ქალწული
ქალწული ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
როგორც წყნარი ღიმილი
ნათელ კაეშნიანი,
ღამე დაუვიწყარი,
ღამე მსუბუქფრთიანი,
ეფინება მაღალ მთებს,
ეფინება ველს მწვანეს,
და ვერცხლისფრად ანათებს
მკვდართა სამყოფ სავანეს.
ჯვრებს და ლოდებს, აკლდამებს
ლანდი ღონემიხდილი
დასწოლია აჩრდილად -
შავი, როგორც სიკვდილი.
ღამის სიო ზვირთივით
ბალახს ედუდუნება
და მთლად გარინდებული
მას ყურს უგდებს ბუნება.
ჩუ, სად ისმის ქვითინი
გულით ამონახეთქი,
ოჰ, არ გესმის ეს ოხვრა?
სიოვ, დაჩუმდი-მეთქი!
ოჰ, რამდენი ტკივილი,
რამდენი მწუხარება
და რამდენი ვაება
ამ ხმებში იფარება.
სდგას ქალწული საფლავთან
და მთებს კი ღამის ჩრდილი
დასწოლია ლანდებად -
შავი, როგორც სიკვდილი.
1914 წ.