ქართლის გზაზე
ქართლის გზაზე ავტორი: ლადო ასათიანი |
1940 წელი |
ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა,
რაც უფლის ციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა;
მინდვრებს, გორაკებს, ფერდობებს ეფინება და ედება,
გზაში ყაყაჩოს შეხვედრა სიკეთედ დაგვებედება:
სულ ახალგაზრდა ვიქნებით, გული არ დაგვიბერდება!
ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა,
რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა;
მოდი, ჩვენ ესეც ვიკმაროთ და სხვა დიდება არ გვინდა,
ყაყაჩომ თუ მოგვანათოს ლამაზი ქალის შუქითა.