ქალას
ქალას ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1886 წელი |
ქალავ, ის მიყვარს მე შენი,
თავს რომ დაჰკიდებ მელადა,
პირდაპირ ცქერას ვერ ჰბედავ,
ვაჟთ ცქერას იმჩნევ წყენადა.
დრო-და-დრო გაგეღიმება
გულის საკლავად, ნელადა;
უხმლო ხმალს იქნევ, უხანჯროდ
გულის გამხდარხარ მჭრელადა.
ჯერაც ატყვია ჩემს გულსა
შენგნით წყლულები ჭრელადა,
ოცგანაც კიდევ რომ დამჭრა,
ვერ გაგიხდები მტერადა!