ამავალ მიმოხლართულ შარას მარჯვნივ მოსჩანდა ობლად განმარტოებული ახალნერგ ხეხილით სავსე ფართო ეზოში. ამ სახლის დანახვა სიხარულსა ჰგვრიდა ვაჟკაცს. თვალებს უღიმებდა, უხალვათებდა, ზრუნვათაგან შენაოჭებულ შუბლს უხსნიდა. ფიქრთაგან მოცულნი შეიქმნებოდნენ დღენი დიდებულისა, ვერ გაიღიმებდა მისი გული ვარდისებური ღიმილით, თუ ის ახალი სავანე მიჰფარებოდა მის თვალთა ხედვას. ეს მხოლოდ იმისთვის კი არა, რომ მის სასახლე ამშვენებდა ახალშენ არტანუჯს, არამედ ამისთვის, რომ იმ ეზო-სასახლეს მშვენებით ავსებდა აშოტისათვის შეუდარებელი შუქია, ბუმბერაზისათვის ახლად აღმომხდარი შუქურ ვარსკვლავი. მძიმე თალხებით მოსილი უბრალო სქელ ლეჩაქში ბადრ მთვარედ ეჩვენებოდა მოხიბლულ ვაჟკაცს, ბინდნაკრავ ღრუბლებით გარშემორტყმულ მნათობად. როს ნათელ თვალთა უპეები ცრემლებით ევსებოდნენ ლამაზს, გამიჯნურებულს შიში მოიცავდა, არ დაწვასო დარდის ნაჟურმა სადაფის საგუბრები. ცრემლი რომ ნაკადად გადმომდინარებდა გიშრის მილებით სპეტაკ ღაწვებზედ, რაინდს გული უთქმიდა, მხურვალე კოცნით ამოეშრო საგუბრები, რომ მწვავე ნაკადს არ დაეღარნა სპეტაკი კანი ნათელმოსილი. - მაინც ბედნიერია პაატა მკვდარი, როს თავს დასტირის ხორცსხმული ანგელოსი სევდით მოცული. ნეტავ შემეძლოს, ვბრძანო და ქანდაკებად მომართმევდნენ შუქურ მომტირალს ან ხატად დამიწერდნენ მის მშვენებას, დარდით შეფერილს, - ამბობდა ვაჟკაცი. და ცდილობდა ღრმად აღებეჭდნა გონებაში მათრობელი სურათი მაღელვებელი, გრძნობათა ამშლელ-აღმტყინებელი, თაყვანების ბრძმედში ვნებათა ჭავლების განმასპეტაკებელი. აღიბეჭდაცა! ეხლაც აივანზედ რომ თვალნი დამწუხნა ღელვილმა, ისე ცხადად წარმოუდგა იგი ქანდაკება სიცოცხლით სავსე, რომ მკლავნი გამართა მის მოსაჭდომლად, სანუგეშებლად. - აღარ შემიძლიან მეტი! მეფე ვარ ქვეყნისა, მონა ერთის ჩემის მხევლისა. იგია მეუფე ჩემის გულისა, სულისდგმა ჩემი. არ იცის უბრყვილომ, რომ მხოლოდ მასშია სიცოცხლის ღონე ჩემი. წავალ, ვეტყვი ყოველსავე, გულახდით ვამცნობ ჩემს შეჭირვებას. თუ მისმენს და მიხსნის, დაუბრუნებს საქართველოს ჭირისუფალს სახსენებლად მოვლინებულს; თუ არა, დასთრთვილავს ჩემს სულში აღმოცენებულ სამოთხის ყვავილს სიყვარულისას, კოკორშივე ჩასთუთქავს მას და მასთან ჩემს არსებას. გული ჩემი იმ სიყვარულის ყვავილშია ჩანერგილი, მასთან დაჭკნება იგი, მასთან მოკვდება და... დაიშლებიან ძალნიც ცხოვრებისა ჩემისა. არა, აღარ შემიძლიან თუნდ წუთის დაკარგვა! წავალ, განვუცხადებ... - ჰა, ჰა. ჰა! როგორ მეშინის,თითქმის ვძრწი. - შუქურ მშვენიერო! მოდის მეფე აშოტი შენს წინაშე თვის სურვილთა სამჟღავნებლად და... შიში დასცემია მას, ძრწოლა მუხლსა ჰკვეთს მას, ვისზედ იტყვიან, უშიშარ არს იგი, ვითა უხორცო. ვინ დაიჯერებს? ვინ მიჰხვდება? ვინ შეიგნებს? - ვერავინ! ვერც როდის! - როგორ არა! შეისმენს ის, ვის გასწონია გულს ისარი ტრფობისა ორბის ფრთიანი! - მოესმა მკაფიოდ ღრმად ჩაფიქრებულს. და შეკრთა, გამოფხიზლდა. თვალებზედ ხელი მოისვა. მაინც მტკიცედ დაადგა თვის დასკვნას. სხვანაირად ქცევა აღარ ეგებოდა მისგან; ამოშრეტილიყო ფიალა მოთმინებისა. დროც იყო: გლოვის პირველ ხანს გაევლო, დროს თვისი ფრთა შეეხო დარდისაგან ცეცხლდებულ გულისათვის შუქურისა, ფრთა მყინვარე, სევდათა მაგრილებელი, დავიწყების ტალღათა მიმცემ-შემრთველი. ამ ხნის განმავლობაში და წინადაც, სანამ პაატა ისევ ცოცხალი იყო, მეფის სასახლე საგანგებო ზრუნვით გარს მოჰხვეოდა შუქურის ბინას და ყოველგვარ შეღავათს აძლევდა მას, ყოველსავე საზრუნველს თავიდან აცილებდა ახალშენ ოჯახს, უხვ სიკეთეს აფრქვევდა იგი იმათ კარ-მიდამოს. ეს ყოველივე თავისთავად ხდებოდა, მეფის სურვილისა და ცნობისაც გარეშე, თითქო ისეთი უხვი ზრუნვა ბუნებრივი იყო სასახლის მხრივ, თითქო შეუძლებელი იყო სხვანაირი ქცევა იმისათვის ხდებოდა ესე და სრულდებოდა, რომ მეფის ოჯახობის ნივთიერ ყოფას განაგებდა სახლთუხუცესი, რომელიც სწორედ გულთამხილავი იყო აშოტის შესახებ. მის ჰაზრებს თუ გრძნობებს ისე ცხადადა ჰხედავდა, მკაფიოდ კითხულობდა, როგორც გაშლილ წიგნს და ეს მისთვისაც რომ გულწრფელად უყვარდა მეფე, თაყვანსა სცემდა მის დიდებას, საქართველოს მხსნელად. ჰსახავდა მას, ერთადერთ მის საიმედო ჭირისუფლად და მის ცდაში იყო, მეფის ძალ-ღონე სხვა რამ საზრუნველს არ შეეხმარებინა თავისზედ თუნდაც ერთ წამით. გულკეთილიც იყო სახლთუხუცესი: მოსწონდა ნაზ გრძნობათა ფართოდ გაშლა და ვერ შეეგნო, რად უნდა ყოფილიყო ცოდვა, თუ მეფის საპირადო გულისთქმა საიდუმლო დაკმაყოფილებული იქმნებოდა ხანდისხან მაინც. ნუთუ ესეთი მცირე ჯილდო არ ეკუთვნოდა ქვეყნის დიდ მოჭირნახულეს, როდესაც მის ქვეშევრდომებს, მის უღირს მონებსაც კი, ხელი მიუწვდებოდათ ამისთანა სიტკბოებაზედ. ცდილობდა გაეადვილებინა აშოტისათვის მისი გულითადი სურვილის აღსრულება, მისი ძლიერი მისწრაფება პირადი. 50 მეფე კი იტანჯებოდა დაუშრეტელი სურვილით, მოსვენებას ვეღარ ჰპოვებდა ფრიად მღელვარე. მეფეს მძლედ შემმართებელს მარჯვენა დასდუნებოდა ამ პირად სურვილის აღსრულებისათვის, უმწეოდ იდგა მტერთა მძლეველი ამ მცირე საბრძოლველის წინაშე, მთლად ღონემიხდილი: უხილავი ლაშქარი სცვიდა ბროლის კოშკს, სად დაევანნა შუქურს სასურველს, ალმასის ზღუდე ერტყა მას გადუვალ-გადულახავი. ქალსა სცვიდა მბრძანებლის სურვილისაგან ხალხის უწმიდესი ჩვეულება და ურყევ კანონად დადებული მისი ზნეობა. მკაცრი შეხედულებისა იყო ქართველი ცოლ-ქმრობაში ღალატზედ და მრუშობაზედ. - არა იმრუშო! - ბრძანებდა ერი. და მისი მკვეთრი ხმა მცნება იყო სასტიკის ღვთისა. დამრღვევი ამ მცნებისა ვერ ასცდებოდა სასჯელს ვერას გზით, ვერ იხსნიდა მას ხალხის რისხვისაგან ვერც ოქრო, ვერც დიდება ან რაიმე ღვაწლი, თუნდაც იმავე ერისათვის უხვად მინატანი. - არა იმრუშო! - ბრძანებდა ქართველი. და ეს ბრძანება შიშის ზარს სცემდა თვით ძალა მოსილთ და უშიშართა. ესე ბრძანებდა ქართველი, ესევე ბრძანებდა სჯული მისი. მხოლოდ ეკლესიისაგან ნაკურთხი გვირგვინი წმიდა ჰყოფდა სქესთა შორის კავშირს, განასპეტაკებდა მას, აღამაღლებდა უდიდეს საიდუმლოთა ღირსებამდის. იგი საიდუმლოც კურთხეული არსებითად განუმეორებელი იყო სჯულის შეხედულობით, როგორც განუმეორებელია და მხოლოდ თვით სიყვარული ჭეშმარიტი, იგი ერთადერთი სპეტაკი ყვავილია ნაზ ღეროზედ ობლად ფურჩქვნილი. რა უნდა ექმნა ძლიერ სიყვარულით შეპყრობილ ბუმბერაზს, როცა ხალხის აზრი, როცა მცნება სჯულისა ერთგვარად უარჰყოფდნენ მის გულისთქმასა, სასტიკად წინააღუდგებოდნენ, მთლად ულმობელად?! ამ უძლეველი მისწრაფების წინააღმდეგ იყო პირადი მდგომარეობაც თვით აშოტისა: უკვე შუახნის კაცი ჭაღარაშერთული და დაბრძნობილი, ცოლშვილით სავსე ოჯახის თავი და... და მთლად ახალგაზრდული გატაცება, შეუმართებელი მისწრაფება ნამდვილ ჭაბუკისა. - არ შეგშვენის ეს, ბატონო აშოტ! არ შეჰშვენის შენი გულისთქმა შენს შეთრთვილულს წვერ-ულვაშს ვაჟკაცურს, შენს ხარისხს უზენაესს, შენს განთქმულ მეოჯახობას, არც შენს სჯულისათვის თავდადებულობას შეჰშვენის ეგეთი ქცევა, ღვთით მოწოდებულო დარაჯო ქართველთა ზნეობისა, კეთილდღეობისა! გახსოვდეს: ლამპარი ხარ საქართველოს, სანათებლად დამდგარი და უჯერო იქნების - ბნელი ეწიოს შენ შუქმფენელ სინათლეს თუნდ ჟამიერად, თუნდ წამიერად. - ვგრძნო,. მესმის, ნათლადა მაქვს შეგნებულ-წარმოდგენილი, მაგრამ აღარ ძალმიძს, განილია თმენაი ჩემი! სურვილი მძლედ მებრძვის მარადჟამს, წადილი სულზე უტკბესი, და ვერღა შემძლებელ ვარ ვერიო მას. - შესძლე! ებრძოლე! - არც მსურს ვებრძოლო ამ სურვილს! მომეცით გზა სატრფოსთან მიმყვანებელი, მომეცით ნება განვახორციელო ნდომა ჩემი, ნუ მისპობთ სიხარულს ერთადერთს!.. - შენ უწყი. სახიერო, მხოლოდ ეხლა შეეხო ჩემს გულს სიყვარული და იგი ხომ თვით შენივე გამოკრთომაა ამ ქვეყნად, სიყვარულო დაუსრულებელო!- ილოცდა ვაჟკაცი. მაგრამ იცოდა, ეს მისი ვედრება უსმენ იყო ღვთისაგან, კაცთაგანაც. ან თავი უნდა დაენებებინა თავის განზრახვისათვის და ჩაეკლა იგი, ან უნდა მძლავრად გადაეჭრა ყოველივე დაბრკოლება და გადაელახნა, თუნდაც ამისათვის საჭირო შექმნილიყო მსხვერპლად მიეტანა თვისი დიდებაც, თვისი ღვაწლიც, ოჯახის სიმშვიდეც: ცხოვრება თვისი, გინა სიცოცხლე. - რა უბედური ვარ მეფე ბედნიერი! რა უშრეტი ცეცხლი აგზნია საწყალს ჩემს გულში! რად არის ესე სასტიკი ქრისტიანობა და მისი სამწყსო? აგარიანთ უსჯულო სჯული უფრო ლმობიერია, ისმაილელნი უფრო კაცთმოყვარენი არიან. სარკინოზთა მფლობელი რომ ვიყო ისლამის მჭერი, ნება მექნებოდა დღესვე დიდებით და ზეიმით მომეყვანა სასახლეში ჩემი ვარსკვლავი. სჯულის თავი აკურთხებდა ჩემს მოქმედებას, ხალხი თვალმარგალიტს გადააბნევდა ახალ დედოფალს, მონანი და მხევალნი მოწიწებით ეამბორებოდნენ მის კაბის კალთებს. ეხლა კი... ჭეშმარიტად იგი ახალი სჯული უფრო ლმობიერია და კაცთმოყვარე, - გაივლო გულში შეჭირვებულმა. - ნუ მიწყენ, სახიერო, შემინდე შეცოდებანი ტანჯულს უმწეოს! - დაიკვნესა მან. და დააყრდნო თავი ხელზედ, გარიდდა, უაზროდ გაუშტერა თვალი სივრცეს. გარკვეული რამ ფიქრი აღარა სჩანდა მის თავში, არავითარი სხივი აღარ ჰფანტავდა იმ სიბნელეს, რომელს მოეცვა მისი სული ტანჯული, მისი ნებისყოფა შეკრულ-შებოჭილი იყო, უძრავად იდგა იგი უილაჯობით ღონემიხდილი, თვითმოქმედებას მოკლებული, მთლად ჩალეწილი. აწ დახშულიყო მსწრაფლ მოაზრე გონება მისი და მხოლოდ სხვისგან ელოდდა იგი ხსნას; სასწაულს რასმე ელოდდა იმედმიხდილი, სასწაული კი არსით ელავდა, ვერც ციაგობდა. უიმედობის ბნელი გარესკნელი არ ისერებოდა არცერთი სხივით სასოებისა. ან საიდან უნდა მოჰვლენოდა სასწაული მას, კაცთაგანა და ღვთისაგანაც თავის პირად მისწრაფებაში უარყოფილს?! ერთადერთი შუქი იმედისა შესაძლო იყო გამოჰკრთომოდა მას სატრფოს ეზო-ყურედგან, მაგრამ შუქურის გულიც უცნობი იყო ვაჟკაცისათვის, მისი ჰაზრები თუ სურვილები მისთვის ჩაბნელებული. რამდენჯერ შეეცადა შეეგნო, რას ფიქრობდა ლამაზი მასზედ ან რასა გრძნობდა მშვენიერის გული, მაგრამ ამაოდ: რა სახითაც წარმოიდგენდა ქალს ან რა გარემოებებში, ვაჟკაცს ის ეცხადებოდა გაუგებარ რამ ამოცანად, რადგან ერთადერთი გრძნობა, რომელსაც ცხადად კითხულობდა მიჯნური შუქურის თვალებში, იყო უსამზღვრო თაყვანისცემა ბუმბერაზ მეფისა, განცვიფრება მის დიდებულ პიროვნების წინ. სხვებისაგან მიძღვნილ ასეთ გრძნობას რომ სასიხარულოდა სთვლიდა აშოტი და საამოდ, შუქურისაგან ესეთი მზერა გულს უწყლავდა მას, სულს უხუთავდა: სწყუროდა, ქალს დაეფასებინა ის, როგორც ვაჟკაცი შეყვარებული, რომელი ეთაყვანებოდა ქალთამზეს, რომელს ჰსურდა ჰმორჩილებოდა მას. უკლებლივ აესრულებინა ყოველივე მისი წადილი, ოღონდ კი გაეღო სათავისოდ მისიგულის ბჭე. ქალი რომ ხელმწიფის სადარს პატივსა სცემდა აშოტს, ეს არ ახარებდა მას, ესეთს პატივისცემას ნაჩვევი იყო მეფე-რაინდი ყველასაგან, მოწყენილიცა ჰქონდა მას ესეთი თაყვანისცემა. იმას უნდოდა, მის შემხედველ შუქურს დაჰვიწყებოდა, რომ წინ ედგა მფლობელი გვირგვინოსანი, მთლად წაშლილიყო ეს შეგნება ქალის ცნობაში და დარჩენილიყო მხოლოდ ვაჟკაცი სანდომი, სატრფოს გულის ამყვავებელი, მის ღელვილ გრძნობათა დამყვავებელი. - ის ნუ გგონია, შუქურო ჩემო, შენი განდიდებული მეფე-ბატონი ისევე ბედნიერი იყოს თავის პირად ცხოვრებაში, როგორც ბრწყინვალეა თავის მდგომარეობით. ტყუილად ჰფიქრობ ამას! უბედურია ის. დაუკმაყოფილებელი, გულნაკლული, ეშხით ფხიზელი. იცოდე: გრძნობასაც ისე ცივად ემსახურება ის, როგორც რამ უბრალო მოვალეობას, ისევე პირნათლად; მას კი უნდა, მას კი ენატრება მთლად ჩაიძიროს ტრფობის მორევში, დაუფიქრებლად მიეცეს სურვილის ჩანჩქერს, ეშხით დაითროს, მურაზს ეწიოს და დაივიწყოს იმ ნეტარ წამში სხვა ყოველივე, გარდა ტრფობისა. და ესეთს ედემისებურ ნეტარებას ის ჰპოვებს მხოლოდ შენს კალთაში, მარტო შენს მუხლზედ... - ვერ გაიგე? ვერ შეიგენი? თაყვანს ნუ მცემ გენაცვალე! მხოლოდ გიყვარდე! ვერ შემიყვარებ? იმდენად მაინც გამიხსენ ეგ გული სპეტაკი, რომ მიიღო ჩემი სიყვარული, არ უარჰყო იგი. შენ არ იცი, რომ შენს ხელშია ჩემი გულიც და ჩემი ბედიც; მთელი საქართველოს მომავალი სიკეთეც: თუ ვერ ჩაგიკარ გულში, არ დამშვიდდება გრძნობათა ესე შესაკრებელი, ხოლო უიმისოდ ვერღა მიეცემა საქანი ჩემ ფიქრთა მწყობრ დენას, ჩემ კეთილ სურვილთა აღფრთოვანებას; შეირყევა ჩემი ერის და მთლად საქრისტიანოს სასიკეთოდ მიმართულა ჩემი ძლიერი მიაწრაფება. ვერ შეისმენ ამას, ჩემო ლამაზო? 51 - ნუ ინებებ მეფევ-ბატონო, მე საწყალი ქვრივი დედაკაცი, შენ დიდებული მფლობელი საქართველოსი. მე - საბრალო მხევალთაგანი, შენ - მბრძანებელი მეფეთა-მეფე. როგორ შეიძლება თუნდ ერთ წამს წარმოვიდგინო, რომ შევსძლო ან გავბედო შენის გულის დაკმაყოფილება, შენის ფიქრების ჩემდა მოქცევა, შენის ნაჭედ-ნაკვერი ნებისყოფის ჩემს გარშემო მოხვევ-მოსალტვა?! არა, ბატონო! არა, დიდებულო პატრონო ჩემო! არ ეგების... - გენაცვალე!.. - არა! ვერ შესძლებენ საწყალი თვალები პირისპირ უმზირონ შენს ბრწყინვალებას: ამოიწვიან ბეჩავნი, ამოიბუგებიან! - სთქვა ქალმა. და ალიონი აუთამაშდა სპეტაკ ლოყებზედ, მორცხვ ნეტარებით აშუქებული წითელი განთიადი. ვაჟკაცმა ხარბად მიაბყრო მბდღვინავნი თვალნი ქალის ღაწვებზედ გადაფურჩქვნილ მაისის ვარდებს და ვეღარ შესძლო თავის შემაგრება, მძლავრად მიიზიდა, ზე აიტაცა, გარდაჰკოცნა, ჩაიკრა მკერდში. - გიყვარვარ, სიცოცხლე? არ მიწყრები, საყვარელო? საუკუნოდ ჩემი იქნები, სულისა სწორო? შენი ფაქიზი არსებით უსალბუნე ჩემს ტანჯულ გულს, უხილავად ლახვრულ ჩემ გულს, რომელს ჯერეთ სიამის ყვავილი არ მოუსთვლია? ხმა გამეც, მშვენიერო! ქალი ჯერ შეაკრთო მეფის ალერსმა, შეაშინა, კიდეც შეაძრწუნა. მერე ტკბილი რამ სითბო ჩაეშვა დარდისაგან გვემულ მის გულში და საალერსოდ გაალხო გაციებული. ვერ გაებედა მხურვალე კოცნაზედ კოცნითვე ეპასუხნა. მხოლოდ თრთოდა მძლავრ მკლავებში ბუმბერაზისა, როგორც კაკაბი ორბის ჭვანგებში. და იგი თრთოლვა თუ ცხროება საამრო რამ ძრწოლით წარმოშობილი აზვირთებდა ქალის გულში სიტკბოთა ტალღებს. - მეშინის, მეფეო ჩემო და მბრძანებელო! უცნაურად მაშინებს ალერსი შენი. გამიგონია: ღმერთი განხორციელებულა და სტრფობია მშვენიერს, გარნა მის შეხებას დაუწვავს ქალი, როგორც ცეცხლს. ელვას ღრუბელთა შორის გამომკრთალს. - ნუ კრთი, გენაცვალე, ნუ გეშინის! ვერ დაგწვას შენ ცეცხლმა ციურმა, ვერც ქვეყნიურმა; ვერ ავნოს შენს მშვენებას ბოროტმა აღტყინებულმა. - მეშინის, დიდებულო ჩემო სულის დგმავ! - გენაცვალე!.. - მეშინის! მომიშორე! - ვერა! -ვაჰ... - გეტყვის მეფე და მისი ფიცი ზღუდედ გერტყმის გარდაუვალად: შენი მიჯნური აშოტი ბურჯად უდგა საქართველოს, ხოლო ქართველთა შუაგულ იგი სდარაჯობს შუქურ ვარსკვლავსა, სად სამუდამოდ დაენერგა გული მისი!.. ამ შუქურ ვარსკვლავს!.. აი ამ ვარსკვლავს!.. კოცნის ალში ხვეული, ვნებათა ნაკვესით გარემოცული, თითონაც აიგზნო ქალი, აგიზგიზდა, გავარვარდა ცეცხლით მზიურის სიყვარულისა; ყელს მოეჭდო. თქმაღა შესძლო ფიქრმიბნეულმა: - აჰა მხევალი შენი! მეყავ მე ნებისაებრ შენისა. ამის შემდეგ სავარდე გაუშენდა აშოტს იქვე ახლო, თავის სასახლის გვერდზედ, წალკოტი მშვენიერი, სად ფერად ყვავილებად იფურჩქნებოდნენ მისთვის ნაზნი გრძნობანი, სრულდებოდნენ სანატრი გულისთქმანი. აქ უსტვენდა მისთვის ბულბული სიამისა, აქ უგალობდა მას იადონი სიხარულისა, აქ ელვარებდნენ მისთვის ხორცსხმულნი ოცნებანი, მრავლდებოდნენ ის დაუვიწყარი განცდანი, რომელნი მხოლოდ ამკობ-ამშვენებენ ადამიანთა სიცოცხლეს, რომელთ მოგონება ღიმილად ეფინება ცხოვრების გზასა თვით სამარემდინ. აქ, შუქურის ბინაზედ, სულიერად ისვენებდა მოჭირნახულე ბუმბერაზი, საზოგადო საქმეთაგან დატვირთულ-შემძიმებული. აქ უყუჩდებოდა მას ყოველი ტკივილი გულისა, განუქარდებოდა ტანჯვა სულიერი. აქვე ივსებოდა და პირთავდებოდა საწყაული მისის ხორციელის ფუფუნებისა. ეს პატარა ბინა იტევდა დიდი მეფის და განთქმული ვაჟკაცის კმაყოფილებათა სიმრავლეს ათასგვარს. მეფის გონებაში მთელი მისი მოქმედი ცხოვრება ორად გაიპო: ერთი იყო შრომა სახელმწიფოს კეთილდღეობაზედ, ზრუნვა მუდმივი, მრავალგვარი, დაუცხრომელი, რომელი ითხოვდა მის სრულ უნარს, მთელ ძალას გონებისას თუ გამჭრიახობას, და მოითხოვდა მარად, ყოველ წამს. ეხლა ამ ფრიად საზრუნველმა საგანმა მიიღო სახე წმინდა მოვალეობისა, ხასიათი რამ თანამდებობისა, რომელსაც არ ეღალატებოდა, ვერ შეიძლებდა რამე დაჰკლებოდა მის წაღმართ მსვლელობაში. საქვეყნო საქმე ერთკერძ იდგა და ეჭირა მოქმედი გმირის თითქმის მთელი პიროვნობა. მაგრამ ეს უფრო გონებისა და ნებისყოფის ფარგალში ტრიალებდა, გულის სიღრმეს კი ძლივსა სწვდებოდა, ვერც თუ მთლად რწყავდა. გარნა ბუმბერაზის პიროვნება ამით არ ისამზღვრებოდა: მრავლობდნენ მის გულში ნაზი გრძნობები პირად მოთხოვნილებათა და ის წალკოტი, რომელში აღივებულიყვნენ ეს ყვავილნი გაზაფხულისა, გადაფარგლული იყო ყველა სხვა საზრუნველისაგან, მათგან შეუხებელი, მათის მტუქსავ მძლავრობისაგან დაცულ-დაფარული. ამ საიდუმლო სავარდეში მისის სულისა უშრეტი წყარო დიოდა დამტკბარ განცდათა. დიდ სახელმწიფო დაწყებათა ბრწყინვალედ შესრულებაში ისა ჰპოვებდა მხოლოდ ჰაზრთა განხორციელებისაგან ნაწვევ სიამეს, მისწრაფებათა ეშხიან განსახების დაკმაყოფილებულ თავმოყვარებას. ამ ნიადაგზედ არ იშლებოდა მისთვის ნაზი ყვავილი იმ პირადი სიამისა, რომელი მხოლოა არსისათვის, საზოგადო თვისებათაგან გაძრცვილი. პატარაა იგი ყვავილი, უჩინარი, როგორც პატარაა და უჩინარი ერთი ერთეულის ცხოვრება სიცოცხლით სავსე მთელ ბუნებასთან შედარებით, მაგრამ ისევე ტკბილია და შეუდარებელი, როგორც დაუფასებელია სიცოცხლე თვით პიროვნებისათვის, თუნდაც უჩინარ ჭია რამ არსებისათვის. და ამ პაწაწა ეზო-ყურეში, რომელი განათებული იყო შუქურის არსებით, გარდაფურჩქვნილიყო აშოტისათვის ყვავილი პირადი სიხარულისა, კერძო სიტკბოებისა, დიდ ზრუნვათაგან შემძიმებულ მისის სულის გაყუჩებული ია რამ შეუფასებელი. - საკვირველია! ოღონდ შუქურის კალთაში ჩავსდვა თავი, მისი ხელი ვიგრძნო შეჭმუხვნილ შუბლზედ და ყოველივე დარდი და ზრუნვა განქარდება, გულისტკივილი მყისვე ჰკარგავს თავის სიმწვავეს: ვიძირები შემოუწერელ ტბაში ვარდისფერის სიამისა, ვნეტარობ ვით ღმერთი ყოვლადნეტარი, წყნარის კმაყოფილებით გარე მოცული, უღელველ კეთილში ჩანერგილ-ჩანთქმული, მათრობილი ნათელის თანაზიარი... ახ, მოკლენი არიან შეუდარებელი იგი წუთები: საკვირველი სისწრაფით რბის დრო ჩემი შუქურის უბეში... - ხომ მეფე ვარ თქვენი, ხელმწიფე მბრძანებელი? - ოღონდაც რომ ხარ! - მაინც არ გიბრძანებთ! მორჩილად გთხოვთ: განმიგრძნოთ ეს სანატრელი წამები; გემუდარებით, განმიმრავლოთ იგი წუთები უთქმელი ნეტარებისა. თქვენდავე საკეთილდღეოდ ამრავალკეცოთ იგინი! - როგორ, ბატონო?! - იქ ვივსები კეთილ მისწრაფებათა სიმრავლით! იქ ვიმოსები ღვთაების ძალით სახიერისა! მისმინეთ: მომაგეთ მცირედი ესე მოსაგებელი და სიკვდილამდე მიმსახურეთ მბრძანებელი თქვენი. თუ არა და... შუქურთან გაცნობის შემდეგ აშოტის ოჯახმა განზედ გაიწია მისი პიროვნებისაგან. სახლობა თუ ოჯახი ხომ განგრძობაა და განვითარება სახლის მამის არსებისა, სხვადასხვაფერად მოვლინებული, პირადპირადად განხორციელებული. შუქურთან დაახლოვებამდის ესე სწამდა აშოტს, ესე გრძნობდა იგი. ეხლა კი მისი ოჯახიც დასცილდა მის პიროვნობას, მოსწყდა და მოექცა მოვალეობათა თუ თანამდებობათა ფარგალში. აშოტი წინანდებურადა ზრუნავდა თავის სახლობაზედ, ის ეხლა უფრო მეტს პატივს და მფარველობას უწევდა თავის სამეფო კერას, მაგრამ ეს მხოლოდ მისთვის, რომ მოვალე იყო ესე მოქცეულიყო, ხოლო მოვალეობის ღალატს არ იყო ვაჟკაცი ნაჩვევი, ვერც ოდესმე შეეთვისებოდა მისი ბუნება ნატვირთ თანამდებობისადმი გარეწრობას. მისი პირადი ნეტარების ყვავილი კი გადასჭკნა და გახმა მის კერაზედ. იქნება, იგი არც როდის იყო სიცოცხლით სავსე მდელო სუნნელი, მხოლოდ გარეგანი სახე ჰქონდა ცხოვრებისა მას შემოსილი?! ესეთმა სულიერმა განწყობილებამ თანდათან იძულებულჰყო აშოტი მთლად დაეახლოვებინა ახალი სული თავისთან, მანძილი შეეჭრა თვისსა და მის შორის, იქვე ეცხოვრებინა თავის გვერდზედ:ჰსურდა სიმშვიდის ფერია მათრობელი მარად თანა ჰყოლოდა, ხელმისაწვდომად. ეხლა მეფე იმაზედ ფიქრობდა, მოეხერხებინა და ქალი თვის სასახლეში გადაეყვანა, თანაც ისე, რომ გარეგანი სახე კეთილქცევის შერჩენოდა მის მოქმედებას, არავისათვის ავი სიტყვა არ ეთქმევინებინა, ქვეყანა არ აელაპარაკებინა. ვერაფერი მოეგონნა: პირდაპირ ქცევასა თუ თქმას იყო ნაჩვევი, რაინდულ გულახდილობას, მაგრამ ეს სახე მოქმედებისა არ გამოდგებოდა: აქ ხერხი გასჭრიდა მხოლოდ. მოქნილი რამ ქცევა რიდით ფარული, სხვის თვალთაგან განუჭვრეტელ რიდით ბურვილი. მეტი გზა არ იყო, უნდა გაენდო ვისთვისმე თვისი წადილი, რომ ამგვარ საქმეებში გაოსტატებული ხელით შესრულებულიყო ეს სახიფათო მოქმედება. საქმე კი მართლა საეჭვო იყო და სამძიმო: ამგვარ კავშირს რომ ჰკრულავდა ეკლესია, ეს სახე ურთიერთობისა რომ საშინლად იგმობებოდა ხალხისაგან, ეს ამბავი ცეცხლსაც დააგზნობდა უშრეტს მის საკუთარ კერაზედ: მცხინვარე ნაკვერცხლად გარდაიქცეოდა მისი მეუღლე მანდილახდილი. - არ დაიძინებს გურანდუხტ, მანამ არ დაშლის ჩემ ნეტარებას. რაკი მთლად დარწმუნდება ჩემს ამგვარ კავშირში შუქურთან, ყველა ძალებს აამოძრავებს ჩემს გარშემო და უსათუოდ მავნებს, ორივეს გვავნებს საშინელის ვნებით: ის მოსპობს შუქურს, ჩემსა სიცოცხლეს და გულის ყვავილს! 52 საღამოხანი იყო. მზე შუბის ტარზედღა იდგა მთიდან, რომლის მწვერვალს ოდნავ დაჰნდობოდა ფრთაშეწითლებული ღრუბლის ქულა. დღის სიცხე დაშვებულიყო; სიო აგრილებდა ნახურებ ჰაერსბუნება მიყუჩებულიყო, სთვლემდა: ძილად მისვლისას დამცხრალიყო დღის დაუდგრომელი მოძრაობისგან. სიმშვიდე დაფენილიყო გარემო და იწვევდა სულს დაწყნარებულიყო, მოეცალნა დღიურ დრტვინვათა თუ ზრუნვათაგან, აესხა ოცნებათა ფრთები, გაჰყოლოდა მათ ნარნარ ფრენას სამარადისო მშვენების სამფლობელოსკენ, რომლის ზურმუხტის ბჭემდის ჯერ ისევ ძალუძს ადამიანს მიაწიოს და შორიახლო მაინც განიცადოს ის უჩრდილო ნეტარება, რომელს თანდათან ჰშორდება ტვირთშემძიმებული კაცთა ნათესავი, რომელი ოდესმე, იქნება, მთლადაც მიეფაროს გაწამებული კაცობრიობისაგან, რომელიც, იქნება, მხოლოდ ღმერთთა სავანეღა შეიქმნას ადამიანთაგან, გონებითაც ძლივს მისაწდომი. უწინ კი... ეჰ, წინათ ადამიანიც ღმერთებთანა სცხოვრობდა იმ ნეტარების ედემში, რადგან თითონაც ერთი ღმერთთაგანი იყო გულუბრყვილო. ეხლა... მხოლოდ იშვიათნი უახლოვდებიან მას, ღირს იქმნებიან იხილონ ზურგით კერძო მაინც და დასტკბნენ მისი საპფირონებრივის ელვარებით. დედოფალი რომ განმარტოებულიყო ეხლა და თავის გალიაკის სარკმლიდგან გადმოჰყურებდა მის თვალწინ გადაშლილ დიდებულ ბუნებას მიყუჩებულს, მის სულსაც წამიერად ეპოვნა სიმშვიდის ნავი აფრაასხმული და მიმოსცურავდა ნეტარების წალკოტის ზღუდე-ყურესთან. კმაყოფილი იყო დედოფალი: დიდმა სამეფო მეჯლიშმა უხინჯოდ ჩაიარა მწყობრად ყველას სასიამოდ. მზრუნველებმა მეწესეებმა ყოველ მოლოდინს გადააჭარბეს მოვალეობის შესრულებაში; მომღერლებმა ბულბულის ენა ამოიდგეს; მოსაუბრეებმა მეცნიერთა და მჭევრმეტყველთ მოსტაცეს ჰაზრთა სალარო თუ სიტყვათა მწყობრდენის საიდუმლო; ლელწამტანმა მოცეკვავეებმა მზის სხივებს აართვეს ციმციმი თუ ნათელთა კრთოლვა, ზღვის ჭავლებში მოთამაშე დილის მზის სხივებს. თვით დიდი ბიზანტიიდან მოსული დიდებული სტუმრები მთლად კმაყოფილნი დარჩნენ, ძლიერ მადლობელნი. სანოვაგისა და პირად-პირადი ჭურჭლის სიმდიდრით თუ სიმშვენივრით არ დაუვარდებოდა დღეს აშოტის სუფრა დიდებულ ტაბლას კეისარი ბასილისა. - სხვანაირად არც შეიძლება! მეფის სასახლე უნდა ჰსახავდეს ხალხის, მთელი ერის, სულიერს და ნივთიერ საგანძურს, როგორც ანკარა წვეთი ჰხატავს მზის სხივთა სიმრავლეს და შარავანდედს! იტყოდა კმაყოფილი. უღიმოდა დედოფალი მოგონებას თუ ოცნებებს და მით უფრო სასიამო იყო მის სახეზედ ეს კმაყოფილების ღიმილი თუ სიამის დაფიონი, რომ იშვიათი იყო ესეთი ყოფა მარად ზრუნვათა ტალღებზედ ატივტივებულ მანდილოსნისათვის მჭმუნვარისა მეჯლიშში მხოლოდ ერთხელ გადურბინა დედოფალს უსიამოვნობის ჩრდილმა და ეს მაშინ, როდესაც ბიზანტიელ სტუმარს მიართვეს ღვინით სავსე ჩოღრათო. სტუმარმა რომ წარმოსთქვა სადღეგრძელო და ასწია სასმისი, დედოფალმა ჭურჭლის გრეხილ ყელში ლაქებს რასმე მოჰკრა თვალი. სამეფო ჭურჭლის გამგე მანდილოსანს ვერ შეენიშნა ჭუჭყი და ეხლა დედოფლის სიამეს ააჩნდა ლაქებად ის დაუფერავი ადგილი სასმისისა. მაინც წამიერი უსიამოვნობა იყო ეს და მაშინ მთლადაც უკვალოდ გადირბინა მან დიასახლისის მზრუნველ გულზედ. ეხლა კი, როდესაც გონების თვალით მეორედ განიცდიდა იმ საიშვიათო დროს ტარებას, იგი ლაქები ისევ თვალწინ დაუდგნენ დედოფალს და უფრო შემუქებულ-შემურულნიც, ეს იყო მიზეზი, რომ ერთ წამს შუბლი შეიჭმუხნა მბრძანებელმა. მის წარმოდგენაში იმ დაუფერავ ადგილის გვერდზედ ამოჩნდა ჭურჭელთა მცველის მინაოჭებული სახე. ცხადლივაც თვალწინ დაუდგა იგი განძეულთა გამგე დედაკაცი. - მაპატიე, დედოფალო დიდებულო, თავხედი კადნიერება: გავბედე და შემოველ დაუკითხავად, უხეშად დავარღვიე შენი მყუდროება! მაპატიე, შენის ღვთის გულისათვის! - უჰ, შემაკრთე! რა ამბავია ან რა გაგჭირებია ეგეთი? - გაჭირვება შორს არის ჩემგან, მანამ შენ კალთის მფარველობის ქვეშ ვიმყოფები; მაგრამ გევედრები, განმათავისუფლო ჩემის მოვალეობისაგან: უკვე სამძიმოა იგი ჩემთვის; დავბერდი, გავტყდი, თვალთ აღარ მიჭრის. ხუმრობა არ არის. ნეტარხსენებული ნერსეს დროიდან მიჭირავს ეს თანამდებობა. - რამ გაფიქრებინა? - მეჯლიშში რომ შუბლი შეიკარი, ის ჩემი ბრალი იყო. ვეღარ ვუვლი სამეფო ქურჭელს მურასას, ვერ შევნიშნე ჭუჭყი; ალბათ უძვირფასეს ქვათა ბჭყვრიალმა ამიბა თვალები: სასმისს სწორედ იმ ადგილას აქვს გოჰარი მრავლად შეყრილი. სახლთუხუცესმაც შენიშნა შენს სპეტაკს შუბლზედ წყენის ნასახი და საშინლად გაწყრა. განმათავისუფლე ამ სამსახურიდან! - სთქვა მსახურმა. და მდაბლად დახარა თავი გულხელდაკრებილმა. დედოფალი სდუმდა ერთს ხანს, ქარვას ითვლიდა კრიალოსნის ძაფზედ. გრძნობდა, მარიამი თითონ ვერ მოვიდოდა ამისთანა დასკვნამდის, მის ზურგთ უკან სხვის ხელი უნდა ყოფილიყო მამოქმედებელი; კიდეც მიიტანა გუმანი ნამდვილ მომქმედზედ, როცა დედაკაცმა სახლთუხუცესი ახსენა. მხოლოდ ჰსურდა გაერკვია, რა ჰაზრი ახელმძღვანელებდა აქ იმ გამოცდილ კარისკაცს. ბოლოს შეაყენა თვალხედვის ისარი მორჩილად მდგარ დედაბერზედ და უბრძანა: - კარგი! მაგრამ არ დაგენანება, ამდენს ხანს შენგან ნაამაგდარევი საქმე სხვას ჩავუგდო ხელში? მოგეწყინება სასახლის გარედ, დაჰღონდები. - არა, მოწყალეო დედოფალო, არა! მთლად ნუ განმრისხავ, ნურც მომაკლებ შენი ნათელი თვალების მზერას! დავიღუპები. ჩავჭკნები უმზეოდ. ჩამიშავდება დანარჩენი დრო ცხოვრებისა. - მაშ?! - მეთვალყურეობა მაინც მევე მიბრძანე! ახალი მხევალი აასრულებს პირდაპირ სამუშაოს. მე მაინც თვალს ვადევნებ: შეზრდილი ვარ განძეულობაზედ, თითქო შეხორცებული. დედოფალი ისევა სდუმდა ჩაფიქრებული, მხევალს უფრო მეტად დაეხარა თავი ძირს. ეხლა უფრო დარწმუნდა გურანდუხტი, რომ ამ დედაკაცის მუდარა შემთხვევითი არ იყო, მის წარბთა წამიერი შერჭმით გამოწვეული. - გისრულებ სათხოვარს: სასახლეში მოხუცებულს სასახლევე გფარვიდეს ბოლომდის! - გმადლობ, ყოვლად მოწყალეო! - მიუგო დედაკაცმა და მიწამდის დახარა თავი. - ვინ არის ისეთი სანდო და ფაქიზი ადამიანი, რომ ჩავაბაროთ ესეთი საფრთხილო საქმე და სათუთი განძეულობა? - შეეკითხა დედოფალი. და თვალი აღარ მოაშორა მთხოვნელს. - არ ვიცი! ვერას გავბედავ მოგახსენო. მხოლოდ ვიტყვი, ბედნიერი იქნება ის, ვინც შემოეფარება შენს საფარველსა. სდუმდა დედოფალი. თვალს არ აშორებდა მთხოვნელის სახის მოძრაობას. ფერი მისდ-მოსდიოდა დედაკაცს; ოდნავმა თრთოლამ აიტანა იგი. მიჰხვდა, სხვა გზა აღარ ჰქონდა, უნდა წარმოეთქვა იმ ქალის სახელი, რომელიც უნდა შესულიყო სასახლეში მის სანაცვლოდ. შეიგნო ეს და შეძრწუნდა ფრიად; შიში სიკვდილისა მოუხდა მას; ზაფრანა გადაედო ანაოჭებულ სახეზედ. სახლთუხუცესის წინაშე მარიამი დიდ უარზედ იდგა დაესახელებინა დედოფალთან ის ქალი. წეღან მას მტკიცედა ჰქონდა ეს გადაწყვეტილი. - დეე თითონ კარისკაცმა მოახსენოს ეს და თითონვე იტვირთოს პასუხისმგებლობა ყველაფერში, - ფიქრობდა დედაბერი. ეხლა კი ნახა, ხაფანგში მოჰყვა და სხვა გზა აღარ ჰქონდა, უნდა ეხსენებინა იგი: იცოდა, მბრძანებელის ამ სიყუჩეს ანაზდა ღელვა მოჰყვებოდა მძლავრი. შეიძლებოდა, ცხენის ძუაზე აებათ კადნიერი და დაეჩლეჩინებინათ. - მაპატიე კადნიერება, რომ ვბედავ რჩევის მოცემას: ამ ჩემს ხელობაში სწორედ შუქია გამოდგება, პაატას ქვრივი: სუფთა, მარჯვე, შოლტივით მოქნილი, ზრდილობიანი. ამ სახელის გაგონებაზედ დედოფალს ტუჩის ქიმი ოდნავ გაეპო. აუთრთოლდა, გესლიან ღიმილად გაეზიდა. ეს ღიმილის მზგავსი მოძრაობა შხამის ნამმა გამოიწვია მასში. მაინც შეებრძოლა თავის თავს და დინჯად უბრძანა: - კეთილი! შენ თითონ იცნობ იმ ქალს? ხომ მთლად პატიოსანია და სანდო? - მე მხოლოდ მაშინ გავიცანი ის საწყალი, როცა ბატონმა აშოტმა წყალობა მოიღო მის ქმარზე და აქ გადმოასახლა ისინი. მას აქეთ ვადევნებ თვალს და ვერ ვიტყვი იმაზედ აუგს. მთლად სანდოდ და პატიოსნად მიმაჩნია, - მოახსენა მარიამმა გადაწყვეტით და წელშიც კი გასწორდა: უკიდურესმა განსაცდელმა გამბედაობა ჩაუწვეთა გულში. - იქნებ სხვას ვისმეც მიაჩნია შუქია სასახლის ღირსად და მაგ საძნელო თანამდებობის შესაფერად? - ესევე ფიქრობს, დედოფალო, თითონ სახლთუხუცსი. ამის გაგონებაზედ ბოროტმა უფრო მეტად გაუპო მას ტუჩების ქიმი და შორს გაუზიდა შხამიან ღამილად. გესლის წვეთი მის თვალთაც დასწვდა, წამწამდაშვებულთ. ანიშნა დედაკაცს მოჰშორებოდა, გასცლოდა.

53 მსახური რომ გასცდა მოფარდაგულს, განრისხებული დედოფალი წამოიჭრა ზეზე და მძლავრად დაანარცხა კრიალოსანი. კაკლის ტოლა ქარვის თვლები დაიმსხვრა დრუნგილის იატაკზედ, შეიმუსრა. - მაშ ესე?! მე ქალი არა ვყოფილვარ და ეს მანდილი არ მხურებია თავზედ, თუ შენივე კბილით არ დაგაგლეჯინე შენივე ხორცები. დიდო ბატონო აშოტ! ჯოჯოხეთის ცრემლით აგიტირებ მაგ შენს მეძავსა. როგორ?! ჰბედავ, სასახლეში შემოიყვანო კახპა დიაცი. ჩემს გვერდზე ამყოფო იგი შენ სასიამოდ!? სარკინოზთა სჯული მიგიღია, მეორე ცოლი მოგყავს ურცხვად, საჯაროდ!.. არ შეგრჩება არც კაცი გაპატიებს ამ აშკარა ცოდვას, არც ღმერთი შეგინდობს... ცნობისმოყვარე ადამიანი იყო გურანდუხტ, დაკვირვებული და მაშინვე ეჭვი შეიტანა თვის ქმრის ქცევაზედ, როდესაც მან აღტაცებით უამბო, როგორი მასპინძლობა გაუწიეს პაატასას ომად მიმავალს, რა საჩუქრები მიუძღვნა მათ, როცა გამარჯვებულმა იმათ ოჯახში გამოიარა. ეჭვის სათავე დედოფლისათვის იმ გულგრილობაში იყო, რომელსაც ვაჟკაცი იჩენდა ცოლისადმი, მეტადრე ბოლო დროს, ხოლო ამ სათავიდან წარმოჟონილ ეჭვს ზრდიდა და აძლიერებდა თვით იმ ქალის სინორჩე თუ სიმშვენივრე, რომელიც დედოფალმა შენიშნა პირველსავე ნახვაზედ და რომლის უარყოფა არ შეეძლო მას ეხლაც, როცა ესე ბოროტად იყო მისი გრძნობა იმ ქალისაკენ მიმართულ-მიქცეული. როცა აშოტმა სასახლის გვერდზედ ახალი ბინა მისცა დაავადებულ პაატას და თავის წყალობის კალთა ისე უხვად დააბერტყა იმ პატარა ოჯახს, დედოფალს ეჭვი უფრო გაუძლიერდა. ბოროტი შური უხვად აწვეთებდა გესლს მის გულს. ქალის დაქვრივების შემდეგ ვაჟკაცმა ხშირად იწყო შუქურის სახლში მიმოსვლა და მით უფრო ადვილად. რომ ის სახლი გზაზედ იდგა, სასახლეში ამავალ შარას პირას. გურანდუხტმა გააძლიერა იდუმალი დარაჯობა და დარწმუნდა, მისი ეჭვი ძალიან ახლო იყო ჭეშმარიტებასთან; თვით ჭეშმარიტება იყო უცილებელი. მაინც სდუმდა, ბოღმას გულში აგროვებდა, იტრიალებდა. თვითმოყვარეობა დედოფლისა, თავმოყვარეობა მანდილოსანისა ნებას არ აძლევდა გაემხილებინა ვისთვისმე თვისი დარდი, გადაეშალნა სხვისთვის თავის გულის იარა და შეურაცხად დაედვა თავისი კერა, მოეყივნებინა სხვის თვალში თვისი გაფუფუნებულ-გალაღებული ოჯახი. - დროებით გატაცებაა ეს გაუმაძღარ, გუნებაცვალებად ვაჟკაცისა, რომელს მოსწყენია სანუკვარად თუ სათუთად შემზადებული სანოვაგე სადიდკაცო და უგბილს ეტანება უბირად აღზავებულს. მოიწყენს, უარჰყოფს შეუფერებელ სურვილს, დაუბრუნდება თვის კერას უმწიკვლოს უძღები, თვის ოჯახს მშობელს. ჩვენ კი, მანდილოსნებმა, უნდა ვითმინოთ: ესეთია ჩვენი ხვედრი, დედოფლის ბედი თუ უბრალო ვინმე მოახლისა, - ფიქრობდა გურანდუხტ. ქმარზედ რომ ჯავრი მოსდიოდა შეურაცხყოფილ მეუღლეს, გული უფრო უბოროტდებოდა სახლთუხუცესზედ, რომელმაც, ეჭვი არ იყო, იცოდა ამ ფარულ ცოდვის მიმდინარეობა და ხელს უწვდიდა თავის ბატონს, ყოველ ღონესა ხმარობდა, გაეადვილებინა მისთვის უზნეო ერთობა უკანონო. ეხლა, როცა სამეფო ჭურჭელის მცველმა განუცხადა დედოფალს უარი თავის თანამდებობაზედ, და იქამდისინაც გაკადნიერდა, რომ თავის მოადგილედ დაუსახელა სწორედ ის ქალი, რომელმაც გულს ეკალი დაასვა დედოფალს და შეაგინა მისი მანდილი, - ეხლა გურანდუხტ ძლიერ გამწარდა, მძლავრად იფეთქა მისმა გულისწყრომამ და ბრაზი გადმოანთხია, უღონობის ბოღმა, რომელი თითონ მასვე ჰვნებდა, ხოლო სხვისთვის სრულიად უვნებელი იყო, შეუმჩნეველიც. რა უნდა ექმნა ამ მდგომარეობაში დედოფალს, როცა თავმოყვარება ნებას არ აძლევდა მას, გარეთ გამოეტანა თვისი დარდი. საჯაროდ გამოეფინა თავისი გულის იარა შემზარავი, მოეყივნებინა თავისი მეფე-მეუღლე, სახალხოდ სირცხვილეული ექმნა იგი, გაეთახსირებინა?! ვსთქვი: ზვიადობა ნებას არ აძლევდა მას სხვის თვალში დაემდაბლებინა ღირსება თვისი თუ თვის ოჯახისა. ქმრისთვის კვლავ მიემართნა მრისხანედ, ამაო იქმნებოდა: ბევრჯერ შეარცხვინა ის პირისპირ და შეაჩვენა, მაგრამ ტყუილად; მას ან მთლად დაჰკარგოდა შეგნება მეუღლობის წმიდა მოვალეობისა, ან მძლავრად დაეპყრო იგი ეშმაკს ლირწს, ძალა აღარა ჰქონდა შეჰბრძოლებოდა თვით ნებისყოფას ცუდად მიქცეულს. ისღა დარჩენოდა დამდაბლებულსა დაჩუმებულიყო, ენა ჩაენთქა, კრინტიც აღარ დაეძრა სხვის გასაღიმად. ბობოქრობდა ქალი, აწყდებოდა ოთახის კედლებს, მდგომარეობის შესამსუბუქებელი რამ სავალი კი ვერ მოეძებნა. მაინც, როგორც იყო, დაწყნარდა მცირედ, დაეშვა: უღონოდ ჩამოყარა მკლავები სასოწარკვეთილმა. - მოვკვდე ანაზდად, რომ გათავდეს ტანჯვაი ჩემი და დამცირება! - ინატრა დედოფალმა. და ცხადად წარმოუდგა თავისი თავი უკვე გარდაცვალებულად. მთელი სახელმწიფო ზარით მომტირალობს მის გარშემო, ბევრი გლოვობს გულწრფელად. მრავალს მოჰკლებია მისი საფარველი მტკიცე, მარჯვენა მზრუნველი. დახე, მომტირალ შვილებს შუა სდგას აშოტი თვალმშრალი, სახეგაქვავებული, მის მტკიცე შუბლს ღრმად აჰყოლია ფიქრის ნაოჭი. რას ფიქრობს იგი ამ მწუხარების ჟამს? იქნება იმის მოსაზრებაშია, როგორ მარჯვედ მოაწყოს საქმე, რომ სადედოფლო ტახტი თვის შუქურს დააჭერინოს, ალქაჯ შუქურს, თავდახრილი რომ სდგას მგლოვიარეთა შორის და წამწამზედ ნამი უბრწყინავს, წვეთი ცრემლისა. - კეთილიაო, გამიგონია. შეიძლება წრფელიც იყოს ეს მისი ცრემლი ამ შავბნელ წუთს. იქნება ალქია, ანგელოზის სახით მოვლინებული და მარჯვედ აწყობს ამბებს, რომ სათავისოდ გამოიყენოს ოჯახის ეს დიდი უბედურება? სწორედ! - არა, არ ეგების სიკვდილი ჩემი გასახარად ამ მეძავისა! ცოცხალ ვარ! საჭიროა სიცოცხლე ჩემი ჩემისა შვილებისათვის, მთელი ჩვენი სახელმწიფოსათვის. უნდა მოისპოს თვით იგი მეძავი, განქარდეს ჩემი გზიდან. მისი სული ჩემს მძლავრ ხელში უნდა მოექცეს, მისი სიცოცხლეც ჩემს განკარგულებაში უნდა იმყოფებოდეს. აქ, ჩემს გვერდით, უნდა იყოს იგი მარადჟამ, რომ ყოველს წუთს სულთამხუთავი ედგეს მას თავს, ლანდი საუკუნო გაქრობისა. დიახ! მარად ჩემს თვალის წინ უნდა იყვნენ შეჯადოებულ-გადახლართული მემრუშენი, რომ შევსძლო მთლად ხელში დავიჭირო მათი არსება! - წარმოსთქვა გამწარებულმა და დაასკვნა მიეღო დედაბრის თხოვნა თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. მის ადგილას მოეყვანა ქვრივი შუქია. - დეე, აშოტის გულის ვარსკვლავი მოახლე იყოს ჩემი, ულოშნოს ღაწვები ჩემს მხევალს და იგრძნოს, რანაირად ამდაბლებს მის გვირგვინოსან თავს ეშმა იგი ბიწიერი, როგორ დაჰხითხითებს იგი პირუტყვულ ვნებაში ჩათხეულს ცხებულს უფლისას. იქნება შორეულ საფუძვლად ისიც ედვა ამისთანა დასკვნას, რომ დედოფალი ალღოთი გრძნობდა, რა ამაო იქმნებოდა მის მხრივ ყოველივე წინააღმდეგობა. გადაწყვიტა, მოჰლაპარაკებოდა თავის მეუღლეს სამეფო ჭურჭელთა მცველის დათხოვნისა და მის მოადგილის მოწვევის შესახებ. გაანცვიფრა დედოფალმა თვით აშოტიც, სახლთუხუცესიც, ის ორიოდე შეთქმულთაგანიც, რომლებმა იცოდნენ ეს საიდუმლო სასახლისა და ხელს უწყობდნენ მის წაღმართ მსვლელობას. სახლთუხუცესს ვერ გაეგო, რა ჰაზრით დათანხმდა დედოფალი ამ წინადადებაზედ. განზრახვა რამ საიდუმლო კი უნდა ყოფილიყო მის თანხმობაში, თორემ გოროზი ადამიანი ვერ შეურიგდებოდა, გვერდსა ჰყოლოდა ის ქალი, რომელი ამცირებდა მის მანდილოსნობას, ართმევდა სარეცელს, ლამის სამეუფეო ტახტსაც შესცილებოდა. - გამოცდილი ადამიანია შორსმჭვრეტელი, ფართოდ მფიქვრელი და უმიზეზოდ არ მიიღებდა ესეთ დასკვნას თვისთვის საჯავრელს, მარად მაწამებელს. სასტიკად უნდა ვადევნო თვალი მის მოქმედებას, მის განზრახვებსაც. მეფე კი... გულუბრყვილოდ შეჰხვდა აშოტი ამ ამბავს. სიამის ღიმმა გადურბინა ბაგეზედ. სახელმწიფო საქმეებში და ვაჟკაცობაში რომ ტოლი არა ჰყავს, ამისთანა წვრილმანში მთლად მიამიტია იმთავითვე, ბალღივით გამოუცდელი და ადვილად შეიძლება მოტყუვდეს იგი, გაებას ვერაგულად დაბმულ რამ ხლართში, - იტყოდა გულში კარისკაცი. 54 დედოფალმა რომ ისე ადვილად დართო ნება, შუქურისათვის ჩაებარებინათ სეფე ჭურჭლის მეთვალყურეობა და დაებინავებინათ იგი სასახლეში, ამისი საკმაო მიზეზი ჰქონდა მას: გრძნობდა, მეფე და კარისკაცნი ბოლოს მაინც თავისას გაიტანდნენ, ქალს სასახლეში ამოიყვანდნენ, და ნებით ჩაყოლა ირჩია: მსახურად მიუშვა იგი ციხე-დარბაზში, თავის მოახლედ თუ გოგოდ დააყენა, და ეს დამდაბლება მეტოქისა თითქო ჭირს უქარვებდა უღონოქმნილ მანდილოსანს; თვით მეფის კავშირსაც ამდაბლებდა ეს, ყოველგვარ პატივსა ხსნიდა მის სატრფოს, ამცირებდა: მოახლესთან მეფის კავშირი საკვირველი იყო და საძრახისი; დედოფალი შემთხვევასაც პოულობდა, უკეთ დაეფარნა თავისი შეურაცხყოფა ხალხის თვალთაგან, ყურიც ედევნებინა ამ უგვან და უკეთურ კავშირის მსვლელობისა თუ განვითარებისათვის. ესე ამართლებდა გურანდუხტ თავის იძულებითი საქციელს. იქნება გულში სხვა რამ აზრიც ედვა შეურაცხყოფილს, გესლიანი ფიქრი შურით მოშხამულ გულის სიღრმეში. რატომ?! მახლობლად დაბინავებულ მტრის მოსპობაც უფრო ადვილი იქმნებოდა, ყოველ ჟამს მის ხელში მყოფ დუშმანის უჩუმრად განადგურება. ესეთი ჰაზრებიც მოსდიოდა დედოფალს სიბოროტეთა აზვირთების დროს, მაგრამ ამ განზრახვებს გულის სიღრმეში იმარხავდა ის, სულის ბნელ რამ ჯურღმულში: მორწმუნე ადამიანი იყო, ესეთს სურვილებს არაფერი საერთო არ ჰქონდა სათნოებასთან, არც ყოვლადსახიერ მოძღვრის ლმობიერ მცნებასთან. ამისთვინა ჰფარავდა თავის განზრახვებს. ესეთი იყო დედოფლის გულისთქმა იმ დასტურის დროს. მეფემ ეს არ იცოდა: არც საჭირო იყო სცოდნოდა ეს, ან დაფიქრებულიყო ამაზედ. არ ეცალა აღტაცებულს ვაჟკაცს დინჯად მოფიქრებულ მოქმედებისთვის: აღგზნებული იყო მისი სურვილი, ალავარდნილი; მისი ნდომა ცეცხლის დაშნად გარდაქმნილიყო, მახვილად მქცევისა და ჰბრუნავდა ბასრი იგი დამწველი ძლიერ ხელში, რომ გული გაეპო ცეცხლის ფხით მისთვის, ვინც ეწინააღმდეგებოდა ამ უძლეველ სწრაფვას, ვერც გაჰბედავდა გადაჰღობებოდა მის სურვილს აღტყინებულს. როცა ახარეს აშოტს, დედოფალი დათანხმდა და ბრძანა, ცნობაში მოეყვანათო ყოველივე სასუფრო განძეულობა ძვირფასი, რომ მიეთვალათ იგი ახალ გამგისთვის, უცნაურად დამშვიდდა ცეცხლმოდებული, დაუწყნარდა გული, გაეღო, მოღიმარე სიმშვიდე განიცადა მისმა სულმა, ისეთი მადლობა იგრძნო მეუღლისადმი, რომ მაშინვე წავიდოდა და სახეს გარდუკოცნიდა ღვთისნიერს, თუ ალღოთი არ მიმხვდარიყო, ქალისათვის აუტანელი იქმნებოდა ეხლა მისი დანახვაც არამც თუ მისი მოცინარე კმაყოფილება, ჭაბუკური აღტაცება აფერადებული. სასტიკი ზნეობის ადამიანი ვერ მიჰხვდებოდა ცოდვათა სიტკბოებას, რომელს ესე სასიამოდ მოეშხამა ვაჟკაცის გული მტკიცედ ნაკვერი, დაელბო, დაეძაბუნებინა; მხოლოდ უსამზღვრო ზიზღს გამოიწვევდა ეხლა მასში კაცის უხამსი კმაყოფილება. ვერც მიჰხვდა ამას გურანდუხტი ვერასოდეს, ცივი გონებითაც კი ვერ შეიგნო ის, რომ მის გვერდზედ მის მეუღლე ვაჟკაცისათვის შეიძლებოდა გარდაშლილიყო მეორე სიყვარული პირველყოფილი, აღგზნებული გრძნობა მისთვის სამარადისო. შური აბორგებდა დედოფალს, შეურაცხყოფილი თავმოყვარება შანთად უვლიდა მის გულს, ხოლო ბოროტად მღელვარე გრძნობები თვის ტალღებს აჩქეფდნენ ფიქრთა სხივებს და ანელებდნენ მათ ელვარებას, მათ ძალას: მთლადაც აქრობდნენ მათ. და იზრდებოდა უარყოფილ მეუღლის გულში ზიზღი მრუშისადმი, მკაცრი სიძულვილი მეძავისადმი. ბევრჯერ ისეთს გუნებაზედა დგებოდა დედოფალი, მზა იყო მოესპო ორივეს სიცოცხლე, კიდევაც ეწამებინა შეყვარებულნი. - მოვსპობ, არ ვამყოფებ ამ ალქს, ჩემდა დასამცირებლად თვით ჯოჯოხეთიდან ამოვლინებულს. ამოვფხვრი მასაც, ვინც სული მიჰყიდა ამ ეშმაკს ბილწსა, ოღონდ კი განეცადა წუთიერი სიამე მასთან სიახლისა. მოვწამლავ ორივეს! ღირსნი არიან ამ სასჯელისა ღვთის მცნების გამტეხნი, სხვის ბედის ნაოხარზედ იღბლიანად დამკვიდრებულნი! - ამბობდა დედოფალი. თვითონვე კი გრძნობდა, რომ ამ სურვილის შესასრულებლად ძალა არ შესწევდა მას: ამგვარ ბოროტ ნდომის განსასახებლად თანამოაზრე უნდა ჰყოლოდა მისანდობელი, მოკავშირე, უდრეკ-უტეხი; ამისთანა ჯერ არავინ მოსჩანდა მის გარშემო. კვლავ იგვემებოდა ბოროტად მღელვარე გრძნობებით სავსე. დედოფალმა ღრმა ტანჯვა განიცადა ამ ხანში, ცეცხლებრივ მწველი და დარწმუნდა, რომ გამჩენელს ოდესმე ამ ქვეყნად დაერგო არა მხოლოდ წალკოტი ყვავილოვანი, არამედ ჯოჯოხეთიც ბნელი, ალმურით გარემოცული, სულით ხორცამდინ სასტიკად მწველი. - თუ ღვთის განგებით ედემში ხილული არარად ქმნილა, ჯოჯოხეთის ნაშთი ისევ დაუტოვებია მას ამ ქვეყნად, მეფის სასახლეში, ზედ ჩემს კერაზედ! უცეცხლოდა სწვავდა დედოფალს იგი ქვეყნიური ჯოჯოხეთი, სევდის კვამლით სუნთქვას უხუთავდა, მშრალი ცრემლებით თვალებს ჰბუგავდა, როგორც ელვარებული შანთებით, ბოღმის მარწუხით ხორცებს ჰგლეჯავდა; შურის გველად დაცურავდა მოძულებულის ნანაზებ ტანზედ, გესლს უწვეთებდა გრძნობათა ფიალაში, არა ტკბილ შხამს ცნობის მომპარავს, არამედ ძიმწარეზედ უმწარეს გესლს მაფხიზლებელს, თვით ცნობის ბოროტად განმანათებელს. მარად იტანჯებოდა დედოფალი სიცოცხლის მგმობელი, მაგრამ სევდა უნელებელი სიკვდილად არ მიჰხრიდა წამებულს, მხოლოდ უათკეცებდა მას ყოფას გამწარებულს, დაუსრულებლადა ჰხდიდა მოძაგებულ მის არსებობას: ჯავრი უნელებელი წუთს ჟამადა ჰქმნიდა, ჟამს დღე-ღამედ, დღე-ღამეს კვირად თუ თვედ, წელიწადს საუკუნედ. - განვიცდი, მეუფეო, წამებას დაუსრულებელს ამავე ქვეყნად: ვერღა მიხილავს ნათელი პირისა შენისა მამშვიდებელი; ბნელი ბოროტი შემოიჭრა გულსა ჩემსა და მოაშთო სული ჩემი უბადრუკი; ეკლით მოიფინა გზა ცხოვრებისა ჩემისა. მომხედე მე, მიხსენ ტანჯვისაგან აუტანლისა, განმარინე მოწევნილსა ჩემდა ბოროტსა, სახიერო! - ევედრებოდა დედოფალი. სახიერს გარეშეექცია მისგან სახე თვისი ნათელმოსილი, არღა უსმენდა ღმერთი კაცთაგან უარყოფილს თუ დავიწყებულს. და გრძნობდა დედოფალი ობლობას მწარეს ქმარ-შვილში, ურიცხვ ყმათა თუ მხევალთა შორის; განიცდიდა დამცირებას უამრავ ქვეშევრდომთა თაყვანისცემის დროს; იგემებდა ლუკმის სიმწარეს რჩეულ სანოვაგით სავსე სუფრაზედ მგბარით თუ მტკბარით თვალმოწყენილი. ის უფრო უღრმავებდა ვაებას, რომ მისი ქენჯვა უხილავი იყო სხვისთვის, შეუგნებელ-წარმოუდგენელი. - რა შეგცოდე, მეუფეო ჩემო, რად უგულებელჰყოფ მხევალსა შენსა?! განვირისხე შენგან, აღარავინ მივას ნუგეშ ჩემდა, ხელის ამპყრობელ! უსასოქმნილი მოიღვედებოდა ერთს ჟამს. ჩაიკეცებოდა, დამდაბლდებოდა მიწამდის, არარად იქცეოდა არსება მისი. - მღილი ვარ უმნიშვნელო, მატლი მღოღავი; არაადამიანი შეურაცხყოფა ადამიანთა! ხოლო მეორე ჟამს გაუფიცხდებოდა ნებისყოფა, მშფოთავ გულისწყრომად აღეგზნებოდა ბუნება და ამოიღებდა პირალმას მახვილს, რომ თავისი ხელით ამოეგლიჯნა თავის მეტოქისათვის გულილბილი ვაჟკაცთ მხიბლავი, დაეთხარა მოღალატე კაცისათვის მაცთუნებელი თვალები, რომელნი შუქურის სახიდან, მის მთელი ტანიდან ჰკრეფავდნენ სიმშვენიერის ტკბილ ფერფლს გამჭვირვალს, მათრობელ ნექტარით შეზავებულს და იპყრობდნენ ვაჟკაცის გულსა; მაგრამ ეს ბოროტი ღელვა მაინც ვერ იყო თვისთავად ეგზომ მტკიცე, რომ შესძლებოდა სრულექმნა დანაპირი და ერთის დაკვრით მოესპო ძირი თავისის მუდმივი სატანჯველისა. სხვა უნდოდა ღონემიხდილს ყოლაუზი და მაჯის განმამტკიცებელი. ჯერ არსითა სჩანდა თანამგრძნობი და მშველელი: მარტო იყო დედოფალი თავის ტანჯვის პირისპირ, მთლად განკერძოებული და უმწეო. 55 ვაჟბატონისთვის კი ბედს ღიმილით გადმოეხედნა: მისი გულის ვარდი ეხლა მისსავე წალკოტში ყვაოდა. მის გვერდზედ, სულაც ახლო, ყოველთვის ხელმისაწდომად: ის სალარო, რომელშიაც ინახებოდა სამეფო ჭურჭელი ძვირფასი, მეფის პალატთა გვერდით იყო, ხოლო ეშხიანად მოფარდაგებული სავანე შუქურისა, კოხტა ოდა, ზედ ეკრა საუნჯის საწყობს. ვაჟკაცს შეძლება ჰქონდა სხვისათვის შეუმჩნევლად ევლო თვის ვნებათა დედოფალთან. გაეტარებინა იქ ტკბილი წუთები უცხოთათვის შეუნიშნავად. მახლობელთ კი მაინც ვერ მოაპარებდა თავის მიმოსვლის გზას. იმათ სულ იცოდნენ მისი ამბები და თვალ-ყურს ადევნებდნენ მის საქციელს შეუფერებელს. დედოფალი თვალს ვერ აშორებდა თავის მოღალატე მეუღლეს და დღითი-დღე შურით ივსებოდა მეტოქისადმი მის გვირგვინის შეურაცხმყოფელისა. ის უფრო აზავთებდა დედოფალს, რომ რაც უნდა დიდი ზრუნვა ჰქონოდა ვაჟკაცის გულს მოდებული, რაც უნდა ჩალიბრებული ჯავრით ყოფილიყო იგი შეპყრობილი, იმ საიდუმლო სავანეში უსათუოდ ჰპოვებდა სიმშვიდეს თუ სიამეს და ამ ლამაზ გრძნობათა ნასახს თან გამოიტანდა იმ წალკოტიდან, თითქო იქ მომაკვდავი ვინმე დედაკაცი კი არ ჰხვდებოდა მას, არამედ ხორცსხმული ფერია მარად ქალწული, რომელს ყოველ წამს ხელთ ეპყრა სიტკბოების ფიალა სავსე, ულეველ-უშრეტელი. - რითი ჰხიბლავს ის ალქაჯი გამოცდილ ვაჟკაცს ან როგორ უჭირავს ხელში? რა თილისმა უპოვნია იმისთანა, რომ მისდამი ტრფიალი არამც თუ არა ნელდება, თანდათან ძლიერდება, იგზნება, აღტყინდება?! - ჰკვირობდა დედოფალი. ვერ იცოდა ამაყმა თუ გულზვიადმა, რომ ის თილისმა იყო ქალის გუნება სახიერი, მისი არსება სათნო და წრფელი. სიყვარულში ფერია მხოლოდ იმას ეძიებდა, მთლად შესწიროდა საყვარელს, მისი შექმნილიყო სულით-ხორცამდინ, მისთვის მიერთმია თავისი თავი ისე სრულად, რომ სათავისოდ. პირად თავისათვის, აღარაფერი დარჩენოდა, გარდა სურვილისა: არაფრით დაეჩრდილა სათაყვანებლის სიამე, დაეტკბო იგი მეტად. გარდექმნა მხურვალე ვნება მოცინარ სიხარულად, თვით ნეტარებად. გულსავსე სიყვარულის მსახველი რომ იყო ქალი უანგაროსი, ის ასხივოსნებდა მას, ეს იზიდავდა მისკენაც მრავალსგვარ სიკეთეს, მრავალსახე სიხარულს. სიყვარული გრძნობათა მზეა, ის უხვად აბნევს მანათობელ სხივებს თავის გარშემო და იზიდავს თავისკენ ყოველსავე არსს სათაყვანებლად თუ სადიდებლად. ღვთიური ნაპერწკალი აშუქებულიყო ლამაზი მეფის ოჯახთან. ეს ათბობ-ანათებდა ვაჟკაცს, გაზაფხულს ანვითარებდა მის არსებაში, ყვავილთა სიმრავლის ჟამს მანუგეშებელს; ხოლო იგივე ნაპერწკალი სწვავდა დედოფლის არსებას, შავ კვამლში ახვევდა მის გულს, ბოღმის მჭვარტლითა ჰმურავდა მეტად საზარლად. ითმენდა დედოფალი, მაგრამ ილეოდა მოთმინების ჯაჭვი რკინისა, ცვდებოდა იგი და მცირე რამ შემთხვევაღა იყო საჭირო შეჰლეწოდა მას რგოლები, ჩაგლეჯილიყო, აეშვა დედოფლის ნებისყოფა მედგარი, ბოროტად აემოქმედებინა იგი. ეს საბაბიც გაჩნდა თავის დროზედ და გაარღვია ბოღმის ტბის შემკავებელი ნაპირი, რომ მთელის თვისის სიძლიერით დასტეხოდნენ თავს ზვავთა სიძლიერით წამოსწრაფებული ზვირთები ქაფმორეული. მეჯლიში იყო მეფის კარს თვალსაჩინო, მეტად მხიარული. სიძე-დაი მოსვლოდნენ მეფეს აფხაზეთიდან სტუმრად. საუკეთესო წარჩინებულნი გარს ეხვივნენ საქართველოს მფლობელს სვესრულსა. უწინ რომ დედანი ჩვეულებრივ ცალკე დაიდებდნენ ნადიმს ვაჟკაცთაგან განკერძოებულნი, ეხლა თანდათან ტყდებოდა ეს ჩვეულება. დღეს ქუდოსან-მანდილოსანნი ერთად ხარობდნენ მეფის სუფრაზედ. რა სანოვაგე! რა სასმელი! რა საკრავები! თვალთწარმტაცი ქალ-ყრმა აღტაცებული. დაბრძნობილ-ჭაღარშერთულნიც სისხლადუღებულნი. ღიმილი ყვავილთა ფურცლად შეჰფენოდა. ყველას დედოფალსაც დაჰვიწყებოდა თვისი მუდმივი ზრუნვა თუ ჯავრი, შუბლი გაეხსნა ნაოჭასხმული, თვალები სიამის შუქით გაჰნათებოდა. აშოტ დიდი ხომ ჭაბუკად გარდაქმნილიყო, ეშხიან სიცოცხლით სავსე ახალგაზრდად. რა უჭირდა ღვთისაგან კურთხეულს, კაცთაგანაც თაყვანისცემულს?! გარეშე მტერნი დაეხარნა თავის წინ და აგერ მთლადაც ჩასტეხდა მათ; შინ მთელი ერი მოსავი იყო მისი, თვისი ერთადერთის იმედისა, მძლე წინამძღვრისა. ეშხში შესულ რჩეულთა სუფრა თანდისთან იტვირთებოდა, ნაირ-ნაირი სანოვაგით, უფრორე ძვირფასად იმკობოდა საიშვიათო ჭურჭლით ფასდაუდებით. - დედოფლის სადღეგრძელო განმეორებით, ჩვენის დიდის დიასახლისისა, საქართველოს დედა-მფარველისა! - ხოტბაი სრული! - ქებათა ქება, მგოსანო ჩვენო! - შესდეგ, თამადავ! ჩემის დედოფლის სადღეგრძელო საუკეთესო სასმისით! სინდური კრიანტელი! სუფრაზედ ერთს ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. თვალი მიაპყრეს შუქურს, რომელს ებარა სასახლის ძვირფასი ჭურჭლეულობა. ქალი წამოდგა, რხევით გასცდა მოფარდაგებულს. მოართვა ოქროს კრიანტელი, საგანგებოდ მოოჭვილ-მოკაზმული. გოჰარი ისე იყო მწყობრად შეყრილ-შეფარდებული, ზედ ყვავილთა სახე იხატებოდა. სასმისი ფასდაუდებელი იყო ნახჩითაც, ხელოვანის ნაქანდაკები საიშვიათო. ამ ჭურჭელს ცალკე ინახავდნენ ტაგრუცში და გასაღები ყოველთვის ჭურჭლის მცველს ებარა. შემოვიდა შუქური ჩქარის სიარულით, ოდნავ ავარდისფერებული. შავ თავსაბურში თეთრ-ყირმიზი ქალი ლამაზი ჭურჭლით ხელში მშვენიერი რამ გამოჩნდა: მისი ტანი ლელწმად ასული, შოლტივით მოქნილი, მისი მწყობრი მოძრაობა მსუბუქი მეტად მიმზიდველად მოეჩვენა ეშხში შესულ კრებულს. სუფთა თითები რომ მოეხვივნა ყარყარა სასმისისათვის, დაემშვენებინა ისეც ფასდაუდები! მისი მაჯა სჯობდა სასმისის ყურს: უფრო ხელოვნურად იყო ჩამოსხმული, თბილის სიცოცხლით შევარდისფერებული. ეგრძნო ქალს, რომ დიდებულ მეინახეთა თვალი მასზედ იყო მიქცეული და წამწამთა ჯარი მორცხვად დაეხარნა ბროლის ღაწვთაკენ. თავსაფარიდან გამოშლოდნენ ოქროს კულულები, მზის ელმეცრივ სხივებს ეთამაშებოდნენ. რომ გადიხარა კრიანტელის მისართმევად, ქალწული ნაქვთები აეხატა სამოსელში. აშოტს მკაფიოდ გაახსენდა, რა სიამეს მიუძღვნიდა ვაჟკაცს იგი ტანი მდიდარი, ნათლად განიცადა იგი სიამე და... და უმტყუნა ძლიერს ნებისყოფამ. - თვით შუქურმა მომართვას ღვინო! მანამ ქალი აასრულებდა ბრძანებას, ვაჟკაცმა ვეღარ მოსწყვიტა მას ხარბი თვალი. სხვებმა ამ წამს უმატეს მხიარულობას, სიტყვათა ფრენა. თითქო ვერ შენიშნესო უხერხულობა, ვერც კი შეამჩნიეს იგი, განზრახ მოუზომელ ქცევის დასაჩრდილავად. დედოფლის განმახულ გრძნობას არ გამოეპარა მთელი შეუფერებლობა შერყეულის წუთისა და აენთო, სასტიკი წყრომა ალად აეკიდა სახეზედ, მარჯვენა ლოყა აუთამაშდა, ძლივსღა შესძლო თავის შემაგრება. გულში დაასკვნა, ან დაღუპულიყო, ან სისხლი აეღო, ენანიებინა მეტოქისათვის ესეთი დამცირება; მოესპო მისი არსება; საზღაპროდ დაესაჯა მიზეზნი ნაკურთხ სარეცელის შეგინებისა. მცირე ხნის შემდეგ დედოფალმა ჰპოვა საბაბი გაჰრიდებოდა მეჯლიშს აღფრთოვანებულს. ნადიმი დაეშვა და დამთავრდა გარეგნულად შესაფერის სახით, ხოლო ნამდვილ ყველას გაჰყვა სასახლიდან მძიმე შთაბეჭდილება ბოროტის მომასწავებელი, სამაგალითო რამ სიავის დამწყები. - ვეღარ შეიმაგრა მეფემ თავი! - ძლიერია სიყვარული, სიკვდილზედ ძნელი. - მთლად მოხიბლულია ვაჟკაცი ქალისაგან. - სისხლის ნაცვლად წყალი უნდა გადიოდეს ძარღვებში, რომ ვერ მოხიბლოს ნაკურთხის შვილმა. - მშვენიერია, თან უბრალო, კდემამოსილი. - საკვირველია; ყველა ეალერსება მას, მისდა მიჩენილ მხევლებს თავის თავს ურჩევნიათ ის. 56 დამცირებულ-შურაცხყოფილი დედოფალი არც თუ ისე მარტო იყო, როგორც ეგონა: მშველელი იქვე ჰყვანდა გვერდზედ, მომხრე ძლიერი, და ეს ჭირთა შინა შემწე მისი მით უფრო უტეხი იყო, რომ მას ამოქმედებდა არა პირადი მოსაზრება ჟამიერ-წარმავალი, არამედ ის ძირითადი ჰაზრი, რომლის სახორციელებლად იყო იგი აღმოცენებულ-დამყარებული, როგორც სალ კლდეზედ. თუ უღალატებდა ის თავის დანიშნულებას და დაარღვევდა ამ ბურჯს თავისს სიმტკიცეს, დაიშლებოდა, ვით ქვიშაზედ ნაგები სახლი უსაფუძველო; თუ შერჩებოდა ის ამ დედაჰაზრს, ამაყად აღიმართებოდა ზე, ვითარცა ნაძვი ლიბანისა გალაღებული, და თვისი შტოებით დაჰფარავდა თვით იმ შარავანდედს, რომელი დაჰნათოდა მეფის სასახლეს ძლიერს და საესავოს. ეს უდრეკი ძალა იყო ეკლესია, რომლის საყდარი ჰმეტოქობდა ტახტს სამეფოს და ისწრაფიდა დაემორჩილებინა იგი, დაეხარნა თავის წინაშე, როგორც ჯერ არს დახაროს სულიერმა ბუნებამ სამარადისომ. არსება ხორციელი ჟამიერად მოვლინებულა, მსწრაფლწარმავალი. მაშინ ეკლესიის წესრიგი გამაგრებული იყო საქართველოში, ტანშეყრილი, უკვე გარდაშლილ-აღყვავებული; ისეთივე ამაყი და მებრძოლი, როგორც თვით სამეფო ტახტი, აშოტის ქველობით დაკნინებას განრინებული, დამცირებათა ჟანგ მოფხვნილ-მოცლილი, ბრწყინვალედ ზეამაღლებული. საგულისხმო იყო, რომ ეკლესიის ძალთა გამალაღებელ-განმაახლებელი ახალი შარავანდედით მისი შემმოსი. ნერსეის სახლიდანვე გამოსულიყო. აშოტის მამისა აშოტს მემკვიდრეობით ჰრგებოდა დიდება, რომელი განემტკიცებინა თვისი ჰაზრიანობით და ბუმბერაზული შემმართებულობით; გრიგოლ მწირს მხოლოდ თვის უდრეკი ნებისყოფით, უტეხი მისწრაფებით ერთხელ და სამუდამოდ გათვალისწინებულ მიზნისადმი, თვისი შორსგამჭვრეტი გონებით და აღტყინებული რწმენით განეახლებინა. ვიტყვი: ახლად აღმოეცენებინა და გადაეშალნა სიძლიერე ივერიის ეკლესიისა, დაედგინა იგი ღირსეულ დარაჯად ღვთაებრივის სწავლისა და მაღალის ზნეობისა საქართველოში. დრო უთხრობდა საქართველოს, წარმოეშვა დიდებულნი მოღვაწენი ყოველს სფეროში თვისის ცხოვრებისა: მის ხორციელ არსებობის. მის სულიერ განძის განქარვებას აპირობდა ძლევამოსილი მტერი გალაღებული, რომელს უკვე ეპყრო დასავლეთი აზია, ჩრდილო აფრიკა და მძლავრად შესჭიდებოდა დიდ ბიზანტიას და მის რკინის კარს - საქართველოს, მის წინამბრძოლს - თანამორწმუნეს. იცის სიცოცხლეულეველმა ერმა: უდიდეს გაჭირებაში უძლეველ ძალას იჩენს საარსებოსა. შეჰკრებს იგი თავის ნიჭს, შეანივთებს თავის უნარს ცხოვრებისას და განახორციელებს უკვდავ პიროვნებებში, ხალხის სასწაულებრივ მხსნელ დიდებულებში, რომელნი შემდეგ ჟამთა მსვლელობაში გზის მაჩვენებელ ვარსკვლავებადა ბრწყინავენ სამშობლოს ცაზედ. როდესაც ნახა გრიგოლმა, რომ ეპისკოპოზობის სახით ხორციელი დიდება ისწრაფიდა მისკენ, ფრიად შეწუხდა: მას გული უთქმიდა სულიერი დიდებისათვის, რომელს თანა სდევს ქვეყნიური პატივიც, საუკუნო ხსენებაც ხალხთა შორის სიტყვისაებრ მეუფისა; ეძიე პირველ სასუფეველი ცათა, ხოლო სხვა ყოველი თვითვე შეგეძინოს შენ! განიზრახა მწირმა დაეტევებინა ცვალებადი იგი პატივი ქვეყნიური და ფარულად ივლტოდა სოფლიდან თანახმად სამღთოისა მის მოწოდებისა, რომელი უძღოდა მას, ვით აბრაამს ხმა, ღვთაებური, ვით ისრაილს - ცეცხლი ციური. დაემკვიდრა ნებით ლტოლვილი უდაბნოდ. რათა ეღორძინებინა უქმ მას მხარეში ცხოვრება სანეტარო და მუნით გამობრწყინებულიყო ლამპრად დაუვსებლად. მთლად მარტო კი არ დაადგა ნეტარი გზას საძნელოს. იპოვნა მოყვასნი კეთილნი ამ იწრო გზაზედ ცხოვრებისა, განუყრელნი თვისნი თანამგზავრნი: საბან იშხნელი, დედის დისწული თვისი, თეოდორე მაშენებელი ნეძვისაი და ნეტარი ქრისტოფორე. სარწმუნოებამან შეანაწევრნა იგინი. შეამტკიცნა სამღრთომან სიყვარულმან ერთზრახვად შეკრებილნი. სამღრთონი იგი რაინდნი მივიდნენ ოპიზას. აქ იყო პატარა საყდარი ნათლისმცემელისა, იყვნენ იქ ძმანი მცირედნი. ორი წელიწადი დაჰყვეს აქ, იღვაწეს ღვაწლით ფიცხელითა. სამღვთო მადლით აგზნებული გრიგოლი აღარ დასჯერდა ამსახე ცხოვრებას; სწყუროდა მარტოდ დაყუდებაი, რამეთუ ესმოდა ანგელოსებრივი ცხოვრებაი მარტომყოფთა მათ სივრცესა მას შინა უდაბნოისასა. ამ დროს სცხოვრობდა ხანძთას ვინმე მარტო მყოფი ბერი ხვედიოს. გრიგოლ მივიდა მასთან, დაემოწაფა მას. მოიხილა ყოველი სანახები ხანძთისა. მოეწონა იგინი. ფრიად შეუყვარდა ადგილი იგი და დაასკავნა აქ დაედვა ბინა თავის თანამშრომლებთან ერთად, დაეფუძნებინა სავანი ახალი. ამცნო მოძმეებს სიკეთე იმ ადგილისა და განზრახვა თვისი. დასთანხმდნენ იგინი. წავიდნენ ახალ სავანეში. იწყო გრიგოლმა ხანძთის შენება. ააშენა ფიცრული საყდარი და სენაკი საოსტიგნედ. დღითი-დღე გამრავლდებოდეს ძმანი, შეეძინებოდეს უფალსა მუშაკნი მოქმედად ჭეშმარიტისა მის ვენახისა. მხნეობდნენ მუშაობდნენ. ყოველსა ჟამსა ნებსით თვისით იწამებოდეს სადიდებლად ღვთისა. გამრავლდებოდეს ძმანი. მამაი გრიგოლ არავის უდებთაგანს შეიწყნარებდა. მოწაფენი მისნი კეთილიყვნენ ერთად. ემსგავსებოდნენ მოძღვარსა თვისსა, ვით მოძღვარი მათი ემსგავსებოდა ქრისტესა. ამ დროს აშოტ მფლობელი საქართველოსი მძლედ გამოჩენილიყო თავის მტრებზე. უზრუნველ ეყო მას თავისი ერი ავის მდომელთაგან, მიენიჭებინა მისთვის ცხოვრება მშვიდი. დამკვიდრებულიყო იგი არტანუჯს ფხიზელ დარაჯად თვისის სამეფოსი. ისწრაფოდა მეფე ერის კეთილდღეობისადმი, მის განდიდებისადმი. ღმერთი მის კერძ იყო: დღითი-დღე ემატებოდა ძალა სვესრულსა. პატივი დაემსახურებინა მეგობარ ბიზანტიისაგან, მტერ ხალიფისაგანაც: ორივესთვის ძვირფასი იყო მეზობლობა, მეგობრობა ამ მებრძოლ მბრძანებელისა, გვერდით ყოლა მისი ამ სასტიკ და დაუნდობელ ბრძოლაში, რომელიც ულმობელ განგებას დაესკვნა იმათ შორის. მეფეს გარს ეხვივნენ ღირსეულნი მოღვაწენი, მასთან შეზრდილნი, მასთანვე სამშობლოსათვის წამებულნი, მისებრ ერის სიყვარულით მარად გზნებულნი. აშოტის ამ მოსაგრეთაგან პირველ ადგილთაგანი ეჭირა გაბრიელ დაფანჩულს. აზნაური იგი მეფისა შემკულ იყო ყოველითა სისრულითა და სიმდიდრითა, სიბრძნითა, ჰასაკითა, ახოვნებითა ქებული იყო ყოველსა ზედა საქმესა გამარჯვებითა და კეთილმორწმუნებითა. მას ჰქონდა მამულები ხანძთის სანახებში მამა გრიგოლი რომ ფიქრობდა თავის ახალი მონასტრის აყვავებაზედ და მონასტრის ძმათა კეთილდღეობაზედ, მისი ჰაზრიანი თვალი მზრუნველი მიიქცეოდა ამ დიდებულ კარიბჭისაკენ. კეთილად აუსრულდა განზრახვა: დაფანჩულმა დიდად დააფასა წმიდა მოღვაწის მისდამი მიმართვა და უზღვნა საცხოვრებელი. იტყოდა: - ჩვენ შორის აღსრულდეს სიტყვა მოციქულთა: თქვენი ნამეტნავი მათისა ნაკლულევანებისათვის, ხოლო მათი ნამეტნავი - თქვენისა ნაკლულევანებისათვის. ჩვენთანა არს ხორციელი კეთილი. ხოლო თქვენთანა - სულიერი: შევაზავნეთ ურთიერთს. თქვენ მონაწილენი გყვენით წმიდათა ლოცვათა თქვენთა და ძვალნი ჩვენნი ღირს ჰყვენით დასხმად წმიდათა ძვალთა თქვენთა თანა და ჩვენ აღგითქვავთ საცხოვრებელსა ჩვენსა. გამტკიცდა ყოფა მონასტრისა: შემთხვევითი შემოსავლის გარდა მონასტერს გაუჩნდა ულუფა სამუდამო: შეწირული მამული ისეთი იყო, რომ მონასტრის ძმათ ეყოფოდათ შრომისათვის და შრომის ნაყოფსაც შეეძლო ეცხოვრებინა კრებული. 57 ამით არ დაკმაყოფილდა მოწყალე მარჯვენა დიდებულისა. განაგრძო მან თვისი მზრუნველობა ბერთა სავანეზედ: მიიზიდა სხვა წარჩინებულნიც თუ მდიდარნი, შეაწირვინა, მალე უზრუნველყოფილ იქმნა მონასტერი, მამულით, სამონასტრო კაცით და შესაძლო შეიქმნა გაემშვენებინათ იგი, გაეფართოვებინათ, აეღორძინებინათ. ეხლა მონასტერი არამც თუ გარდაიქმნა კეთილმოღვაწეთა სამყოფად, შესძლო შექმნილიყო კერადაც მწიგნობრობისა. აყვავდა აქ სამღთო მეცნიერება, ითარგმნა და დაიწერა საეკლესიო წიგნები. ბევრი მოსავი ჰყავდა მონასტერს, მრავალი მოყვარული და ხელის ამპყრობელი. დაფანჩულს მაინც პირველი ადგილი ეჭირა. ამას შემდეგ ჰმოწმობდა ამ დიდებულთა საგვარეულო აკლდამაც, რომელი ყოველთვის ფაქიზად იყო ბერთაგან შენახული, სადაც მარად ენთო კანდელი უქრობელი. გაბრიელის განსაკუთრებით ღვაწლი თუ შენაწირავი ანუსხული იყო ვრცელ სიგელში, რომელიც ინახებოდა მონასტრის სალაროში, ხოლო შემდეგში მოკლედ ამოჭრილ იქმნა თითონ გაბრიელის საფლავის ქვაზედ. აღიმართა უდაბნოში ხანძთის მონასტერი. დიდი სახელი გაითქვა მის მშენებელმა და უცვლელმა წინამძღვარმა გრიგოლმა. მაინც სრული არ იყო ბერთა ეს არე: მხოლოდ მამაკაცთა ღვაწლი ვერ ეყოფოდა ქართველთა ეკლესიას, ვერ შეავსებდა მის მოთხოვნილებებს. ცალმხრივი იყო ხანძთა, გვერდით არ ედგა დედათა სავანე. ქართველებს კი მოუდიოდათ მამრთა და მდედრთა თავდადება სამშობლოს საღორძინებლად, განსამტკიცებლად. ქალთაც გულთ უთხრობდა მკვეთრად დაენერგათ ქართველთა შორის სჯული ქრისტესი, ბურჯად შესდგომოდნენ ქართულ ეკლესიას მასზედ მძლავრად მოსულ ისლამთან ბრძოლაში. - რა ბრძოლაა, თუ მარტო მარჯვენა ხელით ომობ, მარცხენა კი უქმად მდებარობს?! კაცნი მარჯვენანი არიან ხალხისა, ქალნი მარცხენანი და მწყობრად უნდა იღვწოდნენ, შეთანხმებით, - ამბობდა გაბრიელი. და ფიქრობდა შეევსო ეს ნაკლი: დაეარსებინა დედათა სავანე. ამ ჰაზრს თანისთანობით, დაჟინებით აწვეთებდა მას და უძლიერებდა ღირსეული თებრონია, ნათესავი დაფანჩულისა. მონაზონობის მიღებისთანავე მკაცრად დაადგა იგი ზეცად სვლის გზასა. უარჰყო ყოველივე ქვეყნიური შვება სოფლისაგან უარყოფილმა; პირი შეაქცია სიხარულის ყვავილებს და არა იმისთვის, რომ არ უყვარდა იგინი, უკუაგდებდა მათ, არ ესმოდა მათი სილამაზე, ვერ გრძნობდა მათ მიმზიდველობას. არა! უარჰყოფდა მისთვის, რომ თვით ყვავილნი ცხოვრებისა დაიხურნენ მის წინ. მოდუნდნენ. ჩაჭკნენ და ჩაიფურცლნენ. - რად?! რისთვის?! განა მე ღირსი არ ვიყავი ქვეყნიურის კეთილისა ჩემ თანასწორებთან ერთად? განა ჩემი ქალობა არ დაატკბობდა ვაჟკაცის არსებას? ეს აკოკრებულ-აფუებულა ძუძუნი არ არიან საგუბარნი ტკბილ ალერსისა და წყნარი ცხოვრებისა ჩვილთათვის, ჩემ სისხლხორც ჩვილთათვის სანატრელთა? - ახ! რად შეიზღუდა გული ჩემი მხოლოდ იმ ერთით? რად მიეპყრნენ დამდგარნი თვალნი ჩემნი მხოლოდ მას. ჩემს მაცოცხლებელს, ჩემსავე მკვლელსა და არარად მქნელს? რად რკალობდნენ მარმარილოს მკლავნი ჩემნი მარტო მის მოსახვევნად, მხოლოდ მის ერთის მოსაჭდობ-მოსაშთობელად? უარმყო გულქვამა, მასთან უარმყო მთელმა ცხოვრებამ, სიცოცხლემ ტკბილმა. - არ შემითვისე, სულისდგმავ ჩემო მარად მტანჯველო! მაინც ვერ გასტეხო თებრონია შენი: დავწმედ ჩემს სიყვარულს, განვაშორებ მას ყოველსავე მიწიერ სიმძიმეს, გავძრცვი მას ყოველისაგან ნივთიერის ბუნებისა და... და წამოვესწრაფები შენკენვე შენსავით ანგელოსთა სახით მოსილი. შენი გზა ჩემივე გზა არის, შენი სიცოცხლე ჩემივე სიცოცხლეა, შენი არსება ჩემივე არსებაა განუყოფელი. მე აწ ორება ვარ შენი, გულცივო ჩემო, განუყრელად შენთან შერთული. აგყვები თან ამ ქვეყნად, იმ ქვეყნადაც სამარადისოდ. ერთ სახით ვერ ძალმედვა შენთან სიცოცხლე, სხვა სახით აგყვები, ვით აჩრდილი ხორცსხმული, შენის სურვილით ნივთიერად განსახებული შენც ხომ მაფასებ, შენც ხომ გიყვარვარ, ვაჟკაცო ჩემო გაუტეხელო! შენის სულის ფსკერზედ მაინც ღივდება ჩემ გამო მდელო რამ სიხარულისა. მეტს გეტყვი: უჩემოდ გატყდება მაგ გზაზედ შენი ნებისყოფა რვალისა, შედრკება შენი რაინდობა სულიერი. - განვედ ჩემგან, მაცთურო ტკბილო, განმეშორე მე! - არა! ვერ გნახავ ჩემს ბუმბერაზს ფერმიხდილს, მისუსტებულს შენგან ტვირთულ უმძიმეს ჯვარის ქვეშ მიწამდის დახრილს. შენთან ვარ! განხმნევდი! განმამხნევე! სავანემც ჩემი შენის სავანის გვერდით! ჩემიმც სამარე შენის საფლავის ახლო! ჩემიმც სული შენ სულთან ტოლად წინაშე მეუფის ბრწყინვალე საყდრისა. დაუცხრომელად ცდილობდა თებრონია ხანძთის მახლობლად აღმოცენებულიყო დედათა მონასტერი; მამათ სავანის მახლობლად გარდაშლილიყო განდეგილ დედათა სადგომი, ღვთიურ საღვაწში მასთან შეჯიბრებულ-შებრძოლებული. ორივ მონასტრის გუმბათნი ერთმანეთის მმზერელნი, ერთმანეთს მიუკარებელნი. სავანეთა წინამძღვარნი მარად ერთმანეთის გამხედვარნი; ყოველ ჟამს მიუტოლებელნი; ერთმანეთის უარმყოფელნი, სიცოცხლის ჩამმწარებელნი; ერთმანეთთან სამარადისოდ შემტკბარ-შეკავშირებულნი... - წმიდაო მამაო, მონახე სავანედ კეთილი ადგილი დედათათვისაც. მცნება იყოს ჩვენ შორის: თუ ნათესავისა ჩემისა მოწესე მამაკაცი იყოს, სამკვიდრებლად მისსა ხანძთაი განეწესოს; თუ ნათესავისა ჩემისა მეწესე დედაკაცი იყოს, დაემკვიდროს შენ მიერ კურთხეულ დედათა სავანეში! ხოლო პირველი წინამძღვარი განდეგილთა დედათა - ქრისტეს მიერ დაი ჩვენი თებრონია, - ეტყოდა გაბრიელ დაფანჩული გრიგოლს. არ ეწინააღმდეგა წმიდანი დიდებულის სურვილს. ზეცად მიმავალი ბილიკი მაინც იმ სიფართოვე არის, რომ შეუძლიანთ მასზედ ტოლად მიისწრაფოდნენ დედანი და მამანი. კურთხევა მათი ერსა ზედა ჩვენსა! ზრუნვა მათი სამშობლოზედ ბუნებრივია და სასიკეთო. სამშობლო ცაზედ დედანიც ბრწყინავენ უქრობ ვარსკვლავად, ვით მამანი ღვაწლშემოსილნი. სიახლე თებრონიასი უძლეველ ჰყოფდა ლომგულ ვაჟკაცს ეკლიან გზაზედ საფრთხეთა მიერ სავსებით სავსეზედ, განამხნევებდა მას სულიერად, უძლეველჰყოფდა მის ზესთაბუნებას. - ნეტარმან გრიგოლმა ძიებაჰყო გულმოდგინედ და ჰპოვა ადგილი კეთილი გუნათლეს მახლობლად. ჯვარი გადასწერა და აღაშენეს მონასტერი დედათაი. ხოლო სანატრელი და სასწაულთა მიერ შემკული დედა თებრონია დაემკვიდრა მერესა შინა. ღირსად ცხოვრებისა და სულიერად განგებისა მისისაც არ იყო სამზღვარი; სამღთოითა სიყვარულითა წმიდითა ერთმზრახველნი მეგობარ იყვნეს ფრიად ნეტარნი ესე ღვთის კაცნი, დედაი თებრონია და მამაი გრიგოლ. განმტკიცდნენ არტანუჯის ციხექალაქის არეში ქართველთა მოღვაწეების სავანეები, მამათა და დედათა მონასტრები. ეს ციხექალაქი და მონასტრები უძლიერესი ბურჯები შეიქმნენ საქართველოსი, მისი სიმტკიცენი, მცველნი და მფარველნი მისის სჯულისა თუ ზნეობისა, სულიერის განვითარებისა, მის ლამაზ არსებობისა. 58 აშოტ ცდილობდა გაემტკიცებინა მათი ყოფა. როცა გაბრიელ ერის მთავარმა აუწყა აშოტს ღირსება სანატრელისა მამებისა და უდაბნოში მათგან მონასტერთა შენება, მეფემ ყურადღება მიაქცია ამ სამღრთო ახალშენებს, თვის საზრუნველს საგნად დასახა ისინი. დაწერა ეპისტოლე და გაუგზავნა გრიგოლს: თავისთან იწვევდა წმიდა მოღვაწეს: გრიგოლი ეახლა მეფეს მიიწია რა პალატად, მოეგებნენ მას ძენი მეფისანი. ვითარცა მივიდა კარსა ტაძრისა მათისასა, მეფე ზე აღსდგა და მიეგება გრიგოლს აშოტმა დაწვრილებით გამოჰკითხა ნეტარს ხანძთისა და იქ მათის მოღვაწეობის ამბავი. გამოიკითხა ამბავი და ცხოვრება დედათა მონასტრისაც. ეტყოდა მას გრიგოლ: - კეთილ არს უდაბნო იგი მზისა მცხინვარებითა და ჰაერისა შეზავებითა. აქვს მას წყარონი მდიდრად გამოდინარენი, გრილნი: მაღნართა სიმრავლე ურიცხვი. აქვს მცირედ რაიმე სხვაცა ნუგეშისსაცემელი ხოლო სათესი ყანაი და სათიბელი ქვეყანაი არა არს. წყალობა უყო მეფემ მეფური: შესწირნა ადგილნი კეთილნი; აღუთქვა სხვაცა მრავალი. უზღვნეს თავის მხრივ სანახები დედოფალმა და შვილთა აშოტისათა. რაიცა სახმარი მონასტერსა უხმდა. ყოველივე შესწირეს უხვად. არ დაივიწყეს დედათა მონასტერიც: მიართვეს მასაც ზღვენი მრავალი. სიხარულით გაემართა ბევრი მეფის სასახლიდან, ნუგეშცემული, დაიმედებული, მადლიერი ღვთისა და კაცთა. გაძლიერდნენ სავანეები ნივთიერად, უზრუნველყოფილ იქმნენ საცხოვრებლის აღმატებით. ამაღლდნენ სულიერად. შეეძინებოდა რიცხვსაც მოღვაწეთა. მოვიდნენ მონასტერში ეპიფანე, მატოი, ზენონ დიდი. ესენი ჯერ მაშინ იყვნენ გრიგოლის მეგობარნი და პატივისმცემელნი, როდესაც იწვრთებოდა ნერსე მეფის კარს. ეხლა მხარი მისცეს გრიგოლისაგან მარჯვედ დაწყებულ კეთილ საქმეს და განაძლიერეს ის თვისის სიკეთით თუ ნათელმოსილობით. ამათაც მოართვეს მონასტერს სიმდიდრე თავიანთ მამულებით თუ განძეულობით, მეტადრე ზენონმა, რომელი იყო შვილი საჩინოისა კაცისა და ჰქონდა მამულ-დედული ურიცხვი. დედათა მონასტერიც აღორძინდებოდა და გაბრწყინდებოდა; მოღვაწეთა რიცხვი აქაც განმრავლდებოდა. მივიდნენ მონასტერს დაი ზენონის მარიამ; რომელ ოდესმე ცდუნებულ იქმნა ეშმაკეულისაგან, ხოლო აწ მკაცრი ცხოვრებით და სამკვიდრებელის შეწირვით გამოისყიდდა ცოდვათა სიმრავლეს სიჭაბუკისა; მონაზონი ეფემია სიყრმიდგანვე დედოფალთან ხლებული და მისი თაყვანისმცემელი; ღრმად მოხუცებული დედა გრიგოლისა ანაი, რომელს ეტყოდა თებრონია: - ღვთისმოყვარეო დედაო! შვილისა შენისა გრიგოლისა თანა მე ვარ აწ შვილი შენი და არა დაგაკლდეს ჩემგან მსახურებაი ყოვლადვე. სხვანი მრავალნიც ღირსეულნი დაივანებდნენ მუნ, იღვწოდნენ ცხოვრებას ქრისტიანულს სანუგეშოდ ეკლესიისა. კეთილსაყოფელად ხალხისა. ისევე უხვად და ნაყოფიერად მრავლდებოდა რიცხვი ქართველთა მოღვაწეობისა სასულიერო სარბიელზედ მამა გრიგოლის და დედა თებრონიას გარშემო, როგორც მამულის დამცველთა რიცხვი სახელოვანი სიქველით მკული აშოტის გარემო. და ეს ორი ღირსეული დამცველი, აშოტ და გრიგოლ, მზირად ედგნენ თავის ერის კეთილდღეობას, ვით დედამძუძენი სათუთად აღზრდილ უფლისწულს, შესჯიბრებოდნენ ისინი ერთმანეთს ნანინანატრის აღზრდაში, მის კეთილად განვითარებაში, მის შესახებ ერთისა და იმავე განუყოფელი ჰაზრის მექონნი. ერთადერთ დიდებულ მიზნისაკენ მისწრაფებულნი თვისაგან რჩეულ სხვადასხვა სავალით. ისინი ვერ მიუტევებდნენ ერთმანეთს თუნდ წამიერ მოუძლურებას ან შეცთომას თუ რყევას ამ წმიდა მოვალეობის აღსრულების დროს. მზირ თვალს ამ ორის ღვთივკურთხეულის დარაჯისას ვერ ასცდებოდა ვერც ერთი მოქმედება, რომელი თუნდ ოდნავ შეარხევდა მათ საალერსოის კეთილყოფასა. ეს უხაროდა მათგან ლამაზად დაცულ-დაფარულ ქვეყანას, მათგან ერთგულად მოვლილს, განებივრებულს. და იღიმებოდა,იგი ქვეყანა, ღიღინებდა, მღეროდა; როკავდა წინაშე თვისის მეუფის ბრწყინვალე საყდრისა. დედოფლის ნაღველს, ქართველთა მოჭირნახულე დედის სევდას, აღმოცენებულს აშოტის შეცთომის გამო, უსათუოდ დაინახავდა მსახური ეკლესიისა, მზრუნველი მეორე მამულის აღორძინებაში და სჯულის განმტკიცებაში მეტოქი პირველისა. მართლაც იმ მეჯლიშის დროს ცხადად ნახა ყოველივე ეს დედა თებრონიამ. მაშინვე ააყოლა გონების თვალი ვაჟკაცის გულისთქმას შემღვრეულს. იგრძნო მისმა ნაწამებ-ნაწრთობმა გულმა, რა გრძნობით ავარდისფერდა სპეტაკი ღაწვი შუქურისა, როგორმა სიამემ შეარხია მისი მოქნილი ტანი ნაქანდაკები. ისიც შენიშნა მონაზონმა, რომ ქალის თითქო უნებლიეთ შეხებამ რა ნექტარი ასვა ვაჟკაცს უხილავი, მაგრამ ძლიერად დამათრობელი, ნეტარების ლბილ სხივებში ჩანთქმული, ცხადლივ საესავო ოცნებათა მახორციელებელი. ვაჟკაცი მაშინ მთლათ ღიმილად გარდაიქცა, სიტკბოების მსახველ ხორციელ არსების მანათობელ ღიმილად. ეს თვით განდეგილმაც შენიშნა, ტაბლაზედ შემთხვევით მყოფმა წმიდა გრიგოლიმ: იცნობდა იგიც სიყვარულის ისარს სასურველად მბასრავს, ალისავით მწველ ტრფობის საწერტელს: მის გულს დღესაც თეთრ კორძად ემჩნია გამრთელებული ნამწვერალი სამიჯნუროდ განმახულის ბრძოლისა. რა ვუყოთ, რომ უდიერმა ნებისყოფამ გადაუტეხა გულს განაწონი ისარი საბედისწერო, ხოლო მკაცრმა უკმეხობამ შემუსრა თვით შვილდიც მოზიდული, მარჯვენაც შვილდის მომზიდველი. ხსოვნათა ფსკერზედ მაინც ეხატა სურათი შემუსვრილის ვნებისა და იგი ხატი ხელთუქმნელი ზოგჯერ სისხლ-ხორცსაც შეისხავდა, სიცოცხლით შეივსებოდა და საყვედურათ შეხედავდა წმიდაქმნილ ვაჟკაცს. ხორცი ჰყვედრიდა სულზედ გადაგებულს, რომ არსება მისი იქმნა უსამართლოდ უარყოფილი, ქვეყნიურ ლამაზ სიამეთაგან ძალით განრისხებული, ამაოდ გმობილი, უხეში ბრძოლით დამონებული. - იქნება ნივთთა სამფლობელოში მისთვის მოგავლინა შემოქმედმა ყოვლადმეცნიერმა, შე საწყალობელო, რომ განგევითარებინა სახევე ნივთიერი, აგეღორძინებინა ძალნი მიწიერნი, გაგემრავლებინა შეძლება ხორციელ არსთა მწყობრ და უხვ დენისათვის. შენ კი ეწინააღმედეგე ნებას განგებისას, გადაეღობ-გადაეხირე ცხოვრების სვლას სასიამოს. გინდოდა შეგეყენებინა მოცეკვავე დენა სიცოცხლის მძლავრ მდინარისა?! შენ რა იცი, იქნება სულიერი ცხოვრებისათვის განგებულა სამყარო სულიერი, ხოლო ხორციელი არსებისათვის მშვენიერისა ედემია ამ ქვეყნად დანერგილი, ცხოვრება ესე ნივთიერი. - ნუთუ?! - ვაჰ თუ, უგუნურო, შენ თითონ განაძე შენი თავი ედემიდგან ღვთიურ ქმილისა და დააღონე გონებაც, შენი თავიც და... და ისიც დასევდიანებული თვალით რომ გაჰყურებს თავის წარსულს შორეულს, თავის არსებას ოდესმე ნოყიერი სიცოცხლით სავსეს, ხოლო აწ განხმელს, მკაცრს, უტეხს, ულმობელს... - არა! შორს ჩემგან მავნე მაცდურო ცოდვათა სიმრავლემ შეამძიმა სული ჩემი მსუბუქფრთიანი, ხორცმა ხრწნადმა. თვით თავის მშვენივრებაში მშვენიერმა. ნებისყოფით ძლიერით უარყოფის ჩემგან ნივთიერი არსებაი ჩემი, დაიმსხვრევის საპყრობილეი ესე სულისა ჩემისა ცოდვათაგან თხზილი. ითავისუფლოს სულმან ჩემმან თანაზიარმან ღვთაებისა! აღვივდეს საყდრად დაუვსებლის მის ნათლისა! მაგრამ... წმიდა მოღვაწენი გრიგოლ და თებრონია, გრძნობდნენ სიძლიერეს ნივთიერის მიჯნურობისა, რომელი აღგზნებულიყო იმ ორთა შორის, შუქურისა და აშოტის შუა. წინადაც დაფიქრებულიყვნენ ამაზედ: ესმოდათ, რა უშლელი იყო ჯაჭვი მათი მბორკავი და თან ტკბილი, უტკბესი თაფლისა მის გოლეულისა; მაგრამ გონების თვალითა ჰხედავდნენ, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა ნებას ღვთისას, სწავლას ეკლესიისას, ადათს ერისას და იმაში იყო ცოდვა შეუნდობელი, ცთომილება მოსასპობი, ძირიანად აღმოსაფხვრელი. 59 შეილახა სიამაყე ღვთივმოღვაწისა, თვითმოყვარება წმიდანისა დემონიური. - როგორ?! ცხებული ღვთისა, მეფე ერთადერთისღა მართლმადიდებელი ხალხისა მთელს აზიაში, წარმომადგენელი ჯვაროსან ქართველთა ერისა, საჯაროდ, დიდ ზეიმში, უცხოთა თვალწინ, ჰგმობს მცნებას წმიდისა ეკლესიისა, არღვევს სიფაქიზეს ოჯახის ცხოვრებისას?! არ ეკრძალება არავისი, შეურაცხყოფს თანამემცხედრეს, ეკლესიის კურთხევით მასთან განუყრელად შესისხლხორცებულს. არ ეგების ეს!.. - განგებას მოუნიჭებია შენთვის, მეფეო, წინამძღვრობა ერისა და შენ გზას უნდა უნათებდე მას წყვდიადში სიბოროტისა: შენ კი უბნელებ მას სავალს ცხოვრებისას. არ შეიძლება! - მიჰმართავდა გულში გრიგოლი. და საბრძოლველად დაიკვართებოდა მის ნებისყოფა ფოლადისებური, მოიზიდებოდა ვით მშილდი ფიცხელი, მძლავრის მარჯვენით მოჭიმულ-მოწეული. - ნეტა რა ნახა სახარბიელო ამ ახოვანმა ვაჟკაცმა დიდებულმა ვიღაც ქვრივ დედაკაცში? რა უჭკნობი ყვავილი უნდა მიუზღვნას მას სხვის ნახელავმა?! რა სიამე უნდა მიუპყრას ისეთი, რომ თავი დაავიწყებინოს და საჯაროდ შეალახვინოს ყოველივე სიწმიდე?! - ჰკვირობდა სხვა. - დედოფალი მაინც არ ებრალება გულქვავსა, თავისი თანამემცხედრე თავდადებული, დედაი თვისის შვილებისა?! - ოღონდაც რომ ეშმა მრუშობისა ჰპატრონებია მის გულს ცოდვით ჩაშავებულს. - ვაჟკაცნი მაინც ბრმანი არიან და გულგაფიტულნი იმათთვის, ვისაც გრძნობა წრფელი გაუღია მათთვის, თუნდ სიცოცხლე განუმზადებია მათთვის მსხვერპლად ყოვლად დასაწველად. - ბიწიერება დაუფლებია საქართველოს ჭირისუფალს დიდებულს და დაუბრმავებია იგი. ბრმა წინამძღვარი მთხრებლში ჩასთხევს ერს საწყალობელს და მის სიწმიდეს. - უნდა ამოიფხვრას მეფის გულიდან ცოდვა ესე შეუნდობელი, ან... მოისპოს უწყალოდ თვით. მიზეზი ბილწის ცდომილებისა. თუ ვინმე აცთუნებდეს თუნდაც ერთს მცირედთაგანს, ლოდი მოიბას და შთაინთქას უფსკრულში ზღვისა! - იტყოდა გულფიცხელი თებრონია. და ბოროტად შეჰხედავდა შუქურს შუქთამფენს. მშვენიერი ვერ ამჩნევდა ავად მიმართულ მისკენ ათას თვალს: არ ეცალა შეენიშნა ისინი, სავსებით ეხილნა სიძლიერე მათის შურისა; ის მხოლოდ გრძნობდა მისკენ მიქცეულ თვალს მფლობელისას. ბუმბერაზის თვალთაგან ტყორცნილი ისრები ღრმად ესობოდნენ მის მკერდს აფეთქებულს; არ სავნებელად ეწაფებოდნენ, ნეტარების მისატან-ჩასაშვებად ეგმირებოდნენ. ვაჰ, რომ მადლიერ ქალს არ შეეძლო შეეხედნა სიხარულით სათაყვანებელ ღმერთკაცისათვის, რომელი მისთვის გადმომხდარიყო ზეამაღლებულ თვისის საყდრიდან; მისთვის მიწაზედ დაშვებულიყო; მას, საწყალობელს, დასტოლებიყო. - რაინდი უებრო, თაყვანსაცემი! რითი დავიმსახურე მისმა მხევალმა მის მიჯნურობა ესდენ ძლიერი?! დიდებულნი ვაჟნი და ქალნი გვერდს უმშვენებენ ზეამაღლებულს. მე რა ვარ ამ საზეიმო სუფრაზედ? ერთი მხევალთაგანი! მაგრამ მისი ალერსი უსიტყვო ამამაღლებს მე უფროს ყოველთა. იცის ეს სათაყვანებელმა და განზრახ მომიბყრობს პატივს წარჩინებულთ წინაშე. იქნებ მტრებსაც იძენს ამით, უჩინებელ ბოროტის მსახველთ; იქნებ თვის ძვირფას სიცოცხლეს საფრთხეს უმზადებს გულრწფელი ტრფობით. არ ენაღვლება, მსხვერპლს არა ზოგავს თვის მხევალისთვის მოთაყვანისა, ფიქრობდა ქალი. და გულითა ჰსურდა გასცლოდა კრებულს დიდებულს, მიჰფარებოდა მისკენ შურით თუ მტრობით მიბყრობილ მრავალ თვალს, სრულიადაც გამქრალიყო იმ წამს იქიდან, რომ დაევიწყნათ მისი სახე, სახსენებელი, როგორ აასრულებდა ამ თავის წრფელ წადილს?! მსახურთაგანი იყო სასახლეში, მეფის ტაბლის მომწყობ-მამშვენებელი და იქ უნდა ყოფილიყო მეჯლიშის ბოლომდინ: ეს იყო მისი სამსახური, მოვალეობა. - თუნდაც შემეძლოს ჩემის სურვილის ასრულება, მეფის სიხარული ხომ დაიჩრდილება ჩემის წასვლით, შეაკლდება მის სიამეს ძალა მგზნებარე; იქნება მთლადაც ჩაჭკნეს მისი ხალისი ანარგიზებული. სწორედ, ნამდვილ! არ შეიძლება! არ შემიძლიან! არ ეგების ჩემგან ესეთი ქცევა! მართლადაც ისე იყო დატყვევებული ვაჟკაცის ბუნება ქალის მხიბლავი არსებით, რომ ჭაღარშერთული ჭაბუკად გარდაექმნა ნაჭარბ გრძნობას, ახლად ეშხაშლილ ყმაწვილკაცად, რომელი მთელის თვისის არსებით მიილტვის მის ცაზედ აღმომხთარ მნათობისაკენ. წუთებსა სთვლიდა მიჯნური, მოთმინება ამოშრეტილი, რომ შეჰყროდა თავის საალერსოს, სიცოცხლეს ლამაზს, სულისდგმას ნორჩად აღმოცენებულს, მარად ახალს, მისგან შეხებულს, მაინც ხელშეუხებელს; ყოველწუთს სანდომს, ყოველჟამს სანატრს. ვერ მოეკლა მიჯნურს აღგზნებულს სურვილი იგი, ძალებმრავალი ვერ ჩაექრო, ვერც ჩაენელებინა გულის თქმა შეუპოვარი; ვერ დაღლილიყო ვერც როდის მისწრაფება მისი ტკბილად ვნებული: საყვარლის ძუძუზედ ამოდ კვდებოდა: სატრფოს მკერდიდან მკვდრეთით დგებოდა. უძლეველი იყო სიყვარული მისი, ვითა სიკვდილი; მაცოცხლებელი იყო სიყვარული იგი, ვით ნამი უკვდავებისა ზეცით ნაცვარი. - მოდი, გენაცვალე, სულ ახლო მოდი, მთლად მომეზიდე! მძლედ ჩაგიხვიო, არ რჩეს ადგილი ჩემსა, შენს შორის; მაგრად მომხვიე ბროლის მკლავები; შეგიერთო განუყრელად, ვით ალმა რამემ შუქი ცეცხლისა; გული ჩემი გადმოვადნო შენს გულში, სული ჩემი გადმოვნერგო სულსავე შენში! - ეტყოდა ვაჟკაცი გზნებული, მის მუხლზედ მჯდომ ქალს მკერდჩახსნილს, კვართის ამარას; მძლავრად იკრავდა მას გულში რაინდი საკინძჩახსნილი, ყელ-ყურს უკოცნიდა უთვალავ კოცნით. ღელვილ მშვენიერს მკლავნი შემოეჭდო ბუმბერაზისთვის, მთლად მიჰნებებოდა თვალებ-მიბნედილი. მის გაშლილ თმას ბევრად ბევრეულს მთლად დაეფარნა ვაჟკაცის მხრები, ვით რამ ქედები ნისლს ოდნავ რხეულს. - რად შემიყვარდი ესე ძლიერად, სიცოცხლე ჩემო?! ვერ შემიძლიან გამოვთქვა ენით, ვერ ძალმიძს ვსახო თუნდაც ოცნებით; ვერ შემძლებელვარ ჰაზრთა ხვეულით მთლად ამოვქარგო ძლიერება შენდა მისწრაფებისა: გამოუთქმელი ეს სინამდვილე უხატავია, ვით თვით უსამზღვრო. საკვირველება ხარ შენ ჩემთვის ულევ სიკეთის მომნიჭებელი! - ეტყოდა აშოტი და შორს გაზიდავდა ქალს, რომ ღრმად ჩაეხედნა მის შუქმფენ თვალებში. - რა მოგაგო მე სანაცვლოდ სათაყვანებელს?! რა მოგიზღვნა ღირსი ჩემს გვირგვინოსანს, ჩემს გვირგვინის საიდუმლოდ ზეცით კურთხეულს, კაც-ღმერთო ჩემო?! აჰა მხევალი შენი შენდა მსხვერპლ შემწირველი მარად სიხარულით! ვისა ჰხვდეს ამ ქვეყნად ბედნიერება ესე ძლიერი და არ აკურთხოს განგება მიუწთომელი? ჭეშმარიტად კურთხეულვარ დედათა შორის! ნეტარებდა მეფე ღელვილი და იგი ნეტარება იყო დაუცხრომელი, უშრეტი, მარად შარვანდედმოსილი, თანდისთან უფრო ძალის მპოვნელი. ვერ მიმხვდარიყო გამოცდილი ვაჟკაცი, რა თილისმით იზიდავდა ესე უწყვეტად სპეტაკი ტანი მიჯნურისა, რა ნიჭი ეხმარნა დალოცვილ ბუნებას ნივთთა ესეთ ფაქიზად და მწყობრად შეთხზვაში, რა განგებით ჩამოეყალიბებინა ესეთი ეშხით დასრულებული ნაქვთები ლამაზისა. ქალის ბუნება, სულიერი თუ ხორციელი მისი არსება, ვერავითარ მწიკვლს ვერ იკარებდა; არ შეეძლო ცოდვას ბნელს შეჰხებოდა მის შემადგენელს ნათელ ნივთიერებას უმანკო სულით ცხოველყოფილს. ვაჟკაცის მკლავზედ შუქური მარად იგივე ქალწული იყო წრფელი, ყვავილი რამ სუნნელოვანი ახლად ფურჩქვნილი, ნაზად დახრილი, კდემამოსილი, უზაკველი ნათელით გარემოცულგაშუქებული. ვინა სთქვა, ევას ჩამოეცალაო ნათელი მხიარული და მის შთამოსაც განეძარცვა ღვთაებური სამოსი ტანთა, მთელ მის შთამომავლობას? არა! ზოგს ევათაგანს, იშვიათს მათგანს, შერჩენია იგი ციაგი ზეარსი ნათელისა, ანარეკლი მისის ბრწყინვალებისა. ისე აავსებს ის ციაგი საოცნებოდ ქმნილს სიამის ნექტარით, როგორც მაისი ყვავილთ ფიალას მზისაკენ ახრილს. ბედნიერი შეჰხვდება იმ ძვირფას თვალს მანათობელს წყნარად მოციაგეს, ვნებათა კოცონზედ სავსებით დამწველს, მაინც ღიმილით დამატკბობელსა, გრძნობათა მაყუჩებელსა, წყნარ ნეტარებად მიმყვანებელსა. - ეწაფე, ბედისაგან აღნიშნულო, ნექტარს სასურველს, დასთვერ სიტკბოებით თუნდ ერთ წამს, იგემე ამ ქვეყანადვე ნეტარება ზეციური, ეზიარე განცხრომას უშრეტს, ვითა ღვთაება ხორცსხმულად მოვლინებული და... და ჰმადლობდე შემოქმედს სახიერს, უხვად სიკეთეს შენდა მნიჭებელს. - ვერ ვიპოვე, ვერ ვიგემე ნასახიც მაგგვარ ნეტარებისა! - მებრალვი! ვერ წაიღებ კეთილ ამბავს ამ ქვეყნით; ვერ იტყვი იმ ქვეყნად სიკეთეს ამ ცხოვრებისას, ვერც მის დიდებას; ვერ უგალობებ ხმატკბილად შენს გარდასრულსა; სიცოცხლის ბოლოს დაღრეჯით გაჰხედავ არსთა მარად ბრუნვას; როცა დაუთავებელ საუკუნეთა შემდეგ კვლავ განხორციელდები პირველ სახედ თუნდ განწმედილად, ქვეყნად კვლავ შობა შეგაკრთობს მაშინ, ცნობიერების ახლად აელვება აგაკვნეს-აგატირებს საბრალოდ: დედამიწა კეთილი დედინაცვლად დაგესახება ბოროტის მქნელად... მრავალი უხილავი ძეწკვით მიება მეფის დიდებული პიროვნობა მხევლის არსებაზედ, მკვიდრად მიეჭდო, განუყოფელად შეუკავშირდა. ქალს მაინც არ შეერხა სპეტაკი გრძნობები, ბოროტი მედიდურობა ვერ მიეკარა მას. ვერც კდემაჩამოშლილი რამ თამამობა. წინანდებურად განცვიფრებით უმზერდა ის დიდებულ ბუმბერაზს. ვედრებით მიაბყრობდა მას თვის წყნარად მანათობელ თვალებს, უხმოდ შეჰღაღადებდა, როგორც ზეკაცს საკვირველს. ეს უფრო აძლიერებდა რაინდი მეფის გულში შუქურისადმი სიყვარულს, ფრთაგაშლილ ტრფობას, მათრობელ მიჯნურობას ძნელად ასასახს. 60 მეფე ვაჟკაცი რომ ნეტარობდა, ის რომ პირად ყოფნის წალკოტში გადაშლილ ვარდს დაჰხაროდა, ტკბილად უმღერდა, ამავე დროს მეფის სასახლის სხვა დარბაზში დედოფალი გურანდუხტ განმარტოვებული ლოცულობდა ხატისა წინ მუხლმოდრეკილი. ჩვეულებრივი ლოცვა არ იყო ეს, ხმა ლმობიერის სულისა, კრძალვით აღვლენილი საყდრისადმი ზეშთამეუფისა: ეს ლოცვა კვნესა იყო გესლნაწრთობ მახვილით განგმირულ-გაპობილის გულისა. - როგორ, მე, მანდილოსანს ჯერედ დაუმჭკნარს, მტაცებს მეუღლეს ვინმე მეძავი, სხვის ხელთ ნამყოფი, მტაცებს ქმარს გვირგვინოსანს, ჩემთან ნაკურთხს, ჩემის სიყვარულით დაამებულს, თუნდაც გარდასულ ჩემის ტრფობით სალმუნებულს, მხიარულყოფილს?! არ ეგების ეს! - ისმინე, უფალო, მიაგე ბოროტის მქმნელს მისაგებელი ბოროტი, მსწრაფლ ეწიე მას, საჯე სასჯელით დაუნდობელით! ეს ლოცვა იყო მჭექარე ხმა ჩატეხილის თვითმოყვარეობისა, სიყრმიდან უხვად ნაკვებ-ნაზარდ ზვიადობისა, ხელოვნურად აღზრდილ ამაყობისა, რომელი შეუპოვრად ზეაღმართულიყო და ფართოდ გადაშლილიყო საქართველოს ნიადაგზედ. - როგორ?! მე, დედოფალ გურანდუხტს, შარავანდედმოსილ დედას მთელს საქართველოსას, ქმარს მტაცებს ჩემსავე სასახლეში მოახლე დამცირებული, მხევალი ზნეშეჩირქული, დედათა შორის მიწამდინ დამდაბლებული?! არ შეიძლება ეს! - მეუფეო ყოვლად მართალო! ნუ იყოფინ ნებაი შენი, უარჰყავ განზრახვა მისი ბოროტი, განდევნე პირისაგან შენისა მზრახველი იგი ავისა! ეს ლოცვა იყო თვითმოქმედ გონების შეშფოთებული ზახილი, თვის სიძლიერეში დარწმუნებული ფიქრის ბოროტი დუღილი, რომელს დაჰხშობოდა სავალი გზა თვის სახორციელებლად და დრტვინავდა საზარლად. - როგორ?! ვაჟკაცი, რომელს ხელთ უბრყვია ბედი საქართვლოსი; მეფე, რომელი განაგებს ცხოვრებას მთელის ერისას, სხვის კითხული უნდა იყოს ამიერიდგან, სიბნელიდან ამოცურებულის გველ-დიაცისა?! შეყვარებულს ხომ სატრფო, თუნდ უღირსი, სპეტაკ ჭეშმარიტებათა სალაროდ მიაჩნია. არ შეიძლება ეს! - ნუ იყოფინ ნებაი შენი, გულთა მხილავო, მოსპე მანქანება ესე ეშმაკისა, მოაშთე თვით ეშმაცა იგი! ეს ლოცვა იყო შემუსვრილი ნებისყოფის ზახილი გამყივარი, აქამომდე თვის სურვილთა მსწრაფლ მასრულებელ ნებისყოფის კივილი განწირული, რომელიც ჩაელეწნა ვიღაც დედაკაცის ლბილ მისწრაფებას. - როგორ?! ყოველივე სურვილი ჩემი აქამომდე სინამდვილე იყო ყოველთვის და ყოველგან, ხოლო აწ უნდა დაენაცვლოს მას უღირსის მღვრიე ნება თუ სურვილი საცოდავ-სასაცილო?! შეყვარებული ვაჟკაცი ხომ მონაა სატრფოს სურვილისა, თუნდ უაზრო ნდობისა, გინა ბნელისა. არ უნდა მოხდეს ეს! - ნუ ჰყოვნი, ყოვლად ძლიერო, მოჰხედე რისხვით წინააღმდეგთ წმიდის შენის ნებისა! ეს ლოცვა იყო ხმა ზიზღით ათრთოლებულის სხეულისა, სათუთად აღზრდილ, ნაზად შენახულ ტანის ზიზღი საზარი, რომელი შეეჟრჟოლებინა თითქო რამ ქვემძრომის ლიპ შეხებასა. - როგორ?! კვლავ უნდა მომეახლოს დამცირებული, შემახოს ის ხელი, რომელი სიამით იბყრობდა მეძავის ძუძუს. მეამბოროს იმ ბაგით, რომლით ლოშნიდა ზნედამდაბლებულს, მომიტოლდეს იმ ტანით, რომლით ეკონებოდა უღირსს, ბიწიერს?! ვერ ვიშვნევ ამას, ვერ ავიტან, ვით გველის ხვევნას. - მესწრაფე, მეუფეო ჩემო, განმარინე ბოროტს ჩემდა მოწევნილს, მიხსენ ყოფისაგან აუტანელისა რჩეული შენი. განლიე, სახიერო, იგი ეშმაკეული, დათრგუნე, მოსპე იგი საუკუნოდ! ხატი ცივად დაჰყურებდა უძრავ თვალებით მუხლმოდრეკილ გურანდუხტს: დაეხშო მას სასმენელი თვისი და კარი წყალობისა თვისისა. კიდევ კარგი, არ ურისხდებოდა: ლმობიერების მსახველს სიმკაცრეს შესთხოვდა დედოფალი, სიხარულის გამჩენს სიმძიმილის მოვლენას ეხვეწებოდა და ეს ვისთვის? მშვენიერების ამსახველ სილამაზისთვის! მშვენიერ სიცოცხლის მოსპობას ევედრებოდა ცხოვრების მომცემელს! - ამაოდ მოიწვევ, დედოფალო, შემოქმედს: ყოვლად კეთილისაგან არ ეგების შუქურის მოსპობა სიხარულის მომნიჭებელისა, სახიერისაგან ვერ შეიძლება ჩაქრობა სილამაზისა, შემოუწერელი სიმშვენიერე ვერ დაჰკრებს ქვას ჩასაქოლვად უნაკლულოსი. - მაშ რა ვქნა, უწყალოვ, როს გული ჩემი ეკალს ეხევის, როს სული ჩემი იტანჯვის სიკვდიდ და იწვის უშრეტელ ალში შურისა? - უხმე ღმერთს სასტიკს, უფალს მრისხანეს, სინათლის მქრობელს, სიკვდილის დამრგველს. - ღმერთსა ბოროტსა?! - რომელმან მოსპო შვილნი მამის წინ, მშობელს უკრძალა ცრემლით ფონება; ვინც ცეცხლით დასწია ათასწეულნი თავისუფლების დასახვის გამო; რომელმან დაჰკლა მეფე ტყვექმნილი, მისი რჩეულნიც. მას შეევედრე, სასტიკსა მფლობელს სასტიკი გულით. - ღმერთსა სასტიკსა თუ თვით სატანას? - მეუფეს სასტიკს, გინა ბელზებელს ბნელთა მფლობელსა! არ უფონა დედოფალს ლოცვამ, რამე წყნარი გრძნობა არ შეეხო მის გაბოროტებულ გულს; ლმობიერების ნამი არ ეპკურა მის თვალს მრისხანედ აღგზნებულს. აღზდგა, აღიმართა, ამაყად გასწორდა წელში, ზურგი შეაქცია სახატეს. აიღო რვალის ბირთვი, გადისროლა ვერცხლის ბადიაში. გაისმა წკრიალი. ქანდაკებად აღიმართა დედოფლის წინ მხევალი მისი. - მოუწოდე დედა თებრონიას! - უცდის იგი შენს ბრძანებას, დედოფალო! - იცდის?! რად არ მომახსენე? - შემინდე, ყოვლად მოწყალეო, ვერ შემოგბედე ლოცვად მდგომარეს. - უხმე! თებრონიამ კარგად იცოდა, რა უშრეტი დარდი აღმოცენებულიყო სამეფო ოჯახში; ხალხი ლაპარაკობდა, იმასაც ესმოდა. ერის მრავალ თვალს და ყურს არ გამოეპარებოდა არაფერი, რაც ხდება სასახლეში. თითონაც ადრევე მიჰხვდა ჭკვიანი მონაზონი გონგა-მახვილი. არც მის გულს გამოეპარებოდა სიყვარულის თუნდაც მცირედი რამ მოძრაობა, - მის გულს, სად უტეხს ნებისყოფას სამუდამოდ ჩაეხშო და ჩაეკეტნა ყოველგვარი ღივი ლამაზ გრძნობისა, მაგრამ ვერ მოესპო ის, ვერ ამოეფხვრა ძირიანად. რამდენჯერმე უნდოდა მას გაებედნა და შეჰხებოდა ამ საფრთხილო საგანს დედოფლის წინაშე, მაგრამ ვერ მოახერხა: ამაყი სახე დედოფლისა, რომელი არ იმჩნევდა დარდის ნასახს, ნებას არ აძლევდა მას, სიტყვა დაეძრა მის წინ ამ საგანზედ. ეხლა კი როდესაც მეფის ქცევას უკვე დაერღვივნა გარეგანი სახეც კეთილი ზნეობისა, და მით საჯაროდ დაეცა ჰოროლი ისეც დალახვრულ დედოფლისათვის, ეხლა კი თვის მოვალეობადა სთვლიდა, შეჰხებოდა ამ მძიმე საკითხს. დაასკვნა შეჰბრძოლებოდა დიდებულთა კერაზედ აღმოცენებულ ბოროტებას და მოესპო იგი, ძირიანად ამოეფხვრა: დაეხსნა დედოფალი სააქაო გენიასაგან, მეფის ოჯახი სირცხვილისაგან, თვით ცხებული ღვთისა ცოდვისაგან საშინელისა. - მებრძოლი ვარ ნათელთა გასამეფებლად აღჭურვილ-ამხედრებული და მოვალე ვარ ვებრძოლო ბოროტს ყველგან, ყოველთვის. მით უფრო ვალდებული ვარ ვეკვეთო მას მეფის სასახლეში: აქ აღმოჩენილი ბოროტი ძნელი ავს მოჰფენს მთელს მის სამეფოს, მთელ საქართველოსა. ვინც არ ებრძვის ბოროტს, თანაზიარია ბნელისა! დაასკვნა მონაზონმა. და გაემართა დედოფლისას. 61 სადარბაზოდ შესულმა თებრონიამ კრძალვით დაიწყო საუბარი, შორიდან; ისე მიჰხარა დაბრძნობილმა სიტყვის მსვლელობა, რომ თითონ დედოფალმა გაუზიარა მას თვისი ვარამი. გურანდუხტის სურვილიც ხომ ეს იყო და ამან გაუადვილა დედაბერს საქმე. - გავბედე შენთან მოსვლა. მითხრეს, ლოცვად დგას ქვეყნიური დედოფალი ზეციურ დედოფლის წინაშეო და აღარ მივეცი მხევალს ნება მაშინვე მოეხსენებინა შენთვის ჩემი მოსვლა. - ქვეყნიური დედოფალი! შენს ქვეყნიურ დედოფალს არ უსმენს ზეცა, არ უფონებს მას, არც უქარვებს ტკივილს გულისას. ჩემო თებრონია! - სულგრძელია უფალი და მრავალმოწყალე: არ დაუტევებს იგი უნუგეშოდ თავის გაჩენილს, მითუმეტეს თვის მადლით ცხებულს. მეც დარდიანი ვარ, დედოფალო, ვბედავ გულის სევდა გაგიზიარო; ვკადნიერობ, რადგან ეს დარდი შენს გულსაც ჰლახვრავს. - თქვი! - რამდენი ხანია, უნებლიეთ თვალს ვადევნებ თქვენს დიდებულ ცხოვრებას, შენსა და შენი გვირგვინოსან მეუღლის ურთიერთობას; მის ქცევას დასაფიქრებელს. მხევალი ვარ ღვთისა, მისი მსახური აღთქმა დადებული, და ვალად მაძს მოგახსენო პირდაპირ, თუნდაც დავიმსახურო რისხვაი ძნელასატანი. - თქვი შენი სათქმელი! - უჯეროა იმ მეძავი დიაცის სასახლეში ყოლა, მისდამი საპატიო სამსახურის მიჩემება. მეფისაგან მისი ესეთი ცხადი მფარველობა, ლამის სიახლე. და... - და ერთობა საზიზღარი, თანამეცხედრობა უშვერი, კდემაშეხსნილი... - მით უფრო! თუ კერძო კაცი იყოს ბატონი, შემცოდე იქმნებოდა მხოლოდ თავის თავის წინაშე და თავის ოჯახისა; მაგრამ შემცოდე იგი მეფე არის, მბრძანებელი დიდებული, საყვარელი წინამძღვარი მთელი ერისა, სასიქადულო, და მისი ცოდვა ბოროტებაა მთელი საქართველოს წინაშე. - ჭეშმარიტად! მქეჯნის მე არა მხოლოდ პირადი შეურაცხყოფა, მწიკვლელი ჩემის კერძო ოჯახისა, შეურაცხყოფაც ქართველთ კერისა, შებღალვა ერის ზნეობისა, ცდუნება მისი საზარელი. - ოღონდაც რომ ცდუნება საზარელი! მთელი ერი ამ ძნელ დროს თქვენდა მოაბყრობს თვალს, თქვენ გიგულებთ დამცველად თვის არსებობისა, შემნახველად ყოველივე იმისა, რაც გააჩნია მას სასიკეთო, რაც დაუსახავს თავის სინამდვილედ. - განა ხალხი მიჰხვდა უბედურებას, შენიშნა მან ცოდვათა ესე საგუბარი? - ჯერ მხოლოდ მახლობელნი, სასახლესთან დაახლოვებულნი. ელვის სისწრაფით მოედება ამბავი უსიამოვნო მთელ ქვეყანას კიდითკიდემდინ. - და შეიბღალება ჩემგან დიადი ზრუნვით შექმნილი კერა წმიდა, და ჩაბნელდება შარავანდედი ჩემის თავდაცულის ოჯახისა სასიხარულოდ ჩემ მოძულეთა, დასაღონებლად ჩემ მეგობართა. - დასაღონებლად ზნეამაღლებულ ქართველთ ერისაც, მთელის საქართველოსი! აგარიანთ სჯულის შავმა ღრუბელმა საშინლად მოიცვა მთელი ქვეყანა; მხოლოდ ორიღა მოსჩანს ლამპარი ღვთაებურ მოძღვრისაგან გზნებული: იქ ბიზანტია, აქ საქართველო. ჩაშავება თუნდ ერთის მათგანისა სამგლოვიარო ძაძით შეჰმოსავს ჩვენს სჯულს ბრწყინვალეს. - რა ეგების? რით ეშველების? - ეშველება შენის სურვილით და მსწრაფლ მოქმედებით! შეუდრკომელი ჩვენი სამსახურით! მთლად გაენდო დედოფალი სჯულისათვის თავშეწირულ დედაკაცს. დიდი ხანი აგროვა მან ნაღველი თვის გულში, სავსებით აპირპირებულიყო მის გრძნობათა საგუბარი დახშული! ეხლა ჰპოვა კარი მის დარდის ღვარმა, გადმოსქდა შეგუბებული, გადმოლახა ნაპირები: მთლად ამჟღავნა დაფარული ატირებულმა გურანდუხტმა; მიუთხრა, როგორ ცდილობდა ალერსით თუ სიტკბოებით კვლავ მოეძივნა ვაჟკაცის გული ეშმაკისაგან მძლავრად ბყრობილი; როგორ შეებრძოლა ავ გზაზე დამდგარს, როგორც მანდილოსანი დამცირებული, ვით დიასახლისი კერის დამცველი, როგორც დედა უკვე მოზრდილი შვილებისა, რომლების ფაქიზ ზნეს არყევდა და განსაცდელში აგდებდა მის აშკარა უხამსობა; ბოლოს როგორც დედოფალი, დედა ქართველთა, რომლების სჯულს რყვნიდა მფლობელისაგან აშკარა რღვევა ქრისტიანულის წესწყობილებისა. - ყოველივე ამაო გამოდგა, ჩემო კარგო, ყოველივე ცდა დაიმსხვრა და განქარდა მძლავრ მილტოლვის წინ იმ მეძავისადმი. სატანაი მრუშობისა ეუფლა მას, დაიმონა ყოველივე მისი გულისთქმა, განდევნა მის სულიდან კდემა თუ სირცხვილი. რაღა დამრჩენია სასოწარკვეთილს, თუ არა ლოცვა უიმედო?! - ლოცვა უიმედო, ჩემო დედოფალო?! - ვედრება სასომიხდილი! გაბოროტებულ გულიდან ამომხდარ თხოვნას ვერ ისმენს მეუფე სახიერი, ჩემი გული კი ბოროტებულია მარად ჟამს; ავის მოსურნის ლოცვას ვერ ყურადიღებს ყოვლადკეთილი, ჩემი სული კი ავის მდომნეა იმ ეშმაკის კერძისათვის; უბნელეს წუთში თვით აშოტისათვისაც, ჩემის გვირგვინისა! - წასცდა დედოფალს. და მთლად აეტკრიცა სახე, აენთო თვალები. ავმა ალმურმა აჰკრა მთელ ტანში, ზეაიტაცა. განძვინებულ ვეფხვის სახით იწყო მიმოსვლა მოფარდაგულზე. წამოდგა თებრონიაც. გაჩუმდა, ხმა აღარ ამოიღო, კრინტიც არ დასძრა, არცღა შეირხა; გაქვავებული იდგა ერთს ხანს შავ მოჩვენებად. მცირედ დაცხრა განრისხებული. მონაზონმა წარსდგა ბიჯი, მოიდრიკა მუხლი მბრძანებელის წინ, ემთხვია კალთაზე. - მისმინე მრავალტანჯულო! ეშმასთან საბრძოლველად ჰხამს მასთან წყობაში გამოცდილი რაინდი. შენი დასტური ამიერიდან წინ უძღვის ამ ბოროტებასთან მებრძოლთ და მათ მეთაურს! უფალო, უფალო! ეტყოდნენ მოწაფენი იესოს, ბრძანე და გადმოივლინოს ცეცხლი შემწველი მოძულეთა შენთა ზედან!.. დედოფალო დიდებულო, ჯერ ჯვარით ლმობიერის ჯვართცმულისა და ბოლოს ცეცხლით მავნეთათვის ზეცით ნაწვიმით! - წარმოსთქვა მონაზონმა. და წელში გაიმართა, შემაღლდა, ყელი მოიღერა. ბრძოლის სურვილმა სასტიკი იერი შეჰფინა მის ისეც მკაცრ გამომეტყველებას. - ეკლესია, განაგრძო მონაზონმა, თანამდებია დალახვროს, დათრგუნოს მანქანება ბოროტებისა; იმან უნდა განწმინდოს მეფის ოჯახიც სიბნელისაგან ავისა, მოაქციოს გული ცხებულისა ცთომილებისაგან; მოსპოს ცოდვა იგი საზარელი. ცოდვა, ვით ჯირკველი რამ მავნებელი, გაიდგამს ძირს, გამაგრდება, ჩაუშვებს ფესვებს სხეულში ერთისა თუ მთელის კრებულისა, მოჰშხამავს მას, მოჰხრის საბრალოდ, მოაშთობს ბოროტად. ექიმია საჭირო, სცხოს მალამო და შეაყენოს ზრდა მისი, მოუსპოს სიცოცხლე მის ფესვებს, ამოზიდოს იგი, ამოაბრუნოს... - და მე, უკანასკნელი მსახური ეკლესიისა, განმზადებული ვარ ბრძოლად სასტიკად, ულმობელ-დაუნდობელად! ძნელი საქმე იტვირთა თებრონიამ, სამძიმო გადაწყვეტილებას დაადგა იგი: მას სჭირდებოდა შეჰბრძოლებოდა თვით მეფეს და ისეთ საქმეში, რომლითაც ძლიერ იყო გატაცებული იგი მფლობელი; ითავა, მოესპო შედეგები ვაჟკაცის აღტყინებული სურვილისა, შეუმართებელის მისის ვნებისა. ძლიერ სახიფათო იყო ეს: მეფის ერთი ბრძანება და მონაზონის ყოველივე ცდა გაქრებოდა, როგორც რამ კვამლი წინაშე ქარიშხალისა. შეიძლებოდა ბრძოლად გამოსულს სიცოცხლეც მოსპობოდა, ერთი კი ენიშნებინა აშოტს თავდადებულ მახლობელთათვის. თვით მისგან აშენებული და განმტკიცებული სავანის კედლები შეიძლებოდა დაშლილიყო მეფის რისხვით საფუძველშერყეული. აღთქმა ადვილი იყო, შესრულება ერთობ საძნელო. ცოდვათა ამოსაფხვრელად განგებისაგან, მართალია, მოწოდებული იყო მონაზონთა წინამძღვარი, როგორც მხედარი ქრისტესი, მაგრამ ცოდვათა ძალა მეტად ძლიერი იყო: დედაბერს პირისპირ უხდებოდა შებმა თვით ძალებთან ჯოჯოხეთისა. იყო წუთი, როცა ეჭვი შეეპარა მცნებათა მცველად აღჭურვილს, როცა შედრკა იგი თავის მძიმე დასკვნის წინაშე. ჭირის ოფლმა დააყარა თითქო თავხედ ნაბიჯის გამო. მაგრამ სიტყვა უკვე ნათქვამი იყო, აღთქმა დადებული და მერმე ვის წინაშე? თითონ დედოფლის წინ! ეხლა ყოველივე რყევა ან სურვილი, თავიდან აეცილებინა ტვირთული საქმე, ამაო იყო; დამღუპველიც იყო იგი პირდაპირ მისთვის და მისგან აღმოცენებულ სავანესათვის. ჩაიკეტა თებრონია სენაკში. მიეცა უნებლიეთ მღელვარებას. ათასი ჰაზრი მოსდიოდა, მრავალ გეგმას ადგენდა მოქმედებისას. ყოველივე მისი განზრახვა იშლებოდა საქმის სიძნელის წინაშე, როგორც რამ ყორე უსაძირკვლოდ ნაშენ-ნაგები. ერთადერთი იყო ურყევი: აღუთქვა მან დედოფალს ბრძოლა და აღთქმის უარყოფა თუ განქარვება ყოვლად შეუძლებელიღა იყო. ეგონა, ცა შთააგონებდა მას მძლავრად მოქმედების სახსარს; სდუმდა ზეცა, მადლი შთაგონებელი არ გადმოდიოდა მასზედ. - იქნება ავჩქარდი? იქნება გრძნობამ მძლია, გულისთქმამ გაბოროტებულმა, და დავადეგ იმ გზას, რომელზედ სვლა არ ძალმიძს მე? რატომ არ მოვიცადე მცირედიც, რატომ არ გავზომე ტვირთის სიმძიმე, არ გამოვნახე საშუალება შესაფერი და ისე არ წავდექ დედოფლის წინ? გრძნობათა ღელვამ უსწრო ფიქრთა სვლას და... შემრჩა ხელში მხოლოდ სურვილი კეთილი, აღმასრულებელ ძალას მოკლებული. - სურვილი კეთილი, დედაბერო? - ნდომა სასიკეთო, მიზანი უმწიკვლო: მოისპოს ქვეყნიერებაზედ ზნე ავი, მოეფინოს ცხოვრება უზაკველი საქრისტიანოს, გამეფდეს კაცთა შორის წმიდა ნებაი ზეშთა-მეუფისა, ვით ცათა შინა. ვით სავანეში წმიდა ანგელოზთა თუ ნეტარ სულთა. - დარწმუნებული ხარ, რომ სიყვარული ამ ქვეყნად არ არის მასწავებელი შემოქმედის ნებისყოფისა, მსახველი მისის სახიერებისა? მეუფე ხომ თვით სიყვარულია გამოუთქმელი. - სიყვარული სპეტაკი, წმიდა, ცოდვათა სიბნელით დაუჩრდილავი. - და რითა ხარ დარწმუნებული, რომ აშოტის სიყვარული არ არის უჩრდილავი, სპეტაკი, უცვლელ-უკვდავი? 62 ზრუნვამ დასძლია თებრონია, განზრახვის სიძნელემ, და თავი ვეღარ გაართო უშედეგო მღელვარებას. მისმა გონებამ ვერ გაირკვია სწორე გზა მოქმედებისა, მიზანთან პირდაპირ მიმყვანებელი ბილიკი მოკლე. თითონ მიზანიც ბუნდოვანად მოსჩანდა ეხლა. გამოურკვევლობის ნისლით ბურვილი. უკვე ეჭვიანობდა თებრონია, ირყევოდა, ნამდვილ ვეღარ გაეკვლია ისიც კი, ცოდვის ამოსაფხვრელად დაემკლავებინა თუ სიხარულის მოსასპობელად. ძნელ საქმეს მოჰკიდა ხელი და ეს სიდიადე მისი ეხლა თვალწინ წარმოუდგა ცხადად. მთელი მთა იყო ეს. მისი აწევა და უფსკრულში გადათხევა მხოლოდ ბუმბერაზს შეეძლო, თვის უსამზღვრო ძალაში დაჯერებულ-დარწმუნებულს. როდესაც დედოფალს ელაპარაკებოდა მონაზონი და აღთქმას აძლევდა, თავისი თავი დიდი რაინდი ეგონა, ზეციური მადლით უძლეველქმნილი; ეხლა კი, სამოქმედო ნაბიჯის წადგმის დროს, შიშმა აიტანა ის და შეარყია მისი სიმტკიცე. ვეღარ გაამხნევა თვისი თავი! თრთოდა მონაზონი სურვილსა და შიშს შუა მოქცეული. ამ განსაცდელში მისი გონება გაფრინდა ხანძთისაკენ; მაშველის საძებრად წაესწრაფა იქით. გრიგოლი ერთადერთი ნუგეშისმცემელი იყო თებრონიასი, კვერთხი დასაყრდნობელი, ნავთსაყუდელი ქარტეხილთაგან საშინელთა დამხსნელ-მფარველი. რა ვუყოთ, რომ ოდესმე უარჰყო მან თებრონია?! არ შეიწყნარა მან იგი ოდესმე მხოლოდ ხორციელად, არ შეუკავშირდა ნივთიერის ერთობით; ამ უარმა მაინც ვერ გაწყვიტა სიმი სიყვარულისა, უნივთო ტრფობისა უიმედოსი. იგი მიჯნურობა ფრთებშეჭრილი იყო ეხლა, აღარც შეეძლო ლაჟვარდოვან ცაში ფრენა, არც თუ ფარფატი ლამაზ ყვავილებზედ. მაინც არ მოსპობილიყო, საოცნებო იგი მეუღლეობა ჩამქრალ-სპობილი, მხოლოდ გარდაქმნილიყო საიმქვეყნო გზაზედ თანამსვლელობად. ყველა გასაჭირში, რომელიც კი შეეხებოდა საეკლესიო სამსახურს. თებრონია აუცილებლივ იყო კითხული გრიგოლისა. როცა ჩაერია მონაზონი გვირგვინოსანთა შინაურ ცხოვრებაში, ეგონა, ასრულებდა სურვილს განდეგილისას: არაერთხელ გამოეთქვა იმას თავისი წუხილი იმ ბიწიერების გამო, რომელი შეჰხებოდა სამეფო ოჯახს და ჩაელაქავებინა იგი. ეხლაც, ეახლა მონაზონი დაყუდებულს და მიუთხრა ყოველივე დაწვრილებით. ბერმა გულდასმით მოისმინა თვითეული მისი სიტყვა და სდუმდა ჩაფიქრებული. ბევრი ხანი იყო ჩუმად: შეეფერებოდა დუმილი ისეთს სამძიმო საქმეს, როგორიც იყო ცოდვა მეფისა. - მაინც მცირედ აჩქარებულხარ, გულმოდგინე მცველო ზნეობისა! ემჯობინებოდა კიდევ გვეყოვნა, მოგვეზომ-აგვეწონა ყოველი შედეგი მძიმე ნაბიჯისა. - როგორ! ცოდვამ ფესვები გაიდგა, მოშხამა მთელი სამეფო ოჯახი, გადამდებ სენად გატბორდა სასახლეში თუ მის გარშემო, ლამის მოაშთოს კეთილმორწმუნე დედოფალი მფარველი ჩვენი და შენ მაინც ამბობ, ემჯობინებოდა კვლავ დაყოვნებაო?! - ემჯობინებოდა! ვხედავ ყოველსავე, თვალს ვადევნებ ეშმაკის კერძსა, რომელს მიუხრია ვაჟკაცის სული ბოროტისაკენ; მაინც ჯერ ვერ იყო ცოდვა ისე მომწიფებული, რომ სადოსტაქრო მახვილს ერთის დაკვრით ამოეკვეთნა ფესვებიანად. - ვერ იყო მომწიფებული?! - ნუ შესწუხდები! დასდგომიხარ გზას ცოდვათა შესამუსრავად და რყევა აღარ შეიძლება. არავინ დაჰსდვის ხელი სახვნელსა და ჰხედავნ იგი გარეშე უკან! უნდა აღსრულდეს სიტყვა შენი! ამას მოითხოვს სჯულის დიდება, მისი სიმტკიცე. ეკლესიამ შენის პირით უნდა გამოუცხადოს ბრძოლა სამეფო ტახტს ცოდვისკენ მიხრილს და სიტყვა მისი განმკვეთი უნდა იყოს ფხაასხმულ მახვილივით: თუ ეხლა დამარცხდა ეკლესია, ვეღარ შესძლებს მხნედ ებრძოლოს ურიცხვ მტერს მასზედ მოზღვავებულს, მეკობრეს შინაურს, მტერსა გარეშეს. სდუმდა დედაბერი. თავდახრილი უსმენდა საყვარელ მოძღვარს სასტიკად მწვრთნელსა. - სდუმხარ, ვერ შეგიგვნია ჩემი ნათქვამი. ბუმბერაზთან საბრძოლველად ფრთხილადა ჰხამს ასპარეზზედ გასვლა: იარაღი უნდა გასინჯო გულდასმით, საომარ ტაიჭს გარს შემოუარო. შეკაზმულობა მისი იწვრილო; უნდა მიმოავლო დაკვირვებული თვალი შენს ტალავარს თუ აღჭურვილობას. ერთი მცირედი ნაკლი ბრძოლის დროს იზრდება, საშინელი მარცხის მიზეზად გარდაიქმნება. - ღმერთმა გვიხსნას მარცხისაგან! - გვიხსნის და დაგვიფარავს! კეთილად დააგვირგვინებს იგი საქმეს შენგან დაწყებულს! ეკლესია კლდეზედ არის დამკვიდრებული და ძალა ჯოჯოხეთისა ვერ შემუსრავს მას! - ბრძანა ბერმა და წელში გაიმართა, რიხიანი შეხედულება მიიღო შემმართებლის მებრძოლისა. - მაშ? - ვილოცოთ. შთაგვაგონოს სულმან წმიდამ... აკურთხოს ყოვლადძლიერმა სვლანი შენი საკეთილონი! დედაბერის წასვლის შემდეგ განმარტოვდა გრიგოლი, ფიქრს მიეცა ძლიერს. მას უნდა შეედგინა მთელი გეგმა სახიფათო ომის საწარმოებლად, უნდა განევითარებინა მიზანშეწონილი მოქმედება, რომ კეთილად დაემთავრებინა ბრძოლა. ეკლესია უთუოდ გამარჯვებული უნდა გამოსულიყო ამ შემართებიდან, უფრო ძლიერი და შარავანდედმოსილი, სინამ წინედ იყო. თანაც ეს ბრძოლა უნდა ეწარმოებინა მას სწორედ ისე, როგორც, მოითხვდა ამას თვით სჯულდება ქრისტიანული. - უკეთუ ძმამან შენმან შეგცოდოს შენ, ამხილე პირველ იგი კერძოდ! - იტყოდა ქრისტე. - ამ მხილებიდან დავიწყებ. უნდა ვაუწყო აშოტს ცოდვა მისი, განუმარტო ხენეში შედეგი მისის უშვერის ბიწიერებისა, მკაცრად მოვსთხოვო, ამოფხვრას თვის გულიდან მრუშობა საძაგელი... სჯობს მიენდოს ეს დავალება ჯერ მისივე სულიერ მესაიდუმლოვეს, მის მოძღვარს: იმისი მოვალეობაა აღიარებინოს მეფეს ცოდვა იგი და დასდოს საფერი სასჯელი სულიერი. თვით ღმერთმა აგონა ბერს ეს გზა: დიდმარხვა დგებოდა, აშოტი უსათუოდ ეზიარებოდა და აღსარებას ეტყოდა მოძღვარს. ხუცესს შეეძლო ეთქვა მისთვის ყოველივე სათქმელი, ემხილებინა თავისი შვილი სულიერი. მეფე ვერ მიუხვდებოდა, რომ ის მიგზავნილი იყო, სხვის იარაღი, სხვისაგან მომართული საყვირი რამ უცხოს გულისთქმათა ამომძახელი. უხმო მწირმა მეფის მოძღვარს, გაანდო მას ყოველივე და დაავალა გაეზიარებინა მისთვის, რა პასუხსაც მეფე ბრძანებდა, რომ შემდეგ შესაბამად მოემართნა მას თვისი სამოქმედო ძალა. - აღასრულე, მამაო პატიოსანო, ეს დავალება სადიდებლად ეკლესიისა, საკეთილდღეოდ მეფის ოჯახისა. - ვისმენ, მამაო წმიდაო, შენს ბრძანებას; აღვასრულებ ჩემს მოვალეობას, როგორც მაგონებს ღმერთი და მიწესს კანონი ეკლესიისა, - მიუგო მოძღვარმა. და შენდობისათვის წარსდგა ნაბიჯი. გრიგოლი გამოცდილი ადამიანი იყო, დამკვირვებელი და კმაყოფილი ვერ დარჩა მოძღვრის პასუხით. ისიც არ უამა, რომ მის თვალებში თუ სახის მეტყველებაში ამოიკითხა თითქმის გაკვირვება! მისი დავალება თითქო ეუცხოვა მოძღვარს, არც იამა. ხუცესმა ისე არ გამოხატა თვისი უკმაყოფილება, რომ ბერს შესძლებოდა მკაფიოდ დაენახნა იგი და ეთქვა რამე იმის შესახებ, გრძნობით კი იგრძნო, ნამდვილ შენიშნა უკმაყოფილება. რაღას იზამდა?! ერთადერთი კაცი, რომელსაც შეეძლო პირდაპირ მოლაპარაკებოდა აშოტს ამ მძიმე საქმეზედ და თანაც იმ სახით, რომ ამ საფრთხილო საგანზედ საუბარი ბუნებრივი ყოფილიყო და საიდუმლო, იყო მხოლოდ მოძღვარი მეფისა და პირველ ხანს ნებით თუ უნებლიეთ იმაზედ დააყრდნო თავისი იმედები. - იცოდე, დიდ სამსახურს გაუწევ თვით მეფეს, იმის ოჯახს და მთელ საქრისტიანოს, თუ ჰაზრიანად აასრულებ ამ შენს მოვალეობას. მეფე მანათობელ ლამპრად არის განგებისაგან დადგენილი, ის თავისი ქცევით სავალს უნდა უნათებდეს ერს; ეხლა კი უწმინდურების კვამლს მოუცავს იგი ლამპარი. მაცდუნებელია უწესო ცხოვრება მისი. მეტს ვიტყვი: მისი ბიწიერი ყოფა ბილიკს უკვალავს საქართველოსაკენ აგარიანთა წესს უწესოს. მრავალცოლიანობის ჰაზრს ათვისებს ხალხს. და, იცი შენც, თუ მტერმა ერთხელ ჰპოვა ციხეში შესავალი, თუნდ ვიწრო ხვრელი, თანდათან გააფართოვებს იმას და ვეღარ დაუდგება მას კედელიც მკვიდრი. - მესმის! ვეცდები ღვთის შეწევნით, შენის ლოცვა-კურთხევითა, მიუგო მოძღვარმა და ეამბორა. გაბრუნდა ხუცესი, გაემართა. მოღვაწემ თვალი გაადევნა მას და კვლავ იგრძნო ის უკმაყოფილება, რომელიც გამოიწვია ბერ-მონაზონში ამ დავალებამ: სახეზედ, ხმაში, თვით სვლაში ეტყობოდა ხუცესს, რომ მისი მორჩილება არ იყო ბუნებრივი თუ წრფელი, გამოწვეული იყო ის მხოლოდ ჩვეულებით; ემორჩილებოდა, როგორც მონასტრის ძმათაგანი; სული მისი არ იზიარებდა წინამძღვრის განზრახვას, მისი სპეტაკი გრძნობა იყო ამ დავალებით. - აღსარება უნდა იყოს შედეგი მხოლოდ პირად მოთხოვნილებისა საკუთარისა, ბაგენი უნდა აღმოიტყოდნენ მას. რას უკარნახებს გრძნობა იდუმალი. აღსარება უნდა იყოს თავისუფალი, ყოველგვარ სხვა მიზნის გარეშე მყოფი, გარდა წრფელის სინანულისა. მე კი მავალებენ, თითონ დავუსახო ცოდვა განსაზღვრილი, იძულებულვყო ვათქმევინო ის და განვუწესო, უსათუოდ მოსპოს იგი ცოდვა. ეს არის ძალა ჩემს სინდისზედ მოტანილი და არ შემიძლიან მისი აღსრულება... - მიბრძანებს, ვამცნო იგი აღსარება, გავაგებინო არ ეგების! უკეთუ მოძღვარმან გასცეს აღიარებული, აღმოკვეთოს მას ენა იგი ცუდად მეტყველი! 63 უცდიდა წინამძღვარი შედეგს მოძღვრის მოქმედებისას, მოთმინებით ელოდდა მას. თითონ ხუცესს უნდა მიეთვალა მისთვის დაწვრილებით, რა მოიმოქმედა მან მიჩემებულ დავალებით ან რა შედეგებს აღუთქვამდა მისგან შესრულებული მოქმედება. გაიარა საკმაო დრომ, ხუცესი კი სდუმდა მკაცრის დუმილით. ერიდებოდა კიდეც წინამძღვარს: უნებლიეთ შეხვედრისას უჯიათად გზას უქცევდა საფრთხილო საგანზედ საუბარს. აშოტის ქცევასაც უნდა დასტყობოდა კვალი მღვდელ-მონაზონის მოქმედებისა, მის ურთიერთობას თუ დამოკიდებულობას იმ დედაკაცთან. ამის შემჩნევა ადვილი იყო:თებრონია განუწყვეტლად ათვალიერებდა ეხლა სასახლის ამ მხრივ ყოფას, იქაური ცხოვრების ბოროტად რყევას თუ სასიკეთოდ ფერის ცვალებას. თითონაც ხშირად ეახლებოდა გურანდუხტს, სანდო ადამიანიცა ჰყვანდა მიჩენილი დედოფლის მხლებელთაგანი. ამ მხრივაც თვალსაჩინო რამ ცვლილება არა სჩანდა, ყოველივე წინანდებურ სადენზედ მიდიოდა დაელია მოთმინება ხასიათგაკაჟებულ დაყუდებულსაც და პირდაპირ მიჰმართა ხუცესს: - აასრულე სურვილი ეკლესიისა აშოტის დამოძღვრის შესახებ, შვილო ჩემო საყვარელო? - აღვასრულე, ღირსო მამაო! - რად არ მამცნებ, რავდენად ძლიერი იყო გავლენა კურთხეულის სიტყვისა მასზედ? ან რა შეატყე: ნუთუ ისე ძლიერია მასში მოქმედი შხამი მრუშობისა? ეშმაკის შთაგონებით გეუბნა, თუ მადლი სულისა წმიდისა აწარმოებდა მის სიტყვას? - აღარ ვუწყი, მამაო წმიდაო! აღსარება მყისვე მავიწყდების, რა მივუტევებ ცოდვას სახელითა იესოსი და ვილოცავ ცოდვილისათვის; მთლად დამცილდების ყოველივე აღიარებული.მიჰხვდა მოღვაწე, რომ უხერხულად შეეხო საიდუმლოდ გულებულ საგანს; აწ ხუცესს ვეღარაფერს ათქმევინებდა ამის შესახებ, და სხვა სავალს დაადგა გამოცდილი. - ნაყოფისაგან კეთილისა იცნობების ხეი კეთილი! შენი გავლენა შენს სულიერ შვილზედ აისახება მისი ცხოვრების კეთილად შეცვლაში: დაწყნარდება ოჯახი დიდებული, სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებს მხევალი ღვთისა, ქართველთა დედა კეთილმორწმუნე. - ღმერთმა ინებოს, ღირსო მამაო! მეუფე სახიერი დასაბამია ყოველის კეთილისა და თვით სიყვარულისა კაცთა შორის. - კეთილი სიყვარულისა, ძმაო ჩემო, ქრისტეს მიერ. - არის ქვეყანაზედ სიყვარული ბოროტი?! ვით ეზიარების ბოროტი-ბნელი სიყვარულს ნათელს?! - ილოცე, ძმაო ჩემო, საყვარელო, გული წმიდა დაბადოს შენთან ღმერთმა და სული წრფელი განგიახლოს გვამსა შენსა. - ამინ! - მიუგო ბერმა და ემთხვია წმიდანს. მოძღვარმა ხერხიანად მიჰმართა თავის დიდებულ სულიერ შვილს აღსარების დროს, შესძლო გაეღო გულის ბჭე ცხრაკლიტულით დახშულ-დაბეჭდილი, სადაც უკვდავების ცვარივით ინახავდა აშოტი თავის ობოლ სიყვარულს. ყველაფერი გულწრფელად აუწყა მან მოძღვარს. მისი სულიერი მამა ბერი არ იყო პირველიდგანვე, იმასაც მოეკრიბნა ოდესმე ფურცელი სიყვარულისა მზის სხივისაგან შეფერილ-აელვარებული, იმანაც გამოცდილებით იცოდა, როგორ უწყალოდ ისერება ადამიანის გული ტრფობისაგან ალმასგაკრული, რა ძნელია, რა შეუძლებელია მოყვარულისაგან სატრფოს დათმობა, თუნდაც წამიერად მისი განშორება, და სავსებით მიჰხვდა ქალისაგან ტყვექმნილ ბუმბერაზის გულისთქმას. სიცოცხლედ უღირდა აშოტს შუქური მისი სული დღეს შუქიას პაწაწა ხელში იყო მოთავსებული. შუქურს ის თავის მეფურ ძალას შესწირავდა წარბშეუხრელად, როგორც შესწირა სამფსონმა თავისი თილისმა თმა ლამაზ დალილას; თვის სიცოცხლესაც მიუზღვნიდა დაუფიქრებლივ: მხოლოდ მის მიერ სცხოვრობდა დღეს ეს გმირთა-გმირი. მიხვდა ნაწრთობი მოძღვარი, რომ შუქურის დაშორებით მზის შუქი დაშორდებოდა ვაჟკაცს; ვეღარ გამოადგებოდა წყვდიადში მყოფი ვეღარც თავის თავს, ვეღარც ოჯახს, ვერც სახელმწიფოს. და... მიუტევა შეცოდებაი... შურით ტანჯულ დედოფლისათვის მხურვალე ლოცვა აღავლინა სახიერისადმი, შესთხოვა ენუგეშებინა იგი ამ განსაცდელში, მიეცა მოთმინება მძლედ შემმართებელი. - იქნება ვისუსტე აღსარების დროს, გრძნობას ავყევი, ვუღალატე მოვალეობას?! არ ვიცი! ის კი მახსოვს, მთლად გულწრფელად ვმოქმედებდი, არავითარი შიში თუ ლიქნი არა სჩრდილავდა იმ ჟამს ჩემს რწმენას თუ მსჯელობას, ჩემს ლოცვას ზეამაღლებულს, - ამბობდა ხუცესი და უკვირდა, რომ ქალ-ვაჟის იგი ურთიერთობა შორიდან შეხედვით მრუშობა იყო უშვერი, ხოლო ახლო დახედვით მიჯნურობა იყო ზეცით ნაკურთხი, მზიური ტრფიალი მხოლოდ უდროვოდ და უადგილოდ აღმოცენებული. - აკი დავსდევ კიდეც მას ამ უჟამობისათვის სასჯელი სულიერი და მსწრაფლ აღასრულა იგი მან, - იმართლებდა მოძღვარი თავს თავისსავე წინ. ესე არ შეეძლოთ მსჯელობა სხვებს, სჯულისა თუ წეს-წყობილების უმთავრეს მცველებს და დარაჯებს. არცა ფიქრობდნენ ისინი ამნაირად. სამღრთო წესი დარღვეული იყო, მამა-პაპათა ჩვეულება უარყოფილი, ოჯახის სიწმიდე შეგინებული და ყოველივე ეს უნდა მსწრაფლ მოსპობილიყო, ძირიანად აღმოფხვრილიყო; თუ არა, უნდა მოსპობილიყვნენ თვით წესის მრღვეველნი. სხვა გზა არ არსებობდა მათთვის, მოსავლელი რამ ბილიკი. ეკლესია გუშაგად ედგა სარწმუნოებას და მისგან დაკანონებულ ზნეობას, ის ვერ დასთმობდა წმიდა საიდუმლოს შემღვრევას, ყოველ ზომებს მიიღებდა მის რღვევის წინააღმდეგ: მოჰკვეთდა კიდეც გაჭირვებაში თვით დამნაშავეთ, ძირიანად აღმოფხვრიდა მათ თუნდაც ცეცხლით. ყოველი ხეხილი, რომელი გამოიღებს ნაყოფს ხენეშს, მოკვეთილ იქნების და ცეცხლს დაიდების; ცული ლესილი ძირსა ხისასა! ჯერ კი ნაადრევი იყო მოკვეთაზედ თუ აღმოფხვრაზე საუბარი; ჯერ არც ცეცხლის გამოვლენა იყო წმიდა-წმიდათაგან საჭირო, მწველი ალისა, რომელმან ოდესმე ათასობით მოსპო წინააღმდეგნი, რომელმან მრავალჯერ სასტიკად დასაჯა მცნებათა უარმყოფელნი. ჯერ მარტო პირველი ნაბიჯი იყო ამ გზაზედ გადადგმული: მხოლოდ ამხილა ეკლესიამ შემცოდე კერძოდ, პირისპირ. მსახური ეკლესიისა უცდიდა შედეგებს ამ მხილებისას. ამაოდ უცდიდა! გადიოდა დრო და მეფის კავშირს უკანონოს არ აკლდებოდა არავითარი ძალა, იგი კავშირი უფროც მტკიცდებოდა; არ გრილდებოდა მეფის გული ტრფობით აღტყინებული, უფროც ღვივდებოდა. ინთებოდა, სანეტარო ალით პრიალდებოდა. - მიკვირს, რით მოხიბლა იმ მეძავმა რვალის გული მტკიცე ვაჟკაცისა, როგორ გაალხო და გაანდო, როგორც რამ ცვილი: რა მანქანებით ძლიერდება მილტოლვა ბუმბერაზისა დღითი-დღე?! უტეხი ძალა ამხედრებულა მეფის ოჯახის შესაბღალად, ძლიერება ჯოჯოხეთისა მოჰვლენია, რომ შემუსროს სიწმიდე ცხებულისა და დასცეს ბჭენი მაგარნი საქართველოსი. ბელზებელს განუზრახავს დაარღვიოს სჯული ქრისტესი მისივე დამცველის ხელით, დაამკვიდროს მის ნანგრევებზედ სჯული უსჯულო, ბნელეთით მოვლინებული წესდება უწესო. - მაინც ჯერ ისევ მოთმინება, აზომვა წინააღმდეგ ძლიერ ძალისა! ბევრი თმენა და დაყოვნებაც ვეღარ შეიძლებოდა: დედოფალი თანდათან მწარდებოდა, მრისხანდებოდა. რახან ერთხელ გაამჟღავნა იმან თავისი იდუმალი დარდი, ვეღარ იკავებდა გულისთქმას, ძლიერად ანვითარებდა თავის მისწრაფებას. აქამდინ რომ ორისა და სამის საიდუმლო იყო სასახლეში აღმოჩენილი სიბოროტე, ეხლა მთელმა ჯგუფმა იცოდა ეს დედოფლისაგან. ბევრი დრტვინავდა, ზოგი კიდეც ამხედრებულიყო: განგაში იყო მთელ სასახლეში. ყოვნა აღარ შეიძლებოდა: მეტი მოცდა ეკლესიის სისუსტეს დაადასტურებდა, მის დარაჯთა უძლურებას თუ უღირს შიშნეულობას. მაინც საჭირო იყო ფრთხილად მოქმედება და მით უფრო, რომ შემცოდე კეთილისმყოფელი იყო ეკლესიისა: გრიგოლმა აშოტის ქველი მარჯვენის შემწეობით დააფუძნა თავისი მონასტერი ხანძთა, ააღორძინა მრავალი სხვა სავანეები, რომელნიც ეხლაც მეფის სიუხვით სცხოვრობდნენ და იფურჩქნებოდნენ. სიწმიდის ახლად დამკვიდრებულ კერიებს ძალიან ეჭირვებოდათ გამოცდილი მარჯვენაც ქვეყნის მცველისა: მტერი მრავლად მოსდგომოდა მთელ საქართველოს და მის სიწმიდეებს: აშოტის გატეხა ზღუდის ჩამოცლა იყო მათთვის, მოქნილი ხმლის გადაფშვნეტა შიგ ვადაშია, დიდი სიფრთხილე ჰმართებდა ეკლესიის წინამძღვარ მწირს, მეტი წინდახედულობა. კიდეც ფრთხილობდა გრიგოლი, დღე და ღამ ეს ფიქრი არ ეშვებოდა მის ჯიუტ შუბლს, დაბალს, გარნა შორითშორს განზიდულ და მტკიცედ ნაჭედს მის შუბლის ფიცარს. მთელი უტეხი თვისი ნებისყოფის ამოძრავება სჭირდებოდა წმინდანს, რომ დროებით მაინც შეეკავებინა ღვთაებრივი შურით აღსავსე მილტოლვა თვისის გულისა, რომელი ღელავდა ძლიერის ღელვით, რომელი მზა იყო გადაშვებულიყო მახვილ მოწვდილ შუაგულ ბრძოლაში მაშინვე, დაუყოვნებლივ. - მაცა, გულო ჩემო, ჰყოვნიდე მცირედს! ძლიერია შენ წინააღმდეგ მებრძოლი ბუმბერაზი, სატანაის ძლიერებით არის აღჭურვილი. ფრთხილად! დღეს ჩემს მარჯვენას დაჰყრდნობია სასოება მებრძოლი ეკლესიისა: სდუმან რჩეულნი ეკლესიისანი; უდებობს საჭეთმპყრობელი; უნდა ამეტყველდეს მწირი, ამოქმედდეს სოფლით განდეგილი, ქვეყნით გაღმა გაბიჯებული.

64 სწვრთიდა ბერი მებრძოლი თავის თავს. მოფიქრებას ურჩევდა, დაყოვნებას და დროს შერჩევას, რომ მძლავრი ყოფილიყო შემართება მისი, მთლად გადამწყვეტი. გარემოებები კი აღარ ჰყოვნიდნენ, ბრძოლას აჩქარებდნენ, მოუთმენლობის ნიშნებს ცხადად იჩენდნენ. დედოფალი აღარა სცხრებოდა, ძლიერ ღელავღა რახან ერთხელ გადმოლახა ზღუდე თავდაცულობისა თუ მოთმინებისა, ვეღარ შეიმაგრა ღვარი მღელვარე გულისთქმისა და თვის მოქმედებით არღვევდა ოჯახის გარეგან სახესაც, არყევდა სამეფო კერას. ლამის საქვეყნოდ გამოეტანა ცოდვა გვირგვინოსნისა, ხალხთა შორის იგავად დაედვა ბოროტება კერძო; ლამის ამღვრეულ ღვარად გარს მოედინა ცხებულისათვის პირადი ცოდვა, რომ მოეშთო სასიქადულო ვაჟკაცი მის მღელვარე ტალღებში. ძლიერ აჩქარებდა გურანდუხტ მოქმედების განვითარებას, იმუქრებოდა. - უარვყობ ყველას: უარმყო ყველამ, ზნეობის მცველმა ეკლესიამაც! - იტყოდა წამისწამს. დედოფალის მღელვარება აზვირთებდა თებრონიას ნებისყოფას და ისიც ისწრაფიდა დაერღვია თუ დაენთქა ცდუნება იგი ეშმაკისა, აღმოცენებული მეფის პალატში თვალთწარმტაც რამ ყვავილად ნაზად, გარნა შხამის მფშვინავად. გესლის მცვარველად, ძალას ატანდა დედაბერი განდეგილსაც; ძლივსღა უმაგრდებოდა ის დედაკაცის შთაგონებას უწყვეტს, დაჟინებულს, სასტიკად ასისინებულს, მაინც ჰყოვნიდა, მტკიცედ იდგა თავის ჰაზრებზედ. ისიც აყოვნებდა განდეგილს, რომ ჯერ თვისი ძალა ძლიერი არ ეცადნა ბუმბერაზ მებრძოლთან შემართებით საომარ ასპარეზზედ. ეძიებდა რაინდი ქრისტესი შემთხვევას, ეჩვენებინა მეფისათვის უნარი თვისი და გაესინჯნა მებრძოლი მარჯვენაც მეტოქე გოლიათისა. მოხდა ესეთი ამბავიც და სწორედ მარჯვედ, წინამძღვრის სახელისა და გავლენის შესაფერად. მეფე კერძო ცხოვრებას რომ აწყობ-ჰმართავდა თვის სასიამოდ, თანაც არც ერთს წამს არა სტოვებდა საზოგადო საქმეებს უყურადღებოდ, უფრო მხნედაც განაგრძობდა კმაყოფილი იმ საზრუნველებს, გულმოდგინედ, ხალისიანად. ერთი მისი სასიამო ზრუნვა იყო ახალი სასახლის ღირსეულად შემკობა. მოისურვა დიდებულად დაეხატნათ დარბაზები, დაემშვენებინათ საგულისხმიერო თუ სალამაზო სურათებით. მეტადრე ძალიან ჰსურდა სწრაფად მოეხატნათ კარის ეკლესია. საყდარი ციხის გალავანშივე იყო, სასახლესთან დერეფანით შეერთებული. ეკლესიისა თუ დარბაზების მოხატვას წესი და ჩვეულებაც მოითხოვდა. ამისთანა შემთხვევაში უფრო შინაურ მხატვარს მიჰმართავდნენ, ქართველსავე გამოჩენილ მყალმავს, თუ ესეთი მოიპოვებოდა საქართველოს რომელსამე კუთხეში; თუ არა, საბერძნეთიდან მოიყვანდნენ ოსტატს ან ანტიოქიიდან. აშოტის დროს ამისთანა გამოჩენილი მხატვარი ცხოვრობდა იქვე, სატახტო ქალაქის ახლო. ეს იყო მამა ევდომოზ, რომელს ხელოვნების შესწავლა დაემთავრებინა ბიზანტიაში. ხელი ანტიოქიაში და იერუსალიმშიც ევარჯიშებინა ოდესმე. აწ დაევანნა ახლად დაარსებულ შატბერდის მონასტერში. ჯერ ისევ ახალი ვაჟკაცი იყო, მაგრამ ძალიან დახელოვნებული, უკვე განთქმული. მეფეს ნანახი ჰქონდა ევდომოზის ხელოვნების ნიმუშები და დაასკვნა მისთვის ებრძანებინა კარის ეკლესიის ასურათება. სხვა განზრახვაც ჰქონდა მეფეს: სამღთო ამბების თუ მოქმედებების მარჯვედ მხატავ ბერს საერო შინაარსის მხატვრობაც ეხერხებოდა. ყმაწვილობისას საერო მხატვრობა უფრო ემარჯვებოდა და უხაროდა. შემდეგ ბერად აღიკვეცა და გვერდი აუქცია მაცთუნებელ სურათებს საერო შინაარსისას; შეუდგა სამღთო ამბების ტილოზედ თუ ფიცარ-კედელზედ გაღაღებას, მის ხელოვნებაში მაინც გამოსჭვიოდა წინანდელი მიდრეკილება და გემოვნება. მის ნახატებში საკვირველად განირჩევა თმა, ლბილი და ნაზ სხივებისაგან თხზილი კულულ-ხუჭუჭები, შარავანდედად რომ მოსდებია ეშხით ნაქანდაკებ შუბლს. საყურ-ბეჭედი თუ სხვა სამკაულიც ლამაზად არის მის სურათებში ასახული და დიდის სინამდვილით. ყველაზედ ძლიერ ეს მიდრეკილება ეტყობა მისგან ნახატ ყვავილებს ეტრატებში გაბნეულს და მეტადრე იმ ერთს ხატს ხარებისას, რომელი აწც იხილვების. რა სინაზეა და სინათლე იმ სპეტაკ ყვავილებით შემკულ რტოში, რომელსაც მთავარანგელოსი აწვდის კდემამოსილად თავდახრილ ქალწულს! საკვირველია, მისი ნახატების საღებავი დღესაც ისევე ბრწყინავს, როგორც ახალი. ეტყობა, ფერადთა შეთხზა-შეზავების საიდუმლო სავსებით იცოდა ხელოვანმა. იქნება ახალი რამ შემადგენლობაცა ჰქონდა შეტანილი საღებავთა შექმნა-შეზავებაში. აშოტის ყურადღება მიიქციეს მეტადრე ბერისაგან ნახატ სიცოცხლით სავსე ყვავილებმა. ბატონს ჰაზრადა ჰქონდა შუქურის გალიაკი შეემკო სურათით, მხოლოდ ერთადერთი ხატით: უნდა დაეხატნათ ჰაეროვანი ქალი ახლად მოსთვლილ ყვავილთაგან შეთხზილ თაიგულით ხელში. - რა ვქნა, მუდამ ესეთი სახით მიდგა გონების თვალწინ ეს ჯადოსანი სიცოცხლე ჩემი, სწორედ იმგვარი შეხედულებით, როგორც მომევლინა პირველად, როცა ყვავილებით ხელში შემეგება გამარჯვებულს. მას აქეთ ახლო გავიცანი ქალი, ძალიან ახლო, მაგრამ მაინც ისევ ის არის ჩემთვის: კდემამოსილი საიდუმლოება, მარად მიმზიდველი სიმშვიდე წყლულთა დამშუშავი, მიწყივ ლამაზი სინაზე ქალწულებრივი, სიწრფელე უბიწო, შეურყეველ-შეუგინებელი. ესეთი სურათი მსურს ამშვენებდეს მის სენაკს განკერძოებულს, ესეთი ხატი დარჩეს ჩემს შემდგომაც დიდხანს, ძლიერ ბევრ ჟამთა დაუსრულებელ დენაში! - დაასკვნა მეფემ და უბრძანა სახლთუხუცესს მიეწვივნა იგი მის წინაშე, რომ პირად თითონ მიეცა მისთვის ბრძანება შესაფერი. გადიფიქრა კარისკაცის პირით ბრძანება: მსწრაფლ დაწერა წიგნი, წარავლინა კაცნი კეთილნი და პატივით უწოდა მას ბერსა. მივლენილნი მოვიდნენ და აუწყეს მეფეს: - არა ჰნებავს კაცსა მას ღვთისასა მოსვლაი აქ! განცვიფრდა მბრძანებელი, გაუკვირდა თავხედი ურჩობა ვიღაც მწირისა; განრისხდა ფრიად. მზა იყო ებრძანებინა, თრევით მიეყვანათ იგი მასთან. სძლია კეთილგონიერებამ, შეიმაგრა თავი. მაინც გამოურკვეველი დარჩა მისთვის მიზეზი ბერის უხეში ურჩობისა. სახლთუხუცესმა შეჰბედა და განუმარტა: - ბატონო მეფევ! წიგნის მიღებისთანავე შეეკითხა იგი ბერი წმიდა გრიგოლს შენის ბრძანების შესახებ და სთხოვა ლოცვა-კურთხევა. - მერმე? - არ ვიცი! ალბათ ელის იგი ბერი წინამძღვრის ნებართვას. - ელის სხვის ნებართვას, როცა მე ვუბრძანე მხლებოდა? - შეიძლება! შენ უწყი, როგორ სასტიკად იცავენ განდეგილნი თავიანთ წეს-წყობილებას, რამოდენა შრომა-წამებას იღებენ იგი ნებითი მორჩილებაში. სდუმდა აშოტი. მისი მეფური თავმოყვარება შელახული იყო ვიღაც მწირასიგან, შეეძლო, ებრძანებინა და ცხენის ძუაზედ აბმულს მიათრევდნენ ურჩს მის წინაშე, თუნდ მის თავს მიართმევდნენ მოკვეთილს, თმებით ატანილს. არ შეიძლებოდა გულს აჰყოლოდა მბრძანებელი: დროზედ მიჰხვდა, რომ ბერის სახით ეკლესია გადაჰღობებოდა მას წინ, რომ იმ მწირს წინ უძღოდა აჩრდილი წმიდანის გრიგოლისა, რომელში ამჟამად განხორციელებულიყო ძალა უძლევის ეკლესიისა. სდუმდა აშოტი, ხანსა ზმიდა, ვერა ჩქარობდა, ახალი რამ საშუალება ეხმარნა თავის წადილის შესასრულებლად. ძნელიც იყო შესაფერი ზომის მიღება: ბერი თავის ნებით აღარ დაჰმორჩილდებოდა აღარავითარ მის ბრძანებას და თუ უნებლიეთ დაიყოლიებდნენ, დავალებას მარჯვედ ვეღარ შეასრულებდა უხეში ძალისაგან საშრომლად მიგდებული. ისეთ საქმეს ავალებდა მეფე ბერს, რომ მის მარჯვედ აღსრულებისათვის აუცილებელი იყო საკუთარი სურვილი, ეშხით მიახლოვება სამუშაოსადმი, სიყვარულით შრომა, საამურის გატაცებით მუშაობა. - ხოლო შიში გარე განაგდებს სიყვარულს, - მოაგონდა სიტყვა მოციქულთა. თავისი განზრახვის დავიწყება, მასზედ ხელის აღება, თუნდაც დაყოვნებაც არ შეეძლო აშოტს: ეჩქარებოდა მთლად დაესრულებინა თავისი წყობილი შენობები ახალ სატახტო ციხექალაქში. ვერც შეჰრიგებოდა თავის სურვილის გადატეხას ვიღაც მწირის უჯიათობით. სურვილითა ჰსურდა, სწრაფად შეეძღვნა შუქურისათვის უჭკნობი თაიგული მის გალიაკის კედელზედ მურაზით მოხატული: იცოდა, ამ ზღვნით სავსებით გაახარებდა თვის გამხარებელს. იქნება გაეგზავნა კიდეც კაცი წინამძღვართან ან წიგნი მიეწერნა, მისთვის, მაგრამ ეს ხომ ქედისმოხრა იქნებოდა გრიგოლის წინაშე, ობლობაში სამადლოდ აღზრდილ მწირის წინ, რომელი თვის გარეგან დაკნინებაში თუ უკიდურეს თვის სიმშვიდე-სიმდაბლეში იდუმალ ეტრფოდა დიდის აშოტის მძლე მეტოქობას. რაინდი სულიერი პირისპირ ბრძოლაში შეჰყროდა რაინდს ხორციელს და ეს უხმო ბრძოლა უჩინარი ერთ-ერთის სასტიკი დამარცხებით უნდა დათავებულიყო. აშოტი და დამარცხება?! შორს იყო განთქმული ბუმბერაზის ბუნებისაგან მარცხი მამდაბლებელი: ვერ აიტანდა გოროზი დაკნინებას! არა, ვერც შესძლებდნენ მის დამცირებას. მაინც საშიში იყო ბრძოლა: ხელშეკრული იყო აშოტი ამ სასტიკ წყობაში, უხილავ ძალთაგან ხელშებორკილი. 65 გრიგოლმა მოუწონა მხატვარს ბერს ქცევა. მაინც დაფიქრდა: მათი მონასტრებიც, თითონ იგინიც არსებობდნენ უმთავრესად მეფის წყალობით და მისი ნებისყოფით; მისი ბრძანების უარყოფა, თუნდაც სამონასტრო წესის გამო, არც თუ ისე ადვილი სატვირთელი იყო. - ეკლესია არ ემორჩილება მეფის სურვილს თუ ბრძანებას, მაგრამ მისსავე სკიპტრაზედ არის დაყრდნობილი მისი კეთილდღეობა თუ ნივთიერი არსებობა. ვინ იცის, იქნება მეფის ბრძანება გამონაკლისს უნდა შეადგენდეს თვით სამონასტრო წესშიც, მთელი ხალხის ბატონ-პატრონის სურვილი, მით უფრო, თუ იგი ბრძანება არ შეეხება სჯულისაგან აღიარებულ ჭეშმარიტებებს, უბრალო საეკლესიო ჩვეულებასაც კი. მაგრამ კაცია აშოტი და თუ გაწყრა, თუ პირი მიიქცია მონასტერთაგან, სასიკეთო არ იქნება ეს ახლად აღმოცენებულ ვენახებისათვის ღვთისა; არ ეგების განხეთქილება ამ უბრალო გარემოების გამო. მით უფრო ეხლა, დიდ განსაცდელის დროს, როცა საქართველოს მოსდგომია მოზღვავებული ღვარი ქრისტეს მგმობ აგარიანთა. დროა სდუმდეს ბრძოლის საყვირი: წინააღმდეგმა უკვე იგრძნო ჩვენგან ძალთა სიმრავლე, - ფიქრობდა ბერი და მიმოიხედავდა გამოსასვლელ გზის საპოვნელად. მალე უკარნახა გამჭრიახე გონებამ ქცევა სათანადო. დაადგა იგი გზას სასახლისაკენ: მრავალჯერ მისულიყო ის მეფის კარს ახალ სავანეებისათვის სახსართა გამოსათხოვნად და ეხლაც ეს მიზეზი წაიძღვარა წინ. იღბალი უძღოდა ბერს: მეფე გზად მომავალიყო და თითქო შემთხვევით შეხვდა მას მწირი ხანძთის სანახებში. მეფემ პატივით მიიახლა ღირსი იგი და უამბო შემთხვევა ურჩი ბერის შესახებ. გრიგოლმა განუმარტა აშოტს, რომ ბერს არ შეეძლო ამ შემთხვევაში სხვანაირად მოქცეულიყო. - მაშ განუგებელად მიქმნია, რომ შენ არ მოგწერე და პირდაპირ დავიბარე იგი მწირი. უბრძანე მეახლოს, თვისი ხელოვნებით განამშვენოს პალატნი სამეფონი და კარის ეკლესია: მეც კვალად მივუწერ, - ბრძანა მეფემ. მხატვარი ბერი მსწრაფლ დამორჩილდა, ეახლა მეფეს. კურთხეული იყო მისი მისვლა მეფის კარს: მისმა ხელოვნებამ ღირსეულად შეამკო ეკლესიაც, სამეფო სადგომიც, ხოლო მონასტერს მიჰნიჭა დიდი ნუგეშინისცემა მადლობელი მეფის ნაქებ სიუხვიდან. ძალიან კმაყოფილი იყო ნეტარი გრიგოლ: ბრძოლა მოიგო, მეფეს აგრძნობინა თავისი მძლავრი გავლენა, მის ძლიერებასთან თანასწორი, თანაც ისე, რომ მარჯვედ აუქცია გზა აშკარა განხეთქილებას, სკიპტრისა და ჯვარის ამჟამად შეუფერებელ შებრძოლებას. მეფის პატივმოყვარე გულს კი, სიტყვის შეუბრუნებელ მორჩილებით გააზიზებულს, დაღად დააჩნდა ის შემთხვევა, უსიამოვნო ხაზად წაუშლელ-ამოუფხვრელად. მწირი მხატვარი შემოქმედი გამოდგა, სიმშვენიერის მიმწდომ-მიმდევარი, თვისი ხელოვნების გატაცებით მოტრფიალე. ხელმძღვანელობის ნიჭიც შეაჩნდა მას: მეფის ბრძანებით მისდა მიჩემებულ თანამშრომელებს მარჯვედ ახალისებდა, შრომის უნარს უორკეცებდა. თანამშრომლები შემდეგში მოწაფეები შეიქმნენ ხალისით სავსე ადამიანისა, მოსიყვარულე და მადლობელი მისი შაგირდები. ვერცერთი ვერ დაუსწორდა მას ხელოვნებაში: იმისი ნახატი მაინც ყველას ნახატებიდან განირჩეოდა ჰაეროვნობით. მისგან მოკალმული სახე თუ ტანი ტლანქი რამ ნივთიერებისაგან აღარ შესდგებოდა; განიცდიდა უკვე ხორცთა სულიერად გარდაქმნას, ეთეროვან ნივთიერებად, რომელს ეადვილებოდა ფრენა ლაჟვარდ სივრცეში ფრთაგაუშლელად, თითქმის მთლად უფრთოდ. მის ნახატში ადამიანს იტაცებდა მეტადრე თვალთა გამომეტყველება, რომელში გამოსჭვივოდა სითბო სულისა ღვთაებური, ძალა გრძნობათა, სინათლე ჰაზრიანი, ნივთიერ ზღუდეების იქით გამჭვრეტელ-გამხედველი; ნაქვთთა მოყვანილობა აგრძნობინებდა ნებისყოფას არა მსწრაფლს და სასტიკს, არამედ ნელს, მდორედ თუ ნებივრად მიმდინარეს, მაგრამ ურყეველს, დროთა სივრცეში მომხვრელ-დამმორჩილებელს. მეფის აღტაცებას სამზღვარი არა ჰქონდა: გაახალისა ის ბერის მადლიანმა ყალამმა; შეყვარებულ ჭაბუკივით თავს დასტრიალებდა მუშებს და სამუშაოს. ბერიც ააფრთოვანა მეფის ქებამ და წყალობამ, ერთი-ორად გაამხნევა მისი მარჯვენა, შედეგიანი ჰყო მისი მუშაობა. მეტადრე იამა ბერს, როდესაც აშოტმა თითონ მისცა მხატვარს გალიაკის კედელზედ დასახატ სურათის ჰაზრი. ეს იყო სურათი იოთამ მსაჯულისა, როცა ის გამარჯვებული ბრუნდება თავის ქალაქში. შეჭურვილ-შეიარაღებული რაინდი ჯაჭვით დარახტულს სამანდზედ. მუზარადის ისარი ახრილი. წვრილთვალაის რიდე უკუგდებული. ომგარდახდილი ამალა მის ჩამოდგომით. ციხე-ქალაქიდან მის შესახვედრად გამოსული ერი. წინ ქალთა გუნდი პირად-პირადად შემკულ-შემოსილი. ყველაზედ წინ იოთამეს ქალი თაიგულით ხელში. ბერი აღტაცებაში მოვიდა ამ დავალებით: აქ მისი ნიჭი ფართოდ შლიდა ფრთებს, არც განსაზღვრულ ჩარჩოებით თუ ხაზებით იყო შეზღუდვილი, ერთხელ და სამუდამოდ მიღებულ მოხაზულობით, როგორც ეს იყო დაწესებული წმიდანების ასასახველად. სამღთო წიგნიდან რომ იყო სურათი, ბერს მაინც შეეძლო ეოცნებნა, მხატვრობითი ნიჭისათვის გაეშალნა თავისუფალი სანავარდო. - ემჯობინება ჩამოვაცალოთ ქალს ამაყი გამომეტყველება, რომელიც უთუოდ ექნებოდა მას, რადგან გამარჯვებული იგი რაინდი მამა იყო იმ ქალისა. შევანარჩუნოთ მის სახეს თუ თვალებს განცვიფრება გმირის წინაშე. - განცვიფრება და აღტაცება კდემამოსილ უბიწო სახეზედ. - აღტაცება და თაყვანისცემა უბრყვილო სპეტაკ სახეზედ. - თმა შავი, ვით ყორნის ბოლო: ასული ისრაილისა შავი თმიანი. - ეგ ჩვეულებრივ აღმოსავლეთში, მაგრამ იქაც ამშვენებს ასულს, თუმც იშვიათად, სხივთა მაგვარი თმა, შარავანდედად მოდებულ-გადმოშლილი. - ვხედავ! სხივთა მზგავსი თმა. კდემამოსილი ლმობიერი თვალები, აღტაცებით მიპყრობილი გმირისადმი სათაყვანებელისა. მაშინ შეიცვლება შინაარსი ბიბლიურის თქმულებისა; წარწერა ვეღარ იქნება შესაფერი. - რა უშავს! წარწერა? მოიშალოს წარწერა! თითონ სურათი უნდა ცხადჰყოფდეს თავის სახელს. - ჭეშმარიტად! ტანსაცმელი ებრაული? - ქართული! თორემ სამღთო რამ ხატს დაემსგავსება ნაყალმი და ვერ ივარგებს გალიაკის კედელზედ. - მართალსა ბრძანებ! არც თუ იოთამეს ამბავი არის სამღთო მოთხრობა და მის სახე წმიდანებთან ერთად თაყვანსაცემი, − დაამთავრა ბერმა საუბარი. შეუდგა ხატვას. მიჰხვდა მეფის ჰაზრს. იცოდა სასახლის ამბავი, ენახა შუქურიც და შეიგნო, რა ჰსურდა აშოტს, რა ფიქრი ახელმძღვანელებდა მას ამ სურათის შეკვეთის დროს. თითონაც განიმსჭვალა იმ სურვილით, რომ თავის ქვეყანაში მომხდარი ამბავი მშვენიერ ნახატად ასახულიყო სამეფო სასახლეში. ბერში სცხოვრობდა ხელოვანი მხატვარი სული, რომელი ვერ შეიმსაზღვრებოდა ერთი რომელიმე დარგით, თუნდაც სამღთო ფარგლებით მოღვაწეობისა. ეხლა ხელოვანის ოცნებამ თავისუფლად იწყო ნავარდი და შექმნა ხაზთა თუ ფერთა ის ლამაზი ურთიერთობა, რომელი აცოცხლებდა მისგან ნახატ ყვავილს, სულს უდგამდა მისგან მოხაზულ სახეს, ნაქვთს ან მოძრაობას. მშვენიერი სურათი დაიწერა თვალთ წარმტაცი, თანაც სინამდვილის მსახველ-მხატველი: ქართველნი იყვნენ გახარებულნი, ისინი ლიტანიობდნენ, მოძრაობდნენ, თითქმის ამბობდნენ. მეტადრე დიდის გულმოდგინებით იყო ამოხატული მძლეველ ბუმბერაზის სახე საომარ რაშზედ მჯდომი. ერთის თვალის დაკვრით აშოტ მძლეველი იყო ის: მისი ბეჭთა მოყვანილება, მისი ხელის მოძრაობა, მისი ყელის მოღერება თუ თავის მიმოხვრა. სახე კი სხვა ჰქონდა. დიდრონ თვალთა მოხაზულობა აშოტისასვე უგვანდა. წრფელის სიყვარულით და გატაცებით ამოეხატნა ხელოვანს მოწინავე ქალის სურათი, რომელი თაიგულს აწვდიდა ბუმბერაზს. ცოცხლად იყო გამოყვანილი ლმობიერი იმისი თვალები. განუსაზღვრელის აღტაცებით რომ შეჰმზეროდნენ სათაყვანებელ რაინდს. ქალიც შუქურს ემსგავსებოდა თვალთა პირველ დაკვრით, იმას აგონებდა ადამიანს, თუმცა თითონ შუქური კი არ იყო ის, თუ ახლო გასინჯავდი სურათს დაკვირვებით. მთელი ნახატი მოძრაობით იყო სავსე, თითქმის სიცოცხლით. ძალიან იამა აშოტს, რომ უმთავრეს მომქმედ პირთა სახით თითონ და მისი სატრფო ამოექარგნა ხელოვანს, თუმცა ამის დაბეჯითებით თქმა მაინც არავის შეეძლო. დაუმადლა მწირს, მეფურად დაასაჩუქრა. უბრძანა, ყოველსავე გასაჭირში თუ სათხოვარში პარდაპირ მიემართნა მისთვის. 66 მდიდრად მორთულ საწოლ ოთახს მქრალად ანათებდა ვერცხლის მაშხალაზედ მდგარი ერთადერთი ჭრაქი. სუნნელოვან ზეთს ჰაერი შეეთბო მათრობელი სიტკბოთი. ალი ოდნავ ირხეოდა, აქანებდა ოთახში ჩრდილებს. დედოფალი ჩაწოლილიყო. აშოტი, თავისუფალ ტანსაცმელით მოსილი, ტახტის ბოლოზედ ჩამომჯდარიყო, ქალის ფერხთით. ბოროტად აღელვებული ქალი შფოთავდა საბნის ქვეშ, მჭახედ ამბობდა, მოუსვენრად ინძრეოდა, ხელ-ფეხს აწყვეტდა. შრიალი არ გაჰქონდა ბუმბულივით ლბილ ლოგინს. ალეწილ სახეზედ დედოფლისა ბოროტად ენთო სიძულვილის მსახველი თვალები. ვაჟკაცი უფრო წყნარად იყო. თვალს ადევნებდა ცოლის უნებლიეთ მოძრაობას, ყურს უგდებდა მის თქმას. სიტყვებს კი არა: ზეპირად იცოდა, რას ეტყოდა მას განრისხებული მეუღლე; ის ყურს უგდებდა მის ხმის ბგერას და მიმოხვრას, რომ გაეთვალისწინებინა, რამდენად იყო გურანდუხტ განრისხებული. ითმენდა ვაჟკაცი: სიტყვა მიეცა მას თავის თავისათვის, ბოლომდინ დაეთმინა. იმ ჰაზრით შესულიყო დედოფალთან, იმ ფიქრით მიახლოებოდა სარეცელს თანამემცხედრისა, რომ როგორმე მოელბო მეტის მეტად გამეხებული მისი გული; შეეგნებინებინა, რომ მის სიმკაცრეს ვერ შეეძლო უარი ეთქმევინებინა იმაზედ, ვინ სიცოცხლეზედაც უძვირფასესი შექმნილიყო მისთვის. უნდოდა ბოდიში მოეთხოვნა თვისგან უნებლიეთ შეურაცხყოფილ მეუღლის წინაშე, აღეთქვა მისთვის ყოველივე მსხვერპლი, გარდა შუქურის მოშორებისა: შეჰვედრებოდა, დაეთმო ეს ცოდვა მისთვის, თუ ცოდვად მიიჩნეოდა ორმხრივი სიყვარული ესეთი დიდი; შეჰრიგებოდა ვაჟკაცის ამ ვნებულ მისწრაფებას. ამისათვის ითმენდა აშოტი მეუღლისაგან შეურაცხყოფას. ამისათვის ისმოდა მუდარა უმწეო მის ხმაში. - რას გიშლის ის საწყალი ქალი. შენი მოახლეა, შენი მხეველი, შენად სამსახურად დადგინებული. შენ არ იცი, რა დიდს პატივსა გცემს იგი შენ? - დიდს პატივსა მცემს?! ოჯახს მირღვევს, საიდუმლოს ქორწინებისას ჰბღალავს, საგმობლადა მდებს მთელის ქვეყნის წინ და დიდ პატივსა მცემს?! იქნება მე მხოლოდ დედოფალი ვარ, ხოლო ის შენი თანამემცხედრე ნაკურთხი? - დედოფალი გვირგვინოსანი, თანამემცხედრე ეკლესიისაგან მოცემული. დედა შვილთა ჩემთა! ვერავინ შეგეცილოს შენ ამაში ვერასოდეს! მაგრამ... სუსტია გული კაცისა, თუნდაც შემმართებელის ვაჟკაცისა: იგი მორჩილი მონაა მისთვის აღმოცენებულის ტრფობის ყვავილისა, ძლიერად მიმზიდველის სიყვარულის ყვავილისა. ვერ ძალმიძს განვეშორო მას! - მთლად დაჰკარგე სირცხვილი, კდემა! რა გნებავს ახლა? - მსურს დასთმო ეს ჩემი სისუსტე და მიმსახურო მეფე ძლიერი, მამა მზრუნველი შენის შვილებისა. - როგორ თუ დავთმო? - ისე, ვით დასთმო მეუღლემ მეფის დავითისა, როცა იმან მიიყვანა სამეფო პალატაში ბერსაბე, დედა სოლომონისა; როგორც დასთმეს სოლომან ბრძნის მეუღლეებმა, როცა მან მუხლი მოიდრიკა წინაშე მშვენიერის სულამიტასი; როგორც დასთმეს მაჰმადის მეუღლეებმა, როდესაც ის ჭაბუკის ეშხით ეტრფიალა მისთვის ფასდაუდებელი აეშას. - როგორც მაჰმადის მეუღლეებმა?! ნუთუ განრისხდა ღმერთი და უარჰყავ ჯვარი ქრისტესი, მიიდრიკე აგარიანთა სჯულისადმი უსჯულოისა. ჭეშმარატად წარმოშობილია მეძავი იგი ძალთაგან ჯოჯოხეთისა ცდუნებად შენდა, დარღვევად, ჩვენის სჯულისა!... იგი მეძავი თვით ეშმა არის ძალთა მიერ ბელზებელისა მძლედ შემოსილი!.. განვედი ჩემგან, კაცო ბოროტო!. განვიდა მისგან მეფე მვედრებელი, განეშორა სამუდამოდ თავის მეუღლეს, ეკლესიისაგან განუყრელად შეკავშირებულს თავის თანამემცხედრეს. ბოროტით აღივსო სული ვაჟკაცისა გურანდუხტისადმი, მკაცრ სიძულვილით; გაიყინა დედოფლისათვის გრძნობათა შესაკრებელი მეფისა, მთლადაც გაქვავდა. აშოტის ბუნება აწ განუყრელად შეუერთდა შუქურს სპეტაკსა, სხივთაგან შეთხზილ მის არსებასა. ეხლა აღარ ეკრძალებოდა მეფე არავის, არ ჰფარავდა თავის კავშირს სხვათაგან გმობილს; ცხადად ეტრფიალა აწ იგი შუქურს. რაღა გასდრეკდა მიჯნურს გატაცებულს, რაღა შეაკრთობდა ბუმბერაზს აღტაცებულს? არა, ზრდილობის სამზღვარს კი არ გადადიოდა მეფე-მიჯნური, გარეგან სახეს კეთილ ქცევისას. უარყოფილი მეუღლე მისი ისევ დედოფალი იყო დიდებული, ხოლო შუქური ერთი ქალთაგანი მსახური სასახლეში; გურანდუხტ ისევ პატივსადები დედა იყო უფლისწულებისა, პირველი მანდილოსანი სამფლობელოში, ხოლო ბუნებით დედობისაგან აწ უარყოფილი. შუქური მხოლოდ ქალი იყო აშოტისაგან სათაყვანებელი, მის პირად განცდათა დედოფალი და მფლობელი, მის სიამეთა ჭურჭელი უშრეტელი. ახ, ძლიერ ნაზად ნაგები ჭურჭელი, მჭვირვალე რამ ნივთიერებისაგან შექმნილი. ერთი უხეში შეხება და დაიმსხვრეოდა იგი ძვირფასი, დაილეწებოდა, გამტვერდებოდა. გარემოსდგომოდნენ მას ბევრეულნი სამტროდ, დასათრგუნად, შესამუსრავად. რა დაიფარავდა უმწეოს მოძულეთაგან მისთა. ისართაგან სიბნელეში მისკენ სრეულთა, ლახვართაგან მის გულისაკენ იდუმალ გაწვდილთა, წყევათაგან მისდამი კვამლად, მიმართულთა?! ვინ ჰყვანდა მაშველი თუ ხელის ამბყრობი, ვინ უვიოდა დარაჯად მის უმწეო გულკეთილობას?! არავინ, სრულიად არავინ, გარდა აშოტ საყვარელისა! და შეებრალა ვაჟკაცს ქალი უმწეო, მტერთა და მოშურნეთაგან გარემოცული; გრძნობა აუდუღდა ისეც მისთვის გულმხურვალესა; თან შიში იგრძნო ქალის შესახებ, მძიმე რამ მომავალი განუჭვრეტელი, ბნელად მოდებული. თუ უბედურობა შეემთხვეოდა ქალს, ეს ხომ მისი ბრალი იქმნებოდა, მეფე აშოტისა, რადგან შუქური მან გაიტაცა ამ სახიფათო გზაზედ, მან წაართვა ქალს გული და გაიტანა მგესლავებით სავსე ალაგას. - იცი, სიცოცხლევ, ძვირფასი რამ ხარ ჩემთვის, იმისთვის მეშინიან შენ შესახებ, დიდი რამ შიში მიბყრობს. ძრწოლა განუსაზღვრელი, ჩემთვის თითქმის შეუმართებელ-უძლეველი. - გეშინიან შენ, მარავალჯერ სიკვდილის პირისპირ მხილველო?! გეშინიან შენ, უშიშარო?! - არა ჩემი სიცოცხლის გამო! აქ არ ვიცი შიშნეულობა. იმასა ვფიქრობ, არაფერი აგვიტეხონ მოშურნეებმა. - რა უშავს, ჩემო ხელმწიფევ! მე სრულებით არ მაფიქრებს ეგ: თუ ავი შემემთხვა შენის გულისათვის, თუნდაც სიკვდილი, საამო იქნება ის ჩემთვის, სასიქადულო. თავსამც შემოგევლების შენი შუქური. - მე ხომ საბრალო შევიქმნები უშენოდ, გაუხარებელი, სიცოცხლე მობეზრებული. მზის შუქი ლახვრად დამესვება გულს შუქურის დამკარგავს; მთვარის შარავანდედი ბნელ საბურველად მოედება ჩემს სულს, შენს შუქს მოკლებულს; ვარსკვლავთ ციაგი არსებას ჩამიბნელებს შენგან მოწყვეტილს. აღარად ვევარგები უშენოდ: უსულო როგორღა გამოვსდგები ან რიღასთვისა, ჩემო სულისდგმავ! - ახ! რად გეკეთე ეგრე მეტად, ვაჟკაცო ჩემო. ტრფიალის ნაცვლად რა შემოგძღვნა საწყალობელმა?! სიცოცხლე დავსდვა შენ საამოდ, სული გავსწირო! - ამბობენ, ქალ-ვაჟი წყვილად შეიქმნებიანო განგებისაგან ერთმანეთისათვის, მხოლოდ ის იშვიათნი იგემებენ უშრეტ სიამეს, ვინც შეჰხვდებიან ერთმანეთს ზღვაში ცხოვრებისა; სხვები დადიან განუჭვრეტელ სიბნელეში მნათობთაგან გაბრწყინებულ დედამიწაზედ. - მართალი იქმნება. რა ბნელი იქმნება უშენოდ ჩემი სიცოცხლე! მთლად ძნელი იქმნება იგი, აუტანელი. - გეთაყვანე, ჩემო ლამაზო! - აშოტ საყვარელო, მითხარ, მანუგეშე: უთქვამთ, ჭეშმარიტი. სიყვარული დაუსრულებელია, ვით ჟამთა დენა: უკვდავიაო, ვით ღმერთი, რომელ არს თვით სიყვარული. თუ ესეა, მაშ იმ ქვეყნადაც გაგრძელდება მიჯნურობა ამ ქვეყნიური, და უფრო ამაღლებულიც, მთლად განწმენდილი, უფრო უტკბესი. - ამაზედ ტკბილი?! უფრო სპეტაკი?!. - ნეტავ ერთად იხოცებოდნენ მოსიყვარულენი! მოვკვდები, სული შეუდგება სავალს დაუსრულებელს. სადღა გიპოვო უსამზღვრო სივრცეში?! გამტანჯავს შორს ყოფნა შენი, მთლად გამაწამებს. მსურს შენი ვიყო მე იმ ქვეყნადაც, შენი სიახლით ნეტარყოფილი მხევალი შენი! - უთხრა ქალმა აღტაცებით და გადაეჭდო ბუმბერაზს, მიეკრა, მიეწება, ყელ-ყურში ჩაუყო სახე, მთლად გადაბურა თმათა ტევრებით. უყვარდა აშოტს ქალის თმის ჩაშლა. ვაჟკაცს მტკიცედ ეჭირა ქალი მძლავრ მკლავებში, როგორც სიცოცხლე უძვირფასესი, ვით ნეტარება მისთვის ხორცსხმული, როგორც სიამე გამოუთქმელი. იკრავდა იგი ქალს მძლავრ მკერდში და აღთქმასა სდებდა, არ გაეშვა იგი, არ დაეტოვებინა არასოდეს, არც ამ ქვეყნად, აღარც იმ ქვეყნად. 67 - აშოტ, ჩემო რაინდო, სატრფოვო ჩემო, მეფევ, ძლიერო! ნუ დამიტევებ, ნუ განმეშორები... არ მომაკლო შენი სიყვარული... რა ძნელია ჩემთვის შენი დაშორება!.. - არა! რამ შეგაკრთო? რამ გაფიქრებინა? - მომეჩვენა ბურანში, თითქო შავმა რამ ხელმა, შორით გამოწვდილმა მიბყრო; უფსკრულისაკენ მეზიდებოდა უფსკრულის ნაშობი. იმ ჭვანგებიან ხელის ძლიერებამ შეასუსტა ძალა შენი: ნელ-ნელა იხსნებოდა ჩემს გარშემო რვალის რკალი შენის მკლავისა. სევდა მიხუთავდა გულს. ძრწოლა მომიხდა; ბნელი მფარავდა. ხმა აღარ მქონდა დამეძახნა, მეხმო შენთვისა. გავიბრძოლე. გამოვფხიზლდი. დახე ჭირის ოფლს! - დაიწყნარე გული: ვერც ბრჭყალმა ჯოჯოხეთისამ წარგიტაცოს ჩემგან! დატკბი, უტკბესო გოლეულისა. ჩაეძინათ ნეტართ. ტკბილად განისვენებდა ორი ერთქმნილი. სიყვარულს შეედნო ისინი ერთმანეთისთვის, შეედუღებინა, ერთსულ ექმნა მეფე და მხევალი, ერთ ხორც და ერთ არს. ივსებოდა ბუმბერაზი სიმშვიდით ძლევამმოსილითა: გრძნობათა არეში მთლად კმაყოფილი, ჰაზრთა არეში თავისუფლად შესძლებდა აწ აღმაფრენას, რომ ჭკვიანად განეგო სამეფო თვისი, მყარის გონებით, დინჯად მჭვრეტ ჰაზრით. ნებისყოფა მისი უტეხ ძალას იძენდა ვნებათა მშვიდ აცისკროვნებაში ძლიერებას მეფურს, რომ ურყეველად წარემართნა განგებისაგან მისდა მინდობილი ბედი ქართლისა. შუქურიც ღვივდებოდა და იფურჩქნებოდა მხურვალე მკერდზედ მძლედ მებრძოლისა, მაცოცხლებელ ცეცხლს შეისუნთქავდა მშვენიერი, რომ უხვობით აღევსო სხივოსანი არსება თვისი, სიცოცხლის მომცემელი სითბოთი და ულევ-უშრეტელ მშვენებად მოჰვლინებოდა თვის რაინდს, ვითა მზე დილით მიწყივ ახალი. ეძინათ მიჯნურთ ნეტარის ძილით და ზეცა აკურთხებდა მათ ერთობას სახიერს, მთვარე გულსავსე სდარაჯობდა მათ სიხარულსა, ვარსკვლავნი შორით უღიმოდნენ მათში ნაქვთად ასახულ სიყვარულს უსამზღვროს, დაუსრულებელს, ყოვლად კეთილსა, ყოვლადვე ნეტარს. ბნელიდან კი, შავ-ბნელ ბჭეთაგან ჯოჯოხეთისა, მძიმე ღრუბელი ამოსჩენოდა მათ სავსე ბედნიერებას, გამანადგურებელი წარღვნის ღრუბელი გულშავი. მოშურნე სატანაილის ფრთებად მოსჩანდა კვამლის ღრუბელი საბედისწერო. სად წაუვიდოდა მას თუნდაც ნასახი ნეტარებისა, სიამე უჩრდილო, ღიმილი ვარდისებური? ვერსად! იგი ბოროტება ბნელ კვამლად შენივთებული ყველგან დაჩრდილავდა სიკეთეს ლამაზს, სიამეს სასურველს: იმისთვის იყო იგი ქვესკნელით ამოწვეული, რომ დაეხშო ყველგან ციაგი კეთილობისა, მოესპო ქვეყანაზედ სიყვარული, შუქება იგი ყოვლადსახიერისა. ეძინათ მიჯნურთ, არ ეძინა მიჯნურობის მტერ ბოროტებას, მის უარმყოფელ სიავეს შავსა. თითონ დედოფალი მხოლოდ სწყრებოდა, ბოროტდებოდა, მაგრამ არავითარ საწინააღმღეგო მოქმედებას არ ადგებოდა: თავმოყვარება ნებას არ აძლევდა დიდებულს დახრილიყო თავის მხევლისადმი, ხელი აეკრა მისთვის, გზაზე ჩახერგილისათვის; არც თუ ქოშის წაკვრას კადრულობდა თვისს სავალიდან დაბრკოლების გადასაგდებლად. იქნება შიშიც ჰქონდა გულს ჩასახული, მეფე-მეუღლის წინაშე კრძალვა თუ რიდი. უკვირდა დედოფალს, რომ მისი ქვეშევრდომნი, მისი ესე დიდად თაყვანისმცემელნი თითქო ვერა ჰხედავდნენ, რა უსიამოვნო ყოფაში ჩავარდნილიყო მათი მბრძანებელი, არა სცდილობდნენ, აეშორებინათ მისთვის წყარო ჯავრისა. ჰკვირობდა დედოფალი და ამაყად გაჩერებულიყო. წინათ რომ ამბობდა ამ უსიამოვნო საგანზედ, ეხლა ხმას აღარ იღებდა; ქმარსაც კი აღარას ეუბნებოდა იმ უკანასკნელ მკაცრ კამათის შემდეგ. ჩაკეტილიყო დედოფალი თავის ნიჟარაში და ცივად გამოიყურებოდა იქიდან, ბოროტად, მედგრად. სახის მეტყველებაში თუ შეატყობდა მას მახლობელი, რომ გენია ეგზნო მანდილოსანის ჩაკეტილ გულში, ცეცხლი საშიში. ვინმე გარეშე ამასაც ვერ შეამჩნევდა: ცივად ებყრობოდა დიდებული ადამიანი ყველას, უკიდურესი თავდაჭერით. ეს ხომ ბუნებრივი იყო სვესრულ და ფრიად განდიდებულ დედოფლისათვის. ფარულ ცეცხლს ცხადადა ჰხედავდა მხოლოდ მონაზონი თებრონია, დედოფლის მესაიდუმლოვე. და ცდილობდა ჩაექრო მფარველის გულში ალი შემწველი. - მოისპოს წინააღმდეგი შენი, შემაგინებელი წმიდის ქორწინებისა; აღმოიფხვრას იგი ძირიანად! - არა კაც კლა! - ვიტვირთებ უტვირთებელს სადიდებლად ღვთისა! - მევე მატვირთებ! მის მოსპობაში დაინახავენ ჩემს ხელს დედოფლის მარჯვენას არ შეჰშვენის მხევლის სისხლით შეღებვა. გონებას მისცემოდა დედაბერი, როგორ მოეხერხებინა. მოესპო სამეფო პალატიდან იგი მეძავი, მეფის ძლიერებით შემოზღუდული, არა ჰზოგავდა თავს. სცდიდა საშუალებებს. ამაოდ! ბედი სწყალობდა შუქურს: მის მტერთაგან ნატყორცნი ისარი უხილავ დაბრკოლებას ეხეთქებოდა და უკუსხლტებოდა. დედაბერი მაინც არა სცხრებოდა, ებრძოდა გაბოროტებული მის გულსაყრელად განსახულ ტრფობას. აღუთქვა დედოფალს და თავმოყვარებაც ნებას აღარ აძლევდა გაეცხადებინა თავისი უძლურება; შეურაცხიყოფოდა საიდუმლო ეკლესიური და ვალდებული იყო მონაზონი განემტკიცებინა სჯული ქრისტესი; ირღვევოდა ქრისტიანული ზნე-ჩვეულება, ის კი მხედარი იყო, ქრისტიანული ქცევის დამცველი. გულის სიღრმეში ჰშურდა კიდეც ქალისათვის მიჯნურის ხლება: თითონ რომ ვერ ეწია ოდესღაც ამ სიამეს, მის სულში რომ ამოიშრიტა წყარო იგი ცხოვრებისა მაგრილებელი, მტრად ჩაუდგა გასასტიკებული ყოველგვარ სიამეს ტრფობიდგან ნაშობს. - თუ მოისპობა ქვეყანაზედ მიჯნურობა საოცნებო, აღარ იარსებებს მოქმედი სიყვარულიც, დარჩება მხოლოდ სიძვა ცხოველური მოდგმათა განსაგრძელებლად. - აღმოიფხვრას ყოველი სახე ხორცთა ნდომისა! ითრგუნოს ხორცი, ჭური ცოდვისა აუვსებელი! იხაროს სულმა! ცათა მცხოვრებნი არ განიცდიან ყოფას სამიჯნუროს და ნეტარობენ შემოსილნი ნათლითა ღვთისა. - არ განიცდიან სრულებით ტრფობას? არ არსებობს მათ შორის ნასახიც მიჯნურობისა, თუნდ შორეული შუქი ამ ნათელისა? - არა! - ანგელოსნი მთლად გაძრცვილ არიან ბუნებისაგან ნივთიერისა?! - არა! - მაშ იარსებებს იმათშიც ეს სიყვარული... - არა! - აღდგენილი ხორცი მშვენიერი მოკლებული იქნება ლამაზ თვისებას მიჯნურობისა?! · ოღონდაც! · და მაინც იქ სიამე სრული, ნეტარება ნათელი, სავსება კმაყოფილებისა?! შეუძლებელია... ცდილობდა გულსასტიკი მონაზონი აღმოეფხვრა სამეფო ოჯახში ნასახიც ტრფობისა. - აბა, დედოფალო, დახედე, რა მშვენიერი საკეკლუცოა ეს. - ლამაზია, გემოვნებით ნახელოვნები. ვისია, რომ ეგრე სათუთად შეგიხვევია? - ჰკითხა დედოფალმა. და ხელი შეახო ქალის გულისპირს ლბილი ფარჩისას. ოქრომკედით იყო კუწუბო გამოყვანილი. აქათ-იქით ყლორტებზედ თავდახრილი ყვავილები ოქრომკედითვე. იმისი, იმ მეძავისა! შუქიასი? რად მოგიტანია აქ?! - წარბშესკვნით მიჰმართა დედოფალმა და გადააგდო ხელიდან ფარჩა. ხელმანდილით გაისუფთავა სათუთად შენახული თითები, დროთა მსვლელობით მაინც ანაოჭებული. - იდუმალ წამოვიღე მისგან. ხერთვისს გავგზავნე შესალოცველად ხერთველ დაროსთან. მოგეხსენება, რა ძლიერი მკითხავია. წამალიც მოვატანინე იქიდან. მოეცხება თუ არა ქალს ეს საცხებელი, ვაჟკაცს მგლის სახით მოეჩვენება იგი, სამუდამოდ უარჰყოფს მას. - უარჰყოფს?! - მყისვე, დედოფალო! - ცოდვა რომ არის მარჩიელთან სვლა, მეტადრე შენთვის, სჯულისთვის თავდადებულისა? - თუნდაც წავსწყდე, ოღონდ სჯული არ იქმნას შებღალული. სულს დავსდებ შენთვის და დიდებისათვის ეკლესიისა. მიზანი ჩემის მოქმედებისა - დიდება ღვთისა, კეთილდღეობა ხალხისა. - კეთილდღეობა ერისა? - დიაღ! თუ არ მოისპო მეძავი იგი, დააკნინებს დიდებულ მეფეს, თავის კალთაზედ გამოაბამს მებრძოლ ბუმბერაზს, ვით დალილა ახალი სამფსონს ახალსვე. შეაპარეს შუქურს გულისპირიც, შელოცვილი წამალიც მოტანილი. გულისფანცქალით უცდიდნენ შედეგს. ამაოდ უცდიდნენ: მეფე უფრო თავს ევლებოდა ქალს. ალბად მტრედის სახით აჩვენა იმ წამალმა ქალი, გვრიტის რამ იერით უმანკოისა. ჰკვირობდნენ. გასაკვირველი კი არაფერი იყო: შუქურის სახიერებას თუ გულკეთილობას ყველანი მოეხიბლა მის გარშემო და იმ მოახლემ, რომელიც განაზრახეს ქალის მტრებმა, უკანასკნელ ჟამს გასცა საიდუმლო. დაღონდა შუქური, შეკრთა, შეშინდა. აშოტმაც გაიგო ყოველივე. - წამართმევენ, მომტაცებენ, მოსპობენ! - გაიფიქრა მან და გააძლიერა სიფრთხილე ქალის გარშემო. ეხლა გაძნელდა ვნება, შეუძლებელი შეიქმნა, ფრიად საშიშიც. მეფეს შეეძლო შური ეძია, თუ რამე საფრთხე დაატყდებოდა მის სატრფოს; ხოლო შურისძიება აშოტისა მეხი იყო ზეციური, მედგარი მომსპობელი, მანადგურებელი. 68 როცა ამაოდ დაურჩა თებრონიას ყოველივე თავისი ცდა შუქურის წინააღმდეგ, როცა ნახა მხოლოდ თავისი ძალებით საწადელს ვერ აუსრულებდა დედოფალს, ვერ გამოვიდოდა მძლე მებრძოლად, დამთრგუნველად მეფის სასახლეში მოვლინებულის ცოდვისა, კვლავ მიჰმართა გრიგოლს: მისი ფიქრები ყოველთვინ ამ გულთამხილავთან თავდებოდნენ, მისი ძლიერი გრძნობები მარად ხანძთისაკენ მიისწრაფოდნენ, ნებისყოფა მისი საბოლოოდ გრიგოლის უტეხ სურვილებს ემორჩილებოდა. - მაცალე პასუხი! გითხარ მაშინ, ვიფიქრებ-მეთქი. მაცალე! ვილოცავ, შთამაგონოს ზეცამ თვისი ხმა, ილოცე შენც! ბრძოლა გვიძს ძნელი, მრავლად შეგვხვდების განსაცდელი. ძლიერია მებრძოლი ბნელი. იარე! - უბრძანა ბერმა და განშორდა. ფიქრობდა ბერი. ახალ საშუალებებს არჩევდა, უკეთეს გზას იკვლევდა. იცოდა, თუ ერთხელ დაადგებოდა რომელსამე ბილიკს მოქმედებისას, აღარ შეაყენებდა თავის სვლას, ვეღარსაით შეუხვევდა იგი; ბოლომდის მივიდოდა ან გზაზედ დაიღუპებოდა. არ იყო ისეთი ძალა, შეეყენებინა ის მიზანში ამოღებულ საგნისადმი მსვლელობაში. მაინც ვერ გაბედა ეტვირთნა სამძიმო საქმე მხოლოდ თითონ; გაანდო თავისი სურვილები მოღვაწე სალოსს, რომელი ცხოვრობდა მთლად განდეგილად და დამსახურებული ჰქონდა სახელი წმიდანისა. მოუსმინა დაყუდებულმა, მოუწონა განზრახვა: მაინც ჰკითხა: - ამხილე პირისპირ? განუმარტე სიავე მისი უშვერის ქცევისა? ევედრე, დაეტოვებინა ცოდვა თვისი და შეენანა? - ვამხილე, განვუმარტე მისი მოძღვრის პირით, მაგრამ ამაოდ. - მიდი შენ თითონ! ევედრე ღვთის სახელით. უკეთუ არ მოინანიოს... იყავნ შენდა, ვითარცა წარმართი! დაჰმორჩილდა გრიგოლი, ეახლა მეფეს: ამხილა იგი, მოსთხოვა უკუეგდო საქციელი თვისი ბოროტი. მჭევრმეტყველი იყო გრიგოლ, ოდეს აღიგზნებოდა ცეცხლით ღვთიურით. ააღელვა აშოტი, მეტად ჩააფიქრა, მაგრამ მაინც ვერ შესძლო განეტევებინებინა დედაკაცი იგი: მეფე სავსებით ჰმონებოდა თავის გულისთქმას. მიჰმართა გრიგოლმა თავისგან რჩეულ საშუალებას. მოუწოდა წინამძღვარს დედათა სავანისა. - თებრონიავ, დაო ჩემო სულიერო, მხევალო ეკლესიისავ, რჩეულო! დადგა ჟამი, მოისპოს მრუშობა მეფის სასახლეში, ამოიკვეთოს იგი ძირიანად. დაეხმაროს სავანე შენი ეკლესიას ამ განზრახვაში! - დაეხმარება ღვთით! - შენმა მონასტერმა იტვირთოს მოსპობა იმ ცოდვისა, თავს იდვას მტკიცედ. აცხოვნოს წყმედილი იგი ცხოვარი რჩეული, ან დასდოს თავი სჯულისათვის წმიდისა! - დასდვას თავი სჯულისათვის ტკბილის იესოსი! - გახსოვდეს! დღეს შენა ხარ იგი მონასტერი: იქ უკლებლივ სრულდება ნება შენი; შენ აგებ პასუხს, თუ შეცდომა მოხდა ნატვირთის ასრულებაში ან რყევა რამე განსაცდელის დროს. სასტიკი იქნება განკითხვა შენი! - აჰა, მხევალი მორჩილი წინაშე მეუფისა ყოვლად ძლიერისა! - იყავნ! მისმინე: დიდმარხვაა აწ, ჟამი სინანულისა. მეძავს განუმარტოს ვინმე სანდომ, რომ მან დრო მისცეს მეფეს მარხულობისა და ლოცვისა, რათა ღირს იქმნეს მიიღოს მან წმიდა საიდუმლო; ეს არ ეგების. სინამ გვერდს ახლავს ის აშოტს, ვერ შესძლებს სათანადოდ სიწმიდის დაცვას. - უყვარს აშოტი, იზრუნებს მის სულზედ. მე თითონ ვიდებ თავს მაგ დავალებას. - განუმარტე, რომ მეომარი კაცია, შემმართებელი და ვინ იცის, რა ჟამს, რა ადგილას მოელის განსაცდელი; ყოველ ჟამს მზად უნდა იყოს წარსდგეს სამსჯავროსა მას ზეშთა მეუფისა. ხომ მორწმუნეა ქალი? - გარეგან სახით კეთილმორწმუნეა იგი ეშმაკეული და სათნო. - უთხარ თითონაც უჯობს შეემზადოს, განიწმიდოს ცოდვათაგან აღსარებით და მიიღოს წმიდა საიდუმლო. აშოტისათვისაც, მისთვისაც სარგო იქნება განმარტოვება მცირედ ხანს. მიჰხარე მისი ჰაზრი ამ სავალისკენ. იყავ მონასტერში, არ მოჰშორდე მის ბჭეს. რა გიხმო, ისწრაფე! დედაბერს ცნობისმოყვარეობა აღეძრა და კიდევ ჩაეკითხა ამის შესახებ. სდუმდა მოღვაწე ჩაფიქრებული. მიჰმართა ბოლოს: - იცის ქალმა რომ შენ მოაწყე მკითხავისაგან წამლის მოტანა? - არა! სხვის ხელით მოვაგვარე ყველაფერი, სხვის პირით. დედოფლის მეტმა, არავინ იცის, რომ მე ვმოქმედობდი, - მიუგო მონაზონმა და კითხვით მიაბყრო გრიგოლს თვალები: ელოდდა მისგან რამ განმარტებას. ამაოდ ელოდდა: სდუმდა ბერი თავდახრილი. თებრონიას ტყუილად ეგონა, რომ მისი განზრახვა არავინ იცოდა, მის მოქმედებას არავინ ადევნებდა თვალს. იქვე, მის მონასტერში, იყო დათაგანი, მისგანვე მიჩნეულ-პატივცემული, რომელიც სრულებით არ იზიარებდა თებრონიას სიძულვილს შუქურისადმი, ხოლო მის კავშირს მეფესთან მსუბუქ თუ ლამაზ ცოდვადა სთვლიდა, რომელს უთუოდ აპატიებდა ღმერთი სახიერი. ესე მსჯელობდა დაი თემისტო იმისთვის კი არა, რომ მრუშობა არ მიაჩნდა მძიმე ცოდვად; იმიტომ, რომ მოხიბლული იყო შუქურის სიმშვენივრით თუ სათნო ბუნებით; მიხვედრილიყო კიდეც, ალღოთი შეეგნო, რომ იგი კავშირი მხოლოდ გარეგანი სახით ემსგავსებოდა მრუშობას, ეკლესიისაგან დასტურ დაურთავი, თვისი ბუნებით კი ტრფობა იყო ნამდვილ მზიური, რომელი თავისთავად არის დალოცვილი, რომელს არ ესაჭიროება კურთხევა სხვისი. ვერ შეეძლო წარმოედგინა, რომ ის წყნარი ქალი ყოვლად კეთილი იქმნებოდა ეშმაკისაგან ანაზრზენი ჭური ცოდვისა, ვერ შეჰრიგებოდა ამ ჰაზრს. ყოველ ნახვაზედ რწმუნდებოდა, რა უმანკო იყო შუქური, ვით ქალწული უბიწო: ცოდვა ვერ ამღვრევდა მის ფაქიზ სულს სახიერს, ცოდვის ისარი განხურვებული სხლტებოდა მის ბროლივით გამჭვირვალე არსებაზედ, იტყორცნებოდა. რჩებოდა ქალი მარად უებრო. შეჰყვარებოდა თემისტოს შუქური იშვიათი ტრფიალით ქალისა ქალისადმი და მზა იყო ეხსნა იგი ყოვლისაგან ბოროტისა. იგრძნო თემისტოს გულმა, რა ავად აღგზნებულიყო თებრონია ქალის წინააღმდეგ და თვალს ადევნებდა ყოველ მის მოძრაობას განწირულის წინააღმდეგ. მონაზონმა ყველაფერი იცოდა, რაც ხდებოდა შუქურის გალიაკში იმ მოახლისაგან, რომელი მოხიბლული იყო შუქურისაგანვე და რომელმაც ამცნო ქალს წამლისა და მკითხაობის ამბავი. ჰპოვა გრიგოლმა ჟამი მარჯვე, ოდეს აშოტი შორს იყო; წავიდა იგი შატბერდით არტანუჯს და მიიწია მიმწუხრს ძირსა ციხისასა. შეუთვალა შუქურს: - დავიღამე აქ, წარმომიგზავნე სანოვაგე მცირედი ჩემთვის და ჩემ თანამგზავრ წმიდა მამათათვის. შუქურმა სიამოვნებით გაუგზავნა საზრდო მრავალფერი. იწვია მოღვაწენი. გრიგოლი არ ავიდა სასახლეში, ღამე იქ გაატარა, ციხის მახლობლად. გათენდა. მიუგზავნა შუქურს კაცი; სთხოვა, მისულიყო მის სანახავად. სიხარულით დაჰმორჩილდა ქალი, მსწრაფლ მივიდა წმიდისა მისთანა ორითა მხევალითა თვისითა: უხაროდა ლოცვა-კურთხევის მიღება ღირსისაგან. გრიგოლმა არ აკურთხა ქალი, ჯვარი არ გადაჰსახა მას. უბრძანა განშორებულად დაჯდომა. თვის მოწაფეებს და მსახურ ქალებს ანიშნა, შორს გამდგარიყვნენ. მყისვე განშორდნენ, რამეთუ წმიდისა მის შიში ყოველთა ზედა მოვლენილ იყო. უთხრა ნეტარმან გრიგოლ: - საწყალობელო, რისთვის ჩაჭრილხარ ცოლ-ქმართა შორის ბოროტითა მით ცოდვითა, რომლითა დამონებულ ხარ ეშმაკის მიერ? საფრთხედა ქმნილ ხარ სახელმწიფოსათვის! მიუგო ქალმა: - წმიდაო მღვთისაო! თავსა ზედან ჩემსა ვერ თავისუფალ ვარ: გარდარეული სიყვარული აქვს ჩემ მომართ მეფეს. აწ არ ვიცი, რა ვყო: ბრძანებამან შენმან შემაძრწუნა ფრიად. - იქმენ სრულიად მორჩილი ჩემი! თავდებ გექმნე ქრისტეს წინაშე, მან, თავადმან, შეგინდნეს ბრალი. - ხელთა შენთა ვარ, წმიდაო მამაო! უმჯობესი სულისა ჩემისა იზრუნე. ჯვარი გადაჰსახა წმიდანმა, აკურთხა ლოცვითა, შეჭურვა მადლითა; მისცა თვისთა ხამლთა საბელი, რათა სარტყლად შეირტყას იგი. ჰყო მან ეგრეთ. უბრძანა ნეტარმან: - დღეს იქმნების ცხოვრება სულისა შენისა. სანატრელისა დედისა თებრონიას წინაშე მიგიყვანო შენ. წარემართე და ვიდოდე წინაშე ჩემსა! გაემართა შუქური. დაბრუნდნენ მხევალნი. შეუგნებლად მიდიოდა ქალი, თავის თავისადმი ანგარიშმიუცემლად. ემორჩილებოდა ბრძანებას ბერისას, მის თვალთაგან გადმომჩქეფარ ძალას ალივით ამწველს, რომელმან დაბუგა შუქურის ნებისყოფა და მთლად დაიმონა იგი. მიდიოდა ქალი, ვითარცა კრავი მსხვერპლად განწირული; ვიდოდა უთქმელად, შეუბრძოლებლად... - ნუ მიხვალ, შუქურ! შესდექ, იყოვნე! გაიხსენე, ბედშავო მიჯნურის სახე, აშოტის ხვეწნა. ნუ მიხვალ, შუქურ!.. - ახ, ვერ გავაგონე, ვერ შევასმინე! ძლიერ შორს ვიყავ, მრავალ საუკუნეთა მანძილით დაშორებული... მიდიოდა ქალი. რაც უფრო ჰშორდებოდა ციხე-პალატთა, ეწმიდებოდა ბურუსი გონების თვალთაგან, უნათდებოდა ჰაზრი ჩაბნელებული; ფხიზლდებოდა ნებისყოფა მიძინებული. აჩნდა გრძნობათა სარკეში სახე აშოტისა. შეკრთა ქალი. დავედრებული ჰქონდა, არავისთვის დაეჯერებინა სიტყვა, არავის რჩევაზედ არ გაეარნა, სინამ თვით აშოტს არ დაეკითხებოდა; მეტადრე გაჰფრთხილებოდა სასახლიდან წასვლას, თუნდაც ქალაქში ჩასვლას სამეზობლოდ. - მივდივარ, ჩემო ყველავ, და გევედრები, ფრთხილად იყავი, არავის დაენდო: ბევრი მტერი გვახვევია გარს, ავის მსურველი; ხიფათს შეგამთხვევენ და დაგღუპავენ. შენთან, იცი შენ, დავიღუპები მეც: ვერ გავსძლებ უშენოდ. - ავასრულებ, რაინდო ჩემო, ყოველ შენს სიტყვას. ძალიან კი დავღონდები უშენოდ, დავიჩაგრები. მეტად სწუხს გული ჩემი საწყალობელი, სევდა შემოსწოლია მძიმე, ჩაბნელებულია სული ჩემი შენთან გაყრისას. - ნუ ნაღვლობ! გიბრძანებ, უკლებლივ აასრულო ჩემი სურვილი! მეფე გიბრძანებს, მიჯნური შენი. აჰა ბეჭედიც, მამტკიცებელი ჩემის სურვილის, კოცნაი ჩემი! - უთხრა ვაჟკაცმა და უკანასკნელად აღბეჭდა კოცნა მის თეთრ ლოყაზედ სწორედ იქ, სად ვარდი გაშლილიყო ღია წითელი. 69 გაიარეს კიდევ და მიეფარა სასახლე მათგან. ეხლა მთლად გამოფხიზლდა ქალი. მიავლ-მოავლო თვალი იქაურობას და შეკრთა, შეშინდა: დედათ სავანესაკენ წარემართა გზა. მაინც მიდიოდა. მისდევდა ბერი, მისდევნიდა კრავს სამსხვერპლოსაკენ. იქ შეიწირვიდა მოღიმარე სიცოცხლე მისი, იქ ჩაილეწებოდა მაშრაფა იგი კეთილქმნილი, ყვავილი სარგველად სათუთად შემზადებული, უძვირფასესად მოხატული ხელოვანისაგან. - რადაო? რისთვის? - იმად, რომ იგი მშვენიერი სიხარულს ამრავლებდა ქვეყნიერებაზედ, ღიმილს სიამისას; ქვეყანა კი უნდა სტიროდეს ცოდვათა სიმძიმით მთხრებლს ჩათხეული. - ეს ბერიც წმიდა, მონასტერში დავანებული მონაზონებიც მოძულენი არიან ჩემი და მისი, მტერნი არიან ჩვენის ერთობის, ჩემის და აშოტის კავშირისა; ცოდვად მიაჩნიათ სიყვარული, მანქანებად მავნე სულისა, და, ვინ იცის, რა ბოროტი მომევლინოს მათ ხელში, რა იწროება თუ ტანჯვა. ერთი კვირა დარჩებიო, ვაი თუ იგი კვირა თვედ გადაიქცეს, უფროც გაგრძელდეს. როგორ გავძლებ?! როგორ გასძლებს აშოტი ჩემი?! ცეცხლში ვიქნები უალოდ მწველში. არა არ შეიძლება ჩემი იქ წასვლა! - ფიქრობდა ქალი. მაინც მიდიოდა წინ. მისდევდა ბერი მსხვერპლად განწირულ სიმშვენიერესა, თვალნი მიებყრო მიმავალ ლელწამტანისთვის. ვერა ჰხედავდა იგი სიმშვენივრეს, სრულებით ვეღარ არჩევდა სილამაზეს ღვთის ქმნილებისას. იგი ჰხედავდა თვის წინ მიმავალ ეშმაკეულს, ცოდვათაგან შეთხზილ მრუშობის ჭურჭელს. თვით სატანასა ჰხედავდა მწირი სიმშვენიერედ განსახებულსა და მისდევდა მას ფეხდაფეხ, როგორც მხედარი ძლევამოსილი მტერს ტყვედ აყვანილს. საბელიც ერტყა მისგან მონებულს, მისგან შემბული თოკი უწყვეტი, რომლის წვერი უხილავად თვით ებყრა ხელში. ქალის გამოფხიზლება, მისი ნებისყოფის გაბრძოლება მაშინვე იგრძნო გრიგოლმა, კიდეც დაინახა: ყელი მოიღერა შუქურმა, უკლო სვლას, შეარყია ნაბიჯის სიმტკიცე. გასწორდა ბერი წელში, მიაპყრო თავის მსხვერპლს თვალი მბასრავი. - სჯობდა, მამაო წმიდაო, მოგვეცადა, მოსულიყო მეფე. - რად? - ნაბრძანები მაქვს, არსად წავიდე სასახლიდან. ეჭვს შეიტანს ჩემს მორჩილებაში; ეწყინება, გაწყრება - სთქვა ქალმა და უნებლიეთ ხელი მოისვა იმ ადგილას ლოყაზედ, სად კოცნით იყო აღბეჭდილი მისი ბრძანება, უკანასკნელი მუდარა თავდადებული მიჯნურისა. ბერმა ლახვარივით დაასვა ქალს თვალთა ისარი და უბრძანა რიხიანად: - იარე, მხევალო ღვთისაო! შეკრთა ქალი. ისევ გადატყდა მისი ნებისყოფა. ემონა ბრძანებას, განაგრძო გზა. მიჰყვებოდა ბერი უკან. თანდათან დაღუნა მან თავი, წელში მოიხარა; თითქო წელთა სიგრძე დააწვა მას ტვირთად რამ მძიმედ. ფიქრებს მიეცა უნებლიეთ, წარსულთა მოგონებას. გაახსენდა თავისი სიჭაბუკე. თვალთ წინ წარმოუდგა ახლად მოწიფული თებრონია, შველივით მალხაზი, გველივით მოქნილი ქალწული, რომელი მზა იყო ეშხის სხივად შემოჰხვევ-შემორტყმოდა მას, თავს შემოვლებოდა ხორცსხმულ ალერსად, სიამეთა ნავით გარდაეტარებინა ცხოვრების ზღვა დაუდგრომელი, აღყვავებულ წალკოტად ექცია ყოფის სიმძიმე შხამმორეული. შუქურის სახემ, მისმა სიტყვებმა ცხადად წარმოუყენეს მას გონების თვალთ წინ ის ვარდობის დრო, როდესაც მისკენაც იყო გაწვდილი ფიალა. სიხარულისა პირთამდინ სავსე. ხელი აჰკრა მაშინ მისდამი მიწოდებულს თასს ბედნიერებისა, დაანთხია ნექტარი მაცოცხლებელი, დაღვარა იგი თვისთვისაც და იმისთვისაც, მიწას გარია. უარჰყო მაშინ ნეტარება ქვეყნიური, დაშალა მაშინ ნივთიერი სავსება თვისი და სხვისი... კეთილ ჰქმნა იგი? იქნება მით შეამცირა ქვეყანაზედ სიხარული თუნდ ერთის ქრთილით და უნებლიეთ მეტი გზა მისცა მწუხარებას ბნელს. ქვეყანა ისეც ბნელთა სამფლობელოა, სოფელი ისეც შემძიმებულა ბოროტისაგან, მუქად მოსილი. და თვალწინ წარმოუდგა ბერს აწ თალხებში მჯდომი თებრონია, რომელი ალბათ უკვე იგრძნობდა მის მიახლებას, მისკენ სვლას გამარჯვებულის წმიდანისას, რომელი არგნით მისდევდა სჯულის მრყევ მეძავს, სიმშვენივრეს ეშმაკეულს, თვით ეშმას ხორცსხმულს, ლამაზის სახით მოვლინებულს; ეჰ, მაინც მშვენიერს! და ეხლა არც თუ ისე მიმზიდველი ეჩვენა ბერს სასტიკი მოლოზანი, ღვთაებრივი რამ შურით თვალებამომწვარ-ამოშრეტილი, ლამაზ ტრფობით აღვივებულ იმ თებრონიასთან შედარებით. - განვედ ჩემგან, მაცთურო ბოროტო! განმერიდე, შთაგონებავ მავნე სულისა! ჭეშმარიტად თვით ეშმაკია მეძავი ესე მშვენიერად მოჩვენებული! - შერისხა ბერმა ამაო მოგონებათა მიზეზი. და შესდგა. მიმართა ქალს: - შვილო ჩემო სულიერო! ჟამია, ვყოთ ლოცვა: მიახლებული ვართ სავანესა წმიდასა, ჯერ არს აღვავლინოთ გულნი ჩვენნი წანაშე ზეშთა მეუფისა! გაახშირა მწირმა პირჯვარის წერა და მეტანია. წარსთქვა ლოცვები. ქალი იდგა ქანდაკებასავით ჰაზრებმიმქრალი, გრძნობაჩახშული, ნებისყოფა ჩატეხილი-ჩამსხვრეული. იდგა უძრავად ქალი, რადგან ჯერ არ განაგრძობდა გზას მისი მბრძანებელი საკვირველთმოქმედი. - იარე! - გაემართნენ უჩუმრად, პირდაპირ შეურხეველ-შეურყეველის ნაბიჯით. დედათა მონასტერს უკვე ეგრძნო საკვირველ სტუმართა მოახლოება. - დაო ირინე! მიხედ-მოხედე მანდაურობას, ოსტინგი განამზად-დაასუფთავე: მომავალს მეუბნება, თითქო ძლიერი ძალის მექონი ვინმე მოახლებია ჩვენს სავანეს, სტუმარი დიდებული. - მეც ამითამაშდა თვალი, მაგრამ ვერ გავბედე თქმა, არ შემრისხოს-მეთქი მისნობისათვის. - გულმაც მიგრძნო: შორეულმა ძალამ ამიღელვა გრძნობა, გზისაკენ მიჰმართა ჩემი თვალები. - იქნება წინათგრძნობა თუ მომავლის ნიშნები ხანდისხან ცრუმორწმუნება არ იყოს, იქნება ადამიანის სული უფრო შორსა სჭვრეტდეს, სინამ მისი თვალი თუ ყური. - ვინ იცის! დიდ არს განგება უფლისა და მიუწდომელ. ამ ლაპარაკში იყვნენ მონაზონები, როცა ჭისკრიდან შემოირბინა მორჩილმა გოგომ და დაიძახა: - გრიგოლი მოდის, ღირსი მამა ჩვენი გრიგოლი! - გრიგოლი?! - დიაღ! წინ ვიღაც ქალი მოუძღვის. მშვენივრად აცვია. წუღები და კაბის კალთები კი სულ დამტვრიანებია. გზაზედ დავინახე და მაშინვე გამოვიქეცი აქათ. მონასტრის ეზოში ჩოჩქოლი შეიქმნა, მითქმა-მოთქმა, ერთმანეთის ძახილი. დაჰკრეს ძელს, დარეკეს. შეიკრიბნენ დები სავანისა. გაემართნენ კარებისაკენ თებრონიას წინამძღვრობით. საკვირველი სანახაობა წარმოუდგათ თვალწინ: ფეხით მოდიოდა მდიდრად ჩაცმული ქალი; უკან გრიგოლი მოსდევდა არგნით ხელში. მოხრილიყო ბერი, უძლური რამ მოხუცის სახე მიეღო. ქალი, წელში გამართული მოაბიჯებდა, მისი სახე უძრავი იყო, თითქო უსისხლო; ხედვის ისარი ერთს წერტილზედა ჰქონდა მიბყრობილი, გაყინული, უაზროდ გარინდებული. - დაიცათ, შესდექით! შუქურია ეს, მეძავი მეფის მხიბლავი, ბრძანა თებრონიამ და წანვლო წინ, მიწამდინ თავი დაუკრა წმიდანს, ხელს ემთხვია მას. მიესალმა ქალსაც; შეიცოდა, რომ დაღლილიყო გზაზედ. შუქურმა ხმა ვერ გასცა, თითქო ეძინა თვალხილულსა. - იღვაწე ესე ჯერისაებრ! კეთილად დაიფარე დედაკაცი ესე. მტკიცედ დაიცევ საფარვლისა ქვეშე წმიდისა ამის სავანისასა, რა ჟამს ძიება ჰყოს მეფემან აშოტ. იტვირთე! თებრონიამ ხელი უბყრა შუქურს, შეიყვანა მონასტერში; ჩააბარა სხვას; თითონ გამობრუნდა გრიგოლთან. დაიხშო კარი შუქურისადმი მიჩენილის სენაკისა. დაიხშო ბჭე ცხოვრებისა სიცოცხლის ასაყვავებლად მოვლინებულ ქმნილებისათვის. იქ, იმ მონასტერში, უნდა მოენანნა შუქურს თვისი ცოდვა მომაკვდინებელი. და რა ცოდვა ჰქონდა ამ ღვთის შვილს გულწრფელს, ყოვლადსახიერს?! მშვენიერ ყვავილად რომ დაებადნა იგი შემომქმედს, თვალთა სასიამო ქმნილებად სათაყვანებლად, ეს იყო ბოროტება შუქურისა; მისი სიკეკლუცე ხორციელი, მისი სინარნარე თანდაყოლილი, სიმშვიდე თუ მოსიყვარულე გული ყოვლად კეთილი, რომ უძლევლად იზიდავდნენ მისკენ ბუმბერაზ მეფეს საქართველოსას, ეს იყო ცოდვა მისი შეუნდობელი. თითონაც რომ გაებედნა შუქურს და შეჰყვარებოდა დიდი აშოტი, თავისი ქალობა რომ ფიანდაზად დაეფინა მისთვის სამუდამოდ. მის გასახაროდ, მის სანუგეშოდ, ეს იყო ის დიდი შეცოდება, რომელი თურმე ვერ ეპატიებოდა მას ვერც ამ ქვეყნად, ვერც თუ იმ ქვეყნად. - ქვა უნდა დაჰკრიბო მასზედ, უნდა ჩაქოლო მეძავი ბილწი! - რადა? მისთვის, რომ თვით მშვენივრებაა ხორცსხმული, თვით ტრფიალება ცხადად სახული? მისთვის, რომ ამრავლებს ქვეყანაზედ სიმშვენივრეს და სიყვარულსა? - ყალბსა სიყვარულს ეშმაკეულსა, სიმშვენივრესა სატანასებურს, ხორცთა ამაზრზენს, ვნებათა ჩანმთქმელს. - სიყვარული ეშმაკეული; სიმშვენივრე სატანასებური! ნუთუ შემომქმედს, თვით უხრწნელ სიმშვენივრეს, თვით სიყვარულს შემოუწერელს, მოსტაცა ბნელმა ნაწილნი ნათელისა?! იქნება ჭეშმარიტებაც წარსტაცა ბნელმან მას, ყოვლად ჭეშმარიტს?! მე კი ვგონებდი: სიმშვენივრე, სიყვარული, ჭეშმარიტება ნაწილნი არიან უსამზღვროის მის ნათელისა, ქვეყანაზედ ჩვენდა სანუგეშოდ ცხადქმნილ-მოვლინებულნი. - იყუჩე! სატანაილი დაჰხრის შენს ჰაზრს გარესკნელისკენ, განგცდის შენ ეშმაი ბილწი განცდით ძლიერით!


64

- რად, აძახებენ ყვირო-სტვირს? სწვრთიდა ბერი მებრძოლი თავის თავს. მოფიქრებას ურჩევდა, დაყოვნებას და დროს შერჩევას, რომ მძლავრი ყოფილიყო შემართება მისი, მთლად გადამწყვეტი. გარემოებები კი აღარ ჰყოვნიდნენ, ბრძოლას აჩქარებდნენ, მოუთმენლობის ნიშნებს ცხადად იჩენდნენ. დედოფალი აღარა სცხრებოდა, ძლიერ ღელავღა რახან ერთხელ გადმოლახა ზღუდე თავდაცულობისა თუ მოთმინებისა, ვეღარ შეიმაგრა ღვარი მღელვარე გულისთქმისა და თვის მოქმედებით არღვევდა ოჯახის გარეგან სახესაც, არყევდა სამეფო კერას. ლამის საქვეყნოდ გამოეტანა ცოდვა გვირგვინოსნისა, ხალხთა შორის იგავად დაედვა ბოროტება კერძო; ლამის ამღვრეულ ღვარად გარს მოედინა ცხებულისათვის პირადი ცოდვა, რომ მოეშთო სასიქადულო ვაჟკაცი მის მღელვარე ტალღებში. ძლიერ აჩქარებდა გურანდუხტ მოქმედების განვითარებას, იმუქრებოდა. - უარვყობ ყველას: უარმყო ყველამ, ზნეობის მცველმა ეკლესიამაც! - იტყოდა წამისწამს. დედოფალის მღელვარება აზვირთებდა თებრონიას ნებისყოფას და ისიც ისწრაფიდა დაერღვია თუ დაენთქა ცდუნება იგი ეშმაკისა, აღმოცენებული მეფის პალატში თვალთწარმტაც რამ ყვავილად ნაზად, გარნა შხამის მფშვინავად. გესლის მცვარველად, ძალას ატანდა დედაბერი განდეგილსაც; ძლივსღა უმაგრდებოდა ის დედაკაცის შთაგონებას უწყვეტს, დაჟინებულს, სასტიკად ასისინებულს, მაინც ჰყოვნიდა, მტკიცედ იდგა თავის ჰაზრებზედ. ისიც აყოვნებდა განდეგილს, რომ ჯერ თვისი ძალა ძლიერი არ ეცადნა ბუმბერაზ მებრძოლთან შემართებით საომარ ასპარეზზედ. ეძიებდა რაინდი ქრისტესი შემთხვევას, ეჩვენებინა მეფისათვის უნარი თვისი და გაესინჯნა მებრძოლი მარჯვენაც მეტოქე გოლიათისა. მოხდა ესეთი ამბავიც და სწორედ მარჯვედ, წინამძღვრის სახელისა და გავლენის შესაფერად. მეფე კერძო ცხოვრებას რომ აწყობ-ჰმართავდა თვის სასიამოდ, თანაც არც ერთს წამს არა სტოვებდა საზოგადო საქმეებს უყურადღებოდ, უფრო მხნედაც განაგრძობდა კმაყოფილი იმ საზრუნველებს, გულმოდგინედ, ხალისიანად. ერთი მისი სასიამო ზრუნვა იყო ახალი სასახლის ღირსეულად შემკობა. მოისურვა დიდებულად დაეხატნათ დარბაზები, დაემშვენებინათ საგულისხმიერო თუ სალამაზო სურათებით. მეტადრე ძალიან ჰსურდა სწრაფად მოეხატნათ კარის ეკლესია. საყდარი ციხის გალავანშივე იყო, სასახლესთან დერეფანით შეერთებული. ეკლესიისა თუ დარბაზების მოხატვას წესი და ჩვეულებაც მოითხოვდა. ამისთანა შემთხვევაში უფრო შინაურ მხატვარს მიჰმართავდნენ, ქართველსავე გამოჩენილ მყალმავს, თუ ესეთი მოიპოვებოდა საქართველოს რომელსამე კუთხეში; თუ არა, საბერძნეთიდან მოიყვანდნენ ოსტატს ან ანტიოქიიდან. აშოტის დროს ამისთანა გამოჩენილი მხატვარი ცხოვრობდა იქვე, სატახტო ქალაქის ახლო. ეს იყო მამა ევდომოზ, რომელს ხელოვნების შესწავლა დაემთავრებინა ბიზანტიაში. ხელი ანტიოქიაში და იერუსალიმშიც ევარჯიშებინა ოდესმე. აწ დაევანნა ახლად დაარსებულ შატბერდის მონასტერში. ჯერ ისევ ახალი ვაჟკაცი იყო, მაგრამ ძალიან დახელოვნებული, უკვე განთქმული. მეფეს ნანახი ჰქონდა ევდომოზის ხელოვნების ნიმუშები და დაასკვნა მისთვის ებრძანებინა კარის ეკლესიის ასურათება. სხვა განზრახვაც ჰქონდა მეფეს: სამღთო ამბების თუ მოქმედებების მარჯვედ მხატავ ბერს საერო შინაარსის მხატვრობაც ეხერხებოდა. ყმაწვილობისას საერო მხატვრობა უფრო ემარჯვებოდა და უხაროდა. შემდეგ ბერად აღიკვეცა და გვერდი აუქცია მაცთუნებელ სურათებს საერო შინაარსისას; შეუდგა სამღთო ამბების ტილოზედ თუ ფიცარ-კედელზედ გაღაღებას, მის ხელოვნებაში მაინც გამოსჭვიოდა წინანდელი მიდრეკილება და გემოვნება. მის ნახატებში საკვირველად განირჩევა თმა, ლბილი და ნაზ სხივებისაგან თხზილი კულულ-ხუჭუჭები, შარავანდედად რომ მოსდებია ეშხით ნაქანდაკებ შუბლს. საყურ-ბეჭედი თუ სხვა სამკაულიც ლამაზად არის მის სურათებში ასახული და დიდის სინამდვილით. ყველაზედ ძლიერ ეს მიდრეკილება ეტყობა მისგან ნახატ ყვავილებს ეტრატებში გაბნეულს და მეტადრე იმ ერთს ხატს ხარებისას, რომელი აწც იხილვების. რა სინაზეა და სინათლე იმ სპეტაკ ყვავილებით შემკულ რტოში, რომელსაც მთავარანგელოსი აწვდის კდემამოსილად თავდახრილ ქალწულს! საკვირველია, მისი ნახატების საღებავი დღესაც ისევე ბრწყინავს, როგორც ახალი. ეტყობა, ფერადთა შეთხზა-შეზავების საიდუმლო სავსებით იცოდა ხელოვანმა. იქნება ახალი რამ შემადგენლობაცა ჰქონდა შეტანილი საღებავთა შექმნა-შეზავებაში. აშოტის ყურადღება მიიქციეს მეტადრე ბერისაგან ნახატ სიცოცხლით სავსე ყვავილებმა. ბატონს ჰაზრადა ჰქონდა შუქურის გალიაკი შეემკო სურათით, მხოლოდ ერთადერთი ხატით: უნდა დაეხატნათ ჰაეროვანი ქალი ახლად მოსთვლილ ყვავილთაგან შეთხზილ თაიგულით ხელში. - რა ვქნა, მუდამ ესეთი სახით მიდგა გონების თვალწინ ეს ჯადოსანი სიცოცხლე ჩემი, სწორედ იმგვარი შეხედულებით, როგორც მომევლინა პირველად, როცა ყვავილებით ხელში შემეგება გამარჯვებულს. მას აქეთ ახლო გავიცანი ქალი, ძალიან ახლო, მაგრამ მაინც ისევ ის არის ჩემთვის: კდემამოსილი საიდუმლოება, მარად მიმზიდველი სიმშვიდე წყლულთა დამშუშავი, მიწყივ ლამაზი სინაზე ქალწულებრივი, სიწრფელე უბიწო, შეურყეველ-შეუგინებელი. ესეთი სურათი მსურს ამშვენებდეს მის სენაკს განკერძოებულს, ესეთი ხატი დარჩეს ჩემს შემდგომაც დიდხანს, ძლიერ ბევრ ჟამთა დაუსრულებელ დენაში! - დაასკვნა მეფემ და უბრძანა სახლთუხუცესს მიეწვივნა იგი მის წინაშე, რომ პირად თითონ მიეცა მისთვის ბრძანება შესაფერი. გადიფიქრა კარისკაცის პირით ბრძანება: მსწრაფლ დაწერა წიგნი, წარავლინა კაცნი კეთილნი და პატივით უწოდა მას ბერსა. მივლენილნი მოვიდნენ და აუწყეს მეფეს: - არა ჰნებავს კაცსა მას ღვთისასა მოსვლაი აქ! განცვიფრდა მბრძანებელი, გაუკვირდა თავხედი ურჩობა ვიღაც მწირისა; განრისხდა ფრიად. მზა იყო ებრძანებინა, თრევით მიეყვანათ იგი მასთან. სძლია კეთილგონიერებამ, შეიმაგრა თავი. მაინც გამოურკვეველი დარჩა მისთვის მიზეზი ბერის უხეში ურჩობისა. სახლთუხუცესმა შეჰბედა და განუმარტა: - ბატონო მეფევ! წიგნის მიღებისთანავე შეეკითხა იგი ბერი წმიდა გრიგოლს შენის ბრძანების შესახებ და სთხოვა ლოცვა-კურთხევა. - მერმე? - არ ვიცი! ალბათ ელის იგი ბერი წინამძღვრის ნებართვას. - ელის სხვის ნებართვას, როცა მე ვუბრძანე მხლებოდა? - შეიძლება! შენ უწყი, როგორ სასტიკად იცავენ განდეგილნი თავიანთ წეს-წყობილებას, რამოდენა შრომა-წამებას იღებენ იგი ნებითი მორჩილებაში. სდუმდა აშოტი. მისი მეფური თავმოყვარება შელახული იყო ვიღაც მწირასიგან, შეეძლო, ებრძანებინა და ცხენის ძუაზედ აბმულს მიათრევდნენ ურჩს მის წინაშე, თუნდ მის თავს მიართმევდნენ მოკვეთილს, თმებით ატანილს. არ შეიძლებოდა გულს აჰყოლოდა მბრძანებელი: დროზედ მიჰხვდა, რომ ბერის სახით ეკლესია გადაჰღობებოდა მას წინ, რომ იმ მწირს წინ უძღოდა აჩრდილი წმიდანის გრიგოლისა, რომელში ამჟამად განხორციელებულიყო ძალა უძლევის ეკლესიისა. სდუმდა აშოტი, ხანსა ზმიდა, ვერა ჩქარობდა, ახალი რამ საშუალება ეხმარნა თავის წადილის შესასრულებლად. ძნელიც იყო შესაფერი ზომის მიღება: ბერი თავის ნებით აღარ დაჰმორჩილდებოდა აღარავითარ მის ბრძანებას და თუ უნებლიეთ დაიყოლიებდნენ, დავალებას მარჯვედ ვეღარ შეასრულებდა უხეში ძალისაგან საშრომლად მიგდებული. ისეთ საქმეს ავალებდა მეფე ბერს, რომ მის მარჯვედ აღსრულებისათვის აუცილებელი იყო საკუთარი სურვილი, ეშხით მიახლოვება სამუშაოსადმი, სიყვარულით შრომა, საამურის გატაცებით მუშაობა. - ხოლო შიში გარე განაგდებს სიყვარულს, - მოაგონდა სიტყვა მოციქულთა. თავისი განზრახვის დავიწყება, მასზედ ხელის აღება, თუნდაც დაყოვნებაც არ შეეძლო აშოტს: ეჩქარებოდა მთლად დაესრულებინა თავისი წყობილი შენობები ახალ სატახტო ციხექალაქში. ვერც შეჰრიგებოდა თავის სურვილის გადატეხას ვიღაც მწირის უჯიათობით. სურვილითა ჰსურდა, სწრაფად შეეძღვნა შუქურისათვის უჭკნობი თაიგული მის გალიაკის კედელზედ მურაზით მოხატული: იცოდა, ამ ზღვნით სავსებით გაახარებდა თვის გამხარებელს. იქნება გაეგზავნა კიდეც კაცი წინამძღვართან ან წიგნი მიეწერნა, მისთვის, მაგრამ ეს ხომ ქედისმოხრა იქნებოდა გრიგოლის წინაშე, ობლობაში სამადლოდ აღზრდილ მწირის წინ, რომელი თვის გარეგან დაკნინებაში თუ უკიდურეს თვის სიმშვიდე-სიმდაბლეში იდუმალ ეტრფოდა დიდის აშოტის მძლე მეტოქობას. რაინდი სულიერი პირისპირ ბრძოლაში შეჰყროდა რაინდს ხორციელს და ეს უხმო ბრძოლა უჩინარი ერთ-ერთის სასტიკი დამარცხებით უნდა დათავებულიყო. აშოტი და დამარცხება?! შორს იყო განთქმული ბუმბერაზის ბუნებისაგან მარცხი მამდაბლებელი: ვერ აიტანდა გოროზი დაკნინებას! არა, ვერც შესძლებდნენ მის დამცირებას. მაინც საშიში იყო ბრძოლა: ხელშეკრული იყო აშოტი ამ სასტიკ წყობაში, უხილავ ძალთაგან ხელშებორკილი. 65 გრიგოლმა მოუწონა მხატვარს ბერს ქცევა. მაინც დაფიქრდა: მათი მონასტრებიც, თითონ იგინიც არსებობდნენ უმთავრესად მეფის წყალობით და მისი ნებისყოფით; მისი ბრძანების უარყოფა, თუნდაც სამონასტრო წესის გამო, არც თუ ისე ადვილი სატვირთელი იყო. - ეკლესია არ ემორჩილება მეფის სურვილს თუ ბრძანებას, მაგრამ მისსავე სკიპტრაზედ არის დაყრდნობილი მისი კეთილდღეობა თუ ნივთიერი არსებობა. ვინ იცის, იქნება მეფის ბრძანება გამონაკლისს უნდა შეადგენდეს თვით სამონასტრო წესშიც, მთელი ხალხის ბატონ-პატრონის სურვილი, მით უფრო, თუ იგი ბრძანება არ შეეხება სჯულისაგან აღიარებულ ჭეშმარიტებებს, უბრალო საეკლესიო ჩვეულებასაც კი. მაგრამ კაცია აშოტი და თუ გაწყრა, თუ პირი მიიქცია მონასტერთაგან, სასიკეთო არ იქნება ეს ახლად აღმოცენებულ ვენახებისათვის ღვთისა; არ ეგების განხეთქილება ამ უბრალო გარემოების გამო. მით უფრო ეხლა, დიდ განსაცდელის დროს, როცა საქართველოს მოსდგომია მოზღვავებული ღვარი ქრისტეს მგმობ აგარიანთა. დროა სდუმდეს ბრძოლის საყვირი: წინააღმდეგმა უკვე იგრძნო ჩვენგან ძალთა სიმრავლე, - ფიქრობდა ბერი და მიმოიხედავდა გამოსასვლელ გზის საპოვნელად. მალე უკარნახა გამჭრიახე გონებამ ქცევა სათანადო. დაადგა იგი გზას სასახლისაკენ: მრავალჯერ მისულიყო ის მეფის კარს ახალ სავანეებისათვის სახსართა გამოსათხოვნად და ეხლაც ეს მიზეზი წაიძღვარა წინ. იღბალი უძღოდა ბერს: მეფე გზად მომავალიყო და თითქო შემთხვევით შეხვდა მას მწირი ხანძთის სანახებში. მეფემ პატივით მიიახლა ღირსი იგი და უამბო შემთხვევა ურჩი ბერის შესახებ. გრიგოლმა განუმარტა აშოტს, რომ ბერს არ შეეძლო ამ შემთხვევაში სხვანაირად მოქცეულიყო. - მაშ განუგებელად მიქმნია, რომ შენ არ მოგწერე და პირდაპირ დავიბარე იგი მწირი. უბრძანე მეახლოს, თვისი ხელოვნებით განამშვენოს პალატნი სამეფონი და კარის ეკლესია: მეც კვალად მივუწერ, - ბრძანა მეფემ. მხატვარი ბერი მსწრაფლ დამორჩილდა, ეახლა მეფეს. კურთხეული იყო მისი მისვლა მეფის კარს: მისმა ხელოვნებამ ღირსეულად შეამკო ეკლესიაც, სამეფო სადგომიც, ხოლო მონასტერს მიჰნიჭა დიდი ნუგეშინისცემა მადლობელი მეფის ნაქებ სიუხვიდან. ძალიან კმაყოფილი იყო ნეტარი გრიგოლ: ბრძოლა მოიგო, მეფეს აგრძნობინა თავისი მძლავრი გავლენა, მის ძლიერებასთან თანასწორი, თანაც ისე, რომ მარჯვედ აუქცია გზა აშკარა განხეთქილებას, სკიპტრისა და ჯვარის ამჟამად შეუფერებელ შებრძოლებას. მეფის პატივმოყვარე გულს კი, სიტყვის შეუბრუნებელ მორჩილებით გააზიზებულს, დაღად დააჩნდა ის შემთხვევა, უსიამოვნო ხაზად წაუშლელ-ამოუფხვრელად. მწირი მხატვარი შემოქმედი გამოდგა, სიმშვენიერის მიმწდომ-მიმდევარი, თვისი ხელოვნების გატაცებით მოტრფიალე. ხელმძღვანელობის ნიჭიც შეაჩნდა მას: მეფის ბრძანებით მისდა მიჩემებულ თანამშრომელებს მარჯვედ ახალისებდა, შრომის უნარს უორკეცებდა. თანამშრომლები შემდეგში მოწაფეები შეიქმნენ ხალისით სავსე ადამიანისა, მოსიყვარულე და მადლობელი მისი შაგირდები. ვერცერთი ვერ დაუსწორდა მას ხელოვნებაში: იმისი ნახატი მაინც ყველას ნახატებიდან განირჩეოდა ჰაეროვნობით. მისგან მოკალმული სახე თუ ტანი ტლანქი რამ ნივთიერებისაგან აღარ შესდგებოდა; განიცდიდა უკვე ხორცთა სულიერად გარდაქმნას, ეთეროვან ნივთიერებად, რომელს ეადვილებოდა ფრენა ლაჟვარდ სივრცეში ფრთაგაუშლელად, თითქმის მთლად უფრთოდ. მის ნახატში ადამიანს იტაცებდა მეტადრე თვალთა გამომეტყველება, რომელში გამოსჭვივოდა სითბო სულისა ღვთაებური, ძალა გრძნობათა, სინათლე ჰაზრიანი, ნივთიერ ზღუდეების იქით გამჭვრეტელ-გამხედველი; ნაქვთთა მოყვანილობა აგრძნობინებდა ნებისყოფას არა მსწრაფლს და სასტიკს, არამედ ნელს, მდორედ თუ ნებივრად მიმდინარეს, მაგრამ ურყეველს, დროთა სივრცეში მომხვრელ-დამმორჩილებელს. მეფის აღტაცებას სამზღვარი არა ჰქონდა: გაახალისა ის ბერის მადლიანმა ყალამმა; შეყვარებულ ჭაბუკივით თავს დასტრიალებდა მუშებს და სამუშაოს. ბერიც ააფრთოვანა მეფის ქებამ და წყალობამ, ერთი-ორად გაამხნევა მისი მარჯვენა, შედეგიანი ჰყო მისი მუშაობა. მეტადრე იამა ბერს, როდესაც აშოტმა თითონ მისცა მხატვარს გალიაკის კედელზედ დასახატ სურათის ჰაზრი. ეს იყო სურათი იოთამ მსაჯულისა, როცა ის გამარჯვებული ბრუნდება თავის ქალაქში. შეჭურვილ-შეიარაღებული რაინდი ჯაჭვით დარახტულს სამანდზედ. მუზარადის ისარი ახრილი. წვრილთვალაის რიდე უკუგდებული. ომგარდახდილი ამალა მის ჩამოდგომით. ციხე-ქალაქიდან მის შესახვედრად გამოსული ერი. წინ ქალთა გუნდი პირად-პირადად შემკულ-შემოსილი. ყველაზედ წინ იოთამეს ქალი თაიგულით ხელში. ბერი აღტაცებაში მოვიდა ამ დავალებით: აქ მისი ნიჭი ფართოდ შლიდა ფრთებს, არც განსაზღვრულ ჩარჩოებით თუ ხაზებით იყო შეზღუდვილი, ერთხელ და სამუდამოდ მიღებულ მოხაზულობით, როგორც ეს იყო დაწესებული წმიდანების ასასახველად. სამღთო წიგნიდან რომ იყო სურათი, ბერს მაინც შეეძლო ეოცნებნა, მხატვრობითი ნიჭისათვის გაეშალნა თავისუფალი სანავარდო. - ემჯობინება ჩამოვაცალოთ ქალს ამაყი გამომეტყველება, რომელიც უთუოდ ექნებოდა მას, რადგან გამარჯვებული იგი რაინდი მამა იყო იმ ქალისა. შევანარჩუნოთ მის სახეს თუ თვალებს განცვიფრება გმირის წინაშე. - განცვიფრება და აღტაცება კდემამოსილ უბიწო სახეზედ. - აღტაცება და თაყვანისცემა უბრყვილო სპეტაკ სახეზედ. - თმა შავი, ვით ყორნის ბოლო: ასული ისრაილისა შავი თმიანი. - ეგ ჩვეულებრივ აღმოსავლეთში, მაგრამ იქაც ამშვენებს ასულს, თუმც იშვიათად, სხივთა მაგვარი თმა, შარავანდედად მოდებულ-გადმოშლილი. - ვხედავ! სხივთა მზგავსი თმა. კდემამოსილი ლმობიერი თვალები, აღტაცებით მიპყრობილი გმირისადმი სათაყვანებელისა. მაშინ შეიცვლება შინაარსი ბიბლიურის თქმულებისა; წარწერა ვეღარ იქნება შესაფერი. - რა უშავს! წარწერა? მოიშალოს წარწერა! თითონ სურათი უნდა ცხადჰყოფდეს თავის სახელს. - ჭეშმარიტად! ტანსაცმელი ებრაული? - ქართული! თორემ სამღთო რამ ხატს დაემსგავსება ნაყალმი და ვერ ივარგებს გალიაკის კედელზედ. - მართალსა ბრძანებ! არც თუ იოთამეს ამბავი არის სამღთო მოთხრობა და მის სახე წმიდანებთან ერთად თაყვანსაცემი, − დაამთავრა ბერმა საუბარი. შეუდგა ხატვას. მიჰხვდა მეფის ჰაზრს. იცოდა სასახლის ამბავი, ენახა შუქურიც და შეიგნო, რა ჰსურდა აშოტს, რა ფიქრი ახელმძღვანელებდა მას ამ სურათის შეკვეთის დროს. თითონაც განიმსჭვალა იმ სურვილით, რომ თავის ქვეყანაში მომხდარი ამბავი მშვენიერ ნახატად ასახულიყო სამეფო სასახლეში. ბერში სცხოვრობდა ხელოვანი მხატვარი სული, რომელი ვერ შეიმსაზღვრებოდა ერთი რომელიმე დარგით, თუნდაც სამღთო ფარგლებით მოღვაწეობისა. ეხლა ხელოვანის ოცნებამ თავისუფლად იწყო ნავარდი და შექმნა ხაზთა თუ ფერთა ის ლამაზი ურთიერთობა, რომელი აცოცხლებდა მისგან ნახატ ყვავილს, სულს უდგამდა მისგან მოხაზულ სახეს, ნაქვთს ან მოძრაობას. მშვენიერი სურათი დაიწერა თვალთ წარმტაცი, თანაც სინამდვილის მსახველ-მხატველი: ქართველნი იყვნენ გახარებულნი, ისინი ლიტანიობდნენ, მოძრაობდნენ, თითქმის ამბობდნენ. მეტადრე დიდის გულმოდგინებით იყო ამოხატული მძლეველ ბუმბერაზის სახე საომარ რაშზედ მჯდომი. ერთის თვალის დაკვრით აშოტ მძლეველი იყო ის: მისი ბეჭთა მოყვანილება, მისი ხელის მოძრაობა, მისი ყელის მოღერება თუ თავის მიმოხვრა. სახე კი სხვა ჰქონდა. დიდრონ თვალთა მოხაზულობა აშოტისასვე უგვანდა. წრფელის სიყვარულით და გატაცებით ამოეხატნა ხელოვანს მოწინავე ქალის სურათი, რომელი თაიგულს აწვდიდა ბუმბერაზს. ცოცხლად იყო გამოყვანილი ლმობიერი იმისი თვალები. განუსაზღვრელის აღტაცებით რომ შეჰმზეროდნენ სათაყვანებელ რაინდს. ქალიც შუქურს ემსგავსებოდა თვალთა პირველ დაკვრით, იმას აგონებდა ადამიანს, თუმცა თითონ შუქური კი არ იყო ის, თუ ახლო გასინჯავდი სურათს დაკვირვებით. მთელი ნახატი მოძრაობით იყო სავსე, თითქმის სიცოცხლით. ძალიან იამა აშოტს, რომ უმთავრეს მომქმედ პირთა სახით თითონ და მისი სატრფო ამოექარგნა ხელოვანს, თუმცა ამის დაბეჯითებით თქმა მაინც არავის შეეძლო. დაუმადლა მწირს, მეფურად დაასაჩუქრა. უბრძანა, ყოველსავე გასაჭირში თუ სათხოვარში პარდაპირ მიემართნა მისთვის. 66 მდიდრად მორთულ საწოლ ოთახს მქრალად ანათებდა ვერცხლის მაშხალაზედ მდგარი ერთადერთი ჭრაქი. სუნნელოვან ზეთს ჰაერი შეეთბო მათრობელი სიტკბოთი. ალი ოდნავ ირხეოდა, აქანებდა ოთახში ჩრდილებს. დედოფალი ჩაწოლილიყო. აშოტი, თავისუფალ ტანსაცმელით მოსილი, ტახტის ბოლოზედ ჩამომჯდარიყო, ქალის ფერხთით. ბოროტად აღელვებული ქალი შფოთავდა საბნის ქვეშ, მჭახედ ამბობდა, მოუსვენრად ინძრეოდა, ხელ-ფეხს აწყვეტდა. შრიალი არ გაჰქონდა ბუმბულივით ლბილ ლოგინს. ალეწილ სახეზედ დედოფლისა ბოროტად ენთო სიძულვილის მსახველი თვალები. ვაჟკაცი უფრო წყნარად იყო. თვალს ადევნებდა ცოლის უნებლიეთ მოძრაობას, ყურს უგდებდა მის თქმას. სიტყვებს კი არა: ზეპირად იცოდა, რას ეტყოდა მას განრისხებული მეუღლე; ის ყურს უგდებდა მის ხმის ბგერას და მიმოხვრას, რომ გაეთვალისწინებინა, რამდენად იყო გურანდუხტ განრისხებული. ითმენდა ვაჟკაცი: სიტყვა მიეცა მას თავის თავისათვის, ბოლომდინ დაეთმინა. იმ ჰაზრით შესულიყო დედოფალთან, იმ ფიქრით მიახლოებოდა სარეცელს თანამემცხედრისა, რომ როგორმე მოელბო მეტის მეტად გამეხებული მისი გული; შეეგნებინებინა, რომ მის სიმკაცრეს ვერ შეეძლო უარი ეთქმევინებინა იმაზედ, ვინ სიცოცხლეზედაც უძვირფასესი შექმნილიყო მისთვის. უნდოდა ბოდიში მოეთხოვნა თვისგან უნებლიეთ შეურაცხყოფილ მეუღლის წინაშე, აღეთქვა მისთვის ყოველივე მსხვერპლი, გარდა შუქურის მოშორებისა: შეჰვედრებოდა, დაეთმო ეს ცოდვა მისთვის, თუ ცოდვად მიიჩნეოდა ორმხრივი სიყვარული ესეთი დიდი; შეჰრიგებოდა ვაჟკაცის ამ ვნებულ მისწრაფებას. ამისათვის ითმენდა აშოტი მეუღლისაგან შეურაცხყოფას. ამისათვის ისმოდა მუდარა უმწეო მის ხმაში. - რას გიშლის ის საწყალი ქალი. შენი მოახლეა, შენი მხეველი, შენად სამსახურად დადგინებული. შენ არ იცი, რა დიდს პატივსა გცემს იგი შენ? - დიდს პატივსა მცემს?! ოჯახს მირღვევს, საიდუმლოს ქორწინებისას ჰბღალავს, საგმობლადა მდებს მთელის ქვეყნის წინ და დიდ პატივსა მცემს?! იქნება მე მხოლოდ დედოფალი ვარ, ხოლო ის შენი თანამემცხედრე ნაკურთხი? - დედოფალი გვირგვინოსანი, თანამემცხედრე ეკლესიისაგან მოცემული. დედა შვილთა ჩემთა! ვერავინ შეგეცილოს შენ ამაში ვერასოდეს! მაგრამ... სუსტია გული კაცისა, თუნდაც შემმართებელის ვაჟკაცისა: იგი მორჩილი მონაა მისთვის აღმოცენებულის ტრფობის ყვავილისა, ძლიერად მიმზიდველის სიყვარულის ყვავილისა. ვერ ძალმიძს განვეშორო მას! - მთლად დაჰკარგე სირცხვილი, კდემა! რა გნებავს ახლა? - მსურს დასთმო ეს ჩემი სისუსტე და მიმსახურო მეფე ძლიერი, მამა მზრუნველი შენის შვილებისა. - როგორ თუ დავთმო? - ისე, ვით დასთმო მეუღლემ მეფის დავითისა, როცა იმან მიიყვანა სამეფო პალატაში ბერსაბე, დედა სოლომონისა; როგორც დასთმეს სოლომან ბრძნის მეუღლეებმა, როცა მან მუხლი მოიდრიკა წინაშე მშვენიერის სულამიტასი; როგორც დასთმეს მაჰმადის მეუღლეებმა, როდესაც ის ჭაბუკის ეშხით ეტრფიალა მისთვის ფასდაუდებელი აეშას. - როგორც მაჰმადის მეუღლეებმა?! ნუთუ განრისხდა ღმერთი და უარჰყავ ჯვარი ქრისტესი, მიიდრიკე აგარიანთა სჯულისადმი უსჯულოისა. ჭეშმარატად წარმოშობილია მეძავი იგი ძალთაგან ჯოჯოხეთისა ცდუნებად შენდა, დარღვევად, ჩვენის სჯულისა!... იგი მეძავი თვით ეშმა არის ძალთა მიერ ბელზებელისა მძლედ შემოსილი!.. განვედი ჩემგან, კაცო ბოროტო!. განვიდა მისგან მეფე მვედრებელი, განეშორა სამუდამოდ თავის მეუღლეს, ეკლესიისაგან განუყრელად შეკავშირებულს თავის თანამემცხედრეს. ბოროტით აღივსო სული ვაჟკაცისა გურანდუხტისადმი, მკაცრ სიძულვილით; გაიყინა დედოფლისათვის გრძნობათა შესაკრებელი მეფისა, მთლადაც გაქვავდა. აშოტის ბუნება აწ განუყრელად შეუერთდა შუქურს სპეტაკსა, სხივთაგან შეთხზილ მის არსებასა. ეხლა აღარ ეკრძალებოდა მეფე არავის, არ ჰფარავდა თავის კავშირს სხვათაგან გმობილს; ცხადად ეტრფიალა აწ იგი შუქურს. რაღა გასდრეკდა მიჯნურს გატაცებულს, რაღა შეაკრთობდა ბუმბერაზს აღტაცებულს? არა, ზრდილობის სამზღვარს კი არ გადადიოდა მეფე-მიჯნური, გარეგან სახეს კეთილ ქცევისას. უარყოფილი მეუღლე მისი ისევ დედოფალი იყო დიდებული, ხოლო შუქური ერთი ქალთაგანი მსახური სასახლეში; გურანდუხტ ისევ პატივსადები დედა იყო უფლისწულებისა, პირველი მანდილოსანი სამფლობელოში, ხოლო ბუნებით დედობისაგან აწ უარყოფილი. შუქური მხოლოდ ქალი იყო აშოტისაგან სათაყვანებელი, მის პირად განცდათა დედოფალი და მფლობელი, მის სიამეთა ჭურჭელი უშრეტელი. ახ, ძლიერ ნაზად ნაგები ჭურჭელი, მჭვირვალე რამ ნივთიერებისაგან შექმნილი. ერთი უხეში შეხება და დაიმსხვრეოდა იგი ძვირფასი, დაილეწებოდა, გამტვერდებოდა. გარემოსდგომოდნენ მას ბევრეულნი სამტროდ, დასათრგუნად, შესამუსრავად. რა დაიფარავდა უმწეოს მოძულეთაგან მისთა. ისართაგან სიბნელეში მისკენ სრეულთა, ლახვართაგან მის გულისაკენ იდუმალ გაწვდილთა, წყევათაგან მისდამი კვამლად, მიმართულთა?! ვინ ჰყვანდა მაშველი თუ ხელის ამბყრობი, ვინ უვიოდა დარაჯად მის უმწეო გულკეთილობას?! არავინ, სრულიად არავინ, გარდა აშოტ საყვარელისა! და შეებრალა ვაჟკაცს ქალი უმწეო, მტერთა და მოშურნეთაგან გარემოცული; გრძნობა აუდუღდა ისეც მისთვის გულმხურვალესა; თან შიში იგრძნო ქალის შესახებ, მძიმე რამ მომავალი განუჭვრეტელი, ბნელად მოდებული. თუ უბედურობა შეემთხვეოდა ქალს, ეს ხომ მისი ბრალი იქმნებოდა, მეფე აშოტისა, რადგან შუქური მან გაიტაცა ამ სახიფათო გზაზედ, მან წაართვა ქალს გული და გაიტანა მგესლავებით სავსე ალაგას. - იცი, სიცოცხლევ, ძვირფასი რამ ხარ ჩემთვის, იმისთვის მეშინიან შენ შესახებ, დიდი რამ შიში მიბყრობს. ძრწოლა განუსაზღვრელი, ჩემთვის თითქმის შეუმართებელ-უძლეველი. - გეშინიან შენ, მარავალჯერ სიკვდილის პირისპირ მხილველო?! გეშინიან შენ, უშიშარო?! - არა ჩემი სიცოცხლის გამო! აქ არ ვიცი შიშნეულობა. იმასა ვფიქრობ, არაფერი აგვიტეხონ მოშურნეებმა. - რა უშავს, ჩემო ხელმწიფევ! მე სრულებით არ მაფიქრებს ეგ: თუ ავი შემემთხვა შენის გულისათვის, თუნდაც სიკვდილი, საამო იქნება ის ჩემთვის, სასიქადულო. თავსამც შემოგევლების შენი შუქური. - მე ხომ საბრალო შევიქმნები უშენოდ, გაუხარებელი, სიცოცხლე მობეზრებული. მზის შუქი ლახვრად დამესვება გულს შუქურის დამკარგავს; მთვარის შარავანდედი ბნელ საბურველად მოედება ჩემს სულს, შენს შუქს მოკლებულს; ვარსკვლავთ ციაგი არსებას ჩამიბნელებს შენგან მოწყვეტილს. აღარად ვევარგები უშენოდ: უსულო როგორღა გამოვსდგები ან რიღასთვისა, ჩემო სულისდგმავ! - ახ! რად გეკეთე ეგრე მეტად, ვაჟკაცო ჩემო. ტრფიალის ნაცვლად რა შემოგძღვნა საწყალობელმა?! სიცოცხლე დავსდვა შენ საამოდ, სული გავსწირო! - ამბობენ, ქალ-ვაჟი წყვილად შეიქმნებიანო განგებისაგან ერთმანეთისათვის, მხოლოდ ის იშვიათნი იგემებენ უშრეტ სიამეს, ვინც შეჰხვდებიან ერთმანეთს ზღვაში ცხოვრებისა; სხვები დადიან განუჭვრეტელ სიბნელეში მნათობთაგან გაბრწყინებულ დედამიწაზედ. - მართალი იქმნება. რა ბნელი იქმნება უშენოდ ჩემი სიცოცხლე! მთლად ძნელი იქმნება იგი, აუტანელი. - გეთაყვანე, ჩემო ლამაზო! - აშოტ საყვარელო, მითხარ, მანუგეშე: უთქვამთ, ჭეშმარიტი. სიყვარული დაუსრულებელია, ვით ჟამთა დენა: უკვდავიაო, ვით ღმერთი, რომელ არს თვით სიყვარული. თუ ესეა, მაშ იმ ქვეყნადაც გაგრძელდება მიჯნურობა ამ ქვეყნიური, და უფრო ამაღლებულიც, მთლად განწმენდილი, უფრო უტკბესი. - ამაზედ ტკბილი?! უფრო სპეტაკი?!. - ნეტავ ერთად იხოცებოდნენ მოსიყვარულენი! მოვკვდები, სული შეუდგება სავალს დაუსრულებელს. სადღა გიპოვო უსამზღვრო სივრცეში?! გამტანჯავს შორს ყოფნა შენი, მთლად გამაწამებს. მსურს შენი ვიყო მე იმ ქვეყნადაც, შენი სიახლით ნეტარყოფილი მხევალი შენი! - უთხრა ქალმა აღტაცებით და გადაეჭდო ბუმბერაზს, მიეკრა, მიეწება, ყელ-ყურში ჩაუყო სახე, მთლად გადაბურა თმათა ტევრებით. უყვარდა აშოტს ქალის თმის ჩაშლა. ვაჟკაცს მტკიცედ ეჭირა ქალი მძლავრ მკლავებში, როგორც სიცოცხლე უძვირფასესი, ვით ნეტარება მისთვის ხორცსხმული, როგორც სიამე გამოუთქმელი. იკრავდა იგი ქალს მძლავრ მკერდში და აღთქმასა სდებდა, არ გაეშვა იგი, არ დაეტოვებინა არასოდეს, არც ამ ქვეყნად, აღარც იმ ქვეყნად. 67 - აშოტ, ჩემო რაინდო, სატრფოვო ჩემო, მეფევ, ძლიერო! ნუ დამიტევებ, ნუ განმეშორები... არ მომაკლო შენი სიყვარული... რა ძნელია ჩემთვის შენი დაშორება!.. - არა! რამ შეგაკრთო? რამ გაფიქრებინა? - მომეჩვენა ბურანში, თითქო შავმა რამ ხელმა, შორით გამოწვდილმა მიბყრო; უფსკრულისაკენ მეზიდებოდა უფსკრულის ნაშობი. იმ ჭვანგებიან ხელის ძლიერებამ შეასუსტა ძალა შენი: ნელ-ნელა იხსნებოდა ჩემს გარშემო რვალის რკალი შენის მკლავისა. სევდა მიხუთავდა გულს. ძრწოლა მომიხდა; ბნელი მფარავდა. ხმა აღარ მქონდა დამეძახნა, მეხმო შენთვისა. გავიბრძოლე. გამოვფხიზლდი. დახე ჭირის ოფლს! - დაიწყნარე გული: ვერც ბრჭყალმა ჯოჯოხეთისამ წარგიტაცოს ჩემგან! დატკბი, უტკბესო გოლეულისა. ჩაეძინათ ნეტართ. ტკბილად განისვენებდა ორი ერთქმნილი. სიყვარულს შეედნო ისინი ერთმანეთისთვის, შეედუღებინა, ერთსულ ექმნა მეფე და მხევალი, ერთ ხორც და ერთ არს. ივსებოდა ბუმბერაზი სიმშვიდით ძლევამმოსილითა: გრძნობათა არეში მთლად კმაყოფილი, ჰაზრთა არეში თავისუფლად შესძლებდა აწ აღმაფრენას, რომ ჭკვიანად განეგო სამეფო თვისი, მყარის გონებით, დინჯად მჭვრეტ ჰაზრით. ნებისყოფა მისი უტეხ ძალას იძენდა ვნებათა მშვიდ აცისკროვნებაში ძლიერებას მეფურს, რომ ურყეველად წარემართნა განგებისაგან მისდა მინდობილი ბედი ქართლისა. შუქურიც ღვივდებოდა და იფურჩქნებოდა მხურვალე მკერდზედ მძლედ მებრძოლისა, მაცოცხლებელ ცეცხლს შეისუნთქავდა მშვენიერი, რომ უხვობით აღევსო სხივოსანი არსება თვისი, სიცოცხლის მომცემელი სითბოთი და ულევ-უშრეტელ მშვენებად მოჰვლინებოდა თვის რაინდს, ვითა მზე დილით მიწყივ ახალი. ეძინათ მიჯნურთ ნეტარის ძილით და ზეცა აკურთხებდა მათ ერთობას სახიერს, მთვარე გულსავსე სდარაჯობდა მათ სიხარულსა, ვარსკვლავნი შორით უღიმოდნენ მათში ნაქვთად ასახულ სიყვარულს უსამზღვროს, დაუსრულებელს, ყოვლად კეთილსა, ყოვლადვე ნეტარს. ბნელიდან კი, შავ-ბნელ ბჭეთაგან ჯოჯოხეთისა, მძიმე ღრუბელი ამოსჩენოდა მათ სავსე ბედნიერებას, გამანადგურებელი წარღვნის ღრუბელი გულშავი. მოშურნე სატანაილის ფრთებად მოსჩანდა კვამლის ღრუბელი საბედისწერო. სად წაუვიდოდა მას თუნდაც ნასახი ნეტარებისა, სიამე უჩრდილო, ღიმილი ვარდისებური? ვერსად! იგი ბოროტება ბნელ კვამლად შენივთებული ყველგან დაჩრდილავდა სიკეთეს ლამაზს, სიამეს სასურველს: იმისთვის იყო იგი ქვესკნელით ამოწვეული, რომ დაეხშო ყველგან ციაგი კეთილობისა, მოესპო ქვეყანაზედ სიყვარული, შუქება იგი ყოვლადსახიერისა. ეძინათ მიჯნურთ, არ ეძინა მიჯნურობის მტერ ბოროტებას, მის უარმყოფელ სიავეს შავსა. თითონ დედოფალი მხოლოდ სწყრებოდა, ბოროტდებოდა, მაგრამ არავითარ საწინააღმღეგო მოქმედებას არ ადგებოდა: თავმოყვარება ნებას არ აძლევდა დიდებულს დახრილიყო თავის მხევლისადმი, ხელი აეკრა მისთვის, გზაზე ჩახერგილისათვის; არც თუ ქოშის წაკვრას კადრულობდა თვისს სავალიდან დაბრკოლების გადასაგდებლად. იქნება შიშიც ჰქონდა გულს ჩასახული, მეფე-მეუღლის წინაშე კრძალვა თუ რიდი. უკვირდა დედოფალს, რომ მისი ქვეშევრდომნი, მისი ესე დიდად თაყვანისმცემელნი თითქო ვერა ჰხედავდნენ, რა უსიამოვნო ყოფაში ჩავარდნილიყო მათი მბრძანებელი, არა სცდილობდნენ, აეშორებინათ მისთვის წყარო ჯავრისა. ჰკვირობდა დედოფალი და ამაყად გაჩერებულიყო. წინათ რომ ამბობდა ამ უსიამოვნო საგანზედ, ეხლა ხმას აღარ იღებდა; ქმარსაც კი აღარას ეუბნებოდა იმ უკანასკნელ მკაცრ კამათის შემდეგ. ჩაკეტილიყო დედოფალი თავის ნიჟარაში და ცივად გამოიყურებოდა იქიდან, ბოროტად, მედგრად. სახის მეტყველებაში თუ შეატყობდა მას მახლობელი, რომ გენია ეგზნო მანდილოსანის ჩაკეტილ გულში, ცეცხლი საშიში. ვინმე გარეშე ამასაც ვერ შეამჩნევდა: ცივად ებყრობოდა დიდებული ადამიანი ყველას, უკიდურესი თავდაჭერით. ეს ხომ ბუნებრივი იყო სვესრულ და ფრიად განდიდებულ დედოფლისათვის. ფარულ ცეცხლს ცხადადა ჰხედავდა მხოლოდ მონაზონი თებრონია, დედოფლის მესაიდუმლოვე. და ცდილობდა ჩაექრო მფარველის გულში ალი შემწველი. - მოისპოს წინააღმდეგი შენი, შემაგინებელი წმიდის ქორწინებისა; აღმოიფხვრას იგი ძირიანად! - არა კაც კლა! - ვიტვირთებ უტვირთებელს სადიდებლად ღვთისა! - მევე მატვირთებ! მის მოსპობაში დაინახავენ ჩემს ხელს დედოფლის მარჯვენას არ შეჰშვენის მხევლის სისხლით შეღებვა. გონებას მისცემოდა დედაბერი, როგორ მოეხერხებინა. მოესპო სამეფო პალატიდან იგი მეძავი, მეფის ძლიერებით შემოზღუდული, არა ჰზოგავდა თავს. სცდიდა საშუალებებს. ამაოდ! ბედი სწყალობდა შუქურს: მის მტერთაგან ნატყორცნი ისარი უხილავ დაბრკოლებას ეხეთქებოდა და უკუსხლტებოდა. დედაბერი მაინც არა სცხრებოდა, ებრძოდა გაბოროტებული მის გულსაყრელად განსახულ ტრფობას. აღუთქვა დედოფალს და თავმოყვარებაც ნებას აღარ აძლევდა გაეცხადებინა თავისი უძლურება; შეურაცხიყოფოდა საიდუმლო ეკლესიური და ვალდებული იყო მონაზონი განემტკიცებინა სჯული ქრისტესი; ირღვევოდა ქრისტიანული ზნე-ჩვეულება, ის კი მხედარი იყო, ქრისტიანული ქცევის დამცველი. გულის სიღრმეში ჰშურდა კიდეც ქალისათვის მიჯნურის ხლება: თითონ რომ ვერ ეწია ოდესღაც ამ სიამეს, მის სულში რომ ამოიშრიტა წყარო იგი ცხოვრებისა მაგრილებელი, მტრად ჩაუდგა გასასტიკებული ყოველგვარ სიამეს ტრფობიდგან ნაშობს. - თუ მოისპობა ქვეყანაზედ მიჯნურობა საოცნებო, აღარ იარსებებს მოქმედი სიყვარულიც, დარჩება მხოლოდ სიძვა ცხოველური მოდგმათა განსაგრძელებლად. - აღმოიფხვრას ყოველი სახე ხორცთა ნდომისა! ითრგუნოს ხორცი, ჭური ცოდვისა აუვსებელი! იხაროს სულმა! ცათა მცხოვრებნი არ განიცდიან ყოფას სამიჯნუროს და ნეტარობენ შემოსილნი ნათლითა ღვთისა. - არ განიცდიან სრულებით ტრფობას? არ არსებობს მათ შორის ნასახიც მიჯნურობისა, თუნდ შორეული შუქი ამ ნათელისა? - არა! - ანგელოსნი მთლად გაძრცვილ არიან ბუნებისაგან ნივთიერისა?! - არა! - მაშ იარსებებს იმათშიც ეს სიყვარული... - არა! - აღდგენილი ხორცი მშვენიერი მოკლებული იქნება ლამაზ თვისებას მიჯნურობისა?! · ოღონდაც! · და მაინც იქ სიამე სრული, ნეტარება ნათელი, სავსება კმაყოფილებისა?! შეუძლებელია... ცდილობდა გულსასტიკი მონაზონი აღმოეფხვრა სამეფო ოჯახში ნასახიც ტრფობისა. - აბა, დედოფალო, დახედე, რა მშვენიერი საკეკლუცოა ეს. - ლამაზია, გემოვნებით ნახელოვნები. ვისია, რომ ეგრე სათუთად შეგიხვევია? - ჰკითხა დედოფალმა. და ხელი შეახო ქალის გულისპირს ლბილი ფარჩისას. ოქრომკედით იყო კუწუბო გამოყვანილი. აქათ-იქით ყლორტებზედ თავდახრილი ყვავილები ოქრომკედითვე. იმისი, იმ მეძავისა! შუქიასი? რად მოგიტანია აქ?! - წარბშესკვნით მიჰმართა დედოფალმა და გადააგდო ხელიდან ფარჩა. ხელმანდილით გაისუფთავა სათუთად შენახული თითები, დროთა მსვლელობით მაინც ანაოჭებული. - იდუმალ წამოვიღე მისგან. ხერთვისს გავგზავნე შესალოცველად ხერთველ დაროსთან. მოგეხსენება, რა ძლიერი მკითხავია. წამალიც მოვატანინე იქიდან. მოეცხება თუ არა ქალს ეს საცხებელი, ვაჟკაცს მგლის სახით მოეჩვენება იგი, სამუდამოდ უარჰყოფს მას. - უარჰყოფს?! - მყისვე, დედოფალო! - ცოდვა რომ არის მარჩიელთან სვლა, მეტადრე შენთვის, სჯულისთვის თავდადებულისა? - თუნდაც წავსწყდე, ოღონდ სჯული არ იქმნას შებღალული. სულს დავსდებ შენთვის და დიდებისათვის ეკლესიისა. მიზანი ჩემის მოქმედებისა - დიდება ღვთისა, კეთილდღეობა ხალხისა. - კეთილდღეობა ერისა? - დიაღ! თუ არ მოისპო მეძავი იგი, დააკნინებს დიდებულ მეფეს, თავის კალთაზედ გამოაბამს მებრძოლ ბუმბერაზს, ვით დალილა ახალი სამფსონს ახალსვე. შეაპარეს შუქურს გულისპირიც, შელოცვილი წამალიც მოტანილი. გულისფანცქალით უცდიდნენ შედეგს. ამაოდ უცდიდნენ: მეფე უფრო თავს ევლებოდა ქალს. ალბად მტრედის სახით აჩვენა იმ წამალმა ქალი, გვრიტის რამ იერით უმანკოისა. ჰკვირობდნენ. გასაკვირველი კი არაფერი იყო: შუქურის სახიერებას თუ გულკეთილობას ყველანი მოეხიბლა მის გარშემო და იმ მოახლემ, რომელიც განაზრახეს ქალის მტრებმა, უკანასკნელ ჟამს გასცა საიდუმლო. დაღონდა შუქური, შეკრთა, შეშინდა. აშოტმაც გაიგო ყოველივე. - წამართმევენ, მომტაცებენ, მოსპობენ! - გაიფიქრა მან და გააძლიერა სიფრთხილე ქალის გარშემო. ეხლა გაძნელდა ვნება, შეუძლებელი შეიქმნა, ფრიად საშიშიც. მეფეს შეეძლო შური ეძია, თუ რამე საფრთხე დაატყდებოდა მის სატრფოს; ხოლო შურისძიება აშოტისა მეხი იყო ზეციური, მედგარი მომსპობელი, მანადგურებელი. 68 როცა ამაოდ დაურჩა თებრონიას ყოველივე თავისი ცდა შუქურის წინააღმდეგ, როცა ნახა მხოლოდ თავისი ძალებით საწადელს ვერ აუსრულებდა დედოფალს, ვერ გამოვიდოდა მძლე მებრძოლად, დამთრგუნველად მეფის სასახლეში მოვლინებულის ცოდვისა, კვლავ მიჰმართა გრიგოლს: მისი ფიქრები ყოველთვინ ამ გულთამხილავთან თავდებოდნენ, მისი ძლიერი გრძნობები მარად ხანძთისაკენ მიისწრაფოდნენ, ნებისყოფა მისი საბოლოოდ გრიგოლის უტეხ სურვილებს ემორჩილებოდა. - მაცალე პასუხი! გითხარ მაშინ, ვიფიქრებ-მეთქი. მაცალე! ვილოცავ, შთამაგონოს ზეცამ თვისი ხმა, ილოცე შენც! ბრძოლა გვიძს ძნელი, მრავლად შეგვხვდების განსაცდელი. ძლიერია მებრძოლი ბნელი. იარე! - უბრძანა ბერმა და განშორდა. ფიქრობდა ბერი. ახალ საშუალებებს არჩევდა, უკეთეს გზას იკვლევდა. იცოდა, თუ ერთხელ დაადგებოდა რომელსამე ბილიკს მოქმედებისას, აღარ შეაყენებდა თავის სვლას, ვეღარსაით შეუხვევდა იგი; ბოლომდის მივიდოდა ან გზაზედ დაიღუპებოდა. არ იყო ისეთი ძალა, შეეყენებინა ის მიზანში ამოღებულ საგნისადმი მსვლელობაში. მაინც ვერ გაბედა ეტვირთნა სამძიმო საქმე მხოლოდ თითონ; გაანდო თავისი სურვილები მოღვაწე სალოსს, რომელი ცხოვრობდა მთლად განდეგილად და დამსახურებული ჰქონდა სახელი წმიდანისა. მოუსმინა დაყუდებულმა, მოუწონა განზრახვა: მაინც ჰკითხა: - ამხილე პირისპირ? განუმარტე სიავე მისი უშვერის ქცევისა? ევედრე, დაეტოვებინა ცოდვა თვისი და შეენანა? - ვამხილე, განვუმარტე მისი მოძღვრის პირით, მაგრამ ამაოდ. - მიდი შენ თითონ! ევედრე ღვთის სახელით. უკეთუ არ მოინანიოს... იყავნ შენდა, ვითარცა წარმართი! დაჰმორჩილდა გრიგოლი, ეახლა მეფეს: ამხილა იგი, მოსთხოვა უკუეგდო საქციელი თვისი ბოროტი. მჭევრმეტყველი იყო გრიგოლ, ოდეს აღიგზნებოდა ცეცხლით ღვთიურით. ააღელვა აშოტი, მეტად ჩააფიქრა, მაგრამ მაინც ვერ შესძლო განეტევებინებინა დედაკაცი იგი: მეფე სავსებით ჰმონებოდა თავის გულისთქმას. მიჰმართა გრიგოლმა თავისგან რჩეულ საშუალებას. მოუწოდა წინამძღვარს დედათა სავანისა. - თებრონიავ, დაო ჩემო სულიერო, მხევალო ეკლესიისავ, რჩეულო! დადგა ჟამი, მოისპოს მრუშობა მეფის სასახლეში, ამოიკვეთოს იგი ძირიანად. დაეხმაროს სავანე შენი ეკლესიას ამ განზრახვაში! - დაეხმარება ღვთით! - შენმა მონასტერმა იტვირთოს მოსპობა იმ ცოდვისა, თავს იდვას მტკიცედ. აცხოვნოს წყმედილი იგი ცხოვარი რჩეული, ან დასდოს თავი სჯულისათვის წმიდისა! - დასდვას თავი სჯულისათვის ტკბილის იესოსი! - გახსოვდეს! დღეს შენა ხარ იგი მონასტერი: იქ უკლებლივ სრულდება ნება შენი; შენ აგებ პასუხს, თუ შეცდომა მოხდა ნატვირთის ასრულებაში ან რყევა რამე განსაცდელის დროს. სასტიკი იქნება განკითხვა შენი! - აჰა, მხევალი მორჩილი წინაშე მეუფისა ყოვლად ძლიერისა! - იყავნ! მისმინე: დიდმარხვაა აწ, ჟამი სინანულისა. მეძავს განუმარტოს ვინმე სანდომ, რომ მან დრო მისცეს მეფეს მარხულობისა და ლოცვისა, რათა ღირს იქმნეს მიიღოს მან წმიდა საიდუმლო; ეს არ ეგების. სინამ გვერდს ახლავს ის აშოტს, ვერ შესძლებს სათანადოდ სიწმიდის დაცვას. - უყვარს აშოტი, იზრუნებს მის სულზედ. მე თითონ ვიდებ თავს მაგ დავალებას. - განუმარტე, რომ მეომარი კაცია, შემმართებელი და ვინ იცის, რა ჟამს, რა ადგილას მოელის განსაცდელი; ყოველ ჟამს მზად უნდა იყოს წარსდგეს სამსჯავროსა მას ზეშთა მეუფისა. ხომ მორწმუნეა ქალი? - გარეგან სახით კეთილმორწმუნეა იგი ეშმაკეული და სათნო. - უთხარ თითონაც უჯობს შეემზადოს, განიწმიდოს ცოდვათაგან აღსარებით და მიიღოს წმიდა საიდუმლო. აშოტისათვისაც, მისთვისაც სარგო იქნება განმარტოვება მცირედ ხანს. მიჰხარე მისი ჰაზრი ამ სავალისკენ. იყავ მონასტერში, არ მოჰშორდე მის ბჭეს. რა გიხმო, ისწრაფე! დედაბერს ცნობისმოყვარეობა აღეძრა და კიდევ ჩაეკითხა ამის შესახებ. სდუმდა მოღვაწე ჩაფიქრებული. მიჰმართა ბოლოს: - იცის ქალმა რომ შენ მოაწყე მკითხავისაგან წამლის მოტანა? - არა! სხვის ხელით მოვაგვარე ყველაფერი, სხვის პირით. დედოფლის მეტმა, არავინ იცის, რომ მე ვმოქმედობდი, - მიუგო მონაზონმა და კითხვით მიაბყრო გრიგოლს თვალები: ელოდდა მისგან რამ განმარტებას. ამაოდ ელოდდა: სდუმდა ბერი თავდახრილი. თებრონიას ტყუილად ეგონა, რომ მისი განზრახვა არავინ იცოდა, მის მოქმედებას არავინ ადევნებდა თვალს. იქვე, მის მონასტერში, იყო დათაგანი, მისგანვე მიჩნეულ-პატივცემული, რომელიც სრულებით არ იზიარებდა თებრონიას სიძულვილს შუქურისადმი, ხოლო მის კავშირს მეფესთან მსუბუქ თუ ლამაზ ცოდვადა სთვლიდა, რომელს უთუოდ აპატიებდა ღმერთი სახიერი. ესე მსჯელობდა დაი თემისტო იმისთვის კი არა, რომ მრუშობა არ მიაჩნდა მძიმე ცოდვად; იმიტომ, რომ მოხიბლული იყო შუქურის სიმშვენივრით თუ სათნო ბუნებით; მიხვედრილიყო კიდეც, ალღოთი შეეგნო, რომ იგი კავშირი მხოლოდ გარეგანი სახით ემსგავსებოდა მრუშობას, ეკლესიისაგან დასტურ დაურთავი, თვისი ბუნებით კი ტრფობა იყო ნამდვილ მზიური, რომელი თავისთავად არის დალოცვილი, რომელს არ ესაჭიროება კურთხევა სხვისი. ვერ შეეძლო წარმოედგინა, რომ ის წყნარი ქალი ყოვლად კეთილი იქმნებოდა ეშმაკისაგან ანაზრზენი ჭური ცოდვისა, ვერ შეჰრიგებოდა ამ ჰაზრს. ყოველ ნახვაზედ რწმუნდებოდა, რა უმანკო იყო შუქური, ვით ქალწული უბიწო: ცოდვა ვერ ამღვრევდა მის ფაქიზ სულს სახიერს, ცოდვის ისარი განხურვებული სხლტებოდა მის ბროლივით გამჭვირვალე არსებაზედ, იტყორცნებოდა. რჩებოდა ქალი მარად უებრო. შეჰყვარებოდა თემისტოს შუქური იშვიათი ტრფიალით ქალისა ქალისადმი და მზა იყო ეხსნა იგი ყოვლისაგან ბოროტისა. იგრძნო თემისტოს გულმა, რა ავად აღგზნებულიყო თებრონია ქალის წინააღმდეგ და თვალს ადევნებდა ყოველ მის მოძრაობას განწირულის წინააღმდეგ. მონაზონმა ყველაფერი იცოდა, რაც ხდებოდა შუქურის გალიაკში იმ მოახლისაგან, რომელი მოხიბლული იყო შუქურისაგანვე და რომელმაც ამცნო ქალს წამლისა და მკითხაობის ამბავი. ჰპოვა გრიგოლმა ჟამი მარჯვე, ოდეს აშოტი შორს იყო; წავიდა იგი შატბერდით არტანუჯს და მიიწია მიმწუხრს ძირსა ციხისასა. შეუთვალა შუქურს: - დავიღამე აქ, წარმომიგზავნე სანოვაგე მცირედი ჩემთვის და ჩემ თანამგზავრ წმიდა მამათათვის. შუქურმა სიამოვნებით გაუგზავნა საზრდო მრავალფერი. იწვია მოღვაწენი. გრიგოლი არ ავიდა სასახლეში, ღამე იქ გაატარა, ციხის მახლობლად. გათენდა. მიუგზავნა შუქურს კაცი; სთხოვა, მისულიყო მის სანახავად. სიხარულით დაჰმორჩილდა ქალი, მსწრაფლ მივიდა წმიდისა მისთანა ორითა მხევალითა თვისითა: უხაროდა ლოცვა-კურთხევის მიღება ღირსისაგან. გრიგოლმა არ აკურთხა ქალი, ჯვარი არ გადაჰსახა მას. უბრძანა განშორებულად დაჯდომა. თვის მოწაფეებს და მსახურ ქალებს ანიშნა, შორს გამდგარიყვნენ. მყისვე განშორდნენ, რამეთუ წმიდისა მის შიში ყოველთა ზედა მოვლენილ იყო. უთხრა ნეტარმან გრიგოლ: - საწყალობელო, რისთვის ჩაჭრილხარ ცოლ-ქმართა შორის ბოროტითა მით ცოდვითა, რომლითა დამონებულ ხარ ეშმაკის მიერ? საფრთხედა ქმნილ ხარ სახელმწიფოსათვის! მიუგო ქალმა: - წმიდაო მღვთისაო! თავსა ზედან ჩემსა ვერ თავისუფალ ვარ: გარდარეული სიყვარული აქვს ჩემ მომართ მეფეს. აწ არ ვიცი, რა ვყო: ბრძანებამან შენმან შემაძრწუნა ფრიად. - იქმენ სრულიად მორჩილი ჩემი! თავდებ გექმნე ქრისტეს წინაშე, მან, თავადმან, შეგინდნეს ბრალი. - ხელთა შენთა ვარ, წმიდაო მამაო! უმჯობესი სულისა ჩემისა იზრუნე. ჯვარი გადაჰსახა წმიდანმა, აკურთხა ლოცვითა, შეჭურვა მადლითა; მისცა თვისთა ხამლთა საბელი, რათა სარტყლად შეირტყას იგი. ჰყო მან ეგრეთ. უბრძანა ნეტარმან: - დღეს იქმნების ცხოვრება სულისა შენისა. სანატრელისა დედისა თებრონიას წინაშე მიგიყვანო შენ. წარემართე და ვიდოდე წინაშე ჩემსა! გაემართა შუქური. დაბრუნდნენ მხევალნი. შეუგნებლად მიდიოდა ქალი, თავის თავისადმი ანგარიშმიუცემლად. ემორჩილებოდა ბრძანებას ბერისას, მის თვალთაგან გადმომჩქეფარ ძალას ალივით ამწველს, რომელმან დაბუგა შუქურის ნებისყოფა და მთლად დაიმონა იგი. მიდიოდა ქალი, ვითარცა კრავი მსხვერპლად განწირული; ვიდოდა უთქმელად, შეუბრძოლებლად... - ნუ მიხვალ, შუქურ! შესდექ, იყოვნე! გაიხსენე, ბედშავო მიჯნურის სახე, აშოტის ხვეწნა. ნუ მიხვალ, შუქურ!.. - ახ, ვერ გავაგონე, ვერ შევასმინე! ძლიერ შორს ვიყავ, მრავალ საუკუნეთა მანძილით დაშორებული... მიდიოდა ქალი. რაც უფრო ჰშორდებოდა ციხე-პალატთა, ეწმიდებოდა ბურუსი გონების თვალთაგან, უნათდებოდა ჰაზრი ჩაბნელებული; ფხიზლდებოდა ნებისყოფა მიძინებული. აჩნდა გრძნობათა სარკეში სახე აშოტისა. შეკრთა ქალი. დავედრებული ჰქონდა, არავისთვის დაეჯერებინა სიტყვა, არავის რჩევაზედ არ გაეარნა, სინამ თვით აშოტს არ დაეკითხებოდა; მეტადრე გაჰფრთხილებოდა სასახლიდან წასვლას, თუნდაც ქალაქში ჩასვლას სამეზობლოდ. - მივდივარ, ჩემო ყველავ, და გევედრები, ფრთხილად იყავი, არავის დაენდო: ბევრი მტერი გვახვევია გარს, ავის მსურველი; ხიფათს შეგამთხვევენ და დაგღუპავენ. შენთან, იცი შენ, დავიღუპები მეც: ვერ გავსძლებ უშენოდ. - ავასრულებ, რაინდო ჩემო, ყოველ შენს სიტყვას. ძალიან კი დავღონდები უშენოდ, დავიჩაგრები. მეტად სწუხს გული ჩემი საწყალობელი, სევდა შემოსწოლია მძიმე, ჩაბნელებულია სული ჩემი შენთან გაყრისას. - ნუ ნაღვლობ! გიბრძანებ, უკლებლივ აასრულო ჩემი სურვილი! მეფე გიბრძანებს, მიჯნური შენი. აჰა ბეჭედიც, მამტკიცებელი ჩემის სურვილის, კოცნაი ჩემი! - უთხრა ვაჟკაცმა და უკანასკნელად აღბეჭდა კოცნა მის თეთრ ლოყაზედ სწორედ იქ, სად ვარდი გაშლილიყო ღია წითელი. 69 გაიარეს კიდევ და მიეფარა სასახლე მათგან. ეხლა მთლად გამოფხიზლდა ქალი. მიავლ-მოავლო თვალი იქაურობას და შეკრთა, შეშინდა: დედათ სავანესაკენ წარემართა გზა. მაინც მიდიოდა. მისდევდა ბერი, მისდევნიდა კრავს სამსხვერპლოსაკენ. იქ შეიწირვიდა მოღიმარე სიცოცხლე მისი, იქ ჩაილეწებოდა მაშრაფა იგი კეთილქმნილი, ყვავილი სარგველად სათუთად შემზადებული, უძვირფასესად მოხატული ხელოვანისაგან. - რადაო? რისთვის? - იმად, რომ იგი მშვენიერი სიხარულს ამრავლებდა ქვეყნიერებაზედ, ღიმილს სიამისას; ქვეყანა კი უნდა სტიროდეს ცოდვათა სიმძიმით მთხრებლს ჩათხეული. - ეს ბერიც წმიდა, მონასტერში დავანებული მონაზონებიც მოძულენი არიან ჩემი და მისი, მტერნი არიან ჩვენის ერთობის, ჩემის და აშოტის კავშირისა; ცოდვად მიაჩნიათ სიყვარული, მანქანებად მავნე სულისა, და, ვინ იცის, რა ბოროტი მომევლინოს მათ ხელში, რა იწროება თუ ტანჯვა. ერთი კვირა დარჩებიო, ვაი თუ იგი კვირა თვედ გადაიქცეს, უფროც გაგრძელდეს. როგორ გავძლებ?! როგორ გასძლებს აშოტი ჩემი?! ცეცხლში ვიქნები უალოდ მწველში. არა არ შეიძლება ჩემი იქ წასვლა! - ფიქრობდა ქალი. მაინც მიდიოდა წინ. მისდევდა ბერი მსხვერპლად განწირულ სიმშვენიერესა, თვალნი მიებყრო მიმავალ ლელწამტანისთვის. ვერა ჰხედავდა იგი სიმშვენივრეს, სრულებით ვეღარ არჩევდა სილამაზეს ღვთის ქმნილებისას. იგი ჰხედავდა თვის წინ მიმავალ ეშმაკეულს, ცოდვათაგან შეთხზილ მრუშობის ჭურჭელს. თვით სატანასა ჰხედავდა მწირი სიმშვენიერედ განსახებულსა და მისდევდა მას ფეხდაფეხ, როგორც მხედარი ძლევამოსილი მტერს ტყვედ აყვანილს. საბელიც ერტყა მისგან მონებულს, მისგან შემბული თოკი უწყვეტი, რომლის წვერი უხილავად თვით ებყრა ხელში. ქალის გამოფხიზლება, მისი ნებისყოფის გაბრძოლება მაშინვე იგრძნო გრიგოლმა, კიდეც დაინახა: ყელი მოიღერა შუქურმა, უკლო სვლას, შეარყია ნაბიჯის სიმტკიცე. გასწორდა ბერი წელში, მიაპყრო თავის მსხვერპლს თვალი მბასრავი. - სჯობდა, მამაო წმიდაო, მოგვეცადა, მოსულიყო მეფე. - რად? - ნაბრძანები მაქვს, არსად წავიდე სასახლიდან. ეჭვს შეიტანს ჩემს მორჩილებაში; ეწყინება, გაწყრება - სთქვა ქალმა და უნებლიეთ ხელი მოისვა იმ ადგილას ლოყაზედ, სად კოცნით იყო აღბეჭდილი მისი ბრძანება, უკანასკნელი მუდარა თავდადებული მიჯნურისა. ბერმა ლახვარივით დაასვა ქალს თვალთა ისარი და უბრძანა რიხიანად: - იარე, მხევალო ღვთისაო! შეკრთა ქალი. ისევ გადატყდა მისი ნებისყოფა. ემონა ბრძანებას, განაგრძო გზა. მიჰყვებოდა ბერი უკან. თანდათან დაღუნა მან თავი, წელში მოიხარა; თითქო წელთა სიგრძე დააწვა მას ტვირთად რამ მძიმედ. ფიქრებს მიეცა უნებლიეთ, წარსულთა მოგონებას. გაახსენდა თავისი სიჭაბუკე. თვალთ წინ წარმოუდგა ახლად მოწიფული თებრონია, შველივით მალხაზი, გველივით მოქნილი ქალწული, რომელი მზა იყო ეშხის სხივად შემოჰხვევ-შემორტყმოდა მას, თავს შემოვლებოდა ხორცსხმულ ალერსად, სიამეთა ნავით გარდაეტარებინა ცხოვრების ზღვა დაუდგრომელი, აღყვავებულ წალკოტად ექცია ყოფის სიმძიმე შხამმორეული. შუქურის სახემ, მისმა სიტყვებმა ცხადად წარმოუყენეს მას გონების თვალთ წინ ის ვარდობის დრო, როდესაც მისკენაც იყო გაწვდილი ფიალა. სიხარულისა პირთამდინ სავსე. ხელი აჰკრა მაშინ მისდამი მიწოდებულს თასს ბედნიერებისა, დაანთხია ნექტარი მაცოცხლებელი, დაღვარა იგი თვისთვისაც და იმისთვისაც, მიწას გარია. უარჰყო მაშინ ნეტარება ქვეყნიური, დაშალა მაშინ ნივთიერი სავსება თვისი და სხვისი... კეთილ ჰქმნა იგი? იქნება მით შეამცირა ქვეყანაზედ სიხარული თუნდ ერთის ქრთილით და უნებლიეთ მეტი გზა მისცა მწუხარებას ბნელს. ქვეყანა ისეც ბნელთა სამფლობელოა, სოფელი ისეც შემძიმებულა ბოროტისაგან, მუქად მოსილი. და თვალწინ წარმოუდგა ბერს აწ თალხებში მჯდომი თებრონია, რომელი ალბათ უკვე იგრძნობდა მის მიახლებას, მისკენ სვლას გამარჯვებულის წმიდანისას, რომელი არგნით მისდევდა სჯულის მრყევ მეძავს, სიმშვენივრეს ეშმაკეულს, თვით ეშმას ხორცსხმულს, ლამაზის სახით მოვლინებულს; ეჰ, მაინც მშვენიერს! და ეხლა არც თუ ისე მიმზიდველი ეჩვენა ბერს სასტიკი მოლოზანი, ღვთაებრივი რამ შურით თვალებამომწვარ-ამოშრეტილი, ლამაზ ტრფობით აღვივებულ იმ თებრონიასთან შედარებით. - განვედ ჩემგან, მაცთურო ბოროტო! განმერიდე, შთაგონებავ მავნე სულისა! ჭეშმარიტად თვით ეშმაკია მეძავი ესე მშვენიერად მოჩვენებული! - შერისხა ბერმა ამაო მოგონებათა მიზეზი. და შესდგა. მიმართა ქალს: - შვილო ჩემო სულიერო! ჟამია, ვყოთ ლოცვა: მიახლებული ვართ სავანესა წმიდასა, ჯერ არს აღვავლინოთ გულნი ჩვენნი წანაშე ზეშთა მეუფისა! გაახშირა მწირმა პირჯვარის წერა და მეტანია. წარსთქვა ლოცვები. ქალი იდგა ქანდაკებასავით ჰაზრებმიმქრალი, გრძნობაჩახშული, ნებისყოფა ჩატეხილი-ჩამსხვრეული. იდგა უძრავად ქალი, რადგან ჯერ არ განაგრძობდა გზას მისი მბრძანებელი საკვირველთმოქმედი. - იარე! - გაემართნენ უჩუმრად, პირდაპირ შეურხეველ-შეურყეველის ნაბიჯით. დედათა მონასტერს უკვე ეგრძნო საკვირველ სტუმართა მოახლოება. - დაო ირინე! მიხედ-მოხედე მანდაურობას, ოსტინგი განამზად-დაასუფთავე: მომავალს მეუბნება, თითქო ძლიერი ძალის მექონი ვინმე მოახლებია ჩვენს სავანეს, სტუმარი დიდებული. - მეც ამითამაშდა თვალი, მაგრამ ვერ გავბედე თქმა, არ შემრისხოს-მეთქი მისნობისათვის. - გულმაც მიგრძნო: შორეულმა ძალამ ამიღელვა გრძნობა, გზისაკენ მიჰმართა ჩემი თვალები. - იქნება წინათგრძნობა თუ მომავლის ნიშნები ხანდისხან ცრუმორწმუნება არ იყოს, იქნება ადამიანის სული უფრო შორსა სჭვრეტდეს, სინამ მისი თვალი თუ ყური. - ვინ იცის! დიდ არს განგება უფლისა და მიუწდომელ. ამ ლაპარაკში იყვნენ მონაზონები, როცა ჭისკრიდან შემოირბინა მორჩილმა გოგომ და დაიძახა: - გრიგოლი მოდის, ღირსი მამა ჩვენი გრიგოლი! - გრიგოლი?! - დიაღ! წინ ვიღაც ქალი მოუძღვის. მშვენივრად აცვია. წუღები და კაბის კალთები კი სულ დამტვრიანებია. გზაზედ დავინახე და მაშინვე გამოვიქეცი აქათ. მონასტრის ეზოში ჩოჩქოლი შეიქმნა, მითქმა-მოთქმა, ერთმანეთის ძახილი. დაჰკრეს ძელს, დარეკეს. შეიკრიბნენ დები სავანისა. გაემართნენ კარებისაკენ თებრონიას წინამძღვრობით. საკვირველი სანახაობა წარმოუდგათ თვალწინ: ფეხით მოდიოდა მდიდრად ჩაცმული ქალი; უკან გრიგოლი მოსდევდა არგნით ხელში. მოხრილიყო ბერი, უძლური რამ მოხუცის სახე მიეღო. ქალი, წელში გამართული მოაბიჯებდა, მისი სახე უძრავი იყო, თითქო უსისხლო; ხედვის ისარი ერთს წერტილზედა ჰქონდა მიბყრობილი, გაყინული, უაზროდ გარინდებული. - დაიცათ, შესდექით! შუქურია ეს, მეძავი მეფის მხიბლავი, ბრძანა თებრონიამ და წანვლო წინ, მიწამდინ თავი დაუკრა წმიდანს, ხელს ემთხვია მას. მიესალმა ქალსაც; შეიცოდა, რომ დაღლილიყო გზაზედ. შუქურმა ხმა ვერ გასცა, თითქო ეძინა თვალხილულსა. - იღვაწე ესე ჯერისაებრ! კეთილად დაიფარე დედაკაცი ესე. მტკიცედ დაიცევ საფარვლისა ქვეშე წმიდისა ამის სავანისასა, რა ჟამს ძიება ჰყოს მეფემან აშოტ. იტვირთე! თებრონიამ ხელი უბყრა შუქურს, შეიყვანა მონასტერში; ჩააბარა სხვას; თითონ გამობრუნდა გრიგოლთან. დაიხშო კარი შუქურისადმი მიჩენილის სენაკისა. დაიხშო ბჭე ცხოვრებისა სიცოცხლის ასაყვავებლად მოვლინებულ ქმნილებისათვის. იქ, იმ მონასტერში, უნდა მოენანნა შუქურს თვისი ცოდვა მომაკვდინებელი. და რა ცოდვა ჰქონდა ამ ღვთის შვილს გულწრფელს, ყოვლადსახიერს?! მშვენიერ ყვავილად რომ დაებადნა იგი შემომქმედს, თვალთა სასიამო ქმნილებად სათაყვანებლად, ეს იყო ბოროტება შუქურისა; მისი სიკეკლუცე ხორციელი, მისი სინარნარე თანდაყოლილი, სიმშვიდე თუ მოსიყვარულე გული ყოვლად კეთილი, რომ უძლევლად იზიდავდნენ მისკენ ბუმბერაზ მეფეს საქართველოსას, ეს იყო ცოდვა მისი შეუნდობელი. თითონაც რომ გაებედნა შუქურს და შეჰყვარებოდა დიდი აშოტი, თავისი ქალობა რომ ფიანდაზად დაეფინა მისთვის სამუდამოდ. მის გასახაროდ, მის სანუგეშოდ, ეს იყო ის დიდი შეცოდება, რომელი თურმე ვერ ეპატიებოდა მას ვერც ამ ქვეყნად, ვერც თუ იმ ქვეყნად. - ქვა უნდა დაჰკრიბო მასზედ, უნდა ჩაქოლო მეძავი ბილწი! - რადა? მისთვის, რომ თვით მშვენივრებაა ხორცსხმული, თვით ტრფიალება ცხადად სახული? მისთვის, რომ ამრავლებს ქვეყანაზედ სიმშვენივრეს და სიყვარულსა? - ყალბსა სიყვარულს ეშმაკეულსა, სიმშვენივრესა სატანასებურს, ხორცთა ამაზრზენს, ვნებათა ჩანმთქმელს. - სიყვარული ეშმაკეული; სიმშვენივრე სატანასებური! ნუთუ შემომქმედს, თვით უხრწნელ სიმშვენივრეს, თვით სიყვარულს შემოუწერელს, მოსტაცა ბნელმა ნაწილნი ნათელისა?! იქნება ჭეშმარიტებაც წარსტაცა ბნელმან მას, ყოვლად ჭეშმარიტს?! მე კი ვგონებდი: სიმშვენივრე, სიყვარული, ჭეშმარიტება ნაწილნი არიან უსამზღვროის მის ნათელისა, ქვეყანაზედ ჩვენდა სანუგეშოდ ცხადქმნილ-მოვლინებულნი. - იყუჩე! სატანაილი დაჰხრის შენს ჰაზრს გარესკნელისკენ, განგცდის შენ ეშმაი ბილწი განცდით ძლიერით!

70 ეახლა ბერს თებრონია, შეიწვია მონასტერში. არ ინება მწირმა, არ შევიდა ეზოში; იქვე ჩამოჯდა ლოდზედ, ორივე ხელით მოჰკიდებოდა დაბჯენილ ყავარჯენს გარინდებული, ფიქრში წასული. აასრულა იმან განზრახვა ძნელი, თითქმის შეუძლებელი; უბრძოლველად წაიყვანა ძალამოსილი ქალი მონასტერში, თოკი შეაბა უტყვ ზვარაკივით, წინ გამოიგდო, მოაცილა თვით სამსხვერპლომდინ. სასწაულს უდრიდა ეს. სასწაულიც იყო მომქმედ მადლით წარმოებული. გრძნობდა კიდეც ის თავის ძალას შემბორკს შემცოდისას. ღვთის ნებაზედ მის მატარებელს. ეხლა, როცა შეასრულა თავის განზრახვა, უძლურებას განიცდიდა ხორცისას და სულისას, გრძნობათა სიცალიერეს უსიამოს. ჩაფიქრებული იმასაცა ჰხედავდა, რომ ეს მძიმე საქმე გააბედინა მას არა მხოლოდ სამღთო გულისთქმამ, სწრაფამ ღვთისადმი; თავმოყვარეობამაც, თვითმოყვარებამ თვისმა ზვიადმა. შეკრთა, როცა გაითვალისწინა მთელი შედეგები ამ გაბედულის მოძრაობისა. საშიშიც იყო: ძნელი სათქმელი იყო, როგორ გაიმაგრებდა მონასტრის ზღუდე ქალს, რომელს არავითარი კავშირი არა ჰქონდა სავანესთან, რომელი მთელის ძალით გაიბრძოლებდა, რაკი თავს მოეგებოდა და ჩააკვირდებოდა თავის ყოფას. აუცილებელი შეიქმნებოდა ეს: დღეს დაიმორჩილა ქალი, მოადუნა მისი გონება და ნებისყოფა, შემდეგ ისევ გაიმართებოდა იგი წელში, თავის დონეზე დადგებოდა; მაშინ ძალითღა იქნებოდა შესაძლებელი მისი დაკავება, მოხერხებული რამ ქცევით; მაინც მის უნებლიეთ. ისიც ძლიერ საეჭვო იყო, გაუძლებდა თუ არა სავანის ზღუდე მასზედ მისულს ძალას მეფისას: გაიგებდა აშოტი, სად დააპატიმრეს ქალი და წაესწრაფებოდა მის დასახსნელად, დასაბრუნებლად. მედგრად შეებრძოლებოდა მოწინააღმდეგეს. ეს მოწინააღმდეგე ძალა იყო დღეს თებრონიას ნების სიმტკიცე. - მებრძოლად დედაკაცი ამისთანა სასტიკ წყობაში?! - დედაკაცი ჭირში ნაცადი, მისი მისწრაფება უტეხი, ხელოვნურად ნაწრთობი; მისი ნებისყოფა, რომელი მოიხრება ძალთა წინაშე, მოიდრიკება, მიწას განერთხმის, არ კი გადიმტვრევა. სურვილს აისრულებს. - რომ ძირიანად ამოგლიჯოს რისხვის გრიგალმა? - უბედურება იქმნება, სჯულის შერყევა, თუ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ხელს დარევენ რაინდსა ღვთისას და გადაჰფშვნეტენ. ნუ იყოფინ! თებრონია მებრძოლია ეკლესიის სახელით, მასზედ არის დამყარებული გამარჯვება მეუფის საყდრისა ამ ძლიერ ბრძოლაში. უნდა შესძლოს შემართება, აიტანოს რისხვა ყოველი, უკუაქციოს მებრძოლი ძალა მძლავრად მისული. განმტკიცდეს იგი! მე განვამტკიცო! მონაზონი შორიახლო ჩამომჯდარიყო და ელოდდა ბერის გამოფხიზლებას: ეგონა, დაღლილს ჩასძინებიაო. შეირხა მწირი. მიჰმართა მონაზონს: - მეც ჭამადი მცირედი და წარვიდე სავანედ ჩემად! ბევრი ევედრა ქალი, ენებებინა მონასტერში შესვლა, პურის მირთმევა და მცირედი განსვენება, მაგრამ ვერ დაიყოლია წმიდანი. იქ მოართვა ტაბლა, გალავნის გარეთ. ნელ-ნელა სჭამდა მოღვაწე, ნაზად, თითქო დაზოგვით. თან უბნობდა, არიგებდა მასპინძელს, როგორც უნდა მოქცეულიყო ის ამ მძიმე შემთხვევაში. ევედრებოდა, გამოეჩინა სიმტკიცე შესაფერი. - ეს გზა, დაო ჩემო სულიერო, რომელს უკვე დაადექ შენ, არის სავალი სჯულის აღმსარებელთა, გზა წამებისა, იქნება მოწამებრივის აღსრულებისაც. იცოდე ეს შენ! - მიხარიან ამ გზით სვლა. ვერ გამტეხოს ძალმა წინააღმდეგმა! მეძავი იგი ვეღარ იხილავს ცხოვრების ნასახს სავანის გარეთ, ვეღარ იგემებს სიცოცხლეს ცოდვათაგან მტკბარს! - წარმოსთქვა ჯიუტად და თვალნი აეგზნო შურით ძლიერით; იტყოდნენ: სამღთო შურითა. მრავალს ჟამს მარტოდ უბნობდნენ ნეტარნი ესე. დაბალი ხმით ამბობდნენ შეთქმულებივით, თითქმის ჩურჩულით. მახლობლად არავინ იყო, ყველანი დაეთხოვნათ წინამძღვრებს. ადგნენ. ხელს ემთხვია თებრონია. გაშორდნენ ერთმანეთს. მტკიცე ნაბიჯით მიემართებოდა თებრონია, აღგზნებული თვალები ნათელჰყოფდნენ მის მღელვარებას. დიდი ღელვა აღძრა ამ ახალმა ამბავმა საგულისხმიერომ მთელ მონასტერში, სად ცხოვრება ისე ერთგვარად მიმდინარობდა ურყევ-უღელველად. ეს დღე არ ჰგვანდა სხვა დღეებს, რომლები ისეთის მოსაწყენის ერთფერობით მისდევდა ერთი-მეორეს მოსაბეზრებელ ერთგვარობით. მითქმა-მოთქმა გახშირებულ სავანეში დიდი ყურადღება მიიპყრო თებრონიას საუბარმა წმიდანთან. არცერთი მათი სიტყვა არ ესმოდათ ცნობისმოყვარება აღძრულთ და ვეღარ მოეთმინათ, ვერ დაწყნარებულიყვნენ. ბოლოს თემისტომ გადადგა გაბედული ნაბიჯი: წყაროს ბილიკი იმ ადგილის ახლო გადადიოდა, სადაც ისხდნენ მესაუბრენი. ქალმა აიღო სურა და წყალზედ წავიდა; ისე მოზომა გზა, რომ მათ ახლო გავლისას გაეგონა რამ, ყური მოეკრა სიტყვისათვის. არ გაუცუდდა განზრახვა, მოესმა: - იყავნ ეგრეთ! უკეთუ უღირსი მონა ღვთისა ანგელოსი ვარ აწ, მაუწყებელი მისის ნებისა, აღსრულდეს შენ მიერ იგი წმიდა ნება მისი! - აღსრულდების! ძალა უფლისა განმამხნობს უძლურს! სხვა ვეღარაფერი გაიგონა, ვეღარც გაბედა შემდგარიყო და ესმინა. გაეშურა. მიუთხრა გაგონილი თვის დებს ქრისტეს მიერ. დაიწყო ღვთის ნების აღსრულება მონასტერში მომწყვდეულ ლამაზ შემცოდეს შესახებ, უტეხი რამ ნებისყოფის სრულყოფა, რომელი ურყევად თუ უგრძნობელად მიდიოდა თვის მკაცრად განსამზღვრილ სავალზედ და თვალდამწუხულ თვის სასტიკ სვლაში ტყვიის ბიჯით სთრგუნავდა ყვავილს ტრფობისას, ქალ-ვაჟთა შორის აღმოცენებულს; ჰლეწავდა თვით ღეროებს ტურფა ყვავილებისას; სთხრიდა ფესვებსაც საიშვიათო მდელოსი ედემურისა. გახადეს შუქურს სამოსი სამხიარულო ფერად-ფერადი, შემოსეს შავი ძაძა სიხარულის ბნელად შამღები, სამგლოვიარო; მოხსნეს მანდილი ყვავილოვანი, მობურეს ბლანდი მძიმე ლამაზ დალალთა მთლად დამფარავი; წაჰყარეს სადაფ ყურთაგან დილის ნამივით მოციმციმე საყურეები, შუშა თითთაგან ბეჭდები ცეცხლის მფრქვეველნი; ახსნეს მკერდიდან გულის ქინძისთავი; შეხსნეს წელიდან სარტყელი სადედოფლო მეფე-მიჯნურისაგან მიძღვნილ-მირთმეული; შემოარტყეს მის წილ საბელი ქალამანისა მწვირიან-კვანძიანი. - ნუ გენაცვათ! ეს სარტყელი მევე დამიტოვეთ: აშოტის ნაჩუქარია; თავის ხელით შემომარტყა; მის სახეს მაგონებს, მის შეხებასა. - არ შეიძლება! ცოდვას მოგაგონებს ეს სამკაული, ცოდვათა ტალღას მიგცემს წარმწყმედელს. შეიბი საბელი! შემოგერტყმის მადლი ძლიერი, ზეცად აღმყვანი. ხამლი ჩააცვეს უფერო, უშნო, კოხტად ნაქარგ წუღების ნაცვლად გოჰარშეყრილისა. როგორ დაკარგა ნაქვთიანმა თავის სახე! უშნოდ გამოჩნდა ფეხი კოხტად ნაგები. რას იტყოდა აშოტი, რომ დაენახნა! პირიც არ დააბანინეს მტვერშეფრქვეულსა. - ნავლი უნდა დაიყარო თავს, ნაცარი და ისე ინანვიდე ცოდვას შეუნდობელს, - უთხრეს მას. გესლიანად გაეცინათ, სარკე რომ მოითხოვა, მიჭვრიტაი რამ ლითონისა. - ნეტა მიცნობსღა აშოტ, ეხლა რომ შემხვდეს თუნდ მარტოდ-მარტოს? მაინც მიცნობს! ალღოთი მიჰხვდება. ძალა იდუმალი ამცნებს მას ცხადად. მეტყვის ხოლმე, საიდუმლოდ რამ ძალა მაგრძნობინებს შენს მოახლებას და მძლავრად მიზიდავს შენკენ, ჩემო სიხარულო... - გიღალატე მე, სიხარულმა შენმა, ვაჟკაცო ჩემო, გავტეხე შენი მცნება, ბრძანება შენი. ნუ ინაღვლი და ნურც შემრისხავ: წამიერად გეურჩე, დროებით, მხოლოდ ერთი კვირით. ვერ ვეწინააღმდეგე წმიდანს, ვეღარ შევსძელი: მინდოდა მისი კურთხევა ყოფილიყო ჩვენზე, ჩემზედ და შენზედ. განუყრელნი ვართ, ერთნი საუკუნოდ. - ჭამე რამ, დაიმშეოდი გზაზედ, დალიე! - უჰ, როგორი ნასი პურია, გაუცრელი, ჩენჩოიანი! არ მინდა. წყალს კი დავლევ. როგორი ჭუჭყიანი წიწანა არის პირმოტეხილი, სად არის ეხლა ჩემი ოქროს კუტალი ვერცხლის ლანგარზედ მდგარი! გაუკვირდება აშოტს, როცა ვუამბობ, როგორ გამიმასპინძლდნენ წმიდა დედანი, მისგან უხვად ნიჭებულ სავანეში; იქნება კიდეც ეწყინოს, გაწყრეს... - ნუ, გენაცვალე, ნუ გაუწყრები საწყალ დედაბრებს! აღთქმა დაუდვიათ, იზრუნონ მხოლოდ სულზედ. თურმე არ უნდა სულს არაფერი შნოიანი, არც თუ შემრგო, არც სასმელ-საბურავი, არც საჭმელ-სასმელი. სულისათვის თურმე ისიც არაბედენაა, რანაირ გვამში იმყოფება იგი, როგორი ხორცი შეუმოსია, მშვინიერი თუ მშვენიერი. უფროც უხარიანო გვამი მახინჯი, მიხრწნილ-მილეული, უსუფთავო მოუკაზმავი. ნეტა თუ რად? ხორციც ხომ ღვთისაგან შექმნილია ყოვლად სახიერისა. რომელი არის მშვენება უებრო, წუნდაუდები. საიდუმლო ჰაზრი თუ არის აქ ჩემგან მიუწთომელი. ვკითხავ აშოტს, ის მეტყვის მართალს: ჭკვიანია, ფიქრგამჭვირვალი; ნათელი სიტყვა იცის, მოაზრებული. მივეალერსები და ისე ვკითხავ. უთუოდ მასწავლის... - პურსაც შევჭამ. რა ვუყოთ, რომ ნასია?! არაუშავს რა! არ უამება აშოტს, თუ უჭმელობა დამეტყო; იქნება კიდეც მაყვედროს. არა! როდის დამმდურებია, რომ ეხლა მაყვედროს?! უფრო მომიალერსებს: თუ შეუძლოდა ვარ ან დაღონებული, სულ თავს მევლება მეფე ვაჟკაცი. იქნება იწყინოს, ცუდად გისაზრდოვებიათო, გაუწყრეს ამ საწყლებს. უნდა კმაყოფილი ვიყო ამითიც, რაც მომართვეს. მშიან! 71 სასახლეში კრძალვით და შიშით ელოდნენ აშოტის დაბრუნებას. აისრულა დედოფალმა წადილი, ჰპოვა უფრო მძლავრი ძალა, სინამ სურვილი ხელმწიფისა, დაიხმარა ის ძლიერება წინააღმდეგ მეფურ უფლებისა, რომლის თანაზიარი იყო თითონაც, და დააპატიმრა შუქური მონასტერში, ჩაუკეტა კარი ცხოვრებისა. რაც ბოღმა უტრიალებდა ზვიად გულში დედოფალს, მხევლისაგან დამარცხებულს, ქმრისაგან უარყოფილს და მოახლეზედ გაცვლილს, მთელი ჯავრი, გუბე გესლისა ადუღებულ-აღქაფებული, ზედ დაანთხია მეძავს საზარელს, მოსპო ის ცხოვრებისათვის, ცოცხლივ დამარხა უძირო მთხრებლში ამოუსვლელში. მაგრამ ამითი მაინც არ ისპობოდა პყრობილი გრძნეული, არ განქარდებოდა ძალა მისი ეშმაკეული: მეფე-ვაჟკაცი ძლიერ იყო დაგესლილი იმ ჭრელისაგან, შებორკილ-დამონებული, და ეხლა დიდად საზრუნველი იყო ის, როგორ აიტანდა აშოტ მძლეველი ამ მისთვის ფრიად სამძიმო ამბავს. - ძალიან იწყენს, გაბოროტდება, აღშფოთდება უზომოდ. რა საშინელებას ჩაიდენს ვნებააშლილი, ფიქრაფურტკვნილი, მხოლოდ ღმერთმა იცის. შეიძლება ვეღარ შეიმაგროს თავი, რისხვა თვისი მეხად დაატეხოს ყველას და ყოველსავე. განრისხებული აშოტი განძვინებული ლომია უწყალო, მედგრად მოქმედი, - ამბობდა დედოფალი და ფიქრობდა, როგორ შეჰხვედროდა მეფე-მეუღლეს, რომ მცირედ მაინც დაეწყნარებინა ის და ფრთხილად ამოეღო სევდის ისარი, რომელი ამ ამბის გაგონებაზედ გულს განეწონებოდა გამიჯნურებულს. ფიქრს მისცემოდა მწარეს ღირსი გრიგოლიც. შეებრძოლა იგი გოლიათს ქრისტეს სჯულის შემბღალავ-მაგინებელს, შეჰმართა მთლად უიარაღოდ. მხოლოდ არგანი ებყრა ხელთ და საბელი თვისის ხამლისა, როს გაემართა იმასთან წყობად. გაუმარჯვდა გულადს: საბლით შებოჭა ეშმაკეული, რომელს ჰმონებდა ძალა გოლიათისა, არგნით წარიგდო იგი წინ და დახშო წმიდა სავანეში, სად უმწეოა სატანა ბილწი, მთლად უძლურია მის მანქანება. თითქმის უბრძოლველად შეასრულა ყოველივე ეს, მაგრამ ბრძოლა კვლავ მოელის მას, ყველა მის მომხრეს, წყობა სასტიკი, უწყალო, შეუბრალებელი. - ვინ იცის, რით დამთავრდება ომი საბედისწერო. ნუ იტყვი, იბრძვის მხოლოდ ვაჟკაცი ერთი სურვილთა ასასრულებლად. იბრძვის აქ ბჭე ჯოჯოხეთისა წინააღმდეგ წმიდის ეკლესიისა. ვერაფერს დავსთმობ! ვერ შედრკება საყდარი ღვთისა სალს კლდეს ყრდნობილი, ვერ შეირყევა: ეს აღთქმაა მაცხოვრისა უცილობელი! - მაგრამ ეს აღთქმა შეეხება საბოლოვო გამარჯვებას ეკლესიისას ჟამთა დასასრულში; დროებით კი, აქა თუ იქ, განსაზღვრილი დროს თუ ადგილას შესაძლოა დამარცხება ნათლისა, მოკვდინება თუ დაშლა არა მცნებისა, არამედ მებრძოლთა, მათი სიმაგრეებისა. - ოღონდაც! ბევრჯერ მიუღიათ სჯულისათვის მებრძოლთ სიკვდილი მოწამებრივი, ბევრგან ნგრეულან მძლავრი მარჯვენით ზღუდენი წმიდათა სავანეთანი, შესძლებს ბოლომდის ბრძოლას ღირსი თებრონია? არ შედრკება მისი მხნეობა ღვთაებურის შურით გზნებული? არ დასთმობს იმ ეშმაკეულს, არ განუტევებს, თუნდაც წამება მიერგინოს მისთვის და თვით სიკვდილი? - სრული იმედი მაქვს ღირსისას! ვიცნობ თებრონიას, მის შემმართებელ ბუნებას განუტეხელს... მაინც მიბყრობს შიში გაურკვეველი; ცხადად ვერ ვჭვრეტ შავ რამ ბურუსში დაფარულს ბოლოს სასტიკ ბრძოლისას. ვილოცოთ, ძმანო, ჩემნო, მიჰფინოს ყოვლად ძლიერმა წმიდა სავანეს მადლი განმამტკიცებელი, შემოარტყას მას უძლეველი ძლიერება თვისი ზღუდედ უძრავად, განამხნეოს თვის სადიდებლად მებრძოლი დედა თებრონია. ვევედრნეთ, თანაწარხდეს ჩვენგან განსაცდელი ესე სასტიკი. ლოცულობდა გრიგოლ, მაგრამ მთლიანად ვერ აღევლინა გონება თვისი ზეცისადმი: მოგონების თვალი არა ჰშორდებოდა მეფის სასახლეს და დედათა მონასტერს, ზრუნვით ბყრობილი მისი ჰაზრი ჰქსელავდა გზას ამ ორ მეტოქე ციხე-სიმაგრეების შუა. საშიში ბრძოლა დაწყებულიყო წმიდა მოღვაწეთა და მეფის შორის. აშოტი არ დასთმობდა თავის სატრფიალოს, ვერ დაუტევებდა იგი მას, ვერასგზით ვერ შესძლებდა მის უარყოფას; შუქური განუყოფელი ნაწილი შექმნილიყო მისი არსებისა, მისი სული უკვე გადასულიყო შუქურისას, დაევანა მის გულში, როგორც პატიოსან ქვისაგან გამოკვეთილ რამ ტაგრუცში; შუქურს მოკლებული, უსულოღა იყო აშოტი და როგორ იცოცხლებდა, რით იცოცხლებდა, ვით დამშვიდდებოდა თუნდაც ერთს წამს?! შეუძლებელი იყო ეს! აშოტი ვერ დასთმობდა ცოცხალი იმ მისთვის მოვლინებულ მარგალიტს ფასდაუდებელს. ეს კარგად იცოდა დედა თებრონიამ და მისთვის გაეკაჟებინა გული, ისეც გაციებულ-გაქვავებული. იდუმალი სიხარულით ელოდდა რისხვას მეფისას: ნატრობდა წამებას, სიკვდილს მოწამებრივს. მაშინ ზეცას აღფრინდებოდა იგი ცხოვრებისაგან უარყოფილი. ცხადად ჰნახავდა გრიგოლი, რა ძვირფასი საუნჯე იყო თებრონია ქალი და გაჰკვირდებოდა, დაენანებოდა კიდეც მას იგი, გული ეტკინებოდა. ყველანიც განცვიფრდებოდნენ მაშინ, ქებას ეტყოდნენ, ხოტბას შეაფრქვევდნენ. ზღაპრად დაიდებოდა მისი გმირობა. უბრალო დედაბრის შემმართებლობა. მეფემ კი არაფერი იცოდა ამ ამბისა, ამ სხვისთვის თითქო უმნიშვნელო, მაგრამ მისთვის საბედისწერო ბრძოლის დაწყების შესახებ: მეფის ბანაკამდინ ჯერ არავითარ ცნობას არ მიეღწია ამაზედ. წინათგრძნობაც არა ჰქონდა ვაჟკაცს ამ მისთვის ძნელ ამბავისა. მოუხაროდა სასახლისაკენ. დიდად გამარჯვებული იყო მებრძოლი, იმისათვის იშვებდა და იხარებოდა. აგერ ერთი თვე იყო, სათარეშოდ წაბრძანებულიყო აშოტი, დიდი ლაშქარი არ ახლდა, არც დიდი ომი განეზრახა სამფლობელოში შემოჭრილ მტერთან; მხოლოდ ჰსურდა მოსვენება არ მიეცა მისთვის აქა თუ იქ მოულოდნელ თავდასხმით. ჯარი პატარ-პატარა მსწრაფლ-მოძრავ რაზმებად დაეყო და დაეგზავნა. თითონ შუა ადგილი დაეჭირა რჩეული დასტით, რომ მსწრაფლ გაჩენილიყო იქ, სადაც გაჭირდებოდა. კარგი დრო იყო სალაშქროდ თუ სანაპიროდ. გაზაფხულის ჟამს ადიდებული მდინარეები ბუნებრივ დაბრკოლებას წარმოადგენდნენ მტრისათვის, რომელმაც არ იცოდა ქვეყნის აგებულება და მარჯვედ სავალი გზა თუ ფონები. ქართველებს კი არ გამოეპარებოდათ არც ერთი მოკლე სავალი თუ ბილიკი. ჰაზრიანად სარგებლობდნენ თავის ცოდნით, ანადგურებდნენ მტერს მაშინ, როცა სრულებით არ მოელოდდა ის; თავს ესხმოდნენ იქ, სადაც ის მთლად უზრუნველადა ჰგრძნობდა თავს. შიშის ზარი დაეცა აშოტს მტრისათვის, ძრწოლა შეეყენებინა მისთვის. დიდად ეზარალებინა. ეხლა შემოეკრიბნა გაფანტული რაზმები და დავლით დატვირთული ხალხი დიდის ზეიმით თუ ღრეობით ისწრაფიდა სატახტო ქალაქისაკენ. მიუხაროდათ სახლში ცოლშვილთან, სატრფოებისაკენ. საჩუქრები მიჰქონდათ ძვირფასებისათვის, ნიშანი გამარჯვებისა. მეფეც იხარებდა, როგორც ერთი მხედართაგანი, იმასაც მიჰქონდა რჩეული ზღვენი თვის სახლობისათვის, საუკეთესო სახსოვარი გულის ვარდისათვის. - ეს სამაჯური მის ნაქანდაკებ მკლავს, ესე ფარღული მკერდს დრუნგილისას, სიცოცხლით სავსე მარმარილოსას! გაეხარდება ლამაზს. გამეხარდება, რა ვნახავ ჩემეულით დამშვენებულს. მე რომ მოვიცლი მის კოცნისაგან, ამან დაჰკოცნოს ჩემ მაგიერად; განუწყვეტლადა ჰკოცნოს, მოუცილებლად. ისწრაფიდა ვაჟკაცი გამიჯნურებული, ჭაბუკივით ჩქარობდა, სულმოკლეობდა, ღელავდა მოუთმენლად. მიღელავდა ლაშქარიც დროშაგაშლილი, მიიმღეროდა. გზა კი არ ილეოდა: გაგრძელებულიყო არტანუჯის შარა, შორს თუ დაეწივნა მეფის სასახლეს! მაინც მივიდნენ. შეაქროლეს ტაიჭები ციხის ეზოში. სეფე ქალნი გამოეგებნენ რაინდებს. დედოფალი მოწინაობდა. მიულოცეს გამარჯვება. გაიხარეს. აშოტი თვალს ავლებდა კეკლუცთა კრებულს. მის ხედვათა ისარი არ შეჩერდა არავისზედ: ასცდა მის თვალთა სხივი სეფე ქალთ, მიევლ-მოევლო მოახლეებს, მხევლებს, მსახურებს. არც იქ შეჩერდნენ მეფის თვალები, ვერც იქა ჰპოვეს თვის საძებარი: შუქური არ იყო არც იმათ შორის. ეს პირველი ისარი იყო წვერგამახული, ბნელმა ეჭვმა რომ დაასვა მეფის გაშლილ გულს. ნახეს აბანო. შესცვალეს საომარი ტალავარი სალხინო ტანთსაცმელით. დაიდეს ნადიმი დიდებული, მეფის საკადრი. დედოფალი აღტაცებაში იყო, საუკეთესოდ შემკული. ყველას უტკბებოდა, უალერსებდა მეუღლეს; ცდილობდა ეშხი მიეცა მეჯლიშისათვის. ღელვა მაინც ემჩნეოდა: ჭარბი სიხარული ვერ ეფერებოდა მის ზვიად ხასიათს მიუკარებელს, განზრახ მოწყობილი შვება ხელოვნური. მეფე კმაყოფილი იყო, რომ გურანდუსტი თავისი ხალისით აელვარებდა მხიარულებას. წინეთ თვისი ერთობ თავდაჭერილი ქცევით უკარებელით, მეტად ამაყი მიმოხილვით თუ თქმით ანელებდა აღფრთოვანებას შვებისას ალად ავარდნილს. ვაჟკაცს მაინც ეტყობოდა ღელვა, თანდათან ემატებოდა მოუთმენლობა. მაშ რა უნდა ექმნა, თუ არ აღელვებულიყო: შუქური არსად სჩანდა არც დილას ეზოში, არც ეხლა ნადიმზედ. - ვიღაც სხვა ადევნებს თვალყურს ტაბლის სამკაულს, ჭურჭელს მურასას. სად არის შუქური? როგორ შეიძლება, სხვის ხელი ჰხვდებოდეს ძვირფას საუნჯეს?! ნუთუ არ იციან, რომ ოქრო-ვერცხლის სასმისი თვალ-მარგალიტით მკული, მხოლოდ მაშინა ჰშვენის, როცა მას ჰხვდება ხელი შუქურისა?! სურვილითა ჰსურდა დაეძახნა შუქურისათვის, ეხსენებინა მისი სახელი, ეკითხნა, სად იყო იგი სახლის მშვენება, ებრძანებინა, ფიცხლავ მოეყვანათ მის წინაშე იგი ქალთამზე. ეჰ, არ შეიძლებოდა: მეფე იყო, მთელი საქართველოს მბრძანებელი და არ შეჰშვენოდა, საჯაროდ ესდენი ყურადღება მიექცია სასახლის ქალისათვის. ჯავრი დაეტყო მეფეს, შუბლი შაეჭმუხნა. ნაძალადევადღა იტყოდა სიტყვას. აღარ ესმოდა სხვათაგან თქმულიც. შენიშნეს მეინახეთა ჭმუნვა მეფისა და დაუშვეს ხმა, დახარეს შვება. შეწყდა ჟრიამული სამხიარულო. გაიშალა შავი ფრთა უამობისა. გათავდა მეჯლიში. დაიშალა სტუმრეულობა. 72 იგრძნო მიჯნურმა, რომ ავი შეემთხვივნათ სატრფოსათვის, ბოროტი მოევლინათ საბრალოსთვის შეუბრალებლებს, რომელნი იშვებდნენ გამარჯვებულნი და თვისი სიხარულით ნიშნს უგებდნენ მას, მათგან ძლეულ ბუმბერაზს უძლეველს. ძალიან ეწყინა აშკარა შეურაცხყოფა თვისის პიროვნებისა. გული მოუკვდა, როცა წარმოიდგინა, რა ბოროტი დაჰბურავდა ღვთის შვილს სახიერს, მტერთა თუ მოშურნეთაგან გარეშემორტყმულს. სული შეუწუხდა, როცა წარმოიდგინა, როგორ მოეხსნება თვით მას სიამე, განშორდება ნეტარება, მოესპობა კმაყოფილება, სულის სიმშვიდე. - აუტეხეს რამე იმ საბრალოს, რაკი გამიგულეს, თუ ავად იყოს, წარმოიტყოდნენ, ვინმე ახსენებდა მას სუფრაზედ, სადაც მის ადგილს სხვა იდგა, ვიღაც უცხო, შეუფერებელი, - გაიფიქრა მეფემ და გაემართა შუქურის გალიაკისკენ, შევიდა, ვერ ჰპოვა თავისი მზე. სხვაც არავინ დახვდა იქ, არც თუ მხევალი რომელიმე. სავანეში ზოგი ნივთიც ეუცხოვა. შუქურისა არ იყო. აღარც ისე იყო სავანე მილაგებული, როგორც, შუქურს უყვარდა, მაშინ გულისხმა-ჰყო ყოველივე იგი ყოფილი საქმე და ფრიად შეიურვა. შემოჰკრა ტაში. მთრთოლვარე ხელმა ასწია კარის ფარდაგი და წარსდგა მეფის წინაშე ხადუმი; მუხლი მოიდრიკა. მეფემ მრისხანედ დახედა მას. მონა მიწას გაერთხო მბრძანებლის ფეხთქვეშ. - სად არის შუქური? - წაიყვანეს, დიდო ხელმწიფევ! ბერმა გრიგოლმა წაიყვანა დედოფალი. - წაიყვანეს და შენ ცოცხალი ხარ?! რად არ მოჰკვედ იქვე, შე არაკაცო? - წარმოსთქვა აშოტმა და მისმა ხელმა შეუგნებლად გაიწია ხანჯლის ტარისკენ. - ნუ მომკლავ, ყოვლად მოწყალეო! მიბრძანა დაბრუნება, არ გამიყოლა. ელდა ეცა ვაჟკაცს. მუხლთ მოეკვეთა, ჩაჯდა სავარძელში. გაქვავდა ერთს ხანს დარდდარეული! სახლთუხუცესს იდუმალ თვალი ედევნებინა ამ ამბისათვის და გაბედა: ფეხაკრებით წარსდგა მეფის წინაშე. აშოტმა ვერ შენიშნა. ყურადღება არ მიაქცია მას. მერმე შეხედა ჩამქრალი ხედვით, ცივად, უაზროდ. კარისკაცი იდგა უძრავად მორჩილ-მოხრილი. - სად არის შუქური? სახლთუხუცესმა უამბო ყოველივე დაწვრილებით. მის თქმაზედ მეფე თანდათან ფერსა ჰკარგავდა, ფითრდებოდა. მერმე მსწრაფლ აღეგზნო. წამოიჭრა ზეზე. - თავი წარეკვეთოს ამ ლეშს! - ანიშნა გართხმულზედ. -საბყრობილეში ყველა მხევლები შუქურისა! ცხენის ძუაზედ ჰხამს აებნენ მოღალატენი და დაიჩლიჩნენ. - სასტიკი ბრძანება, ცხებულო ღვთისავ! - სასტიკი მეფის მოღალატეთათვის?! შენც მოღალატე! სახლთუხუცესმა უნდა იცოდეს ყოველივე, რაცა ხდება სასახლეში, პასუხს აგებდეს. - მამაშენს, დიდს ნერსეს, ვემსახურე პირნათლად, მთლად ჩავბერდი შენს სამსახურში და...მოღალატე?! განეშოროს ყოველი მოღალატე ტახტსა მეფისას! - ჭეშმარიტად ღირს არს! - სთქვა მეფემ და გამოვიდა სახლიდან. უბრძანა ცხენი. მოართვეს მსწრაფლად. ესდენ ტრფიალი იყო შუქურის მიმართ ხელმწიფე იგი. რომელ თავმოთმინება დაავიწყდა და მსწრაფლ გაემართა მონასტერსა ფრიად აღშფოთებული. ჰგავდა, რომელ არა ღონითა რითმე კაცობრივითა იყო ტრფიალ შუქურის მიმართ, არამედ ეშმაკისა მანქანებითა. შეკრთა დედოფალი, ძლიერ შეშინდა. შეძრწუნდა მთელი სასახლე. - გაემართა მრისხანე დედათ მონასტრისაკენ ხელშეუხებელისა. გაანადგურეს მედგარი წმიდა სავანეს. საშიშ არს ესე. - ჭეშმარიტად საშიშ არს! უმჯობესი იყო, წმიდა სავანე და განდეგილნი არ ჩარეულიყვნენ ამ ფრიად სახიფათო ამბავში; წინადაც მოგახსენე ეს. - შეჰბედა სახლთუხუცესმა. - სცდები, დაბრძნობილო! იმათ უნდა იზრუნონ სჯულის სიმტკიცეზედ, ზნეობის სიფაქიზეზედ; რისხვა უნდა დაითმინონ ამის გამო, წამება, თვით სიკვდილიც მოწამებრივი. - აღსრულდეს ნება თქვენი! მეფე ღალატსა მწამებს, დედოფალი შეცდომას მყვედრის. მოწევნილა ჟამი ჩემის განშორებისა. გრიგალივით მიჰქროდა მეფის მერანი. შორიახლო ასდევნებოდა განრისხებულს შინაყმათა გუნდი მასთან ნაწრთობი, ომის ველზედ მტრის სისხლში მასთან ნათელღებული. ვნებათა ქარიშხალი იტაცებდა მეფის ჰაზრებს თუ გრძნობებს, აღელვებდა, აზვირთებდა, საშინლად ატრიალებდა. შეურაცხყოფილ ბუმბერაზს უნდოდა მოეკრიბნა ფიქრები, განეჭვრიტა გზა სამოქმედო. ამაოდ! თავდაუჭერელად ჯგუფდებოდ-იშლებოდნენ მისი ფიქრები, გროვდებოდნენ, იფანტებოდნენ. მაინც შეუკავებლად მიისწრაფოდნენ მერესაკენა: იქ იყო დატყვევებული აშოტის მზეი, სიცოცხლე მისი. მხოლოდ ერთს ეტყოდა გარკვევით ჰაზრი მღელვარე. - მიხვალ, ჰნახავ, წამოიყვან! წამს არ დასტოვებ სიხარულთაგან გაძრცვილ ადგილას! ან რა ჰქონდათ საზიარო შუქურსა და მონასტერს, სიცოცხლეს და სიკვდილს, ცხოვრებას ყვავილოვანს და სამარეს კარდახშულს, სად ცოცხლივ ჩაემარხნათ თავი განსაცვიფრებელთ? - ვპოვებ, მოვეჭდობი, გამოვიტაცებ! - კვლავ გაუნათებდა შუქური იგი ციხე-ქალაქს აწ ჩამოქუშულს, სამეფო პალატს ჩამობნელებულს, გულსაც ჩაგესლილს, საშინლად ჩახშულს. - რომ არ გიჩვენონ, არ დაგანებონ? - არ დამანებონ?! ვინ გაბედოს ეს? რომელმა შესძლოს?! ციხეც მაგარი ვერ დაუდგრეს ჩემს მძლე მარჯვენას. მყის მოვიტაცებ! ახ, სიხარულო! ახ, ნეტარებავ! - ბუმბერაზის ხმალი არ ამოდის ქარქაშიდან დედათა წინააღმდეგ, ვერცა ჰკვეთავს ფრთაასხმული სავანეს წმიდას. - ვერც სჭრის?! ვერც ჰმუსრავს?! ქვითინებს გული: იგლოვს დაკარგულს. შავბნელად მოსილ სასტიკთა დასს ჰხედავს ფიქრი ტანჯული, მზეთა-მზე რომ შეუპყრიათ შეუბრალებლებს. მათი მკლავები გველებივით შემოჰხვევიან საბრალო შუქურს. ბნელ ბაგეზედ გესლიანი ღიმილი უქრისთ დამცინავ-მამცირებელი. რა საბრალოდ უყურებს ქალი თავის რაინდსა! დახსნას ევედრება, ვერას კი ეტყვის შეჭირვებული. - წამიც და დაგიხსნი! ან... ან თავს დავაკლავ შენს საბყრობილეს. - მაცა, კაცო! იქნება თავისი ნებით მიჰმართა შუქურმა სავანეს წმიდას, თვით ისურვა განშორება ამა სოფლისა. - ჰა, ჰა, ჰა! შენ ვერ იცნობ შუქურს გულკეთილს: სულს შესწირავს ჩემთვის; იცის, უსულოდღა დავრჩები მე უიმისოდ. გამოჩნდა სავანე. ჩამოხდნენ. დასტოვეს ცხენები. გეეგებნენ მეფეს. განახვეს კარი ეკლესიისა. შებრძანდა, ილოცა. დალოცა მეფე დედა თებრონიამ. ფრიად ღელვილი იყო სახე მეფისა, მსწრაფლ ცვალებადი: თავის ჰაზრებს ებრძოდა იგი, თავის გრძნობებსა; ცდილობდა თავის სულისკვეთება როგორმე შეეკავებინა მცირე ხნით მაინც და უფრო ბუნებრივი სვლა მიეცა უთმენ სურვილისათვის, რომელი მძლავრად ისწრაფიდა განხორციელებულიყო სიტყვაში თუ მოქმედებაში. დედა თებრონია ცხადად ჰხედავდა მის სულისკვეთებას და მზირ ყურადღებად იყო მთლად გარდაქმნილი, ვითა მებრძოლი თავგანწირული, რომელი მოელის თავდაცემას მედგარი მტრისას და სდგას ფრთხილად, თუმც შეუპოვრად. თავი ოდნავ დაეხარნა მეფის წინ, ხელები გულზედ მოეჭდო. მჭრელი ელვარება მის თვალთა ცხადჰყოფდა, რა ფხიზლად და ჯიუტად მოელოდდა მებრძოლის შემმართებელ მოძრაობას. - სანაპიროდ ვიყავი, სამზღვართა განსამტკიცებლად. გამიმარჯვდა ღვთით. დავლამრავლად დავბრუნდი სასახლეში. წამოვესწრაფე: ჯერ არს მადლი შევსწირო ყოვლად წმიდასა. - ღვთისმშობელი ჰფარვიდეს შენს სვლას საკეთილოს, მეფე დიდებულო! იგი მოგცემს შეძლებას, დაიცვა მტრისაგან საქრისტიანო, განამტკიცო ქართველთა შორის სჯული ქრისტესი, ზნენი კეთილნი. გამოცდილ მებრძოლს უნდოდა შორიდან მოევლო საბრძოლ საქმისათვის, ეთქვა რამ მონაზონთა სასიამო, აღეთქვა დავლიდან ნუგეში რამე, მაგრამ დედაბერისაგან კეთილ ზნეობის ხსენებამ მთლად აფურტკნა მისი მოსაზრება. მსწრაფად შეეხო იგი თვის გულის ტკივილს: - შენ უწყი, დედაო, რისთვის მოველ აქ? - უფალმა უწყის, რისთვის ჰბრძანე აქ მობრძანება. - ამა მიზეზებისათვის იქმნა მოსვლაი ჩემი: სასახლისა ჩემისა მეჭურჭლე ქალი იყო და ყოველი მონაგები ჩვენი ხელთა მისთა ეგო; მამასა გრიგოლს აქა წარმოუყვანია იგი: ფრიად დაგვაკლდა საფასეთა ჩვენთაგან; უბრძანე: ციხედ მოვიდეს, ყოველივე მოგვითვალოს და კვლავ თქვენდავე მოვიდეს, ვითარცა უნდეს. ჩამოჰკრა თებრონიასათვის წუთმა სასურველმა, როცა უნდა ეჩვენებინა მას შეკრებულთათვის, რა ძლიერი ძალით არის აღჭურვილი სუსტი იგი მხევალი ღვთისა, თუ მოითხოვს მას სჯული ქრისტესი; როგორ უტეხად შეჰხვდება იგი თვით მეფის წყრომას, იტვირთებს თვით ჯვარს ქრისტესი, წამებას სასტიკს. და ეხლა, აქვე! გაიმართა წელში; უფრო მტკიცედ მოირტყა მკერდზედ გადაჯვარედინებული მკლავები; მკვეთრმა ღიმილმა, ბრძოლად მიმწვევმა, გაუპო ბაგე ცალმხრივ; თვალთაგან დაეკვესა ცეცხლი ბოროტი. ჰრქვა მკვეთრად: - მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთათანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა! წარმოსთქვა ეს სასტიკად და დადგა ურყევად შემმართებელი. არ ეშინოდა: შუქური ისეთ ღვიმეში ჰყავდა გადაკარგული, რომ მონასტერი მთლად დაექცივნათ, მის კვალს ვერ მიაგნებდნენ; თითონ კი სიხარულით ელოდდა მეხის ტეხას, რომ მისი სახელი აღზნებულიყო ლამპრად უქრობლად აქ კაცთაშორის და მის სულს მოეპოვნა ცხოვრება უხრწნელი ნეტართა შუა. 73 ესმა ეს მეფეს. მრისხანებამ აიტაცა აღტყინებულმა. სდუმდა ერთს წუთსა: მხოლოდ სასტიკი მოქმედებით შესაძლო იყო კადნიერისადმი პასუხი მსწრაფლი. ვერ აისახა მოქმედებაში გულისთქმა შეურაცხყოფილისა: ალად ავარდნილ მრისხანების წინ მხოლოდ მოლოზნის სახე აიხატა, მწირად განდეგილ ვიღაც დედაკაცისა. გაახსენდა მკვეთრი სიტყვები: მეფე - ბუმბერაზი არ იკადრებს შეახოს ხმალი ქალს წინააღმდეგს; და მრისხანებას მისი გულისას დაესხა წყალი. გაიბზარა მისი მკვიდრი ნებისყოფა. გონებამაც შეუპყრო სამოქმედოდ გაწვდილი ხმალი. - გაჰკვეთს ბასრი, მაგრამ თვითეულ ნაკვეთთაგან ახალახალი მებრძოლი მოგევლინება. უკვდავია ის მისწრაფება, რომელი ესე მედგრად ამოქმედებს დედაბერს მით უფრო ძლიერი, რაც მეტს ძალასა ჰნახავს თავისზედ მოსულს. დაეშვა ძალა მძაფრი ბუმბერაზისა; უძლურ იქმნა იგი მისთვის შეუფერებელ ბრძოლაში. მცირედ ჟამს სდუმდა, ვითარცა ძლეული: ხორციელად ძლიერსა ხელმწიფესა სულითა ძლიერთა კაცთა სძლიეს, შეჭურვილთა სამღვთოითა შურითა, მაშინ შეურვებულმან მეფემან გულისა შეჭირვებისაგან სთქვა: - ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს! მსწრაფლ აღსდგა და წავიდა. იძლია მეფე, მაგრამ ვერ აუსრულდა საწადელი ვერც თებრონიას: მეტოქემ არ იკადრა პირად მასთან შებრძოლება, მონაზონს არ მიეცა შემთხვევა მოწამებრივის სიკვდილისა, არც რამ წამების თუ ტანჯვისა, გინა შეჭირვებისა. უბრალო სახეც კი არ დაუდგა მას წინ მებრძოლი ძალისა. მოუცდა მოლოდინი: მისმა სიტყვებმა დაჰკარგეს ღირებულება მკვეთრის განკიცხვისა; უხეშ სიტყვათა გროვას ემსგავსნენ ისინი, უზრდელ რამ ფრასებს, კეთილისმყოფელ რაინდისადმი მიმართულს. იგრძნო ეს დედაბერმა, მოეგო გონებას; თითქო შეინანა თავისი სიტყვა. ის ეხლა აყოვნებდა მეფეს, რათამცა გაისტუმრა იგი. არ დაჰყვა. მსწრაფლ წარვიდა. ისე გაემართა, ზედ აღარავისთვის შეუხედნია, არც თებრონიასათვის, არც მის კრებულისათვის, შავად რომ მოსდგომოდნენ წინამძღვარს. პირჯვარიც აღარ გადიწერა წასვლისას. მხოლოდ მიმოავლო უსიცოცხლო თვალი თავის ამალას. თითქო უაზრო შეხედვა. მოართვეს ცხენი. შესვეს ვით უძლური სასიქადულო იგი რაინდი, რომლის კისკასად შეჯდომას ტაიჭზედ თვალს ვერ მოჰკვრიდიან. გაჰყვნენ თანაყმანი ფრიად გულნატკენნი, დაღონებულ-გაჯავრებულნი. აღარც ისინი დაემშვიდობნენ სასტიკებს, უგულოებს; ზედაც არ შეჰხედეს. ალღოთი მიმხვდარიყვნენ, გამოცდილებითაც იცოდნენ, როგორ ავნეს განდეგილებმა ვაჟკაცს, რა სევდა ჩაუსახეს მას გულში უშრეტ-ულევი და ებრალებოდათ რაინდი წამებული. ნათლად წარმოედგინათ უთმინო გულისტკივილი მისი და სრულიად უარჰყოფდნენ ამისთანა სისასტიკეს, თუნდაც ზნეობის დასაცავად წარმოებულს. - ვის არა ჰყოლია შუქურ-ვარსკვლავი, ვის არა ჰყავს დობილ-წაწალი, მაგრამ ამით არ იქცევა ქვეყანა, არც ინგრევა ქრისტიანობა. რაღა ამ ვაჟკაცის ცოდვა გახდა საჩვენებელი, მოსპობით მოსასპობელი? - არ გესმის! ვისაც მეტი მიჰნიჭებია, მეტიც მოეთხოვების. სანთელივით უნდა ანათებდეს ამის ზნეობაც მთელ საქართველოში, როგორც ამისი ქველობა. - კარგი, თუ ღმერთი გწამს! მეფე რომ არის, განა უხორცოა შეუმცდარ-შეუცოდველი. მე ესე გამიგონია: ვისაც მეტი მიჰნიჭებია, ბევრი შეენდობისა. ნუთუ ამდენი შრომით თუ ღვაწლით არ დაიმსახურა უბრალო ცოდვის შენდობა?! მებრალვის რაინდი! - მეც მებრალება, ძმობამ! დახე, როგორ ჩაკეცილა ცხენზედ, როგორ ირყევა მძიმედ დაჭრილივით... - გულშია დაკოდილი, ისარგანაწონი. - ძალიან კი დაუბავს თილისმის ძეწკვით იმ ახალ დალსა, ღმერთქალს ოქროს დალალებიანს, ბუმბერაზი ჩვენი; აუცლია მისთვის ნებისყოფა, დაუდვია უღონო თავის ფერხთქვეშა. - სურვილით ჩაუწვენია თავის კალთაში, ჩაუკრავს უბეში; მით სანატრელი გაუხდია ჯადოსანს ტყვეობა მისთვის. დაღამდა. უმთვარო ღამე იყო. ბნელოდა. ღრუბლით შემოსილ ცას ვარსკვლავთა სხივიც დაეხშო დედამიწისათვის. ბნელმა ჩაჰნთქა აშოტი, წყვდიადმა გარესკნელმა უსხივომ. მის სულში ჩამოწოლილიყო შავი ჯავრი უნათებელი. იგი სევდა მღილად ჰქმნილიყო მის გულში, სამარის ჭიად დაუძინარად. ჰბრუნავდა მუნ, ჰხრავდა მას უყოვნებ-უსვენებლად, ჰფქვავდა მარადჟამს, ყოველ წუთს თუ წამს. უხილავი იყო ტანჯვა იგი სხვა თვალისათვის, ვით უხილავია სამარის მღილი ზე მავალთათვის. მით უფრო ძნელი იყო ვაჟკაცისათვის ტანჯვის ატანა, წამების ტვირთვა უთავებელის... სასახლეში შუქურის შემდეგ ნათელი დღე დაუდგათ ზნეობის მცველებს, სჯულის, წესრიგთა ფხიზელ დარაჯებს, ქრისტიანულ მცნებათა გუშაგთ ულბო-უტეხელთ. მოსპეს მათ სიძვა საგმობი, მრუშობა ეშმაკეული და ამაყობდნენ, იღიმებოდნენ. გაჰკვეთეს საკვრელი უწყვეტი, რომლით შეეკონა ალქს არაწმიდას ბუმბერაზი უებრო მეფედ ცხებული. და ადვილად! მხოლოდ ერთის თქმით, ერთის ბრძანებით ვინმე მწირისა. - ჰა, ჰა, ჰა! უბძანა, საბელი შეაბა, წინაწარიქცია; თითონ ყავარჯნით მისდევდაო, ამბობ შენ? - ნამდვილად მოგახსენებ, დედოფალო! გაიგდო წინ, როგორც რამ ძროხა. მისდევდა ჯოხით ხელში. მიაცილა. ჩააბარა დედა-თებრონიას. მიკვირდა ყველა ეს. განცვიფრებული ვიყავი. შორიახლო ავედევნე სხვა ბილიკითა. - საკვირველია ფრიად, სასწაულია ნამდვილ! ბრძანებლობდა ქალი, თითქმის დედოფლობდა, და როგორ დაემორჩილა ისე უთქმელად ბერის ბრძანებას?! - სულ იმას მოგახსენებდი, ეშმაკეულია-მეთქი იგი ქალი. ჯადოქრობით მიიზიდა მეფე ძლიერი და მიითვისა. რა წამს ჯვარი გაჰდასახა წმიდანმა, ეშმაკი განვიდა დედაკაცისაგან, და მოესპო მას ყოველივე ძალა წინააღმდეგი. - სწორედ ეგრე იქნებოდა. დიდება ჯვარსა ყოვლად ძლიერსა! შუქურის წაყვანის შემდეგ მთელი ორი კვირა სრულ კმაყოფილებას გრძნობდა სასახლე, წყნარად სიამოვნებდა ჯავრმოშორებული: დამშვიდებულ დედოფლის ბაგეზედ ღიმი კვლავ ათამაშებულიყო, შერჭმულ-შეხრილი წარბი გადაშლილიყო; მის ბრძანებლობას აჰშორებოდა მრისხანე კილო, ბგერა ბოროტი. აღარ იყო ეხლა დედოფალი ამღვრეულ-აზეზილი, არც უკარებელი. ციხე-დარბაზი მთლადაც მოიმხიარულებდა, ნადიმს დაიდებდა სამხიარულოს, მიეცემოდა ნათელ სიამეს უხინჯ-უჩრდილოს, მაგრამ ჯერ კიდევ ეფიქრებოდა შედეგებისა: მეფე ჯერ არ დაბრუნებულიყო ომიდან, იმან სრულებითაც არ იცოდა ეს მისთვის უსიამო ამბავი და ვერ გაეთვალისწინებინათ, რა გზას დაადგებოდა ვაჟკაცი, როგორ შეხვდებოდა ამგვარ ცვლილებას; დაივიწყებდა ამ თვის ჟინსა, თუ გაბოროტდებოდა გრძნობამოშლილი. - ეჰ, აღარც კი გაახსენდება ბატონ მეფეს ვიღაც შუქური, ესდენ უსახო ცოდვაი თვისი. დაივიწყებს სახესაც იმ მეძავისა, თავის ქცევასაც შეუფერებელს, ჩამოეცალა ვაჟკაცს ჯადო და მისი გავლენა. ადვილად შესძლებს თავს ჩაუფიქრდეს. - იქნებ კიდევ უამოს ეგ ამბავი ეშმაკის საკვრელთაგან სხნილს. ვგონებ თითონვე უკვირდეს, როგორ შესძლო ვიღაცა ნაქვრივალმა დიაცმა ჩათხევა მისი ცოდვათა მთხრებლში. - სწორედ ეგრე იზამს! დაივიწყებს იმის სახელსაც, სახსენებელსაც, - ანუგეშებდნენ გურანდუხტს სეფექალნი თუ მახლობელნი. სჯეროდათ თითონაც თავიანთ სიტყვის სიმართლე. მათთვის კარგი იქნებოდა, სწორედ ესე მომხდარიყო, და იმისთვისაც სწამდათ ეს. დედოფალს ეამებოდა ესეთი მსჯელობა, ძალიანა ჰსურდა მას ესე დამთავრებულიყო ბრძოლა; უნდოდა დაერწმუნებინა თავი, რომ მძიმე სიზმარივით გაჰქრებოდა ეს ამბავი შეურაცხმყოფი და ულამაზო. გულის სიღრმეში მაინც ეჭვობდა: იცოდა თავის ქმრის უტეხი ნებისყოფა, როდესაც ის ურყევად მიისწრაფებოდა თვალმჭრელ რამ სურვილისაკენ; მაშინ აღარ მოიპოვებოდა მისთვის ისეთი ძალა, რომ შეებორკა მისი სვლა მტკიცე, მისწრაფება ჰოროლის წვერივით მედგრად მიმართული. ეს აფიქრებდა დედოფალს, თუმცა არ იჩენდა ამ შიშს, მთლადაც ჰმალავდა ამ ეჭვს უსახოს. დაბრძნობილი სახლთუხუცესი ვერ იზიარებდა ლამაზ იმედებს: ალღოთი მიხვედრილიყო, გრძნობდა კიდეც ის, რომ მეფე არ იყო შებყრობილი-მოხიბლული რაიმე ჯადოთი, გრძნეულისაგან ნახლართ თილისმით, და არც ჟამიერი იყო იგი კავშირი, მსწრაფლწარმავალი, ვითა აჩრდილი. - მებრალვის აშოტ! უჟამოდ გამიჯნურდა მისი გული, უდროვოდ შეჰხვდა ის სულის სწორს, განგებისაგან მისთვის აღნიშნულს, ეტრფიალა ვაჟკაცი შუქურს მზიურის ტრფობით და ის სიყვარული საუკუნოა, დაუსრულებელი; მიჯნურობა ეს სიკვდილამდე გასატანია, იქნება მუნ თანაწასატანიც. ვინ იცის, განქარდების სიყვარული თუნდ მაშინ, როცა მოკვდების გული საბრალო და დამიწდების, თუ... - სიძვა არისო მეფის კავშირი, მრუშობა ბილწი. არასოდეს! ჩემს ხელშია გაზრდილი აშოტ-მძლეველი, ჩემს თვალთ წინ გაიარა მისმა ჭაბუკობამ. ვიცი მაგისი ცოდვები შემთხვევითი. არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს. მაგრამ ეს კავშირი საკვირველია, სიყვარული მარად სუნნელოვანი, მარად მათრობელი. არა, ძნელი განცდა მოელის აშოტს, საშიში განსაცდელი მოგველის ყველას. რისხვა მომელის ჩემის მეფისა, მის სახლთუხუცესს, მის სიხარულის მტკიცედ ვერდამცველს. აკი განიცადა კიდეც სახლთუხუცესმა რისხვა მეფისა. დედოფალს სრულებით არ გასცა ხმა აშოტ ღელვილმა. როცა მეფე გაემართა მონასტერში, გურანდუხტ შეფიქრიანდა: ეგონა, თებრონია ვერ გაუმაგრდებოდა და ვაჟკაცი გამოიტაცებს იმ მეძავსაო. არ გამართლდა დედოფლის შიში: შუქურს ვეღარ გადმოელახნა სავანის ზღუდე; იგი მთლად მოსპობილიყო სასახლისათვის. 74 - ჰუ, როგორ გრძელდება დღეები! აღარ გადის დრო, უძრავადა სდგას გარინდებული. ნუთუ ჯერ ორი კვირაც არ გასულა, რაც აქა ვარ?! - არ გასულა, ჩემო კარგო, დღეს ხუთშაბათია. ხვალ მოვა მოძღვარი და აღსარებას გათქმევინებს. შაბათს ეღირსები წმიდა ზიარებას. ნუ დრტვინავ, ნურც სულმოკლეობ: ცოდვაა ეგეთი მოწყენა საიდუმლოს მიღების წინ, - უთხრა თემისტომ შუქურს და შეკეცა ლოცვანი, დაიხარა, აკოცა ხელზედ, ძაძით მოსილ მუხლზედ თეთრად გადმოდებულ მაჯაზედ. ქალმა მოჰხვია მონაზონს მკლავი, გულში ჩაიკრა. - სახიერია მეუფე და ყოვლად მოწყალე. თუ შენ არ მოევლინე ჩემ სანუგეშებლად, სრულებით ვერ გავსძლებდი, საშინლად დავიტანჯებოდი. - ნუ, გენაცვალე! გამხნევდი. თუ... მსწრაფლ შესწყვიტა მონაზონმა სიტყვა. სულ სხვა სთქვა ხმამაღლა: - ისმინე, რა კარგი სიტყვებია, რა მშვენიერი თქმა არის: მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ! სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად და შენ, უფალო მწე მეყავნ მე! ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, მეუფეო ჩემო! იმისთვის შესცვალა მწირმა სიტყვა და განაგრძო კითხვა,- რომ მის მახვილ ყურს, მონასტრის სასტიკ წესებით მეტად განმახულს, მოესმა ფეხის ხმა ნელი. დედა თებრონია არაერთხელ მოუვლიდა სავანეს, მზირ თვალს მოავლებდა დათა კრებულს თუ განდეგილად დაყუდებულებს, რომ მსწრაფლ გაეხსენებინა მათთვის მოვალეობა, თუ რომელსამე მათგანს სძლევდა მაცთური და წმიდა ცხოვრებას თუნდ ოდნივ შეურხევდა. სასტიკი იყო დედა თებრონია, როცა ვისიმე მახლობლად შენიშნავდა ეშმაკს ბოროტსა, მის მანქანებას მაცდუნებელსა. - ნათესავი ესე ბილწი განიდევნების მხოლოდ ლოცვითა და მარხულობითა! - იტყოდა მკვეთრად და დაუწესებდა შემცოდეს არა ერთ მეტანიას, მრავალ ლოცვის წართქმას; დიდ მარხულობას არა მხოლოდ პურით, არამედ წყალითაც. დასჯილს კედლების ქვებიც პურად ეჩვენებოდა, ფოთოლთ შრიალი - წყაროს ჩხრიალად; განილეოდა იგი ხორციელად, განხმებოდა ქარქვეტისაებრ, გარნა გაიფურჩქნებოდა სულით, ზე ამაღლდებოდა, ცას მცხოვრებთ შეედრებოდა ხორციდან დახსნილ ზეციურ სულთა. ამისი ეშინოდა მწირს, მისთვის შესცვალა მან სიტყვა თავისი. საბრალოს გული ჯერ კიდევ არ გამომშრალიყო ჩვილგრძნობათაგან; არ გამოეფიტნა, არ გამოეხმო იგი უკაცურობის ალს. ამისთვის ებრალებოდა ეს უცხო პატიმარი, თავის უნებლიეთ მონაზონქმნილი, შურით თუ მტრობით გარსშემორტყმული. - ჰგონია საწყალს, აღსარებას ათქმევინებენ, აზიარებენ და ნებას მისცემენ, კვლავ დაბრუნდეს სასახლეში. არა, ჩემო კარგო! ვინც ერთხელ შემოდგა ფეხი ამ სავანეში, ის საუკუნოდ მოსწყდა ცხოვრებას: მონასტერი არავის უშვებს თავის ზღუდიდან, არასოდეს არავის უტევებს, - გაიფიქრა გულჩვილმა. განაგრძო კითხვა. კითხულობდა მონაზონი ღვთაებურ ნათქვამს, წარმოსთქვამდა ერთნაირის ხმით მოსაწყენით, ერთგვარ გამოთქმით. ქალის ფიქრი კი გაფრენილიყო სამეფო ციხე-დარბაზისაკენ, თავს ევლებოდა იქ თვის მეფე-აშოტს, ვაჟკაცს გამიჯნურებულს, თავის ბუმბერაზს შეუდარებელს. ვერ გაეგო ქალს, რა იყო მათ ტკბილ სიყვარულში საგმობ-საძრახისი, წინააღმდეგი ღვთისა თუ კაცისა; რადა სტანჯავდნენ ესე უწყალოდ. ძნელ ცხოვრებად შეეცვალა შუქურს თავისი ფუფუნება, ყოფა სათუთი. პაწაწა სენაკი, ხმელი ლოგინი, უგბილი საჭმელი უგემური და ისიც მცირე; მარადჟამს ლოცვა, განუწყვეტლად საყდარში დგომა. არავითარი გასართობი, არცერთი სხივი სიხარულისა, არც ღიმი ლამაზი სიამ-ტკბობისა. პირველ კვირას კიდევ მხნედ იტანდა გასაჭირს: ეგონა, ეზიარებოდა და მაშინვე წავიდოდა სასახლეში. ძალიან დაღონდა, როცა გამოუცხადეს: - მხოლოდ ერთი კვირის ლოცვა-მარხულობა ვერა კმარა წმიდა გყოს იმდენად, რომ ღირსი შეიქმნა ზიარებისა. მეორე კვირა უფრო მძიმე იყო მისთვის. სწორედ დაავადდებოდა ჯავრით, თუ მხსნელ ანგელოზად არ მოჰვლენოდა დაი თემისტო, მისთვის საკვირველად გულჩვილი, მისი საოცრად მოყვარული. ჰკოცნიდა, გულში იკრავდა, თუ კი დროს ჩაიხელებდა. თემისტოს გულში კიდევ დიოდა ნაჟური ლბილის გრძნობისა და იგი ნაშთი ტრფობისა თავს შემოავლო ამ უცხო ქალსა საუცხოვოსა. შეიყვარა იგი გრძნობით მდუღარებით, ეტრფიალა მას მის სანუგეშოდ, თვისიც გულისა მოსაოხებლად. ზიარების შემდეგაც არ გაუშვეს ქალი, არ გაანთავისუფლეს. გაუკვირდა ეს შუქურს, დიდად ეწყინა; სწორედ გაჯავრდებოდა, თუ კი შესძლებოდა განრისხება. კარგი იქმნებოდა, თუნდ გაშმაგებულიყო; გულს მოიოხებდა; არ შესდგამდა მას ეს ზნე, სრულებით არ ეხერხებოდა განრისხება სახიერს. თანდათან შეავიწროვეს ქალი, ნელ-ნელა დაუმორჩილეს ის სავანის წესებს თუ კანონებსა. უბრალო გასართობის ნებასაც აღარ აძლევდნენ მას: მოითხოვა თავისი ქარგა და ფარჩა-ფერადები, იმათ ბეჭი მისცეს ხელში და შალის საქსოვ ყდას ჩაუსვეს სხვა მუშებთან ერთად; მოითხოვა თავის ტანთსაცმელი თუ თეთრეული, არ უსმინეს, შალით და ხამით აკმაყოფილეს. ახ, სჩხვლეტდა ბეწვი უჩვევ კანს, არ ასვენებდა! სთხოვა ნება მიეცათ ხანდისხან ჰაერზედ გასულიყო, თავისუფლად ამოესუნთქა, თვალი მიევლ-მოევლო მიდამოსათვის, - იუცხოვეს ესეთი სურვილი, უფრო მაგრა ჩაკეტეს პატიმარი. მის წერილებს არსად ჰგზავნიდნენ, იქვე ინახავდნენ. მისწერა წიგნი მეფე-მიჯნურსა, პასუხი არ იყო; გული გაელია ამაო ლოდინით. - დამივიწყა! იქნება მთლად ამოიფხვრა მისი ხსოვნიდან ჩემი სახე, სახსენებელი. მეგონა, მსწრაფლ მოვიდოდა, გამომიხსნიდა ტყვეობიდანა. ახ, რად არ ვუსმინე დავედრებული, რად დავმორჩილდი იმ ბერის სიტყვას?! უნდა მომეცადნა, მეკითხნა მისთვის, იმის ნებაზედ მოვქცეულიყავ... - აშოტის სულის საოხად არისო საჭირო შენი ცოტახნობით განშორება, მისი სიწმიდით დაცვისათვის, რომ ეზიაროსო, მითხრეს მაშინ. დავუჯერე, ვერწმუნე სიტყვას წმიდისას, მივანდე ჩემი საწყალი თავი ღვთის ადამიანს... - რა სულმოკლე ვარ! როგორ შეიძლება დამივიწყოს აშოტმა?! რა საფიქრებელია, გატეხოს იმან თვისი რაინდული სიტყვა?! ალბად ჯერ არ დაბრუნებულა ბრძოლიდან! მაშინვე მიპოვნიდა, თუ დაბრუნებულიყო: ვერ გასძლებს, არ მომიალერსოს: ვერ დაჰყოფს წყნარად ვერც ერთ დღეს, - სთქვა ქალმა და შეუვარდისფერდა ღაწვები მარმარილოსი: მოაგონდა შეყვარებულ მეფის ალერსი და შეწითლდა, შერცხვა თავისსავე წინ კდემამოსილსა. ღიმი რამ გამოიწვია მის მარჯნის ბაგეზედ დარცხვენამ სასიამომ. - მიამბობდა ყველაფერს, მომითხრობდა საგმირო საქმეებს, თავის თავგადასავალს. თავს ჩამიდებდა კალთაში, გვირგვინოსან შუბლს ნათლად მოაზრეს, და ისე მეტყოდა. რჩევასაც მკითხავდა მე საწყალობელს. ვეტყოდი, რასაც ღმერთი მაგონებდა. სიყვარული მიკარნახებდა და იმას ვურჩევდი. - ჩემი საიდუმლოს შენახვა იცი და გონება ჩემი არასა ჰფარავს შენგან, - მეტყოდა აშოტი. - რითი დავიმსახურე ისეთი ნდობა, ეს დიდი ბედნიერება?! ვილოცო ჩემთვის, ჩემ ხელმწიფისთვის, ღმერთს შევავედრო მისი ძვირფასი თავი, მისი სახელი ქებით სახსენი. წარსულის მოგონებითღა სცხოვრობდა ბყრობილი ქალი დამწუხრებული. მომავალს ითვალისწინებდა, განგრძობას წარსულისას. ნატრობდა, ოცნებობდა. აწმყო კი რკინის სალტებად შემოსჭდომოდა მას, თანდათან უჭერდა, სწურავდა, ჰბორკავდა აუხსნელად, თითქო სამუდამოდ. მადა დაჰკარგა ქალმა. ძილი გაუკრთა. გახდა, ხორცი დაყარა. შეუხუნდა ღაწვთა ფერი ვარდისებური. ნაღვლიან დიდრონ თვალებში გაურკვეველმა შიშმა იწყო გამოკრთობა. - დღესაც არ შეგიჭამია შენი კერძი, ქალო შუქიავ. არ შეიძლება! მართალია, ცოტათი უნდა კმაყოფილდებოდეს სხეული, ჭური ცოდვისა, რომ არ განლაღდებოდეს იგი; მაგრამ საგმობია არ სცე მიწიერს ჭამადი მცირე: განილევის ფრიად, სიკვდიდ მიეწურების და ამის მოქმედი ცოდვაში ჩავარდების, თვითმკვლელობის საშინელ შეცოდებაში. სჭამე ყოველთვის! არ მოგწონს? შეეჩვევი! მონასტრის დანი ამით საზრდოობენ მარად კმაყოფილნი, ღვაწლშემოსილნი, - უბრძანებდა შუქურს დედა ივდითი და მის ბრძანებას ხმელი რამ ბგერა აძლევდა ძალას, მკვახე გამოთქმა, მკაცრი, სასტიკი! ეს ივდითი მონაზონი მარჯვენა ხელი იყო დედა თებრონიასი, მაჯა მსახვრელი, უხილავი რამ შოლტის მჭერელი. მონასტრის დებს ძალიან ეშინოდათ იმისი, ერიდებოდნენ. შესაზარი იყო მის ჩაღრმავებულ თვალთაგან ნატყორცი ისარი გესლიანი, მწველი იყო მუნით ნაკვესი ცეცხლი სიძულვილისა, საზარელის რაღაც ზიზღისა. შუქურის სახიერებამ სულიერმა, მისმა სიმშვენივრემ ხორციელმა ვერ მოალბეს გამხმარი გული ბოროტისა; უფროც გაავეს ის: ყოველივე სილამაზე ეშმაკის მახედ დაესახნა უსახურს, კაცთა საცთუნებლად დაგებულ ხაფანგად. ეს დედაბერი მსჯელად და მტუქსველად დადიოდა მთელ სავანეში, სასტიკ დარაჯად ედგა ის სამონასტრო წესს, რომ არ დარღვეულიყო ის არსად, არც როდეს, ქრთილის წონაც არ მოჰკლებოდა მას არასგზით. თებრონიას ხელში ივდითი კვერთხი იყო რკინისა, რომლით მწყსიდა წინამძღვარი ურჩთა შემცოდეთ. ეხლაც სენაკები ჩამოეთვალიერებინა მონოზანს და დაეხედნა შუქურისათვის. ვერ მოისვენებდა ივდითი, თუ რამდენჯერმე არ დაეთვალიერებინა შუქურის ბინა, არ გამოეთქვა თავისი უკმაყოფილება, რითიმე არ შეევიწროებინა ქალი პატიმარი. როცა ქვეყანა უარეყო მონოზანს, არა მხოლოდ პირი ებრუნა სოფლისაგან, სიძულვილით შეეძულებინა იგი და მისი ყოველგვარი სიხარული. ეხლა ანადგურებდა სავანეში ყოველსავე ნერგს თუ ღივს ხორციელის ნუგეშისას, სპობდა უწყალოდ; აქრობდა ნასახსაც ნივთიერის სიამისა. მონასტრის კრებულს საშინლად სძულდა ეს ჯალათი, დიდად ეშინოდათ მისი და ერიდებოდნენ. ღვთის შვილი შუქური თრთოდა ბნელისაგან წარმოშობილ ბოროტ არსების წინ. 75 მეტადრე მაშინ შეძრწუნდა შუქური, როცა ერთხელ უეცრად გაიყვანეს ის მიჩემებულ სენაკიდან, გაატარეს სარდაფები თუ ჯურღმულები ბნელ-ნესტიანნი და მოათავსეს ხშირ ბინდით მოცულ რაღაც მღვიმეში. ივდითი მისდევდა თან გულფიცხელი და უკაცური, ხმას არა სცემდა, მხოლოდ წინამძღრობდა. ერთხელ-ორჯელ ხელი უბყრა სვლა შებრკოლებულ ქალს. ჭვანგები თუ ესხენ დედაბერს, განხმელ ძვალთაგან ქმნილი თითები! შეჰზარა ქალი, შეაჟრჟოლა, მუხლმოჭრილი დაეშვა იატაკზედ. თივა გებულიყო ძირს აობებული. სუნი სდიოდა მძიმე სუნთქვის შემხუთვი. უმწეოდ მიმოავლო თვალი სავანეს მიბნელებულს. არაფერი სჩანდა. არც ხმა ისმოდა არსაიდანა. სამარისებურ დუმილს მოეცვა ყოველივე. მისი მიმყვანი დედაბერიც უჩუმრად იდგა. თითქო ელოდდა თუ ყურს უგდებდა შორიდან მოსალოდნელ რამ ხმაურობას. ვერ გაეგო შუქურს, რად ჩააგდეს ის მღვიმეში. რად დასჭირდათ მისი ცოცხლივ დამარხვა; ან რას უპირებდნენ. ის უმეტეს აძრწოლებდა შუქურს, რომ მცველად მიეჩემებინათ მისთვის ბოროტი ივდითი, გაუღიმარი, წარბგაუშლელი; გულგაუხსნელი, მეტადრე მისთვის. პირველსავე დღიდან შეიძულა ივდითმა შუქური, პირველივე ნახვით. მტრად მოეკიდა იგი უმწეოს. ეხლა ქვესკნელში ის არის მისი დარაჯი და მტარვალი, მხოლოდ ის უსასტიკესი. შიშმა და ღელვამ ხელი დაჰრიეს ქალს, ააცხროვეს, თითქო აიტაცეს. გატრიალდა დედაბერი კარისკენ. ქალს მოეჩვენა უნდა გავიდეს, დამიხშოს კარი, ცოცხლივ დამმარხოსო. ამ საშინელმა აზრმა წარსტაცა მას საღი ცნობიერება და გაუმტვერა უკანასკნელი ნაშთი ნებისყოფისა. ქალი აიტივტივა ძრწოლის ღვართქაფმა, ნაფოტივით აათამაშა თავის შავ ზვირთებზე. - მიშველეთ! მიხსენით - შესწივლა თავგანწირულის ხმით და დაეკვეთა, დაენარცხა მიწას. თრთოდა, იხლაკნებოდა. - მიშველეთ რამე! მიხსენით! - კვლავ დაიკივლა სასოწარკვეთით და ზე წამოიჭრა. დედაბერი მიჰვარდა ქალს, დაიჭირა, ზედ შემოეჭდო. ქალი იბრძოდა საშინელის ძალით. იძახდა საზარელის ხმით: - მიშველეთ! მიშველენით! იხსენით აშოტი!.. მახვილი!.. სისხლი საყდარში, სისხლი!.. შეუღონდა ქალს გული. ლაფანივით გადაეკიდა დედაბერს მკლავზედ. მონაზონმა დაუშვა იგი თივაზედ. გადმოიღო თახჩიდან ლიტრა, აპკურა წყალი. შუქურმა ოდნავ გააღო თვალები; ისევ დალულა, მთლადაც დახუჭა, მკვდარს დაემსგავსა. შეშინდა დედაბერი, ფეხმარდად გამოვიდა, შეატყობინა სხვებს. ჩაეშველნენ, მოასულიერეს. მომვლელად თემისტო მიუჩემეს. სხვას ვერ აირჩევდნენ: მხოლოდ იმას შეაწყო ქალმა გული, მარტო იმას დაენდო მთელ მონასტერში. - აკი გითხარი, ქალოჯან, ეშმაკეულია-მეთქი! დააკვეთა იმ წყეულმა და აალაპარაკა. საშინელი რამ ათქმევინა მეფე-აშოტზედ. - საკვირველებაა! მაინც ამცნო წყეულმა აშოტის მოსვლა; ბოროტებაც რამ დაუსახა ყოვლად ბოროტმა. - მაგ მეძავს ეშმა შემოჰყვა წმიდა სავანეში. - უნდა განიდევნოს იგი მაცთური იესოს ძალით, რომელმა განასხნა მარიამისგან მაგდალინელისა ეშმაი შვიდი. შუქური უკვე მოჰგებოდა გონებას, თითქმის დაწყნარებულიყო, ღონე მოეკრიბნა, თავის ჰაზრს თუ გრძნობას კვალად დაუფლებოდა. თემისტოს მოეხდინა ეს სასწაული, მოყვარულ მონაზონს, რომლის კალთაში მისძინებოდა ეხლა შუქურსა. უძრავად იჯდა გულკეთილი. მზრუნველის თვალით დაჰყურიბდა მძინარეს. ის აკვირდებოდა მას, რომ ქალს სრულ ჰასაკში შესულს, ხორცთა მისწრაფებაში უკვე სავსებით გამოცდილს, უბრყვილო გამომეტყველობა შერჩენოდა სახეზედ, ქალწულებრივი იერი არ მოჰშლოდა სპეტაკ ღაწვებზედ, ბალღური გამომეტყველობა ბაგის ნაყოფში. ხომ ნაცხოვარ-ნაღვაწი იყო თემისტო და დაბრძნობილი, მაგრამ ისიც კი იხიბლებოდა ამ სათნო სიმშვენივრის მზერით, რომელი იწვევდა კაცში სიხარულსაც და სიყვარულსაც, ორივეს ერთად. ეხლა ესმოდა განდეგილს, რომ შესაძლო იყო გაჰმიჯნურებოდა მეფე-ვაჟკაცი ამ შუქურ ვარსკვლავს, ლბილ რამ შუქს რომ აპნევდა სულის მანათობს. ვეღარ შეიმაგრა მან გრძნობა მოღიმარი, ფრთხილად დაიხარა, რომ ბაგით შეჰხებოდა მის სპეტაკ შუბლს, რომელს შარავანდედად მოჰფენოდა გამოშლილ-გამოფანტული ხუჭუჭი. ქალმა გააღო თვალები, გაუღიმა მოალერსეს; მოჰხვია მკლავები, დაუკოცნა ძუძუები, როგორც ამაგდარ დედას ფრიად მოყვარულს. - რამ შეგაშინა წეღან, შე საბრალოვ? განა ბოროტთა სავანეა ეს წმიდა მონასტერი ან ბუნაგი ავის მსურველთა, ვისმე მოელოდნენ და იმიტომ გამოგარიდეს იქაურობას: მოინდომებსო ნახვას, ეშინოდათ. - მივხდი! ვიცი! აშოტს მოელოდნენ, მეფეს სანატრელს. მოვიდა კიდეც. მესმა მისი ხმა, სახეც დავინახე მისი. ეხლა მომაგონდა კიდევ რაღაცა მეჩვენა. ვერ მომიგონია. - სუ, ჩემო ლამაზო! დახუჭე თვალი, დაიძინე. ეგებ გაგიაროს სისუსტემ, - უთხრა მონაზონმა და ხელი დააფარა ბაგეზედ ნაზად. ქალი დაჰმორჩილდა მზრუნველს, ისევ ბურანს მიეცა. ფეხაკრეფით შემოვიდა თებრონია მღვიმეში და დააკვირდა ქალს. უნდოდა ეთქვა რამე, მაგრამ შეყოყმანდა და გადიფიქრა. აშოტი უკვე წასულიყო. გული მცირედ დაემშვიდებინა წინამძღვარს. პატიმარი ქალი ისევ წინანდელ სენაკში გადმოიყვანეს. უკეთ ებყრობოდნენ ეხლა მას. უფრო კარგად ასაზრდოებდნენ. მისმა უეცარმა დასუსტებამ შეაფიქრა მკაცრი თებრონია. მეფის სიტყვებმაც შეაკრთეს თავგამოდებული. ხუმრობა არ იყო რისხვა ხელმწიფისა, თუ იგი გულისწყრომა მიმართული იქნებოდა, არა პირად იმაზედ, არამედ მთელ სავანეზედ. მონასტერი მისი აშენებული იყო აშოტ ქველისა, და საშიში იყო, არ დაკნინებულიყო მის მოწყალებას მოკლებულ-მოწყვეტილი, არ მოშრეტილიყო. შიში რამ შეჰპარვოდა წინამძღვარს, რყევას განიცდიდა ეხლა თავის ქცევის გამო მეფის წინაშე და ეს რყევა ძალას ართმევდა მის სიმკაცრეს ქალის შესახებ. ამისთვის ეტყობოდა სილბო მის ბრძანებას. ჟამიერი იყო ეს სილბო თუ ნასახი სახიერებისა, მხოლოდ წამიერი: იცოდა თებრონიამ, ვერ დასთმობდა ვერაფერს ხელმწიფის წინაშე. სამოქმედოდ ამხედრებულისა. შუქურზედ ბოლომდის უნდა ასრულებულიყო ის, რასაც აწვევდა მას მის შესახებ სამღთო მოვალეობა და რაც დაუსახა მას გრიგოლმა წმიდამ. ივდითი კი, სასტიკი მონაზონი, რომლის სულიდან სამღთო შურს ამოებუგნა ნასახიც ლმობიერებისა, უკლებლივ განავითარებდა თავის მოძულე მოქმედებას პატიმრის წინააღმდეგ. ქალი მისთვის ეშმაკეული იყო. თვით სატანა იყო იგი, ქალის სახით მოვლინებული რჩეულთ მოსახიბლავ-დასამონებლად. ხოლო ეშმა უნდა ძლეულიყო სახელითა ღვთისათა. განქარვებულიყო ყოველივე მანქანება მისი. გარეგნულად კი მეტი სილბო შეიტანა ქალის შესახებ ქცევაში თუ მიმართვაში; რაღაც დარიგებისა თუ განსწავლის გზას დაადგა. ეტყოდა იგი შუქურს სამღთო რამ თხრობებს ერთს განსაზღვრილ მიზნისადმი მიმართულებს, ეუბნებოდა შესაფერ სათქმელებს სახარებიდანაც. საგულისხმო იყო, რომ მისი სიტყვები, თუნდ სახარებიდან ამოღებული ფრასებით, მისსავით სასტიკნი იყვნენ, სახიერებასა და მადლს მოკლებულნი; იმათში იხატებოდა მხოლოდ ბრძოლა ყოველგვარ მშვენების წინააღმდეგ, ყოველივე ნივთიერების სილამაზის დევნა შეუფერხებელი. იმ საკვირველ თქმულებათა მიხედვით ღმერთი სახიერი მხოლოდ დამსჯელი იყო უწყალო, თუნდ მცირედის მიდრეკილებისათვის საამო ნივთთადმი, ცეცხლითა და მახვილით მისი აღმომფხვრელი, თითქო შემოქმედს ნივთნი და მათ სიამენი მხოლოდ შესამუსრავად დაებადოს თუ შეექმნას. - მისმინე, ქალო! ისმინე სიტყვა ღვთისა ღირსთაგან მოთხრობილი ჩვენდა სამწყსელად: “იყო კაცი ღვთისა და სახელი მისი ქრისტოფორე. იღვაწდა იგი განდეგილი, იმარხვიდა მარად ჟამს. შესჭამდის დღესა შინა კოტორსა პურისას მცირეს და ლეღვსა სამსა. ღვინოსა არა იხმევდის, სთნდა იგი ღმერთსა და მიანიჭა ძალი სასწაულთ მოქმედი. განითქვა სახელი მისი. მივიდოდიან მისდამი მრავალნი თაყვანისცემად მისსა და კურნებად მისგან. ფრიად მშვენიერი იყო იგი სახითა და აღნაგობიათა. დედანი ვიეთნიმე წარიტაცის მშვენიერებამან მისმან და სცოდვიდნენ იგინი გულსა შინა თვისსა. გულისხმა-ჰყო ესე წმიდანმა და ევედრა უფალსა, რათა თანაწარხდეს მისგან სახე იგი კეთილქმნილი და იცვალოს იგი სახედ ძაღლისაით. ისმინა უფალმა და ექმნა მას სახე ძაღლისაი. ამიერით არღა შთაცვივდებოდნენ დედანი ცდუნებასა მის წმიდისა გამო”, და დასძენდა მონაზონი შესაფერ სიტყვას სახარებიდან: "უკეთუ თვალი შენი გაცდუნებდეს შენ, ჯერ-არს აღმოიხადო იგი; უკეთუ ხელი შენი მარჯვენაი გაცდუნებდეს შენ, ჯერ-არს მოიკვეთო იგი. ვაი მას, რომელი აცდუნებდეს ერთსა მცირედთაგანსა; უფრორე ვაი მას, რომელი აცდუნებდეს დიდ დიდებულსა”.




70 ეახლა ბერს თებრონია, შეიწვია მონასტერში. არ ინება მწირმა, არ შევიდა ეზოში; იქვე ჩამოჯდა ლოდზედ, ორივე ხელით მოჰკიდებოდა დაბჯენილ ყავარჯენს გარინდებული, ფიქრში წასული. აასრულა იმან განზრახვა ძნელი, თითქმის შეუძლებელი; უბრძოლველად წაიყვანა ძალამოსილი ქალი მონასტერში, თოკი შეაბა უტყვ ზვარაკივით, წინ გამოიგდო, მოაცილა თვით სამსხვერპლომდინ. სასწაულს უდრიდა ეს. სასწაულიც იყო მომქმედ მადლით წარმოებული. გრძნობდა კიდეც ის თავის ძალას შემბორკს შემცოდისას. ღვთის ნებაზედ მის მატარებელს. ეხლა, როცა შეასრულა თავის განზრახვა, უძლურებას განიცდიდა ხორცისას და სულისას, გრძნობათა სიცალიერეს უსიამოს. ჩაფიქრებული იმასაცა ჰხედავდა, რომ ეს მძიმე საქმე გააბედინა მას არა მხოლოდ სამღთო გულისთქმამ, სწრაფამ ღვთისადმი; თავმოყვარეობამაც, თვითმოყვარებამ თვისმა ზვიადმა. შეკრთა, როცა გაითვალისწინა მთელი შედეგები ამ გაბედულის მოძრაობისა. საშიშიც იყო: ძნელი სათქმელი იყო, როგორ გაიმაგრებდა მონასტრის ზღუდე ქალს, რომელს არავითარი კავშირი არა ჰქონდა სავანესთან, რომელი მთელის ძალით გაიბრძოლებდა, რაკი თავს მოეგებოდა და ჩააკვირდებოდა თავის ყოფას. აუცილებელი შეიქმნებოდა ეს: დღეს დაიმორჩილა ქალი, მოადუნა მისი გონება და ნებისყოფა, შემდეგ ისევ გაიმართებოდა იგი წელში, თავის დონეზე დადგებოდა; მაშინ ძალითღა იქნებოდა შესაძლებელი მისი დაკავება, მოხერხებული რამ ქცევით; მაინც მის უნებლიეთ. ისიც ძლიერ საეჭვო იყო, გაუძლებდა თუ არა სავანის ზღუდე მასზედ მისულს ძალას მეფისას: გაიგებდა აშოტი, სად დააპატიმრეს ქალი და წაესწრაფებოდა მის დასახსნელად, დასაბრუნებლად. მედგრად შეებრძოლებოდა მოწინააღმდეგეს. ეს მოწინააღმდეგე ძალა იყო დღეს თებრონიას ნების სიმტკიცე. - მებრძოლად დედაკაცი ამისთანა სასტიკ წყობაში?! - დედაკაცი ჭირში ნაცადი, მისი მისწრაფება უტეხი, ხელოვნურად ნაწრთობი; მისი ნებისყოფა, რომელი მოიხრება ძალთა წინაშე, მოიდრიკება, მიწას განერთხმის, არ კი გადიმტვრევა. სურვილს აისრულებს. - რომ ძირიანად ამოგლიჯოს რისხვის გრიგალმა? - უბედურება იქმნება, სჯულის შერყევა, თუ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ხელს დარევენ რაინდსა ღვთისას და გადაჰფშვნეტენ. ნუ იყოფინ! თებრონია მებრძოლია ეკლესიის სახელით, მასზედ არის დამყარებული გამარჯვება მეუფის საყდრისა ამ ძლიერ ბრძოლაში. უნდა შესძლოს შემართება, აიტანოს რისხვა ყოველი, უკუაქციოს მებრძოლი ძალა მძლავრად მისული. განმტკიცდეს იგი! მე განვამტკიცო! მონაზონი შორიახლო ჩამომჯდარიყო და ელოდდა ბერის გამოფხიზლებას: ეგონა, დაღლილს ჩასძინებიაო. შეირხა მწირი. მიჰმართა მონაზონს: - მეც ჭამადი მცირედი და წარვიდე სავანედ ჩემად! ბევრი ევედრა ქალი, ენებებინა მონასტერში შესვლა, პურის მირთმევა და მცირედი განსვენება, მაგრამ ვერ დაიყოლია წმიდანი. იქ მოართვა ტაბლა, გალავნის გარეთ. ნელ-ნელა სჭამდა მოღვაწე, ნაზად, თითქო დაზოგვით. თან უბნობდა, არიგებდა მასპინძელს, როგორც უნდა მოქცეულიყო ის ამ მძიმე შემთხვევაში. ევედრებოდა, გამოეჩინა სიმტკიცე შესაფერი. - ეს გზა, დაო ჩემო სულიერო, რომელს უკვე დაადექ შენ, არის სავალი სჯულის აღმსარებელთა, გზა წამებისა, იქნება მოწამებრივის აღსრულებისაც. იცოდე ეს შენ! - მიხარიან ამ გზით სვლა. ვერ გამტეხოს ძალმა წინააღმდეგმა! მეძავი იგი ვეღარ იხილავს ცხოვრების ნასახს სავანის გარეთ, ვეღარ იგემებს სიცოცხლეს ცოდვათაგან მტკბარს! - წარმოსთქვა ჯიუტად და თვალნი აეგზნო შურით ძლიერით; იტყოდნენ: სამღთო შურითა. მრავალს ჟამს მარტოდ უბნობდნენ ნეტარნი ესე. დაბალი ხმით ამბობდნენ შეთქმულებივით, თითქმის ჩურჩულით. მახლობლად არავინ იყო, ყველანი დაეთხოვნათ წინამძღვრებს. ადგნენ. ხელს ემთხვია თებრონია. გაშორდნენ ერთმანეთს. მტკიცე ნაბიჯით მიემართებოდა თებრონია, აღგზნებული თვალები ნათელჰყოფდნენ მის მღელვარებას. დიდი ღელვა აღძრა ამ ახალმა ამბავმა საგულისხმიერომ მთელ მონასტერში, სად ცხოვრება ისე ერთგვარად მიმდინარობდა ურყევ-უღელველად. ეს დღე არ ჰგვანდა სხვა დღეებს, რომლები ისეთის მოსაწყენის ერთფერობით მისდევდა ერთი-მეორეს მოსაბეზრებელ ერთგვარობით. მითქმა-მოთქმა გახშირებულ სავანეში დიდი ყურადღება მიიპყრო თებრონიას საუბარმა წმიდანთან. არცერთი მათი სიტყვა არ ესმოდათ ცნობისმოყვარება აღძრულთ და ვეღარ მოეთმინათ, ვერ დაწყნარებულიყვნენ. ბოლოს თემისტომ გადადგა გაბედული ნაბიჯი: წყაროს ბილიკი იმ ადგილის ახლო გადადიოდა, სადაც ისხდნენ მესაუბრენი. ქალმა აიღო სურა და წყალზედ წავიდა; ისე მოზომა გზა, რომ მათ ახლო გავლისას გაეგონა რამ, ყური მოეკრა სიტყვისათვის. არ გაუცუდდა განზრახვა, მოესმა: - იყავნ ეგრეთ! უკეთუ უღირსი მონა ღვთისა ანგელოსი ვარ აწ, მაუწყებელი მისის ნებისა, აღსრულდეს შენ მიერ იგი წმიდა ნება მისი! - აღსრულდების! ძალა უფლისა განმამხნობს უძლურს! სხვა ვეღარაფერი გაიგონა, ვეღარც გაბედა შემდგარიყო და ესმინა. გაეშურა. მიუთხრა გაგონილი თვის დებს ქრისტეს მიერ. დაიწყო ღვთის ნების აღსრულება მონასტერში მომწყვდეულ ლამაზ შემცოდეს შესახებ, უტეხი რამ ნებისყოფის სრულყოფა, რომელი ურყევად თუ უგრძნობელად მიდიოდა თვის მკაცრად განსამზღვრილ სავალზედ და თვალდამწუხულ თვის სასტიკ სვლაში ტყვიის ბიჯით სთრგუნავდა ყვავილს ტრფობისას, ქალ-ვაჟთა შორის აღმოცენებულს; ჰლეწავდა თვით ღეროებს ტურფა ყვავილებისას; სთხრიდა ფესვებსაც საიშვიათო მდელოსი ედემურისა. გახადეს შუქურს სამოსი სამხიარულო ფერად-ფერადი, შემოსეს შავი ძაძა სიხარულის ბნელად შამღები, სამგლოვიარო; მოხსნეს მანდილი ყვავილოვანი, მობურეს ბლანდი მძიმე ლამაზ დალალთა მთლად დამფარავი; წაჰყარეს სადაფ ყურთაგან დილის ნამივით მოციმციმე საყურეები, შუშა თითთაგან ბეჭდები ცეცხლის მფრქვეველნი; ახსნეს მკერდიდან გულის ქინძისთავი; შეხსნეს წელიდან სარტყელი სადედოფლო მეფე-მიჯნურისაგან მიძღვნილ-მირთმეული; შემოარტყეს მის წილ საბელი ქალამანისა მწვირიან-კვანძიანი. - ნუ გენაცვათ! ეს სარტყელი მევე დამიტოვეთ: აშოტის ნაჩუქარია; თავის ხელით შემომარტყა; მის სახეს მაგონებს, მის შეხებასა. - არ შეიძლება! ცოდვას მოგაგონებს ეს სამკაული, ცოდვათა ტალღას მიგცემს წარმწყმედელს. შეიბი საბელი! შემოგერტყმის მადლი ძლიერი, ზეცად აღმყვანი. ხამლი ჩააცვეს უფერო, უშნო, კოხტად ნაქარგ წუღების ნაცვლად გოჰარშეყრილისა. როგორ დაკარგა ნაქვთიანმა თავის სახე! უშნოდ გამოჩნდა ფეხი კოხტად ნაგები. რას იტყოდა აშოტი, რომ დაენახნა! პირიც არ დააბანინეს მტვერშეფრქვეულსა. - ნავლი უნდა დაიყარო თავს, ნაცარი და ისე ინანვიდე ცოდვას შეუნდობელს, - უთხრეს მას. გესლიანად გაეცინათ, სარკე რომ მოითხოვა, მიჭვრიტაი რამ ლითონისა. - ნეტა მიცნობსღა აშოტ, ეხლა რომ შემხვდეს თუნდ მარტოდ-მარტოს? მაინც მიცნობს! ალღოთი მიჰხვდება. ძალა იდუმალი ამცნებს მას ცხადად. მეტყვის ხოლმე, საიდუმლოდ რამ ძალა მაგრძნობინებს შენს მოახლებას და მძლავრად მიზიდავს შენკენ, ჩემო სიხარულო... - გიღალატე მე, სიხარულმა შენმა, ვაჟკაცო ჩემო, გავტეხე შენი მცნება, ბრძანება შენი. ნუ ინაღვლი და ნურც შემრისხავ: წამიერად გეურჩე, დროებით, მხოლოდ ერთი კვირით. ვერ ვეწინააღმდეგე წმიდანს, ვეღარ შევსძელი: მინდოდა მისი კურთხევა ყოფილიყო ჩვენზე, ჩემზედ და შენზედ. განუყრელნი ვართ, ერთნი საუკუნოდ. - ჭამე რამ, დაიმშეოდი გზაზედ, დალიე! - უჰ, როგორი ნასი პურია, გაუცრელი, ჩენჩოიანი! არ მინდა. წყალს კი დავლევ. როგორი ჭუჭყიანი წიწანა არის პირმოტეხილი, სად არის ეხლა ჩემი ოქროს კუტალი ვერცხლის ლანგარზედ მდგარი! გაუკვირდება აშოტს, როცა ვუამბობ, როგორ გამიმასპინძლდნენ წმიდა დედანი, მისგან უხვად ნიჭებულ სავანეში; იქნება კიდეც ეწყინოს, გაწყრეს... - ნუ, გენაცვალე, ნუ გაუწყრები საწყალ დედაბრებს! აღთქმა დაუდვიათ, იზრუნონ მხოლოდ სულზედ. თურმე არ უნდა სულს არაფერი შნოიანი, არც თუ შემრგო, არც სასმელ-საბურავი, არც საჭმელ-სასმელი. სულისათვის თურმე ისიც არაბედენაა, რანაირ გვამში იმყოფება იგი, როგორი ხორცი შეუმოსია, მშვინიერი თუ მშვენიერი. უფროც უხარიანო გვამი მახინჯი, მიხრწნილ-მილეული, უსუფთავო მოუკაზმავი. ნეტა თუ რად? ხორციც ხომ ღვთისაგან შექმნილია ყოვლად სახიერისა. რომელი არის მშვენება უებრო, წუნდაუდები. საიდუმლო ჰაზრი თუ არის აქ ჩემგან მიუწთომელი. ვკითხავ აშოტს, ის მეტყვის მართალს: ჭკვიანია, ფიქრგამჭვირვალი; ნათელი სიტყვა იცის, მოაზრებული. მივეალერსები და ისე ვკითხავ. უთუოდ მასწავლის... - პურსაც შევჭამ. რა ვუყოთ, რომ ნასია?! არაუშავს რა! არ უამება აშოტს, თუ უჭმელობა დამეტყო; იქნება კიდეც მაყვედროს. არა! როდის დამმდურებია, რომ ეხლა მაყვედროს?! უფრო მომიალერსებს: თუ შეუძლოდა ვარ ან დაღონებული, სულ თავს მევლება მეფე ვაჟკაცი. იქნება იწყინოს, ცუდად გისაზრდოვებიათო, გაუწყრეს ამ საწყლებს. უნდა კმაყოფილი ვიყო ამითიც, რაც მომართვეს. მშიან! 71 სასახლეში კრძალვით და შიშით ელოდნენ აშოტის დაბრუნებას. აისრულა დედოფალმა წადილი, ჰპოვა უფრო მძლავრი ძალა, სინამ სურვილი ხელმწიფისა, დაიხმარა ის ძლიერება წინააღმდეგ მეფურ უფლებისა, რომლის თანაზიარი იყო თითონაც, და დააპატიმრა შუქური მონასტერში, ჩაუკეტა კარი ცხოვრებისა. რაც ბოღმა უტრიალებდა ზვიად გულში დედოფალს, მხევლისაგან დამარცხებულს, ქმრისაგან უარყოფილს და მოახლეზედ გაცვლილს, მთელი ჯავრი, გუბე გესლისა ადუღებულ-აღქაფებული, ზედ დაანთხია მეძავს საზარელს, მოსპო ის ცხოვრებისათვის, ცოცხლივ დამარხა უძირო მთხრებლში ამოუსვლელში. მაგრამ ამითი მაინც არ ისპობოდა პყრობილი გრძნეული, არ განქარდებოდა ძალა მისი ეშმაკეული: მეფე-ვაჟკაცი ძლიერ იყო დაგესლილი იმ ჭრელისაგან, შებორკილ-დამონებული, და ეხლა დიდად საზრუნველი იყო ის, როგორ აიტანდა აშოტ მძლეველი ამ მისთვის ფრიად სამძიმო ამბავს. - ძალიან იწყენს, გაბოროტდება, აღშფოთდება უზომოდ. რა საშინელებას ჩაიდენს ვნებააშლილი, ფიქრაფურტკვნილი, მხოლოდ ღმერთმა იცის. შეიძლება ვეღარ შეიმაგროს თავი, რისხვა თვისი მეხად დაატეხოს ყველას და ყოველსავე. განრისხებული აშოტი განძვინებული ლომია უწყალო, მედგრად მოქმედი, - ამბობდა დედოფალი და ფიქრობდა, როგორ შეჰხვედროდა მეფე-მეუღლეს, რომ მცირედ მაინც დაეწყნარებინა ის და ფრთხილად ამოეღო სევდის ისარი, რომელი ამ ამბის გაგონებაზედ გულს განეწონებოდა გამიჯნურებულს. ფიქრს მისცემოდა მწარეს ღირსი გრიგოლიც. შეებრძოლა იგი გოლიათს ქრისტეს სჯულის შემბღალავ-მაგინებელს, შეჰმართა მთლად უიარაღოდ. მხოლოდ არგანი ებყრა ხელთ და საბელი თვისის ხამლისა, როს გაემართა იმასთან წყობად. გაუმარჯვდა გულადს: საბლით შებოჭა ეშმაკეული, რომელს ჰმონებდა ძალა გოლიათისა, არგნით წარიგდო იგი წინ და დახშო წმიდა სავანეში, სად უმწეოა სატანა ბილწი, მთლად უძლურია მის მანქანება. თითქმის უბრძოლველად შეასრულა ყოველივე ეს, მაგრამ ბრძოლა კვლავ მოელის მას, ყველა მის მომხრეს, წყობა სასტიკი, უწყალო, შეუბრალებელი. - ვინ იცის, რით დამთავრდება ომი საბედისწერო. ნუ იტყვი, იბრძვის მხოლოდ ვაჟკაცი ერთი სურვილთა ასასრულებლად. იბრძვის აქ ბჭე ჯოჯოხეთისა წინააღმდეგ წმიდის ეკლესიისა. ვერაფერს დავსთმობ! ვერ შედრკება საყდარი ღვთისა სალს კლდეს ყრდნობილი, ვერ შეირყევა: ეს აღთქმაა მაცხოვრისა უცილობელი! - მაგრამ ეს აღთქმა შეეხება საბოლოვო გამარჯვებას ეკლესიისას ჟამთა დასასრულში; დროებით კი, აქა თუ იქ, განსაზღვრილი დროს თუ ადგილას შესაძლოა დამარცხება ნათლისა, მოკვდინება თუ დაშლა არა მცნებისა, არამედ მებრძოლთა, მათი სიმაგრეებისა. - ოღონდაც! ბევრჯერ მიუღიათ სჯულისათვის მებრძოლთ სიკვდილი მოწამებრივი, ბევრგან ნგრეულან მძლავრი მარჯვენით ზღუდენი წმიდათა სავანეთანი, შესძლებს ბოლომდის ბრძოლას ღირსი თებრონია? არ შედრკება მისი მხნეობა ღვთაებურის შურით გზნებული? არ დასთმობს იმ ეშმაკეულს, არ განუტევებს, თუნდაც წამება მიერგინოს მისთვის და თვით სიკვდილი? - სრული იმედი მაქვს ღირსისას! ვიცნობ თებრონიას, მის შემმართებელ ბუნებას განუტეხელს... მაინც მიბყრობს შიში გაურკვეველი; ცხადად ვერ ვჭვრეტ შავ რამ ბურუსში დაფარულს ბოლოს სასტიკ ბრძოლისას. ვილოცოთ, ძმანო, ჩემნო, მიჰფინოს ყოვლად ძლიერმა წმიდა სავანეს მადლი განმამტკიცებელი, შემოარტყას მას უძლეველი ძლიერება თვისი ზღუდედ უძრავად, განამხნეოს თვის სადიდებლად მებრძოლი დედა თებრონია. ვევედრნეთ, თანაწარხდეს ჩვენგან განსაცდელი ესე სასტიკი. ლოცულობდა გრიგოლ, მაგრამ მთლიანად ვერ აღევლინა გონება თვისი ზეცისადმი: მოგონების თვალი არა ჰშორდებოდა მეფის სასახლეს და დედათა მონასტერს, ზრუნვით ბყრობილი მისი ჰაზრი ჰქსელავდა გზას ამ ორ მეტოქე ციხე-სიმაგრეების შუა. საშიში ბრძოლა დაწყებულიყო წმიდა მოღვაწეთა და მეფის შორის. აშოტი არ დასთმობდა თავის სატრფიალოს, ვერ დაუტევებდა იგი მას, ვერასგზით ვერ შესძლებდა მის უარყოფას; შუქური განუყოფელი ნაწილი შექმნილიყო მისი არსებისა, მისი სული უკვე გადასულიყო შუქურისას, დაევანა მის გულში, როგორც პატიოსან ქვისაგან გამოკვეთილ რამ ტაგრუცში; შუქურს მოკლებული, უსულოღა იყო აშოტი და როგორ იცოცხლებდა, რით იცოცხლებდა, ვით დამშვიდდებოდა თუნდაც ერთს წამს?! შეუძლებელი იყო ეს! აშოტი ვერ დასთმობდა ცოცხალი იმ მისთვის მოვლინებულ მარგალიტს ფასდაუდებელს. ეს კარგად იცოდა დედა თებრონიამ და მისთვის გაეკაჟებინა გული, ისეც გაციებულ-გაქვავებული. იდუმალი სიხარულით ელოდდა რისხვას მეფისას: ნატრობდა წამებას, სიკვდილს მოწამებრივს. მაშინ ზეცას აღფრინდებოდა იგი ცხოვრებისაგან უარყოფილი. ცხადად ჰნახავდა გრიგოლი, რა ძვირფასი საუნჯე იყო თებრონია ქალი და გაჰკვირდებოდა, დაენანებოდა კიდეც მას იგი, გული ეტკინებოდა. ყველანიც განცვიფრდებოდნენ მაშინ, ქებას ეტყოდნენ, ხოტბას შეაფრქვევდნენ. ზღაპრად დაიდებოდა მისი გმირობა. უბრალო დედაბრის შემმართებლობა. მეფემ კი არაფერი იცოდა ამ ამბისა, ამ სხვისთვის თითქო უმნიშვნელო, მაგრამ მისთვის საბედისწერო ბრძოლის დაწყების შესახებ: მეფის ბანაკამდინ ჯერ არავითარ ცნობას არ მიეღწია ამაზედ. წინათგრძნობაც არა ჰქონდა ვაჟკაცს ამ მისთვის ძნელ ამბავისა. მოუხაროდა სასახლისაკენ. დიდად გამარჯვებული იყო მებრძოლი, იმისათვის იშვებდა და იხარებოდა. აგერ ერთი თვე იყო, სათარეშოდ წაბრძანებულიყო აშოტი, დიდი ლაშქარი არ ახლდა, არც დიდი ომი განეზრახა სამფლობელოში შემოჭრილ მტერთან; მხოლოდ ჰსურდა მოსვენება არ მიეცა მისთვის აქა თუ იქ მოულოდნელ თავდასხმით. ჯარი პატარ-პატარა მსწრაფლ-მოძრავ რაზმებად დაეყო და დაეგზავნა. თითონ შუა ადგილი დაეჭირა რჩეული დასტით, რომ მსწრაფლ გაჩენილიყო იქ, სადაც გაჭირდებოდა. კარგი დრო იყო სალაშქროდ თუ სანაპიროდ. გაზაფხულის ჟამს ადიდებული მდინარეები ბუნებრივ დაბრკოლებას წარმოადგენდნენ მტრისათვის, რომელმაც არ იცოდა ქვეყნის აგებულება და მარჯვედ სავალი გზა თუ ფონები. ქართველებს კი არ გამოეპარებოდათ არც ერთი მოკლე სავალი თუ ბილიკი. ჰაზრიანად სარგებლობდნენ თავის ცოდნით, ანადგურებდნენ მტერს მაშინ, როცა სრულებით არ მოელოდდა ის; თავს ესხმოდნენ იქ, სადაც ის მთლად უზრუნველადა ჰგრძნობდა თავს. შიშის ზარი დაეცა აშოტს მტრისათვის, ძრწოლა შეეყენებინა მისთვის. დიდად ეზარალებინა. ეხლა შემოეკრიბნა გაფანტული რაზმები და დავლით დატვირთული ხალხი დიდის ზეიმით თუ ღრეობით ისწრაფიდა სატახტო ქალაქისაკენ. მიუხაროდათ სახლში ცოლშვილთან, სატრფოებისაკენ. საჩუქრები მიჰქონდათ ძვირფასებისათვის, ნიშანი გამარჯვებისა. მეფეც იხარებდა, როგორც ერთი მხედართაგანი, იმასაც მიჰქონდა რჩეული ზღვენი თვის სახლობისათვის, საუკეთესო სახსოვარი გულის ვარდისათვის. - ეს სამაჯური მის ნაქანდაკებ მკლავს, ესე ფარღული მკერდს დრუნგილისას, სიცოცხლით სავსე მარმარილოსას! გაეხარდება ლამაზს. გამეხარდება, რა ვნახავ ჩემეულით დამშვენებულს. მე რომ მოვიცლი მის კოცნისაგან, ამან დაჰკოცნოს ჩემ მაგიერად; განუწყვეტლადა ჰკოცნოს, მოუცილებლად. ისწრაფიდა ვაჟკაცი გამიჯნურებული, ჭაბუკივით ჩქარობდა, სულმოკლეობდა, ღელავდა მოუთმენლად. მიღელავდა ლაშქარიც დროშაგაშლილი, მიიმღეროდა. გზა კი არ ილეოდა: გაგრძელებულიყო არტანუჯის შარა, შორს თუ დაეწივნა მეფის სასახლეს! მაინც მივიდნენ. შეაქროლეს ტაიჭები ციხის ეზოში. სეფე ქალნი გამოეგებნენ რაინდებს. დედოფალი მოწინაობდა. მიულოცეს გამარჯვება. გაიხარეს. აშოტი თვალს ავლებდა კეკლუცთა კრებულს. მის ხედვათა ისარი არ შეჩერდა არავისზედ: ასცდა მის თვალთა სხივი სეფე ქალთ, მიევლ-მოევლო მოახლეებს, მხევლებს, მსახურებს. არც იქ შეჩერდნენ მეფის თვალები, ვერც იქა ჰპოვეს თვის საძებარი: შუქური არ იყო არც იმათ შორის. ეს პირველი ისარი იყო წვერგამახული, ბნელმა ეჭვმა რომ დაასვა მეფის გაშლილ გულს. ნახეს აბანო. შესცვალეს საომარი ტალავარი სალხინო ტანთსაცმელით. დაიდეს ნადიმი დიდებული, მეფის საკადრი. დედოფალი აღტაცებაში იყო, საუკეთესოდ შემკული. ყველას უტკბებოდა, უალერსებდა მეუღლეს; ცდილობდა ეშხი მიეცა მეჯლიშისათვის. ღელვა მაინც ემჩნეოდა: ჭარბი სიხარული ვერ ეფერებოდა მის ზვიად ხასიათს მიუკარებელს, განზრახ მოწყობილი შვება ხელოვნური. მეფე კმაყოფილი იყო, რომ გურანდუსტი თავისი ხალისით აელვარებდა მხიარულებას. წინეთ თვისი ერთობ თავდაჭერილი ქცევით უკარებელით, მეტად ამაყი მიმოხილვით თუ თქმით ანელებდა აღფრთოვანებას შვებისას ალად ავარდნილს. ვაჟკაცს მაინც ეტყობოდა ღელვა, თანდათან ემატებოდა მოუთმენლობა. მაშ რა უნდა ექმნა, თუ არ აღელვებულიყო: შუქური არსად სჩანდა არც დილას ეზოში, არც ეხლა ნადიმზედ. - ვიღაც სხვა ადევნებს თვალყურს ტაბლის სამკაულს, ჭურჭელს მურასას. სად არის შუქური? როგორ შეიძლება, სხვის ხელი ჰხვდებოდეს ძვირფას საუნჯეს?! ნუთუ არ იციან, რომ ოქრო-ვერცხლის სასმისი თვალ-მარგალიტით მკული, მხოლოდ მაშინა ჰშვენის, როცა მას ჰხვდება ხელი შუქურისა?! სურვილითა ჰსურდა დაეძახნა შუქურისათვის, ეხსენებინა მისი სახელი, ეკითხნა, სად იყო იგი სახლის მშვენება, ებრძანებინა, ფიცხლავ მოეყვანათ მის წინაშე იგი ქალთამზე. ეჰ, არ შეიძლებოდა: მეფე იყო, მთელი საქართველოს მბრძანებელი და არ შეჰშვენოდა, საჯაროდ ესდენი ყურადღება მიექცია სასახლის ქალისათვის. ჯავრი დაეტყო მეფეს, შუბლი შაეჭმუხნა. ნაძალადევადღა იტყოდა სიტყვას. აღარ ესმოდა სხვათაგან თქმულიც. შენიშნეს მეინახეთა ჭმუნვა მეფისა და დაუშვეს ხმა, დახარეს შვება. შეწყდა ჟრიამული სამხიარულო. გაიშალა შავი ფრთა უამობისა. გათავდა მეჯლიში. დაიშალა სტუმრეულობა. 72 იგრძნო მიჯნურმა, რომ ავი შეემთხვივნათ სატრფოსათვის, ბოროტი მოევლინათ საბრალოსთვის შეუბრალებლებს, რომელნი იშვებდნენ გამარჯვებულნი და თვისი სიხარულით ნიშნს უგებდნენ მას, მათგან ძლეულ ბუმბერაზს უძლეველს. ძალიან ეწყინა აშკარა შეურაცხყოფა თვისის პიროვნებისა. გული მოუკვდა, როცა წარმოიდგინა, რა ბოროტი დაჰბურავდა ღვთის შვილს სახიერს, მტერთა თუ მოშურნეთაგან გარეშემორტყმულს. სული შეუწუხდა, როცა წარმოიდგინა, როგორ მოეხსნება თვით მას სიამე, განშორდება ნეტარება, მოესპობა კმაყოფილება, სულის სიმშვიდე. - აუტეხეს რამე იმ საბრალოს, რაკი გამიგულეს, თუ ავად იყოს, წარმოიტყოდნენ, ვინმე ახსენებდა მას სუფრაზედ, სადაც მის ადგილს სხვა იდგა, ვიღაც უცხო, შეუფერებელი, - გაიფიქრა მეფემ და გაემართა შუქურის გალიაკისკენ, შევიდა, ვერ ჰპოვა თავისი მზე. სხვაც არავინ დახვდა იქ, არც თუ მხევალი რომელიმე. სავანეში ზოგი ნივთიც ეუცხოვა. შუქურისა არ იყო. აღარც ისე იყო სავანე მილაგებული, როგორც, შუქურს უყვარდა, მაშინ გულისხმა-ჰყო ყოველივე იგი ყოფილი საქმე და ფრიად შეიურვა. შემოჰკრა ტაში. მთრთოლვარე ხელმა ასწია კარის ფარდაგი და წარსდგა მეფის წინაშე ხადუმი; მუხლი მოიდრიკა. მეფემ მრისხანედ დახედა მას. მონა მიწას გაერთხო მბრძანებლის ფეხთქვეშ. - სად არის შუქური? - წაიყვანეს, დიდო ხელმწიფევ! ბერმა გრიგოლმა წაიყვანა დედოფალი. - წაიყვანეს და შენ ცოცხალი ხარ?! რად არ მოჰკვედ იქვე, შე არაკაცო? - წარმოსთქვა აშოტმა და მისმა ხელმა შეუგნებლად გაიწია ხანჯლის ტარისკენ. - ნუ მომკლავ, ყოვლად მოწყალეო! მიბრძანა დაბრუნება, არ გამიყოლა. ელდა ეცა ვაჟკაცს. მუხლთ მოეკვეთა, ჩაჯდა სავარძელში. გაქვავდა ერთს ხანს დარდდარეული! სახლთუხუცესს იდუმალ თვალი ედევნებინა ამ ამბისათვის და გაბედა: ფეხაკრებით წარსდგა მეფის წინაშე. აშოტმა ვერ შენიშნა. ყურადღება არ მიაქცია მას. მერმე შეხედა ჩამქრალი ხედვით, ცივად, უაზროდ. კარისკაცი იდგა უძრავად მორჩილ-მოხრილი. - სად არის შუქური? სახლთუხუცესმა უამბო ყოველივე დაწვრილებით. მის თქმაზედ მეფე თანდათან ფერსა ჰკარგავდა, ფითრდებოდა. მერმე მსწრაფლ აღეგზნო. წამოიჭრა ზეზე. - თავი წარეკვეთოს ამ ლეშს! - ანიშნა გართხმულზედ. -საბყრობილეში ყველა მხევლები შუქურისა! ცხენის ძუაზედ ჰხამს აებნენ მოღალატენი და დაიჩლიჩნენ. - სასტიკი ბრძანება, ცხებულო ღვთისავ! - სასტიკი მეფის მოღალატეთათვის?! შენც მოღალატე! სახლთუხუცესმა უნდა იცოდეს ყოველივე, რაცა ხდება სასახლეში, პასუხს აგებდეს. - მამაშენს, დიდს ნერსეს, ვემსახურე პირნათლად, მთლად ჩავბერდი შენს სამსახურში და...მოღალატე?! განეშოროს ყოველი მოღალატე ტახტსა მეფისას! - ჭეშმარიტად ღირს არს! - სთქვა მეფემ და გამოვიდა სახლიდან. უბრძანა ცხენი. მოართვეს მსწრაფლად. ესდენ ტრფიალი იყო შუქურის მიმართ ხელმწიფე იგი. რომელ თავმოთმინება დაავიწყდა და მსწრაფლ გაემართა მონასტერსა ფრიად აღშფოთებული. ჰგავდა, რომელ არა ღონითა რითმე კაცობრივითა იყო ტრფიალ შუქურის მიმართ, არამედ ეშმაკისა მანქანებითა. შეკრთა დედოფალი, ძლიერ შეშინდა. შეძრწუნდა მთელი სასახლე. - გაემართა მრისხანე დედათ მონასტრისაკენ ხელშეუხებელისა. გაანადგურეს მედგარი წმიდა სავანეს. საშიშ არს ესე. - ჭეშმარიტად საშიშ არს! უმჯობესი იყო, წმიდა სავანე და განდეგილნი არ ჩარეულიყვნენ ამ ფრიად სახიფათო ამბავში; წინადაც მოგახსენე ეს. - შეჰბედა სახლთუხუცესმა. - სცდები, დაბრძნობილო! იმათ უნდა იზრუნონ სჯულის სიმტკიცეზედ, ზნეობის სიფაქიზეზედ; რისხვა უნდა დაითმინონ ამის გამო, წამება, თვით სიკვდილიც მოწამებრივი. - აღსრულდეს ნება თქვენი! მეფე ღალატსა მწამებს, დედოფალი შეცდომას მყვედრის. მოწევნილა ჟამი ჩემის განშორებისა. გრიგალივით მიჰქროდა მეფის მერანი. შორიახლო ასდევნებოდა განრისხებულს შინაყმათა გუნდი მასთან ნაწრთობი, ომის ველზედ მტრის სისხლში მასთან ნათელღებული. ვნებათა ქარიშხალი იტაცებდა მეფის ჰაზრებს თუ გრძნობებს, აღელვებდა, აზვირთებდა, საშინლად ატრიალებდა. შეურაცხყოფილ ბუმბერაზს უნდოდა მოეკრიბნა ფიქრები, განეჭვრიტა გზა სამოქმედო. ამაოდ! თავდაუჭერელად ჯგუფდებოდ-იშლებოდნენ მისი ფიქრები, გროვდებოდნენ, იფანტებოდნენ. მაინც შეუკავებლად მიისწრაფოდნენ მერესაკენა: იქ იყო დატყვევებული აშოტის მზეი, სიცოცხლე მისი. მხოლოდ ერთს ეტყოდა გარკვევით ჰაზრი მღელვარე. - მიხვალ, ჰნახავ, წამოიყვან! წამს არ დასტოვებ სიხარულთაგან გაძრცვილ ადგილას! ან რა ჰქონდათ საზიარო შუქურსა და მონასტერს, სიცოცხლეს და სიკვდილს, ცხოვრებას ყვავილოვანს და სამარეს კარდახშულს, სად ცოცხლივ ჩაემარხნათ თავი განსაცვიფრებელთ? - ვპოვებ, მოვეჭდობი, გამოვიტაცებ! - კვლავ გაუნათებდა შუქური იგი ციხე-ქალაქს აწ ჩამოქუშულს, სამეფო პალატს ჩამობნელებულს, გულსაც ჩაგესლილს, საშინლად ჩახშულს. - რომ არ გიჩვენონ, არ დაგანებონ? - არ დამანებონ?! ვინ გაბედოს ეს? რომელმა შესძლოს?! ციხეც მაგარი ვერ დაუდგრეს ჩემს მძლე მარჯვენას. მყის მოვიტაცებ! ახ, სიხარულო! ახ, ნეტარებავ! - ბუმბერაზის ხმალი არ ამოდის ქარქაშიდან დედათა წინააღმდეგ, ვერცა ჰკვეთავს ფრთაასხმული სავანეს წმიდას. - ვერც სჭრის?! ვერც ჰმუსრავს?! ქვითინებს გული: იგლოვს დაკარგულს. შავბნელად მოსილ სასტიკთა დასს ჰხედავს ფიქრი ტანჯული, მზეთა-მზე რომ შეუპყრიათ შეუბრალებლებს. მათი მკლავები გველებივით შემოჰხვევიან საბრალო შუქურს. ბნელ ბაგეზედ გესლიანი ღიმილი უქრისთ დამცინავ-მამცირებელი. რა საბრალოდ უყურებს ქალი თავის რაინდსა! დახსნას ევედრება, ვერას კი ეტყვის შეჭირვებული. - წამიც და დაგიხსნი! ან... ან თავს დავაკლავ შენს საბყრობილეს. - მაცა, კაცო! იქნება თავისი ნებით მიჰმართა შუქურმა სავანეს წმიდას, თვით ისურვა განშორება ამა სოფლისა. - ჰა, ჰა, ჰა! შენ ვერ იცნობ შუქურს გულკეთილს: სულს შესწირავს ჩემთვის; იცის, უსულოდღა დავრჩები მე უიმისოდ. გამოჩნდა სავანე. ჩამოხდნენ. დასტოვეს ცხენები. გეეგებნენ მეფეს. განახვეს კარი ეკლესიისა. შებრძანდა, ილოცა. დალოცა მეფე დედა თებრონიამ. ფრიად ღელვილი იყო სახე მეფისა, მსწრაფლ ცვალებადი: თავის ჰაზრებს ებრძოდა იგი, თავის გრძნობებსა; ცდილობდა თავის სულისკვეთება როგორმე შეეკავებინა მცირე ხნით მაინც და უფრო ბუნებრივი სვლა მიეცა უთმენ სურვილისათვის, რომელი მძლავრად ისწრაფიდა განხორციელებულიყო სიტყვაში თუ მოქმედებაში. დედა თებრონია ცხადად ჰხედავდა მის სულისკვეთებას და მზირ ყურადღებად იყო მთლად გარდაქმნილი, ვითა მებრძოლი თავგანწირული, რომელი მოელის თავდაცემას მედგარი მტრისას და სდგას ფრთხილად, თუმც შეუპოვრად. თავი ოდნავ დაეხარნა მეფის წინ, ხელები გულზედ მოეჭდო. მჭრელი ელვარება მის თვალთა ცხადჰყოფდა, რა ფხიზლად და ჯიუტად მოელოდდა მებრძოლის შემმართებელ მოძრაობას. - სანაპიროდ ვიყავი, სამზღვართა განსამტკიცებლად. გამიმარჯვდა ღვთით. დავლამრავლად დავბრუნდი სასახლეში. წამოვესწრაფე: ჯერ არს მადლი შევსწირო ყოვლად წმიდასა. - ღვთისმშობელი ჰფარვიდეს შენს სვლას საკეთილოს, მეფე დიდებულო! იგი მოგცემს შეძლებას, დაიცვა მტრისაგან საქრისტიანო, განამტკიცო ქართველთა შორის სჯული ქრისტესი, ზნენი კეთილნი. გამოცდილ მებრძოლს უნდოდა შორიდან მოევლო საბრძოლ საქმისათვის, ეთქვა რამ მონაზონთა სასიამო, აღეთქვა დავლიდან ნუგეში რამე, მაგრამ დედაბერისაგან კეთილ ზნეობის ხსენებამ მთლად აფურტკნა მისი მოსაზრება. მსწრაფად შეეხო იგი თვის გულის ტკივილს: - შენ უწყი, დედაო, რისთვის მოველ აქ? - უფალმა უწყის, რისთვის ჰბრძანე აქ მობრძანება. - ამა მიზეზებისათვის იქმნა მოსვლაი ჩემი: სასახლისა ჩემისა მეჭურჭლე ქალი იყო და ყოველი მონაგები ჩვენი ხელთა მისთა ეგო; მამასა გრიგოლს აქა წარმოუყვანია იგი: ფრიად დაგვაკლდა საფასეთა ჩვენთაგან; უბრძანე: ციხედ მოვიდეს, ყოველივე მოგვითვალოს და კვლავ თქვენდავე მოვიდეს, ვითარცა უნდეს. ჩამოჰკრა თებრონიასათვის წუთმა სასურველმა, როცა უნდა ეჩვენებინა მას შეკრებულთათვის, რა ძლიერი ძალით არის აღჭურვილი სუსტი იგი მხევალი ღვთისა, თუ მოითხოვს მას სჯული ქრისტესი; როგორ უტეხად შეჰხვდება იგი თვით მეფის წყრომას, იტვირთებს თვით ჯვარს ქრისტესი, წამებას სასტიკს. და ეხლა, აქვე! გაიმართა წელში; უფრო მტკიცედ მოირტყა მკერდზედ გადაჯვარედინებული მკლავები; მკვეთრმა ღიმილმა, ბრძოლად მიმწვევმა, გაუპო ბაგე ცალმხრივ; თვალთაგან დაეკვესა ცეცხლი ბოროტი. ჰრქვა მკვეთრად: - მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთათანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა! წარმოსთქვა ეს სასტიკად და დადგა ურყევად შემმართებელი. არ ეშინოდა: შუქური ისეთ ღვიმეში ჰყავდა გადაკარგული, რომ მონასტერი მთლად დაექცივნათ, მის კვალს ვერ მიაგნებდნენ; თითონ კი სიხარულით ელოდდა მეხის ტეხას, რომ მისი სახელი აღზნებულიყო ლამპრად უქრობლად აქ კაცთაშორის და მის სულს მოეპოვნა ცხოვრება უხრწნელი ნეტართა შუა. 73 ესმა ეს მეფეს. მრისხანებამ აიტაცა აღტყინებულმა. სდუმდა ერთს წუთსა: მხოლოდ სასტიკი მოქმედებით შესაძლო იყო კადნიერისადმი პასუხი მსწრაფლი. ვერ აისახა მოქმედებაში გულისთქმა შეურაცხყოფილისა: ალად ავარდნილ მრისხანების წინ მხოლოდ მოლოზნის სახე აიხატა, მწირად განდეგილ ვიღაც დედაკაცისა. გაახსენდა მკვეთრი სიტყვები: მეფე - ბუმბერაზი არ იკადრებს შეახოს ხმალი ქალს წინააღმდეგს; და მრისხანებას მისი გულისას დაესხა წყალი. გაიბზარა მისი მკვიდრი ნებისყოფა. გონებამაც შეუპყრო სამოქმედოდ გაწვდილი ხმალი. - გაჰკვეთს ბასრი, მაგრამ თვითეულ ნაკვეთთაგან ახალახალი მებრძოლი მოგევლინება. უკვდავია ის მისწრაფება, რომელი ესე მედგრად ამოქმედებს დედაბერს მით უფრო ძლიერი, რაც მეტს ძალასა ჰნახავს თავისზედ მოსულს. დაეშვა ძალა მძაფრი ბუმბერაზისა; უძლურ იქმნა იგი მისთვის შეუფერებელ ბრძოლაში. მცირედ ჟამს სდუმდა, ვითარცა ძლეული: ხორციელად ძლიერსა ხელმწიფესა სულითა ძლიერთა კაცთა სძლიეს, შეჭურვილთა სამღვთოითა შურითა, მაშინ შეურვებულმან მეფემან გულისა შეჭირვებისაგან სთქვა: - ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს! მსწრაფლ აღსდგა და წავიდა. იძლია მეფე, მაგრამ ვერ აუსრულდა საწადელი ვერც თებრონიას: მეტოქემ არ იკადრა პირად მასთან შებრძოლება, მონაზონს არ მიეცა შემთხვევა მოწამებრივის სიკვდილისა, არც რამ წამების თუ ტანჯვისა, გინა შეჭირვებისა. უბრალო სახეც კი არ დაუდგა მას წინ მებრძოლი ძალისა. მოუცდა მოლოდინი: მისმა სიტყვებმა დაჰკარგეს ღირებულება მკვეთრის განკიცხვისა; უხეშ სიტყვათა გროვას ემსგავსნენ ისინი, უზრდელ რამ ფრასებს, კეთილისმყოფელ რაინდისადმი მიმართულს. იგრძნო ეს დედაბერმა, მოეგო გონებას; თითქო შეინანა თავისი სიტყვა. ის ეხლა აყოვნებდა მეფეს, რათამცა გაისტუმრა იგი. არ დაჰყვა. მსწრაფლ წარვიდა. ისე გაემართა, ზედ აღარავისთვის შეუხედნია, არც თებრონიასათვის, არც მის კრებულისათვის, შავად რომ მოსდგომოდნენ წინამძღვარს. პირჯვარიც აღარ გადიწერა წასვლისას. მხოლოდ მიმოავლო უსიცოცხლო თვალი თავის ამალას. თითქო უაზრო შეხედვა. მოართვეს ცხენი. შესვეს ვით უძლური სასიქადულო იგი რაინდი, რომლის კისკასად შეჯდომას ტაიჭზედ თვალს ვერ მოჰკვრიდიან. გაჰყვნენ თანაყმანი ფრიად გულნატკენნი, დაღონებულ-გაჯავრებულნი. აღარც ისინი დაემშვიდობნენ სასტიკებს, უგულოებს; ზედაც არ შეჰხედეს. ალღოთი მიმხვდარიყვნენ, გამოცდილებითაც იცოდნენ, როგორ ავნეს განდეგილებმა ვაჟკაცს, რა სევდა ჩაუსახეს მას გულში უშრეტ-ულევი და ებრალებოდათ რაინდი წამებული. ნათლად წარმოედგინათ უთმინო გულისტკივილი მისი და სრულიად უარჰყოფდნენ ამისთანა სისასტიკეს, თუნდაც ზნეობის დასაცავად წარმოებულს. - ვის არა ჰყოლია შუქურ-ვარსკვლავი, ვის არა ჰყავს დობილ-წაწალი, მაგრამ ამით არ იქცევა ქვეყანა, არც ინგრევა ქრისტიანობა. რაღა ამ ვაჟკაცის ცოდვა გახდა საჩვენებელი, მოსპობით მოსასპობელი? - არ გესმის! ვისაც მეტი მიჰნიჭებია, მეტიც მოეთხოვების. სანთელივით უნდა ანათებდეს ამის ზნეობაც მთელ საქართველოში, როგორც ამისი ქველობა. - კარგი, თუ ღმერთი გწამს! მეფე რომ არის, განა უხორცოა შეუმცდარ-შეუცოდველი. მე ესე გამიგონია: ვისაც მეტი მიჰნიჭებია, ბევრი შეენდობისა. ნუთუ ამდენი შრომით თუ ღვაწლით არ დაიმსახურა უბრალო ცოდვის შენდობა?! მებრალვის რაინდი! - მეც მებრალება, ძმობამ! დახე, როგორ ჩაკეცილა ცხენზედ, როგორ ირყევა მძიმედ დაჭრილივით... - გულშია დაკოდილი, ისარგანაწონი. - ძალიან კი დაუბავს თილისმის ძეწკვით იმ ახალ დალსა, ღმერთქალს ოქროს დალალებიანს, ბუმბერაზი ჩვენი; აუცლია მისთვის ნებისყოფა, დაუდვია უღონო თავის ფერხთქვეშა. - სურვილით ჩაუწვენია თავის კალთაში, ჩაუკრავს უბეში; მით სანატრელი გაუხდია ჯადოსანს ტყვეობა მისთვის. დაღამდა. უმთვარო ღამე იყო. ბნელოდა. ღრუბლით შემოსილ ცას ვარსკვლავთა სხივიც დაეხშო დედამიწისათვის. ბნელმა ჩაჰნთქა აშოტი, წყვდიადმა გარესკნელმა უსხივომ. მის სულში ჩამოწოლილიყო შავი ჯავრი უნათებელი. იგი სევდა მღილად ჰქმნილიყო მის გულში, სამარის ჭიად დაუძინარად. ჰბრუნავდა მუნ, ჰხრავდა მას უყოვნებ-უსვენებლად, ჰფქვავდა მარადჟამს, ყოველ წუთს თუ წამს. უხილავი იყო ტანჯვა იგი სხვა თვალისათვის, ვით უხილავია სამარის მღილი ზე მავალთათვის. მით უფრო ძნელი იყო ვაჟკაცისათვის ტანჯვის ატანა, წამების ტვირთვა უთავებელის... სასახლეში შუქურის შემდეგ ნათელი დღე დაუდგათ ზნეობის მცველებს, სჯულის, წესრიგთა ფხიზელ დარაჯებს, ქრისტიანულ მცნებათა გუშაგთ ულბო-უტეხელთ. მოსპეს მათ სიძვა საგმობი, მრუშობა ეშმაკეული და ამაყობდნენ, იღიმებოდნენ. გაჰკვეთეს საკვრელი უწყვეტი, რომლით შეეკონა ალქს არაწმიდას ბუმბერაზი უებრო მეფედ ცხებული. და ადვილად! მხოლოდ ერთის თქმით, ერთის ბრძანებით ვინმე მწირისა. - ჰა, ჰა, ჰა! უბძანა, საბელი შეაბა, წინაწარიქცია; თითონ ყავარჯნით მისდევდაო, ამბობ შენ? - ნამდვილად მოგახსენებ, დედოფალო! გაიგდო წინ, როგორც რამ ძროხა. მისდევდა ჯოხით ხელში. მიაცილა. ჩააბარა დედა-თებრონიას. მიკვირდა ყველა ეს. განცვიფრებული ვიყავი. შორიახლო ავედევნე სხვა ბილიკითა. - საკვირველია ფრიად, სასწაულია ნამდვილ! ბრძანებლობდა ქალი, თითქმის დედოფლობდა, და როგორ დაემორჩილა ისე უთქმელად ბერის ბრძანებას?! - სულ იმას მოგახსენებდი, ეშმაკეულია-მეთქი იგი ქალი. ჯადოქრობით მიიზიდა მეფე ძლიერი და მიითვისა. რა წამს ჯვარი გაჰდასახა წმიდანმა, ეშმაკი განვიდა დედაკაცისაგან, და მოესპო მას ყოველივე ძალა წინააღმდეგი. - სწორედ ეგრე იქნებოდა. დიდება ჯვარსა ყოვლად ძლიერსა! შუქურის წაყვანის შემდეგ მთელი ორი კვირა სრულ კმაყოფილებას გრძნობდა სასახლე, წყნარად სიამოვნებდა ჯავრმოშორებული: დამშვიდებულ დედოფლის ბაგეზედ ღიმი კვლავ ათამაშებულიყო, შერჭმულ-შეხრილი წარბი გადაშლილიყო; მის ბრძანებლობას აჰშორებოდა მრისხანე კილო, ბგერა ბოროტი. აღარ იყო ეხლა დედოფალი ამღვრეულ-აზეზილი, არც უკარებელი. ციხე-დარბაზი მთლადაც მოიმხიარულებდა, ნადიმს დაიდებდა სამხიარულოს, მიეცემოდა ნათელ სიამეს უხინჯ-უჩრდილოს, მაგრამ ჯერ კიდევ ეფიქრებოდა შედეგებისა: მეფე ჯერ არ დაბრუნებულიყო ომიდან, იმან სრულებითაც არ იცოდა ეს მისთვის უსიამო ამბავი და ვერ გაეთვალისწინებინათ, რა გზას დაადგებოდა ვაჟკაცი, როგორ შეხვდებოდა ამგვარ ცვლილებას; დაივიწყებდა ამ თვის ჟინსა, თუ გაბოროტდებოდა გრძნობამოშლილი. - ეჰ, აღარც კი გაახსენდება ბატონ მეფეს ვიღაც შუქური, ესდენ უსახო ცოდვაი თვისი. დაივიწყებს სახესაც იმ მეძავისა, თავის ქცევასაც შეუფერებელს, ჩამოეცალა ვაჟკაცს ჯადო და მისი გავლენა. ადვილად შესძლებს თავს ჩაუფიქრდეს. - იქნებ კიდევ უამოს ეგ ამბავი ეშმაკის საკვრელთაგან სხნილს. ვგონებ თითონვე უკვირდეს, როგორ შესძლო ვიღაცა ნაქვრივალმა დიაცმა ჩათხევა მისი ცოდვათა მთხრებლში. - სწორედ ეგრე იზამს! დაივიწყებს იმის სახელსაც, სახსენებელსაც, - ანუგეშებდნენ გურანდუხტს სეფექალნი თუ მახლობელნი. სჯეროდათ თითონაც თავიანთ სიტყვის სიმართლე. მათთვის კარგი იქნებოდა, სწორედ ესე მომხდარიყო, და იმისთვისაც სწამდათ ეს. დედოფალს ეამებოდა ესეთი მსჯელობა, ძალიანა ჰსურდა მას ესე დამთავრებულიყო ბრძოლა; უნდოდა დაერწმუნებინა თავი, რომ მძიმე სიზმარივით გაჰქრებოდა ეს ამბავი შეურაცხმყოფი და ულამაზო. გულის სიღრმეში მაინც ეჭვობდა: იცოდა თავის ქმრის უტეხი ნებისყოფა, როდესაც ის ურყევად მიისწრაფებოდა თვალმჭრელ რამ სურვილისაკენ; მაშინ აღარ მოიპოვებოდა მისთვის ისეთი ძალა, რომ შეებორკა მისი სვლა მტკიცე, მისწრაფება ჰოროლის წვერივით მედგრად მიმართული. ეს აფიქრებდა დედოფალს, თუმცა არ იჩენდა ამ შიშს, მთლადაც ჰმალავდა ამ ეჭვს უსახოს. დაბრძნობილი სახლთუხუცესი ვერ იზიარებდა ლამაზ იმედებს: ალღოთი მიხვედრილიყო, გრძნობდა კიდეც ის, რომ მეფე არ იყო შებყრობილი-მოხიბლული რაიმე ჯადოთი, გრძნეულისაგან ნახლართ თილისმით, და არც ჟამიერი იყო იგი კავშირი, მსწრაფლწარმავალი, ვითა აჩრდილი. - მებრალვის აშოტ! უჟამოდ გამიჯნურდა მისი გული, უდროვოდ შეჰხვდა ის სულის სწორს, განგებისაგან მისთვის აღნიშნულს, ეტრფიალა ვაჟკაცი შუქურს მზიურის ტრფობით და ის სიყვარული საუკუნოა, დაუსრულებელი; მიჯნურობა ეს სიკვდილამდე გასატანია, იქნება მუნ თანაწასატანიც. ვინ იცის, განქარდების სიყვარული თუნდ მაშინ, როცა მოკვდების გული საბრალო და დამიწდების, თუ... - სიძვა არისო მეფის კავშირი, მრუშობა ბილწი. არასოდეს! ჩემს ხელშია გაზრდილი აშოტ-მძლეველი, ჩემს თვალთ წინ გაიარა მისმა ჭაბუკობამ. ვიცი მაგისი ცოდვები შემთხვევითი. არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს. მაგრამ ეს კავშირი საკვირველია, სიყვარული მარად სუნნელოვანი, მარად მათრობელი. არა, ძნელი განცდა მოელის აშოტს, საშიში განსაცდელი მოგველის ყველას. რისხვა მომელის ჩემის მეფისა, მის სახლთუხუცესს, მის სიხარულის მტკიცედ ვერდამცველს. აკი განიცადა კიდეც სახლთუხუცესმა რისხვა მეფისა. დედოფალს სრულებით არ გასცა ხმა აშოტ ღელვილმა. როცა მეფე გაემართა მონასტერში, გურანდუხტ შეფიქრიანდა: ეგონა, თებრონია ვერ გაუმაგრდებოდა და ვაჟკაცი გამოიტაცებს იმ მეძავსაო. არ გამართლდა დედოფლის შიში: შუქურს ვეღარ გადმოელახნა სავანის ზღუდე; იგი მთლად მოსპობილიყო სასახლისათვის. 74 - ჰუ, როგორ გრძელდება დღეები! აღარ გადის დრო, უძრავადა სდგას გარინდებული. ნუთუ ჯერ ორი კვირაც არ გასულა, რაც აქა ვარ?! - არ გასულა, ჩემო კარგო, დღეს ხუთშაბათია. ხვალ მოვა მოძღვარი და აღსარებას გათქმევინებს. შაბათს ეღირსები წმიდა ზიარებას. ნუ დრტვინავ, ნურც სულმოკლეობ: ცოდვაა ეგეთი მოწყენა საიდუმლოს მიღების წინ, - უთხრა თემისტომ შუქურს და შეკეცა ლოცვანი, დაიხარა, აკოცა ხელზედ, ძაძით მოსილ მუხლზედ თეთრად გადმოდებულ მაჯაზედ. ქალმა მოჰხვია მონაზონს მკლავი, გულში ჩაიკრა. - სახიერია მეუფე და ყოვლად მოწყალე. თუ შენ არ მოევლინე ჩემ სანუგეშებლად, სრულებით ვერ გავსძლებდი, საშინლად დავიტანჯებოდი. - ნუ, გენაცვალე! გამხნევდი. თუ... მსწრაფლ შესწყვიტა მონაზონმა სიტყვა. სულ სხვა სთქვა ხმამაღლა: - ისმინე, რა კარგი სიტყვებია, რა მშვენიერი თქმა არის: მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ! სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად და შენ, უფალო მწე მეყავნ მე! ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, მეუფეო ჩემო! იმისთვის შესცვალა მწირმა სიტყვა და განაგრძო კითხვა,- რომ მის მახვილ ყურს, მონასტრის სასტიკ წესებით მეტად განმახულს, მოესმა ფეხის ხმა ნელი. დედა თებრონია არაერთხელ მოუვლიდა სავანეს, მზირ თვალს მოავლებდა დათა კრებულს თუ განდეგილად დაყუდებულებს, რომ მსწრაფლ გაეხსენებინა მათთვის მოვალეობა, თუ რომელსამე მათგანს სძლევდა მაცთური და წმიდა ცხოვრებას თუნდ ოდნივ შეურხევდა. სასტიკი იყო დედა თებრონია, როცა ვისიმე მახლობლად შენიშნავდა ეშმაკს ბოროტსა, მის მანქანებას მაცდუნებელსა. - ნათესავი ესე ბილწი განიდევნების მხოლოდ ლოცვითა და მარხულობითა! - იტყოდა მკვეთრად და დაუწესებდა შემცოდეს არა ერთ მეტანიას, მრავალ ლოცვის წართქმას; დიდ მარხულობას არა მხოლოდ პურით, არამედ წყალითაც. დასჯილს კედლების ქვებიც პურად ეჩვენებოდა, ფოთოლთ შრიალი - წყაროს ჩხრიალად; განილეოდა იგი ხორციელად, განხმებოდა ქარქვეტისაებრ, გარნა გაიფურჩქნებოდა სულით, ზე ამაღლდებოდა, ცას მცხოვრებთ შეედრებოდა ხორციდან დახსნილ ზეციურ სულთა. ამისი ეშინოდა მწირს, მისთვის შესცვალა მან სიტყვა თავისი. საბრალოს გული ჯერ კიდევ არ გამომშრალიყო ჩვილგრძნობათაგან; არ გამოეფიტნა, არ გამოეხმო იგი უკაცურობის ალს. ამისთვის ებრალებოდა ეს უცხო პატიმარი, თავის უნებლიეთ მონაზონქმნილი, შურით თუ მტრობით გარსშემორტყმული. - ჰგონია საწყალს, აღსარებას ათქმევინებენ, აზიარებენ და ნებას მისცემენ, კვლავ დაბრუნდეს სასახლეში. არა, ჩემო კარგო! ვინც ერთხელ შემოდგა ფეხი ამ სავანეში, ის საუკუნოდ მოსწყდა ცხოვრებას: მონასტერი არავის უშვებს თავის ზღუდიდან, არასოდეს არავის უტევებს, - გაიფიქრა გულჩვილმა. განაგრძო კითხვა. კითხულობდა მონაზონი ღვთაებურ ნათქვამს, წარმოსთქვამდა ერთნაირის ხმით მოსაწყენით, ერთგვარ გამოთქმით. ქალის ფიქრი კი გაფრენილიყო სამეფო ციხე-დარბაზისაკენ, თავს ევლებოდა იქ თვის მეფე-აშოტს, ვაჟკაცს გამიჯნურებულს, თავის ბუმბერაზს შეუდარებელს. ვერ გაეგო ქალს, რა იყო მათ ტკბილ სიყვარულში საგმობ-საძრახისი, წინააღმდეგი ღვთისა თუ კაცისა; რადა სტანჯავდნენ ესე უწყალოდ. ძნელ ცხოვრებად შეეცვალა შუქურს თავისი ფუფუნება, ყოფა სათუთი. პაწაწა სენაკი, ხმელი ლოგინი, უგბილი საჭმელი უგემური და ისიც მცირე; მარადჟამს ლოცვა, განუწყვეტლად საყდარში დგომა. არავითარი გასართობი, არცერთი სხივი სიხარულისა, არც ღიმი ლამაზი სიამ-ტკბობისა. პირველ კვირას კიდევ მხნედ იტანდა გასაჭირს: ეგონა, ეზიარებოდა და მაშინვე წავიდოდა სასახლეში. ძალიან დაღონდა, როცა გამოუცხადეს: - მხოლოდ ერთი კვირის ლოცვა-მარხულობა ვერა კმარა წმიდა გყოს იმდენად, რომ ღირსი შეიქმნა ზიარებისა. მეორე კვირა უფრო მძიმე იყო მისთვის. სწორედ დაავადდებოდა ჯავრით, თუ მხსნელ ანგელოზად არ მოჰვლენოდა დაი თემისტო, მისთვის საკვირველად გულჩვილი, მისი საოცრად მოყვარული. ჰკოცნიდა, გულში იკრავდა, თუ კი დროს ჩაიხელებდა. თემისტოს გულში კიდევ დიოდა ნაჟური ლბილის გრძნობისა და იგი ნაშთი ტრფობისა თავს შემოავლო ამ უცხო ქალსა საუცხოვოსა. შეიყვარა იგი გრძნობით მდუღარებით, ეტრფიალა მას მის სანუგეშოდ, თვისიც გულისა მოსაოხებლად. ზიარების შემდეგაც არ გაუშვეს ქალი, არ გაანთავისუფლეს. გაუკვირდა ეს შუქურს, დიდად ეწყინა; სწორედ გაჯავრდებოდა, თუ კი შესძლებოდა განრისხება. კარგი იქმნებოდა, თუნდ გაშმაგებულიყო; გულს მოიოხებდა; არ შესდგამდა მას ეს ზნე, სრულებით არ ეხერხებოდა განრისხება სახიერს. თანდათან შეავიწროვეს ქალი, ნელ-ნელა დაუმორჩილეს ის სავანის წესებს თუ კანონებსა. უბრალო გასართობის ნებასაც აღარ აძლევდნენ მას: მოითხოვა თავისი ქარგა და ფარჩა-ფერადები, იმათ ბეჭი მისცეს ხელში და შალის საქსოვ ყდას ჩაუსვეს სხვა მუშებთან ერთად; მოითხოვა თავის ტანთსაცმელი თუ თეთრეული, არ უსმინეს, შალით და ხამით აკმაყოფილეს. ახ, სჩხვლეტდა ბეწვი უჩვევ კანს, არ ასვენებდა! სთხოვა ნება მიეცათ ხანდისხან ჰაერზედ გასულიყო, თავისუფლად ამოესუნთქა, თვალი მიევლ-მოევლო მიდამოსათვის, - იუცხოვეს ესეთი სურვილი, უფრო მაგრა ჩაკეტეს პატიმარი. მის წერილებს არსად ჰგზავნიდნენ, იქვე ინახავდნენ. მისწერა წიგნი მეფე-მიჯნურსა, პასუხი არ იყო; გული გაელია ამაო ლოდინით. - დამივიწყა! იქნება მთლად ამოიფხვრა მისი ხსოვნიდან ჩემი სახე, სახსენებელი. მეგონა, მსწრაფლ მოვიდოდა, გამომიხსნიდა ტყვეობიდანა. ახ, რად არ ვუსმინე დავედრებული, რად დავმორჩილდი იმ ბერის სიტყვას?! უნდა მომეცადნა, მეკითხნა მისთვის, იმის ნებაზედ მოვქცეულიყავ... - აშოტის სულის საოხად არისო საჭირო შენი ცოტახნობით განშორება, მისი სიწმიდით დაცვისათვის, რომ ეზიაროსო, მითხრეს მაშინ. დავუჯერე, ვერწმუნე სიტყვას წმიდისას, მივანდე ჩემი საწყალი თავი ღვთის ადამიანს... - რა სულმოკლე ვარ! როგორ შეიძლება დამივიწყოს აშოტმა?! რა საფიქრებელია, გატეხოს იმან თვისი რაინდული სიტყვა?! ალბად ჯერ არ დაბრუნებულა ბრძოლიდან! მაშინვე მიპოვნიდა, თუ დაბრუნებულიყო: ვერ გასძლებს, არ მომიალერსოს: ვერ დაჰყოფს წყნარად ვერც ერთ დღეს, - სთქვა ქალმა და შეუვარდისფერდა ღაწვები მარმარილოსი: მოაგონდა შეყვარებულ მეფის ალერსი და შეწითლდა, შერცხვა თავისსავე წინ კდემამოსილსა. ღიმი რამ გამოიწვია მის მარჯნის ბაგეზედ დარცხვენამ სასიამომ. - მიამბობდა ყველაფერს, მომითხრობდა საგმირო საქმეებს, თავის თავგადასავალს. თავს ჩამიდებდა კალთაში, გვირგვინოსან შუბლს ნათლად მოაზრეს, და ისე მეტყოდა. რჩევასაც მკითხავდა მე საწყალობელს. ვეტყოდი, რასაც ღმერთი მაგონებდა. სიყვარული მიკარნახებდა და იმას ვურჩევდი. - ჩემი საიდუმლოს შენახვა იცი და გონება ჩემი არასა ჰფარავს შენგან, - მეტყოდა აშოტი. - რითი დავიმსახურე ისეთი ნდობა, ეს დიდი ბედნიერება?! ვილოცო ჩემთვის, ჩემ ხელმწიფისთვის, ღმერთს შევავედრო მისი ძვირფასი თავი, მისი სახელი ქებით სახსენი. წარსულის მოგონებითღა სცხოვრობდა ბყრობილი ქალი დამწუხრებული. მომავალს ითვალისწინებდა, განგრძობას წარსულისას. ნატრობდა, ოცნებობდა. აწმყო კი რკინის სალტებად შემოსჭდომოდა მას, თანდათან უჭერდა, სწურავდა, ჰბორკავდა აუხსნელად, თითქო სამუდამოდ. მადა დაჰკარგა ქალმა. ძილი გაუკრთა. გახდა, ხორცი დაყარა. შეუხუნდა ღაწვთა ფერი ვარდისებური. ნაღვლიან დიდრონ თვალებში გაურკვეველმა შიშმა იწყო გამოკრთობა. - დღესაც არ შეგიჭამია შენი კერძი, ქალო შუქიავ. არ შეიძლება! მართალია, ცოტათი უნდა კმაყოფილდებოდეს სხეული, ჭური ცოდვისა, რომ არ განლაღდებოდეს იგი; მაგრამ საგმობია არ სცე მიწიერს ჭამადი მცირე: განილევის ფრიად, სიკვდიდ მიეწურების და ამის მოქმედი ცოდვაში ჩავარდების, თვითმკვლელობის საშინელ შეცოდებაში. სჭამე ყოველთვის! არ მოგწონს? შეეჩვევი! მონასტრის დანი ამით საზრდოობენ მარად კმაყოფილნი, ღვაწლშემოსილნი, - უბრძანებდა შუქურს დედა ივდითი და მის ბრძანებას ხმელი რამ ბგერა აძლევდა ძალას, მკვახე გამოთქმა, მკაცრი, სასტიკი! ეს ივდითი მონაზონი მარჯვენა ხელი იყო დედა თებრონიასი, მაჯა მსახვრელი, უხილავი რამ შოლტის მჭერელი. მონასტრის დებს ძალიან ეშინოდათ იმისი, ერიდებოდნენ. შესაზარი იყო მის ჩაღრმავებულ თვალთაგან ნატყორცი ისარი გესლიანი, მწველი იყო მუნით ნაკვესი ცეცხლი სიძულვილისა, საზარელის რაღაც ზიზღისა. შუქურის სახიერებამ სულიერმა, მისმა სიმშვენივრემ ხორციელმა ვერ მოალბეს გამხმარი გული ბოროტისა; უფროც გაავეს ის: ყოველივე სილამაზე ეშმაკის მახედ დაესახნა უსახურს, კაცთა საცთუნებლად დაგებულ ხაფანგად. ეს დედაბერი მსჯელად და მტუქსველად დადიოდა მთელ სავანეში, სასტიკ დარაჯად ედგა ის სამონასტრო წესს, რომ არ დარღვეულიყო ის არსად, არც როდეს, ქრთილის წონაც არ მოჰკლებოდა მას არასგზით. თებრონიას ხელში ივდითი კვერთხი იყო რკინისა, რომლით მწყსიდა წინამძღვარი ურჩთა შემცოდეთ. ეხლაც სენაკები ჩამოეთვალიერებინა მონოზანს და დაეხედნა შუქურისათვის. ვერ მოისვენებდა ივდითი, თუ რამდენჯერმე არ დაეთვალიერებინა შუქურის ბინა, არ გამოეთქვა თავისი უკმაყოფილება, რითიმე არ შეევიწროებინა ქალი პატიმარი. როცა ქვეყანა უარეყო მონოზანს, არა მხოლოდ პირი ებრუნა სოფლისაგან, სიძულვილით შეეძულებინა იგი და მისი ყოველგვარი სიხარული. ეხლა ანადგურებდა სავანეში ყოველსავე ნერგს თუ ღივს ხორციელის ნუგეშისას, სპობდა უწყალოდ; აქრობდა ნასახსაც ნივთიერის სიამისა. მონასტრის კრებულს საშინლად სძულდა ეს ჯალათი, დიდად ეშინოდათ მისი და ერიდებოდნენ. ღვთის შვილი შუქური თრთოდა ბნელისაგან წარმოშობილ ბოროტ არსების წინ. 75 მეტადრე მაშინ შეძრწუნდა შუქური, როცა ერთხელ უეცრად გაიყვანეს ის მიჩემებულ სენაკიდან, გაატარეს სარდაფები თუ ჯურღმულები ბნელ-ნესტიანნი და მოათავსეს ხშირ ბინდით მოცულ რაღაც მღვიმეში. ივდითი მისდევდა თან გულფიცხელი და უკაცური, ხმას არა სცემდა, მხოლოდ წინამძღრობდა. ერთხელ-ორჯელ ხელი უბყრა სვლა შებრკოლებულ ქალს. ჭვანგები თუ ესხენ დედაბერს, განხმელ ძვალთაგან ქმნილი თითები! შეჰზარა ქალი, შეაჟრჟოლა, მუხლმოჭრილი დაეშვა იატაკზედ. თივა გებულიყო ძირს აობებული. სუნი სდიოდა მძიმე სუნთქვის შემხუთვი. უმწეოდ მიმოავლო თვალი სავანეს მიბნელებულს. არაფერი სჩანდა. არც ხმა ისმოდა არსაიდანა. სამარისებურ დუმილს მოეცვა ყოველივე. მისი მიმყვანი დედაბერიც უჩუმრად იდგა. თითქო ელოდდა თუ ყურს უგდებდა შორიდან მოსალოდნელ რამ ხმაურობას. ვერ გაეგო შუქურს, რად ჩააგდეს ის მღვიმეში. რად დასჭირდათ მისი ცოცხლივ დამარხვა; ან რას უპირებდნენ. ის უმეტეს აძრწოლებდა შუქურს, რომ მცველად მიეჩემებინათ მისთვის ბოროტი ივდითი, გაუღიმარი, წარბგაუშლელი; გულგაუხსნელი, მეტადრე მისთვის. პირველსავე დღიდან შეიძულა ივდითმა შუქური, პირველივე ნახვით. მტრად მოეკიდა იგი უმწეოს. ეხლა ქვესკნელში ის არის მისი დარაჯი და მტარვალი, მხოლოდ ის უსასტიკესი. შიშმა და ღელვამ ხელი დაჰრიეს ქალს, ააცხროვეს, თითქო აიტაცეს. გატრიალდა დედაბერი კარისკენ. ქალს მოეჩვენა უნდა გავიდეს, დამიხშოს კარი, ცოცხლივ დამმარხოსო. ამ საშინელმა აზრმა წარსტაცა მას საღი ცნობიერება და გაუმტვერა უკანასკნელი ნაშთი ნებისყოფისა. ქალი აიტივტივა ძრწოლის ღვართქაფმა, ნაფოტივით აათამაშა თავის შავ ზვირთებზე. - მიშველეთ! მიხსენით - შესწივლა თავგანწირულის ხმით და დაეკვეთა, დაენარცხა მიწას. თრთოდა, იხლაკნებოდა. - მიშველეთ რამე! მიხსენით! - კვლავ დაიკივლა სასოწარკვეთით და ზე წამოიჭრა. დედაბერი მიჰვარდა ქალს, დაიჭირა, ზედ შემოეჭდო. ქალი იბრძოდა საშინელის ძალით. იძახდა საზარელის ხმით: - მიშველეთ! მიშველენით! იხსენით აშოტი!.. მახვილი!.. სისხლი საყდარში, სისხლი!.. შეუღონდა ქალს გული. ლაფანივით გადაეკიდა დედაბერს მკლავზედ. მონაზონმა დაუშვა იგი თივაზედ. გადმოიღო თახჩიდან ლიტრა, აპკურა წყალი. შუქურმა ოდნავ გააღო თვალები; ისევ დალულა, მთლადაც დახუჭა, მკვდარს დაემსგავსა. შეშინდა დედაბერი, ფეხმარდად გამოვიდა, შეატყობინა სხვებს. ჩაეშველნენ, მოასულიერეს. მომვლელად თემისტო მიუჩემეს. სხვას ვერ აირჩევდნენ: მხოლოდ იმას შეაწყო ქალმა გული, მარტო იმას დაენდო მთელ მონასტერში. - აკი გითხარი, ქალოჯან, ეშმაკეულია-მეთქი! დააკვეთა იმ წყეულმა და აალაპარაკა. საშინელი რამ ათქმევინა მეფე-აშოტზედ. - საკვირველებაა! მაინც ამცნო წყეულმა აშოტის მოსვლა; ბოროტებაც რამ დაუსახა ყოვლად ბოროტმა. - მაგ მეძავს ეშმა შემოჰყვა წმიდა სავანეში. - უნდა განიდევნოს იგი მაცთური იესოს ძალით, რომელმა განასხნა მარიამისგან მაგდალინელისა ეშმაი შვიდი. შუქური უკვე მოჰგებოდა გონებას, თითქმის დაწყნარებულიყო, ღონე მოეკრიბნა, თავის ჰაზრს თუ გრძნობას კვალად დაუფლებოდა. თემისტოს მოეხდინა ეს სასწაული, მოყვარულ მონაზონს, რომლის კალთაში მისძინებოდა ეხლა შუქურსა. უძრავად იჯდა გულკეთილი. მზრუნველის თვალით დაჰყურიბდა მძინარეს. ის აკვირდებოდა მას, რომ ქალს სრულ ჰასაკში შესულს, ხორცთა მისწრაფებაში უკვე სავსებით გამოცდილს, უბრყვილო გამომეტყველობა შერჩენოდა სახეზედ, ქალწულებრივი იერი არ მოჰშლოდა სპეტაკ ღაწვებზედ, ბალღური გამომეტყველობა ბაგის ნაყოფში. ხომ ნაცხოვარ-ნაღვაწი იყო თემისტო და დაბრძნობილი, მაგრამ ისიც კი იხიბლებოდა ამ სათნო სიმშვენივრის მზერით, რომელი იწვევდა კაცში სიხარულსაც და სიყვარულსაც, ორივეს ერთად. ეხლა ესმოდა განდეგილს, რომ შესაძლო იყო გაჰმიჯნურებოდა მეფე-ვაჟკაცი ამ შუქურ ვარსკვლავს, ლბილ რამ შუქს რომ აპნევდა სულის მანათობს. ვეღარ შეიმაგრა მან გრძნობა მოღიმარი, ფრთხილად დაიხარა, რომ ბაგით შეჰხებოდა მის სპეტაკ შუბლს, რომელს შარავანდედად მოჰფენოდა გამოშლილ-გამოფანტული ხუჭუჭი. ქალმა გააღო თვალები, გაუღიმა მოალერსეს; მოჰხვია მკლავები, დაუკოცნა ძუძუები, როგორც ამაგდარ დედას ფრიად მოყვარულს. - რამ შეგაშინა წეღან, შე საბრალოვ? განა ბოროტთა სავანეა ეს წმიდა მონასტერი ან ბუნაგი ავის მსურველთა, ვისმე მოელოდნენ და იმიტომ გამოგარიდეს იქაურობას: მოინდომებსო ნახვას, ეშინოდათ. - მივხდი! ვიცი! აშოტს მოელოდნენ, მეფეს სანატრელს. მოვიდა კიდეც. მესმა მისი ხმა, სახეც დავინახე მისი. ეხლა მომაგონდა კიდევ რაღაცა მეჩვენა. ვერ მომიგონია. - სუ, ჩემო ლამაზო! დახუჭე თვალი, დაიძინე. ეგებ გაგიაროს სისუსტემ, - უთხრა მონაზონმა და ხელი დააფარა ბაგეზედ ნაზად. ქალი დაჰმორჩილდა მზრუნველს, ისევ ბურანს მიეცა. ფეხაკრეფით შემოვიდა თებრონია მღვიმეში და დააკვირდა ქალს. უნდოდა ეთქვა რამე, მაგრამ შეყოყმანდა და გადიფიქრა. აშოტი უკვე წასულიყო. გული მცირედ დაემშვიდებინა წინამძღვარს. პატიმარი ქალი ისევ წინანდელ სენაკში გადმოიყვანეს. უკეთ ებყრობოდნენ ეხლა მას. უფრო კარგად ასაზრდოებდნენ. მისმა უეცარმა დასუსტებამ შეაფიქრა მკაცრი თებრონია. მეფის სიტყვებმაც შეაკრთეს თავგამოდებული. ხუმრობა არ იყო რისხვა ხელმწიფისა, თუ იგი გულისწყრომა მიმართული იქნებოდა, არა პირად იმაზედ, არამედ მთელ სავანეზედ. მონასტერი მისი აშენებული იყო აშოტ ქველისა, და საშიში იყო, არ დაკნინებულიყო მის მოწყალებას მოკლებულ-მოწყვეტილი, არ მოშრეტილიყო. შიში რამ შეჰპარვოდა წინამძღვარს, რყევას განიცდიდა ეხლა თავის ქცევის გამო მეფის წინაშე და ეს რყევა ძალას ართმევდა მის სიმკაცრეს ქალის შესახებ. ამისთვის ეტყობოდა სილბო მის ბრძანებას. ჟამიერი იყო ეს სილბო თუ ნასახი სახიერებისა, მხოლოდ წამიერი: იცოდა თებრონიამ, ვერ დასთმობდა ვერაფერს ხელმწიფის წინაშე. სამოქმედოდ ამხედრებულისა. შუქურზედ ბოლომდის უნდა ასრულებულიყო ის, რასაც აწვევდა მას მის შესახებ სამღთო მოვალეობა და რაც დაუსახა მას გრიგოლმა წმიდამ. ივდითი კი, სასტიკი მონაზონი, რომლის სულიდან სამღთო შურს ამოებუგნა ნასახიც ლმობიერებისა, უკლებლივ განავითარებდა თავის მოძულე მოქმედებას პატიმრის წინააღმდეგ. ქალი მისთვის ეშმაკეული იყო. თვით სატანა იყო იგი, ქალის სახით მოვლინებული რჩეულთ მოსახიბლავ-დასამონებლად. ხოლო ეშმა უნდა ძლეულიყო სახელითა ღვთისათა. განქარვებულიყო ყოველივე მანქანება მისი. გარეგნულად კი მეტი სილბო შეიტანა ქალის შესახებ ქცევაში თუ მიმართვაში; რაღაც დარიგებისა თუ განსწავლის გზას დაადგა. ეტყოდა იგი შუქურს სამღთო რამ თხრობებს ერთს განსაზღვრილ მიზნისადმი მიმართულებს, ეუბნებოდა შესაფერ სათქმელებს სახარებიდანაც. საგულისხმო იყო, რომ მისი სიტყვები, თუნდ სახარებიდან ამოღებული ფრასებით, მისსავით სასტიკნი იყვნენ, სახიერებასა და მადლს მოკლებულნი; იმათში იხატებოდა მხოლოდ ბრძოლა ყოველგვარ მშვენების წინააღმდეგ, ყოველივე ნივთიერების სილამაზის დევნა შეუფერხებელი. იმ საკვირველ თქმულებათა მიხედვით ღმერთი სახიერი მხოლოდ დამსჯელი იყო უწყალო, თუნდ მცირედის მიდრეკილებისათვის საამო ნივთთადმი, ცეცხლითა და მახვილით მისი აღმომფხვრელი, თითქო შემოქმედს ნივთნი და მათ სიამენი მხოლოდ შესამუსრავად დაებადოს თუ შეექმნას. - მისმინე, ქალო! ისმინე სიტყვა ღვთისა ღირსთაგან მოთხრობილი ჩვენდა სამწყსელად: “იყო კაცი ღვთისა და სახელი მისი ქრისტოფორე. იღვაწდა იგი განდეგილი, იმარხვიდა მარად ჟამს. შესჭამდის დღესა შინა კოტორსა პურისას მცირეს და ლეღვსა სამსა. ღვინოსა არა იხმევდის, სთნდა იგი ღმერთსა და მიანიჭა ძალი სასწაულთ მოქმედი. განითქვა სახელი მისი. მივიდოდიან მისდამი მრავალნი თაყვანისცემად მისსა და კურნებად მისგან. ფრიად მშვენიერი იყო იგი სახითა და აღნაგობიათა. დედანი ვიეთნიმე წარიტაცის მშვენიერებამან მისმან და სცოდვიდნენ იგინი გულსა შინა თვისსა. გულისხმა-ჰყო ესე წმიდანმა და ევედრა უფალსა, რათა თანაწარხდეს მისგან სახე იგი კეთილქმნილი და იცვალოს იგი სახედ ძაღლისაით. ისმინა უფალმა და ექმნა მას სახე ძაღლისაი. ამიერით არღა შთაცვივდებოდნენ დედანი ცდუნებასა მის წმიდისა გამო”, და დასძენდა მონაზონი შესაფერ სიტყვას სახარებიდან: "უკეთუ თვალი შენი გაცდუნებდეს შენ, ჯერ-არს აღმოიხადო იგი; უკეთუ ხელი შენი მარჯვენაი გაცდუნებდეს შენ, ჯერ-არს მოიკვეთო იგი. ვაი მას, რომელი აცდუნებდეს ერთსა მცირედთაგანსა; უფრორე ვაი მას, რომელი აცდუნებდეს დიდ დიდებულსა”.