უიმედო დაბრუნება
უიმედო დაბრუნება ავტორი: ტერენტი გრანელი |
რა გულმოკლული მივალ ოთახში,
ღმერთო! რანაირ ბინაზე მივალ.
დღესაც მწუხარე ვიყავი ბაღში,
ახლა ქარია, მახსოვხარ, მცივა.
მივალ, დამხვდება მკვდარი ქალივით
ჩემი ლოგინი, თითქო სოველი.
მე მოვალ მალე ღამენალევი,
როგორც თვალები, ცრემლის მთოველი.
მიდის ფარული ეს გამწარება,
ვეძებ თანამგრძნობ მეგობრის ხელებს.
ჩემს გულისწყრომას, ჩემს აღსარებას
მე ვეუბნები ოთახს, სიბნელეს.
გაივლის ღამე - სამარე სულის,
ო, მიხარია ეს გათენება.
და გავალ მზეზე მე მოქანცული,
როგორც სიზმარი და მოჩვენება.