უჯარმის ნანგრევები
უჯარმის ნანგრევები ავტორი: გიორგი ლეონიძე |
ქვაკუთხედი ლოდები...
ნამტვრევი ნანგრევები...
აქ ცხოვრობდნენ ოდესღაც
მორკინალი დევები.
ქვად ხმარობდნენ ზურგის ძვალს,
სისხლს ― საძირკვლის წებოდა;
მათი ხმალის ნაკრავით
რაზმი ილეწებოდა.
თუმცა სვამდნენ ჩარებით,
ჰქონდათ რკინის წვივები,
აწუხებდათ მოწყენა,
ტალახი და წვიმები...
დარჩათ ტყე და სიჩუმე,
ხეზე მღერის შროშანი...
ხის ქვეშ დამიწებულან
ლაშქარნი და დროშანი...