ქარში ერია

ქარში ერია
ავტორი: ტერენტი გრანელი


 
ქარში ერია
ფიქრი დილების.
მზეს შესცქერიან
ეს ყვავილები.

ბაღში, მიწაზე
სიჩუმე სუფევს.
და ვხედავ ცაზე
გაცრეცილ ღრუბელს.

ცის მზერა მღალავს,
იქ სხვა მხარეა.
ისევ მაქვს ძალა
და მიხარია.

ქარში ერია
ფიქრი დილების.
მზეს შესცქერიან
ეს ყვავილები.