ქართველ ოსტატებს

ქართველ ოსტატებს
ავტორი: გიორგი ლეონიძე


დიდება მიწას, რომ გეაკვანათ.
თქვენი მადლი რომ დაუფენია,
ნეტავ რა ძალამ ამოაქანა
შუქნასხივარი თქვენი გენია.

ვინ დაგვიტოვა უკვდავნაგები
ციხე-კოშკები სისხლით სოველი;
დიდი ტაძრები ნაქანდაკები,
ღვთიურ ჩუქურთმით გამოქსოვილი!

იქ ვინ აზიდა ქვაკუთხედები,
სადაც არც კი ჩანს ნაბილიკარი,
იქ ვინ დაჰკიდა კამარედები,
ერთი ვაზიდან გათლილი კარი?

ვინ გამოჰკვეთა ნუკრი მწოვარი,
მტევნები, მტრედი გამომფრინალი,
ფასკუნჯის ფრთებქვეშ ვეფხვი მწოლარი,
ჩასაფრებული, როგორც ფირალი!

და თქვენი აზრი ქვაზე დამყნილი,
აყვავებული ვაზის რტოებად...
თქვენი ოცნება, თქვენი ძახილი,
მქროლი არწივთა გასატოლებლად.

თქვენი ვარაყი, ოქროხატული,
ალის შხეფი და ცეცხლის წვერია.
თქვენი წიგნები ასოხლართული,
უმეტეს ღამით რომ გიწერიათ...

იხდიდით ბოდიშს, თუ რამ ჰკლებოდა,
ჰმარგალიტავდით თვითეულ წერტილს.
მთაზე რომ ელვა იკლაკნებოდა,
იქნებ იმ ელვით იმ ლექსებს სწერდით?

რამდენი მოდგმის ხართ საჩუქარი ―
გურამიშვილი.. შოთა... შავთელი...
ვინც გვითხრა სიტყვა სულით მდუღარით,
სიმღერა გულის ამომშანთველი.

ვინც მზის მწვერვალთა წყაროს გვაწაფა,
მზესხიურობის იყო მთოველი,―
მთაწმინდელები, პეტრიწი საბა,
ოპიზარი და იყალთოელი.

კიდევ რამდენი სხვა უსახელო,
ვის თითებშუა ჰყვაოდა ვარდი;
ვინც დაიხია მღერით საყელო
და ჩამოზიდა მიწად ლაჟვარდი...


ნაცრად აქციეს თქვენი ტაძარი
დასცეს ბჭეები და საფუძველი,
იყო ბნეული და ნატაცარი
თქვენი ეტრატის ყველა ფურცელი.

მაგრამ ვერავინ გასძარცვოს იგი,
რაც გულის ცეცხლში გადამდნარია,
თქვენი გუნდების რიგი და რიგი
დღეს უკვდავების ალამდარია!

თქვენი დიდების მხრები ზვიადი
მყინვარის მთაზე უმაღლესია
თქვენს მბრწყინავ აზრში, ვით განთიადი,
ვაჟკაცდებოდა ხალხის მესია.

ის ამომზევდა თქვენს წიაღიდან,
თქვენი სისხლხორცი, თქვენი გულისხმა,
გამარჯვების და სიბრძნის ოსტატი,
დიდი მჭედელი სიყვარულისა!

აღსდგა ქართული და მისი ენაცა,
შავი წარღვნების გადანათელი;
გული თუ სევდას ამოენაცრა,
ჩაჰყენებია ოქროს ნათელი.

თვითონ გათავდა თქვენი დამლევი,
ისევ გამთელდა მარად ქებული,
გადამსხვრეული თქვენი კალმები,
თქვენი ჩანგები დაუქმებული!

ეტრატი, ცრემლით შენაწებარი,
ნაჟღერი თქვენის ტკბილის ენითა,
ჩვენგან ნაპოვნი და ნაძებარი,
ჩვენს ახალ სიტყვას შემოენივთა.

ვიყნოსეთ თქვენი ვარდის სურნელი
და თქვენი თაფლი გულს გვეწურება,
დიდოსტატებო, გვივლის სურვილი ―
ჩვენც გავხდეთ ხალხის მეგანძურებად.

რომ ისამსევოს ჩვენმა სიტყვამაც,
რომ ჩვენც მოგვეჭრას ოქრო ჭედილი.
და მომავალმა გამომკითხავმა
გვაშოროს ბნელი განუჭვრეტელი!

აღსდგა სამშობლო და აღარც არი
მისთვის შავბედის გადამწყვეტელი...
გამოჩნდით ახალ ნამოღვაწარით
დიდი ფაზელი,
დიდი მცხეთელი!

რესურსები ინტერნეტში

edit