ქუჩაში

მთა-პანთეონი
ავტორი: გიორგი ქუჩიშვილი
1936 წელი


მშიერმა და დაფლეთილმა
დიდხანს, დიდხანს იწანწალა.
წარეკვეთა სასოება,
მოიქანცა,მოიღალა

და იმ ღამეს,
იმ ყინვაში
გაითოშა,
გარდიცვალა...

ეჰ, ვინ უწყის,
იმ საბრალომ,
თუ რამდენ ხანს იქვითინა;

ან სასტიკმა
ზამთრის სუსხმა
რა სიმწარე აგრძნობინა...

ეს შენ იცი
მხოლოდ, ქუჩავ,
შენ იყავი
მისი ბინა,

ის ტანჯული,
წამებული
შენს ცივ გულზე გაიყინა

და უცრემლოდ,
უპატრონოდ
საუკუნოდ მიიძინა...