ფიქრები წაღვერში

ფიქრები წაღვერში
ავტორი: ტერენტი გრანელი


არ მომასვენეს ცივმა ქარებმა
და შენ ცხოვრების იმედს მაძლევდი.
იყო ღრუბლიან დღის მდუმარება
და მოლოდინი მაღალ ნაძვების.

შენ იქ გეძინა, როგორც დედოფალს,
მე დავდიოდი მეტი ნაღველით.
გარშემო იდგა უიმედობა
და ნისლიანი მთები წაღვერის.

შენ არ გესმოდა ჩემი ტირილი
და სადღაც ახლო ზარი კიოდა.
იდგა საღამო, ვგრძნობდი ტკივილებს
და ჩემს დუმილში დრო გადიოდა.

არ მომასვენეს ზამთრის ქარებმა,
ვნატრობდი ზაფხულს, ბაღით, მდელოთი.
ირგვლივ ღელავდა ზღვა მწუხარება
და მე უეცარ სიკვდილს ველოდი.


რესურსები ინტერნეტში

edit