ღამე ოთახში
ღამე ოთახში ავტორი: ტერენტი გრანელი |
გამომეღვიძა, ლამპა ჩამქრალა,
ოთახში ბნელა, ფიქრი გროვდება.
და შიშმა ისევ ამაკანკალა,
და თითქოს ვიღაც მიახლოვდება.
ეს როიალიც კუბოს მსგავსია
და კუბოსავით მოჩანს კამოდიც.
თითქოს ოთახში ვიღაც კაცია,
თითქოს კიბეზე ვიღაც ამოდის.
ქარმა ფანჯარას ფრთები მოარტყა,
ეს მოლანდება მაინც რა იყო?
თითქოს ვიღაცა კარებს მოადგ
და თითქოს უცებ კარი გაიღო.
ღამეა, თანაც ასეთი ლანდი,
წვიმის ხმაური გაისმის კიდევ.
თითქოს ოთახში ვიღაცა დადის,
მგონია ვიღაც ხელებს მომკიდებს.
ღმერთო! ნუ შემშლი, ძალა მომეცი,
ღმერთო! მე უკვე გავცილდი საზღვარს;
ვიღაც უცნობის ოხვრა მომესმის
და წვიმის წვეთი ეცემა სადღაც.
გამომეღვიძა, ლამპა ჩამქრალა,
ოთახში ბნელა, ფიქრი გროვდება.
და შიშმა ისევ ამაკანკალა,
და თითქოს ვიღაც მიახლოვდება.