შეშაზე
შეშაზე ავტორი: რევაზ ინანიშვილი |
- ელგუჯა!
ელგუჯა შეიშმუშნა, კედლისკენ გადაბრუნება დააპირა.
ჭიჭო მხარში წასწვდა და გადმოსწია.
- გაიღვიძე, ე! თოვლი მოსულა.
ელგუჯამ თვალები გაახილა, ერთხანს უაზროდ იყურებოდა, მერე იკითხა:
- რაა?
- თოვლი მოსულა. ადექი. დროზე წავიდეთ, თორემ, ვინ იცის, ცა ისე ჩამოიქცეს, გარეთ ფეხს ვეღარ ვდგამდეთ.
ელგუჯა სარკმლის ფარდას მისწვდა, გასწია და სახე გაებადრა.
- ე! როგორ დაუბარდნია!
- ადექი, ადექი!
- აჰა, ვდგები.
ელგუჯამ ხალათი მოძებნა, ჭიჭომ კალენდარს ფურცელი აახია და ისევ მოუბრუნდა:
- მე ავალ, შევაბამ. შენ მანამ გაემზადე.
- აჰა, ერთი, ორი და მზადა ვარ.
კარებში დედა შეეყარა, მხარზე კოკა ედგა, ჭიჭომ ჩამოართვა.
- ცოტა რამე გაგვიმზადე, მივდივართ!
დედამ თოვლით გადათეთრებული თავსაფარი მოიხადა და გარეთ დაბერტყა.
- ამ ყიამეთში სად უნდა წახვიდეთ, შვილო?!
- რა ყიამეთია, თოვს, მეტი რა!
- არა, არა, გენაცვალოთ დედა, ისევ, ვენახის ბოლოში რომ ბებერი წნორია, ის მოვჭრათ, იმით წავიდეთ იოლას, გამოიდაროს და მერე წადით.
- იი, ერთი შენც, ახლა ის წნორი მაღიჯნინე. განა სხვა დროსაც გვათხოვებენ მაგ ტაჭკას. ან რა არის! პირიქით, უფრო თბილა კიდეც.
- თოვლს რა სჯობია! - ჩაურთო ელგუჯამაც და ქამარი შეიკრა. - შენ ჩემი ყურებიანი ქუდი მომიძებნე.
- რა ვიცი, შვილო...
დედამ მეტის თქმა ვეღარ მოახერხა, შეშინებული თვალებით გადახედა ერთსაც, მეორესაც, ღუმელიდან ქვაბი გადმოდგა და მაშინ გაბედა:
- ემანდ არა იტკინოთ რა.
- ვიტკინოთ კი არა! მიდი, შენ ქუდი მომინახე!.
დედა მეორე ოთახში გავიდა.
ჭიჭომ დერეფნის კუთხეში მიწყობილი კეხი, ცალუღი და მოსართავები დაიიღლიავა, თოვლზე ათრეული თასმით გრძელი ხაზი გაავლო, გომურის წინ მდგარ დათოვლილ ორთვალას წიხლი ჰკრა და მერე ის ცალუღი და მოსართავები ზედ დააყარა.
ელგუჯაც ჩამოვიდა.
- უჰო, - ერთი ეს ამოიძახა, ხელები გაშალა, თავი უკან გადასწია და ბრტყელ ფანტელებს ენა შეუშვირა.
ჭიჭომ გომურიდან ერთი კვირის წინ ნაყიდი სახედარი ჯულა გამოიყვანა ფერებ-ფერებით, ზურგზე ხელის სმით. ელგუჯა რომ ხელებგაშლილი და ენაგამოყოფილი დაინახა, დასჭყივლა:
- რას მაიმუნობ, ბიჭო!
ელგუჯა გამოიქცა, ჯულას კისერზე მკლავი მოხვია და იმანაც ზურგზე ხელის სმა დაუწყო.
ჯულას ცალუღი ჩააცვეს, კეხი დაადგეს, ორთვალას ხელებშუა ჩააყენეს.
დედაც გამოეშველა.
- მუქთია, ჩემმა მზემ. ესეთ სახედარს ოც თუმნად ვინ მოგცემს!
- ფეხებს დახე, ფეხებს. ცხენივით მსხვილი ფეხები აქვს. ეუჰ, შენი გულისა!
- ეჰ, შვილო, მამათქვენის ამაგი ახსოვს ისაკას და იმიტომ მოგვცა მაგ ფასად, თორემ სხვას ორმოც თუმნადაც არ მისცემდა.
- არ მისცემდა!
- არა ღირს, რო!
- ორმოცი კი არა, ორმოცდაათიც ნუ გშურს. დედი, ახლა ჩვენ დიდ კამპანიას ნუ გავმართავთ. წადი, აბგაში პურები და ცოტა ხორცი ჩაგვიწყე და წავალთ.
- წავიდეთ, წავიდეთ!
ელგუჯამ ჯიბიდან შურდული ამოიღო და გომურის კედელს ტარით კენჭი მოაძრო.
- ეგ ეშმაკის მახე არ წამოიღო! - გაუწყრა ჭიჭო.
- რა გინდა შენა!
- არ წამოიღო, მე გეუბნები.
- მქონდეს, რას გიშლის შენა!
- იქ ჩიტებს დაუწყებ დევნასა და... - ხმაში სირბილე შეეპარა ჭიჭოს.
- ჩიტებს არა!.. აჰა, შევინახავ.
დედამ აბგა ჩამოიტანა.
- დაგვეცადა, შვილო. მაინც ისეთი რა გაჭირვებაა! წნორი თუ არა, ჭანჭური მოგვეჭრა რომელიმე.
- კარგი ახლა!
ჭიჭომ ორთვალაზე თივა გააგო, ცულები გამოიტანა, აბგა გადაიკიდა და ელგუჯას უთხრა:
- მიდი, შენ ზედ დაჯექი. ტყუილად ნუ დაისველებ ფეხებს.
ელგუჯა ორთვალას შეახტა და თივაზე მოიკეცა.
- აბა, ფრთხილად, შვილო.
- ჰო, კარგი! შინ შედი, არ გაცივდე!
ჭიჭომ სახრე გაასწორა და სახედარს გაუჯავრდა.
- აბა, ჯულავ!
ორთვალა უხმოდ დაიძრა.
- ხელი მოგიმართოთ, შვილო!
დედა ისევ ეზოში იდგა და შვილებს გასცქეროდა.
თოვდა, თოვდა...
სასოფლო გზა უკვე გაეკვალათ. მიწა გაყინული იყო და ღონიერ სახედარს ორთვალა კარგად გასდევდა.
ჭიჭო როგორღაც უხერხულობას გრძნობდა. პირველად ება ჯულა ორთვალაში და პირველად მიდიოდა ასე მამაპაპურად ტყეში. ვინც კი ხვდებოდათ, ყველა კეთილი ღიმილით აცილებდა, ზოგი გამოელაპარაკებოდა კიდეც:
- შეაბით, ბიჭო? კარგა ეწევა!
- პატრონივით თუ ჟინიანი არ გამოგადგათ!
- ელგუჯავ, თავქვეში კუდი დაიჭირე და ისე დაატორმუზე ხოლმე!
სოლიკო ღაღანიძის პაპამ გააჩერა:
- დააყენეთ ცოტა ხანსა!
მივიდა, ხელნა ასწია და კეხსაკიდელი ჯაჭვი დაუმოკლა.
- აი, ემაზე დააყენეთ ხოლმე, თორემ ეგრე სახედარი იწვალებს...
ერთი სული ჰქონდათ, სანამ სოფელს გასცდებოდნენ.
მეტყევეებს თავიანთი ბუდრუგანა დაეკეტათ. იქ ახლა შაიშმელაანთ ძაღლი იდგა და მოწყენილი ყეფდა.
ცოტა ხანს ჩვენს ხალხს აჰყვა. მერე გაჩერდა, ერთი გაბმით ამოიყეფა და გამობრუნდა.
- ზმუკი, აჰა! - ელგუჯამ შურდულით მსხვილი კენჭი დაადევნა და ააწკავწკავა.
ჭიჭომ გაკვირვებით მიიხედა:
- რა დაემართა, ე!
- არაფერი. - ელგუჯას შურდული უკვე დაემალა.
მინდორში თითქოს უფრო მეტად თოვდა.
ბარდნიდა და ბარდნიდა. თანაც ნისლი იყო ჩამოწოლილი.
ჭიჭო ორთვალას ფეხით მისდევდა და თან განუწყვეტლივ ლაპარაკობდა:
- ასე რომ ითოვოს, ხვალისთვის ერთ მეტრზე დასდებს. მიდი, ჯულავ, ჰაცე, ჯულავ! რა ეწევა! მოსაცურს იქით გადავიდეთ, არა? აჰა, პური მოიტეხე. თანა ვჭამოთ.
ტყის ჩიტების რამდენიმე გუნდმა გადაიარა და სოფლისაკენ წავიდა.
ელგუჯამ დაასკვნა:
- ჭაჭებზე მიდიანო.
ურმის კვალი მიუძღოდათ.
- ეს მკუპრავიანთ სულხანის ურმისააო.
კოლმეურნეობის ზვრის იქით უკვე წვრილიანი ტყე იწყებოდა. ერთმანეთზე გადაბმულ-გადახლართული ძეძვი და ჯაგრცხილა ლამაზად დაებარდნა. ვიღაცა სანადიროდ გასულიყო და ნაჰ!-ნაჰ!-ნაჰ-ს იძახდა.
რაც შორს მიდიოდნენ, თოვლი სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა. ჭიჭომ ფეხში სისველე იგრძნო და ორთვალაზე ავიდა. არ დაჯდა კი. თითქოს ფეხზე რომ იდგებოდა, ნაკლები სიმძიმე ექნებოდა. ჯულამ ნაბიჯს უკლო, ჭიჭომ - ჭყივილსა და სახრის ქნევას.
მოსაცურს უკვე ნამდვილი ტყე ეთქმოდა. შავად აგრაგნილი მუხები თითქოს თოვლის სიმძიმეს დაეღუნა. თანაც ისევ თოვდა. დაფრთხებოდა შაშვი გზის პირიდან და ჩამოშვავდებოდა თოვლის ჩანჩქერი ხრიალით.
აღმართზე ორივე ძირს ჩამოდიოდა, დაღმართზე ისევ ზედა სხდებოდნენ და, ორთვალა რომ დაქანდებოდა, მხიარულ ყიჟინს დააყოლებდნენ.
- ო, ო! ჩოშ! ჩოშ! კუდი, ელგუჯა, კუდი ნუ გავიწყდება.
ელგუჯა იღრიჭებოდა და მართლა ეწვდებოდა კუდში.
ბევრი საინტერესო რამ ნახეს: მეხისაგან ჩახლეჩილი იფანი, მგლის ნავალი, შავი, დიდი კოდალა... გზიდან მარცხნივ გაუხვიეს, იაკოფას წყალს აუყვნენ და თიხიან გორის ძირში გამოუშვეს.
სასიამოვნო მგზავრობა დასრულდა. ამას მაშინ მიხვდნენ, როგორც კი ბუჩქნარში შეძვრნენ. ჭიჭოს ფეხი დაუსხლტა, რცხილას დაეჯახა, რცხილა შექანდა და თოვლის მთელი ჩანჩქერი დაატყდათ თავს. მაგრამ ეს მაინც პირველი იყო. გაიცინეს, კისერი ამოიწმინდეს და ხმელი შეშის ძებნა განაგრძეს. მერე უარეს ჩანჩქერში მოჰყვნენ, მერე კიდევ უფრო უარესში, და ისე დასველდნენ, ისეთ საძაგელ სიცივეს გრძნობდნენ კისერში, ერთმანეთისა რომ არ შერცხვენოდათ, ველზე გავიდოდნენ, ცეცხლს დაანთებდნენ, მიუსხდებოდნენ და არაფერს არ გააკეთებდნენ.
ერთმანეთისა რცხვენოდათ, ერთმანეთისთვის ზრუნავდნენ და ეს ამაგრებდათ.
- უნდა შეეჩვიო! - ეუბნებოდა ელგუჯას ჭიჭო.
- ყოჩაღი ბიჭი ხარ, გაუძლებ! - იღრიჭებოდა ელგუჯა.
ერთი ეჩვეოდა, მეორე უძლებდა და მალე ისეთი რცხილა წამოაქციეს, ფოლადივით გაჰქონდა წკარუნი. ამ რცხილას ნეკერჩხალი მიაყოლეს, ნეკერჩხალს - ეკლიანი, ბაჯაჯღანა კუნელი, კუნელს - ისევ რცხილა. გახურდნენ, ოფლი დაასკდათ. დამორეს, გამოხიდეს და უკანასკნელი ხეც რომ ჩამოათრიეს, კმაყოფილებით გადახედეს ერთმანეთს.
- ვერც კი დავუდებთ ამდენს!
- შევჭამოთ ცოტა რამე, მერე ვნახოთ!
ერთი პური და ლორის პატარა ნაჭერი ისევ ჰქონდათ. ჭიჭომ პური შუაზე გადატეხა, დახედა, რომელიც უფრო დიდად მოეჩვენა, ელგუჯას გაუწოდა, ხორციც იმას მისცა, თვითონ ხეებზე მიწვა, გემრიელად მოკბიჩა და ცას ახედა:
აღარ თოვდა. ნაცრისფერ ცაზე, სადღაც საშუადღეოს იქით, მზე იგრძნობოდა.
- კარგა დრო გასულა! - თქვა ჭიჭომ და მზისკენ ანიშნა.
- ეგრე იცის საქმემ.
თოვლი დნებოდა, დნებოდა ხეებზე დადებული თოვლი. ხრიალით ჩამოდიოდა ხან აქ, ხან იქ. ჯულა არხეინად ახრამუნებდა თივას.
ჭიჭომ ოფლიან ზურგში სიცივე იგრძნო და ელგუჯას უთხრა:
- არ შეგცივდეს. ადექი, ნელ-ნელა დავუდოთ, თორემ ასე შეგცივა.
ჯულას თივა ხელნებშუა ჩაუყარეს.
ჯერ რომელიც ყველაზე მსხვილი ხეები ჰქონდათ, ისინი დაუდეს, მერე ჭიჭო ორთვალაზე ავიდა. ელგუჯა აწვდიდა, ის უდებდა.
- თავმსუბუქი არ მოგივიდეს, ე!
- ნუ გეშინია!
- ნუ გეშინია კი არა, ისე უდებ, თავმსუბუქი მოვა.
- ეგრე ფიქრობ?
- ეგრეა და...
- აბა, მე დავუდებ და...
- კარგი! - ჩაეღიმა ელგუჯას.
იმდენი მოეჭრათ, მართლაც ვერ დაუდეს ყველა. რომელი დავტოვოთო და, ისევ მუხის ფუტურო ტოტებს შეელივნენ. დაქანჩეს. ჯულა შეაბეს. აბა, წავიდეთო! - და გაუჯავრდნენ.
- აბა, მიდი, გენაცვალე, ჯულავ!
ჯულამ გაიწია, დაძრა. გამართულად წავიდა.
მაგრამ პირი რომ შეღმართისკენ იბრუნეს, შედგა.
- დაიცა, დაისვენოს!
- დაისვენოს!
დაისვენა, გაუჯავრდნენ. აქეთ-იქით წაეშველნენ. თოვლზე ფეხი უსხლტებოდათ.
ცოტა იარა ჯულამ და ქოშინი აუვარდა.
- თავმსუბუქია! რომ გეუბნებოდი, კარგად ვერ უდებ-მეთქი, არ დამიჯერე.
ჭიჭომ წინიდან დაუარა, გაწითლდა. თავმსუბუქი იყო. ცალუღი სახედარს ყელში უჭერდა.
- მიდი, შენ ხელნაზე დააწექი.
ელგუჯა ხელნაზე დააწვა, ჭიჭომ ორთვალას მხარი მისცა.
- ჰაცე, ჰა! ჰაცე!
ჯულა ეცადა, მაგრამ მალე ისევ აქოშინდა.
- უნდა გავასწოროთ, - თქვა ელგუჯამ.
ჭიჭოს რცხვენოდა, წითლდებოდა.
- რა ჭირი შეუდგა, არ ვიცი...
ცოტა კიდევ იარეს და ისევ შედგნენ.
- გავასწოროთ. მაგას რა უნდა!
- ეჰ, ამის! - გაბრაზდა ჭიჭო და შეშას წიხლი ჰკრა.
ჩამოიბურა. ცივი ჰაერი წამოვიდა.
ჭიჭო ორთვალაზე ავიდა, ქანჩი მოუშვა, ღვედი ახსნა, შეშები გადმოყარა. ხელახლა დააწყვეს, ხელახლა დაქანჩეს. ჭიჭო ნერვიულობდა, ვერ მოზომა, ქანჩმა ღვედს ძალა დააყენა, ჯახო, და გაწყდა.
- ფუი, შენი! - ახლა მთლად მოიშალა ჭიჭო.
- რო ეწევი და ეწევი... ნელა... რა მოგივიდა, - უსაყვედურა ელგუჯამ.
- შენ გაჩუმდი, გაიგე?
მაგრამ მაინც მიხვდა, რომ ელგუჯა მართალი იყო, და შეეცადა, თავი შეეკავებინა.
ღვედი რის ვაი-ვაგლახით გადააბეს, შეშა ხელახლა დაქანჩეს. დაიძრნენ.
იჭყივლეს, იბღოტეს, მხრები გადაიყვლიფეს და აღმართზე ასე ავიდნენ. ავიდნენ და ამოისუნთქეს. ეგონათ, წამებას მოვრჩითო, მაგრამ დაღმართი უფრო უარესი გამოდგა. ორთვალა რომ დაქანდა, ჯულამ თავი დაუჭირა და შეშები კუდუსუნზე მიებჯინა, ცოტაც და ხორცს ამოაგლეჯდა ფოლადივით მაგარი რცხილა.
მიხვდნენ, რომ ისევ ცუდად ედოთ.
ჭიჭოს ხმა არ ამოუღია, მაგრამ გუნებაში ახლა ყველაფერს სწყევლიდა: ტყესაც, ამ შეშასაც, ორთვალასაც, სახედარსაც, თოვლსაც და აღმართ-დაღმართსაც. ასეთ წამებას და მაიმუნობას სიკვდილი სჯობდა.
- საგორავი დაუდე! - ერთი ეს უთხრა ელგუჯას.
თვალს საგორავი დაუდეს. ჭიჭო ორთვალაზე ავიდა.
ელგუჯა დაბლიდან შეჰყურებდა. ჭიჭომ თვალებში ცრემლები შეამჩნია. შეებრალა. თავის თავს გაუწყრა, რა დედაბერივით ვქოთქოთებო, და გაიცინა.
- რა იყო, ბიჭო, რა ზეთი ჩამოგივიდა ცხვირიდან. არაფერია, ამაზე უარესიც ხდება ხოლმე. ეს რა არის!
ელგუჯასაც გაეღიმა.
- ზეთი არა...
- მაშ, აბა, ცოტა გატოკდი!
ქანჩი მოუშვეს, შეშები გადმოყარეს, ხელახლა დაუდეს.
საგრძნობლად აცივდა. პირველად ეს სველმა ფეხებმა იგრძნეს.
თოვლიც წამოვიდა, ხვრიში, წკარუნა თოვლი.
შარვლის სველი ტოტები შემოეყინათ.
ჭიჭო ორთვალადან ჩამოვიდა, თვალს საგორავი გამოაცალა, დაეშვნენ.
ახლა არა უჭირდათ რა, კარგად მიდიოდნენ, სადაცაა, ზვართანაც მივიდოდნენ, მაგრამ საყარაულო გორაზე ვიღაც დაინახეს. იქ მეტყევეები იდგნენ ხოლმე. ის კაციც ნამდვილად მეტყევე იყო.
- ფუი! - გადააფურთხა ჭიჭომ.
- ნიკაა, - თქვა ელგუჯამ.
- ნიკა კი არა, სვიმანაა.
გაჩერდნენ, ვითომ ორთვალას რაღაცას უჩხიკინებდნენ, იქნებ ამასობაში ის კაცი წავიდესო. გორაზე შემდგარი კი წასვლას არ აპირებდა.
- მოიცა, ცულებს მე წავიღებ, ესე ხევ-ხევ დავეშვები. ტაჭკას შენ გამოჰყევი, - თქვა ელგუჯამ.
- არა, ეგრე უფრო ცუდია.
იმ კაცმაც დაინახა და ხელის ქნევა დაიწყო, წამოდითო.
- ჰაცე! - გამეტებით გადაჰკრა ჭიჭომ სახრე ჯულას.
წავიდნენ.
ჭიჭოს იმ წუთში ისევ აღარ უნდოდა აღარც ეს შეშა, აღარც სახედარი, აღარც არაფერი. მიდიოდა და ფეხები უკან რჩებოდა.
კაცი გორადან ჩამოსულიყო და გზაზე უცდიდა. ის არც ნიკა იყო და არც სვიმანა. მთავარი მეტყევე აღმოჩნდა.
- დააყეთ. - გადაუდგა წინ. - ნედლი ხომ არა გიდევთ რა.
- არა, ძია, აი, ნახეთ.
ჭიჭოს გულმა დაგადუგი დაუწყო, ელგუჯა ორთვალას ამოეფარა.
- ვისები ხართ?
- ზაქროსი, გოგიაშვილისა.
- მერე, თქვე ეშმაკის ფეხებო, ამ ყიამეთში ტყეში იქნება სიარული? რომ მოგისხლტეთ ეს ტაჭკა და იტკინოთ რამე?
ჭიჭოს სიხარულის სითბომ დაუარა ძარღვებში. ელგუჯამ თავი ასწია.
- რა ვიცი... შეშა სულ გაგვითავდა და...
- როგორ დასველებულხართ! აბა, ჩქარა წადით, არ გაცივდეთ, აბა ჩქარა!
თითქოს მტკივანი კბილი დაყუჩებოდეს, ჭიჭომ შვებით ამოისუნთქა და ელგუჯას გადასძახა:
- ელგუჯა, მოაწექი! ჯულაჰ!
- ქვემოდან ნუ უდგები, ბიჭო! - ერთხელ კიდევ მოისმა მეტყევის ხმა.
მიიხედეს, ის ისევ საყარაულო გორაზე ადიოდა.
კარგა მანძილზე რომ გამოსცილდნენ, მაშინ დაიწყეს:
- აი, კაცი!
- გენაცვა სულში, აი, მართლა კაცი!
- მიდი, ჯულაჰ! ჰაცე!
ბინდდებოდა. სოფელში უკვე სინათლეებს ანთებდნენ. თოვლი უფრო უმატებდა შრიალს.
შაიშმელაანთ ძაღლი ისევ მეტყევეების ბუდრუგანასთან დახვდათ. ისევ შემოხვდნენ ვიღაც-ვიღაცები და ისევ გამოელაპარაკნენ:
- ყოჩაღ, ბიჭებო, კარგად დაგიდვიათ!
- სად მოსჭერით, ბიჭო, ეგეთი კარგი შეშა?
- ამათ დახეთ, ე რამოდენა დაუდვიათ!
ჭიჭო წელში გამართული მიდიოდა და ამაყად მიუგებდა: თიხიან გორასთან მოვჭერით. ეს რა არის, ჩემს ჯულას სულ სირბილით მოჰქონდა, მეტსაც დავუდებდით, მაგრამ პირველად გვიბია და ვუფრთხილდებითო.
თავიანთ ეზოსკენ რომ გადაუხვიეს, უკვე ბნელოდა, დედამ ვერ გაიგო და ჭიჭომ დიდი კაცივით დაიძახა:
- გამოგვხედეთ, ოჯახიშვილებო!
დედამ გამოიხედა, კიბე ჩამოირბინა.
- უი, რატომ თავი არ მომიკვდება, რომ თქვენ ეგრე გაწვალებთ. რად დაიგვიანეთ, შვილო, გაიტანჯეთ ძალიან?
- გავიტანჯეთ არა!
აქამდის ჭირდა...
ახლა ჯულა გამოუშვეს, გომურში დააბეს, თივა დაუყარეს, რამდენიმე შეშა დაჭრეს და შინ შევიდნენ.
- აბა, ერთი შევუკეთოთ!
ღუმელს შეუკეთეს, სველი ფეხსაცმელი დაიხადეს, წინდები გამოიცვალეს.
მზვარეში გაფიცხებულმა შეშამ ტკაცატკუცი დაიწყო, ოთახი გამხიარულდა. დედამ ტაფით შემწვარი ხორცი დადგა. სუფრას მოუსხდნენ, დაუტრიალდნენ, პური გატეხეს და, როცა თითო ჭიქა საფერავის წვენიც დააყოლეს, სადღაციდან შეუმჩნევლად მობრუნდა სიყვარული და ბიჭების პატარა გულები სასიამოვნოდ გაათბო.
უყვარდათ დედა, უყვარდათ ერთმანეთი და ის მეტყევე, რომელმაც ისე ლაზათიანად გამოისტუმრა. უყვარდათ ის ტყე და ის გზაც, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინათ თითქმის ცრემლები მოაწურინეს თვალებიდან.
უყვარდათ ყველაფერი, რაც მათ ირგვლივ იყო.
გემრიელად ილუკმებოდნენ და ერთმანეთს აღარ აცდიდნენ ლაპარაკს:
- რა დედა გვყავხარ, რა დედა! ეს რა საჭმელი გაგიკეთებია, ოჰ! ოჰ!
- რა ყოფილა ეს ჩვენი ელგუჯა, ტარაბუასავით ტრიალებდა ტყეში!
- რა კაცი ყოფილა მეტყევე!
- ეს რა შეშა სცოდნია თიხიან გორასა!
- ასი თუმანი ღირს ჩვენი ჯულა, ასი თუმანი.
- კიდევ შეუკეთე, ბიჭო, შეუკეთე, რომა...
დედა თავს დაჰკანკალებდა, დაჰხაროდა.
გარეთ კი ისევ თოვდა, ზამთარი იდგა, დიდი, ტკბილი, საყვარელი ზამთარი.
სადღაც სერებზე მხიარულად წკავწკავებდნენ ტურები...