შეიძლება, მე ადამის ძე ვარ

შეიძლება, მე ადამის ძე ვარ
ავტორი: ტერენტი გრანელი


შეიძლება, მე ადამის ძე ვარ,
ვგრძნობ საშინელ და უცნაურ ძალას.
საღამოა, სამარესთან ვწევარ
და მე ვყნოსავ შემოდგომის ბალახს.

ისევ აქ ვარ, სად წავიდე აბა?
სილურჯისკენ გადაფრინდა ისიც.
დღეს ვიგონებ მე გუშინდელ ამბავს
და შორიდან რაღაც ხმები ისმის.

მზე მაღლიდან გადაეშვა სადღაც,
ახლა ცაზე ღრუბელია მარტო.
რა წამია, რა სიმშვიდე დადგა,
მხოლოდ სხეულს დაღლილობას ვატყობ.

შეიძლება, მე ადამის ძე ვარ,
ვგრძნობ საშინელ და უცნაურ ძალას.
საღამოა, სამარესთან ვწევარ
და მე ვყნოსავ შემოდგომის ბალახს.

რესურსები ინტერნეტში

edit