შინ ბრუნდებიან
შინ ბრუნდებიან ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1905 წ. |
შინ ბრუნდებიან, ღვთის მადლით,
ვინც დაგვირბოდენ გარეთა,
და თავის უკეთურობას
ეხლა ტირიან მწარეთა:
„დედავ, მიგვიღე შვილები,
უნდა მოგიგდოთ ყურიო,
სხვამ გაგვაბრიყვა, მის გამო
გულში ჩავიდეთ შურიო.
გვაწვდიდა სახრავს ლუკმასა,
მიტომ დაგდევით წუნიო;
ეხლა იმედი მოგვეცა,
რომ შინა ვჭამოთ პურიო;
ჩვენც დავსტკბეთ, შენაც დაგიტკბოთ
მოხუცს სული და გულიო“.
– ეჰა, რა გითხრათ, შვილებო,
თუ არ შეგრცხვებათ, რატომა?
მაგრამ ეს მიკლავს უფრო გულს,
დღეს რა მიდგება აღდგომა,
მხოლოდ ეს არის მიზეზი,
შინ რომ გწადიანთ დადგომა.
რად მოხდა ასე? როდესაც
ლოგინად ვიწევ სნეული,
ვკვნესოდი, ცრემლებს ვაფრქვევდი
მიტოვებული, ეული,
წყლულებში აღარ მიჩანდა
გვემულ-ტანჯული სხეული;
თქვენ არ მიგდებდით მაშინ ყურს,
ვინ გაბრიყვებდათ წყეული?!
„კვდებაო – გულში ამბობდით –
თავს მანდილ-ჩამოხეული“.
მე გაპატიებთ, მიგიღებთ,
თუ ღმერთმაც ასე განსაჯა…
თუ გაპატიათ, მშობლისა
ორგული აღარ დასაჯა.