ქვეყანა

ქვეყანა
ავტორი: ტერენტი გრანელი


ახლა ეს გული უფრო ენთება,
შორიდან ისევ მეგობარს ველი.
ღამე გათავდა, ნელა თენდება,
ცა ნათელია და მიწა ბნელი.

ახლა ზოგს ძინავს, ზოგნი დადიან,
ახლა ღამეა და მსურს დუმილი.
ღამე გათავდა, განთიადია
და ელავს ზეცა აბრეშუმივით.

მოვა დრო უფრო სხვაგვარ ანთების,
მე ლაჟვარდები უფრო მიზიდავს.
ციდან მოდიან განთიადები,
საღამოები ქრიან მიწიდან.

რესურსები ინტერნეტში

edit