ყველასაცა გვაქვს
ყველასაცა გვაქვს ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1897 წელი |
ყველასაცა გვაქვს, ნუ გიკვირთ,
საცხოვრებისო წუხილი!
მაშ რისგან ხდება კაცთ შორის
ამდენი ჭექა-ქუხილი?!
მაინც არ უნდა დავკარგოთ
ციურის გულის დუღილი…
დიდებულს იმას ვეძახი,
ვინც ანგარიშის გარეთა
ქვეყნის ჭირსა და ვარამზე
დაიქვითინებს მწარედა.
აბა, ის არის ვაჟკაცი,
ის მიმაჩნია მთვარედა!..
მოზღვავდეს ჭირი მრავალი
დასაღუპავად ქვეყნისა,
იგი მიუპყრობს მხოლოდ მკერდს,
თავზედ გვირგვინი ჰშვენისა.
„მე მომკალ, ჭირო“, იძახის,
„ბრალი არ არის სხვებისა“…
აზრის და სიმართლისათვის
მხოლოდ ვაჟკაცი კვდებისა…
ალალიც იმაზედ არის
ნანა და ძუძუ დედისა!