უცნობი პოეტის რვეულიდან
უცნობი პოეტის რვეულიდან ავტორი: ლადო ასათიანი |
1941 წელი |
შენ, როცა ამ წიგნს ხელში აიღებ,
ცოცხალთა შორის მე არ ვიქნები,
მაგრამ, კეთილო, მიხვდი, გაიგე,
ადრე წასული კაცის ფიქრები.
მიხვდი, გაიგე, რომ მეც შენსავით
ერთ დროს ამქვეყნად კაცი ვიყავი,
მეც მყავდა შვილი და ნათესავი,
კაცი ვიყავი გაურიყავი.
მეც ვოცნებობდი ოპერის ბაღში
და ჩემი ტვინიც მღეროდა მაშინ…
ჭაბუკი ვიყავ, ქარბუქი ვიყავ…
მე ერთი მქონდა მგოსანს ქონება, –
კადნიერება არწივებური.
და მეც შენსავით მქონდა გონება
კახური ღვინით გაბრწყინებული.
მეც განვიზრახე ლამის სიკვდილი,
სიყვარული რომ გულს ჩამეწვეთა.
ეჰ… მეც მიყვარდა და ფერმიხდილი,
მეც დავდიოდი რუსთაველზედა.
მეც მიხაროდა, მეც ვღონდებოდი,
ეს მზე, მეც შენებრ, მახვევდა თავბრუს;
და, ეჰ… მეც შენებრ ვემონებოდი
თბილისის ცას და ღამეებს ზღაპრულს.
მეც მნახულობდნენ იქ, ავლაბარში,
მეც შენნაირად ვიყავ ლამაზი,
მეც მეოცნებე თვალები მქონდა
და გვაყურებდი დილით ცის კარებს,
სხეულში ცხელი სისხლი მიჰქროდა,
მიჰქონდათ ლამაზ თბილისის ქალებს,
თბილისის ქალებს – დილის ცისკარებს,
ნაირ-ნაირი ძოწეულებით,
სქელ ბაგეებს რომ დაისისხლავენ,
ვით თეირანის ბროწეულები.
ახლა ხომ მხედავ? ვინა ვარ, რა ვარ –
უკანასკნელი, პირვანდელს ვგავარ.
მზეს და სინათლეს გამოვექეცი,
მიწა ვიყავ და მიწად ვიქეცი.
ვიშვი, ვიცხოვრე – ვითამაშე რა…
„მანვე დამშალა, ვინც აღმაშენა“.
შენ, როცა ამ წიგნს ხელში აიღებ,
ხელად მიხვდები, ხელად გაიგებ,
რად გეძახიან ჩემი ფიქრები –
რა იყავ, რა ხარ და რა იქნები!