ფიქრები ნაძალადევში

ფიქრები ნაძალადევში
ავტორი: ტერენტი გრანელი


ეს ოცნება გაიშლება ლურჯად,
მე ვარსებობ და ეს წამი გადის.
წამოვედი, იქ დავტოვე ქუჩა
და ვეწვიე მიტოვებულ ადგილს.

ჩუმი დღეა და მწვანეა გორა,
და კარგია, მოვკვდებოდე ჩქარა.
თითქოს გული გადავეცი ყორანს,
მთისკენ მიდის ცარიელი შარა.

რამდენია ოცდასამჯერ შვიდი,
სადღაც სუფევს იდუმალი ძალა.
ჩუმი დღეა, შორს მიფრინავს ჩიტი,
ჩრდილი ადგას ამწვანებულ ბალახს.

ჩემს წამებას ბოლო აღარ უჩანს
და ვიგონებ მიცვალებულ დედას.
წამოვედი, იქ დავტოვე ქუჩა
და გარშემო ნაძალადევს ვხედავ.

რესურსები ინტერნეტში

edit