ფარული ვედრება
ფარული ვედრება ავტორი: ტერენტი გრანელი |
სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლებით მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდას,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.
გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.
ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.
ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.
მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ.