ღილა და კვირისა

ღილა და კვირისა
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1908 წ.


ბერი ხარი და მოზვერი
სუ მუდამ მუქარანია.

ხ ა ლ ხ უ რ ი.

I

შეიბნენ იალაღზედა
ხარი ღილა და კვირისა.
ბებერი ღილა ჩემია,
ბუღა კვირისა – გივისა,
ნისლაა, ექვსი-შვიდი წლის,
დადის მთაზედა, ჰკივისა.
ჯერ არ დასდგმია უღელი,
გემო არ იცის ტვირთისა.
თვალებს საზარლად აბღვერებს,
ტანით არა ჰყავს ტოლია.
ჩემს ღილას რქები ამშვენებს,
უნათობს როგორც ბროლია,
და ქედი გადახრეშილი –
მძიმე უღელი სწოლია.
აქამდე გუთანში გვება,
გუშინ გაუშვით მთაზედა,
რომ დაესვენა ამაგდარს,
ნატანჯსა, იალაღზედა.
ვინ აცლის დასვენებასა:
აქ კვირისაა ბატონი;
„ყველა ხარები დალახა“,
კვეხულობს მისი პატრონი.
გივს ძლიერ ესახელება
ღონე და ხერხი ბუღისა,
ძალას უდარებს კამეჩსა
და მარაგს – ჭექა-ქუხილსა.
კვირისა დადის, ბუბუნებს,
რქით და ფეხით სთხრის მიწასა.
ხან ერთს ფეხს უსვამს, ხან სხვასა,
ისვრის ლამსა და ქვიშასა.
დაჭრეხილს თავ-პირს დაათრევს
და ზედ მიცხობილს თიხასა.
დილიდან საღამომდისა
სულ ბუღრანაობს კურეტი;
არ დასდევს დარს და ავდარსა
და არც დღე იცის კუმეტი.
გაჰკივის მთიდან მთაზედა,
საქმე არა აქვს მის მეტი.
ყველა ბუღები დატეხა,
არ გადაურჩა ხარია.
სხვის ბინებზედაც ფარფაშობს,
ნავარდობს, როგორც ხანია.
დაეძებს, სხვა ფალავანიც
ხომ არვის მოუყვანია,
რომ ისიც დაიმორჩილოს,
აჩვენოს თავის ჯანია.
ჩვენს ბინაზედაც მოვიდა
ბუბუნით, დიდის ამბითა.
ღილა რომ ნახა, ასტეხა
ბრდღვინვა-კივილი გაბმითა,
ჩვენის ქოხისა მიდამო
დაფარულია შამბითა.
თითქო ისეთი დიდია –
ცხენი დაებმის საბლითა.

II

ღილა ამ ღოლოიანში
იწვა და იცოხნებოდა,
კურეტის სამტროდ მოსვლითა
ოდნავაც არა ჰკრთებოდა,
თუმცა ჭიდილი ღილასა
ძალიან ეზარებოდა.
გათქმული არი ფალავნად,
ჯერ არვის დაუძლევია.
ცოტა ესაა: მობერდა,
ბუნებას დაურბევია.
თავისი ჯანი და ღონე
მიწისთვის დაუკმევია
და მძიმე უღელს იფნისას
კისერი მოუჟეჟია.
ამას არავინ კითხულობს,
მით უმეტესად კვირისა.
პირდაპირ, შეუპოვარად,
ღილაისაკენ მიდისა.
მეც რაღაც ღმერთი გამიწყრა,
ვერ მოვისაზრე დროზედა:
გამეგდო თავაგდებული
იქით, მეორე გორზედა.
თავზე წაადგა ბრიყულად,
როგორც ვეშაპი, ბრეშითა,
ჩვეული ჭიდაობასა
თავის დამპალის ლეშითა.
ღილა კი თითქოს თვალებით
ეუბნებოდა ეშხითა:
დამეხსენ, დატანჯული ვარ
კისერზე უღლის ხრეშითა,
მოხუცი… ვერ შეასმინა,
წამოიწია ხვნეშითა;
დაიძრა მიწა-ჰაერი
რქებისა რქებზე თხლეშითა.
მორევნაზეა აქ საქმე,
სჩქეფს ცხოველური ბუნება –
ერთ-ერთი ასწევს ქედს მაღლა,
მეორე მოიღუნება;
ამითი უნდა გათავდეს
ცხოველურ გრძნობათ ცდუნება,
იბრძვიან გამწარებულნი,
არც ერთს ეტყობა კრთუნება:
სახელი რომელს დაჰრჩება,
ესაა ბრძოლის მიზანი, –
თვალ-წინ დამიდგა მაშინა
ცხადი, აშკარა ნიშანი.
ხერხით, ვატყობდი, ღილა სჯობს,
ფილფოთ კურეტი მეტია:
რამდენჯერ გაჰკრა ღილამა,
თავზე დაასხა რეტია;
მაინც არ გატყდა ტიალი,
ხელ-ახლად შამოეტია.
ვერა სჭრის ახლის ძალასთან
მოხუცის ხარის ქედია!..
„რამ დაგაგიჟათ, კაცებო,
ეგ სადაური რჯულია?
ხარი სად მოვა ბუღასთან,
ისიც გუთანში ბმულია?
დაკარგეთ იქით, ღილაი
ისედაც დატანჯულია!“ –
გვიჯავრდებოდა იქ მყოფს ხალხს
ბებერი – რაიბულია.
არ იქნა, ვერ მოვახერხე,
რამღაც შამიკრა გულია.
მე შავარცხვინე ღილაი,
მე დავკარ თავში ცულია.
ახია ჩემზე, რომ დღესაც
არ მომრჩენია წყლულია.
იმედს მივენდე, ვამბობდი:
გაიმარჯვებდა ხარია;
მეწადა ბუღა მენახა
დაჩაგრულ-განამწარია.
სჩანს, რომ შაუძლო ყოფილა
მთად გადაიქცეს ბარია.

III

გამიწყრა ღილა, გამიწყრა,
საქონელს აღარ უდგება,
დადის სულ მარტოდ-მარტოკა,
ძროხებს ემალვის, უფრთხება.
გამწყრალი ელტვის სხვა მხარეს,
აღარ სძოვს ბალახს მთისასა;
რჩეობს რომ მოკვდეს, გაქარწყლდეს,
არა სთელავდეს მიწასა.
დღისა აშინებს სინათლე
და ღამით მთვარის ნათელი;
ემწარვის ანგელოზისგან
რქებზე დაკრული სანთელი
და ჩაჩურჩური ყურშია:
„იკურთხოს შენი გამზდელი!“
გამხდარსა, გაძვალტყავებულს
მეც ვეღარა ვცნობ ღილასა,
ვუცქერ და გული მიკვდება:
აღარ მოუდგა ბინასა,
აღარც მარილი ალოკა,
თუმც დავუყარე დილასა.
ვხედავ და გული მიკვდება,
რით მოურჩინო წყლულია?
პირუტყვს რა ვუთხრა მეტყველმა,
რომ რჩევა დაკარგულია.
რჩევით და ჩაგონებითა
რჩება კი წყლული გულია?
ღილას რომ ვხედავ დაჩაგრულს,
თავდახრილს იალაღზედა,
გულზე დამესხმის ეკალი,
ცრემლები მომდის თვალზედა.
ერთხელ გუთანში შევაბი,
მაგრამ როდიღა გასწია,
ჩამიწვა იქავე კვალში,
თავი მიწაზე არწია.
დაადვა თავი ხნულს მიწას,
უღელს დაბლისკენ დასწია.
თუმც ბევრი ვცემე, არ ადგა,
ზედ დავამტვრიე ბრაწია.

IV

მას შემდეგ ძილი ჩემთვისა
ტანჯვაა, განა ძილია!
სიზმარში ვხედავ ღილასა,
რქა მოაქვს ჩემზე წყვილია.
მჩხვერავს და მეტყვის: „პატრონო,
რად მიღალატე, რისთვინა?
შენ განაცვალე ჯან-ღონე,
არ მიმიცია სხვისთვინა.
გადაგიშავე მინდვრები,
შევაკალ ჩემი თავია,
კერაზე ცეცხლი დაგინთე,
კალოში დავდგი ხვავია.
მშიერა მამუშავებდი,
ბევრი დღე ვნახე შავია.
გათქმული ვიყავ, – ჩემზედა
არავის უთქვამს ავია.
დღესნამდე სახელოვანსა,
დღეს ყოფნა გამიმწარია!“
არ სტყუის, არა საწყალი,
სუყველა ჩემი ბრალია.
მე ბოდიშს ვიხდი, ვათირებ,
ხელს თუმც ვერ ვკიდებ ყურზედა
და მისი ბროლივით რქები
დაბჯენილი მაქვს გულზედა.
– მორევნა სხვისა, ნუ ჰფიქრობ,
რომ იყოს მარტო სახელი!
შენი შრომა და ღვაწლია
საყურადღებო, სათქმელი…
ნუ სდარდობ, გმირო უებროვ,
დიდთა და მცირეთ მრჩენელო,
შენ ჩემო დიდო იმედო
და კაცად გამომჩენელო! –
ვერასა ვხდები, ამაოდ
მიმიდის ხვეწნა-თირება.
მეორეს ღამეს სიზმარში
მოდის, რქით დამეხირება.