ღვინოვ კახურო

ღვინოვ კახურო
ავტორი: დავით გივიშვილი


ღვინოვ, კახურო, ვარ შენი მსმელი,
გინდ თეთრი იყო, გინდა წითელი!
სუფრაზე ვზივარ, შენს ნახვას ველი,
ისე არ ვარგა ოქროს საჭმელი.

ღვინოვ, ყოველ დღეს საგონებელო,
მკვდრისა და ცოცხლის მანათობელო,
სევდიან გულის სამკურნებელო,
სუფრის ლაზათო, დამშვენებელო.

ღვინოვ, დაგლოცა უფალმა ჩვენმა,
ქვეყნის მოარსმა, ზენარ გამჩენმა,
ბევრნი დაათრო მაგ ყურძნის წვენმა,
ცოდვილნი ჰკურნა სრულ ძალმა შენმა.

ღვინოვ, ყოველ კაცს გულს მოულხინებ,
ცუდ-უბრალო გზებს მაშინ უჩვენებ,
გინდ ბრძენი იყოს, მაინც აცდუნებ,
ზოგსა ძილს მოჰგვრი, ზოგს არ ასვენებ.

ღვინოვ, ლამაზო, მსურს შენი ქება,
გთხოვ, არ წამართო სმაში გონება,
დავით გივიშვილს მომეც შნოება,
ერთგული მსმელი მოგეწონება!