ღამე (გრიგოლ ორბელიანი)

ღამე
ავტორი: გრიგოლ ორბელიანი
1832


მთოვარე, აშიკთ მოწამე, სიამით ნათელს მოჰფენდა,
ნიავი სუნნელთ ყვავილთგან ჰკრეფდა და ქროლით მოჰბერდა.
ბულბულიც ბუჩქში ფარულად ვარდსა გალობით შეჰსტრფოდა,
და მით გულს ცეცხლი ტრფობისა უმეტეს აღმეგზნებოდა.

ვაზნი ფურცელთა გარდაშლით ჩემზედ კამარას შეჰსდგმიდნენ.
მუნ სული ჩემი და გული ეშხის მახითა დაებნენ...
ნელიად წამთ სვლა, ლოდინი მოუთმენელსა მტანჯვიდნენ,
და ვით ჯადოთი მოზიდულს, თვალნი ერთ მხარეს უმზერდნენ.

ეს რამ იელვა და განქრა? ნუთუ მაცთური ოცნება?
რადა შეირყა ვარდთ ბუჩქი? გული რად ესრედ მიკვდება?
ვიდრე თვალთ ნახეს, სულმან ჰსცნა საყვარლის მოახლოება,
ჯერ თვალთ ძლივ ნახეს და მე კი მასა დაუწყე ბაგება...

ჩვენ ორთა ჰაზრნი, თვით სულნი ერთად შეერთდნენ, შედუღდნენ,
და სიტკბოების ზღვას შინა გრძნობით დამთვრალნი შთაეფლნენ!
გულთ ძგერა არღა გვესმოდა, ვერცაღას თვალნი ხედვიდნენ,
უენოდ ქმნილნი, უგონოდ განვედით ამა სოფლით ჩვენ!..

სადა ვიყავით მაშინა, რომელსა სასურველ მხარეს?
ცნობა გვეკარგა წამს, მარა სამოთხე იყო წამი ეს!..
ჰფრინვიდნენ ჟამნი და ჩვენ კი მათ ფრენა არა გვსმენიეს:
ესრედ გონება მარადის ტრფობის ალს აღუხოციეს.

მთოვარე, აშიკთ მოწამე, სიამოვნებით დაგვმზერდა!
ნიავი სუნელთ ყვავილთგან ჰკრებდა და ქროლით მოგვბერდა!
ბულბულიც ბუჩქში ფარულად ვარდსა შეჰყეფდა, შეჰსტრფოდა!
და მით გულს ცეცხლი ტრფობისა უმეტეს აღმეგზნებოდა! -

მაშინ ვჰსცან, ჟამნი სამოთხის რომ ამა სოფელს არიან,
მარამ, ახ, ჟამნი მის ტკბილნი ესრედ მალიად რად ჰრბიან?
გულისა სურვილთ დაცხრომას რომ არ სრულებით გვაცლიან?
ეს არს საწუხარ, რომ ბოლო თვით სიხარულსაც ჰქონიან.

ცისკარმან აღმოსავალით ჟამნი განყრისა გვიჩვენა,
მალიად წარსვლა მის ღამის ვიგრძენით მხოლოდ მაშინა.
დღისა დავჰსწყევლე ნათელი, რომ ურთიერთი გაგვყარნა,
და განშორების ბაგება ტრფობის ბეჭედად შეგვექმნა.