ქალი, რომელიც ცხოვრობს ეკლესიის ეზოში

ქალი, რომელიც ცხოვრობს ეკლესიის ეზოში
ავტორი: ტერენტი გრანელი


მიდიხარ სადღაც, ივიწყებ დედას,
მიდიხარ სადღაც და ბედი გღუპავს.
და შენ ყოველთვის ფანჯრიდან ხედავ
მაღალ სამრეკლოს და ცისფერ გუმბათს.

გიყვარს ზაფხულის ჩუმი ტაროსი,
როცა ღრუბლები ცაზე ქრებიან.
შენს ფანჯარასთან დგას კვიპაროსი,
შენს ფანჯარასთან საფლავებია.

როს გათენდება, მზე სხივებს გესვრის
და შენი სახე უანგაროა.
გაზაფხულია და ახლა გესმის
ახლო ეზოდან შაშვის გალობა.

და გიყვარს ცაზე მთვარის რონინი,
გინდა, ქვეყანა რომ გეუცხოვოს.
და განდგომილი მონაზონივით
შენ ეკლესიის ეზოში ცხოვრობ.

და, როცა გინდა, გაივლი ბაღში,
დადგება შენთვის დღე სასურველი.
გაზაფხულია და შენს ოთახში
დგას ყვავილების თეთრი სურნელი.

მიდიხარ სადღაც, ივიწყებ დედას,
მიდიხარ სადღაც და ბედი გღუპავს.
და შენ ყოველთვის ფანჯრიდან ხედავ
მაღალ სამრეკლოს და ცისფერ გუმბათს.

რესურსები ინტერნეტში

edit