ქეთევან

ქეთევან
ავტორი: ნიკოლოზ ბარათაშვილი
1835


ზვირთები მოდუდუნებენ,
ჭალები ბუჩქნარეობენ,
ხშირნი ლამაზთა კიდეთა
მჩქეფრად მდინარის ქსნისათა.

მიმქრქალებული მთოვარე მოწყენით ჰნათობს მუნ ქალსა;
მდინარის პირზედ ზის იგი, ხელთა ჩონგურის მპყრობელი;
გიშრისა თმანი ნაშალნი ჰშვენიან სპეტაკს საცმელსა,
და დამღერს იგი საკვდავად, ცხარეთა ცრემლთა მდენელი:

“ავ-ენანნო, ოდეს დასცხრეთ,
მოასვენოთ ეზდენ სული?
რა გარგოთ, რომ შეიშურეთ
უბიწოო სიყვარული?”

“გულის-სწორო, ერთის ცილით
აგრე როგორ შეიცვალე,
რომე ტრფობა ჩვენი ამ ხნით
მას აგრე მსწრაფლ ანაცვალე?”

“თუ ვერ მცნობდი, რად მეტყოდი:
მე შენი ვარ საუკუნოდ?
სიყმაწვილეს რად მილხენდი,
თუ მოჰკლავდი ასე უდროდ?”

“რად შემიპყარ მე გლახ გული,
უმანკო და უზრუნველი?
რად დამიჭკნე მე ყვავილი
ყმაწვილობის, ჯერ უშლელი?”

“ეს ნუგეშს მცემს, საყვარელო,
რომე არის სხვა სოფელი;
ოდეს სცნა, რომ ვარ უბრალო,
მოვედ, მოვედ, მუნ მოგელი!”

სდუმდა — და მეცა ვიცანი
ქეთევან ჰაეროვანი,
ქეთევან, ნაქები გულით,
ნაქები მშვენიერებით!

ნეტა რა ქარმან დააზრო მისის სიცოცხლის ყვავილი?
მეც ამატირა მის მხვედრმან, მაგრამ ვერ ვეცი ნუგეში:
ქეთევან შუა ქსანშია მარად შეერთო ღელვილი;
მხოლოდ ისმოდა სახელი ამილბარისა ზვირთებში!