ქვეშის ციხე
ქვეშის ციხე
editქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი - გვ.588-590
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში:
- ვახუშტი ბაგრატიონის “აღწერა სამეფოსა საქართველოსა” (ქც 4: 316,3; 409,14),
- “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი” (ქც 2: 49,12),
- XV და XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 174; მასალანი საქ. სტატ.... 1907: 21, 59, 62, 64, 67, 69, 70, 74; საქ. სიძ. 1909:40, 536, 540; 1920: 295, 448; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940:295; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 532; 1985: 349, 352,354; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 85),
- პაპუნა ორბელიანის “ამბავნი ქართლისანი” (ორბელიანი 1981:67, 121, 197, 224),
- იოანე ბაგრატიონის “ქართლ-კახეთის აღწერა” (ბაგრატიონი 1986: 37, 53),
- იოჰან გიულდენშტედტის “მოგზაურობა საქართველოში” (გიულდენშტედტი 1962: 81).
მდებარეობს ბოლნისის მუნიც-ში, ბოლნისიდან 7 კმ-ის დაშორებით მდ. მაშავერას მარცხენა ნაპირზე, სოფ. ქვეშის მახლობლად, იქ, სადაც მაშავერას უერთდება პატარა შენაკადი გეტი.
VII ს-ის “სომხურ გეოგრაფიაში” მოხსენიებულია “ქვეშაფორი” ანუ ქვეშის ხევი (სომხ. გეოგრ. 1877: 40). მისი ადმინისტრაციული ცენტრი უნდა ყოფილიყო ქვეში. IX ს-ში დმანისის გაქალაქების შემდეგ ქვეშმა დაკარგა ხევის ცენტრის სტატუსი (ბერძენიშვილი 1986: 519). 1065 წ. სულთანმა ალფარსლანმა საქართველოში ლაშქრობის დროს ბაგრატ IV-ს (1027-1072) ცოლად სთხოვა მისი დისწული, რომელიც კვირიკე სომეხთა მეფის ძმისწულიც იყო. ამაზე ბაგრატმა კვირიკიანთაგან უარი მიიღო. მაშინ ბაგრატმა კვირიკე და მისი ძმა სუმბატი ქვეშის ჭალაში შეაპყრობინა (ქც 1: 307,4-8). თამარის მეფობის პირველ ხანებში ქვეშის ციხეს ფლობდა მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი. იქვე ყოფილა მისი რეზიდენციაც (ქც 2: 49,12). 1191 წ. ვარდანი თამარის წინააღმდეგ აჯანყებულ გიორგი რუსს მიემხრო, რის გამოც მას ჩამოართვეს ქვეშის ციხე. 1468 წ. საბუთით თორელთა განაყოფმა შტომ, ჯავახიშვილებმა ბაგრატ VI-ისგან (1466-1478) გამოისყიდეს, როგორც სიგელშია აღნიშნული, ჯერ კიდევ თამარის მიერ თორელებისადმი ბოძებული ქვეშის მამული. მეფემ ჯავახიშვილებს დაუმტკიცა “ქვეში ციხითა, ბაჟითა და მისთა მიმდგომთა” (საქ. სიძ. 1909: 40). XV ს-ის ბოლოსათვის ქვეშს ბარათაშვილები ფლობდნენ (ჯამბურია 1955: 11). 1487 წ. იაყუბ-ყაენმა სხვა ადგილებთან ერთად დალაშქრა ქვეშის ხევიც (ქც 2: 343,17-19, 483,5,6; ქც 4: 386,27). სვიმონ I-ის ირანელთაგან დატყვევების შემდეგ (1569 წ.) ქართლის სამეფო ტახტს დაეუფლა მისი გამაჰმადიანებული ძმა დაუთხანი, რომელმაც თავის რეზიდენციად აქცია ქვეშის ციხე (ქც 4: 409,14). 1741 წ. ქვემო ქართლის სარდალმა ქაიხოსრო ორბელიანმა ზურაბ ყაფლანიშვილისაგან შეისყიდა ქვეშის მამული თავისი ციხითა და მიმდებარე ტერიტორიებით (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 295). მანვე აღადგინა და გაამაგრა ქვეშის ციხე (თაყაიშვილი 1951: 153, 154). ქვეშის ციხეში მდგარი ქაიხოსრო ორბელიანი თავისი ჯარით ლეკებს დაედევნა და სასტიკად დაამარცხა (ორბელიანი 1981: 67). შემდგომში ლეკებმა მაინც მოახერხეს ქვეშის ციხის დარბევა (ორბელიანი 1981: 197). 1748 წ. ერეკლე II-ის (1744-1798) წინააღმდეგ აბდულა-ბეგის გამოსვლის დროს, ქვეშის ციხეში გამაგრებულა მეფის ერთგული ქვეშელი მღვდელი გიორგი ლარაძე. აბდულა-ბეგმა ლარაძის დამორ- ჩილება ვერ შეძლო (საქ. სიძ. 1920: 448). ციხე და სოფელი წყაროებში მოხსენიებულია “ქუეშის” ფორმით. იოჰან გიულდენშტედტი მას “გუეჩი”-ს ფორმით იხსენიებდა (გიულდენშტედტი 1962: 81). 1989-1990 წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დმანისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ვ.ჯაფარიძე) გათხარა ციხის ტერიტორია და ახლომახლო მდებარე ზოგიერთი ძეგლი (კოპალიანი 1998: 33-37).
ქვეშის ციხე აღმართულია სოფ. ქვეშის ჩრდილოდასავლეთით, ცალკე მდგომ მთაგრეხილზე. ჩრდილო- დასავლეთიდან მთაგრეხილი ადვილად მისადგომია და შესაბამისად, ციხე ამ მხრიდან უფრო კარგადაა გამაგრებული. ციხე გეგმაში არაწესიერ მართკუთხედს წააგავს. ციხეში შესასვლელი კლდეში გამოკვეთილი ვიწრო და მოგრძო (10 მ) ტალანია. გალავანი რამდენჯერმეა აღდგენილგადაკეთებული. ძირითადად შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების კედლები, რაზეც მეტყველებს მასში დატანილი სათოფურები. გალავნის კედლის საერთო სიგრძეა 220 მ. კედლები შემორჩენილია 1-8 მ სიმაღლეზე. კედლების საშუალო სისქეა 0,9- 1,2 მ. გალავანი ნაგებია ქვიშაქვითა და ბაზალტით დუღაბზე. კედლები უშუალოდ კლდეზეა გამართული საძირკვლის გარეშე. ციხეს აქვს 14 სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბურჯი. კოშკებში გამართულია ბუხრები. ციხის შესასვლელის თავზე გარედან კლდეში ამოკვეთილია მართკუთხედი, რომელშიც თავის დროზე ჩადგმული ყოფილა მარმარილოს ფილა მხედრული წარწერით. ფილა უკვე ნამტვრევების სახით უნახავს ექ.თაყაიშვილს ამავე ციხის ეკლესიაში. წარწერის მიხედვით, ქაიხოსრო ორბელიანს უყიდია ქვეში, მოუზღუდავს ციხე და გაუკაფავს კლდე (თაყაიშვილი 1951: 153, 154). წარწერაში საუბარი უნდა იყოს შესასვლელი გვირაბის გამოკაფვაზე. შესასვლელის თავზე აღმარ- თული ყოფილა კოშკი, რომლის ზედა ნაწილი მთლიანად მონგრეულია. გვირაბის გავლის შემდეგ ჩრდილოეთის მიმართულებით ადის 32 საფეხურიანი ქვის კიბე (კოპალიანი 1999: 58-63). ციხის ტერიტორიაზე ნაგებობები ცოტაა შემორჩენილი. გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია (5,6X3,6 მ) აგებულია ციხის დასავლეთ, ყველაზე ამაღლებულ ნაწილში. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ფასადები ნაგებია სხვადასხვა წყობით. კედლებში დატანებულია V-VI და განვითარებული შუა საუკუნეების ჩუქურთმიანი ქვები. აფსიდი ნახევარწრიულია. კამარა უშუალოდ ეყრდნობა გრძივ კედლებს. ეკლესიას აქვს 2 სარკმელი: ერთი — საკურთხეველში, მეორე — კარის თავზე (კოპალიანი 1999: 66-69). გათხრების შედეგად აღმოსავლეთ გალავნის კედელში გამოვლინდა კოშკი, რომლის მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი. გათხრებისას არქეოლოგიური მასალა თითქმის არ აღმოჩენილა (კოპალიანი 1999: 64). გათხრები შეეხო ციხის ერთ-ერთ საცხოვრებელ ნაგებობას, რომელიც მდებარეობს შესასვლელ გვირაბსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ გალავანს შორის. ნაგებობას საცხოვრებელთან ერთად თავდაცვითი ფუნქციაც უნდა ჰქონოდა. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ნაგებობის კედლებად გამოყენებულია გალავნის კედლები. ნაგებობა ორსართულიანია. პირველი სართულის ფარ- თობია 5,85X2 მ. სამხრეთიდან ჰქონია 1 მ სიგანისა და 1,6 მ სიმაღლის შესასვლელი ორი საფეხურით, რომლებიც ოთახში ჩადიოდა. იატაკი თიხატკეპნილია. მეორე სართულზე მოწყობილია ბუხარი და სათოფური (კოპალიანი 1999: 66).
ციხის ტერიტორიაზე გაიწმინდა კლდეში ამოკვე- თილი წყლის რეზერვუარები. აქ წყლის გარედან შემოყვანა შეუძლებელია. ამიტომ ციხის ტერიტორიაზე ამოუკვეთია რამდენიმე ორმო, რომლებიც გროვდებოდა წვიმის წყალი. №1 ორმო ყველაზე დიდია (სიღრმე 4 მ, პირის დმ 1 მ, ძირის დმ 3,7 მ). მდებარეობს ციხის დასავლეთ ნაწილში. ორმოს თავზე დაქანებულ კლდეში გამოკვეთილია სპეციალური ღარები, რომლებიც ორმოში იყრიან თავს. მათი მეშვეობით ხდებოდა ორმოში წვიმის წყლის დაგროვება. №2 ორმო მდებარეობს №1 ორმოს აღმოსავლეთით (სიღრმე 4 მ, პირის დმ 1,4 მ, მუცლის დმ 3,4 მ, ძირის დმ 2,8 მ). ასეთივე №3 ორმო ამოკვე- თილია ეკლესიის აღმოსავლეთით (სიღრმე 2,5 მ, პირის დმ 1 მ, ძირის დმ 3 მ). განათხარი მასალა წარმოდგენილია ღარიანი და ბრტყელი კრამიტების ფრაგმენტებით, ხელსაფქვავის ქვის ნატეხით. ლითონის ნივთებიდან გვხვდება: ბალთები, ლურსმნები, სასაფეთქლეები, რგოლები. კერამიკული ნაწარმიდან აღსანიშნავია ჭურჭლის ყურის ნატეხები, ჯამების, თეფშების, დოქების ფრაგმენტები; მწვანედ მოჭიქული პატარა სასმისი; მინის ჭურჭლის ნატეხები, ძვლის ნივთების ორნამენტული ნატეხები და სხვ. არქეოლოგიური მასალა თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით (კოპალიანი 1999: 69-71).
არქეოლოგიური გათხრები და დაზვერვები ჩატარდა ქვეშის ციხის შემოგარენში. ციხის ჩრდილოეთით დგას წმინდა ნიკოლოზის პატარა დარბაზული ეკლესია, შვერილიანი აფსიდით. ნაგებია მოყვითალო ფერის მოზრდილი კვადრებით. ფასადზე აქა-იქ ჩატანებულია ჯვრის გამოსახულებიანი ქვები. ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოებია (კოპალიანი 1999: 69).
გათხრები ჩატარდა ციხის გარეუბანში (აკაურთა), სადაც აღმოჩნდა ადრე შუა საუკუნეების სამაროვანი (კოპალიანი 1999: 72).
ქვეშის ციხეზე და მის შემოგარენში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დმანისის ბაზაზე. გარდა ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული ბოლნისის მუნიც-ში მდებარე ქვეშის ციხისა და სხვადასხვა საბუთებში აღნიშნული, ციხის მახლობლად არსებული ამავე სახელწოდების სოფლისა, სოფელი ქვეში ცნობილია აგრეთვე გორის მუნიც-ში (ქრონიკები 1897: 19, 197, 272, 373). მოიხსენიება 1392 და 1447 წწ. საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 179, 191). “ძეგლი ერისთავთა”-ს მინაწერის მიხედვით, მატიანე გადაუწერიათ სოფელ ქვეშში(ქრონიკები1897: 19,197, 272). გორის მუნიც-ის სოფ. ქვეში არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
ბიბლიოგრაფია:
edit- ბაგრატიონი 1986: 37, 53;
- ბერძენიშვილი 1979: 38, 44-46, 80, 95;
- გიულდენშტედტი 1962: 81;
- დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 295;
- თაყაიშვილი 1951: 153-175;
- კოპალიანი 1998: 33-37; 1999;
- ლორთქიფანიძე 1935: 356;
- მასალანი საქ. სტატ. ...1907: 21, 59, 62, 64, 67, 69, 70, 74;
- მუსხელიშვილი 1941: 34, 35;
- ორბელიანი 1981: 67, 121, 197, 244;
- საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 85;
- საქ. სიძ. 1909: 40, 536, 540; 1920: 295, 448;
- სომხ. გეოგრ. 1877: 40;
- ქრონიკები 1897: 19, 174, 197, 272, 373;
- ქც 1: 307,8;
- ქც 2: 49,12; 343,18; 483,5;
- ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 532; 1985: 349, 352, 354;
- ქც 4: 315,23; 316,3; 386,27; 409,14;
- ხარაძე 1991: 37;
- ჯამბურია 1955: 10, 11.