ღამე ვაკეში

ღამე ვაკეში
ავტორი: ტერენტი გრანელი


ღამეა შავი და გულსაკლავი
(ვნანობ, ეს ცრემლი რომ ვერ დავმალე).
ფანჯრიდან მოსჩანს ხუთი ვარსკვლავი
და გაღმა ყივის ორი მამალი.

ღამეა, ვწევარ ფიქრში გართული,
კედელთან ვიღაც მოხუცი გმინავს.
გზაში ძაღლივით ღმუის მავთული
და ღამის ქარი აწვალებს მინას.

ღამეა შავი და ჩნდება დარდი,
გულიდან ისევ ამოდის კვნესა.
ოთახში თეთრი სიჩუმე დადის,
სიჩუმე დადის, როგორც პრინცესა.

ამაღამ თვალებს ძილი არ უნდა,
მოდის ახალი ფიქრების წყება.
ქარი წავიდა, ისევ დაბრუნდა,
ისევ გაისმა ძაღლების ყეფა.

რესურსები ინტერნეტში

edit