უმანკოება

უმანკოება
ავტორი: დავით მაჩაბელი
1853; ჟურნალი ცისკარი #4


ვიხილე ვარდი მწყრალობდა, ცრემლითა გულ მქუხარობდა,
ია თავ დახრილ მკრთალობდა, შროშანი ფერით მქრქალობდა,
სოსანი თრთვილით მზრალობდა, და სარო განიბძაროდა,
უმანკოება მათ-შორის მოუწყენელად ხარობდა.

იგი მთვარობდა, ბადრობდა, კრთოლვიდა, ნათლად დარობდა,
ბროლის ველობდა, მზეობდა; მწველობდა, მოელვარობდა,
ანდამატობდა, მხნეობდა: მიმზიდველობდა, ზნეობდა,
გალობდა-იადონობდა, ხმატკბილად მხმობარეობდა.

ვით მარგალიტი სადაფით, აღმოკრთოლვიდა საგებლით;
სმირინოზულად ღიმილით, განიშლებოდა დილდილით;
დასცქრიალებდა სიცილით, დაკამკამებდა სირბილით.
გვაქვნდეს სიცოცხლე ქადილით, ზეცის არსების ნაწილით!

ზეცას არს მისი სავანე: მზისა ნათელს დავაგვანე!
ღვთისა მადლსა დასდევს თანა, ქვეყნად კრთოლვით მონავანე;
მტრედობს, კრაობს, ანგელოზობს, ვით ყმა კვალად სააკვანე;
ყრმა მწყაზარი მარადისი, ვერ ჰსცვლის დროცა მამხცოვანე.

წრფელსა გულსა ესტუმრების, ეთვისების შუქი წრფელი:
ვარდ ზამბახით ბროლ-ლალს ფრქვეულს, მრავალ ფერად ჰკრთის ნათელი.
აგნებენ მას ვერც მაცთურნი, ვერც სოფელი, ვერცა ბნელი;
მხნედ ვვალს უზაკველს ქვეყანას, წმიდათ მქცევი, მაღლად მზმელი.