ქალაქის ბაღი
ქალაქის ბაღი ავტორი: ტერენტი გრანელი |
ვალერიან გაფრინდაშვილს
ვიყავი ერთი, დღე იყო დიდი,
დაფიქრებული ვიდექ ნაძვებთან.
შორს მიდიოდა საღამოს ბინდი
და მაშინ ზეცა იმედს მაძლევდა.
მე ვაცილებდი გუშინ იმ ცხედარს,
ვგრძნობდი უდროო გამოსალმებას.
მე ვიგონებდი გარდაცვლილ დედას
და ვიგონებდი განვლილ წამებას.
და იყო სხვა დრო, მე როგორც ბავშვი
დავემორჩილე საშინელ იღბალს.
დღეს ვსეირნობდი ქალაქის ბაღში
და «თავო ჩემოს» უკრავდა ვიღაც.
ვიყავი ერთი, დღე იყო დიდი,
დაფიქრებული ვიდექ ნაძვებთან.
შორს მიდიოდა საღამოს ბინდი
და მაშინ ზეცა იმედს მაძლევდა.