ქართულო სიტყვავ
ქართულო სიტყვავ ავტორი: გიორგი ლეონიძე |
პირველ მოწყვეტილ იების დღიდან,
მე ვარ დამწვარი შენი მსახური;
შენი თაფლი და მარილი მზრდიდა,
მზე შენ დამწერე და გაზაფხული.
შენ უკვდავი რძით დამაძუძურე,
შხეფი ნათლისა სულში დასძარი;
ჩემი დროშა ხარ მოიერიშე,
ჩემი ვენახი, ჩემი ტაძარი!
შენზე უჭკნობი და დიდებული
რაღამ შექმნას და ვიღამ დახატოს.
გულზე ხარ ცეცხლით მოჭიდებული, ―
ქართველი ხალხის სულის ღაღადო!
ფოლად-ნადებო, ვარდში ხვეულო,
თუ დაგივიწყო, ― შემახმეს ენა!
სისხლსაც შენ მოგცემ მე წვეთეულად,
სისხლის წინწკალსაც უკანასკნელად.
შენ ― უკვდავების ჩამონადენო,
მშვენიერებაც ხომ შენით ითქვა;
დიდება შენდა, ჩემო ნათელო, ―
ქართულო სიტყვავ,
ქართულო სიტყვავ!