ქალაქიდან სოფელი
ქალაქიდან სოფელი ავტორი: ტერენტი გრანელი |
არავინ, მარტო დავრჩი სრულიად,
მიდიან, დღეებს ბოლო არ უჩანს.
ზამთარი გაჰქრა, გაზაფხულია
და სადღაც ყვავილს დაყრის ალუჩა.
დანამულია ეზო, ყანები,
იქვე დგას ძროხა, იქვე ძაღლია.
ალბათ ბავშვები დედის ბრძანებით,
ვიღაც მეზობელ ქალს უძახიან.
მოვარდნილ ქარში შრიალებს ალვა,
ტყე არ მინახავს დიდი ხანია,
დადგა მაისი, სოფელში, ალბათ,
უფრო დუმილი და სიმწვანეა.
გათენდა დილა, ახლა ცვარია,
გათენდა დილა, ჩამოწვა ნისლი.
არავინ არის, მხოლოდ ქარია,
მხოლოდ ფოთლების შრიალი ისმის.
და სოფელს ვუძღვნი მე ამ სტრიქონებს
(იდუმალია ეს დღე მზიანი).
ალბათ შარშანდელ ზაფხულს იგონებს
სოფელში ვიღაც ადამიანი.